პროზა

მარი ბექაური – უპრობლემო კაცი

           

ხომ ამბობენ, უპრობლემო ადამიანი არ არსებობსო, მაგრამ არსებობდა. იყო კაცი და ერქვა – ანტონიო გარუჩავა. ანტონიოს ანტონიო იმიტომ კი არ ერქვა, რომ ზოგიერთ ქართველ მწერალს, დაუდგენელი მიზეზით, პერსონაჟებისთვის უცხოური სახელების დარქმევა ხიბლავს, მაგალითად – თომასი, მატეო, რეჯინა თუ რიჰანა, არამედ მას მართლა ანტონიო ერქვა და მართლა იყო უპრობლემო კაცი.

საქმე ისაა, რომ ანტონიო გარუჩავამ ცხოვრების სამი მთავარი საიდუმლო იცოდა:

  1. ყველაფერი კარგი, რაც ხდებოდა, ღვთის ნება იყო.
  2. ყველაფერი ცუდი – სხვისი. მაგალითად, მთავრობის, დიდი ქვეყნების, მასონების, როკფელერების, როტშილდების, სოფელში – თავმჯდომარის, სამსახურში – დირექტორის, ქუჩაზე – მეზობლის, სახლში კი – მშობლის (ანტონიოს ცოლი არ ჰყავდა, თორემ, ცხადია, ქართული ჟანრის კანონის თანახმად, ეს ფუნქცია მშობლიდან ცოლს გადაეცემოდა.) .
  3. ყველაფერი – კარგიც და ცუდიც – აუცილებლად გაივლიდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ანტონიო გარუჩავა ნამდვილად განსაკუთრებული კაცი იყო, რადგან ამ დუხჭირ წუთისოფელში ყველა საკუთარ პრობლემებზე წუწუნებდა, ანტონიოს კი არანაირი პრობლემა არ გააჩნდა.

მაგრამ ერთხელაც რაღაც მოხდა, რამაც ანტონიოს სულიერი სიმშვიდე დაარღვია და დიდი ქარიშხალი გამოიწვია. ეს რაღაც იმნაირი რაღაც იყო, ვერას დიდებით რომ ვერ დაბრალდებოდა ვერც პოლიტიკას და ვერც მასონებს…

გაზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს, როცა მზე მთებს ეფარებოდა და, ალბათ, ჩიტიც ფრინდებოდა ხიდან ხეზე, ანტონიოს მოულოდნელად ბოსტნის მხრიდან ჩუმი, მოგუდული ძახილი მოესმა:

„ანტონიო… ანტონიო…“

ანტონიომ სწრაფად მიატრიალა თავი უკან, მაგრამ ვერავინ დაინახა. იფიქრა, მომესმაო და ისევ გაირინდა, თუმცა, ორი წუთიც არ იყო გასული, რომ მოგუდული ხმა განმეორდა.

– ანტონიო… ანტონიო…

– ვინ ჩემი ყლე ხარ?! – გაბრაზდა უცებ ანტონიო და ფეხზე წამოიჭრა. თან გაშმაგებული ატრიალებდა თავს აქეთ-იქით, მაგრამ ირგვლივ კაციშვილი არ ჩანდა და ანტონიოც პირდაპირ ბოსტანში შევარდა.

ბოსტანში არავინ იყო. მხოლოდ მწვანილები და კიტრები, და ნუ, რაღა დასამალია, შედარებით მოფარებულ ადგილას – მარიხუანაც, იგივე მოსაწევი, პლანი იგივე.

ვერავინ რომ ნახა, ანტონიომ იფიქრა, ეტყობა, დავიღალეო და მარიხუანას ერთი-ორი ფოთოლი წააწყვიტა, – უცებ გავაშრობ და გავუკიდებ, ღამე კარგად დამეძინებაო, და იმ ღამეს მართლაც მშვენივრად ეძინა. თუმცა, დილას, როცა მთებს მზის პირველი სხივები ეფინებოდა და ანტონიო სრული ნეტარებით აყოლებდა თურქულ ყავას პირველ ღერ სიგარეტს, ბოსტნიდან კვლავ ჩუმი ძახილი გაისმა:

„ანტონიო… ანტონიო…“

ანტონიო გარუჩავა უცებ დაიძაბა, მაგრამ ასევე უცებ იფიქრა, მოდი, აბა, კრინტს არ გავიღებ, მივაყურადებ ერთი, ვის რა უნდაო, და ძვრაც არ ქნა.

