-
-
ალექსანდერ ანაშევიჩი
მისი ლექსი პირველად 1993 წელს ვთარგმნე. გაზეთ “რუბიკონისათვის” თანამედროვე რუსი პოეტების პუბლიკაციას ვამზადებდი “Гуманитарный Фонд”-ის, – იმ პერიოდში რუსული ახალგაზრდული და მარგინალური ლიტერატურული პროცესების ამსახველი ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატურული გაზეთის, – ნომრებიდან, და ბევრი შესაძლო ავტორიდან რამდენიმეთა შორის ალექსანდრ ანაშევიჩიც მოხვდა. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ 8 წლის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებოდით, დავმეგობრდებოდით, ჩემთვის მისი პოეზია ძალიან ახლობელი გახდებოდა და მისი კვლავაც და კვლავაც თარგმნის სურვილიც გამიჩნდებოდა. ეს დაახლოება კი თანამედროვე რუსული ხელოვნების ფესტივალის RE:АРТГРУЗ-ის წყალობით მოხდა (სხვათა შორის, ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილის – სტანისლავ ლვოვსკის – ერთი ლექსიც მქონდა 1993-ში “რუბიკონისათვის” გადმოქართულებული).
ძალიან ძნელია დღევანდელ უკიდეგანო რუსულენოვან პოეზიას ასე თუ ისე სრულყოფილად იცნობდე, მაგრამ რამდენადაც მე მას ვიცნობ, ახალი თაობის ავტორთა შორის ალექსანდრ ანაშევიჩი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხმად, ნამდვილ ფენომენად მიმაჩნია.
იგი ვორონეჟელია. 1971 წელს დაიბადა. თავს ჟურნალისტობით ირჩენს, ლექსების გარდა, პიესებსაც წერს, ოღონდ დრამატურგია რამდენად ეხმარება თავის რჩენაში, ეს უკვე აღარ ვიცი. 1999 წელს ანდრეი ბელის სახელობის პრემიის ლაურეატთა შორტ-ლისტში მოხვდა. შეიძლება ბევრმა ამ პრემიის შესახებ არაფერი იცის, არადა იგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენაა აღიარების რუსულ კულტურაში. პრემია საბჭოურ პერიოდში, 70-იან წლებში დაწესდა ყოველგვარი ოფიციოზის გარეშე. ჟიურის წევრები მუდამ ის მწერლები იყვნენ, არანაირად რომ არ ექვემდებარებოდნენ საბჭოურ კონიუნქტურას და ამ ჯილდოთი ცდილობდნენ ის ავტორები წარმოეჩინათ, რომლებიც ახალ გზებს ეძებდნენ რუსულ მწერლობაში. ამ მარგინალური პრემიის ლაურეატებს ჯილდოდ ერთ ბოთლ არაყს, ერთ ვაშლს და მანეთიანს გადასცემდნენ ხოლმე. გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ პრემიის ბევრი ლაურეატი და ლაურეატობის კანდიდატი დღეს თანამედროვე რუსული კულტურის ავანგარდშია. ამიტომაც რამდენიე წელია, რაც რუსეთში დაიწყეს სერიის – “ანდრეი ბელის პრემიის ლაურეატები” გამოცემა. სხვათა შორის, ამ სერიითაა გამოცემული ალექსანდრ ანაშევიჩის მეგობრის, ასევე ვორონეჟელის და ასევე RE:АРТГРУЗ–ის მონაწილის, ელენე ფანაილოვას კრებული.
ალბათ ალექსანდრ ანაშევიჩიც მალე მოხვდება ამ სერიაში, დღემდე კი მას გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი: “Столько ловушек” (1997); “Сигналы Сирены” (1999); “Неприятное кино” (2001). ამ პუბლიკაციაში ბოლო ორი წიგნიდან ნათარგმნი ლექსებია წარმოდგენილი. ვისაც მისი შემოქმედება დააინტერესებს, შეუძლია იგი საკმაო დოზით იპოვოს ელმისამართზე: http://www.vavilon.ru/texts/anashevich/.
მთარგმნელი
თარგმნა შოთა იათაშვილმა
ავადვმყოფობდი, პოემა, პეტერბურგი
ავადვმყოფობდი, მეხვეოდა თავბრუ, ქუჩაში არ შემეძლო გასვლა, ჩიტთან მუსაიფი.
ძლივს მეყო ძალა ავმდგარიყავი, მომეძებნა აბები, შპრიცი.
რას ვიზამ ნეტა, თუკი ფეხები წამერთმევა, ყველა სიტყვა დამავიწყდება.
მოვასწრებ განა, შევძლებ განა წერილის მიწერას ყველა ჩემი მამაკაცისთვის.
გადიან ქუჩაში, ეკითხებიან გოგოს, ფოსტალიონს:
ფოშტა არაა, არაა ნუთუ ძვირფასისაგან წერილი რამე.
ის: არაა არაა ფოშტა, შეხედე: ჩანთა ცარიელი, ამით დავდივარ,
მე თვითონ ველი წერილს ქმრისგან, ქმარი ომშია, ერთი წერილი მოიწერა სამ წელიწადში,
სამი სიტყვა ეწერა იქ, და ისინიც ვერ გავარჩიე,
მეზობელთან ვიყავი, რძალთან, მთელი სოფელი მოვიარე,
დღემდე ვატარებ ჯიბეში ფურცელს, ისე, როგორც ვეფხვს გალიაში,
შეხედე – შტამპი, სამკუთხა და ჯარისკაცური,
რა ფოშტაზეა აქ ლაპარაკი, ქმრის წერილია. აბა წერილი?
დავსუსტდი, არ ვიცი, შევძლებ თუ არა სარკმელთან მისვლას, დაყვირებას, დასახმარებლად დაძახებას.
სარკმლიდან ვხედავ: დგას პეტერბურგი სველი, ვხედავ, რაა მის გულში.
ხიდები ტყდებიან, იპობიან, ვარვარებენ ნათურები.
ვხედავ ამას შუშის მიღმა, საკუთარი ბუნაგიდან.
ჩემი ბინა გაყიდეს და არ იციან, რომ დავიმალე, საბნის ქვეშ ვწევარ.
ფული წაიღეს შავი ჩემოდნით, შავ მიწაში ღრმად ჩაფლავენ.
ყველაფერს ვხედავ, განსაკუთრებით, სარკეში როცა ვიყურები.
მესმის: ჩიტმა გაიფრინა, დაიჩხავლა.
ვხედავ, მესმის, მიმოვდივარ, ერთი კია – რომ შევიშალე.
