• პოეზია (თარგმანი)

    ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი – ლექსები

    ფრანკონული ალუბლის ბაღი იანვრის თვეში

    1.
    რაც აქამომდე იყო ხე, იყო შტო, იყო სხტე, იყო ხერგული –
    თოვლის-მიერ გაცრცნილ ჰაერში
    ნამლევი ესე ნაკვალევი, ტუშით მოსმული,
    ვით სიტყვა ერთი ფურცელზედან დაჩნეული,
    ვეებერთელა ემაგ სითეთრეს დაენთქმება.
    აეხატება სრულიადმცირე მშვენება იგი განტოტვილი
    თეთრსა ცასა; მალალთითება, იგი,
    თითქმისდა უხსოვნელი, თითქმისდა სუსხი უიოლესი,
    დროჟამს თითქმისდა განრინებული;
    თითქმისდა ასე: არც ზეითური, არც ქვეითური, თვალთმიუკვლევი
    წირი მქრქალი, ცას და გორმახებს გაკიდული,
    სულ ოდნავ თეთრი, ისევე თეთრში ჩატეული,
    თითქმის არარა –

    2.
    მყოფობს მაინც,
    ვიდრე ფურცელი ესე, ალაგი ესე, წამი ესე
    სულმთლად თეთრად მოიქცეოდეს.
    ფეთება იგი ფერთა მცირეთა,
    ძნელგანსაჭვრეტი, ჩინობს მაინც ისევ და ისევ:
    მწირზემწირთა ესრეთ წინწკალთა სპა ურაცხავი,
    თუთიისფრად, ტყვიისფრად; ცარცისებრ,
    ანდა თაბაშირისებრ, რძისებრ თეთრი; გადაპენტილი, ობისფერი, –
    თვითეული განცალკევებით,
    აგრერიგად მრავალხმიერად, ნათლად აგრერიგ დაწინწკლული
    სასიკვდილო დღესასწაული ნაკვალევთა:
    კონა და კონა კნინი სითეთრე იღაღადებს
    მძლეთამძლეობას ზანტი მთქნარებით დავანებული მარადისობის.

    3.
    თითქმისდა ასე: არარასა და არარას შუა
    ძალიანდება და, თეთრად ჰყვავის ხეი ალუბლის.

    თარგმნა ბესიკ ადეიშვილმა

    ქვეყნის ენა

    Ostendebat namque varium iracundum iniustum
    inconstantem, eundem exorabilem clementem
    misericordem, gloriosum excelsum humilem,
    ferocem fugacemque et omnia pariter.
    Plinius, Hist. nat. CCCV, CCCVI.

    რა დამიკარგავს აქ,
    ქვეყანაში, სადაც უწყინრად
    მომავლინეს ჩემმა მშობლებმა?
    ვარ მკვიდრი, თუმცა უნუგეშო,
    მიმოკარგული,
    ადგილობრივი ამ საამო უბედობაში,
    თვითკმაყოფილ, ლამაზ ხაროში.

    რა გამაჩნია მე აქ? ანდა, რა დამკარგვია
    ამ სასაკლაო ველზე, ზღაპრულ ამ საღორეში,
    სადაც ყველა და ყველაფერი აღმავალი, მაგრამ არა წინმავალია,
    სად მოყირჭებას საიმედოდ დაუდევს ბინა,
    დელიკატესით მოვაჭრეთა მაღაზიებში ცარცივით თეთრი სიღარიბე
    ხრინწიანად სადაც ხრიალებს და შედღვებილი ნაღებიდან ამოიბღავლებს:
    ყველაფერი აღმავალია!
    სადაც ღარიბი მდიდრებისგან რაღაც ერთი მოგების იქით სხვები – მდიდარი ღარიბები –
    თავ-თავიანთ კინოსკამებს აღტაცებით აცამტვერებენ,
    აქ დაცემიდან დაცემამდე ყველაფერი აღმავალია,
    გადასახადთა ბალანსი სადაც იგალობებს ოსანას და ნეტარ არიან-ს
    და ბღავის: არა, საკმარისი სულაც არ არის
    თავისუფალი დროის ქროლვა და გაქანება თვალშეუვლები,
    ეს უმცირესი ზარალია, ნახევარია,
    არაფერს ნიშნავს, საკმარისი სულაც არ არის,
    ყველგან და ყველგან რომ დაძრწიან სატარიფე პარტნიორები
    და იღერებენ დაბერილ მუშტებს და მოილხენენ
    და მღერიან და ასე ამბობენ:
    აქ ყველაფერი აღმავალია,
    ჩინებულია მართლაც აქ ყოფნა,
    აქ ხომ უკუსვლაც აღმავალია,
    ერთი მმართველი აქ მეორე მმართველ ბატონს ლოცვანით ბომბავს,
    მსუბუქად დაშავებულები აწარმოებენ ომს მძიმედ დაზარალებულებთან,
    რასაც აქ ჰქვია უმოწყალო სათნოება ერთურთის მიმართ,

    და ეს მცირედი ბოროტებაა,
    ეს არ მაკვირვებს,
    მუშტრები ამას ეგუებიან,
    სწორედ აქ, სადაც ერთი ხელი მეორეს იძენს,
    გულზე დავიდოთ ხელი, ჩვენ აქ თავი ქუდში გვაქვს,

    აქ დავემკვიდროთ,
    ამ არიულ ჯართის გროვაზე,
    ამ მოღრჭიალე მანქანსადგომზე,
    სადაც ნანგრევებს ნანგრევები ამოეზრდებათ,
    ახალთახლები, ნანგრევები მარაგად და განვადებითაც,
    გამოწერითაც, ჩამოწერითაც:

    დიდებულია მართლაც აქყოფნა,
    მოხმარებულ მომხმარებელს,
    რაც მცირედი ბოროტებაა,
    სადაც თმა სცვივა,
    გოფრირებული მუყაოთი და ცელოფნით სადაც
    დაუფარავს წარმატებული თავისი თავი,
    სადაც იგი, არარსებული, ორმოდან ყვირის:
    აქ დავემკვიდროთ,

    მკვლელთა ორმოში,
    აქ, სადაც კედლის კალენდარი, სიჩქარისგან და უმწეობისგან, თვითვე იფურცვლის
    და სადაც ნაგვის ბუნკერებში ნამყო ფუვდება,
    ხოლო მერმისი აკრაჭუნებს პროთეზის კბილებს,
    ამის მიზეზი ის არის, რომ ყველაფერი აღმავალია,
    ჩვენ ყველაფრისთვის მათეთრებელს ვიყენებთ ჭარბად,
    და ეს ისეთი ჩვეულებრივი საქმეა, რომ სულ არ მაკვირვებს,

    ჩვენ ოქროს კვეთის სიზუსტით ვწევართ
    აქ, პოზიტივი სადაც აღწევს უმაღლეს ნიშნულს,
    და ის სავაჭრო პალატების არის სუდარა,
    მინა-ჯავშნის ქვეშ მოთავსებულს დასაკრძალად მიასვენებენ,

    სადაც, ბრმებს შორის, თავს კარგად ვგრძნობთ,
    სადაც სავაჭრო ცენტრები და მორგები და იარაღის საწყობები ჩვენი სახლია,
    და ეს როდია ყველაფერი, ეს ხომ მხოლოდ ნახევარია,
    ეს განზრახ დაკონსერვებული უდაბური ადგილებია,
    წარმატებული სიშლეგეა, ეს არის ცეკვა
    გაცრეცილი წაულას ქურქით, დამტვრეული მუხლებით ცეკვა,
    ამნეზიის მარადიული გაზაფხულის ჟამს,

    ეს სხვა ქვეყნებზე ბევრად უფრო სხვა ქვეყანაა,
    მე ამას ვნანობ, და რომ ვნანობ,
    უმცირესი ბოროტებაა, რადგან სიმართლე ის არის მხოლოდ,
    რასაც ამ ქვეყნის მსხვერპლად ქცეული, ჩვეულებრივი მკვდარი ხალხი
    ქვესკნელიდან ამოიყვირებს, რაღაც უხმოს და წარუმატებელს,
    რაც ხმაგაუმტარ საფარს აწვება ქვემოდან და
    დაფარავს და სწრაფად მუქდება,
    დალაქავდება, დასველდება და გუბურად გადაიქცევა,
    და ეს სავსებით ჩვეულებრივი გუბურაა ის, რაც მას ტბორავს,

    სახლის სულებსაც დატბორავს და
    ძმები გრიმების ლომჩიტასაც, ნაირბეწვასაც
    და მათ მშვენიერ რაპუნცელსაც, აქ ისინი აღარ არიან,
    არც ქალაქები არსებობს უკვე, აღარც თევზები,
    ამ გუბეში ამოიხრჩო ეს ყველაფერი,

    სამსახურსა და საცხოვრისს შორის ხანგრძლივ სავალს შეტოვებული, მუყაითი და დაუცველი
    ჩემი ძმებივით,
    რარიგ განვიცდი მათ ბედს, ღვთისმოსავ ამ მართლმსაჯულთა ბედსაც განვიცდი,
    გაზისკაცების გამოც ვწუხვარ, მერე როგორ დააბოტებენ ბევრნი და ბევრნი,
    დასაპლომბი ხელსაწყოებით, მძიმე-მძიმე ნაბიჯებით,
    არარსებული ჩექმებით და უფსკრულის გავლით,
    კეფაში მტკიცედ ჩაჭედილიDდამღით, თანახმად განაწესისა:

    რომ ყოფილიყო ეს ხალხი მსგავსი სხვა ხალხებისა,
    სულ სხვა, სავსებით ჩვეულებრივი იქნებოდა ეს ქვეყანაც
    და არა – ღამის და ნისლის მხარე,
    არარსებულით გადავსებული,

    მათ არ იციან, ვინ არიან, არც სურთ იცოდნენ,
    ამ ქვეყნად მოხვდნენ
    ამ ქვეყნიდან გაქცეულები
    და გაქცეულნი უნდა იყონ კუბოს კარამდე:

    რომ ყოფილიყო სხვაგვარად, მაშინ მათი შველაც იქნებოდა შესაძლებელი,
    იქნებოდა რჩევებიც და შინაგანი კმაყოფილებაც,
    არ იქნებოდა ეს ყამირი, მტრული ქვეყანა!

    რა დამიკარგავს აქ, რას ვეძიებ
    და ვიჩიჩქნები ამ დაუმდგარ და ბნელ გორგალში
    ერთმანეთში გახლართული ორთაბრძოლის იარაღების, ტკბობის ნიშნების,
    ქუდში გასარჭობ ფრთებისა და სეზონური ფასდაკლებების, განა რას ვპოვებ,
    თუ არა ისევ ქრონიკულად, ქრონოლოგურად მოწესრიგებულ სპორტულ დარბაზებს,
    თუ არა საქმის მწარმოებლებს კაცობრივისთვის
    ყაზარმებში ყაზარმების ყაზარმებისთვის:

    რა მესაქმება აქ? რა უნდა ვთქვა?
    რომელ ენაზე? ვის გასაგონად?
    აქ არჩევანი დანასავით მესობა გულში,
    ვნანობ, და ვიცი, ეს მცირედი ბოროტებაა,
    და ის ყვირის და აღარ წყვეტს ყვირილს,
    ცისკენ მიიწევს მცირე-მცირე შეყვირებებად,
    უნდა, რომ უფრო დიდი ჩანდეს, ვიდრე არის სინამდვილეში,
    მაგრამ ეს მთელი სულაც არ არის;მხოლოდ დ და მხოლოდ შემზარავი ნახევარია,
    ეს საკმარისი არ არის ჯერაც:

    რადგან შიმშილით ცოფშეყრილი ეს ქვეყანა
    თავად ითხრის გამრჯედ სამარეს,
    ეს ქვეყანა თავის თავს თვითვე გამოყოფია,
    გული, შიგნიდან განწვალული და დარღვეული,
    მიწყივ უაზროდ მოწიკწიკე, ბომბი ხორცისა,
    ჭრილობა სველი, არარსებული:

    გერმანეთი, ჩემი ქვეყანა, უწმინდური გული ამ ხალხთა,
    საკმაოდ სახელშელახული, ჟამით ჟამამდე,
    ჩვეულებრივი ყველა ხალხის წარმოდგენაში:

    მე და ჩემი ორი ქვეყანა, ჩვენ ვართ ერთურთს გაყრილი ხალხი,
    და მაინც აქ ვარ, შეუპოვრად, ამ ყველაფრის მიუხედავად
    და, მგლოვიარე, ვეკითხები ჩემს თავს:
    მე აქ რა დამიკარგავს?

    ის დამიკარგავს სწორედ,
    რაც მე ენაზე მადგას,
    რაღაც სხვა, მთელი,
    მთელ მსოფლიოს გაბედულად რაც ეხუმრება
    და არ იხრჩობა ამ გუბურაში,

    უცხო, განწვალულ ამ ხრიალს რაც დაუტანია,
    გაზეთ ახალი გერმანიის დაპრესილ ხრიალს,
    “ფრანკფურტერ ალგემაინეს” ხრიალს
    (რაც მცირედი ბოროტებაა),
    პირდამუწული ხრჩობა, რომელმაც სულ არ უწყის საკუთარი თავის შესახებ,

    რომლის შესახებ არაფერი მინდა ვიცოდე, სანიმუშო ქვეყანა და
    მკვლელების ხარო, სადაც სულით და გულით ჩააგდესჩემი ნახევრად ცოცხალი ხორცი,
    აქ ვრჩები ახლაც,
    ვმეტოქეობ, უკან არ ვიხევ,
    აქ დავრჩები ერთი ხანობა,
    ვიდრე აქედან სხვა ხალხისკენ გავეშურები,
    და დავისვენებ მე სავსებით ჩვეულებრივ ქვეყანაში,
    ოღონდ აქ არა,
    ოღონდ არა აქ.

    ლექსი ლექსების არმკითხველთათვის

    ვისი ყვირილი გამოისმის ნაწყვეტ-ნაწყვეტი
    ნისლის საკნიდან? ეს ვინ მოცურავს
    ყელზე რეზინის რგოლჩამოცმული,
    მარტის მაგარი ლუდის და სისხლის
    მდუღარე ტბორს გამოღწეული?
    ისაა სწორედ,
    ვისთვისაც მტვერში ვკაწრავ ამ სიტყვებს,
    ვინც მათ ვერასდროს ამოიკითხავს.

    ვინ ჩამარხულა ერთიანად გაზეთებსა და
    ქაქში? ვისა აქვს ურანი შარდში?
    ან წებოვანი ფურთხით თათბირებს
    მიწებებული ვინ არის? ან ვინ
    ამოვლებულა ტყვიაში?
    ნახე,
    ანტენით კეფადამშვენებული,
    უტყვად იცოხნის ბინძური ტვინით.

    რა მოვუხერხოთ დაგმანულ ყურებს,
    ოდენ სარკალში ამოვლებულებს,
    გამოხვეულებს ბირჟის ურიცხვ ბიულეტენში,
    რეგისტრატურის პირქუშ შეკვრებად
    პირადი ნებით ჩამოშტამპულებს?
    ვირჯები
    ჩლუნგი გამცემლების ყურთათვის, და მათ
    მივმართავ ცივად, როგორც ღამე, დაბეჯითებით.

