თეთრი ცხელება
მოჩვენებები სტოვებენ ბინას,
სადღაც მიქრიან შავი ცხენებით,
მარტოობისგან ვიღაცა გმინავს,
რუხი დღეები თეთრი ცხელებით.
ეჭვები ყოფნას ისევ წამლავენ,
ვიღაცა კარგავს იღბალის ჩანთას,
ტრამალს მოჰყვება ისევ ტრამალი,
არავინ არ ჩანს, არავინ არ ჩანს.
არ ჩანს მირაჟი… თუნდაც მირაჟი,
რამდენიც გინდა ათვალიერე,
ცა დაეცემა უცებ მიწაზე,
და რჩება მაღლა სიცარიელე.
მოჩვენებები სტოვებენ საკანს,
იპარებიან შავი ცხენებით,
ტყვიები ვეღარ შველიან ნაგანს,
და სუჩემეა მხოლოდ შედეგი.
და რჩება მხოლოდ სიჩუმის შიში,
და შავი, შავი, შავი ცხენებით,
რუხი დღეები გვტოვებს და მიქრის,
რუხი დღეები თეთრი ცხენებით.
ეს მოხდა
კართან
სიცოცხლე იდგა ქალივით
და ეშინოდა სივრცეში გასვლა,
იყო უცნობი დღე და თარიღი,
ალბათ,
არ ღირდა რიცხვების დათვლა,
ტყუილს ეხურა თავზე პარიკი,
რადგან
რცხვენოდა ეარა ქაჩლად
და გაქრა ყველა გათვლა, განრიგი,
ეს მოხდა მართლა…
კრიზისი
ქალი ხალათში, ნივთებს ალაგებს,
ის თურმე წუხელ დასტოვა ქმარმა,
არ დაუტოვა თანაც ბარათი,
რადგან სიტყვების არასდროს სწამდა.
ხო, ქალიც წავა, არ სურს დარჩენა,
წავა, რომ მარტომ მოკლას ფიქრები,
ჩამოიღამეს უკვე ფანჯრებმა,
ალაგებს ჩანთას და სძულს ნივთები.
წავა, რადგანაც მაინც ხუნდება,
ადგილი, სახლი, ლოგინი, გრძნობა.
რაც იყო, მაინც არ დაბრუნდება,
მოვა სიბერე, ავადმყოფობა.
ხომ მაინც ბოლოს იღლები ყოფნით
თუ ბითურდება გიყვარდა რაცკი,
თურმე სადღაც შორს გავარდა თოფი,
სადღაც დაეცა უსულოდ კაცი.
უმისამართო
უმისამართოდ ვცხოვრობდი მაშინ,
უმისამართო დამდევდა მთვარეც,
შენ არასოდეს იყავი სახლში
და მე ყოველთვის ვიყავი გარეთ.
მე შენს მისამართს ვეძებდი მაშინ,
სულ წამით შენი დანახვა მსურდა,
უმისამართო მოვიდა ბავშვი
გამახსენდი და მივეცი ხურდა.
მუმიები
გვიანი არის, ამ დროს ვერ შეცვლი…
ამ დროს რამდენიც გინდა უკმიე,
ცეცხლი ენთო და შემორჩა ფერფლი,
ვერ გააცოცხლებ მაინც მუმიებს.
ვერ დააბრუნებ ძველ, ჩავლილ კადრებს,
სურათებს რეცხავს დროის საპონი,
ის იყო ბრძენი და მოკვდა ადრე
და ერქვა თურმე ტუტანჰამონი.
ვერ დაინახავ, ბევრი იბრძოლო,
თუნდაც და ბევრის გსურდეს გამხელა,
მას სიყვარული უნდოდა მხოლოდ,
მას სერაფიტა ერქვა სახელად.
რეალობა კი რომანტიზმს ახრჩობს,
იდეალი კი არის წაშლილი,
იყო ბატონის ერთგული სანჩო
და სუფთა გული ჰქონდა ბავშვივით.
ვის აუხსნია ანდა ვინ იცის,
რატომ იცვლიან ნიღბებს, პარიკებს,
და ისტორია არის ცინიზმი,
რადგან გვიტოვებს მხოლოდ თარიღებს.
გვიანი არის, ამ დროს ვერ შეცვლი,
და იმეორებ ერთს და იგივეს,
ცეცხლი ენთო და შემორჩა ფერფლი,
მუმიებს მხოლოდ მოაქვთ სიცივე.
გადაბრუნებული დედამიწა
არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,
და სიტყვით ვინღა უნდა ვაცდუნო,
სად არის ღერძი, მომეცით ღერძი,
დედამიწა რომ გადავაბრუნო.
რომ არაფერი აღარ შევცვალო
და დასალევიც უკვე დავლიე,
რომ აღარავინ არ შევიყვარო,
მხოლოდ ვუყურო ზეცას ცარიელს.
