-
-
ინტერვიუ ბაკურ სულაკაურთან
ნინო ძანძავა
გაიზარდა თუ არა თარგმნილი წიგნების რაოდენობა ბაზარზე?
მნიშვნე;ლოვანი გამოცოცხლება არ აღინიშნება, მაგრამ წელს და გაისად შესაძლებელია არსებითი ძვრა მოხდეს. თარგმნილი წიგნების რაოდენობა გაიზარდა. ჯერ უნდა გაჩნდეს მოთხოვნა, მერე კი თარგმანი. თარგმანების გაყიდვამაც მოიმატა, რადგან ტირაჟები გაიზარდა. ტირაჟები კი იმიტომ გაიზარდა, რომ მაღაზიების რაოდენობა იმატა.
უფრო მეტი თარგმანი იყიდება, თუ ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებები?
დასახელებებით თუ ტირაჟით? ეს სხვადასხვა რამეა. ქართული რომანი შარშან სულ ხუთი გამოვიდა. ნათარგმნი წიგნი კი ორმოცდაათი. მაგრამ ქართული წიგნები, შესაძლოა, უფრო მეტი გაიყიდა, ვიდრე თარგმანი – ორმოცდაათი მთლიანად. შესაძლებელია ასეც მოხდეს ხოლმე. მაგალითად, ბაზარზე არის 100 სხვადასხვა დროს დაწერილი და გამოცემული რომანი და 400 თარგმანი. ეს 100 ჯამურად ყოველთვის უფრო მეტი გაიყიდება. მაგრამ თარგმანი მეტი იქნება.
ანუ წამგებიანია ეს საქმიანობა?
გააჩნია თარგმანს, მაგრამ ზოგადად, ჯერჯერობით, წამგებიანია. ჩვენ რომ ისეთივე ფასს ვადებდეთ თარგმანს და არ გვქონდეს არანაირი თანადაფინანსება, როგორც ვიქცევით ნებისმიერი სხვა წიგნის შემთხვევაში, საბოლოო ჯამში წამგებიანი იქნებოდა. თავად წიგნი შეიძლება არ იყოს წამგებიანი, მაგრამ მასში ჩადებული შრომა – მაგალითად, რედაქტორი ხომ მუშაობს, ბუღალტერის შრომაც ხომ არის ჩადებული – თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, წამგებიანია. მაგრამ ნელ-ნელა ხდება მომგებიანი.
ფამუქის რომანს ”მე წითელი მქვია” მთარგმნელი 3 წლის განმავლობაში თარგმნიდა. ამ ადამიანს რომ აეღო ადექვატური ანაზღაურება, რომელსაც გადავიხდიდით ჩვენ და არა რომელიმე ფონდი, საოცარი გასაყიდი ფასი ექნებოდა, მაგალითად, 40-50 ლარი. პატარა ტირაჟებიც პრობლემას ქმნის.
ადრე მკითხველი რუსულ თარგმანს ანიჭებდა უპირატესობას. გახდა თუ არა ქართული თარგმანი დღეს უფრო პოპულარული?
ჩემი სუბიექტური აზრია. ეს პრობლემა სინამდვილეში იმის გამო კი არ იყო, რომ თარგმანი ობიექტურად იყო ცუდი ან კარგი, არამედ იმის გამო, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასე იქცეოდნენ, უფრო ადვილი იყო წაკითხვა ამა თუ იმ ენაზე. რასაც მიჩვეულები იყვნენ, იმას ანიჭებდნენ უპირატესობას. ეს ხარისხთან არ იყო დაკავშირებული. ცხადია, ზოგადად საშუალო სტატისტიკური რუსული თარგმანი საშუალო სტატისტიკურ ქართულ თარგმანს ჯობდა, მაგრამ ასეთი განზოგადება ამ თეზისისა არ იყო სწორი. უბრალოდ, ახლა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც ქართულია მოსახერხებელი, გაიზარდა. ჩემს დროს ბევრი ქართულად ვერ კითხულობდა თავისუფლად, ახლა კი პირიქითაა. ამან შეცვალა სიტუაცია და არა თარგმანების გაუარესებამ. ახლა ბევრი ადამიანი მხვდება, რომელიც ამბობს, რა ცუდი თარგმანები ყოფილა რუსულიო.
თარგმანის ხარისხი როგორია?
საინტერესოა, რომ წლების განმავლობაში რუსული თარგმანის ხარისხი გაუარესდა, ქართულის კი გაუმჯობესდა. ამას ეკონომიკური საფუძველი აქვს. კომუნისტების დროს როცა თარგმნიდნენ, სახელმწიფო ცენზურა და აპარატი აიძულებდა ყველას, რომ თარგმანი ძალიან გამართული ყოფილიყო, ანუ ერთ წიგნზე მუშაობდნენ ძალიან დიდ ხანს. არ აინტერესებდათ, წიგნი ახალი გამოსული იყო საზღვარგარეთ, თუ ათი წლის წინათ. დროს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ახლა ამ წიგნს აკეთებენ ერთ თვეში. სინამდვილეში რუსული თარგმანები, პროზაზეა ლაპარაკი, იქმნება ძალიან სწრაფად, რომ ძალიან მოკლე შუალედი იყოს ორიგინალსა და რუსულ ენაზე ტექსტის გამოსვლას შორის. ეს მთელ მსოფლიოში გავრცელებული ტენდენციაა. ამიტომ, როდესაც ძალიან სწრაფად ითარგმნება, თარგმანის ხარისხი ვერ იქნება ძალიან კარგი. ეს შეუძლებელია. ერთ თვეში ძალიან მაგარ მხატვრულ თარგმანს ვერ გააკეთებს ადამიანი. საქართველოში ჯერ არ დაწყებულა ტენდენცია, რომ წიგნი მისი მსოფლიო პრემიერისთანავე გამოვცეთ ქართულად. ამ ეტაპზე არ ვართ, იმიტომ, რომ არ გვაქვს თარგმნილი ის, რაც ორმოცადაათი წლის წინათ უნდა ყოფილიყო თარგმნილი. ეს რომ ამოივსება, მერე ახალ ეტაპზე გადავალთ და თარგმანიც გაუარესდება აუცილებლად.
შესაძლებელია თუ არა მკითხველმა, რომელიც ლიტერატურას მხოლოდ ქართულ ენაზე ეცნობა, თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაზე წარმოდგენა შეიქმნას?
გააჩნია, რამდენად უყვარს ლიტერატურა. თუ ლიტერატურის ძალიან მაგარი მოყვარულია, მაშინ არა. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეს ვერ გაიგებს, მაგრამ თუ მსუბუქად უყვარს – კი. მაგალითს მოვიყვან – ავიღოთ, ვთქვათ, გერმანული ლიტერატურა, თანამედროვე ავტორებიდან პრაქტიკულად არაფერია თარგმნილი, მხოლოდ თითო-ოროლა წიგნი, მაგრამ ეგ მაინც ხომ არის. ამიტომ რაღაც წარმოდგენა მაინც შეექმნება, ძალიან ზოგადი. ფრანგულში მეტია თარგმნილი, რაღაცაში შეიძლება საერთოდ არ იყოს. იმას მაინც მიხვდება, რას კითხულობენ ადამიანები.
რა კრიტერიუმით არჩევთ სათარგმნ წიგნებს?
ძალიან მარტივი კრიტერიუმებით: უნდა იყოს უპირობო კლასიკა. შეიძლება ბესტსელერი არ იყოს, მაგრამ იყოს აღიარებული, როგორც მნიშვნელოვანი ნაწარმოები. ეს აღიარება უნდა ჰქონდეს არა მარტო ავტორის ქვეყანაში, არამედ სხვაგანაც. მაგალითად, ხომ არ აქვს აზრი ქართულად ითარგმნოს რომანი, რომელიც ჯერ არც ერთ ენაზე უთარგმნიათ. სისულელეა. იმიტომ, რომ ჯერ უნდა გამოვიდეს ის წიგნი, რომელიც 40 ენაზე ითარგმნა. იმიტომ, რომ ქართველებმა იკითხონ ის, რასაც 40 ქვეყნის ხალხი კითხულობს და არა ერთი ქვეყნისა. ამიტომ ძალიან მარტივია კრიტერიუმი: თუ ბევრ ენაზეა თარგმნილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ნაწარმოები მნიშვნელოვანია გლობალური მასშტაბით. თუ ცოტა ენაზეა, მაშინ არ არის გლობალური მასშტაბის და, ჯერჯერობით, როცა ძალიან ცოტა რამეა ქართულად თარგმნილი, აღარ ღირს მისი თარგმნა, ეს მომდევნო ეტაპის საქმეა.
დიდ ქვეყნებში უფრო რთულია საგამომცემლო საქმიანობა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი წიგნი გამოდის და ასეთი კრიტერიუმები აღარ მუშაობს. ამიტომ საჭიროა, ისეთი ავტორი მოძებნო, რომელიც არ თარგმნილა, ამას კიდევ შეფასება სჭირდება. შეფასებაში კი კომპეტენტური ექსპერტები გეხმარებიან და ა.შ. ჩვენთან კი ძალიან მარტივია ყველაფერი – ექსპერტებიც კი არ გჭირდება. საბოლოო ჯამში, ნებისმიერ უბირ ადამიანს შეუძლია წიგნი საკმაოდ კარგად შეარჩიოს და ჩაითვლება, რომ გემოვნება აქვს.
ანუ ქართველი მკითხველის მოთხოვნები ადვილი მისახვედრია?
არა, ეს მოთხოვნების გამო არ ხდება, უბრალოდ, სიტუაციაა ბაზარზე ასეთი. საქართველოსხელა ქვეყანაში განვითარებული წიგნის ბაზარი წელიწადში დაახლოებით 500 თარგმნილ რომანს ნიშნავს.
ახლა რამდენი გამოდის?
ახლა დაახლოებით 50. ძალიან დიდი დისბალანსია. ათჯერ მეტი უნდა გამოვიდეს. სამჯერ მეტი თუ გამოვა, უკვე წინსვლა იქნება.
რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში ბევრი წიგნი ითარგმნება?
ბევრ რამეს. თუ გამოდის 500 წიგნი, პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ არსებობს დაახლოებით 500 მთარგმნელი. 500 მთარგმნელი, რომელსაც შეუძლია კარგად თარგმნა, ამავე დროს 500 კარგი მკითხველია, ანუ წიგნის ბაზარი ფართოვდება. მერე ენაც ვითარდება. ენა ხომ მარტო მწერლების მიერ არ იქმნება. მთარგმნელებიც არანაკლებ როლს თამაშობენ. ადმიანებისთვის მშობლიურ ენაზე კითხვა ყოველთვის უფრო ადვილია, მეტი ნიუანსი გესმის. გარდა ამისა, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება გლობალური კულტურა. მოკლედ, საბოლოო ჯამში, ყველაფრისთვის კარგია. მართალია, საქართველოში ეს არის ადამიანების შეზღუდული წრე – უკეთეს შემთხვევაში, ორი-სამი ათასი მკითხველი იქნება საქართველოში ისეთი, ვისთვისაც მსგავსი რამე არის საინტერესო და ეს მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტია. აქტიურად ვინც კითხულობს, ის შეიძლება რამდენიმე ასეულიც იყოს. მაგრამ მეორეს მხრივ, პირიქითაც ხდება: ზოგი არ კითხულობს და ვერ კითხულობს იმიტომ, რომ არჩევანი არ არის. როცა სუპერმარკეტში დიდი არჩევანია, მეტი რამის ყიდვა მოგინდება და თუ არაფერია, ნაკლებს ყიდულობ. საბჭოთა გასტრონომში არაფერი იყო და შეიძლება იქ შესვლაც არ მოგდომებოდა.
ნათარგმნი ლიტერატურის ტირაჟი საშუალოდ რამხელაა?
საშუალო არ არსებობს. მაქსიმუმი შეიძლება იყოს ოცი ათასი. პირველ თვეში ჰარი პოტერის 23 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. რადგანაც ასეთი რამ მოხდა, კიდევ შეიძლება განმეორდეს. არ აქვს მნიშვნელობა, საბავშვო იყო თუ არა. ერთი პრეცედენტი თუ იყო, ესე იგი ასეთი რამ პრაქტიკულად შესაძლებელი ყოფილა. საქართველოში დღეს გამოდის იაფფასიანი გამოცემები, რომლებიც დიდი ტირაჟით იყიდება. ვთქვათ, ათი ათასი. ჩვენც ვაკეთებთ და სხვებიც აკეთებენ. მაგრამ ქართველი ავტორების წიგნებიც არ იყიდება ცუდად. მაგალითად, ”ჯინსების თაობა” თითქმის ათი ათასი ცალი გაიყიდა. სულ ერთი წელია, რაც გამოვიდა. ეს უკვე ცოტა არ არის, ინდუსტრიაა ფაქტობრივად.
მთარგმნელის სტიმულირება რითი ხდება?
მწერლები ჰონორარზე ცხოვრობენ, ანუ გაიყიდება წიგნი, მიიღებს ჰონორარს, არ გაიყიდება – ვერ მიიღებს. ძალიან ცოტა მწერალი ირჩენს ასე თავს.ეგ არსად არ არის შესაძლებელი. ანუ ყველა ქვეყანაში მწერლების ძალიან მცირე ჯგუფი, 0.1 % ცხოვრობს თავისი პროფესიით. ეს ბუნებრივია. საქართველოშიც ეგრეა. უბრალოდ, საქართველოში ცოტა მწერალია და იმათი ცოტა პროცენტი ორი კაცი გამოდის, საბოლოო ჯამში.
მთარგმნელი, განსხვავებით მწერლისგან, შეკვეთას იღებს. მთარგმნელობა ხომ ხელობაა უფრო და მწერლობა შემოქმედება.