    რა ღმუილია, ჩემს სიტყვებს რომ
    ერთბაშად შთანთქავს? ეს ხომ ყეფაა უწმინდური
    საუწყებო იმ არწივების, რომლებიც
    ცაში, მთლად უსულოდ დატოვებულში,
    ჩვენ გვდარაჯობენ.
    ღვიძლს,
    ჩემსას და შენსას კორტნიან,
    მკითხველო, ლექსებს რომ არ კითხულობ.

    ლიქენთუწყება

    I
    ქვა რომ მეტყველებს,
    გასაკვირი სულაც არ არის.
    მაგრამ ლიქენი?

    II
    საკუთარ თავს აღწერს ლიქენი,
    ჩაეწერება, იდუმალი
    ანბანით წერს
    სიტყვაუხვ დუმილს:
    Gრაპჰის სცრიპტა.

    III
    ის დედამიწის
    ნელიადი უწყებაა,
    ეს უწყება არასდროს მოდის:
    ის ყველგან უკვე-მოსულია,
    თუნდაც ცეცხლოვან მიწაზე და
    საფლავის ქვებზე.

    IV
    “ვის შეგიძლიათ ამის წაკითხვა!”
    ამ გამხმარ ფილტვზე
    უფრო იოლად იშიფრება
    ძველი სიბრძნე, პაპირუსი,
    სილუეტური პორტრეტი, ტვინი.

    V
    უიარაღოდ
    იბრძვის იგი სიცოცხლისთვის
    და არ მარცხდება.
    (მე მას თქვენც გამჩნევთ:
    არკი გჯერათ,
    რასაც მე ვამბობ.)

    VI
    არ მოხდება, ლიქერმა რომ წაიბორძიკოს.
    არ ცუდდება მისი ნაღვაწი.
    გავიგე, განასაზოგადოვა
    მან, ხოტბის ღირსმა კომუნისტმა ქალმა,
    თავისი საწარმოო საშუალებები.

    VII
    ამ ჩვენი არეულობებით ყელამდე სავსეს
    ხშირად მწყურია,
    თვალი ვკიდო ლიქენის იერს.
    დამიდგით მთა და
    დაგანახებთ, რასაც ვგულისხმობ.

    VIII
    ისლანდიურო ხვიფლო, ჭაღარავ,
    ჩვენს საოჯახო აფთიაქში
    ვინ შემოგაგდო?
    აუღელვებლად გვეხმარები,
    სისხლს რომ ვახველებთ.

    IX
    იტყვით, რა უნდა, რას მიელტვის,
    რა ლიქენი აიხირაო?
    ახლა დადგეს და ხვიფლი ცოხნოს,
    ჩვენ დრო არ გვაქვსო.

    X
    აი, ლიქენს კი
    დრო ბევრი აქვს,
    ათასწლოვანი
    თქვენს ფეხქვეშ რომ წევს,
    ბარბაროსას ქუსლმაც
    ტკეპნა, მაგრამ ლიქენს
    მისი ქუსლი სათვალავშიც არ ჩაუგდია.

    XI
    მხედართა სასტიკ
    ბრძოლებს როდი შეუღებავთ
    ძოწისფერი ხვიფლი ძოწისფრად,
    ის მაშინაც ასეთი იყო.

    XII
    უსისხლო ფილტვი, ჟანგისფერი,
    ზაფრანისფერი, მარჯნისფერი, ფორთოხლისფერი,
    წითლად ფერილი იისფერი, ატმისფერი და ჭარხლისფერი,
    და ყველაფერი – რუხ ნიადაგზე,
    შპიტცბერგენის კუნძულების
    რუხ ნიადაგზე.

    XIII
    არც ერთი ჩვენი ჭეშმარიტება არ ამჟღავნებს ასეთ სიმტკიცეს.
    სწორედ ლიქენი ფარავს მკვდარ მერქანს,
    აგურის ღორღებს, კერპებს და ლავას,
    არის ტაძრების დაქცევის და ნანგრევების ჭირისუფალი.
    ჩრდილოური ირმის ხავსი,
    თითქმის თეთრი, მაგრამ არა სრულიად თეთრი.

    XIV
    არ ვიცი, კლდეს თუ შეუძლია
    ლიქენს აღუდგეს.
    როდი აფეთქებს კლდეს ლიქენი,
    მასზე სახლდება,
    დასახლებულ ადგილად აქცევს.

    XV
    როგორც ვიყავით, ნიშნავდა, რომ არც რა ყოფილა.
    როგორც ახლა ვართ, ნიშნავს არაფერს.
    უთქმელადაც გასაგებია. როგორც
    ვიქნებით სამომავლოდ,
    საუცხოო იქნება ისიც,
    ეჭვგარეშეა.

    XVI
    მაგრამ თქვენ ხომ სულ არ გჯერათ,
    რასაც მე ვამბობ.
    რაო, ბეჯითად ჯერაც ისევ არ მოგიჩხრიკავთ
    თქვენი ტვინი და თქვენი წვერი?

    XVII
    ჰო, მართლა, ჩვენი ეს ლიქენი,
    ლამის არის,
    გადაგვავიწყდა.
    ნათლისლიქენო, მზიურო ხვიფლო,
    დარჩიჩვენთან,
    შენ, დიადო მეხსიერებავ.

    XVIII
    ზეცითმოვლენილ მანანაზე ვოცნებობთ ყველა.
    მაგრამ მანანა ვინ გააჩინა?
    ეს მცირედთა ცოდნაა მხოლოდ.
    სწორედ ლიქენმა.

    XIX
    საუცხოო-მეთქი, წარმოვთქვი.
    ჯერჯერობით კი, ნათელია,
    ჩვენი მზადყოფნა ლიქენისას
    ვერ შეედრება.
    უთქმელადაც გასაგებია.

    XX
    მე არ ვიცი მანანას გემო.
    თუმც, საუცხოო რომ იქნება,
    ეჭვგარეშეა.

    თარგმნა დათო ბარბაქაძემ

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე,  პორტრეტი

    წინასიტყვაობა ჰანს მაგნუს ენცენსბერგისადმი მიძღვნილ თემატურ ნომერში

    ჰანს მაგნუს ენცენსბერგერს, XX საუკუნის გერმანული პოეზიის ოქროს წლების (50-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიდრე 70-იანი წლების ბოლომდე) ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ წარმომადგენელს, 80 წელი შეუსრულდა. მისი შემოქმედება მოიცავს არა მხოლოდ ლირიკას, რომლის გავლენა გერმანულენოვან პოეზიაზე თავისი მასშტაბით შეიძლება ამერიკულ პოეზიაზე ალენ გინზბერგის გავლენას შევადაროთ, არამედ – უმდიდრეს ესეისტიკას, თარგმანს, საგამომცემლო საქმიანობას, აკადემიურ სამეცნიერო კვლევას, რადიოპიესებს, სოციალური კრიტიკის ხელოვნებას.
    იყო დრო, როცა ენცენსბერგერის პოეტური სიტყვა და თეორიული დაკვირვებები, მისი სოციალურად ანგაჟირებული ცხოვრება და პრაქტიკული გადაწყვეტილებები გერმანული კულტურის განვითარების არსებით მომენტებს განსაზღვრავდა. მიჩნეულია, რომ ბრეხტის მერე ენცენსბერგერის რანგის პოლიტიკური პოეტი გერმანიას არ ჰყოლია. ეს სახელი მას პირველმავე პოეტურმა კრებულმა – „მგლების დაცვა კრავებისგან“ – მოუპოვა. უნიკალური აღმოჩნდა მის მიერ 1960 წელს გამოცემული „მოდერნული პოეზიის მუზეუმი“. თექვსმეტი ენიდან თარგმნილი ასამდე ავტორიდან, რომელიც ამ ანთოლოგიამ გააერთიანა (ლექსების დიდი ნაწილი თვით ენცენსბერგერის მიერ იყო თარგმნილი), უმრავლესობა მხოლოდ ამ წიგნის გამოცემის მერე იქნა აღიარებული, როგორც მოდერნული პოეზიის კანონიკური წარმომადგენელი, მანამდე კი უცნობი იყო ან ჩრდილში რჩებოდა.
    ენცენსბერგერმა დააარსა და 1965-1975 წლებში გამოსცემდა ჟურნალს სახელწოდებით „Kursbuch“ (სიტყვა აღნიშნავს წიგნად შეკრულ სარკინიგზო მოძრაობის განრიგს), რომელიც გერმანიაში მემარცხენე ლიტერატურის და თეორიული აზრის ეპიცენტრი იყო და უდიდეს გავლენას ახდენდა ლიტერატურულ და თეორიულ აზრზე და სოციალურ კრიტიკაზე. დებატები, რომლებიც ამ ჟურნალის ფურცლებზე ფიქსირდებოდა, აყალიბებდა ლიტერატურისგან, ხელოვნებისგან შორსმყოფი ადამიანების პოლიტიკურ კულტურას. ენცენსბერგერის (და მისი ამ ჟურნალის) სახელი 60-იანი წლების გერმანიაში სტუდენტური მოძრაობის და რადიკალური სოციალური პრაქტიკების ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.
    1967 წელს ენცენსბერგერი იყო ბერლინში არასაპარლამენტო ოპოზიციური მოძრაობის, „რესპუბლიკური კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თეორეტიკოსი. მთელი გერმანიის ტერიტორიაზე ამ კლუბის უამრავი ანალოგის შექმნამ დააჩქარა სოციალური აქციები (თეორიული დისკუსიები, დემონსტრაციები, სახელოვნებო პროტესტების პერმანენტული სერიები), რომლებიც ერთგვარი საორიენტაციო პლატფორმები იყო სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი მოქალაქეებისთვის. სტუდენტური მოძრაობის ბაზაზე აღმოცენებული გაერთიანების „კომუნა I“ წევრები თავიდან სწორედ ენცენსბერგერის ბერლინურ ბინაში ცხოვრობდნენ, თუმცა, თვით ენცენსბერგერი თავიდანვე გაემიჯნა საკომუნო პრაქტიკებს.
    ენცენსბერგერი გერმანიაში მედიის თეორიის ერთ-ერთი მამამთავარიც არის. მის სახელს უკავშირდება გერმანული პრესის მემარჯვენე ენის პირველი კრიტიკული წაკითხვა და ამასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დებატები, რაც საბოლოო ჯამში მისი გამარჯვებით და მედიის სემიოტიკის გაღრმავებით, აკადემიურ საუნივერსიტეტო კურსებს შორის მისი უჩვეულო პოპულარობით დაგვირგვინდა. ვიზუალური და აკუსტიკური მედიის დარგში ენცენსბერგერის ესსეებში ნაცადია ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლებისა და ბრეხტის რადიოს თეორიის ურთიერთდაკავშირება.
    მსგავსად ნებისმიერი დიდი ინტელექტუალისა, არც ენცენსბერგერის ნააზრევი და ცხოვრებაა მოკლებული წინააღმდეგობებს. მათ შორის ყველაზე მწვავე რეაქცია გერმანელ ინტელექტუალებსა და მისი შემოქმედების დამფასებელ მილიონობით ადამიანში ენცენსბერგერის მიერ ერაყში ამერიკის ჯარების შეჭრის გამართლებამ გამოიწვია. ჰუსეინის დაპატიმრების საბაბით ერაყზე თავდასხმა, რაც გერმანელი ინტელექტუალების მიერ ერაყის ნავთობის მიტაცებისთვის ბრძოლად შეფასდა, ენცენსბერგერმა ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებად მიიჩნია, რამაც მის ავტორიტეტს მთელ ევროპაში სერიოზული დარტყმა მიაყენა.

    დათო ბარბაქაძე

    წინამდებარე პრეზენტაციისთვის ავტორის ესსეები თარგმნილია გამოცემიდან: Hans Magnus Enzensberger. Nomaden im Regal. Frankfurt am Main: Suhrkamp 2003.
    ლექსები თარგმნილია გამოცემიდან: Hans Magnus Enzensberger: Gedichte 1955–1970. Frankfurt am Main: Suhrkamp 1971.
    ენცენსბერგერის აქ წარმოდგენილი შედევრი „ფრანკონული ალუბლის ბაღი იანვრის თვეში“, რომელიც უხუცესი ქართველი მთარგმნელის, ბესიკ ადეიშვილის მიერ თითქმის 30 წლის წინ არის თარგმნილი.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი ამბები

