პროზა

მარი ბექაური – ადამიანი, რომელმაც წელებზე ფეხი დაიდგა

                 

    უკვე ოცი წელი სრულდებოდა, რაც მარინა ბეგთაბეგიშვილის ყოველი დღე ერთნაირი იყო.

    ზუსტად ერთნაირი.

    აბსოლუტურად ერთნაირი.

    მარინა ბეგთაბეგიშვილი დილის შვიდ საათზე დგებოდა. თურქულ ყავას სვამდა. ოჯახისთვის საუზმეს ამზადებდა და ხან მაგიდაზე, ხან კი გაზქურაზე ტოვებდა (საჭმელს გააჩნია). სააბაზანოს პროცედურებს მოილევდა და ბაზრობაზე მიდიოდა.

    ბანაობით ყოველთვის საღამოს ბანაობდა, რადგან მტკიცედ სჯეროდა, რომ თუ დილით ახალდაბანილი გავიდოდა, აუცილებლად ჰაიმორიტი დაემართებოდა, მიუხედავად იმისა, ზამთარი იყო თუ ზაფხული, სიცხე თუ სიცივე.

    ბანაობის წესიც თავისი ჰქონდა: ტანს ყოველ საღამოს იბანდა, თავს კი – კვირაში ერთხელ, კონკრეტულად შაბათ დღეს, და აქაც – მიუხედავად იმისა, ზამთარი იყო თუ ზაფხული, სიცხე თუ სიცივე…

    ბაზრობაზე მარინა ბეგთაბეგიშვილს პატარა დახლი ედგა და ჯინსის შარვლებს ყიდდა. ეს – ბოლო თორმეტ წელს, თორემ სულ თავიდან კომერციული საქმიანობა ბიუზჰალტერების, იგივე ლიფების გაყიდვით დაიწყო.

    ჯერ ლიფები იყო, მერე – საბანკეტო კაბები, ბოლოს კი – ჯინსის შარვლები, რომლებსაც, ფაქტია, ყველაზე მეტი გასავალი ჰქონდა.

    მოკლედ, დილის ცხრიდან საღამოს ექვს საათამდე მარინა შარვლებს ყველა პოტენციურ კლიენტს, ყველა ამვლელსა თუ ჩამვლელს სთავაზობდა. რაღაცნაირი ალღო ჰქონდა – ადამიანს სახეზე შეხედავდა და შინაგანი ხმა თუ ინტუიცია კარნახობდა, რამდენის გადამხდელი იყო კლიენტი.

    ვაჭრობის წესიც იცოდა და სწორედ ამ ცოდნისა და ალღოს წყალობით ბიზნესი საკმაოდ კარგად მიუდიოდა. იმდენად კარგად, რომ შეძლო და ორივე შვილს უნივერსიტეტში ასწავლა, ერთ-ერთს მანქანის განვადების ფული უხადა, ქმარს კი ოც წელიწადს ასვა და აჭამა, ჩააცვა, დაახურა, სიგარეტი უყიდა და ხანდახან ის ავადსახსენებელი ღვინოც, რომელსაც, მისივე სიტყვებით: „ღორივით ისხამდა დამპალ მუცელში“ უბნის ძმაკაცებთან ერთად მაშინ, როცა თვითონ ამდენს შრომობდა და წვალობდა.

    სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ მარინას ვარამი არც მის შვილებს და მითუმეტეს, არც მის ქმარს არ ადარდებდა.

    თითქოს ოდითგან ასე იყო: ოჯახში მხოლოდ მარინა მუშაობდა. მერე რა, რომ შვილებს – ოცდაოთხი წლის ვარლამსა და ოცდასამი წლის გენოს – უნივერსიტეტი უკვე დაემთავრებინათ და, წესით, იმ ცოდნის გამოყენებასა და მატერიალურ სარგებლად ქცევას უნდა შესდგომოდნენ, რის მისაღებადაც გადახდილი ფულისთვის დედამ წელებზე ფეხი დაიდგა.

    შენც არ მომიკვდე!

