• რეცენზია

    ჯ.კ. როულინგი – ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა.

    ტაიმ-აუტი “ბურღების რეალობიდან”

    კარგად მოერგეთ ცოცხს და…

    ჯ.კ. როულინგი, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა. ინგლისურიდან თარგმნა მანანა ანთაძემ. რედაქტორები რ. ბრეგაძე, ლ. ქადაგიშვილი, თ. ქიტოშვილი. თბ. 2002, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.

    თამარ ბაბუაძე

    ერთხელაც, მომინდა, მყოლოდა საკუთარი ბუ. ნამდვილი. ზუსტად ისეთი, ჰარის რომ ჰყავს. ეს სურვილი ისეთივე ცხადი იყო, როგორც ბავშვობიდან შემორჩენილი წარმოსახვა. მაგალითად, როცა სამზარეულოში ჩუმად შეპარული, კარლსონთან ერთად ვანადგურებ მაჭკატებს, მინდა, მქონდეს ჯადოსნური თითი, რომ მასწავლებელს მივუშვირო და კატად გადავაქციო…
    ჰოდა, ასე, ვზივარ საქმიანად ჩემს (თუ ბილ გეიტსის) Windows 2000-თან, ვბეჭდავ ბრმად და ვოცნებობ, რომ ამ ფანჯარას ბუმ მოუნისკარტოს, რაფაზე შორი გზიდან მოტანილი წერილი დამიგდოს და შემდეგ შენობის უკან, რედაქციის თანამშრომელთა ბუებისთვის განკუთვნილ საბუეს მიაშუროს – დაასვენოს ჰაერს ნახათქუნები ფრთები…
    ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს შეუფერებელი და უკადრისი აზრები “ჰარი პოტერის” პირველად წაკითხვიდან მეორე წლის თავზე მომდის. ორი წლის წინ კი, გაგიჟებული ევროპელების გავლენით, როულინგის ორნახევარი წიგნი ერთ თვეში წავიკითხე (მეტს ვეღარ გავუძელი, მივხვდი, ეს ყველაფერი მარაზმში გადადიოდა) – რომ გამეგო, რით აღაფრთოვანა ასე ბრიტანელმა ავტორმა ჩემი სრულიად პროზაული შვეიცარელი მეგობარი (როცა “ჰარის” რეკომენდაციას უწევდა, წიგნი გულში ჩაიკრა და ყდა მაგრად ჩაკოცნა).
    ახლა კი ვხედავ – “ჰარიმანია” თბილისშიც სახეზეა: აგერ, მე ოფისის უკან საბუეს ვაშენებ, ქართველი ბავშვები კი, ვინ იცის, ეშმაკურად ხითხითებენ და წიგნში ამოკითხულ შელოცვებს მეზობლებზე ცდიან.
    ასე რომ, მგონი, ღირს, გადავხედოთ წიგნს და ვნახოთ, რატომ იქცა ეს ქალბატონი ნომერ პირველ საბავშვო მწერლად და საერთოდ, რატომ შექმნა მსოფლიომ ჰარი პოტერის კულტი.

    ეს გახლავთ წიგნი ობოლ, გაჩხიკულ, სათვალიან ბიჭუნაზე, რომელიც ანჩხლი დეიდის ოჯახში, კიბის ქვეშ, საკუჭნაოში ცხოვრობს და მუდამ გაქსუებული დეიდაშვილის, დადლის ტერორის ქვეშ იმყოფება. ის მხოლოდ მე-11 დაბადების დღეზე აღმოაჩენს, რომ ჯადოქარია. იმავე დღეს ჰარი მეორე უდიდეს საიდუმლოს შეიტყობს – მშობლები ავარიაში კი არ დაეღუპა, როგორც დეიდა პეტუნია და მისი ქმარი ვერნონ დერსლი ეუბნებოდნენ, არამედ ბოროტმა ჯადოქარმა ვოლდემორტმა დაუხოცა. მას ჩვილი ჰარის მოკვლაც სურდა, თუმცა, რატომღაც ეს ვერ შეძლო. ბიჭი მხოლოდ შუბლზე, ელვისებური იარით დადაღა, თვითონ კი ძალა დაკარგა და გაუჩინარდა. ჩვილი ჰარი ჯადოქარმა პროფესორებმა ალბუს დამბლდორმა და მინერვა მაკგონაგელმა დეიდამისის სახლთან, ზღურბლზე დატოვეს. ასე აღმოჩნდა ჯადოქარი ჰარი პოტერი ამ სრულიად არაჯადოსან ნათესავებთან. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში დადლისგან დაჩაგრული ბიჭუნა ჯადოქრების სამყაროში მაშინვე იქცა გმირად, რომელმაც ბოროტი ვოლდემორტი დაამარცხა… თუმცა, მის საბოლოო დამარცხებამდე კიდევ ბევრი რამ უნდა მოხდეს. ჰარი კინგს-კროსის სადგურიდან, ბაქანი ¹9 ¾-იდან (რომელსაც არაჯადოსანი მაგლები ვერ ხედავენ) ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში სასწავლებლად უნდა გაემგზავროს, მრავალი სახიფათო თავგადასავალი გაიაროს და ბოროტ ვოლდემორტს კიდევ ერთხელ შეხვდეს.

    ახლა კი მივყვეთ მოვლენებს და თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჯ.კ. როულინგი შესანიშნავი მთხრობელია – იუმორი, დაძაბული სიუჟეტი, უცნაური მხატვრული სახეები, შედარებები, ტექსტის საოცარი ვიზუალურობა – ამ წიგნში თავშესაქცევად მართლაც ყველაფერი მოიძებნება. რაც მთავარია, ეს პირველივე გვერდიდან იგრძნობა. სანამ ფურცელს გადავშლიდე, უკვე ვიცნობ ორ მთავარ პერსონაჟს: ვიცი, რომ მსუქანი ბატონი ვერნონ დერსლი, რომელსაც კისერი თითქმის არ უჩანს, სამაგიეროდ კი ულვაში აქვს ძალიან დიდი და რომელიც ბურღების დამამზადებელი ფირმის “გრანინგსის” დირექტორი გახლავთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემიყვარდეს. მას შეუძლია, ღიღინ-ღიღინით გაიკეთოს თავისი ყველაზე უსახური ჰალსტუხი (და ბედნიერად შეეგუოს ამ უსახურობას), მთელი გზა, ქალაქამდე, მხოლოდ ბურღებზე იფიქროს, ეშინოდეს სიზმრებისაც კი (მოტოციკლეტები არ დაფრინავენ! – უღრიალებს ის ჰარის, რომელიც სიზმარს ჰყვება); შვილს ასე მიეფეროს: “პატარა ურჩხული… მამას ჰგავს”.
    ახლა დეიდა პეტუნია გავიცნოთ – ვერნონის ერთგული თანამეცხედრე, თხელი, ქერა ქალი. მის ჩვეულებრივზე ორჯერ გრძელ კისერს ისეთივე სასიცოცხლო-ფუნქციონალური დატვირთვა აქვს, როგორც ვთქვათ, სპილოსთვის – ხორთუმს: დეიდა პეტუნია, კიდევ უფრო კისერწაგრძელებული, ხშირად დგას ღობესთან და მეზობლებს უთვალთვალებს, მერე საღამოს, ახალ ამბებს ქმარს უამბობს. გრძელი კისრისთვის თვალთვალის ფუნქციის მინიჭება და ჭორების მოლოდინში ღობესთან ატუზვა პეტუნია დერსლის ცხოვრების პოზაა. მას ქმართან ურთიერთობისთვისაც ორადორი საბაბი აქვს: სხვების ცხოვრების განხილვა და “პატარა, ნიჭიერი ანგელოზი დადლიკუნა”. ეს ქალი პატარა ჰარის საკუჭნაოში აცხოვრებს და დაბადების დღეზე ქმრის გამონაცვალ, თითგამოხეულ წინდას ჩუქნის.
    ახლა თვითონ დადლი ნახეთ: ქონებში ჩაფლული, წყალწყალათვალებიანი ბავშვი, რომელიც კედლებს ფაფებით წუწავს, გაანჩხლებულს, სკამში ძლივს ტენიან, სპორტული ველოსიპედი მინდაო, გაჰკივის მხოლოდ იმიტომ, რომ მერე მისის ფიგს დააჯახოს, დაბადების დღეზე 40 ნაირსახეობის საჩუქარს ითხოვს, დიდი ხანია არ უტირია, მაგრამ ცრემლებს ყოველთვის იგონებს – გულაჩუყებულმა დედამ “დადლიკუნებს”, “ბაცაცუნებს” ყველა სურვილი რომ შეუსრულოს.
    პრინციპში, უსახური ჰალსტუხი, დღემუდამ ბურღებზე ფიქრი, პატარა დადლის ანჩხლად წარმოთქმული “არ ვქნამ!”, მეზობლების თვალთვალში დაღლილი კისერი… – სანამ ამ შესანიშნავი შტრიხებით დერსლების ოჯახზე წარმოდგენას შევიქმნიდეთ, პირველივე წინადადებაში, თანაც დახვეწილი იუმორით, მჟავნდება მთავარი სათქმელი: ოჯახი, რომელშიც ჯადოქარი ჰარი პოტერი 11 წლამდე ცხოვრობს, აშკარად “ბურღების რეალობას” ეკუთვნის: “ცოლ-ქმარი დერსლები, პრივიტ დრაივის ოთხი ნომრიდან, ძალიანაც ამაყობდნენ იმით, რომ მათ, მადლობა ღმერთს, სრულიად ნორმალური ხალხი ეთქმოდა” – ზუსტად ასე ითარგმნება როულინგის პირველი წიგნის პირველი წინადადება. ის ეფექტური გახლავთ იმდენად, რამდენადაც მთავარ ინფორმაციასთან ერთად (დერსლები ჩვეულებრივი, “არა-ჯადოსანი” ხალხია), თავად ცოლ-ქმრის ამ ფაქტისადმი დამოკიდებულებასაც გადმოგვცემს (რომ ისინი ძალიანაც ბედნიერები არიან ამ თავიანთი სტანდარტულობით). არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ორმაგ ფუნქციას შესანიშნავად ითავსებს პირველივე წინადადება. აი, ქართულ ვარიანტში კი პირველ აბზაცს, ფრაზების გადაადგილების გამო, ეფექტურობა აშკარად დაკარგული აქვს. ქართული “ჰარი” ასე იწყება: “ვინ წარმოიდგენდა, რომ ბატონ და ქალბატონ დერსლებს, პრივიტ დრაივის ოთხ ნომერში რომ ცხოვრობენ, ოდესმე უცნაური, თანაც იდუმალებით მოცული ამბავი გადახდებოდათ თავს”. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ, საბოლოო ჯამში, “ჰარი პოტერი” მშვენიერი თარგმანია. მის შესახებ ოდნავ ქვემოთ.

