პოსტები კატეგორიიდან: ახალი წიგნები

მალხაზ ხარბედია – ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი

AUDIO
ერთი წლის წინ ლიტერატურის ინსტიტუტში დიდი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით, “ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი – XX საუკუნის გამოცდილება”. წელს კონფერენციის მასალებს ინსტიტუტმა სქელტანიან, დიდი ფორმატის კრებულში მოუყარა თავი, რითაც, ალბათ ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ტოტალიტარული მემკვიდრეობის გააზრების საქმეში. 20 წლის მანძილზე, მე ვერ ვიხსენებ ამაზე უფრო მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც საბჭოთა პერიოდის ლიტერატურის წაკითხვას ისახავდა მიზნად.
კონფერენციის ორგანიზატორის, ლიტერატურის ინტიტუტის დირექტორის, ირმა რატიანის აზრით, სწორედ ახლაა დრო იმისთვის, რათა უკან გავიხედოთ და უკეთ გავიგოთ წარსული:
“ვინაიდან საბჭოთა ეპოქის დასასრულიდან გავიდა 20 წელი, ხოლო ლიტერატურული პროცესების თავიდან შეფასებას აუცილებლად სჭირდება დრო, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ უკან გავიხედოთ”.
ყველაზე დიდი ადგილი კონფერენციაზეც და კრებულშიც ტოტალიტარიზმის ეპოქის მითებს, სტერეოტიპებსა და კულტურულ პარადიგმებს დაეთმო, ასევე საინტერესო რუბრიკები იყო – ტოტალიტარიზმი და ალტერნატიული აზროვნების მოდელები, ტექსტის ინტერპრეტაცია რეჟიმის პირობებში, ტოტალიტარიზმის ეპოქის ლიტერატურული ჟანრები, ტოტალიტარული ტექსტის ფორმირება და რღვევა, ლიდერის კონცეპტი, ცენტრი და ემიგრაცია… სპეციალური მრგვალი მაგიდა მიეძღვნა ყვარყვარეს თემას.
მართალია კონფერენცია მთლიანად XX საუკუნის გამოცდილებას მიეძღვნა, მაგრამ ყველაზე მეტად, ცხადია საბჭოთა ტოტალიტარიზმის პერიოდს მიექცა განსაკუთრებული ყურადღება:
“მოგეხსენებათ, ეს ეპოქა საკმაოდ იდეოლოგიზებული იყო და იდეოლოგიზაციის პროცესი თუკი რაიმეზე ახდენს დიდ ზეგავლენას, ეს არის კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება… ძალიან საინტერესო პროცესია, იმიტომ, რომ ერთის მხრივ ლიტერატურა, როგორც რეფლექსია ამ რეალობის შესახებ, ექცევა ამგვარ იდეოლოგიურ მარყუჟებში და მეორეს მხრივ თვითონ ლიტერატურული ტექსტების ინტერპრეტაციაც ექცევა იგივე მძიმე ვითარებაში. ეს ორმხრივი პროცესია, რომელიც საკმაოდ სავალალო შედეგებამდე მიდის. ლიტერატურული თვალსაზრისით სავალალო შედეგად შეიძლება შეფასდეს საკმაოდ დიდი რაოდენობით ე.წ. ლიტერატურული მაკულატურის შექმნა, ხოლოდ ლიტერატურათმცოდნეობის თვალსაზრისით, ასეთია არასწორი ინტერპრეტაცია, რომელიც რაღაც ზეწოლის ქვეშ ხორციელდება.”
კონფერენციის თემატიკა საბჭოთა დიქტატურის ყველა პერიოდს მოიცავდა და გულისხმობდა ოქტომბრის რევოლუციიდან მოყოლებული ე.წ. “პერესტროიკამდე” შექმნილ მაწარმოებებს. გარდა წმინდა ლიტერატურათმცოდნეობითი პრობლემებისა, მიმოხილული იყო ლიტერატურის სოციოლოგიის ან ამათუიმ ავტორის ბიოგრაფიის საკითხები. ირმა რატიანის აზრით ერთ-ერთი უმნიშვნლოვანესი სწორედ მსხვერპლის ცნებაა ტოტალიტარულ რეჟიმებზე საუბრისას, რომელსაც ერთი გამოკვეთილი სახე არ გააჩნია და სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვაგვარად გვევლინება:
“ეს არ არის ეპოქა, რომელსაც ერთი სახე აქვს, ეს არის ეპოქა, რომელიც გადის ფაზებს, ანუ პირველი, ეს არის ერთგვარი შოკური ფაზა, დავუშვათ პირველი 15-20 წელი, როდესაც საზოგადოება შოკში იყო იმისგან რაც ხდებოდა და კიდევ დიდხანს ვერ გაიგო რაში იყო საქმე. შემდეგ უკვე იწყება იძულებითი ადაპტაციის პროცესი, დევიზით, არ დაემორჩილები და განადგურდები. შემდეგ სამამულო ომი, რომელიც პედალირებას აკეთებს პატრიოტულ და საერთო ტკივილის თემაზე და ეს ე.წ. სხვაგვარად მოაზროვნეები იძულებულნი არიან გაჩუმდნენ, იმიტომ, რომ რეალურად სამშობლოს მოღალატეებად შეიძლება გამოცხადდნენ. ძალიან ბევრმა მწერალმა დაიწყო ამ პატრიოტულ რიტორიკაზე მუშაობა, რაც ბევრისთვის თვითმკვლელობით და სხვა სავალალო შედეგებით დასრულდა. ეს იყო მთელი დრამა. შემდეგ იყო ლიბერალიზაცია, როცა ამერიკული მარლბოროები, ჯინსები და ა.შ. გამოჩნდა. მერე, 70-იან წლებში ისევ დაიხურა ყველაფერი… სხვათა შორის, 70-იანი წლები იმიტომ არის პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო, რომ ამ პერიოდის საბჭოთა ხელისუფლების მომხრე ხელოვანები ძალიან აღარ გვანან პროლეტლიტერატურის იმ გულუბრყვილო ლირიკას, რომელიც 30-იან წლებში იყო. ისინი უკვე ძალიან დახვეწილი აპოლოგეტები არიან, რომლებიც ხანდახან ორ სკამზე სხედან, სარგებელსაც მეტს იღებენ და მე ვთვლი, რომ, მართალია ჩვენ კი ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი 80-იანი წლების ბოლოს დასრულდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამის დასასრული დაიწყო 1978 წლის 14 აპრილს.”
ირმა რატიანი ამ პერიოდის ლიტერატურის ისტორიის გადაწერაზეც საუბრობს:
“რეალურად, ჩვენ თუკი უნდა გადავწეროთ ეს ეპოქა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უნდა გადავწეროთ, უბრალოდ იმიტომ, რომ სწორად არ არის დაწერილი, უპირველეს ყოვლისა უნდა შევაფასოთ იგი. მე საერთოდ მომხრე ვარ პროფესიული შეფასების და არა ზედაპირული ან დილეტანტურის. პროფესიული შეფასება ნიშნავს არგუმენტირებულ შეფასებას და როცა არგუმენტები არსებობს, და მთელი ეს კრებულიც, ჩემი აზრით, სწორედ ამ არგუმენტების სისტემას წარმოადგენს. ანუ ასეთი არგუმენტების არსებობის პირობებში უფრო ადვილია გადაკითხვის პროცესიც და ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც ჩვენ გვაწუხებს”.
ცხადია ასეთი გადაწერა თავისუფალი უნდა იყოს თანამედროვე იდეოლოგიური მარწუხებისგანაც და უკეთესი იქნება თუკი ამ გადაწერით, უფრო სწორად კი წაკითხვებით (მე ეს ტერმინი მირჩევნია) მრავალი თვალი უნდა იყოს დაკავებული, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები. ეს წაკითხვები პრინციპულად პლურალისტული უნდა იყოს. ტექსტს არ უნდა აფასებდნენ სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ხშირად მხოლოდ ტოტალიტარიზმის სიმბოლოების გაქრობაში ხედავენ გამოსავალს, არამედ მკვლევარები, რომლებიც ყველაფერ ამის საფუძვლებთან მუშაობენ.
ქართველი მეცნიერების გარდა კონფერენციას ესწრებოდნენ ლიტველი, რუსი, აზერბაიჯანელი, ბულგარელი, ლატვიელი, უკრაინელი, ყაზახი, გერმანელი, მალაიზიელი, უნგრელი, ინდოელი, სლოვენი, ყირგიზი, რუმინელი, ამერიკელი და სომეხი მეცნიერები. კონფერენციას გამოხმაურებაც ჰქონდა, იმდენად, რომ მან გარკვეული ბიძგი მისცა ცოტა ხნის წინ, ისრაელში გამართულ ერთ დიდ კონფერენციასაც:
“აღმოჩნდა, რომ ძალიან საჭირო რაღაც მოხდა, რადგან, როგორც კი ეს კონფერენცია დასრულდა, მე დამირეკეს ისრაელიდან, არილის უნივერსიტეტიდან და მითხრეს, რომ ისრაელში გადაწყვიტეს ამ თემის გაგრძელება. ცხადია არ შეიძლებოდა ზუსტად იგივე პრობლემატიკა ყოფილიყო. შესაბამისად მათ გააკეთეს კონფერენცია ასეთი სახელით: “ტოტალიტარიზმი – ხელოვანი – დიქტატორი – ფატალური მიზიდულობა”. ძალიან საინტერესო იყო, ანუ აქ საუბარი იყო ხელოვანისა და დიქტატორის ურთიერთობაზე… მე ვიყავი ამ კონფერენციაზე და ჩემს გარდა ჩვენი კონფერენციის რამდენიმე სხვა მონაწილეც იყო ისრაელში. ამ თემამ იქ უფრო ფართო კულტუროლოგიური ხასიათი მიიღო, რადგან იქ სოციოლოგებიც ჩაერთნენ, პოლიტოლოგები, ჩვენთან კი წმინდა ლიტერატურული ფორუმი იყო. იქ უფრო ინტერდისციპლინური ხასიათი მისცეს კონფერენციას და ძალიანაც კარგი, იმიტომ, რომ არეალი გაფართოვდა”.
არეალის გაფართოვებას რაც შეეხება, ეს კონფერენცია არამხოლოდ წარსულის გააზრებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, არამედ მან ქართული ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვისაც გააფართოვა წრე. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ 2012 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ კრებულს “ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი – XX საუკუნის გამოცდილება” ინგლისურ ენაზე დაბეჭდავს.
© radiotavisupleba.ge

ახალი წიგნები – 2011 – თებერვალი

შოთა იათაშვილი, შრამი, ლექსები, რედაქტორი თამრი ფხაკაძე, თბ, პეგასი, 2010
“პირველად იყო შრამი,
და შრამი იყო ღმერთთან,
და ღმერთი იყო შრამი.”
ასე იწყება შოთა იათაშვილის ლექსი “შრამი,” რომელიც ავტორის ახალი პოეტური კრებულის სახელწოდებაცაა. სამყაროს შექმნა უფალს სახეზე დამჩნეულ შრამებად დაუჯდა. ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და მტკივნეული შრამი ადამიანია, რომელიც დღემდე ცდილობს შემოქმედის არსში გარკვევას და საკუთარი თავის ძიებასაც. ასეთია უხეშად ამ ლექსის არსი, რომელიც რეფრენივით გასდევს მთელს კრებულს. წიგნში 2006-2010 წლებში დაწერილი ლექსები შევიდა, რომლებიც თემატურადაა დალაგებული. განსაკუთრებით თვალშისაცემია რელიგიური მოტივი, თუმცა ეს არ არის ხოტბა და ქება-დიდება, უფრო პოეტის საუბარია უფალთან, განსჯა მისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. ამას გარდა, ბევრია კონცეპტუალური ლექსი, როგორიცაა “ხორცის არითმეტიკა,” “წარსული,” “რეკვიემი”. საინტერესოა ლექსები – “ოდა ცრემლსადენ გაზს” და “ბრაკონიერი”. პირველი – მწერალ ზაზა თვარაძის ხსოვნას ეძღვნება და თავისი პიროვნულ-სამოქალაქო ტრაგიზმითაა გამორჩეული, მეორე კი, უბრალოდ, ორიგინალურია, ორიგინალური თხრობის ექსპრესიულობით, თემატიკითა და სათქმელის გადმოცემის მანერით. მთლიანობაში, კრებული საინტერესოა და ალბათ, მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს შოთა იათაშვილის მდიდარ შემოქმედებით ბიოგრაფიაში.

