პროზა

ცოტნე ავსაჯანიშვილი – მეთორმეტეკლასელები

 

ახმეტელის მეტროსთან,  კიბეებიან ტოტალიზატორში, რომლის შესასვლელიც ძალიან ჰგავს იტალო-ამერიკული ბარების კონსპირაციულ გასასვლელს, ხუთი ლარის გასამაზად ადიოდნენ არასრულწლოვანი ნიკუშა აკობია და მისი ძმაკაცები,  გიო ფარესაშვილი და სოსო შვანგირაძე. შვანგირაძე ახურებდა, გინდა თუ არა უკვე ზროსლებს ვგავართ, ჩვიდმეტისები ვართ და შეგვიშვებენ, მე შემიშვეს გუშინწინო. აი ნიკუშა შეილება არ შეუშვან,  წვერი არ ამოსდისო.

ბილეთი ერთად გააკეთეს და ოცი კუში შეკრეს, რო ასი ლარი მაინც მოეგოთ.  აკობიამ კიევო-კალიარის ნაკლები დაწერა. ფარესაშვილმა რეალის ლაბავოი ორიანი ვილიარეალთან და ადებაიორის უეჭველი გოლი ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან. საერთოდაც, კუში სწორედ ადებაიორის გოლმა გაბერა, მაგრამ ისე ჩანდა,  ზუსტად ეგ გატეხავდა ბოლოს.  შვანგირაძე კი ცოტა მოდებილო იყო და  ბარსას ერთიანი დაწერა ხეტაფესთან.

ტოტალიზატორის წინ საჩებურეკესთან ვიღაცა გლდანელი იგროკი ბირჟაობდა. ეცვა შავი უწარწერო მაიკა და ნიუ ბალანსის ბოტასები.  მოდით აქაო – ბიჭებს დაუძახა. თქვენ ჰო მეორელები ხართო?  ამათ – რა მეორელები, ლიქიორელები ვართო. ვაააო, არადა მეორელებს გავხართ, ჩემ პატარა ძმებსო. მერე ფიქრობდა, უბანს რა მნიშვნელობა აქ მაინც ხურდები უნდა მეთხოვაო და ბრაზობდა, რომ გადაავიწყდა.

„ზდაროვა.“ – ტოტალიზატორის დაცვას ეუბნება შვანგირაძე.

„რამდენი წლისები ხართ?“ – წარბი აწია დაცვამ.

„ცხრამეტის!“ – წამოიძახა აკობიამ.

„ყველა, ტო?“

„კლასელები ვართ…“ – გასძვრა შვანგირაძეს.

„დავაი ნახუით ბიჯო აქედან.“ – კარს ჩაავლო ხელი დაცვამ.

„მააიცა ეეე, ჯგუფელები უნა ეთქვა.“ – აყვირდა აკობია.

„ჰოო, პირველ კურსზე ვარ და ვერ შევეჩვიე რა.“ – ალუღლუღდა შვანგირაძე.

„ეგ ჩანთები რაღაა?!“ – გაიცინა დაცვამ.

„სტუდენტებსაც გვაქ ჩანთები.“ – ჩაერია საუბარში გიო ფარესაშვილი.

„მანახე აბა რა გიდევს.“ – ჩანთისკენ გაიწია დაცვამ.

„კაი ჩვენხელა არ ყოფილხარ ტო? ორ კვირაში ვხდებით თვრამეტის, შეგვიშვი რა.“ – აწუწუნდა შვანგირაძე.

„სამივე ორ კვირაში ხდებით?“

„ხო რა…“

„არ გავხართ ერთმანეთს და ტყუპები ვერ იქნებით.“

„ეეე, მასე რეზიც ჰო არ გავს იმ ორს…“ – გაიცინა შვანგირაძემ.

„რეზი არაა ტყუპი, შეჩემა!“ – დაიღრინა აკობიამ.

„კაი აახვიეთ ეხლა, დავიღალე.“

„ძმურად მაყუთს და ქაღალდს მოგცემთ და შენ მაინც დაგვიდე, ტო.“ – ხუთლარიანი გაუწოდა გიომ.

„აახვიეთ-მეთქი, ბიჭო!“ – დაცვამ კარი მოიჯახუნა.

„აუ, შვანგირ, იმენა ზარალი ხარ რა.“ – თქვა ნიკუშამ.

„მე რა შუაში ვარ შეჩემა, ჩანთებზე დაგვწვა.“

„წამო, წამო ჩებურეკი ვჭამოთ.“ – საჩებურეკესკენ წავიდა გიო.

„რა ჩებურეკი,  საჩალიჩო გვაქ მაყუთი.“ – არ ნებდებოდა შვანგირაძე.

„რა აბიზალოვკაა, რად გინდა?“ – ჰკითხა გიომ.

„ბანკეტისთვის ლიმუზინი ჰო უნდა დავიადოთ. გაჭედავენ გოგოები. შიგნით შამპანურები, სიგარები, რამე. იმენა ტომ ჰარდები გავეძრობით. მაგრა გაასწორებს. პროსტა უნა მოვიგოთ რა. სახლში არ მოგვცემენ მაგის მაყუთს. ისედაც ორასი ლარი უნა დადონ რესტორნის.“

„ლიმუზინი არა ისა. მამაჩემის მანქანით წამოვალ მე.“ – გაიბლატავა აკობიამ.

