Uncategorized

ახალი წიგნები (იანვარი, 2009)

“La femme promise”
Jean Rouaud
“ქალის შეპირება”
ჟან რუო
422გვ, Gallimard

როდესაც ორი უცნობი ადამიანი – ქალი და კაცი ერთმანეთს ხვდება, მათ ერთმანეთთან მხოლოდ აწმყო აკავშირებთ. არ არის გამორიცხული, შემდეგ მომავალმაც დააკავშიროს, მაგრამ წარსულთან პირისპირ შეხლა ცოტა არ იყოს, უცნაურია. მათი წარსული კი ასე გამოიყურება: დანიელი – ბირთვული ფიზიკის მკვლევარი, მერიენი – პერსპექტიული მხატვარი. სად ან როდის გადაიკვეთა ამ ორი ადამიანის წარსული, რატომ აღმოჩნდნენ ისევ ცხოვრების გავლილი წლების წინაშე – ამას ფრანგი მწერალი, გონკურის პრემიის ლაურეატი, ჟან რუო, თავის ახალ რომანში გვიყვება.

“The Secret Scripture”
Sebastian Barry
“საიდუმლო საღვთო წერილი”
სებასტიან ბარი
300გვ, Viking

გასული ასწლეულის ირლანდია, გადატრიალებებისა და ძალადობრივი ხელისუფლების ქვეყანა; ისტორია, რომელიც საბოლოოდ ყოველგვარ სისასტიკესა და ბოროტებას თავის კუთვნილებად და წარსული ამბების შეკვრად აქცევს, მანამდე კი ამ ამბებში ჩვეულებრივი ადამიანები არიან გარეულნი, მათი თანამონაწილეობით ხდება მკვლელობები, ისინი არიან მკვლელები ან მოკლულები. ირლანდიური სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლის ეპიცენტრში ამჯერად როზენია – სებასტიან ბარის ახალი რომანის პერსონაჟი. ქალის სილამაზე, ცბიერება, სისასტიკე და მოქნილობა თანადროული ეპოქის ადეკვატურია. “საიდუმლო საღვთო წერილი” 2008 წლის ბუკერის პრემიის ნომინანტთა შორთლისტში მოხვდა.

“Reborn: Early Diaries, 1947-64 “
Susan Sontag
“თავიდან დაბადება: ადრეული დღიურები, 1947-64”
სიუზან ზონტაგი
336გვ, Hamish Hamilton

სიუზან ზონტაგი 2004 წელს გარდაიცვალა, თუმცა კი თავის ვაჟს, და ასევე რედაქტორს, დევიდ რიფს, დღიურებითა და სხვადასხვა ჩანაწერებით სავსე ასამდე რვეული დაუტოვა. ერთ-ერთ მათგანს მკითხველი სწორედ ახლა გაეცნობა – “თავდან დაბადება” ახალგაზრდა კრიტიკოსი ქალის პორტრეტს გვთავაზობს, რომელიც ბოლოს იმ აზრამდეც მივა, რომ თავისი პირველი რომანი გამოსცეს, ერთი წლით ადრე კი კემპის თაობაზე დაწერილი ესე მას ცნობილი ამერიკელი ინტელექტუალის სახელს შესძენს. პარალელურად კი – პირადი ცხოვრება, ოჯახი, გაყრა, დედობა – ზონტაგის კარიერის დასაწყისი არაერთი საინტერესო ფაქტით იყო გამორჩეული, რაც მკითხველს კიდევ უფრო კარგად გააცნობს ავტორს.

“Charles Dickens and the House of Fallen Women”
Jenny Hartley
„ჩარლზ დიკენსი და დაცემულ ქალთა სახლი“
ჯენი ჰართლეი
288გვ, Methuen

ჯენი ჰართლეის ახალი წიგნი დიკენსის ბიოგრაფიითა და შემოქმედებით დაინტერესებული აუდიტორიისათვის კიდევ ერთი სიურპრიზია – ამბები, რომლებსაც ავტორი თავის ნაწარმოებში გვიყვება, მწერლის შესახებ აქამდე უცნობ და გაურკვეველ ბიოგრაფიულ დეტალებს გვიაშკარავებს. ჰართლეის მიხედვით, დიკენსის ცხოვრება რამდენადმე უკავშირდება ლონდონის გარეუბნის, Shepherd’s Bush-ის ერთ-ერთ ციხე-სიმაგრეს, სადაც მკაცრ დისციპლინასა და სისასტიკეს გაქცეული ქალები თავს აფარებდნენ. როგორც აღმოჩნდა, მწერალი სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ამ თავშესაფარსა და მის ბინადრებს მფარველობას უწევდა.

“Rimbaud: The Double Life of a Rebel”
Edmund White
“რებმო: მეამბოხის ორმაგი ცხოვრება”
ედმუნდ უაითი
192გვ, Atlantic

მას შემდეგ, რაც არტურ რემბო 37 წლის ასაკში მარსელის ჰოსპიტალში გარდაიცვალა, მისი სახელი სიმბოლისტების, დადაისტების, ეგზისტენცალისტებისა და სიურეალისტების გავლენების შემდეგ მოდერნიზმის პიონერად იქნა კანონიზირებული; ამის გარდა მასვე მიეწერა არაერთი მითიური სტატუსი – ანტიგმირი, მეამბოხე ყველასა და ყველაფრის მიმართ, ჭირვეული პოეტი, და ბოლოს, ლიტერატურის გენიოსი… ალბათ იოლი არ არის, ასეთი ადამიანის ბიოგრაფიის დაწერა, თუმცა, წიგნის ავტორი, ედმუნდ უაითი ამბობს, რომ წერის პროცესში მან პოეტთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება შეძლო და რაღაც დროის განმავლობაში სურვილიც კი გაუჩნდა, რომ რემბო ყოფილიყო. მკითხველი უაითის ახალ წიგნში არაერთ საინტერესო დეტალს აღმოაჩენს ფრანგი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

“Meine Preise”
Thomas Bernhard
“ჩემი ჯილდოები”
თომას ბერნჰარდი
139გვ, Suhrkamp

“ჩემი ჯილდოები” ავსტრიელი მწერლის აქამდე გამოუქვეყნებელი ტექსტია, რომელიც მწერლის გარდაცვალების ოცი წლის თავს მიეძღვნა – ბერნჰარდი 1989 წლის 20 თებერვალს გარდაიცვალა. ავტობიოგრაფიული ნაწარმოების სათაური იმ მრავალრიცხოვან პრემიებსა და ჯილდოებს უკავშირდება, რომელთა მფლობელიც ბერნჰარდი 1979 წლამდე გახდა, და რომელთაც იგი საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. გამომცემლის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ ბერნჰარდმა წიგნის წერა 1980 წელს დაამთავრა, თუმცა კი ანდერძში მიუთითა, მისი გამოუქვეყნებელი ტექსტები ავსტრიაში არ გამოეცათ.

© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box