არც ისე სასიამოვნო იყო მარტი მონტევიდეოში ორი ათას ათ წელს. მე მინახავს რამდენიმე სულელი, რომელთაც ასეთი მარტი მოსწონს, მაგრამ მათი მოსმენა არ მინდა. მონტევიდეოში დამდგარი ასეთი არც თუ კარგი მარტის გამო, ალბათ, საოცრად ყინავდა ბუენოს-აირესშიც, რადგან გულის სიღრმეში ყველა ქართველ გეოგრაფიის მასწავლებელს უფიქრია იმაზე, ეგ ორი ქალაქი რამ გაყოო? ბატონებო, რამ გაყო და მდინარე ლა პლატამ. რივერ პლეიტმა. ისე მაგრად ციოდა მაშინ მონტევიდეოში, რომ ერთხანს რივერ პლეიტიც გაიყინა. არანაირი ნავი ან ხიდი, შეგეძლოთ პირდაპირ, ფეხით გევლოთ მდინარეზე და თავი ურუგვაის დედაქალაქიდან არგენტინის დედაქალაქში ამოგეყოთ. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ყინვას არ იყვნენ მიჩვეული სამხრეთელი მეშვიდეკლასელები. სულელებივით უყურებდნენ საკუთარი ქურთუკების სახელოებს და ვერ იხსენებდნენ, როდის იყიდეს ან როდის შეინახეს გარდერობში ასეთი უცნაური ტანსაცმელი. მათემატიკის მასწავლებელი ჰორასიო ალვარესი კი სიას კითხულობდა…
ნაჩო კემპესი…
ხულია პეცელა…
აჩიკო რამირესი….
* * *
იმათთვის თვალები არ აუხვევიათ. თვალების ახვევა კი არა, სადაც უნდოდათ, იქ დაყიალობდნენ დებილი მამლებივით. ვითომ არ იყვნენ თავისუფლები, მაგრამ არც ბევრი ვინმე იყო მათსავით თავისუფალი, არც თუ თავისუფალ რესპუბლიკაში. დადიოდნენ, დადიოდნენ… კარალიოკის ხეები სულ ჩამოკრიფეს და კიდევ ის, ბროწეული, ოღონდ მჟავე, ტკბილი არ უყვარდა არცერთს. მთელი სოფელი გაიცნეს და, მგონი, ცოტა მეგრულიც ისწავლეს. ტიტინებდნენ ხოლმე სასაცილოდ. ერთს ჩახვეული ჰქონდა, სკან ყოლე, ჩქიმ გულიშ ვარდიო. ვინმე ოხერი თუ ასწავლიდა და ამასაც უხაროდა, კაი რამეს ვამბობო. პირველ დღეს, ჯერ ცხელი რომ იყო ამბავი, ქვეყანა რომ ამოტრიალდა და იმას რომ ფიქრობდნენ, არიქა თავებს დააყრევინებენ მაგათო, ვალერა მალანიამ ქანცი გაიწყვიტა, გიჟივით გამოქროლდა ონარიიდან, ოფლიც ღვარა და ბენზინიც, დროულად რომ მოეტანა გავარდნილი გენერლის, ვაჟა მონიავას წერილი ესვანჯიასთვის. ესვანჯია პატივს სცემდა მონიავას და უყვარდა კიდეც მამასავით. ეძმაკაცებოდაო, ვერ იტყვი, ძალიან უფროსი იყო ის. მაგიტომ იყო, თავიდან ძალიან მოწიწებით რომ გახსნა წერილი. მერე კი ცოტა აერია სახე. თან ბრაზობდა, თან კიდო სიცილით კვდებოდა რომ ნახა ის წერილი. არის ხოლმე ეგეთი ამბებიც, იმაზე რომ ბრაზობ, ვინც არ გძულს და თან რომ გიყვარს კიდეც მისი იუმორი და გასაბრაზებელს რომ გეუბნება ისე, რომ თავის საყვარელ იუმორსაც გამოურევს აქა-იქ. ესვანჯია ბრაზით იმაზე ბრაზობდა, მონიავა რომ ურჩევდა, მაგენს როგორც ვაინნი ზალოჟნიკებს ისე არ მოექცე, თავზე ტომრები არ ჩამოაცვა და საჭმელიც საუკეთესო აჭამეო. ეს მე რანაირად მასწავლის სტუმრის პატივისცემასო, ჭკუა ჩაეკეტა ესვანჯიას. კიდევ ის ეწერა, ჯიმა, ისინი ისეთი უაზრო ხალხია, ყველას ყელი რომ გამოჭრა, მაინც არ გადადგებიან და რამე ისეთი მოსთხოვე, ნამდვილად რომ მივაღწევთ და გავერთობით კიდეცო. მე იმას გირჩევო, შეუთვალო შევარდნაძეს, მომდევნო შვილიშვილს ზვიადი დაარქვას, ამით გათავდეს საქმე და მაგენიც გადარჩებიანო. ეს რომ წაიკითხა ესვანჯიამ, გამხიარულდა ძალიან და აპატია გენერალს პატივისცემის ამბავზე ჭკუის სწავლება. ესვანჯიაზე სინამდვილეში იმასაც ვერ იტყოდი, რიგითიაო, მაგრამ მაგიც გენერალს უძახდა თავს. ისე, ოფიციალური სტრუქტურების ის რომაა ბლატების დარიგება თვარა, არავიზე ნაკლებად არ იცოდა არც სტრატეგია და არც ავტომატის ხმარება. პრაქტიკულ ამბავში მართლა იყო გენერალი და თეორია კიდო არაა საინტერესო, თუ იმ თამაშს არ თამაშობ, კომპიუტერში რომაა, ახლანდელი ბავშვები