პოეზია

დიმა ბახუტაშვილი – გვამისმჭამელი და სხვა ლექსები

* * *

ორი სული მაქვს, ორთავე

შენთვის მაქვს, შენთვის მიმღერს,

ორ ერთმანეთთან მოდავე

გულს მიხრავს შენი სიღრმე.

ორი სახე მაქვს, ორსავე

ერთი შუქი წვავს მიწყივ.

მოთამაშე და მოზარე

მოფიქრალი და ფიცხი,

ღვარძლიანი და დამთმობი,

რქით გამტანი და ბავშვი –

შენი საყურით მითბება

შენი ყაბაჩა-თავშლით.

ორი სული მაქვს, არც ერთი,

აღარ მეცნობა ხშირად,

მაინც ყველაფერს გავცემდი,

შენთვის რომ მომესმინა,

სულდაკარგული ნისლიდან,

უტყვი რომ ვარ და ცივი,

მხოლოდ შენა ხარ ვინც მინდა,

ვისკენაც იმდენს ვივლი,

გავლევ სამშობლოს ნახანძრალს,

ათას ზღუდეს და ჯებირს,

ყინულის ლოდებს გადავძრავ,

ორივე ჩაგეკვრები.

მიწა რომ მომინარიკლებს,

როცა დავცხრები ბოლოს,

მინდა ორივე გაგიქრე,

სული არ ჩამაყოლო.

***

ენის ურემით გაგირბი,

ენის ხომალდით გელტვი,

ხარ უცხო ვინმე ღარიბი,

არ გირევია ფეტვი.

ენის წყალივით მოხდენილს

ენის ბადაგით გათრობ,

ენის ცით გარდამოვხდები

ენის თვალივით სანდო.

ენის გულივით მძიმდება

მიწა, რომელსაც ვესავ,

ბგერა ჩიტივით ფრინდება,

ხან – ჩიტზე უკეთესად.

ენის ქარიშხლებს გარიდებ,

ენის კოშკიდან გიხსნი,

რომ ენის სულში ჩაგიდნე

ჩემი ნამდვილი სისხლით.

შენს სიჩუმეში ჩამღვარე,

ამავსებინე სახლი,

შენს მოწკრიალე საყვარელს,

შენს მოგუგუნე სახმილს.

შენს ბაგეებთან მამღერე,

ენის ტკბილი და მწარე,

ნუ დამილაგებ საღერღელს,

წესრიგს ნუ დამაძალებ.

ენის ქალაქში ვეთრევი,

ენის ნაპრალებს ვაგნებ,

მიიღე ჩემი ბეთლემი,

ჩემი რწმენა და საქმე.

***

მაგარი ბიჭია მამაჩემი

ქვის კაცია

სიცოცხლეში წარბი არ შეუხრია

ცისთვის არ აუხედავს

მამაჩემი მამაჩემის ქანდაკებაა.

შემოჰკრა ცხოვრებამ სიღარიბე

ვერაფერი აატკეჩა

შემოჰკრა ბედმა 19 წლისას ოჯახის თავობა

ვერაფერი დააკლო

შემოჰკრა სამშობლომ მძიმე სამუშაო

ვერც შეატოკა

შემოჰკრა სიმსივნემ ცოლის სიკვდილი

ვერც შეაზანზარა

შემოჰკრა ძმამ ღალატი

მხოლოდ მტვერი ჩამოეყარა,

შემოჰკრა დრომ სიბერე და სისუსტე

ვერაფერი მოაფხვნა.

ისევ ისე დგას, ისევ ისე იყურება, –

ვერ გამტეხავთ, ვერა, მაგარი ბიჭი ვარო.

მეც მაგისი გენისა ვარ,

არცა მტკივა, არცა მცივა, არც მეშინია

მამაჩემის ქანდაკების დასაფლავების.

***

თავის უცნაური ბინიდან

თავის უცნაური ამბით,

რომელ სამოთხემდე მივიდეს,

რა ღმერთს მიუტანოს დარდი,

თავის მოგონილი ღიღინი,

თავის მორღვეული რიტმი,

რომელი მინდვრიდან მიღიმის,

ჩემს რომელ ნაბიჯებს ითვლის.

სული სივრცესავით ბნელია,

უმწეოდ ავცქერი სივრცეს.

რომელ ვარსკვლავებზე მღერიან,

რომელ პლანეტებად იქცნენ.

