• პროზა

    გია გაბრიჩიძე – მოთხრობა

    თავიდან სათაურად “ლურჯი რვეულის ჩანაწერები”
    მინდოდა დამერქმია
    (თუ არ ვცდები, რომელიღაც ნაწარმოებს ჰქვია მსგავსი სახელი),
    შემდეგ “მანეკენი” ვიფიქრე
    (მგონი ასეთიც უნდა იყოს).
    ვერ გადავწყვიტე და ამიტომ არჩევანი თქვენთვის მომინდვია. როგორც გენებოთ, ისე მოიხსენიეთ, რადგანაც
    ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია რა ერქმევა.
    უბრალოდ ცოტა მეუხერხულება ასეთი დიდი სათაური რომ გამოვიდა
    (არა უშავს, უარესებიც ხდება)

    დასავლეთ ევროპაში კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ, “კაი შეკრული” “ოპელ-ვექტრა” ვიყიდე და სახლში დაბრუნება გადავწყვიტე. რადგანაც იქ საერთოდ არავინ არ მელოდებოდა გარაჟში მდგომი, “ექიმის და პედაგოგის ნაქონი” “06” მარკის, თეთრი ჟიგულისა და ცარიელი სახლის გარდა, ამიტომ ვარჩიე ჯერ სასომხეთში ჩავსულიყავი და ზემოთ ნახსენები, 1995 წლის გამოშვება, წითელი ფერის “ოპელ-ვექტრა”, თბილისთან შედარებით გაცილებით უფრო ძვირად გამეყიდა (500 აშშ დოლარი, ჩემი ჯიბის პატრონისთვის, “გაცილებით უფრო ძვირი” თანხაა).
    თბილისში ღამის 12 საათისთვის შემოვედი. არც დაღლილობას ვგრძნობდი და არც მშიოდა (დაბა სურამში საკმაოდ გემრიელად გეახელით). ამიტომ სახლში აღარ შევიარე, მაგრამ მცირე სენტიმენტალურმა გრძნობებმა მაინც “დამრია ხელი” და “ნაბერეჟნით” პირდაპირ ერევნისკენ წასვლის ნაცვლად, ჭავჭავაძის გამზირზე ჩავლა გადავწყვიტე.
    უჩვეულო სიჩუმე იდგა ქალაქში. არც ისე გვიანი იყო, მაგრამ ქუჩაში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ამ უცნაურ “მოვლენაზე” დაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ მოულოდნელად საჭე მარცხნივ გამექცა, დავამუხრუჭე და მანქანიდან გადმოვედი. წინა მარცხენა საბურავი დაშვებულიყო.
    მანქანა ბორდიურთან მივაგორე, საბურავი სწრაფად გამოვცვალე, ერთხელ კიდევ გავხედე ცარიელ გამზირს და ის ის იყო, მანქანაში ჩაჯდომას და წასვლას ვაპირებდი, რომ ტანსაცმელების მაღაზიის ვიტრინასთან დაგდებული ლურჯი რვეული დავინახე.
    ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ რატომ ავიღე ის რვეული. არასოდეს არ ამიღია ქუჩაში დაგდებული რვეული და დარწმუნებული ვარ, ადამიანთა უმრავლესობაც ასე იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიფიქრე და ახლაც ხშირად ვფიქრობ ჩემს ამ საქციელზე, პასუხი ჯერ ვერ ვიპოვე და ალბათ ვერც ვერასოდეს ვიპოვი.
    მოკლედ, ის რვეული ავიღე, წინა სავარძელზე დავაგდე და სასომხეთისკენ წავედი.
    ერევნის ავტომანქანების ბაზრობაზე სადღაც დილის 6 საათისთვის ჩავედი. მანქანა გარე განათების ბოძის ქვეშ გავაჩერე, სავარძლის საზურგე გადავწიე და მივწექი. რვეული მაშინვე თვალში მომხვდა. ავიღე და საკმაოდ “კარგად კითხვადი” კალიგრაფიით გავსებული ფურცლები გადავშალე.
    ყოველგვარი კომენტარის გარეშე, სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ ჩემს მიერ, ჭავჭავაძის გამზირზე, ტანსაცმელების მაღაზიის წინ, ღამის 12 საათზე ნაპოვნ ლურჯ რვეულში დაწერილ ტექსტს.

    * * * * * * * * *

    “ერთი წუთითაც არ იფიქრო ძვირფასო მკითხველო, რომ მორიგ ფუტურისტულ, ავანგარდისტულ, ან თუნდაც სიურეალისტურ ნაწარმოებთან გქონდეს საქმე და მე, მისი ავტორი, გარდატეხის ასაკის მქონე ქალიშვილების, ან ბალზაკის ასაკის მქონე ქალბატონების ლიტერატურულ კერპად ვაპირებდე გახდომას.
    არც მოდელ-მანეკენის (ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არც სქესს, არც ეროვნებას და მით უმეტეს კანის ფერს) დაძაბული, ინტრიგებითა და სხვადასხვა სახის დაპირისპირებებით აღსავსე ბობოქარი ცხოვრების გადმოცემას არ ვაპირებ.
    არა და არა!
    არაფერი მსგავსი.
    არ ვაპირებ რამდენიმე მიზეზის გამო და ამ მიზეზებსაც ახლავე მოგახსენებთ.
    ჯერ ერთი ძალიან ცუდად ვერკვევი ისეთ ტერმინებში, როგორებიცაა სიურეალიზმი, აბსტრაქციონიზმი, კოლაბორაციონიზმი ან თუნდაც ნეოფაშიზმი. არა, მთლად წყალწაღებულიც არ ვარ და ვიცი, რომ მაიაკოვსკი რაღაც პერიოდი ფუტურისტი იყო, სალვადორ დალი სიურეალისტი, ხოლო ჩემი შორეული ნათესავი კი ნეობოლშევიკია. პირველი ორის შესახებ წამიკითხავს, ნათესავმა კი თვითონ მითხრა, როცა შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს (ნავთლუღის ბაზარში, თუ ვიღაცის პანაშვიდზე აღარ მახსოვს).
    მოკლედ რომ ვთქვა, მხოლოდ ასეთი “ზედაპირული” ცოდნა გამაჩნია და არც ვაპირებ ძალიან ჩაღრმავებას, რადგანაც მართალი გითხრათ მეზარება და მეორეც — თუ რამე მომეწონა, ნამდვილად სულერთია ჩემთვის იმპრესიონიზმს მიეკუთვნება ის, თუ სოცრეალიზმს.
    რაც შეეხებათ მანეკენებს (აი იმათ, Fashion TV-ზე რომ დადიან აქეთ-იქეთ), აქ საქმე გაცილებით უფრო მარტივადაა.
    მე არასოდეს არ ვყოფილვარ არც “პაკაზზე”, არც დეფილეზე და არც “მომავალი სეზონის კოლექციის წარდგენაზე”.
    არა, იმიტომ კი არ ვყოფილვარ, რომ ეგეთი ღონისძიებები არ მომწონს, უბრალოდ არც ერთ მოდელიორს, მანეკენს და საერთოდ მოდის სამყაროს არც ერთ წარმომადგენელს არ ვიცნობ.
    ამ საკმაოდ მარტივი მიზეზის გამო, არამც თუ მანეკენთა ცხოვრების ფარულ მხარეებზე, ყველაზე დაბალი დონის ჩვენების მოსაწვევზეც არ მიმიწვდება ხელი.
    მაშ ასე, დროა ამბავს დავუბრუნდე, რათა ჩემს ცხოვრებაში მომხდარი დიდი ცვლილება თანმიმდევრობით გადმოგცეთ.
    ახლა რომ ვუფიქრდები, ე.წ. “პეპლის ეფექტი” ერთ-ერთი ყველაზე ჭეშმარიტი ეფექტია, ყველა ეფექტებს შორის და ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე აქსიომა კაცობრიობის ცხოვრებაში. შეიძლება ცოტა სითამამეში ჩამეთვალოს, ამ ამბის დასაწყისად ცნობილი ფრაზა “კლეოპატრას ცოტა გრძელი ცხვირი რომ ჰქონოდა, დღეს სამყარო სულ სხვაგვარი იქნებოდაო”, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი ჩემი მეზობლის დაწინაურებით დაიწყო.
    დიახ! ჩემი მეზობელი დააწინაურეს!
    არა, მინისტრად ნამდვილად არ დაუწინაურებიათ, არც მინისტრის მოადგილედ და არც რომელიმე სამმართველოს უფროსად. ის უბრალოდ ერთ-ერთ ბაზრობაზე განთავსებული პოკერ-კლუბის დაცვიდან, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ტანსაცმლის ახლადგახსნილი მაღაზიის დაცვაში გადაიყვანეს.
    ჩემი მეზობელი ერთ-ერთი კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელი გახლდათ.
    აი ისეთი დაცვის სამსახურის, რომელიღაც უცხოური მტაცებელი ცხოველების სახელი რომ ჰქვიათ. უცხოური იმიტომ, რომ მტაცებლებიდან საქართველოში მარტო ტურა, მელია, მგელი და კავკასიური ჯიშის მურა დათვი ბინადრობს (ერთი ლეოპარდიც ყოფილა, მაგრამ ლეოპარდი არ ითვლება). მელია და ტურა, სახელწოდებისთვის არ ვარგა, მგელი გაცვეთილია (ან ბანალური. თქვენ რომელიც მოგწონთ, ის სიტყვა წაიკითხეთ), ჰოდა “კავკასიურ მურა დათვს” ხომ არ დაარქმევ ფირმას?
    ეს ჩემი მეზობელი ერთ-ერთ ეგეთ სამსახურში მუშაობდა და როგორც ზემოთ ავღნიშნე, ერთ-ერთი ბაზრობის ტერიტორიაზე ჩადგმულ პოკერ-კლუბს წელიწადნახევრის განმავლობაში იცავდა. მცირე ხელფასი ჰქონდა, ფორმაც ეცვა და ოპერატორ გოგონასაც ეარშიყებოდა.
    რომ გითხრათ, მზე და მთვარე ამოსდიოდა იმ გოგონაზეო, ტყუილი იქნება, მაგრამ ყოველ სამ დღეში ერთხელ, მთელი 24 საათი 22 წლის გოგონასთან რომ ხარ 18,5 კვ/მ ოთახში, როგორ უნდა გაგიძლოს გულმა, რომ ერთი-ორი ქათინაური არ უთხრა?
    ასეთ ურთიერთობას ფსიქოლოგები “სამსახურეობრივ რომანს” უწოდებენ და კვლევის საკმაოდ საინტერესო მასალასაც წარმოადგენს, მაგრამ ეს ამბავი არც ჩემმა მეზობელმა და მითუმეტეს არც იმ გოგონამ არ იცოდნენ.
    მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ როცა ჩემი მეზობლის “არშიყს” დავაკვირდი (ერთი-ორჯერ ვიყავი მისული იმ პოკერ-კლუბში, მაგრამ არ მათამაშეს), რატომღაც ჩავთვალე, რომ “მისი ქმედება, “კლუბის სტუმართა” წინაშე, საკუთარი უპირატესობის გამოვლენის გრძნობით იყო განპირობებული, ვიდრე იმ გოგონას ჰაბიტუსით. ამ დასკვნის გაკეთების უფლებას ის ფაქტი მაძლევს, რომ ჩემს მეზობელს იმ გოგონას მიმართ გრძნობების “გადმოფრქვევა” სწორედ მაშინ ეწყებოდა, როცა კლუბი ხალხით იყო სავსე, ან ვინმე ისეთი მოთამაშე შემოდიოდა, რომელიც ჩვეულებრივი მოთამაშეებისგან განსხვავებით, უფრო “ქალაქურად” გამოიყურებოდა. გოგონას ასეთ დროს თვალები უჟუჟუნდებოდა (მიუხედავად იმისა, ეტყოდა ის “ქალაქურად გამოწყობილი” რაიმე ქათინაურს, თუ არა), რაც ჩემს მეზობელში “განგაშის სიგნალს” რთავდა, ხოლო ამ ყველაფერზე რეაქციას ყავის დალევის სურვილით გამოხატავდა.
    ეს ჩემი მეზობელი მორიგეობის დამთავრების შემდეგ კარგად გამოიძინებდა და საღამოს ცხრის ნახევარზე 2,60 ლარიანი არყით, 2,50 ლარიანი ძეხვით, 5 კვერცხითა და შოთის პურით ხელდამშვენებული ჩემთან მოდიოდა. ნახევარ საათში სუფრის გაწყობას და პირველი ჭიქის დალევას ვასწრებდით, შემდეგ კი სადღეგრძელოებს “კურიერის” სიუჟეტების შესაბამისად ვსვამდით.
    პრინციპში სადღეგრძელოებს მარტო ის ამბობდა, მე უსიტყვოდ ვსვამდი და ტელევიზორიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე მის მიერ გაკეთებულ კომენტარებს, რომლებიც ნებისმიერ პოლიტოლოგს ფანტასტიკურად მოეჩვენებოდა, თავის დაქნევითა და ფრაზით — “უყურე შენ ამ უნამუსოებს”, ვეთანხმებოდი.
    არ ვიცი, 2,60 ლარიანი არყის ბრალი იყო, თუ იმისი, რომ “კურიერის” მაინცადამაინც არ მჯეროდა, მაგრამ, ბოლო სადღეგრძელოს წინ, გულწრფელად ვიყავი დარწმუნებული, რომ მედვედევის ცოლის დას, მოსკოვში “მოსაპარად” ჩასული ქართველი ბიჭი უყვარდა და მასთან ყველასგან მალულად იყოფდა სარეცელს, ხოლო სარკოზის ბიძაშვილი კი იმ ბაზრობის ყიდვას აპირებდა, სადაც ზემოთ ნახსენები პოკერ-კლუბი იყო ჩადგმული.
    ერთხელ ჩემმა მეზობელმა, ჩვენს “შეკრებაზე”, ოპერატორი გოგონებიც მოიყვანა (სხვა პოკერ კლუბიდან), რომელთაგან ერთი სულ სადღაც რეკავდა, ვიღაცეებთან რაღაც საკითხებს არკვევდა, არც ჭამდა, არც სვამდა და როგორც იქნა წავიდა. მეორე კი ჯერ დათვრა, შემდეგ მრავალმნიშვნელოვნად მომეხუტა (ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა. ეს ფაქტი ჩემმა მეზობელმაც დამიდასტურა) და მერე წავიდა.
    ერთ მშვენიერ დღეს, ღამის პირველ საათზე (ცოტა კონტექსტში არ ჯდება, “ერთ მშვენიერ დღეს, ღამის პირველ საათზე”, მაგრამ ასე ამბობენ და რა ვქნა. ისე დროის გადმოწევაც შემეძლო, პრინციპში თქვენ რას გაიგებდით, მაგრამ რადგან დავწერე, აღარ შევცვლი), ჩემი მეზობელი შავ პიჯაკში, ცისფერ პერანგში, მუქ ლურჯ ჰალსტუხში და ლაქის ფეხსაცმელებში გამოწყობილი მოვიდა. თან მოზრდილი პარკი და ორი საკმაოდ სიმპათიური გოგონა მოიყოლა.
    პარკის შიგთავსი და გოგონები ადრინდელისგან ძალიან განსხვავდებოდნენ (2,60 ლარიანი არყის ნაცვლად 14 ლარიანი კონიაკი (ფასი ეწერა), 2,50 ლარიანი ძეხვის ნაცვლად “ვიჩინა” (ფასი არ ვიცი, რადგანაც არ ეწერა), 5 კვერცხის ნაცვლად 10. პელმენი, არაჟანი, 1,5 კგ “ივერია სოსისი”, მდოგვი, ხსნადი ყავა და 2 კოლოფი წვენი).
    გოგონებიც არსად არ რეკავდნენ, მხიარულად საუბრობდნენ ჩვენთან და თქვენ წარმოიდგინეთ, იცეკვეს კიდეც.
    ყველაზე საოცარი (და ჩემთვის სასიამოვნო) ამ სტუმრობაში კი ის იყო, რომ ჩემმა მეზობელმა თავის მაღაზიაში სამსახური მიშოვა (არა, ის მაღაზია მისი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ამასაც ასე ამბობენ. თუმცა რას გასწავლით, რა თქვენ არ იცით როგორც ამბობენ?).
    რა უნდა მეკეთებინა არ დაუკონკრეტებია, უბრალოდ მითხრა, რომ ხელფასი 400 ლარი მექნებოდა და თვითონ მეპატრონე ამიხსნიდა ჩემს ფუნქციებს.
    მეორე დღეს, სადღაც 12 საათისთვის გოგონებთან ერთად სახლიდან გამოვედი და აღთქმული 400 ლარიანი ხელფასისკენ წავედი.
    4 საათი იქნებოდა, როცა მაღაზიის მეპატრონე, სავარაუდოდ 28-42 წლის ახალგაზრდა, ლამაზი და ძალიან ფრანგული ნაკვთების მქონე ქალბატონი მოვიდა. მას თან აღმოსავლური ნაკვთების მქონე სავარაუდოდ 22-24 წლის გოგონა ახლდა, რომელსაც ძალიან მკაცრი სახე და საშუალო ზომის ლურჯი ბლოკნოტი ჰქონდა. მეპატრონემ ამათვალ-ჩამათვალიერა (იმ გოგონამაც, ოღონდ უფრო მკაცრად და შემფასებლურად) და ჩემი ფუნქციები ამიხსნა.
    როგორც აღმოჩნდა, ეს “მაღაზია დედამიწაზე არსებულ ბუტიკებს შორის, ყველაზე პროგრესული ბუტიკი უნდა გამხდარიყო” და ამის გამო მან (მაღაზიის მეპატრონემ), “გენიალურ იდეას მიაგნო”.
    ჩვეულებრივი პლასტმასის მანეკენები, ცოცხალი მანეკენებით უნდა შეცვლილიყო, მაგრამ “რადგანაც ამ ქალაქში არ მოიძებნება ისეთი მანეკენი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შეძლებს ვიტრინაში გაუნძრევლად დგომას”, მან (ანუ მაღაზიის მეპატრონემ) გადაწყვიტა “ქუჩიდან აეყვანა ხალხი” და ამით “ახალი სიტყვა ეთქვა როგორც ბუტიკების ბიზნესში, ასევე მანეკენების ფუნქციების გაზრდაში”.
    ჩემს შენიშვნაზე, რომ “ქუჩიდან მოყვანილ ხალხსაც” გაუჭირდება ერთ ადგილას მთელი დღის განმავლობაში გაუნძრევლად დგომა, მან ცოტა ხნით თვალები ჭერს მიაპყრო (ამ დროს ლურჯი ფერის ბლოკნოტის მქონე გოგონა სავარძელში შესწორდა და თითქმის დაუფარავი მრისხანებით შემომხედა) და მოულოდნელად აღტაცებულმა განაცხადა, რომ ეს კიდევ უფრო უკეთესია, რადგანაც ის გააკეთებს აბსოლუტურად განსხვავებულ ვიტრინას და ეს “ექშენ” იქნება.
    სასწრაფოდ გადამიხადეს ავანსი და სამი დღის შემდეგ დამიბარეს (რაც ფრიად გვესიამოვნა მეც, ჩემს მეზობელს და იმ ორ გოგონასაც, რომლებიც წინა ღამით გვსტუმრობდნენ და როგორც აღმოჩნდა ამ მაღაზიაში მუშაობდნენ).
    სამი დღის შემდეგ “ახალი, რევოლუციური იდეების მქონე ბუტიკის პრეზენტაცია” გაიმართა (ყოველ შემთხვევაში ასე იუწყებოდა პრესა, რომლის წარმომადგენლებიც საკმაოდ მრავლად იყვნენ პრეზენტაციაზე).
    ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი მოვალეობა გაფართოებულ ვიტრინაში დგომით, ხანდახან სიარულით და თეთრი ფერის მაგიდასთან ჩამოჯდომით განისაზღვრა. შესვენების დროს ჩემთვის მოჰქონდათ იქვე საცხობში ნაყიდი იმერული ხაჭაპური და რძიანი ყავა, რომლებიც “ეტიკეტის სრული დაცვით” უნდა “მიმერთვა” (ეს მეპატრონის სიტყვებია).
    პირველი ერთი კვირა ძალიან გამიჭირდა. უბრალოდ არ ვიცოდი საით გამეხედა და სასიარულო მანძილიც საკმაოდ მცირე იყო. განსაკუთრებით ძნელი იყო დუმილი. მე ხომ მანეკენი ვიყავი და როგორც მოგეხსენებათ, მანეკენები არ ლაპარაკობენ (ან ვისთან უნდა მელაპარაკა, მაგიდის და სკამის დადგმის შემდეგ, მეორე მანეკენის ადგილი აღარ დარჩა), მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიე. დავიწყე გამვლელებზე დაკვირვება, უფრო სწორად ჯერ ცქერა, ხოლო სადღაც სამი თვის შემდეგ უკვე ვაკვირდებოდი მათ.
    თავდაპირველად ხალხი ცოტა არ იყოს ფრთხებოდა. აბა წარმოიდგინეთ როგორია, როცა ტანსაცმელების მაღაზიის ვიტრინასთან დგახარ, ცალი თვალით პროსპექტს გაჰყურებ, რათა ავტობუსის მოსვლა არ გამოგეპაროს, ცალი თვალით კი ვიტრინაში დალაგებულ ათასგვარ აქსესუარს ათვალიერებ (გუნებაში ირგებ კიდეც) და ამ დროს მანეკენი, რომელიც მარჯვენა ხელაწეული და ყელმოღერებული იდგა, უცებ მიდის, მაგიდასთან ჯდება და კვლავ “მანეკენურ” პოზაში შეშდება.
    შეკივლების და მითუმეტეს ჩუმი გინების ხმა ვიტრინის ბრონირებული შუშების მიღმა ვერ აღწევდა, მაგრამ “დამთვალიერებლების” სახის გამომეტყველებით ვხვდებოდი მათს გრძნობებს. ერთი ხანობა, ძლივს ვიკავებდი თავს, რომ არ გამცინებოდა, შემდეგ მივეჩვიე.
    ხალხი მანეკენებს ფაქტობრივად არ უყურებს, მათ უფრო აქსესუარები აინტერესებთ. მიზეზს ოდნავ მოგვიანებით მივხვდი. ის, რაც მანეკენს აცვია, “დამთვალიერებელს” არ აინტერესებს, რადგანაც: 1. უმრავლესობა ტანსაცმლის მყიდველი არ არის (ზოგს არ შეუძლია, ხოლო ვისაც შეუძლია, ის საზღვარგარეთ “იმოსება” (ფრაზა ქართული ჟურნალებიდან)). 2. ვიტრინის იატაკზე დალაგებული აქსესუარები გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია (საჩუქრადაც გამოდგება). 3. რატომღაც ჰგონიათ, რომ მანეკენს “ბრაკი” აცვია. 4. შურთ ჩაცმული მანეკენის აღნაგობის.
    ნელ-ნელა ხალხიც მომეჩვია (ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები დადიოდნენ მაღაზიასთან), თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვებიც კი აღარ იშვერდნენ თითებს ჩემი მიმართულებით და აღარ იცინოდნენ ჩემი გადაადგილების დროს.
    ასეთმა უყურადღებობამ ცხადია ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა, დაახლოებით ორი კვირა ნაწყენიც კი ვიყავი “დამთვალიერებლებზე” და ვცდილობდი მოულოდნელი შერხევით მაინც გამომეწვია მათში რაღაც რეაქცია, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ხალხს უკვე არამც თუ მე, ვიტრინაში დალაგებული ნივთებიც აღარ აინტერესებდა.
    მხოლოდ ერთი გოგონა დადიოდა კიდევ რამდენიმე კვირა, გაჩერებაზე მდგარ რომელიღაც ბანკის სარეკლამო ბილბორდს მიეყრდნობოდა და სევდიანი თვალებით დიდხანს მიყურებდა.
    გოგონა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე არ ცხოვრობდა, რადგანაც მუდამ ავტობუსიდან ჩამოდიოდა. ცოტა ხანს იდგა, მიყურებდა და მერე ისევ ავტობუსს მიჰყვებოდა. შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ის მხოლოდ ჩემს სანახავად მოდიოდა.
    არადა საკმაოდ უცნაურად გამოჩნდა. ხანდახან მიკვირს კიდეც, თუ რატომ მივაქციე ყურადღება, მე ხომ ისედაც უამრავი საქმე მქონდა. ალბათ იმის ბრალი იყო, რომ გაზაფხული დგებოდა და ქუჩაში შედარებით მეტი ხალისი ტრიალებდა. გაჩერებასთან მდგარ, ორ ნაწილად გაყოფილ (თუ ამოსულ) ხეს, უკვე შეჰპარვოდა კვირტები (როგორი რომანტიზმია მანეკენის პირობაზე? აბა თქვენ რა გეგონათ!). ჰოდა სადილის დროს, როცა “გურულ” ხაჭაპურს გეახლებოდით (“იმერული” ყელში მქონდა ამოსული, “ლობიანი” კი საერთოდ არ მიყვარს), გოგონა დავინახე, ის იმ ორად გაყოფილ (თუ ამოსულ) ხესთან იდგა და სურათს იღებდა. უცებ შემომხედა. ერთხანს მიყურა, შემდეგ ჩაცინება დააპირა, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა და მოულოდნელად სახეზე ჩემს მიმართ სიბრალული გამოეხატა. გამიკვირდა და ალბათ ამ გაკვირვების გამო დამამახსოვრდა.
    ერთ დღეს კი ჩვეულებრივად მოვიდა, ოღონდ უფრო დიდ ხანს მიყურებდა. შემდეგ ამოიოხრა, ცრემლი მოიწმინდა და ავტობუს გაჰყვა. გაჰყვა და მის შემდეგ აღარ გამოჩენილა. უბრალოდ გაქრა.
    შემეძლო ცოტა ხანს კიდევ მეფიქრა იმ გოგონაზე, მაგრამ სულ მალე ძალიან უცნაური ამბები დაიწყო ჩემს გარშემო და მეც თითქმის სრულიად გადამავიწყდა.
    ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ საწყობის ერთ-ერთი მუშა, ხელფასის აღების შემდეგ მეორე სართულის კიბეებზე ჩამოსვლისას დაგორდა და ძალიან ცუდად დაეცა. დაცვის ბიჭებმა ის მუშა სასწრაფოდ ჩაიყვანეს საწყობში. თითქოსდა ამ ამბავში უცნაური არაფერია, მაგრამ ყურადღება ერთ ფაქტს მივაქციე: მუშა არც ყვიროდა, არც ტიროდა, არც იგინებოდა და ბიჭების მოსვლამდე ისე იწვა, თითქოს არაფერი არ მომხდარაო. ეგეც არაა გასაკვირი, მაგრამ ძალიან უცნაურ პოზაში კი იწვა. ფეხი ისე ჰქონდა ამობრუნებული, რომ მუხლით ყურს ეხებოდა და ის ფეხი მოხრილი კი არ ჰქონდა, არამედ გაშლილი. ტანმოვარჯიშეები რომ აკეთებენ შპაგატს კედელთან, ზუსტად ისე. ხელიც ზურგს უკან ჰქონდა ამობრუნებული. მე ალბათ ტკივილისგან გავგიჟდებოდი. ის კი იწვა და “ნეტარი სახით” იღიმებოდა.
    ეს კიდევ არაფერი, შეიძლება კაცს ეფიქრა ცირკის ყოფილი მსახიობია ან იოგიო (იოგებმა იციან ეგეთი “ნეტარი ღიმილი”), მაგრამ მერე ვიფიქრე, თუ იოგი იყო, თავისით რატომ არ ადგა? და თუ იოგი არ იყო, მაშინ რატომ არ ყვიროდა?
    როცა ამ ამბავს ვაანალიზებდი, ქუჩას ვუყურებდი და მოულოდნელად შევამჩნიე, რომ ავტობუსები, მსუბუქი მანქანები და თქვენ წარმოიდგინეთ ველოსიპედებიც კი ისე მოძრაობდნენ, რომ ბორბლები არ ბრუნავდა.
    ძალიან გამიკვირდა ეს აღმოჩენა. თითქოს გზა დადიოდა და ისინი მასზე იყვნენ დამაგრებულნი.
    ეგ კი არა, ქუჩაში მოსიარულე ხალხიც საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. ყველანი რაღაცნაირად სარგადაყლაპულებივით დადიოდნენ და მოძრაობებიც მკვეთრი ჰქონდათ. თავის მობრუნების შემდეგ, დაახლოებით ხუთი წუთი იდგნენ გაშეშებულნი და საკმაოდ მძიმედ უბრუნდებოდნენ ჩვეულებრივ პოზას.
    შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ყველა ჩემი თანამშრომელი (იმ დამფასოებელი გოგონადან დაწყებული, რომელთან ერთადაც ჩემი პირველი ხელფასი “დავასველე”, ქალბატონი “მეპატრონით” დამთავრებული), ყველანი მაღაზიაში ცხოვრობდნენ.
    თანამშრომლები კი არა, თურმე მეც მაღაზიაში ვცხოვრობდი. სახლში აღარ მივდიოდი და მაინცადამაინც არ მშიოდა. “მაინცადამაინც არ მშიოდა” კი არა, საერთოდ არ მშიოდა. არც წყალს ვსვამდი და არც მეძინა. რაღა დაგიმალოთ და ტუალეტშიც ძალიან იშვიათად დავდიოდი (რატომ დავდიოდი, ნამდვილად ვერ ვიხსენებ).
    ერთი პირობა, ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, რაიმე ეპიდემია, ან ვირუსი ხომ არ შემოიჭრა ქალაქშიო და ჩემი ვიტრინის კუთხეში დადგმული ტელევიზორის ყურება დავიწყე, იქნებ საინფორმაციო გამოშვებებში ეთქვათ რამე.
    არაფერი მსგავსი. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ წამყვანები ზუსტად ისე უცნაურად ისხდნენ, როგორც ჩვენი მოლარე (გაშეშებული) და ტექსტს საერთოდ არ ამბობდნენ. თავიდან ამ ჩემი დაკვირვებების ვინმესთვის გაზიარება დავაპირე, მაგრამ მალევე გადავიფიქრე (რადგანაც ჯერ ერთი ლაპარაკი მეზარებოდა და მეორეც: აბა რა უნდა მეთქვა? ყველანი ძალიან უცნაურები ხართო? თუ ვართო! არა, არავისთვის ამის თქმა ნამდვილად არ ღირდა).
    რამდენიმე დღის შემდეგ დავმშვიდდი. დავმშვიდდი, რადგანაც ვფიქრობ, რომ რახან ასე ხდება, ესე იგი ასეც უნდა ხდებოდეს.
    ახლა კი წერას ვწყვეტ.
    ჯერ ერთი, ლაპარაკის არ იყოს, წერაც მეზარება და მეორეც, ამ ბოლო დროს, მრგვალი ასოების მოხაზვა მიჭირს, კუთხოვანი გამომდის რატომღაც. ისე კიდევ მინდოდა ერთი-ორი სიტყვა იმ გოგონაზე დამეწერა, რომელიც გაქრა, მაგრამ > > > -/ ] \ —————
    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ირმა ტაველიძე – გორის ციხე

    ვიდექი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ქარის წაღებულს ქარივე მოიტანდა. თოვლი სათვალეზე მადნებოდა, ყურების ნიჟარებში მიძვრებოდა, ხელით ნაქსოვ კაშნესა და ღილებდამწყდარ პალტოს მისველებდა. ფეხს არ ვიცვლიდი. ათი წლის ვიყავი და ვიცოდი: მოვალეობის სიმძიმეს ჩემხელა ბიჭის კი არა, ორმოცს მიტანებული კაცის წელში გაწყვეტაც შეეძლო. რაც შეიძლება მალე უნდა მომეცილებინა შეუსრულებელი ვალდებულების უსიამოვნო ტვირთი, სწრაფად უნდა დამელაშქრა სხვისი ოცნებების ციხე-სიმაგრე… ქარი კი, ქარი იმ ერთადერთის კეთილგანწყობას უთუოდ დამიბრუნებდა.

