• კრიტიკა,  რეცენზია

    ლაშა ბუღაძე – კარიკატურისტი

    სატირიდან იდეურ სიბერწემდე

    ტარიელ უნაფქოშვილი

    ლაშა ბუღაძე, კარიკატურისტი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    ლაშა ბუღაძეს თავის შემოქმედებაში საბაბი თუ მიეცა, ყოველთვის სიხარულით ატრიზავებს სასულიერო პირებსა და ეკლესიური ცხოვრებისაკენ ახალმიქცეულ ადამიანებს. საბაბის პოვნა კი იოლია – ლაშა ბუღაძე თხზავს, თხზვაში თავისუფალია და საიდანაც უნდა, იქიდან გამოაძვრენს გასამასხრებელ პერსონაჟსა თუ სიტუაციას.
    ლაშა ბუღაძის მღვდლები აკურთხებენ დისკოთეკებს (რომანი ”ბოლო ზარი”); მრევლის წევრებად ჰყავთ ნარკომანები, რომელთა სულში არავითარი ძვრა არ ხდება (ამდენად, მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა უნაყოფოა ამ უკანასკნელისათვის); ლაშა ბუღაძე იჩხრიკება მისი იმ პერსონაჟების ინტიმურ ცხოვრებაში, რომლებიც საქართველოს მართლამადიდებელ ეკლესიას წმინდანად ჰყავს შერაცხილი (მოთხრობა ”პირველი რუსი”). აშკარაა მწერლის სატირული დამოკიდებულება ქართველთა გამოღვიძებული სულიერებისადმი. ეს მიმართება ლაშა ბუღაძემ უფრო დახვეწა თავის ბოლო რომანში ”კარიკატურისტი”.
    თბილისში ზედიზედ კლავენ სხვადასხვა პროფესიული სფეროს წარმომადგენლებს: მინისტრს, თეატრის რეჟისორს, გენერალს, მომღერალს, საქართველოს ელჩს რუსეთში. საქმეს იძიებს პროკურატურის ხუთი რგოლი. რომანის ერთი მთავარი პერსონაჟი, გამომძიებელი გიორგი ნოზაძე მეოთხე რგოლის წევრია. ძიება დიდმარხვისას მიმდინარეობს. გვესმის, რომ მხატვრული შემოქმედება თავისუფლების გარეშე არ არსებობს, მაგრამ რისთვის დაჭირდა ავტორს, ერთმანეთისთვის დაემთხვია ეს ორი რამ – ძალისხმევა მკვლელების მისაგნებად, როგორც პროფესიული ვალდებულება და მიწიერი საზრუნავისაგან გათავისუფლების, უფალთან მიახლოების, ცოდვათაგან განწმენდის, ლოცვისა და სინანულისათვის გამიზნული მცდელობა?
    სწორედ იმისთვის, რომ მკითხველი დააეჭვოს მარხვის მნიშვნელობაში თანამედროვე ქართველთათვის, შეაპაროს, რომ ჩვენ გვიჭირს, ფაქტიურად, არ შეგვიძლია შევუდგეთ ჭეშმარიტ რწმენას, ამაოა ჩვენი ძალისხმევა ვიცხოვროთ ისე, როგორც ამას ქრისტიანის ცხოვრების წესი მოითხოვს. ეს ყველაფერი – მარხვის მნიშვნელობაში დაეჭვების გარდა – შეიძლება ითქვას თანაგრძნობით, გულისტკივილით, გამხნევებით… მაგრამ არა – ლაშა ბუღაძე სხვა გზას ირჩევს: ის იცინის, მეტიც, დასცინის, და ცდილობს, მკითხველიც თავის მხარეს გადმოიყვანოს.
    ვნახოთ, როგორ ცდილობს ამას ავტორი: გამომძიებელი გიორგი ნოზაძე მარხულობს. ახალგაზრდა კაცია, 30 წლამდე. ჰყავს ცოლი ნინო. შვილი არ ჰყავთ. ცოლი ე.წ. სულის მეცნიერებით არის გატაცებული. ლექციებს ესწრება, კავშირი აქვს შვეიცარიაში მცხოვრებ ამ დარგის ”ექსპერტთან”. ცოლ-ქმარს უშვილობა აფიქრებს. მარხვის დროს გიორგი სამარხვო კერძებს მიირთმევს (თუმცა, ჩანს, რომ ყელში ამოსდის) და თავს იკავებს ცოლთან ცხოვრებისაგან. ნინო ამას გაგებით ეკიდება. ისედაც, ცოტა უნდილი და უვნებო ქალია. გამოძიება წინ ვერ მიდის, გიორგი ნერვიულობს. მიაჩნია, რომ მისი ვერსია (სინამდვილეში მცდარი) არის ჭეშმარიტი, მაგრამ ამას არც სხვა იჯერებს და არც წარმატება მოაქვს. გიორგის ფსიქიკა ერღვევა და ფსიქოლოგს მიაკითხავს. ის ჰიპნოზის სეანსს უტარებს და ჰიპნოზის დროს, ავტორის, ანუ ლაშა ბუღაძის აზრით, მარხვისას შეკავებული ვნება პერსონაჟის სიზმარში ამოხეთქავს: გიორგის ესიზმრება, რომ ორალური სექსი აქვს 40-ანი წლების ქართველ კომუნისტ ქალთან, რომელიც ამავე დროს (სექსის დროს!) სიყვარულს უხსნის.
    როცა ვაცხადებთ, რომ ლაშა ბუღაძემ ამ რომანში უფრო დახვეწა სატირული დამოკიდებულება რელიგიური ცხოვრებისადმი, ვგულისხმობთ ცინიზმთან მომიჯნავე ამ სატირის შებურვას სხვადასხვა ეპიზოდში. მარხვა სულიერი შრომაა, რომელიც სულიერ მოძღვართან ურთიერთობით, მონანიებითა და აღსარებით უნდა წარიმართოს. დიდმარხვის დროს გიორგის მოძღვარს განკვეთენ. ამდენად, შეგვიძლია ახალგაზრდა გამომძიებლის სულიერი არამდგრადობა და შფოთი სწორედ უმოძღვროდ დარჩენით ავხსნათ. ბოლოში აღმოჩნდება, რომ გიორგის სულიერი მამა, ავთანდილი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად მონაწილეობდა სწორედ იმ მკვლელობებში, რომელთაც პროკურატურა იძიებდა. ხოლო განკვეთეს მამა ავთანდილი იმის გამო, რომ ეკლესიამ პროკურატურაზე ადრე იცოდა ამ მკვლელობათა ამბავი. ავტორს ალბათ, ჰგონია, რომ აქ ირონიის მწვერვალზეა, რადგან სამართალდამცავთა ხუთ ბრიგადას საქართველოს საპატრიარქო აღემატა დანაშაულის შეტყობაში დასწრებით. ბუღაძე უკან იხევს, საქარველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარ წიაღს განაწმენდინებს მკვლელთაგან და პროკურატურასთანაც ათანამშრომლებს მკვლელთა შესაპყრობად. მაგრამ მთავარი ”კარიკატურისტში” სასულიერო პირთა სახეები კი არ არის, არამედ საერო პირთა რელიგიურობის გაშარჟება.
    რომანს არ ჰყავს არც ერთი პერსონაჟი – სამოქალაქო პირი, რომელიც ჭეშმარიტი რწმენით იქნებოდა შემოსილი. არადა, მთელი ინტრიგა მსუბუქად არის გაჯერებული რელიგიური მოტივებით. რწმენაზე თავს დებენ მკვლელები (მღვდლები და მათი სულიერი შვილები), სადისტები (გენერალური პროკურორის ზედამხედველობით აწამებენ უდანაშაულო კაცს, რის შემდეგაც პროკურორი მობილურიდან VIP ადრესატებს მილოცვას უგზავნის: ქრისტე აღსდგა); მორწმუნეობას ასახიერებენ ფარისევლები – რომანის დასაწყისში მოკლული მინისტრი უოპერატოროდ ეკლესიაში არ მიდის. მარხვას ინახავენ მრუშები (დიდმარხვის შემდეგ პირველი, რასაც პროკურორთა ჯგუფი აკეთებს, აბანოში მიდის მეძავებთან. ეს აბანოს მეძავები ლაშა ბუღაძის ტექსტიდან ტექსტში გადადიან). სულიერი სიმშვიდისათვის მეგობარ მონაზონს აკითხავს ისტერიული ქალი, რომელსაც უსიყვარულობისა და ავი ზნის გამო ქმარი გაექცა (თავის მხრივ, ეს მონაზონი საკუთარ მძღოლს მოლაპარაკე ვირს უწოდებს და სხვა მონაზონთან საუბრისას – თუ არ ეთანხმება – სახეზე შეუფარავი ზიზღი ეხატება. ალბათ, ავტორს სწორედ ასეთი შტრიხების მოფიქრება მიაჩნია საჭიროდ სასულიერო პირის სისხლავსე პორტრეტის დასახატად).
    ჩვენ გვგონია, რომ ქართულ მწერლობას აკლია ნამდვილი ქრისტიანი პერსონაჟი. ცხადია, არ ვლაპარაკობთ ახალ აგიოგრაფიაზე, მაგრამ პორნოგრაფიის ელემენტებით ვერ მივუახლოვდებით პერსონაჟს, რომელშიც ბევრი ჩვენგანი დაინახავდა საკუთარ თავს ან მოისურვებდა მასთან მსგავსებას პერსონაჟის ქრისტიანული რწმენისა და პიროვნული სიძლიერის გამო. ”კარიკატურისტის” ავტორს, ჩანს, სჯერა, რომ ადამიანს შეუძლია იცხოვროს წესიერად და უღმერთოდ, არ მოსწონდეს სხვისი არაგულწრფელობა რწმენაში და ეს კრიტიციზმი ამართლებდეს მას. რწმენის, ეკლესიის წესების მიხედვით ცხოვრებისა და სამოქალაქო ყოფის შეთავსების ძალისხმევა სიგიჟეა და სიგიჟე მოაქვს – აი, რა იკითხება ”კარიკატურისტის” პერსონაჟის, გიორგი ნოზაძის ბედიდან. ეკლესია თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ განა მორწმუნე მოქალაქეთა ასეთი გზააბნეულობა, მრევლის წიაღში მხოლოდ ფარისევლების, მკვლელების, ფანატიკოსების, მრუშების, დაბოღმილი და შერყეული ფსიქიკის ადამიანთა თავმოყრა – ეკლესიის სისუსტეზე ლაპარაკს არ ნიშნავს? რა სურს ლაშა ბუღაძეს, გვითხრას: რომ საქართველოში მოქმედი ყველაზე სანდო, სულიერად ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია სინამდვილეში ვერ წარმართავს თავისი მრევლის წევრთა სულიერ ცხოვრებას? თუ კიდევ უარესი, ისე და იქით წარმართავს, სადაც ბუღაძის გმირები მოქმედებენ?
    არა მხოლოდ ქრისტიანები – ნამდვილი ლაშა ბუღაძესთან არც არავინაა. ვითომ მასონური რიტუალები, კუს ტბის მიდამოებში რომ ტარდება, ისეთი კარიკატურულია, კარგად ვერც ხვდები – მასონებსაც აშარჟებს ავტორი თუ მისმა ფანტაზიამ ვერ წარმოსახა უკეთესი სურათი, ვიდრე ეს “ფართოდ დახუჭული თვალების” ცნობილი ეპიზოდის მწირი პაროდიაა? ზემოთ ხსენებული სულის მეცნიერებიც უფრო აფერისტებს ჰგვანან. ხანდახან გვეჩვენება, რომ სიტყვა კარიკატურისტი წიგნის ყდას სათაურის კი არა, ავტორის გვარ-სახელის ადგილას უნდა ეწეროს – იმდენად მსუბუქი (ამ კონტექსტში კარგს არ ნიშნავს), ზედაპირული მონასმებითაა “დაფერილი” მთელი რომანი, იმდენად დაუხვეწავი და გამიზნულად დამახინჯებულია პერსონაჟთა სახეები. ჩვენი აზრით, ამ რომანის სულ ცოტა, ერთი მოტივი – მარხვა – რბილად რომ ვთქვათ, არ იმსახურებს ასე დამუშავებას. ქრისტიანული ეკლესიის წესი, რომლის მიზანია მწედ ეყოს ქრისტიან ადამიანში სულიერ და ზნეობრივ მისწრაფებათა ბატონობას ხორციელ ვნებებზე, არ არის მართებული მკითხველის გასართობ თემად იქცეს და პერსონაჟის ამგვარ “შინაგან მონოლოგამდე” დახურდავდეს: “სულ ტყუილად უჭამია მთელი ორმოცი დღის განმავლობაში სოიოს კატლეტი და მლაშე ნამცხვრები!” სულიერი და პროფესიული ცხოვრების უნაყოფობა ადამიანისთვის დრამაა, ეგებ ტრაგედიაც. ლაშა ბუღაძე კი ამაზე ეპიკურ კარიკატურას ხატავს.
    გვესმის, რომ ვერ გამოვდგებით პროზაიკოს ლაშა ბუღაძის ოსტატობის ჯეროვან შემფასებლებად, მაგრამ გვგონია, რომ ლიტერატურა, კაზმული სიტყვა უკეთეს სათქმელს უნდა გვიზიარებდეს, ვიდრე ბუღაძემ გაუზიარა მკითხველს რომანში ”კარიკატურისტი”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    ალბერ კამიუ – გადასახლება და სამეფო