„მე ვაბშე მკიდია ბანკეტი. მაგარი ქაჯობაა. პროსტა მაწვებიან სახლიდანაც და მასწავლებლებიც. აუ მართლა, სად ვუცადო ბანკეტს, ეს გავკუროთ რა.“ – გიომ ჩანთიდან ათლარიანი სიგარა ამოიღო.

„მე არ მინდა.“ – იუარა ნიკუშამ.

„ბიჭო, ჰო აღარ თამაშობ და რატო არ ეწევი?“ – დაიბნა შვანგირაძე.

„არ მინდა რო მოვკვდე და იმიტო.“

„ეს გავანაა, არ მოგკლავს. მაიტა გიო რა.“

„მაცადე რა ორი წუთი.“ – გიო სიგარას ნაპასებს ურტყამდა.

„რა გოიმია ნახე, სიგარას ნაპასებით ეწევა.“ – დასცინა შვანგირაძემ.

„სიგარეტი არ გვაქ და იმიტო ბიჭო. ამ ხუთი ლარით სიგარეტს ჰოარ ვიყიდით, ცოდოა ნიკუშა. აჰა, მიდი გამოართვი ხუთი ჩებურეკი მართლა.“

„ხუთი რათ გვინდა?“

„ორი მე მინდა, დალშე თქვენ იცით რავი.“

„ბიჭო, გიზი რატო არ მოდის ბანკეტზეე?“ – იკითხა აკობიამ.

„დასადებ ორას ლარს ასი უნა დავამატო და გიტარა ვიყიდოო.  ბენდი უნა შეკრას. ჭკვიანია თქვენ კიარ გგავთ.“

„ჩვენ რა… შენც მოდიხარ.“ – თქვა შვანგირაძემ და ჩებურეკები ჩამოარიგა.

 

*       *       *

 

ბანკეტზე მეწყვილეები ვიყოთო, შესთავაზა ახლადგადმოსულმა გუჯამ სათვალიან მაიას. გუჯა უკრავდა ფანდურზე და დოლზე. ტომით იმერელი, ჩუმად ოცნებობდა ხევსურობაზე და მღეროდა დოღრიალა სიმღერებს კისკისა ქალებსა და ალესილ კლდეებზე. ფიქრობდა, ვისაც ეს ყველაფერი არ უყვარს, სამშობლოს მოღალატეაო. მისი საყვარელი მიმართვის ფორმა იყო „ძმი“, საძულველი კი – „ბრო.“

აქამდე მაია ბიჭებს მხოლოდ წყევლიდა და ეტლიკინებოდა.  ბიჭებსაც ნერვები ეშლებოდათ და მაგრად დაsცინოდნენ, ხან პრიჩოსკაზე, ხანაც ბანძი მუსიკების მოსმენის გამო. ერთხელ ვალერი ლეონტიევის კაზანოვა უპოვეს ტელეფონში და მთელს სკოლაში გაუბაზრეს. გუჯამ კი ღადაობის გარეშე გაუშანსა რომანტიკული ზახოდი და მაიამაც ეგრევე მოიხსნა სათვალე. სახეც გაუწითლდა, როგორც ბუხართან მიფიცხებულ ჩუქჩას, თოვლში დიდხანს ბუტრაობის შემდეგ.

გუჯას პირველი ნაბიჯის მერე მაიას მაგრად  გაეხსნა და ბიჭს შესთავაზა, მაინც ორივე მარტოები ვართ და მართლა ლოვეები გავიჩითოთ, ყველას თვალებს მოვთხრი და თან ბანკეტზეც ყველა ფოტოში ჩვენ ვიქნებითო. კაცმა რომ თქვას, გუჯა სულაც არ გახლდათ საოცრად გამოხატული აპოლონი და არც არაფერი ჰქონდა საამაყო გონებრივ თუ ფიზიკურ მახასიათებლებში. მაგრამ მაიას ეგ ფეხებზე ეკიდა. ისედაც სძულდა აპოლონები, რადგან არც თავად იყო თამთა სირაძე. მაია ყოველთვის ბრაზობდა აპოლონებზე, რადგან მათ მისთვის არასდროს ემეტებოდათ ლამაზი სიტყვები. სინამდვილეში ეგ მაია იყო მჟავე და უხასიათო, მაგრამ ვინ იტყვის მაგას, ცუდი რაღაცები ჩემი ბრალიაო. ამიტომაც ეკიდა ფეხებზე მაიას, მისი ახლად გამომცხვარი ლავსთორი თავიდან რომ გაიკვირვეს, მაგრამ მთლიანობაში მაინც არავის რომ შურდა. მერე რა, რომ ჩემი ბიჭის ერთადერთი უპირატესობა ჯოკრის დიდოსტატური თამაშიაო. სამაგიეროდ სკოლის მერე რესტორანში დაიწყებს მუშაობას მომღერლად და კაი ხელფასი ექნებაო – ფიქრობდა მაია.

