Uncategorized,  პროზა (თარგმანი)

მარგერიტ დიურასი – სიკვდილის სენი

tumblr_la9hmm6DZa1qa7boko1_1280

მარგერიტ დიურასის მცირე ზომის წიგნს, “სიკვდილის სენს”, ხან მოთხრობას უწოდებენ, ხან ნოველას, ხან კი რომანს. წიგნი 1982 წელს გამოვიდა, ორი წლით ადრე მის გახმაურებულ რომანამდე “საყვარელი” (“L’amant”), რომელმაც დიურასს საყოველთაო აღიარება და გონკურის პრემია მოუტანა. მწერლის მარადიული თემები: სიყვარული და სიკვდილი, ბობოქარი ვნებების წყურვილი, ადამიანის მარტოსულობა, სიყვარულის შეუძლებლობა – ამ ნაწარმოებში კვლავაც აქტუალურია. აქაც მკაფიოდ იგრძნობა მისი პროზის განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ჟღერადობა, მისი ფრაზების იდუმალი მუსიკა, სტილის გამჭვირვალობა და სიფაქიზე, რაც ამ უცნაური და ტრაგიკული ბედის ავტორის შემოქმედებას დღესაც მიმზიდველს ხდის.

 ფრაგმენტი  

 ფრანგულიდან თარგმნა გურანდა დათაშვილმა

ხანდახან ოთახში მიდი-მოდიხართ საწოლის ირგვლივ ან კედლების გასწვრივ, ზღვის მხარეს.

ხანდახან ტირით.

ხანდახან ტერასაზე გადიხართ, სადაც აციებას იწყებს.

არ იცით, რას იტევს ამ ქალის ძილი, რომელიც საწოლშია.

გინდათ გაეცალოთ ამ სხეულს, გინდათ დაუბრუნდეთ სხვა სხეულებს, საკუთარ სხეულს, თქვენს თავს და ამავე დროს ტირით იმიტომ, რომ ეს უნდა გააკეთოთ.

 

ქალი ოთახშია, მას სძინავს. არ აღვიძებთ. მწუხარება ავსებს ოთახს მის ძილთან ერთად.  ერთხელ იატაკზე იძინებთ მის ფერხთით.

მას ყოველთვის ერთნაირად მშვიდად სძინავს. ასეთი საამური ძილისგან ხანდახან სახეზე ღიმილი უკრთის. მხოლოდ მაშინ ეღვიძება, როცა თქვენ ეხებით სხეულზე, მკერდზე, თვალებზე. ხანდახან უმიზეზოდაც იღვიძებს, ან იმის საკითხავად, ქარი ხმაურობს თუ ზღვის მოქცევა.

ეღვიძება. თქვენ გიყურებთ. გეუბნებათ: სენი სულ უფრო და უფრო გერევათ, თქვენს თვალებს მოერია, თქვენს ხმასაც.

ეკითხებით: რომელი სენი?

ამბობს, რომ ჯერ არ იცის, რა დაარქვას მას.

 

ღამეს ღამე მოსდევს, მისი წიაღის წყვდიადში შედიხართ, თითქმის ალალბედზე, ბრმად მიჰყვებით ამ გზას. ხანდახან იქ რჩებით, იქ გძინავთ, მასში, მთელი ღამის მანძილზე, რათა მზად იყოთ, თუკი ოდესმე, მისი ან თქვენი მხრიდან რაიმე უნებლიე მოძრაობის გამო, კიდევ ერთხელ მოგესურვათ მისი დაუფლება, აღვსება და ამით, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ცრემლებით დაბრმავებული ნეტარების განცდა.

 

მორჩილი თუ ჯიუტი, ქალი ყოველთვის მზად იქნებოდა.  სწორედ  ამის შესახებ ვერასოდეს ვერაფერს გაიგებთ. იგი უფრო იდუმალია, ვიდრე თქვენთვის აქამდე ცნობილი ყველა გარეგანი სიცხადე.

