პალეოფანტასტიკა: რას ამბობს ევოლუცია სქესის, დიეტისა და იმის შესახებ, თუ როგორ ვცხოვრობთ, მარლენ ზაკი, 336გვ.
მარლენ ზაკი უკვე წლებია, განვითარების ბიოლოგიის სფეროში მნიშვნელოვან გამოკვლევებს მინესოტას უნივერსიტეტში უძღვება. მისი ბოლო სამეცნიერო ნაშრომი საკმაოდ სიღრმისეულად და ფართო ხედით წარმოაჩენს საკითხს, რომელიც კაცობრიობის განვითარების საფეხურებს მოიცავს. მარლენი ამ წიგნში ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ თანამედროვე ადამიანებს იმავე ტიპის გონებრივი და ფიზიკური მახასიათებლები აქვთ, როგორიც პრეისტორიული ხანაში. მისი მთავარი თეზისიც სწორედ ამ უარყოფაზე გადის: კაცობრიობა მუდმივი განვითარების პროცესშია, ცვლილებებს განიცდის და ცდილობს შეეგუოს იმ გარემოს, რომელში ცხოვრებაც უწევს. ევოლუციურ თეორიებს ის ისეთ ცხოვრებისეულ წესს უკავშირებს, როგორიც დიეტაა, რომლის მიხედვითაც ეპოქალურ განვითარებასთან ერთად, ადამიანებმა კვების სისტემაც განავითარეს და იმ გარემოს მოარგეს, რომელშიც ცხოვრობენ. ფუნდამენტური გენეტიკური და ანთროპოლიგიური კვლევის საფუძველზე ის ცდილობს მკითხველს ისტორიის მიერ შექმნილი პალეოფანტასტიკის ნაცვლად, პალეორეალობა უჩვენოს.
2021: მომდევნო საუკუნის ამბები, სიუზან გრინფილდი, 368გვ.
ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მეხუთე საუკუნეში, ცნობილი ბერძენი სწავლული სოკრატე მკაცრად აკრიტიკებდა სამომავლო მეთოდოლოგიებს, რომელიც ანტიკური საბერძნეთის ინტელექტუალებს მეხსიერების უნარს დაუქვეითებდა და მათ მოდუნებას განაპირობებდა. სახიფათო “ტექნოლოგიებში” მაშინ ის წერას მოიაზრებდა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კი ინფორმაციული გადატვირთვის საშიშროების გამომწვევ მნიშვნელოვან მიზეზად ბეჭდური გამოცემები დასახელდა. სწორედ წარსულის ტრადიციის გაგრძელებაა ოქსფორდის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერის სიუზან გრინფილდის აღნიშნული ნაშრომიც, რომელიც კომპიუტერული რევოლუციის საშიშროებებზე საუბრობს. “შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სამყარო გრძელვადიანი ურთიერთობების გარეშე, როდესაც ადამიანები ვერ აცნობიერებენ თავიანთი ქმედებების მნიშვნელობას და არ შეუძლიათ ურთიერთთანაგრძნობის გამოხატვა?” ამ რიტორიკულ კითხვას ის მკითხველს უსვამს და აფრთხილებს, რომ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული საზოგადოება ამ საუკუნის პირველ ნახევარში კიდევ უფრო ინფანტილური გახდება.
მავთულხლართი: ციფრული კოსმოპოლიტები ურთიერთკავშირის ეტაპზე, ეთან ცუკერმანი, 288გვ.
ინტერნეტი კოსმოპოლიტური სამყაროს შექმნის შესანიშნავი საშუალებაა, თუმცა, ამის მიუხედავად, ადამიანები სულ უფრო და უფრო ჩაკეტილები ხდებიან? – მსოფლიო აბლაბუდის ფართო ქსელის ამ ორაზროვანი განმარტების ანალიზს ციფრული მედიის სპეციალისტი და ინტერნეტაქტივსტი ეთან ცუკერმანი გვთავაზობს. ამავე თეზისის განსამტკიცებლად მას ონლაინ მედიის მაგალითი მოჰყავს: „ინტერნეტმა ჩვენ მოგვცა საშუალება, მეინსტრიმული მედიის გვერდის ავლით, უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ, თუნდაც, ისლამური საზოგადოებების შესახებ, ვიდრე ამას ინტერნეტმედიის შექმნამდე შევძლებდით, თუმცა ამ უპირატესობის მიუხედავად, ადამიანები ისეთივე ინფანტილურები არიან ისლამურ სამყაროში მიმდინარე პროცესების მიმართ, როგორც ციფრულ რევოლუციამდე“. მსგავს მაგალითებზე დაყრდნობით, ცუკერმანი ცდილობს არგუმენტირებულად განიხილოს პროცესი, როდესაც ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანები თავად ირჩევენ იზოლირებას მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისგან.
© “ცხელი შოკოლადი”