ხმასაც არ დაუყოვნებია:

„ანტონიო, გამომხედე, ანტონიო…“

არა, ნამდვილად არ მელანდებაო, – გაიფიქრა ანტონიომ და უფრო გაიყურსა.

„მომისმინე, ანტონიო. ეკლესიაში წადი და ოცი ლარი დადე გვერდითა კარის ქვეშ. შესაწირია ეგ ჩემი…“ – აგრძელებდა ხმა და უცებ ანტონიოს ელდა ეცა, რადგან ამ ხმის პატრონში თავისი აწ უკვე ოცი წლის მკვდარი მეზობელი, კონსტანტინე – კოსტა ხოფერია შეიცნო.

– კოსტა?!

წამოსცდა უნებურად და სწრაფად შეტრიალდა უკან, თუმცა, ბოსტანში კვლავ მხოლოდ მარიხუანა და მწვანილები შრიალებდნენ.

ხმა ჩაჩუმდა. ანტონიო კი დაძაბული წამოდგა. ერთხანს დაეჭვებულმა უცქირა ბოსტანს, მერე კი სახლში ავიდა და ტახტზე გაქვავდა.

დიდხანს იჯდა ტახტზე ანტონიო. იჯდა, კედელს უყურებდა და ფიქრობდა. გონებაში მსჯელობდა, წონიდა და ჭმუნავდა. მერე თქვა: თურმე, რა ყოფილა, პრობლემა რომ შეგექმნება კაცსაო, და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, გადაწყვიტა, კონსტანტინე-კოსტა ხოფერიას თხოვნა დაეკიდებინა.

წინა ღამიდან შემორჩენილი მოსაწევი გაახვია, რამდენიმე ნაფაზი ამოარტყა და ერთი კარგად გამოიძინა.

მომდევნო სამ დღეს აღარაფერი ყოფილა და ანტონიო გარუჩავამაც თითქოს მიივიწყა მომხდარი. თუმცა, მეოთხე საღამოს, როცა ჩვეულ რიტუალს ასრულებდა – სახლის წინ იჯდა და მთებში მზის ჩასვლას უყურებდა, მოგუდულმა ხმამ ანტონიო სკამზე შეახტუნა.

– ეს რა გამიკეთე, ანტონიო! – გაისმა უცაბედად, – ოცი ლარი დაგენანა მკვდრისთვის?!

– რომელი ხარ?! – წამოიჭრა ანტონიო, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა, ოცი წლის მკვდარი კონსტანტინე-კოსტა ხოფერია რომ ეძახდა.

– ვითომ არ იცი! – დაამუნათა კოსტამაც და უცნაურია, მაგრამ ანტონიო გარუჩავას რაღაცნაირად შერცხვა.

თავი დახარა და დიდი, ლურჯი ფლოსტებიდან გამოყრილ ფეხის თითებს ჩააშტერდა.

– ოცი ლარი რა გაგიხდა, ბიჭო. წადი, დადე. იქნებ, მომასვენონ ეშმაკებმა! – თქვა ისევ კოსტამ ცოტა საწყალი ხმით და ისიც ანტონიოსავით გაირინდა.

ანტონიომ ერთი კი იფიქრა, სიგიჟეაო, მაგრამ ძველებისგან სმენოდა, მკვდრებს რომ აწუხებთ ხანდახან რაღაც და მაგიტომ, ისიც იფიქრა, იქნებ, სულაც არაა სიგიჟეო.

ცოტა ხანს კვლავ ჩუმად იდგა, ფიქრიანი, პოეტური სახით. მერე კი თვითონაც რაღაცნაირი, მოგუდული ხმით იკითხა:

– კოსტა?

– ჰა? – არ დააყოვნა მკვდარმა.

– ტრაკში ქვა! – მექანიკურად წამოსცდა ანტონიოს.