    ალბერ კამიუ – ნუ ეძებ ცხოვრების აზრს
    ნინო ცინცაძე
    ალბერ კამიუ. გადასახლება და სამეფო. თარგმანი გიორგი ეკიზაშვილისა. გამომცემლობა “სანი”. თბილისი 2003.

    კრებული “გადასახლება და სამეფო” პარიზში პირველად 1957 წელს გამოქვეყნდა. იმ წელს, კამიუმ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის ნობელის პრემია მიიღო, სამი წლის შემდეგ კი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. “უცხო”, “მითი სიზიფოსზე” “კალიგულა”, “შავი ჭირი”, “დაცემა” უკვე დაწერილი იყო, ანუ ყველა ის ტექსტი, რომლითაც კამიუმ საკუთარი პროტესტის მიუხედავად, ფილოსოფოსის, მორალისტის, ეგზისტენციალისტის, აბსურდისტის სახელი დაიმკვიდრა, უკვე შექმნილი იყო. კრებულში შესული ნაწერები, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემდეგი ეტაპია: მოთხრობები, რომლებიც ისეთი მძაფრად ცოცხალი აღარ არის, როგორც მისი თუნდაც ზემოთნახსენები სამი ნოველა, მაგრამ სამაგიეროდ ყოველი მათგანი ვირტუოზული წერის ტექნიკით გამოირჩევა.
    კამიუს მოთხრობებში განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუ იმ საგნებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მისი ტექსტების სივრცეს ინტენსიურად ავსებენ და ურთიერთქმედებენ, განსაკუთრებულად არ ჩავთვლით. მის მოთხრობებში ხდება ცხოვრება. რას დავარქმევთ ცხოვრებას – რაიმე განსაკუთრებულს თუ ჩვეულებრივ აბსურდს – ეს უკვე რიტორიკული შეკითხვაა. ხოდა, რადგან კამიუ ცხოვრებას წერს, მასთან ორი თემა – აბსურდი და მორალი – ყოველთვის ეჭიდება ერთმანეთს. და, რა თქმა უნდა, არასდროს არც ერთი არ იმარჯვებს. უბრალოდ კამიუს ზოგიერთი გმირი იმის გაცნობიერებით, რომ ცხოვრება აბსურდულია, მაინც მორალური ღირებულებებით ცხოვრობს, მაგრამ ამისთვის არც ჯილდოს იღებს და არც სასჯელს, არც ჯოჯოხეთში ხვდება და არც ცხონდება. კამიუს ნაწერები ერთობ ელიტარული, დახვეწილი და არისტოკრატიულია იმისათვის, რომ რაიმე რეცეპტი გამოგვიწეროს ან რაიმენაირი დასკვნის გაკეთების საშუალება მოგვცეს. “შენ არასოდეს იქნების ბედნიერი, თუ დაიწყებ იმის კვლევას რა არის ბედნიერება. შენ ვერასდროს იცხოვრებ, თუ ცხოვრების აზრს დაუწყებ ძებნას” – აი, კამიუს რეცეპტი.
    “გადასახლება და სამეფო”-ში შესული ტექსტების ერთ-ერთი მთავარი თემა მარტოობაა. ჟანინი და მარსელი (“მოღალატე ცოლი”) დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან. მათ შვილი არა ყავთ. მარსელი ქსოვილებით ვაჭრობს და ომის დასრულების შემდეგ ცოლს ნაჭრების შესაძენად სამოგზაუროდ წაიყვანს. ამ მოგზაურობისას ჟანინი ქმარს უღალატებს, ოღონდ ასეთი ღალატი მხოლოდ ერთ განზომილებაში – ადამიანის სულში ხდება ხოლმე. ჟანინისთვის ცხოვრება უაზრობაა. თავის დროზე იმიტომ გათხოვდა, რომ მარტოობაში არ აღმოხდენოდა სული, მაგრამ მაინც მარტოა. იცის, ქმარს სჭირდება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ამ სიმარტოვის გამო “შურის საძიებლად” ქალი ქმარს უღალატებს, თუმცა ისე, რომ სხვა კაცს არ მიჰყვება, არც სამუდამოდ, არც დროებით: ჟანინი მისი და მისი ქმრის საცხოვრებელი სივრციდან, მათი სამეფოდან საკუთარ სამეფოში გადასახლდება. სამეფოში, რომელიც პატარა არაბული ქალაქის კედლის გალავნიდან დაინახა და სადაც ფიზიკურად ვერასოდეს მივა.
    საკუთარ სამეფოში გადასახლდება მხატვარი იონაც (“იონა, ანუ ხელოვანი მუშაობისას”). ამ სამეფოს იგი საკუთარი ვიწრო ბინის კედელზე ხარაჩოთი ააგებს და იქ მრავალი დღე მარტო ყოფნის შემდეგ ერთადერთ ნახატს შექმნის: “ტილო სულ მთლად თეთრი იყო, მხოლოდ შუაში იონას პატარა ასოებით ერთადერთი სიტყვა მიეწერა. გარჩევით კი გაარჩევდი, მაგრამ ზუსტად ამოკითხვა გაგიჭირდებოდა: solitaire (მარტოხელა, მარტოსული) თუ solidaire (სოლიდარული, თანამდგომი)”. ამ მდგომარეობისაკენ მწერალი პერსონაჟს საოცარი ვირტუოზულობით, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოზიტიურობისა და უარყოფის გზით უბიძგებს. მთელი ტექსტი იონას წარმატებული ცხოვრების გზის აღწერაა. პოზიტიური მოვლენები ერთმანეთს საოცარი სისწრაფით მისდევენ, მაგრამ ისინი როგორღაც უცებ, მკითხველისათვის თითქმის მოუხელთებელად უარყოფით მოვლენებად გადაიქცევიან – ავტორი თავისივე თეზისებს შეუმჩნევლად, მაგრამ დაბეჯითებით, თანაც საოცარი ოსტატობით უარყოფს ხოლმე. ეს ხდება როგორც მაკრო დონეზე – მოთხრობის დასაწყისში მხატვარს “საკუთარი ბედის ვარსკვლავის სწამს”, დასასრულსისას კი ეს მნათობი უხმაუროდ ჩაესვენება – ასევე მიკრო დონეზე – იონას ყველაფერში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე უმართლებს, მაგრამ გზადაგზა, ნელ-ნელა ეს გამართლება დაბრკოლებად ექცევა ხოლმე.