რომ აწკაპუნებენ რაღაცას და ხალხი რომ ჩნდება უცბად ბევრი, რომ გადააჯგუფებ და სხვა ბევრ ხალხთან აჩხუბებ, აქაოდა, დიდი სტრატეგი ვარო. გენერალი ესვანჯია თუ გაინტერესებთ, როგორც საკმაოდ რთული ადამიანი, სუფთად გაპარსული პარტიზანი და დიდი მამულიშვილი, აუცილებლად უნდა მოიკითხოთ მისი განუყრელი ნაცრისფერი პულოვერი, რომელზეც შუაში, სულ-სულ ცენტრში, ძალიან ლამაზი ჯვარი ეხატა. და კიდევ ტყვია მის კისერზე, ყელსაბამად რომ იყენებდა მთელი მისი ვაინნი კარიერის გზაზე. ძმას ამოუღო მაგ ტყვია თავიდან, პარლამენტის სასადილოში. რუსთაველზე რომ მოკლეს პირველი შეტაკებისას, ე, ზუსტად იმას. ისე, მონიავა რომ ეუბნებოდა, მაგაზე ათჯერ მეტი ქნა მაშინ ესვანჯიამ ჯიხაშკარში. ჭამა და სმა რა სალაპარაკოა საერთოდ. ესენი რომ მოიყვანეს, ლამარა მეუნარგიაც მოაყოლეს უკან. იცით თქვენ როგორ გვიყვარს ამ რესპუბლიკის ხალხს ისეთი რამეების სხვებისთვის ჩვენება, რაც კარგად გამოგვდის და ღმერთია მოწმე, ომის გარდა სხვა რამეებიც გამოგვდის ჩვენ. მე თუ მკითხავ, ომი საერთოდაც არ გამოგვდის კარგად და არ მომიყვეთ ახლა დიდგორი და შამქორი. მაგენი არ მინახავს მე და რაც მინახავს და ვიცი მაქიდან ყველაფერი წავაგეთ. ამათ ჩვენი კულტურის არაფერი გაეგებათ, ტყიურები ვგონივართ და ერთი ნახონ რანაირი ტყიურები და ტერორისტებიც ვართო, ბრაზობდა ესვანჯია, ასე, ცარიელ სიტყვაზე რომ სჯეროდა ყველას თბილისის მთავრობის და ყველა რომ თვლიდა, სამეგრელოს ტყეებში ზვიადის სახელზე შეფიცულები ველური და ყველაფრის მკადრებელი ხალხიაო. მოკლედ, პირველად რომ ასადილეს და ღვინოც რომ მიაყოლებიეს, დაიკავა ლამარა მეუნარგიამ ფანდური და დაამღერა ოდოიები. გაუდიდდათ იმათ თვალები. არ მოესმინათ აქამდე ასეთი ჯერ. ფიქრობდნენ ალბათ, გვეგონა დაგვხოცავდნენ და აქ კიდო კონცერტი ყოფილაო. მთვრალებიც იყვნენ ცოტა და მთლად გააწითლა ლამარას ხმამ მაგათი ცარცში ამოვლებული ლოყები. ესვანჯია რუსულად ამბობდა, ეტა გრუზინსკი ფოლკლორ მუზიკა, მეგრელსკი, კრასივიო… მარა არ ესმოდათ იმათ რუსული და არც გენერლის მოსმენა უნდოდათ, ლამარას უსმენდნენ სულ. ერთი ისეთი შერყეული გამოდგა, პასტა და ფურცელი მოითხოვა, მიუცუცქდა მეუნარგიას და მითხარი ერთი, თუ ქალი ხარ, პირველად რომ იმღერე, იმ სიმღერის ტექსტი როგორ იქნებაო. ამანაც არ დაიზარა, ჩამოუჯდა და თითო სიტყვა სამჯერ, დამარცვლით, ცალ-ცალკე გაუმეორა. გიჟი იყო აშკარად ის. ჩაიწერა ყველაფერი, გადაკეცა ფურცელი და შეინახა გულის ჯიბეში. შეიძლება არც იყო გიჟი. ზოგს მოსწონს ასეთი ინტერესიანი ხალხი. მე არ ვგიჟდები უბრალოდ და მაგიტომ ვამბობ, გიჟი იყო-თქო. მე ის მიყვარს, კაცი რომ წყნარია, თავის საქმის რომ იცის და რომ არ ცანცარებს, აქაოდა, ყველაფერი მინდა ვიცოდე, იმნაირი და ამნაირი ვარო. ესვანჯია ლამარას რომ აცილებდა, ზუსტად მაშინ შემოცვივდნენ ეზოში ტელევიზიები. მარტო ჩვენები კი არა, სხვებიც. ისე, ჩვენები სულ ორი არსებობდა, კაცმა რომ თქვას. ის, მთავარი, ზოოპარკთან რომაა და მეორე, ჯერ რუსთავში რომ გახსნეს და მერე გადმოიტანეს დედაქალაქში. ჰოდა, მაგ ორის გარდა იქ იყო, ენტევე, არმენია აძინი და მაგენს კიდო ვინ ჩივის, მგონი, ამერიკულებიც და ვიღაცეები, ესპანურად რომ ქაქანებდნენ. ესვანჯიას არ უყვარდა კამერებთან ბევრი ლაპარაკი. ისე კი, ძალიან ლამაზი იყო გვერდიდანაც და ტელევიზორსაც ამშვენებდა, როცა აჩვენებდნენ ეკრანებზე. დაუდგა ესვანჯია წინ ამ მიკროფონებს და ძალიან ცივად თქვა, კანონიერი ხელისუფლება აღსდგეს თუ არა, არ ვიცი რას ვიზამო. უფრო სწორედ, როგორ არ ვიცი, ამათ ყველას ამოვხოცავ, თავსაც მოვიკლავ და მერე არჩიეთ საქმე ვისთანაც