ყოველი წიგნის წერას იმ დღეს იწყებთ, როცა სულების სახლის წერა დაიწყეთ. რატომ?
ალიენდე: თავიდან ცრურწმენა იყო, რადგან პირველი წიგნი იღბლიანი გამოდგა. ახლა, უბრალოდ, დისციპლინაა. დაკავებული ვარ, ამიტომ მჭირდება წლის განმავლობაში უკან დახევისთვის დროის გამონახვა. მჭირდება დრო და სიჩუმე, თორემ ვერასოდეს მოვახერხებ წერას. წერის დაწყების განსაზღვრული დრო კარგია ჩემთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც. მათ იციან, რომ 8 იანვრის შემდეგ თავისუფალი აღარ ვარ.
წიგნის იდეა ყოველთვის გაქვთ ხოლმე გონებაში?
ხშირად, თუმცა ძალიან ბუნდოვნად. სცენარი არასოდეს არ მაქვს მოფიქრებული. შესაძლოა, მჭირდებოდეს რაღაცის კვლევა. მაგალითად, როცა ჰაიტიში 200 წლის წინ აჯანყებულ ხალხზე დავწერე, ამ მოვლენას ვიკვლევდი, მაგრამ არ მომიფიქრებია არც არც ამბავი, არც დასასრული, არც პერსონაჟები. სხვა დროს უბრალოდ ვჯდები კომპიუტერის წინ და ვწერ პირველ წინადადებას, რომელიც შიგნიდან მოდის. ესაა ამბის დასაწყისი, მაგრამ რის შესახებ იქნება ამბავი, არ ვიცი.
შემდეგ როგორ აგრძელებთ წერას?
ნელა. საშინელია პირველი რამდენიმე კვირა, როცა ჯერ კიდევ არ მაქვს ნაპოვნი თხრობის ხმა, ტონი და ვიცი, რომ ყველა ეს ფურცელი საბოლოოდ სანაგვეში აღმოჩნდება. მაგრამ ეს ვარჯიშია – ფორმაში მოსასვლელად საჭირო. კვირების შემდეგ პერსონაჟები იწყებენ გამოჩენას და თავიანთ ამბებს მიყვებიან. მერე კი ვგრძნობ, რომ სწორ გზაზე ვდგავარ.
როგორ იქცევით, როცა ეს გზა მეტისმეტად გვიან ჩნდება?
ხანდახან ვფიქრობ, იქნებ არ უნდა დავწერო ეს ამბავი-მეთქი. მაგრამ, ძირითადად, ვაგრძელებ წერას და ადრე თუ გვიან, ეს მაინც ხდება. ვისწავლე, რომ უნდა ვენდო საკუთარ უნარებს, მაგრამ ამის სწავლას დიდი დრო დასჭირდა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ყოველი წიგნი სამოთხიდან მიღებული ძღვენი იყო და აღარასოდეს განმეორდებოდა. მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც უკვე 25 წელია ვწერ, ვიცი, რომ თუ თავს რამე თემასა და საკმარის დროს მივცემ, თითქმის ყველაფერზე შემიძლია დავწერო. ასე რომ, ეს თავდაჯერებულს მხდის, შემიძლია მოვეშვა და ვისიამოვნო პროცესით.
საკუთარი თავი აღწერეთ, როგორც მთხრობლად დაბადებული. ნიჭი უფრო მნიშვნელოვანია თუ მუშაობა?
შემოქმედებითი წერა რამდენიმე კოლეჯში ვისწავლე და მეც შემიძლია, ვასწავლო სტუდენტებს, როგორ დაწერონ ამბავი, მაგრამ არ შემიძლია ამბის თხრობის სწავლება. ამბის თხრობა დაახლოებით ისაა, რაც სმენაა მუსიკისთვის. ან გაქვს, ან არა. ეს ინსტინქტი – რა უნდა თქვა და რა გამოტოვო, როგორ უნდა შექმნა დაძაბულობა და სამგანზომილებიანი პერსონაჟები, როგორ უნდა გამოიყენო ენა – ვფიქრობ, თანდაყოლილია. მე მაქვს ამბის მთხრობლის გენები, რაც ყველას არ აქვს. თუმცა არ მქონია წერის ნიჭი. შემეძლო, მომეყოლა ამბავი, მაგრამ ვერ დავწერდი. მერე მუშაობითა და ვარჯიშით გამოვიმუშავე ეს უნარი. არც ისე დიდი ხნის წინ ვიგრძენი, რომ უკვე ნამდვილად ვფლობ მას.