– სადღა მაქვს, ბიჭო, ტრაკი! – მიუგო კოსტამ.

– კაი, – თქვა ანტონიომ და სახლში ავიდა.

მართალია, ნამეტანი ესიკვდილებოდა, მაგრამ ანტონიო გარუჩავამ იმ დღეს ოცი ლარი დადო ეკლესიის გვერდითა კარის ქვეშ.

იქიდან წამოსული, ბილიკს რომ დაადგა, ერთდროულად სევდას და სიხარულს გრძნობდა. სევდას – ჰაერში გასროლილი ოცი ლარის, სიხარულს კი იმის გამო, რომ ბოლოს და ბოლოს, ეს არსაიდან გამოტყორცნილი პრობლემა მოიშორა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სულაც ვერ მოიშორა და ნაადრევად უხაროდა უპრობლემო კაცს.

ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ მკვდარი დაბრუნდა და სახლის წინ მჯდომარე ანტონიოს ბოსტნიდან, ჩვეული ხმით დაუძახა:

– ანტონიო…

„არ არსებობს!“ – ჯერ გაიფიქრა და ელდა მერე ეცა ანტონიოს.

– ანტონიო…

ანტონიო გარუჩავა ხმას არ იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ უპრობლემო კაცი იყო, ამ ცხოვრებაში ავიც ენახა და კარგიც და ამიტომ ზუსტად მიხვდა, კონსტანტინე-კოსტა ხოფერია არა მადლობის სათქმელად, არამედ ისევ ფულის სათხოვნელად რომ დაბრუნდა.

– კიდევ ერთხელ დადე ოცი ლარი, ანტონიო, – გამოსძახა მკვდარმა და ანტონიომაც გონებაში იყვირა:

„აჰა!“

– გამაწამეს ეშმაკებმა. კაცად აღარ ვვარგივარ!

ანტონიო გარუჩავა არ შერხეულა. გაუნძრევლად იჯდა და ისეთი სახე მიეღო, თითქოს არაფერი ესმოდა. თან ფიქრობდა, რაღაცას ხიმანდრობს ესო. მკვდარი კი, რაღა ცოცხალი ან რაღა თავით, მაგრამ ჯიუტად არ ნებდებოდა:

– რას აკეთებ ახლა ვითომ? ვითომ არ გესმის, არა?!

ანტონიო უცებ გაბრაზდა.

– და შენებს რატომ არ სთხოვ, მე რომ მომადექი?! – მიბრუნდა უკან.

– ვინ ჩემებს, ბიჭო! ტრაკგამოხეული რომ დადის ჩემი შვილი, ოცი ლარის გამღებია ეგ?! სულ რომ ლუციფერმა ჩამხარშოს ქვაბში, ხუთ ლარსაც ვერ შემწირავს!

– მე ხო რას ამბობ, ფულები მიწყვია ლეიბის ქვეშ! – არ დათმო მაინც ანტონიომ.

– კი, მესმის, მარა…

– ან რა ვიცი, რომ რაღაცას არ მაიმუნობ!

– რას უნდა ვმაიმუნობდე, მაგას როგორ მკადრებ, ანტონიო! – აღშფოთდა მკვდარი.

– მე რა ვიცი! – ხელები გაშალა ანტონიომ და თეატრალურად აზიდა წარბები, – საერთოდ, რატომ გადაგეკიდნენ ეშმაკები, ან მკვდარი თუ ხარ, რანაირად მელაპარაკები?!

– არ გრცხვენია, ბიჭო?! – უფრო აღშფოთდა კოსტა, – შენ გგონია, გატყუებ?!

ანტონიო გარუჩავამ მხრები აიჩეჩა და აღარაფერი თქვა. კონსტანტინე ხოფერია კი საეჭვოდ გაჩუმდა. სიჩუმე იმდენ ხანს გაიწელა, ანტონიომ იფიქრა, წავიდაო და თვითონაც სახლში დააპირა ასვლა, თუმცა, როგორც კი კიბისკენ გადადგა ნაბიჯი, კოსტას ხმა გაისმა:

– გურანდა ცხვიტავა დაჭიპეს. იკითხე სოფელში და დარწმუნდები.

