• პროზა

    ბესო ხვედელიძე – ბოლო გასვლა

    1.
    31 დეკემბრის მშრალი საღამო იდგა. ასაკისდა შეუფე­რებლად წელში გაჯგიმული პოლკოვნიკი პოლიგ­ლიშ­ვილი მხედრული ნაბიჯით მიუყვებოდა გამსახურდიას გამზირს და თავის უცნაურ ავან-ჩავანზე ფიქრობდა. ის, რაც მხოლოდ მან იცოდა და მისი არეულობის უმთავრესი მი­ზეზი იყო, იმდენად დაუჯერებელ რამეს წარ­მოადგენდა, რომ პოლკოვნიკს ხანდახან ეჭვიც კი ეპარებოდა, ცხადში ხდებოდა მისი ცხოვრება თუ სიზმარში. ქალაქი არანაირად არ ჰგავდა სიზმრისეულს და პოლკოვნიკიც გრძნობდა, ასეთ ცხადში მყო­ფი ან უნდა უბრალოდ შეგუებოდა იმ სიგიჟეს, რომელიც მასში ფუთფუთებდა, ან კი დამიწებულიყო, დაევიწყებინა წარსული და ამ დღიდან დაეწყო ახალი დროის ათვლა.
    საქმე იმაში იყო, რომ პოლკოვნიკი აშკარად იმაზე ახალგაზრდად გამოიყურებოდა, ვიდრე სინამდვილეში გახლდათ და ამის პირდაპირ მიზეზს მის შორეულ წარსულში, ანუ სადღაც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ჰქონდა ფესვები გადგმული.
    მაშინ პოლკოვნიკი ჯერ კიდევ არ იყო პოლ­კოვნიკი, და 32 წლის ახალგაზრდა მიკ­რობიოლოგს გასაიდუმლოებულ სამხედრო ლა­ბორა­ტორიაში უნიკალურ გამოგონებაზე უწევ­და მუშაობა. გამოგონება საბოლოო ჯამში ორგანული მიკრობიოლოგიური აბის და მისი ანტი-აბის სახით უნდა მიეღოთ.
    მათგან პირველი, ნებისმიერ ადამიანს მის­ცემდა საშუალებას, აბის მიღების შემ­დეგ, თუკი ის სიტყვაზე 30 წლის იყო, და უნ­და გამხდარიყო შემდეგ წელიწადს 31-ის, გამხდარიყო 29-ის. შემდეგ წელიწადს ეს ადა­მიანი გახდებოდა 28-ის, შემდეგ 27-ის და ასე შემდეგ, ვიდრე არ მოიბეზრებდა ასაკში დაღმასვლას. ჰოდა, ამ დროს უნდა დამდგარიყო ანტი-აბის ხანა – მისი მიღების შემდეგ, სიტყვაზე 14 წლამდე ჩამოსული ადამიანი დაიწყებდა ისევ უკან ზრდას, ანუ გახდებოდა 15-ის, შემდეგ 16-ის, 17-ის და ასე ჩვეულებრივ ზემოთ.
    ექსპერიმენტი, რომელიც დაიძრა, მართლაც რომ შედგა, და ის პირველად ახალგაზრდა მიკრობიოლოგ პოლიგლიშვილზე მისივე თანხმობით ჩატარდა.
    1933 წელს, როდესაც ის უნდა გამხდარიყო 33-ის, ის შეიქნა 32-ის. შემდეგ წელს, ანუ 1934-ში ის გახდა 31-ის. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მიკრობიოლოგი პოლიგლიშვილი ასაკის კლებასთან ერთად ფიზიკურად და ბიოლოგიურად, ორგანულადაც ახალგაზრდავ­დებოდა და ისეთივე ხდებოდა, რო­გორიც იყო თავის დროზე 32-ისა და შემდგომ 31-ის ასაკში.
    მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ანუ 1939 წელს, ანდრო პოლიგლიშვილი უკვე 26 წლის ჭაბუკივით გამოიყურებოდა და მასაც, როგორც მთელ ლაბორატორიას, მაშინვე უკრეს თავი ომში. ომის დამთავრებისას, ანუ 20 წლის ასაკში, ის უკვე კაპიტნის ჩინით დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს.
    კაპიტან პოლიგლიშვილს დედა გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ლაბორატორია საერთო აბა­ნოდ გადაკეთებული. გასაიდუმლოებული ლაბორატორიის წევრთაგან ომიდან არავინ დაბ­რუ­ნებულა ცოცხალი – ზოგი კურსკის ბრძოლამ შეიწირა, ზოგი ქერჩმა და ზოგიც სტალინ­გრადმა.
    უვნებლად დარჩენილმა კაპიტანმა პოლიგლიშვილმა გულში ამოიჭრა სამხედრო საქმისთვის მიეძღვნა თავი. 16 წლის ასაკში ის უკვე მაიორის ჩინით მიმოდიოდა და სწორედ ამ დროს განიზრახა მან სამხედრო სასწავლებელში ჩაბარება. როგორც ომის მონაწილესა და მაიორს მას უგამოცდოდ ხვდა ადგილი სასწავლებელში. აქვე გადაწყვიტა მაიორმა პოლიგლიშვილმა მი­ეღო ანტი-აბი, რათა ასოთხმოცი გრადუსით შეეცვალა ასაკობრივი დაღმასვლა.
    1960 წელს, როდესაც დედამიწის მოსახ­ლეობამ სამ მილიარდს უწია და კოსმოსში ძაღლები – ბელკა და სტრელკა გაუშვეს, მას უკვე პოდპოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა და 11 წლის წინ მიღებული ანტი-აბის გამო კვლავ, როგორც ოდესღაც, 27 წლისას ჰგავდა.
    1970 წელს, როდესაც პოლ მაკარტნიმ ოფი­ციალურად განაცხადა ჯგუფ “ბიტლზის” დაშ­ლის თაობაზე, ხოლო საბჭოთა კავშირიდან პირ­ველად გაიტაცეს სოხუმ-ბათუმის რეისის თვით­მფრინავი ლიტველმა მამა-შვილმა საზღვარ­გარეთ, პოდპოლკოვნიკ პოლიგლიშვილს 37 წლის ასაკის ახალგაზრდის იერი ჰქონდა.
    1980 წელს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტად აირჩიეს რონალდ რეიგანი, ხოლო მუჰამედ ალიმ დიდ რინგზე ლარი ჰოლმსთან წააგო ჩხუბი, თმაშევერცხლილი პოდპოლკოვნიკი პოლიგლიშვილი უკვე 47 წლის მამაკაცივით გამოიყურებოდა.
    1990 წელს, როდესაც მოსკოვში გაიხსნა “მაკდონალდსის” პირველი რესტორანი, ხოლო ბოსტონში გაძარცვეს მუზეუმი “იზაბელა გარ­დენი”, 57 წლის პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი საკ­მაოდ სოლიდურ თანამდებობაზე მსახურობდა თავდაცვის უწყებაში.
    2000 წელს, როდესაც დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი, ხოლო სიდნეიში სტარტი აიღო ოც­დამეშვიდე ოლიმპიადამ, 67 წლის ღვაწლ­მოსილი პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი პენსიაზე გავიდა.
    2009 წელს, როდესაც გარდაიცვალა პოპის მეფე მაიკლ ჯექსონი, ხოლო მზის სრული დაბნელება სარეკორდოდ დიდ დროს – 6 წუთსა და 39 წამს გაგრძელდა, 77 წლის პოკოვნიკი პოლიგლიშვილს ტრადიციად ჰქონდა ქცეული ყოველდღე თბილისის ზოოპარკში სეირნობა.
    სწორედ ერთ-ერთი ასეთი სეირნობისას, უფრო ზუსტად კი, სწორედ ზემოთნახსენები მზის დაბნელებისას გა­დაეყარა ის მიწაში თავჩარგული სირაქლემას გალიასთან შიშისგან გულწასულ, გავადაბალ შინაბერას – ვინმე კლარისა ტაქ­საშვილს, რომელიც უმალ ხელოვნური სუნთქვით მოასულიერა და მასზე მაშინვე შეუვარდა გული.

    2.
    ახალი წლის დადგომას არაფერი უკლდა. მეტრეველებში სტუმარს ელოდნენ: უიღბლო პიანისტ კლარისა ტაქსაშვილს, უჟმურ შინაბერას, ვინც ცხოვრების ღვლარჭნილ ბილიკებზე ვერაფრით გადაჰყროდა ისეთ მამრს, ვინც მის მძიმე ხა­სიათსა და გულისგამაწვრილებელ ურჯუკობას უსიტყვოდ და დაუბურძგლავად აიტანდა.
    ლაგდებოდა სუფრაზე ლანგრებით: გოჭი, ხა­ჭა­პური, გოზინაყი, შამპანურის გაუხსნელი ბოთ­ლები. იქვე მაიკო მეტრეველი და მისი ტანწვრილი მე­უღლე, სიბრძნის კბილის ტკივილისგან ყბაახვეული ერიკო ტრიალებდნენ და მაგიდას სხვა კერძებსაც მა­ტებდნენ. ტელევიზორიც არ ისვენებდა.
    ნუკრის თოვლის ბაბუის წითელი ფორმა ეცვა, აბრჭყვიალებულ ნაძვის ხესთან მდგომი სათამაშოებს არჩევდა, ტოტებიდან ხსნიდა და გუდაში ფრთხილად დებდა.
    – მაგას არ დააკარო თითი! – აუკივლდა უცებ მა­ი­კო ძმას. – ამას უყურე!.. ვითომ არ იცი, რომ ეგ ჩემი ცხონებული პირველი ქმრის ნაჩუქა­რია!
    – და აი ეს თუ შაილების, მემ?.. – გაპრანჭული ხმით მიუთითა ნუკრიმ დას სხვა სათამაშოზე და ცალთვალმოჭუტულმა გამოხედა.
    – ეგ შეგიძლია მომაშორო თავიდან!.. მაგის გვერდზეც რომ კიდია, ისიც!.. აღარ მახსოვს ვინ იდიოტმა მომითრია…
    ნუკრის ამის გაგონებაზე იერი ეცვალა, ჯიბიდან მსწრაფლ საღეჭი რეზინი ამოიღო, ხმაურით გაღეჭა და ტონიც უმალ ქუჩური გაუხდა.
    – ვინა, ტო?! ახლა გინდა მაგ სიტყვებზე სერიოზულად მოგთხოვო და აქვე შეგისრულო?.. არა, გულზე ხელი დაიდო, დაიკო, და გაიმეორა – ეს მე ვარ იდიოტი?
    – ნუგზარ, რამდენჯერ უნდა გითხრა, დაგიჭერენ ერთხელაც იქნება!
    – მე სულ სხვა რამე გკითხე, ჩემო დაია! – აიშვირა საჩვენებელი თითი ნუკრიმ. ამ დროს ყბაახვეულმა ერიკომ სასტუმრო ოთახში ლანგრით კარალიოკი შემოიტანა, ფეხით ნოხს წამოედო, ძლივს შეიმაგრა თავი და ლანგარი მაგიდის ცენტრში ხმაურით დააახეთქა.
    – ზურნა შენ!! – კინაღამ გაუსკდა გული მაიკოს და ძმის მისამართით ხმა კიდევ უფრო აიმაღლა. – გაგადაიებ ახლა, ისეთს შეგის­რულებ, ნუგზარ! დაგა­ვიწყდა, მგონი, შენ ჩემი ხელის გემო!.. გამოიღე ახლავე პირიდან ეგ საზიზღრობა! რას გევხარ! წადი, ჩაიხედე სარკეში! ვეღარ უნდა გაიგო, რომ შუა ზამთარში ჩვენ სულ არ გვჭირდება პერე­დაჩებზე სირბილი?.. ერიკოს სიბრძნის კბილი ტკივა… მე პირადად, რომ დაგიჭირონ, ერთხელ მაინც თუ მოვიდე ციხეზე, მიწა დამეყაროს!
    დარცხვენილმა ნუკრიმ მორჩილად გამოიღო პირიდან საღეჭი რეზინი, ყურის ბიბილოს ქვეშ აიწება და ერთიანად შეცვლილი ისევ ენადათაფლულ თოვლის ბაბუად იქცა.
    – შენი სულის ჭირიმე, ჩემი მაიკუნა… ამ ერთხელაც ნუ დამ­თარსავ, თუ ჩემი ღვიძლი დაიკო ხარ!.. ჩემი ამბავი ხომ იცი? ერთი-ათად დაგიბრუნდება… ერთი დედის მუცელში მაინც არ ვიყოთ ცხრა თვე ნაჯდომი… შენ არ იცი, რამდენს ვფიქრობ ხოლმე ამაზე ძილის წინ! არა, მაინც რატომ არ გვეთვლება, ადამიანებო, ადამიანებს დედის მუცელში გატარებული დრო სიცოცხლედ?.. დამიმტკიცოს ვინმემ, რომ ჩვენ იმ დროს არ ვარსებობთ!.. განა ვინ უბაგუნებდა ჩვენს დე­დიკოს შიგნიდან პატალა ფეხუკებს?.. რა თქმა უნდა – ჩემი კუდრაჭა დაიკო! და მერე მეც… თუ მე საკეისროთი გავჩნდი?
    ამ სიტყვებთან ერთად ნუკრიმ მაიკო თბი­ლად მიიხუტა და საფეთქელთან აკოცა. მა­იკო თავიდან კი გაინაბა, მაგრამ მერე მაინც ცივად მო­იშორა ძმა.
    – გავიდეს ეს ახალი წლები… – არ განელებულა ნუკრი. – და ვფიცავ ჩვენი ცხო­ნებული დედის ნათელ ძვლებს, მე აუცილებლად მივწერ ორსულ დედათა მსოფლიო ასამბლეას, რომ ადამიანის დაბადების დღედ ამიერიდან ჩაითვალოს ჩასახვის დღე!.. და სწორედ ის ჩაიწეროს ყოველი მოქალაქის პასპორტში!
    ნუკრი სუფრას მიუტრიალდა, ლარნაკიდან კანფეტი მუჭით მოხვეტა და გუდაში ჩაიყარა.
    – ყოველი მოქალაქის პასპორტში-მეთქი!.. და კანფეტიც რომ აუცილებელია?.. ტკბილის გარეშე რა პირით შევდგა ფეხი უცხო ოჯახში? ნუგა არ გამაგონოთ! ვიღას აქვს ნუგას კბილი… ეს რაა?.. აუ, მაიკო, კიბოს კისერი! – ნუკრიმ კანფეტი პირში გაიქანა და სახეზე ნეტარების ტალ­ღამ გადაურბინა. – ჰოი, ბავშვობავ! გა­დატყაულო მუხლისთავებო! ხეზე ჩიტებო! შატალო­ებო! ზნაკ-ზოროებო! კარუსელებო! სად ჯანდაბაში ხართ ამ სიცივეში, ნეტა?!
    – გეუბნები, ნუგზარ, იცოდე მართლა აღარ შემიძლია! – ისევ იფეთქა მაიკომ. – ჩემს მოთმინებასაც აქვს ყოველგვარი საზღვარი!
    – ჰოდა, ყოველი მოქალაქის პასპორტში-მეთქი! – ნუკრიმ ყურქვეშ აწებებული საღეჭი რეზინი ისევ მოიძრო, გააღლაჭუნა და მაიკოს კვლავ ძველბიჭური იერით მიუტრიალდა. – იტოგ­ში, ერთი ხუთი ლარიც უნდა გამოხვიდე, ჩემო დაია! და ბევრს ნუ მაყაყანებთ აეხლა! კბილი-მილი არ ვიცი მე! ხუთლარიანი-მეთქი, თუ სხვანაირად გავიმეორო?! ეს ცხოვრება ბენზინია, საიმონ! და ვაფშემც რა პალაჟენიაა აქ?! კაი ბიჭებს პატივს აღარ ცემენ, თუ რაია აქანა?!
    პირგამეხებული მაიკო ნუკრისკენ მკაცრი ნაბიჯით დაიძრა. დამფრ­თხალ­მა ნუკრიმ პირიდან საღეჭი რეზინი სას­წრაფოდ გამოიღო, ძირს დააგდო და უმალ ისევ კეთილ თოვლის ბაბუად გარდასახული მაშინვე მუხლებზე დაეცა.
    – უნდა დამინდო, მაი…
    მაიკომ ძირს დაგდებული კევი აიღო და ძმას ცხვირთან მიუტანა.
    – რამდენჯერ უნდა გითხრა მე შენ ერთი და იგივე?! თუ ჩაგაწებო ეს საზიზღრობა თმაში?
    – შენ ხომ ჩემი საყვარელი დაიკო ხარ, მაი… სკოლაშიც ხომ ხუთიანებზე სწავლობდი… ოთხოსნების დედა ვატირე მე! მხოლოდ ხუთი ლარი-მეთქი, მაი!
    – ნუგზარ, გეუბნები, ამომიწყდეს ოჯახი, მე შენ თუ კიდევ კაპიკი მოგცე! – საკიდთან მისულმა მაიკომ ხელჩანთიდან ხუთლარიანი ამოიღო. – კარგად დაიმახ­სოვრე, რაც გითხარი! ძალიან კარგად იცი, რომ მე ტყუილზე დაფიცება არ მიყვარს!
    – ყოველი მოქალაქის პასპორტში-მეთქი! ყო-ვე-ლის! – გამოგლიჯა დას ფული გახარებულმა ნუკრიმ, სასწრაფოდ მოირგო თეთ­რი წვერი და ყიჟინით გავარდა ბინიდან.
    – ამხელა ვირია და ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოსულა! – გახედა მაიკომ კბილის ტკი­ვილისგან გადაფითრებულ ერიკოს. – რამხელა უხერხულობაში გვაგდებს მერე ყველას… არა, აქამდე როგორ ვერ დაიჭირეს, ეგ მიკვირს… ტაკ-ს… სად ვიყავით?.. რა უნდა სალფეტკებს ჭიქების ქვეშ, ერიკო?.. სულ გადაირიე? ბარემ სკამებზე დაგეფინა…

    3.
    ნუკრი მეტრეველი თავის მამა-პაპისეულ, მაღალჭერიან ბინაში უშვილო დასა და სიძესთან ერთად ცხოვრობდა და როგორც წესი, წელიწადის სამასსამოცდაოთხ დღეს უსაქმურობაში ატა­რებდა. ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ მის ცხოვრებაში, 31 დეკემბერს, ანუ წლის სამას­სამოცდამეხუთე დღეს ხდებოდა და ეს მისი იმ იშვიათი კლეპტომანური გადახრის ბრალი იყო, რომელსაც ნუკრი წლების მანძილზე ვერაფრით შელეოდა: – ნუკრის კარადაში ყოველთვის ეკიდა თოვლის ბაბუის წითელი ფორმა წითელი ქუდითა და უზარმაზარი, სახეზე მისაწებებელი თეთრი წვერით. ამ ფორმაში ის საზოგადოებას წელიწადში ერთხელ, მუდამ 31 დეკემბრის ღამის თერთმეტი საათისთვის ეცხადებოდა და გარეთ ასე გასული არც სქელ ჯოხსა და სქელი ნაჭრის დიდ გუდას ივიწყებდა, რომელიც საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებითა და წვრილი ნუგბარით – ძირითადად ვერცხლისფერფოჩიანი კანფეტით ჰქონდა სავსე.
    გარეთ გასულმა ნუკრი მეტრეველმა შორი­დანვე იცოდა ღამის კორპუსებზე მზერის დაკ­ვირ­ვებით შევლება. კარგად იცოდა, ახალი წლის დადგომას ქალაქში დიდი რია-რია და ერთმა­ნეთთან მისალოცად ჯგუფური მიმოსვლა უნდა მოჰყოლოდა; ზოგს მეგობრებში მიუწევდა გუ­ლი, ზოგს ნათესავ-მეზობლებში, ზოგიც უბრალოდ გარეთ გადიოდა. ნუკრიც ამ მომენტს ელოდა ხოლმე: რომელიმე კორპუსის სარ­თუ­ლებიდან ერთ-ერთზე ლიფტით ასული წი­ნასწარ მონიშნული ბინის კარზე ზარს სამჯერ დარეკავდა.
    თუ გაუღებდნენ, საზეიმოდ განწყობილ მასპინძლებს კანფეტს მიაყრიდა და ახალ წელს მიულოცავდა – თოვლის ბაბუის და­ნახვა ყველას უხაროდა; შეიპატიჟებდნენ, მომ­ცრო ყანწს შეუვსებდნენ და ოჯახს ადღეგ­რძელებინებდნენ. არ გააღებდა არავინ კარს და, ნუკრი მეტრეველს ზურგზე მოკიდებული გუდის ფსკერზე სპეციალური ხელსაწყოების კოლოფი ედო. მოირგებდა ხელთათმანებს, სწრაფად გახსნიდა კოლოფს, შეარჩევდა ინსტრუმენტთაგან ერთ-ერთს და…
    ასე გაჰქონდა მოქალაქეთა ბინები ყოველი ახალი წლის ღამეს ნუკრი მეტრეველს.

    – მე ნუკრი ვარ. პასპორტში, როგორც ყველა ნუკრის, ნუგზარი მიწერია. ეს აქაური წესია. ამ ქვეყანაში ყველა ნუკრის პასპორტში ნუგზარი უწე­რია. არის იშვიათი (იდებს პირში საღეჭ რეზინს)… ეეე… ხაიებიც, სიმონ, მაგრამ ისინი ისე ცოტაა, რო არ ითვლება. ისე, სედოი რო გავხდები და ღიპი ვალივით დამედება, მაშინ ალბათ ნუგზარსაც სვაბოდნა დამიძახებს ყველა. დღეს ნუგზარს მხოლოდ ჩემი და მაიკო მეძახის. მაგან დამთარსა მაშინ, მაგის… ეეე… ამიტომაც ის დღე ჩე­მი ცვეტში არ ყოფილა. ანდა, რომელი დღე ღამის თორმეტზე, ტო…

    4.
    ბოლო ხანებში, ყოველდღე ზოოპარკში მოსეირნე კლარისა ტაქსაშვილს, თავისი შემთხვევითი მხსნელი, გადამდგარი პოლკოვნიკი პოლიგ­ლიშ­ვილი ლამის ჩრდილივით დაჰყვებოდა ხოლმე გვერდზე.
    – ოო, კლარისავ!.. – ყოველთვის ხელზე ხმაურიანი ამბორით ეგე­ბებოდა პარკშიKკლარისას პოლკოვნიკი პო­ლიგ­ლიშვილი და საფეთქელთან გაშლილი ხე­ლისგული სამხედრო მანერაზე მიჰქონდა. – დღეს ათი გრადუსი იწინასწარმეტყველეს მეტე­ოროლოგებმა რადიოში. მშვენიერი ტემპერატურაა უთოვლო ზამთრის კვალობაზედ. რას იტყვით…
    – ნუ, ანდრო, ანდრო! ნუ არ ვიცი პირდაპირ… სულ ასე ყველაფრით კმაყოფილი როდემდე უნდა იყოთ…
    – რატომ ყველაფრით?.. ეჰ, შენ კიდევ არ იცი, რამდენი შინაგანი სუსხი და პაპანაქება გადაუტანია პოლკოვნიკ პოლიგლიშვილს… – ირტყამდა ქუსლებს ერთ­მანეთზე პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი, სამხედრო მუნდირს ისწორებდა და კლარისას ხელკავს სთავაზობდა. – ვინ მოთვლის… და ომები და მშვიდობები? ან სიკვდილები და სიცოცხლეები, შიმშილი და სიმ­სუქნე, სანთელი და ელნათურა, ცხენი და მეტროპოლიტენი, ფაეტონი და თვითმფრინავი… – ასეთი საუბრით მიუყვებოდნენ უთოვლო ზამთრით გამომშრალ გზას პოლკოვნიკი და კლარისა.
    – რანაირი უცნაური ლაპარაკი იცით, ანდრო… – ეცინებოდა კლარისას.
    – წინააღმდეგობები, ღალატი, სულში ჩაფურთხება, აღზევებანი… თან ყველა­ფერი ხომ თვალწინ მიდგას! ან რა დამავიწყებს? მაგრამ ეგეთი საოცრება? პირდაპირ თავიდან ფეხებამდე მბურ­ძგლავს, რომ მახსენდება…
    – რაებს აბობთ, ანდრო… სირცხვილია.
    – არა მხოლოდ ვამბობ, არამედ ვადასტურებ კიდეც! მე უკვე დიდი ხანია მზად ვარ ყოველმხრივ გემსახუროთ, რამეთუ მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, შვიდსიმიან გიტარაზე დაკვრა, შინაური ცხოველები და ფეხით სიარული, რაც რასაკვირველია ყოველმხრივ ამაგრებს ფეხის კუნთებს და ხელს უწყობს ჩვენივ ჯანმრთელობის სწორფრივ დახვეწას. აგრეთვე მუდმივად ვადევნებ თვალს მიმდინარე პოლიტ-პროცესებს, მთელი არსებით თანავუგრძნობ სტიქიით დაზარალებულებს და მჯერა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, თავად ჩვენივე განპირობებულია – ვგულისხმობ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, რომლებიც მყისიერად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, რათა თავიდან ავიცილოთ მოულოდნელი კაზუსები…
    – ღმერთო დიდებულო… მაინც ვერ გავიგე, რისი თქმა გსურთ, ანდრო…
    – ჰმ!.. რისი და, ესე იგი, იმ დროს შენობები მაქსიმუმ ოთხსართულიანი იყო. მერე დააშენეს ზედ სართულები და დამართეს ეს ამხელა ვაიუშველებელი. ისევ ეს დაწყევლილი ბაბილონიზმი! თითქოს ერთხელ არ კმაროდა… ხომ გახსოვთ? ანდა როგორ… პირდაპირ გასაგიჟებელი ამბავია. ბოლოს და ბოლოს, ვის გაუგონია ლიფტში ამდენ ხანს ჯდო­მა. კაი და დენი წავიდეს, ვინაა დღევანდელ დღეს მეთვრამეტე ან მეოცე სართულზე ფეხით ამსვლელი?
    კლარისა შფოთით იყურებოდა ირგვლივ.
    – ახლა ჭკუიდან გადავდგები… რაში გაგახსენდათ ამ შუა ზოოპარკში ლიფტი?!
    – ნუ, ეს მხოლო სიტყვის მასალად, კლარისავ ჩემო!
    – მე თქვენი “ჩემო” არა ვარ!
    – ნუ ეგ ჯერჯერობით, რა თქმა უნდა. მე კი ლიფტი იმიტომ გამახსენდა, რომ მეცამეტეზე ვცხოვრობ და ყოველდღე ლიფტით მიწევს სარგებლობა შენამდე მოსაღწევად… ისე კი, მართალია. ეს სულ სხვა თემაა… და­ვუბრუნდები მოსაყოლ ისტორიას… ჰოდა, მინ­და გავიხსენო გენერალ მარატ ბიტ-სამოილოვის გასაიდუმლოებული სამხედრო ლაბორატორია. ის იყო სწორედ ოთხსართულიანი, და ახლა კიდევ ოცდაორიანად აქციეს… მოკლედ, წარმოიდგინეთ თვალდახუჭულმა ლაბორატორია აღჭურვილი მიკ­რო-ბიოლოგიური დანადგარებით, უაღრესად ნათელი გონების ადამიანები გახა­მებულ ხალათებში, მცენარეთა საღი სურნელი დერეფნებში…
    “ურევს!” – ფიქრობდა თავისთვის კლარისა. “აშკარად ურევს!”
    – იქ ადრე სულ სხვა სამყარო იყო, კლარისა…
    კლარისა უკვე უხერხულად იშმუშნებოდა და თვალებსაც ხაზგასმით აღაპყრობდა ზეცისკენ.
    – კი მაგრამ, როდინდელ ამბავს მიყვებით, ანდრო?.. მე როგორც ვიცი, ეგ ინსტიტუტი სამოცდაათი წელია აღარ არსებობს…
    – ზუსტადაც რომ! ჰოდა, სად იყო მაშინ პარაშუტი და ვერტმფრენი-მეთქი. ფეხით ძლივს დაბლაყუნობდნენ. აი მე კი, მაშინ, ამხანაგ მარატის ლაბორანტი და მარჯვენა ხელი გახლდით!
    – ასეთი ფანტაზია, თან თქვენს ასაკში, ანდრო!
    – ასაკი ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს, კლარისავ!.. და ბატონი მარატიც არ გახსოვს? თუმცა, შენ რა გეხსომება… საოცარი არსება, შეწირული მეცნიერი, გიგანტური იდეებით შეპყრობილი სამხედრო პერსონა და უზადო ცინიკოსი… რაღაა დასამალი და მე და ამხანაგი მარატი უნიკალურ ბაქტერიულ აბზე ვმუშაობდით… შემიძლია გა­მოგიტყდე, რომ ფაქტიურად უკვდავების აბზე…
    – რაზეო? – ასდიოდა თვალები შუბლზე კლარისას.
    – გაგიკვირდება, მაგრამ სწორედ რომ – უკვ-და-ვე-ბის, უკვდავების სამხედრო აბზე, რომლის ორ­გა­ნიზმში ანალურად მიღების შემდეგ ადამიანს შეეძლებოდა გამხდარიყო არა იმდენი წლის, რამდენიც წესით და რიგით უნდა შესრულებოდა, არამედ ერთით ნაკლების, და ასე დაუსრულებლად… ხომ სრული საოცრებაა? გაახალგაზრდავების უკუპროცესი! – პოლკოვ­ნიკი პოლიგლიშვილს ისევ საფეთქელთან მიჰ­ქონდა გაშლილი ხელისგული და ქუსლს ქუსლზე ირტყამდა. – იმდენი წლები, ენერგია და ოფლი ჩავანთხიეთ… და ბოლოს და ბოლოს, დიდი წვალებისა და ჩატარებული უზარმაზარი ექსპერიმენტების შედეგად ჩვენ მაინც მივიღეთ უნიკალური აბი!
    კლარისა თავს უკმაყოფილოდ აქნევდა.
    – მინდა გითხრა, რომ ექსპერიმენტი ჩემივე ნებით ჩატარდა მხოლოდ ჩემზე, და ის ექსპერიმენტი, არ გაგიკვირდეთ და ჩემში დღემდე გრძელდება! განა რამდენი წლისა გგონივარ ამჟამად?
    – თქვენ არა თქვით, სამოცდაჩვიდმეტისო?
    – ცდები, ჩემო კლარისა…
    – მე არა ვარ-მეთქი თქვენი „ჩემო”!
    – ვნახოთ, ვნახოთ… სამოცდაჩვიდმეტი წლის ასაკის დარად შესაძლოა კი გამოვიყურები, მაგრამ ეს ასაკი, სინამდვილეში, წესიერად რომ მეცხოვრა, ამ ოცდათორმეტი წლის წინ უნდა შემსრულებოდა… რადგანაც მე, ოცათორტმეტიდან თექვსმეტამდე ჩამოსულმა დანიშნულებისამებრ მივიღე ანტი-აბი და ისევ თავიდან წამოვუყევ ცხოვრებას… ანუ ახლა მე, რეალურად გაცილებით მეტი მაქვს დრო ამ ბედკრულ პლანეტაზე გატარებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს…
    – ნუ კაით რა, ანდრო! მააქვს ახლა მე ამდენი მათემატიკის თავი?! – ძლივს იკავებდა აფეთქებისგან თავს კლარისა ტაქსაშვილი.
    – ანუ, ექსპერიმენტი ჯერ კიდევ ძალაშია. მაგრამ შენ ხომ არ იცი, რაოდენ მოსაბეზრებელი იყო ეს ზედმეტი ოცდათორმეტი წელიწადი. ისევ სულ ომები და მშვიდობანი, სიკეთე და ბოროტება, სიცარიელე… ვიდრე შენ არ გამოჩნდი, კლარისა, ჰორიზონტზე. საოცრებაა პირდაპირ! მზის დაბნელება ზოოპარკში ჩემთვის ციური მადლივითა და ნიშანივით იყო. იმ დროს მე მეგონა სულ მარტო ვიყავი დედამიწაზე დარჩენილი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველა გაქრა და მარტო დამტოვეს… და ამ დროს უეცრად შენ, კლარისა, თან გულწასული. თან შუა ზოოპარკში. თან სირაქლემას გალიასთან. რა ნამუსით არ მოვსულიყავი. მოვედი და დღეს მე უკვე ხმამაღლა ვაცხადებ: – მე შენგან ოდენ საპასუხო გრძნობა მჭირდება; სიტყვა, რომელიც საბოლოოდ მათქმევინებს უარს ამ წყეულ ასაკზე. შენი გულისთვის მე შემიძლია ლაბორატორიიდან თავის დროზე აცინცლული კიდევ ერთი აბი გამოვიყენო და გაახალგაზრდავება ვიწყო. მინდა გაგიმხილო, კლარისა, რომ ის მხოლოდ ერთიღაა დარჩენილი და ისიც, საბედნიეროდ ჩემს ხელთაა…

    5.
    მაიკო და კლარისა საახალწლო სუფრას უსხდნენ და ერიკოსთან ერთად სატელევიზიო საახალწლო შოუს ჭიქებით ხელში გაბადრულები შესცქეროდნენ, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა.
    – დარჩებოდა კიდევ რამე… – თქვა მაიკომ ამრეზით და აშკარად ნუკრი იგულისხმა.
    ფიცხ­ლად წამომხტარი ყბაახვეული ერიკო კარის გასაღებად ჭიქით ხელში გაემართა, ხოლო გაღი­მებული ქალები ტელევიზორს შერჩნენ.
    გამოხსნა თუ არა კარი, ერიკოს წარბები გაკვირვებისგან შუბლზე აუვიდა, მერე ფართო­დაც გაეღიმა და ამის გამო კინაღამ სახვევიც მოძვრა ყბიდან.
    ზღურბლზე სააღლუმო სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, პოლკოვნიკის სამხრეებიანი და სამხედროქუდიანი, ჭაღარა, უცხო მამაკაცი იდგა.

