• რეცენზია

    დავით ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე – “დ/დ”.

    ბოდვაში გამჟღავნებული L’art Poetique

    დავით ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე, “დ/დ”. თბ. “სიესტა” 2007.

    კოკა ჯიქია

    ამასწინათ წიგნის მაღაზიიდან გამოსულს გზაში უმცროსი მეგობარი გადამეყარა, წერა-კითხვის მოყვარული პატარა, თმაგაწეწილი ლამაზი გოგო. უყურადღებოდ არ დარჩენია მავანი მაღაზიის ლოგო წიგნებით სავსე პარკზე და ქუჩაშივე სათითაოდ დაფურცლა ჩემი ახალი შენაძენები. გამიკვირდა, როცა ქართული თუ უცხოური ლიტერატურული პროდუქტების არცთუ ისე მწირ არჩევანში მაინცდამაინც დათო ბარბაქაძისა და დავით ჩიხლაძის მიმოწერა ატრიალა ყველაზე დიდხანს ხელში, მერე კი არც მეტი, არც ნაკლები, წიგნი გულზე მიიხუტა და ხომ მათხოვებ გადასაქსეროქსებლადო, თხოვნა-სიხარულიანი თვალები შემომაჭყიტა. ერთი კვირით დამითმე, პატარა საქმისთვის მჭირდება და მერე შენი იყოს წიგნი-მეთქი, – დავემშვიდობე გახარებულს და გზა გავაგრძელე. საკუთარი თავი გამახსენდა პირველ კურსზე, როცა მასობრივი კომუნიკაციების საფუძვლებს ვსწავლობდით და მარშალ მაკლუენის ერთადერთ წიგნს გულზე ახუტებულს დავათრევდით აქეთ-იქით, “ვაქსეროქსებდით”, კონსპექტებს ვიწერდით და ლამის ვიზეპირებდით – მერე რა, თუ დიდად არ გვესმოდა კომუნიკაციის მისეული თეორიები, ავტორიტეტი გვჭირდებოდა, რომელსაც დავუჯერებდით, კერპი, რომელსაც ვეთაყვანებოდით, და ახლა ვხვდები, რამდენადაც უფრო მიუწვდომელი და პირდაპირ რომ ვთქვათ, გაუგებარი იყო ჩვენთვის მაკლუენი, იმდენად უფრო ძლიერი იყო მისით აღფრთოვანების ილუზია.
    თუ მაშინ პრობლემა ჩვენში იყო, სკოლის მერხს ახლადმოშორებულ უწიგნურებში, დათო ბარბაქაძისა და დავით ჩიხლაძის მიმოწერის შემთხვევაში მკითხველის მსგავსი აღფრთოვანება ავტორების თვითმიზანს უფრო ჰგავს, თვითაღიარების დაუოკებელ სურვილს, რისი საშუალებაც ამჯერად რამდენიმე წლის წინანდელი პირადი წერილები აღმოჩნდა. წიგნის ჟანრი თავად ავტორებს ასე განუსაზღვრავთ: “პიესა ლექსად”. ლექსის ლირიკული გმირების მოძებნა კი არ გაგვიჭირდება, მით უმეტეს, რომ მომოწერის ფორმა ლიტერატურის რაობა-როგორობაზე მეტად მის ვინაობაზე სვამს აქცენტებს. ასე რომ, მივყვეთ თანმიმდევრულად: დავით ჩიხლაძე – პოეტი, პერფორმანსარტისტი, ლიტერატურისა და ხელოვნების კრიტიკოსი. დათო ბარბაქაძე – პოეტი, ესსეისტი და მთარგმნელი. ადგილმდებარეობა – პერფორმანსარტისტისა – ნიუ-იორკი (ნიშანდობლივია), მთარგმნელ-ესსეისტისა – მიუნსტერი. დროში განფენილობა – 2003 წლის თებერვალი-ივლისი. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ მიმოწერა შემდეგი სენტენციით იწყება: “მაღაზიებში ერთი წიგნიც ვერ მიყიდია! უკვე მეორედ მოხდა. სტერილური მეჩვენება ეს ყველაფერი: დერიდაც, კრისტევაც, და მრავალი სხვა. კინაღამ ბოდრიარის წიგნი Imposible Exchange გადავაგდე (რა ბედიც ეწია ცოტა ხნის წინ კრისტევას, რობერტ ანტონ ვილსონს, კროვლეის, ჰაკიმ ბეის),” – ეს დავით ჩიხლაძის ადრინდელი წერილია, რომელსაც მიმოწერის დასაწყისში მისი მიუნსტერელი მეგობარი იხსენებს.
    წიგნის ავტორები თავს შექმნილი კონტექსტის მიღმა გრძნობენ, სრულიად სხვა პლასტზე, რომლის გადმოსახედიდანაც უკვე ესთეტიკურ ტკბობას ნაკლებად ანიჭებთ ხსენებული ტექსტები და რახან გასხივოსნებამდე არც ისე დიდი ნაბიჯია, მაშინ რაღა უდგას წინ იმას, რომ თავად შექმნან ტექსტი, რომელიც ფორმა-შინაარსობრივ სრულყოფილებას მიაღწევს… როგორც უკვე ვთქვი, აქ საქმე სრულიად სხვა პლასტებთან და განზომილებებთან გვაქვს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბარბაქაძე და ჩიხლაძე გასხივოსნების, სრულყოფილების გზად ყბედობას მიიჩნევენ და მერეც არჩეული გზის ბოლომდე ერთგულნი რჩებიან. “მნიშვნელობისგან გათავისუფლება, თუნდაც მისი (მათი) გაძლიერების გზით, ალბათ მართლა ერთადერთი (შესაბამისად განიხილე ერთადერთის მნიშვნელობა) ანტიკური გამოსავალია. ანუ როდესაც ყბედობა მხოლოდ ხელოვნებაა ან აქამდე მიდის. შეიძლება ასეთი წმინდა ყბედობა მიიჩნეოდეს ღმერთთან მიახლოების უტყუარ ფორმად ინფორმაციული ეპოქის ანთროპოლოგიისათვის”, – სწერს დავითი დათოს. “ერთადერთის” მნიშვნელობის ძიებაზე ჩვენ ნუ მოვცდებით, წინ გაცილებით უფრო საინტერესო რამ გველოდება: თუ თავიდან ეჭვი გეპარებოდათ, რომ ყბედობა პირდაპირი რეისი იყო გასხივოსნებისაკენ, წიგნის შუაში, როცა უკვე ღვთისკენ მიმავალი ნახევარი გზა გავლილია (უფრო სწორად, ნაყბედია), ყბედობა კიდევ უფრო ამაღლებული ფორმით გვევლინება და საქმე უკვე პროსოდიულ ბოდვასთან გვაქვს. “წმინდა ბოდვა ადამიანს არ ამძიმებს იმდენად, რამდენადაც იგი უფრო არაცნობიერია და მეტყველების სილამაზეს წარმოაჩენს; მაშინ რიდესაც წმინდა წყლის ბოდვა უფრო გონებრივი ან მნიშვნელობით არეულის სინონიმია, და რაციონალური, დაგეგმილი მეტყველების ბორძიკი და სიმძიმე ახასიათებს”, – განმარტავენ ავტორები. მიმოწერის წიგნად გამოცემა კი უკვე ის საფეხურია, როცა საკუთარი გენიალურობითა და ნათელშემოსილობით ტკბობა ვეღარ აკმაყოფილებს ავტორებს და სრული ნეტარებისათვის თანაგანცდა სჭირდებათ, მკითხველი, ვინც, მართალია, ვერასდროს შესწვდება ხსენებულ პლასტებს, თუმცა კი ყოველთვის სიხარულით “გადააქსეროქსებს” გზას ყბედობიდან ბოდვამდე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, “დ/დ” – ეს არის ორმაგი წყურვილის მოკვლა პერფორმანსარტისტისა და ესსეისტისა: უწინარეს ყოვლისა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, მათ წერილების სახით გაამჟღავნეს თავიანთი L’art Poetique, და გარდა ამისა, თანადროული ქართული კულტურის ჩვენება გააცხადეს ინტერნაციონალური ბოდვის ფორმებში.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    კოტე ჭრელაშვილი – წოვა-თუშური ენა

