• რეცენზია

    იმირ მამედლი – ფიქრთაღრიცხვა

    თორნიკე მოდებაძე
    იმირ მამედლი. ფიქრთაღრიცხვა (ლექსები), რედაქტორი ბესიკ ხარანაული, თბ. “ინტელექტი” 2003.

    მოულოდნელობა, მახვილგონიერება, აზრის დინამიკური მოძრაობა – აი, ის ნიშნები, რომელიც მძაფრად აღიბეჭდა იმირ მამედლის ლექსების კრებულში “ფიქრთაღრიცხვა”. ამ კრებულს სახელწოდებაც შესაფერისი აქვს. აქ მართლაც ფიქრებია შეგროვილი. მხოლოდ, ეს ფიქრები ავტორის გულსა და გონებაშია გამოტარებული.
    იმილ მამედლი ეძებს და პოულობს კიდეც იმ ერთადერთ, განუმეორებელ სიტყვებს, რომლითაც წამიერად გაღვიძებული განცდა უნდა გადმოსცეს. და აი, აქ იბადება სწორედ სიტყვისადმი პროფესიული დამოკიდებულების აუცილებლობა. უნდა იპოვო ზუსტად ის სიტყვა, შენს განცდას რომ გაამჟღავნებს და სხვებისთვისაც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს. იმირ მამედლი ამას შეიძლება ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად კი ახერხებს. როცა ლექსი “ზუსტი სიტყვებისგან” შედგება, უკვე სხვისთვისაც მისაწვდომი ხდება თავდაპირველი იმპულსი. აი, ვთქვათ, ასეთი სტრიქონები: “როცა ცასგაკრულ ძერას ჩრდილივით / მხრებზე გვეცემა სიძულვილის და გაუტანლობის ამხელა ღამე; / როცა მძორის და ხაშლამის სუნი / უდის ქვეყანას, / გულწრფელად მიკვირს, / რატომ აღარ ჭამს / კაცის ხორცს კაცი?”
    იმირ მამედლის თამამად შეაქვს პოეზიაში თანამედროვე ყოფით-ცხოვრებისეული რეალიები. თავისუფალი ლექსი თითქოს უფრო კარგად იტანს ამგვარ ფერისცვალებას, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მამედლის კონვენციური ლექსიც თავისუფალია გაქვავებული სტერეოტიპებისაგან. დროთა მანძილზე მართლაც გაჩნდა ერთგვარი სტერეოტიპი, რომელმაც ფეხი მოიკიდა სწორედ კონვენციურ ლექსში. თითქოს სისხლის გადასხმა და განახლება იყო საჭირო. და აი, სწორედ აქ ითამაშა გადამწყვეტი როლი თავისუფალმა ლექსმა, ე.წ. ვერლიბრმა. მისი მეშვეობით ისეთი რეალიები, საგნები და საერთოდ ყოველდღიურობის ანტურაჟი შემოიჭრა ქართულ პოეზიაში, რომელიც ადრე მხოლოდ პროზაულ ნაწარმოებებში ჰპოვებდა ადგილს. ასე და ამგვარად გაფართოვდა დღევანდელი ქართული პოეზიის ლირიკული თვალსაწიერი, დაიბადა ახალი რიტმიკა, ინტონაციური მიმოხრა, ახალი პოეტური აზრი. ყოველივე ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმირ მამედლიც ამ გზას მიჰყვება და საკმაოდ წარმატებულადაც: “მთავარი არის, / ზურგიდანაც იმას თუ ვგევარ, / ვინც ვარ წინიდან. / მთავარი არის, / წინიდანაც იგივე თუ ვარ, / ვინც ვარ ზურგიდან. / სხვა დანარჩენი, / სააქაო-საიქიოს მსგავსებაც კი / მეორადია”.
    მართლაც ეს არის მთავარი.
    იმირ მამედლის პოეზია რაკურსთა სხვადასხვაობის მიუხედავად ერთიანი სტიქიური ნიშნით არის აღბეჭდილი. მისი ენა სადაა და უბრალო, ფრაზა ექსპრესიულია და მოკვეთილი, ცალკეული სიტყვები ყოველთვის მკაცრად განსაზღვრული, ნათლად წარმოჩენილი მიზნისკენაა მიმართული. მოკლედ რომ ვთქვათ, პოეტს თავისი გამოკვეთილი ხელწერა აქვს.
    იმირ მამედლი პეიზაჟებსაც ხატავს, მხოლოდ აქაც პარადოქსი და მოულოდნელი აზრის ექსპრესიულობა იჩენს თავს: “სულგანაბული დგანან ზღვები, ოკეანენი / და ბოლო წარღვნას ელოდებიან. / მდინარეებს კი ჩააქვთ ამბები / და სისხლისფერი ინფორმაციით / მუხტავენ ღრუბლებს”. ანდა ვთქვათ, ასეთი ლექსი: “იმდენი ღორღი ჩამოიტანა ღვარცოფმა გუშინ / რომ კიდევ ერთი ნაბიჯითაც მიუახლოვდა / მინდორი ზეცას / ოღონდ მთის ხარჯზე”.
    იმირ მამედლი ხშირად ცდილობს, ლირიკა და ფსიქოლოგიზმი შეუთანადოს ერთმანეთს: “რამხელა ბედნიერებაა, / ავს იზრახოდე, / მიდიოდე სისრულეში მოსაყვანად და / შუა გზაში გადავიფიქრო. / ვინც კეთილია, / ვინც სიკეთეზე ფიქრობს და ზრუნავს, / ვერასდროს იგრძნობს ასეთ უეცარ ბედნიერებას”.
    იმირ მამედლის წიგნს ბესიკ ხარანაულის წინასიტყვაობა უძღვის. ესეც ნიშანდობლივია. ბესიკ ხარანაულის თავისუფალმა ლექსმა გასაქანი მისცა ახალი თაობის პოეტებს უაღრესად საინტერესო ძიებებისთვის. ერთი მათგანი სწორედ იმირ მამედლია. პროზაული ნაკადის შეჭრა პოეზიაში იმ საკითხთაგანია, რომელიც ზოგადად არ განიხილება. აქ უპირველესი მნიშვნელობა კონკრეტულ მაგალითებს აქვს. ყოველი ამ გზაზე დამდგარი პოეტი, მეტად თუ ნაკლებად ექსპერიმენტს მიმართავს, ჯერ კიდევ გაუკვალავ სივრცეს კვალავს. მათ შორის არის იმირ მამედლიც და მისი კრებული “ფიქრთაღრიცხვა” სწორედ ამ ძიებათა ნიშნით არის საგულისხმო.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    ნინო ბაქანიძე – რაინერ მარია რილკეს პოეტური სამყარო.

    იასე ესაძე
    სულის ბედ-იღბალი
    ნინო ბაქანიძე. რაინერ მარია რილკეს პოეტური სამყარო. რედაქტორი ნოდარ კაკაბაძე. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა 2002.