    *
    გორის პიონერთა სასახლე ერთადერთი სასახლე იყო, რომელიც ჩემს თვალსაწიერში ყოველდღიურად ხვდებოდა. მის ფართო ფანჯრებზე ღია ვარდისფერი ფარდები ეკიდა – ცივი, უსიამოვნო ფერის (ვინ იცის, იქნებ არსებობს კიდეც ასეთი ვარდი, რომლის ფურცლების მოსრესაც არასდროს მოგინდება?). შიგნით არაფერი განსაკუთრებული: მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, წითელი კუთხე, დაფდაფი, დიდ-პატარა საყვირი, ოქროსფერფოჩიანი ალამი და ოქროსქოჩრიანი ბიჭუნას სურათები. ზამთრის თვეებში თითქმის ყველა ოთახში სამარისებური სიჩუმე, აკლდამისებური სუსხი იდგა. მიუხედავად ამისა, კედლებს შორის უმნიშვნელო მოძრაობები მაინც შეინიშნებოდა, შაბათობით კი ტრადიციულ საქმიანობას მხატვრული კითხვის წრე იწყებდა. მხატვრული კითხვის წრე მე ვიყავი.
    მსახიობ ოთარ ***-ს ოცამდე მოსწავლე ჰყავდა. ეს, ისევე, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა წვრილმანები, გადმოცემით ვიცოდი: არცერთი დეკლამატორი თვალით არ მენახა. ლეგენდის თანახმად, ისინი ნამდვილად არსებობდნენ, თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობდნენ და გორის დასთან ერთად გასტროლებზეც დადიოდნენ ბევრად უფრო ცივ, ბევრად უფრო თოვლიან ქალაქებში. წლის ბოლოს დიდ სცენაზე გამოსვლას მეც მიწინასწარმეტყველებდნენ: ამისათვის ერთადერთი ლექსი კარგად უნდა მესწავლა.
    მაშინაც და ახლაც ათი წლის ბიჭის თვალში ორმოცს მიტანებული კაცი ცხოვრებამობეზრებული ვინმეა, რომელიც უხალისოდ მიითვლის აღსასრულამდე დარჩენილ დღეებს, თუმცა არც მთლად მოტეხილი ბერიკაცია – ამიტომაც არის საშიში მის ხმაში შეპარული აგრესია, წარბებქვეშ შემალული რისხვა.
    ვაღიარებ: ოთარის მეშინოდა. მერე რა, რომ მსახიობი იყო. მერე რა, რომ მეც მსახიობობა მინდოდა და ჩემი ოცნებები გორის თეატრის სცენას ვერ სცილდებოდა.
    ვგრძნობდი, უკვე ბევრი ვინმე ვიყავი: ნაცარქექია, მეფის მასხარა, თვითონ მეფე, ცხენი, ჯარისკაცი, ის ოქროსქოჩრიანი ბიჭუნა, კარლსონი და კარლსონის მეგობარი ბიჭუნა, სკოლის დირექტორი, მეხანძრე, მეფანრე… თუ დამჭირდებოდა, თავზე მაქმანებიან ჩაჩს ჩამოვიმხობდი და ტომ სოიერის მამიდაც იოლად გავხდებოდი.
    საოცნებო სცენაზე ასასვლელად კი, სულ ცოტა, ერთი ლექსის კარგად სწავლა იყო საჭირო.
    მხატვრული კითხვის პირველივე გაკვეთილზე გავიგე, რომ კარგ ლექსებში დიდი აზრები იდო. რასაკვირველია, უაზრო ლექსებიც არსებობდა და ისინი ველის შროშანებივით უზრუნველად იზრდებოდა ლიტერატურის უნაპირო ველზე. რაღაც ასეთი ნამდვილად წავიკითხე ერთ-ერთ წიგნში. მერე ის წიგნი დავხურე და მეც უაზრო ლექსების წერა დავიწყე, მაგრამ მალევე შევწყვიტე: გოგოებზე დაკვირვება, მათი ორაზროვანი ფრაზები გაცილებით მიმზიდველი აღმოჩნდა.
    ის კარგი ლექსი კი ასე იწყებოდა:
    ყოველ ახალ გამარჯვების
    შემდგომ წესად შემოვიღე,
    აღტაცებით შემოვძახო:
    ეგ არის და გორის ციხე!
    – აბა, შენი სიტყვებით მითხარი, რაც გაიგე, – მთხოვა მასწავლებელმა, რომელსაც სახე და პალტო ერთნაირად კვამლისფერი ჰქონდა. გულისმომკვლელი ფერი იყო, გაუგებარი წარმომავლობის მქონე. თითქოს ცოტა ხნის წინ ამ კაცს მეხი დასცემოდა და ქუდიან-ტანსაცმლიანად ისე დაეფერფლა, რომ მას ვერაფერი გაეგო.
    – აბა, ცოცხლად, ცოცხლად! – შემომძახა, როცა მიხვდა: პასუხის გაცემას არ ვაპირებდი. დაკვირვებებსა და შედარებებში ისე გავერთე, რომ გადამავიწყდა, რისთვის ვიდექი გაყინულ, სანახევროდ ჩაბნელებულ ოთახში.
    – რომელ გამარჯვებებს გულისხმობს პოეტი?
    არ ვიცოდი, რა მეთქვა. არ ვიცოდი, რა იყო გამარჯვება. მხრებს შეუსრულებელი დავალებების, გაცდენილი გაკვეთილების, ბუნდოვანი და გაუგებარი მოვალეობების ტვირთი მიმძიმებდა.
    რაღაც წავილუღლუღე.
    გამიღიმა:
    – დაფიქრდი: როცა რაღაც გიხარია, როგორ გამოხატავ? ხუთიანს რომ მიიღებ, გულში რას ამბობ ხოლმე, ბიჭო?
    – …მარინა ივანოვნას დღიურში ჩაწერა არ დაავიწყდეს-მეთქი. ხუთიანებს მარტო რუსულში ვიღებ.
    ლექსის გამოთქმით კითხვა განაგრძო:
    – ამბობდნენ, რომ აქ ბჭეები
    ინგრეოდა, როგორ რიყე…
    რა თქმა უნდა, მანამდე არც ბჭე გამეგონა და არც რიყე. გულში გავიმეორე: ბჭე-რიყე-ბჭე-რიყე-ბჭე-რიყე. ალბათ იმ დიდ აზრს, რომელიც ლექსში იდო, ქვასავით მაგარი სიტყვები აკავებდნენ, თვალუწვდენელ გალავნად ევლებოდნენ. უცებ ცხადად წარმოვიდგინე ნახევრად გამჭვირვალე სხეული, რომელიც მასიურ ლოდებს შორის დალივლივებდა და ნაპრალში გასხლტომას ცდილობდა.
    – მაგრამ აქ რომ სინათლეა –
    ეგ არის და გორის ციხე!
    – სინათლე სინათლეა, მას. ღამით სახლებში რომ შუქი ანთია.
    დავასწარი, სანამ საკუთარ ვერსიას დროშასავით ააფრიალებდა.
    აღმოჩნდა, რომ სინათლე ბევრი სხვა რამეც იყო: მოგუგუნე ქარხნები, ცისფრად მოციმციმე ეკრანები, წითელყელსახვევიანი გოგოები და ბიჭები (აქ ეჭვი შემეპარა: კლასელები გამახსენდნენ), გემები, ყინულმჭრელები, ატომური ელექტროსადგურები, მოთხილამურეები, მშენებლები, მეტალურგები და ყველა და ყველაფერი.
    – კბილის ექიმებიც?
    – რა თქმა უნდა, კბილის ექიმებიც.
    უსინდისოდ იტყუებოდა! ქალაქის ყველა სტომატოლოგიურ კლინიკაში გულისამრევი სუნი ტრიალებდა, თავზარდამცემი წივილ-კივილი ისმოდა, მარწუხები და სისხლიანი ბამბები გროვებად ეყარა. ერთი სიტყვით, იქაურობა მხოლოდ საშინელებას, სრულ სიბნელეს ჰგავდა.
    ის კი არაფერს იმჩნევდა და განაგრძობდა:
    – მეორე მსოფლიო ომში უამრავი ქართველი დაიღუპა, მათ შორის გორიდან და გორის რაიონიდან გაწვეულებიც. განა პაპაშენი არ იბრძოდა, ბიჭო?
    – კურსკთან, იასტრებოვკაში. იქვე დამარხეს.
    – აი, ამიტომ უნდა ისწავლო ეს ლექსი. კარგად უნდა ისწავლო და ისე თქვა, რომ მტრის ფეხქვეშ მიწას ცეცხლი გაუჩნდეს.
    ომში ვიყავ, მტერს ბერლინი
    მივუგრიხე, მოვუგრიხე!
    ცხრა მაისით შემოვძახე…
    – რატომ მივუგრიხე და მოვუგრიხე, მას?
    მასწავლებელი ერთიანად გაქვავდა, სასოწარკვეთილმა შემომხედა.
    სიცივისგან კბილებს ვაკაწკაწებდი, მოლურჯო თითებს პალტოს სახელოებქვეშ ვმალავდი.
    – მეორე მსოფლიო ომში ფაშისტებს რომ გაემარჯვათ, იცი, რა დღეს დააყრიდნენ ჩვენს ქალაქებს? გორს და გორის რაიონის სოფლებს რას უზამდნენ?
    არ ვიცოდი.
    ციხის ძირას, ძველ სახლში ვცხოვრობდი, მაგრამ გორაზე ასვლა ერთხელაც არ მეცადა. იქვე იყო, რამდენიმე ნაბიჯში და არბენას არც არაფერი უნდოდა, თუმცა ათასი ჭორ-მართალი თავგზას მიბნევდა. ციხე უსაქმურებისააო. ციხე ქურდბაცაცებისა და ყომარბაზებისააო. მოპარულ ფულსა და სხვა რამეებს იქა ფლავენო. მკვლელებისააო – ვისი ჯავრიც გულს უკლავთ, ამოჰყავთ და დაუნდობლად უსწორდებიანო. ბოზებისააო – ავხორც კაცებს მოჰყვებიან და ხან ლიფი რჩებათ ქვა-ღორღზე და ხან დაფხრეწილი საცვალიო… რომელი ბავშვიც ციხეზე ავა, შიში თმას გაუთეთრებსო. ერთი ბიჭი ავიდა და გარეულმა ძაღლებმა ისე დაგლიჯეს, არც სული შერჩა და არც ძვალ-რბილიო.
    დიდია ქალაქური ფოლკლორის ძალა.
    – მართლა გინდა მსახიობობა, ბიჭო?
    მასწავლებელმა გამიღიმა და მხარზე ხელი წამომარტყა.
    წლობით ნასაზრდოებ სურვილსაც დიდი ძალა აქვს.

    *
    მარინა ივანოვნას ჭორფლიანი ცხვირი ჰქონდა. მარინა ივანოვნას მოლურჯო-მონაცრისფრო თვალები და ძალიან გრძელი წამწამები ჰქონდა. მარინა ივანოვნას თითების მოძრაობას ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებოდი. ვიცოდი, როგორ ხაზავდა ორიანებს, სამიანებს, ოთხიანებს და ყველაზე იშვიათად – საკუთარ არსებობაში დაეჭვებულ ხუთიანებს. როცა სკოლიდან დაბრუნებულს შინ არავინ მხვდებოდა, ვეება სარკის წინ ვდგებოდი და მანჭვას ვიწყებდი: თვალებს ოდნავ მოვჭუტავდი, თავს უკან გადავწევდი და საკუთარ თავს ოდნავ შესამჩნევად ვუღიმოდი. ყურებში ისევ მისი ხმა მედგა. მისი ფრაზები ზეპირად ვიცოდი და უსასრულოდ ვიმეორებდი – ძლიერი აქცენტით, უადგილო მახვილებით. მერე სახატავი რვეულიდან სუფთა ფურცელს ვხევდი, ნაცნობი ხელმოწერის გაყალბებაში ვვარჯიშობდი. ინიციალები. ინიციალები. ისევ ინიციალები. ბოლოში გამობმული კუდი. წვრილი და მოგრეხილი. ათასი აბდა-უბდით დამძიმებულ თავში მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა: როცა ვბაძავდი, ისევ ერთად ვიყავით.
    პოლონურ-უკრაინულ-აზერბაიჯანული წარსული ჰქონდა. ბავშვობის დიდი ნაწილი ბაქოში გაეტარებინა, უმაღლესი სასწავლებელიც იქვე დაემთავრებინა, მერე კი გორში ნათესავებთან ჩამოსულიყო და რომელიღაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით, სკოლაში მუშაობა დაეწყო.
    რა თქმა უნდა, მიყვარდა და რა თქმა უნდა, ამ სიყვარულს არაფერი ეშველებოდა.
    გაკვეთილებზე თვალს არ ვაცილებდი. ყველა სიტყვას ვიმახსოვრებდი, გულში იქამდე ვიმეორებდი, სანამ აზრს ნექტარივით არ გამოვწუწნიდი. მის სახეზე შენიშნული უმნიშვნელო ჩრდილიც გულს მიკლავდა. მინდოდა, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მარინა ივანოვნას სურდა: საკონტროლო უშეცდომოდ დაგვეწერა, ტექსტების თხრობისას სიტყვების ძებნა ჭერში არ დაგვეწყო, სუფთად ჩაცმულებს გვევლო და არცერთი ჩვენგანი ავად არასდროს გამხდარიყო.
    ერთი თვის გათხოვილი იქნებოდა, როცა კლასის დამრიგებელმა ჩვენს ოთახში შემოიყვანა და გაგვაცნო. მისი ქმარი ჩემს ძმას მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა. იმ კაცის ხელში მსოფლიო ისტორიის ჩაგდება როგორ იქნებოდა – ისეთი მაღალი და მხრებგანიერი იყო, ძველთაძველ მატიანეებში საკუთარი თავის გარდა ვერაფერს დაინახავდა. გულღიააო (ასეთებს დაკვირვების უნარი არა აქვთ). კარგი იუმორით გამოირჩევაო (მოგწონთ ენამოსწრებული ტირანები?). უფროსკლასელების პირში რა გაჩერდებოდა – ტყუილ-მართალს გამოგონილი დეტალებით აზავებდნენ, მნიშვნელობებს აზვიადებდნენ, ზოგჯერ კი შუა თხრობისას ერთმანეთს გადახედავდნენ და დადუმდებოდნენ ხოლმე… სწორედ მათგან გავიგე, რომ შესვენების დროს რუსულისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლები მესამე სართულზე, ბიოლოგიის კაბინეტში იკეტებოდნენ, იქიდან გამოსულები კი აწითლებულები დადიოდნენ, თვალს ვერავის უსწორებდნენ. რამდენჯერმე იმას, იმ ატილას შარვლის ბოლომდე შეკვრაც კი დავიწყებოდა…
    სიცხადე, რომელიც აღნიშნულ გადმოცემებს აკლდა, ისედაც გაუსაძლის ყოფას უფრო ძნელად ასატანს ხდიდა. წყალში უიმედოდ იყრებოდა საგულდაგულოდ ნასწავლი ტექსტები თავისივე უცხო სიტყვებით, სუფთად შესრულებული საშინაო დავალებები და მასწავლებლის გულის მოგების სხვა ხერხები.
    რის მიღწევას ვცდილობდი? იმის, რომ ყოველ დღე გაკვეთილი მხოლოდ ჩემთვის აეხსნა. სხვები სტატისტები იქნებოდნენ, სკოლის დირექტორის ან სხვა რომელიმე ინსტანციის თვალისასახვევად გამიზნული. ის კი კლასის ერთი ბოლოდან მეორეში ივლიდა და განუმეორებელი ხმით მე მესაუბრებოდა – სულ ერთი იყო, რაზე.
    ძილის წინ არაერთხელ მიფიქრია, ნეტა რას უნდა აკეთებდნენ ორივენი ბიოლოგიის კაბინეტში-მეთქი და სავარაუდო პასუხები, საბოლოოდ, ასეთ სახეს იღებდა: ალბათ ტანსაცმელს იხდიან, გაშიშვლებულები ერთმანეთს გარშემო უვლიან და აკვირდებიან, მერე კი სირცხვილის ან სიცივისგან აკანკალებულები სასწრაფოდ იცვამენ-მეთქი. თუმცა ბოლომდე არც მჯეროდა, რომ მარინა ივანოვნა და მისი ქმარი იქ საერთოდ შედიოდნენ. ბიოლოგიის კაბინეტში ადამიანის ჩონჩხი იდგა – ნამდვილი ჩონჩხი, საფლავიდან ამოთხრილი, მკვდრისსუნიანი.
    ერთხელ თემა დავწერეთ, პატარა, ნახევარგვერდიანი – “ზამთრის დღე”. მე კვირა დღე აღვწერე, რომელიც ფანჯრის მიღმა მორიალე ფიფქების ცქერაში გავატარე. მერე შუშა დაიორთქლა, თავშიც სასიამოვნო ბურუსი ჩამოწვა და ოცნებებში წავედი: წარმოვიდგინე, როგორ მივაბიჯებდი ბერლინის ქუჩებში და საკუთარი ნაბიჯების ხმას ვუსმენდი. ქალაქი ცარიელი იყო. ის ჩემი ქალაქი გამხდარიყო, ყველა შენობა, ყველა კაფე, ყველა ძაღლი, ყველა ხე მე მეკუთვნოდა.
    – დიდი უცნაური ბიჭი ხარ, – მასწავლებელმა ამომხედა და თავი გადააქნია. ვერ მივხვდი, განვითარებული წარმოსახვის გამო შემაქო თუ თემიდან გადახვევისთვის მისაყვედურა. გრამატიკულ შეცდომებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
    კლასში ყველა ერთხმად ახმაურდა:
    – რა უნდა აკეთო მარტომ ცარიელ ქალაქში?
    – თუ მაგარი ხარ, შუაღამისას კომბინატის ხიდზე გადადი.
    – მარტო სტადიონამდეც ვერ ჩავა და რეებს წერს…
    – თავისი მოგონილი არ იქნება, სადმე წაიკითხავდა.
    – გადაწერილია, მას, გადაწერილია.
    – ციხეზეც არ ასულა და მოინდომა ბერლინი.
    დავჯექი და გაკვეთილის დასრულებამდე თავი არ ამიწევია.
    მომდევნო დღეები გავაცდინე. სკოლაში წასვლის ნაცვლად გორას გარშემო ვუვლიდი და რუსულის რვეულიდან ამოხეულ ფურცლებს წვრილ-წვრილად ვანაკუწებდი. ქაღალდის ნახევებს პალტოს ჯიბეებში ვიგროვებდი, მერე კი მუჭა-მუჭა ვყრიდი მღვრიე გუბეებში. ქარი ჩემს თამაშს აჰყვა: ეზოს ძაღლივით მელაქუცებოდა და ხელისგულებს კუდის ქიცინით მილოკავდა. ქარს მიჰყვებოდა სათუთად მოხაზული ასოები, გულმოდგინედ გადათეთრებული სტროფები, შეკითხვები და მათზე გაცემული პასუხები, შეხვედრის მოლოდინით სავსე საათები.
    აღარც მეფე ვიყავი და აღარც ჰეკლბერი ფინი. არც მეფანრე და ხუთკუნჭულა. თითქმის აღარვინ ვიყავი – ისიც კი არა, ვინც ნახევარგვერდიან თემების წერას ნახევარ დღეს ანდომებდა.
    მხატვრული კითხვის წრეც დავივიწყე. სცენა, რომელიც წარმოუდგენელი ძალით მიზიდავდა, სხვებს დავუთმე – მათ, ვინც ჩემზე უფრო რიხიანად შესძახებდა: გადახედეთ ქართლის ბაღებს…!
    ციხეზე ასვლა გადავწყვიტე – უკვე აღარაფრის მეშინოდა.
    ვიდექი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ქარის წაღებულს ქარივე მოიტანდა. თოვლი სათვალეზე მადნებოდა, ყურების ნიჟარებში მიძვრებოდა, ხელით ნაქსოვ კაშნესა და ჩემი ძმის ნაქონ პალტოს მისველებდა. ფეხს არ ვიცვლიდი. უკვე ათი წლის ვიყავი და ვიცოდი: სიცოცხლე, რომელსაც აზრი გამოაცალეს, ფურცლის პაწია ნაკუწივით მსუბუქი და უწონო იყო.

    *
    ციხისკენ ორი ნაბიჯი გადავდგი და უცებ მთელი გორა თავზე გადმომემხო: ვიღაცამ კეფაზე წამომარტყა, მერე კი ღონივრად შემაჯანჯღარა. ჩემი ძმა იყო: დილიდან გეძებო. სანამ სახლიდან გამოვიდოდი, დედამ მითხრა, ბარი იშოვე, კვერნაქის სასაფლაოზე ადი და იმ პირქვედასამარხს საფლავი გაუთხარეო. ოთარას უთქვამს, შენ ბიჭზე ხელი ჩავიქნიე, გონებაგაფანტულიაო. კლასის დამრიგებელი – ის კამეჩივით ქალიც გადარეულა: ერთი კვირაა, სკოლაში აღარ დადის და საერთოდ, ალბათ ოჯახის წევრების გავლენაა, ფაშისტური იდეალები რომ აქვს მეხუთეკლასელ ბავშვსო.
    რა ფაშისტური იდეალები? უბრალოდ, ბერლინი გამოვიგონე.
    – თავი იმათთან იმართლე, სხედან და გელოდებიან.
    ამ სიტყვებს ყური ძლივს მოვკარი. უკვე კისრისტეხით გავრბოდი, სადღაც, მოუსავლეთში. მხოლოდ ერთს ვფიქრობდი: ნებისმიერ ფასად მდევარს ხელიდან უნდა დავსხლტომოდი. ამ ერთადერთი გამარჯვებისთვის მაინც უნდა მიმეღწია, მერე კი ყველაფერი როგორღაც თავის ადგილს იპოვიდა. სხვა თუ არაფერი, სამუდამო თავშესაფრად მდინარის მღვრიე წყალიც გამომადგებოდა.
    ფეხი რაღაცას წამოვდე და ყინულს ყრუდ დავასკდი. მარცხენა მუხლში ტკივილი ელვად გაიკლაკნა. გამომშრალი და გახევებული ტუჩები სიმწრით დავიკვნიტე. წამოვიწიე. ისევ დავეცი. მგონი, რამდენიმე წამით გონებაც დავკარგე. კლასის დამრიგებელი მომელანდა – ხარისთავა ქალი, უფორმო ტანითა და თვალშისაცემად შეთხელებული თმით. სახეზე ხელი მოვისვი: სათვალე აღარ მეკეთა. ვერ მივხვდი, სად დავკარგე. თუმცა დიდ უბედურებადაც არ ჩავთვალე: იმდენად გაურკვევლად მესახებოდა საკუთარი მომავალი, რომ დარწმუნებით ვერ ვიტყოდი, საერთოდ იქნებოდა თუ არა იქ მისი ადგილი.
    ახლა უსათვალოდ მივრბოდი. თოვლიანი ქალაქი სქელ ნისლს დაებურა, ხეების კონტურები მიახლოვდებოდნენ და მშორდებოდნენ. ბაზარს გვერდით ჩავურბინე (წამით გავიფიქრე, დახურულ განყოფილებაში რძის ნაწარმის ან მწვანილეულობის დახლის ქვეშ ხომ არ შევძვრე-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ იქაურ სუნს დიდხანს ვერ გავუძლებდი). კომბინატის ხიდზე გადასვლა გადავწყვიტე (ჩემი ძმა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ასე შორს წასვლას გავბედავდი).
    ცა კიდევ უფრო ჩამუქდა. ჰაერში ისეთი სუსხი დატრიალდა, სუნთქვა თითქმის შეუძლებელი გახდა. აბა, ისუნთქეთ ყინული! როგორც კი ხიდს მივუახლოვდი, სტადიონის მხრიდან ორი ძაღლი აუჩქარებლად დაიძრა და ჩემკენ გამოემართა. ვიცოდი, ამ დროს გაქცევა ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა, მაგრამ ერთ წამში გავიაზრე, რომ მხოლოდ სისულელეების ჩადენა შემეძლო – აი, ეს იყო ჩემი მოწოდება, ჩემი საქმე. აი, რა გამომდიოდა ყველაზე უკეთ.
    გავიქეცი. ვერ გავიგე, გამომეკიდნენ თუ არა ძაღლები. ხიდი უსაშველოდ გრძელი მომეჩვენა – უსასრულო, მარადისობაში გადებული. ბოლო მართლაც არ უჩანდა. მის ქვეშ ტალახისფერი ლიახვი მდორედ მიირწეოდა. უკან დარჩა გორის ციხე, რომელიც არც ქვეყნის საამაყო წარსულს მახსენებდა და არც ჩემს სამარცხვინო აწმყოს: მისკენ გადადგმულ ორ ნაბიჯს, ვერნასწავლ კარგ ლექსს, იმ თქმულებების დიდ ნაწილს, რომლების სინამდვილისა და სიბრძნისაც გულის სიღრმეში მჯეროდა. მივხვდი, რომ გორაზე ასვლა აღარასდროს მომინდებოდა. და საერთოდ, ციხე სულაც არ იდგა იმისთვის, რომ ზედ ვინმე ასულიყო.
    როგორც კი ეს აღმოვაჩინე, ნაბიჯი შევანელე და სახე ფიფქებს მივუშვირე. აღარ მციოდა: შეხებისას ისინი ოდნავ მკბენდნენ – ციდან გადმოყრილი მსხვილ-მსხვილი ნაფლეთები. ნეტა ვინ დახია ამდენი სუფთა ფურცელი? პირღია ვიდექი და ენის წვერით მათ დაჭერას ვცდილობდი, როცა ძაღლების ღრენა შემომესმა. ისევ ის უჯიშო ცხოველები! სხვა რა გზა იყო – თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. გულის ადგილას რაღაც საშინელი დანადგარი ბოლო ხმაზე გუგუნებდა. სუნთქვისთვის დრო აღარ მრჩებოდა. უცებ თვალთ დამიბნელდა და მოვკვდი.
    სიკვდილს ყვავილების სასიამოვნო სუნი ასდიოდა, ძალიან თბილი და თოვლივით ფაფუკი იყო. მთელი სხეულით მივეკარი. მხოლოდ ის არსებობდა და თმაზე ხელს მისვამდა, სახეზე მეფერებოდა.
    სიტყვები მოგვიანებით გავარჩიე. ხმაც ვიცანი.
    ხიდზე მარია ივანოვნა იდგა.
    ახლაც ვერ ვხვდები, რატომ ეცვა გახსნილი პალტო იანვრის ყველაზე ცივ დღეს. არ მახსოვს, როგორ მივადე თავი მკერდზე, ან წელზე ხელები რატომ შემოხვიე. რამდენ წამს ან რამდენ წუთს გაგრძელდა ეს ყველაფერი, თუ სულაც მთელი საუკუნე გრძელდებოდა – ვერაფერს ვიტყვი. სასწაული იყო, სასწაულები კი, როგორც ამბობენ, დროისა და სივრცის მიღმა ხდება. ამის მერეც არაერთხელ გამივლია და გამომივლია კომბინატის ხიდზე, მაგრამ რად გინდა – მხოლოდ საკუთარი უხასიათობის პირისპირ თუ აღმოვჩენილვარ.
    დღემდე მახსოვს ეს განცდა: როგორია, როცა რაღაც რბილს და ამავე დროს მკვრივს პირველად ეხები – იმას, რაც უკიდურესად ელასტიკურია და შეხების შემდეგ პირვანდელ ფორმას უმალვე იბრუნებს. მახსოვს მოტკბო სუნი და სინათლე, რომელიც იქაურობას მოეფინა.
    – რატომ დაიწყე გაკვეთილების გაცდენა?
    ნაცნობი ხმა. ნაცნობი აქცენტი.
    – ძალიან დამაკლდი. დაცარიელდა კლასი.
    მივხვდი, რომ ამ სიტყვებს საკუთარ თავს არაერთხელ გავუმეორებდი სარკის წინ.
    – რაც ამ დღეებში ავხსენი, იმას შენ ცალკე აგისხნი.
    მარინა ივანოვნას მოლურჯო-მონაცრისფრო თვალებში ვუყურებდი და ხმას არ ვიღებდი. აღმოვაჩინე, რომ ჭორფლები მხოლოდ ცხვირზე კი არა, შუბლზეც ჰქონდა და თვალების დაბლაც – მქრალი, ძლივს შესამჩნევი ლაქები. სახეზე არაფერი ესვა, კოსმეტიკის უმცირესი კვალიც არ ემჩნეოდა. ჩემი სახე კი ხელისგულებში მოექცია და მეუბნებოდა:
    – ორშაბათს აუცილებლად მოდი. თემას დავწერთ ჩვენს ქალაქზე. კლასში შენ ყველაზე კარგად წერ და დამპირდი, რომ მოხვალ.
    ამ დროს სრული სიცხადით მივხვდი, რას აკეთებდნენ ის და მისი ქმარი ბიოლოგიის კაბინეტში: ყველაფერს იხდიდნენ, ბოლომდე შიშვლდებოდნენ, მერე კი ისტორიის მასწავლებელი მუხლებზე დგებოდა და მარინა ივანოვნას ძუძუებზე შემელოტებულ თავს ადებდა, ხელებს წელზე ხვევდა. და იყვნენ ასე დიდხანს, ძალიან დიდხანს. არც ზარის ხმა აღელვებდათ და არც ის, რომ ერთ-ერთი კუთხიდან ადამიანის ჩონჩხი მისჩერებოდათ ავად ამოღამებული თვალებით, თაროებიდან კი – ქილებში დასპირტული ამფიბიები და ნაირგვარი მწერები.

    *
    ბჭე. რიყე. ბჭე. რიყე. ბჭე. რიყე. ჭერიდან ჩრდილი ჩამოცოცდა და მაგიდის ქვეშ შეძვრა. საწოლიდან წამოდგომის თავი რომ მქონოდა, კუდში ხელს წავავლებდი და გამოვათრევდი. თვალებს ძლივს ვახელდი. ძლივს გახელილი თვალებიდან საძაგელი სითხე მოჟონავდა. ყველაფერი ნერვებს მიშლიდა: ჩაბნელებული ოთახი, რომლის ერთ კუთხეშიც სანთელი ბჟუტავდა (39,5 იმის უფლებას მაძლევდა, რომ შუქის ჩაქრობა მომეთხოვა), ჩემი ძმა, რომელიც საშინაო დავალებას რძიანი ჩაის ხმაურიანი ყლუპების თანხლებით წერდა (პალეონტოლოგი მაინც ვერ გახდებოდა – გორის ინსტიტუტში პალეონტოლოგიის ფაკულტეტი არ იყო), დედა, ათ წუთში ერთხელ შუბლზე კომბოსტოს გრილ ფოთლებს რომ მაფენდა. რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში ფეხზე წამოვდგებოდი და თოვლიან ქალაქში სახეტიალოდ გავიდოდი, მაგრამ დედა ძალიან მშიშარა იყო: დასამშვიდებლად მხოლოდ დაპირება არ ეყოფოდა. იძულებული გავხდი, ერთმანეთის მიყოლებით დამელია ორი აბი, დამტკბარი რძე და კიდევ რაღაც გულისამრევი სითხე მოყავისფრო ბოთლიდან.
    – მხატვრული კითხვის წრეზე აღარ ვივლი.
    სიჩუმემ, რომელიც ამ სიტყვებს მოჰყვა, მაფიქრებინა, რომ ნათქვამი ვერავინ გაიგო. თავი წამოვწიე და უფრო ხმამაღლა გავიმეორე:
    – მხატვრული კითხვის წრეზე აღარ წავალ პიონერთა სასახლეში.
    – გადაიფიქრე მსახიობობა? – დედამ საბანში ხელი შემოყო.
    – ჰო.
    – აბა, რა უნდა გამოხვიდე? – სიცხის საზომი ამომაცალა.
    – მესაფლავე გამოვალ, თუ გინდა.
    – მასწავლებელი არ მოგწონს? – სველი თმა თითებით გადამივარხცნა.
    – ოთარას ბრალი არ არის. ამან მითხრა, გორის ინსტიტუტს სამსახიობო ფაკულტეტი არა აქვსო.
    ძმას გადავხედე, რომელმაც იმავე წამს გადაიხარხარა. არ დამინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პურის ნაფშხვენები მთელ კუთხეში მიმოფანტა.
    – სხვა ქალაქში სასწავლებლად წასვლა თავში არ მოსდის და ჯარში როგორ წავა?
    დედამ სიცხის საზომი სამზარეულოში გაიტანა (39,5 იმის უფლებას არ მაძლევდა, რომ სხვა ოთახის ჩაბნელებაც მომეთხოვა). ეს რაღას ელოდა? რატომ არ მიჰყვებოდა თავისი ატლასებიან-რვეულებიანად? თვალების გახელა სულ უფრო მიძნელდებოდა. თავში სიტყვები ირეოდნენ. სიტყვებს მთელი წინადადებები ცვლიდა. ძაღლის კუდი. ჯარი. შავი ხარის თავი. გადახედეთ ქართლის ბაღებს. გორის ციხე. შენ ბიჭზე ხელი ჩავიქნიე. ჰეკლბერი ფინი. ყინულმჭრელები. ნამუშევრების გამოფენა. ცხრა მაისი.
    – დეეე…!
    დედას ლექსების კითხვა უყვარდა – მხოლოდ მაშინ, თუ კარგ ხასიათზე იყო. როცა ბრაზდებოდა, სამზარეულოში შევარდებოდა და ლანძღვა-ლანძღვით ხეხავდა ტაფებს, ქვაბებს, კედლებს, იატაკის ფილებს… სიმშვიდის საათებში ყველა ლექსს ერთნაირად კითხულობდა – მონოტონურად, ძილისმომგვრელად. არასდროს მთხოვდა, ჩემი სიტყვებით მეთქვა, რა გავიგე, ან საერთოდ, რამე გავიგე თუ არა. მგონი, თვითონაც ბევრი არაფერი ესმოდა. ლექსები საძილე საშუალება იყო. ლექსები ყველანაირ ტკივილს აყუჩებდა. ქვედა თაროდან იმ წიგნს გამოიღებდა, რომელიც ხელში მოხვდებოდა, გადაშლიდა და კითხვას საშუალოზე დაბალი ხმით დაიწყებდა ხოლმე.
    სიცხიანს ძმრის სუნით აქოთებული წინდები მეცვა და პირში წამლის საზიზღარი გემო მიტრიალებდა. უარს არ მეტყოდა, თუ ვთხოვდი, რამე წამიკითხე-მეთქი. იმ პოეტების ლექსები, რომლებსაც სიკვდილი უყვარდათ. იმ პოეტების ლექსები, რომლებსაც სიკვდილთან ერთად სიცოცხლეც უყვარდათ. იმ პოეტების ლექსები, რომლებსაც ფიჭვის წიწვებზე შერჩენილი წვიმის წვეთები უყვარდათ. იმ პოეტების ლექსები, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ხმის მოსმენა უყვარდათ.
    – დეეეე! სად ხარ?
    სიცხის დამწევი ლექსები. ნახველის გამათხიერებელი ლექსები.
    – დეეეე! ძალიან ბნელა.
    უცნობ შენობასთან ვიდექი. უქარო ღამე იყო. ფანრების შუქით განათებულ ქუჩას სამსართულიანი სახლების მწკრივი მიუყვებოდა. ხეების ჩრდილები ცარიელ გზაზე გაწოლილიყო. კარი შევაღე და ნახატივით ლამაზ კაფეში აღმოვჩნდი. მაგიდებზე წითელი ქსოვილი ეფინა, ცოცხალი ყვავილებით მორთულ სასანთლეებში კი გრძელი, თეთრი სანთლები იდო. ირგვლივ არავინ ჩანდა. ვიგრძენი, რომ თავბრუ მეხვეოდა და სკამზე ჩამოვჯექი. სასკოლო ჩანთიდან წიგნი ამოვიღე – ლექსებისა აღმოჩნდა. რამდენიმე თაობის ნახმარი, ყდაშემოფლეთილი და კუთხეებგაცვეთილი. კითხვა ხმამაღლა დავიწყე. გული მწყდებოდა, რომ არავის ესმოდა, როგორ კარგად ვკითხულობდი: თითოეულ სიტყვას ენაზე ვიჩერებდი, გემოს გულმოდგინედ ვუსინჯავდი. თითოეული სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს მნიშვნელობები ბოლომდე მესმოდა. თავბრუ ისევ მეხვეოდა. მივხვდი, რომ სასანთლეებზე შემოხვეული უსახელო ყვავილების ბრალი უნდა ყოფილიყო – ცუდად მათი მოტკბო სურნელი მხდიდა. წიგნი მაგიდაზე დავტოვე და გარეთ გამოვედი. ქუჩაშიც ისევ ის სუნი ტრიალებდა. “ბერლინი”, – გაოგნებულმა გავიფიქრე. მერე თავი ავწიე და იმ კაფეს შევხედე, სადაც ორი წუთის წინ ლექსებს ვკითხულობდი. მის თავზე ალისფრად ენთო სიტყვები, რომლების მნიშვნელობასაც ვერ ვხვდებოდი.
    – ამას ჯარში არ წაიყვანენ, არა, დე?
    დედამ შუბლზე ხელი დამადო.

    *
    სკოლაში ათი დღის შემდეგ მივედი – თვალებამოღამებული და ძალიან მშვიდი. ბავშვები საშინაო დავალების გადაწერით იყვნენ გართული. ახალ დამლაგებელს საკლასო ოთახის იატაკი ნავთში დასველებული, დაძონძილი ტილოთი მოეწმინდა და ირგვლივ ყველაფერი წარმოუდგენლად ყარდა. ძველი დამლაგებელი კომბინატის დასახლებაში რომელიღაც კორპუსის წინ წაქცეულიყო – გამთენიისას ეპოვათ უსულო და ნაზად დათოვლილი (რა თქმა უნდა, ზოგიერთ გოგოს დავალების გადაწერის დროსაც არ შეეძლო ენის გაჩერება).
    მომეჩვენა, რომ ზარი ძალიან დიდხანს არ დაირეკა.
    ზარის დარეკვის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა და არავინ გამოჩნდა.
    – რუსული ცდება!
    – წამო, ვისრიალოთ!
    – ძველი არ ვარგა, ახალი სასრიალო გავაკეთოთ.
    – დღეს ისევ მოთოვს.
    – ამ გაკვეთილზე საკონტროლოს ნიშნები უნდა გამოეცხადებინა.
    – მათემატიკის მასწავლებელმა ვიღაცას უთხრა, წოლითი რეჟიმი აქვსო.
    – რა აქვსო?
    – წამო, წამო რა.
    – რო არ გაცდეს?
    – ცდება, ვერ ხედავ?
    როცა თვალები გავახილე, საკლასო ოთახში მარტო ვიყავი. მარტოობას ნავთის მძაფრი სუნი ასდიოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო.
    პალტოს ჯიბიდან ლურჯი კალამი ამოვიღე. ჩანთაში ხელი დიდხანს ვაფათურე, რუსულის რვეული ვიპოვე, გადავშალე და შიგ ქართულად ჩავწერე:
    გ ო რ ი
    ფიქრის დრო არ მქონდა, არც ასოების მოხაზულობაზე ზრუნვის. გრამატიკის წესების დარღვევისთვისაც არავინ მისაყვედურებდა.
    არ ვიცოდი, ამას რატომ ვაკეთებდი – რატომ ვწერდი, რომ ჩემი ქალაქი საუკეთესო მეგონა. მერე რა, რომ სხვა ქალაქები არასდროს მენახა. გორის ნაწილი ვიყავი და მას არასდროს მივატოვებდი – აქ ვისწავლიდი, ცოლად კლასელ გოგოს მოვიყვანდი, ბაზრის მუშად ან ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელად ვიმუშავებდი, ბოლოს კი ჩემი ძმა თავისი ხელით გამითხრიდა საფლავს კვერნაქის გორაზე. ვერ დავთმობდი ნაცნობ ქუჩებს, ხეებს, სახლებს და კორპუსებს, სხვა შენობებს და იმ ერთადერთ სასახლეს, რომლის ფართო ფანჯრებზეც ღია ვარდისფერი ფარდები ეკიდა. ვერც გორის შუაგულში წამომართულ ციხეს შეველეოდი – რაც უფრო შორიდან ვუყურებდი, ის მით უფრო შთამბეჭდავი მეჩვენებოდა. წარმოსახვის დაუძაბავად ვხედავდი, როგორ არბოდნენ და ჩამორბოდნენ მძიმედ აღჭურვილი მეომრები მის ვიწრო ბილიკებზე, როგორ იფურჩქნებოდნენ ყვავილები ვაშლისა და ატმის ხეებზე ქართლის ულამაზეს ბაღებში… გაქცევის გეგმები, რომლებსაც საკუთარ ძმასაც არ ვუმხელდი, მხოლოდ იმ სისულელეების ნაწილს წარმოადგენდა, რომლების ჩადენაც ჩემს მთავარ მოწოდებად, მთავარ საქმედ ქცეულიყო. რატომ მეგონა, რომ სხვა ქალაქში ციხე არ დამხვდებოდა? რატომ მეგონა, რომ ეჭვიანობით გულგასიებულს ისტორიის შესწავლაზე ხელი უნდა ამეღო? მართალია, იმის გაფიქრებაც მზარავდა, რომ შეიძლებოდა ოდესმე ჯარისკაცი გავმხდარიყავი და მოვალეობების სიმძიმეს წელში გავეწყვიტე, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ სიმხდალიდან გმირობამდე ერთი ნაბიჯი იყო. მე კი, საბედნიეროდ, დეზერტირის განსახიერებაც შემეძლო და გმირისაც.
    – სად ჯანდაბაშია მთელი კლასი?
    კლასის დამრიგებელს მაღალყელიანი, წვრილქუსლიანი ჩექმები ეცვა და წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა.
    – არ ვიცი.
    ნიკაპში ხელი წამავლო და დასჭექა:
    – პირქვე დაგმარხავთ ყველას.
    კარისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
    – შენ რაღას აკეთებ ცარიელ ოთახში?
    მისი კივილი სამართებელივით მისერავდა მთელ სხეულს.
    – ლექსს ვიმეორებ, მას.
    – რომელ ლექსს?
    სხვა რა დამრჩენოდა – თავი ავწიე და ვიღრიალე:
    – ყოველ ახალ გამარჯვების
    შემდგომ წესად შემოვიღე,
    აღტაცებით შემოვძახო:
    ეგ არის და გორის ციხე!