    ქართული პენი მაღრაძის გარეშე და სიტყვის თავისუფლება

    დათო ყანჩაშვილი

    დავით მაღრაძე, რომელიც ”ქართულ პენს” 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა, ქართული პენ კლუბის პრეზიდენტის თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა და პენის ცენტრის პრეზიდენტს, ჯონ რალსტონ საულს და საერთაშორისო პენ ცენტრის საერთაშორისო მდივანს, იუჯინ შულგინს ამის შესახებ წერილობით აცნობა.
    წერილში ამ გადაწყვეტილების მიზეზად იგი თავის სამუშაო გრაფიკს ასახელებს: “ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩემს უცხოელ პარტნიორ გამომცემლებთან ერთად ვადგენდი მომავალი ერთი წლის შემოქმედებით გრაფიკს”. მაღრაძე ასევე წერს, რომ საერთაშორისო პენისთვის გაგზავნილ “ქართული პენის” წევრების სიაში მისი გვარი მასთან შეუთანხმებლად ფიგურირებს.
    ნეტგაზეთმა პოეტი დავით მაღრაძე 2 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებამდე ჩაწერა. მაშინ იგი არ აპირებდა თანამდებობიდან გადადგომას და განაცხადა, რომ პენ კლუბის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი დარჩენა პენის ცენტრის საერთაშორისო ორგანიზაციის თხოვნით მოხდა.მაღრაძის გადადგომას წინ უძღოდა პენის საერთაშორისო ცენტრის მდივნის საქართველოში სტუმრობა. იუჯინ შულგინთან ერთ-ერთი შეხვედრა, რომელსაც მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ, გამომცემლობა ”სიესტაში” გაიმართა. იმ დროისთვის არსებული ქართული პენის შემადგენლობიდან შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე წევრი დაესწრო. (მაღრაძის თქმით, ორგანიზაციაში დაახლოებით 40 წევრია).
    ამ შეხვედრას დავით მაღრაძე არ ესწრებოდა (მოგვიანებით ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ პირადი მიზეზების გამო). რამდენიმე მწერლის ინფორმაციით, სწორედ მაშინ დაიგეგმა ქართული პენის გადახალისება და ახალი საბჭოს შექმნა. პენის საბჭო მალევე შეიკრიბა, დავით მაღრაძე კი კვლავ პრეზიდენტის პოსტზე დარჩა.
    პრეზიდენტის სტატუსით ესწრებოდა მაღრაძე “კავკასიურ სახლში” 28 ივლისს გამართულ პენ კლუბის პრესკონფერენციასაც. ამ დღეს ჟურნალისტებს ქართული პენის ბორდის წევრები წარუდგინეს. ქართული პენის საბჭოს წევრები არიან: მწერალი დავით ქართველიშვილი, ჟურნალ ”ლიბერალის” გამომცემელი შორენა შავერდაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, პოეტი გიორგი კეკელიძე, გამომცემლობა ”სიესტას” დირექტორი ქეთი კიღურაძე, მწერალი ნაირა გელაშვილი და ლიტერატურული კაფეების ქსელის მფლობელი ნინო ჟვანია. პრესკონფერენციაზე საბჭოს არ უსაუბრია, თუ დღემდე რას აკეთებდა ქართული პენ კლუბი. ეს სწორედ ის თემაა, რომლის გამოც, ზოგიერთი მწერლის თქმით, მაღრაძეს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
    პოეტი ზაზა კოშკაძე ამბობს, რომ ”სიესტაში” გამართული შეხვედრის შემდეგ მისთვის მოულოდნელი იყო მაღრაძის ამ თანამდებობაზე დარჩენა და ბორდის წევრების გვერდით მისი გამოჩენა.
    “სიესტაში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უნდა მომხდარიყო მაღრაძესთან შეხვედრა და რომ მას ორგანიზაცია უნდა დაეტოვებინა. ამაში ეჭვი არავის გვეპარებოდა”.
    “იუჯინს ვუთხარით, მას უნდა აღელვებდეს, რომ პენი ასეთი არაპოპულარულია ახალგაზრდა ავტორებისთვის. მე არასდროს გავწევრიანდები იმ ორგანიზაციაში, რომელშიც ჯანსუღ ჩარკვიანი და დათო მაღრაძე არიან”-ამბობს კოშკაძე.
    “იუჯინს არ უთარგმნეს, როცა ვამბობდი, რომ ქართული პენ ცენტრის წევრი ჯანსუღ ჩარკვიანი იმ აქციაში იღებდა მონაწილეობას, რომელზეც ჩემი მწერალი მეგობრების სურათები დაწვეს”.
    ამას პოეტი შოთა დიღმელაშვილიც ადასტურებს, და ამბობს, რომ იმ დღეს ბატონი იუჯინი პენის წევრებთან შეხვედრას ელოდებოდა, ამის ნაცვლად კი დახვდნენ ის მწერლები, რომლებსაც პენთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდათ და რომლებიც პენის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ.ქართული პენის წევრი ჯანსუღ ჩარკვიანი ილიას უნივერსიტეტთან წელს გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა, რომელზეც ერეკლე დეისაძის წიგნის ”საიდუმლო სირობის” უნივერსიტეტში პრეზენტაციას აპროტესტებდნენ. ვიდეომასალაში ჩარკვიანი ჰომოფობურ განცხადებებსაც აკეთებს.ქართული პენი არ გამოხმაურებია ერეკლე დეისაძის წიგნის გამოცემის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს, რომლებზეც დეისაძის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ფოტოები დაწვეს და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ავტორების ნაწილი სწორედ ამ ფაქტების გამო მიიჩნევდა, რომ ქართული პენის საქამიანობა არ შეესაბამებოდა საერთაშორისო პენის მისიას, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა, მწერლების და ჟურნალისტების უფლებების დაცვაა.
    გაზეთ ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში მაღრაძე ამბობს: “არც წიგნის (ერეკლე დეისაძის “საიდუმლო სირობა”), არც მისი ავტორის და არც პრეზენტაციის შესახებ არაფერი ვიცი. რაღაცა კი გავიგე, მაგრამ აღარ დავინტერესებულვარ და, ალბათ, არც დავინტერესდები. ჩემი საპირწონე ეგ ნამდვილად არ არის. არც ეგ ბიჭი ვიცი და არც მისი ნაწერი.”
    პოეტი პაატა შამუგია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ მას არ ჰქონია ქართული პენის ცენტრისგან მხარდაჭერა, იმის მიუხედავად, რომ მისი, როგორც მწერლის გამოხატვის თავისუფლებას აშკარად და ღიად ზღუდავდნენ.
    “ანტიტყაოსნის” გამოცემის შემდეგ თვეების განმავლობაში იყო მუქარები, პირველი კვირების განმავლობაში, საერთოდ, მოკვლით, ყელის გამოჭრით და სამუდამოდ დაინვალიდებით მემუქრებოდნენ. გაზეთმა “ასავალ–დასავალმა” ჩემი წიგნის და თავად ჩემი (ავტორის) დაწვის ინიციატივით მიმართა მთელს ქართველ ერს. შენახული მაქვს ეგ ნომრები. არც “პენ–კლუბი” და არც სხვა ორგანიზაცია ამ ფაქტს არ გამოხმაურებია, არადა, პრესით ეს ამბავი რამდენჯერმე გაშუქდა”- აცხადებს შამუგია.ინტერვიუში, რომელიც ნეტგაზეთმა მაღრაძესთან 28 ივლისს ჩაწერა, ქართული პენის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს: “ყველა ის მონაკვეთი ჩვენი ისტორიიდან, როდესაც იზღუდებოდა თავისუფალი სიტყვა… ყველა ინფორმაციას ვაწვდიდით საერთაშორისო პენ კლუბს”.
    მაღრაძის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის იუჯინ შულგინის მიერ ნეტგაზეთისთვის მიწოდებულ ინფორმაციასთან: “საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ, საერთაშორისო პენ კლუბს წარმოდგენა არ გვქონდა საქართველოს პენ კლუბის საქმიანობის შესახებ”.
    ნაწილი მწერლებისა მაღრაძეს აკრიტიკებს, ნაწილი კი პრესასთან საუბარში აცხადებს, რომ მაღრაძე პენ კლუბის კარგი პრეზიდენტი იყო. სწორედ ასე განაცხადა ნეტგაეზთთან საუბრისას ირაკლი კაკაბაძემ: “მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ მაღრაძე ოდესმე გაქცეოდა პასუხისმგებლობას… ის იყო ქართული პენის ძალიან კარგი ხელმძღვანელი ბოლო წლების მანძილზე”.ქართული პენ კლუბის ამჟამინდელი საბჭოს წევრი, პოეტი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ წლების მანძილზე მას მხოლოდ სმენოდა ქართული პენის შესახებ: “ქართულ პენ კლუბზე გაგებული მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, რას აკეთებდა. საქართველოში არანაირი აქტიურობით არ გამოირჩეოდა და, შესაბამისად, მეც აღარ ვადევნებდი თვალყურს. ერთ–ერთ მკვდარ ორგანიზაციად წარმომედგინა”.
    ქართული პენ ცენტრი 1992 წლიდან არსებობს. მისი პირველი პრეზიდენტი ჭაბუა ამირეჯიბი იყო, რომელიც შემდეგ ჯანსუღ ჩარკვიანმა შეცვალა. 1997 წლიდან 2010 წლის 2 აგვისტომდე კი პრეზიდენტი დავით მაღრაძე იყო.საერთაშორისო პენ კლუბის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ორგანიზაცია სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდებოდეს. ნეტგაზეთთან საუბარში ქართული პენის ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ პენის წევრი “მთავრობის მეხოტბე ვერ იქნება”.
    1999 წელს, ქართული პენის თავმჯდომარეობის დროს, მაღრაძე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა მაშინდელი მმართველი პარტიის, მოქალაქეთა კავშირის სიით. 1992-1995 წლებში პენის წევრობის პარალელურად კი კულტურის მინისტრი იყო. ახალი საბჭო დღეიდან უკვე დავით მაღრაძის გარეშე განაგრძობს მუშობას. დავით ქართველიშვილი, მწერალი და ქართული პენის საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ იუჯინ შულგინის საქართველოში ყოფნისას, როდესაც ის შეხვდა ქართველ ავტორებს, მან თქვა, რომ საჭირო იყო საბჭოს შექმნა. ეს საბჭო შეიქმნა იუჯინ შულგინთან შეთანხმებით, არჩევნების გარეშე.“ვინაიდან ეს არის დროებითი საბჭო, ამიტომ ის პირდაპირ იუჯინთან შეთანხმებით შედგა. მან შეხვედრისას გვითხრა, რომ კარგი იქნებოდა, ჩვენ ვყოფილიყავით საბჭოს წევრები, ისინი, ვინც ამ შეხვედრაზე აქტიურობდნენ”.
    “ეს (საბჭოს წევრობა) არ ნიშნავს, რომ ამ ჩემი თანხმობით რაღაც დოზით გავინაწილებ წინა პერიოდების პასუხისმგებლობას”-ამბობს გიორგი კეკელიძე.ახლა საბჭოს პრეზიდენტის არჩევა 2011 წლის ოქტომბერში იგეგმება, ამ დროს თბილისში დაგეგმილია გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო ფორუმის ჩატარება.

    © netgazeti.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – “ადიბასი” – თბილისის დეკონსტრუქცია


    AUDIO

    ცოტა ხნის წინ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ზაზა ბურჭულაძის ახალი რომანი, “ადიბასი” გამოსცა. წიგნში მოქმედება 2008 წლის აგვისტოში ვითარდება, თბილისში რუსული ჯარია შემოსული, ქალაქი იბომბება, თუმცა ეს არ უშლის აქაურებს ხელს ჩვეული ცხოვრება გააგრძელონ, ჩამოსხდნენ ხოლმე გლამურულ სახინკლეში, ესტუმრონ ვაკის საცურაო აუზს, გაუთავებლად ისაუბრონ ამაო თემებზე.
    ზაზა ბურჭულაძემ, ჩემი აზრით, თავისი საუკეთესო, ყველაზე სრულყოფილი და გამართული ნაწარმოები შექმნა. მწერალი დიდხანს მიდიოდა ამ წიგნამდე. აქამდე გამოსულ ყოველ მის რომანს ეტყობოდა იმის კვალი, რომ მისი უმნიშვნელოვანესი წიგნი ჯერ კიდევ წინ იყო და რომ “მინერალური ჯაზის” გამო ატეხილი ამბავი, ცოტათი ნაადრევი გახლდათ. გახსოვთ ალბათ, მაშინ ქართული ჰუმანიტარული აზრის ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის ნოდარ ლადარია, გოგი გვახარია, ლევან ბერძენიშვილი, ზაზა შათირიშვილი, ზურაბ კიკნაძე და მერაბ ღაღანიძეც გამოეხმაურნენ წიგნს და ქვეყანას ახალი ავტორის დაბადება ამცნეს. წიგნის გამოსვლიდან უკვე ექვს წელზე მეტი გავიდა (ზუსტად იმდენივე, რამდენიც ვარდების რევოლუციიდან), ზაზა ბურჭულაძემ კიდევ 4 წიგნი გამოსცა, თუმცა ასეთი მნიშვნელობის, როგორიც ეს ბოლო რომანია, არც ერთი არ იყო.
    ვინც საუკუნეთა მიჯნაზე თვალყურს ადევნებდა ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკას, მას კარგად ეხსომება გრეგორ ზამზას ფსევდონიმით დაწერილი გაბმული, დატვირთული ტექსტები ენობრივი ჩახვევებითა და იშვიათი აბზაცებით. ეს ზაზა ბურჭულაძის პირველი მცდელობები იყო.
    2002 წელს მან, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავი დაიბრუნა. ანუ გამოვიდა კაფკას პერსონაჟის გავლენიდან, დაძლია ჰეტერონიმების საცდური და პირველად წარსდგა მკითხველის წინაშე როგორც ზაზა ბურჭულაძე. რამდენადაც მახსოვს, პირველი ასეთი რომანი “წერილი დედას” იყო, თუმცა ბაკურ სულაკაურს მის მიერ გამოცემული “სიმპსონები” ახსენდება, როგორც ზაზა ბურჭულაძის პირველი ნამუშევარი:
    “რომან “სიმპსონებამდე” მწერალი ზაზა ბურჭულაძე არ არსებობდა. არსებობდა გრეგორ ზამზა, ეს იყო ზაზა ბურჭულაძის ფსევდონიმი. და როცა ჩვენთან მოიტანა “სიმპსონები” და წავიკითხე, და გადავწყვიტე, რომ გამოგვეცა, ვურჩიე, თან დაჟინებით, რომ ფსევდონიმი გადაედო გვერდზე და წიგნი გამოსულიყო თავისი ნამდვილი სახელითა და გვარით. ასერომ, ზაზა ბურჭულაძის სახელით გამოქვეყნებული პირველი რომანი იყო სიმპსონები, თუმცა ეს არ არის მწერლის პირველი ნაწარმოები”.
    “ადიბასში” ტიპური თბილისური სიტუაციებია აღწერილი, უფრო სწორად, ავტორი ამ ვითარებათა დეკონსტრუირებას ახდენს. თანაც, ქალაქში რუსის ჯარია შემოსული, ხდება სრულიად დაუჯერებელი ამბები, პოლონეთის პრეზიდენტის ჩემოდნით გატაცებით დაწყებული, მზვერავი თვითმფრინავის ვერის პარკში დაშვებით დამთავრებული. ამის მიუხედავად, თბილისი ისევ ისეთი, ამაოებით სავსე ქალაქია ნარკომანებით, გადავსებული საკონდიტროებით, “ბანდიტების ქვრივები სილიკონის მკერდით, ბიზნესმენების ცოლები წელზე ცელულიტით, ბარბი-გოგონები მზის უზარმაზარი სათვალეებით, რეივის მოყვარული გეები ჭიპში პირსინგით, დედიკოს ბიჭები ახდენილი ოცნებებით…”. თბილისურ იოგაში მხოლოდ ერთი პოზა არსებობს – მხართეძოზე წოლა.
    ზაზა ბურჭულაძის ამ რომანს ყველა სხვადასხვანაირად შეხვდა. ბევრისთვის კვლავ მიუღებელია მწერლის გულახდილობები, განსაკუთრებით სექსუალური სცენების აღწერისას, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სულ სხვა მიზეზების გამო დაიწუნეს რომანი: “თვითონ ამ რომანს რაც შეეხება, მე მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა “ადიბასმა”, იმიტომ, რომ ეს იყო რაღაცა ფრაგმენტული მცდელობები, თითქოს თავმოუბმელი. მიუხედავად იმისა, რომ რომანი არაა დიდი მოცულობის, მე მომწყინდა მისი კითხვა. მაგალითად, ეპიზოდი “სექენდ ჰენდის” მაღაზიაში, ბრენდების ჩამონათვალი, ჩემთვის იყო აბსოლუტურად გაუგებარი და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ხალტურა” – ამბობს ლიტერატორი დათო გაბუნია.
    უკანასკნელი წლების მანძილზე ზაზა ბურჭულაძის გარშემო მკითხველთა ვიწრო, თუმცა გათვითცნობიერებული წრე ჩამოყალიბდა. ზოგს “ხსნადი კაფკა” უფრო მოსწონს და მის შემდეგ “ადიბასს” დაღმასვლად აღიქვამს, ზოგი კი პირიქით, “მინერალური ჯაზიდან” მოყოლებული ელოდა მწერლის ახალ, მნიშვნელოვან ნაწარმოებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება დათო გაბუნიაც:
    “იმის ფონზე, რასაც ზაზა ბურჭულაძე წერდა ბოლო წლების მანძილზე “ადიბასი” ნამდვილად მიღწევაა. ანუ მე ვგულისხმობ მის ერთგვარ დეკადანსს. მინერალური ჯაზიდან მოყოლებული მე უკვე ნაკლებად მომწონდა მისი წიგნები და ამიტომ “ადიბასი” იყო ნამდვილად გარღვევა, ამ მხრივ. მაგრამ, ასევე მიმაჩნია, რომ ისეთი წიგნები, როგორიც იყო “სიმპსონები” და “წერილი დედას”, სადაც ზაზამ ზუსტად მიაგნო ეროგენულ ზონებს, რომელიც ძალიან კარგად, ზუსტად და საჭიროდ გააღიზიანებდა ქართველ მკითხველს, მან ეს ყველაფერი დათმო, ხოლო “ადიბასში” მე ვხედავ მცდელობას დაუბრუნდეს იმ წერტილს, სადაც მან ჩემი აზრით შეწყვიტა განვითარება, როგორც მწერალმა”.
    ცხადია, ზაზა ბურჭულაძე არაა მწერალი ყველასთვის, თუმცა იგი აღარც ისეთი ჰერმეტულია, როგორც 10 წლის წინ იყო. ბაკურ სულაკაურის აზრით, და ამის შესახებ მეც ვწერდი 2 კვირის წინ, ზაზა ბურჭულაძის ეს რომანი სრულიად ახალი საფეხურია მის შემოქმედებაში: “ბუნებრივია, ეს არის წმინდა ლიტერატურა, თუმცა, ასე ვთქვათ, უფრო ფართო ფენისთვის მისაღები, ვიდრე აქამდე იყო. ვთქვათ, “ადიბასამდე” მისი წიგნები უფრო შეზღუდული წრისთვის იყო მოსაწონი, ვიდრე “ადიბასია”. რატომღაც ასე მგონია. ადიბასი არის ნიშანი იმისა, რომ ზაზამ არამარტო ახალ საფეხურზე ააბიჯა, როგორც მწერალმა, არამედ მას ახალი შესაძლებლობები გადაეშალა და ახალი ინსტრუმენტები გაუჩნდა”.
    შესაბამისად აფასებს სულაკაური მწერლის მომავალსაც: “ქართული ენის ფლობა ზაზას მიერ, გადავიდა სრულიად სხვა სიბრტყეში, და როცა მწერალი იწყებს ენის ფლობას ამგვარად, ის ვეღარ დაწერს ძველებურად”. სამაგიეროდ დათო გაბუნია ამტკიცებს სრულიად საპირისპიროს: “ძალიან მიხარია, რომ ეს რომანი დაწერა ზაზა ბურჭულაძემ, იმიტომ, რომ ისევ ვხედავ იმ საწყისებს, რაც მასში ძალიან მომწონდა. ეს ნაწარმოები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ზაზა ისევ დაუბრუნდება იმას, რომ ის დაწერს ყველასთვის, და არა რამდენიმე ქართული კრიტიკის თუ ჰუმანიტარული აზრის ზეპური მამებისთვის მხოლოდ, როგორც აქამდე წერდა”.
    როგორც იტყვიან, “მოვიცადოთ და ვნახოთ” რა მოჰყვება “ადიბასს” და საითკენ წავა მწერალი, რომელიც თანამედროვე ქართველ პროზაიკოსებს შორის ყველაზე მეტს შრომობს.

