უსათაურო, 3 გვერდიანი მოთხრობა, რომლის პერსონაჟიც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდია, დაუნდობელი მოკრივე, რომელიც რინგს განადგურებული, მაგრამ გამარჯვებული ტოვებს;
ჩანაწერები რომანზე, რომელიც არასოდეს დაწერილა და უნდა ყოფილიყო „პიკარესკული რომანი ამერიკისთვის“. მოგვითხრობდა ციხიდან გაქცეულ პერსონაჟზე;
ფოტო, რომელზეც 18 წლისაა, წითელი უნიფორმა აცვია და რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული, ვიდრე დაჭრიდნენ და იმ გამოცდილებას მიიღებდა, რომელიც მისი რომანის „მშვიდობით, იარაღო!“ შთაგონებად იქცა.
წიგნაკი, რომელიც 1926 წლიდან იწყება და რომლის რამდენიმე გვერდიც სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე ლაპარაკს ეთმობა;
ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ შთამბეჭდავი კოლექციისა, რომელიც ახლახან გაიხსნა მკვლევრებისა და საზოგადოებისთვის პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
„ტობი და ბეტი ბრიუსების კოლექციად“ წოდებული ნივთები მოიცავს ოთხ გამოუქვეყნებელ მოთხრობას, ჩანაწერებს, ასობით ფოტოს, მიმოწერას და, როგორც ამბობენ, შეუძლია, მნიშვნელოვნად შეცვალოს ჩვენი შეხედულებები ჰემინგუეის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
ჰემინგუეის მკვლევრები წლების განმავლობაში მოუთმენლად ელოდნენ ბრიუსის კოლექციის აღმოჩენას, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდნენ არც მისი ადგილსამყოფელი და არც ის, კონკრეტულად რა მასალას შეიცავდა. ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ 1939 წელს, მას შემდეგ, რაც ჰემინგუეის მეორე ქორწინება დაინგრა, მან ნივთები თავის საყვარელ ადგილას, „ჯოს ბარში“ დატოვა შესანახად, წასაღებად კი არასოდეს დაბრუნებულა.
ჰემინგუეის სიკვდილის შემდეგ მისმა მეოთხე ცოლმა ამ ნივთების ნაწილი აიღო, დანარჩენი კი ჰემინგუეის დიდი ხნის მეგობრებს, ბეტისა და ტობის გადააბარა. კოლექცია მემკვიდრეობით მათ ვაჟს, ბენჟამინ ბრიუსს ერგო, რომელიც მას დაუხარისხებლად ინახავდა ყუთებში და მისი მოპოვება მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში მოხერხდა.
მკვლევარი სანდრა სპანიერი ამბობს, რომ, საბედნიეროდ, ჰემინგუეის ძალიან უყვარდა ნივთების შენახვა და ქვითრებსა და ბილეთებსაც კი აგროვებდა. ამიტომაც ეს კოლექცია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერლის განსხვავებულად დანახვაში, მის უკეთ გაგებაში გვეხმარება. იმავეს ფიქრობს ერნესტ ჰემინგუეის ფონდის პრეზიდენტიც. მისი თქმით, ჰემინგუეი მითოლოგიზებული იყო სიცოცხლეშივე და მისი საჯარო სურათი რეალობის მხოლოდ ნაწილს ასახავდა. ასე რომ, იგი ბევრად უფრო საინტერესო ადამიანია, ვიდრე მის შესახებ შექმნილი მითები გვეუბნება.
სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ ზოგჯერ ჰემინგუეის ზოგიერთი თვისება ჩრდილავდა მისივე ტექსტებს და ტოქსიკური მასკულინობის გამოხატულებად აქცევდა. მაგრამ თუ უფრო ღრმად გავიაზრეთ ჰემინგუეის ცხოვრებას, აღმოვაჩენთ, რომ ვცდებით და მისი პიროვნების მხოლოდ მცირე ნაწილს აღვიქვამთ.
მაგალითად, მის ერთ-ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ: „მრავალი წლის მანძილზე მაშინებდა სიკვდილი და ძალიან კომფორტულია, ახლა რომ აღარ მეშინია. რა თქმა უნდა, ეს შიში ნებისმიერ დროს შეიძლება დამიბრუნდეს“ – 1926 წელს დაწერილი ეს სიტყვები ცხადყოფს, რომ ავტორის სუიციდური ფიქრები ბევრად უფრო ადრინდელია, ვიდრე მკვლევრებს წარმოედგინათ. ჩანაწერი ჰემინგუეის მამის თვითმკვლელობამდე 2 წლით ადრეა გაკეთებული. 1961 წელს თავად მწერალმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
წერილების გარდა, კოლექცია მოიცავს ჰემინგუეის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც, რაც საშუალებას გვაძლევს, მისი თვალით დავინახოთ სამყარო. სპანიერი ამბობს, რომ ეს დროში მოგზაურობას ჰგავს, ისტორია წამიერად ცოცხლდება და ხედავ ზუსტად იმას, რასაც ის განიცდიდა და ხედავდა კონკრეტულ მომენტში.
ჩანაწერებთან ერთად კოლექციაში ნახავთ მის ნივთებსაც. მაგალითად, ჰემინგუეის საყვარელ სათამაშოს, რომელთანაც ბავშვობაში ეძინა ხოლმე.
ყველაზე სახალისო ნაწილი კი მაინც ფიცჯერალდს შეეხება, რომელიც პროფესიონალ მოკრივედ ჰყავს მოთხრობაში გამოყვანილი. ცნობილი ამბავია, რომ ჰემინგუეისა და ფიცჯერალდს რთული ურთიერთობა ჰქონდათ. ერთმანეთს 1925 წელს შეხვდნენ, პარიზში, მაშინ, როცა „დიდი გეტსბი“ უკვე გამოქვეყნებული იყო. ფიცჯერალდი მეტად გამოცდილი გახლდათ და კავშირებიც მეტი ჰქონდა, სწორედ მან წარუდგინა ჰემინგუეი მაქსველ პერკინსს.
ეს მოკლე მოთხრობა სახალისო და მიმზიდველია, პერსონაჟთა შორის კი ჯონ მილტონი, ჯონ კიტსი და პერსი შელიც გვხვდებიან.
„ფიცჯერალდის საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ჰემინგუეი გრძნობდა, რომ ფიცჯერალდმა მწერლური თუ ფიზიკური ვაჟკაცობით აჯობა.
აღსანიშნავია, რომ მოთხრობა დაუთარიღებელია, ამიტომ რთულია, განსაზღვრო, მათი ურთიერთობის რომელ ეტაპზე დაიწერა.
კოლექციის ნაწილია ასევე მისი პატარა მოთხრობა, უფრო ზუსტად, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ სტილის ზღაპარი, რომელიც დასცინის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ეკონომიკურ პოლიტიკასა და „ახალ კურსს“. ელისი ცდილობს, ალღო აუღოს ფინანსურ საკითხებს იმ სესხის მიხედვით, რომელიც არასოდეს აუღია. ეს ჩანაწერები არა მარტო ავტორის პოზიციას გვიჩვენებს, არამედ ხაზს უსვამს, როგორ შეეძლო ჰემინგუეის, სიტყვებით თამაშით შეექცია თავი.
„The New York Times” სტატიაში ჰემინგუეის რამდენიმე საინტერესო ფოტოსაც აქვეყნებს.
© არილი