მან დაიძინა, წერილები ჩემი გახდა
Б კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ მადრიდიდან, აქ ჩემმა ცხოვრებამ სულ სხვა მხარეს იბრუნა პირი,
მე აქ ღია ვარ, როგორც სიმ-სიმ, მეუფლება იოლად ყველა,
მაქვს ახალი ესპანური წითელი კაბა, ასეთი თვალითაც არ გინახავს,
ფული არასდროს გეყოფოდა სამაგისოდ.
იცი, ეს რაა: ნაქარგები, სამშვენისები, აკურატული ნახელავი.
მხოლოდ და მხოლოდ ამით დავდივარ.
დანახვაც აღარ შემიძლია საძაგელი ჩემი ძონძების,
მაგრამ არ ვყრი სანაგვეზე, ღუმელისთვის გამომადგება.
მაპატიე, რომ ვუღალატე ჩვენს ლამაზ ქალაქს, ჩვენს პეტერბურგს, ჩვენს კუნძულებს, ჩვენს მეტროს, ყურეს.
უღალატებ, სუყველაფერს დაივიწყებ, როცა ყველა მხრიდან გიხმობენ,
გიმღერიან მანდარინის, ქლიავის და ზეთისხილის მწიფე ხეები…
აქ ლაღად და ბედნიერად ვარ მე, მცონარე.
დედოფლად ვგრძნობ თავს, ვეება თევზად.
სუყველაფერი მაქვს, რისი მოცემაც შეეძლო ჩრდილოეთს:
კაბალიერო ღამით, მარაო, ღრმა დეკოლტე, წვნიანი ხილი.
ამის სანაცვლოდ რწმენა დავკარგე.
ყველაფერი, რაც მიყვარდა, თაყვანს ვცემდი – დამავიწყდა, ვერ წავიღე გულის სიღრმეში.
ასე ვფიქრობ, რომ მაპატიებ, რადგან ვიცი: არასდროს არაფერს ვაკეთებდი მე სიბოროტით.
У კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ სატუსაღოდან, ბედს, როგორც ხედავ, ვერ გაექცევი.
გახსოვს მარჩიელი, მისი ცარიელი, გაჩერებული დღეები,
მისი უმიზეზობა, ჩამოშლილი, მშთანთქმელი ცეცხლის ენები.
მხოლოდ შენ გახსოვს ეს, მარტო ვიყავით ჩვენ მაშინ.
აქ ისჯება თავის მიბრუნებაც, დედოფლის მზერაც, ეროტიკული სიზმრებიც.
მე მამშვიდებენ: შესასვლელთან ქვის ლომები წვანან.
შენ ამბობდი – ეს სიყვარულის მაგნიტებია,
შენ ამბობდი – ის ქვის ჯავშნის ქვეშ იმალება, სიღრმეში.
М კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ მონასტრის გალავნით გარშემორტყმული, შევიცვალე, შემოსილი სხვანაირად ვარ.
ამ წერილის გამოგზავნას, ალბათ ვერც კი შევძლებ, კარიბჭე ხომ დაკეტილია.
მაღალ კედლებს ვერ გადაუფრენ: დავდივარ მიწაზე, ფრთები არა მაქვს და ისე.
გუშინ აქ ჯარისკაცები ცდილობდნენ შემოჭრას.
მინდოდა ბარათი ჩიტების ფოსტით გამომეგზავნა.
მაგრამ მხოლოდ ყვავი იყურება ფანჯარაში, არ ელოდო მისგან არც დახმარებას, არც გათვალვას.
მთელი დღე ზის ტოტებზე, ცერად მიყურებს, კვირტებს კორტნის.
შევინახავ წერილებს, შეხვედრისას მთელ დასტას გადმოგცემ.
აქ ბევრი რამ ვისწავლე, ყველა ლოცვა წავიკითხე.
რწმენამ გაიღვიძა ჩემში, თუმცა, ჯერჯერობით ციდამ, კოლიბრივით.
მარხვას ისე ვიცავ, თევზსაც კი არ ვჭამ.
მთელი დღე ოთახში დავდივარ, წრეზე.
ვფიქრობ, რომ უნდა გიყვარდე, ახლა ხომ შენზე უფრო ახლოსა ვარ ღმერთთან.
С კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ ლაზარეთიდან, შპრიცებია გვერდით,
ფლოსტები, ქალწულები, მანდარინი – საინზე, და
არავინ არ მეკარება, ეშინიათ.
აქ ახალ სიტყვებს ვლაპარაკობ, სხვა სამოსი მაცვია ტანზე.
სამჯერ ვცადე გაქცევა, მაგრამ
გამაჩერეს, არ გამიშვეს, მითხრეს: ყველა შენამდელი, – ზღვის ფსკერზეა,
მათ იმედიც აღარ დარჩათ, და ნეტარნი არიან უკვე.
გუშინ ქალები მომიყვანეს.
ერთს ეკავა ხელში ჟენშენი, მეორეს ბაზი პირის ღრუში უგუგუნებდა,
მესამეს შინელი წამოსხმული ჰქონდა მხარზე,
მე არ გავედი მათთან, განძრევა მეზარებოდა.
ნემსი ამიტრიპტილინის გამიკეთეს საღამოთი,
საპროცედუროში ვიდექი, როგორც განდევნილი მანდელშტამი,
სისხლი სდიოდა მედდას ხელებზე.
შევფიცე ექიმს, რომ ჩემს ცხოვრებას აღარ აღვწერ,
ყვავილების ქონი, ვთხოვდი, გამოეწერა, ჩემს ძარღვებს მხოლოდ ის მოაძლიერებს.
ვამშვიდებდი, პირობას ვდებდი, მაგრამ სიტყვა მაინც გავტეხე.
ძვირფასო, ირგვლივ სიცარიელე რომ არის, აქ არავინ იცის.
ძილის წინ გარეთ გავდივარ, ვყვირი:
“ხალხნო, მისმინეთ: ანგელოზები აკაკუნებენ, უსტვენენ და გვაფრთხილებენ!”
ამ წინასწარმეტყველებათა გამო მომკლავენ, მომწამლავენ – მე მეშინია.
Ю კატალოგის მიხედვით
ძვირფასო, გწერ ღამის სათევიდან, უზარმაზარი გალიიდან,
აქ ნახევარი სამყაროა: მორდოველები, იაკუტები, მკვდრები, ევენკელები.
თავზე მადგას გვირგვინი, ჯიბეში მიყრია ხურდა.