მაიას ბანკეტი მისი პირადი ბენეფისი და შურისძიება რომ ეგონა, სწორედ ამიტომ უთხრა დამრიგებელს საბანკეტო დარბაზს მე და გუჯიკო მოვძებნით და მერე ვარიანტებს ჩამოგითვლითო.

ორი კვირა დაბოდიალობდნენ მაია და გუჯა ხელჩაკიდებულნი  თბილისის თეთრკედელა რესტორნებში.  ეს ყველაზე ბედნიერი ორი კვირა იყო სათვალიანი მაიას ცხოვრებაში.

„მაიკო, რესტორანი გაგრა მოგეწონა?“ – ჰკითხა გუჯამ.

„კი, მაგრამ იმ დამპალმა ფარესაშვილმა დაგვცინა კომენტარში.  გაგრაში ვინ შეგიშვებთ, ოჩამჩირემდეც ვერ მივალთო.“

„ეგ რას ნიშნავს?“

„მე რა ვიცი. ბავშვობიდან ეგრე იგონებს რაღაცებს და დაგვცინის თავის ჭკუაში. ჯაან წკვიანი გონია თავი.“

„კაი მიდი დაპოსტე აბა, კრუიზიც მოგვეწონათქო.“

„მაცადე.“ – მაიამ კლასის ჯგუფში რესტორანი კრუიზის ფოტო ჩააგდო.

„დაწერეს რამე?“

„ჯერ არა… არა, მოიცა. აუუუუ, კიდე ეს დამპალი ფარესაშვილია!“

„ჩასაფრებულია, ტო? გავუხევ თავს. რაო რას ამბობს?“

„ვერ გაუხევ, ბიჭები მაგას დამასტავენ. მოიცა წავიკითხო.  ბანკეტის ღამეს კრუიზი რომ დაინგრეს და მტკვარში მის რომელიღაც ნატეხზე აღმოჩნდე, გუჯას ადგილს დაუთმობ თუ როუზივით გაიშხლართებიო?“

„ეგ რას ნიშნავს?“

„არ ვიციიი!! გაეთრიოს რა. რატო შემოიყვანეს ჩვენს კლასში საერთოდ.“

 

 

*       *       *

 

საღამოს ვერიკო ჩაჩუა და თამთა სირაძე უბანში ტასაობდნენ. მაისი მაგრად უყვარდათ გოგონებს, რადგან   გამომწვევად გაზმანვა მაისში უკვე ხსნილი იყო. თამთას ჯინსის მოკლე  კაბა ეცვა,  ვეკოს ტრაკზე მოჭერილი ტყავის შარვალი. თამთას კაბა ძონძებში იყო ნაყიდი, მაგრამ ვაიკიკში გაზმანულ ვერიკოს ნაშობაში და ელეგანტურობაში სადაც გინდა იქ ჩახევდა.

ვერიკოს მარჯვენა ხელში აიფონ რომელიღაცა ეჭირა, მარცხენაში ცელოფანი, რომლიდანაც დაქალები ალუჩას ჭამდნენ, ოღონდ ნელა და დაკვირვებით, რომ გზად ვინმე სიმპატიურ ნაცნობს არ შეემჩნია როგორ ახრაშუნებდნენ.

თამთას მაგრად არ უნდოდა, რომ საიდანმე მამამისი გაჩითულიყო. ამ კაბას თავზე დამახევს და ხალხში შემარცხვენსო – ფიქრობდა.

„აუ, დაჯე იქ რა, თამთუ. დავიღალე ბოდიალით.“  – პატარა სკვერისკენ მიუთითა დაქალს ვერიკომ.

„აუ ვიღაცები არიაან…“

„ბავშვები არიან, დაიკიდე.“

„კაი მიდი.“

„მომეფარე რა. ნაცნობმა არ გამოიაროს ვინმემ.“ – ვერიკომ მენთოლიან მარლბოროს მოუკიდა.

„დამიტოვე.“

„მეწყვილედ ვინ გყავს ბანკეტზე ბოლო-ბოლო?“ – ჰკითხა ვერიკომ.

„მამიკომ თქვა მე წამოგყვებიო.“

„ჰაჰაჰაჰა… არ ღადაობ?“

„არა. ვანომაც მითხრა, რომ მეც მირჩევია რო მამაშენმა იმასქნასო.“

„ვანოს არ შემოუშვებენ ბანკეტზე ჰო იცი?!“

„ველაპარაკე დამრიგებელს და როგორც ჩემს ფოტოგრაფს ისე შემოუშვებენ. თუ არ შემოუშვეს ისე გაჭედავს, მეც არ გამომიშვებს.“

„აუ რა ეჭვიანი მასტია. ნიკუშა თუარ ჯობდეს ათასჯერ.“

„რა ნიკუშა გოგო, ეგ არც მესალმება.“

„რა პონტში?“

„რავი, იმ დღეს სკოლაში, მეთქი პრივეტ ნიკუშ და ნივიჟუ დამირტყა. მერე ბოლო ზარზე, მეთქი ნიკუშ რამე დამაწერე და ჯერ კინაღამ ნახუი გამიშვა და მერე მარტო გილოცავ დამაწერა.“

