• ესე

    ნოდარ კაკაბაძე – ბიბლიოფილის ჩანაწერები

    ბიბლიოფილის ჩანაწერები
    ნოდარ კაკაბაძე
    “Habent sua fata libelli” ანუ ერთი წიგნის თავგადასავალი

    1993 წლის შემოდგომაზე მივლინებაში ვიმყოფებოდი შუასაუკუნეობრივი ლამაზი პატარა გერმანული ქალაქის – ბამბერგის (ბავარია-ზემო ფრანკონია) უნივერსიტეტში. 15 გიორგობისთვეს უნივერსიტეტში ყოფნისას მითხრეს, ვისაც მოხუცებული კაცი გკითხულობსო; ადგილობრივი გაზეთის მეშვეობით შეეტყო, რომ ამჟამად ბამბერგში უნივერსიტეტის სტუმარი ყოფილა ვიღაც ქართველი. უცნობი 83 წლის ვერნერ პეტრატი აღმოჩნდა, რომელმაც მაჩუქა გრიგოლ რობაქიძის რომანის – “გველის პერანგის” გერმანული თარგმანი, 30-იან წლებში ბერლინის ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში რომ შეუძენია. ჩემთვის ეს თავისთავად უკვე საინტერესო იყო, მაგრამ ინტერესს ზრდიდა დამატებითი გარემოება: ეს წიგნი ბერლინში 1931 წლის 24 ივნისს წარწერით უჩუქებია თვითონ გრიგოლ რობაქიძეს ერთ დროს საკმაოდ ცნობილი გერმანულენოვანი ებრაული ჩამომავლობის ავსტრიელი მწერლისათვის – ვილი ჰააზისათვის: “ბატონ ვილი ჰააზს გულითადად გრიგოლ რობაქიძე”. ისიც საინტერესოა, რომ, ამის გარდა, გრიგოლ რობაქიძეს იმავე გვერდზე რატომღაც ქართულად წაუწერია ნაწყვეტი თავისივე ლექსიდან “დოგის სიკვდილი”. რა კავშირი აქვს ამ ლექსს ვილი ჰააზთან, ჩემთვის გაუგებარია. აი, ეს ნაწყვეტიც:
    თუჯურ ახვეწილ და გაშვეტილ ასპიდის ტანზე
    მზე დინგიანი გილოკავდა ჭრელთვალა ხალებს,
    გავარდებოდი არქენილი ტორებით განზე:
    ცხელი კუნთებით არეკილით თასმავდი ალებს:
    შენი თვალები, – გადაჰკრავდა სხვაფერი თვითოს:
    ჟღალი და ლუში დამუქული ეგვიპტის ქვები –
    შენი თვალები გახელებით იჭერდნენ ხვითოს:
    გველი რომ ესვრის ყვითელ ალმურს ჯავარი რქებით.
    (ლექსიდან “დოგის სიკვდილი”)
    გრიგოლ რობაქიძე
    ბერლინი
    24.7.1931.