ღამ-ღამობით აქ იკრიბებიან ქალაქელი უსაქმურები და ხეიბრები.
არ იფიქრო, რომ ეს კლოაკაა, აქ თავს იყრის ღვთის მთელი ხროვა.
ღვთისკენაა მიმართული ყველა ფიქრი, შეძახილი, წამოყვირება.
მე პირის ღრუში მაქვს დამალული ბრილიანტები,
მაქვს პირადი ცხოვრება და სამიჯნურო ვარიანტები,
ამის გამო არ დახიო ეს წერილი ოღონდაც, მე აქ, მეეჭვება, შევძლო ღალატი.
ღამით ვწევარ ფიცრებზე, ვგრძნობ: ნეტარება გვერდითაა:
მხოლოდ უნდა გავიარო ყრუ დერეფანი, ჯოჯოხეთივით რომ სრულდება.
მორიგ წერილს იქიდან მოგწერ, თუ ამაზე არ მიპასუხებ.
თურქეთი: საათის ყიდვა
საათი ვიყიდე ნაწილ-ნაწილ სტამბულის ბაზარში.
მფლეთდა ძაღლი უზარმაზარი, მონადირე, მწევარი იმისათვის,
რომ ვიყიდე ერთი კილო ციფერბლატი, კბილანები, ისრები.
აჯობებდა პატარა კაბა მეყიდა, ბარბარა სტრეიზანდს რომ აქვს, ისეთი.
თვით ტკბილ თურქეთშიც ხომ ბაგეზე ვატარებდი მის სიმღერებს, ვერ მოუღო მათ სიცხემ ბოლო, არ მოეკიდა ობი.
რა დრო გაზომა ჩემმა სათმა, სანამ მიმქონდა უზარმაზარი ჩანთით.
ყველა წუთი რომ შეაერთო, სანამ ასი მეტრი გავიარე ვაგზლამდე, დღე-ღამემ გაიფრინა.
ვთრთი აღგზნებისგან, თითქოს საათი კი არ მიმაქვს, ოქროს ზოდები.
მებარგულები გვერდით მომყვებიან, ჩურჩულებენ, თვალს უკრავენ ერთიმეორეს, მომსახურებას მთავაზობენ
პირველად მივდიოდი ასეთ ამალასთან ერთად.
არავის ვანდობ ჩემს ბარგს, ხელებს დავიწყვეტ და არავის ვანდობ.
უკმაყოფილო უხეში თურქული გინების ქვეშ
არავის ვანდობ, ჩემს საუკეთესო დაქალსაც კი არა.
ის მელოდება მე პეტერბურგში, ნერვიულობს, ტაბლეტებს სვამს, ფანჯარას არ სცილდება, ტაბურეტიდან არ დგება.
* * *
ლილიპუტები ჩამოვიდნენ კრაკოვში
წვიმაში დგანან
წარმოდგენა დაიწყება ზუსტად შუაღამისას
ხიდიდან გადავარდა ვაგონი პატარა ცხენებით სავსე
საჰაერო ბურთები კოსმოსში გაფრინდნენ
მათ თან სდევს ისეთი პატარა სიკვდილი
რომ არც კი ჩანს
მხოლოდ ისინი ხედავენ
თავიანთი ლილიპუტური თვალებით მას
ჟულიენს მაჯაზე უზარმაზარი ბაფთა აქვს
კუკუს ბრმა თვალები
გოლიათ ჟანს კი საყურეები ძუძუსთავებზე და
სტკივა თავი
პანი ანს და პან ბანს მკვდარი ბავშვი გაუჩნდებათ
მათ წარმოდგენაზე ანშლაგი იქნება
მაყურებელი გაიგებს, რომ ეს მათი ბოლო შოუ იყო
ჭრელი კარავი შაპიტო უფსკრულში ჩაინთქმება
თითოეული თავის მკვდარ პატარა კვიცს მიიღებს და
უფსკრულს მიღმა კიდევ ერთი უფსკრული და
ასე უსასრულობამდე
ბრმა კუკუ დგას წვიმაში, მღერის:
იყიდეთ იყიდეთ ბილეთები
წარმოდგენა დაიწყება ზუსტად შუაღამისას.
© “არილი”
-
ფორუღ ფაროხზადი – ვერწმუნოთ ცივი სეზონის დასაწყისს
-
დაინები
1989-91 წლებში მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში გამოსაცემად მომზადდა ლიტვური ხალხური პოეზიის (დაინები) ანთოლოგია. სამწუხაროდ, მისი გამოცემა ვერ მოხერხდა. გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს ამ ანთოლოგიიდან.
ბნელი ჩამოდგა მამულში
ბნელი ჩამოდგა მამულში –
შემოგვესია თათარი.
შემოგვესია თათარი –
ჭრელი მწევრები აუშვეს…
ჭრელი მწევრები აუშვეს
უცხო ფრიალებს დროშა….
მამავ, გამოდი მამულში
მაშვრალს მიხედე ოჯახს.
მაშვრალს მიხედე ჯალაბს,
მკლავში აღარ აქვთ ძალა.
აღარვისა აქვს თავი,
მინდვრად რომ მომკან ჭვავი…
მამავ, მიხედე ჯალაბს!
სად ხარ, საყვარელო?
გოგონები ფოცხით
შესევიან მდელოს.
აგერაა ყველა –
სად ხარ, საყვარელო?
ნუთუ აღარ გინდა,
გული გამიხარო,
რომ ჩემს შავრას ისევ
შვრია დაუყარო?
ანდა ძველებურად
ასვა ცივი წყარო?
საით დამეკარგე
ჩემო სანუკვარო?
თარგმნა თედო ბექიშვილმა
დაიძინე, ჩემო შვილო
დაიძინე, ჩემო შვილო,
კუდიანი დადის შინა,
ჩექმებით და ტყავის ბოღჩით –
კუდიანი დადის შინა.
მას არ ერჩის, ვისაც ძინავს,
ძილის ჯადო დაგიფარავს.
დაძინებულს ვერ გიპოვნის,
გაღვიძებულს მოგიპარავს.
თარგმნა ზაურ მოლაშხიამ
© “არილი”
-
ტონინო გუერა
ქარბორბალა
ხანგამოშვებით, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, სულ რომ არ ელი, მინდობილი როცა ხარ ფიქრებს, ამოვარდება ქარბორბალა უსაზარლესი, რომელსაც ჰქვია “დიდი მტვერი” და რომლის მოსვლის მაუწყებელი არის მიწის მცირე მიმოძვრა. მიწისგულიდან, სიღრმისეულ კრატერებიდან ამოდის იგი და სამი დღის განმავლობაში ლოკავს სახლებს და ბინადართა უძრავ სახეებს. და ვაი იმას, ვინც ამ ქაოსს გადაეყრება, სუყველა კარგავს მეხსიერებას: შვილები მამებს, ცოლები – ქმრებს და მშობლები შვილებს ვეღარა ცნობენ.
