ესაუბრა რობერტ ზარეცკი
2017 წლის შემოდგომაზე, გარდაცვალებიდან თითქმის 60 წლის შემდეგ ალბერ კამიუმ ფრანგული ლიტერატურული წრეები კვლავ აალაპარაკა – სახელგანთქმულ მსახიობთან, მარია კასარესთან მისი მიმოწერები პირველად გამოქვეყნდა. კამიუს ქალიშვილი კეტრინი, როგორც მამის შემოქმედების მემკვიდრე, წერილებს 15 წელი არედაქტირებდა. თავდაპირველად, მკვლევრებისა და თაყვანისმცემლების გაუთავებელი თხოვნის მიუხედავად, ინტიმურ წერილების გასაჯაროება არ სურდა. შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა, რის მიზეზებზეც რობერტ ზარეცკი წინამდებარე ინტერვიუში გაესაუბრა:
რამდენად რთულია ერთმანეთს შეუთავსოთ კამიუს ქალიშვილობა და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის ზედამხედველობა?
შიზოფრენიას ჰგავს! თუმცა გამოწვევებით სავსე ცხოვრებამ ამ როლების დაბალანსება მასწავლა. ალბერ კამიუს ქალიშვილი ვარ და ჩემი საქმე მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მართვაა. ვცდილობ, მამის დარიგებისამებრ, არ დავივიწყო ძირითადი ღირებულებები: თავისუფლება, პასუხისმგებლობა და სხვების პატივისცემა. ხშირად ვამბობ, როგორ გამიმართლა,ყოველთვის ზურგს რომ მიმაგრებს მამა!
ფრანგულ გაზეთ Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ ხალხს წინასწარი წარმოდგენა აქვს – როგორი უნდა იყოს ალბერ კამიუს ქალიშვილი, ამიტომ მათი იმედების გაცრუება გარდაუვალია. შეგიძლიათ, მეტი გვითხრათ ამ განწყობის შესახებ?
ყველა ჩვენგანს ჰყავს საკუთარი კამიუ. შესაბამისად, ვისაც არ უნდა შევხვდე, თითოეულმა წინასწარ იცის – ვინ ვარ, რას წარმოვადგენ. რა თქმა უნდა, ადამიანები ზოგადად ასე ვფუნქციონირებთ, მაგრამ ნობელის პრემიის ლაურეატის შვილთან ცრურწმენებისკენ მიდრეკილება ათმაგდება. თავი სხვებისგან განსხვავებულად არასდროს წარმომიდგენია: ბუნება და ცხოველები მიყვარს; აკადემიურ ჟარგონებს ვერ ვიტან! არაფერს ვამტკიცებ. ცხოვრება ისედაც ზედმეტად რთულია, სხვისი როლის მორგებით კიდევ უფრო რომ არ დავიმძიმო ყოველდღიურობა. ამის მიუხედავად, არიან ადამიანებიც, რომლებსაც ისეთი მოვწონვარ, როგორიც ვარ. ამას წინათ ერთმა ქალმა მითხრა, რომ ალბერ კამიუს ყველაზე ლამაზი შემოქმედება ვარ. სიხარულისგან ლამის გული წამივიდა!
წერილებიდან რამდენიმე დეტალი თქვენს ბავშვობაზეც გავიგე. მაგალითად, მამათქვენს აღელვებდა, სათვალის ტარება რომ გიწევდათ. ასევე შინაური ჯორი გყოლიათ, სახელად პამინა, რომელიც ბაღში ყვავილებს ანადგურებდა. თქვენ თუ გაიგეთ ამ წერილებით რამე ახალი მამაზე?
ვწუხვარ, მაგრამ მამაჩემის გარდა არაფერი მიპოვია. ახალიც არაფერი გამიგია. დაბადების წამიდან ბავშვს საკუთარ მშობლების ვინაობა კარგად მოეხსენება, თუმცა ამას სიტყვებით ვერ გამოხატავს. ამიტომაც არასდროს უნდა მოატყუო შვილი – მიხვდება და დანაშაულის გრძნობა შეიპყრობს.
30 წელი გავიდა სანამ ამ ასობით წერილს დაარედაქტირებდით და გამოაქვეყნებდით. რაზე ფიქრობდით, როცა კასარესა და მამათქვენის მიმოწერას კითხულობდით? და მათი გასაჯაროება ახლა რატომ გადაწყვიტეთ?
დღეს ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ შემაშფოთა საზოგადოების მიერ მარიას დავიწყების იდეამ. მათი მიმოწერა შეუდარებელია. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ ქალის სიყვარულის გარეშე მამა ვერ მოახერხებდა სხვადასხვა განსაცდელს გამკლავებოდა. ბოლო წერილი რომ წავიკითხე, დავსევდიანდი, მამა რომ ჩვენთან აღარაა.
კასარესთვის მიწერილ წერილებში კამიუს დაუცველობამ და გულახდილობამ გამაოგნა. ალბათ, ეს „უცხოს“, „სიზიფეს მითის“, „შავი ჭირისა“ და „ამბოხებული ადამიანის“ მკითხველისაც გააკვირვებდა. თქვენ თუ გაგაოცათ მამათქვენის ასეთმა მყიფე ხასიათმა?
მამა ყველა ჩვენგანივით ადამიანი იყო. მისი ნაწერები გვახსენებს – ჩვენს სიდიადეს საკუთარი სისუსტეები და ნაკლოვანებები განაპირობებს. პირადად მე, ადრეული ასაკიდანვე ვგრძნობდი მამის ტანჯვას და მარტოსულობას. მაგრამ ძალიან პატარა და მორცხვი ვიყავი, მეთქვა – როგორიც იყო, ისეთი რომ მიყვარდა.
რა თქმა უნდა, შეუძლებელია, სხვის მაგივრად ილაპარაკო, თუნდაც – ან, შესაძლოა, განსაკუთრებით მაშინაც, როცა ეს ადამიანი მამაშენია. და მაინც, შეგიძლიათ გვითხრათ, რა განაპირობებს დღეს კამიუს შემოქმედების აქტუალურობას?
მკითხველებისგან მიღებული უთვალავი წერილის გათვალისწინებით, მამაჩემმა, უბრალოდ, დიდი სიკეთე დათესა. გაქრნენ იდეოლოგიები, რომლებსაც მამაჩემი ებრძოდა, მაგრამ დღესაც გვიწვევს იმ აბსტრაქციების გარემოცვაში ცხოვრება, რომლებისაც მამას ასე ეშინოდა. კამიუ უცვლელია: ადამიანური და გასაგებ ენაზე მოსაუბრე; მომავლისადმი პესიმისტური ხედვის მიუხედავად, აწმყოს დიდი ოპტიმიზმით შემყურე. ჩვენ მის წუხილს, იმედს, სევდასა და სიხარულს ვიზიარებთ. ამიტომაც უძლებს მამას შემოქმედება დროით საზღვრებს. მისი წიგნები ქმნის ერთგვარ თანამეგობრობას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მარტოობას გვიმსუბუქებს.
© არილი