ავტორი: თაკო წულაია
„მკვლელობა სადგურის უბანში“, რატი რატიანი, გამომცემლობა პალიტრა L, 2021.
წარმოსახვით კინოფირს ატრიალებენ: ოჯახური ცხოვრების სურათებია, წვრილმანი ამბებით, თავგადასავლებით, შეცდომებითა და ადამიანებით სავსე. მაგრამ იქ არსად ჩანს ქალი, რომელიც თვალს ადევნებს ამ კადრების მონაცვლეობას და ეძებს თუნდაც სრულიად უმნიშვნელო საერთო ისტორიას, რათა კავშირის მსგავსი რამ იგრძნოს იმ კაცთან, მამამისს რომ ეძახდნენ და იმ ოჯახთან, წესით, მისი ოჯახიც რომ უნდა ყოფილიყო.
ჭირისუფლები კი სხედან და გაუთავებლად ლაპარაკობენ. მხოლოდ ერთი ადამიანია ჩუმად. „მწერალია, ათი წლის გოგონა ჰყავს, მთელი ცხოვრება ეუხერხულებოდა სიტყვების „მამა“ და „სიყვარული“ წარმოთქმა“. ელოდება, როდის გადაინაცვლებენ სტუმრების თვალები მასზე, თუმცა სულ ტყუილად. ამ გოგონას, გარდაცვლილი კაცის უფროსი შვილი რომ იყო, არაფერს ეკითხებიან.
გარდაცვლილზე ამბების მოყოლა უმნიშვნელოვანესი რიტუალია: მიცვალებულის სურათი წარსულის ფრაგმენტებით უნდა გამჟღავნდეს. სიკვდილის შემდეგ ადამიანი გადაიქცევა ჯამად იმ ისტორიებისა, რომლებიც მის შესახებ ახსოვთ, ოღონდ ეს ისტორიები ცოცხლებისთვის უფრო საჭიროა; სხვის ცხოვრებაში მონაწილეობით ამტკიცებენ, რომ თავადაც არსებობდნენ. ასეთი მტკიცებულება არ აქვს მხოლოდ იმ გოგოს, რომლის დაბადებამაც ვერც ოჯახი გადაარჩინა და ვერც რაიმე შეცვალა არსებითად.
„კაცი, რომელსაც მამაჩემს ეძახდნენ“ – რატი რატიანის გაცნობას ვიწყებ იმ მოთხრობით, რომლის სახელიც ყველაზე საინტერესო მეჩვენება და კითხვის დასასრულს ვაცნობიერებ, რამდენად სწორი არჩევანი იყო.
კრებული სწორედ ასეთი პროტაგონისტების ამბავია, როგორღაც მეორეხარისხოვან გმირებად რომ დარჩნენ საკუთარ ცხოვრებაში და თავისივე არსებობის შესახსენებლად დროდადრო ამბებს ჰყვებიან. თითქოს ეს პატარა მოთხრობაა მთელი კრებულის გასაღები – კრებულის, რომელშიც ნელ-ნელა ჟანრული, თემატური თუ სტილისტური მრავალფეროვნება იჭრება, მაგრამ, ამის მიუხედავად, მკითხველს არ ტოვებს შთაბეჭდილება, რომ თვალს ისევ იმ უსახელო გმირს ადევნებს, მწერალს, რომელსაც საკუთარ არსებობაში ეჭვი ეპარება, რადგან უახლოეს ადამიანზე მისი მონათხრობით არავინ ინტერესდება და რა დაჟინებითაც უნდა ვუმზიროთ მას, ვერასოდეს გამოვიცნობთ, მაინც რას იტყვის შემდეგ გვერდზე.