პოეზიის შემთხვევაში ალბათ სხვანაირადაა…
საბოლოო ჯამში, შენ იღებ სხვის ნაწარმოებს და თარგმნი. მაინც ხელობაა. შეიძლება დიდოსტატი იყო. რადგან მთარგმნელი არის ხელოსანი, შესაბამისად, შეკვეთებზე მუშაობს და იღებს არა ჰონორარს, არამედ გარკვეულ გასამრჯელოს. 80-იან წლებში, როცა სტუდენტი ვიყავი, ამიღია წიგნი და ჩემთვის, გართობის მიზნით, მითარგმნია. ახლა ეს წარმოუდგენელია და სწორიცაა, იმიტომ, რომ ვინმე გიჟი უნდა იყოს, რომ აიღოს 800– გვერდიანი წიგნი და თავისი სიამოვნებისთვის თარგმნოს. ალბათ გამონაკლისები იქნება, ასეთებიც მინახავს. მაგალითად, ჩვენი მთარგმნელია, რომელმაც ჰობიტი თარგმნა, იმიტომ, რომ უყვარდა ეს წიგნი. მერე ჩვენ გამოვეცით.
უნდა ეხმარებოდეს თუ არა სახელმწიფო ამ საქმეს?
ირიბად უნდა ეხმარებოდეს. რაც ნიშნავს შემდეგ რამეს: სახელმწიფომ რომ გამოაცხადოს, მე ვეხმარები მთარგმნელებს, შემოიტანეთ ვისაც რა გინდათ და მოგცემთ სტიპენდიებს. შეიკრიბოს კომისია და გადაწყვიტოს, რომ მოდი, ეს კარგი ბიჭია, მივცეთ სტიპენდია, ეს ცუდი გოგოა და არ ეკუთვნის და ასე გადაწყვიტოს. ეს არის პირდაპირი დახმარება, ანუ პირდაპირი სუბსიდირება, რაც არ არის სწორი, იმიტომ, რომ არაფერზეა დამოკიდებული და მთარგმნელს ეხმარებიან პირდაპირ. ეს ძალიან ცუდია ყველასთვის, იმიტომ, რომ მთელს ბაზარზე ურთიერთობებს აფუჭებს. მთარგმნელები ეჩვევიან, რომ ასეთი რამ არსეობობს და სხვანაირი ურთიერთობა არ მოუნდებათ, გამომცემლები აღარ იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის არც დისტრიბუციით, გაყიდვით და ეს წიგნი მხოლოდ ერთ მაღაზიაში იქნება, ვერავინ მიაგნებს და არ გაიყიდება.
ირიბი არის ასეთი რამ: მაგალითად, სახელმწიფომ რომ თქვას – ყველა თარგმნილ წიგნს ყოველ წელს ვიყიდი, ვთქვათ, ათას ცალს. ნორვეგიაშია ასე: ყოველ წელს ბიბლიოთეკებისთვის 3000 წიგნს ყიდულობენ, რაც კი რამე გამოდის იმ წიგნებიდან. ეს არის არაპირდაპირი დამხარება, როცა ბაზარზე უკვე არსებულ პროდუქტს ყიდულობ.
კულტურის სამინისტრო აპირებს მსგავსი რამის გაკეთებას…
დაახლოებით ეგეთი რამეა. 300-დან 500 ცალამდე ყიდულობს, რაც არაპირდაპირი დახმარებაა.
ფონდების დახმარებას როგორ იყენებთ?
ჩვენ მივმართავთ ხოლმე მთარგმნელობით ფონდს იმ ქვეყნისა, რომლის ლიტერატურასაც ვთქრგმნით. ასეთი ფონდები ყველა ქვეყანაშია, ინგლისის გარდა. მათ არ სჭირდებათ. რატომ უნდა დახარჯონ ფული იმაში, რაც ისედაც ხდება? მთელ მსოფლიოში, მაგალითად, გერმანიაში, თარგმნილი წიგნების 80 % თარგმნილია ინგლისურიდან, ანუ ინგლისურენოვანი ლიტერატურაა. ინგლისში გამოცემული წიგნების 95% არის ინგლისელების ლიტერატურა და მხოლოდ 5 %-ია თარგმნილი. მაშინ, როცა დანიაში 60 % თარგმნილია, 40% კი – ადგილობრივი. ჩვენთან თარგმნილი მეტია, ვიდრე ორიგინალური. რომანები რომ ავიღოთ, ყოველ წელს გამოდის უფრო მეტი თარგმნილი რომანი, ვიდრე ორიგინალური. იმიტომ, რომ ცოტა რომანი იწერება.
ფონდები ყველა ქვეყანას აქვს, უკრაინასაც კი. საკუთარი ლიტარატურის პოპულარიცაზიისთვის. საქართველოსაც აქვს უკვე. მივმართავთ ხოლმე ქვეყნის შესაბამის ფონდს და ზოგჯერ გვეხმარებიან, ანუ თარგმანს აფინანსებენ. მთარგმნელის ჰონორარს იხდიან. ეს საშუალებას გვაძლევს, თარგმანი შეიქმნას და წიგნი გამოიცეს. შეიძლება საავტორო უფლებები შეიძინონ. ზოგჯერ არის, რომ დამატებით თანხასაც აფინანსებენ. მარტო ამის წყალობით, ჩვენ საშუალება გვაქვს, ყოველ წელს ათი-ოცი წიგნი გამოვცეთ. მაგალითად, ფამუქის ორი დიდი წიგნი გამოვეცით, რომელიც ვერ გამოვიდოდა, თურქებს რომ არ ჰქონდეთ ასეთი ფონდი. თურქი გადასახადების გადამხდელის ხარჯზე არსებული ფონდი ხელს უწყობს იმას, რომ ლიტერატურის მოყვარულმა საქართველოში წიგნი წაიკითხოს.
თქვენი გამომცემლობა საავტორო უფლებებს ყოველთვის იცავს. არსებობს გამომცემლობები, რომლებიც ასე არ იქცევიან?
ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ამას, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, ეკონომიკური დაინტერესება განაპირობებს. თუ გამომცემელმა იცის, რომ მისთვის ეკონომიკურად მომგებიანია ცივილიზებული ურთიერთობები, გადავა ასეთი სახის ურთიერთობებზე, თუ იცის, რომ ყაჩაღობა უფრო მომგებიანია, მაშინ იყაჩაღებს. თუ გაუვა, იყაჩაღებს, თუ არ გაუვა, მაშინ არა. როგორც ცხოვრებაში. მაგალითად, მანქანების ქურდობა თუკი დაუსჯელი რჩება, იზრდება და თუ დასჯადია, მცირდება. დაახლოებით ასეა.
რეალურად, მცირე ტირაჟის პირობებში, საავტორო უფლებების გადასახადი მაინცდამაინც ძვირი არ ჯდება, შეიძლება ეს შემაფერხებელი ფაქტორი იყოს წიგნის გამოსაცემად?
არა. სხვა ხარჯები გაცილებით მეტია, მაგალითად, თარგმანის და ბეჭდვის. შემაფერხებელი ფაქტორი ეგ კი არა, უცოდინრობაა. ძალიან ბევრმა საერთოდ არ იცის, რას ნიშნავს საავტორო უფლების დაცვა. დაახლოებით იგივეა, სტუმრად იყო ვინმესთან და არ იცოდე, რომ სხვისი ნივთის აღება არ შეიძლება. შეიძლება ვიღაცისთვის ეს ჩვეულებრივი იყოს. პრობლემა სინამდვილეში უცოდინრობაა და არა ბოროტება. წინასწარგანზრახული კი არაა, რომ მე ვაშავებ. ცხადია, არცოდნა არცოდვააო, ვერ იტყვი, მაგრამ მაინც დანაშაულია. არ პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, თუმცა, მესმის ასე რატომაც ხდება.
ასეთ დროს გამომცემლობებს შორის ურთიერთობა როგორია?
ძალიან მარტივი უნდა იყოს წესით. თუ ჩვენ რამეს ვყიდულობთ, იმას, როგორც წესი, ვეღარავინ იყიდის, ექსკლუზიურია ხოლმე ეს ხელშეკრულებები. შესაბამისად, მე თუ მინდა რაღაცის ყიდვა, მივმართე რომელიმე უცხოურ გამომცემლობას და მან მითხრა, იცი, გამომცემლობა იქსს უფლებები უკვე მივყიდეთ, ჩვენ იმწამსვე გავჩერდებით, ცხადია. მაგალითად, ”ჯადოსნური მთის” გამოცემა რომ მოუნდეს ვინმეს, ვერ გამოსცემს, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ისევე, როგორც ჰესეს ”ტრამალის მგელს” ან კნუტ ჰამსუნის ”მისტერიებს”.
და საბჭოთა თარგმანი?
ძველი თარგმანი არსებობს, მაგრამ ახალი გამოცემის საშუალება არავის ექნება ჩვენს გარდა. ძველი თარგმანების რეპრინტი აღარასდროს გამოვა, სანამ 70 წელი არ გავა ავტორის გარდაცვალებიდან.
როგორია მთარგმნელის ანაზღაურება და შეიძლება თუ არა მხოლოდ ამ საქმიანობით ადამიანმა დღეს თავი ირჩინოს?
თუ პროფესიონალი მთარგმნელია, თავისუფლად იცხოვრებს ამ საქმით. თუ ადამიანი დღეში ათ გვერდს თარგმნის და გვერდში ხუთ დოლარს იღებს, მაშინ იცხოვრებს? რა თქმა უნდა იცხოვრებს. მე ვიცი მთარგმნელები, ვისაც დღეში ათ გვერდზე მეტის თარგმნა შეუძლიათ. შეიძლება იყოს რთული ნაწარმოები, რომლის დასრულებაც მალე შეუძლებელია. 30 წელია, რაც ქართველი მთარგმნელი გოეთეს ”ფაუსტს” თარგმნის, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ. რა ფასი უნდა დაადო? რა შეიძლება ღირდეს რაღაც, რასაც 30 წელი აკეთებ? მას ხომ ფასი არ აქვს. მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჰონორარი, გვერდში 40 ევროც რომ მისცე. თარგმანი ისეთი რამეა, ცალსახად ვერ იტყვი, ბევრია თუ ცოტა. გააჩნია წიგნს. თუ ადვილი სათარგმნია და ბევრს თარგმნის, ხომ კარგი. მაგრამ არის ლიტერატურა, რომლის თარგმანშიც რაც არ უნდა გადაუხადო, მაინც ცოტა გამოვა საბოლოო ჯამში. იმიტომ, რომ ფისოქოლიურად ძალიან მნიშვნელოვანია მთარგმნელის შრომა.
მთარგმნელების რაოდენობას თუ უჩივით?
ჩვენი პრობლემა სწორედ ისაა, რომ მთარგმნელები არიან ძალიან ცოტანი და ისინი მხოლოდ დიდი ენებიდან გვყავს. თან ყველა დიდი ენიდანაც არა. მაგალითად, ესპანურიდან თარგმნა პრობლემაა. ჰოლანდიურზე და ასეთ ენებზე არ ვლაპარაკობ. იაპონურიდან ხომ საერთოდ. ჩინურიდან მთარგმნელი რომ არ გეყოლება და იაპონურიდან, რაზეა ლაპარაკი? იაპონურიდან ქართულად თარგმნილი პროზა მე არ მინახავს, არც არასდროს გამიგია. ეს უბრალოდ სირცხვილია.
აკუტაგავას თარგმანი?
რუსულიდანაა თარგმნილი. შვედური, ნორვეგიული, დანიური, ისლანდიური ლიტერატურა, თუნდაც იტალიური, ესპანური – ეს ყველაფერი საბჭოთა დროს რუსულიდან ითარგმნებოდა. დღეს სიტუაციის გაუმჯობესების ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ნორვეგიულიდან თარგმნა, შვედურიდანაც კი. -
თანამედროვე ლიტერატურა ქართულ რეალობაში
ნეტგაზეთი გთავაზობთ ჯიპას კლუბში ქართული ლიტერატურის შესახებ გამართული საუბრის აუდიოჩანაწერს. საუბრის თემაა ”თანამედროვე ლიტერატურა ქართულ რეალობაში” და მასში პოეტი და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე, პუბლიცისტი და პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი და ლიტერატურული პრემიის ”საბა” 2010 საუკეთესო კრიტიკის, ესსეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში გამარჯვებული მწერალი ზურა ქარუმიძე მონაწილეობენ.
საუბარს უძღვება პოეტი რატი ამაღლობელი, რომელიც ლიტერატურის სოციალურ პროცესად ჩამოყალიბებისა და თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ლიტერატურული კონკურსის, ”საბას” მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. საუბარში რატი ამაღლობელი აფასებს საბას, როგორც პირველ ლიტერატურულ პრემიას, სადაც ხერხდება ლიტერატურული პროცესების შეფასება. ”საბაზეც კი არის ხალხი, რომელმაც არ იცის ტექსტები, რომლებიც იქ განიხილება. ეს ეტყობა გულშემატკივრობას, ვნებას და დინამიკას დარბაზისა თუ საზოგადოებისა”, – ამბობს ის.
დავით ზურაბიშვილი კი იხსენებს საბჭოთა პერიოდს, როცა, მისი თქმით, სისტემა მწერლისთვის იდეალურ პირობებს ქმნიდა, მწერალთა კავშირის ბარათი ყველა კარს აღებდა და ასეთ დროს მწერალი არ იყო ვალდებული ხელისუფლებისთვის ხოტბა შეესხა, როცა წიგნის მყიდველი ძალიან ბევრი იყო, განსხვავებით მკითხველისგან,
ზურაბ ქარუმიძე ლიტერატურული კრიტიკის დეფიციტს ყველაზე მწვავე პრობლემად ასახელებს ქართულ ლიტერატურაში, რომელიც ”ვერ სადგება ფეხზე, სანამ მასში კრიტიკული კომპონენტი არ იქნება გაძლიერებული” და იხსენებს ილია ჭავჭავაძის წერილს – ”რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს?” ზურა ქარუმიძე მწერალს ტყეში გავარდნილ ფირალად მოიხსენიებს, ხოლო კრიტიკოსს ბოქაულად, რომელიც მწერალსა და მკითხველს შორის კომუნიკაციას ამყარებს.
პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე, რომელიც წლევანდელი ”საბას” ჟიურის წევრი იყო, მიიჩნევს, რომ წელს, ლიტერატურულ კონკურსზე ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება თარგმანის ნომინაციამ დატოვა. მთარგმნელობით საქმეში კოორდინაციის გაძლიერების მიზნით, ის თარგმანის ეროვნული ცენტრის დაარსების იდეაზე საუბრობს, სადაც ყველა თაობის მთარგმნელები გაერთიანდებიან. გიორგი ლობჟანიძე ასევე იხსენებს შემთხვევას, როგორ შეხვდა უსიამოვნებები თანამედროვე ქართული ლიტერატურის კრიტიკული მიმოხილვის გამო. -
გუსტავო მარტინ გარსო – წერილი ვინსენტს
-
გუსტავო მარტინ გარსო – მუსიკოსი სენტ-მერიდან
ბავშვობაში ერთი და იგივე უაზრო სიზმარი არ მასვენებდა. გამუდმებით მესიზმრებოდა, თითქოს რაღაც ადგილას ვარ და უცებ ვხვდები, რომ ტანსაცმელი არ მაცვია, უფრო სწორედ ფეხსაცმელი, თანაც მხოლოდ ცალ ფეხზე, რის გამოც სირცხვილის მტანჯველ განცდას კოჭლობაც ემატებოდა. ეს ვითომ ჩვეულებრივი სიზმარი დამანგრევლად მოქმედებდა ჩემზე, ასე მეგონა, რომ ჩემში არსებული რაღაც ძალიან ძვირფასი ყველას დასანახად იყო გამოფენილი. მთელ ამ სიტუაციაში ერთდროულად იყო რაღაც გამომწვევიც და მტკივნეულად კომიკურიც. სიზმარი იმდენად შემზარავი იყო, რომ არაერთხელ გამღვიძებია ოფლში გაწურულს.
მოგვიანებით გავიგე, რომ ასეთი სიზმრები ჩვეულებრივი რამაა ამ ასაკში და პირველ სქესობრივ სურვილებს უკავშირდება. მაგრამ მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ მიზეზი ერთი შემთხვევა იყო, რომელიც რამდენიმე წლით ადრე გადამხდა თავს: 12 თუ 13 წლისა ვიქნებოდი, როცა სკოლიდან ექსკურსიაზე წაგვიყვანეს. ერთ-ერთი გაჩერება წყალსაცავის დათვალიერება იყო. ეს გახლდათ საზოგადოებრივი შრომისა და პომპეზური ცერემონიების ეპოქა, როცა ინტელექტი და პროგრესი არა მხოლოდ ადამიანის ცხოვრებას ცვლიდა, არამედ ბუნებასაც კი აიძულებდა დამორჩილებოდა ამ პატარა, ენერგიული და ოდნავ დაბნეული კაცუნას სახაზავს და დროდადრო დოკუმენტურ კინოფილმებშიც გამოჩენილიყო. იმ დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი დამბის გახსნაზე წაგვიყვანეს.
ცემენტის უზარმაზარი მთა და უშველებელი თხრილი წყლის დასაგროვებლად გოლიათის ნახელავს ჰგავდა. ქვემოდან შევცქეროდით გიგანტურ ტურბინებს, რომლებიც კლდეების ფონზე იკვეთებოდნენ და მისტიკურ სავარცხლებს წააგავდნენ. ქვემოთ ჩასასვლელი გზა ძალიან სახიფათო იყო, და ჩვენც, რა თქმა უნდა, დაუფიქრებლად იქით გავემართეთ. ძალიან მალე, ამ თავბრუდამხვევი დაშვების დროს, ჩემში გაჩნდა შიში, რომელიც მას მერე თან მდევს. ეს იყო სიმაღლის შიში. ნაბიჯის გადადგმა არ შემეძლო. მეგობრები მეძახოდნენ, მაგრამ მე ვერ ვინძრეოდი, რადგან მეგონა, რომ სულ პატარა მოძრაობაც და უფსკრულში გადავიჩეხებოდი. დღემდე არ ვიცი, როგორ ჩავაღწიე დაბლა. სამაგიეროდ, უკვე ქვემოთ აღმოვაჩინე, რომ ცალი ფეხსაცმელი დამკარგვოდა. იმის წარმოდგენა, რომ მის მოსაძებნად ისევ ზემოთ უნდა ავსულიყავი, იმდენად მზარავდა, რომ გადავწყვიტე, თავი მომეჩვენებინა, თითქოს ფეხსაცმლის დაკარგვა სულაც არ მანაღვლებდა. ისედაც ყველაფერი მალე დამთავრდებოდა, რადგან წყალსაქაჩი ექსკურსიის ბოლო გაჩერება იყო. მაგრამ მოხდა ყველასათვის მოულოდნელი რამ. ავტობუსი ბენზინის ჩასასხმელად გაჩერდა, სადაც შემთხვევით მეორე ავტობუსიც აღმოჩნდა, ისიც ჩვენი ქალაქიდან. ეს გოგოების ეკსკურსია იყო. ისეთი აურზაური ატყდა, რომ მოძღვარმა ავტობუსიდან ჩასვლის უფლება მოგვცა. გოგონებიც ჩამოვიდნენ და თითქოს იქაურობა ქარბორბალამ ჩაითრიაო, ისე ირეოდნენ ჯგუფები ერთმანეთში. გოგონებს ფორმები არ ეცვათ და ირგვლივ მათი ფერად-ფერადი ქვედაბოლოები ფრიალებდნენ. მე ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. მათთან ფეხშიშველა ხომ არ ჩავიდოდი? ფანჯრის მინაზე მივეწეპე და სცენას გაშეშებული შევცქეროდი, თითქოს ისევ კლდეზე ვიყავი გადმოკიდული და პატარა მოძრაობასაც კი შეეძლო ჩემი დაღუპვა. რამდენიმე გოგო შემოტრიალდა, ჩემს დასანახად ერთმანეთს ყურში რაღაც გადაუჩურჩულეს და ხმამაღლა გაიცინეს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე ყურადღებას არავინ მაქცევდა. ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მიგვრძნია ასეთი ტკივილი და დამცირება.
ეს სცენა და ჩემი სიზმარი ფეხსაცმლის დაკარგვის შესახებ მაშინ გამახსენდა, როდესაც ჩემი ბავშვობის დროინდელი ფოტო აღმოვაჩინე. სურათი გიხონთან ახლოს, ერთ-ერთ პლაჟზეა გადაღებული. აქ დედას ბიძაშვილები ცხოვრობდნენ და ზაფხულს მათ სახლში ვატარებდით ხოლმე, ხშირად დავდიოდით მეზობელ პლაჟებზე და ეს ფოტოც ლუარკაში ან კანდასში უნდა იყოს გადაღებული 63 ან 64 წლის ზაფხულში. მიახლოებით თოთხმეტი ან თხუთმეტი წლის ვარ. ფეხზე გამიხდია და კეტები უდარდელად მიჭირავს ხელში. მეტყობა, რომ ფეხსაცმელი საერთოდ არ მედარდება, თითქოს არც არაფერში მჭირდებოდეს. მოკლედ, ფეხშიშველა ვარ. მეორე ხელით ჯოხი ტროსტივით მიჭირავს. ოდნავ გაწეული მუხლი, აკეცილი შარვალი, მთელი ჩემი პოზა სიმტკიცეს ასხივებს და სახეზეც გაბედული ღიმილი დამთამაშებს, რაც სურათს ოდნავ ონავრულ, ხალისიან ელფერს ანიჭებს და მე ეს ძალიან მომწონს. თითქოს ვამბობ, როგორც იქნა, შემიძლია მივესალმო უცნობ ხალხს. აპოლინერის პოემა ,,სენტ-მერის მუსიკოსიც” ხომ ასე იწყება: მიაბიჯებს კაცი ქალაქში და ფლეიტაზე უკრავს. ქალაქის სხვადასხვა მხრიდან ქალები იწყებენ გამოსვლას და უკან მისდევენ მას. ბოლოს ყველანი ერთად უჩინარდებიან სახლში, საიდანაც აღარასოდეს ბრუნდებიან.
ყოველთვის მაოცებდა ეს უცნაური ფოტო. იგი არაფრით ჰგავს არც ერთ სხვა სურათს – არც ადრინდელს და არც მერე გადაღებულს. თითქოს იმ ზაფხულს დროებით სხვა ადამიანად ვიქეცი, რომელიც ისევ მე ვიყავი, ოღონდ ახლა უკვე შემეძლო მანამდე წარმოუდგენელი ფიქრები და ქმედებებიც კი რეალობად მექცია. განა ეს ჯოხიც ფლიეტას არ ჰგავს? გამახსენდა პოემა:
,,ასე რომ, მოცინარენო, ბევრიც ვერაფერი გამორჩით ადამიანებს,
მხოლოდ სულ ცოტა ქონი გამოადნეთ თქვენსავე უბადრუკობას.
ჩვენ კი, ვინც ერთმანეთისგან მოშორებით სიცოცხლით ვკვდებით,
ჩვენ საკუთარი მკლავები გვაქვს და ამ რელსებზე ძველი სატვირთო მატარებლები დასრიალებენ.”
არასოდეს ვიცილებდი ამ ფოტოს და იგი წლების განმავლობაში ჩემი უსაყვარლესი სურათი იყო. ისე ხშირად ვუყურებდი, რომ გონებით მისი უმცირესი დეტალის აღდგენაც კი შემეძლო. მატყვევებდა მისი მხიარული იდუმალება. ,,ასეთი უნდა ყოფილიყავი”, ვუმეორებდი ჩემს თავს, შენ ფლეიტაზე დაუკრავდი, და როცა კი მოინდომებდი, გაბრუებული გოგონები, ათრთოლებულნი და დაცარიელებულნი, გუნდ-გუნდად გამოგყვებოდნენ უკან. ისინი არასოდეს ინანებდნენ იმაზე, რაც მიატოვეს. არ ინანებდნენ იმ დღეებზე, ცხოვრებაზე, მოგონებებზე, მათ უკან რომ დარჩა.
ერთ დღეს შემეშინდა. მომეჩვენა, რომ ფოტო შემზარავი იყო. ეს იყო გამოსახულება ბიჭისა, რომელიც ეს-ესაა მოკვდა, რომ ყველა, ვინც მას უკან გაჰყვებოდა, დაიკარგებოდა. მას შემდეგ ამ სურათს გავურბივარ. ვიცი, რომ აქვე, უჯრაშია ჩაკეტილი, მაგრამ არ მინდა შევხედო. თუ შემთხვევით თვალს მოვკრავ, სული მეხუთება. ჩემს თავს ვეუბნები: მაშინ მხოლოდ ფეხსაცმელი არ დაგიკარგავს. სინამდვილეში იმ დღეს შენ წყალსაქაჩში გადაიჩეხე და ავტობუსიდანაც იმიტომ არ ჩახვედი, რომ იცოდი – მკვდრები და ცოცხლები ერთად ვერ იქნებიან. რაღაც ამოუცნობი მიზეზით ეს მკვდარი ბავშვი ამ სამყაროში განაგრძობს არსებობას. მეტიც, ის გეხმარება, რომ დაბრუნდე. ეს მაშინ ხდება, როცა საწერად ჯდები. ამ დროს საიდანღაც კვლავ ჩაგესმის ფლეიტის ჰანგები. იცი, რომ არ უნდა მოუსმინო, მაგრამ ჯადოსნური ხმა გნუსხავს.
მე არ ვმღერი ამ პლანეტისთვის, არც რომელიმე სხვა პლანეტისთვის.
მე ვამღერებ ჩემში არსებულ ყველა შესაძლებლობას, რომელიც სცდება ამ სამყაროს, და საერთოდ ყველა სამყაროს საზღვარს.
მე ვმღერი ზერელე ცხოვრების სიხარულსა და ხეტიალში სიკვდილის ნეტარებაზე.
ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ შორეული ფლეიტის ხმა ჩამესმოდეს. ამიტომ არავინაა ვალდებული წაგიკითხოს, არავინაა ვალდებული საერთოდ წაიკითხოს რამე. ასეთია მწერლის ხვედრი. ადრე თუ გვიან, მათდა უნებურად, ისინი სიკვდილის მაუწყებლები ხდებიან. ის, ვინც მათ უკან გაჰყვება, სასიკვდილოდაა განწირული.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
გუსტავო მარტინ გარსო: ,,ვაღმერთებ სიგიჟეს, ისეთ სიგიჟეს, როცა არ გენაღვლება წარმატება, ფული, ძალაუფლება და მხოლოდ სიკეთეზე ფიქრობ…”
-
ვახო მოსიაშვილი – მეხუმრე რა
ეს არის ამბავი ადამიანებზე, ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ადამიანებზე, მაგრამ მე ისინი სწორედ ამის გამო მიყვარს. არაფერია ჩვეულებრივ ადამიანზე მშვენიერი.1.