გინდათო. გენერალთან რომ დაასრულეს, ჟურნალისტები სახლშიც შევიდნენ. იმათ უღებდნენ. ხოარ გეშინიათო, ჰკითხეს. ვის რისი უნდა შეშინებოდა, მთვრალები ეყარენ და სიცილ-სიცილით ანახებდნენ აწეულ ცერს ჟურნალისტებს. თან გაიძახოდნენ, ფუდ გუდ, სონგ გუდო. სულ გაგიჟდნენ ეს ჟურნალისტები, რა უხარიათ ამ უბედურებსო. სუფრაც იმნაირი დახვდათ, გადირიენ. არადა არაა ადვილი უცხოელი ჟურნალისტის საჭმლით გადარევა. ქართველისგან კიდევ არ გაგიკვირდებოდა, მგონი ხელფასი არც ჰქონდათ მაშინ. შესთავაზა ესვანჯიამ მათაც ზაკუსკა, მაგრამ არ იყვნენ მაგენი ის ხალხი, იქ რომ ხარჩოს ჭამა დაეწყოთ. მხოლოდ ერთი-ორმა ჩვენებურმა ოპერატორმა არ თქვა უარი და მათაც მხოლოდ ღვინო დალიეს და ხილი მიაყოლეს. რთული იყო იმ დროში ფხიზლად ცხოვრება და საქმის კეთება ხომ მით უმეტეს. დაბნელდა. გაყინული ცა ყვითლად გაანათა მთლად დამრგვალებულმა კოლხურმა მთვარემ. ლოცავდა მაშინ ხალხი ამ მთვარეს. გზას გვინათებსო ამბობდნენ და, ეგეც რომ არ იყოს, ყაჩაღებისაც ეშინოდათ. ის კი გეცოდინებათ, რომ ყაჩაღობა მაშინ უფრო ადვილია, როცა ძალიან ბნელა. უშუქო სოფელში კიდევ უფრო ადვილია ყაჩაღობა. უშუქო სოფელში მთვარე თუ არ ამოდის, მორჩა, გათავდა, ექვსს რომ გადასცდება, ყველა ერთიანად ბრმავდება. ჟურნალისტები ჯიპებით დაეშვნენ ზუგდიდისკენ. მკაცრი თებერვალი იყო სამეგრელოში. თოვლი არ იყო, მაგრამ უმაგისოდაც იყინებოდა ყველაფერი. რომან ვახანიას ქათმებიც კი გაეყინა იმ ზამთარს. აბა, რა ექნა, საქათმეში ფეჩს ხომ არ დადგამდა. თვითონაც ძლივს ჰყოფნიდა შეშა. ესვანჯიამ ასი ლიტრი არაყი მოატანინა საიდანღაც მის მებრძოლებს, აქაოდა, არც ჩვენ შეგვაწუხოს ყინვამ და არც ესენიო. მე მაინც მგონია, რომ გენერალი ესვანჯია ძალიან მგრძნობიარე და პოეტური კაცი იყო. ახლა თქვენ გაგიმხელთ რასაც დავაკვირდი და მგონია, რომ დანამდვილებით ვიცი… მთვარის შუქზე სეირნობა უყვარდა გენერალ ესვანჯიას და ფიქრითაც მაშინ ფიქრობდა ხოლმე. მეტყვით რა არი მაგაში საოცარი და გაუმხელელიო და ალბათ მართლებიც იქნებით, მაგრამ ამხელა გაქანების მებრძოლი რომ ღამ-ღამობით სულ მარტო დასეირნობს და მთვარეს უყურებს, მე მგონია, რომ მაინც უჩვეულოა და იმსახურებს, რომ სილამაზეც ვუწოდოთ. ისე, მე ვამბობ, რომ ფიქრობდა თუ არა, შეიძლება უბრალოდ დაკვირვებული სახით იყურებოდა. აბა, რას გაიგებ, როცა ადამიანი ჩუმადაა. ჩვენ ასე გვგონია, რომ თავად თუ ვფიქრობთ სიჩუმისას, სხვაც აუცილებლად ასეა, ხოდა, არ ღირს ასე უაზროდ დასკვნების გამოტანა. მე რა ვიცი, რას შვებოდა ესვანჯია?! მთვარეს რომ უყურებდა ხოლმე, ეგ ნაღდია. ხოდა, ამ სეირნობისას მოადგა ღობეს მაგდა დარსალია. ხაჭაპურები დაეცხო და ხელში ეკავა ცხელები. მასზე ამბობდნენ, მთვრალმა გვარდიელმა გააუპატიურა, მერე კედელთან მიაყენა დასახვრეტად და ბოლოს რატომღაც შეეცოდაო. რამხელა სულგრძელობაა, არა? ალბათ, როგორი პატიოსანი კაცი იქნებოდა ის გვარდიელი მშვიდობიან პერიოდში… მაგდა დარსალიას ვითომ იმის დარდი ჰქონდა, ესენი შიმშილით დაიხოცებოდნენ თუ ტყვიით. მაგას უყვარდა ესვანჯია და მიტომ დაიარებოდა იქ. სკოლიდან მოყოლებული უყვარდა. ომი სანამ დაიწყებოდა, პაემანზეც კი იყვნენ ერთად, ზუგდიდის ბოტანიკურში. ყავა არ დაულევიათ. უბრალოდ სეირნობდნენ და დანარჩენს რას შვებოდნენ, არ ვიცი ეგ მე. ესვანჯია კი გაუჯავრდა მაგდას, ნუ მოდიხარო აქო, საშიშიაო და საჭმლის მეტი კიდო რა გვაქო, მაგრამ არ ჰქონდა აზრი, მაინც მოვიდოდა ის. ძალიან უყვარდა მაგდას ესვანჯია. სულ ფიქრობდა ძილის წინ, თუ მოკლავენ, შევარდნაძესთან მოვეწყობი მზარეულად, მოვწამლავ და შურს ვიძიებო. წინასწარ ტიროდა მაგდა გენერალ ესვანჯიას.