ნიკა ჯორჯანელი, სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის, თბ. საუნჯე, 2010
“ბოლო რამდენიმე წელია
ლექსებს კომპიუტერში ვწერ
და პოეზია კაქტუსის მაგივრობას სწევს”. (“წიაღსვლები”)
ქართული პოეზიის მოყვარულები ამ ავტორს მაინცდამაინც კარგად არ იცნობენ. წერა 90-იან წლებში დაიწყო და ორი პოეტური კრებულის – “განცდა ხავერდისაგან” (2003) და “სუნთქვა ხუთვისას” (2008)
ავტორია. ეს მისი მესამე წიგნია, სადაც მისი პოეტური “მე” ყველაზე უკეთ გაიხსნა. სხვათა შორის, ნიკა ჯორჯანელის პოეზიას თავიდანვე ძალზე მაღალ შეფასებას აძლევდა ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელიც პოეტს “ქართველ რილკედ” მოიხსენიებდა. თუ შემოქმედებითი გზის დასაწყისში ბევრი სკეპტიკურად უყურებდა მის პოეზიას, დღეს უკვეKაღიარებენ ამ ავტორის უდავო ნიჭიერებას. ამის დასტური უპირველესად ნიკა ჯორჯანელის ახალი ლექსებია, ბოლო 3-4 წლის ნამუშევარი, რომელთაც ახალ კრებულში მოუყარა თავი. პირველი, რაც მის ბოლოდროინდელ ლექსებს ძველებისგან განასხვავებს, უჩუმრად, ფეხაკრეფით “შემოპარული” ვერლიბრია, რომელიც ავტორს სათქმელის კიდევ უფრო ლაღად და შთამბეჭდავად გადმოცემაში ეხმარება, თუმცა არც ტრადიციულ ლექსში უჩივის გრძნობათა შებოჭილობას. “კავშირებითი კილო,” “ორიოდე სიტყვა აეროპორტების შესახებ,” “გადარჩენილთა გოდება,” “სიმღერები დაწყვეტილი სიმებისათვის,” “ჰაერზე, სანამ კვამლში” – კარგი პოეზიის მოყვარულნი ნიკა ჯორჯანელის ამ და სხვა ლექსებს სიამოვნებით “დააგემოვნებენ.”

ლია სტურუა, ბედნიერი სიჩუმე, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010
ქართველი ვერლიბრის “დედას,” მშვენიერ პოეტ ლია სტურუას მკითხველის წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მისი ლექსები დიდი ხანია ჟანრის კლასიკადაა აღიარებული. ამჯერად ლია სტურუას პროზას წარმოგიდგენთ, თუმცა ეს არ არის პროზა მისი კლასიკური გაგებით. ეს უფრო ლიტერატურული ჩანახატებია რამდენიმე ქართველ კლასიკოსზე და ერთიც შედარებით ვრცელი ტექსტი სახელწოდებით – “ბედნიერი სიჩუმე.” იგი 1993-2006 წლებითაა დათარიღებული და პარიზული ვოიაჟების შესახებ მოგვითხრობს. ამ ქალაქთან ავტორს თავისი განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, რომელიც, მისი თქმით, “ლაპარაკზე მაღლა დგას. ეს არის, ფლობერის სიტყვებით რომ ვთქვათ, “ბედნიერი სიჩუმე…” რომელიც ლია სტურუას ცხოვრებაში დიდხანს გაგრძელდა და არაერთი ლამაზი მოგონება დაუტოვა. რაც შეეხება დანარჩენ ტექსტებს, ეს გახლავთ რამდენიმე ლიტერატურული წერილი რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონის, ასევე სვანური ზეპირსიტყვიერებისა და პოეზიის შესახებ. წიგნში შესული ტექსტებიდან მკითხველი ზოგიერთს უკვე იცნობს, ზოგიც შედარებით ახალია. ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი საინტერესო იქნება მკითხველისთვის, მით უფრო, რომ ლია სტურუას პროზაული ტექსტებიც პოეზიის ნიმუშებია.

Pen მარათონი-2010, მგზავრის წერილები, ლიტერატურული კრებული, რედაქტორები: ანა ჭაბაშვილი, ლალი ქადაგიძე, თბ. “დიოგენე,” 2010.
სამწლიანი პაუზის შემდეგ Pen მარათონი ისევ გაიმართა. ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ექსტრემალურ პირობებში მუშაობას ითვალისწინებს, ერთნაირად პოპულარულია როგორც დამწყებ, ასევე უკვე “სტაჟიან” ავტორებში. მიზეზი ბევრია: ზოგს ექსტრიმი აინტერესებს, ზოგს საკუთარი თავის გამოცდა არაორდინარულ გარემოში, ზოგს ფულადი პრემია და ზოგსაც, უბრალოდ, ახალი ნაცნობობა და შთაბეჭდილებები. ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი ყოველთვის სასიამოვნოა, ამიტომ კონკურსის მონაწილეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. Pen მარათონი-2010 11-12 დეკემბერს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. თემაც შესაბამისი იყო: კონკურსტანტებს 30 საათის განმავლობაში “მგზავრის წერილები” უნდა დაეწერათ. მარათონის გამარჯვებული და “ვერცხლის დიოგენეს” მფლობელი ნინო გუგეშაშვილი გახდა, მეორე და მესამე ადგილები ბესო სოლომანაშვილმა და ირმა არჩუაშვილმა გაინაწილეს. გამოვლინდა 10 საუკეთესო მოთხრობაც, რომელიც გამომცემლობა “დიოგენემ”, ტრადიციულად, ერთ წიგნად გააერთიანა. ჯანო ჯიქიძე, თამუნა ნადარეიშვილი, პაატა ბერიკაშვილი, მაკა ლდოკონენი, თამაზ დევიძე, სოფო ვარდიაშვილი, ლევან ლორია – აი, ის ავტორები, რომელთა ნაწერებსაც კრებულში გაეცნობით.

უილიამ ბატლერ იეიტსი, კელტური მიმწუხრი, თარგმნა მედეა ზაალიშვილმა, როსტომ ჩხეიძის რედაქციით და წინასიტყვაობით. თბ, ინტელექტი, 2010.
დაახლოებით 30-35 წლის წინათ, ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში, პოეტმა კოლაუ ნადირაძემ საერთაშორისო ფოსტით ამანათი მიიღო: ყდამოგლეჯილი, ერთიანად დაშლილ-დაფურცლული მოზრდილი წიგნი, რომელსაც ინგლისურ ენაზე ეწერა ავტორის სახელი – უილიამ ბატლერ იეიტსი. წიგნიც ინგლისურენოვანი იყო. გაოცებული პოეტი დიდხანს შლიდა ხელებს და ამოწმებდა საფოსტო ბარათზე მითითებულ მისამართს, მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო – წიგნი ნამდვილად მის სახელზე იყო გამოგზავნილი. ქართველმა პოეტმა იმ პერიოდში გამოცემული ყველა ინგლისურენოვანი პოეტის შესახებ მოიძია ინფორმაცია, ყველა ლექსიკონი და ენციკლოპედია გადაქექა, მაგრამ ასეთ ავტორს ვერსად წააწყდა. არც მის ირგვლივ გაეგო ვინმეს. ბოლოს საქართველოში ჩამოსულმა ჯონ სტაინბეკმა უთხრა, ეგ ჩვენი უდიდესი პოეტია, ძალიან დიდი პოეტიო. ასე უცნაურად შემოვიდა იეიტსი ქართულ სინამდვილეში. ირლანდიელი პოეტი, ირლანდიური აღორძინების ერთ-ერთი ბელადი და უკანასკნელი მოჰიკანი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1923) უილიამ ბატლერ იეიტსი XIX საუკუნი ბოლოსა და XX-ს დასაწყისში მოღვაწეობდა. საკუთარი ქვეყნის უბედობით შეწუხებული მთელი ცხოვრების განმავლობაში ირლანდიის გამოფხიზლებისა და აღორძინებისთვის იბრძოდა – ეს ბრძოლა თანაბრად მიმდინარეობდა ცხოვრებაშიც და ლიტერატურაშიც. ვიდრე პირველ წიგნს გამოუშვებდა, ირლანდიური ხალხური ზღაპრები შეკრიბა და 1888 წელს შესავალი წერილითურთ გამოუშვა. სწორედ ფოლკლორიდან გამოიხმო საბრალო დედაბრის სახე, უცხოები რომ შეჭრიან და სახლიდან გამოუგდიათ, შემდეგ მის შემოქმედებაში დაპყრობილი ირლანდიის სიმბოლოდ რომ იქცა. ფოლკლორი დაედო საფუძვლად მის მრავალფეროვან შემოქმედებასაც, რომელიც დღეს კულტურული კაცობრიობის ერთ-ერთ შემადგენლად მოიზარება. წინამდებარე კრებული იეიტსის ლექსებს, პიესებს და ირლანდიურ ფოლკლორზე დაწერილ სტატიების კრებულს აერთიანებს. ასევე სიტყვას, რომელიც სტოკჰოლმში ნობელის პრემიის მიღების შემდეგ წარმოთქვა.

მარტენ პაჟი, როგორ გავხდი იდიოტი, რომანი, მთარგმნელი მაია ქაცანაშვილი, რედაქტორი: თეა ქიტოშვილი, თბ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2010.
ახალგაზრდა ფრანგი მწერალი (1975 წ.), მარტენ პაჟი რამდენიმე რომანის ავტორია, თუმცა პოპულარობა ერთმა მათგანმა – “როგორ გავხდი იდიოტი” მოუტანა. წიგნი 2001 წელს გამოვიდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა. იგი რამდენიმე ენაზეა თარგმნილი. ამიერიდან მისი მშობლიურ ენაზე გაცნობა ქართველ მკითხველსაც შეეძლება. ანტუანს “ვაი ჭკუისგან” სჭირს, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. თავად ფიქრობს, რომ ავადაა და ამის მიზეზი ჭკუაა, თუმცა ამას არავინ აღიარებს, არც ავადმყოფად მიიჩნევენ. “ანტუანი იტანჯება და ამ ტანჯვას რომ ბოლო მოუღოს, რას აღარ ცდის: ალკოჰოლიკად გადაქცევას, თავის მოკვლას… ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდება და იწყება იდიოტად გადაქცევის საინტერესო ექსპერიმენტი. ანტუანი ცდილობს გათავისუფლდეს იმ ტვირთისგან, რომელიც ცხოვრებაში ჭკუის სახით ერგო.” როგორ განხორციელდა და რით დასრულდა ეს ექსპერიმენტი, წიგნიდან შეიტყობთ.