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    მაკა მიქელაძე – ქურდბაცაცები

    როგორ მომატყუა!
    ხუმრობაა, ოცდუთხუთმეტი წელი ერთად გავატარეთ. განუყრელად, სიამტკბილობით, ხმის აუმაღლებლად, უღალატოდ… რას ვიფიქრებდი… ჩემი ცოლი მთელი ცხოვრება მატყუებდა?! ცრუობდა?! წარბშეუხრელად, წინასწარი განზრახვით, თვალთმაქცურად და ყოვლად უსინდისოდ… გვიან შევიტყვე.
    წვიმისგან ამოკენკილი ქვისდარ სახიანი ხელოსანი, გულგარეთა თანაგრძნობით ჩამძიებია.
    – კარტინა გავაკეთო ჯიგარო-ჯან! ბეზ კარტინი როგორ იქნება? არ ივარგებს, არა – არა, შენი ნებაა. ხაზეინ სკაზალ ბოგ სკაზალ.
    საფლავის ქვა ორმოცამდე მოსასწრებია. „კარტინა“ არ მინდა, არ მინდა წვიმა-თოვლ-ჭყაპში სახე უტიროდეს და ლოყის ნაჩვრეტებში ავდარი უგროვდებოდეს…
    ეჰ! სიბერემდე სიქაჩლეო… რას წარმოვიდგენდი.
    ჩემი ბრალია. ჩემს გარდა ყველა იგუმანებდა.
    მიყვარდა. სიყვარული კი ბრმაა.
    გემრიელი ქალი მყავდა. უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან მომზადებულ ქიშმიშიან ფუნთუშას გავდა. თეთრი, სლიკინა კანი, ლამაზი ხალები ბეჭზე, კისერში. თეძოზე ნაჩვრეტები… თაფლისფერი ფუმფულა თმა… ფუნთუშას ჩემ ხელში დაემსგავსა, ისე კი ერთი წაყლანწული, თვალვარსკვლავა, პირმომცინარი, მერცხალივით დაუდგრომელი, ოქროს ხელება, ვერცხლისწყალივით მოუხელთებელი გოგო იყო. გამხდარი, გამხდარი, ლანდი გასდიოდა. თაფლისფერი თმაც ჩემ ხელში დაეფერფლისფერა. ფაფუკი და ფუმფულა კი დარჩა.
    შევაბერდით ერთმანეთს და რად გინდა? ოცდათხუთმეტი წელი მატყუებდა… არა, ოთხი წელი, კიდევ ქორწილამდე დავდევდი. არ მომყვებოდა… ჰმ! იცოცხლე მარბენინა.
    კარგი ცოლი მყავდა. სუფთა, გულისხმიერი, დამთმობი, თავშენახული. „კარგი დიასახლისი თავისი თავის ქურდიაო?“ იტყოდა და ამ დევიზით აბინავებდა განჯინაში ნახევარ ორცხობილას, მწიკვ ბრინჯს, ორ-სამ ღერ მწვანილს, გაფრცქვნილ ხახვის ნახევარს და მოხარშული კვერცხის გულს პაწია ჯამებში, ქვაბუნებში და რკინის კოლოფებში, რათა მეორე დღეს გემრიელ რამედ გადაექცია.
    აბა ასეთი ქურდბაცაცა რა ხეირს დამაყრიდა?
    ფული უყვარდა. ხელფასის სახლში მიტანა მიხაროდა, ბავშვივით ხალისობდა. სანამ მთლიანად არ გადაიბარებდა ხელფასს, ათასგვარ ხრიკს და ფანდს მიმართავდა. ეშმაკურად განაბული და კმაყოფილი ჩემს გასამრჯელოს საიმედოდ შეგულებულ სამალავებში აბინავებდა ნაწილ-ნაწილ. საგულდაგულოდ, მაგრამ ისე საგულდაგულოდ, რომ ხანდახან თვითონვე უჭირდა მოძებნა. მოგვიანებით, შემთხვევით აღმოაჩენდა ხუთმანეთიანებს წიგნის ფურცლებს შორის სათუთად ჩასვენებულს, სამმანეთიანებს ნაფტალინიდან ახლად ამოღებული შალეულის ჯიბეებში. თუმნიანებს გატკიცინებული თეთრეულის უკან გადამალულ ფრანგული სუნამოს ყუთში. იპოვნიდა და კისკისებდა, კისკისებდა, უხაროდა. ოცდახუთიანებს სად დებდა, ერთხელად არ დავიწყნია.
    დამალვის სენი სჭირდა. უნდა მივმხვდარიყავი, რომ ასეთი კაჭკაჭი, რამეს მეც დამიმალავდა.
    რაც არ უნდა მეყიდა, მაშინვე არაფერს ჩაიცმევდა. მალავდა. ფეხსაცმელს მოვუტანდი, არაფრის დიდებით ფეხზე არ გაიკარებდა, სანამ შესაფერის პალტოს, ჩანთას, კაშნეს, ჩულქს, მძივს, ცხვირსახოცს, პომადას და ლაქს არ შეიძენდა. ჩვენი შემოსავლით ასეთ კოლექციონერობას წლები შეიძლებოდა დასჭირვებოდა. ერთხელაც გამოეწყობოდა თხემით-ტერფამდე და რომელიმე ქორწილ-დღეობაში მოიწყობდა გამარჯვების დღეს. ერთხელ მახსოვს კინოში დავპატიჟე. გამობრძანდა მაგრამ, როგორი გამობრძანდა. შავი ბუკლეს პალტო, წითელი რიბსის სარჩულით, წელში გამოყვანილით, წელი იცოცხლე, მაშინ ორმოცდაჩვიდმეტი სანტიმეტრი ჰქონდა, ლაქის შავი მაღალქუსლიანებით, წითელ ძირზე, თმები ავარცხნილი. მომყვებოდა ქუჩაში ის მე და მას მთელი ქუჩის მზერა. გუშინდელივით მახსოვს „ბაბეტა მიდის ომში“ გადიოდა. სინათლე აინთო, წამოვდექით და ვიღაცამ წამოიძახა – „ბაბეტას როგორ გავს! ნახე!“ შემოგვიბრუნდა მთელი დარბაზი და ატყდა ერთი უი, მართლა და ვაი, როგორ… მშვენივრად შეიშნო და ღიმილით შეიფერა, უფრო გამშვენდა და გაბრწყინდა, მით უფრო, რომ ბაბეტას ბრიჯიტ ბარდო თამაშობდა. ჩვენი დროის ვარსკვლავი, ეჰ! ჩვენი დროის… ჩვენი დრო, მორჩა. დამრჩა ჩემი დრო.
    დასარკმელებული ფანჯრის ტურტლიანი შუშებიდან, მოქუფრული გუნების საბოლოოდ დამთრგუნველი პეიზაჟი მოჩანს, ტიპიურად დაპროექტებული ქალაქი, სასაფლაო. ამინდიც ქუფრი, ჟამი…
    – ვა! შენ რა ბოლომდე თავზე უნდა მადგე – ასოებს კი არ შევჭამ. თუ გინდა ასომთავრულით გაგიკეთებ. მეტი რა ვქნა?!!
    ხელოსნის შეძახილმა გამომარკვია.
    – წადი რა გაიარე, გაისეირნე, გამოისეირნე. რაზვეტრიშსა, პრავეტრიშსა. ერთ-ორ საათში პრავეტრიშსა და ზაკაზსაც ჩაგახუტებ.
    გარეთ გამოვედი და შეტალახებული აღმართით სკვერისკენ გავემართე. სკამი შევიგულე. მე თუ მკითხავ, ჩემს ასაკში კაცის მიტოვება ღალატია ნამდვილი, თუმცა რას უნდა მოელოდე ქალისგან, რომელიც ლამის ნახევარი საუკუნე მატყუებდა.
    ბავშვობის ზედმეტსახელზე როგორ ვერ მივხვდი, რა ჩიტიც ბრძანდებოდა. ხუთი წლის გოგონას რომ „ჯიბოს“ შეარქმევენ, პირველი ვერსიით – ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დადიოდა და ასე ამიტომ მონათლეს. მეორე ვერსიით – ბევრ ჯიბიან ტანსაცმელს უკერავდნენ და ყველა წვრილმანს იჯიბავდა. მესამე ყველაზე ალალმართალი ვერსია აღიარებდა, რომ „ჯიბო“ ჯიბგირის კნინობით-ალერსობითი ფორმა იყო.
    ჯიბგირი იყო აბა რა! ყველაფერს იჯიბავდა, რაც მოეწონებოდა, ლამაზ ხედს, ლამაზ ციტატას, კარგ აზრს, კაბის ფასონს, მოწონებულ სიმღერას თუ ნამცხვრის რეცეპტს.
    ტკბილეული…
    ტკბილეული ცალკე თემაა. ცხობა, იცოცხლე, იცოდა.
    მოულოდნელი აღტყინებით იწყებდა და როცა გაზქურიდან ამოფუებულ-ავარდისფერებულ-აპიწკინებულ ორთქლმდინარე სასუსნავს გამოიღებდა, თვითონაც ალმური გადაუვლიდა და თვალებიც ციებიანივით უბრწყინავდა.
    სკვერში, კაფეში რაღაც ნამცხვარი ავიღე ავტომატურად და დავაჩერდი.
    რამდენჯერ ღამით, გვიან ღამით, სამზარეულოში გამოსულს ან ცხობაზე წამისწრია, ანუ უკვე გამომცხვარის მუსრის გავლებისას. ერთი კუთხე ჰქონდა ამოჩემებული. მიიყუჟებოდა და სმუსნიდა მალულად შეძენილ შოკოლადს, კამფეტებს, მარმელადებს, ტორტებს ან თავის შექმნილ ღვეზელებს, ქადებს, ხაჭოს პეჩენიებს. როცა შევუსწრებდი, დამნაშავე ბავშვივით გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა და დარცხვენილი ისმენდა დიეტოლოგიურ შეგონებებს.
    უნდა მივმხვდარიყავი.
    ქვა მგონი კარგი შევურჩიე. არც ძალიან ყვირის, არც ღარიბულია.
    ღარიბულს ვერ იტანდა, აღიზიანებდა. არაფრისგან ქმნიდა ლამაზ ნატურმორტებს, ძველი ფარდაგისგან და სკამის ფეხებისგან ახალ ავეჯს, ძველი ფარდისგან ახალ კაბას, და ძველი კაბისგან ახალ ფარდას… გადაგდებით ვერაფერს გადააგდებინებდი. ცოლად რომ მომყავდა, გამობრძანდა თეთრი ლაბადით და სადაფის თავსამკაულით, თეთრი მოკლე ხელთათმანებით და თეთრად შეთხზული თაიგულით, იტალიურ ეზოში და გადმოეფინა მთელი სამეზობლო.
    – სიძეე! სიძეეე! – აკივლდა მეზობელი ანეტა – იცი რა გოგო ჩაიგდე ხელში… იციიი, რა გოგო… აი, აი დანჯღრეულ ავეჯს მებელად მოგაჩვენებს!!!
    ისე ყველაფერი კარგი აგისრულდათ! თუ შესაძლებელი იყო, აკეთებდა და აკეთებდა ძველმანებისგან ახალ-ახალ ნივთებს. თან უცილობლად დააყოლებდა ლენინგრადში ბევრად უკეთესი მქონდაო. მეცინებოდა, ვიცოდი ფანტაზიორობა რომ უყვარდა. აქ, ზემო ჩუღურეთში ცხოვრობდა. ოთახნახევრიან ნახევარსარდაფში. ხშირად მეგონა მაღალი წარმოშობის „ბოდვა“ ჰქონდა, ისეთებს თხზავდა – ეს ლენინგრადში ხუთოთახიანი ბინაო, ის მსხვილი ავიაინჟინერი მამაო, სორბონადამთავრებული მუსიკის მასწავლებელიო, საკონცერტო როიალი სახლის კუთხეში ძლივს რომ ჩანდა, როიალზე კი ფაიფურის ანტიკვარული თოჯინები, ფანჯრის აივნიდან ხელის გაწვდენაზე დიდი თანამემამულის პეტრე I-ის ძეგლი და ვინ მოსთვლის. მგონი დედა ბარონესა მყავდაო, იმასაც იბრალებდა!
    სამშობლოში რომ დავბრუნდი, ასე 6-7 წლის ვიქნებოდი, მეტი არაფრის დიდებით არაო.
    ოჰ! ჩემი ბარონესა… ბარონესა მიუნჰაუზენი.
    ჯიბიდან ამოვიღე და კიდევ ერთხელ დავხედე. ოცდათხუთმეტწლიანი სიცრუის გამცემი დოკუმენტი, იგივეს ამბობდა, რასაც გუშინ იგი სწორედ შავი ბუკლეს პალტოს საიდუმლო ჯიბეში ძლივს აღმოვაჩინე და ჩემი საკუთარი თვალით და ერთი სათვალით, შავით თეთრზე… ამოვიკითხე…
    მე კი ნამცხვრებს ვუკრძალავდი.
    „დაბადების თარიღი 1939 წ. ადგილი ლენინგრადი.
    და მე რას მეუბნებოდა. ომის დამთავრებას არაფერი უკლდა, რომ დავიბადეო. თუ ომი ახალი დამთავრებული იყოო…
    თანდათან ბუნდოვნად წამომიტივტივდებოდა უცნაური მონათხრობები. პატარა რომ ვიყავი, კალის ჯარისკაცებს აივანზე ვაწყობდი, ასე მეგონა დამიცავდნენო. ზოოპარში ვერ შეიყვანდი, მეშინია, სპილოს რამე არ მოუვიდესო, წუხდა. ჩანს ახსოვდა ლენინგრადის ზოოპარკი როგორ დაბომბეს. ახლაღა მივხვდი სად მიბაჯბაჯებდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი „ჯიბო“ ჩქარ-ჩქარა და სირენების წივილ-კივილში.
    აი, თურმე, რატომ აორცხობილებდა ერთ სახეშეუჭმელ პურსაც, რატომ იღვრებოდა ცრემლად „სალიუტების“, „პარადების“ და ომზე ფილმების ყურებისას. რატომ სძულდა ჭექა-ქუხილი, ომობანას თამაში, ხმაური და ჩხუბი…
    ტყუილის მასშტაბურობაზე ვფიქრობდი. რომ მოგეკლა, თვითმფრინავის ბილეთს არ აგაღებინებდა, ბინაშიც თვითონ ჩაეწერა… ტრუსკავეტსკში დასასვენებლად, ავად იყო და მაინც თვითონ წავიდა ბილეთისთვის, სასტუმროს ადმინისტრატორებთან არ მიგიშვებდა… პასპორტი რომ არ ჩამვარდნოდა ხელში…
    სიცილი ამიტყდა.
    კაფეს გამყიდველმა განცვიფრებით გამომხედა…
    – ჩემი ცოლი გენიალური ქალი იყო, – ავუხსენი მე.
    – აბა ჩემი ქმრისგან რამე მსგავსს გაიგონებ! – გაბრაზდა ის.
    ნამცხვარი შევჭამე. ნაყინიც ვიყიდე. გაზეთიც.
    გულისგარეთ ვკითხულობდი. ხშირ-ხშირად მეცინებოდა. თითქმის ჩემხელა ყოფილა ეს მატრაკვეცა… თითქმის ჩემხელა.
    საათს დავხედე და სახელოსნოში შებრუნება გადავწყვიტე! წვიმას აპირებდა.
    – ჯიგაროჯან, დატა არ მითხარი, დატა! რომელი გოდა იყო? – შემეგება წვიმისგან ამოკენკილი ქვისდარსახიანი ხელოსანი.
    რამდენს იკისკისებდა ჩემი დაბნეული სახე რომ დაენახა. ერთ სათვალეს რომ არ ვენდე და მეორე რომ მოვიშველიე. ნეტა მას სიცოცხლეშივე რომ წავწყდომოდი, გასაიდუმლოებულ პასპორტს, რას იზამდა. ალბათ გამებუტებოდა.
    – დაბადების წელი 1945 – ვუთხარი მტკიცედ.
    – ვა, რა ახალგაზრდა წასულა. ნწუ-ნწუ-ნწუ – შეწუხდა ქვის ოსტატი.
    თავი დავუქნიე, პასპორტი გულის ჯიბეში დავმალე და ვითომ სიგარეტის მოსაწევად გარეთ გამოვედი.
    გაწვიმდა.
    კარგ ხასიათზე დავდექი, წელში გავიშალე, სუნთქვა გამიიოლდა. თითქოს სადღაც ჩემს „ქიშმიშიან ფუნთუშას“ ლოყები ჩაეჩვრიტა და თვალები აუციმციმდა. კისკისიც ჩამესმა. მეც სათვალე მოვიძვრე, ცხვირი შევჭმუხნე და თვალი ისე შევუკარი, თითქოს ცრემლით არ მქონოდა სავსე.
    – ხედავ რა ავანტიურაში ჩამითრიე? მთელი ლენინგრადის ბლოკადა მოვიპარეთ. მთელი ომი.

    ერთი მოთხრობა ფულზე და სულზე

    რამდენიმე ეპიზოდი პოლონეთში ცხოვრებიდან… დანარჩენი არ მახსოვს. ვსვამდით.
    ჰო, კაბა ვიყიდე ჩემთვის, მზის ფერზე და თარგზე აჭრილი, მზესუმზირებიანი, კიდევ – საახალწლო გვირგვინი-თაიგული. შევიძინე, როგორც საბჭოეთში გაუგონარი სიტყვათშეთახმება. სხვა?!
    ძალიან ვსვამდით… არ მახსოვს.

    ეპიზოდი პირველი

    შერძენისლშენანავებული, ანუ ნისლშერძევებულანანავებული, ანდა სულაც ანანავებულნისლშერძევებული (სიტყვათმშენებლობა მაგარია!!!) მოკლედ ასე… რძესავით ნისლში შენანავებული და მანანავებელი (ვლო-თობთ!) ავტობუსი მიირწევა, მიტაატებს, მიკრიალებს საზღვრებიქითა შოსეზე. ფარების მჭრელი სინათლე კვეთს რძე-ნისლს, ჭრის შედედებულივით ბლანტს მკვეთრი სხივით და მიალივლივებს მიბარებულ ოცდახუთიოდეს და ოცდახუთწლამდეს, მჩქეფარე, კარგად მოწეული (და მწეველი) სიცოცხლეებითურთ. – road, road, road – ბღუის მანქანა.
    ავტობუსი მიჰყვება ნისლს. ნისლი მიჰყვება ავტობუსს. ნისლს და ავტობუსს მოHყვება ნაძვის ხეებჩადგმული აციცინათებული ოთხუთხედების რიგი, განათებული ფანჯრები – სადღესასწაულო. ჩვენთვის ახალ წლამდე შორია, შობამდე უფრო შორი. იმ ბერგამოტის, მუსკატის და დარიჩინის სურნელივით შორის, ნაძვისხეებჩადგმული სინათლეების მომბურავი ფარდების მიღმა რომ ტრიალებს.
    ჯერ 24 დეკემბერია. შობა ჩვენში შვიდ იანვარს იციან, მაგრამ ჩვენში შობის აღრიცხვამდე ბევრად უფრო შორია; ავტობუსი ხომ ნისლის გარდა საბჭოთა დროებებში მოძრაობს.
    ნისლს ჩვენი გაოგნებაც შეედინება, ამ მოულოდნელი დღესასწაულის გამო.
    დღესასწაული ფანჯრების გაღმაა… მაგრამ მოდის. ფანჯრებიდან შემოციმციმებული ფერადოვნება მატულობს. გზა ქალაქში შედის.
    სარეკლამო აბრები – გასაკვირალი. გამაკვირვებელიც – ღამითაც ანთია!
    ავტობუსში სიმყუდროვეა.
    ავტობუსი ჰგავს აუღებელ ციხე-სიმაგრეს. ადგილი, სადაც გაქვს „ვარციხე“, – დაუმარცხებელია, შეუვალი, მიუდგომელი.
    არავის სძინავს. ჩაღუღუნებულნი, მითავგვერდებულნი ჩათივთიკქურთუკებულნი ვსვამთ დაგემოვნებით. ათი დღით დამეგობრების პირველ საფეხურ-გაცნობა გადაგორებულნი და მეორე საფეხურ-შეამხანაგებაზე გადასულნი, თანდათან ვეხსნებით ერთმანეთს, ვლაღდებით. ოღონდ თავდაჯერილად, მოზომილად, გეგმაზომიერად, ქართულ-დარბაისლურად, გულდადინჯებით და გონმიყოლებით. ასე, სადღაც მეათე დღისთვის ალბათ გავლაღდებით, გამოსამშვიდობებელ საღამოზე ბოლომდე გავთავისუფლდებით, დავიხარჯებით და შინ, სამშობლოში მიწაზე ფეხის დადგმისთანავე გავგულდინჯდებით, გონმოვიკრიფებით, მოვიზომიერებთ და გავგეგმაზომიერდებით.
    – რაც გზა გვიდევს ვარშავამდე, ის გამატარებინა თბილ ლოგინში? – „ხმათა ხავერდები“. თვალის კუთხით ვხედავ, სკამის ზურგსაა მოფარებული.
    „ნეტამც და შენთან ერთად“ – მთელი არსებიდან ამოფრენილი და დროზეენაზემიკბენილი ნატვრაა ჩემი. კარგად გაზრდილი გოგონები მსგავსზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, არც აგონდებათ, მაგრამ… ნატვრა მარტო ჩემი არ არის, ოთხი-ხუთი კარგად გაზრდილის გაუაზრებელი წაოცნებებაც თან მომყვა, ვგრძნობ. არც ერთი არ უყურებს ზედ. ნუ, აი არც ერთი, ნუ სულაც არ ახსოვთ.
    ადამიანურად დათო კი არ ჰქვია, დავითია და კიდევ მეტი… არქიტექტორია… ვაიმე… დავეცით… და ის ისეთი კარგია!!!
    წინ თორმეტსაათიანი გზაა. თორმეტი საათი მისი სუნთქვა ჩემგან ცხვირის გაწვდენაზეა, ფანჯარაზე თავმიყრდნობილი მეც თითქმის მის კისერთან ვსუნთქავ. უკან თავხედურად გადმოხსნილი სკამის საზურგე მუხლისთავებს მტკენს. შეიძლება ითქვას, კალთაში მიწევს და ხმასაც არ ვიღებ. მერე რა რომ წვივებს და ტერფებს მილიონი წვრილი ნემსი დაესია და ვერ ვგრძნობ.
    – უკანა სალონს ვერ გაგვინათებ?! – „ხმათა ხავერდები“-თქო და ჟრუანტელები. ხმა იმედისმომცემი. ხმა, რომელიც მითბობს სულს და მიმართავს მძღოლს.
    შევარციხებული ნისლი ფერებჩაღრილი ვერცხლისწყლისებურია, მოძრავიც. სევდაშეინისლლივლივება… არა ახალწლები ინისლვერცხლისწყლება, არა წლები ჰეფინიუსილსიფერება. (მე ასე ვთვრები. სიტყვათვმშენებლობ.)
    – იცით, მეც არქიტექტორი ვარ! – რაღა თქმა უნდა არ ვამბობ.
    მძღოლმა უკანა სალონი ოდნავ გაგვინათა და ჩუმად შემოგვბლიუზა.
    ბლუზიც ნისლში გაიბნა. ნისლი – სადღესასწაულო სასოწარკვეთით სავსე ფლეიტით და საქსაფონის ამონასუნთქით შეთბა.
    მგონი… ან რატომ მგონი… ეს კაცი მიყვარს!

    მეორე ეპიზოდი

    – ასოციაციობანა ვითამაშოთ – კუდრაჭით ამბობს ერთ-ერთი კარგად გაზრდილი.
    ხრიკია – ქალური. შევიტყობთ ვინ ვის რა თვალით შეხედა.
    ას-ოცი-აციები, ორ-ასოციაციები. ორნი და ას ოცნი შეიტყობენ როგორ აფასებენ ერთიმეორეს. შემთხვევა რა ფასს ადებს მათ: ერთობას თუ ორობას, გაერთიანება თუ იასოცებს… ან იასოციაციებს. მე თვალებში მიბევრდება უკვე.
    დავითიც ბევრია.
    ამდენი მაინც იყოს. ვცდილობ დავაფოკუსირო მზერით დავითები, მაშინ ყველას გვეყოფოდა.
    – მეც ვთამაშობ – კუს ფეხივით გამოვყავი ხელი შემობუდნული ქურთუკიდან.
    ვთამაშობთ.
    – მმ, ფერწერა? გავს… გავს რაფაელის „მარიამის დაწინდვას“… სიტყვა გაუწყდა. მე ხელი მოწყვეტილი ყვავილივით დამივარდა. იმედის სიმებმაც უიმედოდ ჩაიჟღარუნეს.
    უყურებდა დიდი სინაზით, როგორც სადედოფლოს.
    სადედოფლომ თქვა არ მინახავსო ეგ რაფაელი და იდუმალი ღიმილი შეაგება. სწორედ „ეგ“ არ უნახავს, თუ „ეგ რაფაელი“ – ვერ მივხვდი.
    დავითიც მიხვდა, კომპლიმენტი რომ გაუცუდდა. თავს ვიმძინარებ. მხოლოდ იმიტომ, რომ ემოციები აღარ შემეტყოს. ახლა მხოლოდ მისი ხმა შემომილურჯხავერდისფერება, ბლუზის ხმაში მიბნედილ ვერცხლისწლის შეფერადებულ მოძრაობაში. ხმას ვერ ვეტყოდი „ნუ მეფერები“, თუ ნათქვამის შინაარსი სხვას ეალერსებოდა…
    – ჩავიფიქროთ!
    – ვინ გამოიცნობს!
    თათა? – მოდილიანი, ანუკ ემე, ჟასმინი, „სასაცილო გოგონა“, ანტილოპა, შენობა? – შენობა ალბათ პიზის კოშკი. რას ჩავაცმევდი? მე-17 საუკუნის ტანსაცმელს.
    ხმამ, რომელიც საქსაფონის და ფლეიტის შემომუსიკებას მიხავერდებს, ხმამ, რომელსაც თვალდახუჭული ვხედავ, მეგობრული, მაკომპლემენტირებელი და უკანდასახევი გზის დამტოვებელი ინტონაციები შეიძინა.
    ხმას შამპანურის ფუჟერის ფორმა აქვს.
    არ უნდა დამელია.
    თვალდახუჭულიც ვეჭვიანობ. ვხვდები, როგორ წითლდება თათა.
    მხოლოდ დავითის ასოციაციებს ვუსმენ და ვხედავ.
    თეა? – ყვავილი? გიორგინა. ცხოველი? ჯიშიანი ცხენი. მსახიობი? – მურავიოვა. როლი, რომელსაც გათამაშებდი? – მაგდანა. მხატვარი – ველასკესი. შენობა… რამე, მასშტაბური… იმელი!
    ვცდილობ არ გამეცინოს. თეა იბუტება. არადა არის მასში რაღაც მასშტაბური. თეას ურჩევნია იყოს მასში რაღაც ანტიკური… დავითი ცდილობს გამოსწორდეს.
    – ჩავაცმევდი ოციანი წლების რეტროს.
    თეა აღარ იბუტება. ხმა – თბილი ხუმრობებითაა სავსე.
    თათას და თეას გარდა ყველას ცუდად ვიცნობ, ვერ ვხვდები, რამდენად ზუსტად აფასებს.
    – გველი – ამბობს ვიღაცის ცხოველის ნიშაში – ვერ ვითმენ და ცალ თვალს ვახელ. შესაფასებელს გავხედე. დიდთვალება, შავთმაგადაკრიალებული თოჯინაა.
    რატომ, თორემ კი ბატონო, ვთქვათ…
    – მე ვიტყოდი შველი – გამწარდა ის.
    ხმა, რომელიც ჰგავდა გამოწვევას გამოსაწვევის გამოწვევას ახერხებს.
    – მე დავრჩი – ჩაქნეული ხელი ავიწიე… თუმცა მახსოვდა რომ იქ, სადაც ჰგავდნენ რაფაელის მადონას, ხმა იყო ფითრის ნაყოფის ფორმის და ფერის.
    – თქვენ?.. (რატომ მე თქვენობით?) – ავაზას, ყაყაჩოს, სოფი ლორენს მაგონებს. გრატესკა – როლი, მხატვარი? გოგენია ტროპიკებში, შენობა? კარნეგი ჰოლში…
    ხმა გამრიდებელი. დისტანციის დამკავებელი. და რადან უხერხული იყო ჩემი დახასიათებისთვისაც თვალდახუჭულს მესმინა, სახესაც გავუსწორე თვალი, დამკვირვებელი, ნიადაგის მომსინჯავი და ობიექტური.
    რას ჩააცმევდი? – იკითხა გველადმონათლულმა, მას თუ არ ვცდები კრინოლინი და დაპუდრული პარიკი ერგო.
    – გავხდიდი! – ალალად გამოსცდა, ღიმილით დაფარა.
    სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ერთის ნაცვლად ბევრმა გველმა ჩამხედა თვალებში. თეამ და თათამ დავითს გაუყარეს დარცხვენილ მზერაში აღშფოთებული მზერა.
    – ალბათ ხელთათმანებს? – ვცადე დავითი მეხსნა.
    – დუელში მიწვევთ? – არ დაიბნა.
    (არა, რაღა მე ვარ თქვენობითში?)
    – სიამოვნებით – მივიღე გამოწვევა – შევხვდებით თოვლში.
    – სანამ სისხლი დაღვრილა, ერთიც ჩამოვატაროთო – გადმოგვაწოდეს ბრტყელი გამდნარიქარვის ფერით და ლოდინით სავსე ბოთლი.
    ვიუარე. ხელთათმანი მიხურდა.
    მრავლობითობა კვლავ მხოლობითობაში გადამივიდა.
    ნეტავ იცოდეს როოოგოოორ მჭირდება!
    ნისლი გახდა უცნაურად მღელვარე და დამედევნა მღელვარე ნდომა. ნდომა იყო გამდნარიქარვის ფერის და ლოდინის, მაგრამ ვიღაცას გენიოსის შედევრის მაგვარს სიყვარულს უპირებდნენ, ფითრის ტოტისფერს.
    დავითის დახასიათებისას ითქვა
    – ესპანელი იდალგო, ქართული კარტის აგურის ვალეტი, დეგა, ხე – ჭადარი, ცხოველი – ზოოპარკის ლომი, ფილმი – „არსენა“, შენობა? შენობა რომელი?
    მე ვთქვი „ტაძარი?
    ძალიან მჭირდებოდა.
    შეკრთა და ეჭვის თვალით დამაკვირდა. მივხვდი, სიტყვა შორეულ საიმედოდ გადამალულ სამიზნეს მოხვდა.
    და მაინც, მე ვიყავი პეიზაჟი ფარშევანგებით, ჩემს ტროპიკებში გარუჯულ სხეულს უცნაური სახელი ვაირაუმატი ერქვა. ხელში მწიფე ეგზოტიკური ხილი მანგო მეჭირა, მანგოს წვენი კი ჩემს მანგოსებურობებს დასდიოდა, როგორც სურვილი… უცხო ხილი… გასინჯავდა კაცი.
    სხვა კი, სხვა სინაზით, სხვა ქარიზმით, სხვა სისადავით, სხვა კდემამოსილებით… უყვარდებოდათ…
    კიდევ კარგი, კარგი მესაჭე გვყავს, სთქვა მან, მესაჭემ; რაოდენ შედედებულიც და რაოდენ ჩიტისრძისფერიც, რაოდენ რულისებურიც და რაოდენ რულისებურიც, რაოდენ აბრეშუმისმაგვარი და რაოდენ ნახავერდები, რაოდენ ბრუშემმოპარებელი და რაოდენ ამამსუბუქებელი… რაოდენ კი არა, და იმიტომ, რომ ასეთი საშიში ნისლი იდგა მანქანა ერთ ზედმეტ მეტრსაც ვერ გაივლიდა, რამეთუ იგი, კეთილი მესაჭე ცხვირთან მიტანილ თითს ვეღარ ხედავდა უკვე.
    მანქანა დადგა.
    ჩავიცხელცრემლმთივთიკისქურთუკისსაყელოვე. იქ თბილისში დატოვებულმა ქორწილმა თავისი ჰქმნა. ჩემმა შეყვარებულმა მდიდარი შეირთო. სტრესის მოსახსნელად გამომსაზღვარგარეთეს.
    …ნეტა იცოდეს, ნეტა იცოდეს, ნეტა იცოდეს, რისგან შეუძლია მიხსნას…
    ჩავიძინე.
    ძილშიც მეწვია ხმა, რომელიც ხავერდებს ხევდა: – ჰგავს დასაწინდს და ჰგავს კეტრინ დენევს, ჰგავს ნიამორს და ჰგავს იორდასალამს, შევმოსავდი ქართული კაბით, ან ევროპული, საქორწინო თეთრი მაქმანით, ხელით ნაქარგი… შენობაც მაქმანებიანი, „წმინდა ოჯახის“ საყდარს ჰგავს… დავხატავდი და… ფრესკა… ანგელოზი… მიყვარდა.
    არ მესიზმრებოდა. ესიზმრებოდა – სხვას იყვარებდა.
    ჩემთვის რომ გეკითხა, ეძინა მესაჭეს. ეძინა ყველა მესაჭეს ქვეყნად. არსად არც ერთი მესაჭე არ იყო ფხიზელი. არც ერთი საჭე აღარ ბრუნავდა. ყველა გზას ნისლი ფარავდა, შიშისფითრისფერი.
    აღარავინ შემიყვარებს, აღარასოდეს… არ ვიცი რამდენად გოგენის ნატურა ვაირაუმატი, მაგრამ ვაი რა ბატი… რა უადგილოდ და რა უიმედოდ ვიბრალებდი ახალ სიყვარულს.

    მესამე ეპიზოდი

    გადავთვერისავით.
    უნდა გამოვიცეკვო! დავითი? არა. ჩემგან უნდა გამოვაცეკვო, გამოვდევნო, გამოვამევო, გამოვაცხოვრო ყველა ტკივილი…
    ვცეკვავ.
    მარტო ვარ.
    ისიც მარტოა.
    რატომაა მარტო? – არაფერი ათრობს, მახსოვს…
    აღარ მახსოვს…
    სად? ვინ? როდის? რატომ?
    მეც ნიამორი ვარ… გავრბივარ.
    პიზის კოშკი ვარ. ვვარდები.
    ე/ეი, თქვენ არქიტექტორნო, ხელი შემაშველეთ!
    არააავინ არ… არავის არ… არავის არ ვუყვარვარ!
    ნისლი?
    დისკოტეკაზე? შემოგვყვა გზიდან?
    არ მინდა!
    კვამლია. კვამლში ტრიალებენ… ტრიალებს ბურთი არნახული. ბრუნავს, ათინათებს აპნევს, აბნევს, გვაბნევს… სარკეებიანი. სარკეებშიც ვცეკვავ…
    ფერები, ფერები, რა ნაირფერები. შხრრრ წითელი, სხლტ-ნარინჯისფერი, მრუმ-მწვანე, ბლუ-ლურჯი, სახეებს გვისერავს.
    სახე ბართან მაინც მშვიდია. გველივით ულამაზესიც მშვიდია. საუბრობენ. გველი კვლავ შველს /გავს.
    ვხდები ავაზა – ეჭვის. ვცეკვავ.
    ხმის ფერი არ მოდის ჩემს მოძრაობებთან, ფერებს აქვთ ხმა.
    – შეგხვდეთ, შევხვდეთ, შევხვდეთ – მეჩვნება.
    გული აბრეშუმის და ხავერდის ნახევი. ვე-ჭვი-ა-ნობ. ვერ გამოვაცეკვე ჩემიდან ტკივილი.
    „გველი“ ზეიმობს, ის „ნიამორი და კატრინ დენევი“ ჩემზე უარეს ჭირის ოფლს იწმენდს; ღირსეულია და დარბაზს ღირსეულადვე სტოვებს. უღირსსაც. ნუ ზედ არ უყურებს… ნუ საერთოდ…
    მისი საქციელი მარტოკა ცეკვაზე ბევრად მომგებიანია.
    მაინც ვცეკვავ და წამგებიანად მარტო ვარ.
    ისევ შორს, სხლტ, მრუმ და ბლუ. ბლიუზიც.
    მი-ყვაააარს!
    ვე-ჭვი-ანობ.
    გამოვაცეკვებ სიყვარულსაც, ეჭვიანობასაც, ჩამოყოლილ ღალატებს, იმედისკარგვას, სიყვარულისაც. სადედამთილომ უსახსრობა ჩვენიც გვყოფნისო…
    ქორწილები და მანქანების ჭყიპინები. ფულიანეთი…
    სარკის ნატეხთა ანარეკლებს სახე ირეკლავს.
    ისინი სვამენ.
    თვალებშიც კი უყურებენ ერთმანეთს.
    ჭიქა ხელიდან უვარდება, ჭიქა დაიმსხვრა.
    მე გავტეხე ჭიქა. დაჟინებული მზერით. მე არა… მზერამ… ან რომელიმე გამოშინაგანცეკვებულმა გამომშიგნავმა გატეხა ჭიქა.
    – ვიცეკვოთ? – ვიღაც პოლონურად მეკითხება.
    – აბა რა! – ვცეკვავთ.
    თავბუსდახვევა, ტრიალი, ტრიალი, დახვევა, ჩახვევა, მკლავიდან მკლავისკენ და გადაზნექ-გადმოზნექვა და სარკეებიანი ბურთისკენ ატყორცნილი ფეხსაცმლის ჭვინტი. წერტილი. სდექ. თავდაკვრა, რევერანსი… ბის. ბრავო. ტაში. ტუში.
    ჩქარ, ჩქარ, ჩქარ და ახლა უკვე ჩა-ჩა-ჩა.
    ვსვამ, ვსვამ, ვსვამ…
    უ/, ამდენი დავითი უკვე მთელ პოლონეთს ეყოფა. გასაყოფიც აღარაფერია.
    – აბა გეყოფა. – თეა-მენტორი – ყველა შენ გიყურებს – წავედით ნომერში.
    ყველა?! კი, ერთის გარდა.
    ჯან-და-ბა და და-და-დამ, დამ-დამ-დამ.
    ბართან აღარავინაა.
    ერთად წავიდნენ.
    – უნდა ვიცეკვო!
    დილამდე.
    დილამდე.
    მარტო
    ვიცეკვებ
    რატომაც არა…
    მუსიკა! ბარმენი პოლონელი.
    –Мис, закрыто, закрыто!