    ახლა ორიოდ სიტყვით: ვინ იყო ვილი ჰააზი?
    ვილი ჰააზი (ფსევდონიმი კალიბანი) დაიბადა 1891 წლის 7 ივნისს პრაღაში (გარდაიცვალა 1973 წლის 4 სექტემბერს ჰამბურგში).
    იგი მიეკუთვნებოდა პრაღელ ლიტერატორთა წრეს, რომელშიც შედიოდნენ განთქმული და მნიშვნელოვანი მწერლები: ფრანც ვერფელი (ექსპრესიონისტი მწერალი, პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი); XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემოქმედი. სხვათა შორის, მას ეკუთვნის რომანი “მუსა დალის ორმოცი დღე” I მსოფლიო ომის დროს თურქთა მიერ სომხების გენოციდზე; საინტერესოა ვერფელის რომანი “ვერდი”, რომელშიც იტალიელ კომპოზიტორს უპირისპირდება მისი ანტიპოდი რიჰარდ ვაგნერი. ალბათ, ვერფელის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია რომანი – “დაუბადებელთა ვარსკვლავი”. ქართულ სცენაზე 1925 წელს წარმოადგინეს ვერფელის პიესა “შპიგელმენშ” (“კაცი სარკიდან”); შემდეგ: ფრანც კაფკა; მაქს ბროდი (ეს ის მწერალი ბროდია, რომელსაც კაფკამ ანდერძად დაუტოვა ყველა გამოუქვეყნებელი კაფკასეული ნაწარმოების განადგურება, მაგრამ ბროდმა კაცობრიობისდა საბედნიეროდ არ შეუსრულა მეგობარს თხოვნა და მსოფლიოს გადაურჩინა გენიალური პროზაიკოსი!). ამავე წრეში შედიოდა პაულ კორნფელდი, ამ მწერალთა შორის შედარებით უცნობი (ყოველ შემთხვევაში ჩვენში) ექსპრესიონისტი ლიტერატორი. იგი 1941 წელს ლოძში ნაცისტებმა მოკლეს საკონცენტრაციო ბანაკში.
    აღსანიშნავია, რომ ესენი ყველანი ებრაული ჩამომავლობის გერმანულენოვანი პრაღელი მწერლები იყვნენ.
    ვილი ჰააზი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძემ 1931 წელს აჩუქა თავისი “გველის პერანგი”, ცნობილი იყო, როგორც მკვლევრები და მისი ბიოგრაფები აღნიშნავენ, ფენომენალური ნაკითხობით, ლიტერატურული განათლებისა და ბასრი კრიტიკული ალღოთი; როლფ იტალია ანდერმა, ჰოლანდიურ-გერმანული ჩამომავლობის მწერალმა, კულტურის ისტორიკოსმა, გერმანისტმა, ესეისტმა ვილი ჰააზს უწოდა “თავისი დროის მთელი ლიტერატურული სამყაროს მწყემსთმთავარი”.
    და რაც მთავარია, და მე ვფიქრობ, ამითაა ვილი ჰააზი უპირატესად გერმანული ლიტერატურის მოყვარულთათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი: 1939 წელს მილენა იესენსკამ – ფრანც კაფკას ერთ-ერთმა შეყვარებულმა, ვილი ჰააზს მთლიანად აჩუქა კაფკას ამ ქალისადმი გაგზავნილი ყველა წერილი და ეს წერილები ჰააზმა ცალკე წიგნად გამოაქვეყნა. ამ ეპისტოლარული ბარათების კრებულის გარეშე კაფკას ბიოგრაფიაში საგრძნობი ხარვეზი დარჩებოდა შეუვსებელი: ჩვენ არ გვექნებოდა ძვირფასი წყარო კაფკას ბიოგრაფიისა; ფრანც კაფკა “წერილები მილენასადმი”…
    … 1933 წელს, ე.ი. 2 წლის შემდეგ რობაქიძის წიგნის გაცნობიდან, ვილი ჰააზი იძულებული გახდა ანტიფაშისტურ ემიგრაციაში გაქცეულიყო – იმ გაწამაწიასა და არეულობაში, როგორც ჩანს, თავისი ბიბლიოთეკა მიმოებნა. თუ როგორ აღმოჩნდა გრიგოლ რობაქიძის მიერ ნაჩუქარი “გველის პერანგი” ბერლინის ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში, უცნობია, სადაც ეს წიგნი 30-იან წლებში შეუძენია საბოლოოდ ბამბერგში დასახლებულ ვერნერ პეტრატს. ამ წიგნის თავგადასავლის “ფინალი” ჩემი წერილის დასაწყისში აღვწერე. ახლა ეს წიგნი ჩემს პირად ბიბლიოთეკაშია.
    მართლაც, წიგნებსაც აქვთ თავიანთი ბედი: Habent sua fata libelli! არის კი ეს ამ წიგნის თავგადასავლის ბოლო! იქნებ, ჩემ მერე იგი სულ სხვაგან აღმოჩნდეს, რადგან ჩემს სიახლოვეს მე ვერ ვგრძნობ მისით ძლიერ დაინტერესებას.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    ზურაბ კიკნაძე – ქართული ხალხური ეპოსი

    მიქელ ირემაძე

    “ვის გინდათ ქალი ეთერი?..”

    ზურაბ კიკნაძე. ქართული ხალხური ეპოსი. თბილისი. “ლოგოს პრესი”, 2001.