„აბა რა გეგონა…“

„რავიცი.“

„ისე ორი წლის წინ დაადე და აქამდე არ მისალმებიხარ? რო იძახი,  აიო, იმ დღეს არ მომესალმაო…“

„არააა… ჰოიცი რო მრცხვენოდა, რეებს მეკითხები.“

„ჰო რავი. ისე ეგეც და გიოც მაგარი ლამაზი ბავშვები არიან.“

„აუ არ დამიტოვეეე?“

„დამავიწყდა. იზვინი. აუ ნაღდად გინდა შენ ვანოსნაირი ეჭვიანი ქმარი?“

„რავი. უეჭველი მაგას უნა გავყვე. მაგან გამზარდა ფაქტიურად.“

„აუ, წამო სემიჩკას დავითრევ.“

თამთა და ვერიკო გზის მეორე მხარეს მარკეტ „თეაში“ გადავიდნენ. სკვერში კი დარჩნენ მათი სკოლელი მერვეკლასელები.

„გავიწიე მე ბრატცი.“ – წამოდგა ერთ-ერთი მერვეკლასელი.

„სად მიდიხარ ტო, სონებში არ ავიდეთ?“ – ჰკითხა მეორე მერვეკლასელმა.

„ჩამოვალ მანამდე.“

„სირაძეზე დაანძრევს და ჩამოვა.“ – ხითხითებდა მესამე მერვეკლასელი.

 

*        *        *

 

უცნაურია დამამთავრებელი კლასის ბოლო დღეები. დღეები, როცა ყველა დადის სკოლაში  და მეცხრე კლასში გაგდებული ოროსნებიც ჯოგებად ბრუნდებიან მშობლიური და გაუცხოვებული დაწესებულების ეზოში, იქნებ ბანკეტზე ჩვენც გაგვჩითონო. ასეთ დღეებში ყველამ შეიძლება იტიროს. ზუბრიაჩკა ათოსანმაც და შურიანმა გოგონამაც. ცინიკოსმა სნობმაც და მომავალმა პრეზიდენტმაც. პოპულარულმაც და შეუხედავმაც.

მსოფლიოში ყველაზე ცივი და პრაქტიკული ჩრდილო ევროპელი ბანკირიც რომ იყოთ, ნურასდროს გაგიკვირდებათ სენტიმენტების მანიფესტაცია, როცა რაღაცის სამუდამო დასასრულის მოახლოვებას იგრძნობთ.

სულაც კალბასის ცეხის დაცვად რომ მუშაობდეთ… ათი წელი თუ იმუშავებთ კალბასის ცეხის დაცვად, წამოსვლისას აუცილებლად იტირებთ. მოგენატრებათ კორფუჯის ციცქნა შავთეთრი ტელევოზორი, რომელიც თქვენს საყარაულო ჯიხურში გიხალისებდათ ცხოვრებას. ბოლოს და ბოლოს, უამრავი საფეხბურთო მატჩი გექნებათ ერთად ნანახი. იქნებ, მსოფლიოს ორიათასექვსი წლის ჩემპიონატის ფინალიც.

სწორედ ამიტომ,  დამამთავრებელი კლასის ბოლო დღეებში, ყოველ საღამოს სკოლის კიბეებთან ბირჟაობდნენ მეთორმეტე კლასის მოსწავლეები. ერთმანეთის და სკოლის დაკარგვის შიშით გათანგულები. ისევ ცანცარებდნენ, სერიოზულად არაფერს აღიარებდნენ, მაგრამ სულ ერთად უნდოდათ ყოფნა. ალბათ, ერთმანეთი სულაც ფეხებზე ეკიდათ, მაგრამ სადღაც იმასაც ფიქრობდნენ, ეხლა რო დავიშლებით, ბავშვობაც დაიშლება და დიდობა კიდე არ გვინდაო. თავიდან უნდოდათ, რომ დიდები ყოფილიყვნენ, მერე მიხვდნენ, რომ ჯერ არ შეეძლოთ და შეშინებულები შვებას ისევ ერთმანეთში ეძებდნენ. ჭამდნენ მარილიან მზესუმზირას, სვამდნენ ლარიან გერმანულ ლუდს და მარიაჟობდნენ საზაფხულო ზმანებით.

ეს იყო პერიოდი, როცა ცინიკოს გიო ფარესაშვილს გულის სიღრმეში ოდნავ მაინც უყვარდა შურიანი  სათვალიანი მაია. როცა ნიკუშა აკობიამ ცოტა ხნით მაინც აპატია თამთა სირაძეს ვანო ხრიკულის პასტაიანკობა.  როცა სოსო შვანგირაძე და ვეკო ჩაჩუა ერთმანეთს ეყრდნობოდნენ და ვერიკო არ ფიქრობდა, ეს მძრეველი შპინგალეტი რაღას მეტენებაო…

“გიო შენ სად აბარებ?“ – ჰკითხა თამთა სირაძემ გიო ფარესაშვილს.

„ილიაში.“ – მოკლედ მოუჭრა გიომ.

„რა გინდა მაგ იაღოველების კანტორაში ტო?“ – მეორე კუტოკიდან გამოეხმაურა გიოს ფანდურა გუჯა.

„ფრენა უნა ვისწავლო.“ – უპასუხა გიომ.