მუშაობდით ჟურნალისტად, გადაცემის წამყვანად, სკოლის ადმინისტრატორად, ვიდრე მწერალი არ გახდით 39 წლის ასაკში. საკუთარი თავის ხელახლა შექმნის პროცესზე ხომ არ ისაუბრებდით?
არ ვფიქრობ, რომ არჩევანი გავაკეთე. არ მითქვამს „მე მწერალი გავხდები“. ეს მოხდა. პოლიტიკურ დევნილად ვცხოვრობდი ვენესუელაში და, როგორც ჟურნალისტმა, სამსახურის პოვნა ვერ შევძელი. სკოლაში ვმუშაობდი, მაგრამ ვგრძნობდი, უამრავი ისტორია მქონდა შიგნით, რომლებსაც ვერ გამოვხატავდი. მერე, 1981 წლის რვა იანვარს, დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ბაბუაჩემი კვდებოდა ჩილეში. არ შემეძლო იქ ჩასვლა და მასთან გამომშვიდობება. ამიტომაც დავიწყე წერილის წერა, იმის თქმა მინდოდა მისთვის, რომ მახსოვდა ყველაფერი, რაც კი ოდესმე ჩემთვის ეთქვა. ბაბუა არაჩვეულებრივი მთხრობელი იყო. ის მოკვდა – არასოდეს მიუღია ჩემი წერილი – მაგრამ მე გავაგრძელე წერა. ვწერდი ჩემს სამზარეულოში, ყოველ ღამით, სამსახურიდან დაბრუნების მერე. ერთი წლის შემდეგ უკვე მქონდა 500 გვერდი რაღაცის, რაც აშკარად არ იყო წერილი. ის იქცა რომანად „სულების სახლი“. წიგნი გამოიცა და ძალიან წარმატებული გახდა. მანვე გაუკვალა გზა ჩემს შემდეგ წიგნებს. თუმცა სამსახური მაშინვე არ მიმიტოვებია, რადგან ჩემს კარიერად არ მივიჩნევდი მწერლობს. უფრო სასწაულს ჰგავდა, რომელიც სრულიად შემთხვევით შემემთხვა.
თქვენს ახალი კარიერაში საბოლოოდ რამ გაგრძნობინათ თავი დაცულად?
ქვითრებს ვიღებდი. წიგნი 35 ენაზე ითარგმნა და ძალიან კარგად იყიდებოდა. მივხვდი, რომ თუ წერას გავაგრძელებდი, ჩემი ოჯახის უზრუნველყოფა შემეძლო.
გიგრძნია ოდესმე, რომ შენი ყველაზე აღიარებული წიგნების წარმატებას მისდევ?
როცა ჩემმა აგენტმა, კარმენ ბალსელსმა (ყველა ჩემი წიგნის ნათლიამ, რომელიც, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა) სულების სახლის ხელნაწერი მიიღო ესპანეთში, ვენესუელაში დამირეკა და მითხრა: „ყველას შეუძლია, კარგად დაწეროს პირველი წიგნი, რადგან მასში დებენ ყველაფერს: თავიანთ წარსულს, მოგონებებს, მოლოდინებს. ყველაფერს. მწერალი მეორე წიგნით ამტკიცებს თავის შესაძლებლობებს“. ასე რომ, მეორე წიგნის წერა დავიწყე მომდევნო წლის 8 იანვარს, რათა აგენტისთვის, რომელსაც არასოდეს შევხვედრილვარ, დამემტკიცებინა, რომ წერა შემეძლო. მაშინ, როცა სულების სახლი ევროპაში ასეთი წარმატებული გახდა, გავაცნობიერე, რომ მეორე წიგნი უკვე დასრულებული მქონდა. ყოველი წიგნი განსხვავებული გამოწვევაა; განსხვავებულად უნდა მოჰყვე. დამიწერია მოგონებები, ისტორიული და კრიმინალური რომანები, საყმაწვილო ლიტერატურაც… ასე რომ, არასოდეს ვადარებ ერთმანეთს და არ ვამბობ, რომ ეს უკეთესი ან უარესია სულების სახლზე. ყველა წიგნი შეთავაზებაა. უბრალოდ, დებ მაგიდაზე და ელოდები, ვინ დათანხმდება.