    6.
    – თავიდან მისი მოცემული ხუთლარიანით ბენზინი ჩავისხი, და პირველის ოცი წუთი იქნებოდა, იმ კორპუსს მივადექი. მხო­ლოდ ზოგან ენთო ფანჯრები. რაღა აქ მომიყვანა ჩემმა ჩათლახმა ბედმა… ავიწიე მეოთხეზე. დავრეკე – ხმაურით გახ­სნეს კარი. კაი გატრეტილი ბიძა დგას თავზე სვანური ქუდით და საცივში ამოვლებული ინდაურის ბარკალი უჭირავს.
    – ვაააა… ვინც მოსულა, გაუმარჯოოოს! – იღრიალა ბიძამ ჩემს დანახვაზე და ისეთი ჩამეხვია-ჩამპროშტნა, ასე მეგონა სულს ნას­კივით გამაძრობდა.
    ატყდა იქ ერთი ამბავი. შემიყვანეს, დამსვეს პირდაპირ სუფრის თავში. ჩამისხეს კალთაში დორბლიანი ბავშვები. თან დაგრეხილი ყანწი მომაწოდეს. რა მექნა. მივულოცე. ერთხელ, ორ­ჯერ. მესამეჯერაც არ დამანებეს თავი. ისე იყვნენ გადამთვრალები, ერთს ჩემთვის აღ­სარების ჩაბარებაც კი უნდოდა. ძლივს გამოვაღწიე, ჩემი კაი. ამასობაში კი გასულა ნახევარი საათი. მაიკოს მანქანით ერთი წრე დავარტყი. ხალხი ქუჩაში დასეირნობს და ერთმანეთს ახალ წელს ულოცავს. ყველა ბუხოია. უკვე მეც არა მიშავდა. მაინცდამაინც იგივე კორპუსის, ოღონდ სხვა ფანჯრები მეცა თვალში. დავალივერე, ჩავინიშნე და ავედი. დავრეკე. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… არავინ აღებს. ავდექი მაშინ, პირჯვარი გადავიწერე და გავხსენი ჩემი ჭრელი გუდა. მოვარგე კარებს მოსარგები.

    7.
    ერიკო ბინაში სააღლუმო სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ჭაღარა პოლკოვნიკის თანხლებით შემობრუნდა.
    – ანდრო, კი მაგრამ… თქვენ აქ საიდან?! – აღმოხდა ერთბაშად დაპატარავებულ პიანისტ კლარისას სასოწარკვეთილი ხმით.
    – გამარჯობათ! – აუბრწყინდა თვალები ოდნავ შემთვრალ მაიკოს. – მობრძანდით… ეე… ბატონი ანდრო, არა?
    სამხედრომ გაშლილი ხელისგული საფეთქელთან მიიტანა, ქუსლი ქუსლზე მიირტყა და მკაცრი სახე მიიღო.
    – თავისუ-ფლაად! – შეუძახა მერე საკუთარ თავს და თავი მოწიწებით დახარა.
    – დაგვეწვიეთ, ბატონო ანდრო! სტუმარი ღვთისაა! – პირველად ამოიღო ხმა ერიკომ და გაუხსნელი შამპანიურის ბოთლი მოიხელთა, მაგრამ სამხედრომ ერიკოს გაშლილი ხელისგული დაანახა და შეაყოვნა.
    – უპირველეს ყოვლისა, მოგილოცავთ ახალ წელს და მოწიწებით მოგესალმებათ პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი! მხედრული სალამი, სალამი და კიდევ ერთხელ სალამი ყველას, ვისაც იცნობს პოლკოვნიკი პოლიგლიშვილი და ვისაც არ იც­ნობს! – შეაჩერა სამხედრომ მაიკოზე მზერა, და შემდეგ ერიკოზე გადაიტანა.
    – იგი დიდ ბოდიშს იხდის, რომ გაკადნიერდა და ასეთ უდროო დროს შემოიჭრა ეგზომ პატივსაცემ ოჯახში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამჟამად სწორედ აქ იმყოფება მისი ინტერესის ობიექტი კლარისა ტაქსაშვილი… – სამხედრომ აქ უცებ ცალ მუხლზე დაიჩოქა და ხელები Kლარისასკენ აიშვირა. – … და ვინაიდან მისი ინტერესის ობიექტი უცხო ტერიტორიაზეა, პოლკოვნიკს სურს მიიღოს უფლება მასპინძელი მამაკაცისგან, – პოლკოვნიკმა ისევ ერიკოს გახედა. – რათა ორიოდ წუთით მოგწყვიტოთ ქალბატონი კლარისა და უთხრას მას სასწრაფოდ სათქმელი სიტყვა.
    ერიკო და მაიკო გაშტერებულები დასცქეროდნენ დაჩოქილ სამხედროს და დუმდნენ.
    – არა! – სასოწარკვეთით აღმოხდა მხოლოდ ერთადერთი სიტყვა კლარისა ტაქსაშვილს.
    – ხომ მაძლევთ ამის უფლებას, მოქალაქენო? – ააცქერდა მუხლმოყრილი პოლკოვნიკი ერიკოს. – მაპატიეთ, რომ თქვენი სახელი…
    – ენვერი! – გაუწოდა დაბნეულმა ერიკომ ხელი სამხედროს და მისი წამოყენება სცადა. – დაბრძანდით სკამზე, როგორ გეკადრებათ, პოლკოვნიკო…
    – ძალიან იშვიათი სახელია…
    – აგერ თქვით რაც გაქვთ სათქმელი… – შეთამამდა ერიკო და პოლკოვნიკს გამოწეულ სკამზე მიუთითა. სამხედრო სწრაფად წამო­ი­მარ­თა ფეხზე, ქუსლები კვლავაც ერთმანეთზე მიირტყა და გაშლილი ხელი კვლავ საფეთქელთან მიიტანა.
    – მინდა მოგახსენოთ, ჩემო ენვერ, რომ ჩემი სათქმელი მეტად ინტიმურია და მხოლოდ ორ ადამიანს ეხება. ამიტომ, გთხოვთ სადარბაზოში გამაყოლოთ პატივცემული კლარისა ტაქსაშვილი და მე იქ მსწრაფლ მოვახსენებ ორ სიტყვას!
    – რას ჰქვია სადარბაზოში?.. – გაუკვირდა მაიკოს. – ახალი წელია, ბატონო ჩემო!.. არსად სა­დარბაზოში მე არ გაგატანთ ჩემ კლარისას…
    – ჩემს შინელს მოვახურებ! – თავი გამოიდო სამხედრომ და ღილების შეხსნა დაიწყო.
    – ვახ… – ისევ გაოცებას იყო ერიკო და ვერაფერს ხვდებოდა. – კი მაგრამ… რა ხდე­ბა?.. აგერ შედით, ნუკრის საძინებელში, და იქ უთ­ხარით. რა პრობლემაა? რა დროს სადარ­ბაზო და ლიფტია. ახალი წელი დგება…
    ერიკო სწრაფი ნაბიჯით დაიძრა ნუკრის საძინებ­ლისკენ და მისი კარები გამოაღო. პოლკოვნიკიც უკან მიჰყვა და საძინებლის ზღურბლთან შე­ჩერდა.
    – გთხოვთ, ქალბატონო კლარისა, აქეთ შემომყვეთ ორიოდ წუთით… მე მსურს ბოლო სიტყვა მოგახსენოთ და მივიღო თქვენგან გადამწყვეტი პასუხი…
    – შეჰყე, კლარის! – გაჰკრა მაიკომ იდაყვი კლარისას. – ორ სიტყვას გეტყვის და მორჩა.
    – ვიცი მე მაგის ორი სიტყვა… – ლამის ატირებული მიუტრიალდა კლარისა სამხედროს. – ანდრო, როგორ მიყვარდა მოწესრიგებული მა­მაკაცები და როგორ შემაზიზღე, როგორ?!.. – ამოიგმინა იქვე და ფეხზე წამომდგარი საძი­ნებლისკენ გაემართა.
    – ხომ არ შეგჭამს, ტო?.. – მხრების ჩეჩვით დაადევნა ერიკომ კლარისას. – კაცი ახალ წელს მოვიდა. თან პაგონებშია… დავინახე თუ არა, კბილმაც ეგრევე გამიარა. რამე უნდა ჩავიფიქრო… არა, მაი?
    კლარისამ ხელი ჩაიქნია და სევდიანი სახით ბნელ საძინებელში შეაბიჯა. მას პოლკოვნიკიც უკან მიჰყვა და საძინებლის კარიც ხმაურით მიიხურა. ერიკომ და მაიკომ ერთმანეთს შეხედეს.
    – ვერ არიან ესენი, ხომ იცი? – გაშალა ხელები ერი­კომ და პოლკოვნიკის გამოსაჯავრებლად ქუსლი ქუსლზე მიირტყა. – ვახ, ჩემი კააიი! – გა­იხედა თან კედლის საათისკენ და ტაშიც შემოჰკრა. – დგება უკვე, ტო. – თქვა იქვე და შამპანურის გაუხსნელ ბოთლს დასწვდა. მაიკომ სხვა ბოთლი მოიხელთა და ორივემ თავის ბოთლს დაუწყო გახსნა.
    გარედან საახალწლო ბათქა-ბუთქის ძლიერი ხმა შემოიჭრა. ამ დროს ორივე ბოთლმაც საშინელ ხმაზე იფეთქა და ერიკო და მაიკო მაღალფეხიანი ჭიქების ქაფით ავსებას შეუდგნენ.
    – ვახტანგურად, ოღონდ! – თქვა მაიკომ.
    – მაგაზე მიწყენინებია როდისმე? – დაეთანხმა ერიკო.
    მკლავებით ერთმანეთზე გადაჭდობილ მაი­კოსა და ერიკოს ბოლომდე არ ჰქონდათ სასმისები გამოწრუპული, საძინებლის კარი ჭრი­ალით რომ გაიღო და იქიდან სახეშეშლილი კლარისა ტაქსაშვილი გამოვიდა.
    – რა მოხდა, კლარისა? რა გიქნა იმ პირუტყვმა?! – ანთებული ეცა მაიკო დაქალს.
    – არა… არა… – ჩურჩულებდა კლარისა და სახეზე ფერი აღარ ედო.
    – რა არა, კლარისა?! – ლამის ძალით დასვა სკამზე ერიკომ კლარისა და საძინებლისკენ შფოთით გაიხედა. შემდეგ სწრაფად მივიდა საძინებლის კართან, შიგნით ხელი შეჰყო, შუქი აანთო, შეიხედა და უკან გველნაკბენივით გადმოხტა.
    – რა მოხდა, რა?! – დაუკივლა მაიკომ ერიკოს და უეცრად მიხვდა, რომ სახლში რაღაც ძალიან ცუდი რამ ხდებოდა.
    ერიკოს მაგივრად მაიკოს კლარისამ უპა­სუხა:
    – ანდრომ თავი მოიკლა…
    – რა ქნა? – ყბა ჩამოუვარდა მაიკოს და სკამზე დაეშვა.

    8.
    აქ ყველა ოთახში სინათლე ენთო. აულაგებელი სუფრა დიდ ოთახში იმას ნიშნავდა, რომ ბინის პატრონი ამ საახალწლო ღამით სადღაც იყო გასული. დრო რომ არ დაეკარგა, ნუკრიმ სასწრაფოდ ჩამოუარა უჯრებს, მაგრამ სახეიროს ვერაფერს მიაგნო. კარადებზე გადასვლა რომ დააპირა, სწორედ ამ დროს მოესმა აბაზანიდან ხმა.
    “ეუჰ!..” – უსიამოდ გაჰკრა ნუკრის, იმწამს ცივმა ოფლმა დაასხა და თავისი გუდიანად ფან­ჯარასთან, სქელი ფარდის უკან აღმოჩნდა.
    აბაზანიდან ხმაური ისევ მოისმა, კარი გა­იღო და ფარდის უკან მდგომი ნუკრიც მოუ­ლოდ­ნელობისგან კინაღამ ადგილზე ჩაიკეცა, რო­დესაც აბაზანიდან შიშვლად გამოსული ახალ­­ნაბანავები ქალი დაინახა. ქალი ჯანმრთელი თეძოების რხევით მივი­და სუფრასთან, იქიდან სანთებელა აიღო და სიგარეტს მოუკიდა. ნუკრიმ ნელ-ნელა გაცხე­ლება იწყო და გულიც მთელი ძალით აუბაგუნდა საფეთქლებში. ყველაფერი კარზე ზარის ხმამ შეცვალა. ნუკრი უცებ დამიწდა და რაფას გუ­ლაძ­გერებული მიეყუდა. ფარდებს შორის ღრიჭოდან მთელი დიდი ოთახი ჩანდა.
    ზარის ხმაზე ქალმა სასწრაფოდ შემოიცვა შიშველ ტანზე ხალათი და კარის გასაღებად გავიდა. რამდენიმე წამში დიდ ოთახში იგივე ქალი, გამხდარი კაცი და ვიღაც სახეგაზეთილი მელოტი მამაკაცი შემოვიდნენ. მელოტს ხელში შავი კეისი ეჭირა.
    – მარგოუ, გაიცანი და შენებური სუპერ-კლასიკო კოფეც შემოგვიგდე, ხომ? – მიუტ­რიალდა გამხდარი კაცი მარგოს. – დიადი პერსონა, არ გეგონოს ნონ-გრატა! პირიქით, პერსონა-ვივა! ჩვენი სამორინეს ბოსი და უაღრესად ალტრუისტი პიროვნება… – გამხდარმა ხელი მე­ლოტისკენ გადაიშვირა და შეეტყო, რომ არც სა­ხელი იცოდა მელოტის, და მით უმეტეს გვარი.
    – ისევ იგივე, სერგი?! – ამრეზით აათვალიერა მარგომ ჯერ სერგი და მერე სამორინეს მეპატრონე.
    – მარგოუ, მე ყველაფერს აგიხსნი, ჩემი სულის ღრუბლისფერო მტრედო!
    – მარგო! – გაუწოდა ხელი მარგომ მელოტს ცივად.
    – არგჰრ!.. – ამოიგრგვინა თანხმოვნები მელოტმა, მარგოს ხელი მოულოშნა და შავ კე­ისთან ერთად იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა.
    მარგო სამზარეულოსკენ გაემართა. სერგიმ დიდ ოთახს მოხდენილად დაარტყა წრე და მელოტს თავზე ნაძალადევი ღიმილით დაადგა.
    – თითო თიურქიშ კოფეც და ყველაფერი კონგენიალურად იქნება!
    – არგჰრ!.. – ისევ გაუგებრად ამოიგრგვინა მელოტმა და თავი დააქნია.
    – არ გეწინააღმდეგებით!.. რაღა თქმა უნდა წაგებულს უწინარეს ყოვლისა ჩაბარება უხდება! – გაშალა ხელები სერგიმ.
    ცოტა ხანში მარგო სამზარეულოდან ლანგრით ხელში გამოვიდა და ყავიანი ჭიქები დაბალ მაგიდაზე დაანაწილა.
    – ერთი სეკუნდით, მარგოუ! – თითით მიიხმო სერგიმ მარგო ფარდასთან და ისიც გამეხებული სახით წავიდა მისკენ. ფარდისგან, ანუ ნუკრისგან სადღაც ნახევარ მეტრში შეჩერებული სერგი მარგოს მიუტრიალდა და შეთქმულივით აჩურჩულდა.
    – ისევ ვიღუპები, მარგოუ… თავი მაქ მოსაკლავი… უნდა მაპატიო!
    – მერამდენედ, კი მაგრამ, სერგი?!
    – ისევ რისკზე წავედი, მარგოუ… სულ დავეცი… შენ ხომ მაინც გესმის, როგორ ვიტანჯები…
    – სერგი, ერთხელაც იქნება ჩემი ხელით მოგკლავ! – გამოსცრა კბილებიდან მარგომ. – სიცოცხლე ჰქვია ასეთ ცხოვრებას?
    – მეტი რა ვიცი, ეგ თუ არ ვიცი!.. ამ ერთხელაც, მარგოუ, და ფიცს ვდებ მტკიცეს, რომ ეს აღარასდროს განმეორდება… გემუდარები…
    – იდიოტი ხარ, სერგი? რას უკეთებ ამხელა ადამიანი საკუთარ თავს?!
    – რა ვიცოდი, მარგოუ… გუშინდელ მრავალპიქსელიან სიზმარს ავყე და მეგონა ფორტუნა ახლა მაინც იქნებოდა ჩემკენ… არაფრით მოვიდა კარტი… სულ დამები და ვალეტები! მაინც არ…
    – სერგი… ხომ გახსოვს, რომ მე შენი გულისთვის ჩემი კარიერა მივატოვე!
    – მარგო, ოღონდ შენ არ ამიყვირდე… ჩემო უგვრიტესობავ!.. ოღონდ შენ არ…
    ფარდის უკან მდგომ ნუკრის სუნთქვა ჰქონდა შეკრული და არაფერი ესმოდა.
    – სერგი, შენ მართლა სამკურნალო და არანორმალური ხარ…
    – ამ ერთხელაც, მარგოუ… ამ ერთხელაც… თორემ წაიღებს მთელ დანაზოგს მტარვალი… გემუდარები, მარგოუ! თქვი, რომ – კი. უკვე შევუთანხმდი… ნუ გამაწბილებ ამ ერთხელაც… ბიტნიკურად და ჰიპურად შეხედე საგანს, მარგოუ… ეს ბოლოა! გარწმუნებ!
    – სერგი, ეს უკვე მესამეა, ამ კვირაში!
    – მარგოუ, მართლა თავი მაქ მოსაკლავი… კი არ ვიცი – რითი…
    – მართლა იდიოტი ხარ სერგი?
    – მე სხვანაირად არ შემეძლო, მარგოუ! ჩემი სინდისი ამდენს ვერ გაუძლებდა! რუსთავის ფოლადის კი არ ვარ… კონი ბოლომდე გავზარდე, ყველაფერი დავდე, ამ ოსმალო პირუტყვმა კიდევ, შენზე თამაში შემომთავაზა… მეგონა ფორტუნა გადმომხედავდა და მაინც წავაგე, მარგოუ… მერე ისევ მოვიგე და გამოგისყიდე… მესამეც შემომთავაზა და ისევ გავრისკე, მარ­გოუ, ოღონდ ამჯერად შენ ვეღარ გაგრისკე და ჩემ თავს ჩამოვედი… ისევ წავაგე, მარგოუ! თუ არ დავთანხმდი წაგებულის ჩაბარებაზე, თავი აღარ გამომეყოფა მაღალ წრეებში… მთელი ჩემი ოფლით ნაღვაწი იმიჯი წყალში იყრება… – სერგი აქ მუხლებზე დავარდა და მარგოს ფეხებზე მოეხვია. მარგომ ხელი ჩაიქნია, სერგი ცივად მოიშორა და სამზარეულოსკენ წავიდა. თვალს რომ მიეფარა, სერგი ფეხზე წამოიჭრა და მელოტს მივარდა.
    – როგორც მოვილაპარაკეთ…
    – არგჰრ… – დაიგრგვინა მელოტმა, ყავა ბოლომდე გადაჰკრა და საძინებლისკენ გაიხედა.
    – მიბრძანდით, ბატონო… როგორც თქვით, ჩემი სხეული მთელი საათის განმავლობაში თქვენ განკარგულებაშია!.. აგერ დრო დავინიშნო… ამის სანაცვლოდ მე ვთავისუფლდები ჯარიდან… – სერგიმ უცებ შემოიძარცვა სამოსი და საძინებლისკენ დედიშობილად წატანტალდა.
    – არგჰრ… – კიდევ ერთხელ ამოუშვა თან­ხმოვნები მელოტმა, ქამარი შეიხსნა და შავ კეისთან ერთად საძინებლისკენ გაემართა.

    9.
    – რა უნდოდა?.. რატომ?.. რატომ? – მოთქვამდა საახალწლო სუფრასთან კლარისა ტაქსაშვილი და ცრემლად იღვრებოდა. – სულ იმას მეუბნებოდა, მიყვარ­ხაროო… არანორმალური ეგა… სულ თვალებში შემომციცინებდა… დიდ ჰარმონიაში უნდა შევი­დე­თო… დამდევდა ყველგან… ყველა ჩემი ნაბიჯი იცოდა. სასეირნოდ ვერ გავდიოდი, ზოოპარკში რომ არ დამხვედროდა. ერთხელ გულწასული მომასულიერა და იმის მერე აღარ მეშვებოდა. რაღაც გაუთავებელ სისულელეს მიყვებოდა აბებსა და უკვდავებაზე. რა უნდა მეთქვა, რა?!.. ყველაფერი შენთან ერთად და თავიდან უნდა დავიწყოოო… ყველაფერი მომ­ბეზრდაო… ისეთი უცნაური ლაპარაკი იცო­და, ისეთი. თან სიტყვას არ მაცლიდა. როგორ დავთანხმებოდი, როგორ?.. დეგენერატი ეგა… შენთან უნდა გადმოვიდე საცხოვრებლად და ახალი ქართული წმინდა ოჯახი შევქმნათო… რა ოჯახი, რის სიყვარული ბაბუაჩემისხელა კაცთან… არა-მეთქი, სულ ცივ უარზე ვიყავი! რა ნამუსით მეთ­ქვა – კი… ხომ მართლა იზამდა, რასაც აპი­­რებდა. ღმერთო. ეგ რა ქენი, ანდრო… ეს რა უბედურებაში გამხვიე, შე უბედურო, შე­ნა… ახლაც ეგ მითხრა – ჩვენ ერთად უნდა ავმაღლდეთო, სიცოცხლეზე მაღლა დავდგეთო… რა უნდა მეთქვა?.. არა-მეთქი. მემუდარებოდა, შენ ჩემი ბოლო შანსი ხარო… მეხვეწებოდა, ყელს იგლეჯდა, ნუ მკრავ ხელსო. ნუ დამღუ­პავ, კლარისაო. ყველაფერი მომბეზრდაო… ბოლო აბი მაქვს ჩემთვისო. სიყვარულის გამო მივიღებ და ერთმანეთს მივუ­ახლოვდეთო. ღმერთო, დიდებულო, როგორ უნ­და დამეჯერებინა ეს სისულელე… თან ანა­ლურადო. ეს რა დღეში ჩამაგდე, ანდრო. არა-მეთქი, გადაჭრით ვუთხარი და სულ გადათეთრდა – უკანასკნელად გეკითხები, შენი თანხმობა მინდაო… რა უნდა მეთქვა, რა?!.. არა-მეთქი, რომ ვუკივლე, ხმა არ ამოუღია, თვალები გადაატრიალა და თავი დამიკრა. მერე ზურგით დამიდგა და მეგონა ტიროდა. იმან კი­დევ, პისტოლეტი ამოიღო და შიგ გულში და­იხალა… ვაიმე, ღმერთო…
    – კი მაგრამ, სროლის ხმა? – იკითხა გაოგნებულმა მაიკომ და თვალიც მაშინვე ხმა­ურით გახსნილი შამპანურის ბოთლებისკენ გა­ექცა.
    კლარისა ისევ ქვითინებდა, ერიკო მთელი სხეულით თრთოდა და ხანგამოშვებით თვალს საძინებლისკენ აპარებდა, სადაც მკვდარი პოლ­კოვნიკის ცხედარი ეგდო.
    გადაწყვეტილება პირველს მაინც ერიკოს მოუვიდა თავში:
    – სმენა იყოს ახლა და გაგონება!.. და მე როგორც ვიტყვი, ზუსტად ისე იქნება! დრო არის, ვიდრე ნუკრი მობრუნებულა… მაიკო! სას­წრაფოდ პოლის ჯოხი მოიტანა და სისხლი მოწმინდა… ცხელ წყალში დაასველა ტილო… ფხვნილი უქნა წყალს, ლაქა რომ არ დარჩეს…
    – ახლავე, უფროსო! – გაიქცა აბაზანისკენ მაიკო და იქიდან მალევე გამოსული საძინებელში შევარდა.
    ერიკო სკამზე მჯდომ აცრემლებულ კლარისას მიუტრიალდა.
    – ტირილი მერე იყოს! შენ მანქანით უნდა იყო!
    – არ ვიცი, არა… დიახ!
    – რა მანქანაა?
    – არ ვიცი… არა, ვიცი – ახალი “რენაულტი”!
    – დონე პასუხია! ეს ვაჟბატონი სად ცხოვრობს, იცი?
    – მგონი ვიცი…
    – კერძო სახლია თუ კორპუსი?
    – მეცამეტეზე ცხოვრობს!
    ამ დროს ოთახიდან მაიკო გამოვიდა და ხელი სამხედროსავით მიიტანა საფეთქელთან.
    – ლაქა მორეცხილია, უფროსო!
    – შემდეგი ნაბიჯი! – ასწია საჩვენებელი ერიკომ. – ახლა ვდგებით და ვითომც აქ არა­ფერი მომხდარა, ჩაგვაქვს ანდრო ეზოში, ვდებთ უკანა სიდენიაზე, მიგვაქვს მისამართზე, გადავიტანთ ლიფტში… იმედია ლიფტი მუშაობს? – მიუტრიალდა ერიკო კლარისას.
    – არ ვიცი, მე სხვაგან ვცხოვრობ… – ამოიქვითინა Kლარისამ.
    – თორემ მოგვიწევს სადარბაზოში დატო­ვება… – განაგრძო ერიკომ. – და თუ ლიფტი მუშაობს, მაშინ შევსვამთ საცოდავს იარაღიანად კაბინაში და მივაჭერთ თითს მეცამეტე კნოპკას. გასაგებია ყველაფერი? დრო კიდევ გვაქ. ერთი საათი არი. სისხლიან ტილოებს მერე დავწვავთ… პოლის ჯოხი კარგად გარეცხე… კითხვები არის? თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემის დრო აღარაა. ჰარვი კეიტელს რა ჰქვია იმ კინოში, მაი?
    – ვულფი, ერიკ!
    უცებ მოხაზული გეგმა მალევე შესრულდა – ეზოში ჩუმად ჩატანილი პოლკოვნიკის გვამი კლარისა ტაქსაშვილის პრიალა მანქანაში ჩადეს, მერე მანქანაში ჩასხდნენ და კლარისას მიერ მითითებულ მისამართზე გაეშურნენ.
    – იტალიელებს ახალი წლის ღამეს სახლიდან უსარგებლო ნივთები გააქვთ და ყრიან… – მოიკვნიტა ტუჩი გზაში ერიკომ.
    – ცუდათ მინდა ვიყო… – აღმოხდა მაიკოს და თვალები მოისრისა.
    კორპუსს მიახლოებულებმა მანქანა შეაჩერეს და დაელოდნენ. ხალხი აქა-იქ კანტი-კუნტად დაბარბაცებდა. შორიდან ისევ ფეირვერკის ხმა ისმოდა.
    – წავიდა… – თქვა უცებ ერიკომ და მანქანის კარი გამოაღო.
    მაიკომ და ერიკომ ცხედარი სწრაფად შეიტანეს სადარბაზოში, დიდი ლიფტის კაბინის კუთხეში მიაჯინეს და ხელში მისივე პისტოლეტი დააჭერინეს. მერე ერიკომ მეცამეტე სართულის ღილაკს მიაჭირა თითი.
    ლიფტის კარები ხმაურით დაიხურა და პოლკოვნიკ პოლიგლიშვილთან ერთად გუგუნით დაიძრა ზემოთკენ. პირველ სართულზე დარჩენილმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედა და ერთდროულად ამოისუნთქა.