„ჩამეხუტე…“ – მაჯებზე დაეჯაჯგურა გუჯას სათვალიანი მაია.

„ეხა ვარწყევ ბოზი ვიყო.“ – ჩურჩულებდა ნიკუშა აკობია.

„არ იზასაონ თორე გამეცინება შენძმობასფიცავარ.“ – ჩურჩულებდა შვანგირაძეც.

„გუჯექს, შენ კონსერვატორიაში აპირებ?“ – გიომ გუჯას კითხვა შეუბრუნა.

„რა ბრაატ?!“

„კონსერვატორიაში აბარებ?“

„მანდ რა მინდა?“

„რავი მუზიკანტი ხო ხარ…“

„მერე კონსერვი რა შუაშია?“

„გეპეიში უნდა გუჯას.“ – განმუხტა სიტუაცია მაიამ. იცოდა, რომ  ჩხუბი თუ ატყდებოდა გარშემო ყველა გიოს დაიცავდა.

„შენ რას აპირებ ძეტკა?“ – თამთას მიუახლოვდა გუჯა.

„შიგ ხოარ აქ ამას ე?“ – კვლავ აჩურჩულდა ნიკუშა.

„დაწყნარდი. რამე ნიტო და მაია გაწეწავს.“ – დაამშვიდა გიომ.

„ნიკუშ, კიდე გიყვარს თამთა ბიჭოო?“ – დაიბნა შვანგირაძე.

„მე ვთხოვდები.“ – უპასუხა გუჯას სირაძემ და მორცხვად ჩაიღიმა.

„ვა საღოლ. ქართული ოჯახი და რამე.“ – თქვა გუჯამ და მაიასთან დაბრუნდა.

„გიო, შვანგირ, წავედი მე რა!“ – ნერვიულად წამოიყვირა ნიკუშამ.

„დაიცა, მოვდივართ ჩვენც.“ – გიო და შვანგირაძე აკობიას  მიყვნენ.

„ეეე, სად მიდიხააართ?! მე არ მითქვამს ჯერ სად ვაბარებ დამპლებო.“ – წამოიკივლა ვერიკო ჩაჩუამ.

„სად აბარებ?“ – მოტრიალდა გიო.

„სეუში იასნა.“

„საღოლ.“ – თქვა ფარესაშვილმა და გზა გააგრძელა.

„აუ გუშინ აივანზე გავედი და ძაან სასაციილო ფურცელი ვიპოვე.“ – დაიწყო თამთამ.

„რა ფურცელი?“ – ცალყბად გახედა მაიამ.

„აუ რავი, გავშალე და რაღაცები ეწერა. ვანო და ნიკუშა დამპლები არიანო და მე ყველაზე ძაან მიყვარხარო. დებილის ნაწერს გავდა. უბანში ვინმე დებილი გვყავს?“ – სერიოზულად იკითხა თამთამ.

„რამდენიც გინდა. სამნი მარტო აქ იყვნენ წეღან.“ – წაკბინა ბიჭებს მაიამ.

„აუ ზეგ ბანკეტი გვაქვს. არ მჯერა იმენა.“ – თამთას პადრუშკს დაეკიდა ვერიკო ჩაჩუა.

 

 

*        *        *

 

სკოლის ეზოში ძალიან ბევრი  შუა ხნის ქალბატონი იქნევდა მარაოს. არც თუ ლამაზად და ისე, როგორც სჩვევიათ მეორე ხარისხოვან კვარტლებში დაბერებულ, ოდნავ მოპუტკუნებულ, სევდიან ადამიანებს.

ამ ქალებიდან ზოგი შვილს მიჰყვებოდა ბანკეტზე, ზოგს ფერადი კაბების ნახვა უნდოდა, ზოგი კი, რესტორანში დაპატიჟებული მასწავლებელი იყო.  აქა-იქ უტყვი მამები  აბოლებდნენ  სამამულო წარმოების პაპიროზ „პირველს“. დედ-მამებს დაუდგათ  ჟამი გალიების გახსნისა და ბეღურების გაფრენისა. ზოგი დარდობდა, ზოგს ეშინოდა, ზოგი ბრაზობდა… ზოგი იძახდა – გაიზარდა არა, ჩემი ფეხები, ერთი ნიტო დვიჟენია და დედა აქ მოტყნულიო.  იყვნენ ისეთებიც, ვისაც უხაროდა. გახარებულები ფიქრობდნენ – აეხლა ჩემი გოგო სკოლას დაამთავრებს, მერე მუშაობას დაიწყებს, მერე საჭმლის ჩალიჩს დაამუღამებს და მერე ნახუი ქირით და ფრიდოოომ, ფრიდოოომ, პარარამპამპაო…

ეზოს პერიფერიებში გუნდებად იდგნენ მეცხრე-მეათე კლასელი უპატრონოები. მაგრად  უყვარდათ ბანკეტის პრელუდიების ყურება. სიცილით იხეოდნენ ბიჭების გოიმური პიჯაკების დანახვაზე. გოგოებზე კი არაერთგვაროვანი შეგრძნებები ეუფლებოდათ.