მერე ჩადგება თანდათან ქარი, შეიწოვება ღრმა კრატერებში, იბრუნებს თავის პირვანდელ სახეს დიდიც, პატარაც, სახლიც და კარიც. და აღარ ახსოვთ უკვე რაც მოხდა “დიდმტვრიანობის” ჟამს ამ მხარეში.
კედელზე მინაჯღაბნი
ამ კედელს კიდევ შერჩენია ჩემი ნაჯღაბნი,
ცარცი მეჭირა ცალ ხელში და წერას ვსწავლობდი,
ვახუჭუჭებდი ცალი ხელით ფართო ხვეულებს.
ამ კედელს კიდევ შერჩენია ჩემი ნაჯღაბნი.
კვირადღე
კვირადღეობით, როდესაც შინ არავინაა,
და მიწურული არის ივლისის,
გავდივარ ხოლმე ტერასაზე დროგამოშვებით
ვდგავარ და ვუსმენ ამ კედლებს მიღმა,
ქალაქის შიგნით დაგროვილ დუმილს.
ხარები
რა დრომ გვიწია!
ნიშა ხარებს ზურგი ვაქციეთ.
მათ ნაჩლიქარებს ვეღარ ვნახავთ მიწის მტკაველზე,
უნდა შევწუხდეთ, რაოდენი გასწიეს ჯაფა
ახლა კი დგანან სოფლის ბოლოს თავჩაქინდრულნი
ყასბის ბაწარი აბიათ ყელზე.
* * *
პიდიო იყო მეწაღე და მას უცაბედად
შაშვი გაექცა გალიიდან, ჩვენ კი ველოდით
ფრინველის უკან დაბრუნებას სულწასულები,
და როცა ჩრდილი ფართო ეზოს გადასერავდა
თვალს ვაყოლებდით მოუთმენლად და…
დანანებით.
ერთ საღამოს კი მოშრიალე ლერწმის ღობეზე
რაღაცა შავი აქანავდა და ალმაცერად
არაფრისმთქმელად ჩვენსკენ უხმოდ გადმოიხედა,
თვალები ჰქონდა მობრჭყვიალე დანის წვეტივით.
ჰოდა, ფანჯარას განვეშორეთ ანაზდეულად,
თითქოს ოთახში ვუნაცვლებდით ადგილსამყოფელს
სკამებს და…
ასე ბინდში ჩუმად ვბორიალობდით.
* * *
ამ ფუტკარს თურმე მამამისის სახელი ჰქვია,
მამას კი ერქვა, ვიცი, ბაბუის.
მათ ჯიშს და ჯილაგს დღეგრძელობა დაბედებია,
თაფლს აგროვებენ წვეთიწვეთ და
აზავებენ პიტნის გემოთი.
ერთი სახლი დგას სოფლის გარეთ, ველების მიღმა,
იქ ისმის მათი მჭახე ზუზუნი.
გაზაფხულზე კი მატარებლები ამერიკაში
გადიქროლებენ ატმების და ვაშლების ბაღებს
და გადააქვთ ფუტკრების სკები.
მატარებლები მაჭანკლებს ჰგვანან
ყვავილებს შორის თავაღერილებს.
გაზაფზულობით ფუტკრები სკებს
სოფელ-სოფელ დაატარებენ,
რომ ყვავილები დააორსულონ
და არაფრიდან ჩნდება ხილი:
ვაშლი, ატამი ოქრორეული.
ერთი ყლუპი წყალი
ყოველთვის როცა ავტობუსით პენაბილიდან
სანტარქანჯელოს ნაცნობი გზით მივემგზავრები
პიეტრაკუტას შემდეგ მხვდება ვიწრო სადგური
გამოფხავებულ ჯიბესავით მიტოვებული
ორმოცდაათი წელიწადი სრულდება უკვე
რაც ლიანდაგი აყრილია ამ ხრიოკ გზაზე.
ადრე კი, ადრე აქ დაქროდნენ მატარებლები,
ჯერ რიმინიდან მოაფრქვევდნენ თევზის სიმყრალეს
მერე კი უკანმობრუნებულთ, ღამეგამოვლილთ,
მოჰქონდათ ყველას მძაფრი სუნი და ოხშივარი.
ჰო, მამაჩემიც ამ მთებს შორის ეხეტებოდა
ჯერ ცხენით, მერე იმ სატვირთო მძიმე მანქანით,
რომელიც ღრმულებს გვერდს უქცევდა და დგანდგარებდა.
მამა წვიმაში მატარებელს ელოდებოდა,
შინჩასულს უკვე სადგურზევე ეგებებოდნენ.
მე კი ვმგზავრობდი ავტობუსით და ფანჯრებიდან
ვხედავდი სადგურს და სადგურთან საპირფარეშოს,
რომლის კედლებსაც გარს ეხვია ვაზის ფოთოლი,
იქვე მგზავრები ჩერდებოდნენ ყლუპი წყლისათვის.
და ერთხელ თურმე ნაშუადღევს,
ჰო, ნაშუადღევს,
მოულოდნელად ყრუ ბაქანზე ჩამოხტა კაცი,
შავგვრემანი და თავშიშველი, დინჯი და მშვიდი,
და საქმიანად ესაუბრა სადგურის უფროსს!
მერე გაირკვა, რომ ის კაცი პოეტი იყო
გვარად პაუნდი და იმ დილას გარინდებული
სანტა მარია დანტიკოში, ეკლესიაში
განმარტოებით იდგა დიდხანს თავაშვერილი
და შესცქეროდა ლუკა დელა რობიას მარტო…
და ქანდაკებაც იდგა მდუმარედ.
ოქტომბერი
ის რომ პირველად ვნახე დიდრონ მსხლებს აბრუნებდა,
ამზეურებდა სხვა დასეტყვილ ხილსაც ფუსფუსით,
მერე კი გოგრის თეთრი თესლი გაშალა ფართედ
ჟანგიან თუნუქს მოეფინა სველი მარცვლები.
მკვახე ვაშლები გაახვია თივის ზვინულში,
აკიდოები წააგავდა საფანტის გროვებს,
ნიადაგს მაგრად ჩასობოდა თავი კომბოსტო
რომელსაც იგი თავთხელ ნაცარს კოვზით აყრიდა.