    “თვის ენის გადამრჩენელი”

    თამარ სუხიშვილი

    კოტე ჭრელაშვილი. წოვა-თუშური ენა. რედაქტორი თამაზ გამყრელიძე. თბ. “თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2002.

    თავისი დაბადების 100 წლის თავზე აკაკი შანიძე კორესპონდენტის შეკითხვაზე – რას ინატრებდითო, გულნაკლულად იმასაც აღნიშნავს, რომ “წოვათუშური ენის ტექსტები მრჩება გამოუქვეყნებელი”-ო.
    მხცოვანი მეცნიერის ეს დაჩივლება თავისთავად ადასტურებს წოვათუშური ენის ტექსტების პუბლიკაციის მნიშვნელობას და აუცილებლობას ჩვენი ისტორიული და ფილოლოგიური მეცნიერებისათვის.
    თუშეთის მოსახლეობა ენობრივად განსხვავებულ ორ ჯგუფად იყოფა: ჩაღმათუშებად და წოვათუშებად. ჩაღმათუშები მეტყველებენ ქართული ენის თუშურ დიალექტზე, წოვათუშები ორენოვანნი არიან, მათი საშინაო სალაპარაკო ენა წოვათუშურია, სხვაგვარად – ბაცბური, რომელიც გენეტურად მთის კავკასიურ ენათა ნახურ ჯგუფში ერთიანდება; გარეთ წოვათუშები ქართულად მეტყველებენ.
    მიუხედავად იმისა, რომ მთის კავკასიური ენებიდან პირველი მეცნიერული გრამატიკა წოვათუშურის შესახებ დაიწერა – 1854 წელს “მოკლე დახასიათება თუშური ენისა” და 1856 წელს “ცდა თუშური ენის შესახებ ანუ ქისტური ენის შესახებ თუშეთში” (ორივე ნაშრომის ავტორია ორიენტალისტი ანტონ შიფნერი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი – წარმოშობით გერმანელი). მიუხედავად იმისა, რომ ამ პატარა უმწერლობო ენას მკვლევართა ყურადღება არც ამის მერე მოჰკლებია, ბევრი რამ კვლავაც შესასწავლია და მოსაწესრიგებელი, ისე როგორც ნებისმიერ ენაში, განსაკუთრებით – უმწერლობოში. ასეთია თუნდაც ტერმინთა (თუში, წოვა, ბაცბი…) ეტიმოლოგიისა და მათი ისტორიული და დღევანდელი შინაარსის საკითხი.
    თუშეთის შესახებ ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევის – “თუშეთი” ავტორი სერგი მაკალათია 1933 წელს წერდა: “თუშეთის ისტორია ჯერ კიდევ გამოურკვეველია და ბურუსითაა მოცული.” მას შემდეგ ბევრი რამ გაირკვა, მაგრამ არა – ყველაფერი.
    უმწერლობო ენის შესახებ ნებისმიერი სამეცნიერო შრომა არა მარტო სპეციალისტების, არამედ ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე. პროფესორ კოტე ჭრელაშვილის მონოგრაფია “წოვა-თუშური ენა” ქართველური და კავკასიური ენათმეცნიერებისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია.
    კოტე ჭრელაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, მისი ძირითადი ნაშრომებია: “ნახური ენების თანხმოვანთა სისტემა” (1975 წ.), “წოვა-თუშური და ქართული ენის ლექსიკისა და მორფოლოგიის ზოგიერთი საკითხი” (1979 წ.), “ლინგვისტურ მოძღვრებათა ისტორია” (1990 წ. I გამოცემა, 2001 წ. II გამოცემა) და სხვა.
    წიგნის სტრუქტურა ასეთია: კვლევით ნაწილს წინ უძღვის ვრცელი წინასიტყვაობა, სადაც საუბარია წოვათუშების განსახლებაზე, წოვათუშური ენის შესწავლის ისტორიაზე, საკმაოდ ვრცლად არის მიმოხილული ამ ენის პირველშემსწავლელთა და შემდეგი თაობის მკვლევართა (ა. შიფნერი, მ. ბროსე, ი. ცისკარიშვილი, ნ. მარი, ა. შანიძე, ი. დეშერიევი, რ. გაგუა, თ. უთურგაიძე და სხვ.) თვალსაზრისები წოვათუშებისა და წოვათუშური ენის შესახებ, წარმოდგენილია ინფორმაცია ამ მკვლევართა შესახებ და სათანადოდ არის დაფასებული მათი ღვაწლი. მთის კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორიის თვალსაზრისით საყურადღებოა მღვდელ იობ ცისკარიშვილის სამი წერილი მარი ბროსესადმი. ეს წერილები წინასიტყვაობის ბოლოსაა განთავსებული. აი, მცირე ამონარიდი ერთ-ერთი წერილიდან:
    “თქვენო აღმატებულებავ, ამა წლის 20 აპრილს გამოგიგზავნეთ გრამატიკის მეოთხე თავი, წერილითვე, ჩემი ძმის ხელით, მაგრამ დღემდის იმასვე ჰქონია. ვერ შეძლო მიეტანა კანცელარიაში. მე კი მეგონა, რომ მეოთხე ნაწილი გრამატიკისა წერილთან ერთად თქვენ მიღებული გექნებოდათ და ველოდებოდი თქვენგან ზაფხულში პასუხს…” (მარი ბროსეს დავალებით და კონსულტაციებით იობ ცისკარიშვილიმა შეადგინა მოკლე წოვათუშური ენის გრამატიკა – ხელნაწერი ინახება პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში. ჩვენგან უდროოდ წასულმა მკვლევარმა ი. ჯოლბორდმა შეისწავლა ეს გრამატიკა და კვლევის შედეგები 1978 წ. გამოაქვეყნა კრებულში “ზოგადი და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საკითხები”).
    წინასიტყვაობის ტექსტში ჩართულია რამდენიმე უნიკალური ფოტოსურათიც.