    იონას ძალიან გაუმართლა, მშვენიერი, გამრჯე ცოლი შეხვდა, რომელიც ცდილობდა ყველა წვრილმანი თავად მოეგვარებინა, რომ ქმარს ხატვაში ხელი არ შეშლოდა. მაგალითად, როდესაც იონა ხატავდა და ტელეფონი დარეკავდა “სხვა ბავშვით დაკავებული ლუიზა, წამსვე შვილს აიტაცებდა და აქლოშინებული მივარდებოდა ტელეფონს, მაგრამ გვიანღა, – იონას უკვე მოესწრო ცალი ხელით (უმცროსი) ბავშვი მკერდზე ყავდა მიხუტებული, მეორეში ფუნჯი და ყურმილი ეკავა და ვიღაცისგან მეგობრულ საუზმეზე მიპატიჟებას იღებდა”. წარმატებამ იონას ბევრი მეგობრები გაუჩინა, სტუმრები თითქოს უყვარს კიდეც, მაგრამ ლაპარაკი არ უყვარს. შემდეგ შეგირდებიც გამოუჩნდნენ, მათთან ურთიერთობა თითქოს მოსწონს, მაგრამ უცებ ისე ხდება, რომ ისინი აქეთ დაუწყებენ ჭკუის სწავლებას. იონა გამუდმებით ხატავს, გარდა ხატვისა “სხვა ყველაფერი ერთნაირად საინტერესოც და მოსაბეზრებელიც ეჩვენება”, მაგრამ ეს საინტერესოც და მოსაბეზრებელიც თანდათან მისი ცხოვრების, ანუ ხატვის პროცესის განუყოფელი, მუდამ თანმდევი ნაწილი ხდება და ბოლოს იონას ვარსკვლავს, მის სამეფოს მთლიანად ისრუტავს. მისი საარსებო სივრცე ნელ-ნელა იწურება და ვიწროვდება. დასასრულს იგი ისე პატარავდება, რომ მხოლოდ თეთრ ტილოზე გაურკვეველი ხელით მიწერილ წარწერად რჩება.
    “ვინც ღმერთს მორალური განსჯისათვის მოიხმობს, ის მას საკუთარ თავში კლავს.” წერს კამიუ თავის ერთ-ერთ რომანში. იგი მორწმუნე ქრისტიანი არასდროს ყოფილა (ამას “რენეგატის” მძიმე თავგადასავლის მსუბუქი პაროდიაც ადასტურებს). თუმცა, ეს სულაც არ უშლის მას ხელს იმაში, რომ მაღალი მორალური ღირებულებების ადამიანები მისი მოთხრობების გმირები იყვნენ. შეიძლება მათ მიერ ჩადენილი საქციელი პრაქტიკული შედეგის თვალსაზრისით აბსურდულიც კი იყოს, როგორც ეს სკოლის მასწავლებლის დარიუს შემთხვევაში ხდება (“სტუმარი”), მაგრამ ეს ქმედებები თავისთავადი მორალური ღირებულებაა, რომელსაც სიტუაციის აბსურდულობა სულაც არ აკნინებს. კამიუს გმირები ცხოვრობენ მდუმარედ (თუნდაც “მუნჯებ”-ში) – არ ფიქრობენ იმაზე თუ რა არის ბედნიერება, არ ეძებენ ცხოვრების აზრს, არ სვამენ კითხვებს. უბრალოდ, ხანდახან რეალობასა და მათ მიერ ჩადენილ საქციელს შორის შეუსაბამობა აჩენს ხოლმე რაიმე შეკითხვას. მაგრამ ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა, სხვა თუ არაფერი bon ton ვერ იქნებოდა.
    “გადასახლება და სამეფოს” მოთხრობათა გმირები განსაკუთრებული სულიერი ვნებათაღელვითა და დიდი ემოციებით არ გამოირჩევიან. სამაგიეროდ, მათი მიმართებები გარემოსა და ამ გარემოს შემავსებელ საგნებთან საოცრად დამუხტულია. ამ მიმართებების გამო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტექსტში გარემოს ქსოვილი ძალიან მჭიდროა – სახელი და ზმნა, საგანი და ქმედება განუწყვეტელ ინტენსიურ ურთიერთობაში არიან. ზოგან ეს ინტენსიურობა იმდენად მძაფრია, რომ გარემო მოთხრობის პერსონაჟადაც კი შიძლება აღიქვა.
    ასეთი ტექსტის თარგმნა, დამეთანხმებით, ერთობ ძნელია. მაგრამ, ჩემი აზრით ქართული თარგმანი ამ სირთულეს წარმატებით ძლევს და კამიუს თხრობის დახვეწილ სტილს და მოთხრობათა შინაგან რიტმს კარგად გადმოგვცემს. მკითხველს მხოლოდ ზოგან, ისიც ძალიან იშვიათად თუ შეეშლება ხელი გარემოსა და ადამიანების ურთიერთქმედების ადეკვატურ აღქმაში: მოთხრობაში “მოღალატე ცოლი” ჟანინის სულიერ სამყაროზე გავლენას სწორედ ის სივრცე ახდენს, რომელშიც იგი უეცრად მოხვდება. ზემოქმედება ავტობუსშივე, თავშეხვეულ არაბ მამაკაცებთან გვერდით ყოფნით იწყება და შემდეგ ყოველ ახალ ადგილას მოხვედრისას გმირისათვის დადებითი ან უარყოფითი ემოციების მოგვრით ძლიერდება. არაბი, რომელიც ცოლ-ქმარმა ქალაქის მოედანზე ნახა, შთაბეჭდილებათა ამ ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია: “მოედნის ბოლოდან მათკენ ვიღაც არაბი მოდიოდა. კაცი მაღალი და აღნაგი იყო, ცისფერი მოსასხამი ემოსა და ყვითელი, რბილი წაღები ეცვა. ხელთათმანები ემოსა და მზედაკრულ, არწივისებურ სახეზე ამაყი და გამომწვევი მზერა დასთამაშებდა”. ამ კაცის მიმართ რამოდენიმე წინადადების შემდეგ ზმნა მოიზლაზნებოდას (გვ.24) ხმარება ამაყი არაბის აღქმის ეფექტს აშკარად ანელებს. მოთხრობისათვის გადამწყვეტია ჟანინისა და გალავანს იქით მდებარე სივრცის პირველი შეხვედრა. ცოლ-ქმარს შორის არსებული სულიერი გაუცხოება ამ მომენტში კულმინაციას აღწევს: “გალავანზე გადაზნექილი ჟანინი თვალს ვერ აშორებდა მის წინ გადაჭიმულ სიცარიელეს. გვერდით მარსელი ფუსფუსებდა. მას სციოდა და ქვევით ჩასვლა უნდოდა.” (გვ. 26.) მარსელი გალავანზე ალბათ მოუსვენრად იდგა. მართალია ფუსფუსი ქართულ ენაში მოუსვენარ მოძრაობას აღნიშნავს, მაგრამ ეს სიტყვა მაინც რაიმე საქმის კეთებასთან, ძირითადად კი ოჯახში მოტრიალე დიასახლისებთან ასოცირდება. გალავანზე მდგომი მარსელი ვერანაირი საქმით ვერ დაკავდებოდა. ჩემი აზრით, მისი მოქმედების გამოსახატავად ზმნა წრიალი ბევრად უფრო უპრიანი იქნებოდა და სრულიად უადგილოდ სახლში მოფუსფუსე დიასახლისებთან ასოციაციებს არ გაგვიჩენდა. წამების საშინელების ოდნავ პაროდირებულ, მაგრამ ამავე დროს საოცრად იმპრესიულად დახატულ სცენას მოთხრობაში “რენეგატი” სიტყვა ვაი-ვიში (გვ.48) ნამდვილად არ უხდება. როცა ასე გაწამებენ, შეიძლება ღრიალებდე, ყვიროდე, ხაოდე, მაგრამ არა ვაი-ვიშობდე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტში ამგვარი სემანტიკური უზუსტობები მინიმალურია.
    P.S. დაბოლოს, სიტყვების არე და ფერნანდა ნათესაობით ბრუნვაში არესა და ფერნანდის-ად მოხსენიება ალბათ კორექტურულ უზუსტობას უნდა დავაბრალოთ. გამოტოვებული და შეცდომით დაბეჭდილი ასოები სხვა ადგილებშიც გვხვდება. რას იზამ, სამწუხაროდ, მე ჯერ არ შემხვედრია ისეთი ქართული გამომცემლობა, რომლის მიერ გამოცემულ ტექსტებში კორექტურული შეცდომები არ გაპარულიყოს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    გიორგი მირზაშვილი – "მარშრუტი №48"