    10.
    ფარდის უკან მდგარი ნუკრი ერთიანად კანკალებდა. ხალათმოსხმული მარგო იმავე სასტუმრო ოთახში ბოლთას მოუსვენრად სცემდა. ცოტა ხანში ნუკრიმ ფარდის ღრიჭოდან დაინახა, რომ მარგომ რამდენიმე წამს ყურადღებით უსმინა საძინებლიდან გამომავალ ჭრიალს და ხვნეშას. მერე ერთბაშად სახემონგრეულმა საფეთქლებზე მიიჭირა ხე­ლის­გულები და კაი ხანს ასე იდგა. შემდეგ უცებ მოეშვა, საათზე გახედა, ხელი ჩაიქნია, კედელზე ჩამოკიდებულ ნახატთაგან ერთ-ერთს მიუახლოვდა და ნახატს ხელი მიაჭირა. ნახატი კარივით მოშორდა კედელს და მის უკან ნიშა გამოჩნდა. ნიშაში დასტებად ელაგა ფული. მარგომ ნიშაში ხელი ღრმად შეჰყო და იქიდან მაყუჩიანი იარაღი გამოიღო. მერე ნახატი ისევ კედელთან დააბრუნა, საძინებლისკენ გაიხედა და იარაღით ხელში იქითკენ დაიძრა.
    რამდენიმე წამში ბინაში ორი გასროლის ხმა გა­ისმა. ფარდის უკან მდგომი ნუკრი ორჯერ შეხტა და ისევ მი­ა­ყურადა. საძინებლიდან ჩამი-ჩუმი აღარ ისმოდა. ნუკრი მიხვდა, რომ უნდა ეხელთა, ამიტომ გასამხნევებლად ჯიბიდან პირში სასწრაფოდ საღეჭი რეზინი იტუცა და ფარდიდან გამოსული ის იყო ბინის კარისკენ აპირებდა ჩუმად წასვლას, რომ ერთი-ათად შეთამამებულს მზერა მაინც ნახატისკენ გაექცა.
    ნუკრიმ თვალი საძინებლისკენ გააპარა, საიდანაც უკვე არანაირი ხმა აღარ გამოდიოდა; შემდეგ ნახატს მივარდა, ხელი მარგოსავით მიაჭირა, გამოაღო და შიგთავსი მთლიანად გუდაში ჩააპირქვავა. მერე ნიშა უკან მიკეტა, შემოსასვლელი ფეხაკრეფით გაიარა, კარი ფრთხილად გააღო და სადარბაზოში აღ­მოჩ­ნდა. მეცამეტე სართულის ლიფტის კარი ღია იყო.
    კაბინაში შევარდნილმა ნუკრიმ პირველი სართულის ღილაკს თითი მთელი ძალით მიაჭირა და ცივოფლდასხმულმა მაშინღა შეამჩნია დიდი ლიფტის ბოლოში მიმჯდარი მკვდარი სამხედროფორმიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში პისტოლეტი ჩაებღუჯა.
    “ჩემი კაი…” – გაუელვა ნუკრის გუნებაში და ჩამავალი ლიფტის კედელს ზურგით მიეყუდა.
    ლიფტი გუგუნით მიიწევდა პირველი სართულისკენ. ნუკრი შეშლილი სახით იყურე­ბოდა პოლკოვნიკის ცხედრისკენ და მაშინღა გამოფხიზლდა, როდესაც პირველი სართული ბაქანიდან მხიარული კომპანიის ხორხოცი მოესმა. “შენ თუ მიშველი, ღმერთო!” – ერთი გაიფიქრა ნუკრიმ და უცებ მოიაზრა, რომ ერ­თადერთი გამოსავალი ჰქონდა – ამიტომ პოლკოვნიკი უცებ წამოაყენა ფეხზე, მისი პისტოლეტი ჯი­ბეში ჩაიდო და სამხედროფორმიანის მკლავი მხარზე გადაიკიდა; მერე თავადაც მხარზე გა­დახვია ხელი და კაბინის კარი გაიღო თუ არა, როგორც კაი გალეშილმა უგონოდ მთვრალი, ისე გაახოხიალა პოლკოვნიკი ლიფტიდან.
    “ვაააა, გილოცავთ თოვლის ბაბუ, გილო­ცაავთ!!” “მრავალს დაესწარით, მრავალს, საქართველოს არმიავ!” – ჟრიამულით უტენიდნენ ნუკრის და პოლკოვნიკ პოლიგლიშვილს შეზარხოშებული დამხვდურები ჯიბეებში ნაირ-ნაირ კანფეტებს. ნუკრიმ მხარზე ხელგადახვეული ცხედარი ძლივს მიათრია სა­დარ­ბა­ზოსთან მდგარ მაიკოს წითელ “ჯიპთან” და უკანა სკამზე შეაწვინა. მერე საჭეს მოახტა, მან­ქანა მოქოქა და ადგილიდან დაძრა. შემდეგ, პირიდან საღეჭი რეზინი გამოიღო, ტრადიციისამებრ ყურთან აიწება, მობილური ტელეფონი ჩართო და სახლში გადა­რეკა. ყურმილი მაიკომ აიღო.
    – მაიკო, მგონი დავიღუპე! – თქვა ნუკრიმ დავარდნილი ხმით.
    – ჩემი მანქანა მიალეწე?! – მოესმა ტელე­ფონში მაიკოს ნაძალადევი ხითხითი და ზეაწეული ტონი.
    – არა, რა მანქანა!.. მანქანა კარგადაა. და ყველაფერიც კარგადაა. მაგრამ… რაღაც ცხედარი ავიკიდე.
    ხაზის მეორე ბოლოში რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე მაიკომ ცივი ხმით იკითხა:
    – რა რაღაც ცხედარი აიკიდე, ნუგზარ?
    – რეავი… ვიღაც სამხედრო გენე­რალია იარაღით. თავი დაუბრედია ლიფტში. ხომ ვამბობ, პაგალოვნი დეპ­რესიაა ქვეყანაში. რომ შევედი და მივაჭირე პირველ სართულს, მერე დავინახე. თან გავიგონე, ხალხი ელოდებოდა ლიფტს ქვემოთ. ეგრე რომ დამეტოვებინა, ხომ შარებში გავყოფდი თავს?
    – ნუგზარ, მე და შენ ერთ ოჯახში გავიზარდეთ! მე მაინტერესებს, შენ ვინმემ ჩვენს ოჯახში გასწავლა, ყველაფერი უნდა აიღო, რაც ცუდად დევსო? დააბრუნე ახლავე იქ, საიდანაც აიღე, თორემ რომ მოხვალ, მოგამტვრევ მაგ ხელებს!
    – ხალხია იქ, მაი. დებილი კი არ ვარ… რა ავიღე. როგორც ცოცხალი, ისე გამოვიყვანე…
    – არ ვიცი მე არაფერი. აქ არ მოგვიყვანო! ახალი წელია, თუ მკვდრების პარადი, ვერ გავიგე მე?

    11.
    – მე ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც მაიკომ მირჩია. კიდევ კაი, უკან მიბრუნებულს ის დაწყევლილი სადარბაზო ცარიელი დამხვდა. კორპუსის წინაც არავინ ტრიალებდა. ბევრი არ მიწვალია. სამხედროფორმიანი უკან შევათრიე, კოხტად დავსვი და ცხვირსახოცით გაწმენდილი იარაღი ისევ ხელში დავაჭერინე.
    ზემოთ რა მოხდა, რას ნიშნავდა ის ორი გასროლა, არ ვიცი. ისე, რამდენიმე ვარი­ანტია. ალბათ ქალმა ჯერ ის გაზეთილი თურქი მიაბრიდა და მერე ქმარი. არის მეორე ვარიანტიც – რომ ერთი გასროლით, ანუ “სკვაზნოითი” ჯერ ორივე მოკლა, და მერე თავი მოიკლა. პირიქით არ გამოდის. მკვდრები არ ისვრიან. ეს უფრო დამაჯერებელია, იმიტომ რომ საძინებლიდან არავინ გამოსულა. თავიც რომ არ დაებრიდა, ალბათ არ გამოდიოდა მისთვის – ციხეში წასვლა რომელი ქალისთვისაა სასი­ამოვნო… ქალების ზონაც ხომ ზონაა. თან ეტ­­ყობოდა, რომ ყველაფერი ყელში ჰქონდა ამო­სული. რა ყრია ისე ეგეთ ცხოვრებაში? ხან შენ თავს აგებს ქმარი კაზინოში უცნობებთან და ხან საკუთარ ტრაკს. ზემოთ მომხდარის სხვა ვარიანტებს აღარ განვიხილივავ, იმიტომ რომ უამრავია. მაგათზე სხვებმა იფიქრონ.
    უკან გამოქცეულს და სახლში დაბრუნებულს, ბინაში ზომაზე მეტად ალაპარაკებული ერიკო, ზომაზე მეტად აჟიტირებული მაიკო და ვიღაც მაგათი ძველი კლასელი, ზომაზე მეტად დადუმებული და თვალებაწითლებული კლარისა დამხვდნენ.
    სადღეგრძელოებში გავათენეთ ღამე. ვინ აღარ ვადღეგრძელეთ – ქალი და კაცი, დიდი და პატარა, წარმატებული და გაჭირ­ვებული, ნიჭიერი და უნიჭო, დღე და ღამე, ცა და მიწა, მკვდარი და ცოცხალი. ყველა.
    თითქოს ზემოდან ნიშანივით იყო ჩემთვის ამ წლის ეს ბოლო, სამასსამოცდამეხუთე დღე, და მე უკვე ვიცი, რომ ამ დღეს გარეთ გასვლებზე კაი ხნით ვთქვი უარი.
    კაი ხანი რამდენია? ეგ აღარ ვიცი – ალბათ იქამდე, ვიდრე ეს ფული გამოილევა. მით უმეტეს, რომ მეორე დილით საძინებელში, ჩემ საწოლთან რაღაც აბი ვიპოვნე, გამოვიტანე და მაიკოს და ერიკოს ვანახე.
    – ეს საიდან?
    ერთმანეთს შეთქმულებივით გადახედეს. მერე აბი ერიკომ ზუსტად სამზე გაჰყო და სამივემ ჩვენ-ჩვენი დოზა ჩავყლაპეთ.
    არაფერი ისეთი. მე საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი, ერიკო და მაიკო კიდევ იმის შემდეგ ძა­ლიან ხალისიანად, სიცილ-კისკისში ატარებენ დღეებს: გაუთავებლად თამაშობენ ნარდს და ზედ ქიშმიშს აყოლებენ.
    მოკლედ, ეგრე.
    ასეთია თუ ისეთი, ცხოვრება მაინც გრძელდება – ყველა არანორმალური ისევ ნუკ­რის მიძახის ძველებურად. ეგ კი არა, უკვე ჩემი დაც მაგ ჭკუაზეა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ოლესია თავაძე – გადამცდარნი


    ფრაგმენტები წიგნიდან “სევდიანი ჩანაწერები”

    ქრისტეფორე

    ფარავანი დიდია, მშვიდი, ყველას განბანს, მონათლავს: ქართველს, სომეხს, დუხობორს – ცივია და განურჩეველი.
    ქრისტეფორე! ხალხში დარბის, ირევა, პრინცად ქცეული მდაბიო. იფერებს, უხდება ტანზე შავები, თეთრი ფეხსაცმელი, თეთრი შლაპა. პლასტიური, გრაციოზული, გრძელი მკლავები, თხელი მტევნები, თლილი თითები, ნუშის თვალები შავი, წყვდიადი, და თეთრი ცხვირსახოცი.
    ქრისტეფორე! ტრაპეზი: ჯური, ჰაცი, პანირი, გინი. ვაზის ფოთოლი და ტოლმა, ტოლმა. შია, ტოლმა მუშტში უჭირავს, მკლავებზე ცხიმი ჩამოსდის, ტოლმიანი თითით ცხვირს იწმენდს, ფრჩხილები შავი, სახე ცხიმიანი, თეთრ შლაპას იხდის, მრგვალი, არიული თავი, შავი თმა, ტოლმიანი ხელით თმას ისწორებს, სცივა, გალურჯდა, ვერ გრძნობს, მიჩვეულია, ფეხსაცმელს დახედა, თეთრი ცხვირსახოცით გაიწმინდა.
    ქრისტეფორე! დღეს პრინცი, ხვალ მდაბიო! ისევ სანაგვე, ცარიელი ბოთლები, სიცივე, უღიმღამო ქალაქი, ლოთი დედა. არც თეთრი შლაპა, არც თეთრი ფეხსაცმელი, არცა ტრაპეზი, არც ვაზის ფოთოლი, არც თეთრი ცხვირსახოცი.
    ქრისტეფორე!
    ფარავანი დიდია, ცივი და განურჩეველი, ყველას განბანს, ყველას მონათლავს, ყველას დაიტევს.

    ბეთლემის ვარსკვლავი

    მოკლეა ჩვენი მეხსიერება. ერთი თაობის წყვეტაა საჭირო, რომ ყველაფერი დროს ჩაბარდეს. ტოპონიმები თუ შეგვინახავენ წარსულის კვალს: შახტსტროი, იმელი, ანდროპოვის ყურები, კიროვის პარკი – იმ დროის კვალია, როდესაც კიროვი ვინ იყო, ბავშვმაც კი იცოდა და იოანე ღვთისმეტყველი მაშინდელმა კი არა, ბევრმა დღევანდელმა მორწმუნემ ნათლად არ იცის.
    სწორედ იმ დროს, იმელის შენობასთან ანდროპოვის ყურების მიმართულებით ქალი მიდიოდა, წელში მოხრილი, ზურგზე ჯვარმოკიდებულივით, პირველ შეხედვაზე ეგრეც იფიქრებდი, ჯვარი გეგონებოდა, და ჯვარიც იყო – დამბლადაცემული შვილი. ყველა დროის ნორმალური ობივატელი ზურგზე კაცმოკიდებული ქალის დანახვაზე, ავარიას, უბედურებას იფიქრებდა. ასეც ფიქრობდნენ და მანქანებს უჩერებდნენ. ქალი მანქანაში არაფრით არ ჯდებოდა. მადლიერებით უარს ამბობდა. რუსი იყო და რუსულად პასუხობდა:
    – Спасибо, сынок! Недалеко иду, к Иоанну Богослову, Сказали, близко это.
    რუსთაველიდან კიროვის პარკამდე რა გაუჭირვებდა (სადაც თურმე იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია ყოფილა), როდესაც შუა რუსეთიდან, ასე, ფეხით, შვილმოკიდებული მოდიოდა. მოდიოდა წმინდა ადგილებში, წმინდა ტაძრებში, ლოცვა-ვედრებით, რწმენით სასწაულქმედი ძალისა, იმედით შვილის ფეხზე დაყენებისა.
    – Где придется сынок, спим на паперти. А хлебушек? Люди добрые везде есть. Христос за нас понёс и мы снесём. Храни вас Господи! ასე დაგლოცავდა, და გზას ადგებოდა, თავისი ცხოვრების გზას. ასეთი ტერტულიანესებური აბსურდი რწმენისა, თუ რწმენა აბსურდისა თუ შეგაძლებინებს შეუძლებელს, თუ დააყენებს ფეხზე დამბლადაცემულს. ჩვენ კი იმ დროშიც და ყველა დროს, შეგრძნება გვქონდა, რომ იქით, მთის გადაღმა არ გვახედებენ. და ეს “მთის გადაღმა” – ცა ყოფილა ჩვენს თავზე და ცაზე ბეთლემის ვარსკვლავი.

    გიჟი მარინა

    სოლოლაკის ქუჩების გზაჯვარედინზე, მანქანების სავალ გზაზე ზის ქალი, სახლიდან გამოტანილ ზურგიან სკამზე, მხედარივით ფეხგაშლით შემომჯდარი.
    ცალი ხელი კვერთხივით ყავარჯენს ეყრდნობა, მეორე – ლარივით გასწორებული, მათხოვრობს, უფრო “მოთხოვრობს” (“მოთხოვნის” სემანტიკიდან გამომდინარე). გზისგასაყარის მესაზღვრეა, მეხარკე, ცნობიერი და ურცხვი. სირცხვილისაგან სახეწაფარებული მათხოვრობა, ფეხთ ბეჭდური ასოებით დაწერილი ახსნა-განმარტებითი ბარათით, მარინას არ ეკადრება, არც სჭირდება – ყველამ იცის ვინ არის “გიჟი მარინა”. ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს კინოთეატრის სიბნელეში მისი გოეთესებური შეძახილი – შუქი აანთეთ! ანთებული შუქი და შუაგულ დარბაზში ქალი, ღვინით სავსე ჭიქით ხელაღმართული, ახსოვთ მისი დამლოცველი სადღეგრძელო, ისევ შეძახილი: ეხლა ჩააქრე! ჯერ კიდევ ახსოვთ მისი ბოზობაც. საზღაურისას კი თვითონ მოგიყვება გზაგამოვლილის დიდაქტიკური სიბრძნით.
    მისი თანამდევი მის თანამოლხინეებს თუ ახსოვთ, თორემ ღერძული ფეხმოტეხილსაც არ გასტყდომია.
    ამაყია, შეუვალი, თუ მართლა გიჟი?

    რუსი

    ვინმეზე თუ თვალი შეაჩერე, უკვე ურთიერთობები გილაგდება, და თუ ერთსა და იმავე ადგილზე გხვდება, იცი რომ დაგხვდება, უკვე ჩათვალე რომ იცნობ. აგერ რამდენი წელია, პეტრიაშვილის კუთხეში, სათნო უმოძრაო, თეთრი, რუსი ქალი ზის, კალთაში ჩახუტებული მშვიდი ბავშვი უზის და სცნობ, იცი რომ სამსახური არა აქვს, ფერი არ ადევს, საჭმელი უჭირს, წამალი, ბავშვს გამონაცვალი აცვია, ნაპოვნ სათამაშოს ათვალიერებს, იცი ან მარტოხელაა, ან კიდევ უარესი… შენს ფიქრს იკავებს, ზოგს ხვდები, ზოგს იგონებ. შეეგუები. და ერთბაშად – მეორე ბავშვიანად დაგხვდება. ეგეც თავისია თუ შეაჩეჩეს? რუსი დარდიანია, დარდს რაღას იმატებს. ღიზიანდები, მეორეს ჩააცქერდები, ესეც უფერო, ჩუმი. დრო გადის, თავისას შვრება. იცი, ორი ყავს, მაგრამ ცოტათი ღელავ, მესამეს ხომ არ ელოდება?

    ქართველი

    როგორ ვახსენო ამ მიმართებაში ქართული სიმღერის ღვთიური ჰანგები, როგორ წარმოვთქვა ქართული ნიჭის სახელი – ჰამლეტი?! მაგრამ მისი სახელიც ხომ ყოფნა-არყოფნას ეთამაშება და ბოლოს და ბოლოს ყველა ხომ ამ ქვეყნის შვილები ვართ. არა სადმე სხვაგან, არამედ საქართველოს შუაგულში, რუსთაველის მოედანზე ქართველი ბიჭი ზის, ყველაფრით ნაკლული, სმენითაც ნაკლული, ჩონგურზე უკრავს, დოლზე ფეხს აყოლებს და ქართულს მღერის, თავდავიწყებით, თვალებდახუჭული. მისი შემოსავლისაა ეს სიმღერა, მისი გაჭირვების. მაგრამ ქართველის ცხოველმყოფელი, მზიური ბუნება თავს იჩენს, იმარჯვებს, და მღერის ქართველი, ემღერება, მოსწონს სიცოცხლე, ნამღერიც, ნათქვამიც. ბედნიერია! ხრჩობის ბურთი ყელში გებჯინება, და არ გესმის, ვის დარდობ, ვისზე გეტირება.

    ნემო

    ერთ დროს კარგად მოშვებული წვერ-ულვაში ეჭვს იწვევდა – რა იცი რაა… იშვიათად თუ ვინმე იზამდა, თავისებური გამოწვევა იყო, მიმიკრიული ბუნების კაცს შეაწუხებდა მტრულად ცნობისმოყვარე მზერები. დიდ ხანს ვერ გაუძლებდა. ამ წვეროსანსაც ასე დაემართა.
    მაღაზიაში, მოლარესთან შელაპარაკებულს, უბნის პატენტიანი გიჟი გამოესარჩლა:
    – ამას წვერი რო აქვს გიჟი არ გეგონოს, მანქანა ყავსო!
    თითქოს აბსურდული მტკიცებულებაა, მაგრამ თუ ისევ დიაგნოზიანი გიჟი მიაგნებდა ასეთ უტყუარს! მეორე ის იყო, ავადმყოფს ექიმი რომ მიუყვანეს (არა ოჯახისა, ეხლა როა). ექიმი ავადმყოფის დანახვაზე აღფრთოვანდა და გამგებიანად ყურში ჩასჩურჩულა – მთელი ჩვენი პოლიკლინიკა თქვენთან არისო! იატაკქვეშეთში დამალული ნემო ბურჭულაძე ეგონა (მაგათი ფანი ყოფილა). ოჯახმა არ გაუტეხა, – კიო, ნემოაო, – პატრიოტული დაიჭირეს.
    წვეროსანმა ეგეც აიტანა, მაგრამ საკუთარ ცოლზე რომ ჰკითხეს – თქვენი ქალიშვილიაო? მოთმინების ფიალა აევსო და წვერ-ულვაში ალაგდა.
    ეხლა გიჟობას აღარავინ აბრალებს. გიჟობის პარამეტრებიც შეიცვალა და გიჟებით მომრავლდნენ.

    კაი ბიჭები

    ბიჭებმა სოფელს თავი შეაფარეს. შეშა დასჭირდათ, შესცივდათ. შეფარებულებს, იასნია, ლიმონკები ექნებოდათ. და აი, მაგ ლიმონკებს ხეებს ძირში უგდებდნენ და ფესვებიანად აყირავებდნენ. ამის გაგონებაზე, სხვას ვერ იტყვი – შთამბეჭდავია! დაჟე პოზიტიური ელფერით, ობრაზშია! (იასნია, ლიმონკები დაჟე, ობრაზშია – ასე ადრე ქართულად-რუსულად იტყოდნენ). აბა ამის გამკეთებლებს ბირდაბირებით ეხერხათ – იმენნა ობრაზში ვერ იქნებოდა.
    ისე კი, გეგონება, ვაჟა Fფშაველა ჩვენსკენ არც გაჭაჭანებულა.

    მისტიკოსები

    ზამთარი, მოსკოვი, 40-გრადუსიანი ყინვა, ქალაქი გადარბენაზეა – მაღაზიიდან მაღაზიამდე, ტროლეუბუსიდან – მეტრომდე, ნებისმიერი სეირნობა – летом, летом.
    და ამ სირბილში, უცებ, აუჩქარებელი ტრიო – ორი “ლეტნად” ჩაცმული ბებერი და ჯაჭვით გამობმული შავი კატა. ამისთანა სანახაობა ზაფხულშიც, “მუხის ირგვლივ ოქროს ჯაჭვზე მოსეირნე კატის” ქვეყანაშიც კი, საშვილიშვილოდ დაგამახსოვრდებოდა:
    ბებრები, ორივე შავ ხავერდში თეთრი ჟაბოებით, კაცს ამასთან ფეხზე მოტმასნილი ტრიკო, დარტანიანისებური ჩექმებით, თავზე ცილინდრი, თვალში მონოკლი. ქალი ბოლეროში, ვუალიანი შლიაპით. დინჯად მიაბიჯებდნენ, ხელკავჩაკიდებულნი. უკან, სერიოზულ ჯაჭვზე, ასევე სერიოზული. ვერტიკალურად კუდაპრეხილი შავი კატა.
    რას იფიქრებდი? დღესაც ვფიქრობ, ვინ იყვნენ და რატომ არ სციოდათ? ეგების იცოდნენ, რომ ასე, სხვის მესხსიერებაში წარუშლელები დარჩებოდნენ.

    ოფელია

    კარგა ხნის წინანდელ ამბავს გიყვებით. მაშინ თქვენხელებს გაგებაში არ ჰქონდათ ბევრი რამე, ეჭვი მაქვს, რომ არც ის იყო გაგებაში, რა სჭირდა.
    კუს ტბის ფერდობზე, თბილისისკენ გადმოსახედზე, ახალგაზრდა კაცი იდგა, ქალის გამომწვევი ჩაცმულობითა და პარიკის ვარცხნილობით, მაღალქუსლებიან ფეხსაცმელზე ბანჯგვლიანი ფეხით შემდგარი. ხელში სარკე ეკავა და ტუჩებს წითლად იღებავდა. მარტო იყო, ირგვლივ არავინ. ძაღლს მოვქაჩე, გავუჩერდი. ამაზრზენი მიზიდულობა მერე გავაცნობიერე, მაშინ კი სიტუაცია ჩემებურად დავალაგე:
    – იგვიანებენ? – შევეკითხე.
    – ჯერ არსად ჩანან, – მიპასუხა და გამომწვევად ჩულქი გაისწორა. მოძრაობა არტისტული იყო და დავრწმუნდი, რომ სწორ გზაზე ვარ.
    – ჯგუფი, გადამღები ჯგუფი იგვიანებს, არა? რა როლს თამაშობთ?
    – ოფელიასი, – მითხრა და უწმაწურად ჩამიკრა თვალი.
    ისეთი უცნაური დრო იყო – კაბუკის თეატრი ვიცოდი, ოფელია ორივეს გვცოდნია, ჰომოსექსუალიზმი კი არც ერთს.
    დღეს, მგონი, პირიქით არის.

    ქურთი

    უნივერსიტეტის ეზოში ბიჭები ხორხოცებდნენ, ლუდმა ააქოთქოთა, თავისი მოყვნენ, სხვისას გადაუარეს, ნათესავ-ნაცნობებს მიწვდნენ:
    – მაი გოგო, ქე რომ შენ მოგწონდა, გათხოვდა. მაი აფერი, მერე თქვი. ქორწილია, ქალოურს გადოუხადეს, ქუთაისში. ქვეყანაა, სიძეც იქინეა, ნეფე- დედოფალს თავი დაადგეს, სიძისას ყვებიან – თბილისელიაო, კაი ბიჭი, კაი დედმამიშვილი, ქურდიაო, გეიგე – სიტყვა ეთქმისო, აქოურსაც მიგვიხედავსო. კაი სვეს და კაიც ჭამეს. ჭამეს, მარა რა ჭამეს რო იცოდე – ქურდი კი არა, ქურთი ყოფილა მაი უბედური, კამაზის შოფერი. რო გეიგეს, რო ტკუცეს თავში, რო გეიგდეს ლაჯებში, საციხო არ ქნეს, თვარა… გამეეპარათ. ქალი ისევლე საშენო დარჩა თუ არ გააბახეს.
    ამას მოყვნენ, იცინეს, ჩაბჟირდნენ, პლასტმასის ჭიქა-ბოთლები იქვე მიყარ-მოყარეს და უნივერსიტეტში ლექციაზე შელაგდნენ.
    ნეტავ ეკონომისტები არ იყვნენ, ან საერთაშორისო ურთიერთობები, ან სამართალი… ისევ კბილის ექიმობა აჯობებდა.

    წალკოტი

    – რა წალკოტია! – იკივლა მანქანიდან გადმოსულმა ქალმა. ჩემი მეზობელი იყო, ათი წელი. თავის წალკოტს პირველად მოაკითხა.
    – ეს რა წალკოტია! კიდევ ერთხელ დაიყვირა და მანქანიდან ორი თხა გადმოიყვანა.
    ერთმანეთს გავეცანით. შიში ვერ დავმალე, მეგონა ეს ორი თხა ჩემს თვალწინ უნდა დაკლულიყო ფუძის ანგელოზის სახელზე. უცებ ვერაფერი შევბედე – თავისი სახლ-კარია ბოლოს და ბოლოს, და უფლებრივ შარის მოსადებს ვეძებდი. ამასობაში, მეზობელმა ორივე თხას ბაწარი შეაბა და მდელოზე სასეირნოდ წაიყვანა. საღამოსკენ, უკვე შიშის ზარი რომ მცემდა, ორივე თხა ისევ მანქანაში ჩასვა და ქალაქში დააბრუნა. მის მერე სააგარაკოდ, თავისი წალკოტის სანახავად ჩამოსული, არც თხებიანად, არც უთხებოდ, არავის უნახია.
    ვაკის პარკში კი, ამბობდნენ, ხშირად ნახულობდნენ თავის თხებთან მოსეირნეს.

    მშიერი

    ქელეხი რუსთაველზე, ლაღიძის წყლების ერთ-ერთ დარბაზში მიმდინარეობდა. ქართველი უქონელიც უკანასკნელს გაიჭირვებს და არ
    შერცხვება. აქ კი მეტზე მეტიც იყო. სუფრაზე სართულებად ელაგა ყველაფერი, არამარხვაში რაც გვეჭმევა. კუჭი რომ დამძიმდება, ჟანგბადიც მაშინ გახსენდება. გარეთ გამოვედი, ქუჩაში. დარბაზის გვერდით ფანჯრები მიწის პირზეა, თუ გახსოვთ, და რა ძნელი გასახედი იყო იქით, როდესაც ფანჯარას მიკრული კაცის შიშნარევი მუდარიანი მზერა მძალავდა. შევხედე და ჩავიკეცე, მის გვერდზე, პირი-პირს.
    – შნირი არა ვარ, детдомовский я!
    ასაკს ვერ იტყოდი. ვერც ეროვნებას. ორივეს ქუჩურად ამტვრევდა – რუსულსაც და ქართულსაც.
    – გშია? – შიშიან თვალებში იმედი გამოკრთა. თავი მორცხვად, ჩქარ-ჩქარა დამიქნია.
    ჩემსას არ გეტყვით, უბრალოდ რაც ხელს გამოვაყოლე ის გამოუტანე.
    როგორ ჭამდა, ორივე ხელით, ლუკმით პირს როგორ ილესავდა, მადლიერებით ამოხედვა როგორ არ ავიწყდებოდა!
    რა გამოისყიდის ჩვენს სიმაძღრეს. უფალო?!

    მოკლე ჩართვა

    თბილისში, ზაფხულში, აგვისტოს სიცხეში, უნივერსიტეტის გაჩერებაზე კაცი იდგა.
    ტანზე ეცვა: “სეტკა მაიკა”, ზედ ქალის “დუბლიონკა”, სპორტსმენის ლამპასებიანი “ადიდას”-ის შარვალი, შიშველ ფეხზე კალოშები, თავზე ფეტრის შლიაპა. ცალ ხელში საპროფესორო პორტფელი, მეორეში, ჯოხად – პლინტუსი. ყველაფერს ჰალსტუხის მაგიერი, ყელზე შებმული ელექტრო შნური აგვირგვინებდა, თავისი შტეპსელით, მეორე ბოლოთი შარვალში ჩატანებული. ტიპი, ასიანი, გათიშული იყო და თანაც ქსელიდან. თავის სამსახურში მიდიოდა. ოთხმოცი წელი შემისრულდა და იუბილე გადამიხადონო. გზად, კეთილმა ნაცნობმა უვნებელჰყო და მოტყუება-მოფერებით სახლში დააბრუნა.
    მოკლე ჩართვის მსხვერპლი იყო.
    იუბილე არ გადაუხადეს.

    კვაზიმოდო

    ახალგაზრდა კაცი – კაცი იყო, კაცობით, ძმაკაცობით, გაგებით, რომელიც საძმოს შეგძენს გამტანს და გამგებს, და რომელმაც შესძინა კიდევაც საძმო.
    სხვა კი არა ინება ბუნებამ. რომელი ერთი, როდესაც ერთ-ერთიც გეყოფა მთელი ცხოვრების წასამწარებლად – პატარა, თეძოებამოგდებული, ხელფეხმოკლე…
    კახეთის კვაზიმოდო, კახეთის პეტრუჩიანი, აბსოლუტურად, სრულიად უიმედო. მარტო გული. არცა დაკვრა, არცა სხვა რამე მუსიკობანი სიყვარულის საიმედოდ. ძმაკაცებს კი უყვარდათ, პატრონობდნენ და ეფერებოდნენ. ძმაკაცობაში ის წუთიც დადგა, როდესაც კახელმა ბიჭმა, – ქალი, როგორიაო? – იკითხა.
    ბიჭებმა, კაცებმა, საძმომ, სამეგობრომ, ყველამ ფული ჩამოვიდა, შეაგროვეს და თბილისიდან ქალი, ლამაზი ქალი ჩამოუყვანეს.
    რას გადაგვიწყვეტს სალხინობელი?

    ენთუზიასტი

    მოუსვენარი კაცი იყო, იდეები აწუხებდა – რახან დაიბადე, ჭამა და სიკვდილი არ აგცდებაო. ჭამა მიხედულია, სიკვდილს მე მივხედავო, პლასტმასის კუბოები მაგარი პროგრესულიაო. გეგმები დაალაგა, გაიკითხ- გამოიკითხა, აწონ-დაწონა, მიდგა-მოდგა. წამოწყებული სახლის რკინა-ბეტონი, კარ-ფანჯარა და ჭერ-იატაკი დააკონსერვა (გამდიდრებულზე უფრო დავამთავრებო). ამასობაში დრომ ფერი იცვალა. პლატსმასის წარმოება გაიყინა, ხე-ტყის ჭრა შეწყდა, იარაღი საქმეში გავიდა და სიკვდილმა იმატა. სიმწრის დღეები დადგა, უზომო სიმწრის. იყო ერთმანეთის კვლა და იყო გატანაც ერთი მეორის. კაცმა უბნის ნაცნობ-უცნობ ჭირისუფალს არავის უთრხა უარი. მისმა ჭერ-იატაკმა გაიტანა და მიაბარა ბევრნი – ძველებურად, ჩვენებურად.
    ნაომარზე, ჩამცხრალზე, სიკვდილზე ფულის კეთებამ უზნეობის, ცოდვის ელფერი დაიდო, არც მერე გაჰქრობია. კაცმა საქმეზე ხელი აიღო.
    სახლი დაუმთავრებელი დარჩა.
    ქვეყნის ამბავი დალაგდა.
    ხე-ტყის ჭრა აღსდგა.