    რილკეს გარდაცვალების ერთი წლის თავზე – 1927 წელს რობერტ მუზილმა ბერლინში წარმოთქვა სიტყვა, სადაც იგი ამბობდა, რომ მისმა თანამედროვეობამ პოეზიის მწვერვალზე მოაქცია “ვარსკვლავი”, გამომცემლობათა საჯინიბოების ფეხმარდი ულაყი, ლიტერატურის ჩემპიონი და რომ რაინერ მარია რილკე არ იყო ამ დროის კაცი. ამ დიდმა ლირიკოსმა პირველად მიანიჭა გერმანულ ლექსს სრულყოფილება. რილკე ამ დროს მწვერვალი კი არა, ერთ-ერთი იმ მაღლობთაგანია, რომელზედაც ეპოქათა გულით მიაბიჯებს სულის ბედ-იღბალი… რილკეს შემოქმედება იზომება საუკუნეებით და არა დღეებითო – ბრძანებს “უთვისებო კაცის” ავტორი.
    ლიტერატურული საქმიანობით დაკავებული ქართველის თავმოყვარეობას ფრიად აშოშმინებს ის ფაქტი, რომ ჩვენში რილკეს შემოქმედებისადმი ინტერესმა ჯერ კიდევ იმ ეპოქაში იჩინა თავი, როცა შიშისა და დაურწმუნებლობის ყოველდღიური პორცია აბი-გლუკოზასავით უნდა მიეღო მწიგნობარ კაცს: 1936 წელს გივი გაჩეჩილაძეს უთარგმნია რილკეს ორი ლექსი. კარგა ხნის შემდეგ, 1952 წელს ზურაბ კაკაბაძეს გადმოუქართულებია და “მნათობში” დაუბეჭდავს რილკეს კიდევ რვა ლექსი. შემდგომაც იყო “დუინური ელეგიების” ავტორთან მიახლების წარმატებული ცდები, მაგრამ რილკეოლოგია, როგორც ჩანს, მაინც 80-იან წლებში “გაფორმდა”: ნაირა გელაშვილის ინიციატივითა და მაშინ “მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის” თავმჯდომარის – ოთარ ნოდიას მხურვალე მხარდაჭერით შეიქმნა მთარგმნელთა ჯგუფი ოცი კაცის შემადგენლობით, რომლებმაც პირდაპირ ფრონტი გახსნეს რილკეს შემოქმედების ქართულ კულტურულ სივრცეში შემოსატანად. ნაირა გელაშვილი იგონებს: მთარგმნელთა ნაწილს მოგვეცა საშუალება ბიჭვინთის შემოქმედებით სახლში გამგზავრების და იქ მთელი თვე მუშაობისა. ეს იყო ერთობლივი შემოქმედებითი მუშაობისთვის იდეალური პირობები, რაც, რა თქმა უნდა, აღარასოდეს განმეორდება. თავაუღებელმა მუშაობამ თავისი გამოიღო და 1986-87 წლებისთვის უკვე მზად გვქონდა რილკეს შემოქმედება ქართულად: თხზულებათა ოთხტომეული, რისი გამოცემაც, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარითო.
    დიახ! ტომეულებად არა, მაგრამ ეს თარგმანები შემდგომ და შემდგომ იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში და სწორედ ამ მოძრაობის შედეგი იყო, რომ ჩვენს ლიტერატურულ პრესაში რილკეს ტექსტებს მეტატექსტებიც მოჰყვა კრიტიკულ კვლევათა სახით და აწ უკვე შეგვიძლია თავი დავირწმუნოთ, რომ ქართველი მკითხველი რ.მ. რილკეს შემოქმედებას იცნობს. ამ ნაცნობობას კიდევ უფრო აღრმავებს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ნინო ბაქანიძის წიგნი “რაინერ მარია რილკეს პოეტური სამყარო”, რომლის რედაქტორიც ბატონი ნოდარ კაკაბაძე გახლავთ.
    საზოგადოდ, “პოეტურ სამყაროზე” საუბარს სემიოტიკის ერთ-ერთ საყრდენ ტერმინთან – სემანტიკასთან მივყავართ. ლიტერატურის სივრცეში ორ სემანტიკას განასხვავებენ: საკუთრივ ენობრივს – სიტყვებით აღნიშნულ საგანთა სფეროს და სიღრმისეულს ანუ არსთა იმ სფეროს, რომელსაც ინტუიტურად თუ ცნობიერად ჩასწვდა ავტორი და მხატვრულად ასახა მათი საზრისი. მხატვრულ შინაარსს სწორედ ეს სიღრმისეული სემანტიკა შეადგენს. ლიტერატურული თხზულების ამ ორპლანიანობის გათვალისწინებით ნაწარმოების სამყარო განეკუთვნება არა შინაარსს – როგორც ასეთს, არამედ შინაარსობრივად მნიშვნელადი ფორმის სფეროს…
    თეორიულ რეფლექსიებს აღარ გავყვები, რადგან ეს რეცენზია ამას ვერ აიტანს, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ავტორი “პოეტური სამყაროს” ცნებას მხატვრულად იყენებს… ნინო ბაქანიძე პირველ თავში იკვლევს რილკესეული სამყაროს მოდელის მითოლოგიურ-ასტრონომიულ ასპექტებს. “პოეტური სამყაროსა” და “სამყაროს რილკესეულ მოდელს” შორის სხვაობა ავტორსაც კარგად უნდა მოეხსენებოდეს. ეს შენიშვნა სრულიად სპონტანურად წამოიმართა და ქაღალდსაც მხოლოდ იმიტომ გავანდე, რომ კეთილმოსურნეობის უპირობო ქებაზე აღმატებულობის მჯერა და მწამს. საქებარი კი ამ წიგნში ნამდვილად მოიძებნება და ამაში რილკეს მრავალფეროვანი შემოქმედების შემეცნების მოწადინე მკითხველი თავადვე დარწმუნდება.
    ნინო ბაქანიძის გამოკვლევა სამი ნაწილისგან შედგება. პირველის შესახებ უკვე ვთქვი. მეორე თავში ავტორი რილკესა და მის თანამედროვეებს მიაპყრობს ყურადღებას, ხოლო მესამე ნაწილში წარმოდგენილია რილკეს მიმართება გოეთესთან.