    ანდრო ბუაჩიძე
    მოძრაობა წრეში
    გიორგი მირზაშვილი. “მარშრუტი №48”. შემდგენელი და წინათქმის ავტორი ნინო დარბაისელი, რედაქტორი თეიმურაზ დოიაშვილი. თბ., 2003

    პოეტურ სუბსტანციაში პროზაული რეალიების შეტანა თანამედროვე ლიტერატურის განუყრელი თვისებრივი ნიშანია. პოეტური და პროზაული ელემენტების ეს ალქიმია, განზავების ეს უწყვეტი პროცესი, რა თქმა უნდა, გარკვეულ დოზირებასაც გულისხმობს, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება…
    გიორგი მირზაშვილი ლექსების კრებულში “მარშრუტი №48” შიშვლად, პოეტურ აქსესუარში თითქმის განუზავებლად წარმოაჩენს ყოფითობის ნიშნით აღბეჭდილ, პროზაულ მასალას. ეს წიგნი ვრცელი რეესტრია იმ ატრიბუტიკისა, რომლითაც ჩვენი ყოველდღიურობა, ჩვენი მზერა, ჩვენი გული და გონებაა სავსე. გიორგი მირზაშვილი თითქოს ერთ ვიწრო წრეში ტრიალებს და ეს წრე გატენილია უკვე ნაცნობი ნივთებით, საგნებით, მელოდიებით, სიტყვებით, ადამიანებით. “მარშრუტი” მრავალფეროვანი კოლაჟია, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ნამსხვრევებისგან შეკოწიწებული. ეს საკმაოდ ფართო ტილოა, მრავალფიგურიანი კომპოზიციაა, რომლის შუაგულშიც ავტორის მჭიდრო და დახშული სივრცით გარშემოწერილი ფსიქიკაა მოქცეული. ამ ფსიქიკას თითქოს ყოველდღიურობის მონოტონური ხმა ბურღავს.
    გიორგი მირზაშვილი საგანგებოდ უსვამს ხაზს გაუხშოებული ჰაერით სავსე წრის სივიწროვეს. სივიწროვეში მრავალი საგანი ბრუნავს, მაგრამ ისინი წრიულად ბრუნავენ, ე.ი. ჩვენი თვალსაწიერის შიგნით ტრიალებენ და გარკვეული დროითი ინტერვალის შემდეგ ჩვენივე მხედველობის არეში ექცევიან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირგვლივ ტოტალური ერთგვაროვნებაა გამეფებული და ჩვენი ფიზიკური და სულიერი ყოფა საზღვრებშია მოქცეული. საზღვრებს მიღმა გასვლა არ ხერხდება. ამ მხატვრულ და მსოფლმხედველობრივ ეფექტზეა აგებული გიორგი მირზაშვილის ლექსების კრებული “მარშრუტი №48”.
    რას ნიშნავს ყოველივე ეს? ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შინაგანად ჯერ კიდევ არა ვართ თავისუფლები და საბჭოთა სტერეოტიპები აფერხებს ჩვენს წარმოსახვას? ჩემი აზრით, სწორედ ეს თვალსაზრისია უკუფენილი გიორგი მირზაშვილის ლირიკულ ნააზრევში. აქვე ჩნდება ირონიული რაკურსიც.
    გიორგი მირზაშვილის ირონია იმ უცნაურმა სიმბიოზმა წარმოშვა, რომელიც პოსტსაბჭოთა “ნამსხვრევებისგან” არის შედგენილი. ქალაქის ფაქტურა, ახალი საგნობრივი სამყარო, ფირნიშები, ქუჩები, სხვაგვარად სტრუქტურირებული სივრცე, მაღაზიები და ჯიხურები, ცხოვრების განახლებული რიტმი და მელოდია, ფერი და სურნელი, სივრცე და სინათლე – ყველაფერი პოეზიის საგნად იქცა, ყველაფერმა წიგნიერ ქვეყნიერებაში გადაინაცვლა. “ფირნიში “ავტოსკოლა”. დები იშხნელები. ჟინჟლავს. ასფალტი. ბაზრობა – ტლაპო. ნახმარი “ფორდი” – ტაქსი – კატაფალკი. “დინამოს” სტადიონი. თურქული პროდუქცია. რიგი საელჩოსთან, რუხი “გოსკინპრომი”. მთელი პლეხანოვი მყუდრო უბანია. ფოსტამტი. კედლები, ჭიშკრები, თაღები”. “სასტუმრო “საქართველო”, აფთიაქი “ავერსი”, ყველაზე დაბალი ფასები, პრეზერვატივი “სიკო”, შემდეგი გაჩერება ლაღიძის წყლებთან, მეტრო “რუსთაველი”, ძეგლი რუსთაველის, “მაკდონალდსი”. ჰოთ-დოგი, ხაჭაპური, ღვეზელი სოკოთი, ბორჯომი, სპრაიტი, ფანტა და პეპსი, ოტელი “მერანი”, არაყი “გომი”, “ნოტები”, “სონი”, მთავრობის სახლი”… “ჰალსტუხი, ბენდენა, სოდომიტების პარნასი, პედოფილები, ტრანსვესტიტები, ნიმფომანები, კონფორმისტები, ვირთხები ოფისების, ანემიური კავშირები, ჯინის და ტონიკის წრუპვა…”
    ეს ნაწყვეტები სხვადასხვა ლექსებიდან არის ამოკრეფილი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ერთი ლექსის ციტირებას ვახდენდეთ. ასეა მთელ წიგნში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი წიგნი ერთი ვრცელი პოემაა, ერთი სულიერი თავგადასავლის პერიპეტიებია, საგანთა და მოვლენათა ხედის ერთი რაკურსია. ლექსების თანმიმდევრული წყობა დასრულებულ და გამოკვეთილ მთლიანობას უნდა ქმნიდეს. ამგვარი მთლიანობა ხშირ შემთხვევაში თავისებურ ფაბულას, უხილავ განწყობილებისმიერ ქვედინებებს, გამჭოლ მედიტაციურობას უნდა ითავსებდეს თავის შიგნით. ეს ნიშნები შეიმჩნევა გიორგი მირზაშვილის წიგნშიც და ყოველივე ამასთან ერთად ასოციაციური აზროვნებაც იკვეთება.
    გიორგი მირზაშვილი მხატვარია და მისი სიტყვიერ-საგნობრივი ანტურაჟი ხან ნატურმორტებს ქმნის, ხან პეიზაჟებს. მაგრამ არის ფრაგმენტები, სადაც სხვადასხვა სიტყვა თუ საგანი თავის სემანტიკურ ველში სხვადასხვა სიტყვებს და საგნებს იქცევს, იქსელება ასოციაციური ხლართი, რომელიც ზოგჯერ მთელი ლექსის სივრცეს იკავებს. “თონე. რკინიგზა. მტვერი. ქარხანა. ბუფეტი სკოლის, დაფა, მერხები. ზურგჩანთა, ზარი, მასტიკა, ნახერხი, სამელნე, დღიური, შატალო, რვეული, მშობელთა კრება, მშობელთა აქტივი. სხდომა პარლამენტის. კიტრი, პომიდორი, ქინძი, რეჰანი, ძმარი და ზეთი, სვანური მარილი, ხახვი, ნიორი, სპორტის ამბები, მატჩი ფეხბურთის” და ა.შ.
    წიგნის წინასიტყვაობაში (ნ. დარბაისელი) მითითებულია XX საუკუნის 20-იანი და 60-იანი წლების ის ავტორები, რომელთა ნაწერებიც რაღაც ნიშნით ირეკლება გიორგი მირზაშვილის ლექსებში. ყოველგვარი გამოცდილების გაზიარება უმეტესწილად ნაწილობრივ ხდება, კონკრეტული დროის ესთეტიკური მოთხოვნილებების გათვალისწინებით. გიორგი მირზაშვილმაც გამოიყენა საგანთა ჩამონათვალის ის ხერხი, რომელიც 10-იანი და 20-იანი წლების ქართულ პოეზიაში ნამდვილად იყო. 60-იან წლებში შოთა ჩანტლაძემ ამ გამოცდილებაში სკეპსისი და ირონიული შტრიხები შეიტანა. ეს გამოცდილებაც გარკვეულწილად გათვალისწინებულია “მარშრუტის” ავტორის მიერ, მაგრამ გიორგი მირზაშვილის “ნახელავი” მაინც სხვა ნიშნებს ამჟღავნებს. წიგნის წინასიტყვაობაში გაკრთება სიტყვა “ნეონატურალიზმი”. ეს სიტყვა-ცნება, მე მგონი, სხვა პირობით თუ მიახლოებით სიტყვა-ცნებებს შორის ყველაზე უფრო ზუსტად გამოხატავს “მარშრუტის” მხატვრულ თავისებურებას თუ თავისთავადობას. ავტორი აცოცხლებს ნატურას, მას უშუალოდ ნატურიდან შეაქვს ტექსტში უხეში პროზაული შტრიხები. ამ შტრიხების თანმიმდევრობაში ზოგჯერ ირონია, ღიმილი ან სევდა გამოსჭვივის, უმეტესწილად კი ამავე ტექსტში ნატურის ცივი გულგრილობა ირეკლება.
    ყოფით-ცხოვრებისეული რეალიების, პროზაული მასალების შეტანას ქართულ პოეზიაში თანმიმდევრული ხასიათი აქვს. ამგვარი რეალიები უფრო ხელშესახებია, კონკრეტულ-დროით ატმოსფეროს ქმნის ლექსში, აფართოებს პოეტურ თვალსაწიერს.
    ვფიქრობ, რომ შედარებით ახალი თაობის პოეტებმა საკმაოდ წარმატებულად მოახერხეს როგორც კონვენციურ, ისე თავისუფალ ლექსში ამ სიახლის დამკვიდრება. უკვე ტენდენციად ქცეული ნოვაციის რეცეპტი არ არსებობს. პროზაული რეალობის განფენა თუ განზავება პოეტურ სუბსტანციაში ინდივიდუალური ხელწერის, ცალკეული მიგნებების, ხშირად თამამი ექსპერიმენტების მეშვეობითაც ხორციელდება. ამავე ზოგადი ხასიათის ტენდენციას არცთუ იშვიათად ავანგარდის ან მოდერნის სახელით ნათლავენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის არსებითი. არსებითია ისე მოხდეს პროზაულ-პოეტური ელემენტების ერთმანეთში აღრევა, რომ პოეზიამ არ დაკარგოს პოეტური სახე და არ იქცეს ჩვეულებრივ პროზად. ერთი რამ გასათვალისწინებელია: პოეზიის სახე მთელი XX საუკუნის მანძილზე იცვლიდა გამომეტყველებას. ვფიქრობ, არ გამოდგა მთლად სწორი სენტენცია იმის თაობაზე, რომ ოსვენციმის შემდეგ ლექსები აღარ იწერება. ლექსები იწერება, მაგრამ სხვაგვარი. ფაშიზმის და ბოლშევიზმის შემდეგ, ოცდაჩვიდმეტი წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიის დამხობის შემდეგ კვლავაც იწერება ლექსები, სადაც ამ იმპერიის ნამსხვრევებია აღბეჭდილი. გიორგი მირზაშვილმაც ეს ნამსხვრევები აღბეჭდა თავის პოეტურ შემოქმედებაში.
    კრებულის ბოლოს დართული ჩანაწერები თავისებურად აგრძელებს ვრცელ ლექსებს. ისევ ქალაქის პანორამა, ისევ თბილისი, ისევ ნაცნობი სახეები და ადგილები: “მელიქ-აზარიანცის სახლი – მთელი სამყარო, ქვის ფასადი, ნაცრისფერი, მოჟამული, მაგრამ იმედის მომცემი; მაღალჭერიანი ბინები, ბნელი სადარბაზოები, ჰორელიეფები, ერკერები, მტვერი, სიმყარე, სადარბაზოების ფანჯრების ჰაეროვნება, სახურავები, ლურჯი ცა, თეთრი ღრუბლების ნაგლეჯები, წვიმა, მოახლოებული ჭექა-ქუხილი, მტვრის მძაფრი სუნი, განათებული ცა, ალვების კენწეროები, ელბაქიძის დაღმართი, მოზაიკა კუთხის კედელზე, საპარიკმახერო” და ა.შ. – მარშრუტი ¹48 თავის წრიულ სვლას აგრძელებს.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    გიორგი ეკიზაშვილი – ლექსები და თარგმანები