    ზურაბ კიკნაძის მდგომარეობა ერთი ფრაზით ასე შეიძლება დახასიათდეს: ჭვრეტა მეცნიერებისა და ხელოვნების საზღვრიდან. აკადემიური მეცნიერება (რომლის მონაცემებსა და მეთოდებს ავტორი სრულყოფილად ფლობს) მის შრომებში უცნაურად იცვლის სახეს, რადგან აქ ესთეტიკური მოთხოვნები და ინტუიცია სამეცნიერო კვლევის ელემენტად არის ქცეული, ხოლო აკადემიური მეთოდების “ობიექტურობა” (სინამდვილეში მხოლოდ მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ილუზია ობიექტურობისა) შეუნიღბავი სუბიექტურობით აღბეჭდილი თვალთახედვის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილამდეა “ჩამოქვეითებული”. “იქნებ მეცნიერულობა მხოლოდ პესიმიზმით გამოწვეული შიში და ფანდია – დახვეწილი თავდაცვა ჭეშმარიტებისგან?” – სწორედ ობიექტურობის პრეტენზიას ესხმოდა თავს ნიცშე.
    არსებითად, “ქართული ხალხური ეპოსი” – ეს არის ესეები სამი უმნიშვნელოვანესი ფოლკლორული ქმნილების – “ამირანიანის”, “ეთერიანისა” და “არსენას ლექსის” – შესახებ. “კოორდინატთა სისტემას” (ან, თუ გნებავთ, ერთგვარ “ანატომიურ მაგიდას”), რომელზეც ნაწარმოებთა განხილვა, მათი სტრუქტურის, “ხერხემლის” “ახლოით განჩხრეკა” ხდება, ქმნის თანამედროვე ფილოსოფიური პრობლემატიკა. ესეც უჩვეულო მოვლენაა ფოლკლორისტიკისთვის, რომელიც, ძირითადად, ზეპირსიტყვიერებაში “უძველესი” რწმენა-წარმოდგენების აღმოჩენით, ან, უკეთეს შემთხვევაში, ხალხური შემოქმედების ტიპიური ნიშნების გამოყოფით არის დაკავებული.
    ზ. კიკნაძის კვლევის საგანი კი ერთდროულად “ფილოსოფიურიც” არის – როგორ წარმოგვიდგება ყოფიერების საზრისი ხალხურ მსოფლხედვაში – და “მეცნიერულიც” – რა სტრუქტურულ სქემას, რა აუცილებელ შინაარსობლივ “ბუდეებსა” თუ “ტეხილებს” ქმნის იგი (ხალხურ ცნობიერებაში არეკლილი სიცოცხლის საზრისი) ეპიკურ ნაწარმოებში.
    ამ კვლევამ ავტორი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ხალხური მსოფლმხედველობა – ჩვენს შემთხვევაში, ეპიკური აზროვნების ხალხური წესი – აყალიბებს საკმაოდ მკაფიო და მყარ სიუჟეტურ სტრუქტურას; ეს სტრუქტურა შედგება აუცილებელი საყრდენი ეპიზოდებისგან – “ზღურბლებისგან”, რომლებიც ეპოსის გმირმა უნდა გადალახოს.
    საჭირო იყო მკვლევრის უმახვილესი მზერა, რათა ერთი მხრივ მითოლოგიური (“ამირანიანი”) და მეორე მხრივ ისტორიული (“არსენას ლექსი”) ცნობიერების წიაღში შობილ ნაწარმოებთა ცა და მიწასავით განსხვავებული ხორციელი სამოსის (თხრობის ხასიათისა და ხერხების, მხატვრული სახეების) წიაღ დაენახა მოულოდნელად მსგავსი “ჩონჩხი” – ანალოგიური ფუნქციის მქონე ეპიზოდთა თანმიმდევრობა და, თუნდაც, გველეშაპის სტომაქიდან ამირანის თავდახსნისა და აბანოდან არსენას გამოპარვის შესატყვისობა დაედგინა.
    ამ მზერამ რენტგენის სხივების უტყუარობით იმუშავა და სავსებით უეჭველი გახადა შესავალში გამოთქმული არცთუ ადვილად მისაგნებ-დასასაბუთებელი თვალსაზრისი: “ამირანი მითოლოგიურ სამყაროში მოქმედი პერსონაჟია, რომლის ასპარეზი საკაცობრიოა. არსენა კი რეალური პიროვნებაა, მასზე შეთხზული “შაირსიტყვების” თანამედროვე, მაგრამ რაც უნდა სხვაობდეს მათი “სკნელები”, მათ შორის არსებითი მსგავსებაა… ასეც შეგვეძლო გვეთქვა: “ამირანიანი” და “არსენას ლექსი” ერთ ეპიკურ, მაგრამ სხვადასხვა სიღრმის დინებას ეკუთვნიან; “მას ჟამს”, მაგრამ არ ვიცით, როდის გაჭრილ კალაპოტში მიედინებიან. მსგავსება სიღრმისეულია, განსხვავება – ეპოქალური” (ე.ი. ჟამისმიერი – ზ.კვ.).
    აქვე უნდა ითქვას: არა მხოლოდ ხალხური ეპოსის, ქართული კულტურის ფუნდამენტურ პრობლემათა გააზრებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია აგრეთვე დასკვნა, რომ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან სამოქალაქო-პატრიოტულ პოეზიაში დამორჩილებული საქართველოს სიმბოლოდ დამკვიდრებული მიჯაჭვული ამირანი მთლიანად არის მოწყვეტილი თავის წყაროს – ხალხური ეპოსის დევების წინააღმდეგ მებრძოლ გმირს, რომელიც გაამპარტავნებამ თვითონ აქცია ისეთ ავსულად, რომლის ერთადერთი სამართლიანი ხვედრი მიჯაჭვაა. და რომ ხალხური ცნობიერებისთვის ღვთის წინააღმდეგ გალაშქრება ერთნიშნა ბოროტებაა, იმ ამბოხების მსგავსი, რომელმაც რჩეული ანგელოზი სატანად აქცია. არადა ჩვენს ჰუმანიტარულ მეცნიერებაში (ცხადია, ფოლკლორისტიკაშიც) კვლევის საგნად იქცა სწორედ პატრიოტული ლირიკის “ოპტიკიდან დანახული” ამირანი, რამაც უამრავი შეუსაბამობა დაბადა – უწინარეს ყოვლისა კი ამირანის ზომაგადასული დაახლოება და ლამის გაიგივება პრომეთესთან, გაუმართლებელი მცდელობა მისი გადაქცევისა, კაცობრიობის პროგრესისთვის მებრძოლ პერსონაჟამდე ისე, რომ საზოგადოდ ეპოსის გმირებისთვის ტიპური მოტივი საცოლის მოტაცებისა, ადამიანთა საკეთილდღეოდ ცეცხლის მოტაცებად იქნა გაგებული. შეიძლება ითქვას, რომ “ქართული ხალხური ეპოსი” ერთ-ერთი პირველი გამოკვლევაა, რომელიც ამირანის ნამდვილ, და არა მეცნიერთა მიერ გამოგონილ, სახეს იკვლევს.