    ნაშრომის კვლევითი ნაწილი ფონეტიკური მიმოხილვით, კერძოდ, წოვათუშური ენის თანხმოვანთა პარადიგმატული სისტემის აღწერით იწყება. თანხმოვანთა ფიზიოლოგიურ-აკუსტიკურ დახასიათებასთან ერთად, გარკვეულია მათი ფონოლოგიური სტატუსიც. წოვათუშურში, ისევე როგორც ქართულში, ხშულთა სამეულებრივი სისტემები გვაქვს, ოღონდ დენტალური და პოსტველარული სამეულების ყრუ წევრებს ინტენსიური კორელატებიც მოეპოვებათ. ქართულისგან განსხვავებით, აქ სპირანტთა სამეულებრივი სისტემაც დასტურდება. წოვათუშური ენის ბგერათა ფონოლოგიური სტატუსის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს ნახურ-დაღესტნურ ენათა წინარე ენის ფონოლოგიური სისტემის რეკონსტრუქციისათვის.
    მორფოლოგია მეტყველების ნაწილთა განხილვით იწყება. აქაც, ახალი ქართულის მსგავსად, 10 მეტყველების ნაწილი გამოიყოფა. დაწვრილებითი ანალიზია წარმოდგენილი სახელთა რიცხვის, ბრუნებისა და გრამატიკული კლასების შესახებ მაგ.: მკვლევარი სინქრონულ ჭრილში განიხილავს არსებითი სახელის მრავლობითობის კატეგორიას და უჩვენებს, რომ აფიქსთა სიმრავლე ამ კატეგორიის გამოხატვისას აშკარად მეორეულია და გარკვეულ ფონეტიკურ ცვლილებათა შედეგია. ასევე: წოვათუშურის ბრუნვათა სისტემაში განსხვავებული რაოდენობის ბრუნვები გამოიყოფოდა (22-მდე), მკვლევარმა 10 მარტივი ბრუნვა გამოყო. ასეა განხილული სხვა მეტყველების ნაწილებიც. კავკასიურ ენებში (ისევე როგორც ქართველურში) განსაკუთრებით რთულია ზმნის კატეგორია. ნაშრომის ავტორმა ჩამოაყალიბა წოვათუშური ენის ზმნის უღვლილების მწყობრი სისტემა. სინქრონულ ჭრილში დააფიქსირა განვითარების დინამიკა – გამოყო უღლების არქაული და ინოვაციური ფენები.
    ნაშრომში ნაჩვენებია წოვათუშურის ერთპირიანი (მონოპერსონალური) ზმნების მრავალპირიანად (პოლიპერსონალურად) ქცევის ტენდენცია, რაც ფასეული დაკვირვებაა კავკასიურ ენათა ზმნის ბუნების შესწავლისათვის. ტრადიციული გაგებისგან განსხვავებით, ახლებურადაა დანახული ზოგიერთი ზმნური კატეგორია (კაუზატივი, ასპექტი…)
    წოვათუშურის ამ მთლიან მიმოხილვას მოსდევს მეცნიერის სტატიები წოვათუშური ენის ცალკეული გრამატიკული კატეგორიებისა და ამ კატეგორიათა მიმართების შესახებ ქართველური ენებისა (ტიპოლოგიური თვალსაზრისით) და ნახური ენების (გენეტური თვალსაზრისით) სათანადო კატეგორიებთან, კონკრეტული მასალიდან ამოსვლით განხილულია ენობრივი კონტაქტებისა და ინტერფერენციის საკითხები.
    თემატიკის თვალსაზრისით გამოცალკევებით დგას სტატია, რომელიც მხატვრული ტექსტის ლინგვისტური ანალიზის პრინციპებს განიხილავს. სტატიაში განხილულია პრინციპული საკითხი, როგორი ანალიზი უნდა მიეცეს მხატვრული ტექსტის უჩვეულო მოვლენებს, რომლებმაც სალიტერატურო ენის ნორმების ფარგლებში ვერ თავსდება, ლინგვისტური თვალსაზრისით; მაგ.: დ. გურამიშვილის “ვითა დავღამდი, ისე გავსთენდი” – სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით დავღამდი, გავსთენდი არასწორი ფორმებია, რადგან ეს ზმნები პირნაკლი ზმნებია; ანდა: გალაკტიონის “მგლოვიარე ბინდებით, იბურება ყვარელი”, ნორმის თვალსაზრისით – ბინდები – დარღვევაა, რადგან ამ არსებით სახელს მრავლობითი არა აქვს. მკვლევარი მხატვრული ენის მოვლენების ლინგვისტური ანალიზის დროს ენის სისტემურობის ცნებას ემყარება და ენაში გამოყოფს ორ სისტემას – ბაზისურსა და კონკრეტულს. ენის ბაზისური სისტემა აბსტრაქციაა და თეორიულად ყველა შესაძლებელ ვარიანტს მოიცავს, ის სიმეტრიულია, კონკრეტული სისტემა კი გარკვეულ დროში მოქმედებს და ასიმეტრიულია, ის ბაზისურ სისტემას ეფუძნება. დავღამდი, გავსთენდი, ბინდები ბაზისური სისტემით დასაშვები ფორმებია, რომელთაც ამ სისტემიდან შემოქმედის მხატვრული ალღო გამოიხმობს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხატვრული მოვლენის ლინგვისტური ინტერპრეტაციისათვის სხვა საშუალებებიც არსებობს.
    დაბოლოს, ნაშრომს ერთვის წოვა თუშური ენის ტექსტები – პროზაულიც და პოეტურიც – სათანადო ქართული თარგმანებით და ამ ტექსტების ლექსიკონით. ტექსტების ნაწილი მწერალსა და ფოლკლორისტს ივანე ბუქურაულს (1869-1943) ეკუთვნის. სამწუხაროა, რომ ეს ტექსტები ცოტაა.
    ერთ-ერთ წოვათუშურ ლექსში, რომლის ავტორი დავით არინდაულია, გამოთქმულია წუხილი საკუთარი ენის ბედზე, წოვათუშურის გულშემატკივარი კაცი თავისი კუთხის ხალხში “თვის ენის გადამრჩენელს” ეძებს:
    “ნეტავი კაცი მაჩვენა
    ამ ჩემი გულის გამგები.
    რომ არ დავკარგოთ ეს ენა,
    ჩემსავით გული სტკიოდეს.
    ვინა ხართ ყურის დამგდები.”
    ვფიქრობთ, რომ ასეთი “ყურის დამგდები” და “გადამრჩენელი” მონოგრაფიაში ჩამოთვლილი წოვათუშურის მკვლევარები და თავად “წოვა-თუშური ენის” ავტორიცაა.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • კრიტიკა,  რეცენზია