    მეოთხე ეპიზოდი

    – ოქრო გავყიდოთ.
    – ოქრო? და-ვი-თი მი-ყვარს! – მთვრალი ვარ.
    – უაზროდ ცეკვავდი – მეცნენ მეგობრები.
    – თქვენც შეგიყვარდათ? თუ არა? – აღარ ვმალავ ეჭვებს – შეგიყვარდებოდათ.
    – უაზროა – ჩაიქნიეს ხელი.
    – რა ოქროს გაყიდვას აპირებ? – თათამ თეას კომერციულობასთან შეამხანაგება ამჯობინა, ჩეს პარანოიალურობასთან შერკინებას.
    ცოტა ხანში ოქროს ლომის თავს ხელისგულზე დავყურებ კარგი შემფასებელივით. ოდესღაც ვხვდები რა მიბრწყინავს ხელში:
    – აჰ! ზოოპარკის ლომი! მაჩუქე… თან ჩემი ზოდიაქია!
    – გითხარი უაზროა. ოცდაშვიდი გრამია. ბაჯაღლოა.
    – უაზროებს რა არაფერს ჩუქნიან? და-ვი-თი მი-ყვარს. რა-ტომ ვერ მი-გებთ.
    – ცოტა თავი დაიჭირე! პირი დაიბანე! გვეყოფა შეჯებილი თვალების ცრემლით ჩამორეცხვის რმანტიკა – თათა გაღიზიანდა.
    სააბაზანოში მორჩილად შევდივარ. სავსე აბაზანაში ტანსაცმლით ვწვები.
    შეფხიზლებული კი ჩემთვის უკაცრიელ ნომერს დემარშით ვტოვებ. დემარშს კორიდორებში მივაწურწურებ.
    სასტუმროს კორიდორს თეთრი, ხელოვნური ნაძვის ხე აბოლოებს.
    ბოლომდე რა მივა.
    მივედი. უფრო მივქანავდი. ჰაეროვნად.
    რა უნდა ყვავილებს ნაძვის ხეზე?
    თეთრი ლილიები სათითაოდ დავხსენი და თმაში ჩავიმაგრე. ქაღალდისებს ჰგავდნენ. რა უცნაური ხალხია ეს პოლონელები. თეთრი ლილია – თეთრ ნაძვის ხეზე. /მ!
    სარკეში ჩავიხედე.
    სარკეს მოეჩვენა, რომ თავი დავიჭირე.
    ყველაფერი რიგზეა. ახლა საით?
    – 200$ – პოლონელი მომეტუზა.
    – ა?
    ღამეშიო.
    თუ სწორედ მივხვდი…
    წარბები ამეზიდა – ყველა საზღვარს გასცდნენ.
    აი, რას ნიშნავს საზღვარგარეთი (სოციალისტური ბანაკი მაინც არ ერქვათ). არ გავილანძღეთ! მეც და ბანაკიც.
    – Что вы сказали?-თქო.
    – 500$-იო – დაფრთხა.
    ახლავე დავრეკავ ახალშენეფებულთან და შესიძებულთან, გავაგებინებ რა ბაჯაღლო გაუშვა ხელიდან.
    – золото купишь! – დამიბრუნდა გონი.
    არ გასჭირვებია გადასხვაბიზნესება, შესხვანივთვაჭრება.
    ნომერის კარი ზარ-ზეიმით შევაღეთ.
    – ოფელია! უკვე შეშლილი! – გაუხარდა თათას.
    – დავახრჩოთ! აბაზანაში! –აიტაცა თეამ.
    – ნახეთ ვინ მოგიყვანეთ! – ვინ არის უაზროს რომ ვიტყოდი, იმ ტონალობებში შევასიხარულე მეგობრები. გახსენით ლომების აღლუმი!!!
    ლომი გაიყიდა.
    ორიოდ ნულით მოგვატყუეს. კურსმა დაგვაბნია. იმ ფულად რამდენიმე, მაგრამ ნუ მაგარ, რომ დაგცემდა ისეთს, ქუჩის შურიან მზერებს რომ მოხსნიდა ისეთს, ცელულოიდის ფერადი პარკი თუ მოგვივიდოდა.
    ჩვენ შევიძინეთ ქაღალდის ყვავილებით გაწყობილი, უცნაური საშობაო გვირგვინები, ხორბლის თავთავებით, ნარშავებით, ჩალის წნულებით და ბრჭყვიალა საახალწლო სათამაშოებით.
    რატომ ყიდიან ადამიანები ოქროს?
    რატომ ვერ ყიდიან ადამიანები ოქროს?
    რატომ იყიდებიან ადამიანები ოქროზე?
    რატომ გყიდიან ოქროსთვის?
    ოქრო, ოქრომ, ოქროს, ოქროდ, ოქროთი,კვლავ ოქრო. ო, ოქროვ!
    ბრჭყვიალა სათამაშოები.

    ეპიზოდი შემდეგი

    რა დააჭკნობს თმებში ხელოვნურ ყვავილს.
    ეს სხვისი ნომერია, ეს – მისი, ისიც სხვისი, ჩვენი ჩამოვიტოვე. ნომერი, ნომერი. ნუმერაცია ვერ მშველის.
    ალალბედზე.
    სადაც არის ბედი შენი… იქ მიგიყვანს ქუსლი წვრილი.
    ძლივ-ძლიობით ვარჩევ ერთმანეთისგან ჭორიკანა მეღამურებს.
    ვინ? ვის? სად? როდის? თამაშივითაა. ვინ? ივის? რას უპირებს? სად? პასუხები მზადაა.
    – გიყვები, არ დაგცდეს!
    – დედა მომიკვდეს?
    – ცოლად აპირებს რომ მოიყვანოს!
    – ცოლად?
    – გეფიცები.
    რაო-რაო? ვინ? ვის? რას უპირებს? როდის?
    დავითი – მას ნიამორს.
    აი, ნომერი მესმის.
    – რა ნომერი, იცი ვისი შვილია? გა-დას-დით…
    ხომ ვთქვი.
    დაჭკნა ხელოვნური ყვავილები თმაში.

    ოდნავ შემდეგი ეპიზოდი

    კორიდორის ბოლოში მარტოა. იგი – დავითი!
    ხელოვნური ყვავილები მზის ამოსვლისთანავე გაიშალა.
    „მიყვარხარ“ ვთქვი მშვიდად. მისი სიმშვიდე გადამედო.
    მშვიდადვე ვაკოცე ტუჩებში. კოცნამ დამშვიდობების გემო დამიტოვა.

    კარგი ეპიზოდი

    მიდის და მიდის და მიდის ცხოვრება უჩემოდ.
    მოდის და მოდის და მოდის თოვლი პოლონური.
    გარბის და გარბის და გარბის გზა ფანჯრებში.
    თავისუფალი სვლა გვაქვს ქალაქში. სამარშრუტე ავტობუსის ფარდებს შორის საყდარი მოჩანს – თანამედროვე არქიტექტურის, ძველებური რწმენით.
    მომწონს. ჩასვლას არ ვაპირებ.
    დავითი?!
    სწორედ აქ ვაპირებდი ჩასვლას.
    საყდრის კარების წინ ჰგავს მადონას დაწინდვის მომლოდინეს.
    იქნებ უნდა შეხვდნენ?
    მაინც ჩავდივარ.
    – ელი ვინმეს? – თოვლზე ფრთხილი ვარ.
    – ამ ქვეყანაში რამდენი ახალი ეკლესია შენება. ჩვენთან კი… ხანდახან ვცდილობ ეკლესიები დავაპროექტო. გავა დრო, ვიცი ეკლესიებს მეც ავაშენებ.
    „ტაძარი!“ – გამახსენდა ჩემი ასოციაცია. ამ შედარების სამადლობელო იყო ასეთი ნდობა, გულის გადაშლა.
    – ხუროთმოძღვარი – დაუკვირდა სიტყვას.
    ხუროთმოძღვარი – ამ დავიწყებულმა სიტყვამ რაღაც დავიწყებულში დიდი ხნით დადუმებული ზარები აახმიანა,
    – მე სიტყვებით ვმშენებლობ. ოღონდ ხუროთმოძღვარივით ლამაზი სიტყვა ჯერ არ ამიშენებია – ვცადე გულახდილობითვე მეპასუხა.
    – შეგატყვე! სიტყვებს იგონებ – გაიღიმა.
    ის რომ ჩვენ, საყდრის წინ, ვგავდით რაფაელის ტილოს, რეალურს, გაცოცხლებულს, მაიმედებს.
    იქ საყდრის წინ როგორც იქნა ვილაპარაკეთ. ზეშთაგონებით მიყვებოდა, რომ აქ ჩამოსვლამდე არქეოლოგიურ ექსპედიციასთან ერთად საგვარეულო ეკლესიას. არესტავრირებდა. როგორ ითლება ქვა, როგორ იხარჩება ქუჩურთმა, როგორ ედუღაბება აგური აგურს, როგორ გამოიწვება ალიზი.
    …ყვებოდა მშვიდი, სავსე მადლობით და მადლით. შეამთლიანეს თურმე სარკმელ-ოლარი ხავსმოდებული. გოჯ-გოჯობით გაწმენდილი, ალაგ-ალაგ ამოცვენილი უძველესი კრამიტების ახლადგამომწვარი თიხით შეცვალეს, ძველი ფრესკები გაამაგრეს, ამოასუფთავეს ქვაზე ნაკვეთი ასომთავრული. მზით გამთბარ სახელგაცრეცილ საფლავებზე ჩამოსხდნენ და ჩამოილაგეს დაღლილ მუხლებზე ნაჯაფი ხელები.
    ო! როგორ ვიცოდი, რომ ძალიან მჭირდებოდა. აი ასეთი, როგორიც ახლა.
    – ახალი ჩანახატებიც გავაკეთე, ახლაც ბაზილიკის პროექტზე ვმუშაობ, თანამედროვე… მანდ მინდა ყოფნა… ჩვენთანაც მოვა ასეთი დრო. ხელი საყდრისკენ გაიშვირა…
    მეც სადღაც „იქით“, მისი სიტყვა რომ ვიხმარო, „მანდ“ მიმეზიდებოდა. ჩემი „იქით“ იყო ზევით რატომღაც, დავითის „მანდ“ იყო დედამიწაზე, ადამიანებში, თავის ნაშრომში.
    მომეჩვენა, რომ მშიერი ვიყავი, თბილი პური მომიტეხეს და მაჭამეს, აი იმ ხელით, ცოტა ხნის წინ რომ თიხას ზელდა, ბზის კარიბჭეს ჩორკნიდა და ხატებს ჭედავდა.
    – წამო, შევიდეთ, დავათვალიეროთ! – შინაურული იყო.
    შენობაში შევედით. იეზუიტთა სალოცავი აღმოჩნდა. პატარა ოთახი, მყურდო, უცხო სუნით, კედრით თუ კიპარისის. ნახევარი ოთახი მექანიკურ-მუსიკალურ თეატრს ეკავა. მეფენი, დედოფალნი, სეფექალნი, მხედარნი, მიწათმოქმედნი, მჭედელნი, ჯალათი, მოკვეთილი თავები, ხის, თიხის და ლითონის ფიგურები ლილვების, კბილანების უხილავი ბრუნვით, მოძრაობდნენ, ჩამზარების და კამერტონების ზუსტად გამოთვლილი ჟრჟოლვა მუსიკას /ქმნიდა.
    წრეებზე მოძრაობდნენ და ყოველ წრეზე თავიდან თამაშდებოდა, ცოცხლდებოდა პოლონეთის ისტორიის რომელიღაც ჟამი. ჟამთაბრუნვას მართავდნენ სადღაც ფარულში დაფარული მექანიზმები.
    დიდხანს ვუსმინეთ დროს მოჟღრიალეს, მოწიკწიკეს, მოტიკტიკეს, მოძრავს და უძრავს. თვლები ბრუნავდნენ. ბრუნავდა დედამიწა. გარეთ თოვდა…
    გამოვედით უცხო მადლს შეხებული, სხვა სამყაროში ჭუჭრუტანიდან მზირალი ბავშვებივით განცვიფრებულები.
    – იდუმალი მაშინებს, უცხო – დავითი ხმადაბლა ლაპარაკობდა – შენიც ამიტომ მეშინია.
    გამეცინა. სხვებსაც უთქვამთ.
    – მეც მეშინია რადიკალური ცვლილებების. აქ წამოსვლამდე რადიკალურად შემეცვალა სიყვარულის მუსიკა.
    – რა ტიპი იყო?
    – მოიყვანა შეძლებული – ცრემლი გამყიდველია, მოღალატე.
    – გიყვარდა?
    – როცა დავდიოდით… მაშინაც გადაგვაკივლა ორივე ოჯახმა. ჩემმაც, მისმაც. რაღაც რისკიან კაპიტალდაბადნებებშიც ჩაერთო. ან ფული, ან სული-ზე პასუხი მზად /ქონდა.
    – კაი, არ მაინტერესებს. მე რატომ მითხარი რომ გიყვარვარ?
    – ვიგრძენი არქეოლოგიური ექსპედიციებიდან ჩამოხვედი.
    – რა შუაშია?
    – რაღაც გჭირს, მსგავსი, არა ცუდად არ მითქვამს, გჭირს რაღაც რაღაცნაირი, იცი კიდევ რა სიტყვა გამახსენდა ასოციაციობანას თამაშისას რომ შენ შეგეფერებოდა… კანდელი.
    თოვლი ბარდნის, ვარშავა თეთრი სიზმარია. თოვლში ნაფეხურებს ვტოვებთ. ჩვენი ნაკვალევი, საყდრიდან საყდრამდე მიდის, ტაძრიდან ტაძრამდე, სალოცავი სალოცავამდე.
    გზადაგზა ჩანახატებს აკეთებს უბის წიგნაკში; თანამედროვე ეკლესიებს იხატავს. სურათებს უღებს. ფირი დაუმთავრდა აპარატში. ჩემი შევაშველე. მის ქაღალდებში ჩავიჭყიტე. ჩემი აშენებული სიტყვები მივაწერე მის ფოტოებს.
    ცალწვეტცასაწვდენილი, თაღთამბრჯენი, შემინულშეწირული… ეკლესიებს ვნათლავდით.
    თოვლმაც მოგვნათლა. დაზვინული, სველი, ბედნიერი. ტუჩებიც, თუ ძალიან გვეყინებოდა, ერთმანეთს ათბობნენ.
    – ოცი ოქრო გავყიდეთ, მოგვატყუეს – შევჩივლე.
    გზამ სასტუმრომდე საღამოს მიგვიყვნა. სულ ეს იყო. სული გამითბა.
    გზად კაბაც ვიყიდე. ის გოგენის ფერებში, ეგზოტიკური. რამდენიმე იყო ეპიზოდი პოლონეთის ცხოვრებიდან, მეტი კი არა.
    – road, road, road! – წავოვბღუილდით უკან.

    რაღაც

    შეხვედრამდე იყო ცხოვრება.
    ოქრო ბევრი გავყიდეთ, ვიყიდეთ, გავფლანგეთ, გავანიავეთ, გავაჩუქეთ, ვიჩუქეთ, უფრო მეტი სისულელეც შევიძინეთ, გავხარჯეთ, გავლიეთ. გავილიეთ.
    არც ერთი ჩემი ოქრო ჩემთან არ მოვიდა, არც მე წავსულვარ კლონდაიკზე.
    პოლონეთს, დიდი აღმშენებლობა მოყვა. ეკლესია ეკლესიაზე შენდებოდა, ტაძარს ტაძარი მო/ყვა. ჩვენში ზოგი წამოჭიმეს, ზოგი აღადგინეს, ბორცვი აღარ დარჩა ახალი წმინდა სახლით რომ არ დაემშვენებინათ, ყველა კორტოხზე, გორაზე და შემაღლებაზე სულიერი კერა დაინთო, ასე ჩვეული ფორმების და მივიწყებულ-მიჩუმათებული შინაარსის. დღეს რომ ეზოში შეხვიდოდი და ბალახი ღაღანებდა, მეორე დღეს კოხტად შემოყორილი, ეზობზიანი, გავარდბაღნარებული, კოხტაპრუწა კოკროჭინა, პეწიანად მოკრამიტებული ეკლესია გხვდებოდა.
    ომებმაც ჩაგვიარა, მითოფვა-მოთოფვამ. აღზევება-გაბანკროტებამ. გადაიქარაშოტა თითქოს.
    როგორც ყოველთვის, როცა გარემო იცვლება, დრო გაავდა, გამალდა, თვალიც ვერ მივატანეთ… ცხოვრება შეიცვალა. გავიხსენეთ რა იყო ჩიჩილაკი, ბასილა, შეიქმნა ეროვნული ტელესერიალებიც კი.

    ერთი ეპიზოდი ეროვნული ტელესერიალიდან

    ქვაბიდან დიასახლისი მხრებჩამოყრილ, კისერჩამოწლაწულ, ხორკლებაყრილ ქათამს იღებს. ქათამს ორი გაკრუნჩხული კლანჭი აქვს და ორი მოკაკვული ფრთა. ლურჯია.
    – ლურჯი ფრინველი?! – შემოდის დიასახლისის ქმარი. – ქათმის ბიზნესი ხომ არ წამოვიწყოთ?
    – კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა, მამა! – შემოდის შვილი.
    ოჯახი გადაწყვეტს ხვალიდნელი ქათამი ამჯობინოს დღევანდელ კვერცხს.
    ხელით, მაგრამ კონვეირული წესით, ქვაბებიდან მანქანის ძრავის დგუშ-ცილინდრებივით ადი-ჩამოდიან ორი გაკრუნჩხული ფეხით მოხელთებული გაპუტულები.
    – ერთ-ორ თვეში, დიიდი მოგება გველის, მინუს საშემოსავლო – „ჩოთქით“ ხელში დგას ოჯახის მამა.
    ახალი წელია, შობა მოდის.
    ტელესერიალს ვუყურებ მეც, ქათმით ხელში ვიცინი ისე, რომ ცრემლები მცვივა. სატელევიზიო „დიდი კომერსანტი“ ისე /გავს ჩემს მამას, რომელიც არასდროს ყოფილა შეძლებული, ახლა რომ იდეათა გენერატორი გამხდარა, დღე მოდის და უარესი ბიზნეს გეგმებით რომ მიპირებს აშენებას, უფულობით რომ ვერ შეაშინებ.
    ასი ქათამი, დასწი ქათამი, და არა შეჯდა მწყერი ხესა.

    ჭორ-ჭორ-ჭორ

    იმავე ცხოვრებაში და შეხვედრამდე იყო ჭორ-გათხოვება, გამოთხოვება. ჭორ-ჭორ საყვარელი, ჭორ-შვილი, ჭორ-სახლი ვიყიდე.
    იყვნენ მეგობრებიც და ჭორ-ჭორ-ჭორ-ჩვეული.
    დავითი ჭორ დაქორწინდა, ჭორ იცი ვისზე…
    – აააა!!! რაააა? „გველი“ მოიყვანა? ის რომ უყვარდა?! მოიცა რა ერქვა…
    – იცი „გველის“ მამა ვინაა… ფულში ცურავენ.
    დრო ისევ ულმობელი.
    ჭორ-დავითი გაშორდა. ჭორ შეირთო ვიღაცა, არაპოლონეთელი. ჭორ-კარგი გოგოა. შეიძლება – ჩვეულებრივი. ცოლი – ცოლისდარი.
    ჭორ-ჭორ-ჭორ საყვარელსაც გავშორდი. ჭოოორ! შვილი ორი. ჭორ-განვმარტოვდი. ფი/-აღარც სვამს, აღარც ეწევა, დიეტას იცავს. დილ-დილობით დარბის, ღამ-ღამობით ყმუის.
    სიტყვებს ვეღარ ვიგონებ… მაგრამ მე მივხვდი რაღაცაზე მეტს, განმარტოებასაც რომ მიმშვიდებდა.

    განმარტოებიდან შეხვედრამდე

    კინოში მარტო სიარული დამჩემდა.
    საღამოს ქალაქსაც მარტო მოვუყვები. აი, ხიდის ქვეშ წყვილი! კოცნიან ერთმანეთს! აი, ახალი სარეკლამო აბრა. განათებული. აი, „კლასობანას“ კვალი ფილაქანზე. ადამიანები. უმრავლესობა უცნობი. ეს ნაცნობსა /გავს. ვუახლოვდები.
    – ან ფული ან სული! – მიხარია, რომ როგორც იქნა შემხვდა.
    – ვა! „გრატესკა“! პოლონეთი! – არც ის ჩამომრჩა.
    იქ, სადაც შევხვდით, ეკლესიაც დგას, კათოლიკური საყდარიც, ტაძარი დაგვყურებს, სინაგოგასთან რაბინი კრიალოსანს მარცვლავს, მოლაც ადრიანად ავსებს ხოლმე სურებს. კარგი უბანია.
    შევხვდით ცალმხარეულ ეკლესიასთან. ვიყავი ცალი. უცალმხრო და მომინდა მეყვირა.
    „რომ არ შეგვშინებოდა?! რა იქნებოდა? ჩამოგვეღვრებოდა კი შიგახსნილში გარეხსნილი?“
    სინამდვილეში კი ვიკითხე.
    – ჩვენთანაც ამდენი ეკლესია აშენდა. ალბათ ხუროთმოძღვარი ხარ!
    ნურავის შეახსენებთ აუხდენელ ოცნებებს.
    – ოჯახი, სამშენებლო ბიზნესი, ორი ვაჟკაცი…
    – ლომის ბოკვერები? ასეა, ოქროს თუ გაყიდი. ლომები მაინც უნდა იყიდო.
    ეამა.
    თვალწინ გაყიდული ლომის თავი გამიბრჭყვიალდა.
    – არც გიცდია? – ხუროთმოძღვრობა უნდოდა. რატომ არა? რატომ ისევ არქიტექტორი? ვერ მოვისვენე.
    – ვერ გამოვიდა – მშვიდია. – ვცხოვრობდი.
    არ ვიცი მიაგნო კი რაღაცაზე მეტს.
    გზა გავიმუსაიფეთ. კოცნები, ა! ა! ა! არცერთს არ გვახსოვს.
    – რატომ შეგეშინდა? – ვკითხე დამშვიდობებისას.
    – საშიში ხარ, საშიში!
    არადა, ვიგულისხმე „უფულო გზებით სიარულის“.

    როგორ შენდება ტაძარი
    ავიღოთ მობილური ტელეფონი.
    მოთმინებით და დაუნჯებით ავკრიფოთ ანგარიშის ნომერი. მაგთის აბონენტებმა დავრეკოთ წაყ-წაყ-წაყ, ჯეოსელის აბონენტებმა: წაყ-წაყ-წაყ, მეგალაინის…
    თქვენს წინაშეა მოთხრობა მეგა ხაზით: ფულიც და სულიც.
    მატერიალისტებმაც და იდეალისტებმაც დარეკონ ნომერზე
    way-way-way…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    დათო ქარდავა – მარტოობის ევქარისტია

    „აქ მეგობრები ერთმანეთს შეხვდნენ, გადაეხვიენ და დაუბრუნდნენ კვლავ ძველ შეცდომებს.“
    უ.ჰ. ოდენი

    “ეს იყო მშვენიერი ქართველი ქალი, რომელიც საქართველოში
    აღარ ცხოვრობს.”
    კარლო კაჭარავა

    – დიდი ხნის უნახავი მეგობარი ევქარისტიული ღვინოსავითაა, –
    მითხრა მოხუცმა, რომელიც წლების წინ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ორგანულ ქიმიას ასწავლიდა. ეს კაცი ფულის დაზოგვის მიზნით ძმარს ყიდულობდა, რათა სოდაში გაზავებით იაფი სათრობელა მიეღო. იმისაც ამბობდა, ევქარისტული ღვინო ქიმიური შემადგენლობით არ განსხვავდება ჩვეულებრივისგანო.
    – იგივე ეთანოლი, მქროლავი მჟავები, შაქარი და ტანინები… თითქოს, ყველაფერი იგივე, მაგრამ… არაა! ხარბად ვერ დაეწაფები, ვერ გაუშინაურდები, ასეთი ღვინით ვერ დათვრები; მოიყუდებ, პირში გამოივლებ და მორჩა! ძველი ნაცნობიც ეგრეა. სახელი და გვარი იგივე აქვს, იერითაც თითქოს არ შეცვლილა, მაგრამ გრძნობ, სულ სხვა ადამიანთან გაქვს საქმე; მოიკითხავ და გაუღიმებ, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაუშინაურდები, ვერ ეტყვი, როგორ ხარ, ძველოო, ჰა და ჰა, გულსგარეთ მოეფერო და შინაგანი მღელვარებით დაელოდო დროს – ქარზე სწრაფად მქროლავსა და უგულოს, რათა დიდი ხნის უნახავი ნაცნობი კვლავ შორეულ წარსულში მოისროლო…
    ძველმა ნაცნობმა, რომელიც შვიდი თუ რვა წელი არ მენახა და, რომელსაც ზამთრის ცივსა და ნალექიან საღამოს შევხვდი, მითხრა, რომ ორი კვირის წინ დაბრუნდა, რომ ცოლად აქედან წასული ქალი შეირთო.
    გვარიანად მოტეხილი მეჩვენა. სახე რაღაცნაირად გაყვითლებოდა და მხრებშიც მოხრილიყო. ჩემზე ოცი თუ ოცდახუთი წელით უფროსი იყო, მაგრამ ადრე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. უმცროსი ძმა ხარო, რომ მეტყოდა, ასაკზე მაშინ თუ ჩავფიქრდებოდი.
    შენკენ რა ხდებაო, მკითხა და გაღიმებული ისევ იმ ძველ ნაცნობს დაემსგავსა.
    ვალში არ დავრჩი. შეძლებისდაგვარად მშრალი ბიოგრაფიული ფაქტებით ვუპასუხე, მერე იმან ლექსების კრებული მაჩუქა… – ეს იყო და ეს: თრობისა და გულისგადახსნის გარეშე დავშორდით ერთმანეთს. არადა, წლების წინ, სანამ გადაიხვეწებოდა, სულ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა…

    * * *
    რას აკეთებო, რომ მკითხა, არც მაშინ დაელოდა პასუხს, ხელკავი გამომდო და წამიყვანა.
    – სად მივდივართ?
    აქვე, ორიოდე ქუჩის იქითო, მითხრა, ბიბლიურ სამორინეში მოგებული თავნის მისაღებადო.
    ვჩქარობდით, მზის ჩასვლამდე უნდა ავსულიყავით, თორემ მერე კარს აღარ გაგვიღებდნენ.
    – სხვა მევალეები დაგვასწრებენ?
    კიო, თავი დამიქნია.
    ვინ ვის და რამდენი მოუგო არ ვიცი, მაგრამ იმ ქალბატონს, რომელიც ქალაქის განაპირა უბანში ერთოთახიან ბინას ქირაობდა, ჩემი ნაცნობის ბევრი ემართა. დილამდე უნდა ვხერხოო, მითხრა და ზარის ღილაკს თითი დააჭირა.

    კარი ახალგაზრდა ქალბატონმა გაგვიღო, მაღალი არ ეთქმოდა, მაგრამ მტკაველიან ქუსლებზე შემდგარი ფეხების ამბავი ხომ იცით?

    – ეს მახინჯი ვინაა? – ჩემზე ანიშნა და სისხლისფერი პომადით დამძიმებული ტუჩები რიგრიგობით გაილოკა.

    მეწყინა. არ ვიყავი უშნო, მაგრამ მაშინაც წვერის გაპარსვა მავიწყდებოდა ხოლმე.

    – მეტყევეა! – უპასუხა ჩემმა ნაცნობმა და შეაბიჯა დიდ სასტუმრო ოთახში, რომლის შუაში მრგვალი მაგიდა, დიამეტრულად მოირდაპირე კუთხეებში კი რკინის საწოლები იდგა.

    – ჭილყვავებიც მოფრინდნენ! – ვთქვი და რეპროდუქციის წინ დავიწყე ბორძიკი.

    ნათურის შუქი კედელზე გაკრული სურათებიდან ვერცხლისფრად ირეკლებოდა.

    – მეტყევე? – ქალი მე მიყურებდა, თუმცა პასუხს ჩემი ძველი ნაცნობისგან ელოდა, – აბა, მაგას ციყვები ეყვარება!

    – გიყვარს? – მომიბრუნდა ნაცნობი.

    – ძალიან! განსაკუთრებით ზამთარში, როცა ფხიზლობენ და თოვლით დაფარულ მიწაზე დაცუნცულებენ…

    – კი, მაგარამ, მარტო რომ ვარ? – შემაწყვეტინა ქალმა, რომლის სახელი მე არ ვიცოდი და ჩემი ძველი ნაცნობი კი მშვენებას ეძახდა.

    ხასიათი გამიფუჭდა. წავალ-მეთქი, ვთქვი და კარისკენ დავიხიე, მაგრამ ჩემმა ნაცნობმა გამოიდო თავი. პალტოს კალთაზე დამქაჩა.

    – სად უნდა წახვიდე?

    უკან, ტყეში დავბრუნდები-მეთქი, უკბილოდ ვიხუმრე.

    – აბა, ახლა სადა ვართ? – თვალი ჩამიკრა, – აბა, ეს ციყვი საიდან? – მასპინძელზე მანიშნა. – მერე რა რომ ფაფუკი კუდი არ აქვს? სამაგიეროდ მკვირცხლად დახტის ხიდან ხეზე, დიდი მონდომებით აგროვებს გირჩებს და ჰყავს ბევრი ცმაცუნა მეგობარი.

    მოკლედ, ხერხი გაამზადეო, ერთად მოვედით, ერთად წავალთო.

    ნათქვამში იყო ლოგიკა, მაგრამ ორს ერთი უნდა გვეხერხა?

    ჩემმა ნაცნობმა ბირდაბირის ნაცვლად მობილური ამოიღო და მასპინძელს გაუწოდა.

    როდის-როდის გაარკვიეს, რომ „ბალანსი ამოწურულია”. ახლა ჩემ ტელეფონს დაუწყეს წვალება. ზარი ხან გადიოდა და ხან – არა. ბოლოს ვიღაცას დაუტკბა მასპინძელი, ათი თუ თხუთმეტი წუთი ილაპარაკა. ჩემმა ნაცნობმა სათანადო დასკვნა გააკეთა – ქალებში მაგრა მიმართლებსო.

    ხო-მეთქი, დავეთანხმე, რაც უნდა იყოს, ჩემთვის ირჯებოდა.

    არა, დღევანდელ ამბავს არ ვგულისხმობო, მითხრა, საერთოდ, უცბათ გადამიშლიან ხოლმე ჯერ ფეხებს, მერე – გულსო…

    მთვრალი ვიყავი, მაგრამ არა ისეთი, რომ ყველაფერზე თავი მექნია.

    თუ პირიქით-მეთქი, ვკითხე.

    – რა პირიქით?

    – ჯერ გულს და მერე ფეხებს…

    ჩაფიქრდა.

    არაო, თქვა გადაჭრით, ჯერ ფეხებსო!..

    – და რატომ ხდება ეგრე? – აღარ მოვეშვი მე.

    – რა ვიცი, მგონი, პროფესია მაქვს ეგეთი…

    – გინეკოლოგი ხარ?

    – არა, პოეტი! – მითხრა და ცოტა ხნის შემდეგ დაამატა, – ისე, მსგავსი ხელობებია ხო იცი! განა, პოეტის არ იყოს, გინეკოლოგიც ყველაზე იდუმალი კარის გაღებას არ ცდილობს? ოღონდ ეგაა, რომ პოეტი გასაღებს საკუთარ წიაღში ეძებს… პირველი სიტყვას აცოცხლებს, მეორე – ადამიანს, მაგრამ რა არის ადამიანი სიტყვის და სიტყვა ადამიანის გარეშე?

    – არც არაფერი! – ვთქვი დაბნეულმა.

    – არც ლექსი იბადება იდუმალებისა და ტკივილის გარეშე… დამიჯერე, გვარიანი გაჭინთვაა საჭირო!

    როგორ-მეთქი, ჩავეძიე, იმან კიდევ რატომღაც ლექსი წამიკითხა:

    განგებამ შექმნა სხეული ქალის,
    ცხოვრებას აზრი ეძლევა მისგან.
    …და მოძვრებიან მუ…ლიდან ხალხნი,
    როგორც ფუტკრები სკიდან!

    ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა, თუმცა აღარ ჩავაცივდი. ჯერ ერთი, მის დაწერილს არ ჰგავდა, მეორეც – განა პოეზიის საღამოზე ვიყავით?

    – ისევ წვიმს? – ვიკითხე და უსაგნო საუბრისთვის თავი რომ დამეღწია, გავედი სამზარეულოში, სადაც ფანჯარა მეგულებოდა.

    იქაც მოვიდა.

    – წარღვნაც ასე დაიწყო, – ხელში ბოთლი და სხვადასხვა ზომის ჭიქები ეჭირა, – „და იქმნა წვიმა ქვეყანასა ზედა…“

    ვიდრე ბოლომდე გამოვცლიდით, ბიბლიურ თემაზე დაწერილი კიდევ რამდენიმე ლექსი წამიკითხა.

    – არ გამოვიდა ჩემგან გინეკოლოგი, – თავის მართლებასავით გამომივიდა, – არადა, ბებია მაძალებდა, მეუბნებოდა, რა სჯობს გინეკოლოგობას, შვილო, ფული არ მოგაკლდება და ხელებიც თბილად გექნებაო…

    – მერე?

    – არ დავუჯერე! ახლა არც ფული მაქვს და ხელებიც ხშირ-ხშირად მეყინება!..

    – ეგ არაფერი, მალე გაგითბობენ… – მანუგეშა ძველმა ნაცნობმა და გენდერული წონასწორობა რომ ვერ აღადგინა, წასვლა გადაწყვიტა.

    – თუ იცი, რა განსხვავებაა ჩვენ შორის? – მკითხა ზღურბლზე წამით დაყოვნებულმა.

    – რას გულისხმობ?

    – რა განსხვავებაა შენსა და ჩემ შორის… გამოცდილ და გამოუცდელ მამაკაცებს შორის?

    – არ ვიცი, – მხები ავიჩეჩე გაწითლებულმა.

    იმან კიდევ, არაფერი მითხრა, თვალი ჩამიკრა და წავიდა.

    ოთახში ორნი დავრჩით, მე და ის ქალი, მახინჯი რომ მიწოდა, მაღალ ქუსლებზე რომ იდგა და ჩემი ნაცნობის რომ ემართა.

    არ ვიცი, დააბრუნა თუ არა ვალი, მაგრამ მთელი ღამე თვალი არ მოგვიხუჭავს, შესვენებებს შორის კი სიყვარულს ვეფიცებოდი და ცოლობას ვთხოვდი. ასეთმა ურთიერთობამ ნახევარი წელი გასტანა. მერე ცოლობას მარტო ღამით კი არა, დღისითაც ვთხოვდი.