    ფეხსაცმლის მწენდავი

    – მოდი გაგიწმინდავ! გაგიწმინდავ!
    ფეხსაცმლის მწენდავი ბიჭი, თითქმის ბავშვი, ძონძები, ფეხშიშველი. მხარზე გადაკიდებული სალტიანი ყუთი, შიგ მისი ავლა-დიდება.
    – გაგიწმინდავ! ეს არის მისი ლუკმა, გააწმენდინე, თავი რითი ირჩინოს. გააწმენდინე!
    – გაგიწმინდავ, იაფად გაგიწმინდავ, გაგიწმინდავ! – ისტერიული, ჭლექიანი ღაწვები, ზეთოვანი, უძირო თვალები, მუდარა: – გაგიწმინდავ, ფული არა გაქვს? – არ გჭირდება, არ შეგიძლია, ფულს აძლევ, იცილებ. არ იღებს, არ კადრულობს.
    – ისე გამაწმენდინე! ისე გაგიწმინდავ!
    მოცლილები წრეს რკალავენ, თვალს ადევნებენ. ყუთიდან მეურნეობა ამოაქვს, გამოწვდილ ფეხს იკრავს, ჰაერში ქეჩები, ჯაგრისები დაფრინავენ, უჩქარებს. ნერვიული, ავადმყოფური ეგზალტაცია. ჩქარა, ჩქარა, ჩქარა. ოფლის წვეთები ამჩნევია.
    ჩერდება. მოწყალებასავით მაყურებლის აღტაცებას უცდის.
    ხელოვანია, ამ წუთისოფლის დღემოკლე შვილი.
    ალაჰმა გადმოგხედოს შენც და შენს ქვეყანასაც!

    ნეტარი

    მამაკაცი ქალური, რბილი მოყვანილობით, სრული ჩასხმული მკლავებით, არააღმოსავლურად ღია, ნათელი, მუდმივი, უმისამართო, განბნეული ღიმილით – ალაჰის ნეტარი შვილი.
    მუხლმოყრილი ირხევა, კავალების ლოცვა-გალობას მიყვება, ტანს აყოლებს, უჩქარებს, ანელებს, ჩერდება, ნეტარად უსმენს, იგებს, ეთანხმება, აღმამსვლელს გამკივანს – ალლა-ს – ფრთადაღმართულ ხელებს ახვედრებს, კმაყოფილია, ჩაფიქრდა, ოხვრა, ჩუმი ჩივილი, სმენა, წინ გასწრება, ლოდინი, ერთად სვლა, შერწყმა, ნეტარი მორჩილების ბედნიერი ცრემლები. მუსიკალური, მელოდიური, რიტმული, ნეტარი მუსლიმი, ლაჰორის ჯუმა მეჩეთის ხიზანი. ხუთმილიონიანი ქალაქის უბინაო ბინადარი, დაპურებული მშიერი, უსმენო გულმსმენი, ბედნიერი ნეტარი.

    კვერცხის გული

    ღარიბი ინდოეთის კუზიანს, ყურძნადასხმულს, ცხრაფრად დაკეცილს, სამსახური დაყვა – სიმახინჯე აჭმევს. უბრალოდ მშიერმა უნდა გაგაგებინოს, გთხოვოს. ეს ორნი, გოგო-ბიჭიც იმიტომ მოგიჯდნენ მაგიდის ფეხთან, ასფალტზე და თვალებში შემოგცქერიან. საუზმე – თოთოდ შემწვარი კვერცხი, ჩაპატის ნაჭერი და პაკეტის უხიფაო წყალი – ყელში არ გადაგდის. კვერცხიან თეფშს ბავშვებს უწვდი და სკამის ზურგზე მისვენდები. ბავშვები კარგად მოკალათდნენ, თეფში მუხლებზე დაიდეს და აჩურჩულდნენ. მერე ძახილი და ხელების ქნევა დაიწყეს. შორიდან, ქუჩის ბოლოდან პატარა მუხლუხო მოგორავდა – წვინტლიანი ტიტლიკანა, მოკლე პერანგის ამარა. მოირბინა, შუაში ჩაისვეს. გოგონამ პატარა გაშლილი მტევნის წიბოთი კვერცხის გული ზუსტ სამ ნაწილად გაჰყო და აუჩქარებლად ჩაყლაპეს.
    ცხრა ძმის გაყოფილი კაკლის გული მეტაფორა არა ყოფილა. ინდოეთში, საჭმელს ხარბად დაწაფებული ინდოელი არ მინახავს.

    მძივები

    განგის ნაპირას ინდოელი ქალი ჩხარა-ჩხურებით ვაჭრობდა – მძივები, მძივის ქვები, ძეწკვები მიწაზე ჰქონდა გაშლილი, ჩითის ნაჭერზე. გვერდზე, სამი ერთიმეორეს მიყოლებული პატარა, მტრვიან ასფალტზე გორაობდა. თვალებით მანიშნა, ჩემებიაო, საშნოდ დატუქსა და გამიცინა. მძივებს კრიალოსანივით თითებში ვშლიდი, ვეფერებოდი, ზოგ ქვას შუქი გაუდიოდა. ქალის მხარზე შეხებამ ამ ფრიად ვნებიან საქმეს მომწყვიტა – აი კიდევ ერთიო – და სიამაყით სკოლიდან ახლადმოსული ბიჭი დამანახა, ესეც ჩემიაო. თვალები ბედნიერებით უბრწყინავდა, გეგონებოდა უშვილოს ნანატრი შვილი ეღირსაო. ნახევარ ფასში ნავაჭრი მძივები ლოდად დამეკიდა – მეოთხემ ნამუსში ჩამაგდო. ბიჭმა ზურგჩანთა მოიცილა, დედას ჩააბარა, მიწაზე გაშლილ დახლს საქმიანად ხელი გადაავლო. დედამ გულის ჯიბიდან ლობიანის გადანახული ნაჭერი ამოიღო და მიაწოდა.
    ბედნიერება გაჭირვებაზე მეტია?

    ყრუ

    უფრო ლამაზ მამაკაცს თუ აიჩემებ, ისევ იქ, პაკისტანში, სუფიებთან, DDhol Master-თან, Gionga Saint-თან (ასე უწერია სავიზიტო ბარათზე) მიგიყვანს არჩევანი. მისი სრულყოფა იშვიათი კაპრიზია ბუნების, მისი აღწერა – ხატოვანება აღმოსავლური პოეზიის: ვარდნილი კაბა, შავ ვარდნილ თმებზე ოქრომკედით ნაქარგი ფესკა, ყელზე ხელთუქმნელი მოსასახამი, თითებზე ბაჯაღლოს ბეჭდები. და ეს ღვთაება, ეს მამაკაცი, სუფიების – განდობილთა მუსიკოსია, დოლის, დაფის მუსიკის გულისძგერა, სისხლის ფეთქვაა. Gionga-ს, დიდი დაფი მკერდზე აქვს მიბჯენილი, დასარტყამით ურტყამს, რიტმს ყვება, ირხევა, ტრიალებს, შინდისფერი თავბრუდამხვევი ქარბორბალა, უფრო და უფრო აღმატებული. სტიქიურ მოვლენას სასრული არა აქვს. სასრული გულის ბზარია. მისი რიტმი – მისი განაჩენია. მისი განაჩენი – მისი სიკვდილი.
    GGionga Saint-ი ყრუ-მუნჯია, მისი ყური – მისი გულია. გულ-ღვიძლი, გულის ფიცარი დიდხანს ვერ იტანს, დიდხანს ვერ გაუძლებს ასეთ რყევებს, ასეთ ვიბრირებას, ასეთ feroge-ს, ალაჰის სადიდებელსაც კი.
    GGionga-მ ეს იცის, უთხრეს, აუხსნეს, მაგრამ მაინც უკრავს და… ელოდება.
    და თუ უკვე წარსდგა ალაჰის ეს გულდაუზოგავი მსახური, რუმის მოვიხმობ მის მოსაგონარად:
    წინარეხატი – უკვდავი არსი ყოველივესი, ჩვენს მიღმა არის,
    აქ კი რაცაა – სიკვდილი გაცრის, ვერც კი მოასწრებ შევლებას თვალის.

    ნუ დაღონდები, რომ ბგერა გაქრა, რომ ჩაქრა შუქი ნათლის,
    ისინი დარჩნენ, და გაქრა აქ რაც – ანარეკლია მათი.

    (ჯელალ-ედ-დინ რუმი – “შამს თებრიზის დივანიდან”)

    განგი

    განგის ნაპირზე მოხუცი ქალი ზის და სიკვდილს ელოდება. განგი დიდია, დიდია ინდოეთი. შორიდან მოვიდა, ფეხით, ბებერი, მომაკვდავი და არ გაუმართლა – სიკვდილი იგვიანებს. ყველა ინდოელის ნატვრაა, წმინდა განგმა მიიბაროს. რჩეულთა ხვედრია განგის პირას სიკვდილი. რჩეულთა რჩეულებს განგს ფერფლად გაატანენ, მისნაირ ღარიბს – ცხედრად. ბედნიერია, ნატვრა აიხდინა, განგის ნაპირზე სარიში გახვეული, მუხლებში თავჩაღუნული ზის და ელოდება…
    არც გეცოდება, არც გებრალება, ჯანმრთელს memento mori-თ მცხოვრებს, მოლოდინით კნინს. არ გებრალება, მაგრამ ლოდინს წამალი უნდა და ჩაპატის ნაჭერი, და რუპიებს ითვლი.

    “მოსამართლე”

    სუფრის კაცის ეგეთი Gგათიშვა საფიქრალია – ან ქვეყანა დაიქცა, ან თვითონ ვერ არის ამ ქვეყანას. ბოდვის აბსურდს კონტენტ-ანალიზით თუ გაშიფრავდი გამონათებების შეჯამებით.
    – მამამისმა არა მცალიაო! გესმის, არა მცალიაო! – უცებ წამოიძახებდა და ისევ Lლობიოში ჩაუვარდებოდა თავი.
    -არა, შამპანური რა შუაშია, – იყვირებდა და თან ჭიქაში ოხრახუშის ღერით გაზს აცლიდა, – ბიჭს გაექაჩაო, გაიგე, ბიჭს!
    ისევ ლობიოს დაუბრუნდებოდა.
    – რას ამბობ?! ბიჭს? გოგოცა ჰყავთ, გოგო იქნებოდა!
    ისევ ლობიოს თავს ააცლიდა და გაცოფებული პასუხობდა: “ბიჭსა, ბიჭსა-მეთქი! ბიჭს გაექაჩა!” ახლა ბაჟეს მაგივრად, მდოგვში ამოვლებული ღომი წუთით გონზე მოიყვანდა: “გაექაჩაო! წამო-მეთქი, ეხლავე მიწასთან გავასწოროთ ეს გათახსირებული, ხომ იცი, ვინ არი-თქო? მამამისმა, – ვიციო, მაგრამ ახლა არა მცალიაო, საღამოს რეპეტიცია მაქვსო, ღამე უხერხულია, სძინავსო! აბა უქნია თავისი საქმე და ეგ არის”. ახლა ისე გაითიშა, მდოგვი კი არა, ფხვნილი წიწაკა რომ აყარო ცხვირ-პირში, ვერ მოახედებ. სუფრის წკიპზე თავი უდევს და შფოთიანად თვლემს. მერე შეშინებული წამოიკივლებს: “გაექაჩაო, არა მცალიაო, მოვკლავ-მეთქი…” თლილი ჭიქით არაყს გადაკრავს და სუფრის წიბოს საფეთქლით თავს ურახუნებს.
    ნეტავი ან არ გაგიჟდებოდეს, ან არ გალოთდებოდეს ეგ დალოცვილი ქვეყნის მოსამართლე რეგბისტი, ქვეყანა თუ სხვა მხარეს გადაიზნიქა.

    სიტყვა

    გარეთ ქვიშა, აქლემები ჭის ირგვლივ მოსიარულე, წყლით გაოფლილი ტიკები, ბორბლის ჭრიალი და მომთაბარის კარვები. შიგნით, კარავში რკალად, მუხლმორთხმულად მჯდომი უხუცესის რძლები – ხუთი ვაჟის ხუთი ცოლი და თვითG მისი პატივდებული მეუღლე. სხედან მდუმარედ, ჩვილებითა და მზარდებით გულჩაკრულები. ირგვლივ ქვიშა, კარავში იდუმალი სიჩუმე და ერთმანეთის თვალიერება. აქ, ამ სამყაროში მარტო ქალს შემოესვლება, მარტო მხატვარს შეუძლია ნაქსოვ-ნაქარგებითა და სამკაულებით დაუღალავი ტკბობა. აღტაცებას სიტყვა არ უხდება, არცა ხმაური. აქ არც მოუძებნავი სათქმელი დაგამძიმებს, არც უპასუხო სიცარიელე. აქ თარჯიმნის სიტყვა ყალბია, ბგერა კი ფუჭი. არის რაღაც ბიბლიური ამ მუსლიმანურ სივრცეში რაღაც შეუცნობადიც და მშობლიურიც. და, აი, ამ სრულ სიჩუმეში დედამთილის უსიტყვო ნებით, უფროსმა რძალმა კარვის საბჯენს უნატიფესი ფოჩებიანი ნოხი ჩამოხსნა, უმცროსმა პატარა შვილს ქვიშაში ნაწოლ-ნაპოვნი ბარბაროსულად მომაჯადოვებელი მძივი შეხსნა და ოჯახის მბრძანებელმა სტუმარს ფერხთ დაუდო.
    ეს ყვერლაფერი, სრულ ურღვევ სიჩუმეში, მისნური წვდომით სტუმრის სურვილისა და არჩევანის.
    სახლში სათუთად შენახული ეს ნივთები, მხატვარს იმასაც ახსენებენ, სიტყვა რომ განსაცდელად გვაქვს ნაბოძები.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    გელა ჩქვანავა – მონეტის მეორე მხარე


    1.

    რაჟიკო კეზუამ და მისმა დისშვილმა, თამაზ აბრალავამ, იგივე “აყლაყუდა თამაზმა” სოჭში კავკასიური ნაგაზის ოთხი ლეკვი წაიყვანეს გასაყიდად (ორის კლიენტი რაჟიკოს დისშვილს წინასწარ ჰყავდა შეგულებული). ლეკვების გაყიდვით ისინი სულ ცოტა რვაასი მანეთის მოგებას ვარაუდობდნენ, მაგრამ სოჭისკენ გზაში, როცა ელოქტრომატარებელში ისხდნენ, აყლაყუდა თამაზმა ზედმეტი მზრუნველობა გამოიჩინა და ლეკვებს გაგრის სადგურზე ნაყიდი შედედებული რძის კონსერვი აჭამა. მსუნაგმა ლეკვებმა თუნუქის ქილის ბასრ კიდეებზე ენა და ნაწილობრივ დინგიც ისე უმოწყალოდ დაისერეს, რომ მათ ყიდვაზე ყველა უარს აცხადებდა. ოთხიდან ერთი ლეკვი ბიძა-დისშვილმა მათ მიერ ნაქირავები ოთახის დიასახლისს აჩუქეს ქირის სანაცვლოდ, მეორე იმ მილიციელს, რომელმაც საეჭვოდ თვალებაჟუჟუნებულ თამაზს წინდაში ანაშა უპოვა, მესამე თვითონ აყლაყუდა თამაზმა გაგუდა, როცა ბინაში ზედმეტად დაბოლილს ჩაეძინა და შემთხვევით ზედ ლეკვს დააწვა. მეოთხე, მეორე დღესვე გაურკვეველ ვითარებაში დაკოჭლებულ ლეკვს აყლაყუდა თამაზმა “ჟოფრე” დაარქვა (მაშინ ძალიან პოპულარულ ტელესერიალ “ანჟელიკაში” თვით ანჟელიკას ქმარს ისევე უწყალოდ ჰქონდა სახე დასერილი, როგორც ლეკვს ენა და დინგი და თან მასავით კოჭლობდა). ჟოფრე აყლაყუდა თამაზმა დიასახლისისათვის ნაჩუქარ ჯანმრთელ ლეკვში შეუმჩნევლად გადაცვალა. აღმოჩნდა, რომ ჟოფრე თავიდან დიასახლისისთვის ნაჩუქარი ლეკვი ყოფილიყო და ის ახალ პატრონს დაეკოჭლებინა ხელიდან გავარდნილი ტაფით, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს თავისი მდგმურებისათვის საღ ლეკვში გაეცვალა, ამიტომ დიასახლისი აყლაყუდა თამაზს ოინს მაშინვე მიუხვდა, ჩხუბისა და დავიდარაბის შემდეგ საღი ლეკვიც დაიბრუნა და ჟოფრეც დაიტოვა, მდგმურები კი სახლიდან გაყარა. იმავე საღამოს აყლაყუდა თამაზმა დიასახლისს ჯანმრთელი ლეკვი მოპარა, მაგრამ ის დიასახლისის მეზობელმა ქალმა ნახა. მეზობელ ქალს ყვირილი რომ არ აეტეხა, აყლაყუდა თამაზი იძულებული გახდა მისთვის უკანასკნელი სამმანეთიანი ეჩუქებინა.
    ის ღამე ბიძა-დისშვილმა პლაჟზე გაათენეს, დილით კი აღმოაჩინეს, რომ აყლაყუდა თამაზს შეცდომით ჯანმრთელი ლეკვი კი არა, ჟოფრე გამოეხსნა მათი ყოფილი დიასახლისის ტყვეობიდან.
    რაჟიკო კეზუამ ჟოფრეს მიერ მთელი ღამის განმავლობაში ნალოკი სახე ზღვის წყლით დაიბანა, წინა ღამით ზღვის შრიალში შეთხზული ლექსი გადაიმეორა გუნებაში, რომ არ დავიწყნოდა და დისშვილი დაუნდობლად გამოლანძღა იმის გამო, რომ მან ჟოფრეს, როგროც არარეალიზებადი საქონლის პლაჟზე ბედის ანაბარა დატოვება განიზრახა.
    – პლაჟზე ვტოვებ, წყალში ხომ არ ვახრჩობ “მუმუსავით”? – თავი იმართლა აყალყუდა თამაზმა და ბიძას ზღვაში ბანაობა შესთავაზა.
    – რა მებანავება თუ კაცი ხარ, შიმშილისაგან კუჭი მიხმება, ხურდა ფულიც კი არ დაგვრჩა იმისთვის, რომ არიოლ-რეშკაზე ავაგდოთ! – უპასუხა რაჟიკომ.
    – რისთვის უნდა ავაგდოთ?
    – იმის გასარკვევად, ელექტრიჩკის კონდრუქტორს ვთხოვოთ უფასოდ წაგვიყვანე სოხუმშიო, თუ ავტობუსის შოფერს დავეღრიჯოთ.
    – ელექტრიჩკით წავიდეთ, კონდრუქტორს ჟოფრე ვაჩუქოთ.
    – მაშინ იმაზე ავაგდოთ, ვინ უნდა მოელაპარაკოს კონდრუქტორს, შენ თუ მე.
    – სად გაქვს მერე ასაგდები ფული?
    – აგერ ბრტყელი ქვების მეტი რა არის!.. ცალი მხარე ზღვაში დავუსველოთ…
    – როგორ გეტყობა, რომ პოეტი ხარ, სხვა რომ ყოფილიყო, დავაფურთხოთო, იტყოდა… კარგი, ასაგდებსაც და წასასვლელ ფულსაც მე ვიშოვი, შენ კი, მანამდე, რახანს ბანაობა არ გინდა, ეგ შენი დენიკინისდროინდელი ქამარი შეიხსენი.
    – რატომ ვითომ? – გაოცდა რაჟიკო. – ჟოფრეს საყელური ხომ არ გინდა გააკეთო?
    – ერთი მწიკვი მოსაწევი დავმალე შიგ, – აუხსნა აყლაყუდა თამაზმა.
    რაჟიკოს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა.
    – იმ მილიციელს, შენ რომ ჩაგავლო და იმ შენს აყროლებულ წინდაში მოსაწევი გიპოვა, მეც რომ გავეჩხრიკე, რას შვრებოდი მერე?.. ხომ შევრცხვებოდი ამ დინჯი ასაკის კაცი?
    – კარგი ერთი, რაჟიკო, ნუ ხარ პანიკიორი. შენ ვინ გაგჩხრიკავს, ასეთი სოლიდური გარეგნობის კაცს?.. ნეტა შენი თავდაჭერა და მანერები მომცა, კულტურის მინისტრი თუ არა, განათლების მაინც გავხდებოდი. ტყუილად კი არ ამბობს დედაჩემი, თავი ცოდნით უსკდება, სხვა მის ადგილას მინისტრი გახდებოდაო.
    – გაგეფრთხილებინე მაინც! – უსაყვედურა ნასიამოვნებმა რაჟიკომ დისშვილს.
    – წინასწარ რომ გცოდნოდა ფაქტით ვარო, საფრთხის დროს აირეოდი და გაწითლდებოდი შენებურად. ახლა მოვწიოთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ჟოფრეც კი არ მოგვეჩვენება კოჭლი.
    ანაშამ რაჟიკო კეზუა ხასიათზე მოიყვანა, მაგრამ დროებით, რადგან დაბოლილზე შიმშილმა წეღანდელზე უფრო შეახსენა თავი. აყლაყუდა თამაზი ბიძას დაჰპირდა, სულ რაღაც ერთ საათში მსუყედ გასაუზმებო. რაჟიკომ დისშვილის დაპირებას ნაკლებად ენდო და არც მისი ოპტიმიზმი გაიზიარა, მაგრამ სასტუმრო “ჟემჩუჟინამდე”, სადაც თამაზ აბრალავა როგორღაც ფულის შოვნას აპირებდა, მაინც გაჰყვა.
    აყლაყუდა თამაზი ბიძას ამხნევებდა, სასტუმროსთან აუცილებლად ვნახავთ ვინმე ნაცნობ სოხუმელს და ფულს ვესესხებითო (უყვარდათ სოხუმლებს ამ სასტუმროში სოჭის პლაჟებზე გამოჭერილი ქალების დაგემოვნება).
    სასტუმროსთან საათნახევრიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, რაჟიკოს შიმშილის გრძნობამ განსაკუთრებული გააფრთებით შემოუტია და მას ღიმილი სალოსური გაუხდა.
    – ახლა ღვინო რომ მქონდეს, აუცილებლად დავლევდი ჩვენი ძაღლური ყოფის სადღეგრძელოს, – მიმართა რაჟიკომ ჟოფრეს.
    – ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან ხოლმე, არც სცდებიან, სხვათა შორის და, თუ იცი რატომ, რაჟიკო? – ჰკითხა აყლაყუდა თამაზმა ბიძას.
    – იმიტომ რომ შიმშილმა ისე დამაოსა, იმის ძალაც არა მაქვს ერთი კარგად მოგდო იმისთვის, რომ ლეკვებს შედედებული რძე პირდაპირ ქილიდან ალოკინე.
    – არა, რაჟიკო. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთე: ლეკვი, სანამ გასაყიდად გაიყვან, უნდა აშიმშილო, ნაშიმშილარი ლეკვი კი კლიენტს ისე მადიანად ალოკავს, გულს აუჩუყებს და მაშინვე ჯიბეზე გააკვრევინებს ხელს! – საზეიმო ტონით წარმოთქვა აყლაყუდა თამაზმა.
    – ვაი შენს პატრონს უბედურს! – ლამის იყვირა რაჟიკომ.
    სწორედ ამ დროს სასტუმროში მხარზე პიჯაკგადაკიდებული, “პოლ მაკრტნის” სტილის მზის საათვალეებიანი პეწიანი ახალგაზრდა მამაკაცი და გამჭვირვალე სარაფანში გამოწყობილი, “სოფი ლორენის” სტილის მზის სათვალეებიანი ქალბატონი მოადგნენ. მამაკაცი თავდაჯერებულად და სერიოზულად, ჩინოვნიკურად იღიმებოდა, ქალბატონი ქარაფშუტულად კისკისებდა და სასტუმროში შესვლის წინ, თითქოს გამოაჯავრაო, ჩალის ხელჩანთა მხარზე იმავე მანერით გადაიკიდა, როგორითაც მის კავალერს თავისი სოლიდური პიჯაკი გადაეკიდა.
    – ამ პეჩენიაზე გაზრდილ პინგვინს ვიცობ, – თქვა აყლაყუდა თამაზმა და უმისამართოდ, მაგრამ ხმამაღლა და მწარედ შეიგინა. – პროფკავშირელი ბობოლაა, ასმათის დაბადების დღის სუფრაზე იყო მოთრეული პაჭკორიებთან და ოტიას ღვინო დაუწუნა. ოტია გაბრაზდა და ისე დაათრო, თეფშზე დავარდნილი საკუთარი ჭრელი ჰალსტუხი ვინიგრეტი ეგონა და ჩანგალს არჭობდა. ოტიამ სუფრას არ გამაკარა, განათლებულ ხალხში ვერ ილაპარაკებ რიგიანად და სტუმრებს დამიფრთხობო. არადა, ეს ნაბიჭვარი რომ ბლუკუნებდა იმაზე უკეთესად მე მათემატიკის მასწავლებელს ვუყვებოდი გაკვეთილებს. შენი ნახევარი ცოდნა და განათლება არა აქვს. ის ორმოცდაათმანეთიან კახპასთან გაატარებს დროს ახლა, შენ კიდევ ისეთი საწყალი სახით ზიხარ აქ, მტერს აატირებ…
    – გაჭირვებამ შური იცის, – შენიშნა რაჟიკომ და სრულიად მოულოდნელად სასაუბრო თემასთან შეუსაბამო რამ დააყოლა: – მოსემ ორმოცი წელი უდაბნოში ატარა ხალხი განწმენდის მიზნით!
    – დავაშანტაჟებ! – გადაწყვიტა უცებ აყლაყუდა თამაზმა, პროფკავშირელ ბობოლას შურით შეხედა, შიმშილისა და ანაშისაგან ტვინარეულ ბიძას კი თანაგრძნობით. – სასტუმროდან რომ გამოვა, მივალ, მივესალმები და ერთუცნობიან განტოლებას შევთავაზებ ამოსახსნელად: რამდენი უნდა გადაიხადოს კომუნისტმა პარტიის არაოფიციალური საწევრო შესატანის სახით, თუკი მის ცოლს ჰგონია, რომ ქმარი სოხუმში თათბირს ატარებს, ეს ლეკვი კი ასი მანეთი მაინც ღირს ისეთი მშვენიერი, მაგრამ პროფკავშირელი ბობოლას ცოლისთვის სრულიად უცნობი ქალბატონისთვის, რომელიც ნამდვილ კომუნისტს “ჟემჩუჟინის” ნომერში არ უნდა შეყავდეს მასთან განმარტოების მიზნით, განსაკუთრებით მაშინ, თუ “შეყვანაში” უცნობი ქალბატონი ორმოცდაათ მანეთს იღებს… თუ გინდა მოსეზეც ვეტყვი. ან შენ მოიფიქრე რამე უკეთესი, მანამდე კი მე სასტუმროში შევალ და სიტუაციას დავყნოსავ, ჟოფრესაც თან წავიყვან.
    აყლაყუდა თამაზმა ბიძას მხარზე ხელი დაჰკრა და სასტუმროსკენ მტკიცე ნაბიჯებით გაემართა.
    მარტო დარჩენილმა რაჟიკო კეზუამ მის წინ ჩავლილ ბავშვიან ქალს ერთხელ, ხოლო თვითონ ეტლში მჯდარ კულულებიან და მეზღვაურის მაისურიან ბავშვს ორჯერ გაუღიმა ნაღვლიანად.
    – ვინ იცის, პატარავ, შენი მოსე სად წაგიყვანს და რომელი გზებით გატარებს! – ჩაილაპარაკა რაჟიკომ ბავშვის მისამართით და რაღაც ძალიან სერიოზულზე ჩაფიქრდა.
    ლექსებწერია რაჟიკო კეზუა, როგორც ყველა პოეტი და გასათხოვარი ქალიშვილი მეოცნებე ნატურა გახლდათ. ის ბევრ რამეზე ოცნებობდა, მაგალითად იმაზე, რომ მისი პირველი ცოლი, კლავდია შამათავა ერთ მშვენიერ დღეს მასთან მოსულიყო, მუხლებში ჩავარდნოდა და პატიება ეთხოვა იმისთვის, რომ თავის დროზე გაექცა და იმისთვისაც, რომ რაჟიკოს თავისი სიყვარულის ღირსად არ თვლიდა. ოცნებობდა იმაზეც, რომ ათასორასი მანეთი ვალი მას კი არ ჰქონოდა პარმენ გოგიასი, არამედ პირიქით – თვითონ ყოფილიყო პარმენ მელუდეს მევალე, თანაც სამი ათასით მაინც – მაშინ რაჟიკო პარმენს ყოველი შეხვედრისას ისეთივე მზერით გაუმასპინძლდებოდა, როგორის სუსხსა და სისასტიკესაც საკუთარ თავზე იწნევდა ხოლმე. კარგი იქნებოდა ასევე მარმარილოს სვეტებიანი სახლი ჰქონოდა, რათა ცხოვრების ყოველი დღე ზეიმად ქცეოდა: კლავდია შამათავა დანაშაულის გამოსასყიდად მისთვის ცოცხალ ბლოკნოტად იქცეოდა, ქმრის თავში წვეულ ყოველ რითმას გულდასმით ჩაინიშნავდა, ღამით კი სანთელსაც დაიკავებდა, როცა რაჟიკო მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი რითმების ლექსად რეალიზებას შეუდგებოდა (უყვარდა რაჟიკოს სანთლის შუქზე ლექსების წერა), ხოლო როცა კლავდია დაიღლებოდა მძიმე შანდლის ჭერით, მას პარმენ გოგია შეცვლიდა, რომელიც კუთხეში, მაცივრის გვერდით იქნებოდა ატუზული სრულ მზადყოფნაში იმ შემთხვევისთვის, თუკი რაჟიკო კეზუა ნისიად ლუდით ყელის ჩასველებას მოინდომებდა… თუმცა რაჟიკოს საბოლოოდ მაინც ვერ გადაეწყვიტა მისი, სანთლების შუქზე ზღაპრულად ალაპლაპებული მარმარილოებით გაწყობილ სახლში სანთლების დამჭერად რომელს გაამწესებდა – კლავდიას თუ პარმენს, ან სულაც დენის ინკასატორს, რომელმაც გაჩერებული ელექტრომრიცხველის გამო გასულ თვეს საშინლად გამოლანძღა და პარაზიტიც კი უწოდა. სწორედ ამ საკითხის გადაჭრაში იყო ანაშით გაბრუებული რაჟიკო, როდესაც მაღალი, ფერმკრთალი და კეთილად მოღიმარი მამაკაცი მიუახლოვდა და ფოტოაპარატ “ზენიტზე” მიუთითა, რომელიც დიდის ამბით კისერზე გადაეკიდა.
    – როდენის ქანდაკება “მოაზროვნე” ხომ გინახავთ? – ტკბილად ჰკითხა აწოწილმა ფოტოაპარატიანმა კაცმა რაჟიკოს. – სწორედ როდენის ქანდაკებას გავდით, ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდით და გულმა ვერ მომითმინა ის წამი არ უკვდავმეყო, როცა ღრმად ჩაფიქრებულმა რაღაც გაურკვეველს მხურვალედ შეჰღიმეთ… საწყენად ნუ მიიღებთ და რითმის ძებნით გართულ პოეტს გავდით…
    – შენ მოგზავნილი ხომ არა ხარ? – გააწყვეტინა მას რაჟიკომ და სასტუმროდან სწრაფი ნაბიჯებით გამოსულ დისშვილს ეჭვის თვალით შეაცქერდა.
    – ეს ვინ არის? – გადაუჩურჩულა აყლაყუდა თამაზმა რაჟიკოს ფოტოაპარატიანზე. – იცოდე ქამარში კიდევ გიდევს ამ დილით რომ ამოგიღე ისეთი და, თუ გრძნობ რომ მოგზავნილია ფრთხილად იყავი!
    – როდენის “მოაზროვნეს” გავხარო, ასე მეუბნება, – უპასუხა დისშვილს რაჟიკომ. – შენი მოგზავნილი მეგონა!
    – გეკადრება, რაჟიკო? – უსაყვედურა ბიძას აყლაყუდა თამაზმა და ფოტოგრაფს მიუბრუნდა. – თქვენ მოსესი რა ხართ?
    – არა ბატონო, მე ებრაელი არა ვარ, ფოტოგრაფი ვარ, მომენტალურ ფოტოებს ვიღებ! – ამაყად წარმოთქვა “ზენიტიანმა” და რატომღაც ამოიოხრა. – ვთქვათ და ქუჩაში შეყვარებულები მიდიან, ან ძელსკამზე სხედან, მივალ და მოულოდნელად ფოტოს გადავუღებ ხოლმე, მერე მივდივარ და ვეუბნები, რომ ფოტოს ყიდვა მეორე დღეს შეუძლიათ, თუკი ბეს დატოვებენ… სულ სხვა ეფექტი აქვს მოულოდნელად გადაღებულ ფოტოს და ამაში სულ ადვილად დარწმუნდებით, თუ ხვალაც მეწვევით და იყიდით ახლახან გადაღებულ თქვენს ფოტოებს…
    – …და თუ კაცს ფული არა აქვს? – ჩაეკითხა აყლაყუდა თამაზი.
    – მაშინ ფოტოებს არ დავბეჭდავ და ეგ იქნება! – მოკლედ მოუჭრა მოთმინებადალეულმა ფოტოგრაფმა და კეთილი ღიმილიც გაუქრა სახიდან, რადგან მიხვდა, რომ რაჟიკო და თამაზი უფულო კლიენტთა რიცხვს განეკუთვნებოდნენ. ასეთი, როგორც თვითონ ეძახდა, “ასეჩკა” უკვე მეოთხედ მოსვლოდა დილის შემდეგ.
    – მემენტო მორი, ესე იგი… – წამოიწყო რაღაცით გახარებულმა აყლაყუდა თამაზმა.
    – მომენტალური ფოტო! – შეუსწორა ფოტოგრაფმა. – თავისუფალი ფოტოგრაფი გახლავართ, ზოგიერთი “პაპარაცოსაც” მეძახის.
    – მომაწევინე სიგარეტი, პაპა კარლა, – სთხოვა რაჟიკომ თავისუფალ ფოტოგრაფს.
    – არ ვეწევი. თუკი ფოტოს ყიდვას ინებებთ, მე ყოველ დღე აქა ვარ. აი იმ გაზიანი წყლების ლარიოკიდან… ახლა ხელმარჯვნივ გაიხედეთ, ეგერ, გზა ოდნავ რომ უხვევს, იმის იქიდან ზუსტად ას ათ ნაბიჯში ელექტროგანათების ბოძს ისარგაყრილი გული ახატია… ჰოდა, იქიდან იქამდე ვმოძრაობ. აღნიშნულ მიჯნებს იქით სხვა ფოტოგრაფების ტერიტორიაა.
    – ერთი საქმე უნდა შემოგთავაზო, პაპა კარლა. შენ თუ უარს იტყვი, კონკურენტ ფირმას მივმართავ, – თქვა აყლაყუდა თამაზმა და ჟოფრეს ყურისძირი მოფხანა. – საქმის კაცს გავხარ, როგორც ვხედავ ყოველ კლიენტს გაბზარულ როდინის ქვას ან ხელებწატეხილ ვენერას ადარებ და თან კარგადაც მჭერმეტყველებ კლიენტების მოსახიბლად…
    – სასიამოვნოს სასარგებლოს ვუხამებ, ანუ შემოქმედებას და სამსახურს, – თქვა ფოტოგრაფმა. – ფოტოხელოვანი ვარ, სახეებსა და ტიპაჟებსაც ვეძებ და თან პურის ფულსაც ვაკეთებ…
    – ვიცი მაგი ამბავი. მუსიკოსებიც მასეთები არიან – ქუჩაში დაკვრით მათხოვრობენ და ასე ამბობენ, თან რეპეტიციას გავდივართ და თან საჭმლის ფულს ვშოულობთო… აი, რა, პაპა კარლა, – საქმიანად მიმართა აყლაყუდა თამაზმა ფოტოგრაფს. – ამ სასტუმროდან ერთი წყვილი გამოვა, პეჩენიათი გაზრდილი პინგვინი და იმის კახპა. შენ მათ მემენტო ფოტოს გადაუღებ. მერე მე და შენ იმ პინგვინთან მივალთ და ვეტყვით, რომ მას წილად ხვდა პატივი გაღიმებული და გაბადრული სახით აღბეჭდილიყო მომენტალურ ფოტოზე თავის ქალთან ერთად, მე კი როგორც შეგირდს, ისე წარმადგენ. ორასს მანეთს გადავახდევინებ იმისთვის, რომ აპარატიდან ნეგატივი ამოიღო და მას გადასცე. შენ ნეგატივს, რა თქმა უნდა, დაუთმობ, მაგრამ იმას კი არა, ფოტოაპარატში რომ გიდევს, შეუმჩნევლად სხვა ნეგატივით შეცვლი… იმ ორასი მანეთიდან ნახევარი შენია. ხვალისთვის კი პინგვინის ფოტოსაც მომართმევ რამდენიმე ეგზემპლიარად ჩვეულებრივზე უფრო დიდებს და მე მას პინგვინის მშობლიურ ქალაქში გამოვიყენებ… პასუხს ახლავე ველი. უარის მიღების შემთხვევაში იძულებული ვარ კონკურენტი ფირმის მომსახურებით ვისარგებლო. როგორც ხელოვან კაცს… სხვათაშორის ეს კაცი ბიძაჩემია და ისიც ხელოვანია და ამიტომ თქვენი ხასიათი მე არ მესწავლება… ჰოდა, როგორც ხელოვან კაცს, რომელსაც სინდისთან კომპრომისზე წასვლისას გაწითლება სჩვევია, გათავისუფლებ პასუხის პირდაპირ გაცემის აუცილებლობისაგან. თუ თანახმა ხარ მხოლოდ შენი სახელი გვაჩუქე და ჩვენც ყველაფერს გავიგებთ…
    – მისამართი შეგეშალათ: შანტაჟის მოწყობაში არავითარი გამოცდილება არ გამაჩნია. სხვათა შორის, ორი პერსონალური ფოტოგამოფენა მაქვს მოწყობილი მოსკოვში და ერთიც ალა პუგაჩოვას პირად ფოტოგრაფთან ერთად, ისიც მოსკოვში…
    – გაზიანი წყლების იქით რომ პატრულირებს იმ კონკურენტს რა ქვიაო, როგორა თქვი? – ოსტაპ ბენდერივით ალაპარაკდა აყლაყუდა თამაზი.
    – ჩემს ტერიტორიაზე სხვას შემოსვლის უფლება არა აქვს. ეს ჩვენი დაუწერელი კანონია და მას ყველა მტკიცედ ვიცავთ, – თქვა ფოტოგრაფმა.
    – მე თამაზი მქვია. მინდა იცოდე როგორ მომმართო იმ შემთხვევისათვის, როცა შენი კონკურენტისაგან, რომელიც შენს ტერიტორიაზე თვითონ არ შემოვა, ფოტოაპარატს ვიქირავებ ნახევარი საათით და შენს ტერიტორიაზე მე შემოვალ, – თქვა აყლაყუდა თამაზმა.
    – ეგორ ვასილევიჩი… შეიძლება უბრალოდ ეგორ ვასილიჩი…
    – კიდევ უფრო უბრალოდ, მხოლოდ ეგორი თუ შეიძლება? – იკითხა რაჟიკომ, რომელიც გარდა თავისი ლექსებისა სხვა დანარჩენში უბრალოების პრინციპით ხელმძღვანელობდა.
    – შეიძლება, – მცირე ყოყმანის შემდეგ დათანხმადა ფოტოგრაფი.
    აყლაყუდა თამაზმა ეგორ ვასილევიჩის ნეგატივი სამოც მანეთად გაყიდა. საწყენი მხოლოდ ის იყო, რომ ფოტოგრაფმა ნეგატივის შეცვლა ვერ მოახერხა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაზ აბრალავამ ჩატარებული ოპერაცია წარმატებულად ჩათვალა, ფოტოგრაფს ოცდაათი მანეთი უწილადა და უფრო მეტიც, მას მამის სახელით მიმართა.
    – საწყენი ის არის, რომ იმ პინგვინმა სახეზე კარგად დამიმახსოვრა, – დანანებით წარმოთქვა აყლაყუდა თამაზმა. – მაგრამ მე ბიუროკრატებისა და ჩინოვნიკების არასოდეს მშინებია. მე თავისუფალი მონადირე ვარ, ვასილიჩ, ისევე როგორც შენ თავისუფალი ფოტოგრფი ხარ, აგერ რაჟიკო კიდევ თავისუფალი მოაზროვნეა.
    – საწყენი კიდევ ის არის, რომ იმ პინგვინმა მეც დამიმახსოვრა. ხვალ შეიძლება მილიციამ შემაწუხოს, – შენიშნა ეგორ ვასილევიჩმა და ხელოვანთათვის დამახასიათებელი მანერულობით მოიწყინა. – რომ იცოდეთ ამ პრესტიჟული ადგილის მოსაპოვებლად რამდენი ბრძოლა გადამხდა კოლეგებთან. ეტყობა დროებით ტერიტორიის დათმობა მომიწევს. ზოგჯერ ასეც ვიქცევით, მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში ერთმანეთს ადგილებს გავუცვლით ხოლმე რამდენიმე დღით. ამ ერთი კვირის წინ ვიღაც ბუღა გადამეკიდა, თავისი დირექტორის ცოლთან ერთად ყოფილიყო აქ დასასვენებლად ჩამოსული და ძალიან არ მოეწონა მომენტალური ფოტო რომ გადავუღე. მადლობა ღმერთს, რომ მალევე წავიდნენ ქალაქიდან, მაგრამ აქ ჩემს მაგივრად გადმოსულმა ჩემმა კოლეგამ ადგილის დაბრუნებაზე უარი თქვა. ხიდქვეშ ვიჩხუბეთ…
    – გინდა ისეთი შემოსავლიანი ადგილი მიგასწავლო, სადაც მემენტო მორეთა შორის კონკურენცია ნულს უტოლდება, იმიტომ რომ იქ მემენტოები არ არსებობენ? – ჰკითხა აყლაყუდა თამაზმა ეგორ ვასილევიჩს.
    – საჰარის უდაბნო, არა? – მწარედ ჩაიცინა ფოტოგრაფმა. – უფრო ორიგინალური რამე მოიფიქრე. ასე დღეში ორჯერ მაინც გამეხუმრებიან.
    – დაცინვა არც მიფიქრია. ჩვენ მოსეები არა ვართ უდაბნოში წანწალი გვეხალისებოდეს. უბრალოდ მე და რაჟიკოს შენი სოხუმში წაყვანის იდეა გაგვიჩნდა. ასე არ არის, რაჟიკო?
    – ასეა, – დაეთანხმა რაჟიკოც, მიუხედავად იმისა რომ მის თავში მსგავსს იდეას არც გაუჭაჭანებია.
    – სოხუმში სოფლებიდან ჩამოსული იმდენი პატივმოყვარე სტუდენტია, თავი ალენ დელონები და სოფი ლორენები რომ გონიათ და მამიკოების მიერ თოხის ქნევით ნაშოვნ ფულს ფოტოსურათებში ხარჯავენ, პირდაპირ აფსუსია ის ფული შენისთანა მომენტალური კაცის ჯიბეში არ იყრებოდეს… პასუხს ახლავე ველოდები, ასე არ არის რაჟიკო?
    – ასე უცებ ვერ გადავწვეტ. მე მოსკოველი კაცი ვარ, პროვინციაში ფოტოპარტიზანად ჩამოსული, ზღვისპირა კურორტების სპეციფიკას მუშაობის პროცესში ვეცნობი…
    – ბინა უფასო იქნება, ქალაქში ხმამაღლა ვერავინ დაგელაპარაკება, რაზეც პასუხისმგებელი პირადად მე ვარ! – წაეშველა აყლაყუდა თამაზი ფოტოგრაფს.
    – შემოსავალი როგორ გადანაწილდება? – იკითხა ეგორ ვასილევიჩმა.
    – მე მგონი მოვრიგდებით, – არც რაჟიკო ჩამორჩა კოლეგა-ხელოვანს პრაქტიკულობის გამოჩენაში.