    კიდევ რა მიზეზი არსებობს მსოფლიო მიმდინარეობა “ჰარიპოტერიზმის” ჩამოსაყალიბებლად? ალბათ, ეს, პირველ რიგში, ჯადოქრობის რანგში აყვანილი “მძაფრსიუჟეტიანი” თავგადასავლებია. უფრო ზუსტად კი, თითქმის ჰოლივუდური ბლოკბასტერების – “ბოევიკებისა” და ჰორორის ჟანრში გადაწყვეტილი ამბები – ტროლთან შებმა, სამთავიანი გიგანტური ძაღლი, ურჩხულის ახლადგამოჩეკილი “ბარტყის” უნგრეთში გადაფრენა. ასევე, დეტექტიური ელემენტები – გრინგოტსის ბანკის გაძარცვა, ბოლო თავამდე უპასუხოდ დარჩენილი კითხვა – რა განძს იცავს გიგანტური ურჩხული, ბოროტი ვოლდემორტის განუწყვეტელი მოლოდინი და მასთან შებმა.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, “ჰარი პოტერში” ზუსტად ისე (ანუ ერთბაშად) ეფინება სიუჟეტს ნათელი, როგორც “აღარასდროსდამთავრებად” და გულისზიდვამდე მსუყე ლათინო-ამერიკულ მრავალერსიან ფილმებშია – როცა უკანასკნელ სერიაში აღმოგვხვდება, “ო, ამ ბოროტს მოუკლავს ის კეთილი პერსონაჟი” ან: “უი, ეს ჩემი საყვარელი გმირი ცოცხალი ყოფილა, მერე რა, რომ საკუთარი თვალით ვნახე, როგორ გაიტანა მანქანამ”. იქვე, თვალცრემლიანები და აღელვებულები, ვაქორწინებთ მრავალტანჯულ წყვილს… “ჰარი პოტერშიც” სიმართლეს ბოლო თავში ვიგებთ. მანამდე მკითხველი, დაძაბული სიუჟეტების წყალობით, სულ “აყვანილი”, სუნთქვაშეკრული უნდა იყოს და მთავარი თავსატეხის ამოსახსნელად ასე დაძაბულმა, გზადაგზა, ფურცელ-ფურცელ უნდა კენკოს ტექსტში თავშესაქცევად მიმობნეული საკენკი-გასაღებები – რა იმალება ჰოგვორტსის საცავში, ვინ ცდილობს მის მოპარვას და შეძლებს თუ არა ჰარი პოტერი ვოლდემორტის მეორედ დამარცხებას.
    ალბათ, პირველ რიგში, სწორედ ამ დეტალების გამო ასაღებს როულინგის წიგნებს მსოფლიო დიდი გულმოდგინებით. თანაც, ეს ჩვეულებრივი დაძაბული სიუჟეტები არ გახლავთ. მოქმედება ორ განზომილებას შორის – მაგლებისა და ჯადოქრების სამყაროში ხდება და მკითხველსაც სწორედ ეს მოსწონს.

    მაგრამ, ნუთუ, სულ ეს არის “ჰარი პოტერი”? ნუთუ, მხოლოდ ამის გამო გავბრიყვდი და ბუს შეძენა გადავწყვიტე, ქართველმა ბავშვებმა კი ამის გამო გაწირეს უდანაშაულო მეზობლები? არა, თქვენ ჯერ მთავარი არ გაგიგიათ – სინამდვილეში “ჰარი პოტერის” უპირველესი ღირსება სულ სხვაგან იმალება. ეს ღირსება იუმორი, ცოცხალი შედარებები, უცნაური სიტუაციები და კიდევ უფრო უცნაური მხატვრული სახეებია. როულინგი, კარგი რეჟისორივით, ჩინებულ ვიზუალურ იმიჯებს ქმნის, ისეთს, წაკითხვისთანავე, გონებაში “ვიდეო-კამერით” რომ “იღებ”…
    მეტიც, სინამდვილეში წიგნის ყველაზე მძაფრსიუჟეტიანი ეპიზოდი არც ვოლდემორტთან შებმაა და არც ტროლთან: აბა, რომელი ბრძოლა და სამთავიანი ურჩხული შეედრება იუმორში გადაწყვეტილ, შესანიშნავ ეპიზოდს, რომელშიც ჰარი პოტერი ჰოგვორტსიდან წერილს იღებს, ძია ვერნონი კი ბიჭს კონვერტს გულმოდგინედ უმალავს. როგორ თანდათან იძაბება სიტუაცია – ჯერ ერთი წერილი მოდის (კიბის ქვეშ რომ საკუჭნაოა, იქ მცხოვრებ ჰარი პოტერსო, წერია კონვერტზე), ვერნონი კი ჰარის დადლის ყოფილ საძინებელში აასახლებს, შემდეგ – მეორე წერილი (მისამართის გრაფაში უკვე ყველაზე პატარა საძინებელია მითითებული) და ვერნონი საფოსტო ყუთს ჭედავს, მერე – ერთბაშად 12 წერილი – მისტერ დერსლი კარებისა და ფანჯრების აჭედვაზე გადავა; შაბათ დილას 24 წერილს მერძევე მოიტანს, კვირა დილას ოცდაათი, ორმოცი, უთვალავი წერილი ბუხრის საკვამურიდან ჩამოშხუილდება, დერსლებიც ჯერ სასტუმროში, შემდეგ კი უკაცრიელ კუნძულზე გაიხიზნებიან. წერილები იქაც მოდის. კონვეტზე წერია: “ჰარი პოტერს ოთახი 17, სასტუმრო “რეილვიუ”, ან ეს: “ბატონ ჰ. პოტერს, ზღვაში რომ კლდეა, კლდეზე რომ სახლია, იმ სახლის იატაკზე რომ იმყოფება”… ეს ეპიზოდი, რომელსაც აგვირგვინებს მოულოდნელად გამოჩენილი გოლიათი ჰაგრიდი, ვარდისფერი ქოლგით ხელში, მართლაც შეუდარებელია.

    ეს გახლავთ იუმორი და დაძაბულობა დიდებისთვის. თუმცა, “გემრიელი საკვები” (თანაც ბლომად) როულინგს პატარებისთვისაც აქვს შემოტოვებული: მოდი, იყავი პატარა ბიჭი და არ მოგინდეს, რომ სკოლაში წასვლისას თან მიგყავდეს ბუ, კატა ან გომბეშო (რომლებიც ფოსტალიონის ფუნქციას იტვირთებენ), ჩანთაში კი დედაენის, ფარგლების და ტრანსპორტირების ნაცვლად, ალაგებდე: 1 ტელესკოპს, 1 ჯადოსნური ჯოხს, 1 ქვაბს (მოკალული, სტანდარტული, ზომა 2), დრაკონის ტყავის ხელთათმანს (სხვათა შორის, ამ ნივთების ნუსხა კიდევ უფრო სასაცილოდ ჟღერს სწორედ ასეთი პროზაული განმარტებების გამო. ანუ იმ კონტრასტის გამო, რაც ერთი შეხედვით ჯადოსნურ ნივთს – “საწამლავებისთვის განკუთვნილ ქვაბსა” და განსაზღვრებას – “მოკალული, ზომა 2” შორისაა); პატარა ბიჭუნებს ისიც ძალიან უნდათ, რომ სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის ნაცვლად ასწავლიდნენ ფრენას, ფეხბურთს, რომელიც ჰაერში, ცოცხებზე შემომსხდრებმა უნდა ითამაშონ (მას ქვიდიჩი ჰქვია) და აკითხებდნენ ისეთ წიგნებს, როგორიც “შელოცვების ქრესტომათიაა”…
    სწორედ ამ იუმორის გამოა, რომ მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მოდი და ნუ დაგამახსოვრდება ტექსტში სულ სამ-ოთხჯერ ნახსენები მისის ფიგი (დერსლების მეზობელი, რომელსაც დადლის დაბადების დღეზე ჰარის უტოვებენ ხოლმე – საყვარელ დადლიკუნას დაბადების დღე არ ჩაუშხამოს): მისის ფიგის სახლი დღემუდამ კომბოსტოს სუნით ყარს, ჰარის კი ათვალიერებინებს ყველა იმ კატის ფოტოს, რომელიც ოდესმე ჰყოლია.
    ხშირად გულიანად გაცინების საბაბს ისევ ის კონტრასტი გვაძლევს, რაც ჯადოქრულსა და ადამიანურს შორის არსებობს. აბა, სცადე და არ გაგეღიმოს მაინც იმ ფაქტზე, რომ ალბუს დამბლდორი ჰოგვორტსის დირექტორიც არის, ჯადოქართა საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტიც და ამ დროს “გატაცებულია კამერული მუსიკითა და ბოულინგით”. საშობაოდ კი წინდებს ნატრობს: “აი, კიდევ მოვიდა შობა და ერთი წყვილი წინდა არავის უჩუქებია. ყველას უნდა, მაინცდამაინც წიგნი მაჩუქოს”. ფილოსოფიური ქვის გამომგონებელი და გამოჩენილი ალქიმიკოსი ფლამელი ოპერის დიდი ტრფიალი გახლავთ.
    კიდევ რას აღარ იპოვით ჰოგვორტსის იდუმალებით მოცულ წიგნთსაცავებში. მაგალითად, ასეთ წიგნს: “წყევლა და საპასუხო წყევლა” (მოხიბლეთ თქვენი მეგობრები და თავგზა აუბნიეთ მტრებს უთანამედროვესი შურისძიებით: გამელოტება, მუხლებში მოთენთვა, ენის ბორძიკი და უამრავი სხვა რამ). დარწმუნებული ვარ, ამ წიგნის ხელში ჩაგდება, არამხოლოდ პატარა, ცელქ ბიჭუნებს, არამედ უფროსებსაც მოუნდებათ, განსაკუთრებით, აღრენილ და გაბოროტებულ მდგომარეობაში…
    უჟმური და შურიანი მალფოი სულ ტრაბახობს, არდადეგებზე იმდენი ვიფრინე, ცაში კინაღამ მაგლების ვერტმფრენებს შევასკდიო. იქვეა, ყველა გემოს კანფეტი (მათ შორის, ღვიძლის, ხაშის, ბრიუსელის კომბოსტოს, წვინტლისაც…), შოკოლადში ჩადებული ბარათები, რომლებზეც სურათები სადღაც მიდიან, მერე ბრუნდებიან და ტკბილად გიღიმიან; კედელზე ჩამოკიდებული პორტრეტები, რომელთა ბინადრებიც ღამ-ღამობით, თავ-თავიანთი ჩარჩოდან გამოდიან და ერთმანეთთან სტუმრად დადიან…
    ჰოგვორტსის ბნელით მოცულ დერეფნებში მოჩვენებებსაც გადააწყდებით: უთავო ნიკი, რომელსაც შემოტმასნილი რეიტუზი აცვია, როცა მოუნდება, მარცხენა ყურს დაიქაჩავს და თავი მხარზე ეკიდება – ამით ერთობა; მასწავლებელი-მოჩვენება ბინსი – ძალიან მოხუც პროფესორს ერთხელ სამასწავლებლოში, ბუხართან ჩასძინებია, მეორე დილით გაკვეთილზე შესულს გაურკვევია, რომ სხეული ბუხართან დარჩენოდა…