    ერაზმუს როტერდამელი – სისულელის ქება

    მალხაზ ხარბედია
    სიბრძნე სისულელისა
    ანუ, რატომ უნდა გამოვტოვოთ წიგნის კითხვისას შესავალი

    ერაზმუს როტერდამელი. სისულელის ქება. ლათინურიდან თარგმნა, შესავალი წერილი და შენიშვნები დაურთო ლალი კოჭლამაზაშვილმა. რედაქტორი ნანა ტონია. თბ. “ლოგოსი”, 2002.

    წაკითხვა, თარგმანება და შროშანთა შრიალი

    თავად ერაზმუსი ბრძანებს, “რაც უფრო ფართოდაა გავრცელებული ესა თუ ის მოვლენა, მით უფრო დასაფასებელიაო”. ჰოდა, მოდით დავაფასოთ ჩვენში ასე გავრცელებული სისულელე და მივუძღვნათ ერთი პატარა ხოტბა მასა და მის “განმადიდებელს”, ერაზმუს დეზიდერიუს როტერდამელს.
    წიგნის მთარგმნელმა თავისი წინასიტყვაობა შტეფან ცვაიგის სიტყვებით დაასათაურა – “დიადი მივიწყებული”, რომელიც მართალია მხოლოდ ერაზმუსს მიემართება, მაგრამ ამ ცნების ქვეშ ბევრი ის “უიღბლო” ავტორიც უნდა ვიგულისხმოთ, ვისაც დღემდე არ გაუმართლა და ვერ ეღირსა გადმოქართულებას. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, თუმცა ყველაზე სამწუხარო მაინც ისაა, რომ ქართველების უმრავლესობას ესა თუ წიგნი უკვე თარგმნილი ჰგონია ხოლმე და მისი პირველად გამოცემისას გაკვირვებულები კითხულობენ, “კაცო, ეს წიგნი ხომ თარგმნილი იყო?!”. ასე დაემართა ჩვენს სარეცენზიო წიგნსაც და უნდა ითქვას, რომ ამგვარი ფაქტი ერთი მხრივ გულგრილობასა და ინტელექტუალურ ამნეზიაზე, მეორე მხრივ კი გარკვეულ კულტურულ თვითდაჯერებულობაზე მეტყველებს.
    ჩემი აზრით, ეს წიგნი გამონაკლისია უკანასკნელი წლების გამოცემებს შორის და უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იგი შესაბამისი სამეცნიერო აპარატითაა აღჭურვილი (თუმცა, როგორც დავინახავთ, ამ გამოცემის სამეცნიერო ხასიათი გარკვეულ მიზეზთა გამო ეჭვს იწვევს). “სისულელის ქება” სათარგმნად ერთ-ერთ ურთულეს ტექსტს წარმოადგენს, ლათინური და ბერძნული ენების ფლობის გარდა იგი ისტორიულ-კულტურული კონტექსტის ღრმა ცოდნასაც გულისხმობს და მისი გადმოქართულება, ბუნებრივია, მთარგმნელისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ქალბატონმა ლალი კოჭლამაზაშვილმა მშვენივრად თარგმნა ეს წიგნი და ამომწურავი კომენტარებიც დაურთო, სადაც ვრცლად განმარტა ერაზმუსის ურთულესი ალუზიები. ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი უმთავრესი ღირსებაა წიგნისა და არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულად განვრცობილია ეს შენიშვნები (ამგვარი განვრცობა ხშირად ვნებს ხოლმე ტექსტს), არამედ იმის გამო, რომ კომენტარები არ შემოიფარგლება მხოლოდ მითოლოგიურ გმირთა სახელების უფერული და არაფრისმთქმელი განმარტებით, რითაც ასე ვართ “განებივრებული” ქართველი მკითხველი (ვთქვათ ასე: “ჰერაკლე – ზევსისა და ალკმენას ვაჟი, სასწაული ძალის პატრონი, დაიბადა თებეში და ა.შ.”).
    ძველი ლიტერატურის მოყვარულებს შევახსენებ პეტრონიუსის 20-იანი წლების შესანიშნავ, იარხო-პიოტროვსკისეულ გამოცემას (ამ წიგნის რეპრინტი, თუ არ ვცდები, 1990 წელს გამოვიდა), სადაც კომენტარები თავად ტექსტზე არანაკლებ საინტერესოდ იკითხება და საერთოდაც, კლასიკური ლიტერატურის ხშირად ფრაგმენტული, ან ბუნდოვანი ტექსტების ხარვეზებს სწორედ განმარტებათა სიმწყობრე გამოასწორებს ხოლმე.
    მთარგმნელმა წინასიტყვაობაც წარუმძღვარა ტექსტს, თუმცა სამწუხაროდ იმდენად “გააფართოვა” კონტექსტი, რომ მასში ერაზმუსისთვის ლამის არც დარჩა ადგილი. მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ახლა კი ისევ თარგმანს მინდა დავუბრუნდეთ.
    ქალბატონი ლალი დიდხანს მუშაობდა ამ წიგნზე და შესაბამისად თარგმანსაც ეტყობა ამ მრავალწლიანი და მრავალჯერადი წაკითხვა-თარგმანების კვალი. თუმცა მხოლოდ გარჯას ვერ მივაწერთ ასეთ წარმატებულ შედეგს, აშკარაა, რომ აქაც საქმე გვაქვს მთარგმნელისთვის აუცილებელ, თანაშემოქმედების იმ “დანაშაულთან”, რომლის გარეშეც ვერც ერთი კარგი თარგმანი ვერ შეიქმნებოდა.
    არ შემიძლია არ დავიმოწმო სიტყვათა თამაშზე აგებული ერთი არაჩვეულებრივი ალუზიის თარგმანი, რომელსაც ჰომეროსთან მივყავართ: “ტროას კედელთან მოხუცები მიმსხდარან და მუსაიფობენ, მათი ხმა კი შროშანთა შრიალს მოჰგავს”. მაინც რაში მდგომარეობს ამ ალუზიის არაჩვეულებრიობა და რითაა ამ მონაკვეთის თარგმანი განსაკუთრებული. მოგეხსენებათ, ერაზმუსის ეს ტექსტი სავსეა ძველბერძნული ფრაზებითა და გამოთქმებით (ქართულ თარგმანში ბერძნული ფრაზები განსხვავებული შრიფტითაა დაბეჭდილი) და ეს შედარებაც ძველბერძნულადაა მოყვანილი დედანში – “ტენ ლეირიოესან” (სიტყვა-სიტყვით ნიშნავს – “შროშანივით”). ჰომეროსის მთარგმნელთა უმრავლესობა გაურბის ამ უცნაური სიტყვის თარგმნას (ჰომეროსთანაა “ოპა ლეირიოესან”, რომელიც დაახლოებით ითარგმნება როგორც “შროშანთა შრიალის ხმა”) და იგი გადმოაქვთ როგორც “ჭიკჭიკი”. ჩემი აზრით, ქალბატონმა ლალიმ ძალზე ზუსტად თარგმნა ეს ფრაზა (ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სიზუსტე თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა პოეტურ თარგმანში) და ორი თანამჟღერი სიტყვის შეხამებით აღადგინა იმ კალამბურის მოხდენილობა, რომელიც ერთ სიტყვაში გულისხმობს “ლერონ”-საც (შროშანი) და “ლეირიონ”-საც (ჭკუასუსტობას).
    მეორე მაგალითი: დედანშია – Adde, quod suos ad immortalem vitam destinatos, oves appellat. როგორც ხედავთ, ლათინური ტექსტი არანაირი განსაკუთრებული კეთილხმოვანებითა და ალიტერაციულობით არ გამოირჩევა, აქ მხოლოდ რიტმი იმსახურებს ყურადღებას. მაგრამ ნახეთ, როგორ გადმოაქართულა მთარგმნელმა ეს წინადადება: “გავიხსენოთ ისიც, რომ უფალმა თავის რჩეულებს, მარადიული ცხოვრებისთვის რომ გამოარჩია, უწოდა ცხოვარნი”.
    ასეთი მაგალითები საკმაოდაა წიგნში, მაგრამ ახლა, მოდით ისევ ერაზმუსს მივხედოთ.