    ჩემთვის პირადად ძალზე საგულისხმოა ის ფაქტი, რომ რილკეზე შექმნილ ზღვა ლიტერატურაში ქართველმა ავტორმა აღმოაჩინა ის მიუკვლეველი თუ ცალკე გამოუწახნაგებელი სფერო, როგორიცაა გვიანდელი პოეტური ციკლების – “დუინური ელეგიებისა” და “სონეტები ორფევსისადმი”-ს მითოლოგიური და ასტრონომიული ასპექტების ურთიერთმიმართება და მათი როლი საზოგადოდ რილკეს პოეტური კოსმოლოგიის ფორმირებაში. მკვლევარი ამ ორ ციკლს აერთიანებს ორფიკული პოეზიის ნიშნით, ხოლო ამ პოეზიის აზრობრივ-ენობრივი სირთულის უმთავრეს გამოხატულებად მისი ჰერმეტიზმი ესახება. სწორედ ჰერმეტიზმი და ორფიზმი, როგორც ფილოსოფიურ-მისტიკური მსოფლაღქმა, მიაჩნია ავტორს გვიანდელი რილკეს პოეზიის მასაზრდოებელ წყაროდ.
    ნინო ბაქანიძე გამოწვლილვით განიხილავს ავსტრიელი ფილოსოფოსისა და ფიზიოგნომისტის რუდოლფ კასნერის ნააზრევით ინსპირირებულ მერვე ელეგიის მხატვრულ ქსოვილს და გამოყოფს იმ პლასტებს, რომლებიც საკუთარ პოეტურ პრიზმაში მხატვრულად გარდასახა პოეტმა. ასევე კონკრეტულად აანალიზებს ალფრედ შულერის პოეტური კოსმოგონიის ზეგავლენას რილკეს გვიანდელ შემოქმედებაზე. “სონეტებზე” მუშაობისასო – ბრძანებს მკვლევარი, რილკეს უდავოდ თვალწინ ედგა შულერის მიერ აღწერილი რომაული თერმები და … მდინარე ჰებროსის ტალღებს მინდობილი ორფევსის თავის სიმბოლური სურათი…
    ავტორის დასკვნით, ამოუწურავია ის თემები, მოტივები და სიმბოლოები, რომელთაც რილკეს შემოქმედებაში ალფრედ შულერის გავლენის კვალი ემჩნევა. ეს მნიშვნელოვანი სამომავლო საკეთებელია არა მხოლოდ რილკეს შემოქმედების შესწავლის თვალსაზრისით, არამედ იმ მიზნითაც, რომ შულერის მხატვრულმა მემკვიდრეობამაც დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი XIX და XX საუკუნეთა მიჯნის გერმანულ ლიტერატურაში. ეს დასკვნა იმის მშვენიერი დასტურიცაა, თუ როგორ “აკეთილშობილებს” გავლენის ობიექტი თავის წინამორბედს.
    დაბოლოს, რილკეს მიმართება გოეთესთან. ეს საკითხი საკმაოდ საფუძვლიანადაა შესწავლილი და იგი მკვლევართა თვალსაწიერში რილკეს გარდაცვალებისთანავე მოექცა, მაგრამ ჩვენი ავტორი მახვილს რილკეს იმ აღფრთოვანებაზე სვამს, რომელიც გოეთეს ერთ ნაკლებად ცნობილ ლექსს – “ეფროსინეს” გამოუწვევია. მაშ, რილკე აღტაცებული ყოფილა არა “ფაუსტით”, არამედ “ეფროსინეთი” – და ამ ფაქტს ნინო ბაქანიძე პარადოქსს უწოდებს.
    გოეთეს ლექსის მხატვრულ სივრცეს ქმნის ჩამავალი მზის სხივებში გახვეული ტყე, რომელშიც ადვილად ამოიცნობა შვეიცარიის ლანდშაფტი; მაგრამ ამავე დროს სურათი მკითხველს მწუხარებისა და სიკვდილის წინათგრძნობას უღვიძებს. სწორედ აქ ეცხადება მარტოსულ პოეტს ეფროსინეს აჩრდილი და გარემომცველი ბუნება იმწამსვე წარმოსახვით სამყაროდ გარდაისახება. რილკეს პოეტური კოსმოლოგიის მიხედვით ეს არის “Zwischenraum der Zeit” (“დროის შუალედური სივრცე”), სადაც ერთმანეთს თანხვდება სიცოცხლე და სიკვდილი. ლექსის ერთ-ერთ პასაჟში პოეტი მსჯელობს ადამიანური ყოფის წარმავალობის შესახებ, რასაც ტრაგიკულ ელფერს ანიჭებს ბუნებრივ კანონზომიერებათა დარღვევა: ხშირად მამა დასტირის შვილს და არა პირიქით. ადამიანის უსასოო ყოფას უპირისპირდება ბუნებაში არსებული ჰარმონია, წელიწადის დროთა ჰარმონიული მონაცვლეობა, კვდომა-განახლების უწყვეტი პროცესი, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ დაარღვევს.
    ეს პესიმისტური მოტივი არაერთგზის გაიჟღერებს რილკეს პოეზიაშიც, განსაკუთრებით კი “დუინურ ელეგიებში”. სამაგიეროდ “სონეტებში” რილკე, ისევე როგორც გოეთე ლექსში “ეფროსინე”, ახერხებს ამ უძირო პესიმიზმიდან თავის დაღწევას. სიკვდილის ძლევა მხოლოდ ჭეშმარიტ ხელოვნებას ძალუძს, რომელიც ადამიანს მიწიერ ვნებათა დათრგუნვაში შემწედ მოევლინება. მხოლოდ ხელოვნების ძალით მოხვდება იგი ჯერ “დროის შუალედურ სივრცეში” და შემდგომ შეერწყმის სამყაროს კოსმიურ ერთობას – “ველტინნერ რაუმ”-ს. ამრიგად, გოეთესა და რილკეს ერთი საერთო მიზანიც აკავშირებთ: ესაა გახლეჩილი სამყაროს ერთ მთლიანობად წარმოსახვა, ხელოვნების მაგიური ძალის ხოტბა და ამით უკვდავყოფა არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებებისა, არამედ საკუთარი შემოქმედებისაც.
    ნინო ბაქანიძის ნაშრომი ქართული რილკეოლოგიის ერთი მშვენიერი შენაძენია და სამომავლოდ მისი დახვეწა, ორიგინალის ტექსტების ქართულად გადმოღება, ერთი სიტყვით, მისი “საკითხავ” წიგნად გაკეთება ავტორსაც სახელს შესძენს და ქართველი მკითხველის ინტელექტუალურ თვალსაწიერსაც განავრცობს.
    დაბოლოს, ისევ რაინერ მარია რილკეს მოვიშველიებ: “დიდება იმ სულს, რასაც ძალუძს, გაგვხადოს ერთი”. რილკე მართლაც ის პოეტია, რომლის შემოქმედების წიაღაც “მიაბიჯებს სულის ბედ-იღბალი”.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    გოეთე – მგზავრის ღამეული სიმღერა