აკაკი წერეთელი, უცნობი პუბლიცისტიკა, რედაქტორები: ირმა რატიანი, მაკა ელბაქიძე, შემდგენლები: ნანა ფრუიძე, ჯულიეტა გაბოძე, ელისაბედ ზარდიაშვილი, თბ, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2010.
აკაკი წერეთლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ძალზედ მდიდარია. ქართველების საყვარელი პოეტი ნაყოფიერად წერდა, თუმცა სიცოცხლეში საკუთარი ნაწერების სრულად გამოცემას ვერ ეღირსა. მისი გარდაცვალების შემდეგ რამდენიმეგზის დაიბეჭდა აკაკის თხზულებათა სრული კრებულები, თუმცა პერიოდულად სხვადასხვა წყაროებში აღმოჩენილი ახალი მასალები ამ გამოცემათა განახლებას საჭიროებდა. შარშან ლიტერატურის მუზეუმმა დაიწყო აკაკი თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის ბეჭდვა, რომელიც ბოლო წლებში მიკვლეული მასალებითააPგამდიდრებული. მათ შორისაა აკაკის უცნობი პუბლიცისტური წერილები, რომელთაც ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლებმა სხვადასხვა კერძო წყაროსა და არქივში მიაგნეს. ისინი ამ კრებულში პირველად იბეჭდება. წარმოდგენილი მასალა მკითხველის ყურადღებას თემატური მრავალფეროვნებითა და სიმწვავით იპყრობს. მკითხველი გაეცნობა აკაკის მოსაზრებებს ლიტერატურისა და ხელოვნების, ისტორიის, რელიგიისა და კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის საკითხებზე. “მათში პოეტი საგულიხმო შეხედულებებს გვთავაზობს საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის, მეზობელ ხალხებთან მიმართების, ე.წ. ოსმალოს საქართველოს შესახებ. ამ დღემდე უცნობ თუ უკვე მივიწყებულ წერილებში აკაკი ეხება ქართული ეთნოფსიქოლოგიისა და კულტურის გენეზისის საკითხებს; საგულისხმო დაკვირვებებს გვთავაზობს “დასელებთან” დაკავშირებით; ასევე, აქტიურად განიხილავს ქალთა ემანსიპაციის საკითხს, მსჯელობს ქალის როლისა და დანიშნულების შესახებ ქართულ რეალობაში და ა.შ.” – ვკითხულობთ შესავალში. მნიშვნელოვანია ქართულ-სომხურ ურთიერთობათა შესახებ გამოქვეყნებული წერილებიც, ასევე პეტერბურგში ყოფნისას “ნოვოე ობოზრენიეში”-ში გამოქვეყნებული სტატიებიც, რომლებიც ბანკების საკითხს ეხება და დღემდე არსად გამოქვეყნებულა. კრებულში სულ 57 წერილი შევიდა, წერილები, რომლებიც ქართულ საზოგადოებას აკაკის პიროვნების უკეთ გაცნობასა და შესწავლაში დაეხმარება.

ნუგზარ მუზაშვილი, გაქცევა ისტორიიდან, ლიტერატურული ესეები, რედაქტორი თეიმურაზ დოიაშვილი, თბ, დიოგენე, 2010
არსებობს თუ არა საქართველოში კრიტიკა? ქართულ სინამდვილეში ღრმად ფესვგადგმულ ამ მარადმწვანე შეკითხვას ვერც ლიტერატურათმცოდნემ და კრიტიკოსმა, ნუგზარ მუზაშვილმა აუარა გვერდი. ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხი რომ არც ისე ადვილია, ამაში თავად დარწმუნდებით, თუ ავტორის ლიტერატურულ ესეს გაეცნობით. ერთნი მიიჩნევენ, რომ ჩვენთან კრიტიკა არსებობს, მეორენი – რომ არ არსებობს, მესამენი საერთოდ გაურკვეველ ვითარებაში არიან. “არსებობს, მაგრამ… არ არსებობს, ანუ არ არსებობს, მაგრამ… არსებობს” ასეთია პარადოქსული დასკვნა, რომელიც მსჯელობის ლოგიკური ჯაჭვის შედეგად იკვეთება. თუმცა, დასავლეთის გამოცდილებისგან განსხვავებით, საქართველოში მთავარი კრიტიკის არსებობა-არარსებობა კი არა, ის არის, თუ რისი განსჯა შეიძლება და რისი – არა. ეს ერთ-ერთი საინტერესო წერილია ნუგზარ მუზაშვილის ახალი კრებულიდან, რომელსაც იგი მკითხველს სთავაზობს. წიგნში ძირითადად თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედებაა მიმოხილული, მათ შორის არიან: ნუგზარ შატაიძე, ირაკლი სამსონაძე, ბესო ხვედელიძე, ოთარ და როსტომ ჩხეიძეები, ირაკლი ჯავახაძე, გივი მარგველაშვილი და სხვები. საინტერესო დაკვირვებები, ზუსტი აქცენტები და კონკრეტულ მწერალთა შემოქმედების სიღრმისეული ანალიზი ამ წიგნის მთავარი ღირსებაა, ამიტომ ავტორის მიერ შესავალში გამოთქმული ეჭვი, “როდის მიაგნებს მკითხველი ლიტერატურული ესეებისგან შემდგარ წინამდებარე კრებულს ან საერთოდ, მიაგნებს თუ არა”, უსაფუძვლოდ მეჩვენება.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

მალხაზ ხარბედია – ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადი”