    ეკა ცხადაძე
    “მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება”
    გიორგი ეკიზაშვილი. ლექსები და თარგმანები. თბ., “სანი”, 2002.

    მისი შემოქმედების ნაკლებად ცნობილ მხარეს ორიგინალური პოეტური ტექსტები წარმოგვიდგენს, რომლის სახელწოდებაა – “მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება”. ლექსებისა და თარგმანების კრებული ზაზა ბერიშვილის მიერ გამოიცა 2002 წელს გამომცემლობა “სანში”.
    თანამედროვე ქართული ინტელექტუალური პოეზიის ამ ნიმუშებში ძალიან მაღალია გულწრფელობის ხარისხი. თუმც ეს მხოლოდ ერთ-ერთი ღირსებაა, რომელიც ყოველმხრივ უკომპლექსო და ღია ხასიათის შედეგად მიიღწევა. გიორგი ეკიზაშვილი პირად ტკივილებს და განცდებს იმ სიმშვიდით გვაწვდის, რომელიც უმალ ფიქრის სურვილს იწვევს, ვიდრე უბრალოდ თანაგრძნობას. მარადიული მედიტაციების ტკბილ-მწარე ნიუანსები ფილოსოფიური მრწამსის ჩამოყალიბებას აიოლებს. ფრაზებში ჩნდება განსხვავებული ინტონაციები, განწყობილებანიც ასევე იცვლებიან და შესაფერის სიტყვიერ ხორცშესხმას იძენენ. სიზმრისეული ჩვენებები ცხადში “დუჟმომდგარ” ბრბოსთან გამკლავებას აიოლებს და ძალას მატებს.
    გიორგი ეკიზაშვილის გულწრფელობა მოჩვენებითი არ არის, ამას მისი პოეტური ტექსტები იმდენად ააშკარავებენ, რომ ავტორის სხვა ღირსებები უნებლიეთ მეორე პლანზე ინაცვლებს: “მე ის კაცი ვარ ვის არაფრის არა აქვს დარდი / მე ის კაცი ვარ ვინც ატარებს ათასის სევდას / მე ის კაცი ვარ ვინც სიზმრებში ხედავს ტრამალებს / რომელსაც უნდა სხვებთან ყოფნა და არის მარტო”.
    უდარდელობა გარეგნული ფაქტორია, ცოტა უფრო ღრმად ჩახედვისას “ათასთა სევდას” იოლად შევნიშნავთ და “ჯოგს” მოწყვეტილი მარტოკაცის სადარდელსაც. ადრე გურამ ასათიანი სიწრფელეზე მისთვის ჩვეული მახვილგონივრული პარადოქსულობით წერდა: “თუმცა სიწრფელის მოთხოვნილება ყოველთვის როდი წარმოადგენს ზნეობრივი სიწმინდის შედეგს. ყველაზე გულახდილ აღიარებებს ის ჯარისკაცები წერდნენ სიბერის ჟამს, რომელთაც სიცოცხლე ფარისევლობაში გაატარეს”. არ ვიცი რამდენად შეეფერება ეს დაკვირვება ჩვენი წერილის ობიექტს, მაგრამ მან ყველაზე კარგად უწყის, როგორი მომგებიანია უშუალობა და გულწრფელობა მხატვრულ შემოქმედებაში.
    შესანიშნავია, როცა პიროვნებას არ ეშინია, ბოლომდე შეიცნოს საკუთარი ხასიათი და კიდევ უფრო შესანიშნავია, როცა ამგვარი ქმედების სიწრფელეში მკითხველსაც არწმუნებს. როცა გიორგი ეკიზაშვილი საკუთარ ბავშვობაზე, პირველი შთაბეჭდილებების სიძლიერეზე წერს – მყისიერად იწვევს თანაგრძნობას და ნდობას.
    ცვალებადობას და დროის მდინარებას ბევრი მოგონების გაცამტვერება მოჰყვება; ბუნდოვანდება ზღვის სუნი და ბათუმის კონტურებიც; მხოლოდ ზღვასთან გულითად მიახლებული მეზღვაურები არ ავიწყდება პოეტს. მხოლოდ მეზღვაურმა “იცის” ზღვის სტიქია, ზღვაც ცნობს თავის შვილს. თუნდაც “საკუთარი ბავშვობა დამპალი ტოტივით” მოიკვეთო, პირველი შეცნობისა და აღმოჩენის გამოძახილი სიჭარმაგეშიც ფასეულია.
    გვიან, როცა უკვე თავად ხდები “მეზღვაური”, ხოლო ზღვა შენთვის სიტყვის სტიქიონია – სწორედ აქ გამოცდი ბავშვობის შთაბეჭდილების სიმართლეს. გიორგი ეკიზაშვილი ქართული და ფრანგული ენების სტიქიონს ებრძვის. გამუდმებული ცდუნების დაძლევას ცდილობს, რომელიც განსაკუთრებით ქართულს ახასიათებს – ასევე მუდამ ცდილობს მშობლიური ენის “მოჩუქურთმებულობისაკენ” მიდრეკილობას სძლიოს, “ხმის გაქცევა” აირიდოს. ამ მხრივ ორმაგი დატვირთვა აქვს მის მცდელობას – ჯერ საკუთარ ტექსტებში “ბელკანტოსავით” აღვირი უნდა ამოსდოს ქართულის “მაცდურობას” და სხვათა ქმნილებებსაც უნდა უპოვოს შესაფერი ენობრივი გარსი.
    გიორგი ეკიზაშვილი “ხმის გაქცევას” უპატიებელ უგემოვნობად, უმწიფარობად მიიჩნევს. ჩახუჭუჭებულ-აღმოსავლური მანერა უცხოა მისთვის. იგი ევროპული ყაიდის შემოქმედია და ამას მისი ცხოვრებისა თუ შემოქმედების სტილიც ადასტურებს.
    სისადავით და ირონიით გაჯერებულია ერთი ეპიზოდი, სადაც კაცი და კატა უყურებენ ერთმანეთს. თითოეული თავისთვის ფიქრობს, “ნეტავ რას მიყურებს?” კაცის განცდები გასაგებია ჩვენთვის, მაგრამ ხომ საინტერესოა, კატა რას ფიქრობს? აი, სწორედ ამას გვამცნობს გიორგი ეკიზაშვილი: “კატას ძაღლი მირჩევნია” / ვამბობ მე ჩემთვის / “სულელი” / ამბობს კატა თავისთვის / მე და კატამ ერთმანეთი შევაფასეთ”.
    გიიომ აპოლინერისეული სასვენი ნიშნების უგულებელყოფა ხშირ შემთხვევაში გაზიარებულია. ეს კიდევ ერთი დასტურია ფრანგული პოეზიისადმი ქართველი შემოქმედების დამოკიდებულების. ახლა შეიძლება ჰერაკლიტესაც გაუსწორო ცნობილი დაკვირვება: “ერთსა და იმავე მდინარეში (ისევე როგორც ყოველივე იგივეში) ორჯერ შეხვალ, მაგრამ ორივეჯერ სხვადასხვა”.