    სოსო ტაბუცაძე
    მშვენიერ თარგმანთკონა
    გოეთე. მგზავრის ღამეული სიმღერა. რედაქტორი გურამ ჭოხონელიძე. თბილისი 2002.

    ერთი საინტერესო წიგნი გამოვიდა “გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის გაერთიანების” გრიფით. “საინტერესო”, ამ შემთხვევაში, პარაზიტი სიტყვა არ არის. იგი შეიძლება “ორიგინალურის” სინონიმად გამოდგეს.
    ერთი სიტყვით, ეს წიგნი მშვენიერი ორიგინალური იდეის მშვენიერი რეალიზება გახლავთ და თუ მას კიდევ ერთ “მშვენიერს” მივუმატებთ, მივიღებთ შემდეგ აზრს (რომელიც ამ ოპუსის ნომერ პირველ წინადადებაში შეიძლებოდა “ჩადებულიყო”): გოეთეს ერთი ლექსის ქართული თარგმანების ერთად თავმოყრის მშვენიერი იდეის და ლამაზი “ტაშენბუხის” ტიპის მშვენიერ წიგნად გამოცემის ავტორი და აღმასრულებელი გახლავთ მშვენიერი გერმანისტი გურამ ჭოხონელიძე. ამ ჩვეულებრივი აზრის გამოსახატავად “მშვენიერების” მთელი მარაგი იმიტომ კი არ გავხარჯე, რომ ჩემი ახლობელი კაცი მექო, არამედ იმისთვის, რომ თვითმხილველის პოზიციიდან აღმენიშნა, თუ როგორი რუდუნებით კრებდა გურამი “მგზავრის ღამეული სიმღერის” ქართულ თარგმანებს. უფრო ზუსტად, მან შეკრიბა ის, რაც უკვე ბეჭდურად არსებობდა; ყველაფერი მოიძია და შეკრებილს მიუმატა ის, რაც მხოლოდ ხელნაწერის სახით არსებობდა გერმანისტ მთარგმნელთა თუ პოეტთა საწერი მაგიდის უჯრა-ლაბირინთებში და, რაც ყველაზე მთავარი თუ მნიშვნელოვანია, – ლექსის ხელახლა თარგმანების იდეა გადასდო რამდენიმე საინტერესო (წაიკითხე: კარგ!) მთარგმნელს და “ჭოხოს” ენთუზიაზმის ლოგიკური დაგვირგვინებაც ხელთა გვაქვს წიგნის სახით.
    მთარგმნელთა სიას მხოლოდ იმიტომ შემოგთავაზებთ, რომ წარმოიდგინოთ გოეთეს ამ შედევრის ქართულ სივრცეში ცხოვრების დრო-სივრცული მასშტაბი. ჯერ ისა ვთქვათ, რომ თუ ამ ჩამონათვალს ერთ მთლიანობად წარმოვიდგენთ, იგი შეიძლება ასეც დავასათაუროთ: “გრიგოლ ორბელიანიდან ირმა შიოლაშვილამდე”. აი, როგორ შეახვედრა წინაპრები და ჩვენი ლამაზი და გულის წარმტაცი თანამედროვენი გოეთეს საკულტო ტექსტმა “Wanderers Nachtlied”. ლექსი, საერთოდ, უსათაუროა და “მგზავრის მწუხრის სიმღერად” დასათაურება მისმა ერთგვარად იდუმალმა ბუნებამ განაპირობა. იდუმალება იდუმალებად, მაგრამ რეალობასთან რომ ახლოს აღმოვჩნდეთ, ერთი ფაქტიც უნდა გავიხსენოთ: გოეთეს ამ სათაურით აქვს სხვა ლექსი და სწორედ მას ჰქვია “Wanderers Nachtlied”. ამას მოჰყვება ტექსტი პირობითი სათაურით “Ein Gleiches”. ანუ “ამისდაგვარი”, “მსგავსი”. ე.ი. “იმ” ტექსტის სათაურის ექსტრაპოლირება მოხდა “ამ” ტექსტებზე და სწორედ ამიტომაა, რომ ეს ორი ტექსტი გარკვეული ტრადიციის მიხედვით ერთმანეთის მიდევნებით იბეჭდება. “გარკვეულს” ვამბობ იმიტომ, რომ არ ვიცი ეს საყოველთაოდ ასეა თუ არა. ყოველ შემთხვევაში ასეა ტრუნცის (Erich Trunz) აკადემიურ გამოცემებში და იმ ტექსტს, რომელსაც “Wanderers Nachtlied” ჰქვია, იწყება ასე: Der du von dem Himmel bist./ Alles Leid und Schmerzen stilles”…
    ერთი სიტყვით, დაინტერესებული მკითხველი ამ საკითხს ჩემზე უკეთ გაარკვევს, მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენი მთარგმნელებიც ამ გავრცელებული სათაურის ვარიანტებს გვთავაზობენ: “მთანი მაღალნი”, “მგზავრის სიმღერა”, “მოგზაურის ღამის სიმღერა”, “სიმღერა მგზავრისა”, “მგზავრის მწუხრული სიმღერა”, “მოხეტიალის ღამის სიმღერა”, “მოგზაურის ღამეული სიმღერა” და ა.შ.
    გრიგოლ ორბელიანისეული თარგმანი დაბეჭდილია 1865 წელს “ცისკრის” პირველ ნომერში და იგი შესრულებულია “ლერმონტოვიდამ”; ე.ი. ამ შემთხვევაში მაშუალ ენად რუსული გვევლინება, რაც ჩვენი მთარგმნელობითი პრაქტიკისათვის, როგორც ჩანს, არც იმ დროისათვის და არც მოგვიანებით უცხო არ ყოფილა. თვით ამ პრაქტიკის ღირსებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ამ ტრაექტორიით შემოსული გოეთეს ლექსი ნამდვილად კარგად იკითხება ქართულად: მთანი მაღალნი, /მიმშვიდებულნი / ღამისა ბნელში მიეცნენ ძილსა; / მყუდრონი ველნი, / ტკბილსაყნოსელნი, / გულს უგრილებენ შრომით ძლეულსა./ და ა.შ.
    კარგობისა კი ვთქვი, მაგრამ ეს რვასტრიქონიანი ლექსი გრიგოლ ორბელიანთან ნამეტანი დაგრძელებულია და ნათქვამი რომ საყვედური არ გამომივიდეს, რედაქტორის წინათქმაში მოტანილ შოპენჰაუერის სიტყვებს მოვიშველიებ: “ლექსის თარგმნა შეუძლებელია, იგი მხოლოდ შემოქმედებითად ხელახლა უნდა შეიქმნას, მაგრამ ყოველთვის კამათის საგნად დარჩება”. ჭოხოს კამათის საგანი არასოდეს ელევა, მაგრამ ამჯერად შეკამათების საუკეთესო ფორმისთვის მიუგნია და ლექსის ხელახალი თარგმანებისთვის მიუყვია ხელი; თანაც ერთი კი არა, ექვსი თარგმანი თუ ექვსი ვარიანტი შემოუთავაზებია. ძალა და გამოცდილება არც სხვა მთარგმნელებს დაუშურებია და ისინიც გოეთესთან მიახლების რამდენიმე ნიმუშს გვაცნობენ. ასე რომ, ქართველი მკითხველი გოეთეს ამ ემბლემატური ტექსტის სრული ფუფუნების მფლობელია, მაგრამ არჩევანის სირთულეც მისივე დასაძლევია და აქ უკვე ყველა გზა გემოვნებასთან მიდის. გემოვნება კი ჩვენში გალაკტიონის მიერაა ნაწრთობი და მისი პოეტური უნარი 1915 წელს შესრულებულ “მგზავრის სიმღერის” თარგმანშიც ლაღად იშლება: სიმშვიდეში თვლემს / მწვერვალები მთის, / ქარი არა სცემს, / ფოთოლი არ თრთის; / მოსვენების ჟამს / მისცემია ტყეც, / მოითმინე წამს, / მოისვენებ შენც.