   უფროსი ეგრეთ წოდებულ „ძველ ბიჭობას“ ჯერ კიდევ ვერ ეშვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ 2022 წელი იდგა, ხელოვნური ინტელექტი ყვაოდა, მარსის კოლონიზაცია მიმდინარეობდა…

    უმცროსი კი პლანის წევაში კვდებოდა და ყოველ საღამოს რაღაც საეჭვო ადგილას დაიარებოდა, სადაც მსგავსნი მისნი რეპავდნენ და მიწისქვეშეთიდან ბოზებს და ელიტებს, პოლიტიკოსებს და ელჭეპეტეებს აგინებდნენ…

    და ჰო, მთავარი:

    ბატონი ამირან მჭედლიძე, მთელ ოც წელიწადს „მუქთახორად მჯდარი“ (ხან მწოლიარე), ცოლის ფულებით ნაჭამ-ნასვამი, სიგარეტ-ნაწევი და „დამპალ მუცელში ღვინო ჩასხმული“, ვისაც უმაღლეს დონეზე შეეძლო, მარინას ნათქვამი ერთ ყურში შეეშვა და მეორიდან გაეშვა.

    მოკლედ, სიტუაცია იყო ამგვარი, უცვლელი და სტატიკური, სანამ ერთხელაც ის – ქმარ-შვილისთვის ავადსახსენებელი და თავზარდამცემი დღე არ გათენდა… (სინამდვილეში კი, დღე, რომელიც ოდესმე გარდაუვალად უნდა დამდგარიყო.)

    არადა, ისეთი თითქოს არაფერი მომხდარა. მარინამ ჩვეულ დროს, შვიდ საათზე გაიღვიძა. წამოდგა, სამზარეულოს მიაშურა და გაზქურაზე თურქული ყავა შემოდგა. სანამ ყავა ადუღდებოდა, კარადიდან გრეჩიხა გამოიღო და ქვაბში ჩაყარა. წყალში ზუსტად ოთხჯერ გაავლო (ესეც ბანაობასავით ურყევი წესი იყო, რომლის დარღვევაც მარინასთვის მეორედ მოსვლას უდრიდა) და როცა გაზქურაზე მოსახარშად გრეჩიხიანი ქვაბი შემოდგა, თურქული ყავა კი გადმოდგა, მოხდა ის, რასაც დედამიწის ზურგზე ვერავინ, თავად მარინაც კი ვერ წარმოიდგენდა…

    მარინა ბეგთაბეგიშვილმა ჯერ თავი ასწია და კედელს თვალი გაუშტერა.

    დიდხანს იდგა ასე, თვალგაშტერებული, იმნაირი მზერით, ვერაფრით რომ მიხვდებოდი, მის გულსა და გონებაში რა ხდებოდა.

    მერე კი, თვალები მოჭუტა, გაზქურას გახედა და გამორთო. შეტრიალდა, საძინებელში შებრუნდა და ისეთი გემრიელი ძილი გამოაცხო, მართლაც საუკუნე რომ არ ღირსებია…

    როცა ტკბილად გამოიძინა, მარინამ საწოლიდან ფეხები გადმოყო, ცოტა ხანს ფანჯარას უცქირა და წამოდგა.

    საერთო ოთახში გასვლამდე, სარკეში ჩაიხედა და თვალები კვლავ რაღაცნაირად – ავისმომასწავებლად მოჭუტა.

    ოთახში გასულს, ქმარ-შვილი გაღვიძებული დაუხვდა.

    ვარლამი ტელეფონზე ვიღაცას გაცხარებით ელაპარაკებოდა, გენოს ყურსასმენები გაერჭო და რეპებს უსმენდა, ბ.-ნი ამირანი კი ფანჯრიდან ეზოს ზვერავდა.

    პირველმა მარინა გენომ დაინახა და იმდენად გაუკვირდა, რომ ინსტინქტურად ყურსასმენები მოიხსნა და გაოგნებულს აღმოხდა:

  • დედა?!

    გენოს ნათქვამზე ვარლამი და ამირანიც გაოცებული სახეებით შემოტრიალდნენ და მარინას წარბებაზიდულებმა შეხედეს. ვარლამმა უნებურად ტელეფონიც კი გათიშა…

    ეს იმდენად უცნაური, დაუჯერებელი, წარმოუდგენელი მოვლენა გახლდათ, რომ ცხადია, სამივემ იგრძნო, სულ მალე რაღაც კატასტროფა მოხდებოდა.