    ეს ის დეტალებია, რომელთა გამოც ჯ.კ. როულინგი წარმოსახვის უნარი განცვიფრებს. თუმცა, ამდენი ახალი და ორიგინალური მხატვრული სახის მიუხედავად, ხანდახან მაინც რჩება ისეთი განცდა, რომ ეს ყველაფერი სადღაც გინახავს, სადღაც ამოგიკითხავს: განა, საბავშვო მხატვრულ ლიტერატურაში არ არსებობს გმირი, რომელიც დაფრინავს, ან ისეთი კეთილი ჯადოქარი, როგორიც ალბუს დამბლდორია? როულინგის თითქმის ყოველ პერსონაჟს შეიძლება გამოუძებნო ანალოგი მსოფლიო ლიტერატურაში. იგივე შეიძლება ითქვას, მხატვრულ ხერხებზე – უგემრიელესად აღწერილი კერძები აშკარად ასტრიდ ლინდგრენს გახსენებს, სუფრა, რომელიც თავისით იშლება და ეწყობა – ხალხურ ეპოსს, ჯადოსნური ჯოხის შეხებით ჰაერში გაჩენილი სიმღერის ტექსტი კი – კომიქსებში დიალოგების ჩასაწერად დახატულ ღრუბლებს. სწორედ ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ როულინგი ვერაფრით მივა ვერც როალდ დალთან – ავტორთან, რომელსაც მას ხშირად ადარებენ. “ჰარი პოტერის” შემქმნელი ადგას კარგად გაკვალულ გზას, რომელზეც მახვილი თვალი კარგ შედარებებსაც წააწყდება, საინტერესო სიუჟეტსაც და მზამზარეულ გმირებსაც. ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი კი “ჰარი პოტერის” მეორე ნაწილში სილივრუს სარკესთან ჰარის შეხვედრაა. ეს გახლავთ სარკე, რომელშიც ყველა თავის სანუკვარ ოცნებას ხედავს. ჰარი პოტერი მას ერთ-ერთი ღამეული ვოიაჟის დროს, მიტოვებულ საკლასო ოთაში წააწყდება და ობოლი ბიჭიც სარკეში თავის გარდაცვლილ ნათესავებს დაინახავს. ზურგს უკან უდგას დედა და უღიმის, მამა ხელს უქნევს… ეს ადგილი ნამდვილად ღირს წაკითხვად.
    ორიოდე სიტყვით თარგმანზეც შევჩერდეთ: ხშირად ქართული წინადადებები გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე – ორიგინალში. მაგალითად: ინგლისურ ზმნას favour აშკარად ჯობია ქართული – გაუტკბება. (დროზე დავამთავროთ, ვიდრე სნეიპს ჰაპლეპაფის სიყვარული გაუტკბება. გვ.200). საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება “ვარდისფერაბრეშუმისკაბიანი, ფუშფუშა ქალბატონიც”, რომელიც ჰოგვორტსში, პორტრეტში ცხოვრობს. ამ შემთხვევაშიც ინგლისურ “ძალიან მსუქანზე” უკეთესია ქართული “ფუშფუშა”. ასე თავისუფლად და ბუნებრივად გადმოქართულებული ფრაზების გახსენება კიდევ მრავლად შეიძლება. თუმცა, ქართული “ჰარი პოტერის” კითხვისას იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისე, რომ წინადადებებში ინგლისური ორიგინალის კვალი აშკარად იგრძნობა. მაგალითად, წინადადება – “სიტყვა მანამდე გაქრა, ვიდრე ბაგემდე მიაღწევდა”. ან ეს: “შენი დედიკო არავის გააფუჭებინებს შენს დღეს”, ანდა: “პროფესორი მაკგონაგელი, რომელსაც ვერც ერთი მასწავლებელი ვერ დაასწრებდა ცხელი წერტილების აღმოჩენას, მყისვე იქ გაჩნდა” (134 გვ. ინგლისური ვერსია: ..who could spot trouble quicker than anyone else…) თუმცა, ეს მხოლოდ მცირე გამონაკლისებია. სხვა მხრივ, ტექსტი კარგად იკითხება.
    P.S. ერთი სიტყვით, ყველაფერი ასე თუ ისე გაირკვა. ერთადერთი, ჩემი და ბუს ამბავია გადასაწყვეტი. ერთის მხრივ, შეიძლება, ბურღების ქარხნის დირექტორობასა და საკუთარი სტანდარტულობით ტკბობას, ისევ ფოსტალიონ ბუზე ოცნება მერჩივნოს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც გადავწყვიტე, ამ წამოწყებაზე უარი ვთქვა, რადგან ჩემი შინაური ფრინველი ჰარი პოტერს მომაგონებს, ეს პერსპექტივა კი სულაც აღარ მხიბლავს. ჩემთვის “ჰარი პოტერი”, ერთი შეხედვით, ბრწყინვალე ზღაპრული ფანტაზია, უკვე გახდა ცხოვრებისეული სტანდარტი, რომელიც ლათინო-ამერიკული სერიალივით აღარასდროს მთავრდება. ამას, სხვათა შორის, მედიამაც შეუწყო ხელი. სიტყვა “ჯადოსნური” პრესამ ისე აიტაცა, თითქოს, პირველად გაიგო, ჟურნალისტების მახვილგონიერების პიკად კი დაახლოებით ასეთი ფრაზა იქცა: “ჯადოქრობა რეალურ ცხოვრებაში: მარტოხელა, ღარიბი დედა მილიარდერი ხდება”. მე კი არა მგონია, მიმზიდველი იყოს ფანტაზია, რომელსაც დასასრული არ უჩანს, თითიდან გამოწოვილი ხდება და 11 სქელტანიან წიგნში უსაშველოდ იწელება – ანუ, ყალიბდება ადვილად მოყირჭებად მასკულუტურულ ფენომენად…
    საინტერესოა, როდის მოიყირჭებს “პოტერიზმს” მსოფლიო. თუმცა, სანამ ეს მოხდება, პლანეტა კვლავაც გატაცებით ელის როულინგის მეხუთე – გამოსვლამდე ბესტსელერადქცეულ წიგნს. ის ხომ წინასწარ 6 მილიონ ადამიანს აქვს შეკვეთილი. მე კი, რა ვქნა, აღარ მინდა ბუ…

    © “წიგნები – 24 საათი”
  • რეცენზია

    ირმა ტაველიძე, “ავტობიოგრაფია ფრანგულად”

    მაგდა კალანდაძე

    ინტერიერში გაყალბებული ავტობიოგრაფია

    ირმა ტაველიძე, “ავტობიოგრაფია ფრანგულად” (მოთხრობები). თბ. “სიესტა”, 2007.

    დებიუტანტი ავტორები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევიან ხოლმე, რაც სრულებით ბუნებრივია – მაშინ, როცა უკვე ნაცნობი სახელებისაგან სიახლესა და შემოქმედებითი მრავალფეროვნების გამოვლინებას ველოდებით, მით უმეტეს, დიდია ნოვაციის მოლოდინი ლიტერატურულ სივრცეში ჯერ კიდევ უცნობი ავტორისაგან. თუმცა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სიახლე ხშირად ავტორის ინდივიდუალურ ხელწერასა და ხმას გულისხმობს, რაც შემდგომ გამოცდილებასთან ერთად ოსტატობაში გადაზრდება ხოლმე, და ლიტერატურული დებიუტებიც ავტორების აღმოჩენის თვალსაზრისით უფრო საინტერესოა, ვიდრე – ტექსტების.
    მიუხედავად იმისა, რომ “ავტობიოგრაფია ფრანულად” ირმა ტაველიძის პირველი წიგნია, ქართველი მკითხველისათვის ეს სახელი უცხო ნამდვილად არ ყოფილა – ირმას მოთხრობები და თარგმანები წლების მანძილზე იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ პერიოდიკაში. თუმცა, ეს წიგნი არ არის სხვადასხვა დროს დაწერილი მოთხრობების ტექნიკური თავმოყრა, როგორც ხშირ შემთხვევაში არა მარტო დებიუტანტ ავტორებთან ხდება ხოლმე. მწერალი სწორედ იმ პერიოდს დაელოდა, როცა ტექსტების არც თუ ისე მცირე რაოდენობიდან მოუწევდა საუკეთესოების არჩევა. კრებულშიც სწორედ ის მოთხრობებია შესული, რომლებიც ირმამ თავისი შემოქმედებიდან ამა თუ იმ განსაკუთრებული ნიშნით გამოარჩია.
    თუ ზემოთ განსხვავებული ესთეტიკისა და ხედვის ავტორის გამოვლენაზე ვსაუბრობდით, “ავტობიოგრაფია ფრანგულად” ის წიგნია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მწერალი პირდაპირ გვეუბნება, რომ მოთხრობები ავტობიოგრაფიულია, მათი “ფრანგულობა” ამბებისა და დოკუმენტური სინამდვილის ავტორისეულ ინტერპრეტაციაზე, გაყალბებაზე მიუთითებს (შდრ: “ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები” – სადაც რუსთაველი “სპარსულში” არათუ გეოგრაფიას გულისხმობს, არამედ ამბების ზღაპრულობას, უჩვეულობას). ფრანგულის მოშველიება ირმას ტექტსების ტონალობის, აკუსტიკური ფონის შესაქმნელად სჭირდება, მოთხრობების შინაგანი დინამიკისა და მკითხველთან სასაუბრო ენის მოსახელთებლად. თუმცა, დინამიურობა ამ შემთხვევაში მხოლოდ პრობითია, და იმდენად გაჯერებულია მოთხრობები სხვადასხვა ფორმა-შინაარსობრივი ორნამენტებით, რომ ხშირად ნაკლებად გვაძლევს საშუალებას, “ვიმოძრაოთ” ტექსტებში და ნაწარმოებებიც უფრო მხატვრულ ტილოს, სტატიკურ სურათს მოგვაგონებს.
    მიუხედავად იმისა, რომ ირმას ყველა მოთხრობა ერთი დასრულებული ეპიზოდი ან ამბავია, მისი თხრობის სტილი და აქცენტები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ავტორისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია ამ ამბის, მოვლენის განვითარება. მისთვის მთავარია იმპრესიულობა, ის შთაბეჭდილება და ემოცია, რაც მას ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ამბებისგან რჩება, და თხრობის დროსაც სწორედ ამას ანიჭებს უპირატესობას – იოლი შესამჩნევია, რომ სიუჟეტური ხაზის განვითარებაზე მეტად ირმა სახეების შექმნაზე, პერსონაჟების შინაგანი სამყაროს მკითხველამდე მიტანაზე ამახვილებს ყურადღებას, ხოლო ამბები და მოვლენები ამ პორტრეტების დახატვაში კიდევ უფრო ეხმარება. აქ საინტერესოა ერთი დეტალიც – რაკი წიგნს “ავტობიოგრაფია” ჰქვია და მოთხრობებიც ავტობიოგრაფიულია, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ პროტაგონისტი თავად ავტორია, და შექმნილი სახეებიც – უმეტესწილად, ავტოპორტრეტები. ამ შემთხვევაში ირმა-ავტორი ერთგვარ დისტანცირებას ახდენს ირმა-პერსონაჟთან, უფრო მეტიც – თვითირონიისა და ფსევდო-ფრანგულობის შეზავებით აყალბებს სინამდვილეს და მისთვის ირმა-პერსონაჟი უკვე ის მასალა ხდება, რომლისგანაც დაუნდობლად შეიძლება გამოაქანდაკო ფიგურა, ისე, რომ მჭრელი იარაღის არცერთი დარტყმა საკუთარ სხეულზე არ იგრძნო. თუმცა, ხანდახან ავტორი ცდუნებას ვერ უძლებს, ბოლომდე ირმა-პერსონაჟს ანდოს სათქმელი და ხშირად რემარკების სახით ერევა ტექსტებში. ეს ის განსაკუთრებული შემთხვევებია, როცა ავტორი ვერ თმობს საკუთარ “მეს”, უჭირს სინამდვილის ბოლომდე უარყოფა და ამიტომაც ყოველი რემარკა ან საკუთარ თავში დაბრუნებაა (მკითხველისთვის კი, უბრალოდ, თავშესაქცევი და სახალისო ლიტერატურული თამაში), ან კიდევ პირიქით – ხანდახან რემარკად ძირითადი ტექსტი იქცევა ხოლმე და მოთხრობის ქვესათაურებში გამოტანილი “სინამდვილეების” გაბათილებას ემსახურება. ზემოთ არაერთხელ ვახსენე “სიყალბე”, თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არამც და არამც არ არის ტექსტების შეფასება – პირიქით, ყოველი მხატვრული სახე თუ ეპიზოდი მაქსიმალური სიზუსტითა და დაწურულობითაა გადმოცემული, ავტორს არც ერთი მცირე დეტალი არ რჩება ყურადღების მიღმა, და ასევე შესანიშნავი უნარი აქვს, სათქმელი ძალიან მარტივი, ყოფითი ელემენტებით გადმოსცეს – რაც ერთგვარი ხიბლია მისი პროზის. ამას თან ერთვის დახვეწილი და გამართული ქართული, რომელიც არა მარტო გრამატიკულად სწორ, სინტაქსურად გამართულ ენას გულისხმობს, არამედ მკითხველთან სასაუბრო ხმას, შინაარსთან შეწყობილ ფორმას. თუმცა, ჯერ-ჯერობით ეს ხმა მხოლოდ სტუდიურ ფოტოებს, ინტერიერში გადაღებულ ფილმებს მოგვაგონებს, რომლებსაც არ გააჩნიათ არავითარი კონტაქტი გარესამყაროსთან, თუმცა კი იმდენად დიდი ოსტატობითა შესრულებული, რომ წინათ თქმულს ნაკლად ვერაფრით ჩაუთვლი. ესეც, ალბათ, ირმას, როგორც მწერლის, ერთი მხარეა, ერთი შემოქმედებითი ეტაპი, რომელიც მწერალმა საკმაოდ მძლავრი დებიუტით, “ავტობიოგრაფია ფარნგულად”, უკან ჩამოიტოვა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • რეცენზია