    პოეზიაშიც და ცხადშიც კატისგან დაწუნებული “ადამიამუნები” საბრალონი და მიუსაფარნი არიან. დღისით სიარულს ერიდებიან, რადგან მზის შუქი ულმობლად ამხელს “სინამდვილეს”. სულ სხვაა ღამე, ნიკტის საუფლო: “ღამით კი… / მთვარის შუქი და ვარსკვლავების ციმციმი / აღვიძებს იმას, რაც ადამიანებს ცოტათი მაინც / მაღლა ეზიდება / და რისი წარმოჩენაც დღისით რცხვენიათ…”
    “მაგარი” ეწოდება ტექსტს, სადაც პედანტური სიზუსტით აღწერილია ერთი ვითომც მაგარი ტიპის დილის ტუალეტი, ყველა ძვირადღირებული და მშვენიერი ატრიბუტიკით… დასკვნითი ნაწილი აბსოლუტურად განსხვავდება აღწერილი სასიამოვნო პერიპეტიებისაგან, იგი ერთგვარად ბანალური და ტრაფარეტულიც კია და შინაგანი მესგან ვერგაქცევას გვიდასტურებს: “ერთი სიტყვით … ძალიან კარგად ხვდები რა დამპალი ხარ”. “მაგარი” სინამდვილეში არის “დამპალი” და ეს “სიდამპლე” გამომზეურებულია “გაუცხოების მეთოდის” გამოყენებით.
    “მაგარი” რაღაცით “ბუდენბროკების” ერთ გმირს ჰგავს, გამუდმებით რომ კოხტავდებოდა და ბოლოს წუმპეში აღესრულა. ძალიან შორეული ასოციაციაა, მაგრამ “მაგარი” გიორგი ეკიზაშვილმა აშკარად ტალახისათვის გასწირა.
    “მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება” სადა და მკაფიო ქართულის ნიმუშია, ამ კრებულმა “ცოტა-ცოტა” ყველაფერი დაიტია, ოჯახის კაცის პედანტური მზრუნველობიდან მარად მოუწყობელი ხელოვანის იჭვებამდე. გალაღებას სევდა და სინანული ენაცვლება, კმაყოფილებას ეჭვი და ირონია. გიორგი ეკიზაშვილმა შეძლო დისტანცია შეენარჩუნებინა და ერთი წამით უცხო თვალით შეეხედა საკუთარი პოეტობისათვის. “წერილი საიქიოდან” ყველაზე სასიამოვნო, თბილი და იუმორით შეფერილი ტექსტია, მკითხველის გულს იგი ალუზიებითაც მოიგებს. სასიამოვნოდ დაგრჩებათ დავით წერედიანის შეუდარებელი ვიიონის ანდერძის რიტმის მინიშნებაც და მრავალწერტილში მიმალული გალაკტიონიც: “ჩემო გიორგი, გულით გილოცავ, / დაგიწერია, მითხრეს, ლექსები / ერთი თხოვნა მაქვს, არ შემარცხვინო, / სტრიქონებს მე ნუ დამესესხები / მეყოფა, რაც კი წვალება ვნახე, / თანამოძმეთა გამოისობით / გუშინ სამოთხე მოვინახულე / ჩემი გერები ყრიან ასობით. / ბევრი ესტუმრა პოეტთა ნადიმს, / მაგრამ აღარ ჰყავთ ამფიტრიონი, / მოკითხვას გითვლით ლექსების მწერალთ, / პატივიმცემით ………”
    ამ დახვეწილი ირონიის, ჩაქირქილების შემდგომ მხოლოდ ისინი იგრძნობენ თავს არხეინად, ვინც ლექსებს არ წერს. მთელი რეალური და მიღმური სამყარო გამთლიანებულია, აფასებს და აკრიტიკებს ერთიმეორეს. ზოგჯერ სამოთხეს ესტუმრება დიდი პოეტი და თავისი პოეზიის მძარცველებს ასობით შენიშნავს იქ. დღევანდელ შემოქმედთ იქიდანაც აკრთობთ თავიანთი ამქრის დიდი ოსტატები, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად “ლექსის მწერალი ხშირდება”…
    უკვე დიდი ხანია, უბრალო მოკვდავებს პროზაიკოსებიც და პოეტებიც გვცდიან. ადგენენ უკვალავ კომბინაციას, რებუსებით ფუთავენ სიუჟეტებს, გამოაჭიატებენ მინიშნებებს და თავად ტექსტებს მიღმა გვაკვირდებიან (შეიძლებოდა დაგვეწერა: ქირქილებენ ან დაგვცინიან). ჩვენ ისღა დაგვრჩენია, სერიოზული სახით გამოვთქვათ “მიუკერძოებელი” შეფასებები და იხტიბარი არ გავიტეხოთ, რათა ხმამაღლა არავინ გაიმეოროს მარადქართული საკითხავი კრიტიკაზე, ლიტერატურათმცოდნეობასა და ა.შ.
    არსებობენ კითხვები, რომლებიც პასუხებს არ საჭიროებენ. ფილოსოფოსები და მწერლები კითხვებს გვისვამენ, უფრო არხეინი და ყოფიერებას შეგუებულნი დაუფიქრებლად ატარებენ მათთვის მინიჭებულ დროს და არხეინად მიდიან მარადისობაში. სისხლსავსე ცხოვრების ორომტრიალში “ბედნიერებსღა” არ აინტერესებთ: “რა არის სიკვდილი? ზესკნელ-ქვესკნელი? ჯოჯოხეთია თუ სამოთხე? ზოგი ადის და ზოგი ჩადის? ან სად ადიან ან სად ჩადიან ან კი სად არის შუალედი რომლის მაღლა იწყება ზემოთ რომლის დაბლა ამბობენ ქვემოთ”…
    გიორგი ეკიზაშვილის პოეზია, ორიგინალურიც და ნათარგმნიც, ჩვენი თანამედროვე მწერლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მასში მრავალფეროვანი განცდები, მრავალრიცხოვანი პრობლემებია წარმოჩენილი და მდიდარი ბუნების ინდივიდის დაკვირვებებია მოწოდებული. “მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება” თანაბრად საინტერესოა როგორც ქართული, ისე ფრანგული პოეზიით დაინტერესებულთათვის, რადგან გვაძლევს გიორგი ეკიზაშვილის შემოქმედების ახალ-ახალი მხარეების გაცნობის საშუალებას. თარგმანებში წარმოდგენილია: არტურ რემბო, გიიომ აპოლონერი, ეჟენ გილვიკი, ივ ბონფუა, რემონ კენო, ჟაკ პრევერი, რენე შარი, ანდრე ფრენო, ალენ ბოსკე.
    ლექსებისა და თარგმანების კრებული “მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება” 2002 წლის წიგნების ბაზრობაზე “საუკეთესო პოეტურ კრებულად” იყო სახელდებული. ჩვენც სწორედ ამგვარი პათოსით წარმოგიდგინეთ იგი.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    ალბერ კამიუ – სარჩული და პირი