    გოეთეს შედევრთან დაკავშირებით ეგონ ადერჰოლდი წერს, რომ მოგზაურის მზერა “აღწერს” სპირალს – მთის მწვერვალიდან ხის კენწეროებამდე და ფრინველებიდან საკუთარ მე-მდე, ზუსტად ასევე მოდის ხმა: გარედან შიგნით. ეს არის რაღაცნაირი დაშვება, ნარნარი, ლბილი გადასვლა გარე ხედვიდან შინაგანზე. ლექსს არ “ბოჭავს” ტროპული მეტყველება, მეტაფორათა კასკადი ან რაიმეგვარი სიმბოლიკა. ის კი არადა, იგი არცაა აღწერითი, ანუ მწუხრის სიმშვიდეს კი არ აჩვენებს, არამედ თვითონ იქცევა სიმშვიდედ. როგორც გურამ ჭოხონელიძე აღნიშნავს, – თვით ლექსის ენაა სიმშვიდე… მწუხრის პეიზაჟი, რომელსაც თვალს მოავლებს მოხეტიალე კაცი და მის სიმშვიდეში ჭვრეტს საკუთარ წარმავლობას, რომელიც, ერთხელაც იქნება და, ეწვევა მის გატანჯულ სულს. ბუნება არა მხოლოდ გრძნობათა ორგანოებით აღიქმება, არამედ ადამიანის სულიერ განზომილებასაც უკავშირდება; მთის მწვერვალიდან ხის კენწერომდე, ფრინველებამდე და ბოლოს – ადამიანამდე გაბმულ უხილავ ძაფებზეა ასახული გოეთეს ეს პოეტური ნიმუში. დაბოლოს, რედაქტორისავე შენიშვნით, – გოეთეს ამ ლექსს შელოცვის მაგიური ძალა აქვს, რომელიც გამშვიდებს, გაწყნარებს, მაგრამ არ გადუნებს და მელანქოლიაში არ გადაყავხარ.
    აი, როგორი სამყაროს გადმოღების დილემის წინაშე იდგნენ ქართველი მთარგმნელები… და რახან “მთარგმნელი” ვახსენე, აუცილებლად მინდა ყურადღება მივაქციო ქალბატონ ნელი ამაშუკელის მიერ ზეპირად მოწვდილ გაბრიელ ჯაბუშანურის მიერ შესრულებულ თარგმანს, რომელსაც, რაღა თქმა უნდა, მისი საკუთარი პოეზიის ათინათიც დასთამაშებს: ბინდი დაესევადა / მწვერვალებსა მთისასა / და არ ისმის სიმღერა / არც ერთ ფრინველისასა. / სიო ფრთას სცემს ტრამალებს, / სირი არ ძრავს ენასა / მოითმინე და მალე / მოისვენებ შენაცა.
    რადგან მთისკენ გამექცა ყურადღება, ვიტყვი, რომ საგულისხმო ლიტერატურულ ფაქტად მესახება ეთერ თათარაიძის თარგმანი, რომელიც კიდევ ერთხელ მიდასტურებს ბანალურ აზრს, რომ თარგმნა და შემოქმედება ტყუპები არიან. ოქტავიო პასი ამბობს, რომ “ისწავლო ლაპარაკი, ეს იგივეა, ისწავლო თარგმნა”-ო. რა ენაზეც და დიალექტზეც ისწავლა ეთერომ ლაპარაკი, იმავე ენაზე აამეტყველა გოეთეც: წკვარამში დგენან მთა, მთის მწვერვალებ, / სიბუქა სიოი ხფიავ ველს ზეწრად, / არც ფრინველთ ჩქამი, არც რაის ცხროი, / გვიანა მგზავრიი უჩუმრად, კენტად… / შედოდგოვდ, გაგუვდ ცოტაიც კიდენ, / შენაც გადიქცევ უენო ბელტად.
    ეს რამდენიმე ნიმუში მხოლოდ გარკვეული ნიშნით გამოვარჩიე და არა წარმატება-წარუმატებლობის მიხედვით. ამგვარი ამოცანა, უბრალოდ, არც დამისახავს. აკი ვთქვი – მკითხველის გემოვნების მიხედვით-მეთქი. და მაინც, რეცენზიის თუ წარდგინების რიტუალი მოითხოვს (აკი ვაპირებდი კიდეც!) მთარგმნელთა ჩამოთვლას და გოეთესთან შეჭიდებულ ჩემთვის საპატივცემულო თანამედროვეებსა და ლიტერატურის კლასიკოსებს სარჩევის რიგის მიხედვით ჩამოვალაგებ (თუკი, რა თქმა უნდა, ამ რიტუალს მახო ხარბედიაც აკურთხებს და ტექსტის ხელოვნურად გაზრდას არ მისაყვედურებს): გრიგოლ ორბელიანი, დავით ნახუცრიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლომთათიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გივი გაჩეჩილაძე, გაბრიელ ჯაბუშანური, ვახტანგ ბეწუკელი, იონა ვაკელი, ხარიტონ ვარდოშვილი, ნოდარ შამანაძე, კონსტანტინე გამსახურდია, შოთა ამირანაშვილი, აკაკი გელოვანი, ნინო ჟორჟოლაძე, გურამ კანკავა, გივი ძნელაძე, რუსუდან ღვინეფაძე, დალი ფანჯიკიძე, გურამ ჭოხონელიძე, ზურაბ არჩვაძე, ნათია გოგოლაძე, ნათელა ხუციშვილი, ლულუ დადიანი, შარლოტა კვანტალიანი, გოჩა კუჭუხიძე, ნიკა არევაძე, დოდო ჭუმბურიძე, რატი ამაღლობელი, დალილა ბედიანიძე, კონსტანტინე ბრეგაძე, ბათუ დანელია, ნინო დარბაისელი, შოთა ზოიძე, ეთერ თათარაიძე, ქართლოს კასრაძე, ემზარ კვიტაიშვილი, მაია ნათაძე, ნანა ყამბარაშვილი, შორენა შამანაძე, ირმა შიოლაშვილი.
    ეს მშრალი ჩამონათვალი მადლიერების გამოხატვის მხოლოდ ნაირსახეობად მიიჩნიეთ, რადგან, როგორც მორის ბლანშო იტყვის, მთარგმნელებისათვის “ვერასდროს ვახერხებთ … ნამდვილი მადლობის გადახდას”.
    ერთი სიტყვით და ამდენივე გაგებით, ჩვენს წინაშეა მშვენიერი ფაქტი და ლიტერატურულ საქმიანობის სივრცეს ამგვარი ფაქტებიც ამარფოებენ.
    თვითონ სიტყვა “მშვენიერი” კი ლექსიკონში ასეა განმარტებული: “მშვენიერი – ძალიან კარგი, საუცხოო, წარმტაცი”. მგონი მართლა ამოვწურე ამ სიტყვის არსენალი.
    ძალიან კარგი!
    Auf wiedersehen!.. რადგან შემდგენელ-რედაქტორს განზრახული ჰქონია სამომავლოდ, ქართულთან ერთად, ამ ლექსის სხვადასხვა ენაზე არსებული ყველა თარგმანის თავმოყრა და ერთ წიგნად გამოცემა. თარგმანთკონა მაშინღა ნახეთ!