ასეთი მოულოდნელობები, თუმცა, ობიექტურად, სრულიად მოსალოდნელი და დამაჯერებელი ამბებია მოთხრობილი რატი რატიანის პროზაულ კრებულში. „მკვლელობა სადგურის უბანში“ ერთი ვრცელი და რამდენიმე მოკლე მოთხრობისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობებს შორის კავშირზე პირდაპირი მინიშნება არსადაა, მაინც მგონია, რომ, პირობითად, კრებულის ორ ნაწილად დაყოფა შეიძლება. პირველი ნაწილი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ამბებია სადგურის უბნის, უცნაური დალაქისა და ლენდ-არტის შესახებ, მეორე ნაწილი კი (რომელშიც მოვიაზრებ მოთხრობებს: „კაცი, რომელსაც მამაჩემს ეძახდნენ“, „თუთი“, „მოშეს ხალხი“, „ავარია“, „ლიტვური დღიური“, „თრილერი“), ჩემი აზრით, ერთი და იმავე პერსონაჟის (ან იქნებ თავად ავტორის) სხვადასხვა ამბავია, ერთგვარი ციტატები მისი ცხოვრებიდან, ცალკეული დღეები, რომლებმაც, საბოლოოდ, მის მთლიან ცხოვრებაზე უნდა შეგვიქმნას წარმოდგენა.
პერსონაჟს სახელი არ აქვს. უსახელო პერსონაჟად ყოფნა, ძირითადად, იდენტობის კრიზისზე ან საკუთარი თავის მიუღებლობაზე, „მე“-სთან გაუცხოებაზე მიანიშნებს. აქაც ეს შემთხვევაა: უსახელო გმირს/გმირებს საკუთარი თავი არ უყვართ. მეტიც, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არც აინტერესებთ და თითოეულ მოთხრობაში სულ სხვების შესახებ ლაპარაკობენ: ხან მოშეზე, ხან თუთიზე, ხან სამეზობლოზე… მაგრამ ამ რამდენიმე კონკრეტული სახის მიღმა უსახელოების, უხილავებისა და უმნიშვნელოების მთელი არმიაა, არმიის მეთაური კი ის ანონიმი მწერალია, რომელსაც “გაუმართლა, რომ იქ დაიბადა, სადაც დაიბადა – არაფრის გამოგონება არ უწევს“ და ხშირად თავის თავზე მესამე პირში ლაპარაკობს, მისგან ისე დისტანცირდება, თითქოს აღარც უნდა, არსებობდეს, მაგრამ როგორც კი არარსებობის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება (მოთხრობაში „თრილერი“ იგი ქრება. აღარც ფოტოებზე ჩანს, აღარც სარკეში, არც ვინმე ჰყავს გვერდით, ვინც მის არსებობას დაადასტურებს), მაშინვე შიში იპყრობს და საკუთარი არსებობის მტკიცებულებების ძებნას იწყებს.
უსახელო მწერალი მწერლობას მიიჩნევს უფრო იმ როლად, რომლის განსახიერებაც უწევს. ირონიულად მოგვითხრობს ყველაფერზე, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს უყურებს სკეპტიკური და დამცინავი თვალით და, რაც ყველაზე მიმზიდველია, იმ ყველაფრით ინტერესდება, რასაც ბევრი ავტორი ყურადღების ღირსად არ მიიჩნევს.
ფლანერი ო’კონორი, რომელიც თავად მოთხრობების დიდი ოსტატი გახლდათ, ამბობდა, რომ მწერალს არასოდეს უნდა შერცხვეს დაკვირვების, რადგან არაფერია ქვეყნად, რაც მის ყურადღებას არ იმსახურებს. რატი რატიანიც ზედმიწევნით ასრულებს ამ „დავალებას“ და ისეთ წვრილმანებზე გვიამბობს, რომლებიც მოჩვენებითი უმნიშვნელობის მიღმა რეალურ და დიდ მნიშვნელობებს მალავენ.
ავტორი გვახსენებს და გვიჩვენებს იმას, რაც ყოველთვის ჩვენ თვალწინ იყო, მაგრამ ვერ ვხედავდით. იმას გვიყვება, რაც შეუძლებელია, რომ არ ვიცოდეთ, მაგრამ რატომღაც გვავიწყდება და ვერ ვამჩნევთ. შესაძლოა, იმიტომ, რომ თავადაც ყოფით ამბებში ვართ გახლართულები და დაუღალავად გავურბივართ არასასურველ სიმართლეს. არადა, ადამიანი ანტაგონისტურად უნდა მიუდგეს ყოფიერებას და საზოგადოებაში მოძულებული ნეგატივის კი არა, დამყაყებული შემგუებლობისა და გაჩუმების უნდა შეეშინდეს. რატი რატიანი დეტალიზებული თხრობით ყველაფერს ეპასუხება, რაც საქართველოში გვინახავს და გვიფიქრია: გამვლელებს ერთმანეთი სძულთ; ქვეყანას ნახევრადშეშლილი ორკები მართავენ; ირგვლივ ხმაური და ჭუჭყია; ადამიანები ნეგატივს გაურბიან; გამუდმებით ჩაგვძახიან, როგორ არ ვიფიქროთ ცუდ რაღაცებზე; პრობლემების გადასაჭრელად კი სატელევიზიო გადაცემები არსებობს… ასე მრავლდება ნევროზები, დეპრესია. როგორც ავტორი წერს, სიგიჟე. თუმცა შევცდებით, თუ ამ მოთხრობებს სოციალურ ან ეკონომიკურ პრობლემებზე რეაქციად აღვიქვამთ. შევცდებით მაშინაც, თუ მხოლოდ ინდივიდუალისტურ საწუხარს ამოვიცნობთ პერსონაჟებში. აქ უფრო ორგანული შერწყმაა ქალაქური ცხოვრებისა და ამ ქალაქში უჩინარ მოქალაქედ არსებობის ტრაგედიისა.
სწორედ ამიტომაა საჭირო თვითირონია. ამ საგიჟეთში, სადაც ყველაფერი მოსაწყენი, სერიოზული და ნეგატიურია, უეცრად მთხრობელი წარმოიდგენს, როგორ ცვივიან ჭერიდან უცნობი მხატვრები და მწერლები რომელიმე კორპორატიულ საღამოზე და მკითხველსაც ავტორთან ერთად ეღიმება.
საინტერესოა ისიც, თუ რას წერს იგი თავად წერის შესახებ. შთამბეჭდავია კადრი, რომლის აღწერასაც მხოლოდ ერთი აბზაცი ეთმობა: პერსონაჟები სათითაოდ ადიან კათედრაზე, ავტორივით ნახევრად შეშლილები, დაღლილები, სასოწარკვეთილები და ჯერ ავტორს დასცინიან, მათზე წერა რომ გადაწყვიტა და მერე ისევ ჩუმდებიან და ცვილის ფიგურებს ემსგავსებიან.
თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, რატი რატიანის პერსონაჟები ყველაზე ნაკლებად ჰგვანან ცვილის ფიგურებს. მათ სიცოცხლისუნარიანობასა და დამაჯერებლობაში ეჭვის შეტანა თითქმის შეუძლებელია. მცირე მოცულობის ტექსტებშიც კი სახასიათო პასაჟები და პერსონაჟების დასამახსოვრებელი ინდივიდუალიზმია მოხელთებული. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებში სოციალური ფენა, შეხედულებები და ხასიათი მჟღავნდება. მათ მრავალფეროვან გალერეას მხოლოდ ის აერთიანებს, რომ ყველანი გაურბიან თანამედროვე სამყაროს მოსაწყენ ბიუროკრატიას, „სადაც შეცდომების დაშვება მიუტევებელი ცოდვა გახდა, ტკივილი და უმწეობა კი – დაცინვის საბაბი“.
მაგალითად, ასეთი პერსონაჟია თუთი, როგორც თავად ავტორი აღწერს – უგემურ ფაფაში გამორეული ქიშმიში. მთხრობელი მასზე ფიქრობს, რომ ნამდვილი არტისტია, მკითხველს კი შეუძლია, იგივე იფიქროს ყველა სხვა პერსონაჟზეც – ისინიც დიდი, ყავისფერი ქიშმიშები არიან და ნამდვილი არტისტები, რომლებსაც პირველ დიდ სისულელედ დაბადება მიაჩნიათ, მომდევნო სისულელეებს კი გაბედულად და ლამაზად სჩადიან.
იასპერსი წერდა, რომ „აუცილებელია გამუდმებით ამოქაჩო საკუთარი თავი ჩვეული, უზრუნველი, თავისთავად ნაგულისხმევი საგნების სამყაროდან, რათა იქ საბოლოოდ არ დაიკარგო“. ასეთი „ამოქაჩვის“ მცდელობებია ეს ტექსტებიც.
ჩვეული, უზრუნველი ცხოვრებიდან დაიხსნის მავან ნ.-ს მეტისმეტად ყურადღებიანი დალაქის გამოჩენა. მის რუტინულ ცხოვრებაში უეცრად იჭრება პარიკმახერი, რომელიც გულმოდგინებით მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ვინმე უყურადღებობით ან გულგრილობით მოახერხებდა. გაუგებრობით დაწყებული ამბავი ბოლოს ნამდვილ აბსურდად იქცევა.
