გერმანულიდან თარგმნა ლულუ დადიანმა
ცოცხალი კლასიკოსი და თანამედროვე გერმანულენოვანი ლირიკის გამორჩეული ხმა ფრიდერიკე მაირიოკერი დაიბადა ვენაში 1924 წლის 20 დეკემბერს. საშუალო სკოლის დამთავრებისა და უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ იგი კარგა ხანს პედაგოგობდა – ვენის საშუალო სკოლებში ინგლისურ ენას ასწავლიდა. 1939 წელს მაირიოკერმა პირველად გამოაქვეყნა მცირე პროზაული ჩანახატები, შვიდი წლის შემდეგ კი მისი ლექსებიც დაიბეჭდა.
1954 წელს მაირიოკერმა გაიცნო ექსპერიმენტული ლიტერატურის წამომადგენელი ერნსტ იანდლი(1925-2000), ავსტრიელი პოეტი და მწერალი, ცნობილი ნეოავანგარდისტი, რომელსაც მალე ცოლადაც გაჰყვა. მათი ერთობლივი შემოქმედების ნაყოფია მრავალი წარმატებული რადიოპიესა, შემდგომში ოთხ ტომად გამოცემული. ერნსტ იანდლის გარდაცვალების შემდეგ მაირიოკერმა მეუღლეს და მასთან ერთად გატარებულ წლებს რამდენიმე მოგონება მიუძღვნა: „რეკვიემი ერნსტ იანდლისათვის“(2001), ,,და მე შევაკრთე ძვირფასი ერთი“(2005)……
ფრიდერიკე მაირიოკერის მრავალშრიანი ტექსტური კონსტრუქციები სიურრეალიზმისა და დადაიზმის ტრადიციებს ეხმიანება და ამასთანავე, ბეკეტის, ჰიოლდერლინისა და ფროიდის გარკვეულ გავლენასაც განიცდის. მისი რადიოპიესების სათაურები კი მეტყველად მიგვანიშნებს მუსიკისა და მხატვრობის დიალოგზე – „გულსმირქმა პიკასოს მიხედვით“(1987), „რეპეტიციები მაქს ერნსტის მიხედვით“(1989), „ შუბერტის ჩანაწერები, ანუ ექსტაზის შეურყვნელი მაგალითი“ (1987)… მაირიოკერი იმითაცაა ცნობილი, რომ თავადვე აფორმებს საკუთარ ტექსტებს და მხატვართა გამოფენებშიც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა.
ფრიდერიკე მაირიოკერი დაჯილდოებულია ოცდაათამდე ლიტერატურული პრემიით, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პრემიებით, როგორებიცა – ავსტრიის დიდი სალიტერატურო პრემია, ფრიდრიხ ჰიოლდერლინის, გეორგ ბიუხნერის, გეორგ თრაკლის პრემიები და ინტერნაციონალური პრემია(Premio internazionale) და სხვა.
მთარგმნელისაგან
ბრანდენბურგული კონცერტი
სრულიად შიშვლად შიშვლად შიშვლად / დასასრულიდან დასასრულამდე
მიდიხარ მიწად თან არ მიგაქვს უბრალო ძაფიც და არც წიგნაკი
ჩასანიშნი არც სათვალე და არც ფანქარი სიხალისე კოცნა თვალ-ყური
არ გაგაჩნია არც მუსიკა სიტყვა არც ზეცა და არც ღრუბელი
ყნოსავ მიწას და ჭიაღუას სისაწყლეა საწყალობელი
ვერ გრძნობ ნუგეშს და სიამით ტკბობას საზრდოსაგან ვერც ძილისაგან
ვერ ხედავ ყვავილს და ვერც მდელოს სილურჯეს ლურჯის
არ ელოდები გაშლილ მკლავებით ფიფქების ფრენას
როგორც სიყრმისას ოი, არ ცდილობ ფაქიზად რომ დაადნეს ენას
და აღარ კეცავს ფრთებს პეპელაც ყრმის ხელის ზურგზე