„პაულა“ იყო მოგონებები თქვენი ქალიშვილის სიკვდილის შესახებ . „სულების სახლი“ – წერილი მომაკვდავი ბაბუისთვის. დაგეხმარათ მუშაობა ამ ტრაგედიების გადალახვაში?
შვებისმომგვრელი აღმოჩნდა. სულების სახლი იყო მცდელობა, აღმედგინა სამყარო, რომელიც ქვეყნიდან გაძევებისას დავკარგე – ჩემი ოჯახი, ჩემი ქვეყანა, ჩემი წარსული, ბაბუაჩემი და ვფიქრობ, რომ შევძელი. ეს სამყარო სამუდამოდ იარსებებს ჩემს წიგნში. ჩემი ქალიშვილის სიკვდილის შემდეგ ყველაფერი ბნელი იყო. ყველა ფერი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან. დღეები ერთმანეთს ჰგავდა. ერთი წელი იყო კომაში და მე ვზრუნავდი მასზე სახლში. ერთი თვის შემდეგ დედაჩემმა დამიბრუნა 180 წერილი, რომლებიც განვლილი წლის განმავლობაში გავუგზავნე. მერე წერა დავიწყე. მტკივნეული იყო, მაგრამ განმაკურნებელიც, რადგან შევძელი, იმ ფურცლებში მომექცია მომხდარი. ამან გარე სამყაროს ხელახლა დანახვის საშუალება მომცა – ჩემი შვილიშვილი დაიბადა, მყავდა ქმარი, რომელსაც ვუყვარდი.
ისე ჩანს, რომ კომფორტული იყო თქვენთვის პირადი ცხოვრების გასაჯაროება.
როცა პაულა დავწერე, დედაჩემმა მითხრა: „მეტისმეტად ბევრი დაწერე შენი ინტიმური ცხოვრების შესახებ, ახლა ძალიან დაუცველი იქნები“ და მე ვთქვი, „დედა, დაუცველი ვარ არა იმ სიმართლის გამო, რომელიც გავამჟღავნე, არამედ მხოლოდ იმ საიდუმლოებათა გამო, რომლებსაც ვინახავ“. ჩემი ცხოვრება სხვებისგან არაფრით განსხვავდება. ისეთ საშინელს არაფერს ვაკეთებ, მასზე ლაპარაკი რომ ვერ შევძლო. როცა ამას სხვებს ვუზიარებ, ისინიც მიზიარებენ. ეს ამბებისა და ემოციების გაცვლაა.
ახსენეთ, რომ თქვენი წიგნი სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა. როგორ ფიქრობთ, რატომ დაინტერესდნენ მისით განსხვავებული კულტურები?
ჩვენ ყოველთვის განსხვავებებზე ვართ ფოკუსირებულნი: კანის ფერი, კულტურა, ენა, ნაციონალობა, სულ ერთია, რა – მაგრამ ადამიანები, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ერთი და იმავე რაღაცების ეშინიათ, ერთი და იგივე სურვილები აქვთ, ერთნაირი ორგანოები, ტვინი და სიზმრები. ამიტომაც დაბერების შესახებ ამბავი, რომელიც სან-ფრანცისკოში ხდება, თურქეთშიც იწვევს გამოხმაურებას.
როგორც თქვით, ყოველთვის მუშაობაზე ხართ ორიენტირებული. რატომ?