ვთამაშობ გარდასვლის იმედებს,

ვთამაშობ დათმენის სურვილს,

მიწისთვის რომელი მიმეტებს,

რომელმა შთამბერა სული,

გამოდი სამყაროს ლოგიკავ

სასტიკი ბავშვივით მავნევ,

თორემ შენს თოჯინებს მოგიკლავ,

შენს ფერად კომპოტებს დავლევ,

გამოდი სიბნელის არსიდან

ვინც უსრულ ამბებსაც იცნობ,

თორემ შენს კანფეტებს გავზიდავ,

გემრიელი იყოს ვინძლო.

ისეთი არარა მერგება

ისეთი მწარეა ნისლი

გამოდი, რა იცი ეგება,

სიყვარულს რა ენით გიხსნი.

მივყვები შორეულ მნათობებს,

მოგვებს მივაგენი მხოლოდ,

სახლი და სამშობლო დავტოვე

სახელიც დავკარგე ბოლოს.

ჩემს სულს ულურჯესი თვალი აქვს

მაგრამ უშავესი უპე,

ვინ მოდის, რამოაქვს, რამიაქვს,

ვინ უცდის, არ სუფევს, სუფევს.

***

მო, „ჯვარსა შენსა“ დამამღერე,

სანამ მესმის და მეტირება,

სანამ ჯერ სძინავთ ქალაქელებს,

ფანჯრების მრავალწერტილებთან,

მითხარი რამე წასვლამდელი

ვოდევილური ორლესული,

თოვლი მითხარი შარშანდელი,

დედოფლური და პომპეზური,

სიკვდილობანა მეთამაშე,

მე განა მართლა ჩაგაკვდები,

ასი შიმშილით ვერ დამამშევ,

ათას ხევში ვარ ჩანაგდები.

მოგისმენ გულში ჩაყოლამდე,

შენი ქარისგან ვიდრიკები,

ჩემი დარდები ამოლამბე,

გატკეპნე ჩემი ბილიკები.

ღიმილი ჩვენი ცრემლებია,

მიცქერ კოცნით და დაჟინებით,

წითლდება, ისე ცხელდებიან

შენი თვალების ნახშირები.

***

ჩემი სამშობლო შენი გულია

ჩემი სამშობლო შენი გულია

შენი მოშავო სისხლი მწყურია

მწყურია, შენი მოშავო სისხლი.

შენი მთები და შენი ხევები

შეირხევიან რომ შევეხები,

რომ შემეხები, რომ გამოგიხსნი.

აი მე აქ ვარ, აქ ვარ და აქ ვარ,

ამ ქარს უთხარი, უთხარი ავქარს,

რომ დაეტიოს ამ გულის გარეთ,

რომ დავაოკებ,

ქავზე გავაკრავ

და შენს ყვავილებს არ მოვაკარებ.

ჩემი სამშობლო შენი გულია

ჩემი სამშობლო შენი გულია

რასაცა წახვალ დაკარგულია,

სულ აქ იყავი.

შენი თვალებით ჩემი ხელები

შეირხევიან, რომ შევეხები,

აშენდებიან სასახლეები

და გამიყავი.

ჩემი სამშობლო შენი გულია,

ჩემი სამშობლო შენი გულია

მოტირალი და ყოვლის მხედვარი,

ასი ვარსკვლავით შენიღბულია

ასი მომავლით შენიღბულია,

ჩემი მიწაა შენი ცხედარი.

გვამისმჭამელი

ნისლის ქალაქში გავიზარდე, მახსოვს, არ მახსოვს,

როგორი ჰქონდა კონტურები, გული, მოტივი,

მერე იმ ნისლის ქალაქიდან გამომასახლეს,

ცეცხლის ქალაქში ვეთრეოდი იდიოტივით.

ჩემი ფანჯრიდან არასოდეს შეცვლილა ხედი,

ფერი და რიტმი შეიცვალა, ფორმას მინებდა,

თითქოს ქალაქი, მაგრამ აბა რას გავამხელდი,

რომ ეჭვის თვალით ვუყურებდი მე ამ ცვლილებას.

მარტოობაში გავიზარდე და როცა ცნობილ

გვამებს გვამები მიათრევდნენ ბარიკადებთან,

მე ვიცინოდი და ვხდებოდი თანდათან სნობი,

რომელიც ასეთ სიმაღლეებს არ იკადრებდა.