    რაინერ მარია რილკე – ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს

    თორნიკე მოდებაძე

    მარტოობის წიგნი

    რაინერ მარია რილკე. ღია წერილი ახალგაზრდა პოეტს. გერმანულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანმა. “აფრის” ბიბლიოთეკა ¹1. თბ. “კავკასიური სახლი”, 2002.

    რაინერ მარია რილკესთვის სიტყვა-ცნება “მარტოობა” თავისებური შინაარსის შემცველია. ერთი რამ ცხადია, მის მიერ სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებული ეს სიტყვა არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ ან სულიერ სიმარტოვეს, ის უფრო მეტაფიზიკური, უნივერსალური, მრავლისმომცველი, იქნებ იდუმალი და ბოლომდე დაუდგენელი მნიშვნელობის მქონეცაა.
    ახალგაზრდა პოეტისადმი მიწერილ წერილებშიც არაერთხელ გაიელვებს ეს სიტყვა და გარემომცველ მნიშვნელობას, როგორც მთრთოლვარე შარავანდედს, ისე გაიყოლიებს. ვფიქრობ, რომ თვითონ რილკეს ესეისტიკაში გამჟღავნებული სტილია კანონზომიერი იდუმალებით მოცული. ეს სტილი ერთგვარ დაუმუშავებელ მასალას ჰგავს, რომლისგანაც, როგორც თიხისგან, პოეტური ნაწარმოებები უნდა გამოიწვას. ახალგაზრდა პოეტისადმი მიწერილ წერილებს ესეისტიკა პირობითად შეიძლება ეწოდოს. წერილები თითქოს გარდამავალი ფაზაა პროზიდან პოეზიაში. მე პირადად, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ რილკეს ყელში ჰქონდა მობჯენილი სათქმელი, თვითონვე სურდა გაეშიფრა თავის უაღრესად ღრმა მსოფლშეგრძნების წიაღიდან მომდინარე დინებები და საბაბიც მიეცა – ფრანც ქსავერ კაპუსმა მას საინტერესო და ამაფორიაქებელი კითხვები დაუსვა.
    რილკე პასუხობს: “შეიყვარეთ თავად კითხვები. შეიყვარეთ ისინი დალუქული ოთახებივით და უცნობ, იდუმალ ენაზე დაწერილი წიგნებივით. ახლა ნუ ეძებთ პასუხებს, რომლებსაც ვერ იპოვით, რადგან თქვენი ცხოვრებით არ მისულხართ ამ პასუხებთან. საქმე ის გახლავთ, ვიცხოვროთ, გამოვცადოთ ყველაფერი, საკუთარი ცხოვრებით გავცეთ პასუხები საკუთარ კითხვებს. ამჟამად კი იცხოვრეთ საკუთარი კითხვებით და იქნებ ერთ შორეულ დღეს, თქვენმა ცხოვრებამ შეუმჩნევლად შეგიყვანოთ პასუხის სიღრმეში”.
    რილკე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხანგრძლივ სულიერ წრთობას, გამოცდილებას შინაგანი სამყაროს ფსკერზე დალექილ განცდებს ანიჭებს. მხოლოდ ხაზგასმით იმასაც დასძენს, რომ ეს გამოცდილება პიროვნულ-ინდივიდუალური, უნიკალური, საკუთარი უნდა იყოს. თითქოს არაფერია აქ საკვირველი, დელფოსის სამისნოზე ამოტვიფრული წარწერა “შეიცან თავი შენი” რილკეს სათქმელსაც იტევს. მაგრამ რილკე არასოდეს არავის არ ჰგავს და სხვასაც არ იმსგავსებს. მისი თვითშემეცნებაც მეტად თავისებურია, უაღრესად სუბიექტური, პიროვნულ-ინტიმური. რილკე კი არ აგებს, თითქოს სახელდახელოდ ქმნის ლირიკულ-აღსარებითი ტონალობით შეფერილ ტექსტს, რომელშიც მისი მსოფლშეგრძნების და მსოფლმხედველობის ნაზავია განფენილი. ეს ტექსტი მისივე პოეტური შთაგონების ცოცხალი ანაბეჭდია, მისი პირველსახეა, აზროვნების ის ფაზაა, როცა გამჭვირვალედ იკვეთება ქაოსიდან კოსმოსი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელშესახებ ფორმას იძენს მხატვრულობა. რილკე თეორეტიკოსი არ არის, მისი მსოფლმხედველობა მხატვრულია, ის “დაბადებიდანვე” მხატვრულ სამოსელშია გახვეული. რაც, რასაკვირველია, ბედნიერების ნიშანია.
    და მაინც, რატომ გასცა ავსტრიელმა პოეტმა ფრანც ქსავერ კაპუსს ასეთი გულისხმიერი პასუხები?
    რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის მახვილი გრძნობა გააჩნდა. მას არ შეეძლო გულგრილი დარჩენილიყო ამქვეყნიურ შეჭირვებათა ლაბირინთში ხელისცეცებით მავალი ახალგაზრდა კაცის მხურვალე აღიარებების მიმართ. მაგრამ, ვფიქრობ, იყო სხვა მიზეზიც: კაპუსის წერილებში აღძრული ვნებათაღელვა თვითონ რილკეს სულიერ ფორიაქს დაემთხვა. რილკეს მთელი პოეტური მოღვაწეობა მუდმივი თვითრეფლექსიაა, სადაც ყველაფერს სრული წესრიგისკენ სწრაფვის ნიშანი ატყვია. ამ წესრიგისკენ სწრაფვის ყველაზე უფრო დრამატული აკორდები “დუინურ ელეგიებში” გახმიანდა. ამავე ციკლში რილკე თითქოს ეძებს ჩახლართული გორდიასის კვანძის ბოლოს, რათა ჩვენს ყოფიერებას ნათელი მოჰფინოს.
    შტეფან ცვაიგი თავის წიგნში “ევროპელის მოგონებანი” გულდაწყვეტით დასძენს, რომ გაივლის დრო და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ბრწყინვალე ლირიკოსების ბადალი შემოქმედნი აღარ იარსებებენ. ის იხსენებს რილკეს, სიყვარულით და მოწიწებით ხატავს მის პორტრეტს. რილკე ხმადაბლა და მკაფიოდ წარმოთქვამდა საკუთარ ლექსებს, დინჯად ანაწილებდა აქცენტებს. ის უფაქიზესი ინსტრუმენტის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არ უყვარდა საზოგადოების შუაგულში ტრიალი, ყოველნაირად ცდილობდა გარიდებოდა ხალხმრავლობას. უჩვეულო კრძალვა და თავმდაბლობა გამოარჩევდა ყველგან, წვეულებებზე და საჯარო თავშეყრის ადგილებზე.
    ცვაიგი იხსენებს, როგორ შეესწრო ერთხელ რილკეს გამგზავრების მომენტს. და აქაც წესრიგისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება იჩენს თავს. რილკე ფრთხილად, ფაქიზად აწყობდა ნივთებს ჩემოდანში და მთელი მისი არსება წესრიგს და წესიერებას განასახიერებდა. ეტყობა, შინაგანი შფოთის გრძნობას გარეგნული წესრიგი უქარვებდა. სხვათა შორის იგივეს წერს კორნეი ჩუკოვსკი ალექსანდრ ბლოკზე. ბლოკი ვერ ეგუებოდა უწესრიგობას და ქაოსს. ის გამუდმებით ალაგებდა თავის საწერ მაგიდას, თავ-თავის ადგილს უჩენდა წიგნებს, რვეულებს, სხვადასხვაგვარ ნივთებს. შეიძლება გაგვახსენდეს გალაკტიონიც, რომლის დღიურებშიც გარეგნულ ქაოსთან გაუთავებელი ბრძოლის “ბატალიებია” დაწვრილებით აღწერილი.
    რილკესთვის წესრიგი გამოცდილების, სულიერ და გონებრივ მიღწევათა კონცენტრირების გარკვეული საფეხურია. ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი თავის ინდივიდუალური სწრაფვის გამოისობით აღწევს. ამ სწრაფვის გარეშე ყოველი პიროვნება უწესრიგობისთვის და აპათიისთვისაა განწირული: “ახალგაზრდები ხშირად და მწარედ ცდებიან, ფიცხი და დაუთმენელი ბუნებისანი, მყისვე ერთმანეთს მიაწყდებიან ხოლმე, როგორც კი სიყვარული ეწვევათ. იფლანგებიან და იფანტებიან, რაც საერთოდაც სჩვევიათ თავიანთ აღგზნებულ თუ აპათიურ, უწესრიგო და ქაოტურ ცხოვრებაში”.
    ახალგაზრდა პოეტისადმი მიწერილ წერილებში განსაკუთრებით ამაღელვებელია სიყვარულზე შეთხზული პასაჟები. აქაც რილკესეული, უაღრესად თავისებური ანალიტიკა იჩენს თავს.
    სიყვარულიც ავსტრიელი პოეტის მთლიანი მსოფლმხედველობის კონტექსტში თავსდება. რილკე ტრადიციულ-რომანტიკული ტრფიალის ბანალურ თემას ოდნავადაც კი არ ეხება. მისი მხედველობის არეში ეს თემა საერთოდ არ ფიგურირებს. ის თავიდანვე სქესთა ურთიერთმიმართების საიდუმლოებაზე ფიქრობს. რილკეს ფიქრი იმთავითვე უჩვეულო სიღრმისეულობით არის აღბეჭდილი. სიყვარული მისთვის სამყაროს საფუძველში ჩადებული უხილავი ნების განხორციელებაა. ამიტომ რაც ზედაპირულია და გარეგნული, ის ნაკლებად საინტერესოა, ბუნების მიერ სიღრმეში ჩადებული და კანონზომიერი კი ცხოველ ინტერესს აღძრავს. ვთქვათ, რილკესთვის ამ წერილებში გამოთქმული თვალსაზრისის თანახმად არ არსებობს ულამაზო და ლამაზი ქალი. ასეთი კონკრეტიკა მისთვის უცხოა, ის უფრო ზოგად, არსისმიერ ნიშან-თვისებებს ეძიებს. აი, რას წერს პოეტი: “შესაძლოა ყველაფერზე მაღლა დგას და ძლიერია დიადი დედობა – ეს საერთო ურთიერთლტოლვა. ქალწულის სილამაზე, იმ არსების სილამაზე (როგორც თქვენ მშვენივრად ბრძანეთ), რომელსაც ჯერ არაფერი მოუმოქმედებია – მომავალი დედობაა, მის წიაღში რომ მწიფს, ემზადება, შიშობს, წინასწარ გრძნობს და ესწრაფვის თავის მომავალს; ხოლო მოხუც ქალში ეს სილამაზე დიდ მოგონებად ქცეულა. და მე მგონია, რომ ფიზიკურ-სულიერი დედობა მამაკაცშიც არის; ჩასახვა – ეს ერთგვარი სახეა შობისა, ხოლო როცა მამაკაცი თავისი შინაგანი სისავსიდან ქმნის და წარმოშობს, ესეც ერთგვარი შობაა და დაბადება. შესაძლოა, ეს ორი სქესი უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე ჰგონიათ”. ცოტა ქვემოთ კი მართლაც განსაცვიფრებელი სტრიქონებია: “მამაკაცი და ქალი, ყოველგვარი მცდარი მორიდებისა და ქვენა ზრახვათაგან თავისუფალნი მოძებნიან ერთმანეთს, არა როგორც საპირისპირო არსებანი, არამედ როგორც და და ძმა, როგორც მეზობლები; მოძებნიან და შეერთდებიან, როგორც ადამიანები, რათა ერთად, უბრალოდ, მკაცრად და მოთმინებით ატანონ სქესის სიმძიმე, საერთო უღელი, მათ რომ დაეკისრათ”.
    რაინერ მარია რილკეს “წერილები ახალგაზრდა პოეტს” არა მხოლოდ მწერალმა უნდა წაიკითხოს, არამედ ყველა იმ ადამიანმა, ვინც იწყებს ცხოვრების რთულ და ძნელადგასაგნებ გზას.
    დაბოლოს, რითაც დავიწყე, იმის დავამთავრებ. სიტყვა “მარტოობას” რილკეს ლექსიკონში ძალიან ღრმა, მრავალწახნაგოვანი აზრობრივი დატვირთვა აქვს. მარტოობა სხვა ყველაფერთან ერთად ის მდგომარეობაა, რომლის წიაღში შემოქმედებითი ნაპერწკალი ღვივდება. ახალგაზრდა პოეტისადმი მიწერილი წერილებიც, როგორც პოეტი იტყოდა, “უსასრულო მარტოობით” არის დაღდასმული. ეს მარტოობის შემცველი წიგნი ქართულ ენაზე შესანიშნავად თარგმნა ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანმა.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    ბესო სოლომანაშვილი – ზამორა