AUDIO
“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ლევან ბერძენიშვილის წიგნი გამოსცა, რომელიც მთლიანად გადასახლებაში გატარებულ წლებზე მოგვითხრობს.
ქართულ ენაზე არც ისე ბევრი წიგნი დაწერილა ციხისა და გადასახლების შესახებ: შეიძლება გავიხსენოთ თითო-ოროლა მოთხრობა XIX საუკუნიდან, რამდენიმე ავტორი XX საუკუნეში, მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე, გივი მაღულარია… და ერთიც, საუკუნეთა მიჯნის მწერალი, ზურაბ ლეჟავა.
ყველა ამ ავტორთან აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა დახატული, ზოგი ფანტასმაგორიულია, სხვები კი ძალზე რეალური, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ, ისინი ყველანი საპყრობილეზე მოგვითხრობენ, ხან რიგით დამნაშავეებზე, ხანაც პოლიტიკურ ტუსაღებზე.
დღევანდელი გადასახედიდან აშკარად ჩანს ამ ტიპის ლიტერატურის კვლევის აუცილებლობა, განსაკუთრებით კი იმ წიგნებისა, რომლებიც ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლებს წარმოგვიდგენენ. ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადი” სწორედ ამ რიგს მიეკუთვნება, თუმცა მაინც ყველა წიგნისგან განსხვავდება, რომელიც კი პოლიტიკურ საპყრობილეზე დაუწერიათ. სათაურის მიუხედავად, ეს არის ძალიან ნათელი და ხალისიანი მოთხრობების კრებული, გნებავთ რომანი, სადაც ავტორი თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე და შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვან წლებს აღწერს.
ლევან ბერძენიშვილი თავიდანვე გვაფრთხილებს, რომ წიგნში საუბარი იქნება მისი ცხოვრების საუკეთესო პერიოდზე, როცა კაგებეს მიერ დიდი რუდუნებით შერჩეულ საუკეთესო ადამიანებთან უწევდა ცხოვრება. დაახლოებით ამავეს ამბობს ბორია მანილოვიჩიც, წიგნის ერთ-ერთი გმირი, და მოჰყავს სოლჟენიცინის, დოსტოევსკის, მაჰათმა განდისა და სხვათა სიტყვები, რომლებიც ბედის მადლიერნი იყვნენ, პატიმრობა რომ არგუნა.
“წმინდა წყვდიადი” ბოლო ათწლეულების მანძილზე ქართულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი და პირადად ჩემთვის, უნიკალური ნაწარმოებია. მან, შესაძლოა, ახალი სუნთქვა შესძინოს ქართულ პროზას. მე ამ წიგნს “ციხის ათას ერთ ღამეს” დავარქმევდი, თუმცა მეორე მხრივ იგი საუკეთესო ქართული ფილოლოგიური რომანიცაა.
რატომ ვადარებ “წმინდა წყვდიადს” ათას ერთ ღამეს? რატომ და აქაც სიკვდილის საშიშროებით იწყება თხრობა და მთხრობელი აქაც, შაჰერაზადასავით, თხრობით იხანგრძლივებს სიცოცხლეს, რადგან ვალი აქვს, სიკვდილთან ჭიდილისას გულაგის ამბები უნდა მოყვეს. პირველ ჯერზე ვითომ თანატუსაღი, არკადი დუდკინი გადაარჩინა დავიწყებას, სინამდვილეში კი თავი გადაირჩინა, რადგან არკადიმ გრიშა ფელდმანი გამოიხმო, გრიშამ ჟორა ხომიზურს უხმო, “ჟორამ ჯონი ლაშქარაშვილს, ჯონიმ რაფიკა პაპაიანს, რაფიკამ გენრიხ ალთუნიანს, გენრიხამ მიშა პოლიაკოვს, მიშამ ბორია მანილოვიჩს, ბორიამ ვადიმ იანკოვს, ვადიმმა ფრედ ანადენკოს, ფრედმა იური ბაძიოს, ბაძიომ ალექსეი რაზლაცკის, რაზლაცკიმ პეტრე ბუტოვს, ბუტოვმა დაინის ლისმანისს…” და აქ ავტორი უკვე ბიბლიურ სიმაღლეებს მიწვდა: “და ყველა ერთად იყო თოთხმეტი და თოთხმეტივემ ერთად უხმო დათოს და ჩემი მეხსიერება ისე განათდა, რომ სინათლე სიბნელედ იქცა, წყვდიადი დაიწმინდა და წმინდა წყვდიადი ალაპარაკდა”.
როგორც შეატყეთ, ამ წმინდა წყვდიადში 15 კაცი ბინადრობს, 15 სრულიად გამორჩეული პერსონაჟი, უფრო სწორად, რეალური ადამიანი. ლევან ბერძენიშვილის ამ წიგნის კითხვისას ყველაზე მეტად სწორედ ეს აღმატებითი ხარისხის უხვი, დაუზოგავი და უშურველი გამოყენება მამხიარულებდა. თითქმის დაუჯერებელი იყო, რომ ბარაშევოში, ერთ პატარა ადგილას მოიყარა თავი მსოფლიოს 15-მა ყველაზე-ყველაზე ადამიანმა. ესენი იყვნენ: თბილისის ისტორიაში საუკეთესო ტაქსისტი, დიადი გეოგრაფოსი და ტოპონიმიკოსი ჯონი ლაშქარაშვილი, ყოვლისმცოდნე მათემატიკოსი ვადიმ იანკოვი, რომელმაც იცოდა – ფრანგული, ინგლისური, გერმანული, ესპანური, იტალიური, ძველი ბერძნული, ლათინური და სანსკრიტი, ზედმიწევნით ერკვეოდა ზოგად და ინდოევროპულ ლინგვისტიკაში, უნივერსალური გიორგი ხომიზური, მსოფლიოში ყველაზე სერიოზული და გაუცინარი ადამიანი, უმტკიცესი პოლიტპატიმარი, “შიმშილობისა და პატიმართა უფლებებისთვის ბრძოლის პრომეთე”, იური ბაძიო, ფენომენალური რაფიკა პაპაიანი, “უნიჭიერესი და უხელმარჯვეესი მაისტერი”, რომელმაც გულაგში შექმნა 12 სიგარეტის ერთდროულად დამამზადებელი მანქანა, ნივრის ავტომატური სანაყი, ნიგვზის საკეპი, შემწვარი თევზის ნაჭრიდან ძვლების ხორცის სტრუქტურის დაუზიანებლად გამომცლელი და მრავალი სხვა (თანაც, გაითვალისწინეთ, რომ წლების განმავლობაში ნიორი, ნიგოზი და შემწვარი თევზი სულ რამდენიმეჯერ ეღირსათ პატიმრებს).
კიდევ ერთი რამე მამხიარულებდა ძალიან ამ წიგნის კითხვისას, ჩვენი, პროფესიული, ფილოლოგიური კალამბურები, ხუმრობები და სატოპკეები, რომლის გამზიარებელიც, სამწუხაროდ ძალიან ცოტაა გარშემო, და რის გამოც არასდროს ვუშვებ ხელიდან ამგვარი ლაღობის შანსს. მაგალითად, ტუსაღები საათობით საუბრობენ აბლაუტსა და სონანტთა სისტემაზე პროტოქართველურ ენებში, კითხულობენ ჰომეროსის ჰექსამეტრებს, პრაქტიკაში ამოწმებენ accusativus cum infinitivo-ს შესახებ თეორიულ ცოდნას, უკირკიტებენ ევრიპიდეს ალკესტისის ძველ ბერძნულ აკადემიურ გამოცემას, ხანდახან კი სულაც ძველ ათენში წარმოიდგენენ თავს და იწყება გაუთავებელი სოკრატული დიალოგები გასტრონომიული კულტურის, ფილოსოფიის, ლიტერატურის, კინოს შესახებ. იქ ერთი ეპიზოდია, როდესაც პოლიტიკური ბანაკის ორი კორიფე, სოკრატედ წოდებული იანკოვი და დემოკრიტე-ანადენკო კამათობენ და სოკრატე ამბობს:
“ყურადღება მიაქციე მავთულხლართებს, უკაცრავად, ზეთისხილის ხეებს და მაღალ ანძებს, უკაცრავად, ტაძრებს, საიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საყვარელი ჩაფრები, უკაცრავად, ანტიკური ხანის ქურუმები ორგზის სოციალისტური შრომის გმირის, მიხეილ ტიმოთეს ძე კალაშნიკოვის მსოფლიოში სახელმოხვეჭილ ავტომატურ იარაღს გვიმიზნებენ, უკაცრავად, მე მინდოდა მეთქვა, რომ ზეთისხილის შტოებით გვლოცავენ, როგორც შავი ჭირით გატანჯული თებელები ლოცავენ თავის მეფე ოიდიპოსს…”
ამ წიგნში, მადლობა ღმერთს, პოლიტიკაზე იშვიათად კამათობენ, აქ პოლიტიკაზე მხოლოდ ირონიით საუბრობენ. სხვათა შორის, აქ ვერც უახლოესი წარსულიდან კარგად ნაცნობ მებრძოლ ოპოზიციონერ ლევან ბერძენიშვილს ამოიცნობთ, გარდა ერთად-ერთი შემთხვევისა, როცა საქართველოს “პოსტმოდერნისტი პრეზიდენტის ლექსიკურ აგრესიას” ახსენებს. მხოლოდ ახსენებს, წიაღსვლების და ფსიქოანალიზის გარეშე.
ცალკე თემაა პატიმართა გასტრონომიული ოცნებები და რეალური მენიუ. ლევან ბერძენიშვილმა გულაგის სამზარეულოს სრული ენციკლოპედია შემოგვთავაზა, სადაც ყველაფერია: ცხელი ჩაი პატარა მრგვალი კამფეტით, თევზის პაშტეტ “ვოლნას” ბუტერბროდები მესამეული ცხობის შავ პურზე, აჭარული ხაჭაპური გულაგურად და ტორტი ბარაშევულად. წიგნის ერთ-ერთი მფარველი ანგელოზი ფრანსუა რაბლეა, რაბლესთან ერთად კი რა თქმა უნდა, ბახტინიც, ფილოლოგთა ბასილევსი, ვინაც იქვე, დუბრავლაგსა და სარანსკში გაატარა პატიმრობის წლები. რაბლეზიანური ენამზეობისა და მუცელღმერთობის მწვერვალია სოკრატესა და ანაქსაგორას, ანუ ლევან ბერძენიშვილისა და ვადიმ იანკოვის არაჩვეულებრივი დიალოგი კულინარიულ კულტურებზე, რომელიც ძალიან მალე, იმედი მაქვს “ქართული ლიტერატურული ნადიმის ანთოლოგიაში” დაიმკვიდრებს უმნიშვნელოვანეს ადგილს (ამ წიგნზე უკვე კარგა ხანია ვმუშაობ).
ზემოთ სოკრატე ვახსენე, ერთგან მას თავად ამ წიგნის ავტორი განასახიერებს, ლევან ბერძენიშვილი, რომელიც დღემდე, სხვა რამეებთან ერთად, ერთი განსაკუთრებული ნიშნით გავდა სოკრატეს, კერძოდ კი იმით, რომ იგი თითქმის არაფერს წერდა. ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ კი უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევან ბერძენიშვილმა უღალატა ამ სოკრატულ პრინციპს, სამაგიეროდ ქართულ მწერლობას შეემატა ერთი ძალზე მახვილი გონებისა და ალესილი ენის პატრონი. ავტორი, რომელსაც პირის გემოც აქვს და სიტყვებსაც ზუსტად კმაზავს.
© radiotavisupleba.ge