ბოსტანი იყო ლაზარეთი, ის კი ექიმი
და რუსეთიდან ქარბორბალა შემოიგრაგნა
გააპო ცა და შეშლილივით ფანჯრებს მიასკდა
წაშალა ფოთლის ქსოვილები, ფრინველთა ფრთები…
მას ელისეო ერქვა, იყო ოთხმოცზე მეტის
რანკოში დარჩა საცხოვრებლად სულ მარტოდმარტო,
იქ ოქტომბერში როცა ქარი წამოუბერავს
ზედ კრამიტებზე რაკარუკით ცვივა კაკლები
და კრაზანები ოთახებში დატყვევებულნი
სამზეოსაკენ გზას წვალებით ვეღარ იგნებნენ.
* * *
ოქტომბრის ერთ დღეს სეირნობდნენ ისინი მშვიდად
მდინარის გასწვრივ ქვიშის ბილიკზე.
მათ ესაუბრა ზღვის შესახებ ვაჭარი ქალი –
თევზით ვაჭრობდა, დადიოდა ველოსიპედით,
მერე სამთვალა გაიკეთა, ამ სამთვალათი
ყუთებს ზიდავდა თევზითა და ყინულით სავსეს.
და თან ჰყვებოდა არხეინად ზღვის ახალ ამბებს
ხორცის მთები დგას ქვიშაზეო, იმეორებდა,
და ვეშაპებსაც არ ასცდებათ განსაცდელიო.
მათ კი, რიკოსა და ზაირას, ერთად მოარულთ,
ზღვა არ ენახათ, ზღვის დგაფუნი არ გაეგონათ
და ახლა, როცა მოიყარნენ ოთხმოცი წლისა,
რა გადაწყვიტეს რომ იცოდეთ? საქორწინო მოგზაურობა.
პეტრელა გვიდის მიდამოში სახლობდნენ მაშინ,
იქ, სადაც ხშირად უკვე ნაცად მეჯინიბეებს
ცხენები სადღაც გაურბოდნენ გააფთრებულნი –
მიწას ტორავდნენ, ფრუტუნებდნენ და ჭიხვინებდნენ,
ღამით კი იდგა ახლადნაცხობ პურის სურნელი,
და გააფთრებით ვარვარებდა მძლავრი ღუმელი.
რიკო დალაქად მუშაობდა, ვის აღარ კრეჭდა
– კაცებს და ქალებს, ცხვრებს და ვირებს და მათნაირებს
ზაირა სახლში ირჯებოდა წყლით სავსე ჯამით,
ასუფთავებდა ეზო-კარის კუთხეს და კუნჭულს.
© “არილი”
-
დენის ლევერტოვი – ლექსები
-
იორგოს სეფერისი
თარგმნა ბიძინა ანთაძემ
იორგოს სეფერისია 1900 წელს დაიბადა. მისი ნამდვილი გვარია სეფერიადისი. სწავლობდა სამართალს ათენში და პარიზში. 1926 წლიდან დიპლომატიურ საქმიანობას მიჰყო ხელი – ჯერ კონსულად, შემდეგ კი ელჩად მუშაობდა ინგლისში, ალბანეთში, თურქეთში, ლიბანში. 1941-45 წლებში სეფერისი ემიგრაციაშია, ცხოვრობს ეგვიპტეში და სამხრეთ აფრიკაში. 1963 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. გარდაიცვალა 1971 წელს.
ზამთრის სხივში
1.
ტვინში შრიალებენ
ჟანგიანი თუნუქის ფოთლები.
მბჟუტვარე ტვინში
ტრიალებს ქარბუქი,
მძვინვარე თოლიებს
ფოთლები მისდევენ ფეხდაფეხ.
და გაქვავებულ მოცეკვავეებს
ჰგვანან ხეები.
ტყე განიძარცვა და გაირინდა.
2.
თეთრი წყალმცენარე
ცეცხლში ანთია.
თეთრი როკვით
აივსო მიდამო.
გაქვავდნენ ენები ცეცხლის.
თოვლმა დაფარა დედამიწა.
3.
თანამგზავრებმა გზა ამირიეს
სექტანტებით და ტელესკოპებით.
სად მიგვიძღვიან ნეტავ ეს გზები,
მობრდღვიალე დღე
ჯერ არ ჩამქრალა –
გამოქვაბულში ვარდივით ბრწყინავს.
და ზღვა ხმაურობს უმსუბუქესი,
ღმერთის კალთებქვეშ.
4.
შენ აქ წარმოთქვი
ერთი წლის წინათ,
ჩემი არსი სინათლეში ძევსო.
ახლა კი როცა
თვლემა გერევა
და თან შენი გზა
ფსკერზე ემხობა.
ხელებს აცეცებ
კუთხე-კუნჭულში,
რომ მოიძიო შუბი,
რომელმაც
ეგ შენი გული უნდა გაჰკვეთოს
დღის სინათლეზე.
5.
ეს რა მდინარემ გაგვიტაცა.
რა ამღვრეულმა წყალმა წაგვიღო?
ფსკერზე ვართ უკვე,
თავზე თალხი ჩქერი გადაგვდის,
ლერწამი ოდნავ მიმოირხევა.
წაბლის ხის ქვეშ
ჩქამები იქცა მცირე კენჭებად.
და ბავშვები, ეს ონავრები,
ერთმანეთს კენჭებს ესვრიან და
ესიტყვებიან.
6.
ოდნავი ქროლვა, და აღტაცება
მაშინ, როდესაც წიგნს გადაისვრი,
და თან ამოხევ წარსულის ფურცლებს
ან წარმოიდგენ გაშლილ მინდორზე
კენტავრთა ხტომას და შეჩქვიფებას.
ამორძალები ქარივით ქრიან,
აძრულნი ვნებით და სიხარულით.
ნიავი ტოკავს გამთენიისას
და შენ ფიქრობ რომ მზე ამოვიდა.
7.
ცეცხლი ცეცხლისგან განიკურნება.
არა თანდათან და წვეთწვეთობით,
არამედ, უცბად, ანაზდეულად,
თითქოს და ვნება ვნებას შეერწყა
აღინთო მგზნებარე სხივით,
მერე კი გალღვა და მიიძინა.
უმოძრაოა.
ეს ამოოხვრა აღსრულება არ გეგონოთ, –
ჭექაა, გრგვინვა.
სცენაზე
1.