  • პროზა

    გელა ჩქვანავა – მონეტის მეორე მხარე


    1.

    რაჟიკო კეზუამ და მისმა დისშვილმა, თამაზ აბრალავამ, იგივე “აყლაყუდა თამაზმა” სოჭში კავკასიური ნაგაზის ოთხი ლეკვი წაიყვანეს გასაყიდად (ორის კლიენტი რაჟიკოს დისშვილს წინასწარ ჰყავდა შეგულებული). ლეკვების გაყიდვით ისინი სულ ცოტა რვაასი მანეთის მოგებას ვარაუდობდნენ, მაგრამ სოჭისკენ გზაში, როცა ელოქტრომატარებელში ისხდნენ, აყლაყუდა თამაზმა ზედმეტი მზრუნველობა გამოიჩინა და ლეკვებს გაგრის სადგურზე ნაყიდი შედედებული რძის კონსერვი აჭამა. მსუნაგმა ლეკვებმა თუნუქის ქილის ბასრ კიდეებზე ენა და ნაწილობრივ დინგიც ისე უმოწყალოდ დაისერეს, რომ მათ ყიდვაზე ყველა უარს აცხადებდა. ოთხიდან ერთი ლეკვი ბიძა-დისშვილმა მათ მიერ ნაქირავები ოთახის დიასახლისს აჩუქეს ქირის სანაცვლოდ, მეორე იმ მილიციელს, რომელმაც საეჭვოდ თვალებაჟუჟუნებულ თამაზს წინდაში ანაშა უპოვა, მესამე თვითონ აყლაყუდა თამაზმა გაგუდა, როცა ბინაში ზედმეტად დაბოლილს ჩაეძინა და შემთხვევით ზედ ლეკვს დააწვა. მეოთხე, მეორე დღესვე გაურკვეველ ვითარებაში დაკოჭლებულ ლეკვს აყლაყუდა თამაზმა “ჟოფრე” დაარქვა (მაშინ ძალიან პოპულარულ ტელესერიალ “ანჟელიკაში” თვით ანჟელიკას ქმარს ისევე უწყალოდ ჰქონდა სახე დასერილი, როგორც ლეკვს ენა და დინგი და თან მასავით კოჭლობდა). ჟოფრე აყლაყუდა თამაზმა დიასახლისისათვის ნაჩუქარ ჯანმრთელ ლეკვში შეუმჩნევლად გადაცვალა. აღმოჩნდა, რომ ჟოფრე თავიდან დიასახლისისთვის ნაჩუქარი ლეკვი ყოფილიყო და ის ახალ პატრონს დაეკოჭლებინა ხელიდან გავარდნილი ტაფით, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს თავისი მდგმურებისათვის საღ ლეკვში გაეცვალა, ამიტომ დიასახლისი აყლაყუდა თამაზს ოინს მაშინვე მიუხვდა, ჩხუბისა და დავიდარაბის შემდეგ საღი ლეკვიც დაიბრუნა და ჟოფრეც დაიტოვა, მდგმურები კი სახლიდან გაყარა. იმავე საღამოს აყლაყუდა თამაზმა დიასახლისს ჯანმრთელი ლეკვი მოპარა, მაგრამ ის დიასახლისის მეზობელმა ქალმა ნახა. მეზობელ ქალს ყვირილი რომ არ აეტეხა, აყლაყუდა თამაზი იძულებული გახდა მისთვის უკანასკნელი სამმანეთიანი ეჩუქებინა.
    ის ღამე ბიძა-დისშვილმა პლაჟზე გაათენეს, დილით კი აღმოაჩინეს, რომ აყლაყუდა თამაზს შეცდომით ჯანმრთელი ლეკვი კი არა, ჟოფრე გამოეხსნა მათი ყოფილი დიასახლისის ტყვეობიდან.
    რაჟიკო კეზუამ ჟოფრეს მიერ მთელი ღამის განმავლობაში ნალოკი სახე ზღვის წყლით დაიბანა, წინა ღამით ზღვის შრიალში შეთხზული ლექსი გადაიმეორა გუნებაში, რომ არ დავიწყნოდა და დისშვილი დაუნდობლად გამოლანძღა იმის გამო, რომ მან ჟოფრეს, როგროც არარეალიზებადი საქონლის პლაჟზე ბედის ანაბარა დატოვება განიზრახა.
    – პლაჟზე ვტოვებ, წყალში ხომ არ ვახრჩობ “მუმუსავით”? – თავი იმართლა აყალყუდა თამაზმა და ბიძას ზღვაში ბანაობა შესთავაზა.
    – რა მებანავება თუ კაცი ხარ, შიმშილისაგან კუჭი მიხმება, ხურდა ფულიც კი არ დაგვრჩა იმისთვის, რომ არიოლ-რეშკაზე ავაგდოთ! – უპასუხა რაჟიკომ.
    – რისთვის უნდა ავაგდოთ?
    – იმის გასარკვევად, ელექტრიჩკის კონდრუქტორს ვთხოვოთ უფასოდ წაგვიყვანე სოხუმშიო, თუ ავტობუსის შოფერს დავეღრიჯოთ.
    – ელექტრიჩკით წავიდეთ, კონდრუქტორს ჟოფრე ვაჩუქოთ.
    – მაშინ იმაზე ავაგდოთ, ვინ უნდა მოელაპარაკოს კონდრუქტორს, შენ თუ მე.
    – სად გაქვს მერე ასაგდები ფული?
    – აგერ ბრტყელი ქვების მეტი რა არის!.. ცალი მხარე ზღვაში დავუსველოთ…
    – როგორ გეტყობა, რომ პოეტი ხარ, სხვა რომ ყოფილიყო, დავაფურთხოთო, იტყოდა… კარგი, ასაგდებსაც და წასასვლელ ფულსაც მე ვიშოვი, შენ კი, მანამდე, რახანს ბანაობა არ გინდა, ეგ შენი დენიკინისდროინდელი ქამარი შეიხსენი.
    – რატომ ვითომ? – გაოცდა რაჟიკო. – ჟოფრეს საყელური ხომ არ გინდა გააკეთო?
    – ერთი მწიკვი მოსაწევი დავმალე შიგ, – აუხსნა აყლაყუდა თამაზმა.
    რაჟიკოს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა.
    – იმ მილიციელს, შენ რომ ჩაგავლო და იმ შენს აყროლებულ წინდაში მოსაწევი გიპოვა, მეც რომ გავეჩხრიკე, რას შვრებოდი მერე?.. ხომ შევრცხვებოდი ამ დინჯი ასაკის კაცი?
    – კარგი ერთი, რაჟიკო, ნუ ხარ პანიკიორი. შენ ვინ გაგჩხრიკავს, ასეთი სოლიდური გარეგნობის კაცს?.. ნეტა შენი თავდაჭერა და მანერები მომცა, კულტურის მინისტრი თუ არა, განათლების მაინც გავხდებოდი. ტყუილად კი არ ამბობს დედაჩემი, თავი ცოდნით უსკდება, სხვა მის ადგილას მინისტრი გახდებოდაო.
    – გაგეფრთხილებინე მაინც! – უსაყვედურა ნასიამოვნებმა რაჟიკომ დისშვილს.
    – წინასწარ რომ გცოდნოდა ფაქტით ვარო, საფრთხის დროს აირეოდი და გაწითლდებოდი შენებურად. ახლა მოვწიოთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ჟოფრეც კი არ მოგვეჩვენება კოჭლი.
    ანაშამ რაჟიკო კეზუა ხასიათზე მოიყვანა, მაგრამ დროებით, რადგან დაბოლილზე შიმშილმა წეღანდელზე უფრო შეახსენა თავი. აყლაყუდა თამაზი ბიძას დაჰპირდა, სულ რაღაც ერთ საათში მსუყედ გასაუზმებო. რაჟიკომ დისშვილის დაპირებას ნაკლებად ენდო და არც მისი ოპტიმიზმი გაიზიარა, მაგრამ სასტუმრო “ჟემჩუჟინამდე”, სადაც თამაზ აბრალავა როგორღაც ფულის შოვნას აპირებდა, მაინც გაჰყვა.
    აყლაყუდა თამაზი ბიძას ამხნევებდა, სასტუმროსთან აუცილებლად ვნახავთ ვინმე ნაცნობ სოხუმელს და ფულს ვესესხებითო (უყვარდათ სოხუმლებს ამ სასტუმროში სოჭის პლაჟებზე გამოჭერილი ქალების დაგემოვნება).
    სასტუმროსთან საათნახევრიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, რაჟიკოს შიმშილის გრძნობამ განსაკუთრებული გააფრთებით შემოუტია და მას ღიმილი სალოსური გაუხდა.
    – ახლა ღვინო რომ მქონდეს, აუცილებლად დავლევდი ჩვენი ძაღლური ყოფის სადღეგრძელოს, – მიმართა რაჟიკომ ჟოფრეს.
    – ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან ხოლმე, არც სცდებიან, სხვათა შორის და, თუ იცი რატომ, რაჟიკო? – ჰკითხა აყლაყუდა თამაზმა ბიძას.
    – იმიტომ რომ შიმშილმა ისე დამაოსა, იმის ძალაც არა მაქვს ერთი კარგად მოგდო იმისთვის, რომ ლეკვებს შედედებული რძე პირდაპირ ქილიდან ალოკინე.
    – არა, რაჟიკო. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გავაკეთე: ლეკვი, სანამ გასაყიდად გაიყვან, უნდა აშიმშილო, ნაშიმშილარი ლეკვი კი კლიენტს ისე მადიანად ალოკავს, გულს აუჩუყებს და მაშინვე ჯიბეზე გააკვრევინებს ხელს! – საზეიმო ტონით წარმოთქვა აყლაყუდა თამაზმა.
    – ვაი შენს პატრონს უბედურს! – ლამის იყვირა რაჟიკომ.
    სწორედ ამ დროს სასტუმროში მხარზე პიჯაკგადაკიდებული, “პოლ მაკრტნის” სტილის მზის საათვალეებიანი პეწიანი ახალგაზრდა მამაკაცი და გამჭვირვალე სარაფანში გამოწყობილი, “სოფი ლორენის” სტილის მზის სათვალეებიანი ქალბატონი მოადგნენ. მამაკაცი თავდაჯერებულად და სერიოზულად, ჩინოვნიკურად იღიმებოდა, ქალბატონი ქარაფშუტულად კისკისებდა და სასტუმროში შესვლის წინ, თითქოს გამოაჯავრაო, ჩალის ხელჩანთა მხარზე იმავე მანერით გადაიკიდა, როგორითაც მის კავალერს თავისი სოლიდური პიჯაკი გადაეკიდა.
    – ამ პეჩენიაზე გაზრდილ პინგვინს ვიცობ, – თქვა აყლაყუდა თამაზმა და უმისამართოდ, მაგრამ ხმამაღლა და მწარედ შეიგინა. – პროფკავშირელი ბობოლაა, ასმათის დაბადების დღის სუფრაზე იყო მოთრეული პაჭკორიებთან და ოტიას ღვინო დაუწუნა. ოტია გაბრაზდა და ისე დაათრო, თეფშზე დავარდნილი საკუთარი ჭრელი ჰალსტუხი ვინიგრეტი ეგონა და ჩანგალს არჭობდა. ოტიამ სუფრას არ გამაკარა, განათლებულ ხალხში ვერ ილაპარაკებ რიგიანად და სტუმრებს დამიფრთხობო. არადა, ეს ნაბიჭვარი რომ ბლუკუნებდა იმაზე უკეთესად მე მათემატიკის მასწავლებელს ვუყვებოდი გაკვეთილებს. შენი ნახევარი ცოდნა და განათლება არა აქვს. ის ორმოცდაათმანეთიან კახპასთან გაატარებს დროს ახლა, შენ კიდევ ისეთი საწყალი სახით ზიხარ აქ, მტერს აატირებ…
    – გაჭირვებამ შური იცის, – შენიშნა რაჟიკომ და სრულიად მოულოდნელად სასაუბრო თემასთან შეუსაბამო რამ დააყოლა: – მოსემ ორმოცი წელი უდაბნოში ატარა ხალხი განწმენდის მიზნით!
    – დავაშანტაჟებ! – გადაწყვიტა უცებ აყლაყუდა თამაზმა, პროფკავშირელ ბობოლას შურით შეხედა, შიმშილისა და ანაშისაგან ტვინარეულ ბიძას კი თანაგრძნობით. – სასტუმროდან რომ გამოვა, მივალ, მივესალმები და ერთუცნობიან განტოლებას შევთავაზებ ამოსახსნელად: რამდენი უნდა გადაიხადოს კომუნისტმა პარტიის არაოფიციალური საწევრო შესატანის სახით, თუკი მის ცოლს ჰგონია, რომ ქმარი სოხუმში თათბირს ატარებს, ეს ლეკვი კი ასი მანეთი მაინც ღირს ისეთი მშვენიერი, მაგრამ პროფკავშირელი ბობოლას ცოლისთვის სრულიად უცნობი ქალბატონისთვის, რომელიც ნამდვილ კომუნისტს “ჟემჩუჟინის” ნომერში არ უნდა შეყავდეს მასთან განმარტოების მიზნით, განსაკუთრებით მაშინ, თუ “შეყვანაში” უცნობი ქალბატონი ორმოცდაათ მანეთს იღებს… თუ გინდა მოსეზეც ვეტყვი. ან შენ მოიფიქრე რამე უკეთესი, მანამდე კი მე სასტუმროში შევალ და სიტუაციას დავყნოსავ, ჟოფრესაც თან წავიყვან.
    აყლაყუდა თამაზმა ბიძას მხარზე ხელი დაჰკრა და სასტუმროსკენ მტკიცე ნაბიჯებით გაემართა.
    მარტო დარჩენილმა რაჟიკო კეზუამ მის წინ ჩავლილ ბავშვიან ქალს ერთხელ, ხოლო თვითონ ეტლში მჯდარ კულულებიან და მეზღვაურის მაისურიან ბავშვს ორჯერ გაუღიმა ნაღვლიანად.
    – ვინ იცის, პატარავ, შენი მოსე სად წაგიყვანს და რომელი გზებით გატარებს! – ჩაილაპარაკა რაჟიკომ ბავშვის მისამართით და რაღაც ძალიან სერიოზულზე ჩაფიქრდა.