    – რა სისულელეა! – მეტყოდა ხოლმე და შეშინებული თავიდან მიცილებდა. ერთხელაც მივედი და შინ არ დამხვდა. ძალიან განვიცადე. მთელი თვე ფუჭად ვაწყდებოდი რკინის კარს… ბოლოს კი ხელი ჩავიქნიე, ბედს შევეგუე, მაგრამ ჭრილობა ისევ ძველმა ნაცნობმა გამიხსნა. შვიდი თუ რვა წლის უნახავი, სექტემბრისთვის უჩვეულოდ ცივსა და ნალექიან საღამოს კვლავ ქუჩაში შემხვდა, კვლავ შემთხვევით, ოღონდ ამჯერად მარტო არ იყო. მეუღლე ახლდა თან, სწორედ ის ქალბატონი, წლების წინ ბიბლიურ სამორინეში წაგებულის ჩაბარებას რომ ვთხოვდით.

    – გაიცანი, ჩემი მეუღლეა, – მითხრა მშვიდად, – გამიჭირდა, მაგრამ მაინც მივაგენი…

    დავიბენი და ამჯერადაც ვერაფერი ვთქვი.

    – რატომ ხარ დაღვრემილი? – მკითხა.

    – მე? – უცბათ პასუხის გაცემა გამიჭირდა. ან რა უნდა მეთქვა, ვერ
    გადავაგდე, დედა მეტირა-მეთქი? მტვერი, ობობას ქსელი, თმები და ძაფები მახრჩობს-მეთქი? რომ ხან მცივა, ხან სიცხისგან ვიწვი-მეთქვი?.. რომ ამ დილითაც ჩემს დასანახად დანას ლესავდნენ, იარაღს მიმიზნებდნენ, ქონით თოკს პოხავდნენ-მეთქი?…

    – ხო, შენ! რატომ ხარ დაღვრემილი? – კითხვა გამიმეორა.

    ხომ არ მოვატყუებდი? სხვა სიმართლე ვუთხარი!

    – დაბადების დღე მაქვს!

    გამიღიმა.

    – მახსოვს, ამიტომაც გეძებდი, წიგნი უნდა გაჩუქო.

    არ მიკითხავს, ვისი დაწერილიაო, საჩუქარს მაინც ვერ დავიწუნებდი.

    ლექსების კრებული იყო. მინდოდა გადამეშალა, პატივისცემის ნიშნად იქვე ერთი-ორი სტროფიც წამეკითხა, მაგრამ გამიჭირდა, ხელის კანკალს ვერაფერი მოვუხერხე. ბედად, ძველმა ნაცნობმა არ მაცალა, გვერდზე გამიყვანა და მკითხა, თუ გაარკვიე, რა განსხვავებაა ჩვენ შორისო.

    არა, მეთქი.

    გამოუცდელს პირველივე მოჰყავს ცოლად, გამოცდილს კი – უკანასკნელიო, თქვა და მთელ ხმაზე გადაიხარხარა.

    რა უნდა მეთქვა?

    შინმისულმა, დალევის ნაცვლად, წიგნი გადავშალე. ყდის შიდა მხარეზე გაკრული ხელით დაეწერა:

    „ძველ ნაცნობს!

    მოსალოცად გაქვს საქმე. გავიგე, დაბადების დღე გქონია. განა, ყველას ასე უმართლებს? ხომ შეიძლება, საერთოდ არ დაბადებულიყავი და დაბადების დღეც არ გქონოდა?

    სამწუხაროა, მაგრამ ასეთ კაცს (ვინც არ დაბადებულა), წიგნს ვერ აჩუქებ. სევდიანი ისტორიაა: არც დაბადების დღე, არც წიგნი… რა უნდა აკეთო?

    აკი, გითხარი, გიმართლებს-მეთქი: დაბადების დღე რომც არ გქონდეს, წიგნი ხომ უკვე გაჩუქე!

    ისე, ყველას რომ არ უმართლებს (ცხადია, ყველა ვერ დაიბადება), ამიტომაც აღვნიშნავთ ამ ჩვენ დაბადების დღეს, თორემ სხვა მხრივ ამ დღეს განა განსაკუთრებული რა ხდება? ამ ამბავს (რომ დავიბადეთ) სხვანაირი დაფიქრება სჭირდება – მეორედ არ გაგვიმართლებს! როგორ გითხრა… ორჯერ არ იბადებიან! ვეჭვობ, არც ქრისტე ხარ და არც – ნიახური! ასე რომ, ერთი უნდა იკმარო; უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ ერთხელ დაიბადე… ჰოდა, იმ ერ(თადერ)თ დაბადების დღეს გილოცავ!!!“

    ვინანე, რომ გავუშვი და შინ არ მივიწვიე… როგორ მინდოდა გადავხვეოდი და სიტყვების მერე მისი სხეულის სითბოც მეგრძნო. მგონი, ცდებოდა მოხუცი ქიმიკოსი, როცა სიმჟავეგამოცლილი ძმრით გაბრუებული ჩამჩიჩინებდა, დიდი ხნის უნახავი ნაცნობი ევქარისტული ღვინოსავითაა, ვერ გაუშინაურდებიო…

    შინ რაღა გამაჩერებდა?

    ვიცოდი ვეღარ გამოვფხიზლდებოდი, მგარამ მაინც დავლიე. ჰაერი
    დაიწმინდა. არც მტვერი, არც ობობის ქსელი, არც თმები და არც ძაფი აღარსად იყო. არც მციოდა და არც მცხელოდა. ჩემს დასანახად დანასაც არავინ ლესავდა, არც იარაღს მიმიზნებდა ვინმე, თუმცა ძველებურად მარტო ვიყავი…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    დავით ქართველიშვილი – სიყვარული და მსხალი


    ფრაგმენტი რომანიდან

    ზამთარი

    ზამთარში ერთი თვით ყოველთვის გუდაურში ამოვდივარ, ვცხოვრობ მამაჩემის აშენებულ სახლში, რომელიც მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ოდნავ გავაფართოვე და ვუსაქმურობ, ტელესკოპით ვუყურებ ცას და ბავშვობაში ვბრუნდები. ვარსკვლავებზე დღეს გაცილებით ცოტა რამ ვიცი, ვიდრე ბავშობაში, ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან ყველაზე გონივრული იქნება მივყიდო დარჩენილი აქციები სახელმწიფოს ნდობით აღჭურვილ პირს ან პირებს, ან უცხოელებს (თუმცა არა მგონია სახელმწიფომ ამის საშუალება მომცეს) და დარჩენილი ცხოვრება უსაქმურობაში გავატარო, ვუყურო ცას, ვიკითხო წიგნები ვარსკვლავებზე, ბოლოს მივხვდე, რომ მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი; ვარსკვლავების, ცის და რაც მთავარია საკუთარი თავის შესახებ და შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს მოვკვდე. მინდა, რომ მშვიდად მოვკვდე, ყოველგვარი ლოგინში ჩავარდნის და ტკივილის გარეშე, ფიზიკური ტკივილის მეშინია. მამაჩემი მოკვდა ასე; ჩავარდნილი, ტკივილით, მორფზე შემჯდარი, კიბოთი, ამბობენ, რომ კიბო გენეტიკური დაავადებაა, დიდია იმის ალბათობა, რომ მეც კიბო დამემართოს. როდესაც ჩემს ლოგინად ჩავარდნაზე, ტკივილებზე, მორფზე შეჯდომაზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ თვითმკვლელობაა გამოსავალია. რაც შეეხება ჯოჯოხეთში მოხვედრას, ჯოჯოხეთის შესახებ არაფერი არ ვიცი და ვერც წარმოვიდგენ, სამოთხის შესახებაც ასე ვარ; არაფერი არ ვიცი და ვერც წარმოვიდგენ, მაგრამ შიში ბუნებრივია ჯოჯოხეთის უფრო მაქვს.

    ერთადერთი, ვისთანაც სამოთხისა და ჯოჯოხეთის შესახებ მაქვს ნალაპარაკები, ჩემი ყოფილი ცოლია, რა თქმა უნდა მანამადე, სანამ ჩემი ცოლი გახდებოდა, ახლა ამ საუბრებს დეტალურად ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ძირითადად იმაზე ვლაპარაკობდით, რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ადამიანშია, ეს აზრი ალბათ სადღაც ვიღაცისგან გვქონდა გაგებული, თუმცა ერთმანეთს ვარწმუნებდით, რომ ჩვენი მიგნება იყო, ასაკიდან გამომდინარე გვჯეროდა, რომ აზრი, მიგნება ჯოჯოხეთის ან სამოთხის შესახებ, შეიძლება ყოფილიყო ჭეშმარიტი და ამ ჭეშმარიტებას შეიძლებოდა ყოლოდა მესაკუთრე ადამიანის სახით. ამის შემდეგ ჯოჯოხეთისა და სამოთხის შესახებ არავისთან აღარ მილაპარაკია, ვლაპარაკობდი ერთი შეხედვით გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე: ფულზე, სექსზე, საქართველოზე, გლობალიზაციის პლუსებზე და მინუსებზე, ლოკალურ ამბებზე, ვინ ვისთან წევს და ვინ ვისთან აღარ წევს, მაგრამ აქ ამოსვლისას (აქ სულ მარტო ვარ, საკუთარ თავთან) ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ჯოჯოხეთი და სამოთხე (ერთ-ერთი მაინც) გარდაუვალი იყო, ჯოჯოხეთის და სამოთხის მიღმა ადამიანი მხოლოდ მიწაზე არსებობს, მაგრამ მიწიერი ცხოვრება არ არის უსასრულო, აქედან გამომდინარე, ფული, სექსი, საქართველო, გლობალიზაციის პლუსები და მინუსები, ლოკალური ამბები, ვინ ვისთან წევს და ვინ ვისთან აღარ წევს, საერთოდ არააქტუალურია და მთავარია სად მოხვდები, შეიძლება სიყვარული ესეცაა, სამოთხში მოხვედრის იმედი, ან სამოთხის არსებობის ზუსტი ცოდნა.

    ორ კვირაში ახალი წელია, თანდათან აქურობა გადაიჭედება და ახმაურდება, განსაკუთრებით თინეიჯერები იაქტიურებენ, მეც განსაკუთრებით თინეჯერების ვერ ვიტან, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვარწმუნო ჩემი თავი, რომ ეგეთი აუტანელი დებილი არ ვიყავი მათ ასაკში, ვერ ვარწმუნებ, ერთდროულად უცნაური და საშინელი ასაკია, არცერთი ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი არ გაქვს, მაგრამ თავხედი ხარ და ყველა თემაზე ლაპარაკობ, სამყაროს ატრიალებ, უფრო სწორად, გგონია, რომ ატრიალებ, რეალურად უტვინო ბავშვი ხარ, გჯერა ერთმანეთზე დიდი სისულელის და აქტიურად ცდილობ შენს მიერ დაჯერებული ერთმანეთზე დიდი სისულელების ცხოვრებაში გატარებას და რადგან ცხოვრებას ძალიან ჩამოყალიბებული წესები აქვს, უნებურად სისტემას ებრძვი და ერთმანეთზე სულელურ მდგომარეობებში ვარდები და დღითიდღე უფრო საცოდავდები, სანამ არ მიხვდები, რომ გაიზარდე და სხვანაირი ცხოვრება უნდა დაიწყო. გარეგნულად მშვიდი და ზომიერი, შინაგანად ეჭვიანი და სხვების დამორჩილებაზე აგებული, მხოლოდ ხანდახან ძალიან მარტო დარჩენისას თუ კითხავ საკუთარ თავს, გიღირს ეს ყველაფერი? მაგრამ უკვე სხვანაირი ცხოვრება აღარ შეგიძლია, გულწრფელად ვეღარ წარმოგიდგენია, რომ სხვანაირი ცხოვრება არსებობს. და ძველებურ, ერთადერთ შესაძლებელ ცხოვრებას აგრძელებ. ორ კვირაში ახალი წელია და ცოტა არ იყოს, გული მწყდება, რომ არავის თოვლის ბაბუა არ ვარ, გულით არავის არაფერს არ ვჩუქნი, მხოლოდ საქმიანად ვქველმოქმედებ, უფრო სწორად, ჩემი სახელით ქველმოქმედებენ.

    ბუხარში შეშის ნაფოტი შევაგდე და ცეცხლს ხელები მივუშვირე, თორნიკე გამახსენდა, გადავწყვიტე, რომ ერთხელ ზაფხულის მაგივრად ზამთარში ჩამოვიყვან თუ სკოლის გრაფიკმა მოგვცა საშუალება და აქ დავასვენებ. დავსხდებით ბუხართან, რიგრიგობით შევყრით შეშის ნაფოტებს, მივუშვერთ ცეცხლს ხელებს და ვილაპარაკებთ თორნიკეს მომავალზე, სად ისწავლის, ვინ გამოვა, როგორ წარმოუდგენია თავის ცხოვრება, მე როგორ წარმომიდგენია მისი ცხოვრება, ვილაპარაკებ მონდომებით და იმედიანად, თუმცა ყველანაირად ვეცდები საუბარი ჩემ ცხოვრებას არ შეეხოს, რადგან ჩემი მომავალი ცოტა არ იყოს ბუნდოვანი და გაურკვეველია, უფრო სწორად, აწყმოა იმდენად გარკვეული, რომ შედეგების მომავალში დანახვას აზრი არ აქვს, ჩემგან არც გეითსი და არც ბაფეტი აღარ გამოვა, ყველაფერში დამნაშავე რა თქმა უნდა საქართველოს მასშტაბებია და კიდევ მდიდარი ადამიანისთვის ძალიან არადამახასიეთებელი რამ მჭირს; სიყვარულს ვეძებ, უსიყვარულოდ მართლა ცუდად ვარ., მაგრამ სიყვარული არ მოდის, ჯერჯერობით ასეა, წამოვდექი, ცეცხლს ზურგი მივუშვირე.

    * * *

    დღეს მამა დავითმა ჩამომაკითხა მონასტრიდან.

    მამა დავითი ერთადერთი სასულიერო პირია ჩემ ნაცნობ სასულიერო პირებს შორის რომელიც ჩემთან სარგებლის გამო არ ურთიერთობს, თუ სარგებელში მხოლოდ ფულს ვიგულისმებთ.

    ვატყობ, რომ როგორც პიროვნება ვაინტერესებ, ანუ მის თვალში ერთ-ერთი რიგითი მდიდარი ადამიანი არ ვარ და ჩემში რაღაც განსაკუთრებულს ხედავს, მისი ასეთი დამოკიდებულება ერთდროულად მსიამოვნებს და მაშინებს.

    მამა დავითმა მხრებიდან თოვლი ჩამოიბერტყა და სახლში შემოვიდა, ერთმანეთი მოვიკითხეთ.

    მამა დავითი ჩემს ყოველ ჩამოსვლაზე მოდის ჩემთან სტუმრად, ვსხდებით, ვსვამთ ჩაის ალუბლის მურაბით და ვსაუბრობთ.

    ჩვენი საუბრები ძირითადად ზოგად, მაგრამ აქტუალურ საკითხებს ეხება; ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მსოფლიო პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ადგილი თანამედროვე მსოფლიოში, ამ ზოგად საკითხებზე საუბარს ძალიან კონკრეტულ მოვლენასთან, ”მეორედ მოსვლასთან” მივყავართ.

    მამა დავითი ამბობს, რომ ყველაფერი დიდი ომისკენ მიდის, ყველა ცივილიზაცია დიდი ომით დასრულდა, მაგრამ ცივილიზაციის დასასრული ხშირად არასწორად ერევათ სამყაროს აღსასრულში და მეორედ მოსვლაში, აქამდე ცივილიზაციები ხსოვნაში იდეებით და ნანგრევებით რჩებოდნენ, ეს ცივილიზაციაც ალბათ ასევე დარჩება, ვირტუალური სივრცე ნანგრევის ნაირსახეობაა, ვერცერთი ცივილიზაცია ვერ იარსებებს სხვა ცივილიზაციაში, როგორც აწყმო, მხოლოდ როგორც იდეა და ნანგრევი, უკვე ვირტუალური ნანგრევი, რაც შეეხება მეორედ მოსვლას, მასზე უფალი ჩვენი იესო ქრისტეს აღდგომის მეორე დღიდან მოყოლებული ლაპარაკობენ ადამიანები, ასე იმიტომაა, რომ მეტნაკლებად ყველა ვგრძნობთ და ძველად არანაკლებად გრძნობდნენ მატერიალური პროგრესის უაზრობას, რეალურად ყველაფერი უკან მიდის, იტყვი ასეთ რამეს და თანამედროვე ლიბერალები მოგესევიან, გეტყვიან, რომ სიბნელეს იცავ და ბნელეთის მოციქული ხარ, შეგახსენებენ, რომ სეკულარულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და შუასაუკუნეების მეტაფიზიკით წამლავ თანამედროებას..

    მე მესმის, რომ ნებისმიერ ადამიანს მისთვის საცხოვრებლად კომფორტული საზოგადოება მიაჩნია პროგრესულად და ყოველგვარი დისკომფორტი ყოველთვის სიბნელესთან და ეშმაკთან გარიგებასთან ასოცირდება. ამ ძიძგილაობაში საკუთარი თავი გვეკარგება, საკუთარი ცხოვრება.

    მამა დავითმა იცის, რომ ცოლთან გაცილებული ვარ და შვილი ბარსელონაში მყავს, ყოველი სტუმრობისას აუცილებლად მეკითხება როგორ არის თორნიკე, ოღონდ არა ზრდილობის გამო, გულით, და მეც ვუყვები გრძლად და დაუზარელად, ხანდახან მგონია, რომ ვაჭარბებ და რეალურ თორნიკეს ვცილდები და იდეალურ თორნიკეს ვქმნი, რამდენიმეჯერ მამა დავითმა მკითხა, შერიგებას ხომ არ ვაპირებ თორნიკეს დედასთან. მე ყოველი ჯერის შემდეგ უხერხულად გავიღიმე და უარის ნიშნად თავი გავაქნიე, მამა დავითს არცერთხელ არ უკითხავს, რატომ გავშორდი ცოლს, არც მე მომიყოლია გაცილების მიზეზი. ვინ იცის რას ფიქრობს მამა დავითი? რა უაზრო გამოთქმაა, ვინ? ვინ და თავად მამა დავითმა.

    ჩაი დავასხი და დავსხედით.

    მამა დავითი ალუბლის მურაბას ჩაიში ურევს, მე ჯერ მურაბას ვჭამ და შემდეგ ჩაის ვაყოლებ, მამა დავიმა გაიღიმა და მითხრა:

    – შენ მურაბასაც პატივს ცემ და ჩაისაც, მე – არცერთს, ბავშვობაში მივეჩვიე ასე, ხოლო ჩვევა… – მამა დავითმა გაიღიმა…

    მეც გავიღიმე.

    “რჯულზე უმტკიცესია”, თავში დავასრულე ანდაზა და კოვზი მურაბისკენ წავიღე.

    ჩაის შემდეგ ბუხართან გადავინაცვლეთ, მამა დავითმა თბილისის ამბები გამომკითხა, თბილისის ამბებში იგულისხმებოდა მიტინგები, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა და მსგავსი მოსაწყენი ისტორიები, მე ზირითადად ტელევიზორში და გაზეთებში ამოკითხული ინფორმაცია მივაწოდე, მამა დავითმა გაიღიმა და მითხრა, რომ ნამდვილი ამბები აინტერესებს და არა ის, რასაც ტელევიზორში ამბობენ, ან რაზეც გაზეთებში წერენ.

    – ნამდვილ ამბებზე ლაპარაკი ჩემი მდგომარეობის ადამიანისთვის სახიფათოა, ეკლესიაც ხომ ვერ ლაპარაკობს პირდაპირ.

    – დავიწყეთ ერთმანეთისკენ ხელების გაშვერა.

    – არ იფიქროთ, რომ თქვენ არ გენდობით, უბრალოდ არ მინდა ამ საკითხზე ლაპარაკი..

    – ამ წუთას ერთი აზრი მომივიდა თავში, ეხლა აქ რომ მთავრობის წამომადგენელი, ვინმე მინისტრი ან პარლამენტარი იჯდეს, ოღონდ ისეთი, რაღაცაზე რომ უფიქრია ცხოვრებაში, იცი რას იტყვის? ვერც ხელისუფლება ამბობს სიმართლესო და მართალი იქნება, ჩვენ ყველა შეზღუდულები ვართ, რადგან ეგეთი ერი ვართ, ძალიან არალოგიკური რაღაცეების გვჯერა, მაგალითად, რომ 5 წელიწადში საქართველოს აყვავება შესაძლებელია და რაც ყველაზე მთავარია, გვჯერა, რომ ერთი ადამიანი შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას ჩვენი დახმარების გარეშე და ფულს მხოლოდ იმიტომ მოგვცემს, რომ აქ დავიბადეთ და აქურები ვართ. ესეთ ადამიანებთან ყველა იტყუება, მთავრობა, ეკლესია, საქმიანი ადამიანები და ეს საჭირო ტყუილია, სხვა შემთხვევაში ომი მოხდება, დღეს სიმართლის თქმა, ომს ნიშნავს.

    – სიმართლის თქმა მგონი ყოველთვის ომს ნიშნავს – ვთქვი და შეშის ნაფოტი შევაგდე ბუხარში.

    – დღეს განსაკუთრებით, ყველამ ვიცით, მთავრობამ, ეკლესიამ, საქმიანმა ადამიანებმა, რომ ერთ-ერთ ყველაზე ყრუ პროვინციაში ვცხოვრობთ, რომ ჩვენი არსებობა მხოლოდ ჩვენ ვიცით, რომ არანაირი ეროვნული გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით.

    – სასულიერო პირები განსაკუთრებულ მდგომარეობაში ხართ, თქვენი მიზანი შინაგანია; ადამიანები ღმერთისა და სამოთხის არსებობაში უნდა დაარწმუნოთ, ხოლო ჩვენ ყოველდღიური ცხოვრების მოწყობას გვთხოვენ, უფრო სწორად, პოლიტიკოსებს თხოვენ, მაგრამ პოლიტიკოსები ჩვენთან მოდიან და გვაიძულებენ, ვაკეთოთ ის, რაც ეკონომიკურად ძალიან არასწორია

    მესმის, რთულ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ ჩვენს შეფასებაში ნამდვილად ცდები, ჭეშმარიტი სამოთხე და ჯოჯოხეთი ადამიანების უმრავლესობისათვის აბსტრაქციაა, ცხოვრებაში ყველაფერი დამიწებულია, ადამიანებისთვის ყველაფერი მიწაა და თუ ის მიწაზე წარმატებულია, მაშინ სამოთხეშია, თუ წარუმატებელია, მაშინ ჯოჯოხეთში ცხოვრობს, როგორც ყველაფერი მიწიერი, მიწიერ ჯოჯოხეთში და სამოთხეში ყოფნაც არამდგრადია, არამუდმივი და მოსაბეზრებელი, სამოთხეში მცხოვრებლები ვერ იტანენ ჯოჯოხეთში მყოფებს, რადგან ისინი მათ გამუდმებით ახსენებენ, რომ ნამდვილ სამოთხეში კი არა, მოგონილ სამოთხეში ცხოვრობენ, ჯოჯოხეთთან შედარებით სამოთხეში, ამის შეგრძნება ძალიან არასასიამოვნოა, გამოდის, რომ მთელ ცხოვრებას უძღვნი რაღაც ძალიან ყალბს, არ არსებულს, რაც შეეხებათ ჯოჯოხეთში მყოფებს, ისინი ცდილობენ ჩაიცვან, იცხოვრონ, გაერთონ, ილაპარაკონ ისე, როგორც ამას სამოთხის ბინადრები აკეთებენ და ასე დააჯერონ ერთმანეთი, რომ ისინიც სამოთხეში ცხოვრობენ, მიწიერი ცხოვრება მოგონილ, ყალბ ჯოჯოხეთსა და ყალბ სამოთხეში მრავალწლიანი მოსაწყენი მოგზაურობა და ოცნებების არასრულებაა და აქედან გამომდინარე, არსებობს სევდა სამოთხეში და შეჩვევა ჯოჯოხეთში, რეალურად ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს თავებში ხდება, ჩვენს ირგვლივ კი მხოლოდ მიწაა ჯოჯოხეთისა და სამოთხის გარეშე.

    “და სიყვარული?” მინდოდა მეკითხა მამა დავითისთვის, მაგრამ არ ვკითხე, შემრცხვა, თუ ამ საკითხზე სერიოზული საუბრის წამოწყება შემეშინდა?

    * * *

    ახალ წლამდე ოთხი დღე დარჩა, აქედან გამომდინარე გუდაურში საგრძნობლად მოიმატა მანქანებმა და ნაფეხურებმა თოვლზე, ასევე ხმაურმა, ეს უკანასკნელი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე.

    სასტუმროში საერთაშორისო სამდღიანი ბიზნეს-კონფერენცია იმართება, რომელსაც იძულებით ვესწრები, ვზივარ ძალიან ოფიციალური სახით, ძალიან ოფიციალურად ჩაცმული და მაქსიმალურად ვცდილობ არ შევიმჩნიო როგორ არ მაინტერესებს ეს ყველაფერი, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ტელეარხის პირდაპირ ეთერშიც ჩავერთე, მთხოვეს და უარი ვერ ვუთხარი, ვილაპარაკე, როგორც წესია, ოპტიმისტური პათოსით (თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ 7 ნოემბერს მიტინგის დაშლას და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ასევე 5 იანვარს დანიშნულ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს) არა მგონია ვინმეს ჩემი ოპტიმისტური პათოსი მოწონებოდა. ზედმეტად გააქტიურებული ადამიანები ალბათ მწარედ მაგინებენ და კანცელარიის ჯიბის ბიზნესმენს მეძახიან, ჩემთვის სულერთი არ არის რას ამბობენ ჩემზე, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს ამ აზრის შესაცვლელად ფული გადავიხადო, ისედაც საკმაოდ ბევრ ფულს ვუხდი სახელმწიფოს.

    საღამოს დამირეკეს და მითხრეს, რომ პრეზიდენტი გუდაურში იყო ჩამოსული და ჩემ სახლში სურდა ღამის გათენება. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მითხრეს, რომ პრეზიდენტი რამდენიმე საათის შემდეგ მესტუმრებოდა.

    პრეზიდენტთან რამდენიმეჯერ ვარ შეხვედრილი. მე არ ვარ მასთან ძალიან დაახლოებული ბიზნესმენების რიცხვში, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არც არასოდეს მიძებნია პრეზიდენთთან დაახლოების გზები, ხშირი თვალში მოხვედრა, ტელევიზიით მისი ქება–დიდება, მისი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის თავგამოდებით დაცვა.

    ზარმა ამაღელვა. დავიწყე მომზადება, ვიბანავე, თუმცა უკვე დაბანილი ვიყავი, მაგრამ მაინც, ოფიციალურად ჩავიცვი, თუმცა ჰალსტუხი არ გამიკეთებია, ჩავთვალე, რომ ზედმეტი იყო, გადავრეკე სასტუმროში და საუკეთესო ვახშამი დავუკვეთე, შემდეგ დავჯექი ბუხართან და დავიწყე ლოდინი. დროდადრო ვდგებოდი, მივდიოდი ფანჯარასთან, ფარდას ვწევდი და გარეთ ვიხედებოდი, განათებულ გზაზე ხან წყვილებს, ხან მოგუნდავე მთვრალებს, ხან აღფრთოვანებულ, თოვლში მოკოტრიალეYთინეიჯერებს ვხედავდი. პრეზიდენტი არ ჩანდა, ვიჯექი და ველოდებოდი, ერთი საათის შემდეგ ვახშამი მოიტანეს, სასტუმრო ოთახში გავაშლევინე სუფრა, ამ პროცესმა მოლოდინის ერთფეროვნება დაარღვია.Eმაგრამ დაახლობით ნახევარ საათში კვლავ მოლოდინის ერთფეროვნებაში დავბრუნდი, გამახსენა, ჩემს მოსაცდელში მდგომი მომლოდინეები, რომლებსაც თითქმის არასოდეს ვხვდები და შემეცოდნენ.

    შუღამეს ბუხართან მდგომო პრეზიდენტი დავინახე, ოდნავ უკან მისი ორი მცველი იდგა

    – გამარჯობა – წამოვდექი, ამათ ყველა სახლის გასაღები აქვთ, ასე რომ არ უნდა გამიკვირდეს აქ როგორ მოხვდნენ – ჩამეძინა, მაპატიეთ.

    – ჩემ დანახვაზე ყველა იბნევა და ქვეშ იფსამს, მერე იგივე ადამიანები ზურგსუკან დიქტატორს მეძახიან, მიდი ცადე თავისუფლად იგრძენი თავი, არ შეგიძლია, ვერ გამოგდის, ყველა ასეა, მე კი არ ვარ დიქტატორი, თქვენ ხართ მონები, რა გაშინებს ჩემში? – პრეზიდენტი დამაკვირდა.

    – არ მეშინია – ვთქვი და გამახსენდა, რომ უნებურად ოპოზიციის სლოგანი გავიმეორე.

    – გეშინია შენც და მთელ საქართველოსაც, მაგრამ ჩემი კი არა, ვიღაც აბსტრაქტული, ყოვლისშემძლე პრეზიდენტის, რომელიც რატომღაც ძალიან ბოროტია, იმიტომ, რომ შენნაირებს კიდევ ახალი მუქთა მილიონების შოვნის საშუალებას არ აძლევს, ღარიბებს კიდევ სახლში არ ურიგებს მუქთა ფულს… რატომ არ მეუბნები, რომ მე ვშოულობ მუქთა მილიონებს და მე ვართმევ უკანსკნელ ლუკმას ღარიბებს, იმიტიმ, რომ გეშინიათ, იცით, გულის სიღრმეში მშვენივრად იცით, რომ არცერთი ჩემზე უკეთესი არ ხართ და არცერთს ჩემზე კარგი ზრახვები არ გაქვთ, ზურგსუკან ლაპარაკში მაგრები ხართ და კიდევ ბღავილში. შეიკრიბებით ასიათასი კაცი და ბღავიხართ, წადი, წადი.

    – მე იქ არ ვყოფილვარ ბატონო პრეზიდენტო..

    – აი, შიში, მე არ მიკითხავს შენთვის იყავი თუ არ იყავი იქ. იმის მაგივრად, რომ მითხრა, რომ მეც მაგ ბღავილით ვარ მოსული, თავს იცავ, მაშინ, როდესაც არავი არ გთხოვს ამის გაკეთებას, იმიტომ რომ გეშინია..

    – არ მეშინია, უბრალოდ არ მაინტერესრებს ეს საკითხები, თავი გამანებეთ – ავყვირდი, თვალები მაგრად დავხუჭე, შემდეგ გავახილე და მივხვდი, რომ გამეღვიძა, ტელეფონს დავხედე, ერთი წაუკითხავი მესიჯი მქონდა: prezidenti gaemgzavra tbilisshi, ase rom Segizliat daizinot,. didi madloba da ukacravad shewuxebistvis, game mshvidobisa.

    მესიჯი სამჯერ წავიკითხე, ამასობაში დავწყნარდი.

    * * *

    თბილისში დაბრუნებას არ ვჩქარობ, არჩევნებში კვლავ პრეზიდენტმა გაიმარჯვა, არჩევნების შედეგით უკმაყოფილო (საინფორმაციო გამოშვებებში ამბობენ ასე) ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს აწყობს, რამდენიმე ცნობილი ოპოზიციონერი დამიკავშირდა და მათი გამარჯვების შემთხვევაში განსაკუთრებულ მდგომარეობას დამპირდა, სანაცვლოდ მათთვის დღეს უნდა გამეწია ფინანსური დახმარება, ძალიან ზრდილობიანად ვუთხარი უარი, ისინიც ძალიან ზრდილობიანად დამემშვიდობნენ და დაიბოღმნენ.

    უკანასკნელ დღეებში ძირითადად მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ვფიქრობ, ჩემს პოზიციას განსაზღვრავს ჩემი საზოგადოებრივი მდგომარეობა, მე ბიზნესმენი ვარ და ყოველთვის ვთანამშრომლობ მოქმედ ხელისუფლებასთან, ბიზნესმენი არ არის ინდივიდი, ბიზნესმენი მანქანაა, საწარმოა, მისი ინდივიდუალური არჩევანი ძალიან შეზღუდულია, მითუმეტეს ქართველი ბიზნესმენის არჩევანი, რომელსაც ძირითადი ბიზნესი საქართველოშივე აქვს და ნახევრად სახელმწიფო მოხელეა; საქართველო გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყანაა, არაფერია უფრო დიდი საშინელება ვიდრე გარდამავალი ეტაპი, საბჭოთა კავშირში დაბადებული და გაზრდილი მონების უკანასკნელი თაობა ვაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას, ეს თავისთავად საშინელებაა და რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში აქედან არაფერი არ გამოვა.

    ძირითადად ვწევარ და ასეთ რაღაცეებზე ვფიქრობ, ძალიან მარტო ვარ, სასტუმროში დავრეკე და გასტროლიორი ქალებიდან ყველაზე ძვირი მოვითხოვე, დახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ჩემთან 22-23 წლის გოგონა მოვიდა, რომელიც ყოველგვარი შესავლის გარეშე მაგიდაზე გადავაწვინე, გოგონა ყველანაირად ეცადა, მაგრამ ვერ გავათავე, გულისრევის შეგრძნება მქონდა, ფული მაგიდაზე დავდე, გოგონამ ფული აიღო, დამემშვიდობა და წავიდა, პანელის ქალებისადმი არასდროს მქონია სენტიმენტალური განწყობა, არასდროს მიფიქრია, რომ რაღაც ისეთ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ან განცდებში არიან. შეიძლება მხოლოდ პატარა ბიჭობაში, როდესაც თავად სექსი მეგონა რაღაც განსაკუთრებული, პატარა გოგოა, მაგრამ პროფესიონალი, არცერთი ზედმეტი მოძრაობა, არცერთი ზედმეტი ემოცია, ყველაფერი შეთანხმებული თანხის შესაბამისად, რანდენიმე წუთის წინ წასული გოგონას ცივი, არაფრისმთქმელი სახე დამიდგა თვალწინ, შემდეგ ჩემი მოძრაობები გამახსენდა და გამაჟრიალა, ყოველთვის ასე მემართება, როდესაც სისულელეს ვაკეთებ, თან ეს სისულელე დასასრულამდე ვერ მიმყავს.

    წყალი გადავივლე, ჩავიცვი, გარაჟში ჩავედი და მანქანა გამოვიყვანე. საჭესთან ჯდომა და უმიზნო, ნელი სეირნობა კარგად მამშვიდებს, შემეძლო სასტუმროში ჩასვლა და სასტუმროს დირექტორთან ბილიარდის გაგორება, მაგრამ ჩვენი საუბარი აუცილებლად პოლიტიკური გახდებოდა, ხოლო პოლიტიკაზე ლაპარაკი ძალიან არ მინდოდა, სულ სხვაა პოლიტიკაზე ფიქრი, სულ სხვაა ამ საკითხზე სხვასთან ლაპარაკი, თავში, ყველაფერი ძალიან კარგად ლაგდება, მაგრამ სხვასთან საუბარი მარტივი არ არის. მაგალითად, სასტუმროს დირექტორს ჯერა, რომ ქართველები ღვთის რჩეული ერი ვართ და ღმერთი სასწაულს მოახდენს, ისე, რომ ჩვენ ხელის განძრევა არ დაგვჭირდება. სასტუმროს დირექტორი რეალურად მშრომელი ადამიანია და წესით და რიგით ამ უსაქმურების ფილოსოფიას არ უნდა იზიარებდეს, მაგრამ ეტყობა იმდენად გამოთიშული აქვს ტვინი ამ მიმართულებით, რომ ავტომატურად იმეორებს ყველაზე მოდურ შეხედულებას, ან ეს ღვთის რჩეული ერობა მოწონს, იდეა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჯერ ერთი, ამ საქმეში საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გვყავს, ალბათ ევროპელების გარდა ყველას ასე გონია, ევროპელებში, ძველ ევროპას ვგულისხმობ… და არა პოლონელებს, სერბებს და ალბანელებს, რუმინელებს და ბულგარელებს… თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპაში უამრავი ბიზნეს-ვიზიტით ვარ ნამყოფი და ამ ქვეყნებმა ოდნავ განვითარებული საქართველოს შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე, იყო ასეთი დრო ქართულ ბიზნესში, როდესაც გვეგონა, რომ აღმოსავლეთ ევროპას ნახევარ საათში დავიპყრობდით და ტრიუმფით შევიდოდით ძველ ევროპაში. დღეს ზუსტად ვეღარ ვიხსენებ, რა გვაძლევდა ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს, ალბათ ჩვენი უცოდინრობა, ფანტაზიებში უკვე ლონდონში და მიუნხენში მქონდა ოფისები და წამყვანი ეკონომიკური ჟურნალების ყდებზე ვიბეჭდებოდი, სულ არაა ასეთ ფანტაზიებში ცხოვრება ცუდი, ეს ფანტაზიები ენერგიას მმატებდა და ჩემ ჩალიჩს აზრს აძლევდა. რეალურად, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩვენი ბიზნესი რეგრესშია, ეს ერთი მხრივ სახელმწიფო ჩარევების ბრალია, მაგრამ არსებობს სხვა მიზეზიც: ქართველი ბიზნესმენი ქართველი მსახიობის, მწერლის, სპორტსმენის მსგავსად (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ვერ ვითარდება, ხოლო განუვითარებლობა რეგრესია და ამ დროს მახსენდება რა მცირეა საქართველო, რომ არავითარი სხვა სამშობლო სამწუხაროდ ამაზე მეტი არ გამაჩნია, მახსენდება ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც ისე გაუჭირდა, რომ თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ამერიკელების ნაცვლად აფხაზებთან დაიწყო მოლაპარაკებების გამართვა, “ნიუ იორკერის” ნაცვლად ადგილობრივი ჟურნალებისთვის ინტერვიუების მიცემა, ალბათ მისი დიდი მეგობრები ბეიკერი და გენშერი გაოცდნენ, როდესაც შევარდნაძე დიდი და საშინელი რუსეთის შვილი კი არა, პატარა პროვინციის პატარა კაცუნა პრეზიდენტი აღმოჩნდა. წარომიდგენია, როგორ რცხვენოდა ბნელი, ცივი საქართველოსი, როდესაც მის პრეზენტაციას ახდენდა თავისი დიდი მეგობრების წინაშე, როდესაც უკვე პროვინციის ხელგაშვერილი პრეზიდენტი იყო და არა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი.