    2.
    ჟოფრე ძალიან ალერსიანი და ჭკვიანი ლეკვი გამოდგა, არც საჭმელში იყო წუნია. ეგორ ვასილევიჩი და ჟოფრე ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ: ჟოფრე მას ხშირად ლოკავდა, ფოტოხელოვანი კი ამბობდა, რომ ჟოფრე მისი მუზა იყო და ყოველ დილით, საშოვარზე გასვლის წინ ჟოფრეს ხელს აალოკვინებდა ხოლმე: კარგად ჰქონდა დაცდილი. თვითონ ეგორ ვასილევიჩმა და სოხუმმაც კარგად გაუგეს ერთმანეთს, აქამდე ვერც ვამჩნევდი როგორ გადავუღლივარ დიდ და ხმაურიან ქალაქებს, განსაკუთრებით კი მოსკოვს – მეგაპოლისს, რომელსაც ცრემლების არ სჯერაო.
    – პროვინციულ ქალაქებში, რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოქალაქეებს ნიღაბივით სახეები არა აქვთ, ზღვის ნესტით გაჟღენთილნი გაცილებით უფრო ფოტოგენურები არიან, მაშინაც კი პოზიორობენ, როცა მათზე ფოტოკამერა არ არის მიშვერილი და, რაც ყველაზე მთავარია, მზესუმზირის ჩენჩოებს მოსკოვლებზე უფრო ნაკლები ხმაურით გადმოაფურთხებენ ხოლმე, რადგან მოსკოვში, ქალაქის ხმაურში საკუთარს ნაკლებად აღიქვამ, – იტყოდა ხოლმე ეგორ ვასილევიჩი, – ზღვისპირეთში კი თავად ზღვის ხმაური ჩენჩოების გადაფურთხებისას გამოცემულ ხმას გავს, ამიტომ შენ იგივეს გაკეთება არ გინდება.
    მომენტალური ფოტო ქალაქში პოპულარული გახდა. ორჯერ ეგორ ვასილევიჩის სოჭელმა კონკურენტებმაც კი სცადეს სოხუმში დამკვიდრება, მაგრამ აყალყუდა თამაზმა ისინი უკანვე მიაბრძანა. თამაზ აბრალავა ასეთივე წარმატებით აშოშმინებდა იმ ახალგაზდებს, რომლებსაც თავისი გოგონებისთვის მომენტალური ფოტოების უფასოდ მიღება სურდათ. ეგორ ვაისლევიჩსაც და აყლაყუდა თამაზსაც ეშინოდათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათ მიერ სოჭში დაშანტაჟებული პროფკავშირელი ბობოლა გამოჩნდებოდა და მილიციის დახმარებით სამაგიეროს გადახდას მოინდომებდა, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდიოდა.
    რაჟიკო კეზუა ცოტა არ იყოს მოსუქდა, მაძღარს საკუთარი თავის რწმენაც დაუბრუნდა, საძინებელში დაკიდებული “პომპეის უკანასკნელი დღეც” არ აღიზიანებდა და არც ის, ვედრებით ხელებგამოშვერილი ქალი ნახატის რეპროდუქციაზე, თავისი საყვედურიანი თვალებით, აყლაყუდა თამაზის აზრით, რაჟიკოს ყოფილ სიდედრს რომ გავდა რიგით მეორე ცოლისგან.
    ეგორ ვასილევიჩმა მომავალი პერსონალური ფოტოგამოფენისთვის ოცდაერთი ფოტოსურათი გადაიღო, აქედან ცხრა, როგორც თვითონ თვლიდა, კოლორიტული პორტრეტი, დანარჩენი კი სხვადასხვა თემატური შიანაარსის, ესენი იყვნენ: წყალში მოტივტივე დამხრჩვალი ვირთხა ჩაძირული ბარჟის წყალსქვემოდან გამოლანდული კონტურის ფონზე (ფოტოს ერქვა “ვალმოხდილი გემის კაპიტანი”); ზვირთსაქცევზე გაშენებული რესტორნიდან პირდაპირ ზღვაში ჩამშარდველი მთვრალი მამაკაცი ხელში შამპანურის ბოთლით (ფოტოს სახელწოდება იყო “ამსტერდამელი ბიჭუნა”); სახურავის ანტენაზე ორ ვარდმიმაგრებული საქორწინო მანქანა (ვარდები შორიდან რქებს გავდნენ, ფოტოს სახელწოდება იყო “როცა ყველაფერი წინასწარ ცნობილია”); ჟოფრე, რომელიც საკუთარ განავალს უყეფდა; ჟოფრე, რომელიც ლეილა მასხულიას ქოთნის პატარა კაქტუსს აშარდავდა ტერიტორიის მოსანიშნად; ბოშათა უბნელი ხეიბარი ფეხის პროთეზზე სვირინგის სტილში ამოჭრილი “дурная голова ногам покоя не дает”-ის წარწერით; მიხეილ ესვანჯიას მიერ დამზადებული კედლის საათი, რომლის გუგული ჩვეულებრივზე უფრო წინ გამოდიოდა ხოლმე და თანაც თავს დაბლა ხრიდა, თითქოს ციფერბლატს აცქერდებოდა იმის გასაგებად, რომელი საათიაო; დარეჯან კვარაცხელიას სარწეველა სავარძელში ჩასვენებული “ვანკა-ვსტანკა” (სახელწოდებით “ვანკა-ვსტანკას ორმაგი რწევა”); რაჟიკო კეზუას ჭიშკრის ბოძს დამაგრებული დიურაალუმინის ნახევარმეტრიან მტრედებზე შემოსკუპებული და თევზის ნარჩენების მიმრთმევ ორ ინდაურს შურით შემყურე თოლია (ფოტოჩანახატს ერქვა “Рожденный лететь служит курьером у рожденного ползать”) და სხვა. ამ უკანასკნელი ფოტოჩანახატის გამო ბიძა-დისშვილს ერთმანეთში სერიოზული დავა მოუვიდათ: რაჟიკოს ვარაუდით, ეგორ ვასილევიჩის ეს ნამუშევარი ღრმად ალეგორიული შინაარსისა იყო, სტუმარმა ამ შემთხვევაში მასპინძლებს დასცინა და ისინი ინდაურებად გამოიყვანა (თან სიტყვა “рожденый” ჩემს სახელთან, რაჟდენთან არის გაკალუმბურებულიო, აღნიშნა რაჟიკომ), საკუთარი თავი კი თოლიად წარმოაჩინა, რომელიც ბედის ირონიით იძულებულია ინდაურებს ემსახუროსო. აყლაყუდა თამაზი ფოტოსურათში ვერავითარ ალეგორიას და მინიშნებას ვერ ხედავდა და ჯიუტად ამტკიცებდა, უბრალო დამთხვევაა და მეტი არაფერი, რამდენჯერ მინახავს თოლიები ინდაურებისთვის საჭმლის წართმევას რომ ცდილობდნენო.
    ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ოღონდ ეგ იყო, რომ ეგორ ვასილევიჩი, როცა შემოქმედებითი წვის მოთხოვნილებას ბოლომდე ვერ იკმაყოფილებდა თავის საფირომო ფრაზას, “море мне шепчет”-ს, წარმოთქვამდა და სმას იწყებდა. ნასვამს მოსკოვი ენატრებოდა და ათდღიან შვებულებას ითხოვდა. რაჟიკო და აყლაყუდა თამაზი შვებულებას არ იძლეოდნენ, რომ არ გაქცეოდათ ფოტოგრაფს საგამოფენოდ გამზადებული ნამუშევრები და ნეგატივები ჩამოართვეს და გადაუმალეს.
    ცხოვრებისეულ წარმავლობაზე წინანდელზე უფრო სერიოზულად ჩაფიქრებული რაჟიკო (არადა, მანამდე ეგონა, ცხოვრებისეულ წარმავლობაზე მშიერი პოეტი უფრო მეტს და საფუძვლიანად ფიქრობს, ვიდრე მაძღარიო), ზოგჯერ ეგორ ვასილევიჩს, მეორე სართულზე ფოტოსტუდიისათვის გამოყოფილ ოთახში ეწვეოდა და მომენტალურ ფოტოებს ათვალიერებდა, რათა უკეთ შეეგრძნო სულის ის მდგომარეობა, რომელსაც მან “საკუთარი ბედნიერების დაუფიქსირებლად გაფრენილი წამების განუმეორებლობით წამება” უწოდა.
    – დრო ლამაზი ქალივითაა: უნდა მოიხმარო და როცა გიღალატებს, გული არ უნდა დაგწყდეს, იმიტომ რომ ის არც ერთ მოკვდავს არ ეკუთვნის. მას შენშიც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, უფრო სწორად კი ის, რომ უმოწყალოდ გფიტავს და განგრევს! – იტყოდა ხოლმე რაჟიკო.
    – დრო ნებისმიერ ფოტოაპარატში ეტევა. უბრალოდ მისი არ უნდა შეგეშინდეს და მაშინ ის შენ დაგემორჩილება! – პასუხობდა ფოტოხელოვანი.
    – დრო ფულია, ფულით კი ნებისმიერ ქალს და ფოტოაპარატს იყიდი! – მშრალად შენიშნავდა ხოლმე ხელოვანთა უმაქნისი ლაყაფით გაღიზიანებული აყლაყუდა თამაზი.
    თამაზ აბრალავას თავი იმ კანტორის დირექტორად მიაჩნად, რომელსაც “გადაღების კანტორა” უწოდა. თვალებშივე ეტყობოდა, რომ საკუთარ მოწოდებას მიაგნო – ქცევები და მანერები მბრძანებლური გაუხდა, კილო კი დირექტივების გამცემი გენერლისა.
    ერთ საღამოს რაჟიკო კეზუამ იმდღევანდელ კლიენტთა ახალგამჟღავნებულ, თოკზე სარეცხის სამაგრებით დაკიდულ სველ ფოტოსურათებს შორის კლავდია შამათავას პროფილში გადაღებული ფოტოსურათი აღმოაჩინა. კლავდია (ფოტოზე ისე ჩანდა, თითქოს მრუდე ფეხები ჰქონოდა, არადა, პირიქით ლარივით სწორი ფეხები ჰქონდა) იმ მომენტში იყო აღბეჭდილი, როცა ის მზესუმზირის ჩენჩოებში მოფუთფუთე ვარდისფერ მტრედებს დასცქეროდა და ნაზად იღიმებოდა (მტრედებს საღებავი გადასხმოდათ, როცა ერთ-ერთი სახლის ფასადს ღებავდნენ. ზოგიერთი კი ფიქრობდა, მტრედები ეგორ ვასილევიჩმა შეღება კლიენტების მისაზიდადო). ნაცოლარის ნახვაზე რაჟიკო კეზუა აღელდა და ხელებიც კი გაუოფლიანდა.
    – რა იყო, რაჟიკო, რა ფერი გეცვალა? – ჰკითხა აყლაყუდა თამაზმა და ბიძას უკნიდან ამოუდგა.
    – ნუ ხარ ასეთი უზდელი! – გაუწყრა დისშვილს რაჟიკო. – ნუ იცი ხოლმე სხვის სურათებში, ნაწერებსა და დღიურებში ზურგს უკნიდან ჩაჭყიტება!
    – სკოლაში მივეჩვიე, როცა საკონტროლოებს ვიწერდი, – აღიარა აყლაყუდა თამაზმა. – სურათია ეს, დღიური და პირადული რამე ხომ არ არის?
    რაჟიკომ ამოიოხრა და თვალები მილულა.
    – თუმცა პირადული ყოფილა! – წარმოთქვა აყლაყუდა თამაზმა, როცა ფოტოზე კლავდია შამათავა ამოიცნო. – ოხ, ეს ქალები!.. როცა გვერდით ყავხართ არ გაფასებენ და “ლონდრეს” გეძახიან, მიატოვებ და ისე მოენატრებით, რომ შენს სახლში მცხოვრებ ფოტოგრაფს იმგვარად გაეპრანჭებიან, სურათს გადააღებინებენ და ასე შეგახსენებენ თავს!.. რაო, ვასილიჩ, რა გითხრა ამ მტრედიების მოყვარულმა ქალმა?.. ხომ გითხრა ნურავის უჩვენებ ჩემს ფოტოსო და ამით მისი მასპინძლებისთვის ჩვენების სურვილი გაგიღვიძა, ასე არ არის?
    – იმ მაღალზე ამბობ, მტრედებს რომ უღიმის?.. არაფერი ამდაგვარი არ უთქვამს. ძლივს დავითანხმე ფოტოები ეყიდა, – უპასუხა ეგორ ვასილევიჩმა.
    – ასეც ვიცოდი!.. – თქვა აყლაყუდა თამაზმა.
    – კარგი ერთი, თამაზ!.. საიდან უნდა ცოდნოდა კლავდიას, რომ ვასილიჩი ჩემი მდგმურია? – უსაყვედურა დისშვილს რაჟიკომ.
    – ქალებმა ყველაფერი იციან. დამინახა ალბათ ვასილიჩთან ერთი-ორჯერ და ყველაფერს მიხვდა. მერე ქუჩაში გაიარ-გამოიარა და ისე გაიპრანჭა, რომ კანტორას თავი გადააღებინა.
    რაჟიკო კეზუამ მწარედ ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა.

    * * *

    მეორე დღეს, კლავდია შამათავა ეგორ ვასილევიჩთან მეგობარ ქალთან ერთად გამოცხადდა და როცა ფოტოგრაფის მიწოდებულ ფოტოსურათთა დასტიდან საკუთარს არჩევდა, რაჟიკო კეზუას ფოტოებიც აღმოაჩინა. რაჟიკო “პინგვინში”, გრძელ მაგიდასთან იჯდა და ზღვისკენ იყურებოდა.
    – ეს ფოტო როდის გადაიღეთ? – ჰკითხა კლავდიამ ეგორ ვასილევიჩს და რაჟიკოს ფოტოზე მიუთითა.
    – ათი დღე იქნება. ეს კაცი დამპირდა აუცილებლად ვიყიდი ფოტოს, ოღონდ რამდენიმე დღით ქალაქიდან გავდივარ და მოგვიანებით შემოგივლიო, – უპასუხა ფოტოგრაფმა.
    კლავდიამ რაჟიკოს ფოტო დაქალს მიაწოდა და რაღაც გადაულაპარაკა.
    – უცნაურია, რომ ფოტოებს გადაღების დღეების მიხედვით არ ახარისხებთ და აწყობთ, – დამცინავად ჩაეღიმა კლავდიას ფოტოგრაფის მისამართით. – ისე კი მინდა იცოდეთ, რომ ეს კაცი სრული არარაობაა!
    კლავდიამ ფული გადაიხადა და ამაყად გაღიმებულმა დაქალთან ერთად გზა გააგრძელა.
    – აუ, როგორ გაკაპასებულა! – უთხრა კლავდიას წასვლის შემდეგ გამოჩენილმა აყლაყუდა თამაზმა ეგორ ვასილევიჩს და შვებით ამოისუნთქა – არ უნდოდა შეტყობოდა რა მღელვარებაც გადაიტანა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
    – კაპასია! – მხარი აუბა ეგორ ვასილევიჩმა და იმანაც შვებით ამოისუნთქა.
    – რაჟიკო უნდა და რომ არა ყავს იმიტომ გაკაპასდა!.. ვიცი და ვგრძნობ მე ამას! – თავი გადააქნია აყლაყუდა თამაზმა.
    – ალბათ უნდა!.. – ორაზროვნად შენიშნა ფოტოგრაფმა და იმანაც გადააქნია თავი.
    – გამარჯობა, თამაზ! – გაისმა უცებ ქალის ავისმომასწავებლად განაზებული ხმა. აყალყუდა თამაზმა უკან მიიხედა და სახიფათო სიმშვიდით მომღიმარი კლავდია შამათავა იხილა.
    – გამარჯობათ, ქალბატონო კლავდია! – წაილუღლუღა აყლაყუდა თამაზმა.
    – ფოტოგრაფისთვის მინდოდა მეთქვა, ნეგატივებიც მომეცი-მეთქი, ჩემმა ძმისშვილმა მთხოვა, მომიტანეო, სურათების გადაღებით და გამჟღავნებით ერთობა, – თქვა კლავდიამ. – ჩაწყობილს გავდა ეს საქმე და გულმა ვერ მომითმინა უკან არ მოვბრუნებულვიყავი. არ მოვუტყუვებივარ გულს, როგორც ვატყობ!
    აყლაყუდა თამაზი ასეთი დაბნეული არასოდეს ყოფილა. მან პასუხად ისე უხერხულად გაიღიმა, რომ ლამის კლავდიასაც კი შეეცოდა.
    – ეტყობა, დაბერდა ჩემი ქმარყოფილი და ისე გამოლენჩდა, რომ ასეთ უჭკუო ტრიუკებზე მიდის, თუმცა დიდი ჭკუით არასოდეს გამოირჩეოდა თქვენი ოჯახი. თქვენისთანა მათხოვრებს და სულით მახინჯებს, ისევ თქვენთან თუ არ მიხვედი, ვერსად იპოვი!.. თანამშრომელი მელოდება ქუჩის ბოლოს, განგებ არ გამოვიყოლე, არ მინდოდა გაეგო, თუ როგორ კრეტინს ვიყავი მითხოვილი. მსგავსი რამე კიდევ ერთხელ თუ განმეორდა, იცოდეთ, რომ ძალიან ცუდად წაგივათ საქმე! – თქვა კლავდია შამათავამ, გატრიალდა და წავიდა.
    – მიდი ერთი, კარგად გადათვალე რაჟიკოს ფოტოები, ხელს ხომ არ გააყოლა? – პირველმა აყლაყუდა თამაზმა ამოიდგა ენა.
    – არა, არ მოუპარავს… პირველად რომ მოვიდა, დახედა თუ არა რაჟიკო კონსტანტინოვიჩის სურათს, მაშინვე სრული არარაობააო ჩაიჩურჩულა და როგორ მოიპარავდა? – მიუგო ფოტოგრაფმა.
    – თუ არარაობაოო თქვა, ესე იგი უყვარს, მაგრამ სიამაყის გამო საკუთარ თავსაც ვერ უტყდება ამაში, – დაასკვნა თამაზმა. – მხოლოდ ხუთი ცალი რაჟიკო ჩავდეთ, ათი უნდა ჩაგვედო და არ შეეშინდებოდა, შეიძლება დანაკლისი შეამჩნიონო და აუცილებლად მოიპარავდა.
    – არა მგონია… ასე თქვა, ამ თვითკმაყოფილ იდიოტს რამდენი ფოტო შეუკვეთიაო!
    – ხელოვანი კაცი ხარ და სულ არ გესმის ქალების! – უსაყვედურა თამაზმა ეგორ ვასილევიჩს. – სამწუხაროა, რომ სანაძლეო წავაგე რაჟიკოსთან. მოეპარა იმ დედაცხონებულს რაჟიკოს ერთი სურათი მაინც, რა იქნებოდა!.. ერთ ყუთ კარგ ლუდს მოვიგებდი…