როგორც ოდესღაც არ მომლოცაობ რძიფერ ნისლებში
ზღვის ტალღებს აღარ ააზვირთებ აგვისტოს ბინდის იალ-კიალში
აჰ და აჰ რაც ელვით აღიბეჭდა, და ა.შ. როცა სვავები
მხედრიონივით მოიწევენ ნახნავს ზეგარდმო
ჯაკომეტივით: მწუხრის ჩრდილები
გაზაფხულის
ეს სტატუეტი: ეტრუსკული
ჰერმაფროდიტის ცივ-შიშველი
ბრინჯაოს ტანი
ორ მინას შუა იისფერ ვარდის
ნაშალი ფურცლით ძლივს დაფარული
აღვიქვამ სხეულს წაგრძელებულს,
მომწვანო მენჯს და, ქალიშვილის ძუძუთა შორის
ღარს ღრმად ჩატვიფრულს – და ჭიპის ღრმულის
ნახევარმთვარეს, თავადაც მახსოვს,
როცა ექიმის მხედველი ხელი, ნეკნებშუა
მკერდის ძვლის გასწვრივ მსინჯავდა ფრთხილად,
წმინდა მიდამო, გულის მღელვარე
ძგერა თითქმის მოუხელთები,
მამრული ასოს ლამის ფლობის წყურვილშიაც კი,
ფეხები უმალ ენაცვლებიან ტყუპის ნაზ კიდურს,
თავს მომუშტული ხელით ვისუდრავ,
ჰერმაფროდიტის ნორჩ თავის ქალას
მე ჩემი მჯიღით ვფარავ, რათა
გასრულდეს იქნებ, გამუდმებული
მარწუხი მწუხრის,
შეპყრობილობის ასაკი
ოტო ბრაიხას
ლექსი შებღალული და დატყვევებული / კომბოსტოს თავები
ვიტრინაში გამოწყობილი / გასაშლელი მაგიდა/ პელერინა დაჭმუჭნული /
დასავლეთში სახურავებს ზეგარდმო ამწე: უზარმაზარი ჯვარცმა /
ვენებში რეზინის მილაკი / გწვავს მოგონება გაცვეთილი თავმისაყრდნობი
სავარძელი / ცაცხვის ჭრელი მერქანი, შავი გოშია აიყვანა ბავშვივით ხელში
პარკის ძელსკამზე ერთმა უცხო ენაზე მოლაპარაკე ქალმა და მუქკანიანმა შავთვალება მამაკაცმა შერმოჰკრა ტაში / მშობლიური თუნუქის დროშა კოშკის ქიმზე ბრუნვისას გარინდებული /ტენისის ცალი ფეხსაცმელი გადაგდებული ქუჩის კუთხეში მდგარ ნაგვის ყუთში / წიგნის ფურცლები გზასავალზე მიმოფანტული ქარისაგან ატაცებული / აივნებზე ღია ცისფერი საყვავილე
ხის კოთხოები / AGIP-ის მონსტრი ცეცხლის ალს აფრქვევს ღია ხახიდან
იქვე რძიანას ბუჩქი სახლის გალავანს მიყრდნობილი / დღეს ისე ცხელა კოლხოზური ქანცგაწყვეტილობაა გამღვალ ასფალტზე / მოქსუტუნე
ზურგქარი / ლოცვის სტრიქონები / აფაზია / ჯონ დოულენდი / ოთახში კრაზანები ირწევიან ბუდეები მოუწყვიათ ჩემ ქაღალდებში / გალუმპული კიბე
თვალის დახამხამებაში შემშრალა ისეთი პაპანაქებაა დღეს / ფაქიზი თეთრი ნაქსოვი საყელოს პატარა ნაგლეჯი / ფაქიზი თეთრი თვალის ნაპრალით მაკვირდება წმინდანის ხატი თუნუქის ძველი ტოლჩა სრულყოფილი თანხვედრა
ძარცვას ლატარიასა და მოუწესრიგებლობას შორის მწვანე მოკლესახელოიან მაისურზე დაბეჭდილი ლურჯი ჰალსტუხი / საკოს გულის ჯიბიდან გამოჩრილი ყაყაჩოს ნაფლეთი / სინათლის მწვანე ვაშლი კიბის საფეხურზე მომწვანო შუშის კარიდან გამონაშუქი ანარეკლი / სამი გერმანული სასტუმრო/ მღვიმე / ხის გასასვლელით ხვდები ვარდისფერ ხეივანში, ხის გასასვლელით თვალს თეთრი კაბა და ვარდისფერი ფანჯარა ხვდება ღამით ფარდებს მიღმა, ან იქნებ მარჯვენა თვალმა მიმტყუნა მოჩვენებითი ცდომილება ანუ, თუ სტრიქონების წაკითხვა ჭირს მარჯვენა მხარეს, მაშინ გვერდის მარჯვენა კიდეს სტრიქონები მხოლოდ გაჭირვებით გასარჩევი ხდება / შემდეგ