    მანქანა მოვატრიალე და სასტუმროსკენ წავედი, სასტუმროს დირექტორთან ერთ ხელ ბილიარდს ვითამაშებ, როგორც კი პოლიტიკაზე ჩამოაგდებს სიტყვას, მაშინვე შევარდნაძეზე დავიწყებ ლაპარაკს, ვაგინებთ ძველ პრეზიდენტს, ვიგულისხმებთ ახალს და თან გავერთობით…

    © „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

  • პროზა

    ბესო ხვედელიძე – ბოლო გასვლა

    1.
    31 დეკემბრის მშრალი საღამო იდგა. ასაკისდა შეუფე­რებლად წელში გაჯგიმული პოლკოვნიკი პოლიგ­ლიშ­ვილი მხედრული ნაბიჯით მიუყვებოდა გამსახურდიას გამზირს და თავის უცნაურ ავან-ჩავანზე ფიქრობდა. ის, რაც მხოლოდ მან იცოდა და მისი არეულობის უმთავრესი მი­ზეზი იყო, იმდენად დაუჯერებელ რამეს წარ­მოადგენდა, რომ პოლკოვნიკს ხანდახან ეჭვიც კი ეპარებოდა, ცხადში ხდებოდა მისი ცხოვრება თუ სიზმარში. ქალაქი არანაირად არ ჰგავდა სიზმრისეულს და პოლკოვნიკიც გრძნობდა, ასეთ ცხადში მყო­ფი ან უნდა უბრალოდ შეგუებოდა იმ სიგიჟეს, რომელიც მასში ფუთფუთებდა, ან კი დამიწებულიყო, დაევიწყებინა წარსული და ამ დღიდან დაეწყო ახალი დროის ათვლა.
    საქმე იმაში იყო, რომ პოლკოვნიკი აშკარად იმაზე ახალგაზრდად გამოიყურებოდა, ვიდრე სინამდვილეში გახლდათ და ამის პირდაპირ მიზეზს მის შორეულ წარსულში, ანუ სადღაც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ჰქონდა ფესვები გადგმული.
    მაშინ პოლკოვნიკი ჯერ კიდევ არ იყო პოლ­კოვნიკი, და 32 წლის ახალგაზრდა მიკ­რობიოლოგს გასაიდუმლოებულ სამხედრო ლა­ბორა­ტორიაში უნიკალურ გამოგონებაზე უწევ­და მუშაობა. გამოგონება საბოლოო ჯამში ორგანული მიკრობიოლოგიური აბის და მისი ანტი-აბის სახით უნდა მიეღოთ.
    მათგან პირველი, ნებისმიერ ადამიანს მის­ცემდა საშუალებას, აბის მიღების შემ­დეგ, თუკი ის სიტყვაზე 30 წლის იყო, და უნ­და გამხდარიყო შემდეგ წელიწადს 31-ის, გამხდარიყო 29-ის. შემდეგ წელიწადს ეს ადა­მიანი გახდებოდა 28-ის, შემდეგ 27-ის და ასე შემდეგ, ვიდრე არ მოიბეზრებდა ასაკში დაღმასვლას. ჰოდა, ამ დროს უნდა დამდგარიყო ანტი-აბის ხანა – მისი მიღების შემდეგ, სიტყვაზე 14 წლამდე ჩამოსული ადამიანი დაიწყებდა ისევ უკან ზრდას, ანუ გახდებოდა 15-ის, შემდეგ 16-ის, 17-ის და ასე ჩვეულებრივ ზემოთ.
    ექსპერიმენტი, რომელიც დაიძრა, მართლაც რომ შედგა, და ის პირველად ახალგაზრდა მიკრობიოლოგ პოლიგლიშვილზე მისივე თანხმობით ჩატარდა.
    1933 წელს, როდესაც ის უნდა გამხდარიყო 33-ის, ის შეიქნა 32-ის. შემდეგ წელს, ანუ 1934-ში ის გახდა 31-ის. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მიკრობიოლოგი პოლიგლიშვილი ასაკის კლებასთან ერთად ფიზიკურად და ბიოლოგიურად, ორგანულადაც ახალგაზრდავ­დებოდა და ისეთივე ხდებოდა, რო­გორიც იყო თავის დროზე 32-ისა და შემდგომ 31-ის ასაკში.
    მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ანუ 1939 წელს, ანდრო პოლიგლიშვილი უკვე 26 წლის ჭაბუკივით გამოიყურებოდა და მასაც, როგორც მთელ ლაბორატორიას, მაშინვე უკრეს თავი ომში. ომის დამთავრებისას, ანუ 20 წლის ასაკში, ის უკვე კაპიტნის ჩინით დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს.
    კაპიტან პოლიგლიშვილს დედა გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ლაბორატორია საერთო აბა­ნოდ გადაკეთებული. გასაიდუმლოებული ლაბორატორიის წევრთაგან ომიდან არავინ დაბ­რუ­ნებულა ცოცხალი – ზოგი კურსკის ბრძოლამ შეიწირა, ზოგი ქერჩმა და ზოგიც სტალინ­გრადმა.
    უვნებლად დარჩენილმა კაპიტანმა პოლიგლიშვილმა გულში ამოიჭრა სამხედრო საქმისთვის მიეძღვნა თავი. 16 წლის ასაკში ის უკვე მაიორის ჩინით მიმოდიოდა და სწორედ ამ დროს განიზრახა მან სამხედრო სასწავლებელში ჩაბარება. როგორც ომის მონაწილესა და მაიორს მას უგამოცდოდ ხვდა ადგილი სასწავლებელში. აქვე გადაწყვიტა მაიორმა პოლიგლიშვილმა მი­ეღო ანტი-აბი, რათა ასოთხმოცი გრადუსით შეეცვალა ასაკობრივი დაღმასვლა.
    1960 წელს, როდესაც დედამიწის მოსახ­ლეობამ სამ მილიარდს უწია და კოსმოსში ძაღლები – ბელკა და სტრელკა გაუშვეს, მას უკვე პოდპოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა და 11 წლის წინ მიღებული ანტი-აბის გამო კვლავ, როგორც ოდესღაც, 27 წლისას ჰგავდა.
    1970 წელს, როდესაც პოლ მაკარტნიმ ოფი­ციალურად განაცხადა ჯგუფ “ბიტლზის” დაშ­ლის თაობაზე, ხოლო საბჭოთა კავშირიდან პირ­ველად გაიტაცეს სოხუმ-ბათუმის რეისის თვით­მფრინავი ლიტველმა მამა-შვილმა საზღვარ­გარეთ, პოდპოლკოვნიკ პოლიგლიშვილს 37 წლის ასაკის ახალგაზრდის იერი ჰქონდა.
    1980 წელს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს რონალდ რეიგანი, ხოლო მუჰამედ ალიმ დიდ რინგზე ლარი ჰოლმსთან წააგო ჩხუბი, თმაშევერცხლილი პოდპოლკოვნიკი პოლიგლიშვილი უკვე 47 წლის მამაკაცივით გამოიყურებოდა.
    1990 წელს, როდესაც მოსკოვში გაიხსნა “მაკდონალდსის” პირველი რესტორანი, ხოლო ბოსტონში გაძარცვეს მუზეუმი “იზაბელა გარ­დენი”, 57 წლის პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი საკ­მაოდ სოლიდურ თანამდებობაზე მსახურობდა თავდაცვის უწყებაში.
    2000 წელს, როდესაც დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი, ხოლო სიდნეიში სტარტი აიღო ოც­დამეშვიდე ოლიმპიადამ, 67 წლის ღვაწლ­მოსილი პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი პენსიაზე გავიდა.
    2009 წელს, როდესაც გარდაიცვალა პოპის მეფე მაიკლ ჯექსონი, ხოლო მზის სრული დაბნელება სარეკორდოდ დიდ დროს – 6 წუთსა და 39 წამს გაგრძელდა, 77 წლის პოკოვნიკი პოლიგლიშვილს ტრადიციად ჰქონდა ქცეული ყოველდღე თბილისის ზოოპარკში სეირნობა.
    სწორედ ერთ-ერთი ასეთი სეირნობისას, უფრო ზუსტად კი, სწორედ ზემოთნახსენები მზის დაბნელებისას გა­დაეყარა ის მიწაში თავჩარგული სირაქლემას გალიასთან შიშისგან გულწასულ, გავადაბალ შინაბერას – ვინმე კლარისა ტაქ­საშვილს, რომელიც უმალ ხელოვნური სუნთქვით მოასულიერა და მასზე მაშინვე შეუვარდა გული.

    2.
    ახალი წლის დადგომას არაფერი უკლდა. მეტრეველებში სტუმარს ელოდნენ: უიღბლო პიანისტ კლარისა ტაქსაშვილს, უჟმურ შინაბერას, ვინც ცხოვრების ღვლარჭნილ ბილიკებზე ვერაფრით გადაჰყროდა ისეთ მამრს, ვინც მის მძიმე ხა­სიათსა და გულისგამაწვრილებელ ურჯუკობას უსიტყვოდ და დაუბურძგლავად აიტანდა.
    ლაგდებოდა სუფრაზე ლანგრებით: გოჭი, ხა­ჭა­პური, გოზინაყი, შამპანურის გაუხსნელი ბოთ­ლები. იქვე მაიკო მეტრეველი და მისი ტანწვრილი მე­უღლე, სიბრძნის კბილის ტკივილისგან ყბაახვეული ერიკო ტრიალებდნენ და მაგიდას სხვა კერძებსაც მა­ტებდნენ. ტელევიზორიც არ ისვენებდა.
    ნუკრის თოვლის ბაბუის წითელი ფორმა ეცვა, აბრჭყვიალებულ ნაძვის ხესთან მდგომი სათამაშოებს არჩევდა, ტოტებიდან ხსნიდა და გუდაში ფრთხილად დებდა.
    – მაგას არ დააკარო თითი! – აუკივლდა უცებ მა­ი­კო ძმას. – ამას უყურე!.. ვითომ არ იცი, რომ ეგ ჩემი ცხონებული პირველი ქმრის ნაჩუქა­რია!
    – და აი ეს თუ შაილების, მემ?.. – გაპრანჭული ხმით მიუთითა ნუკრიმ დას სხვა სათამაშოზე და ცალთვალმოჭუტულმა გამოხედა.
    – ეგ შეგიძლია მომაშორო თავიდან!.. მაგის გვერდზეც რომ კიდია, ისიც!.. აღარ მახსოვს ვინ იდიოტმა მომითრია…
    ნუკრის ამის გაგონებაზე იერი ეცვალა, ჯიბიდან მსწრაფლ საღეჭი რეზინი ამოიღო, ხმაურით გაღეჭა და ტონიც უმალ ქუჩური გაუხდა.
    – ვინა, ტო?! ახლა გინდა მაგ სიტყვებზე სერიოზულად მოგთხოვო და აქვე შეგისრულო?.. არა, გულზე ხელი დაიდო, დაიკო, და გაიმეორა – ეს მე ვარ იდიოტი?
    – ნუგზარ, რამდენჯერ უნდა გითხრა, დაგიჭერენ ერთხელაც იქნება!
    – მე სულ სხვა რამე გკითხე, ჩემო დაია! – აიშვირა საჩვენებელი თითი ნუკრიმ. ამ დროს ყბაახვეულმა ერიკომ სასტუმრო ოთახში ლანგრით კარალიოკი შემოიტანა, ფეხით ნოხს წამოედო, ძლივს შეიმაგრა თავი და ლანგარი მაგიდის ცენტრში ხმაურით დააახეთქა.
    – ზურნა შენ!! – კინაღამ გაუსკდა გული მაიკოს და ძმის მისამართით ხმა კიდევ უფრო აიმაღლა. – გაგადაიებ ახლა, ისეთს შეგის­რულებ, ნუგზარ! დაგა­ვიწყდა, მგონი, შენ ჩემი ხელის გემო!.. გამოიღე ახლავე პირიდან ეგ საზიზღრობა! რას გევხარ! წადი, ჩაიხედე სარკეში! ვეღარ უნდა გაიგო, რომ შუა ზამთარში ჩვენ სულ არ გვჭირდება პერე­დაჩებზე სირბილი?.. ერიკოს სიბრძნის კბილი ტკივა… მე პირადად, რომ დაგიჭირონ, ერთხელ მაინც თუ მოვიდე ციხეზე, მიწა დამეყაროს!
    დარცხვენილმა ნუკრიმ მორჩილად გამოიღო პირიდან საღეჭი რეზინი, ყურის ბიბილოს ქვეშ აიწება და ერთიანად შეცვლილი ისევ ენადათაფლულ თოვლის ბაბუად იქცა.
    – შენი სულის ჭირიმე, ჩემი მაიკუნა… ამ ერთხელაც ნუ დამ­თარსავ, თუ ჩემი ღვიძლი დაიკო ხარ!.. ჩემი ამბავი ხომ იცი? ერთი-ათად დაგიბრუნდება… ერთი დედის მუცელში მაინც არ ვიყოთ ცხრა თვე ნაჯდომი… შენ არ იცი, რამდენს ვფიქრობ ხოლმე ამაზე ძილის წინ! არა, მაინც რატომ არ გვეთვლება, ადამიანებო, ადამიანებს დედის მუცელში გატარებული დრო სიცოცხლედ?.. დამიმტკიცოს ვინმემ, რომ ჩვენ იმ დროს არ ვარსებობთ!.. განა ვინ უბაგუნებდა ჩვენს დე­დიკოს შიგნიდან პატალა ფეხუკებს?.. რა თქმა უნდა – ჩემი კუდრაჭა დაიკო! და მერე მეც… თუ მე საკეისროთი გავჩნდი?
    ამ სიტყვებთან ერთად ნუკრიმ მაიკო თბი­ლად მიიხუტა და საფეთქელთან აკოცა. მა­იკო თავიდან კი გაინაბა, მაგრამ მერე მაინც ცივად მო­იშორა ძმა.
    – გავიდეს ეს ახალი წლები… – არ განელებულა ნუკრი. – და ვფიცავ ჩვენი ცხო­ნებული დედის ნათელ ძვლებს, მე აუცილებლად მივწერ ორსულ დედათა მსოფლიო ასამბლეას, რომ ადამიანის დაბადების დღედ ამიერიდან ჩაითვალოს ჩასახვის დღე!.. და სწორედ ის ჩაიწეროს ყოველი მოქალაქის პასპორტში!
    ნუკრი სუფრას მიუტრიალდა, ლარნაკიდან კანფეტი მუჭით მოხვეტა და გუდაში ჩაიყარა.
    – ყოველი მოქალაქის პასპორტში-მეთქი!.. და კანფეტიც რომ აუცილებელია?.. ტკბილის გარეშე რა პირით შევდგა ფეხი უცხო ოჯახში? ნუგა არ გამაგონოთ! ვიღას აქვს ნუგას კბილი… ეს რაა?.. აუ, მაიკო, კიბოს კისერი! – ნუკრიმ კანფეტი პირში გაიქანა და სახეზე ნეტარების ტალ­ღამ გადაურბინა. – ჰოი, ბავშვობავ! გა­დატყაულო მუხლისთავებო! ხეზე ჩიტებო! შატალო­ებო! ზნაკ-ზოროებო! კარუსელებო! სად ჯანდაბაში ხართ ამ სიცივეში, ნეტა?!
    – გეუბნები, ნუგზარ, იცოდე მართლა აღარ შემიძლია! – ისევ იფეთქა მაიკომ. – ჩემს მოთმინებასაც აქვს ყოველგვარი საზღვარი!
    – ჰოდა, ყოველი მოქალაქის პასპორტში-მეთქი! – ნუკრიმ ყურქვეშ აწებებული საღეჭი რეზინი ისევ მოიძრო, გააღლაჭუნა და მაიკოს კვლავ ძველბიჭური იერით მიუტრიალდა. – იტოგ­ში, ერთი ხუთი ლარიც უნდა გამოხვიდე, ჩემო დაია! და ბევრს ნუ მაყაყანებთ აეხლა! კბილი-მილი არ ვიცი მე! ხუთლარიანი-მეთქი, თუ სხვანაირად გავიმეორო?! ეს ცხოვრება ბენზინია, საიმონ! და ვაფშემც რა პალაჟენიაა აქ?! კაი ბიჭებს პატივს აღარ ცემენ, თუ რაია აქანა?!
    პირგამეხებული მაიკო ნუკრისკენ მკაცრი ნაბიჯით დაიძრა. დამფრ­თხალ­მა ნუკრიმ პირიდან საღეჭი რეზინი სას­წრაფოდ გამოიღო, ძირს დააგდო და უმალ ისევ კეთილ თოვლის ბაბუად გარდასახული მაშინვე მუხლებზე დაეცა.
    – უნდა დამინდო, მაი…
    მაიკომ ძირს დაგდებული კევი აიღო და ძმას ცხვირთან მიუტანა.
    – რამდენჯერ უნდა გითხრა მე შენ ერთი და იგივე?! თუ ჩაგაწებო ეს საზიზღრობა თმაში?
    – შენ ხომ ჩემი საყვარელი დაიკო ხარ, მაი… სკოლაშიც ხომ ხუთიანებზე სწავლობდი… ოთხოსნების დედა ვატირე მე! მხოლოდ ხუთი ლარი-მეთქი, მაი!
    – ნუგზარ, გეუბნები, ამომიწყდეს ოჯახი, მე შენ თუ კიდევ კაპიკი მოგცე! – საკიდთან მისულმა მაიკომ ხელჩანთიდან ხუთლარიანი ამოიღო. – კარგად დაიმახ­სოვრე, რაც გითხარი! ძალიან კარგად იცი, რომ მე ტყუილზე დაფიცება არ მიყვარს!
    – ყოველი მოქალაქის პასპორტში-მეთქი! ყო-ვე-ლის! – გამოგლიჯა დას ფული გახარებულმა ნუკრიმ, სასწრაფოდ მოირგო თეთ­რი წვერი და ყიჟინით გავარდა ბინიდან.
    – ამხელა ვირია და ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოსულა! – გახედა მაიკომ კბილის ტკი­ვილისგან გადაფითრებულ ერიკოს. – რამხელა უხერხულობაში გვაგდებს მერე ყველას… არა, აქამდე როგორ ვერ დაიჭირეს, ეგ მიკვირს… ტაკ-ს… სად ვიყავით?.. რა უნდა სალფეტკებს ჭიქების ქვეშ, ერიკო?.. სულ გადაირიე? ბარემ სკამებზე დაგეფინა…

    3.
    ნუკრი მეტრეველი თავის მამა-პაპისეულ, მაღალჭერიან ბინაში უშვილო დასა და სიძესთან ერთად ცხოვრობდა და როგორც წესი, წელიწადის სამასსამოცდაოთხ დღეს უსაქმურობაში ატა­რებდა. ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ მის ცხოვრებაში, 31 დეკემბერს, ანუ წლის სამას­სამოცდამეხუთე დღეს ხდებოდა და ეს მისი იმ იშვიათი კლეპტომანური გადახრის ბრალი იყო, რომელსაც ნუკრი წლების მანძილზე ვერაფრით შელეოდა: – ნუკრის კარადაში ყოველთვის ეკიდა თოვლის ბაბუის წითელი ფორმა წითელი ქუდითა და უზარმაზარი, სახეზე მისაწებებელი თეთრი წვერით. ამ ფორმაში ის საზოგადოებას წელიწადში ერთხელ, მუდამ 31 დეკემბრის ღამის თერთმეტი საათისთვის ეცხადებოდა და გარეთ ასე გასული არც სქელ ჯოხსა და სქელი ნაჭრის დიდ გუდას ივიწყებდა, რომელიც საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებითა და წვრილი ნუგბარით – ძირითადად ვერცხლისფერფოჩიანი კანფეტით ჰქონდა სავსე.
    გარეთ გასულმა ნუკრი მეტრეველმა შორი­დანვე იცოდა ღამის კორპუსებზე მზერის დაკ­ვირ­ვებით შევლება. კარგად იცოდა, ახალი წლის დადგომას ქალაქში დიდი რია-რია და ერთმა­ნეთთან მისალოცად ჯგუფური მიმოსვლა უნდა მოჰყოლოდა; ზოგს მეგობრებში მიუწევდა გუ­ლი, ზოგს ნათესავ-მეზობლებში, ზოგიც უბრალოდ გარეთ გადიოდა. ნუკრიც ამ მომენტს ელოდა ხოლმე: რომელიმე კორპუსის სარ­თუ­ლებიდან ერთ-ერთზე ლიფტით ასული წი­ნასწარ მონიშნული ბინის კარზე ზარს სამჯერ დარეკავდა.
    თუ გაუღებდნენ, საზეიმოდ განწყობილ მასპინძლებს კანფეტს მიაყრიდა და ახალ წელს მიულოცავდა – თოვლის ბაბუის და­ნახვა ყველას უხაროდა; შეიპატიჟებდნენ, მომ­ცრო ყანწს შეუვსებდნენ და ოჯახს ადღეგ­რძელებინებდნენ. არ გააღებდა არავინ კარს და, ნუკრი მეტრეველს ზურგზე მოკიდებული გუდის ფსკერზე სპეციალური ხელსაწყოების კოლოფი ედო. მოირგებდა ხელთათმანებს, სწრაფად გახსნიდა კოლოფს, შეარჩევდა ინსტრუმენტთაგან ერთ-ერთს და…
    ასე გაჰქონდა მოქალაქეთა ბინები ყოველი ახალი წლის ღამეს ნუკრი მეტრეველს.

    – მე ნუკრი ვარ. პასპორტში, როგორც ყველა ნუკრის, ნუგზარი მიწერია. ეს აქაური წესია. ამ ქვეყანაში ყველა ნუკრის პასპორტში ნუგზარი უწე­რია. არის იშვიათი (იდებს პირში საღეჭ რეზინს)… ეეე… ხაიებიც, სიმონ, მაგრამ ისინი ისე ცოტაა, რო არ ითვლება. ისე, სედოი რო გავხდები და ღიპი ვალივით დამედება, მაშინ ალბათ ნუგზარსაც სვაბოდნა დამიძახებს ყველა. დღეს ნუგზარს მხოლოდ ჩემი და მაიკო მეძახის. მაგან დამთარსა მაშინ, მაგის… ეეე… ამიტომაც ის დღე ჩე­მი ცვეტში არ ყოფილა. ანდა, რომელი დღე ღამის თორმეტზე, ტო…

    4.
    ბოლო ხანებში, ყოველდღე ზოოპარკში მოსეირნე კლარისა ტაქსაშვილს, თავისი შემთხვევითი მხსნელი, გადამდგარი პოლკოვნიკი პოლიგ­ლიშ­ვილი ლამის ჩრდილივით დაჰყვებოდა ხოლმე გვერდზე.
    – ოო, კლარისავ!.. – ყოველთვის ხელზე ხმაურიანი ამბორით ეგე­ბებოდა პარკშიKკლარისას პოლკოვნიკი პო­ლიგ­ლიშვილი და საფეთქელთან გაშლილი ხე­ლისგული სამხედრო მანერაზე მიჰქონდა. – დღეს ათი გრადუსი იწინასწარმეტყველეს მეტე­ოროლოგებმა რადიოში. მშვენიერი ტემპერატურაა უთოვლო ზამთრის კვალობაზედ. რას იტყვით…
    – ნუ, ანდრო, ანდრო! ნუ არ ვიცი პირდაპირ… სულ ასე ყველაფრით კმაყოფილი როდემდე უნდა იყოთ…
    – რატომ ყველაფრით?.. ეჰ, შენ კიდევ არ იცი, რამდენი შინაგანი სუსხი და პაპანაქება გადაუტანია პოლკოვნიკ პოლიგლიშვილს… – ირტყამდა ქუსლებს ერთ­მანეთზე პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი, სამხედრო მუნდირს ისწორებდა და კლარისას ხელკავს სთავაზობდა. – ვინ მოთვლის… და ომები და მშვიდობები? ან სიკვდილები და სიცოცხლეები, შიმშილი და სიმ­სუქნე, სანთელი და ელნათურა, ცხენი და მეტროპოლიტენი, ფაეტონი და თვითმფრინავი… – ასეთი საუბრით მიუყვებოდნენ უთოვლო ზამთრით გამომშრალ გზას პოლკოვნიკი და კლარისა.
    – რანაირი უცნაური ლაპარაკი იცით, ანდრო… – ეცინებოდა კლარისას.
    – წინააღმდეგობები, ღალატი, სულში ჩაფურთხება, აღზევებანი… თან ყველა­ფერი ხომ თვალწინ მიდგას! ან რა დამავიწყებს? მაგრამ ეგეთი საოცრება? პირდაპირ თავიდან ფეხებამდე მბურ­ძგლავს, რომ მახსენდება…
    – რაებს აბობთ, ანდრო… სირცხვილია.
    – არა მხოლოდ ვამბობ, არამედ ვადასტურებ კიდეც! მე უკვე დიდი ხანია მზად ვარ ყოველმხრივ გემსახუროთ, რამეთუ მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, შვიდსიმიან გიტარაზე დაკვრა, შინაური ცხოველები და ფეხით სიარული, რაც რასაკვირველია ყოველმხრივ ამაგრებს ფეხის კუნთებს და ხელს უწყობს ჩვენივ ჯანმრთელობის სწორფრივ დახვეწას. აგრეთვე მუდმივად ვადევნებ თვალს მიმდინარე პოლიტ-პროცესებს, მთელი არსებით თანავუგრძნობ სტიქიით დაზარალებულებს და მჯერა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, თავად ჩვენივე განპირობებულია – ვგულისხმობ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, რომლებიც მყისიერად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, რათა თავიდან ავიცილოთ მოულოდნელი კაზუსები…
    – ღმერთო დიდებულო… მაინც ვერ გავიგე, რისი თქმა გსურთ, ანდრო…
    – ჰმ!.. რისი და, ესე იგი, იმ დროს შენობები მაქსიმუმ ოთხსართულიანი იყო. მერე დააშენეს ზედ სართულები და დამართეს ეს ამხელა ვაიუშველებელი. ისევ ეს დაწყევლილი ბაბილონიზმი! თითქოს ერთხელ არ კმაროდა… ხომ გახსოვთ? ანდა როგორ… პირდაპირ გასაგიჟებელი ამბავია. ბოლოს და ბოლოს, ვის გაუგონია ლიფტში ამდენ ხანს ჯდო­მა. კაი და დენი წავიდეს, ვინაა დღევანდელ დღეს მეთვრამეტე ან მეოცე სართულზე ფეხით ამსვლელი?
    კლარისა შფოთით იყურებოდა ირგვლივ.
    – ახლა ჭკუიდან გადავდგები… რაში გაგახსენდათ ამ შუა ზოოპარკში ლიფტი?!
    – ნუ, ეს მხოლო სიტყვის მასალად, კლარისავ ჩემო!
    – მე თქვენი “ჩემო” არა ვარ!
    – ნუ ეგ ჯერჯერობით, რა თქმა უნდა. მე კი ლიფტი იმიტომ გამახსენდა, რომ მეცამეტეზე ვცხოვრობ და ყოველდღე ლიფტით მიწევს სარგებლობა შენამდე მოსაღწევად… ისე კი, მართალია. ეს სულ სხვა თემაა… და­ვუბრუნდები მოსაყოლ ისტორიას… ჰოდა, მინ­და გავიხსენო გენერალ მარატ ბიტ-სამოილოვის გასაიდუმლოებული სამხედრო ლაბორატორია. ის იყო სწორედ ოთხსართულიანი, და ახლა კიდევ ოცდაორიანად აქციეს… მოკლედ, წარმოიდგინეთ თვალდახუჭულმა ლაბორატორია აღჭურვილი მიკ­რო-ბიოლოგიური დანადგარებით, უაღრესად ნათელი გონების ადამიანები გახა­მებულ ხალათებში, მცენარეთა საღი სურნელი დერეფნებში…
    “ურევს!” – ფიქრობდა თავისთვის კლარისა. “აშკარად ურევს!”
    – იქ ადრე სულ სხვა სამყარო იყო, კლარისა…
    კლარისა უკვე უხერხულად იშმუშნებოდა და თვალებსაც ხაზგასმით აღაპყრობდა ზეცისკენ.
    – კი მაგრამ, როდინდელ ამბავს მიყვებით, ანდრო?.. მე როგორც ვიცი, ეგ ინსტიტუტი სამოცდაათი წელია აღარ არსებობს…
    – ზუსტადაც რომ! ჰოდა, სად იყო მაშინ პარაშუტი და ვერტმფრენი-მეთქი. ფეხით ძლივს დაბლაყუნობდნენ. აი მე კი, მაშინ, ამხანაგ მარატის ლაბორანტი და მარჯვენა ხელი გახლდით!
    – ასეთი ფანტაზია, თან თქვენს ასაკში, ანდრო!
    – ასაკი ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს, კლარისავ!.. და ბატონი მარატიც არ გახსოვს? თუმცა, შენ რა გეხსომება… საოცარი არსება, შეწირული მეცნიერი, გიგანტური იდეებით შეპყრობილი სამხედრო პერსონა და უზადო ცინიკოსი… რაღაა დასამალი და მე და ამხანაგი მარატი უნიკალურ ბაქტერიულ აბზე ვმუშაობდით… შემიძლია გა­მოგიტყდე, რომ ფაქტიურად უკვდავების აბზე…
    – რაზეო? – ასდიოდა თვალები შუბლზე კლარისას.
    – გაგიკვირდება, მაგრამ სწორედ რომ – უკვ-და-ვე-ბის, უკვდავების სამხედრო აბზე, რომლის ორ­გა­ნიზმში ანალურად მიღების შემდეგ ადამიანს შეეძლებოდა გამხდარიყო არა იმდენი წლის, რამდენიც წესით და რიგით უნდა შესრულებოდა, არამედ ერთით ნაკლების, და ასე დაუსრულებლად… ხომ სრული საოცრებაა? გაახალგაზრდავების უკუპროცესი! – პოლკოვ­ნიკი პოლიგლიშვილს ისევ საფეთქელთან მიჰ­ქონდა გაშლილი ხელისგული და ქუსლს ქუსლზე ირტყამდა. – იმდენი წლები, ენერგია და ოფლი ჩავანთხიეთ… და ბოლოს და ბოლოს, დიდი წვალებისა და ჩატარებული უზარმაზარი ექსპერიმენტების შედეგად ჩვენ მაინც მივიღეთ უნიკალური აბი!
    კლარისა თავს უკმაყოფილოდ აქნევდა.
    – მინდა გითხრა, რომ ექსპერიმენტი ჩემივე ნებით ჩატარდა მხოლოდ ჩემზე, და ის ექსპერიმენტი, არ გაგიკვირდეთ და ჩემში დღემდე გრძელდება! განა რამდენი წლისა გგონივარ ამჟამად?
    – თქვენ არა თქვით, სამოცდაჩვიდმეტისო?
    – ცდები, ჩემო კლარისა…
    – მე არა ვარ-მეთქი თქვენი „ჩემო”!
    – ვნახოთ, ვნახოთ… სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკის დარად შესაძლოა კი გამოვიყურები, მაგრამ ეს ასაკი, სინამდვილეში, წესიერად რომ მეცხოვრა, ამ ოცდათორმეტი წლის წინ უნდა შემსრულებოდა… რადგანაც მე, ოცათორტმეტიდან თექვსმეტამდე ჩამოსულმა დანიშნულებისამებრ მივიღე ანტი-აბი და ისევ თავიდან წამოვუყევ ცხოვრებას… ანუ ახლა მე, რეალურად გაცილებით მეტი მაქვს დრო ამ ბედკრულ პლანეტაზე გატარებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს…
    – ნუ კაით რა, ანდრო! მააქვს ახლა მე ამდენი მათემატიკის თავი?! – ძლივს იკავებდა აფეთქებისგან თავს კლარისა ტაქსაშვილი.
    – ანუ, ექსპერიმენტი ჯერ კიდევ ძალაშია. მაგრამ შენ ხომ არ იცი, რაოდენ მოსაბეზრებელი იყო ეს ზედმეტი ოცდათორმეტი წელიწადი. ისევ სულ ომები და მშვიდობანი, სიკეთე და ბოროტება, სიცარიელე… ვიდრე შენ არ გამოჩნდი, კლარისა, ჰორიზონტზე. საოცრებაა პირდაპირ! მზის დაბნელება ზოოპარკში ჩემთვის ციური მადლივითა და ნიშანივით იყო. იმ დროს მე მეგონა სულ მარტო ვიყავი დედამიწაზე დარჩენილი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველა გაქრა და მარტო დამტოვეს… და ამ დროს უეცრად შენ, კლარისა, თან გულწასული. თან შუა ზოოპარკში. თან სირაქლემას გალიასთან. რა ნამუსით არ მოვსულიყავი. მოვედი და დღეს მე უკვე ხმამაღლა ვაცხადებ: – მე შენგან ოდენ საპასუხო გრძნობა მჭირდება; სიტყვა, რომელიც საბოლოოდ მათქმევინებს უარს ამ წყეულ ასაკზე. შენი გულისთვის მე შემიძლია ლაბორატორიიდან თავის დროზე აცინცლული კიდევ ერთი აბი გამოვიყენო და გაახალგაზრდავება ვიწყო. მინდა გაგიმხილო, კლარისა, რომ ის მხოლოდ ერთიღაა დარჩენილი და ისიც, საბედნიეროდ ჩემს ხელთაა…

    5.
    მაიკო და კლარისა საახალწლო სუფრას უსხდნენ და ერიკოსთან ერთად სატელევიზიო საახალწლო შოუს ჭიქებით ხელში გაბადრულები შესცქეროდნენ, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.
    – დარჩებოდა კიდევ რამე… – თქვა მაიკომ ამრეზით და აშკარად ნუკრი იგულისხმა.
    ფიცხ­ლად წამომხტარი ყბაახვეული ერიკო კარის გასაღებად ჭიქით ხელში გაემართა, ხოლო გაღი­მებული ქალები ტელევიზორს შერჩნენ.
    გამოხსნა თუ არა კარი, ერიკოს წარბები გაკვირვებისგან შუბლზე აუვიდა, მერე ფართო­დაც გაეღიმა და ამის გამო კინაღამ სახვევიც მოძვრა ყბიდან.
    ზღურბლზე სააღლუმო სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, პოლკოვნიკის სამხრეებიანი და სამხედროქუდიანი, ჭაღარა, უცხო მამაკაცი იდგა.

    6.
    – თავიდან მისი მოცემული ხუთლარიანით ბენზინი ჩავისხი, და პირველის ოცი წუთი იქნებოდა, იმ კორპუსს მივადექი. მხო­ლოდ ზოგან ენთო ფანჯრები. რაღა აქ მომიყვანა ჩემმა ჩათლახმა ბედმა… ავიწიე მეოთხეზე. დავრეკე – ხმაურით გახ­სნეს კარი. კაი გატრეტილი ბიძა დგას თავზე სვანური ქუდით და საცივში ამოვლებული ინდაურის ბარკალი უჭირავს.
    – ვაააა… ვინც მოსულა, გაუმარჯოოოს! – იღრიალა ბიძამ ჩემს დანახვაზე და ისეთი ჩამეხვია-ჩამპროშტნა, ასე მეგონა სულს ნას­კივით გამაძრობდა.
    ატყდა იქ ერთი ამბავი. შემიყვანეს, დამსვეს პირდაპირ სუფრის თავში. ჩამისხეს კალთაში დორბლიანი ბავშვები. თან დაგრეხილი ყანწი მომაწოდეს. რა მექნა. მივულოცე. ერთხელ, ორ­ჯერ. მესამეჯერაც არ დამანებეს თავი. ისე იყვნენ გადამთვრალები, ერთს ჩემთვის აღ­სარების ჩაბარებაც კი უნდოდა. ძლივს გამოვაღწიე, ჩემი კაი. ამასობაში კი გასულა ნახევარი საათი. მაიკოს მანქანით ერთი წრე დავარტყი. ხალხი ქუჩაში დასეირნობს და ერთმანეთს ახალ წელს ულოცავს. ყველა ბუხოია. უკვე მეც არა მიშავდა. მაინცდამაინც იგივე კორპუსის, ოღონდ სხვა ფანჯრები მეცა თვალში. დავალივერე, ჩავინიშნე და ავედი. დავრეკე. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… არავინ აღებს. ავდექი მაშინ, პირჯვარი გადავიწერე და გავხსენი ჩემი ჭრელი გუდა. მოვარგე კარებს მოსარგები.