    ამირან მჭედლიძემ, რომელსაც ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი – საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო, იმის ნაცვლად, ცოლისთვის ეკითხა – რა მოხდა, რამე ხომ არ გიჭირს, ჩემო მარინეო, – თვალები მოაწვრილა და თქვა:

– გრეჩიხა დაგრჩენია მოსახარში…

    თუმცა, მარინა ბეგთაბეგიშვილის თავში მართლაც რაღაც ძალიან უჩვეულო მომხდარიყო, რადგან მან, ამსიოდონა წესიერმა, პატიოსანმა, ზრდილობიანმა ქალმა, რომელმაც ოც წელიწადს წელებზე ფეხი იდგა, ქმარს გახედა და ცივად, აუღელვებლად მიუგო:

– მოგსტყვნიათ პატრონი.

    სამივე გაშრა.

    რამდენიმე წუთს არათუ მჭედლიძეთა ოჯახი, არამედ ოთახში ჰაერი და კედელზე – ფაროსანაც კი გაქვავდა.

    ეს ნამდვილი ელდა იყო.

    იყო ტყვიის გასროლა და ელვა, რომელიც საზარელ ჭექა-ქუხილს მოასწავებდა.

    თუმცა, ქუხილი აგვიანებდა და უძრაობის მდგომარეობა კვლავ გენომ დაარღვია:

– დედა, რა მოხდა?

– რა მოხდა?! – მარინამ უმცროს შვილს გახედა, – აა, რა მოხდა?!

აქ მცირე პაუზა გააკეთა:

– მართლა გინდა, გითხრა, რა მოხდა?!

    ცხადი იყო, მარინა ამ კითხვას არამარტო უმცროს შვილს, არამედ ყველას უსვამდა და ამ ყველაში ქმარ-შვილიც კი არა, არამედ მართლა ყველა შედიოდა:

    სამყარო, ცხოვრება და, რა თქმა უნდა, თავად. რადგან სწორედ აქ და ახლა დამდგარიყო მომენტი – გამოღვიძებისა, ინსაითისა და გასხივოსნებისა, როცა მარინა ბეგთაბეგიშვილს სრული სიცხადით გაეცნობიერებინა განვლილი და აღმოეჩინა:

    არასდროს ეცხოვრა თავისი თავისთვის. მთელი ორმოცდარვა წელი სხვების მსახურებასა და წელებზე ფეხის დგმაში გაეტარებინა.

– უბედური ვარ, – თქვა მოულოდნელად მარინამ და წამოდგა. თითქოს საკუთარ თავს უთხრა, რადგან არავისთვის შეუხედავს. სამზარეულოში გავიდა და ონკანი მოუშვა.

    სანამ წყლის გაციებას ელოდა, უცებ გრეჩიხიანი ქვაბი დაინახა, რომელიც ზუსტად ისე იყო, როგორც დატოვა და ასევე უცებ, უსაშველოდ გაბრაზდა. ისე გაბრაზდა, რომ ქვაბს ხელი დასტაცა და პირდაპირ ძირს დაათხლიშა.

    არა, ეს არ იყო რისხვა გრეჩიხაზე, რომელიც ცოცხალი თავით არავინ მოხარშა… იატაკზე დაღვრილ წყალში მარინას წლობით ნაგროვები, საუკუნოვანი ბრაზი ტივტივებდა.

    ფაქტია, მასში ის ბომბი აფეთქებულიყო, რომელსაც მანამდე თავად უფრთხოდა. ამიერიდან კი მის ქმარ-შვილს დააფრთხობდა და წყევლად ექცეოდა, რადგან მომენტში, როცა მარინა ბეგთაბეგიშვილი გრეჩიხიან ქვაბს იღებს და იატაკზე ათხლეშს, მჭედლიძეთა ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ იცვლება…

    მარინა იტყვის:

    „თავადები იყვნენ ბეგთაბეგიშვილები, მე კიდევ მონასავით ვიცხოვრე!“

    იტყვის მარინა და დასვრილ იატაკსაც არ მოწმენდს, ფეხებზე დაიკიდებს.

    მეორე დღესვე ახალგაზრდა ქალს დაიქირავებს, რომელიც მის ნაცვლად ბაზრობაზე ჯინსის შარვლებს გაყიდის. ნავაჭრს კი საკუთარ თავს მოახმარს.

    ცხოვრებაში პირველად მარინა ბეგთაბეგიშვილი:

სალონში შეიღებავს თმას.

სალონში გაიკეთებს პედიკიურს.