მოუხერხებლად მოკეცილ-მოკუნცხული გვერდზე ბალიშებს ვეტმასნები
ვრჩები ასე დაწოლილი / ძილისთვის უჩვეულო მდგომარეობაში
მეორე გაღვიძებამდე –
adios ანდა ahoi ამბობენ მეგობრები სანამ ჩვენ დაგვტოვებენ
თვალებს ვიფშვნეტდი ღამის სამ საათზე ადრე ჩაქრა იქითა მხარეს სინათლე
ცინგლიანი ბავშვი და ა.შ., ანცი ბავშვი, მეტისმეტად მომხვეჭელი
ადამიანი, ანუ გაბმული ჩამონათვალი („yesterday“)
ბითლზების მუსიკის ჰანგები იმ ღამით მანქანაში ღამე ოქრო ხალასი უფრო კი თვალშეუდგამი სილურჯე, თავაღერილი დაჟინებით ვუთვალთვალებ ღამეს, მე ღამეული სილურჯით ნაჯერ სევდა-კაეშანს ვგულისხმობ და ბითლზების მუსიკით მოგვრილ ნეტარებას ბითლზების მუსიკის ჰანგები მანქანაში და თავდავიწყება ოქროდ ჩამოქნილ ღამეში, უძირო სილურჯით ნაჯერ ღამეში ცრემლები თვალები ალმაცერად ახრილი თავი შემოხედვები ჯვარედინი მე ცხოვრება მეიმედება: 5 თასმა და ტერფები ესაა ყველაფერი რა მშვენივრად გალობდა ბულბული ბაღში წერს იგი(ქალი) სიკვდილის ბაღნარიდან, ბულბულების გორაკიდან ჩემს თავის ქალაში ქვითინად რომ აღბეჭდილა, მდინარის ნაპირი იძვროდა, ძროხებისა და ბაყაყების მეტს ვის აბადია ამდენი დრო ამ გალობას ყურს რომ უგდებდეს, შენ ბრაზილიისკენ, ,,ჯოჯოხეთის გავლით”, ამბობს იგი, სისხლის მაგივრად თეთრ ღვარად მოჩქეფს თითებიდან, და მომეღრიცა თავის ქალა მე მანქანაში მჯდომს ბითლზების მუსიკის ჰანგების თანხლებით ღამის დიდებულებაში ოქროსხმულ ღამეში და ვიძირები ღამის უძირო სილურჯეში 21-ში, დილის სურნელი იგრძნობა, მრუმე და ბნელი დილაა 21-ში. Mმრუმე და ბნელი ცის გარემოცვაში ნარგიზთა ველის სურნელი ტრიალებს უკაცრიელი მიდამოა, დედაჩემი, მშვენიერი ალაგია ამბობს იგი ყინულზე სრიალი, მწუხრის არწივის ამბობს დედა და შლის ვარდისფერ ნარინჯისფერ მკლავებს, კარგი ეპარქია იყო წაბლისფერი თმები ჰქონდა ისე რომ სხივები იღვრებოდა მისი თმებიდან ფლუიდებიდან და ა.შ., თუმც იგი(ქალი) სწრაფად ამოძრავდა გასაშლელ სკამზე რბილგადაკრულ ტახტზე, იძახდა ჩვენ წასვლა გვინდა იქით გვწადია და ამიერიდან იქ გვსურს ყოფნა ახალ ადგილზე, და მანქანით მიემართება და ღაწვები კი ვარდისფერი ნარიჯისფერი და ხელი გაწვდილი ქარში ისე მე რომ მიყვარდა: მისი სხეული გამჭვირვალეა ნათლის სხივივით ყელს არ ვგულისხმობ, და ბოლო დროის გატაცებაა ვამბობ მე, ეს რომ მართლაც ყოფილიყო ასე: ნებიერი გასეირნება, რა ანგელოზურია სახელი მე ვგულისხმობ მანქანის უკანა სავარძელზე ბითლზების მუსიკის ჰანგების ქვეშ ოქროდ ჩამოქნილ ოქრო ღამეში ოქროსხმულ ღამეს ან კანს თილისმებს ქაღალდს დროშას ველის გასწვრივ შლილს და ციცაბო ბილიკს გზას განაკაფს, ოჰ, მე განვიცდი, აღფრთოვანებას ზეაწეულს (ნაბიჯები / მწკრივში მხარდამხარ მდგომარენი, და ა.