* * *
არასდროს ყოფილა თბილისი ასეთი დამთმობი. იმასაც ვერ იტყვი, თბილისს არასდროს დაუთმიაო, მაგრამ ასე სწრაფად მე არ მინახავს მაგათი უკან დახევა. მგონი, საზღვარგარეთის ეშინოდა მთავრობას. მათი ხალხი რომ ყოფილიყო ესვანჯიას ხელში, არ მგონია, დიდად ებერტყათ ყურები, მაგრამ უცხოელები ჰყავდა გენერალს და მოსვენებას არ აძლევდა მაგ ამბავი დედაქალაქს. მაგენის ფულით კეთდებოდა ბევრი რამე აქ და ბევრი რამე კი არა, მგონი რაც კეთდებოდა, ყველაფერი მაგენის ფულით იყო, აბა ჩვენთან სად იყო ფული?! გააბრაზებდი და მორჩა, აღარაფერი იქნებოდა ისეთი, გულს და მუცელს რომ უხარია. არადა, ეს ელჩები დაიარებოდნენ ტელევიზიებში და უბრალოდ კიარ დაიარებოდნენ, ხმასაც უწევდნენ ხანდისხან. მე რომ მკითხო, არაფერი უკვირთ დასავლეთში და ბევრ ცუდ რამეზეც დახუჭავენ თვალს რომ მიუშვა, მაგრამ მათიანებს რომ ეხები, მერე ძალიან ბრაზიანები ხდებიან. ხოდა ამ ელჩების და კიდო ვინცხა ქერა ბობოლების შიშით იყო რომ გამოაცხადა მთავრობამ გამოუშვას ესვანჯიამ შუამავალი, ან თუ უნდა თვითონ დაგვიჯდეს და ვილაპარაკოთო. ეს რომ გაიგო გენერალმა ესვანჯიამ, დაუძახა ჯიხაშკარში ჟურნალისტებს, პრესკონფერენცია მაქვსო მეო. ჯერ მამლები ყიოდნენ ისევ. იქ კიდო იმნაირი ჭკვიანი მამლებია, მარტო დილით ყივიან. იციან თავისი საქმე. ეზარებოდათ კიდეც ჟურნალისტებს დილაადრიან იქ ასვლა, მაგრამ ისიც იყო, რომ ზუსტად ესვანჯიას პრესკონფერენციების გამო იყვნენ შეკრებილი ზუგდიდში და ვერ გააცდენდნენ მაგ ამბავს. იმათ ეძინათ ყველას ჯერ. ღამით იმდენი სასმელი ჩაისხეს, რომელი მამალი და დისქავერი გააღვიძებდა მაგათ. მერე ვიტყვით, ქართველები ვართ ზარმაცები და ისინი მაგრებიო. ჩვენი სიზარმაცე იმაშია, მათზე მეტს რომ ვსვამთ. სადარდებელიც გვაქვს მათზე მეტი და იმიტომ. ახლა მიეცი სადარდებელი შვეიცარიელს, დააწყებიე არყის სმა გულის გადასაყოლებლად და მერე ნახავ როგორი მაგარი და მოწესრიგებულია მაგ. კამერებმა გაანათა ჯონი მანიას ჩაბნელებული ზალა. ხო, ის არ მითქვამს, რომ ესვანჯიაც, მისი მებრძოლებიც და ზალოჟნიკებიც, თავს სწორედ ჯონი მანიას ოდაში აფარებდნენ. დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილი იყო მაშინ ჯონი მანიას კარ-მიდამო. ამაყობდა ამით ჯონი, მაგრამ ცოლი უშლიდა ნერვებს. მალე წაეთრეოდნენ ნეტაო, ბუზღუნებდა ვიოლეტა მანია. აბა ჯონი რას დაითვლიდა და ვილოეტამ კი იცოდა, რა ძვირი უჯდებოდა ოჯახს ამდენი კაცის გამოკვება. უცხოელების ძვირიან კამერებში ყველაზე უკეთ ჩანდა გენერლის ლეგენდარული პულოვერი. თქვენ არ იფიქროთ, სულ თუ ეგ ეცვა ხომ გაიჭუჭყებოდაო? არ ეცვა სულ ეგ. ხშირად ეცვა, მაგრამ სულ რეცხავდა, არ იდარდოთ მაგაზე. ძალიან უნდოდა პაპიროზის მოწევა გენერალ ესვანჯიას. ზოგჯერ აბნევდა კამერები და იმიტომ. მაგრამ იფიქრა, ცუდი მაგალითია ტელევიზორში გაბოლებაო და გადაიფიქრა. რადგან პუტჩის სამართალმემკვიდრეები მზად არიან დაელაპარაკონ კანონიერი ხელისუფლების ცოცხლად დარჩენილ მაღალჩინოსნებს, მე ამას ვიღებ როგორც სიგნალს კომპრომისზე წამოსვლისა და ამიტომ ახლავე ვუშვებ ორ ტყვესო, ეს თქვა მაშინ ესვანჯიამ პრესკონფერენციაზე. მისი მარჯვენა ხელი, ჯუმა სხულუხია იმ ოთახში გავიდა, სადაც ზალოჟნიკებს ეძინათ და პადიომო, თქვა. პირველმა ორმა ვინც გაახილა თვალი, ისინი გამოიყვანა, იმსახურებთო თქვენო. ესვანჯიამ ჟურნალისტებს სთხოვა, თქვენ გაიყოლიეთო ესენიო. ერთი კანადელი იყო, ენდრიუ ერქვა სახელად. მეორეს კიდო წვრილი თვალები ჰქონდა, მაგრამ მგონი ჩინელი არ იყო, ვერ ვარჩევ მე მაგენს. მერე როგორც გავიგეთ, ბურდულაძე უნდა ჩამოსულიყო მოსკოვიდან. ზვიადის ხალხიდან ვინც გადარჩა, იმათ შორის მაგი იყო ყველაზე მაღალ თანამდებობაზე და მას უნდა ელაპარაკა თბილისთან.