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    აკა მორჩილაძე – Maid in Tiflis


    ირაკლი ქასრაშვილი
    ცხოვრება გუსტავ დორეს სამყაროში
    აკა მორჩილაძე, Made in Tiflis, თბ. 2007, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.

    ამას წინათ ერთმა ძველმა მეგობარმა, ამერიკაში მრავალი წლის უნახავი რომ შევხვდი, მითხრა: “საქართველოს ამბები აღარ მაინტერესებს, ტელევიზორში რომ ვუყურებ ჩვენს ხალხს, რაღაც არანამდვილები მგონიაო”. და კიდევ ერთი რამე თქვა, საკმაოდ ტრივიალური, ალბათ სადავოც, მაგრამ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი: “თავისუფალი შინაგანად უნდა იყო, მარტო გარეგანი თავისუფლება რა ბედენააო”. უცნაურად მომეჩვენა მისგან ამ სიტყვების მოსმენა. საქართველოში ცხოვრებისას ის არასოდეს საუბრობდა ასეთ რამეებზე. ნაძალადევში ცხოვრობდა და ერთი ჩვეულებრივი თბილისელი იყო: ცოტას ძველბიჭობდა, ცოტას ეწეოდა, ხშირად სვამდა, ძმაკაცები უყვარდა, აფხაზეთში იომა, მერე ვითომ ბიზნესში ჩაება, რაც ძირითადად ამ ბიზნესზე ტელეფონით ლაპარაკში გამოიხატებოდა. ცოლიც კი შეირთო. მგონი იმიტომ, რომ გარშემო აღარავინ დარჩა უცოლო. თუმცა მალევე გაშორდა. ერთადერთი, რაც არ გაუკეთებია – მუშაობა იყო. არა, სულ სადღაც ირიცხებოდა, მიზერულ ხელფასს იღებდა, ნახევარჯერ არც მიდიოდა – აბა ეს მუშაობაა? სერიოზულად, გასამრჯელოს გულისათვის მხოლოდ ახლა მუშაობს ამერიკაში. ზოგჯერ, თუ საჭიროა, ღამესაც ათენებს და თუმცა მარწმუნებს, მანდაური ამბები არ მაინტერესებსო, სატელიტური თეფში კი დაუყენებია და რუსთავი 2-საც უყურებს, როცა დრო აქვს.
    ამ ჩემმა ძმაკაცმა რატომღაც პლეხანოველი მოგელა გამახსენა, Made in Tiflis-ის გმირი. ამ წიგნში არაფერია ინგლისური, სათაურის გარდა. ისეა გაჟღენთილი თბილისური სულით, თბილისური ცხოვრების წესით, როგორც ლუდისა და მოხარშული ცომის ოხშივარით ჩვენი გაუნიავებელი სახინკლეები. ამ წიგნის თბილისი მისტიკური ქალაქია. ქალაქი, სადაც “ყველა კვდება”, სახლებში აჩრდილები დასახლებულან, ცოცხლები კი მიცვალებულთა დანაბარებს თუ საკუთარ ილუზიებს სწირავენ ნამდვილ ცხოვრებას. რეალური არსებობა ამ ქვეყნის, ამ ქალაქის გარეთაა: ამსტერდამში, რუსეთში, სანტა-სიტიში, შესაძლოა, ვენაშიც კი. თბილისში კი სრულიად მოგონილი ცხოვრებით ცხოვრობს ხალხი. ეს არის ტოტალური გაორება. “როცა შიგნით სხვა ხარ, გარეთ – სხვა”. თუმცა ეს არ არის დოქტორ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის კლასიკური შემთხვევა. ეს საერთოდ არ არის ბოროტისა და კეთილის დაპირისპირება ერთ ადამიანში ან მათი ბრძოლა. ეს უბრალოდ ორი ცხოვრებაა. ქცევის ორი სხვადასხვა წესი. ის, რაც კომუნისტებისგან დაგვრჩა მემკვიდრეობით (შემთხვევითი არ არის წიგნში ლავრენტი ბერიასადმი მიძღვნილი პასაჟები), როცა ოფიციალურად რუსეთს ვადიდებდით, სიყვარულით კი “დიდ ნაგავში ნაპოვნი პატარა მარგალიტი”, საქართველო გვიყვარდა, როცა კომუნისტურ პარტიას ვეფიცებოდით ერთგულებას, თან კი რა წაგვეგლიჯა სახელმწიფოსთვის, იმაზე ვიყავით გაფაციცებულები. გაზეთ “კომუნისტში” ამოკითხულ ცნობებს კი რადიო “თავისუფლებაში” გადავამოწმებდით ხოლმე.
    ამ ქალაქში მთავარია ურთიერთობები, კავშირები, ვიღაცის მიერ ოდესღაც გამოგონილი პირობითობების დაცვა, თავდაჭერა, ინდივიდუალური პანაშვიდები, ინტონაციები, ჟესტები. ისინი თრგუნავს, ზოგჯერ მეტისმეტადაც თრგუნავს გმირებს. ისინი გარბიან. თუ საზღვარგარეთ არა, წიგნებთან, საკუთარ თავთან მაინც. მაგრამ მთავარია, რომ ამ ქალაქში არ არსებობს კერძო ცხოვრება. კერძო ამ შემთხვევაში განცალკევებულს ნიშნავს და არა პირადს. ადამიანი კლანის, ჯგუფის, სანათესაოს, სამეზობლოს, სამეგობროს ნაწილია. კოლექტივიზმი მეტად მძაფრადაა გამოხატული. თუ არ ხარ არაფრის ნაწილი, მაშინ არც არავინ ხარ. მაგრამ ნაწილად ყოფნა ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია შენს საქმეში ჩარევა, შენი კერძო საქმე მარტო შენი კი არა, სასწაულებრივად კიდევ უამრავი სხვა ადამიანის საქმედ გადაიქცევა. და ისინი არც გეკითხებიან ისე განგსჯიან, ისე ჭორაობენ, ისე ერევიან შენს ცხოვრებაში. უცერემონიოდ და აგრესიულად. ფანჯრიდან გადმოდიან შენს ბინაში, მაცივარს აღებენ, სასმელ-საჭმელს და ყურადღებას ითხოვენ. წესს: “გავასწორეთ ანგარიში, წადი შენს გზაზე” აქ არავინ ცნობს. ეს ურთიერთობები გბოჭავს, მაგრამ ამავე დროს გიცავს კიდეც. თუ გინდა შენთვის იყო, თუკი ინდივიდუალისტი ხარ, კარგად უნდა გახსოვდეს, რომ ამ ქალაქში არ უყვართ ინდივიდუალისტები. მარტო დარჩები თუ არა, ჩაგვრა, დამცირება, შიში და საბოლოოდ სიკვდილიც არ დაახანებს. თუკი იბრძოლებ, მთელი სამყარო ამხედრდება შენს წინააღმდეგ. უნდა მოიქცე ისე, როგორც ყველა იქცევა. კერძო, დამოუკიდებელი, საკუთარი, წესებისგან განსხვავებული ბედნიერება ამ ქალაქში ისევე მიუღწეველია, როგორც მიუღწეველია ის “ალუდა ქეთელაურში”.
    ამ ცხოვრებაში, როგორც გუსტავ დორეს ნახატებში, მრუმე ფერებია. ადამიანები აჩრდილებს ჰგვანან. განწირული ადამიანები, რომელთაც ვერც გაუგიათ, რატომ ისჯებიან. ადამიანები, რომლებიც სულ სადღაც გარბიან, მაგრამ ვერსად იმალებიან. ადამიანები, რომლებიც ინერციით ცხოვრობენ.