– დაჭიპეს? – მობრუნდა ანტონიო.

– ჰო. თვითონ დაიჭიპა, უფრო სწორად… გადი, გაიკითხე. ნახავ, მე მხოლოდ სიმართლეს გელაპარაკები.

კოსტას ხმაში რაღაცნაირი გატეხილობისა და შეურაცხყოფის ნაზავი იგრძნობოდა და ანტონიოს, უკვე მეორედ, უჩვეულოდ შერცხვა. თუმცა, ამ სირცხვილზე მეტად გურანდა ცხვიტავას დაჭიპვის ამბავმა დააინტერესა, მითუმეტეს, რომ ვერაფრით გაეგო, რა დაჭიპვაზე იყო საუბარი.

კოსტასთვის აღარაფერი უთქვამს. სახლში ავიდა, გამოიცვალა და სოფელში გავიდა.

იფიქრა, „ბირჟისკენ“ გავივლი, ვითომც ისე, უბრალოდ, და თუ დამხვდა იქ ვინმე, ცხვიტავაზე ვკითხავო.

დახვდა კი არა, დახვდა!

ვინმე კი არა, ჯარი!

„ბირჟაზე“ ლამის მთელი სოფელი შეკრებილიყო და გურანდა ცხვიტავას ამბავს განიხილავდა.

თურმე რა მომხდარა:

ამდგარა ეს სულელი ქალი და თბილისში წასულა ვაქცინის გასაკეთებლად (იმ ხანებში რაღაც პანდემია იყო. ერთმა წუნკალმა ჩინელმა ღამურა ჭამა და ვირუსი შეეყარა. ადგა მერე და მთელს მსოფლიოს გადასდო. კომენდანტის საათები დაწესდა, ათასობით ადამიანი დაიღუპა, ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, ხალხს დედა მოეტყნა).

ჰოდა წამალს რომ ვერ მიაგნეს, ვაქცინა გამოიგონეს, ვითომ ვირუსისგან გიცავდა და სინამდვილეში კი გჩიპავდნენ. სითხე შეყავდათ, რითაც მერე მარტივად სამართავი ხდებოდი და თან ათას უბედურებას იწვევდა: შეიძლებოდა, უცებ სამშობლოს მოღალატე ან გეი გამხდარიყავი.

ეს ტუტრუცანა ქალი კი, ვითომც მოგონილია ეგო, ადგა და დაიჩიპა.

გაგიჟებული იყო ხალხი, ეს რა გაგვიკეთაო. თურმე, დაჩიპულს ორ მეტრში თუ ჩაუვლიდი, თავის ჭირს გადაგდებდა. მაგალითად, ცხვიტავა რომ გალესბოსელებულიყო, ორი მეტრის დისტანციაზე სხვასაც გაალესბოსელებდა.

მოკლედ, დაღუპა სოფელი.

სიმართლე რომ ვთქვათ, ანტონიო გარუჩავას მთელი ეს ალიაქოთი სულ ფეხებზე ეკიდა და მარტო იმის დაზუსტება უნდოდა, კოსტა ხოფერია სიმართლეს თუ ამბობდა. ჰოდა, რადგან დარწმუნდა, რომ ამბობდა – უბრალოდ, ტერმინი შეეშალა ცოტა (ოცი წლის მკვდარი იყო მაინც და მაშინ სად იყო დაჩიპვა) – უსიტყვოდ შეტრიალდა და სახლში გულდამძიმებული წავიდა.

მეორე დილას ანტონიო გარუჩავამ ხელის კანკალით დადო მეორე ოც-ლარიანი ეკლესიის გვერდითა კარის ქვეშ. მერე ეკლესიაში შევიდა და სანთელი დაანთო. თქვა:

– დედა ღვთისმშობელო, გეხვეწები, დაიფარე კონსტანტინე-კოსტა ხოფერია. იმას ეშმაკები მოაშორე და მე კიდევ – კოსტა! აღარ ვიცი, დამაწყდა ნერვები!

ცოტა ხანს სანთელს მიშტერებული იდგა, მერე კი პირჯვრის წერით დატოვა ტაძარი.