იყიდის ძვირიან ტანსაცმელს – არა ბაზრობაზე, არამედ ბრენდულ მაღაზიებში.

წავა დასასვენებლად ბათუმში.

კიდევ – კლასიკური მუსიკის კონცერტზე.

და კიდევ ბევრგან და სხვაგან და უჩვეულო კია, მაგრამ მათ შორის, კაზინოშიც, რადგან მარინას რატომღაც, შეიძლება ფილმების გავლენით, ყოველთვის ჰქონდა ჩუმი ნატვრა, ეთქვა: „შავი“ ან „წითელი“ და თავდაჯერებული მზერა ეტყორცნა დილერისთვის.

    მოკლედ, იმ მოარული ფრაზის არ იყოს, რომელშიც ბაბუაა ნახსენები, მარინა ბეგთაბეგიშვილს გადაეკეტება. მჭედლიძეებს კი დაერხევათ, რადგან ხდება ზუსტად ის, რაც თქვა მარინამ, როცა ამირან მჭედლიძემ მას გრეჩიხის ამბავი უსაყვედურა. (ანუ: ეტყვნებათ პატრონი.)

    გრეჩიხიანი ქვაბის დათხლეშვა სამზარეულოს იატაკზე ერთდროულად კულმინაციური მომენტია და ტვისტიც – სიტუაციის ისეთი რადიკალური შემოტრიალება, რასაც ვერცერთი მჭედლიძე ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ ნახავდა.

    ამ ტვისტის მერე მჭედლიძეები – რომლებიც მანამდე მარინას ჩივილებს გულგრილი სიჩუმით პასუხობდნენ ან თუ სიტყვით პასუხობდნენ, ეს იყო ერთადერთი, მარადიული წინადადება: „კაი რა, დედა, ნუ დრამავ!“ – თავად ხდებიან დრამა-ქვინები.

    ისინი მარინა ბეგთაბეგიშვილში მომხდარ რევოლუციას ჯერ აპროტესტებენ, მერე წუწუნზე გადადიან, ბოლოს კი, სხვა გზა რომ აღარ რჩებათ, სამუშაოს ძებნას იწყებენ.

    სხვათა შორის, უმცროსი შვილი, გენო მართლაც იშოვის, დისტრიბუტორად მოეწყობა ძეხვების კომპანიაში და ოცდასამი წლის განმავლობაში პირველად საკუთარი შემოსავალი გაუჩნდება, რაც, როგორ უცნაურადაც უნდა გამოიყურებოდეს რეპერის კვალობაზე, რაღაცნაირ დამოუკიდებლობას და თავდაჯერებულობას შესძენს.

    რაც შეეხება უფროსს, ვარლამ მჭედლიძეს, მართალია, სამსახურს ჯერჯერობით ვერ შოულობს, სამაგიეროდ, კულინარიის ნიჭი აღმოაჩნდება და ვითომ ხომ იმიტომ აკეთებს საჭმელს, რომ მარინა აღარ აკეთებს და აბა, ვინმემ ხომ უნდა გააკეთოს, თუმცა, გულის სიღრმეში და არავითარ შემთხვევაში – ხმამაღლა, ახალი საქმიანობა ძალიანაც მოსწონს და სიამოვნებას ანიჭებს.

    და ჰო, კვლავაც მთავარი:

    ამირან მჭედლიძე, რომელიც არც სამსახურს ეძებს და არც კულინარიას ეწაფება… პროტესტების, წუწუნების და გინებების მერე – რომელიც მის ცოლს სულ ფეხებზე ჰკიდია; უბადლოდ გადაუღია ქმრის თვისება – ცალ ყურში შეშვების და მეორიდან გაშვებისა, – ამირანი ჩუმდება. ოღონდ საეჭვოდ, ისე, რომ მისი მდუმარება, ყველანაირი ჟანრის კანონით, გარდაუვალად რაღაცას მოასწავებს…

    და ერთხელაც, დილით, როცა მარინა ბეგთაბეგიშვილი ახალი სარკის წინ ახალ კაბას ჩაიცვამს, ახალ ლაინერს წაისვამს და ახალდაბანილ თმას ლამაზად დაივარცხნის (რევოლუციამ ყველა ძველი თვისება და ადათ-წესი მოშალა, მათ შორის, ტანის მხოლოდ საღამოს და თავის მხოლოდ კვირაში ერთხელ დაბანის შესახებ) და გამოდის განახლებული საძინებლიდან და გადის საერთო ოთახში, ხედავს ამირანს, რომელიც ჩასაფრებული სახითა და მოჭუტული თვალებით ზის და მარინა ეგრევე ხვდება, რომ ეს ჩასაფრება და წუნკალი მზერა მისკენაა მიმართული და მალე აქ რაღაც მოხდება.