    * * *

    – მაინც უყვარხარ კლავდიას, ვგრძნობ მე ამას! – უთხრა აყლაყუდა თამაზმა ბიძას, როცა მის ცოლყოფილთან შეხვედრის ამბავს მოუყვა. – დამიჯერე, რაჟიკო, გიჟდება ის ქალი შენზე და ენატრები ძალიან… ახლა არ მითხრა, ასე არ არისო!
    – მიქარავ რაღაცას! – გაბრაზდა რაჟიკო.
    – მართალია, შეურაცყოფაც მოგვაყენა, მაგრამ, შენ როგორც გიყვარს თქმა ისე, მოდი ახლა მონეტის მეორე მხარეც განვიხილოთ და მაშინვე მოგეშვება გულზე.
    – რა უნდა მომეშვას გულზე, ნაცოლარმა მახინჯი რომ მიწოდა ის?
    – ამაში არ არის საქმე!..
    – აბა რაშია? – რაღაც ცუდი იყნოსა რაჟიკომ.
    – იმ ლამაზი ქალის ფოტო ხომ გახსოვს, გასულ კვირას გადაღებული, ხალი რომ ჰქონდა ლოყაზე?.. აი ის, შუშის მძივებით გაწყობილი ბასანოჩკები რომ დაუწუნე, ბოშა ქალის გემოვნების ყოფილა და ვულგარულიც არისო, რომ თქვი და “კონკია” შეარქვი, აქაოდა “ბროლის” ფეხსაცმელები აცვიაო?
    – მახსოვს, მერე რა?
    – ჰოდა, რა ვქენი თუ იცი, იმ ქალთან ერთად დავაყენებინე ეგორს შენი თავი სურათზე. ხომ იცი რა კარგ მონტაჟებს აკეთებს ეგ შობელძაღლი, ნამდვილისგან ვერ გაარჩევ… დაგაყენეთ ერთად, ის ქალი კიდევ ისე იღიმებოდა, დახედავდი თუ არა სურათს, მაშინვე იმას იფიქრებდი, ძალიან უხარია რაჟიკო რომ ყავს გვერდში და ამიტომ აქვს ასეთი ბედნიერი სიფათიო. ნახავს კლავდია ამ სურათს და ეჭვანობით გადაირევა-მეთქი, ვიფიქრე. მაგრამ თითქოს გულმა მიგრძნოო, სულ ბოლო მომენტში გადავიფიქრე ამის გაკეთება და ამოვიღე სურათები საერთო გროვიდან. კლავდიასი არ იყოს, მეც ოხერი გული მაქვს… უნდა გითხრა, რომ ძალიან გაგვიმართლა მე და შენ, იმიტომ რომ კლავდია, სურათის ასაღებად იმ კონკიასთან ერთად მოვიდა, კლავდიას თანამშრომელი ყოფილა… თუ ხვდები ახლა, რა ხიფათს აგარიდე?!
    – ერთი დისშვილი მყავს და ისიც დაფშტვენილი. შენიშნული მაქვს, რომ ღმერთი, რასაც ცოტას და, მით უმეტეს, ერთ ეგზემპლარად იძლევა, როგორც წესი, კარგია ხოლმე – თითქოს გულზე უნდა გაგხეთქოს მეტი რომ არ გამოიმეტაო. შენ კი გამონაკლისი ხარ!..
    – ნუ ხარ, რაჟიკო, უმადური… არ მეკუთვნის ასეთი დამცირება მე შენგან. ასე უნდა ელაპარაკებოდე იმ კაცს, ვინც ხიფათს აგარიდა?.. შენ თვითონ გააკეთე ის, რაც მასწავლე – განიხილე მონეტის მეორე მხარეც და მაშინვე მოგეშვება გულზე. ნახავ თუ ასე არ იქნა.. – ურჩია აყლაყუდა თამაზმა ბიძას. – ახლა კი დახუჭე თვალები და ის მონტაჟი უნდა გაჩვენო, რომელზეც შენ “კონკიასთან” დგახარ – ძალიან ფოტოგენური ხარ. ძალიან მაგრად იმუშავა ჩვენმა მომენტომ, მთელი ღამე არ უძინია, რომ იცოდე…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ნიკუშა ანთაძე – პროფილი

    რომელია? წესით უკვე უნდა გავდიოდე. თმას ვიშრობ. საერთოდ შესაჭრელი მაქვს, უაზროდ წამოიზარდა და ვეღარ ვიმორჩილებ, არ ვიცი რა ვუყო. ტყნ. ახლა საბა აქ რო იყოს, აუცილებლად აღნიშნავდა, რა გამოუსწორებელი ნარცისი ვარ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ აღნიშნავს, რადგან ალბათ უკვე გალერეასთან დგას ნინუსთან და დეასთან ერთად. ნინუ საბას გოგოა, დეა ნინუს დაქალი, რომელიც მე მომწონს. დღეს პირველად ვხვდები ესეთ მოპაემნო ამბავში. ცვილის ფიგურების გამოფენაა და მერე სადმე დავჯდებით. თმა რაღაცას დავამსგავსე. აბა რა ჩავიცვა? ეს დასაუთოვებელია.. ეს მომბეზრდა.. მოიცა, ჯერ შარვალი.. ჯინსი.. დახეული? არა, დახეული გალერეას არ მოუხდება. ეს შავი? ცხელა. ტყნ. მობილური რეკავს. ორი აზრი არ არსებობს, საბაა. უნდა მითხრას, რა გამოუსწორებელი ნარცისი ვარ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მეტყვის, რადგან კარადას არც კი ვშორდები, მობილურის მხიარული ზარის თანხლებით ვაგრძელებ ტანსაცმლის შერჩევას. გამიხურა ამ ნარცისობით, თუ დღეში ორჯერ ვბანაობ, ნარცისი ვარ, თუ ტანსაცმელს ხშირად ვყიდულობ, ნარცისი ვარ, თუ კვირაში რამდენიმე საათს სატრენაჟორო დარბაზში ვატარებ, ნარცისი ვარ! რატო ვარ ნარცისი, რა გასაკვირია, რო მინდა წესიერად გამოვიყურებოდე?! მინდა და თან ჩემთვის ხო არ მინდა? მთელი საღამოს სარკესთან გატარებას და საკუთარი თავით ტკბობას ხო არ ვაპირებ.. აი, დღეს, მაგალითად, დეასთვის მინდა! რა არი ამაში განსაკუთრებული და გასაოცარი? თუ აუცილებლად ყველა ქართველ კაცს ღიპი, გაუპარსავი წვერი და ხინკლის სუნი უნდა ჰქონდეს? მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ღიპიანი?! ჰააა?!! Take Off My Socks, Woman! ტყნ. ჩაცმული ვარ. რა დარჩა? ლინზები. ხო, პატარა მინუსი მაქვს და სათვალეს არ ვხმარობ. რა ჯანდაბად მინდა ორი შუშა სახეზე, როცა ესეთი სიფრიფანა და უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი ლინზუკებია გამოგონილი. ფეხსაცმელიც მზად არი. აბა Last check – Mirror, mirror, am I ready to rock this fuckin’ town? – ვეკითხები სარკეს და სახეს გულდასმით ვითვალიერებ. ჩემს გარეგნობაში ყველაზე მეტად პროფილი მიშლის ნერვებს. უფრო ზუსტად – მარჯვენა პროფილი. მარცხენა მესიმპათიურება, ეს კიდე არა! რაღაც სხვანაირია.. უშნოა! ტყნ. მაგრამ რაც არი, ეს არი… პატარა სისტემა მაქვს შემუშავებული. ყოველთვის, როცა გოგოსთან ერთად ვარ, ვცდილობ მისგან მარჯვენა მხარეს აღმოვჩნდე, ანუ სეირნობისას, კინოში, კაფეში თუ მეგობართან სახლში, ისე ვიდგე ან ვიჯდე, რომ თუ ჩემსკენ გამოიხედავს, მარცხენა პროფილს ხედავდეს. ამ ამბავს საბას არ ვუმხელ, რადგან დარწმუნებული ვარ, გაიგებს თუ არა, მაშინვე ნარცისების მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მომანიჭებს და აღარც ჩამომაცილებს აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე. მე მგონი მზად ვარ. სიგარეტი, სანთებელა, საათი, საფულე, მობილური, გასაღები… გავდივარ. კარს ვკეტავ და საბას ვურეკავ.
    – სად ხართ?
    – ჩვენ სად ვართ?! – ღრიალებს საბა.
    – ვერ მხედავ? ხელს გიქნევ, – ვეხუმრები სადისტურად, თან ლიფტში შევდივარ.
    – ვერ გხედავ!
    – რატო?
    – იმიტო რო გამოუსწორებელი ნარცისი ხარ და გვალოდინებ!
    – წუთ-ნახევარში მანდ ვარ, – ვპირდები საბას, ვუთიშავ და ამ დროს მახსენდება, რომ სუნამოს დასხმა დამავიწყდა. უნდა ავბრუნდე.

    * * *
    არა, დიდი ხანია დეასნაირი სასიამოვნო არსება არ შემხვედრია. ჯერ ერთი ნამდვილი ზაფხულის გოგოა თავისი ცისფერი კაბით, გამხდარი ფეხებით და ჰაეროვანი ნაკვთებით, მეორეც – 45 წუთიან დაგვიანებაზე ხმა არ ამოუღია, მარტო გაიღიმა რამდენჯერმე, სანამ საბა ტრაგიკულ ლექციას კითხულობდა ჩემი დაღუპულობა-უწესობა-უსაქციელობის შესახებ.
    გამოფენა საინტერესო აღმოჩნდა. სამი განყოფილებაა – ცნობილი ადამიანები, ანომალიები და პერსონაჟები ფილმებიდან. ანომალიებით ვიწყებთ. ოვალურ დარბაზში 40-მდე ცვილის ფიგურაა. პოკერის მაგიდის გარშემო ციკლოპი, სამთვალა და ოთხთვალა მამაკაცები სხედან. აქვე არიან მხრებით, მუცლებით და თავებით გადაბმული სიამის ტყუპები, ბიჭი რომელსაც უზარმაზარი პირი აქვს (ვიდეოკასეტა აქვს გაჩრილი პირში), სპილოსყურებიანი მოხუცი, სავარძელში მოკალათებული ქალი, რომელსაც ფეხის თითებით ფუნჯი უჭირავს და ხატავს. თან ყველა ფიგურის გვერდით გაკრული აბრები იუწყებიან, რომ ეს ადამიანები მართლა არსებობდნენ. ტყნ. ჩემი ტაქტიკისამებრ ვცდილობ დეა მარცხნივ მედგას, მაგრამ მაინცდამაინც კარგად არ გამომდის, რადგან ბევრს მოძრაობს და საბოლოოდ მე თვითონ ვექცევი მის მარცხნივ. სამძუძუიანი გოგოს ფიგურის წინ ვჩერდებით.
    – რა საშინელებაა, – ამბობს დეა და წარბებაწეული აკვირდება მესამე ძუძუს.
    – რას ერჩი, ბევრი ინატრებდა, – არ ვეთანხმები.
    – ბევრი ქალი თუ ბევრი კაცი? – მეკითხება ირონიულად და 65 სანტიმეტრიანი ენის პატრონი ზანგისკენ მიდის.
    თვითონ შესანიშნავი მკერდი აქვს, ნამდვილად არ ჭირდება მესამე. საბა და ნინუ გვიახლოვდებიან. მათ ჩვენი საპირისპირო მხრიდან დაიწყეს თვალიერება.
    – სიამოვნებით ვითამაშებდი პოკერს იმათთან ერთად. ერთი თვალი მათხოვე ცოტა ხნით, თუ არ შეწუხდები, – ჩემსკენ იშვერს თითს საბა.
    – დღეს ვერა, გოგოსთან ერთად ვარ, – დეას ვუღიმი.
    – ოჰ, რა თქმა უნდა, რა სისულელეს გეკითხები, სად შეუძლია ასეთი მსხვერპლის გაღება მეგობრისთვის თქვენს უნარცისესობას!
    ფილმების პერსონაჟების დარბაზი არანაკლებ საინტერესოა. ბრედ პიტი საპნით ხელში, კახპასავით გამოწყობილი ჯულია რობერტსი, შავქუდიანი ნიკოლსონი გიჟის თვალებით, უმა თურმანი და ჯონ ტრავოლტა ცეკვავენ, ნახევრად გადაპარსულ დენიროს ორი იარაღი აქვს მომარჯვებული და ჩვენსკენ იშვერს, კევინ სპეისი შხაპს იღებს, სარკოფაგიდან ბინტებშემოხეული მუმია მოძვრება, დემი მური გამჭვირვალე პატრიკ სვეიზს კოცნის, მიკი რურკი რძეს ასხამს კიმ ბესინჯერს, ვიღაც გაბურძგნული კენტავრი შუბს ისვრის, ბრმა ალ პაჩინო ტროსტს ეყრდნობა, ტომ ჰენქსი პიანინოზე უკრავს ფეხებით. საბა ჯულიას უახლოვდება და ცდილოს ათ ლარიანი ჩაუკუჭოს ხელში. ამის საპასუხოდ ნინუ ბრედ პიტს ეფერება დაკუნთულ მუცელზე.
    – ვაფიქსირებ ღალატის ფაქტებს! – სურათებს ვუღებ ორივეს.
    მერე ისინი გვიღებენ მე და დეას – ტრავოლტა-თურმანის ტვისტს ვუერთდებით.
    მოწევა მინდა, მაგრამ აქ არ შეიძლება. ტყნ. პროფილტაქტიკის განხორციელება ისევ არ გამომდის, ვერაფრით მოვიხელთე! მესამე განყოფილებაში გადავდივართ. ცნობილი ადამიანები. საბა, პირველ ყოვლისა, შექსპირს ამჩნევს.
    – აი შენი ძმაკაცი, რა სონეტი მოგიძღვნა! – 62-ეს გულისხმობს, რაღა თქმა უნდა, – როგორ არი? “ცოდვა დამედო, შემიყვარდა ჩემივე თავი! ჩემზე ლამაზი სხვა არავინ არ მეგულება”..
    – დაჯექი, ორიანი, – ვაჩუმებ და დეას ბინ ლადენისკენ მივუთითებ, რომელსაც ხელში ორი თვითმფრინავი უჭირავს. დეა ჯექსონს უყურებს.
    – ეს მუმიას მივუწვინოთ სარკოფაგში.
    – მშვენიერი აზრია!
    ბარაკ ობამა ისე იღიმის, ყველა კბილი უჩანს, კრისტიანო რონალდოს რეალის მაისური აცვია, მანჩესტერის კი მხარზე აქვს გადაკიდებული, ტომ იორკს თავზე აკვარიუმი ადევს, ელვისი თვალს გვიკრავს, პაბლო ესკობარს სქელი სიგარა გაურჭია პირში.
    – მოიცა, ამისთვის შეიძლება მოწევა და ჩემთვის არა?

    * * *
    პატარა, მყუდრო კაფე ვიპოვეთ. როგორც იქნა ვახერხებ და დეას მარჯვნივ ვუჯდები. ფრის, ქათმის სალათს და ოთხ ლუდს ვუკვეთავთ. Black Or White არის ჩართული და ისევ ჯექსონზე ვიწყებთ საუბარს.
    – ყოველთვის ესეთი იდიოტიზმი რატო უნდა ხდებოდეს, მოკვდება ვიღაც და უცებ ირკვევა, რო სრულიად საქართველო მისი თავგადაკლული ფანი ყოფილა! – ვოხრავ მე.
    – ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, ბევრი უსმენდა, – საბას ხო არ შეუძლია არ შემეწინააღმდეგოს.
    – რაც თავი მახსოვს, არავისგან არ გამიგია ჯექსონზე იყოს შემჯდარი ან რამე ეგეთი, ეხლა რო სანთლებს ანთებენ ქუჩებში, ტირიან და თავს იკლავენ..
    – ალბათ სახლში უსმენდნენ ხოლმე ღამ-ღამობით, ჩუმად, – მხარს მიბამს დეა.
    – მაინც მეფე იყო რა! – არ გვნებდება საბა.
    – მეფე იყო დავით აღმაშენებელი! ისე ლაპარაკობ თითქოს შენც უსმენდი.
    – არ ვუსმენდი, მაგრამ ვაფასებდი.
    – არა, იქნებ უსმენდი შენც ისე, ჩუმ-ჩუმად.
    – მიდი რა.
    – ისე, კარგ ფილმს გადაიღებდა კაცი მაგის ბიოგრაფიის მიხედვით, – ამბობს ნინუ, – სათაურად მოუხდებოდა – შავიდან თეთრამდე.
    – ცხვირიდან უცხვირობამდე ჯობია! – ბოროტად ვიცინი.
    – ვაიმე, ესე გადავლაც არ შეიძლება, მოკვდა კაცი..
    – შენთვის მოკვდა, მაგრამ აი საბას გულში მუდამ იცოცხლებს! არა, საბ? მაპატიეთ, 2 წუთით უნდა დაგტოვოთ.
    – ხო, ხო, მიდი, სარკე იპოვე და შეძვერი, თმა აგეჩეჩა, – ვალში არ მრჩება. შუა თითს ვაჩვენებ და ტუალეტისკენ მივდივარ. ის ანეკდოტი მახსენდება – ჯექსონი ინკასატორია და მრიცხველის შესამოწმებლად მიდის ვიღაცასთან. კარს ოჯახის უფროსი აღებს, ჯექსონი კი უკმაყოფილო სახით შესცქერის და ეკითხება – უმცროსები არ არიან სახლში? ტყნ. იმათთან არ მოვყვები, მეზარება. ვიბან ხელებს, ვისველებ მართლაც ცოტათი აჩეჩილ თმას, ვბრუნდები და რას ვხედავ! დეა ჩემს სკამზე გადამჯდარა! თან საფუძვლიანად გადაბარგებულა – თავის ჩანთიან, ჭიქიან-თეფშიან ყველაფრიანად! საბამ ხო არ მოუყვა რამე პროფილზე და ხო არ მეკაიფებიან? არა, საბამ არ იცის და როგორ უნდა მოეყოლა. ტყნ.
    – რა გჭირს? – პირველი ნინუ ამჩნევს, რომ ჩაფიქრებული, გაოცებული თვალებით დავცქერი მაგიდას.
    – არაფერი, – სხვა რა გზა მაქვს, ვჯდები.
    საუბარი ცხონებული მაიკლიდან ბეგბედერის ახალ რომანზე გადაუტანიათ. დეა ამბობს, ერთი სული მაქვს როდის ჩამივარდება ხელში, ჩემი დაქალია წასული მარსელში, დავაბარე და რო არ ჩამომიტანოს, არ ვიცი რას ვუზამო. ხოლო საბას აინტერესებს, “99 ფრანკი” წაიკითხოს, თუ ფილმი რო აქვს ნანახი, საკმარისია. სხვა დროს, ალბათ, მეც ვიტყოდი ერთ-ორ სიტყვას, მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რაც ჩემს თავს ხდება. რა გახდა! ვაღიარებ – ვერ ვიტან, როცა რამე ისე არ გამოდის, როგორც მინდა! სასტიკად ვღიზიანდები! განსაკუთრებით როცა ამ პროფილს ეხება საქმე!
    – რატომ გამიცვალე ადგილი? – ვეკითხები დეას საკმაოდ უხეშად.
    – გეწყინა? – იბნევა.
    – არა, უბრალოდ მაინტერესებს.
    – რავიცი..
    – რავიცი პასუხი არ არი.
    საბა და ნინუ ჩუმდებიან და გაკვირვებულები გვიყურებენ.
    – მგონი ძალიან მარტივი და გასაგები შეკითხვა დაგისვი – რატომ გამიცვალე ადგილი? მიპასუხე.
    – ისე..
    – ისე არაფერი არ ხდება! – ხმას ვუწევ. დეას გამომეტყველებით ვხვდები, რომ ნამდვილ გიჟს ვგავარ.
    – რამე დალიე გასული რო იყავი თუ რა მოგივიდა? – უხერხულობის განმუხტვას ცდილობს საბა.
    – დავლიე არა ის!
    – აბა რაზე იძაბები?
    – არ არი შენი საქმე! ვეკითხები ადამიანს და მიპასუხოს.
    – მე წავალ, – დეა სწრაფად დგება და ჩანთას იღებს.
    – სად მიდიხარ? – უყვირის ნინუ, მაგრამ ის უკანმოუხედავად უჩინარდება კარს მიღმა.
    – ეე, ვერა ხარ რა, – საბა საჩვენებლ თითს იტრიალებს საფეთქელზე, – წავედით.
    ანგარიშს ვითხოვ და ვიხდი, მიუხედავად იმისა, რომ ფრი და სალათი ჯერ კიდევ არ მოუტანიათ.

    * * *
    მოსაღამოვებული ქალაქის ქუჩებს მანქანების ხმაური ავსებს. ალბათ უკვე ნახევარი საათია, რაც უხმოდ მოვაბიჯებთ. გრილა. დეა იბუზება და გადაჭდობილი ხელები ტანზე აქვს მიკრული. რამე ჟაკეტი მაინც წამომეღო, მოვაცმევდი. ძლივს მივუსწარი, ტაქსში ჯდებოდა. ბოდიში მოვუხადე და გასეირნებაზე დავითანხმე. საბამ ნინუ გააცილა. რამე უნდა ვთქვა, თორე ეს არ არის ხმის ამომღები.
    – არ მინდა პათოლოგი გეგონო..
    – არ მეგონები, თუ ამიხსნი რა მოხდა..
    – არ ვიცი.. – სიმართლე რო ვუთხრა უფრო დიდ პათოლოგად ჩამთვლის.
    – არ ვიცი, პასუხი არ არი.
    – ხო, მაგრამ მართლა არ ვიცი.
    – იცი!
    – უცებ მომიარა რაღაცამ..
    – ისე?
    – ხო.
    – ისე არაფერი არ ხდება!
    მგონი ჯობდა ულაპარაკოდ მიმეცილებინა სახლამდე! ტყნ.
    – ჩემი ახირებულობის ბრალია..
    – რას გულისხმობ?
    – ანუ, როგორ გითხრა.. ერთი უცნაური რამე მჭირს..
    საშინელი მომენტია! უნდა გამოვტყდე, საბა არც თუ ისე უმიზეზოდ მიხურებს.. რა სიამოვნებით მომახლიდა ახლა, რო ნამდვილად ყოვლად გამოუსწორებელი ნარცისი ვარ, მაგრამ კიდევ კარგი, ვერაფერსაც ვერ მომახლის, რადგან ალბათ ნინუსთან კოცნაობს სადარბაზოში…
    – შენ გამოუსწორებელი ნარცისი ხარ! – მეუბნება უეცრად თვალებგაბრწყინებული დეა.
    ყბა მივარდება.
    – რა?..
    – პროფილი ხო?
    – რაა?!
    – პროფილი!
    – რა პროფილი?!!?
    – პრო-ფი-ლი! შენ შენი მარცხენა პროფილი მოგწონს, მარჯვენას კი ვერ იტან! ამის გამო ხარ დაკომპლექსებული და ამიტომაც ატეხე ამხელა ამბავი!
    პირს ვაღებ, ვხურავ და მერე ისევ ვაღებ მაშინვე.
    – შენ საიდან იცი?… – ამის მეტს ვერაფერს ვპოულობ სათქმელად.
    – მე ვიცი, თუ ვიცი!
    – საიდან?
    – რა გგონია, რატო ვიკლავ თავს მთელი დღეა, რო შენგან მარჯვნივ ვიყო?
    – რატო?
    – იმიტო რო ჩემსკენ როცა იხედები, მინდა მარცხენა პროფილს ხედავდე!..
    – მეხუმრები?..
    კისკისებს.
    – კი ვიფიქრე, ესეც ჩემნაირი ხო არ არის-მეთქი, როცა შეგატყვე რო ჩემსავით ცდილობდი რაღაცას, მაგრამ ბოლომდე არ მეგონა.. ეხლა მივხვდი. ეგრეა ხო?
    – ეგრეა…
    – რა სულელი ხარ!
    მთელი ძალით მეხუტება. სახეზე ვეფერები და კარგად ვათვალიერებ. ბოლოს ვკოცნი.

    * * *
    სახლამდე მივაცილე. შევთანხმდით, რომ ხვალ დილიდან შევეხმიანები. გზაში მომიყვა, როგორ ეზიზღება ბავშვობიდან თავისი მარჯვენა პროფილი და სულ როგორ ცდილობს დამალოს. თან დამცინოდა, ხო გაჯობე, შენზე უკეთესი ტაქტიკა მაქვსო. მეკამათა იმაზე, თუ ვინ საით იდგება ხოლმე ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში. ორივეს მოგვიწევს დათმობა, მაგრამ უფრო ხშირად მაინც შენ, იმიტომ რომ მე გოგო ვარო! დამთხვევა არ გინდაო? მე მგონი ესეთი დამთხვევები ხშირად არ ხდებაო..
    მაგრამ უცნაური იცით რა არის? შემიძლია დავიფიცო, ყველაფერი დავიფიცო, რომ ორივე პროფილი ზუსტად ერთნაირად ლამაზი აქვს! ტყნ.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ვახო მოსიაშვილი – მეხუმრე რა

    ეს არის ამბავი ადამიანებზე, ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ადამიანებზე, მაგრამ მე ისინი სწორედ ამის გამო მიყვარს. არაფერია ჩვეულებრივ ადამიანზე მშვენიერი.

    1.

    პირველი კადრი, რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა, ეს არის ერთ ოთახიანი სახლის ჭერი, რომელიც ნელ-ნელა მომიახლოვდა. პირველად მაშინ მივხვდი, რომ ფრენა სიამოვნებაა, ოღონდ რა თქმა უნდა არა ზევიდან ქვევით. ეს ალბათ ასე ორი თვის რომ ვიყავი, მაშინდელი ამბავია. აი მერე კი ისაო, ესაო და აი, კიდეც ვიქეცი რაღაც ასაკში მყოფ ადამიანად. თუმცა რა თქმა უნდა, ბავშვობის მოსაყოლად არ მცალია. ალბათ ვერც მოვიცლი კარგა ხანს. პირველადი პრობლემებია გადასჭრელი. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თავი ათას შარში გავყავი და ზოგიერთიდან მაინც უმტკივნეულოდ უნდა გამოვიდე. მაგალითად… არა არ მიყვარს მაგალითები, მე ხომ შეგონებებისთვისაც არ მცალია. ახლა უნდა გავიდე სახლიდან, არადა გარეთ ძვალსა და რბილში გამტანი ნესტია და ვერაფრით ვთბები. სიამოვნებით ვიწვებოდი ასე, ვუყურებდი ჭერს, რომელიც ორი თვის რომ ვიყავი, პირველად მაშინ მომიახლოვდა, და ვიფიქრებდი ათას რამეზე. თუნდაც გუშინდელ საღამოზე. რა მოხდა გუშინ.
    ისეთი არაფერი, კედის დავურეკე. მოვიდა ჩერჩილის თუთიყუშივით აჭრელებული. აბა გამართეო. რომელი გამრთობი მე ვარ, მაგრამ მაინც. სულ ესე ხდება ხოლმე. დარეკავ შუა ღამისას, მერე მუსიკა, არაყი და ღამეული ორთაბრძოლა ორ სქესს შორის, რომლის მერეც ყოველთვის სინანული მიპყრობს. რატომ, თუ ვიცოდე, მე ვიყო ჩვენ რო ვიცით ის. პურიტანული აღზრდის შედეგებს ვიმკი? ჰო, ნუ დროა ალბათ ასეთი. სხვა რა უნდა ვიფიქრო. მერე ვარსკვლავებს ვუყურებდი ფანჯრიდან, მერე რა რო ციოდა. დილის 6 საათზე წავიდა. გაერთო? ალბათ. მე რომელი გამრთობი ვარ, მაგრამ მაინც. კედი კარგი გოგოა, თუმცა გართობის გულისთვის ყველაფერზე წავა. მეც. ოღონდ ჩვენს შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ მე მერე ყოველთვის გული მერევა საკუთარ თავზე. არაფრით მტოვებს იმის შეგრძნება, რომ რაღაცას ვუშვებ ხელიდან. ჰო, რაღაცას, რაღაც მთავარს. გარეთ ცივა და ძალიან მეზარება ადგომა და სახლიდან გასვლა, არადა გვერდს ვერ ავუვლი საჭიროებებს.
    სამსახურში, ”როგორც ყოველთვის” სიტუაციაა. სიჩუმე და საქმე. თავჩარგული ვუზივარ ციფრებს. ბუღალტერი. ჩიფ ექაუნთენთ. მოკვდები კაცი სიცილით. სახელები, სახელები, სახელები. და რა არის სახელების უკან? არა, არ ვიცი რა დგას ამ სახელების უკან, ან ამ ციფრების უკან. მონაცემები, მონაცემები, მონაცემები, ჰოდა დამუშავება, დამუშავება, დამუშავება. მერე შედეგები, შედეგები, შედეგები. ბალანსები, მოგება-წაგების თვლა, უწყისები, ბრუნვები, გადარიცხვები. მერე ისევ სახლი, ისევ მუსიკა, ისევ არაყი, ისევ კედი, ისევ ვარსკვლავები, მერე ისევ ჭერი. ჭერი. ჰო, ჭერი. რამე მაინც იყოს განსაკუთრებული ამ ჭერში. მგონი ადგომის დროა. კარგია, რომ არსებობს კეთილგონიერება. ეხლა უბრალოდ რამის აღწერის განწყობაზე ვარ, აი მაგალითად… ჰო მაგალითად ჩემი სამსახურის.

    2

    – დილა მშვიდობის – შევდივარ და ტრადიციულად ვესალმები დაცვის ავტომატიან, სერიოზულსახიან ბიჭებს. ვისურვებდი გენდერული ბალანსი დაცული ყოფილიყო და დაცვის სამსახურშიც ემუშავა რამოდენიმე მანდილოსანს.
    – გაუმარჯოს – ეს ტრადიციული მისალმებაა, რომელიც არასოდეს იცვლება. ალბათ ვერც ვერასდროს შეცვლით.
    ნუ მერე კიდევ რამდენიმე ასეთი სალამ-ქალამი და მერე სამუშაო ოთახს მივაშურებთ. სამსახური თავის ცხოვრებით ცხოვრობს. ის რაც გევალება, არის კარგად შეასრულო შენი ფუნქცია. თუ ფუნქცია არ გაქვს, მაშინ დრო უნდა გაიყვანო, იმიტომ რომ შენ ყიდი დროს და არა შრომას. უცნაურია, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ თვის ბოლოს შრომის კი არა, დროის საფასურს გვიხდიან, მე და ერთ თანამშრომელს გვაქვს მხოლოდდამხოლოდ. მე და კედის. ჰო, კედი ჩემი ხშირი სტუმარია, ოღონდ არა ბუღალტერიაში. საერთოდაც სამსახურში მე ”ჩიფ ექაუნთენთ” ვარ. უსქესო ნაცრისფერი ადამიანი. მარტო ვცხოვრობ ერთ ოთახიან კომუნალურ ბინაში, სადაც როგორც უკვე მოგახსენეთ, აგერ მთელი ცხოვრება გავატარე და… თუმცა სულ ესე არ ყოფილა. უბრალოდ სახლი ნელ-ნელა დაცარიელდა და ბოლოს მე დავრჩი… არა, მარტო არა. ალბათ კედისთან ერთად, რომელიც საღამოობით მოდის და ხან დილით მიდის გამთენიისას, ხან შუაღამეს და მოკლედ, როცა როგორ მოუხერხდება. 9-დან 6-მდე გარიგება მაქვს დადებული ეშმასთან. ”პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს” – ღმერთს ვთხოვ, ის კი ეშმას საშუალებით მიგზავნის სამოთხიდან. ეს ნამდვილად არაა საგანგაშო.
    სხვათაშორის, ეხლა სახლში ვინმე რომ იყოს, შემახსენებდა რომ წვიმიანი ამინდის მიუხედავად, სამსახურში მაგვიანდება და დროა ავწიო ერთი ადგილი ამ საწოლიდან. არადა რა ფართოა ეს დალოცვლი, რამდენიმე ადამიანი კიდევ დაეტეოდა. სწორედ ამ საწოლზე შემქმნეს მე ჩემმა მშობლებმა და აი ამ კოსმიური აქტიდან 38 წლის შემდეგ მე აქ ვწევარ და სამსახურში წასვლა მეზარება. ჭეშმარიტად უზნეო საქციელია.
    კარზე ზარი გაისმა. ნუთუ ვინმე შეიძლება ამ დროს მესტუმროს? კარი გავაღე. კედი იდგა. ერთი რეაქცია მქონდა მხოლოდ, თვალები გადმოვკარკლე გაკვირვებისგან. ჩვენ ხომ პატიოსანი ადამიანები ვართ და აგერ უკვე ორი წელია ერთ რეჟიმში ვცხოვრობთ, ის კი ახლა ამ დილაადრიან მოსვლით ყველაფერს ანგრევს.
    – გიო მე… იქნებ შემომიშვა?
    – მოდი! მოხდა რამე? – ვკითხე და ისეთი გრძნობა დამეუფლა რომ… რომ არ შემიძლია ეხლა აღვწერო.
    – იცი? მოხდა. ნუ თან მოხდა, თან არ მოხდა.
    – ნუ მაბნევ. – გამაღიზიანა. ვერ ვიტან ასე ქარაგმებით ლაპარაკს. ჯერ კიდევ იმ დროიდან ვერ ვიტან პირველად რომ მომიახლოვდა ამ სახლის ჭერი. კედი კი შემომეხვია, ტუჩებზე მომეკრო და საწოლისკენ მიბიძგა. გაოცებისგან დავყევი, თუმცა გახდა რომ დაიწყო აზრზე მოვედი.
    – გაგიჟდი? სამსახურში გვაგვიანდება.
    – გავარტყი სამსახურს. აქ მინდა, შენთან.
    – კედ, სულ გადაირიე ხო? ადექი ახლავე. – კი გავბრაზდი, მაგრამ თან გამეფიქრა, განა ის ადამიანი არ ვიყავი, ორი წუთის წინ საწოლიდან რომ ვერ წევდა ერთ ადგილს.
    – ჰო, გადავირიე, მომბეზრდა, არ შეიძლება, რომ ერთხელ რამე ისე გავაკეთოთ როგორც… – ჰოდა აქვითინდა. ოღონდ ეს არა. ბავშვობიდან არაფერი მამტვრევს ისე წელში, როგორც ცრემლები. მომკალით და ესეა. ჩემს წინ ადამიანი რომ ატირდეს და მთხოვოს თავი მოიკალიო, ალბათ არ დავფიქრდები ისე მოვიკლავ. ჰოდა რაღა უნდა მექნა. იმას კიდე ისტერიკა დაემართა. ყვიროდა, ჰო ყვიროდა, სულ დამპალ, უგრძნობ, ციფრებით თავგამოტენილ ღორს მეძახდა. ასეა, რა ვქნა. ბუნებით ვარ პედანტი. ესეც შენი გართობის მოყვარული კედი. ჩამოიხსნა ბოლომდე ნიღაბი. ამოალაგა სენტიმენტები, მაგრამ რა. ეს ხომ ისედაც ვიცოდი, რომ მისი გართობა მხოლოდდამხოლოდ სწრაფვა იყო თავდავიწყებისკენ. და ბოლოს… ბოლოს დავნებდი. ჰოდა აი კედის თავი ჩემს მკერდზე ედო, მე სიგარეტს ვეწეოდი და ფანჯრიდან ნესტიან, ბურუსიან სივრცეს გავყურებდი. გარეთ ციოდა, ჩვენ თბილად ვიყავით. ტელეფონები გავთიშე. ალბათ გასკდნენ რეკვით. გამორიცხული არ იყო მოსულიყვნენ სახლში. კარს არ გავუღებდი. მგონი ეშმასთან გარიგება დასრულდა, ჰოდა მე და კედის ახლა პურს არსობისას აღარავინ გვიწილადებდა. კი მაგრამ მეგობრები?