პირველი კადრი, რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა, ეს არის ერთ ოთახიანი სახლის ჭერი, რომელიც ნელ-ნელა მომიახლოვდა. პირველად მაშინ მივხვდი, რომ ფრენა სიამოვნებაა, ოღონდ რა თქმა უნდა არა ზევიდან ქვევით. ეს ალბათ ასე ორი თვის რომ ვიყავი, მაშინდელი ამბავია. აი მერე კი ისაო, ესაო და აი, კიდეც ვიქეცი რაღაც ასაკში მყოფ ადამიანად. თუმცა რა თქმა უნდა, ბავშვობის მოსაყოლად არ მცალია. ალბათ ვერც მოვიცლი კარგა ხანს. პირველადი პრობლემებია გადასჭრელი. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ თავი ათას შარში გავყავი და ზოგიერთიდან მაინც უმტკივნეულოდ უნდა გამოვიდე. მაგალითად… არა არ მიყვარს მაგალითები, მე ხომ შეგონებებისთვისაც არ მცალია. ახლა უნდა გავიდე სახლიდან, არადა გარეთ ძვალსა და რბილში გამტანი ნესტია და ვერაფრით ვთბები. სიამოვნებით ვიწვებოდი ასე, ვუყურებდი ჭერს, რომელიც ორი თვის რომ ვიყავი, პირველად მაშინ მომიახლოვდა, და ვიფიქრებდი ათას რამეზე. თუნდაც გუშინდელ საღამოზე. რა მოხდა გუშინ.
ისეთი არაფერი, კედის დავურეკე. მოვიდა ჩერჩილის თუთიყუშივით აჭრელებული. აბა გამართეო. რომელი გამრთობი მე ვარ, მაგრამ მაინც. სულ ესე ხდება ხოლმე. დარეკავ შუა ღამისას, მერე მუსიკა, არაყი და ღამეული ორთაბრძოლა ორ სქესს შორის, რომლის მერეც ყოველთვის სინანული მიპყრობს. რატომ, თუ ვიცოდე, მე ვიყო ჩვენ რო ვიცით ის. პურიტანული აღზრდის შედეგებს ვიმკი? ჰო, ნუ დროა ალბათ ასეთი. სხვა რა უნდა ვიფიქრო. მერე ვარსკვლავებს ვუყურებდი ფანჯრიდან, მერე რა რო ციოდა. დილის 6 საათზე წავიდა. გაერთო? ალბათ. მე რომელი გამრთობი ვარ, მაგრამ მაინც. კედი კარგი გოგოა, თუმცა გართობის გულისთვის ყველაფერზე წავა. მეც. ოღონდ ჩვენს შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ მე მერე ყოველთვის გული მერევა საკუთარ თავზე. არაფრით მტოვებს იმის შეგრძნება, რომ რაღაცას ვუშვებ ხელიდან. ჰო, რაღაცას, რაღაც მთავარს. გარეთ ცივა და ძალიან მეზარება ადგომა და სახლიდან გასვლა, არადა გვერდს ვერ ავუვლი საჭიროებებს.
სამსახურში, ”როგორც ყოველთვის” სიტუაციაა. სიჩუმე და საქმე. თავჩარგული ვუზივარ ციფრებს. ბუღალტერი. ჩიფ ექაუნთენთ. მოკვდები კაცი სიცილით. სახელები, სახელები, სახელები. და რა არის სახელების უკან? არა, არ ვიცი რა დგას ამ სახელების უკან, ან ამ ციფრების უკან. მონაცემები, მონაცემები, მონაცემები, ჰოდა დამუშავება, დამუშავება, დამუშავება. მერე შედეგები, შედეგები, შედეგები. ბალანსები, მოგება-წაგების თვლა, უწყისები, ბრუნვები, გადარიცხვები. მერე ისევ სახლი, ისევ მუსიკა, ისევ არაყი, ისევ კედი, ისევ ვარსკვლავები, მერე ისევ ჭერი. ჭერი. ჰო, ჭერი. რამე მაინც იყოს განსაკუთრებული ამ ჭერში. მგონი ადგომის დროა. კარგია, რომ არსებობს კეთილგონიერება. ეხლა უბრალოდ რამის აღწერის განწყობაზე ვარ, აი მაგალითად… ჰო მაგალითად ჩემი სამსახურის.2
– დილა მშვიდობის – შევდივარ და ტრადიციულად ვესალმები დაცვის ავტომატიან, სერიოზულსახიან ბიჭებს. ვისურვებდი გენდერული ბალანსი დაცული ყოფილიყო და დაცვის სამსახურშიც ემუშავა რამოდენიმე მანდილოსანს.
– გაუმარჯოს – ეს ტრადიციული მისალმებაა, რომელიც არასოდეს იცვლება. ალბათ ვერც ვერასდროს შეცვლით.
ნუ მერე კიდევ რამდენიმე ასეთი სალამ-ქალამი და მერე სამუშაო ოთახს მივაშურებთ. სამსახური თავის ცხოვრებით ცხოვრობს. ის რაც გევალება, არის კარგად შეასრულო შენი ფუნქცია. თუ ფუნქცია არ გაქვს, მაშინ დრო უნდა გაიყვანო, იმიტომ რომ შენ ყიდი დროს და არა შრომას. უცნაურია, მაგრამ იმის შეგრძნება, რომ თვის ბოლოს შრომის კი არა, დროის საფასურს გვიხდიან, მე და ერთ თანამშრომელს გვაქვს მხოლოდდამხოლოდ. მე და კედის. ჰო, კედი ჩემი ხშირი სტუმარია, ოღონდ არა ბუღალტერიაში. საერთოდაც სამსახურში მე ”ჩიფ ექაუნთენთ” ვარ. უსქესო ნაცრისფერი ადამიანი. მარტო ვცხოვრობ ერთ ოთახიან კომუნალურ ბინაში, სადაც როგორც უკვე მოგახსენეთ, აგერ მთელი ცხოვრება გავატარე და… თუმცა სულ ესე არ ყოფილა. უბრალოდ სახლი ნელ-ნელა დაცარიელდა და ბოლოს მე დავრჩი… არა, მარტო არა. ალბათ კედისთან ერთად, რომელიც საღამოობით მოდის და ხან დილით მიდის გამთენიისას, ხან შუაღამეს და მოკლედ, როცა როგორ მოუხერხდება. 9-დან 6-მდე გარიგება მაქვს დადებული ეშმასთან. ”პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს” – ღმერთს ვთხოვ, ის კი ეშმას საშუალებით მიგზავნის სამოთხიდან. ეს ნამდვილად არაა საგანგაშო.
სხვათაშორის, ეხლა სახლში ვინმე რომ იყოს, შემახსენებდა რომ წვიმიანი ამინდის მიუხედავად, სამსახურში მაგვიანდება და დროა ავწიო ერთი ადგილი ამ საწოლიდან. არადა რა ფართოა ეს დალოცვლი, რამდენიმე ადამიანი კიდევ დაეტეოდა. სწორედ ამ საწოლზე შემქმნეს მე ჩემმა მშობლებმა და აი ამ კოსმიური აქტიდან 38 წლის შემდეგ მე აქ ვწევარ და სამსახურში წასვლა მეზარება. ჭეშმარიტად უზნეო საქციელია.
კარზე ზარი გაისმა. ნუთუ ვინმე შეიძლება ამ დროს მესტუმროს? კარი გავაღე. კედი იდგა. ერთი რეაქცია მქონდა მხოლოდ, თვალები გადმოვკარკლე გაკვირვებისგან. ჩვენ ხომ პატიოსანი ადამიანები ვართ და აგერ უკვე ორი წელია ერთ რეჟიმში ვცხოვრობთ, ის კი ახლა ამ დილაადრიან მოსვლით ყველაფერს ანგრევს.
– გიო მე… იქნებ შემომიშვა?
– მოდი! მოხდა რამე? – ვკითხე და ისეთი გრძნობა დამეუფლა რომ… რომ არ შემიძლია ეხლა აღვწერო.
– იცი? მოხდა. ნუ თან მოხდა, თან არ მოხდა.
– ნუ მაბნევ. – გამაღიზიანა. ვერ ვიტან ასე ქარაგმებით ლაპარაკს. ჯერ კიდევ იმ დროიდან ვერ ვიტან პირველად რომ მომიახლოვდა ამ სახლის ჭერი. კედი კი შემომეხვია, ტუჩებზე მომეკრო და საწოლისკენ მიბიძგა. გაოცებისგან დავყევი, თუმცა გახდა რომ დაიწყო აზრზე მოვედი.
– გაგიჟდი? სამსახურში გვაგვიანდება.
– გავარტყი სამსახურს. აქ მინდა, შენთან.
– კედ, სულ გადაირიე ხო? ადექი ახლავე. – კი გავბრაზდი, მაგრამ თან გამეფიქრა, განა ის ადამიანი არ ვიყავი, ორი წუთის წინ საწოლიდან რომ ვერ წევდა ერთ ადგილს.
– ჰო, გადავირიე, მომბეზრდა, არ შეიძლება, რომ ერთხელ რამე ისე გავაკეთოთ როგორც… – ჰოდა აქვითინდა. ოღონდ ეს არა. ბავშვობიდან არაფერი მამტვრევს ისე წელში, როგორც ცრემლები. მომკალით და ესეა. ჩემს წინ ადამიანი რომ ატირდეს და მთხოვოს თავი მოიკალიო, ალბათ არ დავფიქრდები ისე მოვიკლავ. ჰოდა რაღა უნდა მექნა. იმას კიდე ისტერიკა დაემართა. ყვიროდა, ჰო ყვიროდა, სულ დამპალ, უგრძნობ, ციფრებით თავგამოტენილ ღორს მეძახდა. ასეა, რა ვქნა. ბუნებით ვარ პედანტი. ესეც შენი გართობის მოყვარული კედი. ჩამოიხსნა ბოლომდე ნიღაბი. ამოალაგა სენტიმენტები, მაგრამ რა. ეს ხომ ისედაც ვიცოდი, რომ მისი გართობა მხოლოდდამხოლოდ სწრაფვა იყო თავდავიწყებისკენ. და ბოლოს… ბოლოს დავნებდი. ჰოდა აი კედის თავი ჩემს მკერდზე ედო, მე სიგარეტს ვეწეოდი და ფანჯრიდან ნესტიან, ბურუსიან სივრცეს გავყურებდი. გარეთ ციოდა, ჩვენ თბილად ვიყავით. ტელეფონები გავთიშე. ალბათ გასკდნენ რეკვით. გამორიცხული არ იყო მოსულიყვნენ სახლში. კარს არ გავუღებდი. მგონი ეშმასთან გარიგება დასრულდა, ჰოდა მე და კედის ახლა პურს არსობისას აღარავინ გვიწილადებდა. კი მაგრამ მეგობრები?3
აგერ უკვე 45 წლის ვხდები და ხელშესახები არაფერი მახსენდება. უკვე 7 წელია მე და კედი აღარ ვერთობით, ჰოდა სამაგიეროდ მშვიდად ვცხოვრობთ. მე დილაობით აღარ მეზარება სამსახურში წასვლა, იმიტომ რომ საუზმეს კედი აკეთებს, აღარც საღამოს ვფიქრობ რითი ვიყიდო არაყი, იმიტომ რომ კედი ისედაც მაძლევს, აღარც დილის 6 საათზე ვიღვიძებ, იმიტომ, რომ კედი აღარსად აღარ მიდის, აღარც ციფრებს ვითვლი, იმიტომ რომ აღარ ვარ ჩიფ ექაუნთენთ, აღარც ჭერს აღარ ვუყურებ, იმიტომ, რომ ჩემს სახლში აღარ ვცხოვრობ და ამ ნაქირავების ჭერი არაფერს მახსენებს, აღარც მეზობლების მიკითხვ-მოკითხვაში მეკარგება დრო, იმიტომ, რომ არც ერთს არ ვიცნობ და აშ. და ა.შ. რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ამას. სამაგიეროდ… კვლავ აკაკუნებენ, მე ისევ მივდივარ კარის გასაღებად და აი თავისი გიგანტური ნაბიჯებით შემოიჭრება ტერი დევისი და….
– კედიიიიიიიიიიიიიი. ყავა გამიკეთე რა.
– ააააჰ, შაბათია დღეს? – ტერი დეივის ჩემი მეგობარია, არ შეიმჩნიოთ.
– გიოოო, მიდი რა. – აჰა, უცბად გადმომილოცა ყავის მოდუღება კედიმ.
– კედ, მეზარება. – სულაც არ მინდა ეხლა ყავის მომზადება.
– მაშინ იცოდე პირდაპირ შიშველი ავდგები და ისე გავაკეთებ ყავას – გამომძახა. დიდი ამბავი ეხლა.
– ოოო, შენც ეხლა არ უნახიხარ შიშველი რა.ტერი ჩვენს დიალოგზე როგორც ყოველთვის გულიანად ხარხარებს და მხარზე ხელის დატყაპუნებით ცდილობს… ნუ არ ვიცი რას ცდილობს რომ მაგრძნობინოს.
– უუუ, აი სწორედ ამიტომ მიყვარს თქვენთან მოსვლა – მეუბნება და თან ისევ მხარზე ხელს მიტყაპუნებს.
– ჰო, ნუ ვერ მივხვდი, რატომ, მაგრამ მაინც მადლობა.
– ჰოდა მოკლედ მე კარგი ახალი ამბები მაქვს თქვენთვის.
– მაინც?
– ე.ი. გუშინ ბირჟაზე შევიძინე… – და ტერი იწყებს, როგორც ყოველთვის, ძალზედ მოსაწყენ მონოლოგს ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის შედეგების შესახებ და მე ვცდილობ ამ გაქნილმა მაკლერმა რამე არ მომატყუოს. ბოლოსდაბოლოს კედი უდუღებს ყავას ტერის და ასე შიშველი გვიჯდება წინ. მსჯის მგონი. თუმცა ტერი პატიოსანი კაცია და მოვალეობების შესრულების დროს უსქესო, ნაცრისფერი მაკლერია. ანუ ყველაფერი რიგზეა.