მალხაზ ხარბედია – გრიგოლ რობაქიძის ორი წიგნი ტირანებზე

AUDIO
გამომცემლობა “ინტელექტმა” დალი ფანჯიკიძისა და ნანა გოგოლაშვილის მიერ თარგმნილი გრიგოლ რობაქიძის ორი ტექსტი, “ადოლფ ჰიტლერი” და “მუსოლინი” გამოსცა ცალკე წიგნებად.
90-იანი წლების დასაწყისში, ლამის ლეგენდები დადიოდა გლიგოლ რობაქიძის ზოგიერთ ტექსტზე, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, ორი ყველაზე უცნაური წიგნიც იგულისხმებოდა, “ადოლფ ჰიტლერი – უცხოელი მწერლის თვალით” და “მუსოლინი – მზიურნიშნეული”, რობაქიძის ესეისტური დითირამბები, რომელიც მან XX საუკუნის ორ ყველაზე ცნობილ დიქტატორს მიუძღვნა.
გრიგოლ რობაქიძე საქართველოდან სწორედ დიქტატურას და ტოტალიტარულ რეჟიმს გაექცა, თუმცა მოგვიანებით თავად მოექცა მის ხიბლში, ამჯერად უკვე ევროპაში და შექმნა წიგნები, რომლებიც დღემდე ზოგისთვის გაუგებარია, სხვებისთვის კი მისი შემოქმედების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. ისტორიკოს ლაშა ბაქრაძისთვის გაკვირვებას იწვევს რობაქიძის ეს გადაწყვეტილება, წიგნები მიეძღვნა მუსოლინისთვის და ჰიტლერისთვის:
“რობაქიძესთან დაკავშირებით როდესაც ვსაუბრობთ, ჩემთვის, მართალი გითხრათ, ძალიან უცნაური არის ის, რომ ადამიანი, რომელიც საბჭოურ ტოტალიტარულ რეჟიმისადმი უაღრესად კრიტიკულად იყო განწყობილი – მას აქვს მთელი თავი დაწერილი სტალინზე “ჩაკლულ სულში”, რომელიც შემდეგში ცალკეც დაიბეჭდა მის ესეების ტომში სახელწოდებით “დემონი და მითოსი”, სადაც სტალინი წარმოდგენილია როგორც აჰრიმანული სული… აქ რობაქიძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს სწორედ ამ პერსონის კულტს, პიროვნების კულტს და ამბობს, რომ ამაში არის რაღაც დამანგრეველი სული – და როდესაც სტალინისადმი კაცი ასე კრიტიკულად არის განწყობილი, ცხადია გიკვირს, რატომ მოსწონდა მას ჰიტლერი და მუსოლინი”.
ასეთი სიმპატიების გამოვლენა იმ პერიოდში საკმაოდ ხშირი იყო, ორ მსოფლიო ომს შორის მოქცეული ორი ათწლეული სწორედ ამ თვალსაზრისით იყო ნიშნეული:
“პირველ მსოფლიო ომსა და მეორე მსოფლიო ომს შორის, ეტყობა ისეთი ეპოქა იყო, რომ ასეთი გატაცება ამ “დიადი ადამიანებით” ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს განსაკუთრებით ამ პერიოდისათვისაა დამახასიათებელი, მანამდეც, რასაკვირველია, შუასაუკუნეებში და ანტიკურ ეპოქაში მსგავსი რამ, ცხადია იყო… მაგალითად, XIX საუკუნეში არ იყო ასეთი ტენდენცია, მაგრამ როგორც ჩანს ამ პირველმა მსოფლიო ომმა, მართლაც საშინელმა და სისხლისმღვრელმა ომმა, გამოიწვია საზოგადოებაში ისეთი აზრი, რომ საჭიროა ძლიერი პერსონები. ამიტომაც არის, რომ ხდება აღზევება ისეთი ადამიანების, როგორც იყო მუსოლინი, ჰიტლერი და საბოლოო ჯამში ეს აღფრთოვანებაც სტალინით არამხოლოდ პროპაგანდის შედეგია, არამედ საზოგადოებაში ასეთი ძლიერი ხელისა და წესრიგის დამამყარებლის საჭიროების დანახვისაც”.
მსგავსი მაგალითები სხვა ეპოქებიდანაც არაერთი ვიცით, სხვა დროშიც ბევრი იყო ამგვარი თაყვანისცემა და ანტიკურობიდან მოყოლებული – დღემდე ზოგიერთი მწერალი, უფრო ფართოდ კი ხელოვანი, რატომღაც საჭიროდ თვლის ხოლმე კონკრეტულ ლიდერში, ძალაუფლების მატარებელ პერსონაში იმედი და შთაგონების წყარო დაინახოს. შეუძლებელია ამ თემაზე საუბრისას ეზრა პაუნდი და კნუტ ჰამსუნი არ გაგახსენდეს. ლაშა ბაქრაძემაც სწორედ ეს ავტორები დაიმოწმა ჩვენთან საუბრისას:
“დიქტატორებით აღფრთოვანება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ან საბჭოური მოვლენა. არამედ დასავლეთშიც, სრულიად დემოკრატიულ ქვეყნებშიაც იყვნენ მწერლები, რომლებიც ამ ძლიერი პიროვნებებით იყვნენ აღფრთოვანებულები. ჰიტლერით და მუსოლინით აღფრთოვანებული იყვნენ ისეთი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ავტორები, როგორც ეზრა პაუნდი ან კნუტ ჰამსუნი. ამის გამო მათ ომის დამთავრების მერე პასუხიც კი მოთხოვეს. ასეთივე დიდი აღფრთოვანება იყო სტალინის გარშემოც. მთელი დასავლეთის მწერლები აქ დადიოდნენ და ერთეული გამონაკლისების გარდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც დითირამბებს უწერდნენ სტალინს, რომელიც რაღაც ახალს აშენებდა, ეს იყო მათთვის სრულიად ახლებური სამყაროს ხედვა”.
გრიგოლ რობაქიძისთვის ასეთი სიახლის მატარებელი მუსოლინი და ჰიტლერი იყო. ამ უკანასკნელის შესახებ იგი მისთვის დამახასიათებელი, ლამის კომიზმამდე მისული მაღალფარდოვნებით წერდა: “დიახ, ჰიტლერი მართლაც ახალი ადამიანია, უფრო ზუსტად: ადამიანის ახალი ხატი. მის სტიქიაში მარად სასიკეთო ინტერფერენციის სახით შემოქმედებითად იძვრის ცალკეულ ადამიანსა და პირველმდგენს შორის დაძაბულობის შემქმნელი ცეზურა”.
რობაქიძის ენა ცალკე საკითხია, ეს ფენომენი კარგადაა შესასწავლი და პირველ, საინტერესო დაკვირვებებს ერთ-ერთი წიგნის ქართულად მთარგმნელის, დალი ფანჯიკიძის ბოლოსიტყვაობაშიც შეხვდებით, სადაც იგი მწერლის ენობრივ ექსპერიმენტებს “ქართულში გერმანული ხატებისა და სიტყვათქმნადობის დამკვიდრების მცდელობად” აღიქვამს. დალი ფანჯიკიძესთვისაც და ნანა გოგოლაშვილისთვის, ცხადია, გრიგოლ რობაქიძის ესეების ენობრივი თავისებურებები იყო ამოსავალი თარგმანზე მუშაობისას. სწორედ ამიტომაც, ქართული თარგმანი გაჯერებულია ტერმინოლოგიური “მზიურნიშნეულობით”. ორივე წიგნში ბევრია თაურხატები და თაურდროები. აქ სხვა უცნაურ კომპოზიტებსაც შეხვდებით – პირველთაური, თაურმცენარე, მგეობა, პირველმდგენი, შინაგან შემკვრივებული მთლიანობა, ქვაშიშობილი, მზმელი, სხეულმოვლენილი და სხვ. თუმცა კი, რა თქმა უნდა, მთავარი ცნებები გრიგოლ რობაქიძისთვის, ესაა – რასა, ხალხი, სისხლი, მიწა. სადღაა ადამიანი? ამაზე პასუხი მარტივია, აქ მხოლოდ ერთი ადამიანია, დიადი ზეკაცი, გმირი, ვისაც წიგნი ეძღვნება და ვისი სახელებიც მითიურ რუნებშია ამოტვიფრული, ან კიდევ სადმე სხვა რომელიმე იდუმალ ტექსტებში.
ლაშა ბაქრაძის აზრით, გრილორ რობაქიძის ეს ტექსტები არანაირ განსაკუთრებულ ლიტერატურულ ღირებულებას არ წარმოადგენს:
“ამავე დროს უნდა ითქვას, რომ ეს ორივე წიგნი, შეიძლება ითქვას, მდარე დონის ლიტერატურაა. არც ერთი წიგნი არ წარმოადგენს ლიტერატურის თვალსაზრისით რაიმე ღირებულებას, თორემ, იგივე დიქტატორებზე ბევრი საინტერესო წიგნიც დაწერილა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ რობაქიძე შემდეგში, ომის მომდევნო წლებში ცდილობდა რაღაცნაირად გაენეიტრალებინა ეს წიგნები და ეთქვა, რომ ეს არის რაღაც ეზოთერული ხედვა და არ ეხება კონკრეტულად რომელიღაც პიროვნებებს, მან ეს ვერ მოახერხა და ვერც მოახერხებდა, რადგანაც ყველასათვის ცხადი იყო, რომ ჰიტლერზე და მუსოლინიზე ასე წერა, როგორც მას აქვს დაწერილი, მიუღებელი იყო და მიუღებელი იყო არამხოლოდ ომის შემდეგ, როდესაც ყველაფერი გამოჩნდა, არამედ მანამდეც, განათლებული კულტურული მწერლისგან”.
განათლება და კულტურა კი რობაქიძის ამ წიგნებში XX საუკუნის დასაწყისისა ჩანს. რუსული ვერცხლის საუკუნე ვლადიმის სოლოვიოვისა და ვიაჩესლავ ივანოვის სიმბოლისტური ფილოსოფიით, ნიცშესა და ეზოთერული აზროვნების უცნაური ნაზავი, ავტოციტატები. ერთი სიტყვით, გრიგოლ რობაქიძე თავისი ტრადიციული მარაგით მიუდგა საკითხს, თუმცა ბევრისთვის მაინც გამოცანად დარჩა, რამ აიძულა მწერალი, ეს ტექსტები დაეწერა. ასეა ლაშა ბაქრაძისთვისაც:
“რობაქიძეს არ ჰქონდა აუცილებლობა იმისა, რომ ასეთი წიგნი დაეწერა, განსხვავებით, მაგალითად, საბჭოთა კავშირში დარჩენილი მწერლებისაგან, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, სხვანაირ გამოსავალს ვერ ხედავდნენ, რომ არ დაეწერათ “ბავშვობა და ყრმობა”, “ბელადი” და სხვა, მსგავსი სახელწოდების წიგნები, რომელიც მათ ფიზიკურად გადაარჩენდა. რობაქიძეს კი ასეთი აუცილებლობა არ ჰქონია, ანუ მან ეს ორივე წიგნი შეკვეთის გარეშე, გულახდილად დაწერა, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა”.
დაბოლოს, ერთი უცნაური დეტალი. “ჰიტლერში” რობაქიძე ასევე ძალზე გულახდილად აღწერს ეპიზოდს, როდესაც იგი ბერლინიდან იენაში მგზავრობისას დახვრეტილ თბილისელ მეგობრებზე წუხდა. სცენა იმით მთავრდება, რომ მის მწუხარებას მხოლოდ პატარა გოგონასთან ერთად ფიურერის სურათების თვალიერებამ უშველა. ბოლოს კი დასძენს: “აი, ასე, უმცირეს დეტალებში მჟღავნდება ფიურერის ზემოქმედების ძალა”.
გრიგოლ რობაქიძის პროზა დღესაც საკმაოდ დიდ ზემოქმედებას ახდენს ბევრ ჩვენს თანამედროვეზე, სწორედ ამიტომ, კარგად უნდა გვახსოვდეს ისიც, რაც თავად რობაქიძეზე ახდენდა დიდ ზემოქმედებას.
© radiotavisupleba.ge

მალხაზ ხარბედია – პაატა შამუგიას “უპირატესობა”