    გაგა ლომიძე
    გულწრფელობის “სარჩული” და “პირი”
    ალბერ კამიუ. სარჩული და პირი, ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა. თბ., “სანი” 2003.
    როცა მე-17 საუკუნის 20-იან წლებში ინგლისელი მოაზროვნე და გამომგონებელი თომას ჰარიოტი გარდაიცვალა, ერთი მისი თანამედროვე გესლიანად შენიშნავდა: იგი სამყაროს არარადან წარმოშობის იდეას ემხრობოდა და ამ არარამ მოუღო ბოლო. ამის მსგავსად, როცა 1960 წელს ალბერ კამიუ ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მისი ოპონენტები ამბობდნენ: იგი ცხოვრების აბსურდულობას აღიარებდა და ბოლოს აბსურდულმა სიკვდილმა იმსხვერპლა. არის ერთგვარი თანხვედრაც ჰუმანისტი ერეტიკოსებისა და ალბერ კამიუს მოსაზრებებს შორის.
    მაგრამ, მოდით, წიგნზე საუბრით დავიწყოთ. პირველ რიგში, ეს თარგმანი გამოირჩევა კამიუს სხვა ნაწარმოებების ჩემთვის ცნობილი ქართული თარგმანებისგან. არ ვიცი, რამდენად მართალი ვარ, მაგრამ სწორედ ასეთი წარმომიდგენია კამიუს ტექსტები ფრანგულ ენაზეც, თავისი თხრობის ინტონაციით. თუმცა წიგნში არსებულმა შეცდომებმა, მართლწერის თვალსაზრისით, უნებლიეთ ქართული ენის სატელევიზიო გაკვეთილები გამახსენა, თავისი რეფრენით – “შეცდომაა/სწორია”. წიგნის თემატიკას ესსეების სათაურებიდანვე ადვილად მიხვდებით: “ირონია”, “ჰო-სა და არა-ს შორის”, “სიკვდილი სულში”, “სიცოცხლის სიყვარული”, “სარჩული და პირი”. წიგნს დართული აქვს შესანიშნავი ბოლოთქმა მთარგმნელისგან და ერთი ინტერვიუ კამიუსთან – “ხელოვანი და დრო”.
    ესსეების წიგნის “სარჩული და პირი”-ს ავტორი 22 წლის კამიუა. როგორც თვითონ წერს: “სარჩული და პირი” ჩემი წყაროს სათავეა, სიღარიბისა და სინათლის სამყარო, რომელშიც დავიბადე და დიდხანს ვცხოვრობდი და რომლის გახსენება მიცავს იმ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ხიფათისგან, ნებისმიერ ხელოვანს რომ ემუქრება: დაუკმაყოფილებლობა და თვითკმაყოფილება”. ამ ესსეებში თანდათან იკვეთება ის იდეები (აბსურდი, ამბოხი), რომლებიც შემდგომში მის შემოქმედებაში წარმმართველი გახდება. თუმცა კამიუს გვიანი პერიოდის შემოქმედება, ამბოხისკენ მოწოდების მიუხედავად, ცარიელი რიტორიკის შთაბეჭდილებას ტოვებს. ალბათ, გარკვეულწილად მართალი იყო სიუზან სონტაგი, როცა წერდა: “კამიუსთვის მოქმედება არაა მთავარი; მოქმედების უნარი თუ მისგან თავის შეკავება მეორადია შეგრძნობის უნართან თუ უუნარობასთან შედარებით. ეს უფრო შეგრძნობისკენ მოწოდებაა, ვიდრე ინტელექტუალური პოზიცია, რაც პოლიტიკური უმოქმედობის საფრთხესაც გულისხმობს”. იქნებ ამით აიხსნება ისიც, რომ 1968 წლის მღელვარების დროს ფრანგ სტუდენტებს აღარც კი ახსოვდათ კამიუს სახელი. კამიუს პათოსი მხოლოდ ინტელექტუალური განსჯის წყალობით გადის ფონს. თუმცა იგივეს თქმა ნაკლებად შეიძლება ესსეების კრებულზე – “სარჩული და პირი”, სადაც ახალგაზრდა მოაზროვნე გაცილებით გულახდილი ჩანს. საერთოდ, კამიუს, ისევე როგორც ექსისტენციალისტების ტექსტებში, გულახდილობა მკითხველისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ფაქტორია. იგი ხშირად დაუფარავად საუბრობს (იქნება ეს საკუთარი მანკიერებანი თუ ფიქრები) და არ იზღუდება ყოველდღიური ურთიერთობების კლიშეებით. მაგ., “სარჩული და პირის” წინათქმაში წერს: “მივხვდი, რომ უდრტვინველად უნდა მიმეღო საკუთარი პატივმოყვარეობა და მის სწორ წარმართვაზე უნდა მეზრუნა, ნაცვლად იმისა, რომ… ამერჩია პრინციპები, რომელთაც ვერაფრით ვიგუებდი”; ხოლო ესსეში “ჰო-სა და არა-ს შორის” დედისა და შვილის შეხვედრა აბსურდული დიალოგის ფონზე, თითქმის უსიტყვოდ მიმდინარეობს, რადგან “ყოველივე უსიტყვოდაც ცხადია”.
    აბსურდულობის, საკუთარი წარმავლობის შეგრძნებით იწყება ჭეშმარიტი არსებობა: “არ არსებობს სიცოცხლის სიყვარული უიმედობის გარეშე”. გაურკვეველი სამყაროს წინაშე ადამიანის შიშს მაშინვე ეღება ბოლო, როცა იგი არჩევანს აკეთებს და ამით საკუთარ მომავალს თვითონვე საზღვრავს. სამყაროს მარადიულობის წინაშე საკუთარი წარმავლობის შეგრძნება სიცოცხლის სიყვარულის მძაფრ განცდას წარმოშობს: “სიცოცხლის სიჭარბის განცდა, ისევე როგორც უსიხარულო სიმშვიდე სულისა, რომელიც ჩემს არსებას ავსებდა, ერთი გრძნობიდან იღებდა სათავეს. ეს იყო შეგრძნება იმისა, რომ ამქვეყნიური სიმდიდრეებით ტკბობაში მე წილი აღარ მედო”. ასეთ შემთხვევაში სიკვდილი მხოლოდ და მხოლოდ “სამყაროს გარეგანი ხატების ცვალებადობად” აღიქმება. კამიუ მუდამ სიკვდილ-სიცოცხლის შორის არჩევანის ბეწვის ხიდზე გადის. სწორედ ამაში იკითხება სარჩულისა და პირის (თუ სიკვდილის და სიცოცხლის) მეტაფორაც. და უპირატესობაც ყოველთვის მეორეს ენიჭება: “სიკვდილი ყველას ხვედრია… თუმცა, რაც არ უნდა იყოს, მზე მაინც გვითბობს ძვლებს”, ხოლო “ვაჟკაცობა ის არის, რომ თამამად უსწორო თვალი სინათლესაც და სიკვდილსაც”. ამ ვაჟკაცობაში და თავგანწირვაში ვლინდება თანამედროვეობისადმი დამოკიდებულება. კამიუსთან, თანამედროვეობისადმი მიმართების თვალსაზრისით, ბოდლერისეული დენდიზმი შეცვლილია ამბოხით. კამიუს ამბოხი მიმართულია არა სამყაროსადმი, რომელსაც იგი ანტიკური ავტორების მსგავსად ეთაყვანება, არამედ ცხოვრებისადმი, რომელიც “უნდა შეიცვალოს”. იგი გამორიცხავს იმქვეყნიური ცხოვრების რწმენას, რომელიც ამქვეყნად ადამიანის მოღვაწეობას ინიციატივას ართმევს. თუმცა, ამბოხი კამიუს გადააქვს ესთეტიკის სფეროში და შემოქმედებას, კერძოდ – მწერლობას აკისრებს ცხოვრების გარდაქმნის ფუნქციას. მასთან ამბოხს კოლექტიური ხასიათი აქვს – ამბოხი, რომელიც ყველას აერთიანებს. ინტერვიუში, რომელიც წიგნს აქვს დართული, კამიუ ამბობს: “იმ დღიდან მოყოლებული, რაც კალამს მოვკიდე ხელი, დღემდე… ერთი დიდი მიზნით ვსულდგმულობ: მუდამ იმათ გვერდით დავრჩე, ვისაც დღეს უჭირს, ვინც იტანჯება და ვისაც ესოდენ თრგუნავს სამყაროს ბოროტება”. მაგრამ აქ შეიძლება გავიხსენოთ ის ერთგვარი იმედგაცრუება, რაც კამიუს მრავალრიცხოვანმა თაყვანისმცემლებმა განიცადეს: იგი განზე დადგა იმ საზოგადო მოღვაწეებისგან, რომელთაც ალჟირის ომის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა. არადა, მას, როგორც ფრანგს და, იმავდროულად, ალჟირელს, პირველ რიგში ევალებოდა საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა (იგი წლების მანძილზე ცხოვრობდა ალჟირში და ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორი იყო. აქ დაწერა თავისი “ალჟირული ესსეები”).
    “სარჩული და პირი”-ს პირველი ესსეს – “ირონიის” ეპიზოდი, სადაც ახალგაზრდა კაცი მარტოსულ მოხუც ქალს ესაუბრება და უთანაგრძნობს, დოსტოევსკის სიტყვებს მაგონებს: როცა ჩვენ მათხოვარს მატერიალურად ვეხმარებით, ამით ერთი მხრივ საკუთარი ხელგაშლილობის დემონსტრირებას ვახდენთ სხვების წინაშე; მეორე მხრივ, მათხოვართან შედარებით საკუთარ უპირატესობასა და უფლებებზეც კი მივუთითებთ. ვინ იცის, იქნებ არის კიდეც რაიმე საერთო ამ ადამიანებისა და კამიუს გულწრფელობას შორის.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    ვასილ გულეური – ჩიტის მოტანილი ამბები