    3

    აგერ უკვე 45 წლის ვხდები და ხელშესახები არაფერი მახსენდება. უკვე 7 წელია მე და კედი აღარ ვერთობით, ჰოდა სამაგიეროდ მშვიდად ვცხოვრობთ. მე დილაობით აღარ მეზარება სამსახურში წასვლა, იმიტომ რომ საუზმეს კედი აკეთებს, აღარც საღამოს ვფიქრობ რითი ვიყიდო არაყი, იმიტომ რომ კედი ისედაც მაძლევს, აღარც დილის 6 საათზე ვიღვიძებ, იმიტომ, რომ კედი აღარსად აღარ მიდის, აღარც ციფრებს ვითვლი, იმიტომ რომ აღარ ვარ ჩიფ ექაუნთენთ, აღარც ჭერს აღარ ვუყურებ, იმიტომ, რომ ჩემს სახლში აღარ ვცხოვრობ და ამ ნაქირავების ჭერი არაფერს მახსენებს, აღარც მეზობლების მიკითხვ-მოკითხვაში მეკარგება დრო, იმიტომ, რომ არც ერთს არ ვიცნობ და აშ. და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ამას. სამაგიეროდ… კვლავ აკაკუნებენ, მე ისევ მივდივარ კარის გასაღებად და აი თავისი გიგანტური ნაბიჯებით შემოიჭრება ტერი დევისი და….
    – კედიიიიიიიიიიიიიი. ყავა გამიკეთე რა.
    – ააააჰ, შაბათია დღეს? – ტერი დეივის ჩემი მეგობარია, არ შეიმჩნიოთ.
    – გიოოო, მიდი რა. – აჰა, უცბად გადმომილოცა ყავის მოდუღება კედიმ.
    – კედ, მეზარება. – სულაც არ მინდა ეხლა ყავის მომზადება.
    – მაშინ იცოდე პირდაპირ შიშველი ავდგები და ისე გავაკეთებ ყავას – გამომძახა. დიდი ამბავი ეხლა.
    – ოოო, შენც ეხლა არ უნახიხარ შიშველი რა.

    ტერი ჩვენს დიალოგზე როგორც ყოველთვის გულიანად ხარხარებს და მხარზე ხელის დატყაპუნებით ცდილობს… ნუ არ ვიცი რას ცდილობს რომ მაგრძნობინოს.
    – უუუ, აი სწორედ ამიტომ მიყვარს თქვენთან მოსვლა – მეუბნება და თან ისევ მხარზე ხელს მიტყაპუნებს.
    – ჰო, ნუ ვერ მივხვდი, რატომ, მაგრამ მაინც მადლობა.
    – ჰოდა მოკლედ მე კარგი ახალი ამბები მაქვს თქვენთვის.
    – მაინც?
    – ე.ი. გუშინ ბირჟაზე შევიძინე… – და ტერი იწყებს, როგორც ყოველთვის, ძალზედ მოსაწყენ მონოლოგს ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის შედეგების შესახებ და მე ვცდილობ ამ გაქნილმა მაკლერმა რამე არ მომატყუოს. ბოლოსდაბოლოს კედი უდუღებს ყავას ტერის და ასე შიშველი გვიჯდება წინ. მსჯის მგონი. თუმცა ტერი პატიოსანი კაცია და მოვალეობების შესრულების დროს უსქესო, ნაცრისფერი მაკლერია. ანუ ყველაფერი რიგზეა.
    მერე მე ვჯდები მანქანაში და მივდივარ ”როგორც ყოველთვის სიტუაცია”-ში.

    4
    საკმაოდ დიდი საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ამ 7 წლის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა ჩემში. უბრალოდ მე ბიოლოგიურად დავეშვი დაღმართზე. ერთ 45-ს კიდევ გავქაჩავ? რთული წარმოსადგენია, მაგრამ… მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ გარკვეულ ასაკამდე საერთოდ არ მიფიქრია სიკვდილზე, ალბათ ესე 30 წლამდე ჩემი დილა იწყებოდა ოცნებით ვარდისფერ მომავალზე, ანდა უკეთეს შემთხვევაში ოცნებით იმ დღის ლამაზ დასასრულზე, რომელიც ეს-ესაა თენდებოდა. 30 წლის შემდეგ, უფრო სწორად, იმ დღის შემდეგ, რაც საავადმყოფოში მამაჩემს უკანასკნელად მოვწმინდე სპერმა დახეთქილი ყვერებიდან და რამდენიმე დღეში მიწაც დავაყარე… იმას ვამბობდი, რომ იმ წუთიდან, სველი ხელსაწმენდით ყვერი რომ გავუსუფთავე, ჩემი ყოველი დილა სიკვდილზე ფიქრით იწყება, მოდი არ გავაფილოსოფოსოთ.
    იმ დილას ჩემმა მდივანმა მეც უკანასკნელად მომწმინდა სპერმა და მე რაღაც ვიხუმრე ტრადიციულად. ჰო ტრადიცია მაქვს ასეთი, მხოლოდ ღმერთზე ვხუმრობ და ეს ყოველთვის მკრეხელობად ინათლება. ჰოდა ელენას, რატომღაც ასე ერქვა ჩემს მდივანს, ამოასხა და მკითხა:
    – რატომ ხუმრობ ყოველთვის ღმერთზე?
    – ჰმ, რთულ კითხვას მისვამ.
    – არა, ეს უბრალოდ ჩემს რელიგიურ გრძნობას შეურაცხყოფს.
    მე დამავიწყდა იმის თქმა, რომ ელენა პროფესიით იურისტია. არა, უფროსწორად, იმ დროს, როცა ეს მოხდა, იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. ჰოდა აი ეს ფრაზა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო. ვინაიდან არსებობს დედამიწაზე სამი სქესი: კაცები, ქალები და იურისტი ქალები. სხვა ვერავინ გეტყვის ასეთ ფრაზას: “ეს ჩემს რელიგიურ გრძნობას შეურაცხყოფს”. წარმოვიდგინოთ რას მეტყოდა ჩემი ფიზიკის მასწავლებელი. ის აუცილებლად დაიწყებდა მოვლენათა იმ დაუსრულებელი სიის ჩამოთვლას, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ იარსებებდა და დააბოლოვებდა ნიუტონის ცნობილი ფრაზით, რომ “პლანეტების მზის გარშემო ორბიტაზე ბრუნვა, მხოლოდ მზის მიზიდულობის შედეგი რომ იყოს, მაშინ ყველა პლანეტა ერთ მშვენიერ დღეს მზეს დაენარცხებოდა”-ო და ბოლოს აუცილებლად დააბოლოვებდა, რომ ჩემნაირი ღვთისპირიდან გადავარდნილი, ურჯულო, მკრეხელი ადამიანი მეორე არ დადის ცისქვეშეთში, იმიტომ, რომ ყოველთვის ვხუმრობ მხოლოდდამხოლოდ ღმერთზე და ვერაფრით დავიმახსოვრე, რომ… და ერთ-ერთ ჩემს მიერ ვერ თუ არ ათვისებულ თეორიასაც ჩემი უსჯულოების დამამტკიცებელ საბუთად მოიშველიებდა. თუმცა მე რა თქმა უნდა ვერაფრით გავარკვევდი რა უფრო მეტად განსაზღვრავდა ჩემს ურჯულოებას, ის, რომ ღმერთზე ვხუმრობდი, თუ ის, რომ რომელიღაც თეორია, სათანადოდ არ თუ ვერ შევისწავლე. მოკლედ ალბათ მიხვდით, რომ ასეთი ვარიანტები პროფესიების მიხედვით შემიძლია უსასრულოდ ჩამოგითვალოთ. რა მოხდებოდა ელენა რომ… მაგრამ ვაღიარებ მოსაწყენი იქნება. ამიტომ მე ელენას გადავწყვიტე ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოვქცეოდი მარტივად და ვუპასუხე:
    – ელენა, ღმერთი ჩემთვის იმდენად ამოუცნობია, იმდენად ბუნდოვანი და იმდენად გაუგებარი, რომ მის შესახებ მხოლოდ ხუმრობით შემიძლია ლაპარაკი.
    გაგიკვირდებათ და ეს მისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი აღმოჩნდა, თუმცა მაინც უკანასკნელად მომწმინდა სპერმა.
    ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა, მე ვიტყოდი, იმაზე უფრო განსაკუთრებულიც კი, ვიდრე კედის მოულოდნელი შემოვარდნა ჩემს ბინაში დილის 8 თუ ცხრა საათზე და შემდეგ ჩვენი გადაწყვეტილება ერთად გვეცხოვრა. საქმე ეხებოდა ჩემს ერთ მეგობარს, რომელმაც… რომელმაც ადრეულ ახალგაზრდობაში, ასე 18-19 წლის ასაკში საკუთარი თავი დაარწმუნა წერის ნიჭი მაქვსო და მას შემდეგ აღარც თვითონ მოისვენა და აღარც საზოგადოება მოასვენა, სანამ ერთ-ერთ წამყვან ლიტერატურულ ჟურნალში რომელიღაც ცნობილმა ტიპმა კარგი რეცენზია არ გამოუცხო. ამ რეცენზიის ფასი ვიცოდი რაც იყო, თუმცა მოდით დავანებოთ თავი ამჯერად ამას. იქნებ მერე მივუბრუნდე კიდეც ამ თემას და მოგიყვეთ, მაგრამ ეხლა სხვა რამის მოყოლას ვაპირებდი. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ეს ჩემი მწერალი მეგობარი მომადგა სამსახურში და… და მე ძალიან აღელვებული, აცქმუტებული და როგორ ვთქვათ, აღგზნებული მომეჩვენა.
    – გიოოო, რაღაც საქმე მაქვს რა შენთან და საღამოს სამსახურის მერე შეგიძლია შემომიარო სახლში?
    მე ვიფიქრე საბანკო ანგარიშებზე თანხის ბრუნვას ვეღარ აკონტროლებდა და ჩემი როგორც ფინანსისტის რჩევები ჭირდებოდა. კი გავიფიქრე, ამას რა აიტანს-მეთქი, მაგრამ მაინც დავთანხმდი.
    ჯოშუა უცნაური ადამიანი არ იყო (მგონი ვერ ვიკავებ თავს მისი აღწერის ცდუნებისგან), პირიქით, ის ძალიან ძალიან ჩვეულებრივი და სტანდარტული ტიპი იყო, თუმცა მწერლის სტერეოტიპში კარგად იჯდა, შეიძლება სხვებზე კარგადაც, ამიტომ ხანდახან დემონსტრაციულად ჩქმეტდა ტრაკზე უცნობ მანდილოსნებს. რამდენჯერმე ამ უცნობი მანდილოსნების დაკუნთულმა ბოიფრენდებმა, საპასუხო რეაქციაც მისცეს, ხანდახან… მოკლედ ხანდახან ის განზრახ აკეთებდა ისეთ რამეებს, რომ ხაზი გაესვა საკუთარი განსაკუთრებულობისათვის. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ იმ საღამოს მაინც რაღაც უფრო ბუნებრივად უცნაური მომეჩვენა. ჰო, რა თქმა უნდა აზრი არ ჰქონდა ჩემთან რაიმე განსაკუთრებულის თამაშს, მე ხომ მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი. მერე ალბათ არ დამეზარება და გაგიმხელთ როგორც მაგრამ… მაგრამ აი ეხლა დავფიქრდი და ღირს კი საერთოდ ამის მოყოლა? ჰო ნუ რა ვიცი.
    მოკლედ როგორც მამაჩემი იტყოდა (მაგრამ ზუსტად არ მახსოვს ამას ამბობდა ხოლმე თუ არა), ბევრი რომ არ გავატრაკოთ, ჯოშუამ გამიმხილა, რომ ახალი რომანის წერა დაიწყო და მისი მთავარი გმირი უნდა ყოფილიყო გეი. მერე?…
    – მერე ის, რომ ვერ ვახერხებ. ვერაფრით ვერ ვახერხებ, იმიტომ კი არა, რომ წერა არ შემიძლია…
    – არც მიფიქრია ეგ მერწმუნე…
    – უბრალოდ მე არ ვარ გეი და ჰომოფობიური გამომდის. ჰოდა ამისთვის ერთადერთი საშუალება არსებობს…
    კი მივხვდი მაგრამ გამიჭირდა დაჯერება და ამიტომ უფრო ვკითხე
    – რა?
    – რა და მე უნდა მივიღო გეის შეგრძნება. უნდა გამოვცადო.
    – რა უნდა გამოსცადო შენ შიგ ხომ არ გაქვს?
    – არა, არა, ხელოვნება უპირველეს ყოვლისა. მე მზად ვარ გავიღო მსხვერპლი, ჰოდა შენი დახმარება მჭირდება.
    – მე რაღა შუაში ვარ შე ყლეო. მე რა პიდარასტი ვარ თუ?
    – არა, მე არ გთხოვ, რომ სექსი და რაღაც, ერთადერთი რამ მინდა, მინეტს გაგიკეთებ რა.
    მე რა თქმა უნდა ისტერიკა დამემართა და… და მოკლედ მე თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც დავთანხმდი. თვალები დავხუჭე და… მოკლედ ყველაზე საშინელი ის კი არ იყო, რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, თან მამაკაცი მიკეთებდა მინეტს, უბრალოდ… უბრალოდ მე მომიწია იმის აღიარება, რომ ჯოშუამ ამ საქმეს კედიზე უკეთ გაართვა თავი.

    5

    ბავშვობაში ვთვლიდი, რომ არ გამიმართლა, ჩემს ოჯახში ბევრი ექიმები რომ იყვნენ. მე მხოლოდ მე-11 კლასში შევიცვალე გადაწყვეტილება და ჩემი ტვინი ფინანსებისკენ გადაიხარა. ამჯერად არ მოგიყვებით, რატომ გადავიფიქრე ნეირო ქირურგიის შესწავლა და დავინტერესდი ფინანსებით, თუმცა ჩემმა დამ რომ გაიგო სიგარეტს ვეწეოდი, ცხარე ცრემლით იტირა, ხოლო შემდეგ დაიწყო პერიოდული ლექციების ჩატარება სიგარეტის მავნებლობის შესახებ. პირველი ღერის მოწევიდან რამდენიმე თვეში მე უკვე ვიცოდი, რომ მოწევა იწვევს რვა სახეობის სიმსივნეს, ასევე უამრავ სხვა დაავადებას, გულსისხძართვა დაავადებს, აუარესებს სუნთქვას, სისხლის მიმოქცევას, რითაც აფერხებს ტვინში ჟანგბადის მიწოდებას, რაც ხელს უშლის აზროვნებას, უზმოზე სისტემატურმა მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის წყლული, ასევე აყვითლებს და აფუჭებს კბილებს და ა.შ. და ა.შ. ალბათ მიხვდით, რომ ჩემი და ექიმია. ამ ყველაფერმა რომ ვერ ”მიშველა”, შემდეგ ვიზუალური მასალის ათვისებაზე გადავედით და მე ძალიან მალე დეტალურად შევისწავლე ფოტომასალა მწეველი და არამწეველი ადამიანების ფილტვების გამოსახულებით, ასევე გულისამრევი ვიდეოკლიპები და ამანაც რომ არ გაჭრა, საქმეში რელიგია ჩაერთო. ამის საშუალებით უკვე შევიმეცნე, რომ თამბაქოს მოხმარება ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებმა აბორიგენმა ინდიელებმა დაიწყეს. ასევე სრულად გავაცნობიერე, რომ თამბაქოს სატანური ”ფესვები” აქვს და საშვილიშვილოდ დავიმახსოვრე, რომ რელიგიური თვალსაზრისით ის ”ეშმაკის საკმეველია”. ნუ, რაღა თქმა უნდა, ესეც უშედეგო აღმოჩნდა და ლოგიკურიცაა, მე ხომ ღმერთზე მხოლოდ ხუმრობით შემეძლო ლაპარაკი, ეკლესიაზე კი დამცინავად.
    მოწევა 15 წლისამ დავიწყე. თავიდან ნახევარ კოლოფს ვეწეოდი, შემდეგ წელს ერთ კოლოფზე ავედი. მწეველობის მეხუთე წელს კი მიხაროდა დღის ბოლომდე მხოლოდ ოთხ კოლოფს თუ მოვწევდი და მეხუთის გახსნა არ მომიწევდა. ამ ყველაფერს იმიტომ არ ვყვები, რომ… არა, ეს მოდი თანმიმდევრულად მოვყვეთ.
    მოკლედ, ჩემი ცხოვრების 47-ე წლის ერთ მშვენიერ დილით, ზურგის არეში წვა ვიგრძენი და ხველებამ შემაწუხა. რამდენიმე დღე ყურადღება არ მიმიქცევია ამ ამბისთვის. მწეველთა უმრავლესობა ხომ დილაობით ცუდ გემოს პირში და ხველას უჩივის, მაგრამ სამი დღე რომ გაგრძელდა ეს უსიამოვნო გრძნობა ფილტვებში, ერთ დილით ავდექი და გადავწყვიტე ექიმთან წავსულიყავი. გზიდანვე დავითარსე. ე.ი. ჩემდა ჭირად ჩავრთე რადიო, სადაც სასაცილო ამბებს გადმოსცემდნენ, თუ კურიოზულ შემთხვევებს თუ რაღაც ასეთს. ჰოდა ერთ-ერთი მორიგი ისტორია ძალიან ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის. მე ხომ ხშირად მომდის სახლში ჯარიმის ქვითრები პოლიციიდან და აი რადიოს ვუსმენ და იქ ყვებიან ასეთ რამეს: ”ერთი ინგლისელი მძღოლი ავტომატურმა რადარმა დარღვევის დროს გამოიჭირა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან პოლიციისგან ფოსტით 40 გირვანქა სტერლინგის საჯარიმო ქვითარი და თავისი მანქანის ფოტოსურათი მიიღო. ნაცვლად იმისა, ჯარიმა გადაეხადა, პოლიციას გაუგზავნა ფოტო, რომელზეც 40 გირვანქა სტერლინგი იყო გამოსახული. გავიდა რამდენიმე დღე და მძღოლმა ისევ მიიღო კონვერტი პოლიციიდან, ამჯერად მასში ხელბორკილების ფოტოსურათი იდო. ამ ფოტოს დიდი ზემოქმედების ძალა აღმოაჩნდა, – დამრღვევმა…” მე მეტი ვეღარ გავიგე, იმიტომ რომ ახარხარებულმა ჩემი მანქანის ”პარპრეზი” გავდორბლე და პირდაპირ გაზეთების ჯიხურში გავერჭე. იმ დღეს ექიმთან ვეღარ მივედი და მეორე დილით როგორც იქნა მივაღწიე.
    დაახლოვებით სამი საათი მიკვლიეს, მსინჯეს. მოკლედ, გასაყიდი საქონელივით მათვალიერეს შიგნიდან, გარედან, უსმინეს სუნთქვას, გულის მუშაობას, მოკლედ სრული გამოკვლევა ჩამიტარეს და რამდენიმე დღის შემდეგ დამიბარეს. ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა გამეგო რა მჭირდა? ამ ამბიდან სამი დღის შემდეგ სახლში ტელეფონი აწკრიალდა. კედიმ უპასუხა, ცოტა ხანს ილაპარაკა, რაღაც ოფიციალურად, ჰოდა მეორე დღეს ექიმთან წასვლა რომ დავაპირე, ცოცხალი თავით არ გამიშვა. უნდა გამოგყვე გინდა თუ არაო. ნუ ამან ცოტა გამაბრაზა, მაგრამ 10 წელიწადში ერთხელ ცოლი თუ რაც ჰქვია, რომ აგიხირდება, გაგებით უნდა შეხვდე ამ ამბავს, ბოლოსდაბოლოს იქნებ მენსტურაცია დაეწყო. მოკლედ, წავედით ექიმთან, იმათ იქ რაღაც მასკარადი გააჩალიჩეს, ექიმი ჯერ მე მელაპარაკა, მერე კედი გაიყვანა გვერდით და მე უკვე მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო მთლად კარგად.
    უკან რომ ვბრუნდებოდით, კედი ტინგიცობდა, ჰოდა მივხვდი რა, რომ მიმალავდა და ისე, რომ მისკენ აღარც გამიხედია, პირდაპირ ვკითხე:
    – ფილტვის კიბო მაქვს ჰო კედ?
    – ღმერთო ჩემო რა სულელი ხარ – მოკვდა სიცილით. მანქანა გავაჩერე, თავი რულზე დავდე და აღარ შემიხედია ისე ვუთხარი.
    – კარგი რა კედ, ჰო იცი რომ იდიოტი არ ვარ. რამდენი დამრჩა? – კედიმ თავზე დამიწყო მოფერება, თმაში მისი თითები დასრიალებდნენ და მე ტანში ჟრუანტელი მივლიდა. მგონი იმ წუთას ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარდა და… და ალბათ ვნანობდი ყველა იმ წყენას, რაც ოდესმე მისთვის მიმიყენებია.
    – გიო, სისულელეა გიო. – ხმაში ცრემლი შეეპარა. მერე თავზე მისი ლოყა ვიგრძენი და ცრემლები, რომლებიც ჩემს თმებში იკარგებოდა.
    – კარგი რა, არ არის საჭირო, ბოლოსდაბოლოს, ოდესმე ხომ მაინც მოხდებოდა – ვუთხარი და ჩემდაუნებურად მეც ცრემლი შემეპარა. მაგრამ იმიტომ არა, რომ კიბო მქონდა, არა, უბრალოდ რატომღაც კედი მეცოდებოდა.
    – გიო…. – აქ უკვე ნერვებმა უმტყუნა და ვეღარ გააგრძელა, გაუშვა ბოლომდე ცრემლები და ისინი უკვე ჩემს თმებს ჩამოუყვნენ ქვევით და ვხედავდი როგორ იკარგებოდნენ სადღაც ქვემოთ.
    – რამდენი ხანი დამრჩა კედ? – ხმა გავიმყარე.
    – ორი თვე – და მოუმატა ტირილს. მე თავი ავწიე, ის გადაიწია ისევ და ახლა უკვე საკუთარ ხელებში ტიროდა. მანქანა დავქოქე და სახლში წავედით. გზაში ვაწყნარებდი. თან რაღაცნაირად მეცინებოდა, ვერაფრით ვერ ვიჯერებდი რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა.
    რაღაცნაირად ყველაფერი შეიცვალა. მე და კედი ისე ვისხედით სახლში თითქოს ვიღაც უკვე გარდაიცვალა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს საკუთარ პანაშვიდზე ვიყავი. ნერვები მომეშალა.
    – კედ, სისულელეა ხო იცი. ეს არაფერს ნიშნავს. ოდესმე ეს მაინც მოხდებოდა.
    – ვიცი. – ცივად მიპასუხა, თუმცა ისევ ეტირებოდა ვხვდებოდი.
    – კედ იცი, მე სულ არ ვღელავ, რაც იქნება იქნება.
    – ……………. – დუმილი.
    – კედ, ბოლოსდაბოლოს ჩვენ ხომ ერთმანეთს ამდენი ლამაზი წუთი ვაჩუქეთ, და რაღაა სანერვიულო. ისღა დაგვრჩენია ღმერთს მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რაც გვქონდა – საკუთარი სენტიმენტალობა მაოცებდა და თან მეცინებოდა, მაინც ვუანგარიშე ”ამდენი ლამაზი წუთი”.
    – ………….. – დუმილი.
    – კედ, აწიე ეხლა თავი და გაიცინე რამენაირად. ხო იცი ვერ ვიტან ესე რომ ხარ მოწყენილი.
    – ………….. – დუმილი.
    – კედ, გთხოვ რა, გაიღიმე და მელაპარაკე, არ შეიძლება რა ესე, ბოლო ორ თვეს მოწყენილობაში და გლოვაში ხომ არ გავატარებთ. – ჰოდა აქ მე ძალიან უცნაური რამ ჩავიდინე…

    მოკლედ კედი საღამომდე მაინც ვერ გავაცინე, მგონი ძალიან ვუყვარდი მართლა. აი მე კი ვტინგიცობდი და ვტინგიცობდი, რამენაირად ხასიათზე მინდოდა მომეყვანა და ბოლოს ჩემდაუნებურად წამომცდა: ”საოცარი ადამიანი ხარ კედ, შეგიძლია ყველაფერი საშენოდ შეატრიალო. აი ეხლაც, ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს მე კი არა, შენ გქონდეს კიბო”. ამანღა უშველა და ბოლოს, როგორც იქნა, გამხიარულდა. ბოლოს შევთანხმდით, რომ ჩემი კიბოს მიუხედავად, უკანასკნელ ორ თვეს ისე გავატარებდით, თითქოს არაფერი მომხდარა და ბოლომდე გავერთობოდით.

    6

    ჰოდა ესეა რა, ეხლა რომ ვფიქრობ, დიდად ვერ შემცვალა იმ ამბავმა, ორი თვეღა რომ დამრჩა სიცოცხლე. ცოტა მეტად ფილოსოფიური აზრები გამიჩნდა. ისე სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა. მე და კედიმ გადავწყვიტეთ არავის გავუმხილოთ ეს ამბავი. ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ მეტასტაზები არ დამაგდებს. არ მინდა ხალხმა ისე დამიწყოს ყურება, როგორც… როგორც რა ვიცი, ცოცხალ მიცვალებულს. ესე იციან ხოლმე. საერთოდაც მე არ შევცვლილვარ, მაგრამ კიდევ ერთი ახალი ამბავი მოხდა მაინცდამაინც ეხლა. კედიმ აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედაა. ჰოდა რა ვიცი როგორ მოხდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდით ბავშვისგან, ჰოდა მაინცდამაინც ეხლა… ყოველშემთხვევაში არ ღირს ამაზე წუწუნი. მე ალბათ ვეღარ მოვასწრებ ბავშვის ნახვას. არც მინდა, ესე ჯობს იმისთვისაც და ჩემთვისაც. რო ვნახავ უფრო გამიჭირდება. ეხლა სასაცილოა, მაგრამ ერთადერთ რამეზე ვფიქრობ, მინდა რომ იმ მომენტში… ჰო რა, ბოლოს, მინდა რომ გულიანად გავიცინო. ყოველთვის მჯეროდა რო… ჰო აი მაშინ მოხდა რა, მამაჩემი რო წავიდა, იმ დღეს ეკლესიაში წავედი. დიდხანს ვიდექი რა ჩუმად, ჩემთვის, ჰოდა ესე ჟრუანტელი მივლიდა რა ტანში. ბავშვობიდან ესე ვარ, ვერ შევდივარ ეკლესიაში, ხალხი როცაა. ნერვები მეშლება რაღაცნაირად. ჰოდა ვიდექი რა, სათვალე არ მომიხსნია, მეტირებოდა და არ მინდოდა შემთხვევით ვინმე შემოსულიყო და რო დავენახე შემრცხვებოდა ვიცი და ნერვებიც მომეშლებოდა. არც მახსოვს რა რას ვეუბნებოდი და ერთი რამ კი მახსოვს, ვთხოვე რო მაშინ მომკალი როცა ამისთვის მზად ვიქნები-მეთქი. ჰოდა მზად ყოფნა როგორ გესმისო. არა ესე არ უთქვამს, ღმერთთან ლაპარაკი სად შემიძლია, უბრალოდ თავში მე თვითონ დამარტყა რას ვგულისხმობ-მეთქი. ჰოდა აი ბოლო მომენტში გაცინებას რო შევძლებ და არაფერს არ ვინანებ, მაშინ ვიქნები-მეთქი მზად. ჰოდა უფრო მაგრად დამიარა ჟრუანტელმა, თვალები დავხუჭე და მოკლედ რელიგიურ ექსტაზში ვიყავი გადაშვებული თავფეხიანად და უცბად არ ვიცი საიდან, ვიღაცა მეძგერა. გაქანებული ნევროზი მქონდა, ეგღა მეკლდა, არიქა მე ვთქვი ეგ არის და ღვთისშმობელი გადმოვიდა ხატიდან უნდა მომისამძიმროს მამის გარდაცვალება-მეთქი (რა ვქნა ვერ ვეშვები ხუმრობას), ჰოდა რა ღვთისმშობელი რის ღვთისმშობელი, ვიღაც თავშალშემოხვეული ქალი დამხვდა წინ და კიოდა: ”როგორ შეიძლება, როგორ შეიძლება, როგორ არ გრცხვენია. შენ იცი სად ხარ? ღმერთის როგორ არ გეშინია…” ჰოდა ვიფიქრე უნებურად რამე ხო არ ვიხუმრე და მაგიტო ხო არ მეჩხუბება-მეთქი და ვკითხე რა დავაშავე ქალბატონო ასეთი-მეთქი. ამაზე უფრო გადაირია ის დალოცვილი თითქოს პირდაპირ ეკლესიაში ჟიმაობა შემეთავაზებინოს, ამოალაგა ხმის იოგები ზემოთ და ნახევარი წლის ნახველი ამოიღო რამის ფილტვებიდან, ”სათვალე, სათვალე მოიხსენი უწმინდურო.” ჰოდა ესე გამოვვარდი რა და იმის მერე ეკლესიას სულ შიშით ვუვლი გვერდს, სუ მგონია, რომ შევალ თუ არა, ის ქალი ისევ დამეტაკება უწმინდუროს ძახილით.

    ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ… რომ არ ვიყავი მზად, ვგრძნობდი. რა ვიცი აბა, ვერ გავიღიმებდი, სულ არ მეღიმებოდა, ჰოდა რაღაცნაირად შემერყა რა… აი ის შემერყა, რწმენას თუ რაღაცას რო ეძახიან. მე ერთი უბრალო ფინანსისტი კაცი ვარ. ჯოშუასგან განსხვავებით, არც მწერალი ვარ და არც ტერი დევისივით ვოცნებობ მილიარდის მოხსნაზე. ჩემთვის ვარ რა, ერთი ეგაა, ღმერთზე ვხუმრობ ხოლმე, მეტი არაფერი, ისიც იმიტომ კი არა, რომ არ მწამს, ან ვამცირებ, უბრალოდ სხვანაირად ხუმრობა არ გამომდის და თან რაღაცნაირად ჩემთვის ეგ ცნება იმდენად დიდი და ამოუცნობია, რომ სხვანაირად არ შემიძლია რა. ფინანსისტი ვარ, ალბათ ამის ბრალია. უნდა ვიანგარიშო, რამე კონკრეტულ ჯამამდე უნდა მივიდე, ჰოდა ბავშვობიდან ეს პრობლემა მქონდა. ღმერთზე რომ მელაპარაკებოდნენ, ვერ მივდიოდი რამე კონკრეტულ ხელშესახებ პასუხამდე. ყოველთვის აბსტრაქტული იყო რა. ჰოდა სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა მეხუმრა. ხო ხვდებით არა. ხოდა ამ თქვენ ღმერთს კიდევ სულ არ აღმოაჩნდა იუმორის გრძნობა. ადგა და ამკიდა ფილტვის კიბო. არადა მე კიდე მაგრად მჯეროდა, რომ მაშინ წამიყვანდა, როცა მზად ვიქნებოდი. რა აზრი აქვს წუწუნს.
    ესე გავაფილოსოფოსე რა. ალბათ რო ზიხარ და ელოდები სიკვდილს, სხვა გამოსავალი აღარ გრჩება. პიზდეცში მიდის ტვინი. ჰოდა უცბად მივხვდი, რო ყველაფერი ისე უნდა გამეგრძელებინა, ვითომ არაფერი, ფილოსოფიასაც უნდა შევშვებოდი და იმასაც, რა მოხდებოდა, რომ… არაფერი არ მოხდებოდა, ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, როგორც არის. ალბათ. მესმის რო სისულელეა და ესე არ არის, მაგრამ ეხლა გვიანია იმაზე ფიქრი, რა იქნებოდა, რომ… ჰოდა იმას ვამბობდი, მივხვდი-მეთქი, რო ეს ორი თვე შეიძლებოდა გამომეყენებინა მოსამზადებლად და ბოლო მომენტში იქნებ მომეხერხებინა გაღიმება, ჰოდა დავიწყე ფიქრი, ოღონდ არაფილოსოფიურად. ისე უბრალოდ, ჩემთვის, თან იმის შეგრძნება არ მტოვებდა, თითქოს ეს ყველაფერი მე კი არა, ვინმე ჩემთვის კარგად ნაცნობ ტიპს შემთხვეოდა.
    ჰოდა ერთი დილაცაა და ხველამ გამაღვიძა. ჰოდა სისუსტე ვიგრძენი და საწოლიდან ვეღარ წამოვწიე წელი. კედისაც გაეღვიძა. რა იყო, ცუდად ხარო? ჰო-მეთქი. თვალებში შევატყე შეეშინდა. მკერდზე თავი დამადო და გაიტრუნა. მგონი გულისცემას უსმენდა.
    – გეშინია? – ისე ვკითხე, უბრალოდ.
    – ……………….. – დუმილი.
    – კედ, რამდენიმე დღეა ვფიქრობ, მგონი ჯობს, რომ მე ძველ ბინაში გადავიდე საცხოვრებლად. მაინც ერთი თვეც აღარ დარჩა. – არადა მოვატყუე, იმ წამს მომივიდა თავში ეს იდეა. ნეტა რატო მოვატყუე, ალბათ იმიტომ რომ შემეცოდა.
    – ………………… – დუმილი.
    – ჰო, კედ ასე ჯობს. რა საჭიროა ამას უყურო?! ტყუილად დაიტანჯები. მე ამ ამბავს მტკივნეულად მაინც არ განვიცდი.
    ჰოდა დამთავრებული არ მქონდა სიტყვები, რომ ჯერ ორი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე, შემდეგ კიდევ მკერდზე მომეკრა და… და დამასველა ცრემლებით. მე თავზე ვეფერებოდი.
    მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გადავედი ჩემს ძველ ბინაში და მეტი დროც მქონდა მოვმზადებულიყავი ბოლო მომენტისთვის. გადავწყვიტე ფარხმალი არ დამეყარა და თუ ღმერთმა არ შეასრულა პირობა, მე შემესრულებინა. აი ნახე ღმერთო როგორი სიტყვის კაცი ვარ-მეთქი. და დავიწყე და რა დავიწყე.
    ჩემი გაუჩინარება კედიმ მივლინებით ახსნა, სამსახურში კი კუთვნილი შვებულება გამოვიყენე. კედი დღეში სამჯერ მოდიოდა, მოქონდა საჭმელი, პრესა, რომელსაც რატომღაც ინტერესით ვეცნობოდი, კიდევ რაღაც რაღაცეები. ტელეფონი გამორთული მქონდა. თან ახალი ამბები მოჰქონდა ტერიზე, ჯოშუაზე და ვიღაც ვიღაცეებზე. მოკლედ დრო გარბოდა და გადამწყვეტი საათიც ნელ-ნელა ახლოვდებოდა. ფილტვებში წვა მატულობდა, ხველაც, კიდევ სისუსტეც. ჰოდა მე კიდევ ვამზადებდი თავს. და აი…

    7

    გიომ ერთ დილით თავი მზად იგრძნო. სიხარულისგან საწოლში ხტუნვა დაიწყო. თვალები ზეშთაგონებით აღაპყრო ზეცად და თქვა; ”მზად ვარ, წამიყვანე უფალო”. წაყვანის რა მოგახსენოთ და ტელეფონი აწკრიალდა. დახედა, კედი ურეკავდა. უპასუხა. კედი შეშლილივით იყო, თან იცინოდა თან ტიროდა და…
    – გიო გიო, არ ყოფილა კიბო, ეს არ ყოფილა კიბო.
    – რა არ ყოფილა გამაგებინე, დალაგდი ცოტა.
    – გიო, ეხლა ექიმმა დამირეკა, გიკითხა, მე ვუთხარი მივლინებაშია-მეთქი. ჰოდა მითხრა, რომ შეგვეშალა, ანალიზის პასუხი შეგვეშალა, თქვენს მეუღლეს უბრალო ფილტვების ანთება აქვს, თუმცა სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობას, რადგან ბევრი დრო დავკარგეთო. გესმის გიო? შენ არ მოკვდები გიო, შენ იცოცხლებ…
    ფილტვგამომპალმა ფინანსისტმა ტელეფონი დაახეთქა იატაკზე და აღრიალდა. ღმერთოოოო, შე ყველაზე იდიოტო ხუმარა. რამდენი მაწვალე და სულ ტყუილად? ჰა? ღრიალებდა. გაცოფდა. მერე დაწყნარდა. მერე ახარხარდა. მერე ძველი სამართებელი აიღო, ცივად შევიდა აბაზანაში, თბილი წყლით გაავსო და სამართებლიანად ჩაწვა შიგნით…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ვახო მოსიაშვილი – ზღვის გაუჩინარება

    დღე პირველი

    როგორც ყოველთვის, დასასვენებლად ზღვაზე წავედით. არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი მორიგი ზაფხული იყო. ერთად ყოფნა გვსიამოვნებდა. ღამე კლუბში შევედით. მე არ ვცეკვავ. მაგიდაზე მეძინა, შიგადაშიგ შემოთავაზებულ ვისკის ვწრუპავდი. მგონი ”სისხლიანი მერიც” მივირთვი. არ მიყვარს კოქტეილები. ჩემი თავი მაღიზიანებდა. ხალხი ცეკვავდა. ჩემთვის ჩანაწერებს ვაკეთებდი. რამდენჯერმე მართლა კარგი მიქსი გააკეთა დიჯეიმ. მეგობრები მორიგეობით გამოდიოდნენ ერთ რიტმზე მროკავი მასიდან, ჯდებოდნენ, სვამდნენ და კიდევ და კიდევ მეპატიჟებოდნენ საცეკვაო მოედანზე. მე კვლავ ვუარობდი. ვიცოდი, რომ სადღაც ამ მასის სიღრმეში ჩემი ცოლი ცეკვავდა, მაგრამ ცდუნებას ვუძლებდი. უფრო სწორად, მასაში გათქვეფის შიში, მასთან ცეკვის სურვილზე მეტი იყო, ამიტომ ვერაფრით ვაიძულე საკუთარი თავი ავმდგარიყავი მაგიდიდან, რომელსაც ჩასვლისთანავე ისე ჩავაფრინდი, როგორც აღელვებულ ზღვაში დასახრჩობად განწირული ადამიანი სამაშველო რგოლს. მერიდებოდა მეგობრების. ვგრძნობდი რა სასაცილო ვიყავი, თავზე ჩამოკვეხებული ქუდით, მოწყენილი სიფათით, ხელში ბლოკნოტითა და კალმით, ხანდახან მაგიდაზე რომ მაყვინთავებდა. ერთხელ მართლა საფუძვლიანად წავუძინე, დაცვამ გამაღვიძა, თუ გეძინება სახლში წადიო. ეტყობა სახელს ვუტეხდი იქაურობას. ყველაფერს ის მერჩია, ზღვაზე ჩავსულიყავი და ზღვის ტალღების მშვიდი დგაფუნისთვის მესმინა. სუნთქვას ავაყოლებდი და ტკბილად მაინც დამეძინებოდა. გამთენიისას, როგორც იქნა დამთავრდა ცეკვა და სახლში წავედით. აღარაფრის თავი აღარ ჰქონდათ, მე კი აღარ მეძინებოდა. ერთი ვიფიქრე, ჩავალ-მეთქი სანაპიროზე, მაგრამ მივხვდი, მარტოობა უარესი იყო. ისევ თვალგახელილი წოლა ვამჯობინე. ვეხუტებოდი, თითქოს მეშინოდა ჩვენ შორის კედელი არ აღმართულიყო. ზეწარი გადავიხადე და სიბნელეში საკუთარი სხეულის კონტურებს ვაკვირდებოდი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ-მეთქი ჩემ თავს ვუთხარი. კოლოფში კიდევ იყო ოთხი ღერი. ორი მოვწიე. მეორე ორი დილისთვის შემოვინახე. ბოლოს ძილმა დამძალა.

    დღე მეორე ან მერამდენიღაცე

    ცურვა არ ვიცი, 9 წელია ზღვაზე დავდივარ, მაგრამ ვერაფრით ვისწავლე. მკერდამდე შევდივარ, მერე ფეხებს ვკეცავ და ვცდილობ თავიც დავისველო. შიგადაშიგ წყალიც მეყლაპება. მიყვარს ზღვა, ოღონდ მაშინებს. ფეხქვეშ მიწას უნდა ვგრძნობდე. გოგოები მზეზე იხრუკებიან. წყლიდან არ ამოვდივარ. კეთილგონიერება მიბიძგებს მოვუწოდო სახლში წასვლისკენ, მაგრამ არავინ მისმენს. ისევ მკერდამდე წყალში ვდგევარ. ვცდილობ არ დავიხრჩო. მშია, მაგრამ შევჭამ თუ არა 15 წუთში ისევ მომშივდება, ამიტომ ყურადღებას აღარ ვაქცევ. ზღვაზე სულ ასე მემართება. შემიძლია 15 წუთში ერთხელ ვჭამო და მაინც სულ მშია. სახლში ვბრუნდებით. შხაპის შემდეგ ვიძინებ. მეგობრები კარტს თამაშობენ. მე ოთახში ვწევარ, თითქოს მეძინება, მაგრამ ვერც ვიძინებ. მარტო ვარ, არადა მეშინია. საღამოს ისევ კლუბში მივდივართ. დაცვა საგულდაგულოდ მჩხრეკს. ქუდს მახდევინებენ. ხელში მოგრძო საგანი მოხვდა, კალამი ამოვიღე. ჩამიშვეს. კვლავ მაგიდასთან ვზივარ. იგივე სურათი, ისევ მარტოობას ვგრძნობ და მოვიწყინე.

    დღე მესამე ან მერამდენიღაცე

    კვლავ პლაჟზე ვართ, კვლავ მკერდამდე წყალში ვდგევარ, გოგოები ისევ იწვებიან. საღამოს კონცერტზე მივდივართ. ცუდად გავხდი, გული მჩხვლეტს, ჰაერი არ მყოფნის და თავი მეთიშება. სახლში გვიწევს დაბრუნება. ჩემი ცოლი გაიბუტა, ჩემი ავადმყოფობის გამო პლაჟზე ვეღარ გავათენებთ როგორც დავგეგმეთ. საშინელებაა ასე ყოფნა. ღამე უნებურად ვტირივარ. ის მეხუტება და მირიგდება. ალბათ ვეცოდები, თუმცა ეს უარესად მხდის. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ-მეთქი, საკუთარ თავს ვეუბნები და ვიძინებ. მგონი ამის მეც აღარ მჯერა.

    დღე მეოთხე ან მერამდენიღაცე

    ღამე გაწვიმდა. კონცერტზე მაინც წავედით. ისევ ცუდად გავხდი, მაგრამ არაფერი მითქვამს. სულ რომ მოვმკვდარიყავი, პლაჟზე უნდა გამეთენებინა, პირობა მივეცი საკუთარ თავს. ღამე კარვებით ჩამოსულ ხალხთან ერთად გავათიეთ. შეგვცივდა. ბოლოს როგორც იქნა ვიშოვეთ ტრანსპორტი და დავბრუნდით სახლში. ტკბილად მეძინა, მაგრამ სამსახურიდან დამირეკეს. ვეღარ დავიძინე. მარტო დავბოდიალობდი ეზოში.

    დღე მეხუთე ან მერამდენიღაცე

    ფული პრაქტიკულად გაგვითავდა. წვიმიანი ამინდები აუყვა ერთმანეთს. მთელ დღეს სახლში ვატარებდით. მზეს ველოდებოდით, მაგრამ არსად ჩანდა. სახლში ჯდომა აუტანელი იყო. ბანკომატთან გასვლა მოვიმიზეზე, ფულს ველოდები-მეთქი, თუმცა კარგად ვიცოდი 25 თეთრის მეტი ანგარიშზე არაფერი იქნებოდა. ხალხი მაშტერდებოდა, ვიგრძენი უცხოპლანეტელივით გამოვიყურებოდი, მაგრამ ამას მიჩვეული ვარ. სამი კვარტალი გავიარე და მართლა ბანკომატთან აღმოვჩნდი. გადასარევად ვიცოდი არაფერი მებადა, მაგრამ საკუთარი ტყუილი დავიჯერე. გულისფანცქალით ველოდი როდის გამოჩნდებოდა ეკრანზე თანხა, მაგრამ იქ კვლავ 25 თეთრი იყო. გამეცინა, ეს ხომ ისედაც ვიცოდი. ცოტა გავნაწყენდი ღმერთზე, ამდენი უსარგებლო სასწაული ხდება, რატომ არ შეიძლება პატარა ფინანსური სასწაული მოხდეს ჩემ ცხოვრებაში? ვიცი, ეს არასოდეს მოხდება. ისევ მშიოდა. გარშემო რესტორნებს მიჰქონდა იქაურობა. ისეთი საშინელი მუსიკა იყო ჩართული ყველგან, ფული რომც მქონოდა, იქ მაინც ვერ შევჭამდი. სახლში დავბრუნდი. მოწყენილობა გამეფებულიყო. შიმშილზე მეტად უსიგარეტობა მაწუხებდა.

    დღე მეექვსე ან მერამდენიღაცე

    რატომღაც მზიანი დღე გათენდა. შეიძლება სამდღიანი გადაუღებელი წვიმების შემდეგ ესეც სასწაულად ჩაგვეთვალა. სასტუმროს ფული აღარ გვქონდა. პლაჟზე უნდა დაგვეძინა. ცოტა რომანტიულად შევხედეთ ამ საკითხს მე და ჩემმა ცოლმა და მზე რომ ჩაესვენა ჰორიზონტზე, პირსახოცები პირდაპირ პლაჟზე გავშალეთ. სექსის წამოწყებაც ვცადეთ ორჯერ, მაგრამ ორჯერვე თავზე წამოგვადგნენ. მესამედ უბრალოდ აღარ ამიდგა. რაღას ვიზამდით, პლაჟზე სექსის შესაძლებლობა მომდევნო წლამდე აღარ გვექნებოდა, თუმცა ამაზე არ მიდარდია. მერე რა თუ მომავალ წელს მე შეიძლება სხვა ცოლი მყოლოდა, მას კი ახალი ქმარი. დავიძინეთ.

    დღე მეშვიდე ან მერამდენიღაცე

    დღე მეშვიდე უჩვეულოდ გათენდა. არა, მხოლოდ ჩვენთვის არა, ყველასთვის, ვინც ამ დროს ცოცხალი იყო და ჰქონდა მოვლენათა სწორი ან თუნდაც არასწორი, მაგრამ რაიმენაირი აღქმის უნარი. მოდით სუბიექტურ განცდებს აღარ აღვწერ და უბრალოდ გეტყვით, რომ დილით ზღვა აღარ დაგვხვდა იქ, სადაც მანამდე იყო. აი ასე, თვალი გავახილეთ და ზღვის ადგილას დავინახეთ ქვიშითა და კენჭებით აღსავსე დიდი ღრმული, რომელიც ჩვენგან ათიოდე მეტრში იწყებოდა და სადღაც სხვა ქვეყანაში მთავრდებოდა. მეცნიერებმა დიდხანს იკვლიეს საკითხი. უამრავი ვერსია არსებობდა, მაგრამ ვერც ერთის დამტკიცება ვერ მოხერხდა. საქმე იმაში იყო, რომ წყლის დონეს არც ერთ ზღვასა თუ ოკეანეში არ მოუმატია, აორთქლება გამორიცხული იყო, რადგან ფსკერზე ვერანაირი მინერალი ვერ იპოვეს, რაც აორთქლების შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა, არც ატმოსფერული ნალექების რაოდენობას მოუმატია მკვეთრად. მიწაში გაჟონვაც არ დადასტურდა. ბოლოს მეცნიერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მეცნიერება უძლური იყო აეხსნა ეს მოვლენა. მათ ყველა საჭირო მონაცემი დააკონსერვეს, რაც შეიძლება მომავლის მკვლევარებს გამოსდგომოდათ. ბურთი და მოედანი სასულიერო პირებს დარჩათ, რომლებიც ერთდროულად ორ რამეს ამტკიცებდნენ: რომ ეს იყო უფლის სასწაული და რომ ზღვა ამერიკელებმა და სოროსმა მოიპარეს. და მაინც ყველაზე მოგებული ოპოზიციურად განწყობილი პოლიტელიტა დარჩა, რომლებმაც შეძლეს ხალხის დარწმუნება, რომ ზღვა მთავრობამ ამერიკელებს და სოროსს მიჰყიდა. შედეგად პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში დახვრიტეს, ხალხს კი კვლავ ჯეროდა უფლის სასწაულის, ამერიკელების და ჯორჯ სოროსის. მე და ჩემი ცოლი კი უკვე მესამედ ვაკეთებდით… რემონტს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ვახო მოსიაშვილი – მურთაზა და ჩემი დაკარგული ვაჟიშვილობა

    – შენი დედის დუმები… – დაიღრიალა “კაპოტში” წელამდე ჩამძვრალმა მურთაზამ. არადა გიორგი ქვია ამ ჩემისას და მურთაზას რატომ ეძახიან არ ვიცი. ყოველთვის ტაოტით არის მოთხვრილი, წელზევით 1 მაისიდან 30 სექტემბრამდე შიშველია, ოღონდ ამას რომ მიხვდე, რამდენჯერმე უნდა ნახო. ისეთი დაბანჯგვლულია გეგონება ჯემპრი აცვიაო. ერთხელ თუ შეცდი და მურთაზასთან მოიყვანე მანქანა გასაკეთებლად, მერე სხვასთან ვეღარ წახვალ. ესეა რა. მართლა ესეა. წახვალ სხვაგან და “რული” მაინც მაგის “პროფილაქტიკისკენ” გაგექცევა. ესეა და მომკალი თუ გინდა. თავი ამოწია და მეუბნება:
    – როგორ “საპოჟნიკივით” ვიგინები არა?
    პასუხად მხოლოდ გავიცინე. აბა რა უნდა მეთქვა. ბავშვობაში მიმქონდა ხოლმე ფეხსაცმელები გასაკეთებლად (“გაჭირვების წლებში”). ჰოდა ის კაცი კიდევ მუნჯი იყო და არც იგინებოდა, არც ლაპარაკობდა, მარტო იღიმებოდა და საქმეს რომ მორჩებოდა, თითებით მარტო თანხას მაჩვენებდა. ერთი ხის “ბუტკა” ჰქონდა და იქ იჯდა სულ, ყოველ დღე დილის 9-დან საღამოს 6-მდე შაბათ კვირის გარდა. კედელზე მარტო სტალინის სურათი, 1950-ში გაცემული სერტიფიკატი თუ ლიცენზია და საბრინას დიდი პლაკატი ეკიდა. ეგ იყო და ეგ. 14-ის რომ გავხდი მაშინ მოკვდა და იმის მერე აღარც “საპოჟნიკი” მინახავს და ფეხსაცმლის ლანჩიც პირს აუშვებს თუ არა ზურიკოსთან მივარბენინებ.
    ზურიკო კიდე პატარა ინვალიდი ბიჭია. დამინახავს თუ არა, რაც არ უნდა შორს იყოს, დამეწევა და მეტყვის: “გამარჯობა ვახო”. ჰოდა სანამ გამარჯობასვე არ დაუბრუნებ, ჩაიხვევს და აღარ მოგშორდება. საწყალს, ეტყობა ჰგონია, რომ ვერ გესმის, არც მოგეშვება სანამ არ უპასუხებ, “გამარჯობა ზურიკო”. მერე გაწითლდება და აუცილებლად გთხოვს ძველ ფეხსაცმელს, ჰოდა თუ ძალიან შია, კიდევ უფრო გაწითლდება და ხურდასაც გთხოვს. მოკლედ, ჩემი შელახული და ხანდახან უბრალოდ მობეზრებული ფეხსაცმელების უმრავლესობას მერე ზურიკო უთავებს ხელს.
    – აჰა, ვსო, ამის მერე შენი ფეხი აღარ ვნახო აქ! – მითხრა მურთაზამ და ტრადიციისამებრ ტილოთი შეიწმინდა ხელები. თან კმაყოფილი სახით დაეპატრონა ჩემს უკანასკნელ 50 ლარიანს და მორიგ მანქანაში ჩაძვრა თავფეხიანად. მურთაზა იმ ქალის საყვარელია, 15 წლის ასაკში რომ “გამრყვნა”. ეხლაც არ მესმის ამასთან როგორ წვება, მაგრამ ის მიმტკიცებდა, ჩემთან რომ მოდის, არც ტაოტიანია და არც ბენზინის სუნად ყარსო. მომკალი და არ მჯერა, მაგრამ გინდაც დავიჯერო, ბანჯგვლებს რაღას უზამ? მაინც არ მესმის ქალების და რა ვქნა. ჰოდა მურთაზა ყოველთვის იმას ყვება ყველა კლიენტთან ვინ, სად და როგორ გაჟიმა. თან ისე ხატოვნად ყვება, წერა რომ იცოდეს, ალბათ პორნოლიტერატურის მეფედ აღიარებდნენ. არადა მე ზუსტად ვიცი, რომ მურთაზას ძალიან პატარა პენისი აქვს და მარტო ორ ქალთან წევს – ცოლთან და საყვარელთან. ეს ორიც ძალიან ძვირი უჯდება, პრაქტიკულად მთელი ქალაქის მანქანების შეკეთება. ზატო ფანტაზია აქვს, შეგშურდება. კაცების უმრავლესობა ესეა, რაც უფრო პატარა აბია და რაც უფრო ცოტასთან წევს, მით უფრო მეტი აქვს “მოსაყოლი”. საქართველოა რა. სად გაექცევი. ისე მგონია ხოლმე ქართველებმა “კარგი სუფრა” და “სტუმარ-მასპინძლობა” მარტო იმიტომ ვიცით, რომ ღვინოში ჩაძირულებმა საკუთარი ნაკლოვანებები დავივიწყოთ და რამდენიმე საათით მაინც დავიჯეროთ, რომ მართლა ყველაზე მაგრები ვართ.

    ჰო, ნუ რაც არ უნდა იყოს, მე ალბათ ვერასოდეს მივხვდები იმ დღეს რატომ გადავუხვიე იმ ქუჩაზე, სადაც 9 წლის წინ, 15 წლის ასაკში, წვიმიან და ქარიან ღამეს, 40 წლის კარგად შენახულმა ქალმა ვაჟიშვილობა წამართვა. მგონი უბრალოდ “რული” გამექცა. რა მინდოდა მურთაზას საყვარელთან? ან რა საქმე მქონდა? აბა მე რა ვიცი.
    მაშინდელივით დავრეკე ზარი და მაშინდელივითი სააბაზანო ხალათში ჩაცმულმა ქალმა გამიღო კარი. განსხვავება ის იყო, რომ ის უკვე 49-ის იყო, მე კი – 24-ის. კიდევ ის, რომ მას საერთოდ აღარ სურდა ჟიმაობა, მე კი არც მაშინ მივსულვარ მაგ მიზნით და არც ახლა. მოკლედ გააღო და მკითხა:
    – რისთვის მოხვედი?
    – შემომიშვებ?
    საპასუხოდ ხალათი გაიხსნა. მაშინაც ესე ქნა, ოღონდ მაშინ მე დაბნეული ვიდექი და არ მითხოვია შემომიშვი-მეთქი, თვითონ დამითრია. შევედი.
    – შეიკარი რა.
    – რატომ აღარ მოგწონს ჩემი ტანი? ძუძუები მომეფლაშა ხო?
    – შეიკარი! – ახლა უკვე მკაცრად ვუთხარი. შეიკრა. რო ეკითხა რა გინდაო, არ ვიცი რას ვუპასუხებდი. არც ის ვიცოდი საერთოდ რატომ მივედი.
    – ყავას დალევ?
    – კი – მოკლედ ვუპასუხე. დაადგა ჩაიდანი. მე არ გავყევი სამზარეულოში.
    – ნინ, მურთაზი მოვა? – ზუსტად ისე გავძახე როგორც ცხრა წლის წინ, როცა შემიყვარდა და როცა მეგონა, რომ შეიძლებოდა ერთად გვეცხოვრა.
    – არა, აღარასოდეს აღარ მოვა.
    გავშრი. ეხლა მივხვდი რატომაც იყო ასე.
    – ნინ!
    – ჰო!
    – კარგი არაფერი.
    – გინდა? – ისევ გაიხსნა ხალათი.
    – არა ნინ, აღარ მინდა.
    – მაშინ გინდოდა – მითხრა და ცრემლები წასკდა.
    – ნინ, ეგ 9 წლის წინ იყო – იდიოტობა ვთქვი, მაშინვე მივხვდი. აღარაფერი უთქვამს. სამზარეულოში ჩაიდანი კიოდა. მე სკამზე ვიჯექი ძველ, გახუნებულ, მრგვალ მაგიდასთან, ის კიდევ იატაკზე ჩახვეტილიყო, სახე ხელებში ჩაემალა და უხმოდ ტიროდა. მე კიდევ მინდოდა მეთქვა რაღაც. მაგრამ არ შემეძლო. გარეთ გამოვვარდი, მანქანაში ჩავჯექი და უმისამართოდ წავედი. ალბათ “რული” მურთაზას “პროფილაქტიკისკენ” გამექცეოდა და ალბათ მაგიტოც ჩავჯექი მანქანაში, მაგრამ არ გამოვიდა. ისევ გაფუჭდა.
    არადა მისთვის მინდოდა მეთქვა: “ნინ, შენ არ იყავი ბოზი, არც ეხლა ხარ და არც არასოდეს ყოფილხარ. შენ უბრალოდ მართლა გიყვარდა ყველა ვისთანაც იყავი. შენ მეც გიყვარდი და მურთაზას მარტო იმიტომ უწვებოდი, რომ ჩემთვის მერე რაღაცეები გეყიდა, კიდევ იმიტომ, რომ სკოლას რო ვაცდენდი, შენთან მოვსულიყავი და შენ სითბო, საჭმელი და დასალევი დაგეხვედრებინა. კიდევ იმიტომ, რომ ყოველ დილა ჩემთვის სიგარეტის ფული მოგეცა, რომ სხვებივით ბუჩქის ძირას ჭაჭის არაყი კი არა “ნემიროვი” დამელია, თანაც შენტან სახლში. კიდევ იმიტომ, რომ დაბადების დღეზე სხვებივით მეგობრებისთვის ჭიქები კი არა, ის მიმეტანა, რაც მართლა გულით უნდოდათ. ჰო ნინ, ესე იყო, ვიცი. მაგრამ მაინც ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ჰოდა ნინ, დღეს მურთაზა ჩემს მანქანას რომ აკეთებდა, მიყვებოდა როგორ გჟიმავდა, მიყვებოდა ნინ და ის არ იცოდა, რომ მის პატარა პენისზე ჩვენ 9 წლის წინ ვღადაობდით. ჰოდა ნინ, მე მინდოდა რო მურთაზა მომეკლა. ნინ, შენ ბოზი არ ხარ, არც ყოფილხარ არასოდეს. უბრალოდ ეს ბოზები შენ გეძახდნენ მეძავს. ვინ უფრო დიდი ბოზია ნინ, მურთაზა თუ შენ? იმას ცოლი ყავდა და შენთან დადიოდა, შენ კიდევ არავინ არ გყავდა, სულ არავინ და მარტო იმიტომ ხარ ბოზი, რომ სხვებივით გშიოდა და გციოდა? ნინ, არ იყო რა ცუდად. მე მართლა მიყვარდი, მაგრამ შენც ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელი იყო…”
    მერე მე მურთაზასთან მაინც გამექცა “რული”. ხელიც გამექცა და ორი კვირა იწვა რეანიმაციაში, თუ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, თუ როგორცაა. მერე ყველას ეგონა რო იმიტომ ვცემე, რო მანქანა არ გამიკეთა კარგად. თვითონაც ესე ეგონა. მერე მკითხა კიდეც სასამართლოში: “კარგი ჰო, მანქანა სპეციალურად გაგიკეთე ცუდად, რო მალე გაფუჭებულიყო და ისევ ჩემთან მოსულიყავი, მაგრამ მაგის გამო მოსაკლავად გამიმეტეო?” რა უნდა მეთქვა, რას გაიგებდა, მურთაზა იყო რა, ბანჯგვლიანი, ტაოტიანი და ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ლოგინშიც ბენზინის სუნად ყარდა. ან რა მაგის ბრალია რო ესეთია. მაშინ, ნინს რო ვასაფლავებდი მარტოდმარტო, მაშინ მაინც რო მოსულიყო და ერთი ცრემლი გადმოეგდო, არაფერს ვეტყოდი, ზუსტად ვიცი, არაფერს. ისიც ვიცი რო უაზრობა იყო მაგის ცემაც, მურთაზაა რა, მაინც ვერ გაიგებს, მურთაზად მოკვდება!

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“