მზეო, შენც ჩემთან ერთად ტრიალებ,
მაგრამ ეს მაინც არ არის ცეკვა:
ეს სიშიშვლეა,
და სისხლის წვეთვა,
რომელიღაცა ბოროტი ტყისთვის;
და აი –
2.
კვლავაც ჩამოჰკრეს გაბმულად გონგს და
მოულოდნელად გაჩნდნენ მორბედნი.
მათ არ ველოდი.
მათი ხმები გადამავიწყდა.
ხალასებსა და გულანთებულებს
დიდი კალათა ეჭირათ ხელში,
ნაყოფით სავსე დიდი კალათა.
მე მაკვირვებდა ჩემი ჩურჩული:
მიყვარს, ო, მიყვარს ამფითეატრი!
ნიჟარა კვლავაც გადაივსო და
სცენაზე ჩაქრა კვლავაც სინათლე,
ეს ხომ მზადება არის, ღმერთმანი, –
სახელოვანი მკვლელობისათვის.
3.
შენ რას დაეძებ?
წამომდგარხარ მაგ ნოტიო
ქვეშაგებიდან,
გამოსულხარ აბანოდან,
რომელსაც ავსებს შურისძიება,
და წვეთები დაგცვენია
სუსტი მხრებიდან.
ფეხისგულებქვეშ გიფეთქავს მიწა.
ჰეკატას სამი ძვირფასი სახე
თავისკენ ისევ ისე გიზიდავს.
შენი თვალები
ორად ორი ტრაგიკული ნიჟარაა,
შენი კერტები მუქი ალუბლის კენჭებია, –
თეატრალური რეკვიზიტია,
და ბრწყინავს, ბრწყინავს.
უკვე იქ დგანან.
მონებმა უკვე გამოუტანეს
მჭრელი დანები,
შენ ასვეტილხარ კვიპაროსივით,
ისინი კი ქარქაშიდან
აძრობენ დანებს,
შენსკენ მოდიან,
შენ ყვირიხარ:
“ვისაც უნდა ჩემი განგმირვა
მომიახლოვდეს,
მე ხომ ზღვა ვარ,
ტალღაასხმული.
4.
ზღვა რანაირად გახდა ასეთი,
წლობით ვიცდიდი მე მაღალ მთებში,
ციცინათელებს მოჰქონდათ შუქი,
ახლა კი ველი სანაპიროზე
ადამიანსა და ძე-ხორციელს.
ზღვა ვინ შებღალა?
დელფინმა გაჭრა მძვინვარე ტალღა,
ზვირთებს კვეთავენ თოლიას ფრთები.
აქ ვაგროვებდი
ბრჭყვიალა კენჭებს,
ნიჟარების ხმას
ვაყურადებდი,
დავცურავდი და ვყვინთავდი
წყალში თევზივით.
მე ზღვაოსანმა მოხუცმა მითხრა:
“იქნება მართლაც არაფერი ვარ,
მაგრამ შენ რაც გსურს, ის ვერ გავხდები”.
5.
ვის ყურთასმენას მიწვდა ნეტავი
დანის წუილი გასათლელ ქვაზე?
ან ის მხედარი რომელი იყო,
ჩირაღდნით ხელში აქ რომ მოიჭრა?
ხელებს იბანენ, ნელა ცხრებიან,
ვინ მოკლა ბავშვი, ვინ გამოფატრა?
ვინ აღგავა საცხოვრისი მიწისპირისგან?
არავინ არ ჩანს, მხოლოდ კვამლია.
ვინ გარბოდა?
ქვებზე ბორკილთა ჟღერა მომესმა
ამოთხრილია თვალები და
მოწმე კი არ ჩანს.
6.
როდის გაიღებ ხმას,
როდის, როდის?
ჩვენი სიტყვები მრავალ მამათა
პირმშოებს ჰგვანან.
ისინი სისხლით იკვებებიან.
ნაძვები ხომ ინახავენ
ქარის ხატებას,
რომ ჩაიქროლა და მთებს იქით
გადაიკარგა,
ასეთივეა სიტყვათა ხვედრიც, –
ისინი კაცის სახეს მალავენ
ან ინახავენ უღრმეს წიაღში.
კაცი კი გაქრა.
ვარსკვლავები სიტყვებს ეძებენ
შენი სიშიშვლე რომ შემოსეს,
ზოდიაქოებს რომ შეესიტყვნენ,
სად, სად იქნები,
როცა თეატრი გაბრდღვიალდება?
7.
შენ ხარ ნატანჯი
იქ, იმ ნაპირზე
გამოქვაბულის პირქუში მზერა
არ გცილდებოდა.
იქ განიცადე:
სიყვარული,
კვლავაღდგომა,
კვლავამზევება.
იქ, სადაც წუთებს
სტალაგმიტები
ითვლიან უხმოდ.
© “არილი”
-
ფირდოუსი
შაჰნამე
ამბავი სიაუშისა
სპარსულიდან თარგმნა ინგა კალაძემ
ირანელთა ნაციონალური ეპოსი – ფირდოუსის “შაჰნამე” შინაარსის გარდა, თავისი ფორმითაც უაღრესად საინტერესო ლიტერატურული ფაქტია. ეს გრანდიოზული თხზულება ციკლური წარმოშობის ნაწილებისაგან შედგება. მისი პირველწყაროს ცალკეული დასრულებული ლეგენდები, რომლებიც სინკრეტიზმის ეპოქაში, სასიმღერო ჟანრის სტადიაზე ჩანს ჩასახული, იმთავითვე გამიზნული უნდა ყოფილიყო ერთაქტიანი შესრულებისა და მოსმენისათვის. მიუხედავად იმისა, რომ პოემას წინ უძღვის საკმაოდ ვრცელი თემატიკის მქონე პროლოგი (ღმერთი, გონება, შესაქმე, მოციქულის შესხმა, ეპოსის წყაროები, წიგნის შეთხზვის მიზეზი, წიგნის დამკვეთის ხოტბა, სიტყვის ღირსების განსჯა), მისი თითოეული ციკლი აგრეთვე გაფორმებულია შესავლითა და დასკვნით (ანუ პროლოგ-ეპილოგით), რაც, ცხადია, ავტორისეული სიტყვაა, ფოლკლორულ წყაროებში ისინი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ხსენებული შესავლები შეიცავს მომდევნო თხრობის საგანზე მინიშნებას და ამჟღავნებს ავტორის დამოკიდებულებას ამ საგნისადმი. პროლოგ-ეპილოგი ამკვეთრებს მოცემული ციკლის ავტონომიურობას და ეგებ ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ირანის კულტურამ ჩვენს დრომდე შეინარჩუნა “შაჰნამეს” მკითხველთა ინსტიტუტი და მსმენელთა ფართო აუდიტორია.