შ.) ბილიკს, რეზედებს შემდეგ / კრიზისულად სურნელოვანი თასების შემდეგ ეპილეფსიურ შეტევათა სურათებამდე
მეგობრებისადმი
უზღვავ სილაჟვარდეს / ურიცხვ მეგობარ ქალს
სავალალოა, ამბობ შენ, ეს მიღმური ძილი ცრემლდათხეული პირისახე
მე მეშინია სიკვდილის რადგან ჩემში უწყვეტლივ იწვევს სამყარო
უფრო და უფრო ღრმა გაოცებას
უნივერსუმი განიხვნება დღედაღამ ისევ ყოველჟამიერ –
ოჰ, მეგობრებო! ჩასაქოლი ქვების ნაკრები ფიჭვის მომცრო ფიჩხის გროვაზე
როგორც პიუპიტრზე სურნელოვანი ნაზი თითები, იქვე გვერდით
იისფერი ატმისფერი და მეწამული სიყრმისეული მეგობრები
ანუ ფანქრები კალენდრის ფურცლები მაკრატლები
უკან კი ერიკ შმედესია ლეონკავალოს “ჯამბაზის” როლში
დამატყვევებელ-ტრაგიკული მუსიკის ჰანგით აღსავსე მზერით –
ო, რარიგ ვიცი ეს მტკივნეული უაზრობა სარკით მეტყველი:
ხელები საფეთქლებს მიჭდობილი შავი ბერეტი, პირი წაშლილი, ჟაბო უგვანი, ო, ერიკ შმედესის თვალები მოქვითინე, ლეონკავალოს “ჯამბაზებში”
და სარკმლის მიღმა მოკაშკაშე ზეცის ალმურით მგზნებარე ხედი, არა:
ჩახჩახა ღია ცისფერი გაზაფხულივით შუაგულ ზამთარში –
ოჰ, მეგობრებო! გარიჟრაჟის მინანქარი სახურავებსა და კედრის ხეებზე
ეზოსგარეთში, შენი წერილი იმგვარად სუნთქავს თითქოს აქა ხარ ამ ოთახში
ასეთია შინყოფნის ფიქრი და ჩალამბარა სინათლე – ჰოი, მეგობრებო!
ჩემი ტიციანისეული მაგიდა მრავალფერდაკრული, დამსხვრეული ქოთნები
ჩემ კართან, როგორ მოგორავს ცრემლი ლოყაზე გარგარისფერი დაკვირვება
საღამოსკენ კი ორმაგი ცისარტყელა გადაჭიმული აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის: წვიმისა და ცისარტყელის წიაღიდან ამოწოვილი გაღვიძებისას, გარეთ კი წვიმა ეხლება მინებს, ადონისი, პოეტი, ცოტა არ იყოს ზედმეტად აბსტრაქტულად ვწერ მე C-ს., მაგრამ ეს გამოთქმა “ელვის წიაღი” ჩემს კრთომას იწვევს, ორმაგი ცისარტყელის წიაღთან სპექტრის ყველა ფერით ნასაზრდოები, არა მხოლოდ სისხლისფერი წითელი: ტიციანის წითელი ფერი შემოდის და იძირება ჩემში და ბობოქრობს თვისსავ მიმოქცევაში, თეთრი ლილიები ფანჯრის ქვევიდან ამოზრდილან, აყვავებულან იჭრებიან ეპიდერმისში, ხელი, რომელიც ხევს ქაღალდებს, ვნების ყვავილები ფანჯრის წინ თოვლში ან დედის პასიფლორა თოვლი სამარის ბორცვზე, შაგალს როცა ვათვალიერებ, ბუჩქნარსა და წიგნებში ვიოლინოზე დაკვრის ხმა ისმის, თუმცა რამდენი მოგონება არსებობს კიდევ, და ა.შ..