მერე მე ვჯდები მანქანაში და მივდივარ ”როგორც ყოველთვის სიტუაცია”-ში.4
საკმაოდ დიდი საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ამ 7 წლის განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა ჩემში. უბრალოდ მე ბიოლოგიურად დავეშვი დაღმართზე. ერთ 45-ს კიდევ გავქაჩავ? რთული წარმოსადგენია, მაგრამ… მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ გარკვეულ ასაკამდე საერთოდ არ მიფიქრია სიკვდილზე, ალბათ ესე 30 წლამდე ჩემი დილა იწყებოდა ოცნებით ვარდისფერ მომავალზე, ანდა უკეთეს შემთხვევაში ოცნებით იმ დღის ლამაზ დასასრულზე, რომელიც ეს-ესაა თენდებოდა. 30 წლის შემდეგ, უფრო სწორად, იმ დღის შემდეგ, რაც საავადმყოფოში მამაჩემს უკანასკნელად მოვწმინდე სპერმა დახეთქილი ყვერებიდან და რამდენიმე დღეში მიწაც დავაყარე… იმას ვამბობდი, რომ იმ წუთიდან, სველი ხელსაწმენდით ყვერი რომ გავუსუფთავე, ჩემი ყოველი დილა სიკვდილზე ფიქრით იწყება, მოდი არ გავაფილოსოფოსოთ.
იმ დილას ჩემმა მდივანმა მეც უკანასკნელად მომწმინდა სპერმა და მე რაღაც ვიხუმრე ტრადიციულად. ჰო ტრადიცია მაქვს ასეთი, მხოლოდ ღმერთზე ვხუმრობ და ეს ყოველთვის მკრეხელობად ინათლება. ჰოდა ელენას, რატომღაც ასე ერქვა ჩემს მდივანს, ამოასხა და მკითხა:
– რატომ ხუმრობ ყოველთვის ღმერთზე?
– ჰმ, რთულ კითხვას მისვამ.
– არა, ეს უბრალოდ ჩემს რელიგიურ გრძნობას შეურაცხყოფს.
მე დამავიწყდა იმის თქმა, რომ ელენა პროფესიით იურისტია. არა, უფროსწორად, იმ დროს, როცა ეს მოხდა, იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. ჰოდა აი ეს ფრაზა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები იყო. ვინაიდან არსებობს დედამიწაზე სამი სქესი: კაცები, ქალები და იურისტი ქალები. სხვა ვერავინ გეტყვის ასეთ ფრაზას: “ეს ჩემს რელიგიურ გრძნობას შეურაცხყოფს”. წარმოვიდგინოთ რას მეტყოდა ჩემი ფიზიკის მასწავლებელი. ის აუცილებლად დაიწყებდა მოვლენათა იმ დაუსრულებელი სიის ჩამოთვლას, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ იარსებებდა და დააბოლოვებდა ნიუტონის ცნობილი ფრაზით, რომ “პლანეტების მზის გარშემო ორბიტაზე ბრუნვა, მხოლოდ მზის მიზიდულობის შედეგი რომ იყოს, მაშინ ყველა პლანეტა ერთ მშვენიერ დღეს მზეს დაენარცხებოდა”-ო და ბოლოს აუცილებლად დააბოლოვებდა, რომ ჩემნაირი ღვთისპირიდან გადავარდნილი, ურჯულო, მკრეხელი ადამიანი მეორე არ დადის ცისქვეშეთში, იმიტომ, რომ ყოველთვის ვხუმრობ მხოლოდდამხოლოდ ღმერთზე და ვერაფრით დავიმახსოვრე, რომ… და ერთ-ერთ ჩემს მიერ ვერ თუ არ ათვისებულ თეორიასაც ჩემი უსჯულოების დამამტკიცებელ საბუთად მოიშველიებდა. თუმცა მე რა თქმა უნდა ვერაფრით გავარკვევდი რა უფრო მეტად განსაზღვრავდა ჩემს ურჯულოებას, ის, რომ ღმერთზე ვხუმრობდი, თუ ის, რომ რომელიღაც თეორია, სათანადოდ არ თუ ვერ შევისწავლე. მოკლედ ალბათ მიხვდით, რომ ასეთი ვარიანტები პროფესიების მიხედვით შემიძლია უსასრულოდ ჩამოგითვალოთ. რა მოხდებოდა ელენა რომ… მაგრამ ვაღიარებ მოსაწყენი იქნება. ამიტომ მე ელენას გადავწყვიტე ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოვქცეოდი მარტივად და ვუპასუხე:
– ელენა, ღმერთი ჩემთვის იმდენად ამოუცნობია, იმდენად ბუნდოვანი და იმდენად გაუგებარი, რომ მის შესახებ მხოლოდ ხუმრობით შემიძლია ლაპარაკი.
გაგიკვირდებათ და ეს მისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი აღმოჩნდა, თუმცა მაინც უკანასკნელად მომწმინდა სპერმა.
ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა, მე ვიტყოდი, იმაზე უფრო განსაკუთრებულიც კი, ვიდრე კედის მოულოდნელი შემოვარდნა ჩემს ბინაში დილის 8 თუ ცხრა საათზე და შემდეგ ჩვენი გადაწყვეტილება ერთად გვეცხოვრა. საქმე ეხებოდა ჩემს ერთ მეგობარს, რომელმაც… რომელმაც ადრეულ ახალგაზრდობაში, ასე 18-19 წლის ასაკში საკუთარი თავი დაარწმუნა წერის ნიჭი მაქვსო და მას შემდეგ აღარც თვითონ მოისვენა და აღარც საზოგადოება მოასვენა, სანამ ერთ-ერთ წამყვან ლიტერატურულ ჟურნალში რომელიღაც ცნობილმა ტიპმა კარგი რეცენზია არ გამოუცხო. ამ რეცენზიის ფასი ვიცოდი რაც იყო, თუმცა მოდით დავანებოთ თავი ამჯერად ამას. იქნებ მერე მივუბრუნდე კიდეც ამ თემას და მოგიყვეთ, მაგრამ ეხლა სხვა რამის მოყოლას ვაპირებდი. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ეს ჩემი მწერალი მეგობარი მომადგა სამსახურში და… და მე ძალიან აღელვებული, აცქმუტებული და როგორ ვთქვათ, აღგზნებული მომეჩვენა.
– გიოოო, რაღაც საქმე მაქვს რა შენთან და საღამოს სამსახურის მერე შეგიძლია შემომიარო სახლში?
მე ვიფიქრე საბანკო ანგარიშებზე თანხის ბრუნვას ვეღარ აკონტროლებდა და ჩემი როგორც ფინანსისტის რჩევები ჭირდებოდა. კი გავიფიქრე, ამას რა აიტანს-მეთქი, მაგრამ მაინც დავთანხმდი.
ჯოშუა უცნაური ადამიანი არ იყო (მგონი ვერ ვიკავებ თავს მისი აღწერის ცდუნებისგან), პირიქით, ის ძალიან ძალიან ჩვეულებრივი და სტანდარტული ტიპი იყო, თუმცა მწერლის სტერეოტიპში კარგად იჯდა, შეიძლება სხვებზე კარგადაც, ამიტომ ხანდახან დემონსტრაციულად ჩქმეტდა ტრაკზე უცნობ მანდილოსნებს. რამდენჯერმე ამ უცნობი მანდილოსნების დაკუნთულმა ბოიფრენდებმა, საპასუხო რეაქციაც მისცეს, ხანდახან… მოკლედ ხანდახან ის განზრახ აკეთებდა ისეთ რამეებს, რომ ხაზი გაესვა საკუთარი განსაკუთრებულობისათვის. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ იმ საღამოს მაინც რაღაც უფრო ბუნებრივად უცნაური მომეჩვენა. ჰო, რა თქმა უნდა აზრი არ ჰქონდა ჩემთან რაიმე განსაკუთრებულის თამაშს, მე ხომ მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი. მერე ალბათ არ დამეზარება და გაგიმხელთ როგორც მაგრამ… მაგრამ აი ეხლა დავფიქრდი და ღირს კი საერთოდ ამის მოყოლა? ჰო ნუ რა ვიცი.
მოკლედ როგორც მამაჩემი იტყოდა (მაგრამ ზუსტად არ მახსოვს ამას ამბობდა ხოლმე თუ არა), ბევრი რომ არ გავატრაკოთ, ჯოშუამ გამიმხილა, რომ ახალი რომანის წერა დაიწყო და მისი მთავარი გმირი უნდა ყოფილიყო გეი. მერე?…
– მერე ის, რომ ვერ ვახერხებ. ვერაფრით ვერ ვახერხებ, იმიტომ კი არა, რომ წერა არ შემიძლია…
– არც მიფიქრია ეგ მერწმუნე…
– უბრალოდ მე არ ვარ გეი და ჰომოფობიური გამომდის. ჰოდა ამისთვის ერთადერთი საშუალება არსებობს…
კი მივხვდი მაგრამ გამიჭირდა დაჯერება და ამიტომ უფრო ვკითხე
– რა?
– რა და მე უნდა მივიღო გეის შეგრძნება. უნდა გამოვცადო.
– რა უნდა გამოსცადო შენ შიგ ხომ არ გაქვს?
– არა, არა, ხელოვნება უპირველეს ყოვლისა. მე მზად ვარ გავიღო მსხვერპლი, ჰოდა შენი დახმარება მჭირდება.
– მე რაღა შუაში ვარ შე ყლეო. მე რა პიდარასტი ვარ თუ?
– არა, მე არ გთხოვ, რომ სექსი და რაღაც, ერთადერთი რამ მინდა, მინეტს გაგიკეთებ რა.
მე რა თქმა უნდა ისტერიკა დამემართა და… და მოკლედ მე თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც დავთანხმდი. თვალები დავხუჭე და… მოკლედ ყველაზე საშინელი ის კი არ იყო, რომ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, თან მამაკაცი მიკეთებდა მინეტს, უბრალოდ… უბრალოდ მე მომიწია იმის აღიარება, რომ ჯოშუამ ამ საქმეს კედიზე უკეთ გაართვა თავი.5
ბავშვობაში ვთვლიდი, რომ არ გამიმართლა, ჩემს ოჯახში ბევრი ექიმები რომ იყვნენ. მე მხოლოდ მე-11 კლასში შევიცვალე გადაწყვეტილება და ჩემი ტვინი ფინანსებისკენ გადაიხარა. ამჯერად არ მოგიყვებით, რატომ გადავიფიქრე ნეირო ქირურგიის შესწავლა და დავინტერესდი ფინანსებით, თუმცა ჩემმა დამ რომ გაიგო სიგარეტს ვეწეოდი, ცხარე ცრემლით იტირა, ხოლო შემდეგ დაიწყო პერიოდული ლექციების ჩატარება სიგარეტის მავნებლობის შესახებ. პირველი ღერის მოწევიდან რამდენიმე თვეში მე უკვე ვიცოდი, რომ მოწევა იწვევს რვა სახეობის სიმსივნეს, ასევე უამრავ სხვა დაავადებას, გულსისხძართვა დაავადებს, აუარესებს სუნთქვას, სისხლის მიმოქცევას, რითაც აფერხებს ტვინში ჟანგბადის მიწოდებას, რაც ხელს უშლის აზროვნებას, უზმოზე სისტემატურმა მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭის წყლული, ასევე აყვითლებს და აფუჭებს კბილებს და ა.შ. და ა.შ. ალბათ მიხვდით, რომ ჩემი და ექიმია. ამ ყველაფერმა რომ ვერ ”მიშველა”, შემდეგ ვიზუალური მასალის ათვისებაზე გადავედით და მე ძალიან მალე დეტალურად შევისწავლე ფოტომასალა მწეველი და არამწეველი ადამიანების ფილტვების გამოსახულებით, ასევე გულისამრევი ვიდეოკლიპები და ამანაც რომ არ გაჭრა, საქმეში რელიგია ჩაერთო. ამის საშუალებით უკვე შევიმეცნე, რომ თამბაქოს მოხმარება ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებმა აბორიგენმა ინდიელებმა დაიწყეს. ასევე სრულად გავაცნობიერე, რომ თამბაქოს სატანური ”ფესვები” აქვს და საშვილიშვილოდ დავიმახსოვრე, რომ რელიგიური თვალსაზრისით ის ”ეშმაკის საკმეველია”. ნუ, რაღა თქმა უნდა, ესეც უშედეგო აღმოჩნდა და ლოგიკურიცაა, მე ხომ ღმერთზე მხოლოდ ხუმრობით შემეძლო ლაპარაკი, ეკლესიაზე კი დამცინავად.
მოწევა 15 წლისამ დავიწყე. თავიდან ნახევარ კოლოფს ვეწეოდი, შემდეგ წელს ერთ კოლოფზე ავედი. მწეველობის მეხუთე წელს კი მიხაროდა დღის ბოლომდე მხოლოდ ოთხ კოლოფს თუ მოვწევდი და მეხუთის გახსნა არ მომიწევდა. ამ ყველაფერს იმიტომ არ ვყვები, რომ… არა, ეს მოდი თანმიმდევრულად მოვყვეთ.
მოკლედ, ჩემი ცხოვრების 47-ე წლის ერთ მშვენიერ დილით, ზურგის არეში წვა ვიგრძენი და ხველებამ შემაწუხა. რამდენიმე დღე ყურადღება არ მიმიქცევია ამ ამბისთვის. მწეველთა უმრავლესობა ხომ დილაობით ცუდ გემოს პირში და ხველას უჩივის, მაგრამ სამი დღე რომ გაგრძელდა ეს უსიამოვნო გრძნობა ფილტვებში, ერთ დილით ავდექი და გადავწყვიტე ექიმთან წავსულიყავი. გზიდანვე დავითარსე. ე.ი. ჩემდა ჭირად ჩავრთე რადიო, სადაც სასაცილო ამბებს გადმოსცემდნენ, თუ კურიოზულ შემთხვევებს თუ რაღაც ასეთს. ჰოდა ერთ-ერთი მორიგი ისტორია ძალიან ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის. მე ხომ ხშირად მომდის სახლში ჯარიმის ქვითრები პოლიციიდან და აი რადიოს ვუსმენ და იქ ყვებიან ასეთ რამეს: ”ერთი ინგლისელი მძღოლი ავტომატურმა რადარმა დარღვევის დროს გამოიჭირა. რამდენიმე ხნის შემდეგ მან პოლიციისგან ფოსტით 40 გირვანქა სტერლინგის საჯარიმო ქვითარი და თავისი მანქანის ფოტოსურათი მიიღო. ნაცვლად იმისა, ჯარიმა გადაეხადა, პოლიციას გაუგზავნა ფოტო, რომელზეც 40 გირვანქა სტერლინგი იყო გამოსახული. გავიდა რამდენიმე დღე და მძღოლმა ისევ მიიღო კონვერტი პოლიციიდან, ამჯერად მასში ხელბორკილების ფოტოსურათი იდო. ამ ფოტოს დიდი ზემოქმედების ძალა აღმოაჩნდა, – დამრღვევმა…” მე მეტი ვეღარ გავიგე, იმიტომ რომ ახარხარებულმა ჩემი მანქანის ”პარპრეზი” გავდორბლე და პირდაპირ გაზეთების ჯიხურში გავერჭე. იმ დღეს ექიმთან ვეღარ მივედი და მეორე დილით როგორც იქნა მივაღწიე.