    გელა ოდიკაძე

    მამები და შვილები

    ბესო სოლომანაშვილი, ზამორა (მოთხრობები). რედაქტორი ანა ჭაბაშვილი. თბ. “დიოგენე”, 2007.

    ქართულ ლიტერატურაში იყო ე.წ. ხელშეუხებელი თემები. XX საუკუნემ ფაქტობრივად ისე გაიარა, რომ ამ თემებს მწერლები არ შეხებიან. საქმე ისაა, რომ 90-იან წლებამდე საბჭოთა ცენზურა ინერციით ინარჩუნებდა ძალას, ამის შემდეგ კი ქვემეხები გრუხუნებდნენ და მუზები სდუმდნენ.
    თუმცა სხვაც უნდა ითქვას: მწერლები ამ წლებშიც წერდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უაღრესად კრიტიკულ მომენტებშიც არ გაჩერებულან (მაგონდება შოთა იათაშვილის “ავადმყოფი ქალაქი”. ეს მოთხრობა თბილისის ომის დროს დაიწერა და თითქოს ამ მოვლენის შემზარავ ექოს გამოსცემს). საბოლოოდ, ცენზურა ჩვენს ცნობიერებაში ხელშეუხებელი თემების შეხებამ მოხსნა. წყალს სადინარი უნდა მისცემოდა და მიეცა კიდეც.
    ბესო სოლომანაშვილის “ზამორა” სწორედ იმ სიცარიელეს ავსებს, რომელიც ქართულ ლიტერატურაში გაჩნდა. ქვემეხების გრუხუნი, ალბათ, არა იმდენად პასიურობის გამომწვევი იყო, რამდენადაც დაბნეულობის. მწერალი წინამდებარე მოთხრობის მეშვეობით XX საუკუნის კატაკლიზმებს ეხმაურება: ზამორა უფროსი და ზამორა უმცროსი – ერთი საუკუნის ორი სრულიად სხვადასხვა ომის მონაწილე.
    ბესო სოლომანაშვილი უფროსი ზამორას მეგობრის, ალექსანდრეს პირით მოგვითხრობს ამბავს. თხრობა არტაშას დუქანში მიმდინარეობს. ბოჰემური გარემო და წარსულის მტკივნეული მომენტები ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და თავისებურ ინტიმს ქმნის.
    ზამორების (წარმოშობით ესპანელები არიან) სისხლის ყივილი, ვაჟკაცური ჯიში და მოდგმა თვალსაჩინოდ აღიბეჭდება ალექსანდრეს მონაყოლშიც.
    ბესო სოლომანაშვილის ოსტატობას ავლენს ფაქტობრივი მასალის წარმოსახვასთან დაკავშირება. ჯერ ერთი, მწერალმა კარგაც იცის ტოტალიტარული სახელმწიფოს ატმოსფერო, კონკრეტული რეალიები, ტიპაჟი, მათი მეტყველება. ალექსანდრეს ცხოვრება (ისევე, როგორც ზამორების) იმ ავტორიტარული რეჟიმის პერიპეტიებთან არის გადაჭდობილი, რომლებმაც ათასობით ადამიანის ბედი დაამახინჯა და გაამრუდა.
    გარდა ამისა, ავტორი თავიდანვე იშველიებს თხრობის ისეთ ინტონაციას და ფორმას, რომლის მეშვეობითაც ცხოვრების თუნდაც ყველაზე უფრო უხეში გამოვლინებები, ყველაზე სასტიკი შტრიხები დამაჯერებლად და ძალდაუტანებლად შემოდის ჩვენში.
    ბესო სოლომანაშვილმა იცის ერთი რამ: თხრობის ასეთი ფორმა ცხოვრებისეულ მასალას სრულიად თავისებურად განაფენს, აქ მთხრობელის სუბიექტივიზმი ერწყმის რეალობის აუხსნელ და უცნაურ ფაქტებს და თავისებურ სიმბიოზს ქმნის. სამხედრო გამომძიებლების, ჩეკისტების ისტორიები არა მხოლოდ პირადი, არამედ სამსახურებრივი წვრილმანი დეტალებისგან შედგება, რისი ცოდნაც მწერალს ნამდვილად სჭირდებოდა. ყოველივე ეს წარსულის რეალობიდან უნდა აეღო, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო. ამის კარგი მაგალითია მოთხრობაში აღწერილი მხატვართა ტილოების ეპიზოდი. ამ ეპიზოდში არა მარტო ალექსანდრეს, გრიშას და ზამორას პიროვნული თავისებურებები ჩანს, არამედ მთელი ტოტალიტარული ეპოქა, რომელიც მზაკვრობაზე და ძალადობაზეა აგებული. ასეთი ქვეყნის სამსახურში პასუხსაგებ თანამდებობებზე მომუშავე სინდისის მქონე ადამიანები ცდილობდნენ რთულ ვითარებაში სამართლებრივად და ზნეობრივად ყველაზე ოპტიმალური გზა გამოენახათ, რათა სხვა არ დაეზიანებინათ და საკუთარი თავის გადარჩენაზეც ეზრუნათ. ალექსანდრეც სწორედ იმ ამბებს ჰყვება, სადაც ხაფანგიდან თავდაღწევის ათასგვარი გზებია მონიშნული.
    ამ ხაფანგში სხვადასხვა თაობები მოხვდნენ, ამიტომ აქ მამათა და შვილთა პრობლემაც ბუნებრივად წამოიჭრება. კარგად ამბობს ალექსანდრე: “შენ რა, მართალი ხომ არ გგონია, შვილები მამების ცოდვებზე პასუხს არ აგებენო! აგებენ! აგებენ! ჩვენ თქვენთვის და თქვენ ჩვენთვის, – ერთი სისხლია, სამყაროსთვის ერთი გადაწიტებაა შენსა და ჩემს ასაკს შორის მანძილი. შენ რომ იზამ, ჩემი ბრალია, მე რომ ვიზამ – შენი. თქვენ ხო არ გგონიათ, რაც ჩვენ გავაკეთეთ, თქვენი ბრალი არ არის, ან რასაც თქვენ იზამთ, ჩვენი ბრალი არ იქნება? ერთი სისხლი აკეთებს, ერთი სისხლი.”
    ბესო სოლომანაშვილი პროფესიული ოსტატობით ფლობს მასალას, აწესრიგებს სათქმელს, კრავს კომპოზიციას. სიტყვა მასთან სადაა, ზუსტი და მიზანმიმართული. საერთოდ, ავტორს, როგორც პროფესიონალ მწერალს შეჰფერის, ერთი მთავარი სათქმელი აქვს და სხვა, მეორეული კომპონენტები ამ სათქმელს არის დაქვემდებარებული. ეს მოთხრობა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და სერიოზულ ანალიზს იმსახურებს.
    კრებულში კიდევ ორი საინტერესო, შედარებით მცირე მოცულობის მოთხრობაა შესული – “გიბონა” და “თითრინავი”. ჩემი აზრით, მაინც აჯობებდა ვრცელი მოთხრობა “ზამორა” ცალკე გამოცემულიყო. ეს ერთი ეპოქის დამტევი მრავლისმომცველი ნაწარმოებია და თითქოს თავის თავშივე კრავს წრეს. ცალკე გამოცემის შემთვევაში, ალბათ, შრიფტიც უფრო მსხვილი იქნებოდა და გრაფიკულადაც, ვრცელი პანორამის შთაბეჭდილება შეიქმნებოდა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    მზია სამადაშვილი – უცნობი ნიკო სამადაშვილი

    ანდრო ბუაჩიძე
    საყდრის ჩიტი
    მზია სამადაშვილი. უცნობი ნიკო სამადაშვილი. რედაქტორები თინათინ ბოლქვაძე, ანა ჭაბაშვილი. დიზაინი და დაკაბადონება გიორგი ტაბლიაშვილი. თბ. “დიოგენე”, 2002.
    სამოცდაათიან წლებში შემთხვევით ჩამივარდა ხელში ლექსების თხელი კრებული “ბეთანია”. ნიკო სამადაშვილის სახელი მაშინ არც კი გამეგონა. წიგნი უბრალოდ იყო გამოცემული, მაგრამ ეს უბრალოება თითქოს შეეფერებოდა კიდეც ლექსებს. ლექსებმა კი მართლაც არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ ლექსებს თითქოს სიძველის ელფერი გადაჰკრავდა. იქნებ ეს, სიძველესთან ერთად, ქართლის მკაცრი და პირქუში პეიზაჟების ცივი ციმციმიც იყო. დაუდევრად მოსროლილი რითმა, მჭიდრო, ერთმანეთზე მიბჯენილი ფერწერული სახეები, უცნაური ლექსიკა ისეთ მთლიანობას ქმნიდა, რომლის წარმოდგენაც გაგიჭირდებოდა.
    ის ოცდახუთივე ლექსი, რომელიც კრებულში იყო მოთავსებული, თანაბრად მკაფიო და ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
    ახლა, როცა ხელთა მაქვს მზია სამადაშვილის წიგნი “უცნობი ნიკო სამადაშვილი”, ინტერესით ვეცნობი გერონტი ქიქოძის ნიკოსადმი მიწერილ ბარათს, სადაც რამდენიმე შტრიხით უაღრესად საგულისხმო თვალსაზრისია გამოთქმული: “თქვენ მთავარ ღირსებას ის წარმოადგენს, რომ თქვენ არ დადიხართ გატკეპნილი გზებით და არავის ბაძავთ. მთავარი შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენი ნაწერები იძლევა, ჩემის აზრით, არის სამყაროს დაშლის შეგრძნება, რაღაც კოსმიური ტრაგედია, რომელსაც სხვა თანამედროვე მწერალიც გრძნობს, მაგრამ სულ სხვანაირად გადმოსცემს”.
    ისეთი ავტორიტეტისაგან, როგორიც გერონტი ქიქოძე იყო, ამგვარი შეფასება ალბათ მოულოდნელობას წარმოადგენდა. ამ ტექსტის მიღმა აზრის და შთაბეჭდილების ფაქიზი მოძრაობა იკვეთება. მართლაც, რაც უპირველეს ყოვლისა სამადაშვილის ლექსების წაკითხვის შემდეგ მკითხველს თვალში ეცემა, აბსოლუტური არალიტერატურულობაა. მისი არც ერთი ფრაზა, ინტონაცია, მეტაფორა არ იწვევს უკვე ნაცნობი ლიტერატურული სამყაროს შორეულ ასოციაციას. და ცოტა არ იყოს, იბნევა კიდეც კაცი, ვინაიდან იცის, სიცარიელეში არაფერი არ იბადება, ყოველივეს აქვს თავის თავდაპირველი, დასაბამიერი წიაღი და გარემო. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს გერონტი ქიქოძის მიერ ზუსტად შენიშნული “კოსმიური ტრაგედიის” და “სამყაროს დაშლის” შეგრძნება. ნიკო სამადაშვილის ლექსების სიღრმისეული ინტონაცია ამ შეგრძნებებთან ერთად ერთგვარი შფოთის, იდუმალი განგაშის შეგრძნებასაც აღძრავს. XX საუკუნის ქართული პოეზიისთვის ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, ნეგატიური ნიშნით აღბეჭდილი სულისკვეთება უცხოა და დღეს უკვე გასაკვირი არც არის, რომ ამ ლექსებს იმთავითვე გადაეკეტა გზა მკითხველისაკენ.
    ნიკო სამადაშვილის ლექსებში კოსმიურია, უკიდეგანოა, დაუსაზღვრელია ლირიკული სუბიექტის მოქმედების არეალი. ეს განუზომლობა არა მხოლოდ სივრცისმიერია, არამედ დროითიც. ამ ლექსების შიგნით განფენილ სივრცეში, როგორც პოეტი იტყოდა, “ფეხმძიმე ნისლებია” ჩამოწოლილი, რაც ამძაფრებს უჟამობის და უსივრცობის შთაბეჭდილებას. ამავე დროს აქ ყოველი საგანი თუ სულდგმული მარადისობის პირქუშ ფონზეა წარმოსახული. აი, ვთქვათ მესაფლავე, რომელსაც “უცნაური ხელობა” აქვს, გათხრილ საფლავთან სეირნობს და “უცქერის ქვეყნის სეირებს”. ეს კაცი არის “ბედუზრუნველი, მუხანათი, წირპლების რული”. მესაფლავის აღმწერი შტრიხები გროტესკულ ელფერს სძენს მის მრუდე სახეს. აბსურდულობა ერწყმის მარადისობას და გაქვავებული პეიზაჟის უძრაობაში იწერება. მარადისობის ხატია მეტწილად აღბეჭდილი ნიკო სამადაშვილის პოეტურ ფრაზებში: “მღვიმეში იდგა ჟამთა სისველე დაოსებული შემოქმედებით”, “საიქიოდან წუთისოფელი, როგორც მამალი ისე ყიოდა”, “დასაბამს ქვემოთ აქ ტყე ბუდობდა, პირქუში, როგორც ამაოება”, “სად მიგვაკლავდი? ავდრების ცოდვით / კივილი ედგათ უდაბურ ველებს / ჰო, რა ნუგეშით შემოვცქეროდით / ქაოსებს იქით გაშვერილ ხელებს”.
    ნიკო სამადაშვილისთვის თითქოს არ არსებობს კონკრეტული ნივთი და ადამიანი, და თუ არსებობს, წერტილივით ჩანს უაღრესად ხელშესახები, საგნობრივი, მეტაფორულად განსხეულებული მარადისობის ფონზე. პოეტი წერს ადამიანზე და არც ერთი წამით არ ავიწყდება, რომ ეს ადამიანი “მარადისობის კონტექსტში” მოიაზროს. მისთვის არაფერი არ არსებობს მარადისობის გარეშე, არც უახლოესი მეგობარი, არც უსაყვარლესი სოფელი და ცხადია, არც საკუთარ არსებაში გაღვიძებული პოეტური “მე”. მეგობარი ერეკლე ტატიშვილი იყო, რომელსაც ნიკომ კაცი-ფასკუნჯი უწოდა, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილებულა და ერთი შესანიშნავი ლექსიც უძღვნა. ამ ლექსში ნიკოსთვის სათაყვანო, კონკრეტული ნიშნების მქონე, მომხიბლავი კაცი დროისა და სივრცის ისეთ სიღრმეშია გადასროლილი, რომ მკითხველისთვისაც დაუსაბამო და უსასრულო სამყაროს ნაწილად აღიქმება: “რა საოცარი იყო შენი მარადისობაც / დევნილ სიცოცხლეს ბნელ სიზმრების ჯანყი მალავდა, / დრო საუკუნის ჯახაჯუხში ჩაისრისება / და ეგ ცხოვრებაც მოთავდება, როგორც ბალადა”.
    ნიკო სამადაშვილის მიძღვნითი პოეზია სრულებით არ განსხვავდება მისი დანარჩენი ლექსებისგან, ვინაიდან აქაც კოსმიური ტრაგედია ტრიალებს. ნიკო ზოგჯერ სასტიკიც კი არის თავის ადრესატისადმი, რითაც საფუძველშივე უპირისპირდება პოეზიაში მიძღვნითობის ბანალურ-პანეგირიკულ სენტიმენტალობას. აი, რას წერს ის იგივე ლექსში ერეკლე ტატიშვილზე: “ეხლა დადიხარ და ხეებსაც კი ერიდები, / ხან არც კი გინდა, რომ ბინაში შემოგყვეს ჩრდილი / ცოტა ხანს კიდევ… იმის მერე, რომ დაბერდები, / ეგ თავის ქალა კლდეს ექნება პირში გაჩრილი. / და შენს ხერხემალს სალამურად გამოიყენებს / არმაზის კერპი ან ქარების ტიალი დოღი, / სანამ გრიგალებს შენს ძვლებს კვერთხით დააყრევინებს, / გოლგოთის მთიდან მორეკილი ღმერთების ჯოგი”.
    ამგვარივე გრანდიოზული მარადისობის ფონზეა აღბეჭდილი მისი ორი შედევრის ლირიკული სუბიექტი. ეს ლექსებია “ჩემი სოფელი” და “ნიკო სამადაშვილს”. პირველში თითქოს სიყმაწვილეში აღქმული სოფლის პეიზაჟები და ნატურმორტებია ტილოზე ზეთის სქელი საღებავებით შესრულებული, მეორე კი ადრეული ბავშვობიდანვე საკუთარ არსებაში გაღვიძებულ პოეტურ “მეს” ეძღვნება: “შენ ჩემში უსტვენ ვით საყდრის ჩიტი, / შენა ხარ ჩემი ნუგეშის დარი, / სულ კარგად მახსოვს, შენ რომ გამიჩნდი, / გარეთ ძაღლივით ყმუოდა ქარი”.
    პოეტმა თავისი პიროვნების წიაღში პირველად ავარდნილ ცეცხლის ალს, პირველად ამეტყველებულ შთაგონებას საყდრის ჩიტი უწოდა. ამ მოჟღურტულე საყდრის ჩიტის გახმიანებულ ექოს ნიკო სამადაშვილის მთელი არსება გამოსცემდა. საყდარი კი ქართლის რომელიმე მივარდნილი სოფლის მარადიული ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად იყო ქცეული…
    მზია სამადაშვილის წიგნმა “უცნობი ნიკო სამადაშვილი” “კოსმიური ტრაგედიის” მხატვრის პიროვნული სახე გააცნო მკითხველს, რომელსაც შეუძლებელია არ ჰქონოდა ამგვარი ცნობისწადილი. ამ ლექსების ლირიკული გმირი, როგორც უკვე ვთქვით, ისეა მარადისობაში გათქვეფილი, რომ მისი პიროვნულ-ადამიანური ნიშნების დანახვა ჭირს. ამიტომაც გვაინტერესებს, ვინ იყო ის კაცი, ვისაც “ბინდების ჭრიჭინს” ადარებდნენ, ვისაც “ლექსების ჯღაბნა წამებად ექცა” და ვინც თავის თავს დაღუპული და ადრე დაღამებული პოეტი შეარქვა.
    უაღრესად ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ტოტალიტარულ ქვეყანაში ნიკო სამადაშვილი, როგორც შემოქმედი, მაინც არსებობდა, მაგრამ არსებობდა როგორც არაოფიციალური პოეტი. იქნებ სწორედ ამან შეუნარჩუნა მის პოეზიას სრული, განუმეორებელი თვითმყოფადობა? აკი თურმე ერეკლე ტატიშვილი ეუბნებოდა კიდეც, შენ რომ ლექსები გამოაქვეყნო, როგორც პოეტი, ამქვეყნიდან აღიგვებიო. იგივე აზრის იყო გალაკტიონიც. და ნიკოსაც აღარ უცდია ლექსების გამოქვეყნება, თუმცა, რომც ეცადა, ძნელი წარმოსადგენია ამ ცდას რაიმე შედეგი მოჰყოლოდა. თვითონვე გამოუტანა განაჩენი თავის შემოქმედებას, სადაც სევდაც იგრძნობა და სინანულიც: “ვერ გიპატრონე მე ლაზღანდარამ შენ სხვა მხევალი უნდა გყოლოდა…”
    და კიდევ: მზია სამადაშვილის წიგნი გვაცნობს პოეტის გაუხარელი, შეიძლება ითქვას, ტრაგიკული ცხოვრების გზას დაბადებიდან გარდაცვალებამდე. აქვეა ჩართული ნაცნობ-მეგობრების მოგონებები პოეტზე. ცალკე განყოფილებაში “წერილები”, ნიკოსადმი და თვითონ ნიკოს სხვადასხვა ადრესატისადმი გაგზავნილი ბარათებია გამოქვეყნებული. ეს ვრცელი მონათხრობი მდიდარ ფოტომასალასთან ერთად არა მხოლოდ უნიკალური პოეტის პორტრეტს გვიხატავს, არამედ მთელ ეპოქას შთაბერავს სულს. წიგნს აგვირგვინებს ნიკო სამადაშვილის ლექსები, რომელთა პირველქმნილება და ბუნებრიობა მართლაც საყდრის ჩიტის ჟღურტულს წააგავს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    გაგა ლომიძე – ქრისტინე ლავანტის დილემა