ვერასოდეს ვერაფერს გაიგებთ, ვერც თქვენ და ვერც ვერავინ, ვერასდროს, თუ როგორია მისი აზრი, რას ფიქრობს სამყაროზე და თქვენზე, თქვენს სხეულზე და თქვენს სულზე, და იმ სენზე, რომლის შესახებაც გითხრათ, რომ მისით ხართ დაავადებული. თვითონაც არ იცის. ვერ შეძლებს თქვენთვის ამის თქმას, მისგან ვერაფერს შეიტყობთ ამის შესახებ.

ვერც თქვენ და ვერც ვერავინ ვერასოდეს გაიგებს, რას ფიქრობს იგი თქვენზე, ამ ისტორიაზე. რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს, რომლებიც თქვენი  არსებობის დავიწყებას გადაფარავს, ამას ვერავინ გაიგებს. თვითონ მასაც არ შეუძლია იცოდეს ეს.

რადგანაც თქვენ მის შესახებ არაფერი იცით, იტყვით, რომ მან არაფერი იცის თქვენზე. ამაზე შეჩერდებით.

ქალი ალბათ მაღალი ტანისაა. მისი გრძელი სხეული ერთბაშად ჩამოსხმულს ჰგავს. თითქოს თვით მამაზეციერს შეექმნას პიროვნული გამოცდილების უტყუარი სრულყოფილებით.

იგი ალბათ მართლაც არავის  ჰგავს.

სხეული სრულიად დაუცველია, თხემით ტერფამდე გლუვი. ის გიხმობს, რომ დაახრჩო, გააუპატიურო, სასტიკად მოეპყრა, შეურაცხყო, ზიზღით დაუყვირო, მძაფრმა, სასიკვდილო ვნებებმა მოგიცვას.

თქვენ მას უცქერთ.

იგი ძალზე თხელია, თითქმის სიფრიფანა. მისი წვივების სილამაზე სხეულისგან ცალკე დგას. სხეულის დანარჩენ ნაწილებს თითქოს არც უკავშირდება.

ეუბნებით: ალბათ ძალიან ლამაზი ხართ.

იგი გპასუხობთ: მე ხომ აქ ვარ, თქვენ წინაშე, შემომხედეთ.

თქვენ ამბობთ: ვერაფერს ვხედავ.

ის გეუბნებათ: ეცადეთ, დაინახოთ. ეს შედის საფასურში, რომელიც გადაიხადეთ.

თქვენ იგი ხელში აგყავთ, მის სხეულს სხვადასხვა მხრიდან უცქერით, ატრიალებთ, კიდევ ატრიალებთ, უყურებთ, ისევ უყურებთ.

თავს ანებებთ.

თავს ანებებთ. მის სხეულს აღარ ეხებით.

 

ამ ღამემდე ვერ ხვდებოდით, როგორ შეიძლებოდა არ გცოდნოდათ ის, რასაც თვალით ხედავ, რასაც ხელით ეხები, რაც სხეულს ეხება. ეს არცოდნა ახლა აღმოაჩინეთ.

თქვენ ამბობთ: ვერაფერს ვხედავ.

იგი არ გპასუხობთ.

მას სძინავს.

თქვენ მას აღვიძებთ. ეკითხებით, არის თუ არა მეძავი. იგი უარის ნიშნად თავს აქნევს.

თქვენ ეკითხებით, რატომ დათანხმდა ღამეების გატარებაზე ფულის სანაცვლოდ.

ის ნამძინარევი, ძლივს გასაგონი ხმით გპასუხობთ: იმიტომ, რომ როგორც კი დამელაპარაკეთ, მივხვდი, რომ სიკვდილის სენით იყავით დაავადებული. პირველ დღეებში სახელს ვერ ვუძებნიდი ამ სენს. მერე კი ეს შევძელი.

თქვენ სთხოვთ, კვლავ გაიმეოროს ეს სიტყვები. იგი იმეორებს: სიკვდილის სენი.

ეკითხებით, საიდან იცის. ამბობს, რომ იცის. ამბობს, რომ ადამიანმა ეს იცის, მაგრამ არ იცის, საიდან.