    ლექსებწერია რაჟიკო კეზუა, როგორც ყველა პოეტი და გასათხოვარი ქალიშვილი მეოცნებე ნატურა გახლდათ. ის ბევრ რამეზე ოცნებობდა, მაგალითად იმაზე, რომ მისი პირველი ცოლი, კლავდია შამათავა ერთ მშვენიერ დღეს მასთან მოსულიყო, მუხლებში ჩავარდნოდა და პატიება ეთხოვა იმისთვის, რომ თავის დროზე გაექცა და იმისთვისაც, რომ რაჟიკოს თავისი სიყვარულის ღირსად არ თვლიდა. ოცნებობდა იმაზეც, რომ ათასორასი მანეთი ვალი მას კი არ ჰქონოდა პარმენ გოგიასი, არამედ პირიქით – თვითონ ყოფილიყო პარმენ მელუდეს მევალე, თანაც სამი ათასით მაინც – მაშინ რაჟიკო პარმენს ყოველი შეხვედრისას ისეთივე მზერით გაუმასპინძლდებოდა, როგორის სუსხსა და სისასტიკესაც საკუთარ თავზე იწნევდა ხოლმე. კარგი იქნებოდა ასევე მარმარილოს სვეტებიანი სახლი ჰქონოდა, რათა ცხოვრების ყოველი დღე ზეიმად ქცეოდა: კლავდია შამათავა დანაშაულის გამოსასყიდად მისთვის ცოცხალ ბლოკნოტად იქცეოდა, ქმრის თავში წვეულ ყოველ რითმას გულდასმით ჩაინიშნავდა, ღამით კი სანთელსაც დაიკავებდა, როცა რაჟიკო მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი რითმების ლექსად რეალიზებას შეუდგებოდა (უყვარდა რაჟიკოს სანთლის შუქზე ლექსების წერა), ხოლო როცა კლავდია დაიღლებოდა მძიმე შანდლის ჭერით, მას პარმენ გოგია შეცვლიდა, რომელიც კუთხეში, მაცივრის გვერდით იქნებოდა ატუზული სრულ მზადყოფნაში იმ შემთხვევისთვის, თუკი რაჟიკო კეზუა ნისიად ლუდით ყელის ჩასველებას მოინდომებდა… თუმცა რაჟიკოს საბოლოოდ მაინც ვერ გადაეწყვიტა მისი, სანთლების შუქზე ზღაპრულად ალაპლაპებული მარმარილოებით გაწყობილ სახლში სანთლების დამჭერად რომელს გაამწესებდა – კლავდიას თუ პარმენს, ან სულაც დენის ინკასატორს, რომელმაც გაჩერებული ელექტრომრიცხველის გამო გასულ თვეს საშინლად გამოლანძღა და პარაზიტიც კი უწოდა. სწორედ ამ საკითხის გადაჭრაში იყო ანაშით გაბრუებული რაჟიკო, როდესაც მაღალი, ფერმკრთალი და კეთილად მოღიმარი მამაკაცი მიუახლოვდა და ფოტოაპარატ “ზენიტზე” მიუთითა, რომელიც დიდის ამბით კისერზე გადაეკიდა.
    – როდენის ქანდაკება “მოაზროვნე” ხომ გინახავთ? – ტკბილად ჰკითხა აწოწილმა ფოტოაპარატიანმა კაცმა რაჟიკოს. – სწორედ როდენის ქანდაკებას გავდით, ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდით და გულმა ვერ მომითმინა ის წამი არ უკვდავმეყო, როცა ღრმად ჩაფიქრებულმა რაღაც გაურკვეველს მხურვალედ შეჰღიმეთ… საწყენად ნუ მიიღებთ და რითმის ძებნით გართულ პოეტს გავდით…
    – შენ მოგზავნილი ხომ არა ხარ? – გააწყვეტინა მას რაჟიკომ და სასტუმროდან სწრაფი ნაბიჯებით გამოსულ დისშვილს ეჭვის თვალით შეაცქერდა.
    – ეს ვინ არის? – გადაუჩურჩულა აყლაყუდა თამაზმა რაჟიკოს ფოტოაპარატიანზე. – იცოდე ქამარში კიდევ გიდევს ამ დილით რომ ამოგიღე ისეთი და, თუ გრძნობ რომ მოგზავნილია ფრთხილად იყავი!
    – როდენის “მოაზროვნეს” გავხარო, ასე მეუბნება, – უპასუხა დისშვილს რაჟიკომ. – შენი მოგზავნილი მეგონა!
    – გეკადრება, რაჟიკო? – უსაყვედურა ბიძას აყლაყუდა თამაზმა და ფოტოგრაფს მიუბრუნდა. – თქვენ მოსესი რა ხართ?
    – არა ბატონო, მე ებრაელი არა ვარ, ფოტოგრაფი ვარ, მომენტალურ ფოტოებს ვიღებ! – ამაყად წარმოთქვა “ზენიტიანმა” და რატომღაც ამოიოხრა. – ვთქვათ და ქუჩაში შეყვარებულები მიდიან, ან ძელსკამზე სხედან, მივალ და მოულოდნელად ფოტოს გადავუღებ ხოლმე, მერე მივდივარ და ვეუბნები, რომ ფოტოს ყიდვა მეორე დღეს შეუძლიათ, თუკი ბეს დატოვებენ… სულ სხვა ეფექტი აქვს მოულოდნელად გადაღებულ ფოტოს და ამაში სულ ადვილად დარწმუნდებით, თუ ხვალაც მეწვევით და იყიდით ახლახან გადაღებულ თქვენს ფოტოებს…
    – …და თუ კაცს ფული არა აქვს? – ჩაეკითხა აყლაყუდა თამაზი.
    – მაშინ ფოტოებს არ დავბეჭდავ და ეგ იქნება! – მოკლედ მოუჭრა მოთმინებადალეულმა ფოტოგრაფმა და კეთილი ღიმილიც გაუქრა სახიდან, რადგან მიხვდა, რომ რაჟიკო და თამაზი უფულო კლიენტთა რიცხვს განეკუთვნებოდნენ. ასეთი, როგორც თვითონ ეძახდა, “ასეჩკა” უკვე მეოთხედ მოსვლოდა დილის შემდეგ.
    – მემენტო მორი, ესე იგი… – წამოიწყო რაღაცით გახარებულმა აყლაყუდა თამაზმა.
    – მომენტალური ფოტო! – შეუსწორა ფოტოგრაფმა. – თავისუფალი ფოტოგრაფი გახლავართ, ზოგიერთი “პაპარაცოსაც” მეძახის.
    – მომაწევინე სიგარეტი, პაპა კარლა, – სთხოვა რაჟიკომ თავისუფალ ფოტოგრაფს.
    – არ ვეწევი. თუკი ფოტოს ყიდვას ინებებთ, მე ყოველ დღე აქა ვარ. აი იმ გაზიანი წყლების ლარიოკიდან… ახლა ხელმარჯვნივ გაიხედეთ, ეგერ, გზა ოდნავ რომ უხვევს, იმის იქიდან ზუსტად ას ათ ნაბიჯში ელექტროგანათების ბოძს ისარგაყრილი გული ახატია… ჰოდა, იქიდან იქამდე ვმოძრაობ. აღნიშნულ მიჯნებს იქით სხვა ფოტოგრაფების ტერიტორიაა.
    – ერთი საქმე უნდა შემოგთავაზო, პაპა კარლა. შენ თუ უარს იტყვი, კონკურენტ ფირმას მივმართავ, – თქვა აყლაყუდა თამაზმა და ჟოფრეს ყურისძირი მოფხანა. – საქმის კაცს გავხარ, როგორც ვხედავ ყოველ კლიენტს გაბზარულ როდინის ქვას ან ხელებწატეხილ ვენერას ადარებ და თან კარგადაც მჭერმეტყველებ კლიენტების მოსახიბლად…
    – სასიამოვნოს სასარგებლოს ვუხამებ, ანუ შემოქმედებას და სამსახურს, – თქვა ფოტოგრაფმა. – ფოტოხელოვანი ვარ, სახეებსა და ტიპაჟებსაც ვეძებ და თან პურის ფულსაც ვაკეთებ…
    – ვიცი მაგი ამბავი. მუსიკოსებიც მასეთები არიან – ქუჩაში დაკვრით მათხოვრობენ და ასე ამბობენ, თან რეპეტიციას გავდივართ და თან საჭმლის ფულს ვშოულობთო… აი, რა, პაპა კარლა, – საქმიანად მიმართა აყლაყუდა თამაზმა ფოტოგრაფს. – ამ სასტუმროდან ერთი წყვილი გამოვა, პეჩენიათი გაზრდილი პინგვინი და იმის კახპა. შენ მათ მემენტო ფოტოს გადაუღებ. მერე მე და შენ იმ პინგვინთან მივალთ და ვეტყვით, რომ მას წილად ხვდა პატივი გაღიმებული და გაბადრული სახით აღბეჭდილიყო მომენტალურ ფოტოზე თავის ქალთან ერთად, მე კი როგორც შეგირდს, ისე წარმადგენ. ორასს მანეთს გადავახდევინებ იმისთვის, რომ აპარატიდან ნეგატივი ამოიღო და მას გადასცე. შენ ნეგატივს, რა თქმა უნდა, დაუთმობ, მაგრამ იმას კი არა, ფოტოაპარატში რომ გიდევს, შეუმჩნევლად სხვა ნეგატივით შეცვლი… იმ ორასი მანეთიდან ნახევარი შენია. ხვალისთვის კი პინგვინის ფოტოსაც მომართმევ რამდენიმე ეგზემპლიარად ჩვეულებრივზე უფრო დიდებს და მე მას პინგვინის მშობლიურ ქალაქში გამოვიყენებ… პასუხს ახლავე ველი. უარის მიღების შემთხვევაში იძულებული ვარ კონკურენტი ფირმის მომსახურებით ვისარგებლო. როგორც ხელოვან კაცს… სხვათაშორის ეს კაცი ბიძაჩემია და ისიც ხელოვანია და ამიტომ თქვენი ხასიათი მე არ მესწავლება… ჰოდა, როგორც ხელოვან კაცს, რომელსაც სინდისთან კომპრომისზე წასვლისას გაწითლება სჩვევია, გათავისუფლებ პასუხის პირდაპირ გაცემის აუცილებლობისაგან. თუ თანახმა ხარ მხოლოდ შენი სახელი გვაჩუქე და ჩვენც ყველაფერს გავიგებთ…
    – მისამართი შეგეშალათ: შანტაჟის მოწყობაში არავითარი გამოცდილება არ გამაჩნია. სხვათა შორის, ორი პერსონალური ფოტოგამოფენა მაქვს მოწყობილი მოსკოვში და ერთიც ალა პუგაჩოვას პირად ფოტოგრაფთან ერთად, ისიც მოსკოვში…
    – გაზიანი წყლების იქით რომ პატრულირებს იმ კონკურენტს რა ქვიაო, როგორა თქვი? – ოსტაპ ბენდერივით ალაპარაკდა აყლაყუდა თამაზი.
    – ჩემს ტერიტორიაზე სხვას შემოსვლის უფლება არა აქვს. ეს ჩვენი დაუწერელი კანონია და მას ყველა მტკიცედ ვიცავთ, – თქვა ფოტოგრაფმა.
    – მე თამაზი მქვია. მინდა იცოდე როგორ მომმართო იმ შემთხვევისათვის, როცა შენი კონკურენტისაგან, რომელიც შენს ტერიტორიაზე თვითონ არ შემოვა, ფოტოაპარატს ვიქირავებ ნახევარი საათით და შენს ტერიტორიაზე მე შემოვალ, – თქვა აყლაყუდა თამაზმა.
    – ეგორ ვასილევიჩი… შეიძლება უბრალოდ ეგორ ვასილიჩი…
    – კიდევ უფრო უბრალოდ, მხოლოდ ეგორი თუ შეიძლება? – იკითხა რაჟიკომ, რომელიც გარდა თავისი ლექსებისა სხვა დანარჩენში უბრალოების პრინციპით ხელმძღვანელობდა.
    – შეიძლება, – მცირე ყოყმანის შემდეგ დათანხმადა ფოტოგრაფი.
    აყლაყუდა თამაზმა ეგორ ვასილევიჩის ნეგატივი სამოც მანეთად გაყიდა. საწყენი მხოლოდ ის იყო, რომ ფოტოგრაფმა ნეგატივის შეცვლა ვერ მოახერხა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაზ აბრალავამ ჩატარებული ოპერაცია წარმატებულად ჩათვალა, ფოტოგრაფს ოცდაათი მანეთი უწილადა და უფრო მეტიც, მას მამის სახელით მიმართა.
    – საწყენი ის არის, რომ იმ პინგვინმა სახეზე კარგად დამიმახსოვრა, – დანანებით წარმოთქვა აყლაყუდა თამაზმა. – მაგრამ მე ბიუროკრატებისა და ჩინოვნიკების არასოდეს მშინებია. მე თავისუფალი მონადირე ვარ, ვასილიჩ, ისევე როგორც შენ თავისუფალი ფოტოგრფი ხარ, აგერ რაჟიკო კიდევ თავისუფალი მოაზროვნეა.
    – საწყენი კიდევ ის არის, რომ იმ პინგვინმა მეც დამიმახსოვრა. ხვალ შეიძლება მილიციამ შემაწუხოს, – შენიშნა ეგორ ვასილევიჩმა და ხელოვანთათვის დამახასიათებელი მანერულობით მოიწყინა. – რომ იცოდეთ ამ პრესტიჟული ადგილის მოსაპოვებლად რამდენი ბრძოლა გადამხდა კოლეგებთან. ეტყობა დროებით ტერიტორიის დათმობა მომიწევს. ზოგჯერ ასეც ვიქცევით, მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში ერთმანეთს ადგილებს გავუცვლით ხოლმე რამდენიმე დღით. ამ ერთი კვირის წინ ვიღაც ბუღა გადამეკიდა, თავისი დირექტორის ცოლთან ერთად ყოფილიყო აქ დასასვენებლად ჩამოსული და ძალიან არ მოეწონა მომენტალური ფოტო რომ გადავუღე. მადლობა ღმერთს, რომ მალევე წავიდნენ ქალაქიდან, მაგრამ აქ ჩემს მაგივრად გადმოსულმა ჩემმა კოლეგამ ადგილის დაბრუნებაზე უარი თქვა. ხიდქვეშ ვიჩხუბეთ…
    – გინდა ისეთი შემოსავლიანი ადგილი მიგასწავლო, სადაც მემენტო მორეთა შორის კონკურენცია ნულს უტოლდება, იმიტომ რომ იქ მემენტოები არ არსებობენ? – ჰკითხა აყლაყუდა თამაზმა ეგორ ვასილევიჩს.
    – საჰარის უდაბნო, არა? – მწარედ ჩაიცინა ფოტოგრაფმა. – უფრო ორიგინალური რამე მოიფიქრე. ასე დღეში ორჯერ მაინც გამეხუმრებიან.
    – დაცინვა არც მიფიქრია. ჩვენ მოსეები არა ვართ უდაბნოში წანწალი გვეხალისებოდეს. უბრალოდ მე და რაჟიკოს შენი სოხუმში წაყვანის იდეა გაგვიჩნდა. ასე არ არის, რაჟიკო?
    – ასეა, – დაეთანხმა რაჟიკოც, მიუხედავად იმისა რომ მის თავში მსგავსს იდეას არც გაუჭაჭანებია.
    – სოხუმში სოფლებიდან ჩამოსული იმდენი პატივმოყვარე სტუდენტია, თავი ალენ დელონები და სოფი ლორენები რომ გონიათ და მამიკოების მიერ თოხის ქნევით ნაშოვნ ფულს ფოტოსურათებში ხარჯავენ, პირდაპირ აფსუსია ის ფული შენისთანა მომენტალური კაცის ჯიბეში არ იყრებოდეს… პასუხს ახლავე ველოდები, ასე არ არის რაჟიკო?
    – ასე უცებ ვერ გადავწვეტ. მე მოსკოველი კაცი ვარ, პროვინციაში ფოტოპარტიზანად ჩამოსული, ზღვისპირა კურორტების სპეციფიკას მუშაობის პროცესში ვეცნობი…
    – ბინა უფასო იქნება, ქალაქში ხმამაღლა ვერავინ დაგელაპარაკება, რაზეც პასუხისმგებელი პირადად მე ვარ! – წაეშველა აყლაყუდა თამაზი ფოტოგრაფს.
    – შემოსავალი როგორ გადანაწილდება? – იკითხა ეგორ ვასილევიჩმა.
    – მე მგონი მოვრიგდებით, – არც რაჟიკო ჩამორჩა კოლეგა-ხელოვანს პრაქტიკულობის გამოჩენაში.

