პიტერ აკროიდი – სახელგანთქმული ინგლისელი მწერალი, ავტორი წიგნებისა, “გოლემი ლაიმჰაუსიდან” (“ელიზაბეტ კრის პროცესი”), “ოსკარ უაილდის დღიურები”, “დოქტორ დის სახლი”, “ლონდონი: ბიოგრაფია”; გამოცემული აქვს დიკენსის, ტომას სტერნზ ელიოტის, ეზრა პაუნდის და სხვათა ბიოგრაფიები. ცხოვრობს ლონდონში.
– თქვენი წიგნების ერთ-ერთი უმთავრესი გმირი ლონდონია. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ქალაქი?
– მე აქ დავიბადე და ჩემი პირველი წიგნებიც ლონდონში გამოვიდა. შეიძლება ითქვას, ლონდონი ჩემი წარმოსახვის აკვიატებული პეიზაჟია. როცა მის ისტორიაში ვერკვევი, საკუთარ თავსაც უკეთ ამოვიცნობ ხოლმე.
– თქვენი აზრი ისეთ ცნებაზე, როგორიც “ისტორიაა”?
– ისტორია ესაა ამბავი, რომლის დახმარებითაც აწმყოს აღვწერ. ვცდილობ გავიგო და ავხსნა აწმყო. ჩემს ბევრ წიგნში მოქმედება ერთდროულად ორ დროით პლასტში ვითარდება. ისტორიული კონტექსტი უბრალოდ გვეხმარება გავიგოთ ის, რაც ახლა ხდება. საერთოდ, ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სხვაობას წარსულსა და აწმყოს შორისაც.
– როგორია თქვენი პერსონალური “განცდა” წარსულისა აწმყოში?
– ეს, შეიძლება ითქვას, ჩემი წიგნებია. როცა ისტორიაში ვიქექები, მის გათამაშებას ვახდენ ხოლმე. მის ენაზე ვიწყებ ლაპარაკს. ვცდილობ შევიგრძნო ის, რასაც იმ ეპოქის ადამიანები გრძნობდნენ და ა.შ. რას განიცდიდა ოსკარ უაილდი, როცა პარიზში ცხოვრობდა, ან დოქტორი დი. უცხო ტყავში მოქცევით, წარსულს უკეთ აღიქვამ, ვიდრე უბრალოდ მისი აღწერისას.
– თქვენი პრიორიტეტები წარსულში? გიყვართ თუ არა განსაკუთრებულად რომელიმე ეპოქა?
– არა. საყვარელი ეპოქები ჩემთვის არ არსებობს. მე ვწერდი ბლეიკზე, მილტონზე, დიკენსზე, უაილდზე და ტ.ს. ელიოტზე. ასე რომ, თავადაც ხედავთ, რამდენ ეპოქასა ვარ მოდებული. არც ერთს არ ვანიჭებ უპირატესობას – მე პროცესი მაინტერესებს, დროთა კავშირი და არა მისი ცალკეული ფრაგმენტები.
– როგორია თქვენი ისტორია?
– დავიბადე ლონდონის დასავლეთში კათოლიკურ ოჯახში, დავდიოდი კათოლიკურ სკოლაში, დავასრულე კემბრიჯი, შემდეგ იელი. რის შემდეგაც ვმუშაობდი რედაქტორად ჟურნალ “The Book Spectator”-ში, შვიდი წელი. მერე რომანების წერა დავიწყე და დღემდე რომანებით ვცხოვრობ.
– არ გსურთ ლიტერატურულ კრიტიკაში დაბრუნება?
– არც არასდროს მიმიტოვებია ეს სამუშაო – ხშირად ვწერ ხოლმე ლონდონის ლიტერატურული გამოცემებისათვის, ასე რომ, თქვენს წინაშე, ჯერ კიდევ ლიტერატურული ჟურნალისტია.
– თქვენი საყვარელი წიგნები?
– არც ერთი. დაწერის შემდეგ, უბრალოდ, ვივიწყებ წიგნებს და მორჩა. თუკი წარმატებაზე ვისაუბრებთ – დიდება “ოსკარ უაილდის დღიურმა” და ელიოტის ბიოგრაფიამ მომიტანა.
– როგორ მოახერხეთ დაგეწერათ ელიოტის ბიოგრაფია ისე, რომ პოეტის არც ერთი ციტატა არ გამოგიყენებიათ? მემკვიდრეებმა, როგორც ვიცი, აგიკრძალეს ციტაცია?
– ამაში არაფერია განსაკუთრებული. გარწმუნებთ. ცუდია, რომ წერილების ციტირება არ შემეძლო, მაგრამ… ბიოგრაფია მე შემიკვეთეს და სამუშაოს დაწყებამდე არც ვიცოდი, რა სირთულეებს შევეჯახებოდი. როცა აკრძალვის შესახებ გავიგე, ვიფიქრე უარს ვიტყვი-მეთქი შეკვეთაზე. შემდეგ კი პირიქით, ამ აკრძალვამ ჩემს სასიკეთოდ იმოქმედა. რადგან ციტირება შეუძლებელი იყო, ელიოტის იმიტირება დავიწყე – ალბათ, ქვეცნობიერად, მაგრამ მაინც მის სტილში ვწერდი (მის პროზასა და წერილებს ვგულისხმობ). სწორედ ეს ხერხი იქცა ჩემს მეთოდად, როცა სხვა თემებზე მუშაობას შევუდექი.
– არის თუ არა ბიოგრაფიაში ელიოტის შემოქმედების კრიტიკა?
– ინგლისურ ლიტერატურას კემბრიჯში ვსწავლობდი. ამიტომაც კლასიკოსების შესახებ ჩემი აზრი გამაჩნდა, მაგრამ საქმე ამაში არ გახლავთ, არამედ იმაში, რომ ეს არც მთლად კრიტიკა გახლდათ; უბრალოდ ვცდილობდი, პროპორციულად მომერგო ერთმანეთისთვის ცხოვრება და ლიტერატურა ისე, რომ მათ ერთმანეთი განემარტათ.
– როგორ უყურებთ ელიოტისა და ოდენის შემოქმედებას?
– ელიოტი პოპულარული ფიგურაა ინგლისურ კრიტიკაში, მასზე დღემდე წერენ წიგნებს. ოდენს, ალბათ, ყველაზე მეტს კითხულობენ სხვა პოეტებთან შედარებით, მისი ხმა, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, დღემდე “ჟღერს”. მაგრამ არანაირ, განსაკუთრებულ, გრძნობებით ამ ავტორების მიმართ არა ვარ გამსჭვალული.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“