    რა საერთო აქვს თვალთმაქცობასა და ღვთისმეტყველებას

    ერაზმუსს რომ დიუმას ან მელვილის დროში ეცხოვრა, თავისი წიგნის შესავალ ნაწილს აუცილებლად თარიღის დასახელებით დაიწყებდა, დაახლოებით აი ასე: “1508 წელია და მივემგზავრები იტალიიდან ინგლისში….”, მაგრამ იგი თავისი ეპოქის ნამდვილი შვილი იყო და მას არაფერში სჭირდებოდა ამგვარი დაზუსტებები. მაშინ ხომ სხვანაირად იწყებდნენ ნაწარმოების წერას, მისალმებით, და სხვაგვარადვე ხედავდნენ დროს, რომელშიც წერდნენ. მაგალითად, თომას მორუსი თავის წიგნში პეტრე ეგიდიუსს ესალმებოდა, თავად ერაზმუსი კი….
    მაშ ასე, 1508 წელს, იტალიიდან ინგლისში გამგზავრებული ერაზმუსი “საერთო საქმეებზე” ფიქრით იმოკლებს გზას და გულს იმ მეგობრების გახსენებით იხალისებს, ვინც უძვირფასეს და უგანათლებულეს ადამიანებად მიაჩნია. ამ ფიქრსა და “ხალისობაში” კი ახალი წიგნის წახნაგები იკვეთება, რომელიც მომავალში ასევე ხალისითა და ლაღობით დაიწერება და ამ წიგნით, “სისულელის ქებით”, იგი ერთ-ერთ უძვირფასეს მეგობარს, თომას მორუსს მიესალმება. მორუსის წარმოსახვით კითხვაზე კი, “ეგ აზრი რომელმა პალასმა შთაგაგონაო” (სისულელისადმი ხოტბის შესხმა იგულისხმება) – უპასუხებს, “უპირველეს ყოვლისა მორუსთა საგვარეულო ზედწოდებამ, რომელიც ჟღერადობით იმდენად წააგავს სიტყვა “მორიას”, რამდენადაც პირადად შენ მისგან განსხვავდებიო.” აი, ასეთი პარადოქსით იხსნება ეს შესანიშნავი წიგნი და მთელს ნაწარმოებსაც სწორედ ეს დახვეწილი ირონია გამსჭვალავს. მართლაც პარდოქსულია ერთ წინადადებაში სიბრძნის ქალღმერთის, ათენასა (პალასი) და სისულელის (მორია) ეს უცნაური, ტკბილი მეზობლობა. ასეთი თვალთმაქცობა მკითხველსაც სათამაშოდ, სამღერელად განგვაწყობს და ძველბერძნულადაც, ირონია ხომ სხვა არაფერია თუ არა თვალთმაქცობა, თავის მოჩვენება.
    “თუმც სისულელეს ვაქებ, მაგრამ არც თუ სულელურად”, გვეუბნება ავტორი და კიდევ ერთ ხაფანგს გვიგებს, შემდეკ კი, როცა “გაუჩალხავ და შეუწონელ, მაგრამ სანაცვლოდ მართალ სიტყვას” უწოდებს თავის წიგნს, თითქოს ყველაფერი ნათელი ხდება: რომ ესაა წიგნი სისულელის სიბრძნისა, წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიცრუითა და აჩრდილით, ანუ სატირული გამონაგონით, ჭეშმარიტი საღვთისმეტყველო სიმაღლეების წვდომა.
    “სისულელის ქებაში”, პროტაგონისტი, ქალბატონი სისულელეა და იგი თავიდანვე პლატონურ და საღვთისმეტყველო ცნებების აურაში გვხვევს, როცა გვეუბნება: “რა ძალა მადგას, ჩემი აჩრდილი და ხატი წარმოგიდგინოთ, როცა თავად მე ვდგავარ თქვენს თვალთა წინაშეო”. თუ მეხსიერება არ მღალატობს, umbra (აჩრდილი) იგივეა რაც პლატონის “ეიდოლონი”, “რესპუბლიკის” მეშვიდე წიგნის გამოქვაბულის ანალოგიის ცენტრალური ცნება, imago (ხატი) კი სხვა არაფერია თუ არა ბიბლიური “ეიკონი”: “და შექმნა ღმერთმა კაცი სახედ და ხატად თვისად”. მოგვიანებით, ტექსტში ეს ცნებები რამდენჯერმე დაზუსტდება და ბოლოს უკვე თავად სისულელე წარმოგვიდგება სიბრძნედ და სიქველედ: “…რამხელა სიქველეა სისულელე! ჩემდამი მობაძვა, ჩემს ცრუ აჩრდილად თავის გასაღებაც კი რაოდენ საპატიოა და განსწავლულთაგან რა ქებას იმსახურებს!”