    ბარნოველი ლევიკო მოკვდა. თუმცა შეიძლება, არც მომკვდარა, გაქრა და მისი ნამდვილი ცხოვრებაც მერე გახდა ცნობილი. აქ თბილისში ის ერთი იყო: წყნარი მეოჯახე, წიგნების მოყვარული, განათლებული, საქმის და ძმაკაცების კაცი. და აი, ის ქრება და თითქოს წარსულის აჩრდილებიაო, გუსტავ დორეს სამყაროში შემოდიან და ჩაიქროლებენ მისი მეორე ცხოვრების მაცნეები, ლოვუშკას საყვარლები, “რუსის ქალები”, რომლებთანაც თურმე ათწლეულობით არ წყვეტდა ურთიერთობას. მეგობრის ნამდვილ არსებობასთან გაცნობა პლეხანოველი მოგელასათვის მხოლოდ ახლა იწყება. ქალები მოდიან, სასაფლაოზე გავლენ, ცოტას წაიტირებენ და ქრებიან. ისინი საკუთარ ახალგაზრდობას უფრო ემშვიდობებიან, ვიდრე გაუჩინარებულ საყვარელს. ამ ყველაფრის მიღმა კი დიდი, ძალიან დიდი ტყუილია, თითქოს თავისუფალი და ლაღი, სინამდვილეში კი უთავბოლო და გაორებული ცხოვრება, რომლის სიმძიმემაც შეიძლება გააქრო კიდეც ლევიკო.
    ასევე ქრება შირაზის ვარდის ქმარიც. კაცი, “რომელიც ბოლოს აღარც კი მალავდა შპრიცებს”. გამოგონილი ოჯახის გამოგონილი უფროსი. საერთოდ, ქალის ვარდთან შედარება ნაცადი აღმოსავლური ხერხია. იგი ერთდროულად აღნიშნავს სილამაზესაც, დამათრობელ სურნელსაც და იმ ეკლებსაც, რაც ამ ურთიერთობას ახლავს თან. აღმოსავლური ეპოსის სიყვარული კი ჩვეულებრივ ტრაგიკულად მთავრდება ხოლმე. შირაზის ვარდის მამამთილი, კაცი, რომელიც ვენაში ცხოვრობს და საკუთარი სამყაროს არანამდვილობა და ილუზიები ზურგით გადაუტანია ავსტრიაში, როგორც შუასაკუნეების ვაჭრებს დაჰქონდათ საქონელი ქვეყნიდან ქვეყანაში, მხოლოდ ერთხელ ჩნდება წიგნში. თუმცა მისი აქ ყოფნა ყოველ გვერდზე იგრძნობა. იგი აქაა, თვალს გადევნებს, გიყურებს, ამოწმებს, ხომ არ დაარღვიე მისი შემოღებული წესები. და არ იცი როდის წამოგეწევა მისი რისხვა, როგორც ძველ წარმართთა შურისმაძიებელი ღმერთებისა.
    ერთადერთი ქართველი პერსონაჟი, რომელიც ნამდვილია ამ წიგნში, მისი მთავარი გმირი, პლეხანოველი მოგელაა. პარადოქსულია, რომ ყველაზე რეალური ადამიანი ამ რომანისა მუდამ მათრობელა ბალახებისაგან გაბრუებული დაიარება. მაგრამ მისი ყოველი საქციელი, მისი ყოველი მოქმედება ნაღდია. მოგელა მარიხუანასადმი საკუთარ ტრფიალსაც კი არ მალავს. სწორედ მის ნამდვილობაშია ის საიდუმლო, რამაც ის, “ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ბიჭი” ასეთ “ნასწავლ და განათლებულ” ქალს შეაყვარა. ქალს, რომელსაც მანამდე არასოდეს უცხოვრია ნამდვილი ცხოვრებით, მეტიც, საერთოდ არ უნახავს ის: “თავისუფლება, რომელიც შენს შიგნითაა”. თბილისში ისინი ვერასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს, “ვერასოდეს მოხვდებოდნენ ერთ ქუჩაზე, ერთ ლიფტში, ერთ სუფრასთან, ერთ ოთახში”. რომეო და ჯულიეტა ვერასოდეს გაიცნობდნენ ერთმანეთს ვერონაში. იმისათვის, რომ ერთიმეორე ეპოვნათ, ემიგრაციაში უნდა წასულიყვნენ, ვთქვათ, ამსტერდამში, იქ, სადაც ნამდვილი სამყაროა. ამ ადამიანებს სულ უბრალო რამ – სიყვარული სურდათ. სიყვარული, დაცლილი ჭორაობისაგან, ქვეგამხედაობისაგან, შურის, ბოღმისა და იარლიყებისაგან. სიყვარული, რომელიც მხოლოდ ორი მათგანის საქმეა და მეტი არავისი. ნუთუ ის ასე ძნელი მოსაპოვებელია? მაგრამ გუსტავ დორეს აჩრდილები ყველგან არიან, ისინი არ გიშვებენ, მზად არიან ყელში გწვდნენ, იარაღით დაგადგნენ, როგორც კოლია ბაბუას მიერ გამოზრდილი ოქროსმაძიებელი ბებერი ყაჩაღები, სტივენსონის წიგნებიდან რომ გადმოსულან თბილისში. როგორც მოგელაანთ სახლის აჩრდილები, კოლია ბაბუას ბიბლიოთეკის წიგნების გმირებს რომ შერევიან უკვე და ძველი ფოტოგრაფიებიდან და საბუთებიდან რომ გვიქნევენ ხელს. ლიტერატურაც ხომ ცალკე სამყაროა, საკმაოდ რეალური და არავინ იცის, ვინ უფრო დიდ გავლენას ახდენს ქართველების ცნობიერებაზე, “ვეფხისტყაოსნის” ავთანდილი თუ ქუჩაში მოხეტიალე მისი რომელიმე უსაქმური სეხნია.
    ვინ იყო ბაბუაჩემი, კოლია მოგელაძე, სად გაქრა ბარნოველი ლევიკო? რამ გაუხეთქა გული კონგოს? რა დაემართა შირაზის ვარდის ქმარს? რომანი კითხვებით არის სავსე, რომლებზეც ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში პასუხები არ სჩანს. რატომ ეწირებიან ადამიანები ვიღაცის აბსურდულ ახირებებს? რომანი ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა. “მარადიული კითხვები ქუჩაში დადიან”. ეს ნიცშეა, კაცი, რომელმაც საკუთარი სამყარო, ზეკაცის სამყარო გამოიგონა, რათა უპასუხო კითხვებისთვის დაეღწია თავი. Made in Tiflis-ში მხოლოდ გამოგონილ კუნძულებზე თუ დაიმალები, მაგრამ იქიდანაც მოგიწევს დაბრუნება. ძალით თუ ნებით, მოტყუებით თუ დარწმუნებით, სიძულვილით თუ მონატრებით დაგაბრუნებენ დორეს სამყაროში, სადაც პერსპექტივა არ გაქვს, სადაც უიმედობა და სიკვდილი გიცდის და შავებში ჩაცმული პისტოლეტიანი მკვლელი გელოდება. ამ სამყაროში ისჯება ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრების სურვილი. ამიტომ იქნებ უჯობესია, მართლა არ დაგაინტერესოს აქაურმა ამბებმა, საერთოდ არ უყურო ქართულ გადაცემებს, არ წაიკითხო წიგნები, გამოიცვალო ქვეყანა, მოქალაქეობა, ეროვნება, საკუთარი სულიც კი. დაივიწყო “სითი ოფ პლეხანოფ” და შეიყვარო სანტა სიტი. აი, მაშინ კი ნამდვილად მოკვდები, გაქრები, და აღარ იარსებებ, თითქოს არც დაბადებულხარ და შენთან ერთად გაქრება ეს ქალაქი და ეს ქვეყანაც.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    საყმაწვილო ენციკლოპედია