ფიზკულტურის დარბაზში ჭაჭით იჭყიპებოდა კლასიკურ ჟილეტში მაგრად შეკრული სოსო შვანგირაძე.  ღიპიანი შვანგირაძე მაგრად ჰგავდა პინგვინს. ზმანიც პინგვინისას მიუგავდა. შიგნით თეთრი, გარშემო კი შავი, როგორც იმ ფილმში, ბეტმენი რომ ბოროტ პინგვინს ერევა.

სათვალიან მაიას ეცვა იასამნისფერი კაბა. ესვა დოხუია ტონალური და ეკეთა შეყვარებული გუჯა. ეკეთა ძალიან მაგრად და დედამიწაზე არავის შეეძლო მისთვის გუჯას მოძრობა. მაიას გუჯა მაშინაც კი არ სძვრებოდა, როცა ბიჭი მანქანის რულს ატრიალებდა. სწორედ ამიტომ, სანამ სკოლის ეზომდე მივიდოდნენ,  სათვალიანი მაია არა მანქანის უკანა, ანუ საპატიო სავარძელზე, არამედ წინ, მძღოლის, ანუ გუჯას გვერდით იჯდა, რომელიც მამამისის პრიუსის მართვას ვერავის ანდობდა და ამიტომ, რესტორანში მისვლამდე წვეთის დალევას არ აპირებდა.  მერე დავთვრები, მანქანასაც იქ დავტოვებ და ხვალ დილით წამოვიყვანო – ფიქრობდა ფანდურა გუჯა.

„რას იპრანჭები, შე ჩემისავ, არ ვიცოდეთ მაინც რა ხარ, შენი დეის პროჭი მოვტ…“ – ბუტბუტებდა მთვრალი სოსო შვანგირაძე, რომელიც ფანჯრიდან უყურებდა სკოლის ეზოს და ყველას აგინებდა, მაინც არ ესმითო.

„ზდაროვა გუჯექს ტოოო…“ – გუჯას მიადგა გიო ფარესაშვილი.

„გაუმარჯოს ბრატ. გილოცავ.“ – ხელი გაუწოდა გუჯამ.

„რას ტო?“ – ვითომ ვერ მიხვდა გიო.

„დამთავრებას რა…“ –  ენა დაება გუჯას.

„აუ არა. მე მიტყდება. მაგრა მევასება სკოლა.“

„იზვინი. აბა მე რა ვიცოდი… ეგ რა გაცვია?!“ – გუჯა გიოს მაიკით დაინტერესდა.

„ფარფლია. იცი ფარფლი?“

„არა. რაარი?“

„როკ-ბენდია. ყველაზე თესლი.“

„როკერი ხარ? ღმერთის არ გწამს?“

„შენ რა გაცვია?“

„რავი როგორც არი ჩვენ ქართულ ტრადიციებში…“

„ჩვენ ტრადიციებში ბანკეტი ვაბშე არ არი.“

„არაა? რავი ყველა იმასშვება სულ და.“

„გიოოოო, წამო რა. შვანგირა დაიკარგა.“ – თავისკენ იხმო ფარესაშვილი ნიკუშა აკობიამ.

 

 

 

*     *     *

მხოლოდ თამთა სირაძეს ჰყავდა პირადი ფოტოგრაფი. დანარჩენები ტელეფონებით იღებდნენ ფოტოებს და კლასის მიერ დაქირავებულ ფოტოგრაფს უცდიდნენ, რომელიც ძალიან ბევრ დროს ანდომებდა სკოლის ეზომდე მოსვლას.

მხოლოდ თამთა სირაძეს ჰყავდა პირადი ფოტოგრაფი, რადგან თუ ფოტოგრაფია ხელოვნებაა, მაშინ  მხოლოდ თამთა სირაძე იმსახურებდა ფოტოების გადაღებას.

მხოლოდ თამთა სირაძეს ჰყავდა პირადი ფოტოგრაფი, რადგან მისი საქმრო ვანო ხრიკული ეჭვიანი ბიჭი იყო და მის გარდა ვერავინ გადაუღებდა ფოტობს თამთაჩო დებილაჩოს.  რავი, ობიექტივში ან ტრაკი არ მოაახლოვონ, ან ძუძუო… – ფიქრობდა ვანო ხრიკული.

„აუ ვანიკო გადაგვიღე რააა…“ – დაეჯღანა ხრიკულს ვერიკო ჩაჩუა.

„გადი გოგო იქით.“

„აუ სიყვარულო, მართლა რა. რა პონტია. მარტო ჩვენ გვყავს ფოტოგრაფი და არ გვიღებ.“ – აწუწუნდა თამთაც.

„გადაგიღო ის კიარ ვარ ბოზიშვილივიყო…“ – ბუტბუტებდა ხრიკული.

„აბა რას წამომყევი?“

„ხმა ეხლა, ბოზიშვილივიყო.“ – თვალები დაქაჩა ხრიკულმა.

„ხოდა ფოტოგრაფი რო მოვა, ის გადამიღებს!“ – არ თმობდა თამთა.

„გადაგიღებს და გადავაყლაპებ ლენტებს.“

„ჰაჰაჰაჰა. რა გაიხსენა. თამთუ შენ გახსოვს ლენტიანი აპარატები?“ – უადგილოდ ჩაერთო ვერიკო ჩაჩუა.