    ქრისტინე ლავანტი. ლექსები და მოთხრობები. გერმანულიდან თარგმნეს ნათელა ხუციშვილმა, რუსუდან ბრეგაძემ, თამარ კოტრიკაძემ, შოთა იათაშვილმა. წინასიტყვაობა და კომენტარები თამარ კოტრიკაძისა. თბ. “კავკასიური სახლი”, 2002.

    ზაფხულის გრილი საღამო იყო. სურავანდშეყრილი საფენებში გახვეული თვეების გოგონა ფარდით გადატიხრულ საძინებელში ჭირვეულად ტიროდა. მამა ოთახში ბოლთას ცემდა. დედა ცდილობდა რამენაირად დაემშვიდებინა ბავშვი. გოგონა ოჯახის მეცხრე შვილი იყო. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ისიც, სხვა შვილების მსგავსად, ვერ გაუმკლავდებოდა ავადმყოფობას და დათმენილი მწუხარებით ელოდნენ აღსასრულს. მაგრამ განგება სხვაგვარ ბედს უმზადებდა პატარას. შემდგომში ქრისტინე ლავანტის სახელით ცნობილი ქრისტინე ტონჰაუზერი XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ლირიკოსი გახდება…

    * * *
    18 წლის იყო ქრისტინე ლავანტი, როცა სახვევები პირველად მოხსნეს. იარები სამუდამოდ გაჰყვა სახეზე და ტანზე, მასთან ერთად მისი გულიც რომ დასერა და ბედისწერად ექცა. მას არც სიყვარულში გაუმართლა. ახლობლების ძალდატანებით, 24 წლის ქრისტინე ცოლად გაჰყვა 60 წლის მხატვარს, იოზეფ ჰაბერინგს. მას შეუყვარდა მხატვარი ვერნერ ბერგი, მაგრამ მათი სასიყვარულო თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა. ქრისტინე ვერასოდეს გააჩენდა შვილს. იგი თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ ვერ აღასრულებდა დედის მოვალეობას. მისი ღვთისმოშიში ბუნებისთვის ეს კიდევ უფრო მეტი იყო, ვიდრე ცოდვა. იგი მომავალ თაობას ვერ ტოვებდა. და ასეთ დროს მხსნელად მოევლინა პოეზია – “არსობის პური”, რომელიც დაეხმარებოდა “ცოდვის” გამოსყიდვაში და შეძლებდა თაობებისთვის დაეტოვებინა თავისი შემოქმედება.
    რილკეს პოეზია მისთვის გამოცხადებად იქცა: “როგორც კი რილკე წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, ეს იყო ჩემი ცხოვრება”. მისთვის გამორჩეული მწერლის, დოსტოევსკის ივან კარამაზოვის მსგავსი დანაშაულის შეგრძნებით მიმართავს ქრისტინე ლავანტი ღმერთს: “არ დამიმსახურებია შენი სითბო მზეო,/ არ მომიზღავს სასყიდელი ჩემი სულისა,/ ჩემი სხეულიდან ბავშვი არ გამოსულა/ და ნაქურდალით სულდგმულობს ჩემი ფილტვი”. იგი მზად იყო ამ მსხვერპლშეწირვისთვის, მზად იყო გამხდარიყო “ნებაყოფლობითი ღატაკი”, უარი ეთქვა “ეგოს” ყოველგვარ გამოხატულებაზე და ამ გზით დანახული საკუთარი უიმედობა სხვების გასაჭირთან შედარებით, არარად მოჩვენებოდა, რაც მოთხრობის, “ყაყაჩოსკაბიანი მზეთუნახავის” წაკითხვისთანავე ნათელი ხდება.
    მეგობრის სახლს შეკედლებულისთვის, მანსარდში, სადაც დეპრესიითა და უძილობით შეპყრობილი პოეტისთვის ბოლთის ცემაც კი თითქმის შეუძლებელი იყო სივრცის სიმცირის გამო, ერთადერთ მეგობრად მარტოობა ქცეულიყო. ამიტომაა, რომ მის ჰერმეტულ სტრიქონებში ხშირად პერსონიფიცირებულია მისივე გრძნობები თუ აბსტრაქტული საგნები: “ბებერო ძილო”, “შიში წამოდგა ჩემში ანაზდად/ მსგავსად ქალისა…” და ა.შ., რაშიც შეიძლება ლავანტის პიროვნების გაორება ან საკუთარი “ეგოდან”გასვლა და გარემოს გასაგნობრივება დავინახოთ. ლავანტისთვის, რომელიც თითქმის არ გადიოდა შინიდან, გარე სამყაროსთან, მატერიალურთან კავშირის ერთადერთი საშუალება ენასთან ურთიერთობა იყო.
    და როგორ შეიძლებოდა წუთით მაინც არ გაჩენოდა პროტესტის გრძნობა ღმერთის მიმართ: “ალბათ ჩემი ბედი დედის მუცელშივე/ უშიშრად დამცილდა/ და ჩემს ნაცვლად გასწია…/ ყველაზე ღვთივმივიწყებულ ვარსკვლავისაკენ”. ქრისტინე ლავანტისთვის ღმერთი კეთილიცაა და ბოროტიც, თავის ღმერთს განადიდებს და ამხობს კიდეც. საკუთარი უბედობის გამო ღმერთისადმი სამდურავით ლავანტი ექსისტენციალისტებს მოგვაგონებს: “… ხშირად ვფიქრობ, უწყის კი უფალმა ჩემს შესახებ”, რადგან “შემინდეთ, მამაღმერთო, ძეო ღვთისაო და სულიწმიდავ!/ თქვენ ხომ სამებად ხართ, მე კი – ასე ეული”. ამიტომ ჩნდება ხშირად მის პოეზიაში ლუციფერის სახე, როგორც ღმერთისადმი ამბოხის გამოვლინება. ხშირად მისი თვითგმობა თვითგვემამდეც მიდის: “ღმერთო, წამართვი თვალის ჩინი!”. “დაწყევლილი ბედის” გამო, ქრისტინე ლავანტის ლირიკული “მე” ხშირად აიგივებს საკუთარ თავს ჯადოქართან და თითქოს თავიც მოაქვს ამით. მასში ღმერთისადმი აგრესია იმდენად დიდი იყო, რომ ერთხელ ერთმა სასულიერო პირმა ქრისტინეზე ასეთი რამ თქვა: “იგი ერთი აგრესიული, უღმერთო ადამიანია”. ერთხანს ბევრი ფიქრობდა, რომ ქრისტინე ლავანტის ლირიკული “მე”-ს თვითგვემისკენ სწრაფვა, რითაც იგი წამებულს მოგვაგონებს, მხოლოდ და მხოლოდ პოეტური პოზა იყო. მაგრამ პირადი წერილები ცხადყოფენ, რომ მისი პოეზია მძიმე სულიერი მდგომარეობის ნაყოფია. 1963 წელს ერთ მეგობარს წერდა: “ფიზიკურად ისე ვგრძნობ თავს, თითქოს 48-ის კი არა, 68 წლის ვიყო… ვიცი, ხანგრძლივი ტანჯვისთვის ვარ განწირული”.
    თუმცა ამის მიუხედავად, ქრისტინე ლავანტის შემოქმედებისთვის უცხო როდია ირონია. რით აიხსნება, თუ არა ირონიით, საკუთარი თავის ჯადოქართან გაიგივება, ან პაროქსიზმამდე მისული რელიგიურობა მის მოთხრობაში “ნელი”, რომელიც კიჩის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მასში მაინც მოჩანს ქრისტინე ლავანტის პერსონა.
    ქრისტინე ლავანტის პოეტური ტროპები კელტურ-გერმანული ფოლკლორითაა ნასაზრდოები, რის გამოც მისი ლექსები ხშირად ზღაპრებს მოგვაგონებს. იგი განსხვავდება თავისი დროის პოეტებისგან, იქნება ეს პაულ ცელანი თუ ინგებორგ ბახმანი, თუმცა ისინი ალბათ საერთო წყაროდან, გეორგ თრაკლის პოეზიიდან მომდინარეობენ. მაგრამ ხთონური საწყისებისა და აპოკალიფსური ხილვების მიუხედავად, თრაკლისა და ლავანტის სამყაროც განსხვავებულია, ვინაიდან თრაკლის ღამეულ ბუნებასა და “მე”-ს შორის თითქმის დიალოგი არ არსებობს, ლავანტთან კი ბუნება და “მე” უფრო დაახლოებულია. და თუ თრაკლთან საკუთარ “ვარსკვლავს ლოყით მიკრული” ადამიანი ვერ თავისუფლდება ბედისწერისგან, ლავანტის ლირიკული “მე” მეამბოხეა, ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლია.
    ალბათ ძნელია ქრისტინე ლავანტის პოეზიის მოთავსება რომელიმე ერთი მიმდინარეობის ფარგლებში. მასთან ერთმანეთის გვერდით ვხვდებით ვერლიბრს, გარითმულსა და მელოდიურ ლექსებს. ლავანტის პოეზიაში რელიგიურობისა და ნიჰილიზმის თანაარსებობის მსგავსად, არის ლირიკული ჰერმეტიზმიც და ავანგარდული ესთეტიკაც (თავისი შოკისმომგვრელი ეფექტებით). მისი ტექსტების ფაქტურა მოიცავს ექსპრესიონიზმის ელემენტებსაც (სამყაროში ადამიანის მიუსაფრობა და საზღვრულობის გადალახვისკენ სწრაფვა).
    მეორე მხრივ, თავისი მორჩილებით, ტანჯვის უდრეკად ატანის “ოსტატობით”, რითაც ლავანტი ჰაგიოგრაფიული ტექსტიდან გადმოსულ წამებულს მოგვაგონებს, იგი მეტრფეა – “ის, ვისაც უყვარს”, სატრფოს საპირისპიროდ – “ის, ვინც უყვართ”. “მეტრფეს ადვილად ამოიცნობთ მარად გახსნილი გულით, რომლის სიღრმეშიც იგი დაუღალავად ცდილობს თავისი სიყვარულის საგნის ჩახატვას” – წერს “ყაყაჩოსკაბიან მზეთუნახავში” და სიყვარულის უნარით ღმერთს უახლოვდება. იგი ერთგვარ კიბეს აგებს მატერიალურსა და სულიერ სფეროებს შორის: “რამდენი რამე აიწევდა ცად ჩემთან ერთად/ რაპუნცელ, ჩემო ვარსკვლავო, დაბლა დაუშვი დალალი!”
    “რა შორი გზაა ღმერთის გულამდე” – წერდა ქრისტინე ლავანტი, მაგრამ მას სულ ერთი ნაბიჯი აშორებდა იქამდე. ქრისტინე, ისევე, როგორც ბავშვობისას, ღია ფანჯარასთან იჯდა და “ფიქრებს” ელოდებოდა. ოთახში წამლის და ექიმის სუნი იყო, როგორც ერთ დროს მომაკვდავ დეიდასთან. სადღაც მამლაყინწამ “მეტისმეტად მჭახედ” დაიყივლა. საგნები თავიანთ ჩრდილებს კარგავდნენ. თენდებოდა. სარკმელს მიღმა სითეთრე დაინახა. კაცმა არ იცის, რა იყო ეს – თოვლი თუ “ბაბუაწვერების მოლი”. როცა წამოდგა, უწონადობის სივრცეში იმყოფებოდა და ანთებული ლამპარით ხელში გვერდით ისე ჩაუარა მორიგე ექიმებს, რომ ვერც კი შეამჩნიეს. მოლზე ლამაზი გვირგვინოსანი დაინახა, რომლის გვირგვინსაც ერთი ქვა აკლდა და მაშინვე საყრდენი იგრძნო ფეხქვეშ. მაგრამ ეს ალბათ ერთ წამს გაგრძელდა. “რა კარგია, რომ ვარ დამალული” – გაიფიქრა მერე და გაეღიმა. მალე ცის კარიბჭეს მიუახლოვდა და მასზე მოკრძალებით, ორჯერ დააკაკუნა.
    მეორე დღეს გაზეთები წერდნენ პოეტზე. მაგრამ ამას მისთვის უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მთავარი ის იყო, რომ მას უკვე ჰყავდა შვილები და ისინი სიცოცხლეს ათასობით წიგნის ფურცლებზე განაგრძობდნენ.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    მაია სარიშვილი – სასტიკი პოეზია