იმიტომ, რომ მინდა, მხარი დავუჭირო საკუთარ თავს. ის, რამაც ჩამომაყალიბა ცხოვრებაში, იყო დედაჩემის, როგორც მსხვერპლის ხილვა. ის იყო ახალგაზრდა, ლამაზი ქალი, რომელიც არასწორ კაცზე დაქორწინდა და ოთხ წელიწადში სამი შვილი გააჩინა. მერე იმ კაცმა მიატოვა და მას ბაბუის სახლში მოუწია გადასვლა. არ ჰქონია შესაფერისი განათლება ან უნარები. მთლიანად მამაზე იყო დამოკიდებული. დედაჩემთან ახლო ურთიერთობა მქონდა და მას ვაღმერთებ, მაგრამ არ მინდოდა, მისნაირი ვყოფილიყავი. გარდა ამისა, სახლში ყოფნაც არ მომწონს. ჩემი შვილები ძალიან მიყვარს, მაგრამ მათ გაზრდაში დედამთილი მეხმარებოდა, რადგან გარე სამყაროში გასვლა მჭირდებოდა.
ერთხელ თქვენს ქმართან (ახლა უკვე ყოფილ ქმართან) ერთად სცადეთ წიგნის დაწერა.
ეს ჩემი აგენტის იდეა იყო, მაგრამ განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა. ის ინგლისურად წერს, მე – ესპანურად. მისი ყურადღება მხოლოდ 11 წუთს თუ გასტანს, მე – 11 საათი ვწერ. მე ვიკვლევ, ის – არა. ამიტომ, მე დავწერე ჩემი ტექსტი, მან კი მისი მეხუთე კრიმინალური რომანი დაწერა.
სულების სახლი ფილმად იქცა, მაგრამ ამ პროცესში არ მონაწილეობდით. რთული იყო?
ფილმები, სპექტაკლები, ოპერა – ამ ყველაფერში არასოდეს ვყოფილვარ ჩართული, რადგან სულ სხვა მედიუმებია, სრულიად განსხვავებული პროდუქტები, რომლებზეც არაფერი ვიცი. არ მინდა, ვინმემ ზედ დამყურებდეს, როცა ვწერ. მე რატომ უნდა მედევნებინა თვალი რეჟისორისთვის? შენ ყიდი ნაწარმოებს და მერე იმას იზამენ, რაც უნდათ. როცა სულების სახლის უფლებები გავყიდე, საკუთარი ხელით ჩავწერე კონტრაქტში, რომ ბილ აუგუსტს, დანიელ რეჟისორს მინდოდა გადაეღო. მისი Pelle the Conqueror ვნახე და მიყვარდა. ასე რომ, ის გახდა რეჟისორი. მაგრამ პროდიუსერები გერმანელები იყვნენ, მსახიობები ინგლისელები, ენა ინგლისური იყო, ფილმი კი ევროპაში გადაიღეს, ასე რომ, მასში ჩილედან ბევრი ვერაფერი მოხვდა. თუმცა, მგონია, რომ კარგადაა გადაღებული.
2011 წელს პენსიაზე გასვლაზე ლაპარაკობდით, ისევ ფიქრობთ ამაზე?
ცუდი დრო იყო და ძალიან დაღლილი ვიყავი, თან ბევრს ვმოგზაურობდი. ყველა ჩემი მეგობარი პენსიაზე გავიდა და დიდებული ცხოვრება ჰქონდათ. ამიტომ ვფიქრობდი, მე რატომ არ შემიძლია-მეთქი. მაგრამ ახლა ვიცი, რომ ამას ვერ შევძლებ. რატომ უნდა მოვიქცე ასე? მიყვარს, რასაც ვაკეთებ. ხოლო იმ ტიპის საქმისთვის, რითაც მე ვარ დაკავებული, არ გჭირდება ფორმაში ყოფნა ან ახალგაზრდობა. მხოლოდ ისაა საჭირო, რომ ტვინი იყოს კარგ მდგომარეობაში.
საკუთარ თავს მენტორად ან სანიმუშო ფიგურად აღიქვამთ სხვა დასაქმებული ქალებისთვის?
არა, მაგრამ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები, ამბობენ, რომ ჩემი წიგნის პერსონაჟებმა შთააგონეს, რადგან ისინი ძლიერი, დამოუკიდებელი ქალები არიან, რომლებიც საშინელ დაბრკოლებებს უმკლავდებიან და ცხოვრობენ…
[…]
Harvard Business Review-ს ინტერვიუ
© არილი