ღია ზღვაში
და მის პატარა ძაღლზე ვიჯექი, ანუ მე, მიწიერი ცხოვრებისას და ოქროსფერი სამხრობის ხანს ფიქრი დედის დაკრძალვაზე და მისი სანთლით გაპატიოსნება, რაც კაშკაშა მზის ბრწყინვალებამ უნდა გააფერმკრთალოს. სამარის ფარანი და მხოლოდ მცირე მანძილი იქამდე, სადაც ნათება დაშრეტილა სამარადისოდ სანუკვარი სანთელი და სანუკვარი ალაგი ეული ყოფნა აქ ქვევით მიწით და მატლებით მტვერწაყრილივით თითქოსდა მსუქან ბილწ არსებათა მიერ დაგემოვნებული წინა კვირის წასახემსებელ აბგებში, ო, ეს ადრიანი გაზაფხული: თებერვლის ბოლო დღე თებერვლის ბოლო დღის წინა დღე შუაზე მჩეხავს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ვყვირი შუაზე მჩეხავს კისრის ღრმულიდან ჭიპისკენ და უფრო ქვევით, ყელიდან თმისკენ საზარელი დანით და ლამპრები შროშანის ღერო ან სამარე. და სრული უძლურება დაიოკო სიცოცხლის წყურვილი უსასრულოდ გწადდეს სიცოცხლე რა გმინვა და რა გოდებაა, ქვეყნიერება კი მუდამ ახალია და სარკეში მთავარ გამზირზე მაღაზიის ვიტრინის ვრცელ სარკეში საკუთარი ანარეკლის ხილვისას ვფიქრობ ისეთივე ვარ, როგორც დედაჩემი ჩემს წლოვანებაში, დედასავით ოდნავ წინ წახრილი, თუმცა კი ვცდილობ გამართული ვიყო და გავიწვართო, ავწიო თავი ჩემი სხეულის ეს წყეული რთული ნაწილი კანითა და თმით თვალით და ყურით და როგორ შრიალებს თავის ქალაში გულის სიღრმეში როგორ მესხმის თავბრუ თავის ქალასა და გულის სიღრმეში როგორ მწყლავს მე კისრის ღრმულიდან მენჯამდე და უფრო ქვევით, და ტერფის ცერიც, ვგრძნობ ტერფის ზურგსა და ფეხის გულს სასას და პირის ღრუს, თუმც ყოველივე ამაოა სიკვდილი დანით კვლავ მოიწევს მერჩის და თავს ვერ დავაღწევ მე ამ ურჩხულს ყვირილით ვეგებები სტუმრობას მისას, ვივსები პირთამდე ვთვრები ყინულივით ცივი წყლით / და მედუზებით სიშლეგით და მთრგუნავს დამბლა და ვცოცხლდები ისევ და ვერწყმი შენი მენჯის ძვლებსა და თვალის გუგას, ვგულისხმობ უკანასკნელ და უკანასკნელზე უფრო ადრინდელ თებერვლის დღეს მიმდინარე ფილმს ყუჩად…
უამისოდაც მიჭრელებს მზერას ეს მტაცებელური სინათლის სხივი ფოსოებიდან რომ შრიტავს თვალებს თებერვლის სინათლე სწორუპოვრად რომ შანთავს თვალებს, ამოაბრუნებს თვალის გუგებს მათივე ღრმული ფოსოებიდან ნეგლიჟეს სამოსელში თუ Nachtigal-ი (ბულბული) ამოვიკითხე ნეგლიჟეს ნაცვლად, ისევ შეცდომით ვკითხულობ Kinderthum-ს, ვკითხულობ, ისევ მეშლება, გულის სიღმეში 1 მრავალთაგანი კაცი იჯდა და მელირებას იკეთებდა, მელირებული იყო დაფიფქულივით, ანუ 1 შაშვი გახუნებულ ბალახში გზის პირას მომაღლო კორტოხზე, და ა.შ., რომანი სავარძელი, პატარა ქუჩაბანდი მოლივლივე ფერებიანი იისფერთვალება ძაღლის საშინელი საჩუქარი, და ა.შ., პატარა ნაბიჯები ჩემი პატარა ნაბიჯები, საწყალობლად პატარა ნაბიჯები წინარე-მოხუცი ქალისა, არაქისის პაკეტი პრიალებს როგორც მოლაპლაპე კვალი 1 ზღვის ზედაპირზე ანდა