AUDIO
გამომცემლობა “დიოგენემ” ორიოდე კვირის წინ პაატა შამუგიას პოეტური კრებული, “უპირატესობა” გამოსცა.
პაატა შამუგია ბოლო თაობის ქართველი პოეტების გამორჩეული წარმომადგენელია. იგი ამავდროულად ყველაზე მოხერხებულიც აღმოჩნდა. იცის კაცმა სათაურის შერჩევა: ნახეთ როგორ ჟღერს მისი ბოლო კრებულის სახელწოდება – პაატა შამუგიას “უპირატესობა”!
პოეტების ამ თაობას, რომელსაც პაატა მიეკუთვნება, პირობითად 2000-იანელებიც შეგვიძლია ვუწოდოთ, ისინი უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე გამოჩნდნენ ქუჩებსა და კაფეებში, დამკვიდრდნენ ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების ფუნცლებზე. ზოგმა ჯერ ვერ მოასწრო კრებულის გამოცემა, სხვებმა კი უკვე რამდენიმე კრებულის დაბეჭდვაც მოახერხეს. პაატასთვის ეს წიგნი რიგით მეხუთეა, თუმცა მიაჩნია, რომ ამ ბოლო კრებულში იგი ყველაზე სერიოზულად მიუდგა საქმეს. ჩემი აზრითაც, “უპირატესობა” ყველაზე სრულყოფილი გამოუვიდა პაატას, წიგნს ნამდვილად ეტყობა დაკვირვებული ავტორის ხელი, კარგად ჩანს ერთგვარი პოეტი-რედაქტორის შრომა, რომლის წყალობითაც დაუნდობლად გაიცხრილა ლექსები, შემცირდა რაოდენობრივად, სამაგიეროდ თავად კრებული შეიკრა. პაატასთვის სიზუსტე იყო ამოსავალი:
“ეს კრებული არის დაახლოებით 4 წლის შეჯამება. წარმოიდგინე როგორ უნდა გამეცხრილა, რომ ასეთი ძალიან, ძალიან მცირე ზომის კრებული გამოსულიყო. შევეცადე ზუსტი განწყობები ყოფილიყო კრებულში. ლექსები საგულდაგულოდ გადავარჩიე და ძალიან კრიტიკულად და შეიძლება ითქვას, მტრულადაც კი მივუდექი ჩემს ლექსებს. არ ვიცი რამდენად ზუსტი ვიყავი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი, რომ სიზუსტე ბოლომდე შემენარჩუნებუნა და ეს იყო ჩემი მთავარი სამუშაო პრინციპი წიგნის შედგენისას. ნებისმიერი მეტაფორა, რომელიც არ არის მათემატიკაზე ოდნავ ზუსტი, უბრალოდ ცუდია და უნდა გადააგდო”.
პაატა შამუგია 1983 წელს დაიბადა გალის რაიონში. 9-10 წლისა უკვე დევნილი იყო. 1993 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე წელი კახეთში გაატარა, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, სკოლაც იქვე დაამთავრა და შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თავად ხუმრობს ხოლმე, რომ გადაკახელებული მეგრელია, ამიტომ, მეც დავაყოლებ ერთ პატარა ხუმრობას და ვიტყვი, რომ პაატა კოლხურ-კახურ-თბილისელი პოეტია ფილოლოგიური განათლებით, არის უახლესი ლიტერატურის სპეციალისტი, ცხოვრობს ბაგების სტუდქალაქში, წერს ლექსებს და ხანდახან ესეებსაც კი.
თავის პირველ ცდებს იგი ლექსებს არც უწოდებს, ასე ამბობს, აბსოლუტურად ყველაფრის გავლენას განვიცდიდი რასაც ვკითხულობდი და სწორედ ამ გავლენებით გავდიოდი ფონსო. ერთი სიტყვით, ადრეულ წიგნებს ხელის ვარჯიშს უწოდებს, მის წინა კრებულს, ბევრისთვის ნაცნობ “ანტიტყაოსანსაც” კი სხვანაირად აღიქვამს:
“წინა კრებული, “ანტიტყაოსანი” იყო ალბათ ყველაზე ხმაურიანი ჩემს ტექსტებში… მე ვფიქრობ, რომ იქაც იყო რაღაც გავლენები, არც იქ იყო საბოლოოდ სტილი ჩამოყალიბებული (თუმცა სტილის ჩამოყალიბება ბოლომდე გრძელდება). ამიტომ მგონია, რომ დღეს უკეთესად დავწერდი იმ პოემას, “ანტიტყაოსანს”, რომელიც არც მაშინ აღმაფრთოვანებდა მაინცდამაინც. უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს წიგნი რაღაცას გამოიწვევდა, მთლად ასეთ რეფლექსიებს არ მოველოდი, მაგრამ რაღაცას გამოიწვევდა. ამაში რაღაც პროვოკაციის ელემენტიც იყო”.
პროვოკაციული მომენტები ამ კრებულშიც არის. როგორც გითხარით, პაატა შამუგია მოხერხებული პოეტია და ამიტომაც იგი ხშირად ცდილობს ამბოხებული პოეტის სიტყვები რელიგიური ჰიმნის ფორმაში მოაქციოს. ეს ახალი ამბავი არ არის, საგალობლის ფორმას აქამდეც ბევრი იყენებდა და ახლაც იყენებს, მათ შორის თანამედროვე ქართველი პოეტებიც:
“მე ხშირად ვიყენებ ხოლმე ფსალმუნის ფორმას, რადგანაც ვთვლი, რომ ბიბლიური ტექსტები, სახარებები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოეზია რაც კი შეიძლებოდა დაწერილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მე თავად არა ვარ მორწმუნე, ვთვლი, რომ ეს ტექსტები არის ძალიან დიდი ინტელექტისა და ძალიან დიდი პოეტური ხედვის მატარებელი ხალხის დაწერილი. თავად ტრადიციასთან ჩემი ასეთი მიმართება, ანუ უკუმიმართება, გნებავთ ანტიმიმართება, ესეც ბუნებრივი მგონია. და საერთოდ, ჩემი აზრით, ნებისმიერი არატრადიციული პოეზია ტრადიციის ცოდნით, მისი სიყვარულით იქმნება. ამ სიყვარულის გარეშე იგი მხოლოდ ნიუსი იქნებოდა. ეს ასეა და სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. ტრადიციის ფსკერზე უნდა ჩახვიდე და იქიდან ამოიტანო… რაც არ უნდა უპირისპირდებოდე, პიკასოც უპირისპირდებოდა კლასიკურ ხელოვნებას, სანამ ბოლომდე არ შეისწავლა და ბოლომდე არ გააცნობიერა, მანამდე არ გადავიდა აბსტრაქციონიზმში. მერე გადავიდა და ზუსტად მაშინ თქვა თავისი ის საფირმო ფრაზა – ძლივს ბავშვივით დავიწყე ხატვა-ო. ასე არის, მემგონია, რაღაც ეტაპის მერე, როცა უკვე კლასიკური ხელოვნება გბეზრდება, გღლის, უპირისპირდები მას და მემგონი ამ დროს ხარ ყველაზე რევერანსული და კეთილგანწყობილი კლასიკური ხელოვნების მიმართ. მე ასე მგონია, პარადოქსია, მაგრამ ასე ხდება…”.
პაატას თავისი თაობის შესახებაც უყვარს ლაპარაკი. იგი წერს კიდევაც თავის თანამედროვეებზე და ფიქრობს, რომ მათ სხვებთან შედარებით, მაინც გაუმართლათ:
“მე ვფიქრობ, რომ ჩემს თაობას უფრო გაუმართლა, ანუ უპირატესობა აქვს ის, რომ მას მოუწია უფრო გახსნილ დროში ცხოვრება, სადაც ინფორმაცია შემოდის, გაედინება, გასცემ, იღებ და ასეთ დროს არ არის იმდენად ძნელი თანამედროვე ხელოვნების კეთება. მე ვფიქრობ ადრე უფრო ძნელი იყო, თუნდაც საბჭოთა დროს და ამიტომაც, ის ადამიანები, ვინც მაგ დროს აკეთებდა რაღაცას თანამედროვე ხელოვნებაში, უბრალოდ უნდა დავაფასოთ”.
პაატა შამუგიას ყოველი კრებული ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, თითოეულს უზარმაზარი ნახტომები აშორებს. ამის მაგალითია მისი ბოლო წიგნიც, “უპირატესობა”, სადაც უკვე ნამდვილი პოეტი დავინახე, პოეტი, რომელმაც არამხოლოდ გალაკტიონის ქნარი დატოვა გვერდზე, არამედ თავისი უახლოესი წინამორბედებიდანაც გამოაღწია – დათო ბარბაქაძიდან, ზვიად რატიანიდან და რატი ამაღლობელიდან. იგი უკვე თავისუფალი პოეტია, თამამი და გაბედული:
“რატომღაც ქართველ პოეტებს ყველას გაგვიჭირდა გალაკტიონის გავლენიდან გამოსვლა. ეს სენივით არის, რომელიც უნდა მოიხადო. ხშირად ამბობენ ხოლმე ამას და მემგონი მართალიც არის. არ ჰქონია არც ერთ პოეტს ისეთი გავლენა, რუსთაველსაც კი (თუმცა რუსთაველს ალბათ ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა გალაკტიონამდე), როგორიც გალაკტიონს ჰქონდა. არ ვიცი რატომ არის ასე, ეს დღესაც კი არ მესმის, როდესაც ის ესთეტიკა უკვე აღარ არსებობს, რატომ იწერება იმ ენით ლექსები, ე.წ. გალაკტიონური ლექსები. თუმცა ეს პოეტები ალბათ ვერ ქმნიან ამინდს და დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ ეს ესთეტიკა უბრალოდ აღარ აინტერესებს მკითხველს. ვისთვის ქმნი, თუ მკითხველისთვის არა?”
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ პაატა მკითხველის პოეტია, მის ლექსებს ზუსტი ადრესატები ჰყავს, მე კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს, ვისთვისაც პაატა შამუგიას ლოცვები, ეკზეგეზები და პოეტური მცნებები იწერება, ასევე მისი მწარე ირონიით სავსე ე.წ. ფილოლოგიური ლექსები. ვიცნობ და მინდა მჯეროდეს, რომ მათ სწორად ესმით ახალგაზრდა პოეტის სიტყვები, რომელიც მან თავისი წიგნის ყდაზეც გამოიტანა:
“უნდა გვესმოდეს,
რომ პოეზია
საგნებისთვის ადგილის შეცვლაა
და მეტი არაფერი მოეთხოვება
და როცა მეტს ვთხოვთ,
ხდება კიდეც უფრო მეტი,
მაგრამ – უფრო ნაკლები, ვიდრე პოეზია”.
© radiotavisupleba.ge

