ბაკურ სულაკაური ბევრს წერს იმაზე, თუ რამხელა სამართლებრივი პრობლემები მოყვება წიგნებით გარე ვაჭრობას. მაშინ მეც დავდგამ სტენდს და ვინ ამიკრძალავსო. მაგრამ ამდენი წელია წიგნები ქუჩაში იყიდება და განსაკუთრებული ლეგალური დილემები არ შემინიშნავს. არ ყოფილა წიგნებით ქუჩაში ვაჭრობა აკრძალული, მაგრამ თავად ბაკურს სტენდები არ დაუდგამს. რატომ ჰგონია, რომ მაინცდამაინც ახლა მიასკდება სტენდებიანი ხალხი თბილისის ქუჩებს? ვითომ პომიდვრის გამყიდველები ახლა წიგნებით ვაჭრობაზე გადავლენ?
არიან თუ არა ისინი ბუკინსტები?
ვეთანხმები ბაკურს იმაში, რომ ამ საკითხისადმი მიძღვნილ ზოგიერთ წერილში მოხდა წიგნის გამყიდველების ჰეროიზაცია და სენტიმენტალიზაცია. პირადად მე, უნდა გამოვტყდე, მაინტერესებს პროდუქტი, რომლებსაც ისინი მთავაზობდნენ.
ეს პროდუქტი იყო უნიკალური. და აი, რატომ: დღეს წიგნის მაღაზიაში შეუძლებელია ქართულ ენაზე იყიდო მელვილის ”მობი დიკი”, კამიუს ”უცხო”, კაფკას ”პროცესი”, ჯოისის ”ულისე”, პლატონის ”ნადიმი”, ჰომეროსის ”ოდისეა”, ტოლსტოის ”ანა კარენინა” და ა. შ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღეს გამოცემული წიგნებით რომ დავკმაყოფილდეთ, ”ლექტორული” შიმშლით მოვკვდებით. გამოდის კარგი წიგნებიც, გამოდის მეშვიდეხარისხოვანი წიგნებიც (მაგალითად, თანამედროვე ფრანგული ლიტერატურა, რომელსაც მგონი თავად საფრანგეთშიც არ იცნობენ). მაგრამ არ გვაქვს ყველაზე საბაზისო რაღაცეები. ბაკური დავით პაიჭაძის გადაცემაში სვამდა კითხვას – ერთი ნორმალური ქალაქი მითხარით, სადაც წიგნები მთავარ გამზირზე იყოს გამოტანილიო. მაგრამ აბა ბაკურმა ერთი ნორმალური ქვეყანა დამისახელოს, რომელშიც ის წიგნები, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, გაყიდვაში არ იყოს და მკითხველს ოცდაათი წლის წინანდელი გამოცემების ძებნა უხდებოდეს. შედით ამაზონის ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ საიტებზე, ანაც ოზონ.რუ-ზე და შეადარეთ. მე ხომ რაღაც სპეციფიკური ლიტერატურა არ ჩამომითვლია. მე ჩამოვთავლე წიგნები, რომელთა წაკითხვის გარეშეც ადამიანი გაუნათლებლად ითვლება. დაამატეთ ზემოთჩამოთვლილებს გალაქტიონის მოზრდილი კრებული, ვაჟას მრავალტომეული, ივანე ჯავახიშვილის ”ქართველი ერის ისტორია”, პროკლეს პეტრიწისეული თარგმანი – წიგნები, რომელთა გარეშეც ქართული კულტურა არ არსებობს. დღეს საქართველოში არაა წიგნების მაღაზია, სადაც ამ წიგნებს შევიძენდი.
კი, ბატონო – ამ წიგნებს შეიძლება ახალი წიგნებიც შეერიოს და შეიძლება რუსეთიდაც ჩამოტანილიც. მაგრამ რა ჯობია? რაღაც წიგნები ერთმანეთს შეერიოს თუ ის, რომ თბილისში სულ ორი ადგილი იქნება, სადაც მსოფლიო და ნაციონალურ კლასიკას შეიძლება გადააწყდე?