ეკითხებით: რითაა სიკვდილის სენი მომაკვდინებელი? იგი გპასუხობთ: იმით, რომ ვისაც იგი შეეყრება, მას არ ეცოდინება, რომ სიკვდილის სენს ატარებს. და აგრეთვე იმით, რომ მანამდეც, სიცოცხლეშივეც არ უცხოვრია და ვერც ვერანაირად გააცნობიერებდა, რომ რაიმე ცხოვრებას მოუკვდა…

 

თვალები კვლავაც დახუჭული აქვს. გეგონება, რაღაც საუკუნოვანი  დაღლილობისგან ისვენებს. როცა სძინავს, გავიწყდებათ მისი თვალების ფერი და მისი სახელიც, რომელიც პირველ საღამოს შეარქვით. მერე ხვდებით, რომ თვალების ფერი არ არის ის, რაც სამუდამოდ გადაულახავ ზღვარს ქმნის თქვენსა და მას შორის. არა, თვალების ფერი არა. იცით, რომ იგი მომწვანო-მონაცრისფროა. არა, ფერი კი არა, მზერაა იგი.

მზერა.

ამჩნევთ, რომ იგი გიყურებთ.

ყვირით. ის კედლისკენ ბრუნდება.

ამბობს: ეს დასასრული იქნება, ნუ შეგეშინდებათ.

 

იმდენად მსუბუქია, რომ ერთი ხელით იზიდავთ თქვენკენ. უცქერით.

უცნაურია, ძუძუები ყავისფერი აქვს, კერტები თითქმის შავი. თქვენ მათ ეწაფებით და მის სხეულში არაფერი იძვრის, იგი თქვენს ნებას დაჰყვება. გემორჩილებათ. შეიძლება რაღაც მომენტში იყვიროთ. სხვა დროს ეუბნებით, რომ წარმოთქვას ერთი, ერთადერთი სიტყვა, თქვენი სახელი. თქვენ მას  ამ სიტყვას, თქვენს სახელს ეუბნებით. ის არ გპასუხობთ. ის არ გპასუხობთ. თქვენ ისევ ყვირით. და მაშინ მას ეღიმება. თქვენ ხვდებით, რომ იგი ცოცხალია.

ღიმილი ქრება. მან არ თქვა სახელი.

ისევ უცქერით. მისი სახე ძილის ტყვეობაშია. იგი უტყვია, მას სძინავს, ისევე როგორც მის ხელებს. მაგრამ თქვენი გონება ისევ მის სხეულს დასტრიალებს, მას მთლიანად მოიცავს ისე, რომ ამ სხეულის თითოეული ნაწილი თავადვე მოწმობს მის მთლიანობას, ხელი იქნება ეს თუ თვალები, მუცლის ამობურცულობა თუ სახე, მკერდი თუ ივი, წვივები თუ მკლავები, სუნთქვა, გული, საფეთქლები… საფეთქლები, როგორც დროის ფეთქვა.

 

ტერასაზე ბრუნდებით, რომელიც შავი ფერის ზღვას გადაჰყურებს.

ქვითინი გაწვებათ, რომლის მიზეზიც არ იცით. იგი მზადაა გადმოხეთქოს თქვენი არსებიდან. თითქოს თქვენ გარეთ იყოს, თქვენთან შეერთება არ შეეძლოს, რომ თქვენ  გულამოსკვნით ატირდეთ. სახით შავი ზღვისკენ, იმ ოთახის კედელთან, სადაც მას სძინავს, თქვენს თავს დასტირით, როგორც ვინმე უცნობი.

ოთახში ბრუნდებით. მას სძინავს. თქვენ ვერ ხვდებით. მას შიშველს სძინავს საწოლში, თავის ადგილას. ვერ იგებთ, როგორ შეიძლება, რომ მან არ იცოდეს, როგორ ტიროდით, როგორ შეიძლება იგი თავისთავად დაცული იყოს თქვენგან, ამ ზომამდე  ვერ ხვდებოდეს, რომ ამხელა ადგილს იკავებს მთელ სამყაროში.

მის გვერდით წვებით. ისევ საკუთარ თავს დასტირით.

© “არილი

Facebook Comments Box