მალხაზ ხარბედია – იონა მეურნარგიას ხუთტომეული

AUDIO
გამომცემლობა “არტანუჯმა” იონა მეურნარგიას ხუთტომეულის ბეჭდვა დაიწყო. პირველ ტომში ცნობილი ქართველი ბიოგრაფოსის კლასიკური ნაშრომებია შესული, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დავით ერისთავის ცხოვრებას ეძღვნება.
იონა მეუნარგია ქართული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელია. თავად მას შესაძლოა ხშირად არ ახსენებენ, მაგრამ სამაგიეროდ მისი წყალობით შემონახულ ფაქტებს იმეორებენ ხოლმე. XIX საუკუნის ვერც ერთი მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის მის ნაწერებს, მის ბიოგრაფიულ წიგნებსა და ნარკვევებს, რომლებიც, დროის სურნელსაც ატარებენ და უძვირფასეს ცნობებსაც გვაწვდიან.
მწერალმა და ლიტერატურათმცოდნე ზაზა აბზიანიძემ იონა მეუნარგიაზე საუბრისას სიმონ ჯანაშიას ერთი მოსწრებული გამოთქმა გაიხსენა, რომელიც ზუსტად აღწერს მეუნარგიას ღვაწლს ქართული ლიტერატურის წინაშე:
“იონა მეუნარგიას სრულიად უნიკალური როლი ერგო XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში და შემთხვევითი არ იყო, რომ სიმონ ჯანაშიამ მას უწოდა ქართული ლიტერატურის პლუტარქე. იონა მეუნარგია თავის თავსაც ძალიან საინტერესოდ ახასიათებდა, ასე წერდა – მე ვიყავიო ქართული ლიტერატურის მეწვრილმანე და ფაქტების მომქუჩებელი”.
ეს მეწვრილმანე, რომელმაც უზარმაზარი მეკვიდრეობა დაგვიტოვა, 1852 წელს დაიბადა სამეგრელოში, სოფ. ცაიშში. სწავლობდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1874 წლიდან ჟენევის აკადემიაში გააგრძელა სწავლა, 1876 წლიდან კი გარკვეული პერიოდი პარიზში ცხოვრობდა. როგორც თავად წერს დღიურებში, სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მან პირადად ვიქტორ ჰიუგო, რამაც, რა თქმა უნდა, თავისი კვალი დააჩნია 24 წლის ახალგაზრდა ლიტერატორს.
საქართველოში იგი 1878 წელს დაბრუნდა და მაშინვე აქტიულად ჩაება აქაურ ამბებში, ისე, რომ ერთ წელიწადში, 1879 წელს, იგი “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის წევრად და მდივნად აირჩიეს. იაკობ გოგებაშვილი წერდა მის საქმიანობაზე: “მეგრული სიცოცხლით და სიმარჯვით აწარმოებდა ამ თანამდებობას. სხვათა შორის, მისი თაოსნობით დაარსდა წერა-კითხვის საზოგადოების საუკეთესო დარგი – ბიბლიოთეკა და მუზეუმი”-ო.
იონა მეუნარგია, შეიძლება ითქვას, ჟანრის ფუძემდებელია ქართულ მწერლობაში, ბიოგრაფიული ჟანრისა. მართალია მანამდე იყო პლატონ იოსელიანის წიგნი გიორგი XIII-ზე, მაგრამ იონა მეუნარგიამ ლიტერატურული ბიოგრაფია აუცილებლობად აქცია და საკუთარი სტილიც შეიმუშავა:
“ერთი რამ არის კიდევ ხაზგასასმელი, რომ იონა მეუნარგიას იმ მრავალ კოლეგათაგან და თანამედროვეთაგან განსხვავებით, რომლებიც წერდნენ ქართულ მწერლობაზე, მემუარებსა და მოგონებებსაც წერდნენ, მან შეიმუშავა განსაკუთრებული სტილი. დავარქვათ თუ გნებავთ ვრცელი ლიტერატურული პორტრეტი და სხვათა შორის, თავისებურება თავისი ლიტერატურული მანერის თვითონვე აღნიშნა – ჩვენში კრიტიკა და ბიოგრაფია, რაღაცგვარი სალიტერატურო ზრდილობის ბრძანებით, შინაური ცხოვრების აღწერაში ერთობ ხელმოჭერილია. ჩემს ოთახში ვის რა ეკითხება რა ხდებაო, აი საფუძველი ამგვარი დარბაისლური საქციელისა. ჩვენ უნდა ვუღალატოთ ამ ზნეს, საყვარელი კაცისა ყველაფერი უნდა ვიცოდეთ”.
ამის გამო მას ხშირად საყვედურობდნენ, მაგალითად, იაკობ გოგებაშვილი ილიას შესახებ წაკითხული გულახდილი ლექციების გამო ძალიან ბრაზობდა ბიოგრაფოსზე, ვინ იცის, შესაძლოა იაკობის ამ პროტესტიდან იწყება დღევანდელი ილიას ისტორიაც, როცა თავად ილიაზე მეტად, რიტორიკული ილია, ილიას კლიშე უფრო ფასდება. სხვათა შორის, იონა მეუნარგია, ამ ბრაზის სანაცვლოდ, იაკობზეც აგროვებდა მასალებს, აგროვებდა მართალ ამბებს, მხოლოდ თვალით ნანახს ან სანდო პირთაგან გაგონილს:
“კიდევ ერთი რამ არის. იონა მეუნარგია, განსხვავებით ვთქვათ ზაქარია ჭიჭინაძისგან, რომელსაც ზოგჯერ ენდობი, ზოგჯერ არა, მის შემთხვევაში ბოლომდე არასდროს არა ხარ დარწმუნებული ინფორმაციის ზუსტ ფაქტოლოგიურ ადეკვატურობაში, იონა მეუნარგია, როგორც წესი, ყოველთვის ზუსტია, უმნიშვნელო გამონაკლისებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში. გარდა ამისა, მან ყურადღება მიაქცია ისეთ ფიგურებსაც, რომლებსაც ჩვენ, ფაქტობრივად მხოლოდ მისი საშუალებით ვიცნობთ. ერთი არის იმ კლასიკოსთა წყება, რომლებზეც ის წერდა – ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი ერისთავი, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ნიკოლოზ დადიანზე, ეკატერინე ჭავჭავაძეზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ტექსტებია. განსაკუთრებით ღიშესანიშნავია “დავით დადიანი და მისი დრო”, რომელიც არამარტო მისი კარის ცხოვრებას აღწერს, არამედ მთლიანად, რა ხდება იმდროინდელ სამეგრელოში, რა სიტუაციაა, როგორი ურთიერთობებია”.
პირველი ტომის პირველივე ბიოგრაფიაში, სადაც იგი ალექსანდრე ჭავჭავაძის ცხოვრებას აღწერს, მან პირველ აბზაცშივე დაწერა: “ცხოვრების აღწერა ჯერ არ შედგენილა ჩვენში. სურათები, ლიტერატურული მოგონება, სილუეტი არც კი გაგონილა. თითქო იღბლად დაჰყოლია ჩვენს ლიტერატურას, რუსთველიდან დაწყებული, შესანიშნავი მწერლებისა და ადამიანთა ვინაობის უცოდინარობა”.
ზემოთჩამოთვლილი ავტორების გარდა მას ძალიან უნდოდა ვრცელი ნაშრომები მიეძღვნა აკაკისა და ილიასთვისაც, სურდა დაეწერა ნიკო ნიკოლაძისა და ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიებიც.
“მან რაღაც ისეთი დეტალები აღწერა ქართველ კლასიკოსთა ბიოგრაფიებში… თითქოს აბსოლუტურად უმნიშვნელო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს იყო გამამდიდრებელი, ფერის მიმცემი, სურნელის შემნახველი, იმ ეპოქის, იმ ადამიანის, მისი ხასიათის… მემგონი მარტო მისგან ვიცით ის, თუ როგორი ურთიერთობა აქვს ვთქვათ გრიგოლ ორბელიანს თავის შინამოსამსახურეებთან”.
პირველ ტომში ძირითადად სწორედ გრიგოლ ორბელიანის შესახებ დაწერილი ტექსტებია შესული, ასევე ნარკვევები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დავით ერისთავის ცხოვრების შესახებ. ძალზე საინტერესო უნდა იყოს მწერლის ნაწერების II ტომი, სადაც მისი დღიურები და “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისიის ოქმებიც შევა. III ტომი მთლიანად დადიანებს მიეძღვენა, დანარჩენები კი იონა მეუნარგიას პუბლიცისტიკასა და ეპისტოლარულ მემკვიდრეობას დაეთმობა.
1984 წელს, ლექსიკონ-ცნობარში, “ქართული მწერლობა” იონა მეუნარგიას ბიოგრაფიის ავტორი წუხდა: “ი. მეუნარგიას უამრავი სტატია და წერილი ისტორიის, ეკონომიკის, სახალხო განათლების შესახებ გაბნეულია ჟურნალ-გაზეთებში”. ცოტა ხანში კი, ჩვენ პირველად მოგვეცემა საშუალება ერთ გამოცემაში თავმოყრილი ვნახოთ ყველა ეს ნაწერი:
“ხელახალი გამოცემა, იონა მეუნარგიას 5 ტომი, ანუ ყველაფერი, რაც კი მას დაუწერია, იქნება თვითოეული ქართველი ადამიანისთვის, თითოეული ქართველი ლიტერატორისათვის, რომელიც სერიოზულადაა დაინტერესებული ქართული მწერლობის ისტორიით, ეს წიგნი იქნება საჩუქარიც, სამაგიდო წიგნიც და ისევე, როგორც იონა მეუნარგიას პირველმა გამოცემებმა შეავსეს რაღაც ხარვეზი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, ისევე შეავსებს იმ რაღაცა საარვისო მიწას, რომელიც დარჩენილი არის ჩვენს ცოდნაში XIX საუკუნის ქართული მწერლობისა და ქართული ცხოვრების ნირის შესახებ.”
სამწუხაროდ, საქართველოში დღესაც ისეთი ვითარებაა, როგორიც 130 წლის წინ იყო, როდესაც იონა მეუნარგია იწყებდა თავის ბიოგრაფიულ წიგნებზე მუშაობას. დღესაც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს ე.წ. სალიტერატურო ზრდილობა მბრძანებლობს და ახალს ვერაფერს ვიგებთ ახლო წარსულისა თუ თანამედროვე მწერლების შესახებ. ხოლო სინამდვილეში ეს ზრდილობა კი არა, გულგრილობაა, რომელიც ჯერ მწერლის ტექსტებს გვავიწყებს, შემდეგ კი პიროვნებასაც.
© radiotavisupleba.ge

მალხაზ ხარბედია – ჰაინრიჰ ბიოლის “უკაცო სახლი”

AUDIO
გამომცემლომა “ინტელექტმა” ხელმეორედ გამოსცა ჰაინრიჰ ბიოლის წიგნი “უკაცო სახლი”, რომანი, რომელიც ჯერ კიდევ 70-იან წლებში თარგმნა თენგიზ პატარაიამ.
ჰაინრიხ ბიოლს ჩვენთან კარგად იცნობენ, მისი სახელი 70-იანი წლების ქართული დისიდენტური წრეებისთვისაც ბევრს ნიშნავდა და მას ოფიციალური კულტურის წარმომადგენლებიც სცემდნენ პატივს. რამდენიმეწლიანი პაუზის გამოკლებით, მისი წიგნებიც ითარგმნებოდა ქართულად, მცირე ჯანრის ნარმოებები კი პერიოდულ გამოცემებში იბეჭდებოდა. მახსოვს ნოდარ კაკაბაძის რამდენიმე წერილი ჰაინრიჰ ბიოლის შესახებ. ეს ტექსტები მაშინ ბევრისთვის საუკეთესო შესავალი აღმოჩნდა მწერლის შემოქმედებაში. ბატონი ნოდარი ხომ ბიოლის მთავარი მასპინძელი იყო მისი საქართველოში სტუმრობისას, 1966-სა და 1972 წლებში.
მწერლის პირველ ვიზიტამდე, 1964 წელს გამოვიდა ქართულად ნოდარ რუხაძის მიერ თარგმნილი ბიოლის მოზრდილი კრებული, სადაც რომანი და მოთხრობები იყო შესული, შემდეგ, 1968 წელს გამოიცა ერთი პატარა კრებული, ხოლო უკვე 70-იანი წლების განმავლობაში ბიოლის სახელს ტაბუ დაედო საბჭოთა საქართველოში და მხოლოდ 1987 წელს გამოქვეყნა “კლოუნის თვალთახედვის” ნელი ამაშუკელისეული თარგმანი და შემდეგ კი თენგიზ პატარაიას მიერ გადმოქართულებული “უკაცო სახლი”.
თავის დროზე ბიოლი ხშირი სტუმარი იყო საბჭოთა კავშირში, მისი ნაწარმოებები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა თანდათანობით, საბჭოთა რეჟიმის გახშირებული კრიტიკისა და საბჭოთა დისიდენტებთან მეგობრობის გამო, იგი აითვალწუნეს. ბიოლი ძალიან ქომაგობდა კავშირიდან ემიგრირებულ მწერლებს, მათ შორის სოლჟენიცინს და ცოლ-ქმარს, ლევ კოპელევსა და რაისა ორლოვას, რომელთაც წიგნშიც, “ჩვენ ვცხოვრობდით მოსკოვში – 1956-1980” შესანიშნავი მონაკვეთი მიუძღვნეს ბიოლს.
ბიოლის დამსახურებაა, რომ ძალიან ბევრი აკრძალული ტექსტი მოხვდა საბჭოთა კავშირიდან ევროპაში, არსებობს ზეპირი მონათხრობიც იმის თაობაზე, რომ ბიოლის თბილისში პირველი სტუმრობისას ცნობილმა გერმანისტმა, ბუბა ყარალაშვილმა რაღაც ტექსტი გადასცა გერმანელ მწერალს, რომლის ნახვის დიდი სურვილი გამოუთქვამს თურმე იოსებ ნონეშვილს, იმდენად, რომ საქმე ლამის ჯიბეებში ხელის ჩაყოფამდე მისულა.
1970 წელს ნობელი მიანიჭეს სოლჟენიცინს, 1972-ში თავად ჰაინრიჰ ბიოლმა მიიღო ნობელი და ამ დროიდან მოყოლებული პერესტროიკამდე მას ძალიან იშვიათად ახსენებდნენ.
ამ პერიოდის მსხვრეპლია თენგიზ პატარაიას ეს თარგმანიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დარჩა თაროზე. როგორც მთარგმნელის მეგობარი, პოეტი და მთარგმნელი ანდრო ბუაჩიძე ამბობს:
“აქ ერთი მნიშვნელოვანი რამე იყო, რაზედაც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. როდესაც თენგიზმა ძალიან დიდი ენთუზიაზმით დაიწყო ამ რომანის თარგმნა და დაამთავრა ბეჯითი მუშაობა, – თენგიზი ძალიან შრომისმოყვარე კაცი იყო, ოღონდ შრომისმოყვარეობა არ იყო რაღაც თავსმოხვეული, მას არავითარი ზეწოლა არ უხდებოდა საკუთარ თავზე, ვინაიდან შთაგონებით მუშაობდა, უყვარდა ეს საქმე, იგი მოწოდებით მწერალი იყო – და მოხდა ასეთი რამ: როდესაც მას უკვე დასრულებული ჰქონდა რომანზე მუშაობა და წიგნი უნდა დაბეჭდილიყო, საბჭოთა კავშირიდან გააძევეს ალექსანდრ სოლჟენიცინი. გერმანიაში მას ჰაინრიჰ ბიოლი დახვდა, მან უმასპინძლა და ამ ფაქტის გამო, რომელსაც თავად თენგიზთან მართალია არავითარი კავშირი არ ჰქონია, მაგრამ მოხდა ისე, რომ აიკრძალა საერთოდ ბიოლის სახელის ხსენება საბჭოთა კავშირშიც და ბუნებრივია საქართველოშიც. რომანის გამოცემა დიდი ხნით გადაიდო და შემდეგ “პერესტროიკის” პერიოდში გამოცა ეს კარგი თარგმანი”.
მთარგმნელის, თენგიზ პატარაიას მეტ-ნაკლებად იცნობს ქართველი მკითხველი, იგი სამწუხაროდ ტრაგიკულად გარდაიცვალა 90-იანი წლების დასაწყისში, თუმცა დავგვიტოვა რამდენიმე გამორჩეული თარგმანი, რომელიც დღეს უკვე თითქმის სრულად გამოიცა ხელახლა. ბიოლის “უკაცო სახლის” თარგმნა მან ჯერ კიდევ უცხო ენების ინსტიტუტში სწავლისას დაიწყო:
“დაიწყო იმით, რომ თენგიზი უცხო ენების ინსტიტუტში სწავლობდა, გერმანული ენის განხრით. გერმანულ ენას იგი ბავშვობიდან ეუფლებოდა, მოთხრობებსაც წერდა… და ეს ორი რამ შეერწყა ერთმანეთს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანუ მწერალი და მთარგმნელი. თავიდან მცირე ჟანრის პროზაულ ნაწარმოებებს თარგმნიდა, ერთ მშვენიერ დღესაც, როცა უკვე ამთავრებდა უცხო ენების ინსტიტუტს, ხელი მოჰკიდა ჰაინრიჰ ბიოლის რომანის, “უკაცო სახლის” თარგმნას”.
ამ რომანის გარდა, და შესაძლოა ამ რომანზე მეტადაც აღნიშვნის ღირსია რობერტ მუზილის შესანიშნავი მცირე ტრილოგია “სამი ქალი”, მოთხრობები – “გრიჯია”, “პორტუგალიელი ქალი” და “ტონკა”, რომელიც 1978 წელს გამოიცა ცნობილი ქართველი გერმანისტის, დავით დავლიანიძის ბოლოსიტყვაობით. გარდა ამისა, თენგიზ პატარაიას ეკუთვნის მუზილისვე “შაშვის” თარგმანი, რომელიც პირველად 1998 წელს დაბეჭდა “დიოგენემ”. “დიოგენესვე” ეკუთვნის ზემოხსენებული “სამი ქალის” ხელახალი, 2004 წლის გამოცემა.
“მე მინდა ერთ გარემოებასაც გავუსვა ხაზი, რომ თენგიზ პატარაიამ ეს რომანი თარგმნა უკვე იმ პერიოდში, როდესაც ის მუშაობდა მთარგმნელობით კოლეგიაში. ეს იყო ძალიან საინტერესო დაწესებულება, ყოველ შემთხვევაში ერთი მიმართულება ჰქონდა ძალიან საინტერესო, უფრო სწორად სულისკვეთება, რომ მთარგმნელი უნდა ყოფილიყო მოწოდებით მწერალი, ანუ თანაბრად კარგად უნდა დაუფლებოდა როგორც უცხო ენას, ისევე ქართულ ენას და მართლაც, ეს პროფესიული ინტერესი თენგიზში ძალიან ღრმად იყო გამჯდარი და ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი მუდმივად აღმავებდა თავის ცოდნას, რაშიც ერთ-ერთ საეტაპო ნაწარმოებად მისთვის მუზილის “სამი ქალი” იქცა”.
© radiotavisupleba.ge