* * *
პაპიროზს ეწეოდა გენერალი ესვანჯია. შეშინებული არასდროს ყოფილა მაგ და, მგონია, არც ეშინოდა არაფრის ცხოვრებაში. ან რისი უნდა შეშინებოდა? კაცს ყველაზე ძაან სიკვდილის ეშინია. სიცოცხლე არ ეთმობა და იმიტომ. სიცოცხლე კი იმიტომ არ ეთმობა, რომ რაღაც ან ვიღაც აკავებს სიცოცხლეში. უღირს სიცოცხლე რაიმედ. ესვანჯიას აღარაფრად უღირდა. დაკარგული ჰქონდა ყველაფერი და მიტო. მაგას რაც სჭირდა, საგონებელში ჩავარდნაა ეგ. ის არ აგდებდა საგონებელში, მოკლავდნენ თუ არა. იმედი ჰქონდა ესვანჯიას დიდი და ეს იმედი არ გამიცრუვდესო, ეს აგდებდა საგონებელში. ცხოვრების მიზანი იყო მისი, ფაქტობრივი მთავრობა რომ ჩამოეგდო და კანონიერი რომ აღედგინა. ყველაფერი გადადო ამის გულისთვის და ახლა ფიქრობდა, რომ პირველად იყო ამასთან ისე ახლოს, როგორც ოთხმოცდაცამეტი წლის კონტრშეტევისას. ორი საათის შესული იყო ბურდულაძე მოლაპარაკებებზე თბილისელებთან. ნელა გადიოდა დრო. შვიდი წელი ომობდა ესვანჯია და ეს შვიდი წელი არ გაწელილაო ასე, ეს ორი საათი რომ გაიწელაო, ფიქრობდა. ბურდულაძის შესვლამდე ვაჟა მონიავამ შუამავლის საშუალებით ისიც შეუთვალა ესვანჯიას, რომ სენაკში ტანკები ჰყავდა დაქოქილი და თუ ყველაფერი ისე წავიდოდა, როგორც ისინი ოცნებობდნენ, ამ ტანკებს საზეიმო ბათქაბუთქით შეიყვანდნენ თბილისში და რუსთაველის პროსპექტზე კანონიერ აღლუმს ჩაატარებდნენ. მართლა გაუჩნდა იმედი მონიავასაც. არადა, სულაც არ იყო მიამიტი კაცი და არც ისეთი ახალგაზრდა იყო, როგორიც აჩიკო ესვანჯია. რაც აქამდე მომხდარა, იმაზე უარესს მაინც ვერაფერს გვიზამენო. ცოტა არ იყოს, კანონიერი ხელისუფლების გადახვეწილი მაღალჩინოსნები ვერ იყვნენ გონორზე. გატეხა მაგენი ომმა და ემიგრაციამ. მგონი, იმითაც ბედნიერები იყვნენ, ცოტა ხნით თბილისში რო ჩაუშვეს. ეს არ მოსწონდა ესვანჯიას. მოლაპარაკებაზე შესვლის წინ გაიძახოდნენ, ჩვენთვის მთავარია, ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთო. სწყინდა კიდეც გენერალს ეს ნათქვამი. ჩემთვის თუ ქვეყნის გადარჩენა და სამართლიანობის აღდგენაა მთავარი, იმათ რა ადამიანები აუტყდათო. ტანკებზე პრეზიდენტის სურათებს დავაკრავთ და ისე ავიღებთ თბილისსო, ამასაც ამბობდა ვაჟა მონიავა. ზვიადის სურათებს კიდო იმდენს იშოვიდნენ სამეგრელოში, რამდენი ოჯახიც იყო იქ. ნეტა ტანკები ჰყოლოდათ მაგდენი. მოლაპარაკებები არც დასჭირდებოდათ. პარტიზანებს დიდი ხნის წინ გარდაცვლილი პრეზიდენტი მოჰყავდათ ხელისუფლებაში. ამიტომ ვინმე თუ გეტყვით, მაგიური რეალიზმი კოლუმბიაში გაჩნდაო, თქვენ უთხარით, მასე იყოს, მაგრამ სამეგრელოში დაკაცდა-თქო. მეც მომაწევიეო, რუსულად უთხრა ერთმა ზალოჟნიკმა ესვანჯიას. აკი არ იცოდი რუსულიო, გაიცინა გენერალმა. საოცრად უხდებოდა სიცილი. არ ჰქონია მონგრეული კბილები და მიტო. გაკვირდებოდიო, უთხრა იმან. ახლა საინტერესო კაცი მგონიხარ და მინდა შენთან ლაპარაკიო. თუ გინდა იმასაც გასწავლი, მაგ ფიშტო როგორ ისროლო ისე, რო ერთი გასროლით სამი კაცი გააგოროო. ეშმაკი კაცი ჩანდა უცხოელი. უცინოდა რიჟა ულვაშები. ხო, სულ მაგ ჭკუაზე ვარ, შენ დაგაჭერიებ იარაღსო, თავი გააქნია ესვანჯიამ და თან