ქვემოთ მკითხველს ვთავაზობთ “შაჰნამეს” ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ამბის – სიაუშის ციკლის პროლოგსა და პირველ თავს.
მთარგმნელი
ჰეი, მესიტყვევ, ოქროპირო
და აზრნათელო,
კვლავ გაგვაგონე აწ ამბავი,
გულის წარმტაცი.
როს სიტყვის ძალი სიბრძნის სიღრმეს
გაუტოლდება,
სული მგოსნისა მაშინ პოვებს
ჭეშმარიტ ლხენას.
ხოლო თუ ზრახვა კაცს ავი აქვს
და უკეთური,
იმავ სიავით ძირშივე სპობს
ნაყოფს აზრისას.
ბევრსაც ეცადოს და ამ ცდაში
ჯვარს იცვას თავი –
მოყივნებული დარჩეს მაინც
ბრძენკაცის თვალში.
მაგრამ ვინ ხედავს აუგს თვისსა,
რომელი კაცი?
ზნე და ბუნება თვისი უჩანს
ყველას კეთილად.
ნაღვაწი შენი წარუდგინე
კაცს გულმეცნიერს,
ნუღა ძევს უქმად იგი, რაცა
გასაცემია.
თუ მოიწონებს მას სწავლული
და გიძღვნის ქებას,
წყლით აივსება წყარო შენი,
მაცოცხლებელით.
აწ მსურს მოგითხროთ ძველთაძველი
ამბავი ერთი,
გამორჩეული კვლავ დეჰყანის
ნაამბობთაგან.(1)
ფერგადასულნი ეს ამბავნი
აწ ჩემის გარჯით
განახლდებიან ხალხისათვის
კეთილსახსოვრად.
თუკი მებოძა მე სიცოცხლის
ხანგრძლივი წლები,
ამ ქვეყნის სადგომს დალხინებით
თუ შევრჩი დიდხანს, –
ერთ ხეს დავტოვებ, მსხმოიარეს,
ჩემგან დანერგულს,
არ დაელევა მას ნაყოფი
საწუთროს ბაღში.
თუმცა გარდავცდი ჟამთა სვლაში
ორმოცდათვრამეტს,
საკვირველება უამრავი
თავს გარდამხდია –
არ დამშრეტია ჯერ სიცოცხლის
წადილი, ჟინი,
სამისნო წიგნში კვლავ ვეძიებ
დღეკეთილს ჩემსას.
სწორედ ამაზე უთქვამს მობედს (2) –
ბრძენს და გამჭრიახს:
არ განახლდება გაცვეთილი
ერთხელვე სული.
ვიდრე ხარ ქვეყნად, ლექსთა თქმაში
განლიე დღენი,
აზრნათელი და ზნეკეთილი
იყავი მუდამ!
როს მიიცვლები და სამსჯავროს
წარსდგები ღვთისას,
ის განიკითხავს ავსა და კარგს
შენთა საქმეთა.
მასვე მოიმკი, რაც ოდესმე
დაგითესია,
ერთხელ ნათქვამი სიტყვა შენი
წინ დაგიხვდება.
ენაკეთილი კაცი ლანძღვას
არვისგან ისმენს,
სიტყვას თუ იტყვი, ღირსეული
უნდა თქვა მხოლოდ.
მაგრამ დეჰყანის ნაამბობი
გავსინჯოთ ახლა.
ყური მიუგდე, რას მოგვითხრობს
კაცი მესიტყვე.
ამბავი სიაუშის დედისა
ბრძანებს მობედი: ერთ დღეს თუსი
გამთენიის ჟამს
მამლის ყივილზე ზე წამოდგა
და თან იახლა
გუდარზი, გივი, რამდენიმე
კვლავ ცხენოსანი,
შეეკაზმნენ და სწრაფად განვლეს
ქალაქის ბჭენი.
დიდ ველს მიმართეს დაღუისას (3)
მათ სანადიროდ,
ნებას მიუშვეს ავაზანი
და შევარდენნი.
ყოველი კუთხით წამორეკეს
ნადირ-ფრინველი,
იმათ დევნაში მიაღწიეს
ნაპირს მდინარის.
იმდენი ჩანდა დახოცილი
და დაკოდილი,
რომ იკმარებდა ლაშქრის საზრდოდ
ორმოც დლღეს სრულად.
იმ სანახებთან ახლოს იყო
მიჯნა თურქეთის,
კარავთ სიმრავლეს დაეფარა
მიწა ერთიან.
შორით მოჩანდა მშვენიერი
ქალაქი ერთი,
თურის(4) მიწა-წყლის მეზობლად და
საზღვრად მდებარე.
თუსმა და გივმა გააჭენეს
ცხენები მარდად.
უკან ჩამორჩა რამდენიმე
მხლებელი ხასი.
იმ მწვანე ჭალაკს მიაშურა
ორმა მხედარმა
და შეიქციეს ნადირობით
მათ ერთხანს თავი.
უეცრად ტყეში თვალი ჰკიდეს
ერთ უცხო ასულს,
მყისვე მიჰმართეს მზეთუნახავს
პირმოცინარეთ.
მსგავსი სიტურფით არ შობილა
არავინ ქვეყნად.
ვერ უპოვიდა ხინჯი გზასაც
მშვენებას მისას.
ნაკვთად საროს და პირად მთვარეს
თუ ჰკიდებდა თვალს,
დააბრმავებდა კაცს სიტურფე
თვალშეუდგამი.
ჰკითხა მას თუსმა: “პირმთვარეო,
მითხარი ერთი,
ამ ჭალაკისკენ ვინ გაჩვენა
შენ გზა სავალი?”
ასე მიუგო მან პასუხად:
“გამწირა მამამ,
განვშორებივარ მშობელ კუთხეს,
მისგან ლტოლვილი.
ღამით დაბრუნდა იგი სმიდან,
უზომოდ მთვრალი.
როს თვალი მკიდა, შორიდანვე
ბრაზმორეულმა
მყისვე იშიშვლა შხამნალესი
მახვილი ბასრი –
თავის მოკვეთას ჩემსას მაშინ
იგი ლამობდა”.
ჩამომავლობა ჰკითხა ახლა
ქალს ფალავანმა,
მან გაიხსენა გულმოდგინედ
თავისი გვარი.
ასე მიუგო: “თესლთაგანი
ვარ გარსივაზის.(5)
აფრიდუნ(6) მეფის თვისტომი და
შტო მისი ძირის”.