    დათო გაბუნია
    სასტიკი პოეზია

    მაია სარიშვილი, მიკროსკოპი, ლექსების კრებული, თბ. “Link”, 2007.

    “ახლა ქარიშხალმა სხვაგვარად გადააწყო შეშლილები.
    სხვაგვარად ჩაამწკრივა.
    ბოლოებში ბავშვები დააყენა რითმებად
    და წამოვიდა დემონსტრაცია(…)”

    ამ სიტყვებით იწყება მაია სარიშვილის პოეტური კრებული “მიკროსკოპი” და ალბათ, წიგნის შედგენისას, შემთხვევით არ აარჩიეს ეს ლექსი “გამხსნელად”. ეს გამჭოლი თემა სარიშვილის პოეზიის კონცეპტუალურ ღერძს წარმოაგდენს.
    ამ ტექსტებს პოეტის სახელი რომ მოაცილოთ, თვალის ერთი გადავლებითაც ნებისმიერი მკითხველი გეტყვით, რომ ავტორი ქალია. ხოლო კრებულის სათაურს თუ კომპოზიციურ მეტაფორად დავინახავთ, ხელთ ქალურობის ანატომია შეგვრჩება: ავტორი თავის ქალურობას მიკროსკოპში ათვალიერებს, ძალიან ახლოდან უყურებს და ასე უჯრედებამდე დაშლილი სიმართლე ხშირად ალოგიკურ, თითქმის დაუკავშირებელ სახეებად იქცევა. თითქოს ეს მოკლე ლექსები მართლა მიკროსკოპში დანახული უჯრედებია და თუ მათგან დისტანცირებას ვერ მოვახერხებთ, ვერც ვერაფერს გავიგებთ, რადგან რთულია, ერთი უჯრედით წარმოდგენა შეიქმნა მთელ ორგანიზმზე.
    ამ ლექსებს ვერ დაახარისხებ პერიოდებად ან თემატურ ციკლებად, რადგან სამოცივეს ერთი მთლიანი ემოცია ჰკრავს, ერთ დიდ პოეტურ ქსოვილად აერთიანებს. უმთავრესი თემა შვილებია – მარადიული წყევლა და კურთხევა, თითქმის ყველა უჯრედის ბირთვი. გადაჭარბებად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ მაია სარიშვილის ლექსებში არის ბავშვებთან დაკავშირებული ერთი განმეორებადი მოტივი, რომელიც პოეტის საკუთრებად მიმაჩნია (ყოველ შემთხვევაში, ქართულ პოეზიაში მისი ანალოგი ნამდვილად არ მეგულება): ლირიკული სუბიექტი აქ ხშირად არის ერთდროულად დედაც და ბავშვიც. ეს ქალი “უნებლიე დედაა”, ჯერ კიდევ საკუთარი ბავშვობის ხატებითაა გარემოცული, მაშინ, როცა უკვე თავადაც გამხდარა დედა. “…რაღაც რკალები და ხვეულები / ნამდვილსიტყვება წერილებად მექცნენ, / თოჯინების ცივი ნესტოები – / შვილების მსუნთქავ ცხვირებად. რა ვუყო ასეთ სიცოცხლეს?..” ეს გარემოება ნაწილობრივ ხსნის დამძიმებულ, მეტად არასაბავშვო განწყობას, რომელიც შვილებისადმი მიძღვნილ ლექსებში ასეთი ეფექტური და ხშირად შოკის მომგვრელიც კია. ბავშვები სასჯელის უმაღლეს ზომად, გაუსაძლისი ტანჯვის წყაროდ იქცევა: “ბავშვების მზერა ასეთია – / თითქოს ქერი მოზიდეს თვალებით. / …და აქედან ამოგვჭამეთო – პირდაპირ თვალებიდან.” კრებულიდან უამრავი მსგავსი ციტატის მოტანა შეიძლება, სადაც “ბავშვურობის” ცნება (ტრადიციული გაგებით) თავდაყირა დგას, ერთგვარ პოეტურ პერვერსიად გადაქცეულა. ასეთი სასტიკი მხატვრული სახეები უცხოა ქართული პოეზიისთვის, სადაც დედაშვილობის მოტივი მეტწილად ამაღლებულ-პათეტიკურ ხასიათს ატარებს და მით უფრო საინტერესოა, რომ ამ სტერეოტიპებს, ერთი ხელის მოსმით, სწორედ ქალი ავტორი ანგრევს.
    მაია სარიშვილის ლექსებში ხშირად შეხვდებით გარდაცვლილი დედის სახეს, რომელიც მფარველი ანგელოზის ფუნქციას იძენს. დედისეული გამოცდილების ცოდნა, ალბათ, სწორედ ის გასაღებია, რაც ლოგიკურად ახსნის შვილების მოტივის ორიგინალურობას: ქალი, რომელიც ინტუიტურად ხვდება, რომ საკუთარი დედის ხვედრს ვერსად გაექცევა – (მშობიარობის შესანიშნავი მეტაფორული სცენა ერთ-ერთი ლექსიდან: “…წითელი პიონები მცვივა სხეულიდან / და ამათ გამოჰყავხარ შენ… / ხომ საქარგავ დაფაზე ვარ გადაჭიმული / და მაკივლებენ…”) – ჯერ დათმობს უზრუნველ ბავშვობას, შემდეგ ცოლი გახდება (“უთხარით ჩემს ქმარს,/ რომ ეს ფატა თავის ქალიდან ამომეზარდა…”), შემდეგ კი თავად გააჩენს ბავშვებს და ტრაგიკულ ყოველდღიურობაში ჩაიძირება. ერთი შეხედვით, განსაკუთრებით ორიგინალური ეს თემები არ უნდა იყოს, თუმცა, მაია სარიშვილის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ესეცაა: იგი წარმატებით ახერხებს, თავიდან აიცილოს სწორხაზოვნება. ვერსად, ვერცერთ ლექსში მას ვერ დავდებთ ბრალს “ქალურ წუწუნში”, მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით ეს სწორედ პროტესტის პოეზიაა. თუმცა, როდესაც პროტესტი სიღრმისეულია და არა ზედაპირული, ის პოეტის ხელში მძლავრ იარაღად იქცევა. ავტორი ემიჯნება ყოფითობას და რეალობის პრიმიტიულ, ორგანზომილებიან ხედვას, სადაც არსებობს ერთმნიშვნელოვნად დადებითი და უარყოფითი პოლუსები. მათ შორის მაია სარიშვილის ლექსებში უზარმაზარი სივრცეა, ერთდროულად სისასტიკითა და სიყვარულით სავსე კონტინუუმი, რომელსაც არა აქვს არც დასაწყისი და მით უმეტეს, არც დასასრული.
    თუ პოეტურ გავლენებსაც შევეხებით, უთუოდ უნდა ვახსენოთ სილვია პლათი, რომელსაც მაია სარიშვილმა ერთვარი “ხარკი” გადაუხადა პირდაპირი მიძღვნით. შეიძლება ითქვას, რომ მაია სარიშვილის ლექსები ქართულ პოეტურ სივრცეში პლათის პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და უშუალო გამოძახილია, თუმცა, ამით არამც და არამც არ კნინდება მათი ორიგინალურობა ან მხატვრული ღირებულება.
    და ბოლოს, გარდა მრავალი მხატვრული ღირსებისა, რითაც “მიკროსკოპი” ქართულ პოეზიაში სიახლედ შეიძლება მივიჩნიოთ, ეს კრებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენს სოციალურ რეალობაშიც – იგი უთუოდ გამოიწვევს ფემინისტ მკვლევართა ინტერესს, როგორც სრულებით უნიკალური, აქამდე არნახული მასშტაბისა და სიძლიერის მხატვრული ამოძახილი, რომელშიც ქალმა ავტორმა მოახერხა მთავარი: აუჯანყდა დედის სტერეოტიპს და “სასტიკი პასუხი” მიაგო მას. საქართველოში ყბადაღებულმა და საყოველთაო ქილიკის საგნად ქცეულმა “ქალურმა ლიტერატურამ” დიდი ნაბიჯი გადადგა. მაია სარიშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც არ გაურბის ქალურ გამოცდილებას საკუთარ შემოქმედებაში და ვინც მას მოყირჭებული სენტიმენტალიზმისგან გათავისუფლებულ, შესანიშნავ მხატვრულ ლიტერატურად აქცევს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“