მაღაზიები და სტენდები
მთავარი პრობლემა აქაც სულ სხვაა – არა ის, რომ სტენდები აფერხებს დისტრიბუციას, არამედ ის, რომ სადისტრიბუციო ბევრი არაფერია. მე ვიცი, რომ ბაკური მეტყვის, დღეს მეტი წიგნი გამოდის, ვიდრე საბჭოთა კავშირშიო. არ ვიცი, ასეა თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვიცი – დღეს ბევრი ის წიგნი არ გამოდის, რომელთა წაკითხვაც აუცილებელია. ”ჰარი პოტერით” შეიძლება ბავშვს კითხვა შეუყვარდეს, მაგრამ ძალიან ცუდი იქნება, თუ ის როულინგზე გაჩერდება და ჰემინგუეიზე არ გადავა. ჰოდა, მაინტერესებს, სად ვიყიდოთ ”დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა”? დღეს თბილისში ერთადერთი კარგი ბუკინისტური მაღაზიაა (აღმაშენებელზე). ყველაფერი დანარჩენი იმდენად მცირემასშტაბიანია, რომ სათვალავში ჩასაგდები არაა. დედაენის ბაღში გადატანით შეიქმნება მეორე ასეთი წერტილი. ძალიან კარგი, რომ შეიქმნება, მე ამას მხოლოდ მივესალმები. მაგრამ სულ ესაა? თბილისში ორად-ორი ადგილი უნდა იყოს, სადაც შეიძლება ლიტერატურის ყიდვა?
ესთეტიკური საკითხები
დიახ, არაა სასიამოვნო ცელოფანგადაფარებული წიგნების ყურება. მაგრამ სანამ არ იქნება თბილისში კარგი წიგნის მაღაზიები, რაც არის, ეს არის. არც ისაა სასიამოვნო, ჩემს ქუჩაზე მათხოვარი სანაგვე ყუთში რომ იქექება, მაგრამ ვერ ავუკრძალავთ – დარწმუნებული ვარ, ამას არ იზამდა, რომ არ სჭირდებოდეს.
არგუმენტი, რომ თურმე ახლა უკვე სუპერმარკეტებშიც იყიდება წიგნები, ცოტა არ იყოს, არასერიოზული მგონია – ჩემს ქუჩაზე დიდ სუპერმარკეტში სულ 12 დასახელების წიგნია, ძირითადად საბავშვო. ეს ვის რაში ეყოფა?
თბილისში ბევრი წიგნის მაღაზიააო? ბევრი არ ვიცი და რა იყიდება ამ მაღაზიებში? თავად ბაკურის წიგნის მაღაზიიდან ხშირად ისე გამოვსულვარ, რომ ერთი წიგნიც კი ვერ მიყიდია, მაშინ როდესაც თსუ-ს წინ მდებარე მიწისქვეშა გასასვლელიდან წიგნებით სავსე პარკებს ძლივს მოვათრევდი ხოლმე. ლაპარაკი არაა მხოლოდ ფასებზე, რომლებიც სერიოზულად განსხვავდება ერთმანეთისგან (სელინჯერის ახალი თარგმანი, თუ არ ვცდები, 8 ლარი ღირს, სელინჯერის ძველი თარგმანი 1 ლარადაც მინახავს). ლაპარაკია იმაზე, რომ ახალგამოცემულ წიგნებს შორის ხშირად ვერ ვპოულობ ვერაფერ საინტერესოს. ეს არაა ბაკურის, როგორც მაღაზიის მფლობელის, ბრალი. ეს ”ბაკურის”, როგორც გამომცემლის, ”ბრალია”. მაგრამ ბაკურიც ვერაფერს იზამს, თუ ბაზარი არ იქნა. მივანდოთ წიგნები ბაზარს? მაშინ რატომ ვაფინანსებთ ოპერას? ბალეტს? თეატრს? კინოს? სპორტს? მეცნიერებას? მაშინ ესენიც ბაზარს მივანდოთ, ვიყოთ თანმიმდევრულები. და ასე ორასი წლის შემდეგ თანამედროვე კულტურაც გვექნება.
და აქ მივედით ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე: პირადად მე ერთადერთ შემთხვევაში მივიჩნევ მისაღებად ქუჩიდან სტენდების აღებას. თუ სახელმწიფო შექმნის პროგრამას, რომლითაც დააფინანსებს მსოფლიო და ნაციონალური კლასიკის გამოცემას და თარგმნას. თუ მე მეცოდინება, რომ ზემოთჩამოთვლილ წიგნებს უპრობლემოდ ვნახავ მაღაზიებში, მაშინ სტენდები აღარ მაინტერესებს.
თუ ”ნორმალურ” ქვეყნებზე გვაქვს სწორება, ყველა ასეთ ქვეყანას აქვს წიგნების მხარდაჭერის პროგრამა. მართალია, მათ კლასიკის თარგმანების მხარდაჭერა აღარ სჭირდებათ, მაგრამ რას არ იზამს ადამიანი ქვეყანაში, სადაც გოეთე (”ფაუსტის” მეორე ნაწილი) და პრუსტი არაა თარგმნილი და სადაც შექსპირი და რაბლე არ გამოიცემა.
ხოლო თუ სახელმწიფო ამ ტვირთს ვერ ზიდავს, მაშინ მოგვეცით საშუალება, ისევ ისე ვიყიდოთ წიგნები, როგორც ღარიბი ქვეყნის ადამიანებს შეეფერება.