    როგორც ხედავთ, აქ უკვე ყველაფერია, imitatio dei (ღვთის ბაძვა, ოღონდ ამ შემთხვევაში ინვერსიული), პლატონისეული ცრუ აჩრდილი და ის ზემოხსენებული თვალთმაქცობაც (ირონია), რის შემდეგაც ქალბატონ მორიას ეკლესიასტეს სიტყვები მოყავს: “როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელეო” და იქვე დასძენს, “გულისხმაჰყავით, სისულელეს აქ სიბრძნის მომდევნო ადგილი უჭირავს… და იმედი მაქვს თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ეკლესიური წესის თანახმად ის, ვინც ღირსებით პირველია, იკავებს უკანასკნელ ადგილს, რათა მუდამ ახსოვდეს სახარების მცნება”.
    ცხადია ავტორი აქ მათეს სიტყვებს გულისხმობს, “ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკუანანი წინა”, ანუ ხდება ადგილების შეცვლა, ირონიულ-სატირული და საღვთისმეტყველო, სიბრძნე და სისულელე უკვე ერთი ხმით გვესაუბრება და უფრო მეტიც, პლატონის სახელის ხსენებით ჩვენი, მკითხველის ჩათრევასაც აპირებს ამ თვალთმაქცობაში: “სიტყვებს ამ თავიდან (ზირაქის ერთ-ერთი თავის ერთ-ერთ მუხლს გულისხმობს (41. 15): “სჯობს კაცი, თავის სიბრიყვის დამფარველი, კაცს, რომელიც თავის სიბრძნეს მალავს.”), ჰერაკლეს ვფიცავ, მოვიყვან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, ჩემს მიერ დასმულ კითხვებს სათანადოდ უპასუხებთ და ხელს შემიწყობთ, როგორც სჩადიან ამას პლატონის დიალოგებში ისინი, ვინც სოკრატეს ემსჯელებიან” – არადა მართლაც, “სათანადო პასუხის” გარეშე შეუძლებელია ერაზმუსის სიტყვების გაგება. პლატონთან ხომ პირიქითაა: მისი პროტაგონისტი, სოკრატე სწორედ თავის სიბრძნეს მალავს, თვალთმაქცობს, თავს გვაჩვენებს, ვითომ არაფერი იცის, მაშინ როცა მორიას მიხედვით, ადამიანები ყოველთვის სისულელეს ვმალავთ ხოლმე, ვუფრთხილდებით, როგორც რამე განძს. მასთან სისულელე მიამიტია, ხოლო ბრძენს თავის სწორად არავინ მიაჩნია; უგუნური მთვარესავით იცვლება – ბრძენი კი მზესავით უცვლელია. ხოლო ამას ერთ დასკვნამდე მივყავართ – “ადამიანთა მოდგმა ერთიანად სულელია, ოდენ ღმერთს შეჰფერის, იწოდებოდეს ბრძენად”.
    აი თურმე რაშია საქმე, თურმე რომელი საღვთისმეტყველო სიმაღლეებისკენ მივყავდით ჩრდილოელი ბრძენის ბილიკებს და საით მიაპყრობდა ჩვენს ყურადღებას ერაზმუსის სატირული კალმის ფხაჭუნი. მაგრამ სისულელე რისი სისულელეა, თუკი ისევ თავგზა არ აგვიბნია და არ გაგვიფანტა მოპოვებული სიცხადე: “ვშიშობ, ვინმემ ბრალი არ დამდოს, ვითომც იდუმალ გამეძარცვოს ჩვენთა მოძღვართა ზანდუკები, რაკი თეოლოგიური საკითხების ასეთ ღრმა ცოდნას გავამჟღავნებ. ნურც ძალიან გაიოცებენ, რამეთუ ამდენი ხნის მანძილზე მათთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა; ჰოდა, მათი ჩვეულებანიც შევითვისე ისევე, როგორც იმ ლენჩმა პრიაპუსმა დაიზუთხა ზოგიერთი ბერძნული სიტყვა, უსმინა რა თავის პატრონს; ანდა ლუკიანეს მამალივით, ადამიანებთან ხანგრძლივი თანაცხოვრების შედეგად ლაპარაკში რომ გაიწაფა.”