    7.
    ერიკო ბინაში სააღლუმო სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ჭაღარა პოლკოვნიკის თანხლებით შემობრუნდა.
    – ანდრო, კი მაგრამ… თქვენ აქ საიდან?! – აღმოხდა ერთბაშად დაპატარავებულ პიანისტ კლარისას სასოწარკვეთილი ხმით.
    – გამარჯობათ! – აუბრწყინდა თვალები ოდნავ შემთვრალ მაიკოს. – მობრძანდით… ეე… ბატონი ანდრო, არა?
    სამხედრომ გაშლილი ხელისგული საფეთქელთან მიიტანა, ქუსლი ქუსლზე მიირტყა და მკაცრი სახე მიიღო.
    – თავისუ-ფლაად! – შეუძახა მერე საკუთარ თავს და თავი მოწიწებით დახარა.
    – დაგვეწვიეთ, ბატონო ანდრო! სტუმარი ღვთისაა! – პირველად ამოიღო ხმა ერიკომ და გაუხსნელი შამპანიურის ბოთლი მოიხელთა, მაგრამ სამხედრომ ერიკოს გაშლილი ხელისგული დაანახა და შეაყოვნა.
    – უპირველეს ყოვლისა, მოგილოცავთ ახალ წელს და მოწიწებით მოგესალმებათ პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი! მხედრული სალამი, სალამი და კიდევ ერთხელ სალამი ყველას, ვისაც იცნობს პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი და ვისაც არ იც­ნობს! – შეაჩერა სამხედრომ მაიკოზე მზერა, და შემდეგ ერიკოზე გადაიტანა.
    – იგი დიდ ბოდიშს იხდის, რომ გაკადნიერდა და ასეთ უდროო დროს შემოიჭრა ეგზომ პატივსაცემ ოჯახში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამჟამად სწორედ აქ იმყოფება მისი ინტერესის ობიექტი კლარისა ტაქსაშვილი… – სამხედრომ აქ უცებ ცალ მუხლზე დაიჩოქა და ხელები Kლარისასკენ აიშვირა. – … და ვინაიდან მისი ინტერესის ობიექტი უცხო ტერიტორიაზეა, პოლკოვნიკს სურს მიიღოს უფლება მასპინძელი მამაკაცისგან, – პოლკოვნიკმა ისევ ერიკოს გახედა. – რათა ორიოდ წუთით მოგწყვიტოთ ქალბატონი კლარისა და უთხრას მას სასწრაფოდ სათქმელი სიტყვა.
    ერიკო და მაიკო გაშტერებულები დასცქეროდნენ დაჩოქილ სამხედროს და დუმდნენ.
    – არა! – სასოწარკვეთით აღმოხდა მხოლოდ ერთადერთი სიტყვა კლარისა ტაქსაშვილს.
    – ხომ მაძლევთ ამის უფლებას, მოქალაქენო? – ააცქერდა მუხლმოყრილი პოლკოვნიკი ერიკოს. – მაპატიეთ, რომ თქვენი სახელი…
    – ენვერი! – გაუწოდა დაბნეულმა ერიკომ ხელი სამხედროს და მისი წამოყენება სცადა. – დაბრძანდით სკამზე, როგორ გეკადრებათ, პოლკოვნიკო…
    – ძალიან იშვიათი სახელია…
    – აგერ თქვით რაც გაქვთ სათქმელი… – შეთამამდა ერიკო და პოლკოვნიკს გამოწეულ სკამზე მიუთითა. სამხედრო სწრაფად წამო­ი­მარ­თა ფეხზე, ქუსლები კვლავაც ერთმანეთზე მიირტყა და გაშლილი ხელი კვლავ საფეთქელთან მიიტანა.
    – მინდა მოგახსენოთ, ჩემო ენვერ, რომ ჩემი სათქმელი მეტად ინტიმურია და მხოლოდ ორ ადამიანს ეხება. ამიტომ, გთხოვთ სადარბაზოში გამაყოლოთ პატივცემული კლარისა ტაქსაშვილი და მე იქ მსწრაფლ მოვახსენებ ორ სიტყვას!
    – რას ჰქვია სადარბაზოში?.. – გაუკვირდა მაიკოს. – ახალი წელია, ბატონო ჩემო!.. არსად სა­დარბაზოში მე არ გაგატანთ ჩემ კლარისას…
    – ჩემს შინელს მოვახურებ! – თავი გამოიდო სამხედრომ და ღილების შეხსნა დაიწყო.
    – ვახ… – ისევ გაოცებას იყო ერიკო და ვერაფერს ხვდებოდა. – კი მაგრამ… რა ხდე­ბა?.. აგერ შედით, ნუკრის საძინებელში, და იქ უთ­ხარით. რა პრობლემაა? რა დროს სადარ­ბაზო და ლიფტია. ახალი წელი დგება…
    ერიკო სწრაფი ნაბიჯით დაიძრა ნუკრის საძინებ­ლისკენ და მისი კარები გამოაღო. პოლკოვნიკიც უკან მიჰყვა და საძინებლის ზღურბლთან შე­ჩერდა.
    – გთხოვთ, ქალბატონო კლარისა, აქეთ შემომყვეთ ორიოდ წუთით… მე მსურს ბოლო სიტყვა მოგახსენოთ და მივიღო თქვენგან გადამწყვეტი პასუხი…
    – შეჰყე, კლარის! – გაჰკრა მაიკომ იდაყვი კლარისას. – ორ სიტყვას გეტყვის და მორჩა.
    – ვიცი მე მაგის ორი სიტყვა… – ლამის ატირებული მიუტრიალდა კლარისა სამხედროს. – ანდრო, როგორ მიყვარდა მოწესრიგებული მა­მაკაცები და როგორ შემაზიზღე, როგორ?!.. – ამოიგმინა იქვე და ფეხზე წამომდგარი საძი­ნებლისკენ გაემართა.
    – ხომ არ შეგჭამს, ტო?.. – მხრების ჩეჩვით დაადევნა ერიკომ კლარისას. – კაცი ახალ წელს მოვიდა. თან პაგონებშია… დავინახე თუ არა, კბილმაც ეგრევე გამიარა. რამე უნდა ჩავიფიქრო… არა, მაი?
    კლარისამ ხელი ჩაიქნია და სევდიანი სახით ბნელ საძინებელში შეაბიჯა. მას პოლკოვნიკიც უკან მიჰყვა და საძინებლის კარიც ხმაურით მიიხურა. ერიკომ და მაიკომ ერთმანეთს შეხედეს.
    – ვერ არიან ესენი, ხომ იცი? – გაშალა ხელები ერი­კომ და პოლკოვნიკის გამოსაჯავრებლად ქუსლი ქუსლზე მიირტყა. – ვახ, ჩემი კააიი! – გა­იხედა თან კედლის საათისკენ და ტაშიც შემოჰკრა. – დგება უკვე, ტო. – თქვა იქვე და შამპანურის გაუხსნელ ბოთლს დასწვდა. მაიკომ სხვა ბოთლი მოიხელთა და ორივემ თავის ბოთლს დაუწყო გახსნა.
    გარედან საახალწლო ბათქა-ბუთქის ძლიერი ხმა შემოიჭრა. ამ დროს ორივე ბოთლმაც საშინელ ხმაზე იფეთქა და ერიკო და მაიკო მაღალფეხიანი ჭიქების ქაფით ავსებას შეუდგნენ.
    – ვახტანგურად, ოღონდ! – თქვა მაიკომ.
    – მაგაზე მიწყენინებია როდისმე? – დაეთანხმა ერიკო.
    მკლავებით ერთმანეთზე გადაჭდობილ მაი­კოსა და ერიკოს ბოლომდე არ ჰქონდათ სასმისები გამოწრუპული, საძინებლის კარი ჭრი­ალით რომ გაიღო და იქიდან სახეშეშლილი კლარისა ტაქსაშვილი გამოვიდა.
    – რა მოხდა, კლარისა? რა გიქნა იმ პირუტყვმა?! – ანთებული ეცა მაიკო დაქალს.
    – არა… არა… – ჩურჩულებდა კლარისა და სახეზე ფერი აღარ ედო.
    – რა არა, კლარისა?! – ლამის ძალით დასვა სკამზე ერიკომ კლარისა და საძინებლისკენ შფოთით გაიხედა. შემდეგ სწრაფად მივიდა საძინებლის კართან, შიგნით ხელი შეჰყო, შუქი აანთო, შეიხედა და უკან გველნაკბენივით გადმოხტა.
    – რა მოხდა, რა?! – დაუკივლა მაიკომ ერიკოს და უეცრად მიხვდა, რომ სახლში რაღაც ძალიან ცუდი რამ ხდებოდა.
    ერიკოს მაგივრად მაიკოს კლარისამ უპა­სუხა:
    – ანდრომ თავი მოიკლა…
    – რა ქნა? – ყბა ჩამოუვარდა მაიკოს და სკამზე დაეშვა.

    8.
    აქ ყველა ოთახში სინათლე ენთო. აულაგებელი სუფრა დიდ ოთახში იმას ნიშნავდა, რომ ბინის პატრონი ამ საახალწლო ღამით სადღაც იყო გასული. დრო რომ არ დაეკარგა, ნუკრიმ სასწრაფოდ ჩამოუარა უჯრებს, მაგრამ სახეიროს ვერაფერს მიაგნო. კარადებზე გადასვლა რომ დააპირა, სწორედ ამ დროს მოესმა აბაზანიდან ხმა.
    “ეუჰ!..” – უსიამოდ გაჰკრა ნუკრის, იმწამს ცივმა ოფლმა დაასხა და თავისი გუდიანად ფან­ჯარასთან, სქელი ფარდის უკან აღმოჩნდა.
    აბაზანიდან ხმაური ისევ მოისმა, კარი გა­იღო და ფარდის უკან მდგომი ნუკრიც მოუ­ლოდ­ნელობისგან კინაღამ ადგილზე ჩაიკეცა, რო­დესაც აბაზანიდან შიშვლად გამოსული ახალ­­ნაბანავები ქალი დაინახა. ქალი ჯანმრთელი თეძოების რხევით მივი­და სუფრასთან, იქიდან სანთებელა აიღო და სიგარეტს მოუკიდა. ნუკრიმ ნელ-ნელა გაცხე­ლება იწყო და გულიც მთელი ძალით აუბაგუნდა საფეთქლებში. ყველაფერი კარზე ზარის ხმამ შეცვალა. ნუკრი უცებ დამიწდა და რაფას გუ­ლაძ­გერებული მიეყუდა. ფარდებს შორის ღრიჭოდან მთელი დიდი ოთახი ჩანდა.
    ზარის ხმაზე ქალმა სასწრაფოდ შემოიცვა შიშველ ტანზე ხალათი და კარის გასაღებად გავიდა. რამდენიმე წამში დიდ ოთახში იგივე ქალი, გამხდარი კაცი და ვიღაც სახეგაზეთილი მელოტი მამაკაცი შემოვიდნენ. მელოტს ხელში შავი კეისი ეჭირა.
    – მარგოუ, გაიცანი და შენებური სუპერ-კლასიკო კოფეც შემოგვიგდე, ხომ? – მიუტ­რიალდა გამხდარი კაცი მარგოს. – დიადი პერსონა, არ გეგონოს ნონ-გრატა! პირიქით, პერსონა-ვივა! ჩვენი სამორინეს ბოსი და უაღრესად ალტრუისტი პიროვნება… – გამხდარმა ხელი მე­ლოტისკენ გადაიშვირა და შეეტყო, რომ არც სა­ხელი იცოდა მელოტის, და მით უმეტეს გვარი.
    – ისევ იგივე, სერგი?! – ამრეზით აათვალიერა მარგომ ჯერ სერგი და მერე სამორინეს მეპატრონე.
    – მარგოუ, მე ყველაფერს აგიხსნი, ჩემი სულის ღრუბლისფერო მტრედო!
    – მარგო! – გაუწოდა ხელი მარგომ მელოტს ცივად.
    – არგჰრ!.. – ამოიგრგვინა თანხმოვნები მელოტმა, მარგოს ხელი მოულოშნა და შავ კე­ისთან ერთად იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა.
    მარგო სამზარეულოსკენ გაემართა. სერგიმ დიდ ოთახს მოხდენილად დაარტყა წრე და მელოტს თავზე ნაძალადევი ღიმილით დაადგა.
    – თითო თიურქიშ კოფეც და ყველაფერი კონგენიალურად იქნება!
    – არგჰრ!.. – ისევ გაუგებრად ამოიგრგვინა მელოტმა და თავი დააქნია.
    – არ გეწინააღმდეგებით!.. რაღა თქმა უნდა წაგებულს უწინარეს ყოვლისა ჩაბარება უხდება! – გაშალა ხელები სერგიმ.
    ცოტა ხანში მარგო სამზარეულოდან ლანგრით ხელში გამოვიდა და ყავიანი ჭიქები დაბალ მაგიდაზე დაანაწილა.
    – ერთი სეკუნდით, მარგოუ! – თითით მიიხმო სერგიმ მარგო ფარდასთან და ისიც გამეხებული სახით წავიდა მისკენ. ფარდისგან, ანუ ნუკრისგან სადღაც ნახევარ მეტრში შეჩერებული სერგი მარგოს მიუტრიალდა და შეთქმულივით აჩურჩულდა.
    – ისევ ვიღუპები, მარგოუ… თავი მაქ მოსაკლავი… უნდა მაპატიო!
    – მერამდენედ, კი მაგრამ, სერგი?!
    – ისევ რისკზე წავედი, მარგოუ… სულ დავეცი… შენ ხომ მაინც გესმის, როგორ ვიტანჯები…
    – სერგი, ერთხელაც იქნება ჩემი ხელით მოგკლავ! – გამოსცრა კბილებიდან მარგომ. – სიცოცხლე ჰქვია ასეთ ცხოვრებას?
    – მეტი რა ვიცი, ეგ თუ არ ვიცი!.. ამ ერთხელაც, მარგოუ, და ფიცს ვდებ მტკიცეს, რომ ეს აღარასდროს განმეორდება… გემუდარები…
    – იდიოტი ხარ, სერგი? რას უკეთებ ამხელა ადამიანი საკუთარ თავს?!
    – რა ვიცოდი, მარგოუ… გუშინდელ მრავალპიქსელიან სიზმარს ავყე და მეგონა ფორტუნა ახლა მაინც იქნებოდა ჩემკენ… არაფრით მოვიდა კარტი… სულ დამები და ვალეტები! მაინც არ…
    – სერგი… ხომ გახსოვს, რომ მე შენი გულისთვის ჩემი კარიერა მივატოვე!
    – მარგო, ოღონდ შენ არ ამიყვირდე… ჩემო უგვრიტესობავ!.. ოღონდ შენ არ…
    ფარდის უკან მდგომ ნუკრის სუნთქვა ჰქონდა შეკრული და არაფერი ესმოდა.
    – სერგი, შენ მართლა სამკურნალო და არანორმალური ხარ…
    – ამ ერთხელაც, მარგოუ… ამ ერთხელაც… თორემ წაიღებს მთელ დანაზოგს მტარვალი… გემუდარები, მარგოუ! თქვი, რომ – კი. უკვე შევუთანხმდი… ნუ გამაწბილებ ამ ერთხელაც… ბიტნიკურად და ჰიპურად შეხედე საგანს, მარგოუ… ეს ბოლოა! გარწმუნებ!
    – სერგი, ეს უკვე მესამეა, ამ კვირაში!
    – მარგოუ, მართლა თავი მაქ მოსაკლავი… კი არ ვიცი – რითი…
    – მართლა იდიოტი ხარ სერგი?
    – მე სხვანაირად არ შემეძლო, მარგოუ! ჩემი სინდისი ამდენს ვერ გაუძლებდა! რუსთავის ფოლადის კი არ ვარ… კონი ბოლომდე გავზარდე, ყველაფერი დავდე, ამ ოსმალო პირუტყვმა კიდევ, შენზე თამაში შემომთავაზა… მეგონა ფორტუნა გადმომხედავდა და მაინც წავაგე, მარგოუ… მერე ისევ მოვიგე და გამოგისყიდე… მესამეც შემომთავაზა და ისევ გავრისკე, მარ­გოუ, ოღონდ ამჯერად შენ ვეღარ გაგრისკე და ჩემ თავს ჩამოვედი… ისევ წავაგე, მარგოუ! თუ არ დავთანხმდი წაგებულის ჩაბარებაზე, თავი აღარ გამომეყოფა მაღალ წრეებში… მთელი ჩემი ოფლით ნაღვაწი იმიჯი წყალში იყრება… – სერგი აქ მუხლებზე დავარდა და მარგოს ფეხებზე მოეხვია. მარგომ ხელი ჩაიქნია, სერგი ცივად მოიშორა და სამზარეულოსკენ წავიდა. თვალს რომ მიეფარა, სერგი ფეხზე წამოიჭრა და მელოტს მივარდა.
    – როგორც მოვილაპარაკეთ…
    – არგჰრ… – დაიგრგვინა მელოტმა, ყავა ბოლომდე გადაჰკრა და საძინებლისკენ გაიხედა.
    – მიბრძანდით, ბატონო… როგორც თქვით, ჩემი სხეული მთელი საათის განმავლობაში თქვენ განკარგულებაშია!.. აგერ დრო დავინიშნო… ამის სანაცვლოდ მე ვთავისუფლდები ჯარიდან… – სერგიმ უცებ შემოიძარცვა სამოსი და საძინებლისკენ დედიშობილად წატანტალდა.
    – არგჰრ… – კიდევ ერთხელ ამოუშვა თან­ხმოვნები მელოტმა, ქამარი შეიხსნა და შავ კეისთან ერთად საძინებლისკენ გაემართა.

    9.
    – რა უნდოდა?.. რატომ?.. რატომ? – მოთქვამდა საახალწლო სუფრასთან კლარისა ტაქსაშვილი და ცრემლად იღვრებოდა. – სულ იმას მეუბნებოდა, მიყვარ­ხაროო… არანორმალური ეგა… სულ თვალებში შემომციცინებდა… დიდ ჰარმონიაში უნდა შევი­დე­თო… დამდევდა ყველგან… ყველა ჩემი ნაბიჯი იცოდა. სასეირნოდ ვერ გავდიოდი, ზოოპარკში რომ არ დამხვედროდა. ერთხელ გულწასული მომასულიერა და იმის მერე აღარ მეშვებოდა. რაღაც გაუთავებელ სისულელეს მიყვებოდა აბებსა და უკვდავებაზე. რა უნდა მეთქვა, რა?!.. ყველაფერი შენთან ერთად და თავიდან უნდა დავიწყოოო… ყველაფერი მომ­ბეზრდაო… ისეთი უცნაური ლაპარაკი იცო­და, ისეთი. თან სიტყვას არ მაცლიდა. როგორ დავთანხმებოდი, როგორ?.. დეგენერატი ეგა… შენთან უნდა გადმოვიდე საცხოვრებლად და ახალი ქართული წმინდა ოჯახი შევქმნათო… რა ოჯახი, რის სიყვარული ბაბუაჩემისხელა კაცთან… არა-მეთქი, სულ ცივ უარზე ვიყავი! რა ნამუსით მეთ­ქვა – კი… ხომ მართლა იზამდა, რასაც აპი­­რებდა. ღმერთო. ეგ რა ქენი, ანდრო… ეს რა უბედურებაში გამხვიე, შე უბედურო, შე­ნა… ახლაც ეგ მითხრა – ჩვენ ერთად უნდა ავმაღლდეთო, სიცოცხლეზე მაღლა დავდგეთო… რა უნდა მეთქვა?.. არა-მეთქი. მემუდარებოდა, შენ ჩემი ბოლო შანსი ხარო… მეხვეწებოდა, ყელს იგლეჯდა, ნუ მკრავ ხელსო. ნუ დამღუ­პავ, კლარისაო. ყველაფერი მომბეზრდაო… ბოლო აბი მაქვს ჩემთვისო. სიყვარულის გამო მივიღებ და ერთმანეთს მივუ­ახლოვდეთო. ღმერთო, დიდებულო, როგორ უნ­და დამეჯერებინა ეს სისულელე… თან ანა­ლურადო. ეს რა დღეში ჩამაგდე, ანდრო. არა-მეთქი, გადაჭრით ვუთხარი და სულ გადათეთრდა – უკანასკნელად გეკითხები, შენი თანხმობა მინდაო… რა უნდა მეთქვა, რა?!.. არა-მეთქი, რომ ვუკივლე, ხმა არ ამოუღია, თვალები გადაატრიალა და თავი დამიკრა. მერე ზურგით დამიდგა და მეგონა ტიროდა. იმან კი­დევ, პისტოლეტი ამოიღო და შიგ გულში და­იხალა… ვაიმე, ღმერთო…
    – კი მაგრამ, სროლის ხმა? – იკითხა გაოგნებულმა მაიკომ და თვალიც მაშინვე ხმა­ურით გახსნილი შამპანურის ბოთლებისკენ გა­ექცა.
    კლარისა ისევ ქვითინებდა, ერიკო მთელი სხეულით თრთოდა და ხანგამოშვებით თვალს საძინებლისკენ აპარებდა, სადაც მკვდარი პოლ­კოვნიკის ცხედარი ეგდო.
    გადაწყვეტილება პირველს მაინც ერიკოს მოუვიდა თავში:
    – სმენა იყოს ახლა და გაგონება!.. და მე როგორც ვიტყვი, ზუსტად ისე იქნება! დრო არის, ვიდრე ნუკრი მობრუნებულა… მაიკო! სას­წრაფოდ პოლის ჯოხი მოიტანა და სისხლი მოწმინდა… ცხელ წყალში დაასველა ტილო… ფხვნილი უქნა წყალს, ლაქა რომ არ დარჩეს…
    – ახლავე, უფროსო! – გაიქცა აბაზანისკენ მაიკო და იქიდან მალევე გამოსული საძინებელში შევარდა.
    ერიკო სკამზე მჯდომ აცრემლებულ კლარისას მიუტრიალდა.
    – ტირილი მერე იყოს! შენ მანქანით უნდა იყო!
    – არ ვიცი, არა… დიახ!
    – რა მანქანაა?
    – არ ვიცი… არა, ვიცი – ახალი “რენაულტი”!
    – დონე პასუხია! ეს ვაჟბატონი სად ცხოვრობს, იცი?
    – მგონი ვიცი…
    – კერძო სახლია თუ კორპუსი?
    – მეცამეტეზე ცხოვრობს!
    ამ დროს ოთახიდან მაიკო გამოვიდა და ხელი სამხედროსავით მიიტანა საფეთქელთან.
    – ლაქა მორეცხილია, უფროსო!
    – შემდეგი ნაბიჯი! – ასწია საჩვენებელი ერიკომ. – ახლა ვდგებით და ვითომც აქ არა­ფერი მომხდარა, ჩაგვაქვს ანდრო ეზოში, ვდებთ უკანა სიდენიაზე, მიგვაქვს მისამართზე, გადავიტანთ ლიფტში… იმედია ლიფტი მუშაობს? – მიუტრიალდა ერიკო კლარისას.
    – არ ვიცი, მე სხვაგან ვცხოვრობ… – ამოიქვითინა Kლარისამ.
    – თორემ მოგვიწევს სადარბაზოში დატო­ვება… – განაგრძო ერიკომ. – და თუ ლიფტი მუშაობს, მაშინ შევსვამთ საცოდავს იარაღიანად კაბინაში და მივაჭერთ თითს მეცამეტე კნოპკას. გასაგებია ყველაფერი? დრო კიდევ გვაქ. ერთი საათი არი. სისხლიან ტილოებს მერე დავწვავთ… პოლის ჯოხი კარგად გარეცხე… კითხვები არის? თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემის დრო აღარაა. ჰარვი კეიტელს რა ჰქვია იმ კინოში, მაი?
    – ვულფი, ერიკ!
    უცებ მოხაზული გეგმა მალევე შესრულდა – ეზოში ჩუმად ჩატანილი პოლკოვნიკის გვამი კლარისა ტაქსაშვილის პრიალა მანქანაში ჩადეს, მერე მანქანაში ჩასხდნენ და კლარისას მიერ მითითებულ მისამართზე გაეშურნენ.
    – იტალიელებს ახალი წლის ღამეს სახლიდან უსარგებლო ნივთები გააქვთ და ყრიან… – მოიკვნიტა ტუჩი გზაში ერიკომ.
    – ცუდათ მინდა ვიყო… – აღმოხდა მაიკოს და თვალები მოისრისა.
    კორპუსს მიახლოებულებმა მანქანა შეაჩერეს და დაელოდნენ. ხალხი აქა-იქ კანტი-კუნტად დაბარბაცებდა. შორიდან ისევ ფეირვერკის ხმა ისმოდა.
    – წავიდა… – თქვა უცებ ერიკომ და მანქანის კარი გამოაღო.
    მაიკომ და ერიკომ ცხედარი სწრაფად შეიტანეს სადარბაზოში, დიდი ლიფტის კაბინის კუთხეში მიაჯინეს და ხელში მისივე პისტოლეტი დააჭერინეს. მერე ერიკომ მეცამეტე სართულის ღილაკს მიაჭირა თითი.
    ლიფტის კარები ხმაურით დაიხურა და პოლკოვნიკ პოლიგლიშვილთან ერთად გუგუნით დაიძრა ზემოთკენ. პირველ სართულზე დარჩენილმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედა და ერთდროულად ამოისუნთქა.

    10.
    ფარდის უკან მდგარი ნუკრი ერთიანად კანკალებდა. ხალათმოსხმული მარგო იმავე სასტუმრო ოთახში ბოლთას მოუსვენრად სცემდა. ცოტა ხანში ნუკრიმ ფარდის ღრიჭოდან დაინახა, რომ მარგომ რამდენიმე წამს ყურადღებით უსმინა საძინებლიდან გამომავალ ჭრიალს და ხვნეშას. მერე ერთბაშად სახემონგრეულმა საფეთქლებზე მიიჭირა ხე­ლის­გულები და კაი ხანს ასე იდგა. შემდეგ უცებ მოეშვა, საათზე გახედა, ხელი ჩაიქნია, კედელზე ჩამოკიდებულ ნახატთაგან ერთ-ერთს მიუახლოვდა და ნახატს ხელი მიაჭირა. ნახატი კარივით მოშორდა კედელს და მის უკან ნიშა გამოჩნდა. ნიშაში დასტებად ელაგა ფული. მარგომ ნიშაში ხელი ღრმად შეჰყო და იქიდან მაყუჩიანი იარაღი გამოიღო. მერე ნახატი ისევ კედელთან დააბრუნა, საძინებლისკენ გაიხედა და იარაღით ხელში იქითკენ დაიძრა.
    რამდენიმე წამში ბინაში ორი გასროლის ხმა გა­ისმა. ფარდის უკან მდგომი ნუკრი ორჯერ შეხტა და ისევ მი­ა­ყურადა. საძინებლიდან ჩამი-ჩუმი აღარ ისმოდა. ნუკრი მიხვდა, რომ უნდა ეხელთა, ამიტომ გასამხნევებლად ჯიბიდან პირში სასწრაფოდ საღეჭი რეზინი იტუცა და ფარდიდან გამოსული ის იყო ბინის კარისკენ აპირებდა ჩუმად წასვლას, რომ ერთი-ათად შეთამამებულს მზერა მაინც ნახატისკენ გაექცა.
    ნუკრიმ თვალი საძინებლისკენ გააპარა, საიდანაც უკვე არანაირი ხმა აღარ გამოდიოდა; შემდეგ ნახატს მივარდა, ხელი მარგოსავით მიაჭირა, გამოაღო და შიგთავსი მთლიანად გუდაში ჩააპირქვავა. მერე ნიშა უკან მიკეტა, შემოსასვლელი ფეხაკრეფით გაიარა, კარი ფრთხილად გააღო და სადარბაზოში აღ­მოჩ­ნდა. მეცამეტე სართულის ლიფტის კარი ღია იყო.
    კაბინაში შევარდნილმა ნუკრიმ პირველი სართულის ღილაკს თითი მთელი ძალით მიაჭირა და ცივოფლდასხმულმა მაშინღა შეამჩნია დიდი ლიფტის ბოლოში მიმჯდარი მკვდარი სამხედროფორმიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში პისტოლეტი ჩაებღუჯა.
    “ჩემი კაი…” – გაუელვა ნუკრის გუნებაში და ჩამავალი ლიფტის კედელს ზურგით მიეყუდა.
    ლიფტი გუგუნით მიიწევდა პირველი სართულისკენ. ნუკრი შეშლილი სახით იყურე­ბოდა პოლკოვნიკის ცხედრისკენ და მაშინღა გამოფხიზლდა, როდესაც პირველი სართული ბაქანიდან მხიარული კომპანიის ხორხოცი მოესმა. “შენ თუ მიშველი, ღმერთო!” – ერთი გაიფიქრა ნუკრიმ და უცებ მოიაზრა, რომ ერ­თადერთი გამოსავალი ჰქონდა – ამიტომ პოლკოვნიკი უცებ წამოაყენა ფეხზე, მისი პისტოლეტი ჯი­ბეში ჩაიდო და სამხედროფორმიანის მკლავი მხარზე გადაიკიდა; მერე თავადაც მხარზე გა­დახვია ხელი და კაბინის კარი გაიღო თუ არა, როგორც კაი გალეშილმა უგონოდ მთვრალი, ისე გაახოხიალა პოლკოვნიკი ლიფტიდან.
    “ვაააა, გილოცავთ თოვლის ბაბუ, გილო­ცაავთ!!” “მრავალს დაესწარით, მრავალს, საქართველოს არმიავ!” – ჟრიამულით უტენიდნენ ნუკრის და პოლკოვნიკ პოლიგლიშვილს შეზარხოშებული დამხვდურები ჯიბეებში ნაირ-ნაირ კანფეტებს. ნუკრიმ მხარზე ხელგადახვეული ცხედარი ძლივს მიათრია სა­დარ­ბა­ზოსთან მდგარ მაიკოს წითელ “ჯიპთან” და უკანა სკამზე შეაწვინა. მერე საჭეს მოახტა, მან­ქანა მოქოქა და ადგილიდან დაძრა. შემდეგ, პირიდან საღეჭი რეზინი გამოიღო, ტრადიციისამებრ ყურთან აიწება, მობილური ტელეფონი ჩართო და სახლში გადა­რეკა. ყურმილი მაიკომ აიღო.
    – მაიკო, მგონი დავიღუპე! – თქვა ნუკრიმ დავარდნილი ხმით.
    – ჩემი მანქანა მიალეწე?! – მოესმა ტელე­ფონში მაიკოს ნაძალადევი ხითხითი და ზეაწეული ტონი.
    – არა, რა მანქანა!.. მანქანა კარგადაა. და ყველაფერიც კარგადაა. მაგრამ… რაღაც ცხედარი ავიკიდე.
    ხაზის მეორე ბოლოში რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე მაიკომ ცივი ხმით იკითხა:
    – რა რაღაც ცხედარი აიკიდე, ნუგზარ?
    – რეავი… ვიღაც სამხედრო გენე­რალია იარაღით. თავი დაუბრედია ლიფტში. ხომ ვამბობ, პაგალოვნი დეპ­რესიაა ქვეყანაში. რომ შევედი და მივაჭირე პირველ სართულს, მერე დავინახე. თან გავიგონე, ხალხი ელოდებოდა ლიფტს ქვემოთ. ეგრე რომ დამეტოვებინა, ხომ შარებში გავყოფდი თავს?
    – ნუგზარ, მე და შენ ერთ ოჯახში გავიზარდეთ! მე მაინტერესებს, შენ ვინმემ ჩვენს ოჯახში გასწავლა, ყველაფერი უნდა აიღო, რაც ცუდად დევსო? დააბრუნე ახლავე იქ, საიდანაც აიღე, თორემ რომ მოხვალ, მოგამტვრევ მაგ ხელებს!
    – ხალხია იქ, მაი. დებილი კი არ ვარ… რა ავიღე. როგორც ცოცხალი, ისე გამოვიყვანე…
    – არ ვიცი მე არაფერი. აქ არ მოგვიყვანო! ახალი წელია, თუ მკვდრების პარადი, ვერ გავიგე მე?

    11.
    – მე ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც მაიკომ მირჩია. კიდევ კაი, უკან მიბრუნებულს ის დაწყევლილი სადარბაზო ცარიელი დამხვდა. კორპუსის წინაც არავინ ტრიალებდა. ბევრი არ მიწვალია. სამხედროფორმიანი უკან შევათრიე, კოხტად დავსვი და ცხვირსახოცით გაწმენდილი იარაღი ისევ ხელში დავაჭერინე.
    ზემოთ რა მოხდა, რას ნიშნავდა ის ორი გასროლა, არ ვიცი. ისე, რამდენიმე ვარი­ანტია. ალბათ ქალმა ჯერ ის გაზეთილი თურქი მიაბრიდა და მერე ქმარი. არის მეორე ვარიანტიც – რომ ერთი გასროლით, ანუ “სკვაზნოითი” ჯერ ორივე მოკლა, და მერე თავი მოიკლა. პირიქით არ გამოდის. მკვდრები არ ისვრიან. ეს უფრო დამაჯერებელია, იმიტომ რომ საძინებლიდან არავინ გამოსულა. თავიც რომ არ დაებრიდა, ალბათ არ გამოდიოდა მისთვის – ციხეში წასვლა რომელი ქალისთვისაა სასი­ამოვნო… ქალების ზონაც ხომ ზონაა. თან ეტ­­ყობოდა, რომ ყველაფერი ყელში ჰქონდა ამო­სული. რა ყრია ისე ეგეთ ცხოვრებაში? ხან შენ თავს აგებს ქმარი კაზინოში უცნობებთან და ხან საკუთარ ტრაკს. ზემოთ მომხდარის სხვა ვარიანტებს აღარ განვიხილივავ, იმიტომ რომ უამრავია. მაგათზე სხვებმა იფიქრონ.
    უკან გამოქცეულს და სახლში დაბრუნებულს, ბინაში ზომაზე მეტად ალაპარაკებული ერიკო, ზომაზე მეტად აჟიტირებული მაიკო და ვიღაც მაგათი ძველი კლასელი, ზომაზე მეტად დადუმებული და თვალებაწითლებული კლარისა დამხვდნენ.
    სადღეგრძელოებში გავათენეთ ღამე. ვინ აღარ ვადღეგრძელეთ – ქალი და კაცი, დიდი და პატარა, წარმატებული და გაჭირ­ვებული, ნიჭიერი და უნიჭო, დღე და ღამე, ცა და მიწა, მკვდარი და ცოცხალი. ყველა.
    თითქოს ზემოდან ნიშანივით იყო ჩემთვის ამ წლის ეს ბოლო, სამასსამოცდამეხუთე დღე, და მე უკვე ვიცი, რომ ამ დღეს გარეთ გასვლებზე კაი ხნით ვთქვი უარი.
    კაი ხანი რამდენია? ეგ აღარ ვიცი – ალბათ იქამდე, ვიდრე ეს ფული გამოილევა. მით უმეტეს, რომ მეორე დილით საძინებელში, ჩემ საწოლთან რაღაც აბი ვიპოვნე, გამოვიტანე და მაიკოს და ერიკოს ვანახე.
    – ეს საიდან?
    ერთმანეთს შეთქმულებივით გადახედეს. მერე აბი ერიკომ ზუსტად სამზე გაჰყო და სამივემ ჩვენ-ჩვენი დოზა ჩავყლაპეთ.
    არაფერი ისეთი. მე საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი, ერიკო და მაიკო კიდევ იმის შემდეგ ძა­ლიან ხალისიანად, სიცილ-კისკისში ატარებენ დღეებს: გაუთავებლად თამაშობენ ნარდს და ზედ ქიშმიშს აყოლებენ.
    მოკლედ, ეგრე.
    ასეთია თუ ისეთი, ცხოვრება მაინც გრძელდება – ყველა არანორმალური ისევ ნუკ­რის მიძახის ძველებურად. ეგ კი არა, უკვე ჩემი დაც მაგ ჭკუაზეა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ოლესია თავაძე – გადამცდარნი


    ფრაგმენტები წიგნიდან “სევდიანი ჩანაწერები”

    ქრისტეფორე

    ფარავანი დიდია, მშვიდი, ყველას განბანს, მონათლავს: ქართველს, სომეხს, დუხობორს – ცივია და განურჩეველი.
    ქრისტეფორე! ხალხში დარბის, ირევა, პრინცად ქცეული მდაბიო. იფერებს, უხდება ტანზე შავები, თეთრი ფეხსაცმელი, თეთრი შლაპა. პლასტიური, გრაციოზული, გრძელი მკლავები, თხელი მტევნები, თლილი თითები, ნუშის თვალები შავი, წყვდიადი, და თეთრი ცხვირსახოცი.
    ქრისტეფორე! ტრაპეზი: ჯური, ჰაცი, პანირი, გინი. ვაზის ფოთოლი და ტოლმა, ტოლმა. შია, ტოლმა მუშტში უჭირავს, მკლავებზე ცხიმი ჩამოსდის, ტოლმიანი თითით ცხვირს იწმენდს, ფრჩხილები შავი, სახე ცხიმიანი, თეთრ შლაპას იხდის, მრგვალი, არიული თავი, შავი თმა, ტოლმიანი ხელით თმას ისწორებს, სცივა, გალურჯდა, ვერ გრძნობს, მიჩვეულია, ფეხსაცმელს დახედა, თეთრი ცხვირსახოცით გაიწმინდა.
    ქრისტეფორე! დღეს პრინცი, ხვალ მდაბიო! ისევ სანაგვე, ცარიელი ბოთლები, სიცივე, უღიმღამო ქალაქი, ლოთი დედა. არც თეთრი შლაპა, არც თეთრი ფეხსაცმელი, არცა ტრაპეზი, არც ვაზის ფოთოლი, არც თეთრი ცხვირსახოცი.
    ქრისტეფორე!
    ფარავანი დიდია, ცივი და განურჩეველი, ყველას განბანს, ყველას მონათლავს, ყველას დაიტევს.