დაახლოვებით სამი საათი მიკვლიეს, მსინჯეს. მოკლედ, გასაყიდი საქონელივით მათვალიერეს შიგნიდან, გარედან, უსმინეს სუნთქვას, გულის მუშაობას, მოკლედ სრული გამოკვლევა ჩამიტარეს და რამდენიმე დღის შემდეგ დამიბარეს. ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა გამეგო რა მჭირდა? ამ ამბიდან სამი დღის შემდეგ სახლში ტელეფონი აწკრიალდა. კედიმ უპასუხა, ცოტა ხანს ილაპარაკა, რაღაც ოფიციალურად, ჰოდა მეორე დღეს ექიმთან წასვლა რომ დავაპირე, ცოცხალი თავით არ გამიშვა. უნდა გამოგყვე გინდა თუ არაო. ნუ ამან ცოტა გამაბრაზა, მაგრამ 10 წელიწადში ერთხელ ცოლი თუ რაც ჰქვია, რომ აგიხირდება, გაგებით უნდა შეხვდე ამ ამბავს, ბოლოსდაბოლოს იქნებ მენსტურაცია დაეწყო. მოკლედ, წავედით ექიმთან, იმათ იქ რაღაც მასკარადი გააჩალიჩეს, ექიმი ჯერ მე მელაპარაკა, მერე კედი გაიყვანა გვერდით და მე უკვე მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო მთლად კარგად.
უკან რომ ვბრუნდებოდით, კედი ტინგიცობდა, ჰოდა მივხვდი რა, რომ მიმალავდა და ისე, რომ მისკენ აღარც გამიხედია, პირდაპირ ვკითხე:
– ფილტვის კიბო მაქვს ჰო კედ?
– ღმერთო ჩემო რა სულელი ხარ – მოკვდა სიცილით. მანქანა გავაჩერე, თავი რულზე დავდე და აღარ შემიხედია ისე ვუთხარი.
– კარგი რა კედ, ჰო იცი რომ იდიოტი არ ვარ. რამდენი დამრჩა? – კედიმ თავზე დამიწყო მოფერება, თმაში მისი თითები დასრიალებდნენ და მე ტანში ჟრუანტელი მივლიდა. მგონი იმ წუთას ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარდა და… და ალბათ ვნანობდი ყველა იმ წყენას, რაც ოდესმე მისთვის მიმიყენებია.
– გიო, სისულელეა გიო. – ხმაში ცრემლი შეეპარა. მერე თავზე მისი ლოყა ვიგრძენი და ცრემლები, რომლებიც ჩემს თმებში იკარგებოდა.
– კარგი რა, არ არის საჭირო, ბოლოსდაბოლოს, ოდესმე ხომ მაინც მოხდებოდა – ვუთხარი და ჩემდაუნებურად მეც ცრემლი შემეპარა. მაგრამ იმიტომ არა, რომ კიბო მქონდა, არა, უბრალოდ რატომღაც კედი მეცოდებოდა.
– გიო…. – აქ უკვე ნერვებმა უმტყუნა და ვეღარ გააგრძელა, გაუშვა ბოლომდე ცრემლები და ისინი უკვე ჩემს თმებს ჩამოუყვნენ ქვევით და ვხედავდი როგორ იკარგებოდნენ სადღაც ქვემოთ.
– რამდენი ხანი დამრჩა კედ? – ხმა გავიმყარე.
– ორი თვე – და მოუმატა ტირილს. მე თავი ავწიე, ის გადაიწია ისევ და ახლა უკვე საკუთარ ხელებში ტიროდა. მანქანა დავქოქე და სახლში წავედით. გზაში ვაწყნარებდი. თან რაღაცნაირად მეცინებოდა, ვერაფრით ვერ ვიჯერებდი რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა.
რაღაცნაირად ყველაფერი შეიცვალა. მე და კედი ისე ვისხედით სახლში თითქოს ვიღაც უკვე გარდაიცვალა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს საკუთარ პანაშვიდზე ვიყავი. ნერვები მომეშალა.
– კედ, სისულელეა ხო იცი. ეს არაფერს ნიშნავს. ოდესმე ეს მაინც მოხდებოდა.
– ვიცი. – ცივად მიპასუხა, თუმცა ისევ ეტირებოდა ვხვდებოდი.
– კედ იცი, მე სულ არ ვღელავ, რაც იქნება იქნება.
– ……………. – დუმილი.
– კედ, ბოლოსდაბოლოს ჩვენ ხომ ერთმანეთს ამდენი ლამაზი წუთი ვაჩუქეთ, და რაღაა სანერვიულო. ისღა დაგვრჩენია ღმერთს მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რაც გვქონდა – საკუთარი სენტიმენტალობა მაოცებდა და თან მეცინებოდა, მაინც ვუანგარიშე ”ამდენი ლამაზი წუთი”.
– ………….. – დუმილი.
– კედ, აწიე ეხლა თავი და გაიცინე რამენაირად. ხო იცი ვერ ვიტან ესე რომ ხარ მოწყენილი.
– ………….. – დუმილი.
– კედ, გთხოვ რა, გაიღიმე და მელაპარაკე, არ შეიძლება რა ესე, ბოლო ორ თვეს მოწყენილობაში და გლოვაში ხომ არ გავატარებთ. – ჰოდა აქ მე ძალიან უცნაური რამ ჩავიდინე…მოკლედ კედი საღამომდე მაინც ვერ გავაცინე, მგონი ძალიან ვუყვარდი მართლა. აი მე კი ვტინგიცობდი და ვტინგიცობდი, რამენაირად ხასიათზე მინდოდა მომეყვანა და ბოლოს ჩემდაუნებურად წამომცდა: ”საოცარი ადამიანი ხარ კედ, შეგიძლია ყველაფერი საშენოდ შეატრიალო. აი ეხლაც, ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს მე კი არა, შენ გქონდეს კიბო”. ამანღა უშველა და ბოლოს, როგორც იქნა, გამხიარულდა. ბოლოს შევთანხმდით, რომ ჩემი კიბოს მიუხედავად, უკანასკნელ ორ თვეს ისე გავატარებდით, თითქოს არაფერი მომხდარა და ბოლომდე გავერთობოდით.
6
ჰოდა ესეა რა, ეხლა რომ ვფიქრობ, დიდად ვერ შემცვალა იმ ამბავმა, ორი თვეღა რომ დამრჩა სიცოცხლე. ცოტა მეტად ფილოსოფიური აზრები გამიჩნდა. ისე სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა. მე და კედიმ გადავწყვიტეთ არავის გავუმხილოთ ეს ამბავი. ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ მეტასტაზები არ დამაგდებს. არ მინდა ხალხმა ისე დამიწყოს ყურება, როგორც… როგორც რა ვიცი, ცოცხალ მიცვალებულს. ესე იციან ხოლმე. საერთოდაც მე არ შევცვლილვარ, მაგრამ კიდევ ერთი ახალი ამბავი მოხდა მაინცდამაინც ეხლა. კედიმ აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედაა. ჰოდა რა ვიცი როგორ მოხდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდით ბავშვისგან, ჰოდა მაინცდამაინც ეხლა… ყოველშემთხვევაში არ ღირს ამაზე წუწუნი. მე ალბათ ვეღარ მოვასწრებ ბავშვის ნახვას. არც მინდა, ესე ჯობს იმისთვისაც და ჩემთვისაც. რო ვნახავ უფრო გამიჭირდება. ეხლა სასაცილოა, მაგრამ ერთადერთ რამეზე ვფიქრობ, მინდა რომ იმ მომენტში… ჰო რა, ბოლოს, მინდა რომ გულიანად გავიცინო. ყოველთვის მჯეროდა რო… ჰო აი მაშინ მოხდა რა, მამაჩემი რო წავიდა, იმ დღეს ეკლესიაში წავედი. დიდხანს ვიდექი რა ჩუმად, ჩემთვის, ჰოდა ესე ჟრუანტელი მივლიდა რა ტანში. ბავშვობიდან ესე ვარ, ვერ შევდივარ ეკლესიაში, ხალხი როცაა. ნერვები მეშლება რაღაცნაირად. ჰოდა ვიდექი რა, სათვალე არ მომიხსნია, მეტირებოდა და არ მინდოდა შემთხვევით ვინმე შემოსულიყო და რო დავენახე შემრცხვებოდა ვიცი და ნერვებიც მომეშლებოდა. არც მახსოვს რა რას ვეუბნებოდი და ერთი რამ კი მახსოვს, ვთხოვე რო მაშინ მომკალი როცა ამისთვის მზად ვიქნები-მეთქი. ჰოდა მზად ყოფნა როგორ გესმისო. არა ესე არ უთქვამს, ღმერთთან ლაპარაკი სად შემიძლია, უბრალოდ თავში მე თვითონ დამარტყა რას ვგულისხმობ-მეთქი. ჰოდა აი ბოლო მომენტში გაცინებას რო შევძლებ და არაფერს არ ვინანებ, მაშინ ვიქნები-მეთქი მზად. ჰოდა უფრო მაგრად დამიარა ჟრუანტელმა, თვალები დავხუჭე და მოკლედ რელიგიურ ექსტაზში ვიყავი გადაშვებული თავფეხიანად და უცბად არ ვიცი საიდან, ვიღაცა მეძგერა. გაქანებული ნევროზი მქონდა, ეგღა მეკლდა, არიქა მე ვთქვი ეგ არის და ღვთისშმობელი გადმოვიდა ხატიდან უნდა მომისამძიმროს მამის გარდაცვალება-მეთქი (რა ვქნა ვერ ვეშვები ხუმრობას), ჰოდა რა ღვთისმშობელი რის ღვთისმშობელი, ვიღაც თავშალშემოხვეული ქალი დამხვდა წინ და კიოდა: ”როგორ შეიძლება, როგორ შეიძლება, როგორ არ გრცხვენია. შენ იცი სად ხარ? ღმერთის როგორ არ გეშინია…” ჰოდა ვიფიქრე უნებურად რამე ხო არ ვიხუმრე და მაგიტო ხო არ მეჩხუბება-მეთქი და ვკითხე რა დავაშავე ქალბატონო ასეთი-მეთქი. ამაზე უფრო გადაირია ის დალოცვილი თითქოს პირდაპირ ეკლესიაში ჟიმაობა შემეთავაზებინოს, ამოალაგა ხმის იოგები ზემოთ და ნახევარი წლის ნახველი ამოიღო რამის ფილტვებიდან, ”სათვალე, სათვალე მოიხსენი უწმინდურო.” ჰოდა ესე გამოვვარდი რა და იმის მერე ეკლესიას სულ შიშით ვუვლი გვერდს, სუ მგონია, რომ შევალ თუ არა, ის ქალი ისევ დამეტაკება უწმინდუროს ძახილით.
ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ… რომ არ ვიყავი მზად, ვგრძნობდი. რა ვიცი აბა, ვერ გავიღიმებდი, სულ არ მეღიმებოდა, ჰოდა რაღაცნაირად შემერყა რა… აი ის შემერყა, რწმენას თუ რაღაცას რო ეძახიან. მე ერთი უბრალო ფინანსისტი კაცი ვარ. ჯოშუასგან განსხვავებით, არც მწერალი ვარ და არც ტერი დევისივით ვოცნებობ მილიარდის მოხსნაზე. ჩემთვის ვარ რა, ერთი ეგაა, ღმერთზე ვხუმრობ ხოლმე, მეტი არაფერი, ისიც იმიტომ კი არა, რომ არ მწამს, ან ვამცირებ, უბრალოდ სხვანაირად ხუმრობა არ გამომდის და თან რაღაცნაირად ჩემთვის ეგ ცნება იმდენად დიდი და ამოუცნობია, რომ სხვანაირად არ შემიძლია რა. ფინანსისტი ვარ, ალბათ ამის ბრალია. უნდა ვიანგარიშო, რამე კონკრეტულ ჯამამდე უნდა მივიდე, ჰოდა ბავშვობიდან ეს პრობლემა მქონდა. ღმერთზე რომ მელაპარაკებოდნენ, ვერ მივდიოდი რამე კონკრეტულ ხელშესახებ პასუხამდე. ყოველთვის აბსტრაქტული იყო რა. ჰოდა სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა მეხუმრა. ხო ხვდებით არა. ხოდა ამ თქვენ ღმერთს კიდევ სულ არ აღმოაჩნდა იუმორის გრძნობა. ადგა და ამკიდა ფილტვის კიბო. არადა მე კიდე მაგრად მჯეროდა, რომ მაშინ წამიყვანდა, როცა მზად ვიქნებოდი. რა აზრი აქვს წუწუნს.