    ვისი ზანდუკები გაძარცვა ერაზმუსმა

    რა თქმა უნდა, არავისი. იმათ, ვისაც ერაზმუსის ბასრი კალამი მიემართება, ვერაფერს მოპარავ, ძარცვით ვერაფერს დააკლებ. ამ ხალხს იგი ბრძენთუსულელესთ (მოროსოფუს) უწოდებს. ეს ის ტუტუცები არიან, ვინც ბრძენკაცებად და თალესებად მოაქვთ თავი, მაშინ, როცა ათეულობით წელი ღვინის სარდაფში, “შემსრუტავი ღრუბლის ცხოვრებით” გაატარეს. “ფუჭსიტყვაობენ იმ თავიანთ სკოლებში, თავი მოაქვთ მსოფლიო ეკლესიად, რომელიც თუმცაღა დასანგრევადაა გამზადებული, მაგრამ ესენი სილოგიზმების ბიჯგს, ვითარცა დედაბოძს, შეუყენებენ, მსგავსად ატლასისა, პოეტთა თქმით, მხრებით ცის თაღს რომ შესდგომია”.
    ახლა კი პოეზიისაც ვთქვათ, რადგან ერაზმუსი პოეტური შთაგონებით ანგრევს ზემოხსენებულ სილოგიზმებს და ამბობს კიდეც, “მუზების შემწეობით დავარღვიოთ” ესა თუ ის სილოგიზმიო. ამ მახინათა შემოქმედნი კი ისინი არიან, ვინც საიდუმლოს, ვითარცა ცვილს, სურვილისამებრ ფორმას უცვლიან; ვინც რამდენიმე სქოლასტიკოსის მოშველიებით გამოწურულ დასკვნებს ყველაფერზე მაღლა აყენებს, ქვეყნიერების კანონმდებლად მიიჩნევს თავს და განკვეთს ყველას, ვინც კი გადაუხვევს მათ მიერ ნათლად თუ ჩახლართულად ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს. ერაზმუსი “ოქროს საუკუნის” ალალ მოდგმას გვახსენებს, როცა არც გრამატიკის ცოდნა იყო საჭირო, არც დიალექტიკისა და არც რიტორიკისა, რადგან სხვის საქმეში არავინ ერეოდა. აწმყოსთვის კი ერაზმუსი შემდეგ “რეცეპტს” იძლევა: “მე თუ მკითხავთ, ქრისტიანები ერთობ გონივრულად მოიქცეოდნენ, უკეთუ თურქებისა და სარკინოზების წინააღმდეგ ჩასკვნილ ჯარისკაცთა რაზმების ნაცვლად, რა ხანია, ცვალებადი და საეჭვო წარმატებით რომ იბრძვიან, გააგზავნიდნენ მყვირალა სკოტისტებს, უჯიათ ოკამისტებს, უძლეველ ალბერტისტებს და მთელ ამ სოფისტურ მხედრიონს. ვფიქრობ ვიხილავდით ყველაზე მზაკვრულ ომს და ჯერაც არნახულ გამარჯვებას. განა ვინ უნდა იყოს ისე სისხლგათოშილი, რომ არ აანთოს მათმა უიშვიათესმა გონებამახვილობამ? ან ისე ჩლუნგი, რომ ამ ნესტარივით მჩხვლეტავმა ენამ არ ააღელვოს? ან ისე თვალგამჭრიახი, რომ ასეთ უკუნ წყვდიადში მართლა გაარჩიოს რამე?”

    “არც ცას შეეხება და არც მიწას”