თამთა მელაშვილი – “გათვლა”

განვაგრძოთ კითხვა

მალხაზ ხარბედია – უცნობი წიგნები ქართველებისთვის და უცხოელებისთვის

განვაგრძოთ კითხვა

ნინო ტეფნაძე – პაატა შამუგიას ,,უპირატესობის” შესახებ

პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე, “- ეს სიტყვები ,,ნატვრის ხიდანაა” და ალბათ, თავის დროზე მათ სანუგეშებლად შეიქმნა, ვისაც პოეტობა უნდოდა და არ გამოუვიდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. პოეტები აღარც ქაღალდზე წერენ, არც მაინცდამაინც რითმებით ლაპარაკობენ და მით უმეტეს, დიდი ოცნებით გასხივოსნებულნი აღარ დააბიჯებენ დედამიწაზე.
ასე მაგალითად, პაატა შამუგიას მე დედამიწაზე უფრო ხშირად სოციალურ ქსელში ვხვდები. კამათისას ყოველთვის მზად აქვს ხოლმე სათანადო ირონია და მოწინააღმდეგის მხარზე დასაცემად საჭირო ციტატები. რაც მთავარია, მის სტატუსებსა და კომენტარებს თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ ის არაა პოეტი ლეონიძისეული გაგებით. არც ქაღალდზე წერს, არც ტრადიციულ რითმებს წყალობს და საერთოდაც, კარგად ესმის, რომ პოეზია უსაქმურობის ხელოვნებაა და ღმერთთან მას ხელი არ აქვს.
მიუხედავად ამისა, რელიგიური მოტივები მის ლექსებში მაინც უხვადაა. პრინციპში, ამას უკვე რელიგიური მოტივებიც აღარ ჰქვია, ეს რაღაც ფამილარული დამოკიდებულებაა ღმერთთან. როცა შეგიძლია, მას ზურგზე ხელი დაუტყაპუნო და ნახევრად (!) ხუმრობით უთხრა: ,,მოდი, როლები გავცვალოთ, ღმერთო, შენ იყავი პაატა შამუგია, მე ვიქნები ღმერთი”. ვიღაცისთვის ასეთი მიდგომა იაფფასიანი ტრიუკია, ვიღაცისთვის – ეპატაჟი. ჩემთვის საქმე გაცილებით მარტივადაა. პაატა მორწმუნე არაა, რის გამოც თავს უფლებას აძლევს, ყოველგვარი მოწიწებისა და ტაბუების გარეშე იმეგობროს ღმერთთან. ან სულაც ითანამშრომლოს. კრებულ ,,უპირატესობაში” პაატა შამუგია, უფალი და საბჭოთა კავშირი მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და თითოეული მათგანის ,,უპირატესობა” მხოლოდ პირობითია.
ასეთივე ფამილარული დამოკიდებულება აქვს ავტორს ენასთანაც. სიტყვებთან ურთიერთობისას ის თავდაჯერებულია, როგორც ფილოლოგს ეკადრება და თავხედი, როგორც პოეტს მოეთხოვება. პაატას ლექსებში ხშირად წააწყდებით კონტექსტში სავსებით ლოგიკურად ჩამჯდარ ნეოლოგიზმებსა და სიტყვების ეკლექტურ სიმრავლეებს (,,კონიუნქტურული ,,დედაენა” უცხოელი ტურისტისათვის”, ,,მომხდართა ლოცვა”, ,,მეთერთმეტე მცნება”), მელოდიურ ალიტერაციებსა და გონებამახვილურ შედარებებს.. და ამ ყველაფერს შემთხვევითობის სასიამოვნო კვალი ატყვია. თითქოს, ლექსის წერის დროს წინ ეწყოს სიტყვებით სავსე ტომრები და მათგან ამოღებულ სიტყვებს ანგარიშმიუცემლად არგებდეს ერთმანეთს. მიუხედავად ასეთი ,,დაუდევრობისა”, ყოველი შედარება ბუნებრივი გამოდის: ,,სიყვარული ისეთი სახიფათოა, როგორც კონტრაბანდა/
და ღიმილი პირდაპირი, როგორც ვარდნა”, ყოველი მეტაფორა კი – ემოციურად ზუსტი:
,,მიწაში საიმედოდ ჩათესილმა მკვდრებმა გაიხარონ,
ყლორტები გამოიღონ,
ხელებზე ხილ(ებ)ი გამოებათ და ვიხილოთ ხილი”.
ვფიქრობ, ემოციური სიზუსტე იმით მიიღწევა, რომ პაატა პოეტი-ცენზორია. დაუნდობლად ცხრილავს ხოლმე საკუთარ ლექსებს, გადარჩენილი ლექსებიდან- მონაკვეთებს, გადარჩენილი მონაკვეთებიდან კი – სიტყვებს. შედეგად კი 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 თხელი კრებული მიიღება. სამაგიეროდ, ის, რაც წიგნში ხვდება, საუკეთესოა.
წიგნში ლექსებთან ერთად პოემაა შესული, ,,უპირატესობა”. ის ათი თავისგან შედგება და თითოეულ მათგანში სხვადასხვა კუთხით შლის მთავარ თემას – საბჭოთა კავშირს. ასოციაციები ერთი შეხედვით, ბანალურია: სიკვდილი, დუმილი, წითელი ფერი, გადასახლება. სამაგიეროდ, ამ ასოციაციების გამოხატვის ფორმაა განსხვავებული. ასე მაგალითად, იღებს პოეტი წინადადებას ,,ამხანაგ მამას ასახლებენ მიუდგომელ სიცივეში” და სამი სერიის თერთმეტ მწკრივში აუღლებს. ამ ექსპერიმენტის შედეგად კი საინტერესო პოეტური პარადიგმა იბადება. გარდა ამისა, უხვადაა საბჭოთა რეჟიმის აღმწერი ახალი სიმბოლოები: შიშის დესანტები, წითელი მგლები, ანონიმური რეალობა.. აქ ვერსად ნახავთ ნამგლებსა და უროებს. საბჭოთა მიმართებები პაატა შამუგიასთან არაპროგნოზირებადია, როგორც მომავალი წლის ამინდი.
ჰო, აი წერას უკვე ვასრულებდი და გამახსენდა, რაც აქამდეც უნდა მეთქვა. პაატა მხოლოდ სოციალურ ქსელში არაა ირონიული. ის ირონიას ლექსებშიც იყენებს და ალბათ, სწორედ ამით გაურბის პოეტურ ტრადიციად ქცეულ სენტიმენტებს. როგორც წესი, მისი ირონია არ ტოვებს წმინდა, ხელშეუხებელ თემებს, რაც სულაც არაა გასაკვირი. აკი თვითონ პაატაც ამბობს, რომ პოეზია მხოლოდ საგნებისთვის ადგილის შეცვლაა. ადგილის შეცვლას კი ღმერთიც ისე ექვემდებარება, როგორც ნებისმიერი მოკვდავი.
პ.ს. ჩემთვის სწორედ ეს – ღმერთსა და ადამიანს შორის წაშლილი ზღვარია პაატას პოეზიის მთავარი ,,უპირატესობა”.
© kalmasoba.com