კვლავ ჰკითხა თუსმა: “რისად დახვალ
ასე ქვეითად,
ცხენს რად არ შეჯექ და მეგზური
რად არ იახელ?”
მიუგო ქალმა: ცხენი ჩემი
დავარდა გზაში,
მეც მიწად დამცა ქროლვისაგან
ქანცგაწყვეტილმა.
დაუთვალავი მქონდა ოქრო,
თვალმარგალიტი,
ოქროსი მერქვა, მოოჭვილი,
თავზე გვირგვინი.
მაგრამ შემემთხვა ფათერაკი.
წარმტაცეს ყველა,
ქარქაშის დარტყმით მომაყენეს
ტკივილი დიდი.
გამოვექეცი იმ ყაჩაღებს
მე შიშნეული,
მას შემდეგ თვალზე ცრემლი სისხლის
არ შემშრობია.
ვიცი, როდესაც მოეგება
გონს მამაჩემი,
მდევარს დაგზავნის უცილობლად
ჩემს საძებნელად.
და დედაჩემიც მოიჭრება
ფიცხლადვე ჩემთან,
ვერ გადაიტანს ჩემს მოკვეთას
მშობელ კუთხიდან”.
ფალავნებს გული აუტოკდათ
იმ ქალის ეშხით,
თავი დაკარგა გმირმა თუსმა,
ძემან ნოვზარის.
თქვა ნოვზარის ძემ: “მე ვიპოვე,
იგი ჩემია,
მოვაგელვებდი ჩემს ბედაურს,
ჩანს, არ ამაოდ”.
აჩერებს გივი: “ჰე მეფეო,
ლაშქართ თავადო!
განა ჩემს გვერდით არ იყავ, როს
დავყარეთ სპანი?”
არ ცხრება თუსი, ნოვზარის ძე
კვლავ დაობს იგი:
“მე მოვადექო ამ ადგილებს
სწორედ პირველად”.
გივი არ უთმობს: ნუ იტყვიო
მეტად მაგ სიტყვას,
ნადირის კვალმა მომიყვანა
აქ შენზე უწინ.
ნუ იკადრებო მრუდე სიტყვას
მხევალის გამო,
ვაჟკაცს არ ჰფერობს, ამ მიზეზით
ატეხოს შფოთი.
კვლავ შეჰყვნენ სიტყვას და გაცხარდა
დავა იმგვარად,
ესღა დაასკვნეს: მოვკვეთოთო
იმ მთვარეს თავი.
ისევ ცილობა ჩამოვარდა
ფალავანთ შორის,
ბედზე მიუსწრო შუაკაცმა
მომრიგებელმა.
ურჩია: “ქალი ირანის შაჰს
მიჰგვარეთ კარზე,
იმან განსაჯოს. აასრულეთ
თქვენ ნება მისი”.
ეკეთათ რჩევა. ყურად იღეს
თუსმა და გივმა,
ირანის მეფის კარისაკენ
იქციეს პირი.
მეფე ქაუსმა ქალს შეავლო
რაწამსაც თვალი,
მყის მისი ტრფობა და სურვილი
გულს ჩაემსჭვალა.
ორ გმირ ფალავანს მიუბრუნდა
მაშინ ხელმწიფე,
“აწ დახსნილხართო, – უბრძანა მათ, –
ჭირსა გზისასა.
ქურციკია თუ მინდვრის შველი
გულისწამღები,
მონადირება მისი ჰფერობს
დიდებულს მხოლოდ.
ახლა მიამბეთ – და თხრობაში
განვლიოთ ეს დღე –
თუ ავაზებით ნათელი მზე
ვით შეიპყარით?”
ქალს ჰკითხავს მეფე: ვისი ხარო
გვარით და ტომით,
სახე ფერიის ჩამომავალს
გიგავსო სრულად.
მიუგო: “დედა ხათუნია
დიდგვაროვანი,
მამა კი – თესლი სახელოვან
აფრიდუნისა.
გმირი სპასპეტი გარსივაზი –
პაპაა ჩემი.
იმ კუთხის მიწა დაუფარავთ
მთლად კარვებს მისას”.
“მერე ეგ გვარი დიდებული,
ეგ სილამაზე
გინდა დააჭკნო, მთლად უკვალოდ
ქარს გაატანო?
ოქროს სასახლეს აგიშენებ,
სახამსოს შენსას,
თავადად დაგსვამ პირმთვარეთა,
ვითარ შეგფერის”.
პასუხად ჰკადრა მეფეს ქალმა:
“რაჟამს გიხილე,
გამოგარჩია გულმა ჩემმა
ფალავანთ შორის”.
ათი ფეხმარდი ცხენი, ტახტი
და გვირგვინები
მეფის დასტურით გაუბოძეს
ორივე სტუმარს.
საწოლსა ბრძანა შეყვანება
მეფემ ქალწულის,
ძვირფას საჯდომზე დაბრძანება
მისი სვიანად.
ტახტი დაუდგეს სპილოს ძვლისა,
უცხოდ ნაკეთი,
თავსმოოჭვილი ფირუზის ქვით
ოქროს გვირგვინი.
დიბა-ატლასით მორთეს ქალი,
ყვითელი ფერის,
იაგუნდებით, ფირუზებით,
ლაჟვარდის თვლებით.
ღვთის განჩინებით რაც ეგების,
ჰგიებდა ყველა,
ბრწყინავდა წითლად იაგუნდი,
ჯერ გაუთლელი.(7)
—————————————
(1). დეჰყანის ნაამბობი – სიუჟეტის გაუცხოების ლიტერატურული ხერხი, რომელიც ხშირადაა დადასტურებული “შაჰნამეში”. დეჰყანი – მემამულე, სოფლის განმგებელი.
(2). მობედი – ზოროასტრელთა ქურუმი.
(3). დაღუის ველი – ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობა ცნობილი არ არის.
(4). თური – იგივე თურანი.
(5). გარსევარზი – თურანელი გმირის – აფრასიაბის ძმა.
(6). აფრიდუნი ფერიდუნი – ირანის მითოლოგიური მეფე, ზოჰაქის ჩაგვრისაგან ქვეყნის განმათავისუფლებელი და მისივე კანონიერი ხელმწიფე. გამარჯვების, თავისუფლებისა და სამართლიანობის სიმბოლო.
(7). გაუთლელი იაგუნდი – ქალწულობის აღმნიშვნელი მეტაფორა.
© “არილი”
-
რობერტ ლოუელი – ლექსები
-
ალექსეი ბელმასოვი – ლექსები