ორიგინალურ პერსონაჟთა სიაშია კლაიდიც, ნიჭიერი, მაგრამ წარუმატებელი მხატვარი, რომელსაც, მთხრობლის მსგავსად, ვალები და ბინის ქირა ახრჩობს. კლაიდი და მწერალი, რომლის შემოქმედებაზეც ერთადერთი რეცენზია დაწერილა, ერთად ბრაზობენ ნაბიჭვრებზე მოდური კაფეებიდან, მაღალ საზოგადოებაზე და უკაცრიელ, დაუმთავრებელ სახლებში იპარებიან. ეს სევდიანი, ცოტა სასაცილო წყვილი ავარიის ამბავს თხზავს და ტექსტის დასასრულს კიდევ ერთხელ ჩაფიქრდება იმაზე, რომ როცა ვინმე დიმიტრი, გიორგი და დავითი დილაადრიან სამსახურებში მიემართებიან, ისინი კვლავ „გარეთ“, გარიყულები და განცალკევებულები რჩებიან. მათი ცხოვრება ისევ ყინულზე სიარულია, სიცოცხლე კი თითქმის არარსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მაინც ითვლებიან მოქალაქეებად. ამიტომაცაა ეს მოთხრობები მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ამბები და იქით გვაიძულებს გახედვას, სადაც მანამ მხოლოდ სიბნელეს ვამჩნევდით; სცენის ნაცვლად კულისებს აშუქებს, წარმატებული და ბედნიერი ადამიანების ნაცვლად კი – საყოველთაოდ შეძულებულ ნეგატივსა და უჩინარ ადამიანებს. მათი ცხოვრების შესახებ წერა მნიშვნელოვანი ისტორიული თუ პოლიტიკური მოვლენების არეკვლა არაა, არამედ „ზოგადსაკაცობრიო შეშლილობის ყოველდღიური ქრონიკაა“, რომელიც პატარა ქალაქის ფონზე ვითარდება. თითქოს შეუმჩნეველი, აქა-იქ ნახსენები, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი, პერსონაჟებისთვის საძულველი, უცხო, არამშობლიური ქალაქის ფონზე. თან ისეთის, მისი აღწერა ლიტერატურას რომ არ შეუძლია. ნამდვილი „შავი ჭირის სამეფოა“, პირქუში ადგილი, რომელშიც ეს პატარა, სევდიანი ადამიანები დააბიჯებენ.
დაბოლოს, დავასრულოთ იმ ტექსტით, რომლითაც კრებული იწყება – „მკვლელობა სადგურის უბანში“. მამაო, იოსები და ოთარა დიდი ხანია, მეგობრობენ. თხრობა მაშინ იწყება, როცა ოთარას კლავენ. მალე პერსონაჟები აღმოაჩენენ, რომ ოთარა, სინამდვილეში, ორჯერ მოუკლავთ.
როგორც ჰემინგუეი წერდა, მწერალმა კი არ უნდა განსაჯოს, არამედ უნდა გაუგოს. ეს პრინციპი მკვლელობაზე თხრობის დროსაც არ ავიწყდება ავტორს და ყველაზე ულმობელი და უმადური დამნაშავის სახესაც კი კრიტიკისა და განსჯის გარეშე გვიხატავს. თანამედროვე სამყაროში, რომელიც მუდამ სხვისი ქცევისა და გადაწყვეტილებების ინტერპრეტირებითაა დაკავებული, ჩნდება ავტორი, რომელიც, უბრალოდ, აღწერს და საკმარის თავისუფლებას გვაძლევს იმისათვის, რომ თავად გადავწყვიტოთ, რომელი პერსონაჟის შეყვარება ან შეძულება გვინდა.
ხოლო თუ მოვახერხეთ და რომელიმე მათგანი მართლაც შეგვიყვარდა, შეგვიძლია, ისე დავიმშვიდოთ თავი, როგორც ამას „თრილერში“ გაუჩინარებული ქალი აკეთებდა:
ესე იგი, სიყვარული ჯერ კიდევ შეგვძლებია, თუნდაც გამოგონილი.
© არილი