    * * *
    ამავე სტრუქტურულმა ხედვამ აშკარა გახადა მკვლევრისთვის “ეთერიანის” არახალხური წარმომავლობა – ამ ეპიკურ დრამას აქვს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც მის ელიტარულ პირველწყაროს ააშკარავებს: მრავალპერსონაჟიანობა (ფოლკლორში ყოველთვის მხოლოდ ერთი მთავარი გმირია, ყველა სხვას დამხმარე ფუნქცია აკისრია); ამ პერსონაჟების მკაფიო ინდივიდუალობა, არატიპიურობა; ხალხური ეპოსისთვის სრულიად უცხო უმძაფრესი ემოციური ფონი – თვითუარყოფამდე მისული სიყვარული და ა.შ.
    ასე რომ, დამაჯერებლად გამოიყურება ვარაუდი – “ეთერიანი” თავდაპირველად ლიტერატურული ნაწარმოები უნდა ყოფილიყო (ალბათ, თამარის ეპოქაში შექმნილი), რომელმაც ჩვენამდე მხოლოდ გახალხურებული ფორმით მოაღწიაო. ხალხური თხრობის სტიქიამ მას ძირეულად უცვალა სახე: მთელი პირველი ნაწილი გარდაქმნა რამდენიმე განსხვავებულსიუჟეტიან ვარიანტად ჩამოყალიბებულ ზღაპრად და უკლებლივ ყველა ვარიანტი მიიყვანა აბესალომისა და ეთერის ქორწილამდე – ზღაპრების ყველაზე ბუნებრივ დასასრულამდე, რის შემდეგაც საყოველთაო ბედნიერებისა და მარადიული სიხარულის ჟამი უნდა დამდგარიყო. მაგრამ სწორედ ამ დროს შემოიჭრა ლიტერატურული თავწყაროდან თხრობაში მურმანი – ერთ-ერთი ყველაზე აუხსნელი პერსონაჟი, არა მხოლოდ ქართული, შეიძლება ითქვას, მსოფლიო სიტყვიერებისა და ზღაპარი ობოლი გოგოსა და უფლისწულის ქორწინებისა, ან თუ გნებავთ, პოემა ბედისწერის რჩეული ქალ-ვაჟის სიყვარულისა (ერთ ვარიანტში ხომ მათ თვით ქრისტე ღმერთი დაადგამს თავზე გვირგვინებს!) გადააქცია გაუგებარი, აბსურდული, შეიძლება ითქვას, სამყაროული ჰარმონიის დამანგრეველი ღალატისა და ბოროტის ძლევამოსილების ტრაგედიად.
    თუ “ეთერიანი” ნამდვილად გახალხურებული ლიტერატურული ნაწარმოებია (ხოლო ამ დაშვების გარეშე ამგვარი თხრობითი სტრუქტურის წარმოქმნა ძნელი წარმოსადგენია), ერთგვარ ნუგეშად და “სამართლიანობის აღდგენად” შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ზაქარია ფალიაშვილის მეშვეობით იგი “ელიტარულ წიაღს” დაუბრუნდა – ოპერად გარდაიქმნა.
    თუმცაღა, ჟანრიდან ჟანრში მოგზაურობამ უცნაური დაღით აღბეჭდა ნაწარმოები. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურულ პირველწყაროში აბესალომის საქციელი, ფსიქოლოგიურად თუ არა (ეს კლასიკურ ხანაში არ არის მოსალოდნელი), მსოფლმხედველობრივად მაინც იქნებოდა განმარტებული. ხალხურ წიაღში გადასვლამ, ბუნებრივია, უწინარეს ყოვლისა, სწორედ ეს მსოფლმხედველობრივი საფუძველი გაანადგურა, მაგრამ მას ვერც საკუთარი, ხალხური სოფლხედვა ჩაუნაცვლა ორგანულად და დარჩა უცნაური, არამოტივირებული, მიუტევებელი უსუსურობა მთავარი გმირისა, ქმრის მიერ ქორწილის დღეს გასასხვისებლად გამოყვანილი უსაყვარლესი ცოლი, რომელთან განშორების დარდმაც მას სულ მალე მოუსწრაფა სიცოცხლე. და ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული საოპერო ფრაზა – აბესალომის სასოწარკვეთილი ქვითინი: “ვის გინდათ ქალი ეთერი, თავს ოქროგვირგვინოსანი?..”