„აბა რა ვქნა ვანოოო, შენ არ მიღებ და დავრჩე ისე?“ – ცრემლი მოადგა თამთას.

„მაიცა ცოტა დავთვრები და გადაგიღებ შეჩემა. აჰა მამენტ ცოტა გახურდით. დაილოცეთ.“ – ხრიკულმა მუცლის ჩანთიდან ნახევარლიტრიანი კონიაკის ბოთლი ამოიღო და ვერიკო ჩაჩუას მიაწოდა.

„აი იმენა ჩვენ გაგვიმაჯოს და ჩვენ მომავალს და მიზნებს და რავი, ოდესმე თუ დავამთავრებდი, რას ვიფიქრებდი და რავი აი, უბედნიერესი თუარ ვიყო.“ – მოიქოქა ჩაჩუა.

„აუ, აი თუ მჯეროდეს პროსტა.“ – თქვა და გადაკრა თამთა სირაძემაც.

 

ყველაზე შორეული ხის გვერდით კი იდგა კაცი, რომელსაც ბევრი რამ უტყდებოდა, ბევრი რამ ეზარებოდა, ყველაფერზე ბრაზდებოდა და ნერვებს უშლიდა ქალიშვილის სილამაზე. ის იდგა მარტო, როგორც ყველა სერიოზული ადამიანი. სწევდა თუთუნს და არ ხსნიდა შუბლს, როგორც ყველა ბრაზიანი ადამიანი. ეს იყო ალეკო სირაძე, თამთა სირაძის მამა და ნანა ურუმაშვილის ქმარი. ალეკო სირაძე ძალიან ხშირად სვამდა არაყს და უყურებდა ჩხუბებს, რუსული გახმოვანებით. ყველაზე მეტად უყვარდა „ბრუსლი ვ იტალიე“. ყველაზე ნაკლებად ჯეკი ჩანის ყველა კინო. მისი თანამეცხედრე, ქალბატონი ნანა ურუმაშვილი ოპერის მომღერალი იყო, ათას ცხრაას ოთხმოცდა თოთხმეტ წლამდე. შემდეგ ალეკო გაიცნო. ერთი წლის შემდეგ ქვეყანას თამთაჩო მოევლინა. მამა სულ ეჩხუბებოდა თამთას, ნუ იპრანჭები და ლამაზი ნუ ხარო, მაგრამ თამთა მაინც ლამაზი იყო და ბიჭებსაც ეზასავებოდა. მამას რომ ეს სცოდნოდა,  ეგრევე გააგდებდა მშვენიერ ასულს  მერეს დედათა მონასტერში, სადაც ასწავლიდნენ ქარგვას, გალობას და წერა-კითხვასაც კი.

„ალეკო ბიძია როგორ ხართ?“ – მიეჭრა ალეკოს  ნიკუშა აკობია.

„ვა ზდაროვა. შენ რომელი ხარ?“

„თამთას კლასელები ვართ.“ – ჩაერთო საუბარში გიო ფარესაშვილი.

„ეგ იასნია. მაგ ჩემისას ბანკეტია და… მარა ეგ რა გაცვია შენა?“ – ამრეზით შეხედა ალეკომ გიოს.

„ფარფლია.“

„ვა ბიტლები? მაგარია ბიტლები. მაგათი სოლისტი ირტყამდა ხოიცი? მერე დაიბრიდა. ულვაშები ქონდა. ბარსელოონააა…“

„ეგ ფრედია.“

„ხო რავი რაც ერქვა. მარა ეხლა რატო გაცვია? ბანკეტზე მიდიხარ თუ სან-რემოზე?“

„სან-რემო რაღაა?“

„რავი რაღაცაა. მღეროდნენ ადრე ეგეთი გაწეწილი როჟები. ტოტო კუტუნიო ხო იცი?“

„კაი გიო წამო შევაკეთოთ.“ – ხელი ჩაავლო გიოს ნიკუშამ.

„რა უნდა შეაკეთოთ ტო?“ – დაინტერესდა ალეკო.

„არა, ალეკო ბიძია, ჩვენ ვაბშე არ იმასვშვებით. პროსტა ბანკეტი როა, მაგ პონტში…“ – ბუტბუტებდა შერცხვენილი ნიკუშა.

„შემახვედრებთ?“ – თვალები უბრწყინავდა ალეკოს.

 

*     *     *

 

მელიქიშვილის გამზირი ხომ არ ჩავურთოთო, შესთავაზა სკოლის დირექტორმა სასწავლო ნაწილს. აქედან ჯავახიშვილში ვერავინ მოეწყობა და ტყუილად გული უნდა დავწყვიტოთო, გააჩერა სასწავლო ნაწილმა. არადა ამ სკოლის მოსწავლეებმა სულაც არ იცოდნენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მელიქიშვილის გამზირზე იყო. ერთხელ კი ჰყავდათ  ექსკურსიაზე მერვე კლასში, თუმცა მეორე დღეს ყველა იძახდა რუსთაველზე ვიყავითო.