    დალი კუპრავა
    ცოდნის ფართო წრე ყმაწვილებისთვის

    საყმაწვილო ენციკლოპედია, წიგნი პირველი, სამყარო. რედაქტორი დოდო წივწივაძე, ილუსტრაციები: მალხაზ კუხაშვილი, თეა მიქაია. საყმაწვილო ენციკლოპედია, წიგნი მეორე, ნაწილი პირველი, ცივილიზაცია, ილუსტრაციები:თეა მიქაია, ნანა სანაია. თბ. ჟურნალი “დილა”, 2001-2002.

    საბავშვო ჟურნალმა “დილამ” დაარსებიდან მეასე წელთან დაკავშირებით შესანიშნავი საჩუქარი მიუძღვნა ქართველ მოზარდებს – “საყმაწვილო ენციკლოპედია” შვიდ წიგნად.
    2001 წელს გამოვიდა პირველი წიგნი, სამყარო. 2002 წელს – მეორე წიგნი, ცივილიზაციის პირველი ნაწილი. 2004 წელს, ჟურნალ “დილის” დაარსებიდან მე-100 წლისთავზე მეშვიდე წიგნის გამოცემით დასრულდება საიუბილეო ნობათი.

    ვის და, ჟურნალ “დილას” საუკუნოვანი ურთიერთობა აქვს ყმაწვილებთან, დაწყებული სულ პატარებით, რომლებსაც მშობლები უკითხავენ და უფრო და უფრო მოზრდილებით დამთავრებული.
    ჩვენც, უკვე დიდებს, რამდენჯერ ინტერესით გადაგვიშლია “დილა”, ახალი წაგვიკითხავს და ძველიც გაგვხსენებია, მაგალითად, ძალიან კეთილი დათუნა და ამოგვიოხრავს “რას იზამდა დრუნჩა, მისცა ერთი მუჭა…”
    ორივე წიგნში გამოყენებულია ჟურნალის პუბლიკაციები. საბავშვო ენციკლოპედიის პირველი წიგნი, “სამყარო”, ევგენი ხარაძის იდეა ყოფილა. საბავშვო საკითხავად ადაპტირებული მისი “ასტრონომია” წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ჟურნალში. სწორედ ეს პუბლიკაციები დაედო საფუძვლად პირველ წიგნს-“სამყაროს”.
    ენა, რომლითაც ენციკლოპედია ესაუბრება მკითხველს, მაქსიმალურად არის მისადაგებული ყმაწვილურ ასაკს. ის არც ვითომ ბავშვურად მოჩლექილია და არც მეცნიერულად მშრალი. მიმართვის ტონი ფაქიზია, რომ არ დააფრთხოს ისეთი მოზარდიც, რომელმაც არ იცის, რომ “ცოდნის მასწავლებელს” მოჰკიდა ხელი და ჯერ კიდევ ჰგონია, რომ სურათებიან წიგნს, სხვათაშორის ათვალიერებს.
    სამყაროს გაცნობა იწყება ყველასთვის და ყველაზე უფრო ნაცნობი განცდის შეხსენებით, როცა ადამიანი პირველად ასწევს თავს, ცას შეხედავს და პირველი გაოცების თუ აღტაცების შემდეგ იბადება შეკითხვები “ვინ, საიდან, როგორ…”
    ვინ მოიგონა ცა, როგორ ავიდნენ ცაში ვარსკვლავები და რატომ არ ცვივიან, ვინ შექმნა დედამიწა…
    სამყარო მითებით იწყება: ვინ, სად და რას ფიქრობდა სამყაროს შექმნის შესახებ. თურმე, ძველი ბერძნები საწყისად ქაოსს მიიჩნევდნენ, იაპონელებს სჯეროდათ, რომ სამყარო ტყუპმა ღმერთებმა შექმნეს, რომლებიც დიდხანს ურევდნენ გრძელ შუბს ტალახის ტბაში, ზუსტად ისე, პატარაობისას ყველას რომ უთამაშია; ჩრდილოამერიკელი ინდიელები სამყაროს ყორნის პირმშოდ მიიჩნევდნენ, ხოლო საამების ერთი მითის მიხედვით, სამყარო სიკეთისა და ბოროტების ჭიდილში იშვა.
    ენციკლოპედიაში სამყაროს ბიბლიური წარმოშობის შესახებაც არის მოთხრობილი და უფრო პრაგმატულებისთვის, მოცემულია მეოცე საუკუნის მეცნიერთა ჰიპოთეზებიც. ყველაფერი შეთავაზებასავითაა ისე, როგორც დავით გურამიშვილთან: “შენა გწადს აწ რომელითა” და მკითხველი იმ ცოდნით გააგრძელებს კითხვას, რომელსაც თავად აირჩევს. შემდეგ გაეცნობა გალაქტიკებს, ვარსკვლავებს, მზის სისტემას, მთვარეს, დედამიწას და მივა მისთვის საინტერესო და შეუცნობლამდე – როგორ გაჩნდა სიცოცხლე.
    ჯერ კიდევ წიგნის დასაწყისში განმარტებულია ევოლუცია, როგორც თანდათანობითი განვითარება და წიგნის ბოლოს უკვე ევოლუციური გზით მკითხველი აკეთებს რევოლუციურ აღმოჩენას, რომ პირველი ადამიანები პრიმატების ჯგუფს განეკუთვნებიან. თუ ეს ვერსია მანამ უცნობი იყო მისთვის, ახლა ენციკლოპედიის ბოლოს ის ილუსტრაციაში იხილავს, რომ მოაზროვნე ევროპელის წინაპარი მაიმუნი იყო. აქვეა ცინცხალი ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ მილიონ შვიდასი ათასი წლის წინ საქართველოს, დმანისის ერთ-ერთმა მობინადრემ “მესიჯი” – თავის ქალა დაგვიტოვა. ვისაც ადამიანის წარმოშობის მხოლოდ მეცნიერული ახსნა არ აკმაყოფილებს, მას შეუძლია გაეცნოს შუმერულ, სკანდინავიურ, აცტეკურ მითებს.
    საყმაწვილო ენციკლოპედიის მეორე წიგნი “ცივილიზაციაა”, ნაწილი პირველი. ტერმინ “ცივილიზაციის” განმარტების შემდეგ, წიგნი მითიური ცივილიზაციების ღვთაებრივი და ტოტემური შემოქმედიდან ფრიგიამდე, მუშქების სამეფომდე უამბობს მკითხველს.
    მტკვარ-არაქსის კულტურის, ქვიშარის საგანძურის და სარმატული ქვების ქალაქისა და უდაბნოს ველის შესახებ, სტუმარ-მასპინძლობის ეთიკეტის დაცვით, ენციკლოპედიის ბოლო გვერდებზეა მოთხრობილი.
    ენციკლოპედიებს ახლავს სახელთა საძიებელი და გამოყენებული ლიტერატურის სია იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე, ცოდნას მოწყურებული ყმაწვილი ცოდნის წრის კიდევ უფრო გაფართოებას მოინდომებს.
    ორივე წიგნს ყველა გვერდზე აქვს ლექსიკონი, სადაც ახსნილია იმავე გვერდზე შემოტანილი ახალი სიტყვა, ტერმინი.
    “სამყაროსგან” განსხვავებით, “ცივილიზაციაში” ილუსტრაციათა სიჭარბე, ან გნებავთ გვერდების სიმცირე, აფერხებს ინფორმაციის აღქმას. ასევე, ძნელად იკითხება გვერდის ფერად ნაწილზე მოხვედრილი ტექსტის ნაწილი. წიგნი თავისი დიზაინით ჰგავს ჟურნალსაც, მაგრამ რიგ შემთხვევაში არც ჟურნალის ფორმაა დაცული, რაც მკითხველის ინფორმაციულ მასალაზე კონცენტრირებას აფერხებს და ცოტა ღლის მკითხველს. როგორც ერთ-ერთმა საქმის მცოდნემ აღნიშნა, “მე დიზაინს სხვაგვარად გავაკეთებდი. ბოლოს და ბოლოს უფრო მეტ გვერდზე განვალაგებდი მასალასო”, ე. ი. მკითხველს კონცენტრირების და სულის მოთქმის მეტ საშუალებას მივცემდიო. ენციკლოპედიის კონსულტანტებისა და რეცენზენტების რაოდენობა და პროფესიონალიზმი ინფორმაციის ავტორიტეტულობის გარანტიაა და ზოგიერთ საკუთარ სახელთა დღემდე გავრცელებულისგან განსხვავებული გამოთქმაც არგუმენტირებულია ქართული ენისა და პირველადი ენის სპეციფიკიდან გამომდინარე.
    წიგნის ყველა პირველაღმომჩენი სიხარულით იცხადებს, “საბავშვო ენციკლოპედია!” და იწყებს წიგნის თვალიერებას. შემდეგ უჩნდება სურვილი, რომ შეუძინოს ასაკით შესაფერის თავის ახლობელს და იქვე აღმოაჩენს, რომ თვითონაც ინტერესით კითხულობს. “ეს საყმაწვილო კი არა, დიდისთვისაც კარგია”, ეს შეფასება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კარგ წიგნსა და კარგ მკითხველს ასაკი არა აქვს.

    2002

    © “წიგნები – 24 საათი”