არაფერს ვამხელ, არაფერს განვსჯი,
არ მინდა რამეს ცილი დავწამო,
მე მარტო ვზივარ ჩემს მყუდრო სახლში
და გარეთ მოდის მყუდრო საღამო.
არაფერს ვცლი და არაფერს ვავსებ,
და არ ვარ ბოლო და არც პირველი,
ვინც იგონებდა სულელურ ზღაპრებს,
ვის ჯადოსნური სწამდა ფრინველი.
არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,
და არ მსურს ისევ თავი ვაცდუნო,
სად გაქრა ღერძი, მომეცით ღერძი,
დედამიწა რომ გადავაბრუნო.
* * *
როცა ყველას სძინავს,
გამეღვიძა ამდროს,
რას დავარქმევ სიზმარს,
რას დავარქმევ ამ დროს.
რას დავარქმევ სადგურს,
რას დავარქმევ წასვლას,
რას დავარქმევ ზაფხულს,
რას დავარქმევ ზამთარს.
გაანათებს ზამთრებს
ვარსკვლავების სხვენი,
ცას სინათლე ავსებს,
ჩანს თვალები შენი.
სიცოცხლის დროა
მთვრალი ხომალდი
არტურ რემბო
დავტოვოთ სევდა, ცრემლების გროვა
და სინანულიც გვეყო, არ გვინდა,
წამოდით დროა, წამოდით დროა!
რემბოს ხომალდი უკვე გაფხიზლდა!…
ვერ მოაქვს შვება სასმელს და თრიაქს,
მომყევით, უკვე უნდა ვიჩქაროთ,
ჩვენი წამები ქარს უკვე მიაქვს,
მომყევით, ერთად მზე მოვიპაროთ!
თავისუფლება ვიპოვოთ თვითონ,
გავყვეთ საკუთარ მნათობს, ვარსკვლავებს,
წავიდეთ დროა, ბევრს ნუღარ ფიქრობთ,
მკვდრები თავის მკვდრებს თავად მარხავენ.
წამოდით, შუქი მოჰყვება გვირაბს,
სანამ ველური ცეცხლი ანთია,
წამოდით, სანამ ვცოცხლობთ და გვიყვარს,
სანამ სიმუნჯე არ დაგვმართია.
წამოდით, თორემ მერე ვინანებთ,
ასეთი ვნება არ მოვა ისევ,
უნდა მოვიდეთ ერთხელ მიწაზე,
რომ ავიხედოთ მაღლა და ცისკენ.
რომ დავეუფლოთ კოსმოსს, პლანეტებს,
რომ მივატოვოთ წარსულზე გლოვა,
წამოდით, ერთხელ მაინც გაბედეთ,
სიცოცხლის დროა, სიცოცხლის დროა!
ჩვეულებრივად
წამით ჩათვლიმა და ისევ ფხიზლობს,
ღამით დაშორდა საყვარელ გოგოს,
თან არაფერი შეცვლილა თითქოს,
წვიმს და უყურებს ამინდის პროგნოზს.
ფანჯარას აღებს, დუღდება ყავა,
თან ნერვებს უშლის სისველე თარსი,
იცის, რომ მალე ქუჩაში გავა
და ისეირნებს წვიმაში ტაქსით.
უყურებს უჟმურ ღამეს და სახლებს,
და მძღოლი ჩუმად მანქანას მართავს,
სიგარეტს იღებს და ასანთს ანთებს,
ჩვეულებრივად იცხოვრებს ალბათ.
შემოდგომის სინანული
სინანული თუ გზას გაანათებს,
მაშინ გაქრება ჩემი შეცდომა,
თუკი სიცოცხლე იყო ღალატი,
სიკვდილი რატომ ჰგავს შემოდგომას.
რატომ იძინებს ნამუსი თბილად,
ფოთლების ყვითელ იხურავს საბანს,
ფოთლები ცვივა, ფოთლები ცვივა,
სინაცრისფრეა და ცაც კი არ ჩანს.
ელიან საკენკს – ბეღურებს ვხედავ,
ველია, სადაც სივრცე მთელია,
ვერცერთი ქალი და ვეღარც დედა
სიცარიელეს ვერ უშველიან.
დავრჩებით ასე: კვლავ მე და სივრცე,
სადამდეც გავძლებთ, ალბათ ვიქნებით,
“იყავი ჩიტი!” – ამბობდა ქრისტე,
სად მიფრინავენ ნეტავ ჩიტები.
ცოტა ხნით დარჩით, ჯერ ხომ არ ცივა,
ცოტა ხნით დარჩით და ღმერთის გწამდეთ,
ფოთლები ცვივა, ფოთლები ცვივა,
არ შეგეშინდეთ, დაგიყრით საკენკს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“