    ბეთლემის ვარსკვლავი

    მოკლეა ჩვენი მეხსიერება. ერთი თაობის წყვეტაა საჭირო, რომ ყველაფერი დროს ჩაბარდეს. ტოპონიმები თუ შეგვინახავენ წარსულის კვალს: შახტსტროი, იმელი, ანდროპოვის ყურები, კიროვის პარკი – იმ დროის კვალია, როდესაც კიროვი ვინ იყო, ბავშვმაც კი იცოდა და იოანე ღვთისმეტყველი მაშინდელმა კი არა, ბევრმა დღევანდელმა მორწმუნემ ნათლად არ იცის.
    სწორედ იმ დროს, იმელის შენობასთან ანდროპოვის ყურების მიმართულებით ქალი მიდიოდა, წელში მოხრილი, ზურგზე ჯვარმოკიდებულივით, პირველ შეხედვაზე ეგრეც იფიქრებდი, ჯვარი გეგონებოდა, და ჯვარიც იყო – დამბლადაცემული შვილი. ყველა დროის ნორმალური ობივატელი ზურგზე კაცმოკიდებული ქალის დანახვაზე, ავარიას, უბედურებას იფიქრებდა. ასეც ფიქრობდნენ და მანქანებს უჩერებდნენ. ქალი მანქანაში არაფრით არ ჯდებოდა. მადლიერებით უარს ამბობდა. რუსი იყო და რუსულად პასუხობდა:
    – Спасибо, сынок! Недалеко иду, к Иоанну Богослову, Сказали, близко это.
    რუსთაველიდან კიროვის პარკამდე რა გაუჭირვებდა (სადაც თურმე იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია ყოფილა), როდესაც შუა რუსეთიდან, ასე, ფეხით, შვილმოკიდებული მოდიოდა. მოდიოდა წმინდა ადგილებში, წმინდა ტაძრებში, ლოცვა-ვედრებით, რწმენით სასწაულქმედი ძალისა, იმედით შვილის ფეხზე დაყენებისა.
    – Где придется сынок, спим на паперти. А хлебушек? Люди добрые везде есть. Христос за нас понёс и мы снесём. Храни вас Господи! ასე დაგლოცავდა, და გზას ადგებოდა, თავისი ცხოვრების გზას. ასეთი ტერტულიანესებური აბსურდი რწმენისა, თუ რწმენა აბსურდისა თუ შეგაძლებინებს შეუძლებელს, თუ დააყენებს ფეხზე დამბლადაცემულს. ჩვენ კი იმ დროშიც და ყველა დროს, შეგრძნება გვქონდა, რომ იქით, მთის გადაღმა არ გვახედებენ. და ეს “მთის გადაღმა” – ცა ყოფილა ჩვენს თავზე და ცაზე ბეთლემის ვარსკვლავი.

    გიჟი მარინა

    სოლოლაკის ქუჩების გზაჯვარედინზე, მანქანების სავალ გზაზე ზის ქალი, სახლიდან გამოტანილ ზურგიან სკამზე, მხედარივით ფეხგაშლით შემომჯდარი.
    ცალი ხელი კვერთხივით ყავარჯენს ეყრდნობა, მეორე – ლარივით გასწორებული, მათხოვრობს, უფრო “მოთხოვრობს” (“მოთხოვნის” სემანტიკიდან გამომდინარე). გზისგასაყარის მესაზღვრეა, მეხარკე, ცნობიერი და ურცხვი. სირცხვილისაგან სახეწაფარებული მათხოვრობა, ფეხთ ბეჭდური ასოებით დაწერილი ახსნა-განმარტებითი ბარათით, მარინას არ ეკადრება, არც სჭირდება – ყველამ იცის ვინ არის “გიჟი მარინა”. ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს კინოთეატრის სიბნელეში მისი გოეთესებური შეძახილი – შუქი აანთეთ! ანთებული შუქი და შუაგულ დარბაზში ქალი, ღვინით სავსე ჭიქით ხელაღმართული, ახსოვთ მისი დამლოცველი სადღეგრძელო, ისევ შეძახილი: ეხლა ჩააქრე! ჯერ კიდევ ახსოვთ მისი ბოზობაც. საზღაურისას კი თვითონ მოგიყვება გზაგამოვლილის დიდაქტიკური სიბრძნით.
    მისი თანამდევი მის თანამოლხინეებს თუ ახსოვთ, თორემ ღერძული ფეხმოტეხილსაც არ გასტყდომია.
    ამაყია, შეუვალი, თუ მართლა გიჟი?

    რუსი

    ვინმეზე თუ თვალი შეაჩერე, უკვე ურთიერთობები გილაგდება, და თუ ერთსა და იმავე ადგილზე გხვდება, იცი რომ დაგხვდება, უკვე ჩათვალე რომ იცნობ. აგერ რამდენი წელია, პეტრიაშვილის კუთხეში, სათნო უმოძრაო, თეთრი, რუსი ქალი ზის, კალთაში ჩახუტებული მშვიდი ბავშვი უზის და სცნობ, იცი რომ სამსახური არა აქვს, ფერი არ ადევს, საჭმელი უჭირს, წამალი, ბავშვს გამონაცვალი აცვია, ნაპოვნ სათამაშოს ათვალიერებს, იცი ან მარტოხელაა, ან კიდევ უარესი… შენს ფიქრს იკავებს, ზოგს ხვდები, ზოგს იგონებ. შეეგუები. და ერთბაშად – მეორე ბავშვიანად დაგხვდება. ეგეც თავისია თუ შეაჩეჩეს? რუსი დარდიანია, დარდს რაღას იმატებს. ღიზიანდები, მეორეს ჩააცქერდები, ესეც უფერო, ჩუმი. დრო გადის, თავისას შვრება. იცი, ორი ყავს, მაგრამ ცოტათი ღელავ, მესამეს ხომ არ ელოდება?

    ქართველი

    როგორ ვახსენო ამ მიმართებაში ქართული სიმღერის ღვთიური ჰანგები, როგორ წარმოვთქვა ქართული ნიჭის სახელი – ჰამლეტი?! მაგრამ მისი სახელიც ხომ ყოფნა-არყოფნას ეთამაშება და ბოლოს და ბოლოს ყველა ხომ ამ ქვეყნის შვილები ვართ. არა სადმე სხვაგან, არამედ საქართველოს შუაგულში, რუსთაველის მოედანზე ქართველი ბიჭი ზის, ყველაფრით ნაკლული, სმენითაც ნაკლული, ჩონგურზე უკრავს, დოლზე ფეხს აყოლებს და ქართულს მღერის, თავდავიწყებით, თვალებდახუჭული. მისი შემოსავლისაა ეს სიმღერა, მისი გაჭირვების. მაგრამ ქართველის ცხოველმყოფელი, მზიური ბუნება თავს იჩენს, იმარჯვებს, და მღერის ქართველი, ემღერება, მოსწონს სიცოცხლე, ნამღერიც, ნათქვამიც. ბედნიერია! ხრჩობის ბურთი ყელში გებჯინება, და არ გესმის, ვის დარდობ, ვისზე გეტირება.

    ნემო

    ერთ დროს კარგად მოშვებული წვერ-ულვაში ეჭვს იწვევდა – რა იცი რაა… იშვიათად თუ ვინმე იზამდა, თავისებური გამოწვევა იყო, მიმიკრიული ბუნების კაცს შეაწუხებდა მტრულად ცნობისმოყვარე მზერები. დიდ ხანს ვერ გაუძლებდა. ამ წვეროსანსაც ასე დაემართა.
    მაღაზიაში, მოლარესთან შელაპარაკებულს, უბნის პატენტიანი გიჟი გამოესარჩლა:
    – ამას წვერი რო აქვს გიჟი არ გეგონოს, მანქანა ყავსო!
    თითქოს აბსურდული მტკიცებულებაა, მაგრამ თუ ისევ დიაგნოზიანი გიჟი მიაგნებდა ასეთ უტყუარს! მეორე ის იყო, ავადმყოფს ექიმი რომ მიუყვანეს (არა ოჯახისა, ეხლა როა). ექიმი ავადმყოფის დანახვაზე აღფრთოვანდა და გამგებიანად ყურში ჩასჩურჩულა – მთელი ჩვენი პოლიკლინიკა თქვენთან არისო! იატაკქვეშეთში დამალული ნემო ბურჭულაძე ეგონა (მაგათი ფანი ყოფილა). ოჯახმა არ გაუტეხა, – კიო, ნემოაო, – პატრიოტული დაიჭირეს.
    წვეროსანმა ეგეც აიტანა, მაგრამ საკუთარ ცოლზე რომ ჰკითხეს – თქვენი ქალიშვილიაო? მოთმინების ფიალა აევსო და წვერ-ულვაში ალაგდა.
    ეხლა გიჟობას აღარავინ აბრალებს. გიჟობის პარამეტრებიც შეიცვალა და გიჟებით მომრავლდნენ.

    კაი ბიჭები

    ბიჭებმა სოფელს თავი შეაფარეს. შეშა დასჭირდათ, შესცივდათ. შეფარებულებს, იასნია, ლიმონკები ექნებოდათ. და აი, მაგ ლიმონკებს ხეებს ძირში უგდებდნენ და ფესვებიანად აყირავებდნენ. ამის გაგონებაზე, სხვას ვერ იტყვი – შთამბეჭდავია! დაჟე პოზიტიური ელფერით, ობრაზშია! (იასნია, ლიმონკები დაჟე, ობრაზშია – ასე ადრე ქართულად-რუსულად იტყოდნენ). აბა ამის გამკეთებლებს ბირდაბირებით ეხერხათ – იმენნა ობრაზში ვერ იქნებოდა.
    ისე კი, გეგონება, ვაჟა Fფშაველა ჩვენსკენ არც გაჭაჭანებულა.

    მისტიკოსები

    ზამთარი, მოსკოვი, 40-გრადუსიანი ყინვა, ქალაქი გადარბენაზეა – მაღაზიიდან მაღაზიამდე, ტროლეუბუსიდან – მეტრომდე, ნებისმიერი სეირნობა – летом, летом.
    და ამ სირბილში, უცებ, აუჩქარებელი ტრიო – ორი “ლეტნად” ჩაცმული ბებერი და ჯაჭვით გამობმული შავი კატა. ამისთანა სანახაობა ზაფხულშიც, “მუხის ირგვლივ ოქროს ჯაჭვზე მოსეირნე კატის” ქვეყანაშიც კი, საშვილიშვილოდ დაგამახსოვრდებოდა:
    ბებრები, ორივე შავ ხავერდში თეთრი ჟაბოებით, კაცს ამასთან ფეხზე მოტმასნილი ტრიკო, დარტანიანისებური ჩექმებით, თავზე ცილინდრი, თვალში მონოკლი. ქალი ბოლეროში, ვუალიანი შლიაპით. დინჯად მიაბიჯებდნენ, ხელკავჩაკიდებულნი. უკან, სერიოზულ ჯაჭვზე, ასევე სერიოზული. ვერტიკალურად კუდაპრეხილი შავი კატა.
    რას იფიქრებდი? დღესაც ვფიქრობ, ვინ იყვნენ და რატომ არ სციოდათ? ეგების იცოდნენ, რომ ასე, სხვის მესხსიერებაში წარუშლელები დარჩებოდნენ.

    ოფელია

    კარგა ხნის წინანდელ ამბავს გიყვებით. მაშინ თქვენხელებს გაგებაში არ ჰქონდათ ბევრი რამე, ეჭვი მაქვს, რომ არც ის იყო გაგებაში, რა სჭირდა.
    კუს ტბის ფერდობზე, თბილისისკენ გადმოსახედზე, ახალგაზრდა კაცი იდგა, ქალის გამომწვევი ჩაცმულობითა და პარიკის ვარცხნილობით, მაღალქუსლებიან ფეხსაცმელზე ბანჯგვლიანი ფეხით შემდგარი. ხელში სარკე ეკავა და ტუჩებს წითლად იღებავდა. მარტო იყო, ირგვლივ არავინ. ძაღლს მოვქაჩე, გავუჩერდი. ამაზრზენი მიზიდულობა მერე გავაცნობიერე, მაშინ კი სიტუაცია ჩემებურად დავალაგე:
    – იგვიანებენ? – შევეკითხე.
    – ჯერ არსად ჩანან, – მიპასუხა და გამომწვევად ჩულქი გაისწორა. მოძრაობა არტისტული იყო და დავრწმუნდი, რომ სწორ გზაზე ვარ.
    – ჯგუფი, გადამღები ჯგუფი იგვიანებს, არა? რა როლს თამაშობთ?
    – ოფელიასი, – მითხრა და უწმაწურად ჩამიკრა თვალი.
    ისეთი უცნაური დრო იყო – კაბუკის თეატრი ვიცოდი, ოფელია ორივეს გვცოდნია, ჰომოსექსუალიზმი კი არც ერთს.
    დღეს, მგონი, პირიქით არის.

    ქურთი

    უნივერსიტეტის ეზოში ბიჭები ხორხოცებდნენ, ლუდმა ააქოთქოთა, თავისი მოყვნენ, სხვისას გადაუარეს, ნათესავ-ნაცნობებს მიწვდნენ:
    – მაი გოგო, ქე რომ შენ მოგწონდა, გათხოვდა. მაი აფერი, მერე თქვი. ქორწილია, ქალოურს გადოუხადეს, ქუთაისში. ქვეყანაა, სიძეც იქინეა, ნეფე- დედოფალს თავი დაადგეს, სიძისას ყვებიან – თბილისელიაო, კაი ბიჭი, კაი დედმამიშვილი, ქურდიაო, გეიგე – სიტყვა ეთქმისო, აქოურსაც მიგვიხედავსო. კაი სვეს და კაიც ჭამეს. ჭამეს, მარა რა ჭამეს რო იცოდე – ქურდი კი არა, ქურთი ყოფილა მაი უბედური, კამაზის შოფერი. რო გეიგეს, რო ტკუცეს თავში, რო გეიგდეს ლაჯებში, საციხო არ ქნეს, თვარა… გამეეპარათ. ქალი ისევლე საშენო დარჩა თუ არ გააბახეს.
    ამას მოყვნენ, იცინეს, ჩაბჟირდნენ, პლასტმასის ჭიქა-ბოთლები იქვე მიყარ-მოყარეს და უნივერსიტეტში ლექციაზე შელაგდნენ.
    ნეტავ ეკონომისტები არ იყვნენ, ან საერთაშორისო ურთიერთობები, ან სამართალი… ისევ კბილის ექიმობა აჯობებდა.

    წალკოტი

    – რა წალკოტია! – იკივლა მანქანიდან გადმოსულმა ქალმა. ჩემი მეზობელი იყო, ათი წელი. თავის წალკოტს პირველად მოაკითხა.
    – ეს რა წალკოტია! კიდევ ერთხელ დაიყვირა და მანქანიდან ორი თხა გადმოიყვანა.
    ერთმანეთს გავეცანით. შიში ვერ დავმალე, მეგონა ეს ორი თხა ჩემს თვალწინ უნდა დაკლულიყო ფუძის ანგელოზის სახელზე. უცებ ვერაფერი შევბედე – თავისი სახლ-კარია ბოლოს და ბოლოს, და უფლებრივ შარის მოსადებს ვეძებდი. ამასობაში, მეზობელმა ორივე თხას ბაწარი შეაბა და მდელოზე სასეირნოდ წაიყვანა. საღამოსკენ, უკვე შიშის ზარი რომ მცემდა, ორივე თხა ისევ მანქანაში ჩასვა და ქალაქში დააბრუნა. მის მერე სააგარაკოდ, თავისი წალკოტის სანახავად ჩამოსული, არც თხებიანად, არც უთხებოდ, არავის უნახია.
    ვაკის პარკში კი, ამბობდნენ, ხშირად ნახულობდნენ თავის თხებთან მოსეირნეს.

    მშიერი

    ქელეხი რუსთაველზე, ლაღიძის წყლების ერთ-ერთ დარბაზში მიმდინარეობდა. ქართველი უქონელიც უკანასკნელს გაიჭირვებს და არ
    შერცხვება. აქ კი მეტზე მეტიც იყო. სუფრაზე სართულებად ელაგა ყველაფერი, არამარხვაში რაც გვეჭმევა. კუჭი რომ დამძიმდება, ჟანგბადიც მაშინ გახსენდება. გარეთ გამოვედი, ქუჩაში. დარბაზის გვერდით ფანჯრები მიწის პირზეა, თუ გახსოვთ, და რა ძნელი გასახედი იყო იქით, როდესაც ფანჯარას მიკრული კაცის შიშნარევი მუდარიანი მზერა მძალავდა. შევხედე და ჩავიკეცე, მის გვერდზე, პირი-პირს.
    – შნირი არა ვარ, детдомовский я!
    ასაკს ვერ იტყოდი. ვერც ეროვნებას. ორივეს ქუჩურად ამტვრევდა – რუსულსაც და ქართულსაც.
    – გშია? – შიშიან თვალებში იმედი გამოკრთა. თავი მორცხვად, ჩქარ-ჩქარა დამიქნია.
    ჩემსას არ გეტყვით, უბრალოდ რაც ხელს გამოვაყოლე ის გამოუტანე.
    როგორ ჭამდა, ორივე ხელით, ლუკმით პირს როგორ ილესავდა, მადლიერებით ამოხედვა როგორ არ ავიწყდებოდა!
    რა გამოისყიდის ჩვენს სიმაძღრეს. უფალო?!

    მოკლე ჩართვა

    თბილისში, ზაფხულში, აგვისტოს სიცხეში, უნივერსიტეტის გაჩერებაზე კაცი იდგა.
    ტანზე ეცვა: “სეტკა მაიკა”, ზედ ქალის “დუბლიონკა”, სპორტსმენის ლამპასებიანი “ადიდას”-ის შარვალი, შიშველ ფეხზე კალოშები, თავზე ფეტრის შლიაპა. ცალ ხელში საპროფესორო პორტფელი, მეორეში, ჯოხად – პლინტუსი. ყველაფერს ჰალსტუხის მაგიერი, ყელზე შებმული ელექტრო შნური აგვირგვინებდა, თავისი შტეპსელით, მეორე ბოლოთი შარვალში ჩატანებული. ტიპი, ასიანი, გათიშული იყო და თანაც ქსელიდან. თავის სამსახურში მიდიოდა. ოთხმოცი წელი შემისრულდა და იუბილე გადამიხადონო. გზად, კეთილმა ნაცნობმა უვნებელჰყო და მოტყუება-მოფერებით სახლში დააბრუნა.
    მოკლე ჩართვის მსხვერპლი იყო.
    იუბილე არ გადაუხადეს.

    კვაზიმოდო

    ახალგაზრდა კაცი – კაცი იყო, კაცობით, ძმაკაცობით, გაგებით, რომელიც საძმოს შეგძენს გამტანს და გამგებს, და რომელმაც შესძინა კიდევაც საძმო.
    სხვა კი არა ინება ბუნებამ. რომელი ერთი, როდესაც ერთ-ერთიც გეყოფა მთელი ცხოვრების წასამწარებლად – პატარა, თეძოებამოგდებული, ხელფეხმოკლე…
    კახეთის კვაზიმოდო, კახეთის პეტრუჩიანი, აბსოლუტურად, სრულიად უიმედო. მარტო გული. არცა დაკვრა, არცა სხვა რამე მუსიკობანი სიყვარულის საიმედოდ. ძმაკაცებს კი უყვარდათ, პატრონობდნენ და ეფერებოდნენ. ძმაკაცობაში ის წუთიც დადგა, როდესაც კახელმა ბიჭმა, – ქალი, როგორიაო? – იკითხა.
    ბიჭებმა, კაცებმა, საძმომ, სამეგობრომ, ყველამ ფული ჩამოვიდა, შეაგროვეს და თბილისიდან ქალი, ლამაზი ქალი ჩამოუყვანეს.
    რას გადაგვიწყვეტს სალხინობელი?

    ენთუზიასტი

    მოუსვენარი კაცი იყო, იდეები აწუხებდა – რახან დაიბადე, ჭამა და სიკვდილი არ აგცდებაო. ჭამა მიხედულია, სიკვდილს მე მივხედავო, პლასტმასის კუბოები მაგარი პროგრესულიაო. გეგმები დაალაგა, გაიკითხ- გამოიკითხა, აწონ-დაწონა, მიდგა-მოდგა. წამოწყებული სახლის რკინა-ბეტონი, კარ-ფანჯარა და ჭერ-იატაკი დააკონსერვა (გამდიდრებულზე უფრო დავამთავრებო). ამასობაში დრომ ფერი იცვალა. პლატსმასის წარმოება გაიყინა, ხე-ტყის ჭრა შეწყდა, იარაღი საქმეში გავიდა და სიკვდილმა იმატა. სიმწრის დღეები დადგა, უზომო სიმწრის. იყო ერთმანეთის კვლა და იყო გატანაც ერთი მეორის. კაცმა უბნის ნაცნობ-უცნობ ჭირისუფალს არავის უთრხა უარი. მისმა ჭერ-იატაკმა გაიტანა და მიაბარა ბევრნი – ძველებურად, ჩვენებურად.
    ნაომარზე, ჩამცხრალზე, სიკვდილზე ფულის კეთებამ უზნეობის, ცოდვის ელფერი დაიდო, არც მერე გაჰქრობია. კაცმა საქმეზე ხელი აიღო.
    სახლი დაუმთავრებელი დარჩა.
    ქვეყნის ამბავი დალაგდა.
    ხე-ტყის ჭრა აღსდგა.

    ფეხსაცმლის მწენდავი

    – მოდი გაგიწმინდავ! გაგიწმინდავ!
    ფეხსაცმლის მწენდავი ბიჭი, თითქმის ბავშვი, ძონძები, ფეხშიშველი. მხარზე გადაკიდებული სალტიანი ყუთი, შიგ მისი ავლა-დიდება.
    – გაგიწმინდავ! ეს არის მისი ლუკმა, გააწმენდინე, თავი რითი ირჩინოს. გააწმენდინე!
    – გაგიწმინდავ, იაფად გაგიწმინდავ, გაგიწმინდავ! – ისტერიული, ჭლექიანი ღაწვები, ზეთოვანი, უძირო თვალები, მუდარა: – გაგიწმინდავ, ფული არა გაქვს? – არ გჭირდება, არ შეგიძლია, ფულს აძლევ, იცილებ. არ იღებს, არ კადრულობს.
    – ისე გამაწმენდინე! ისე გაგიწმინდავ!
    მოცლილები წრეს რკალავენ, თვალს ადევნებენ. ყუთიდან მეურნეობა ამოაქვს, გამოწვდილ ფეხს იკრავს, ჰაერში ქეჩები, ჯაგრისები დაფრინავენ, უჩქარებს. ნერვიული, ავადმყოფური ეგზალტაცია. ჩქარა, ჩქარა, ჩქარა. ოფლის წვეთები ამჩნევია.
    ჩერდება. მოწყალებასავით მაყურებლის აღტაცებას უცდის.
    ხელოვანია, ამ წუთისოფლის დღემოკლე შვილი.
    ალაჰმა გადმოგხედოს შენც და შენს ქვეყანასაც!

    ნეტარი

    მამაკაცი ქალური, რბილი მოყვანილობით, სრული ჩასხმული მკლავებით, არააღმოსავლურად ღია, ნათელი, მუდმივი, უმისამართო, განბნეული ღიმილით – ალაჰის ნეტარი შვილი.
    მუხლმოყრილი ირხევა, კავალების ლოცვა-გალობას მიყვება, ტანს აყოლებს, უჩქარებს, ანელებს, ჩერდება, ნეტარად უსმენს, იგებს, ეთანხმება, აღმამსვლელს გამკივანს – ალლა-ს – ფრთადაღმართულ ხელებს ახვედრებს, კმაყოფილია, ჩაფიქრდა, ოხვრა, ჩუმი ჩივილი, სმენა, წინ გასწრება, ლოდინი, ერთად სვლა, შერწყმა, ნეტარი მორჩილების ბედნიერი ცრემლები. მუსიკალური, მელოდიური, რიტმული, ნეტარი მუსლიმი, ლაჰორის ჯუმა მეჩეთის ხიზანი. ხუთმილიონიანი ქალაქის უბინაო ბინადარი, დაპურებული მშიერი, უსმენო გულმსმენი, ბედნიერი ნეტარი.

    კვერცხის გული

    ღარიბი ინდოეთის კუზიანს, ყურძნადასხმულს, ცხრაფრად დაკეცილს, სამსახური დაყვა – სიმახინჯე აჭმევს. უბრალოდ მშიერმა უნდა გაგაგებინოს, გთხოვოს. ეს ორნი, გოგო-ბიჭიც იმიტომ მოგიჯდნენ მაგიდის ფეხთან, ასფალტზე და თვალებში შემოგცქერიან. საუზმე – თოთოდ შემწვარი კვერცხი, ჩაპატის ნაჭერი და პაკეტის უხიფაო წყალი – ყელში არ გადაგდის. კვერცხიან თეფშს ბავშვებს უწვდი და სკამის ზურგზე მისვენდები. ბავშვები კარგად მოკალათდნენ, თეფში მუხლებზე დაიდეს და აჩურჩულდნენ. მერე ძახილი და ხელების ქნევა დაიწყეს. შორიდან, ქუჩის ბოლოდან პატარა მუხლუხო მოგორავდა – წვინტლიანი ტიტლიკანა, მოკლე პერანგის ამარა. მოირბინა, შუაში ჩაისვეს. გოგონამ პატარა გაშლილი მტევნის წიბოთი კვერცხის გული ზუსტ სამ ნაწილად გაჰყო და აუჩქარებლად ჩაყლაპეს.
    ცხრა ძმის გაყოფილი კაკლის გული მეტაფორა არა ყოფილა. ინდოეთში, საჭმელს ხარბად დაწაფებული ინდოელი არ მინახავს.

    მძივები

    განგის ნაპირას ინდოელი ქალი ჩხარა-ჩხურებით ვაჭრობდა – მძივები, მძივის ქვები, ძეწკვები მიწაზე ჰქონდა გაშლილი, ჩითის ნაჭერზე. გვერდზე, სამი ერთიმეორეს მიყოლებული პატარა, მტრვიან ასფალტზე გორაობდა. თვალებით მანიშნა, ჩემებიაო, საშნოდ დატუქსა და გამიცინა. მძივებს კრიალოსანივით თითებში ვშლიდი, ვეფერებოდი, ზოგ ქვას შუქი გაუდიოდა. ქალის მხარზე შეხებამ ამ ფრიად ვნებიან საქმეს მომწყვიტა – აი კიდევ ერთიო – და სიამაყით სკოლიდან ახლადმოსული ბიჭი დამანახა, ესეც ჩემიაო. თვალები ბედნიერებით უბრწყინავდა, გეგონებოდა უშვილოს ნანატრი შვილი ეღირსაო. ნახევარ ფასში ნავაჭრი მძივები ლოდად დამეკიდა – მეოთხემ ნამუსში ჩამაგდო. ბიჭმა ზურგჩანთა მოიცილა, დედას ჩააბარა, მიწაზე გაშლილ დახლს საქმიანად ხელი გადაავლო. დედამ გულის ჯიბიდან ლობიანის გადანახული ნაჭერი ამოიღო და მიაწოდა.
    ბედნიერება გაჭირვებაზე მეტია?

    ყრუ

    უფრო ლამაზ მამაკაცს თუ აიჩემებ, ისევ იქ, პაკისტანში, სუფიებთან, DDhol Master-თან, Gionga Saint-თან (ასე უწერია სავიზიტო ბარათზე) მიგიყვანს არჩევანი. მისი სრულყოფა იშვიათი კაპრიზია ბუნების, მისი აღწერა – ხატოვანება აღმოსავლური პოეზიის: ვარდნილი კაბა, შავ ვარდნილ თმებზე ოქრომკედით ნაქარგი ფესკა, ყელზე ხელთუქმნელი მოსასახამი, თითებზე ბაჯაღლოს ბეჭდები. და ეს ღვთაება, ეს მამაკაცი, სუფიების – განდობილთა მუსიკოსია, დოლის, დაფის მუსიკის გულისძგერა, სისხლის ფეთქვაა. Gionga-ს, დიდი დაფი მკერდზე აქვს მიბჯენილი, დასარტყამით ურტყამს, რიტმს ყვება, ირხევა, ტრიალებს, შინდისფერი თავბრუდამხვევი ქარბორბალა, უფრო და უფრო აღმატებული. სტიქიურ მოვლენას სასრული არა აქვს. სასრული გულის ბზარია. მისი რიტმი – მისი განაჩენია. მისი განაჩენი – მისი სიკვდილი.
    GGionga Saint-ი ყრუ-მუნჯია, მისი ყური – მისი გულია. გულ-ღვიძლი, გულის ფიცარი დიდხანს ვერ იტანს, დიდხანს ვერ გაუძლებს ასეთ რყევებს, ასეთ ვიბრირებას, ასეთ feroge-ს, ალაჰის სადიდებელსაც კი.
    GGionga-მ ეს იცის, უთხრეს, აუხსნეს, მაგრამ მაინც უკრავს და… ელოდება.
    და თუ უკვე წარსდგა ალაჰის ეს გულდაუზოგავი მსახური, რუმის მოვიხმობ მის მოსაგონარად:
    წინარეხატი – უკვდავი არსი ყოველივესი, ჩვენს მიღმა არის,
    აქ კი რაცაა – სიკვდილი გაცრის, ვერც კი მოასწრებ შევლებას თვალის.

    ნუ დაღონდები, რომ ბგერა გაქრა, რომ ჩაქრა შუქი ნათლის,
    ისინი დარჩნენ, და გაქრა აქ რაც – ანარეკლია მათი.

    (ჯელალ-ედ-დინ რუმი – “შამს თებრიზის დივანიდან”)

    განგი

    განგის ნაპირზე მოხუცი ქალი ზის და სიკვდილს ელოდება. განგი დიდია, დიდია ინდოეთი. შორიდან მოვიდა, ფეხით, ბებერი, მომაკვდავი და არ გაუმართლა – სიკვდილი იგვიანებს. ყველა ინდოელის ნატვრაა, წმინდა განგმა მიიბაროს. რჩეულთა ხვედრია განგის პირას სიკვდილი. რჩეულთა რჩეულებს განგს ფერფლად გაატანენ, მისნაირ ღარიბს – ცხედრად. ბედნიერია, ნატვრა აიხდინა, განგის ნაპირზე სარიში გახვეული, მუხლებში თავჩაღუნული ზის და ელოდება…
    არც გეცოდება, არც გებრალება, ჯანმრთელს memento mori-თ მცხოვრებს, მოლოდინით კნინს. არ გებრალება, მაგრამ ლოდინს წამალი უნდა და ჩაპატის ნაჭერი, და რუპიებს ითვლი.

    “მოსამართლე”

    სუფრის კაცის ეგეთი Gგათიშვა საფიქრალია – ან ქვეყანა დაიქცა, ან თვითონ ვერ არის ამ ქვეყანას. ბოდვის აბსურდს კონტენტ-ანალიზით თუ გაშიფრავდი გამონათებების შეჯამებით.
    – მამამისმა არა მცალიაო! გესმის, არა მცალიაო! – უცებ წამოიძახებდა და ისევ Lლობიოში ჩაუვარდებოდა თავი.
    -არა, შამპანური რა შუაშია, – იყვირებდა და თან ჭიქაში ოხრახუშის ღერით გაზს აცლიდა, – ბიჭს გაექაჩაო, გაიგე, ბიჭს!
    ისევ ლობიოს დაუბრუნდებოდა.
    – რას ამბობ?! ბიჭს? გოგოცა ჰყავთ, გოგო იქნებოდა!
    ისევ ლობიოს თავს ააცლიდა და გაცოფებული პასუხობდა: “ბიჭსა, ბიჭსა-მეთქი! ბიჭს გაექაჩა!” ახლა ბაჟეს მაგივრად, მდოგვში ამოვლებული ღომი წუთით გონზე მოიყვანდა: “გაექაჩაო! წამო-მეთქი, ეხლავე მიწასთან გავასწოროთ ეს გათახსირებული, ხომ იცი, ვინ არი-თქო? მამამისმა, – ვიციო, მაგრამ ახლა არა მცალიაო, საღამოს რეპეტიცია მაქვსო, ღამე უხერხულია, სძინავსო! აბა უქნია თავისი საქმე და ეგ არის”. ახლა ისე გაითიშა, მდოგვი კი არა, ფხვნილი წიწაკა რომ აყარო ცხვირ-პირში, ვერ მოახედებ. სუფრის წკიპზე თავი უდევს და შფოთიანად თვლემს. მერე შეშინებული წამოიკივლებს: “გაექაჩაო, არა მცალიაო, მოვკლავ-მეთქი…” თლილი ჭიქით არაყს გადაკრავს და სუფრის წიბოს საფეთქლით თავს ურახუნებს.
    ნეტავი ან არ გაგიჟდებოდეს, ან არ გალოთდებოდეს ეგ დალოცვილი ქვეყნის მოსამართლე რეგბისტი, ქვეყანა თუ სხვა მხარეს გადაიზნიქა.

    სიტყვა

    გარეთ ქვიშა, აქლემები ჭის ირგვლივ მოსიარულე, წყლით გაოფლილი ტიკები, ბორბლის ჭრიალი და მომთაბარის კარვები. შიგნით, კარავში რკალად, მუხლმორთხმულად მჯდომი უხუცესის რძლები – ხუთი ვაჟის ხუთი ცოლი და თვითG მისი პატივდებული მეუღლე. სხედან მდუმარედ, ჩვილებითა და მზარდებით გულჩაკრულები. ირგვლივ ქვიშა, კარავში იდუმალი სიჩუმე და ერთმანეთის თვალიერება. აქ, ამ სამყაროში მარტო ქალს შემოესვლება, მარტო მხატვარს შეუძლია ნაქსოვ-ნაქარგებითა და სამკაულებით დაუღალავი ტკბობა. აღტაცებას სიტყვა არ უხდება, არცა ხმაური. აქ არც მოუძებნავი სათქმელი დაგამძიმებს, არც უპასუხო სიცარიელე. აქ თარჯიმნის სიტყვა ყალბია, ბგერა კი ფუჭი. არის რაღაც ბიბლიური ამ მუსლიმანურ სივრცეში რაღაც შეუცნობადიც და მშობლიურიც. და, აი, ამ სრულ სიჩუმეში დედამთილის უსიტყვო ნებით, უფროსმა რძალმა კარვის საბჯენს უნატიფესი ფოჩებიანი ნოხი ჩამოხსნა, უმცროსმა პატარა შვილს ქვიშაში ნაწოლ-ნაპოვნი ბარბაროსულად მომაჯადოვებელი მძივი შეხსნა და ოჯახის მბრძანებელმა სტუმარს ფერხთ დაუდო.
    ეს ყვერლაფერი, სრულ ურღვევ სიჩუმეში, მისნური წვდომით სტუმრის სურვილისა და არჩევანის.
    სახლში სათუთად შენახული ეს ნივთები, მხატვარს იმასაც ახსენებენ, სიტყვა რომ განსაცდელად გვაქვს ნაბოძები.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“