    2.
    ჟოფრე ძალიან ალერსიანი და ჭკვიანი ლეკვი გამოდგა, არც საჭმელში იყო წუნია. ეგორ ვასილევიჩი და ჟოფრე ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ: ჟოფრე მას ხშირად ლოკავდა, ფოტოხელოვანი კი ამბობდა, რომ ჟოფრე მისი მუზა იყო და ყოველ დილით, საშოვარზე გასვლის წინ ჟოფრეს ხელს აალოკვინებდა ხოლმე: კარგად ჰქონდა დაცდილი. თვითონ ეგორ ვასილევიჩმა და სოხუმმაც კარგად გაუგეს ერთმანეთს, აქამდე ვერც ვამჩნევდი როგორ გადავუღლივარ დიდ და ხმაურიან ქალაქებს, განსაკუთრებით კი მოსკოვს – მეგაპოლისს, რომელსაც ცრემლების არ სჯერაო.
    – პროვინციულ ქალაქებში, რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, მოქალაქეებს ნიღაბივით სახეები არა აქვთ, ზღვის ნესტით გაჟღენთილნი გაცილებით უფრო ფოტოგენურები არიან, მაშინაც კი პოზიორობენ, როცა მათზე ფოტოკამერა არ არის მიშვერილი და, რაც ყველაზე მთავარია, მზესუმზირის ჩენჩოებს მოსკოვლებზე უფრო ნაკლები ხმაურით გადმოაფურთხებენ ხოლმე, რადგან მოსკოვში, ქალაქის ხმაურში საკუთარს ნაკლებად აღიქვამ, – იტყოდა ხოლმე ეგორ ვასილევიჩი, – ზღვისპირეთში კი თავად ზღვის ხმაური ჩენჩოების გადაფურთხებისას გამოცემულ ხმას გავს, ამიტომ შენ იგივეს გაკეთება არ გინდება.
    მომენტალური ფოტო ქალაქში პოპულარული გახდა. ორჯერ ეგორ ვასილევიჩის სოჭელმა კონკურენტებმაც კი სცადეს სოხუმში დამკვიდრება, მაგრამ აყალყუდა თამაზმა ისინი უკანვე მიაბრძანა. თამაზ აბრალავა ასეთივე წარმატებით აშოშმინებდა იმ ახალგაზდებს, რომლებსაც თავისი გოგონებისთვის მომენტალური ფოტოების უფასოდ მიღება სურდათ. ეგორ ვაისლევიჩსაც და აყლაყუდა თამაზსაც ეშინოდათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათ მიერ სოჭში დაშანტაჟებული პროფკავშირელი ბობოლა გამოჩნდებოდა და მილიციის დახმარებით სამაგიეროს გადახდას მოინდომებდა, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდიოდა.
    რაჟიკო კეზუა ცოტა არ იყოს მოსუქდა, მაძღარს საკუთარი თავის რწმენაც დაუბრუნდა, საძინებელში დაკიდებული “პომპეის უკანასკნელი დღეც” არ აღიზიანებდა და არც ის, ვედრებით ხელებგამოშვერილი ქალი ნახატის რეპროდუქციაზე, თავისი საყვედურიანი თვალებით, აყლაყუდა თამაზის აზრით, რაჟიკოს ყოფილ სიდედრს რომ გავდა რიგით მეორე ცოლისგან.
    ეგორ ვასილევიჩმა მომავალი პერსონალური ფოტოგამოფენისთვის ოცდაერთი ფოტოსურათი გადაიღო, აქედან ცხრა, როგორც თვითონ თვლიდა, კოლორიტული პორტრეტი, დანარჩენი კი სხვადასხვა თემატური შიანაარსის, ესენი იყვნენ: წყალში მოტივტივე დამხრჩვალი ვირთხა ჩაძირული ბარჟის წყალსქვემოდან გამოლანდული კონტურის ფონზე (ფოტოს ერქვა “ვალმოხდილი გემის კაპიტანი”); ზვირთსაქცევზე გაშენებული რესტორნიდან პირდაპირ ზღვაში ჩამშარდველი მთვრალი მამაკაცი ხელში შამპანურის ბოთლით (ფოტოს სახელწოდება იყო “ამსტერდამელი ბიჭუნა”); სახურავის ანტენაზე ორ ვარდმიმაგრებული საქორწინო მანქანა (ვარდები შორიდან რქებს გავდნენ, ფოტოს სახელწოდება იყო “როცა ყველაფერი წინასწარ ცნობილია”); ჟოფრე, რომელიც საკუთარ განავალს უყეფდა; ჟოფრე, რომელიც ლეილა მასხულიას ქოთნის პატარა კაქტუსს აშარდავდა ტერიტორიის მოსანიშნად; ბოშათა უბნელი ხეიბარი ფეხის პროთეზზე სვირინგის სტილში ამოჭრილი “дурная голова ногам покоя не дает”-ის წარწერით; მიხეილ ესვანჯიას მიერ დამზადებული კედლის საათი, რომლის გუგული ჩვეულებრივზე უფრო წინ გამოდიოდა ხოლმე და თანაც თავს დაბლა ხრიდა, თითქოს ციფერბლატს აცქერდებოდა იმის გასაგებად, რომელი საათიაო; დარეჯან კვარაცხელიას სარწეველა სავარძელში ჩასვენებული “ვანკა-ვსტანკა” (სახელწოდებით “ვანკა-ვსტანკას ორმაგი რწევა”); რაჟიკო კეზუას ჭიშკრის ბოძს დამაგრებული დიურაალუმინის ნახევარმეტრიან მტრედებზე შემოსკუპებული და თევზის ნარჩენების მიმრთმევ ორ ინდაურს შურით შემყურე თოლია (ფოტოჩანახატს ერქვა “Рожденный лететь служит курьером у рожденного ползать”) და სხვა. ამ უკანასკნელი ფოტოჩანახატის გამო ბიძა-დისშვილს ერთმანეთში სერიოზული დავა მოუვიდათ: რაჟიკოს ვარაუდით, ეგორ ვასილევიჩის ეს ნამუშევარი ღრმად ალეგორიული შინაარსისა იყო, სტუმარმა ამ შემთხვევაში მასპინძლებს დასცინა და ისინი ინდაურებად გამოიყვანა (თან სიტყვა “рожденый” ჩემს სახელთან, რაჟდენთან არის გაკალუმბურებულიო, აღნიშნა რაჟიკომ), საკუთარი თავი კი თოლიად წარმოაჩინა, რომელიც ბედის ირონიით იძულებულია ინდაურებს ემსახუროსო. აყლაყუდა თამაზი ფოტოსურათში ვერავითარ ალეგორიას და მინიშნებას ვერ ხედავდა და ჯიუტად ამტკიცებდა, უბრალო დამთხვევაა და მეტი არაფერი, რამდენჯერ მინახავს თოლიები ინდაურებისთვის საჭმლის წართმევას რომ ცდილობდნენო.
    ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ოღონდ ეგ იყო, რომ ეგორ ვასილევიჩი, როცა შემოქმედებითი წვის მოთხოვნილებას ბოლომდე ვერ იკმაყოფილებდა თავის საფირომო ფრაზას, “море мне шепчет”-ს, წარმოთქვამდა და სმას იწყებდა. ნასვამს მოსკოვი ენატრებოდა და ათდღიან შვებულებას ითხოვდა. რაჟიკო და აყლაყუდა თამაზი შვებულებას არ იძლეოდნენ, რომ არ გაქცეოდათ ფოტოგრაფს საგამოფენოდ გამზადებული ნამუშევრები და ნეგატივები ჩამოართვეს და გადაუმალეს.
    ცხოვრებისეულ წარმავლობაზე წინანდელზე უფრო სერიოზულად ჩაფიქრებული რაჟიკო (არადა, მანამდე ეგონა, ცხოვრებისეულ წარმავლობაზე მშიერი პოეტი უფრო მეტს და საფუძვლიანად ფიქრობს, ვიდრე მაძღარიო), ზოგჯერ ეგორ ვასილევიჩს, მეორე სართულზე ფოტოსტუდიისათვის გამოყოფილ ოთახში ეწვეოდა და მომენტალურ ფოტოებს ათვალიერებდა, რათა უკეთ შეეგრძნო სულის ის მდგომარეობა, რომელსაც მან “საკუთარი ბედნიერების დაუფიქსირებლად გაფრენილი წამების განუმეორებლობით წამება” უწოდა.
    – დრო ლამაზი ქალივითაა: უნდა მოიხმარო და როცა გიღალატებს, გული არ უნდა დაგწყდეს, იმიტომ რომ ის არც ერთ მოკვდავს არ ეკუთვნის. მას შენშიც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, უფრო სწორად კი ის, რომ უმოწყალოდ გფიტავს და განგრევს! – იტყოდა ხოლმე რაჟიკო.
    – დრო ნებისმიერ ფოტოაპარატში ეტევა. უბრალოდ მისი არ უნდა შეგეშინდეს და მაშინ ის შენ დაგემორჩილება! – პასუხობდა ფოტოხელოვანი.
    – დრო ფულია, ფულით კი ნებისმიერ ქალს და ფოტოაპარატს იყიდი! – მშრალად შენიშნავდა ხოლმე ხელოვანთა უმაქნისი ლაყაფით გაღიზიანებული აყლაყუდა თამაზი.
    თამაზ აბრალავას თავი იმ კანტორის დირექტორად მიაჩნად, რომელსაც “გადაღების კანტორა” უწოდა. თვალებშივე ეტყობოდა, რომ საკუთარ მოწოდებას მიაგნო – ქცევები და მანერები მბრძანებლური გაუხდა, კილო კი დირექტივების გამცემი გენერლისა.
    ერთ საღამოს რაჟიკო კეზუამ იმდღევანდელ კლიენტთა ახალგამჟღავნებულ, თოკზე სარეცხის სამაგრებით დაკიდულ სველ ფოტოსურათებს შორის კლავდია შამათავას პროფილში გადაღებული ფოტოსურათი აღმოაჩინა. კლავდია (ფოტოზე ისე ჩანდა, თითქოს მრუდე ფეხები ჰქონოდა, არადა, პირიქით ლარივით სწორი ფეხები ჰქონდა) იმ მომენტში იყო აღბეჭდილი, როცა ის მზესუმზირის ჩენჩოებში მოფუთფუთე ვარდისფერ მტრედებს დასცქეროდა და ნაზად იღიმებოდა (მტრედებს საღებავი გადასხმოდათ, როცა ერთ-ერთი სახლის ფასადს ღებავდნენ. ზოგიერთი კი ფიქრობდა, მტრედები ეგორ ვასილევიჩმა შეღება კლიენტების მისაზიდადო). ნაცოლარის ნახვაზე რაჟიკო კეზუა აღელდა და ხელებიც კი გაუოფლიანდა.
    – რა იყო, რაჟიკო, რა ფერი გეცვალა? – ჰკითხა აყლაყუდა თამაზმა და ბიძას უკნიდან ამოუდგა.
    – ნუ ხარ ასეთი უზდელი! – გაუწყრა დისშვილს რაჟიკო. – ნუ იცი ხოლმე სხვის სურათებში, ნაწერებსა და დღიურებში ზურგს უკნიდან ჩაჭყიტება!
    – სკოლაში მივეჩვიე, როცა საკონტროლოებს ვიწერდი, – აღიარა აყლაყუდა თამაზმა. – სურათია ეს, დღიური და პირადული რამე ხომ არ არის?
    რაჟიკომ ამოიოხრა და თვალები მილულა.
    – თუმცა პირადული ყოფილა! – წარმოთქვა აყლაყუდა თამაზმა, როცა ფოტოზე კლავდია შამათავა ამოიცნო. – ოხ, ეს ქალები!.. როცა გვერდით ყავხართ არ გაფასებენ და “ლონდრეს” გეძახიან, მიატოვებ და ისე მოენატრებით, რომ შენს სახლში მცხოვრებ ფოტოგრაფს იმგვარად გაეპრანჭებიან, სურათს გადააღებინებენ და ასე შეგახსენებენ თავს!.. რაო, ვასილიჩ, რა გითხრა ამ მტრედიების მოყვარულმა ქალმა?.. ხომ გითხრა ნურავის უჩვენებ ჩემს ფოტოსო და ამით მისი მასპინძლებისთვის ჩვენების სურვილი გაგიღვიძა, ასე არ არის?
    – იმ მაღალზე ამბობ, მტრედებს რომ უღიმის?.. არაფერი ამდაგვარი არ უთქვამს. ძლივს დავითანხმე ფოტოები ეყიდა, – უპასუხა ეგორ ვასილევიჩმა.
    – ასეც ვიცოდი!.. – თქვა აყლაყუდა თამაზმა.
    – კარგი ერთი, თამაზ!.. საიდან უნდა ცოდნოდა კლავდიას, რომ ვასილიჩი ჩემი მდგმურია? – უსაყვედურა დისშვილს რაჟიკომ.
    – ქალებმა ყველაფერი იციან. დამინახა ალბათ ვასილიჩთან ერთი-ორჯერ და ყველაფერს მიხვდა. მერე ქუჩაში გაიარ-გამოიარა და ისე გაიპრანჭა, რომ კანტორას თავი გადააღებინა.
    რაჟიკო კეზუამ მწარედ ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა.