    მართლაც, ოცი წამიც არაა გასული, რომ ამირანი მოულოდნელად ამბობს:

– მარტო ერთი იყო… გუგლში ვნახე…

მარინა ვერ ხვდება.

– ერთი! – ხმას უწევს ამირანი.

მარინა კი მართლა ვერ ხვდება და გულწრფელად კითხულობს:

– რას ბოდიალობ?

– რას და რასაც მაყვედრი! ვითომ, თავადები რომ იყვნენ შენი წინაპრები!..

აქ ამირანი, აშკარად მიზანმიმართულად, დრამატულ პაუზას აკეთებს და ღრიალებს:

– მარტო ერთი ბეგთაბეგიშვილი იყო თავადი და ისიც – ვაყაში! გაიგე?!

აქ წამოდგება (წამოიმართება, უფრო სწორად.)

– ჯერ მარტო, „ვაყა“ რომ ერქმევა სოფელს!

ამირანი ბეჭებში იშლება.

– რას გადამაყოლე! ერთი კინკილა ვაყელი ბეგთაბეგიშვილი! რატომ შემჭამე?! ცოლად რომ მომყვებოდი, ხომ იცოდი, ჩემი გლეხობაც და გლახობაც! რა ჯანდაბა გეტაკა?!

    და აქ სრულიად მოულოდნელად, იმდენად მოულოდნელად, რომ თავადაც გამოშტერდება, ამირან მჭედლიძეს ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში პირველად – ცრემლები გადმოსცვივდება და მარინა ბეგთაბეგიშვილი კი ადგილზე გაშეშდება.

    და რამდენიმე წამიც და კიდევ უფრო მოულოდნელად, ამირან მჭედლიძეს ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში პირველად – უსაშველო დარდითა და თან რაღაცნაირი ბრაზით აღმოხდება:

– მიყვარხარ, ქალო!

    მერე კი ისეთი პაუზაა, რომ კედელზე მიქვავებულ ფაროსანას დაძაბულობისგან უკვე გული უსკდება; გადის „მარტოობის ასი წელიწადი“ და თითქოს მოდის მომენტი, როცა კავკასიონის ქედზე მიჯაჭვულმა ამირანმა ჯაჭვები უნდა აიხსნას…

    მაგრამ ამირანი ჯდება სკამზე (არა – წყლის პირს) სევდიანი და უკვე ჩუმად ამბობს:

– მაპატიე… არც შენი საჭმელები მინდა და არც ფულები… უბრალოდ, მაპატიე.

    მარინა ბეგთაბეგიშვილი ქმარს უყურებს და გრძნობს – ბოლოს და ბოლოს, აღიარეს, დააფასეს მისი წელებზე ფეხის დგმა. ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ და მის წლობით ნაგროვებ ბრაზს საზღაური მიეგო.

    კიდევ ბევრ რამეს გრძნობს მარინა, თავშიც ათასობით ფიქრი დაურბის და ამ ათასობით ფიქრში კი ერთი ისაა, რომ რა ქნას, მაინც უყვარს ეს თავისი „მუქთახორა გლეხი“ და ალბათ, უყვარს ის მსხვერპლიც, რაც ამ გლეხისთვის გაიღო…

    და მარინა დედოფლური მზერითა და დინჯი ნაბიჯით უახლოვდება ამირანს, მხარზე ხელს ადებს და გამოკვეთილად ამბობს:

– კარგი.

    ერთმანეთს შეხედავენ. დიდხანს უყურებენ, სანამ მარინას ტუჩის მარცხენა კუთხეში ეშმაკური ღიმილი არ გაკრთება.

    ორივემ იცის – ეს საუკუნოვანი ომის დასასრულია და შეიძლება იმ ახლის დასაწყისიც, სადაც იომებენ გვერდიგვერდ და აღარასდროს – ერთმანეთის წინააღმდეგ.

© არილი

Facebook Comments Box