ზამთრის სიმღერა
ხრისტელ ფალენშტაინს
სეზონური საცვლები მთელი ზედატანი ვიბრირებს, ცახცახებს მთელი ბალახი ჩემს მკერდში, და იზრდება ბალახი ჩემი წიაღიდან ამოდის სხეულის ბალახი რითაც სხეული უკვე ისედაც პირთამდეა დატენილი ჩალისფრად და ელვარედ: იმპულსურად და დამუხტულად და შემდეგ ამოიტყორცნება და უკან ბრუნდება საამო ზარით და მთელი სხეული ზარის და ჩელესტას ხმოვანებითაა მოცული ამიტომ შეუძლია ასე მშვენიერად იმღეროს კიდეც და იგუგუნოს, თუმც კი დედალი არჩვი და ციკნები მოედინებიან და იფანტებიან / ახლა უშნოდ ვარ შეფუთული და მომცრო ოთახიც სწორად არაა შერჩეული და ა.შ. და საკუთარ თავს ვწურავ: ღამის ნესტიანი თეთრეული 3-x გამოცვლილი ქანცგაწყვეტილი უმშვენიერეს წერილივით სწორედაც უმშვენიერეს წერილივით მოვიდა საღამოს ჩემთან ფანტაზიასთან თავთან და თმებთან ერთად და მე ზმანებაში გადავეშვი მესმის შრიალი წერილის ფურცელივით შრიალებს და მე ვფხიზლდები ღრმა ხილვებიდან როცა შრიალი ზარივით რეკდა და ჩელესტას ხმოვანება ისმოდა და მთელი ღამე ნაზად შრიალებდა საღამოს წამყვანი, მაშინ როცა თმები, ვგულისხმობ თავს და თმას შესშრიალებდნენ შენს წერილს, ვწერ მე C.F.-ს შენი სიმღერისას ფანჯრის წინ მდგარი დათოვლილი ხის სიმღერისას – გულის გულამდე შეღწეული და აზვირთებული სხეულის ტალღა სითხიდან მწრიტავს (ანუ entwetert) – რადგან ახლა ყველაფერი ასე ანგლოფილურია! – და ა.შ., მოსკოვში მაშინ ხომ ხედავდი რა ტბა იყო და რაოდენი მისხალ-მისხალ წვეთებივით შემორჩენილი მოგონებები სახლზე ფარასა და ძაღლზე, აწეწილ-აბურდული ამდენი წლის შემდეგ და ტბის დუმფარების გასწვრივ Krume Lanke-ში ბერლინთან ახლოს სადაც დროებით ვიყავი შეხიზნული, ან ზამთარში ჰაერში მოლივლივე დები წყვილები გაბზარულ ყინულზე მკვდარი ჰანს ულრიხ მინკეს ღია ცისფერი თვალები RIAS BERLIN-ი დაუჯერებელი, ან ზამთარში ბროლისებრი ათინათები ყინულზე, თოვლი პაკეტებში შეფუთული მცურავი ყინულები ქუჩაბანდებში, გზას ვიკვლევ ფართოდ გაშლილი მკლავებით მოყინულ გზასავალზე ან მკლავები გრძივად გაჭიმული რადგან ზედ უამრავი რამ ჰკიდია: თევზებით სავსე ღრმა ბადეები და ბუშტუკები გუბურებზე და პური და ბეწვი ო, ზამთრის სალონი: დე კირიკო მატისი და პიკასო: ქალების ყვითელი თმები. გრძნეულივით მნუსხავს ყურთასმენის თანამდევი ეს შრიალი დღედაღამ, და ათქვირებული ლოყების ხორცი სახელდობრ კი ათასი ქარის დაბერილი ლოყები და თითქოსდა თოვლმა შემოაღწია ჩემს პალატაში, შემდეგ, სისხამ დილის ლურჯი თაიგულები იქნებ
© “არილი”