    * * *

    მეორე დღეს, კლავდია შამათავა ეგორ ვასილევიჩთან მეგობარ ქალთან ერთად გამოცხადდა და როცა ფოტოგრაფის მიწოდებულ ფოტოსურათთა დასტიდან საკუთარს არჩევდა, რაჟიკო კეზუას ფოტოებიც აღმოაჩინა. რაჟიკო “პინგვინში”, გრძელ მაგიდასთან იჯდა და ზღვისკენ იყურებოდა.
    – ეს ფოტო როდის გადაიღეთ? – ჰკითხა კლავდიამ ეგორ ვასილევიჩს და რაჟიკოს ფოტოზე მიუთითა.
    – ათი დღე იქნება. ეს კაცი დამპირდა აუცილებლად ვიყიდი ფოტოს, ოღონდ რამდენიმე დღით ქალაქიდან გავდივარ და მოგვიანებით შემოგივლიო, – უპასუხა ფოტოგრაფმა.
    კლავდიამ რაჟიკოს ფოტო დაქალს მიაწოდა და რაღაც გადაულაპარაკა.
    – უცნაურია, რომ ფოტოებს გადაღების დღეების მიხედვით არ ახარისხებთ და აწყობთ, – დამცინავად ჩაეღიმა კლავდიას ფოტოგრაფის მისამართით. – ისე კი მინდა იცოდეთ, რომ ეს კაცი სრული არარაობაა!
    კლავდიამ ფული გადაიხადა და ამაყად გაღიმებულმა დაქალთან ერთად გზა გააგრძელა.
    – აუ, როგორ გაკაპასებულა! – უთხრა კლავდიას წასვლის შემდეგ გამოჩენილმა აყლაყუდა თამაზმა ეგორ ვასილევიჩს და შვებით ამოისუნთქა – არ უნდოდა შეტყობოდა რა მღელვარებაც გადაიტანა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
    – კაპასია! – მხარი აუბა ეგორ ვასილევიჩმა და იმანაც შვებით ამოისუნთქა.
    – რაჟიკო უნდა და რომ არა ყავს იმიტომ გაკაპასდა!.. ვიცი და ვგრძნობ მე ამას! – თავი გადააქნია აყლაყუდა თამაზმა.
    – ალბათ უნდა!.. – ორაზროვნად შენიშნა ფოტოგრაფმა და იმანაც გადააქნია თავი.
    – გამარჯობა, თამაზ! – გაისმა უცებ ქალის ავისმომასწავებლად განაზებული ხმა. აყალყუდა თამაზმა უკან მიიხედა და სახიფათო სიმშვიდით მომღიმარი კლავდია შამათავა იხილა.
    – გამარჯობათ, ქალბატონო კლავდია! – წაილუღლუღა აყლაყუდა თამაზმა.
    – ფოტოგრაფისთვის მინდოდა მეთქვა, ნეგატივებიც მომეცი-მეთქი, ჩემმა ძმისშვილმა მთხოვა, მომიტანეო, სურათების გადაღებით და გამჟღავნებით ერთობა, – თქვა კლავდიამ. – ჩაწყობილს გავდა ეს საქმე და გულმა ვერ მომითმინა უკან არ მოვბრუნებულვიყავი. არ მოვუტყუვებივარ გულს, როგორც ვატყობ!
    აყლაყუდა თამაზი ასეთი დაბნეული არასოდეს ყოფილა. მან პასუხად ისე უხერხულად გაიღიმა, რომ ლამის კლავდიასაც კი შეეცოდა.
    – ეტყობა, დაბერდა ჩემი ქმარყოფილი და ისე გამოლენჩდა, რომ ასეთ უჭკუო ტრიუკებზე მიდის, თუმცა დიდი ჭკუით არასოდეს გამოირჩეოდა თქვენი ოჯახი. თქვენისთანა მათხოვრებს და სულით მახინჯებს, ისევ თქვენთან თუ არ მიხვედი, ვერსად იპოვი!.. თანამშრომელი მელოდება ქუჩის ბოლოს, განგებ არ გამოვიყოლე, არ მინდოდა გაეგო, თუ როგორ კრეტინს ვიყავი მითხოვილი. მსგავსი რამე კიდევ ერთხელ თუ განმეორდა, იცოდეთ, რომ ძალიან ცუდად წაგივათ საქმე! – თქვა კლავდია შამათავამ, გატრიალდა და წავიდა.
    – მიდი ერთი, კარგად გადათვალე რაჟიკოს ფოტოები, ხელს ხომ არ გააყოლა? – პირველმა აყლაყუდა თამაზმა ამოიდგა ენა.
    – არა, არ მოუპარავს… პირველად რომ მოვიდა, დახედა თუ არა რაჟიკო კონსტანტინოვიჩის სურათს, მაშინვე სრული არარაობააო ჩაიჩურჩულა და როგორ მოიპარავდა? – მიუგო ფოტოგრაფმა.
    – თუ არარაობაოო თქვა, ესე იგი უყვარს, მაგრამ სიამაყის გამო საკუთარ თავსაც ვერ უტყდება ამაში, – დაასკვნა თამაზმა. – მხოლოდ ხუთი ცალი რაჟიკო ჩავდეთ, ათი უნდა ჩაგვედო და არ შეეშინდებოდა, შეიძლება დანაკლისი შეამჩნიონო და აუცილებლად მოიპარავდა.
    – არა მგონია… ასე თქვა, ამ თვითკმაყოფილ იდიოტს რამდენი ფოტო შეუკვეთიაო!
    – ხელოვანი კაცი ხარ და სულ არ გესმის ქალების! – უსაყვედურა თამაზმა ეგორ ვასილევიჩს. – სამწუხაროა, რომ სანაძლეო წავაგე რაჟიკოსთან. მოეპარა იმ დედაცხონებულს რაჟიკოს ერთი სურათი მაინც, რა იქნებოდა!.. ერთ ყუთ კარგ ლუდს მოვიგებდი…

    * * *

    – მაინც უყვარხარ კლავდიას, ვგრძნობ მე ამას! – უთხრა აყლაყუდა თამაზმა ბიძას, როცა მის ცოლყოფილთან შეხვედრის ამბავს მოუყვა. – დამიჯერე, რაჟიკო, გიჟდება ის ქალი შენზე და ენატრები ძალიან… ახლა არ მითხრა, ასე არ არისო!
    – მიქარავ რაღაცას! – გაბრაზდა რაჟიკო.
    – მართალია, შეურაცყოფაც მოგვაყენა, მაგრამ, შენ როგორც გიყვარს თქმა ისე, მოდი ახლა მონეტის მეორე მხარეც განვიხილოთ და მაშინვე მოგეშვება გულზე.
    – რა უნდა მომეშვას გულზე, ნაცოლარმა მახინჯი რომ მიწოდა ის?
    – ამაში არ არის საქმე!..
    – აბა რაშია? – რაღაც ცუდი იყნოსა რაჟიკომ.
    – იმ ლამაზი ქალის ფოტო ხომ გახსოვს, გასულ კვირას გადაღებული, ხალი რომ ჰქონდა ლოყაზე?.. აი ის, შუშის მძივებით გაწყობილი ბასანოჩკები რომ დაუწუნე, ბოშა ქალის გემოვნების ყოფილა და ვულგარულიც არისო, რომ თქვი და “კონკია” შეარქვი, აქაოდა “ბროლის” ფეხსაცმელები აცვიაო?
    – მახსოვს, მერე რა?
    – ჰოდა, რა ვქენი თუ იცი, იმ ქალთან ერთად დავაყენებინე ეგორს შენი თავი სურათზე. ხომ იცი რა კარგ მონტაჟებს აკეთებს ეგ შობელძაღლი, ნამდვილისგან ვერ გაარჩევ… დაგაყენეთ ერთად, ის ქალი კიდევ ისე იღიმებოდა, დახედავდი თუ არა სურათს, მაშინვე იმას იფიქრებდი, ძალიან უხარია რაჟიკო რომ ყავს გვერდში და ამიტომ აქვს ასეთი ბედნიერი სიფათიო. ნახავს კლავდია ამ სურათს და ეჭვანობით გადაირევა-მეთქი, ვიფიქრე. მაგრამ თითქოს გულმა მიგრძნოო, სულ ბოლო მომენტში გადავიფიქრე ამის გაკეთება და ამოვიღე სურათები საერთო გროვიდან. კლავდიასი არ იყოს, მეც ოხერი გული მაქვს… უნდა გითხრა, რომ ძალიან გაგვიმართლა მე და შენ, იმიტომ რომ კლავდია, სურათის ასაღებად იმ კონკიასთან ერთად მოვიდა, კლავდიას თანამშრომელი ყოფილა… თუ ხვდები ახლა, რა ხიფათს აგარიდე?!
    – ერთი დისშვილი მყავს და ისიც დაფშტვენილი. შენიშნული მაქვს, რომ ღმერთი, რასაც ცოტას და, მით უმეტეს, ერთ ეგზემპლარად იძლევა, როგორც წესი, კარგია ხოლმე – თითქოს გულზე უნდა გაგხეთქოს მეტი რომ არ გამოიმეტაო. შენ კი გამონაკლისი ხარ!..
    – ნუ ხარ, რაჟიკო, უმადური… არ მეკუთვნის ასეთი დამცირება მე შენგან. ასე უნდა ელაპარაკებოდე იმ კაცს, ვინც ხიფათს აგარიდა?.. შენ თვითონ გააკეთე ის, რაც მასწავლე – განიხილე მონეტის მეორე მხარეც და მაშინვე მოგეშვება გულზე. ნახავ თუ ასე არ იქნა.. – ურჩია აყლაყუდა თამაზმა ბიძას. – ახლა კი დახუჭე თვალები და ის მონტაჟი უნდა გაჩვენო, რომელზეც შენ “კონკიასთან” დგახარ – ძალიან ფოტოგენური ხარ. ძალიან მაგრად იმუშავა ჩვენმა მომენტომ, მთელი ღამე არ უძინია, რომ იცოდე…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2009 – აგვისტო

    ოთარ ჭილაძე, “წინ მარადისობაა!”, რედაქტორი ზვიად კვარაცხელია. თბ. “ინტელექტი”, 2009.

    ეს წიგნი ბოლო წლებში ქართულ სალიტერატურო პერიოდიკაში გამოქვეყნებულ რამდენიმე ინტერვიუსა და მწერლის არქივში მოძიებულ სიტყვას აერთიანებს, რომელთაც მკითხველი ინტერესით გაეცნობა.
    “ბოლო წლებში საზოგადოებრივ ცხოვრებას მოწყვეტილი და განზე გამდგარი” (როგორც მას ხშირად აბრალებდნენ) ოთარ ჭილაძე, საკუთარ მოქალაქეობრივ თუ მწერლურ პოზიციას სწორედ წერილებით, ესსეებითა და ინტერვიუებით გვამცნობდა, რომლებშიც საკმაოდ მწვავედ გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
    “ჯერ კიდევ უნდა დავიცადოთ. ჯერ განუკითხაობა სუფევს ჩვენში და მედროვეთა დროა. ხომ ხედავთ, რას დავემსგავსეთ?! ვის ნოვატორი ჰგონია თავი, ვის გალაკტიონი ეპატარავება თვალში… საზოგადოება კი ბაიბურში არ არის… იმიტომ, რომ სიბნელის ნაშიერია, უწიგნურია და უჭირს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება. ხოლო, გაზეთი და ტელევიზია ყოველთვის როდი ეუბნება სიმართლეს” – აი, ასეთია დიაგნოზი, რომელიც ოთარ ჭილაძემ დაუსვა თანამედროვე ქართულ საზოგადოებას.

    ანა კალანდაძე, სიყვარულისგან ფართოვდება ქვეყანა, რედაქტორ-შემდგენელი გიორგი გოგოლაშვილი. თბ, “ინტელექტი”, 2009.

    ანა კალანდაძის პროზა – ეს რაღაც ახალია, იტყვის ბევრი, ვისთვისაც მისი სახელი, უპირველესად, ნატიფ პოეზიასთან ასოცირდება, თუმცა, პოეტს საკმაოდ მდიდარი პროზაული მემკვიდრეობა დარჩა, რომელთა ნაწილი ერთხელ უკვე გამოქვეყნდა, ნაწილი კი მისსავე არქივში ინახება და დღის სინათლეს ელის. ანა კალანდაძის პროზაული ჩანაწერები 1996 წელს გამომცემლობა “საქართველომ” დასტამბა, თუმცა, წიგნის მცირე ტირაჟით გამოსვლის გამო მისი წაკითხვა ბევრმა ვერ მოახერხა. ამ ხარვეზის შესავსებად ლიტერატურათმცოდნე გოგი გოგოლაშვილმა წინამდებარე გამოცემა შემოგვთავაზა. 600-გვერდიანი ტომიდან მინიატურების, მოგონებების, საუბრებისა და ჩანაწერების ნაწილი შეარჩიეს და დასაჭაშნიკებლად ქართველ მკითხველს შესთავაზეს. მინიატურების სათაურების ჩაკითხვაც კი მიგვახვედრებს, კლასიკოსის პროზასთან რომ გვაქვს საქმეო – წერს შესავალში რედაქტორ-შემდგენელი და მართლაც, თქვენს წინაშეა “პოეტი პროზაიკოსის” ჩანაწერები.

    ბესო ხვედელიძე, თაგვის გემო, თბ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    ბესო ხვედელიძემ უკვე კარგა ხანია დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მის შემოქმედებას ჰყავს ფანები, გულშემატკივრები, განმკითხავნი, განმქიქებელნი და უბრალოდ, მკითხველები. მართალია, მათი რიცხვი არცთუ ისე დიდია (როგორც ზოგადად, მკითხველთა რაოდენობა საქართველოში), თუმცა, ეს ადამიანები ინტერესით ელოდებიან მწერლის ყოველი ახალი ნაწარმოების გამოსვლას. ჰოდა, სწორედ მათ გასახარად, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ბესოს ახალი კრებული – “თაგვის გემო” დაბეჭდა. წიგნში ავტორის 17 მოთხრობა შევიდა, რომელთა უმეტესობა ბოლო 2-3 წელიწადში დაიწერა და აქამდე გამოსულ ვერცერთ კრებულში ვერ იხილავთ. განსაკუთრებით რამდენიმე მათგანს გამოვყოფდი, რომელთაც ყველაზე მეტად დამამახსოვრა თავი: რასაკვირველია, “თაგვის გემო,” რომელიც ამ წიგნში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, “რუსთაველი შოთა,” “ბრმების ქალაქი” და “წითელი ჯვარი.”
    მინდა გითხრათ, რომ პირადად მე ბესოს მოთხრობები მის რომანებზე გაცილებით მეტად მომწონს (მართალია, ამ უკანასკნელთა რაოდენობა არც ისე ბევრია). მოთხრობა ის ჟანრია, სადაც მწერლის ფანტაზია, ნიჭი და თხრობის უნარი მაქსიმალურად ვლინდება. ამ მხრივ ეს კრებული კიდევ ერთხელ ასიამოვნებს მკითხველს.