    * * *
    განსაზღვრება “კლასიკური”, ნაწარმოების დიდი აზრობრივი თუ ესთეტიკური ღირსებების აღიარებასთან ერთად, უძრაობის გარკვეული ნიუანსის შემცველიც არის და გულისხმობს რაღაც ისეთს, რის მიმართ მყარად ჩამოყალიბდა მოწიწებული დამოკიდებულება, რაც ნაკლებად აღძრავს დიალოგის გამართვის, ზოგან ავტორის თანამებრძოლად გახდომის, ხოლო სხვაგან მძაფრი პოლემიკის დაწყების სურვილს. მოკლედ, კლასიკური არის ის, რამაც განვითარება დაასრულა, რამაც აღფრთოვანებული დამოკიდებულებისა და ძალმოსილების უძრაობაში იწყო გახევება.
    ამ აზრით ზურაბ კიკნაძის მჩქეფარე სიცოცხლით სავსე შრომა კიდევ ძალიან დიდხანს არ გახდება კლასიკური. ვფიქრობ, იგი ავტორთა სულ ახალ-ახალ თაობებს უბიძგებს, არა მხოლოდ ქართულ ხალხურ ეპოსში, ცნობიერების ყველა სფეროში ცოცხალი აზრის ძიებისაკენ.

    © “წიგნები – 24 საათი”