ზაზა თვარაძე, “მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებირვი მოგზაურობა”. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.
ელი პატარა გოგონაა, თუმცა ხიფათიანი თავგადასავლებისა და ცხოვრებისეული ქარტეხილების გამოვლა მას ადრევე მოუხდა. გოგონა მარტოდმარტო გაემართა ომში დაკარგული მამის მოსაძებნად, გზაში კი ბოროტ ჯადოქრებს გადაეყარა, რომლებიც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ელისთვის მამის პოვნაში. თუმცა, პატარა და კეთილი გოგონას დასახმარებლად კეთილმა ჯადოქრებმაც არ დაიშურეს ძალა… “მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა” სიკეთეზე, სათნოებაზე, ბოროტების სიბნელესა და უძალობაზე უამბობს ბავშვებს, პატარები ხალისით წაიკითხავენ გოგონას ზღაპრულ თავგადასავალს.
ემილი ბრონტე, “ქარიშხლიანი უღელტეხილი”. მთარგმნელი ასმათ ლეკიაშვილი, რედაქტორი გიორგი დარსალია. თბ. “არეტე” 2008.
ალბათ არც თუ ისე ბევრი ავტორი მოიძებნება მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურის ისტორიაში, თავისი ერთადერთი წიგნით რომ დაემახსოვრებინა თავი მკითხველისათვის. ემილი ბრონტეს ერთადერთი რომანი “ქარიშხლიანი უღელტეხილი” კი თამამად ჩაეწერა ბრიტანული ლიტერატურის ყველაზე საყურადღებო ნაწარმოებთა რიგში და დღემდე არც მკითხველთა აღტაცება განელებულა მის მიმართ. რომანი სიყვარულსა და სიძულვილზე, სიკეთესა და სისასტიკეზე – ახლა უკვე ქართველ მკითხველს მშობლიურ ენაზე შეუძლია გაეცნოს “ქარიშხლიან უღელტეხილს”.
დავით ქართველიშვილი, “ახალი წიგნი”. (რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.
როგორ იქცევიან მწერლები, როდესაც მათ საკმაოზე მეტად მსუყე თანხის საფასურად არც მეტი, არც ნაკლები, უცხო ადამიანის ავტობიოგრაფიის წერას უკვეთავენ? უძლებენ თუ არა ცდუნებას, ნებისმიერი პირობა მიიღონ დამკვეთისგან სოლიდური თანხის ნაცვლად? როგორ გადმოდიან წიგნის პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში, ან პირიქით – როგორ იმკვიდრებენ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები თავს წიგნის გმირებად… დავით ქართველიშვილი მკითხველს კიდევ ერთ ახალ რომანს სთავაზობს, მწერლის უკეთ გასაცნობად კი ასევე შეგიძლიათ მისი პირველი რომანი “იყო საღამო, იყო დილა” და მოთხრობების კრებული წაიკითხოთ.
“სჯანი” (ლიტერატურულ-თეორიული ჟურნალი). რედაქტორი ირმა რატიანი. თბ. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა 2008.
ლიტერატურა ცოცხალი ორგანიზმია, შესაბამისად, მისი თეორიაც განახლებასა და თანამედროვე მიდგომებს საჭიროებს. სწორედ ამას ემსახურება ჟურნალი “სჯანი”. ლიტერატურის თეორიის პრობლემები, პოეტური პრაქტიკები, ლიტერატურათმცოდნეობის ქრესტომათია, კრიტიკული დისკურსი, თარგმანის თეორია, ფოლკლორისტიკის თანამედროვე კვლევები – ეს ის რუბრიკებია, რომლებსაც ლიტერატურის თეორიით დაინტერესებული მკითხველებისათვის სხვადასხვა ქართველი თუ უცხოელი ავტორები განავრცობენ. ჟურნალში ასევე წაიკითხავთ ახალი ქართული თუ უცხოური წიგნების მოკლე მიმოხილვას.
“თავისუფლების დღიურები 2008”. შემდგენლები მარინა ვაშაყმაძე, დავით კაკაბაძე. პრაღა-თბილისი. პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა 2009.
ისტორიას ადამიანები ქმნიან, მათი ყოველდღიურობა და ცხოვრების წესი ამა თუ იმ ეპოქის ანარეკლია. ამჯერად 2008 წლის შესახებ “რადიო თავისუფლების” პროექტის ფარგლებში 52 ადამიანის დღიურიდან შეგვექმნება საერთო წარმოდგენა. სხვადასხვა პროფესიის, სოციალური ფენისა თუ სტატუსის მქონე ადამიანები თავიანთი რამდენიმე ჩვეულებრივი დღის შესახებ გვიამბობენ. წიგნს ასევე თან ერთვის კომპაქტდისკი, რომელზეც 52-ივე დღიურის მცირე ფრაგმენტებია ჩაწერილი. ნინო ანანიაშვილი, დავით გამყრელიძე, იური მეჩეთოვი, დათო ტურაშვილი, ეკა ბესელია, გიორგი ლობჟანიძე, ლევან წულაძე, თინათინ ხიდაშელი და სხვები აგვისტოს ომამდე და ომის შემდგომ 2008 წლის თბილისზე, ქართულ ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე გვიამბობენ.
ჟან-ბატისტ დიუროზელი, “ევროპა. მისი ხალხების ისტორია”. მთარგმნელები გურანდა დათაშვილი, ქეთევან კვანტალიანი, ნინო ლეჟავა. თბ. “ჯისიაი” 2008.
რა არის ევროპა, საიდან და რატომ შეიქმნა მისი თანამეგობრობა, როგორი იყო ევროპამდელი ადამიანი და საიდან მოვიდა იგი ევროპაში – ეს და კიდევ ბევრი სხვა შეკითხვა დღესდღეობით ხშირად ჩნდება ევროპასთან, როგორც უკვე მეტად მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ კულტურულ წარმონაქმნთან, დაკავშირებით. ფრანგი ავტორის, ჟან-ბატისტ დიუროზელის, წიგნიც სწორედ ევროპასა და მის ისტორიას მიმოიხილავს. დიუროზელი დღემდე რამდენიმე ნაშრომის ავტორია, მათს შორის აღსანიშნავია “დიპლომატიის ისტორია 1919 წლიდან დღემდე”, “ევროპა 1915 წლიდან დღემდე” და “კლემანსო”.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“