მე გავიზარდე ირონიით, შიმშილით, უბნით,

ხმაურით, ცუდი მომღერლების ყალბი ფალცეტით

და საუბარი ვის გავუბი, ვის არ გავუბი,

არავინ მახსოვს, არ მიყვარდა თითქმის არც ერთი.

დიდი რომ გავხდი და ექიმი რომ გამოვედი,

ჩემი თავი რომ შევიყვარე, მუშტი შევკარი,

თანგამოზრდილი სიძულვილი ცოტა განელდა,

ცეცხლის და ნისლის ქალაქისკენ შევაღე კარი.

* * *

სალამი ჩემო იგივეგზავ, იგივეხალხო,

ჩემო ქალაქო, შებურულო განათებებით,

ვისი ნახვაც მსურს სამყაროში, იგი ვერ ვნახო,

თუ გატყუებდე, მიყვარს შენი ღამის მთევლები.

სალამი ჩემო ლუკმა-პურის მაძიებლებო,

ჩემო ბოროტო მეგობრებო, ჩემო მშივრებო,

სისხლისმძებნელო კეთილებო, ჩემზე ბავშვებო,

ჩემზე უარეს სიძულვილში გამოზრდილებო.

გვამისმჭამელო მეზობლებო, მეც მიწილადეთ,

მე რით გადავრჩი, რა გგონიათ, განა ვინა ვარ,

მეც ყველა თქვენგანს ჩავყლაპავდი და გავწირავდი,

თუ შემმატებდა ძალას შორი გზისკენ მიმავალს.

რა სიყვარული გვაკავშირებს, ჩვენი ფესვები

ღრმად ერთდებიან საქართველოს გამშრალ ფესვებთან,

მე თქვენ მიყვარხართ, არც ვიცინი, არც ვიგესლები,

მეც სისხლი მომდის, თვალები რომ სისხლით გევსებათ.

ბარიკადებზე როცა დგებით, ორივე მხარეს,

ყველა მტყუანი, ცრუ, ლაჩარი, ორპირი მიყვარს,

მეც მაპატიეთ, რომ ვერაფრით ვერ მოგეხმარეთ,

რომ ეს გზა გაწყდა, ეს გზა არსად აღარ მიგვიყვანს.

ქალაქი იწვის და ნისლია, ქალაქი იწვის,

ნუ ვყვირით, მოდი ჩუმად მოკვდეთ, ჩუმად დაგვმარხონ,

ყვირილი უფრო სირცხვილია, და ჩვენს ეს ვიცით,

არ გვეკადრება ჩვენ ყვირილი, თანაც სახალხოდ.

ჩემო დაღლილო მკვლელებო და ავაზაკებო,

გულგატეხილო მსხვერპლებო, ვინც ჰგავხართ მწამებლებს,

მე ქარი მარხევს, ტკივილისგან არ ვიკლაკნები,

თქვენ არ იდარდოთ, სხვა ქალაქში წაგვაბრძანებენ

სულით კეთილი და ფრთიანი ანგელოსები,

ნისლი და ცეცხლი გაიყოფა, რომ ჩავძაღლდებით,

მე თქვენ გპირდებით, ეს არ არის ფუჭი ოცნება,

ჩვენი ფერფლისგან აიგება ჩვენი სახლები.

 * * *

მჭირდება ტონის შერბილება,

რომ ამ ბაგირზე გავიარო

თვალზე ბურუსი მეფინება,

საზარელი და საზიარო,

მომიწევს სისხლის დამშვიდება,

აღელვებისგან გადაწურვა,

თორემ თუ ერთი გაშვიდდება –

დარდი – ზღვას ვეღარ გადავცურავ.

ქალაქი ჩემი ქალაქია

და აქვს ნათელი მხარეებიც,

მაგრამ არ მინდა ბარაქიან

ოდებს ვუთენო ღამეები.

სივრცეს სითეთრე ემატება,

ვბერდები, სხვებიც ბერდებიან,

ერთხელ მთავრდება შემართება,

მერე კი სულ სხვა გვერდებია.

დაუშრეტელი ცრემლი მომდის,

მცვივა ღვინო და ვენახები,

დღეს თქვენთან ყოფნას ვზეიმობდი,

სხვა ზეიმებზეც გეახლებით.

© არილი

Facebook Comments Box