ესე გავაფილოსოფოსე რა. ალბათ რო ზიხარ და ელოდები სიკვდილს, სხვა გამოსავალი აღარ გრჩება. პიზდეცში მიდის ტვინი. ჰოდა უცბად მივხვდი, რო ყველაფერი ისე უნდა გამეგრძელებინა, ვითომ არაფერი, ფილოსოფიასაც უნდა შევშვებოდი და იმასაც, რა მოხდებოდა, რომ… არაფერი არ მოხდებოდა, ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, როგორც არის. ალბათ. მესმის რო სისულელეა და ესე არ არის, მაგრამ ეხლა გვიანია იმაზე ფიქრი, რა იქნებოდა, რომ… ჰოდა იმას ვამბობდი, მივხვდი-მეთქი, რო ეს ორი თვე შეიძლებოდა გამომეყენებინა მოსამზადებლად და ბოლო მომენტში იქნებ მომეხერხებინა გაღიმება, ჰოდა დავიწყე ფიქრი, ოღონდ არაფილოსოფიურად. ისე უბრალოდ, ჩემთვის, თან იმის შეგრძნება არ მტოვებდა, თითქოს ეს ყველაფერი მე კი არა, ვინმე ჩემთვის კარგად ნაცნობ ტიპს შემთხვეოდა.
ჰოდა ერთი დილაცაა და ხველამ გამაღვიძა. ჰოდა სისუსტე ვიგრძენი და საწოლიდან ვეღარ წამოვწიე წელი. კედისაც გაეღვიძა. რა იყო, ცუდად ხარო? ჰო-მეთქი. თვალებში შევატყე შეეშინდა. მკერდზე თავი დამადო და გაიტრუნა. მგონი გულისცემას უსმენდა.
– გეშინია? – ისე ვკითხე, უბრალოდ.
– ……………….. – დუმილი.
– კედ, რამდენიმე დღეა ვფიქრობ, მგონი ჯობს, რომ მე ძველ ბინაში გადავიდე საცხოვრებლად. მაინც ერთი თვეც აღარ დარჩა. – არადა მოვატყუე, იმ წამს მომივიდა თავში ეს იდეა. ნეტა რატო მოვატყუე, ალბათ იმიტომ რომ შემეცოდა.
– ………………… – დუმილი.
– ჰო, კედ ასე ჯობს. რა საჭიროა ამას უყურო?! ტყუილად დაიტანჯები. მე ამ ამბავს მტკივნეულად მაინც არ განვიცდი.
ჰოდა დამთავრებული არ მქონდა სიტყვები, რომ ჯერ ორი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე, შემდეგ კიდევ მკერდზე მომეკრა და… და დამასველა ცრემლებით. მე თავზე ვეფერებოდი.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, გადავედი ჩემს ძველ ბინაში და მეტი დროც მქონდა მოვმზადებულიყავი ბოლო მომენტისთვის. გადავწყვიტე ფარხმალი არ დამეყარა და თუ ღმერთმა არ შეასრულა პირობა, მე შემესრულებინა. აი ნახე ღმერთო როგორი სიტყვის კაცი ვარ-მეთქი. და დავიწყე და რა დავიწყე.
ჩემი გაუჩინარება კედიმ მივლინებით ახსნა, სამსახურში კი კუთვნილი შვებულება გამოვიყენე. კედი დღეში სამჯერ მოდიოდა, მოქონდა საჭმელი, პრესა, რომელსაც რატომღაც ინტერესით ვეცნობოდი, კიდევ რაღაც რაღაცეები. ტელეფონი გამორთული მქონდა. თან ახალი ამბები მოჰქონდა ტერიზე, ჯოშუაზე და ვიღაც ვიღაცეებზე. მოკლედ დრო გარბოდა და გადამწყვეტი საათიც ნელ-ნელა ახლოვდებოდა. ფილტვებში წვა მატულობდა, ხველაც, კიდევ სისუსტეც. ჰოდა მე კიდევ ვამზადებდი თავს. და აი…7
გიომ ერთ დილით თავი მზად იგრძნო. სიხარულისგან საწოლში ხტუნვა დაიწყო. თვალები ზეშთაგონებით აღაპყრო ზეცად და თქვა; ”მზად ვარ, წამიყვანე უფალო”. წაყვანის რა მოგახსენოთ და ტელეფონი აწკრიალდა. დახედა, კედი ურეკავდა. უპასუხა. კედი შეშლილივით იყო, თან იცინოდა თან ტიროდა და…
– გიო გიო, არ ყოფილა კიბო, ეს არ ყოფილა კიბო.
– რა არ ყოფილა გამაგებინე, დალაგდი ცოტა.
– გიო, ეხლა ექიმმა დამირეკა, გიკითხა, მე ვუთხარი მივლინებაშია-მეთქი. ჰოდა მითხრა, რომ შეგვეშალა, ანალიზის პასუხი შეგვეშალა, თქვენს მეუღლეს უბრალო ფილტვების ანთება აქვს, თუმცა სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობას, რადგან ბევრი დრო დავკარგეთო. გესმის გიო? შენ არ მოკვდები გიო, შენ იცოცხლებ…
ფილტვგამომპალმა ფინანსისტმა ტელეფონი დაახეთქა იატაკზე და აღრიალდა. ღმერთოოოო, შე ყველაზე იდიოტო ხუმარა. რამდენი მაწვალე და სულ ტყუილად? ჰა? ღრიალებდა. გაცოფდა. მერე დაწყნარდა. მერე ახარხარდა. მერე ძველი სამართებელი აიღო, ცივად შევიდა აბაზანაში, თბილი წყლით გაავსო და სამართებლიანად ჩაწვა შიგნით…© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ვახო მოსიაშვილი – ზღვის გაუჩინარება
დღე პირველი
როგორც ყოველთვის, დასასვენებლად ზღვაზე წავედით. არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი მორიგი ზაფხული იყო. ერთად ყოფნა გვსიამოვნებდა. ღამე კლუბში შევედით. მე არ ვცეკვავ. მაგიდაზე მეძინა, შიგადაშიგ შემოთავაზებულ ვისკის ვწრუპავდი. მგონი ”სისხლიანი მერიც” მივირთვი. არ მიყვარს კოქტეილები. ჩემი თავი მაღიზიანებდა. ხალხი ცეკვავდა. ჩემთვის ჩანაწერებს ვაკეთებდი. რამდენჯერმე მართლა კარგი მიქსი გააკეთა დიჯეიმ. მეგობრები მორიგეობით გამოდიოდნენ ერთ რიტმზე მროკავი მასიდან, ჯდებოდნენ, სვამდნენ და კიდევ და კიდევ მეპატიჟებოდნენ საცეკვაო მოედანზე. მე კვლავ ვუარობდი. ვიცოდი, რომ სადღაც ამ მასის სიღრმეში ჩემი ცოლი ცეკვავდა, მაგრამ ცდუნებას ვუძლებდი. უფრო სწორად, მასაში გათქვეფის შიში, მასთან ცეკვის სურვილზე მეტი იყო, ამიტომ ვერაფრით ვაიძულე საკუთარი თავი ავმდგარიყავი მაგიდიდან, რომელსაც ჩასვლისთანავე ისე ჩავაფრინდი, როგორც აღელვებულ ზღვაში დასახრჩობად განწირული ადამიანი სამაშველო რგოლს. მერიდებოდა მეგობრების. ვგრძნობდი რა სასაცილო ვიყავი, თავზე ჩამოკვეხებული ქუდით, მოწყენილი სიფათით, ხელში ბლოკნოტითა და კალმით, ხანდახან მაგიდაზე რომ მაყვინთავებდა. ერთხელ მართლა საფუძვლიანად წავუძინე, დაცვამ გამაღვიძა, თუ გეძინება სახლში წადიო. ეტყობა სახელს ვუტეხდი იქაურობას. ყველაფერს ის მერჩია, ზღვაზე ჩავსულიყავი და ზღვის ტალღების მშვიდი დგაფუნისთვის მესმინა. სუნთქვას ავაყოლებდი და ტკბილად მაინც დამეძინებოდა. გამთენიისას, როგორც იქნა დამთავრდა ცეკვა და სახლში წავედით. აღარაფრის თავი აღარ ჰქონდათ, მე კი აღარ მეძინებოდა. ერთი ვიფიქრე, ჩავალ-მეთქი სანაპიროზე, მაგრამ მივხვდი, მარტოობა უარესი იყო. ისევ თვალგახელილი წოლა ვამჯობინე. ვეხუტებოდი, თითქოს მეშინოდა ჩვენ შორის კედელი არ აღმართულიყო. ზეწარი გადავიხადე და სიბნელეში საკუთარი სხეულის კონტურებს ვაკვირდებოდი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ-მეთქი ჩემ თავს ვუთხარი. კოლოფში კიდევ იყო ოთხი ღერი. ორი მოვწიე. მეორე ორი დილისთვის შემოვინახე. ბოლოს ძილმა დამძალა.
დღე მეორე ან მერამდენიღაცე
ცურვა არ ვიცი, 9 წელია ზღვაზე დავდივარ, მაგრამ ვერაფრით ვისწავლე. მკერდამდე შევდივარ, მერე ფეხებს ვკეცავ და ვცდილობ თავიც დავისველო. შიგადაშიგ წყალიც მეყლაპება. მიყვარს ზღვა, ოღონდ მაშინებს. ფეხქვეშ მიწას უნდა ვგრძნობდე. გოგოები მზეზე იხრუკებიან. წყლიდან არ ამოვდივარ. კეთილგონიერება მიბიძგებს მოვუწოდო სახლში წასვლისკენ, მაგრამ არავინ მისმენს. ისევ მკერდამდე წყალში ვდგევარ. ვცდილობ არ დავიხრჩო. მშია, მაგრამ შევჭამ თუ არა 15 წუთში ისევ მომშივდება, ამიტომ ყურადღებას აღარ ვაქცევ. ზღვაზე სულ ასე მემართება. შემიძლია 15 წუთში ერთხელ ვჭამო და მაინც სულ მშია. სახლში ვბრუნდებით. შხაპის შემდეგ ვიძინებ. მეგობრები კარტს თამაშობენ. მე ოთახში ვწევარ, თითქოს მეძინება, მაგრამ ვერც ვიძინებ. მარტო ვარ, არადა მეშინია. საღამოს ისევ კლუბში მივდივართ. დაცვა საგულდაგულოდ მჩხრეკს. ქუდს მახდევინებენ. ხელში მოგრძო საგანი მოხვდა, კალამი ამოვიღე. ჩამიშვეს. კვლავ მაგიდასთან ვზივარ. იგივე სურათი, ისევ მარტოობას ვგრძნობ და მოვიწყინე.
დღე მესამე ან მერამდენიღაცე
კვლავ პლაჟზე ვართ, კვლავ მკერდამდე წყალში ვდგევარ, გოგოები ისევ იწვებიან. საღამოს კონცერტზე მივდივართ. ცუდად გავხდი, გული მჩხვლეტს, ჰაერი არ მყოფნის და თავი მეთიშება. სახლში გვიწევს დაბრუნება. ჩემი ცოლი გაიბუტა, ჩემი ავადმყოფობის გამო პლაჟზე ვეღარ გავათენებთ როგორც დავგეგმეთ. საშინელებაა ასე ყოფნა. ღამე უნებურად ვტირივარ. ის მეხუტება და მირიგდება. ალბათ ვეცოდები, თუმცა ეს უარესად მხდის. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ-მეთქი, საკუთარ თავს ვეუბნები და ვიძინებ. მგონი ამის მეც აღარ მჯერა.დღე მეოთხე ან მერამდენიღაცე
ღამე გაწვიმდა. კონცერტზე მაინც წავედით. ისევ ცუდად გავხდი, მაგრამ არაფერი მითქვამს. სულ რომ მოვმკვდარიყავი, პლაჟზე უნდა გამეთენებინა, პირობა მივეცი საკუთარ თავს. ღამე კარვებით ჩამოსულ ხალხთან ერთად გავათიეთ. შეგვცივდა. ბოლოს როგორც იქნა ვიშოვეთ ტრანსპორტი და დავბრუნდით სახლში. ტკბილად მეძინა, მაგრამ სამსახურიდან დამირეკეს. ვეღარ დავიძინე. მარტო დავბოდიალობდი ეზოში.დღე მეხუთე ან მერამდენიღაცე
ფული პრაქტიკულად გაგვითავდა. წვიმიანი ამინდები აუყვა ერთმანეთს. მთელ დღეს სახლში ვატარებდით. მზეს ველოდებოდით, მაგრამ არსად ჩანდა. სახლში ჯდომა აუტანელი იყო. ბანკომატთან გასვლა მოვიმიზეზე, ფულს ველოდები-მეთქი, თუმცა კარგად ვიცოდი 25 თეთრის მეტი ანგარიშზე არაფერი იქნებოდა. ხალხი მაშტერდებოდა, ვიგრძენი უცხოპლანეტელივით გამოვიყურებოდი, მაგრამ ამას მიჩვეული ვარ. სამი კვარტალი გავიარე და მართლა ბანკომატთან აღმოვჩნდი. გადასარევად ვიცოდი არაფერი მებადა, მაგრამ საკუთარი ტყუილი დავიჯერე. გულისფანცქალით ველოდი როდის გამოჩნდებოდა ეკრანზე თანხა, მაგრამ იქ კვლავ 25 თეთრი იყო. გამეცინა, ეს ხომ ისედაც ვიცოდი. ცოტა გავნაწყენდი ღმერთზე, ამდენი უსარგებლო სასწაული ხდება, რატომ არ შეიძლება პატარა ფინანსური სასწაული მოხდეს ჩემ ცხოვრებაში? ვიცი, ეს არასოდეს მოხდება. ისევ მშიოდა. გარშემო რესტორნებს მიჰქონდა იქაურობა. ისეთი საშინელი მუსიკა იყო ჩართული ყველგან, ფული რომც მქონოდა, იქ მაინც ვერ შევჭამდი. სახლში დავბრუნდი. მოწყენილობა გამეფებულიყო. შიმშილზე მეტად უსიგარეტობა მაწუხებდა.