    დავით ქართველიშვილი, პროზისა და საკუთარი თავის შესახებ.
    თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    როგორც შესავალში გვამცნობს, ეს წიგნი ერთ-ერთი ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორის თხოვნით შექმნა, რომელმაც 2008 წლის ნოემბერში დაურეკა და საახალწლოდ მოთხრობის დაწერა შესთავაზა. თავდაპირველად გადაწყვიტა ესსესთვის “ჩემი პროზის შესახებ” ეწოდებინა, თუმცა, საბოლოოდ “პროზისა და საკუთარი თავის შესახებ” დაარქვა.
    საინტერესო და მრავალმხრივი, ხშირ შემთხვევაში არაორდინარული მსჯელობა წმინდა ლიტერატურულ საკითხებზე, რომელსაც თან ერთვის მნიშვნელოვანი ეტაპები ავტორის ავტობიოგრაფიიდან. დავით ქართველიშვილი ყოველგვარი სიყალბისა და თავმდაბლობის გარეშე საუბრობს თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის ისეთ მტკივნეულ თემებზე, როგორიც არის წერა შეკვეთით, მწერლის ამაღლებული, ზეადამიანური იმიჯის მსხვრევა, რომელიც დრომ მოიტანა; ასევე, დროის მიერ “შემოგდებულ” ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე, როგორიცაა ნარკომანია და პროსტიტუცია, ლიტერატურული კონიუნქტურა, თანამედროვე ლიტერატურული პროცესები და ა.შ.
    წმინდა ლიტერატურულ პრობლემატიკასთან ერთად ავტორი საკუთარ თავზეც გვიყვება, იმ ადამიანებსა და მოვლენებზე, რომელთაც მის შემოქმედებაზე მოახდინეს გავლენა. ეს ყველაფერი მსუბუქი იუმორით და მცირეოდენი ირონიითაცაა მოწოდებული.
    დავით ქართველიშვილი მიწიერი ავტორია, ის არ დაფრინავს ცაში და არც ოცნების კოშკებს აგებს, თუმცა, ამ ესსეში დროდადრო სენტიმენტალურობაც იგრძნობა, რომელიც ერთგვარად ანეიტრალებს ერთი შეხედვით, საკუთარ თავზე შეყვარებული მწერლის გამაღიზიანებელ იმიჯს.

    ორჰან ფამუქი, ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები, თურქულიდან თარგმნა ნანა ჯანაშიამ, რედაქტორი რუსუდან გორგაძე. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    ცნობილი თანამედროვე თურქი მწერლის, ორჰან ფამუქის პირველი რომანი, რომელმაც ავტორს აღიარება მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” არ გახლავთ ნობელიანტი ავტორის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები (იგი ვერ შეედრება ისეთ გახმაურებულ რომანებს, როგორიცაა “მე მქვია წითელი” და “თოვლი”), ქართველი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება, მშობლიურ ენაზე გაეცნოს ფამუქის შემოქმედებითი გზის დასაწყისს.
    წიგნში მოთხრობილია ერთი ოჯახის სამი თაობის ისტორია, რომელიც სტამბოლის ნიშანთასის უბანში ცხოვრობს, სწორედ იქ, სადაც თავად ფამუქი გაიზარდა. ორი ძმა რადიკალურად განსხვავებულ ცხოვრებისეულ გზას ირჩევს: ჯევდეთ ბეი – ვაჭრის გზას დასდგომია, პროგრესულად მოაზროვნე ნუსრეთი კი ერთი იდეითაა შეპყრობილი – როგორ შემოიტანოს განვითარებული ევროპული სიო თავის ჩამორჩენილ, დამყაყებული აზროვნებით გაჟღენთილ ქვეყანაში. მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში იწყება და 70-იანებში გრძელდება. ფამუქი რევოლუციისშემდგომი თურქეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ გვიამბობს, იმ სასიკეთო ძვრებზე, რაც ქვეყანაში ათა-თურქის მმართველობამ მოიტანა, თუმცა, ეს ყველაფერი ადგილობრივი ფუნდამენტალისტი მოსახლეობისთვის იოლი გადასალახი არ აღმოჩნდა. რა სირთულეებს უკავშირდებოდა რესპუბლიკის შექმნა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და რა გავლენა იქონია მან თურქული საზოგადოების ცნობიერებაზე, რომანიდან შეიტყობთ.

    ზურაბ ქარუმიძე, “ჯაზის ცხოვრება”, რედაქტორი გია ჭუმბურიძე, თბ. “სიესტა”, 2009.

    პირველი წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე ჯაზის შესახებ წავიკითხე, ვახტანგ ჯალიაშვილის “ინსტრუმენტული ჯაზი” იყო, 70-იან წლებში დაბეჭდილი გაცრეცილი გამოცემა, რომელიც იმ პერიოდისთვის ალბათ, ამ თემაზე დაწერილი ერთადერთი წიგნი გახლდათ ჩვენს სინამდვილეში, მას შემდეგ გავიდა წლები, აკრძალვა ჯაზზე მოიხსნა, მისი მოსმენა ე.წ. კარგი ტონის აუცილებელი შემადგენელიც კი გახდა, მით უმეტეს, თუ ინტელექტუალობაზე დებდი თავს; გაფართოვდა ამ ჟანრის შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და მოსმენის შესაძლებლობები, გაჩნდა არაერთი მიმართულება, თუმცა, ქართულ ენაზე ჯაზურ მუსიკასთან ზიარების ბედნიერება ისევდაისევ ჯალიაშვილის გაყვითლებული გამოცემით იყო შესაძლებელი. და აი, ნავსი გატყდა. მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ ძალიან კარგი წიგნი შემოგვთავაზა, რომელსაც “ჯაზის ცხოვრება” ჰქვია. “მე არც მუსიკისმცოდნე ვარ და არც ისტორიკოსი – ამდენად რაიმე მუსიკალური ჟანრის ისტორიის დაწერა ფიქრადაც არასოდეს გამივლია. ოღონდ ეგაა, რომ სიყვარულმა კაცს შეიძლება გონება აურიოს… ჰოდა, მეც სიყვარულმა დამაწერინა ეს წიგნი – ჯაზური მუსიკის სიყვარულმა” – წერს გამოცემის წინათქმაში ავტორი და 433 გვერდზე გვიყვება ჯაზის ისტორიას – წარმოშობიდან დღემდე. ასევე, გვაცნობს იმ ადამიანებსაც, ვინც ამ დიდებულ მუსიკას ქმნიდა და ქმნის, ლეგენდარული ბადი ბოლდენიდან – უინტონ მარსალისამდე.

    კირილე ზდანევიჩი, ილია ზდანევიჩი, თბ. “საქართველოს ეროვნული მუზეუმი”, 2009.

    პოლონური წარმოშობის მხატვრების, ძმები ზდანევიჩების სახელს ქართული კულტურის დამფასებლები კარგად იცნობენ, თუმცა, ახალი თაობისთვის მათი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ბევრი რამ უცნობია.
    ეს კატალოგი საქართველოს ერონული მუზეუმისა და ალექსანდრე დიუმას სახელობის კულტურის ცენტრის ერთობლივი საჩუქარია ხელოვნების მოყვარულთათვის. მასში შესულია საინტერესო დეტალები ძმები ზდანევიჩების ცხოვრებისა და მოღვაწეობიდან. პოლონური წარმოშობის მიუხედავად, ისინი თავს ნამდვილ ქართველებად მიიჩნევდნენ. სწორედ მათ სახელს უკავშირდება ფიროსმანის შემოქმედების აღმოჩენა და მისი ევროპელთათვის გაცნობა. 1916 წელს სწორედ ზდანევიჩების სახლში გაიმართა მხატვრის ნამუშევრების პირველი გამოფენა. ამ საქმეში განსაკუთრებით უმცროსი ძმა, ილია აქტიურობდა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა პიკასოსთან ერთად. მისმა მონათხრობმა ფიროსმანის შესახებ იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა ესპანელ გენიოსზე, რომ ამ უკანასკნელმა ქართველი მხატვრის წამოსახვითი პორტრეტი შექმნა. სწორედ ეს პორტრეტი ამშვენებს ილია ზდანევიჩის მიერ ფრანგულ ენაზე გამოცემულ წიგნს “ფიროსმანაშვილი 1914.”
    კატალოგში ძმების ნამუშევრებსა და ფოტოებთან ერთად წარმოდგენილია საინტერესო ტექსტუალური მასალაც, რომელიც ზდანევიჩების ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

    როინ მალაყმაძე, ლიგანის ხეობა. რედაქტორი ნოდარ კახიძე. თბ, არტანუჯი, 2008.

    ეს წიგნი ლიგანის ხეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული შესწავლის პირველი ცდაა. ხეობის, რომლის ნაწილი დღეს თურქეთის ფარგლებშია მოქცეული. ისტორიკოსმა და ეთნოგრაფმა როინ მალაყმაძემ საკმაოდ დიდი შრომა ჩადო ამ ნაშრომის ეთნოგრაფიული მასალის მოპოვებაზე. როგორც მოგახსენეთ, ხეობის ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზეა და იქ მუშაობა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. ამის მიუხედავად, ახალგაზრდა მეცნიერმა მოახერხა სერიოზული კვლევის ჩატარება და კარგად წარმოაჩინა ლიგანის ხეობის როლი ჭოროხის ხეობისა და მთლიანად სამხრეთ-საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ ცხოვრებაში.
    წიგნში მოთხრობილია ხეობის ისტორია ოსმალთა ბატონობამდე, ბატონობის პერიოდში და მისი საქართველოსთან დაბრუნების შემდეგ. დახასიათებულია სოფლის მეურნეობის დარგები, სულიერი და მატერიალური კულტურა და ა.შ.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე

    მალხაზ ხარბედია – ვკითხულობთ ჩეროში

    ზაფხული ალბათ ყველაზე კარგი დროა წიგნებისთვის. განსაკუთრებით მათთვისაა ხსნა ზაფხული, ვინც მთელი წლის მანძილზე ვერ იცლის საკითხავად, და მხოლოდ ორკვირიანი ან ერთთვიანი შვებულებისას ცდილობენ ამ განცხომაში გაატარონ დრო. მეც, მიუხედავად იმისა, რომ მთელი წელი კითხვის მეტს არაფერს ვაკეთებ, საზაფხულო საკითხავის მოლოდინით ვცხოვრობ ხოლმე, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, არასდროს ისეთი დაგემოვნებით არ ვკითხულობ წიგნს, როგორც ზაფხულში. ამაში ვერც ერთი სეზონი ვერ შეედრება ზაფხულს.
    მაგალითად, ნებისმიერ სხვა დროს ერთ წიგნზე კონცენტრირება ყოველთვის მიჭირს. არა, გონება კი არ მეფანტება, უბრალოდ იძულებული ვარ ათასი სხვა რამ ვიკითხო. თავი დავანებოთ ბლოგზე დასადებ, ჟურნალში ან გაზეთში დასაბეჭდი მასალების (პროზა, პოეზია, ესსე, თარგმანი…) კითხვა-რედაქტირება-მომზადებას, მათ გარეშეც ბევრია საკითხავი, რადგან ერთდროულად დაახლოებით 5-6 წიგნში მაქვს სანიშნი ჩადებული, რომელთაგან ყველაზე სასურველი წიგნი, იძულებული ვარ მხოლოდ 20-30 გვერდიანი მონაკვეთებით ვიკითხო, იმიტომ, რომ სხვა საქმე გელოდება, სამსახურში ხარ გასაქცევი, შეხვედრა ან სხდომაა დანიშნული, ჩაწერაა რადიოში, კახეთში ან გურიაში უნდა გაემგზავრო, დეგუსტაციაზე უნდა მიხვიდე…
    ახლა დავფიქრდი, გავიხსენე რაღაცეები და აღმოვაჩინე, რომ ზაფხულის შესახებ არაერთხელ დამიწერია აქამდე. თითქმის ყველა ზაფხული მახსოვს, ზაფხულში წაკითხულ წიგნებსაც, როგორც წესი, უკეთ აღვიდგენ და ნათლად წარმოვიდგენ ხოლმე ყველაფერს, რაც ზაფხულს ეხება, რეალურ თუ ლიტერატურულ ზაფხულებს.
    ამასწინათ ფეისბუკში ერთი სტატუსი ამომიტივტივდა, რომელიც საზაფხულო საკითხავს ეხებოდა – ზოგი აურება წიგნის წაღებას აპირებდა სოფელში თუ ზღვაზე, ზოგსაც ბებია ჰყოლოდა სოფლის ბიბლიოთეკარი და მის იმედად მიდიოდა, ვიღაცას სამეცნიერო ლიტერატურისგან დროებით თავის დაღწევა უხაროდა, ვიღაცა კი მშობლიურ კაკლის ჩეროზე და ჰამაკში წასაკითხ წიგნებზე ოცნებობდა.
    სხვათა შორის, ერთმანეთისგან განსხვავდება ზღვაზე და სოფელში წასაკითხი წიგნები. რატომღაც მგონია, რომ ზღვა უფრო ენერგიულ, გაბმით საკითხავ წიგნებს იტანს, სოფელს კი მემგონი ყველაზე ღრმა და ფიქრიანი წიგნებიც კი უყვარს. ზღვაზე გარუჯული გოგოები არიან, სოფელში კიდე ჭრიჭინები, ერთგან სალუდეები და კაფეებია, მეორეგან – გაუქმებული კანტორა და ძველი სტადიონი, ზღვაზე ღამის ცხოვრებაა და მანათობელი თვალები, სოფელში კი ციცინათელები ხაზავენ სიბნელეს. სწორედ ამიტომაც, ზღვაზე კითხულობენ მურაკამის და ბეგბედერს, სოფელში კი ჰერმან მელვილსა და სერვანტესს. ზღვა გეუბნება: მეტი დიალოგი, მეტი მოქმედება, ინტრიგა დამანახე… სოფელი კი დამყოლია, მომთმენი: აღწერები, ფიქრიანი სიარული, დაეჭვებული პერსონაჟები…
    ზაფხული შთაბეჭდილებების დაგროვების პერიოდია და აქ რეალურ შთაბეჭდილებებს (ზღვაზეც და მთაშიც ხომ ბევრი თავგადასავალი გველის) გამოგონილი ისტორიებიდან მიღებული შთაბეჭდილებებიც ერწყმის. ესაა პერიოდი, როცა ზღვარი იშლება ამ ორ სამყაროს შორის. დასვენებაც ალბათ ამას ნიშნავს – როცა გადაწყვეტილებები არ გაქვს მისაღები, როცა დრო და სიამოვნება ხელიდან კი არ გაგირბის, არამედ ისე იხანგრძლივებ, როგორც მოგესურვება. როცა ზუსტად იცი, რომ სანიშნით გაყოფილ გვერდებზე ყველაფერი თავის ადგილას დაგხვდება, ისე, როგორც დატოვე. ესაა ლიტერატურის ჩრდილქვეშ სულისმოთქმა. ანუ კითხვა ჩეროში.

    © tavisupleba.org