მომდევნო დღეებში ანტონიო გარუჩავამ თავის ძვირფას რიტუალს უღალატა და არც დილას, არც საღამოს, გარეთ აღარ დამჯდარა. მკვდრის დაბრუნების შიშით, აღარც მზის ამოსვლა ახარებდა და აღარც ჩასვლა.

ხომ გესმით, მთელი ცხოვრება უპრობლემო კაცი იყო და ახლა, პრობლემა რომ შეექმნა, აირია. დაფრთხა.

ასე, დამფრთხალი იჯდა – ძირითადად ტახტზე და სახლიდან ყოველი გასვლისას სწრაფად ჩარბოდა კიბეზე, რათა შემთხვევით ბოსტნიდან კოსტა ხოფერიას ძახილი არ გაეგონა.

ერთხელ კი, ასე ორი კვირა იქნებოდა გასული, ანტონიო გარუჩავას მთელს ამ სიტუაციაზე უცებ ნერვები ძალიან მოეშალა.

„მაგის შიშით ცხოვრება ვეღარ უნდა შევირგო?!“ – გაიფიქრა ტახტზე ჯდომისას.

„ბოსტანში ვეღარ შევსულვარ კაცი!“ – გააგრძელა ფიქრი და ადგა.

„ორი კვირაა, პლანი არ მომიწევია!“ – დაასრულა ფიქრი და რაღაცნაირად, გაგულადებულმა სახლის კარი ფართოდ გააღო.

კიბე მტკიცე ნაბიჯით ჩაიარა. ურყევი, მამაცი სახით შევიდა ბოსტანში და მარიხუანას რამდენიმე ფოთოლი წააწყვიტა.

მკვდარი არ ჩანდა და ანტონიოსაც, საკუთარი გამბედაობით აღფრთოვანებულს, გულში წამოსცდა:

„აი, ეგრე! იშ!“

თუმცა, ბოსტნის კარს რომ იხურავდა, მოსახდენი მოხდა.

– ანტონიო! – გაისმა კოსტა ხოფერიას ხმა, თითქოს ისიც მტკიცე და ცოტათი მკაცრიც.

ანტონიოს გული გაუსკდა, მაგრამ ამის შემჩნევა არაფრით არ იქნებოდა.

– ანტონიო!

ანტონიომ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.

– ანტონიო! – ლამის იყვირა მკვდარმა და ანტონიოსაც ნერვებმა უმტყუნა.

– რა?! რა?! – გაცოფებული მიბრუნდა ბოსტნისკენ, – რა ჯანდაბა გინდა?! რატომ არ მაყენებ?! რა გამიტრაკე საქმე?!

– ხომ იცი, რატომაც? – გასაწყლდა უცებ კოსტა.

– აღარ მაქვს ამდენი ოცი ლარი! ჩემი გამჭირვებია! სად პროჭიდან გამოვიღო?!

– მაგრამ, გამაწამეს ეშმაკებმა… – უფრო გასაწყლდა კოსტა.

– ხოდა მაგათი დედაც მოვტყან! – ანტონიო ბოლომდე გაცეცხლებულიყო.

– ამენ, ამენ! – მკვდარიც დაეთანხმა, მაგრამ მერე ოცი ლარი მაინც სთხოვა.

– არა მაქვს-მეთქი, კოსტა! შენ რომ მოკვდი ოცი წლის წინ, მაგის მერე მარილი ათჯერ გაძვირდა, იცი?! იცოდი?!

კოსტამ არ უპასუხა, თუმცა, ანტონიომ რაღაცნაირად იგრძნო, რომ უარის ნიშნად თავი გააქნია.

– ამ პანდემიის გამო კიდევ, ოცდაათი თეთრი რომ ღირდა ტუალეტის ქაღალდი, ოთხმოცდახუთი ღირს ახლა!

კოსტა ხმას არ იღებდა.

– ოთხმოცდახუთი, ბიჭო!

კოსტა დუმდა.

– მასონების და იმ ჩინელის დედა მოვტყან! – დააბოლოვა ანტონიომ და კიბისკენ წავიდა. ლამის ირწმუნა, მორჩა, დამანება თავიო, მაგრამ მკვდარმა მოულოდნელად თქვა:

– მაშინ ეგ მომეცი.