გუჯა მღეროდა სევდიან სიმღერას ვაჟა-ფშაველას ახალგაზრდობაზე. ფანდური ბანკეტზეც მოჰქონდა. მას შემდეგ რაც გაიგო, რომ დარბაზში სცენაც იქნებაო, მაგაზე ოცნებობდა. ოცნებობდა, რომ ოდნავ მთვრალი, ოდნავ სველი და ძალიან თეთრსაროჩკიანი მოფერებოდა სამშობლოს და საყვარელ ადამიანებს თავისებურად და თანაც ძალიან ბევრი ხალხის, ასკაციანი აუდიტორიის, თითქმის ნახევარი მსოფლიოს წინაშე.

„აუ რამე ისეთ პონტში გააჯაზე რა…“ – ჩამოსძახა კიბეზე ჩამომჯდარ გუჯას თამთა სირაძემ.

„მე უცხოურებს არ ვუკრავ ძეტკა.“

„ქართულად გააჯაზე. უცნობის რამე არ იცი?“

„არა.“

„ოოოო, აბა ისე გოიმობებს იმასშვებიიი.“

„ეგრეა. ეხლა ყველაფერ ნამდვილს და ქართულს დასცინით.“

„აუ შენ იმენა ის ხარ ხო? დავით აღმაშენებელი რო უყვართ და რაღაც.“

„წყაროზეს დაგიკრავ, გინდა?“

„არ ვიცი, რომელია ეგ?“

„სირაძე, რა ხდება აქ?!“ – სახეაწითლებული მოვარდა სათვალიანი მაია.

„რავი, მუსიკებს ვაკვრევიებ.“

„ამასთან არ გაგივა ეგენი გაიგეე?!“ – ცრემლები წასკდა მაიას.

 

*     *     *

 

სკოლის უკან, სწორედ იქ, სადაც დიდი ბეტონის ფილებია წარწერით „მერანი 91“,  ფოლგაში მაგრად ჩაპრესილ გამხმარ წიწვებს ეწეოდა ალეკო სირაძე. მიამიტი კაცი იყო ალეკო სირაძე და დაიჯერა, რომ მისი შვილის კუანა კლასელებს მაგარი პლანის შოვნა შეეძლოთ. თანაც იტყუებოდნენ ნაბიჭვრები, უზბეკურია, ეხლა ნახე როგორ გაგიხსნას, ალეკო ძიაო. ალეკომ კი ისიც დაიჯერა, რომ ძალიან მაგრა დაიბოლა და ფრენასაც მოახერხებდა, გასატეხი რომ არ ყოფილიყო ამხელა დასტოინი მუჟიკი კაცი ადგა და გაფრინდაო.

„უი, ალეკო ბიძია, გილოცავთ.“ – დაიწყო აკობიამ.

„რას მილოცავ, ბიჯო?“

„რავი კაი ბიჭია. ბედნიერები იქნებიან.“

„ვინ ბიჭი, ტო?“

„თამთას საქმრო. აგე ფოტოაპარატი რო ჰკიდია. მოიცა, თქვენ არ იცით?!“

„ჩემი დედა მო…. მაგათ მოუ…. თამთაააა, შენი დედა შევეციიიი!!!“ – მოუვლელი ალეკო სირაძე ძალიან სწრაფად გაიქცა სკოლის წინ შეკრებილი გაპრანჭული ადამიანებისკენ.

ასე დასრულდა თამთას და ვანოს სიყვარულის ისტორია, რადგან ხრიკულს მაგრად ეკიდა იმ კაცის შვილთან ქორწინება, ვინც ორასი კაცის წინ კვერცხებში ამოარტყა, წააქცია, ფოტოაპარატი თავზე დაალეწა და თან უყვირა – სანამ შენ შვილს გამიფორმებ, მე დედაშენს გავაფორმებ შე ჩემის ფარაჯანოვოო. ფარაჯანოვს ფოტოგრაფობის გამო ეძახდა. ალბათ, იურა მეჩითოვის თქმა უნდოდა…

თამთა ტიროდა. ტიროდა ვეკო ჩაჩუაც. მერე ყველანი საქეიფოდ წავიდნენ. ვეკო ჩაჩუაც წავიდა. თამთა კი იჯდა სკოლის კიბეზე და ფიქრობდა, ბარემ ეროვნულ გამოცდებზე ხომ არ გავიდეო?!

„გაწყენინეს ხო?“- თავს წაადგა მერვეკლასელი.

„შენღა მაკლიხარ რა.“ – არც შეხედა თამთამ.

„დედას გეფიცები მსოფლიოში ყველაზე ძაან მე თუარ მიყვარდე. მამაშენმა რო მცემოს, მაინც არ დაგახვევინებ.“

„კაი ბიჭი ხარ.“ – გული აუჩუყდა თამთას.

„მე მოგწერე ის წერილი.“

„აუ… მე კიდე დებილი მეგონე. თურმე პაწუწა ხარ.“ – გაიცინა ატირებულმა სირაძემ.

„ოეეეეე, სად წახვედით, თქვე ბოზებოო?!!“ –  ბოლო სართულის ფანჯრიდან თავი გამოყო სოსო შვანგირაძემ.

© არილი

Facebook Comments Box