    ერთი სიტყვით, სრულიად ნათელია თუ საითაა მიმართული ერაზმუსის მახვილი მზერა და ბასრი კალამი, თუმცა მთარგმნელის წინასიტყვაობის მიხედვით სხვა სურათი იხატება. წერილი, უხვი პუბლიციზმების გამო, სცილდება ერაზმუსს. ექსკურსი, რომელსაც 30 გვერდი აქვს დათმობილი (წინასიტყვაობის 54 გვერდიდან), ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ერთ რამეს ისახავს მიზნად, რათა მკითხველის ყურადღება ტექსტიდან გარკვეულ იდეოლოგიურ საფუძვლებზე გადაიტანოს, რაც საბოლოო ჯამში, სამეცნიერო გამოცემის სტატუსს უკარგავს წიგნს.
    საბჭოთა პერიოდის გამოცემებიდან ხშირად გვახსოვს ასეთი მაგალითები, მაგრამ სამწუხაროა, რომ იგივე პათოსი აღმოჩნდა წამყვანი ამ გამოცემისთვისაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ ერაზმუსის დასაცავად (მომხვდური სქოლასტიკოსებისგან) მართლმადიდებელი ავტორიტეტების ნაცვლად მარქსიზმის მამებს მიმართავდნენ.
    ხსენებულ შესავალშიც ხშირად შეხვდებით იმდროინდელ ლექსიკას, საეჭვო წარმოშობის ცნებებს (მაგ. “პაპიზმი”) და მოძველებულ შეფასებებს, რომელიც ხან “მოჩვენებით სამყაროდ” წარმოგვიდგენს დასავლურ ქრისტიანობას, ხან კი ჰუმანიზმს მიაწერს რაღაც წარმართულ ვნებებს: “პირველ რიგში, ეს ადამიანები – ჰუმანისტები, თავად წარმოადგენენ თითქმის უკვე გარდასული დასავლური შუასაუკუნეების, ანუ გაყალბებული ქრისტიანული სწავლების პროდუქტს. ხოლო მათ ბედისწერად იქცა, პაპიზმთან და სქოლასტიკასთან ბრძოლის მოტივით, საზოგადოდ ეკლესიისა და რწმენის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი სამუშაოს ჩატარება.”
    ძალზე საინტერესოდ ჟღერს ანტიკურობის დაისის ქ-ნ ლალი კოჭლამაზიშვილისეული ვერსიაც: “ძველ ბერძნებს, მიუხედავად მათი რაციონალიზმისა, გრძნობათა და ვნებათა სინაღდე ახასიათებდათ. გულწრფელი იყო აქილევსი, როცა მეგობრის მკვლელს გაენთო რისხვით შეპყრობილი; იმდენად გულწრფელი, რომ ნაწინასწარმეტყველები გარდუვალი სიკვდილიც არად ჩააგდო და ომში შევიდა. თვით მოხერხებული ოდისევსიც კი გრძნობათა სიმართლეს სცემდა პატივს. აკი ერთგულ პენელოპესაც ამისთვის მოუწყო გამოცდა. სოკრატემ ნამდვილი შხამით სავსე ფიალა გამოსცალა და ოიდიპოსმაც საკუთარი ხელით დაითხარა თვალები. ძველბერძნულმა კაცობრიობამ თავისი ნებით დათმო თვალთა ჩინი, რათა მოეპოვებინა მხედვარეობა სულისა, რათა დარღვეულიყო ძველი ტაძარი და მის ნაცვლად ახალი აღმართულიყო.” ანუ ავტორი აქ ლიტერატურულ პერსონაჟთა გარკვეულ ქმედებებს სახავს მიჯნად და განმსაზღვრელად ცნობილი მოვლენებისა და საერთოდაც, შესავლის ზოგად ინტონაციასაც თუ გავითვალისწინებთ, ხელში რაღაც ქადაგებისმაგვარი ოპუსი შეგვრჩება.
    შესავლის ბოლოს, ქალბატონი ლალი აღნიშნავს: “ერაზმუსს სწავლობენ, მის შესახებ იწერება და იბეჭდება მეცნიერული სტატიები, მონოგრაფიები. ყურადღებას იმსახურებს მისი ბიოგრაფია, მისი სტილი, მისი ლათინურის დახვეწილობა, მისი შეუდარებელი იუმორი, მისი სამშვიდობო მოწოდებები, ერაზმუსი და რეფორმაცია, მისი ურთიერთობა დოქტორ ლუთერთან, ანტიკური სამყაროს რემინისცენციები მის შემოქმედებაში და ა.შ. მისი სულიერი იდეალები კი ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს. ერთი სიტყვით, იგი აქციეს წარსულის რელიქვიად. კულტურის ისტორიაში კი ერაზმუსი ძირითადად ერთი წიგნის – “სისულელის ქების” ავტორად მოსჩანს.” არადა ასე ნამდვილად არაა, უფრო პირიქით, ერაზმუსის ყველა სერიოზული მკვლევარი რატომღაც ნაკლებ ყურადღებას აქცევს ამ ტექსტს. მათ, როგორც წესი, ერაზმუსის სხვა წიგნები აინტერესებთ ხოლმე. ხოლო რაც შეეხება ფრაზას, “მისი სულიერი იდეალები კი ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს”, აქ აშკარად ინფორმაციულ სიმწირესთან გვაქვს საქმე. ნებისმიერი რჩეული ბიბლიოგრაფიის გადათვალიერება საკმარისი აღმოჩნდება, რათა მივხვდეთ, რომ ერაზმუსის შესახებ დაწერილ წიგნებში სწორედ ეს თემატიკა ჭარბობს, დილთაიდან და ტრელჩიდან დაწყებული – მარგოლენითა და კოლსით დამთავრებული.
    რა თქმა უნდა, შეუძლებელია მოვიაზროთ “სისულელის ქება” იმ უზარმაზარი კონტექსტის გარეშე, რომელიც ანტიკურობიდან იღებს სათავეს, მაგრამ ეს არ უნდა გაკეთდეს ტექსტის საზიანოდ, რადგანაც ქალბატონი ლალის შესავალ წერილში სულ სხვა პათოსია წამყვანი, სხვა დისკურსის ხმა ისმის, რომელიც, როგორც თავად ერაზმუსი იტყოდა, ამ შემთხვევაში, “არც ცას შეეხება და არც მიწას”.

    “ტელოს”

    ეს სიტყვა ძველბერძნულად დასასრულს ნიშნავს, ამ სიტყვით მთავრდება “სისულელის ქება” და მეც იძულებული ვხდები დროებით დავემშვიდობო მის ავტორს და დავხურო წიგნი, გვერდზე გადავდო, მაგრამ იმ იმედით, რომ ასეთ მკაფიო დასასრულს სხვა, ახალი დასაწყისები მოჰყვება. ჩვენს გულისყურიან მკითხველსაც ამ იმედით დავემშვიდობები და ერაზმუსის პერიფრაზით დავამთავრებ წერილს – მაშ ჯანმრთელად ბრძანდებოდე, იცოცხლე, იხარე და ილხინე ლიტერატურის დიდებულო, ღირსეულო მრევლო.

    © “წიგნები – 24 საათი”