– რა? – კიბესთან გაშეშდა ანტონიო.

– პლანი.

– პლანი რათ გინდა? – გაუკვირდა.

– მომეცი. აქ დადე, ბოსტნის ღობესთან.

ანტონიო ხმისკენ მთელი სხეულით შეტრიალდა.

– რას მეუბნები, მკვდრებიც ეწევით, კაცო?

– ტყუილად მოგეცა იმედი, – მიუხვდა კოსტა, – შესაწირს რომ ვერ აკეთებ, რაღაც ხომ მინდა „გრევად“.

– აბა, ეშმაკები ეწევიან?! – გულწრფელად დაიბნა ანტონიო.

– ბევრ კითხვას სვამ, გარუჩავა. უბრალოდ, დადე, – პირველად მიმართა გვარით და ანტონიო მიხვდა, რომ კონსტანტინე ხოფერია არ ხუმრობდა.

ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა, მერე კი ბოსტანში შევიდა და ღობესთან მოსაწევი დადო.

მკვდარს ხმა არ გაუღია და აღარც ანტონიოს უთქვამს რამე. ფიქრით კი გაიფიქრა, „შე მამამიჯმულო, ერთი მადლობა მაინც გეთქვა, გალიდან გადმოტანილი, ასე სათუთად გაზრდილი და ნალოლიავები პლანი მოგეციო“.

მაგრამ, ეტყობა, მკვდრებმა არ იცოდნენ მადლობები.

სამაგიეროდ, ხელფასის დღე სცოდნიათ…

უკვე ნამდვილად რომ ირწმუნა, ბოლოს და ბოლოს, თავი დამანებაო, ანტონიო გარუჩავას თვის ბოლო პარასკევს (ამ დღეს ირიცხებოდა ხელფასები) კონსტანტინე ხოფერია ისევ გამოეცხადა.

– ანტონიო, – გაისმა ბოსტნიდან.

ანტონიო მართლა აღარ ელოდა და ალალად შეხტა (სკამზე იჯდა ჩვეულად, სახლის წინ).

– ანტონიო, ვიცი, რომ ხელფასი ჩაგერიცხა დღეს, – მკვდარი პირდაპირ საქმეზე გადავიდა, – ჰოდა, იქნებ, ის ქნა…

– რა ვქნა? – შეტრიალდა სანახევროდ ანტონიო.

– ხომ იცი…

– არა!

– ძალიან გთხოვ…

– არა!

– აბა, რა ვქნა?!

– მე რა ვქნა?! – წარბები შეჭმუხნა ანტონიომ, – ან ფიზკულტურის მასწავლებლის ხელფასი რა გგონია?!

– ნუ ატრაკებ, ოცი ლარი არ დაგაქცევს.

– შენი საქმე არაა, რა დამაქცევს და რა არა! – ანტონიო უკვე ბრაზდებოდა.

კოსტა ცოტა ხანს ჩაჩუმდა. აცადა.

– ანტონიო, – დაიწყო მერე.

– რა?!

– გთხოვ, დადე ოცი ლარი ეკლესიის კარის ქვეშ…

– არა!

– ამ ერთხელაც…

– არა-მეთქი! არა! – იყვირა ანტონიომ, სწრაფად წამოდგა და სახლში გიჟივით ავარდა.

– არა უშავს, ხვალ მოვალ, – თავისთვის ჩაიჩურჩულა იმან, ბოსტნის იქითა ეზოში, ღობესთან ჩაკუნცხულმა და ხეს ამოფარებულმა. ბოლომდე დარწმუნდა, რომ ანტონიო ნამდვილად ვეღარ დაინახავდა და მხოლოდ მერე, სახლისკენ წავიდა თვითონაც:

კონსტანტინე-კოსტა ხოფერიას თორმეტი წლის შვილიშვილი, როგორც რომ უწოდებენ – „განდონი ბავშვი“ ბუჩიტო ხოფერია, რომელსაც ვაი, რომ ხმით მიბაძვის ბრწყინვალე ნიჭი აღმოაჩნდა.

© არილი

Facebook Comments Box