გაიფიქრა, ამან მე რა უნდა მასწავლოს სამი ომი მაქვს წაგებულიო. მერე გაახსენდა, გაეროს დამკვირვებლები სამხედროები რომ არიან და ცოტა უკან დაიხია, შეიძლება იცოდეს კიდეც რამეო. ტიტო რამირესი მქვიაო მეო, უთხრა იმან. ურუგვაელი ვარო. ხოხ, მე ეს ენცო ფრანჩესკოლი მეგონაო, იფიქრა ესვანჯიამ. მე კიდო აჩიკო ვარ ესვანჯია და წალენჯიხიდან ვარო, ამაყად უთხრა გენერალმაც. ის სულ დაიბნა, ეს წალენჯიხა რაღააო და გადაამოწმა, მე მეგონა, რომ საქართველოდან იყავითო. აბა ეს ყოფილა ცალტვინაო, იფიქრა ესვანჯიამ და გარეთ გასვლა დააპირა მთვარის საყურებლად. მე ძალიან მიყვარს წიგნების კითხვაო, არ ჩერდებოდა ტიტო რამირესი. აქაც, ბატონმა მანიამ რუსულად რაც ჰქონდა ყველაფერი მომცა და ორი დღეა სულ ვკითხულობო. ხოდა, მგონი გაგეხარდება თუ გეტყვიო, რომ შენც და სხვა ზვიადისტი მებრძოლებიც სამხრეთ ამერიკული ლიტერატურის სევდიან და მუდამ დამარცხებულ გენერლებს მაგონებთ, რომლებიც გამარჯვებულებზე ლამაზები და პატრიოტები არიანო. დიდი ამბავი ახლა კიტოვანზე ლამაზი თუ ვარო, გაიფიქრა ესვანჯიამ. უეცრად შუქი მოვიდა ჯიხაშკარში. ესვანჯიამ ხელის სწრაფი მოძრაობით ჩართო ტელევიზორი. მოლაპარაკება დასრულდაო, ამბობდა ახალგაზრდა, აჩკარიკა დიქტორი. ახალი თაობა ჰყავდა წამოწეული წინა პლანზე სამთავრობო ჟურნალისტიკას. შევარდნაძის პარტიაც სულ ახალგაზრდებით ივსებოდა ბოლო დროს. პოლიტიკანების დრო დგებოდა რესპუბლიკაში. მოლაპარაკებიდან გამოსული პრეზიდენტის მრჩეველი, პავლე მდედრაძე ჟურნალისტებს ეუბნებოდა, ტერორიზმთან კომპრომისზე ვერ წავალთ, ერთი კომპრომისი ტერორისტული აქტების ქარიშხალს დაატრიალებს რესპუბლიკაში და ამიტომ ან დაუყოვნებლივ გამოუშვან ტყვეები, ანდაც ხისტ ნაბიჯებს ელოდონ ჩვენგანო. ჭკუიდან გადავიდა გენერალი ესვანჯია. კანონიერი ხელისუფლების აღდგენის იმედი ჰქონდა, ახლა კიდე საერთოდ ვერ გაეგო, რა ჯანდაბა დატრიალდა მის თავს. საინფორმაციო გამოშვება გრძელდებოდა. ახალგაზრდა, აჩკარიკა დიქტორი ამბობდა, რომ ეროვნულმა გვარდიამ ჩანასახშივე აღკვეთა ექსპრეზიდენტის ექსტრემისტი მომხრეების მიერ წამოწყებული კიდევ ერთი ტერორისტული აქტი. კერძოდ ის ამბობდა, რომ სენაკში დისლოცირებულმა გვარდიის ბატალიონმა „რუხმა მგელმა“, მოახდინა სენაკის სატანკო ნაწილში უკანონოდ შეჭრილი გენერლის, ვაჟა მონიავას ლიკვიდაცია, რომელიც აპირებდა, რომ მის რამდენიმე ათეულ თანამებრძოლთან ერთად ნაწილიდან გაეყვანა სამხედრო მანქანები და კონტროლი აეღო ჯერ ქუთაისზე, შემდეგ კი ალბათ დედაქალაქ თბილისზეც. გენერალ ესვანჯიას თითქოს არაფერი უკვირდა. არც უფროსი მეგობრის მკვლელობამ დააყენა განსაკუთრებით სამგლოვიარო ხასიათზე. სამოქალაქო ომის დაწყებიდან დღემდე, მის თავს ღალატის და უახლოესი ხალხის სიკვდილის მეტი არაფერი მომხდარა. თანაც ძმის გარდაცვალების შემდეგ თითქოს რკინის ნაჭერი გახდა ესვანჯია. ამაზე მეტს ვერაფერს მატკენთო, ფიქრობდა ხოლმე და სწორედ ამიტომ იყო ყველაზე გაბედული და თავზეხელაღებული ზვიადისტი. ესვანჯიამ ავტომატი გადატენა. კურტკის ჯიბეში ლიმონკები ჩაიყარა და გასასვლელად მოემზადა. ბიჭო, ტყეში უნდა გავიდეთ ჩვენ – გასძახა თანამებრძოლებს. ესენი არ მოვკლათ? – დაიბნა ჯუმა სხულუხია. ვინაა ეს კაციჭამიაო, გაიფიქრა ესვანჯიამ და სხულუხიას უბრძანა, მაგენსაც ჩააცვი, წავიყვანოთ თან და სამშვიდობოს რომ ვიქნებით, მერე გავუშვათო. სხულუხიამ ხელების ქნევა დაიწყო, მუნჯურად ეუბნებოდა სათქმელს ზალოჟნიკებს. რუსულად უთხარი, ბიჭო, ესმით მაგათ რუსულიო, დასცინა გენერალმა ესვანჯიამ, რომელსაც ვერაფრით ვიგებ, რა ჰქონდა მაშინ სასაცილო. კარზე ვიღაც აბრახუნებდა. მოვიდნენ მგონია, გამოსცრა ესვანჯიამ კბილებში, კარი გამოგლიჯა, იქ მდგომ კაცს ყელში მაგრად მოუჭირა და თავში პისტოლეტის ტარი ჩაარტყა. რასაა რო შვრები, ესვანჯია, ვალერა მალანია ვარ მეო, უთხრა ესვანჯიას ვაჟა მონიავას ატირებულმა მარჯვენა ხელმა. ესვანჯია დამშვიდდა. მალანიამ კითხვების დასმაც არ აცადა, ისე დაიწყო… ვაჟა მოკლესო, ბიჭები ზოგი მოკლეს, ზოგი დაიჭირესო. ბურდულაძემ შემოგითვალაო, მთავრობას უთქვამსო, ჩვენ თუ გადავდგებით, სულ არ გვაინტერესებს მაგ ზალოჟნიკებს რას უზამსო. მაგათ თუ დახოცავს, ყველაზე უარესი, რაც დაგვემართება, ისევ ვლასწის დაკარგვაა და ამიტომ ურჩევია, ჩაბარდეს და ისინიც გამოუშვას, თორემ სხვა შემთხვევაში ისინი თუ მოკვდებიან, მაგიც მოკვდება და გათავდება მაგითო. იცინოდა ესვანჯია ისევ. ამბობდა, ვერ დაუდგაო ბურდულაძე კარგადო. ჩაბარდები თუ გაიქცევი? – ჰკითხა მალანიამ ესვანჯიას. ესვანჯია ისევ იცინოდა.
* * *
თბილისი ჯერ არაფერს ამბობდა ხმამაღლა. მასე იცოდნენ მაგათ. ჯერ საქმეს გააკეთებდნენ და მერე იგებდა ამას ქვეყანა. ახლაც მასე იყო. თითქოს არაფერი ხდებოდა ჯერ, მაგრამ ჯიხაშკარში უკვე იყვნენ შესულები ბატალიონ „რუხი მგლის“ ნაწილები. უკვე შუაღამე იყო და ძალიან ჩუმად, შეუმჩნევლად ვიწროვდებოდა ალყა, რომელშიც მოქცეული იყო ჯონი მანიას ოდა. ჯიხაშკარში ყველაზე მაღალ და რთულად მისაღწევ ადგილას იდგა ჯონი მანიას ოდა. ზევიდან გადაჰყურებდა მთელს სოფელს და დღისით, ყველა ბილიკის გაკონტროლება შეიძლებოდა იქიდან. იმ ღამეებში ისეთი ნათელი მთვარე იყო სამეგრელოში, ღამითაც შეიძლებოდა შეგემჩნია მოძრაობა თუ ძალიან დააკვირდებოდი, მაგრამ აჩქარებულ და ჭკუიდან გადასულ ესვანჯიას აღარ ჰქონდა დაკვირვების დრო და ნერვები. ზალოჟნიკებს უთხრა, თქვენ ხელებაწეული ჩადით სოფლის ცენტრში, არავინ გესვრით და პატრონსაც ჩაგაბარებენო. მერე თავის რაზმელებს მიუტრიალდა და მეგრულად უთხრა, სახლის უკან გავიდეთ სიმინდებში ჩავწვეთ და იქნებ ასე გავაღწიოთ სოფლიდანო. იცოდა ესვანჯიამ, უკვე სოფელში რომ იქნებოდნენ მისი მტრები. მაგის მეტი რა იცოდა, სამი ომი ჰქონდა წაგებული. მეც მომეციო იარაღი, შენს გვერდით ვიბრძოლებო, ხვეწნა დაუწყო ესვანჯიას ტიტო რამირესმა. არ გაგიკვირდეთ ეს ამბავი. ზოგჯერ არის ხოლმე ისე, კაცი რომ აღგაფრთოვანებს და მის ვაჟკაცობაზე გიჟდები. ვერ ტოვებ ამ კაცს ისე. მოკვდები კიდეც მის გამო. გაეროს დამკვირვებელიც რომ იყო და არაფერი გესაქმებოდეს შუაღამისას გათოშილ სამეგრელოში, არც ქართულ სამოქალაქო ომს რომ უხდებოდეს მებრძოლი, რომლის გვარიც დებილური სერიალის კუნთებდაბერილი პერსონაჟის გვარს ჰგავს, მაინც მოკვდები. იმიტომ, რომ აღფრთოვანებას არც ეროვნება აქვს და არც კონტინენტი. მე თუ მკითხავთ, პატრიოტიზმი არცაა წრფელი გრძნობა. პატრიოტიზმი პათეტიკაა მაინც. აღფრთოვანებაა მთავარი. სიგიჟეს და გმირობას აღფრთოვანება ჩაადენინებს კაცს. ისიც მგონია, რომ ესვანჯია ტყვიაზე საქართველოს გამო კი არა, პრეზიდენტით აღფრთოვანების გამო მიდიოდა. უყვარდა და პატივს სცემდა გენერალი გარდაცვლილ პრეზიდენტს. რომ მოკლეს, მის მერე კიდევ უფრო მოუნდა მისი სახელით ბრძოლა, რადგან იმედზე დიდი მოტივატორი სასოწარკვეთაა. სასოწარკვეთილი ბრძოლა უფრო ფიცხელი ბრძოლაა. იცი, რომ მაინც მკვდარი ხარ და ფეხებზე გკიდია, ბოლომდე მიდიხარ, არაფერს კარგავ… ეს ურუგვაელი კიდო არ ჩერდებოდა. მომეცითო იარაღიო. ესვანჯიამ უთხრა, გიჟი ნუ ხარ კაცო შენო, ტყვე იყავი, გიშვებ, ახლა სულ ხტუნაობით უნდა მიდიოდე ამ სახლიდანო. მაინც არ მისცა ბოლოს იარაღი. ჯუმა სხულუხიას ყელში რომ ამოუვიდა, სულ წიხლებით გაყარა ეს უცხოელები სახლიდან. ხელებაწეულნი მიდიოდნენ გაეროს დამკვირვებლები ჯიხაშკარის ცენტრისკენ. გზას უნათებდათ ცისფერი სინათლე კოლხური მთვარისა. ახლა ესვანჯია და მისი ბიჭები გავიდნენ სახლიდან. უკვე მოსულიყვნენ სახლთან თბილისის ჯარისკაცები. ათი ან მეტი ავტომატი ესროდა აჩიკო ესვანჯიას და მის რაზმელებს. პირველივე შემოტევისას ჩაცხრილეს ჯუმა სხულუხია. დაჭრილი იყო ესვანჯიაც. ძირს იწვა, ჯუმას ცხედარს ეფარებოდა და ასე ისროდა უმისამართოდ. მთვარე კი იყო, მაგრამ არსად ჩანდნენ მტრები. მარტო ავტომატების ხმა ისმოდა მათი და ისიც იმდენი იყო, რომ ვერაფრით გაიგებდი, რომელი საიდან ისმოდა. მერე ვიღაც კიდევ შემოვარდა ჯონი მანიას ეზოში. ისროდა ისიც. გრძელი თმა ჰქონდა, გაშლილი, რემბო გეგონებოდა, მაგრამ პატარა ტანის იყო რემბოზე და სიფრიფანა კიდო. ქალი იყო ეს. მაგდა იყო დარსალია. გაიქეცი, სიყვარულო, დაგაზღვევ მეო, ყვიროდა როგორც შეეძლო. ვერ მოუსწრო ესვანჯიას მან. მანამდე მოკლეს გენერალი. ალბათ, მაგდასაც მოკლავდნენ იმ ღამეს.
* * *
მონტევიდეოში რომ გამოთბა, საზაფხულო არდადეგებიც მოუწიათ სამხრეთელ მეშვიდეკლასელებს. გაგიკვირდებათ და, როგორც ჩვენთან ხდება, სკოლის ბოლო დღეს რომ ზეიმებია სკოლებში და ბავშვებს ლექსებს და სიმღერებს აზეპირებინებენ, ზუსტად ასე ყოფილა ურუგვაისა და არგენტინაშიც. კლასის დამრიგებელს და მათემატიკის მასწავლებელს, ჰორასიო ალვარესს ეცვა ძალიან სასაცილო პიჯაკი და ესხა სუნამო, რომელსაც ანტონიო ბანდერასი ერქვა. ჰორასიო ალვარესს ძალიან უნდოდა, რომ შთაბეჭდილება მოეხდინა განათლების სამინისტროს წარმომადგენელზე. თანაც მთელი ზეიმის სცენაზე გატარება უწევდა. სწორედ ის აცხადებდა გამომსვლელ მეშვიდეკლასელს, რომელსაც პუბლიკისთვის თავისი ნომერი უნდა წარედგინა. აჩიკოოო რამირესიიიი – გამოაცხადა ჰორასიო ალვარესმა. სცენაზე საშუალო სიმაღლის, ქერა მერვეკლასელი ავიდა. ჯიბიდან ძალიან ძველი, რვად გადაკეცილი ფურცელი ამოიღო. მაგნიტოფონში ფონოგრამა ჩართეს. აჩიკო რამირესმა უცნაურ ენაზე დაიწყო სიმღერა:
„აააასე ჩონგური ქოვთქუათუ ნაააა
სკან დო ჩქიმი გაჭირება ნააა,
ოუ ნანა, დიდავოი ნააანა, დიდავოი ნანინააა….“
© არილი