დღე მეექვსე ან მერამდენიღაცე
რატომღაც მზიანი დღე გათენდა. შეიძლება სამდღიანი გადაუღებელი წვიმების შემდეგ ესეც სასწაულად ჩაგვეთვალა. სასტუმროს ფული აღარ გვქონდა. პლაჟზე უნდა დაგვეძინა. ცოტა რომანტიულად შევხედეთ ამ საკითხს მე და ჩემმა ცოლმა და მზე რომ ჩაესვენა ჰორიზონტზე, პირსახოცები პირდაპირ პლაჟზე გავშალეთ. სექსის წამოწყებაც ვცადეთ ორჯერ, მაგრამ ორჯერვე თავზე წამოგვადგნენ. მესამედ უბრალოდ აღარ ამიდგა. რაღას ვიზამდით, პლაჟზე სექსის შესაძლებლობა მომდევნო წლამდე აღარ გვექნებოდა, თუმცა ამაზე არ მიდარდია. მერე რა თუ მომავალ წელს მე შეიძლება სხვა ცოლი მყოლოდა, მას კი ახალი ქმარი. დავიძინეთ.
დღე მეშვიდე ან მერამდენიღაცე
დღე მეშვიდე უჩვეულოდ გათენდა. არა, მხოლოდ ჩვენთვის არა, ყველასთვის, ვინც ამ დროს ცოცხალი იყო და ჰქონდა მოვლენათა სწორი ან თუნდაც არასწორი, მაგრამ რაიმენაირი აღქმის უნარი. მოდით სუბიექტურ განცდებს აღარ აღვწერ და უბრალოდ გეტყვით, რომ დილით ზღვა აღარ დაგვხვდა იქ, სადაც მანამდე იყო. აი ასე, თვალი გავახილეთ და ზღვის ადგილას დავინახეთ ქვიშითა და კენჭებით აღსავსე დიდი ღრმული, რომელიც ჩვენგან ათიოდე მეტრში იწყებოდა და სადღაც სხვა ქვეყანაში მთავრდებოდა. მეცნიერებმა დიდხანს იკვლიეს საკითხი. უამრავი ვერსია არსებობდა, მაგრამ ვერც ერთის დამტკიცება ვერ მოხერხდა. საქმე იმაში იყო, რომ წყლის დონეს არც ერთ ზღვასა თუ ოკეანეში არ მოუმატია, აორთქლება გამორიცხული იყო, რადგან ფსკერზე ვერანაირი მინერალი ვერ იპოვეს, რაც აორთქლების შემთხვევაში აუცილებლად დარჩებოდა, არც ატმოსფერული ნალექების რაოდენობას მოუმატია მკვეთრად. მიწაში გაჟონვაც არ დადასტურდა. ბოლოს მეცნიერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მეცნიერება უძლური იყო აეხსნა ეს მოვლენა. მათ ყველა საჭირო მონაცემი დააკონსერვეს, რაც შეიძლება მომავლის მკვლევარებს გამოსდგომოდათ. ბურთი და მოედანი სასულიერო პირებს დარჩათ, რომლებიც ერთდროულად ორ რამეს ამტკიცებდნენ: რომ ეს იყო უფლის სასწაული და რომ ზღვა ამერიკელებმა და სოროსმა მოიპარეს. და მაინც ყველაზე მოგებული ოპოზიციურად განწყობილი პოლიტელიტა დარჩა, რომლებმაც შეძლეს ხალხის დარწმუნება, რომ ზღვა მთავრობამ ამერიკელებს და სოროსს მიჰყიდა. შედეგად პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში დახვრიტეს, ხალხს კი კვლავ ჯეროდა უფლის სასწაულის, ამერიკელების და ჯორჯ სოროსის. მე და ჩემი ცოლი კი უკვე მესამედ ვაკეთებდით… რემონტს.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
მალხაზ ხარბედია – მიშელ უელბეკის “პლატფორმა” ქართულად
ცოტა ხნის წინ, თანამედროვეობის ყველაზე დაუმორჩილებელი მწერლის, მიშელ უელბეკის წიგნების ქართულ თაროს კიდევ ერთი გამოცემა შეემატა. ჟორჟ ეკიზაშვილის მიერ თარგმნილი “ბრძოლის ველის განვრცობისა” და “ელემენტარული ნაწილაკების” შემდეგ, “ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის ხელშეწყობით” მწერლის სკანდალურად ცნობილი წიგნი, “პლატფორმა” გამოვიდა. წიგნი ირმა ტაველიძემ თარგმნა.
[მუსიკა] ეს მიშელ უელბეკის ხმაა, ფრაგმენტი სიმღერიდან, რომელიც მის 2000 წელს გამოსულ ალბომშია შესული. ტრადიციული ფრანგული შანსონური რეჩიტაცია, კლასიკური თემები, შეგემებული უელბეკის ცხარე საკმაზით. მიშელ უელბეკი ამ ალბომზე და რომან “პლატფორმაზე” ერთდროულად მუშაობდა. ეს მის შემოქედებაში ალბათ უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო, როცა იგი ლამის წინასწარმეტყველად მოგვევლინა, 11 სექტემბრის ნიუ-იორკული ჯოჯოხეთის პროფეტად.
წიგნმა, შეიძლება ითქვას, ახალი, XXI საუკუნე დაიწყო და იგი დასავლური საზოგადოების ერთგვარ დიაგნოზს წარმოადგენს, და შესაბამისად “პლატფორმა” ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო უნდა იყოს. წიგნის მთარგმნელი, მწერალი ირმა ტაველიძე გვეუბნება: “წიგნი მნიშვნელოვანი იქნება ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს არის ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი, ჩემი აზრით და ვფიქრობ ასევე ყველაზე კარგი წიგნი, რაც უელბეკს დაუწერია. საინტერესოა, რადგან ძალიან პირდაპირი და გულწრფელი წიგნია, ავტორი ძალიან კარგად გრძნობს საზოგადოების განწყობას და იმას, თუ რა იქნება აქტუალური, რაზე წამოეგება საზოგადოება”.
მთავარი გმირი ფრანგია, 40 წლის ჩინოვნიკი, კულტურის სამინისტროს თანამშრომელი, აი ისეთი ტიპია, შვებულების დროს თავი ახალგაზრდად რომ მოაქვს ხოლმე. იგი მამის გარდაცვალების შემდეგ მოზრდილ მემკვიდრეობას მიიღებს და მაშინვე აღმოსავლეთში გაემგზავრება დასასვენებლად. მიშელი (ასე ჰქვია პერსონაჟს) ვერ იტანს არაბებს, ჩინელებს, ადამიანების უფლებებზე განუწყვეტლივ ლაყბობას, საბაზრო ეკონომიკას, ეკოლოგებს, ამერიკელებს, ბავშვებს. ხანდახან ჯგუფ “Radiohead”-ის მაისურით გვევლინება, საერთოდ კი ორად-ორი პიჯაკი აბადია და რამდენიმე ათეული წიგნი. იგი ვერ იხსენებს თუ როგორი იყო თხუთმეტი, ოცი ან ოცდაათი წლისა და საერთოდაც, ადამიანური უნიკალობის იდეა მხოლოდ მაღალფარდოვან სისულელედ მიაჩნია.
მთელი ცხოვრება უხერხულად გრძნობდა თავს, სათქმელი არაფერი ჰქონდა, საუბრის გაბმაც კი არ შეეძლო და არც ცეკვა იცოდა, ამიტომაც გალოთდა. ალკოჰოლი მას ამხნევებდა და ეხმარებოდა. მიშელს ქათმის დაკვლაც კი არ შეუძლია, სამაგიეროდ სიამოვნებით დაახლიდა რომელიმე მაზალო ტიპს ტყვიას. რომანის ბოლოსკენ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ იგი საერთოდ ყველანაირ სურვილს კარგავს, გული ერევა ინტელექტუალურ საუბრებზე, უქრება სამყაროს ახსნისა თუ შეცნობის სურვილი, გაურბის ადამიანებს.
ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ერთი შეხედვით ფრანგული ეკზისტენციალური თაიგულია, თუმცა რომანის გაცნობის შემდეგ სულ სხვა შთაბეჭდილება დარჩება მკითხველს. ესაა სიამოვნების, სიცოცხლის მაძიებელი კაცის ისტორია, რომელიც თავით ეშვება ვნებებში, ოღონდაც მიაკვლიოს იმ ნამდვილს, რასაც მხოლოდ სექსით თუ შეიგრძნობს დასავლელი ადამიანი. ეს წიგნი ერთი მხრივ ანტიდასავლურიცაა და ანტიისლამურიც. ამგვარი სიმწვავის გამო მწერალს სერიოზული პრობლემები შეექმნა.
უელბეკი ნარცისიზმით შეპყრობილ ევროპელებს (ან ზოგადად, დასავლელებს) გულისხმობს, რომლებიც წარმატების კულტის მსახურებაში არიან დანთქმულნი და საკუთარი ერთად-ერთობითა და განუმეორელობით გატაცებულები ერთმანეთთან დაწოლასაც ვეღარ ახერხებენ, სექსი კვდება, ვნება ქრება ადამიანებს შორის. სხვისთვის სიამოვნების მინიჭება, სიამოვნების უანგაროდ გაღება, საკუთარი სხეულის დათმობა ევროპელებს აღარ შეუძლიათ და რომანის ბოლოს დასკვნასავით ჟღერს: “ბოლომდე ევროპის შვილად – შფოთვისა და სირცხვილის ნაშიერად დავრჩები. საიმედოს ვერაფერს ვიტყვი. დასავლეთის მიმართ სიძულვილს არ განვიცდი, უბრალოდ, უზარმაზარ ზიზღს ვგრძნობ. ერთი კი ვიცი: ისეთები, როგორებიც ვართ, ეგოიზმის, მაზოხიზმისა და სიკვდილის სუნით ვყარვართ. ჩვენ ისეთი სისტემა შევქმენით, რომელში ცხოვრებაც, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში მის ექსპორტს მაინც ჯიუტად ვაგრძელებთ”.
მთავარი გმირი გაკვირვებულია, “ნეტა ვის მოუვიდა თავში, რომ საფრანგეთი გარყვნილებისა და თავისუფალი სიყვარულის ქვეყნად გამოეცხადებინათო”, მისი აზრით, ამ ქვეყანაში ყოველთვის საშინელი მოწყენილობა და ბიუროკრატიზმი მეფობდა.
“პლატფორმა” ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა, ამბავი მოპოვებული და დაკარგული სამოთხის შესახებ, ნამდვილ სიყვარულზე, რომელსაც ტერორისტული აქტი ასრულებს. მანამდე კი შეყვარებული წყვილი სექს-ტურიზმის აყვავებაზე ოცნებობს, ცდილობენ დასავლეთს ის შესთავაზონ, რაც მან დაკარგა. როგორც ერთი რეცენზენტი წერდა: “მდიდარ დასავლეთს დიდი ფული აქვს, სამაგიეროდ ღარიბ სამხრეთს და აღმოსავლეთს არა აქვს “გაუცხოების” კატეგორია, ფსიქოანალიზი და ფემინიზმი”.
უელბეკის ნაწერები უცნაური იუმორით ხასიათდება. მაგალითად, რომანში ერთი ეპიზოდია, როდესაც სექს-ტურისტული გეგმების განხილვისას სლოგანის მოფიქრებას ცდილობენ და უეცრად მთხრობელს ბოდლერის სტრიქონები ახსენდება: “ნელსურნელებით აქოთებული შიშველ-ტიტველი მონების გუნდი…”. ცხადია სლოგანს არ დაამტკიცებენ პოლიტკორექტულობის გამო.
ირმა ტაველიძემ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ “პლატფორმაში” დაკვირვებული მკითხველი ადვილად გაარჩევს უელბეკი “როდის თამაშობს ან როდის არის ნაკლებად სერიოზული. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს და განსაკუთრებით ამ რომანის, “პლატფორმის” პირველ ნაწილში ეს კარგად იგრძნობა. და თვითონაც ამბობს შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ როდესაც ჩემთან მოვიდნენ გერმანელი ჟურნალისტები და შეკითხვები დამისვეს, მივხვდი, რომ მე თურმე სერიოზულიც ვყოფილვარო. აქ ყველაფერი ბოლომდე სერიოზულიც არ არის, როცა იგი ამბობს, რომ ბავშვები სძულს, როცა ჩინელებზე ლაპარაკობს, ეს უფრო საზოგადოების აგდებისთვის ხდება და ვფიქრობ, რომ ეს გამართლებულია”.
უელბეკის პროზის კიდევ ერთი საინტერესო თვისებაა პორნოგრაფიისა და სენტიმენტალიზმის შეზავება, რომელსაც ხშირად მეცნიერული კომენტარებიც ახლავს ხოლმე თან. კლასიკური დასავლურ რომანში ეს ნიშნები ყოველთვის იყო, თუმცა უელბეკთან ამ შეხამებებმა ზღვარს მიაღწია. თუკი “ელემენტარულ ნაწილაკებში” მწერალი ბიოლოგიას მიმართავდა, აქ იგი უფრო სოციალური მეცნიერებებით ერთობა და ერთ მონაკვეთში სულაც დეტალურად გვიხასიათებს სხვადასხვა მოდელს. იგი ყველა ფრუსტრაციას სოციოლოგიური მიზეზებით ხსნის და რომანის მთელი მეორე ნაწილი, არსებითად სექსუალური ცხოვრების ოპტიმიზაციის სამოქმედო პროგრამად იქცევა.
ამის მიუხედავად, უელბეკის ნაწარმოები არაფერს აგებს მხატვრული თვალსაზრისით, პირიქით იგი თანამედროვე რომანის განვითარების ერთ-ერთ შესაძლო გზას გვაჩვენებს. -
უმბერტო ეკო – კალიგრაფიის დაკარგული ხელოვნება