    თამარ კოტრიკაძე
    რა ამბები მოაქვთ ჩიტებს?
    ვასილ გულეური, “ჩიტის მოტანილი ამბები”. თბ. “დიოგენე”, 2008.
    მომღერალი ფიფქი და ჭიანჭველების მაყრიონი, ლოთი ბეჰემოთი და ჭირვეული წრუწუნა, მათთან ერთად – კიდევ მრავალი სასაცილო არსება და უამრავი ბავშვი: აი, ვინ ბინადობს იმ კოხტა, ფერადი, კვადრატული ყდის მიღმა, რომელიც ვასილ გულეურის საბავშვო ლექსების წიგნს აკვრია, გასულ ზაფხულს გამომცემლობა “დიოგენემ” რომ დასტამბა. ბავშვებს, როგორც ვიცით, უყვართ ფერადი სურათები, ასევე უყვართ ბუნება, ხალისიანი, მელოდიური ლექსები და ახალი საინტერესო ამბები. ჰოდა, ამ ყოველივეს კრებულში ნახავენ, მას სახელწოდებაც შესაბამისად დამაინტრიგებელი აქვს: “ჩიტის მოტანილი ამბები”.
    მხატვრული გაფორმება და პოლიგრაფიული დონე, მით უფრო საბავშო წიგნებისა, ბოლო წლებში უკვე აღარ გვიკვირს: ქართული გამომცემლობები მრავლად გვთავაზობენ ისეთ მშვენიერ საბავშვო გამოცემებს, რომლის ხელში ჭერაც ნამდილად გესიამოვნება. ამ საერთო ფონზე წიგნი განსაკუთრებულად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს (ეს პირველ რიგში მხატვარ ია გიგოლაშვილის დამსახურებაა). მით უფრო კი გვახარებს ის, რომ საქმე გვაქვს არა რეპინტთან, არა თარგმნილ ლიტერატურასთან, არამედ ორიგინალურ ქართულ გამოცემასთან, ორიგინალური გაფორმებითა და ორიგინალური ტექსტებით, რაც ძალზე მიშვნელოვანი და, ჩვენს დღევანდელობაში, სამწუხაროდ, არც თუ ხშირი მოვლენა გახლავთ.
    2007 წლის წიგნის ფესტივალზე ვასილ გულეურმა და “დიოგენემ” პოეტის სადებიუტო გამოცემით გაგვახარეს: მისი თოთხმეტი ლექსი გამოვიდა ღია ბარათების შეკვრის სახით, რომელსაც ერთ-ერთი ლექსის სათაურის მიხედვით “მელაკუდას მაღაზია” ეწოდება. ახლად გამოსული წიგნი ამ გამოცემას არ იმეორებს: მასში 45 ახალი ლექსია შესული.
    ვასილ გულეურის საბავშვო ლექსებს იმთავითვე უნდა მიექცია ყველა ასაკის მკითხველის ყურადღება თავისი იუმორით, სიკეთით, პოეტური ფორმის სიმსუბუქითა და დახვეწილობით. რაკიღა საბავშვო ლიტერატურა სიტყვიერი შემოქმედების ძალზე მნიშვნელოვანი სფეროა, ხოლო მისი სიმსუბუქე და სიხალასე უაღრესად არასახუმარო და საპასუხისმგებლო საქმეა, ურიგო არ იქნება, თუკი დავუკვირდებით იმას, თუ რა საშუალებებით აღწევს ჩვენი პოეტი სასურველ ეფექტს: მისი ლექსები ხომ დიდებსაც ისევე ხიბლავთ, როგორც პატარებს!
    უნდა ითქვას, რომ ვასილ გულეურის მხატვრულ საშუალებათა პალიტრა მრავალფეროვნებითა და სიუხვით არ გვაოცებს, მაგრამ ლექსები სულაც არ გვიტოვებს ერთფეროვნებისა და ადრე თქმულის გამეორების შთაბეჭდილებას. არადა, ავტორი სულ ორიოდე მხატვრულ ხერხს იყენებს. აქვე ჩავურთავთ, რომ ლექსები ცოცხალი, მელოდიური და სადა ენითაა დაწერილი. გამოცდილი მკითხველი ამ სისადავისა და სიმარტივის მიღმა არა მხოლოდ გაწეულ შრომას შენიშნავს, არამედ წერის კულტურასაც, ანუ გემოვნებას, რაც სხვა არაფერია, თუ არა ზომიერების შეგრძება: ყველას როდი შეუძლია ოქროს შუალედის ისეთნაირი დაცვა, რომ ბავშვთან საუბარი არც მეტისმეტად დამტკბარი გამოუვიდეს, არც გადამლაშებული.
    აი, პატარა წრუწუნა, რომელიც წვნიანის მირთმევაზე პროტესტს აცხადებს, სანაცვლოდ ისეთ ნუგბარებს ითხოვს, როგორიც “კაკალი”, “კვნიტი შაქარი” ან “მზესუმზირას მარცვალია”. რომელ ოჯახში არ დგას მსგავსი პრობლემა? დედა-თაგვს კი მზად აქვს მშვიდი, მაგრამ კატეგორიული პასუხი:

    “- თუ არ შეჭამ წვნიანსო,
    ვაჭმევ ფისუნიასო.

    შენც რომ შეგჭამს მალეო,
    შენს თავს დააბრალეო!”

    ამ ლექსებს ახასიათებს ხუმრობითა და სიბრძნით გაჯერებული სასიამოვნო კილო, რომელიც თავისი ბუნებით ლიტერატურული კი არა, ცხოვრებისეულ-ადამიანურია და უთუოდ თავად ავტორის პიროვნული სიღრმიდან მოდის. მაგრამ, ამავე დროს, რაკიღა ლიტერატურა ცხოვრების მატიანეა, ეს კილოც იმ ქართული ლიტერატურული ტრადიციის გაგრძელებად უნდა აღვიქვათ, ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლირიკას რომ უკავშირდება. ის, ერთი მხრივ, გვიჩვენებს ბავშვის თვალით დანახულ სამყაროს, გადმოგვცემს იმ უშუალო დასკვნებს, რომელიც მას აღქმული სინამდვილიდან გამოაქვს, მეორე მხრივ კი შეიცავს იმ ხშირად შეფარულ ღიმილს, უფრო თვალებიდან და, როგორც იტყვიან ხოლმე, ულვაშებიდან რომ გამოკრთის, რომლითაც ავტორი ბავშვისა და სამყაროს ურთიერთგაცნობის ამ სცენას ადევნებს თვალს. ის კარგად იცნობს ბავშვის ხასიათს, მის განცდებსა და ფიქრებს. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ლექსის ლირიკული “მე” თავად ბავშვია, მისი ემოციები მაინც ამ უხილავად ქცეული ღიმილის პრიზმაშია გატარებული. ეს ღიმილი, ალბათ, ლუის კეროლის პესონაჟის, ჩეშირელი კატის ღიმილს ჰგავს და ყველა კეთილი ჯადოქრისა და მეზღაპრის ღიმილსაც.
    დედამ უამბო ბიჭს გუგულის უცნაური ჩვეულების შესახებ, საკუთარი კვერცხები სხვის ბუდეში ჩადოს. ბიჭი აღშოთებულია ფრინველის უსულგულობით. ეტყობა, პირველმა გაოცებამ რომ გადაუარა, ცოტა ხანს ჩაფიქრდა. ლექსის დასასრულს კი ასეთ კითხვას სვამს:

    “ახლა მე ის მაფიქრებს,
    ჩვენს საათში რომ ბუდობს,
    იმ გუგულმა კვერცხები
    აქ ვის უნდა ჩაუდოს?”

    ერთ-ერთი მხატვრული საშუალება, რომელსაც პოეტი ისევ და ისევ მიმართავს, ფრაზეოლოგიზმების გაცოცხლებაა, რაც ლიტერატურულადაც საინტერესო და ნაყოფიერი შეიძლება იყოს და, ცხადია, არ გახლავთ ახალი ხერხი, და, ამასთანავე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც გამართლებულია: სწორედ ასე იქცევა ბავშვიც. ის ხატოვან, გახევებულ ფრაზას მის მშობლიურ სივრცეში, კონკრეტულ რეალობაში აბრუნებს: თუნდაც ხუმრობით, სახალისოდ, თუნდაც წუთით, მაგრამ აუცილებლად ეცდება წარმოიდგინოს, თუ როგორ მოხდება ეს სინამდვილეში.
    ლექსი “ენატანია ჩიტები” კრებულის სათაურს უკავშირდება. ბიჭი გვიზიარებს თავის გაოცებას იმის გამო, რომ დედა მუდამ გებულობს მისი და მისი ძმის უწესო საქციელის შესახებ, მაშინაც კი, როცა, ყველანაირი ლოგიკის წესით, ვერ უნდა გაიგოს. თავად დედისაგან შეიტყობს მისი გენიალური დედუქცის ნამდვილ წყაროს და ჩვენც გვატყობინებს: “ენის მიტანა დედასთან/ თურმე ჩიტებმა იციან.” გაოცებას აღშფოთება ცვლის:

    “ზამთარში მათთვის საკვები
    რამდენჯერ გამიტანია…
    ნეტავ ვიცოდე, რომელი
    ჩიტია ენატანია?”

    პირდაპირ თვალწინ გვიდგას ბიჭის ბრაზით შეკრული მუშტები: ესაა სამართალი? განა უმადური გამცემი მართლაც შურისძიების ღირსი არაა?
    ვასილ გულეურის ლექსებში ყაჩაღობაში ბრალდებულ მელაკუდას ორჯერ მოჰყავს მოწმედ საკუთარი კუდი. ერთგან ახერხებს კიდეც თავის დაძვრენას:

    “…მოწმედ მოვიყვან კუდსაო,
    არაფერს ვჩადი ცუდსაო.

    ჩვენი ჩვევაა ესაო,
    მე როგორ შევცვლი წესსაო.

    ვინმეს როდისმე გსმენიათ,
    ქათამს არ ჭამდეს მელია?”

    მეორე შემთხვევაში ის ამავე ხრიკით მხოლოდ ამძიმებს სამართლიანი დათვის მიერ გამოტანილ განაჩენს: დამნაშავეს გალიაში ამწყვდევენ, მოწმეს კი დაკითხვისაგან ათავისუფლებენ და ხეზე ჰკიდებენ.
    კრებულის სათაური იმის გამომხატველია, რომ ლექსების უმრავლესობა მართლაც რაიმე სახალისო ამბავს გვატყობინებს, ზოგჯერ მოულონელი, ზოგჯერ კი ფრიად ლოგიკური დაგვირგვინებით. ამის საბუთად ზემოთ მოყვანილი მაგალითებიც კმარა. ლექსების დასაწყისში ხშირია ასეთი ფრაზები: “იცით, გუშინ რა მოხდა?”, ბოლო პწკარები კი ისეთ ხალისიან გუნებაზე გაყებენს და თან ისეთ ჭეშმარიტებას გაგანდობს, რომელიც გინდა დაუყოვნებლივ სხვასაც გაუზიარო. მნიშნელოვანია, რომ სიცილი, რომელსაც ეს პწკარები აღგიძრავს, უაზრო და უსულგულო კი არა, – თუ შეიძლება ითქვას, – მგრძნობიარეა: ეს ის სიხალისეა, რომელიც სულს ახალი განცდებით ანატიფებს და ზრდის. ეფექტი მუდამ ანეკდოტური როდია: ლექსში “ბუტია” ყოვლისგამჭოლი ავტორისეული ღიმილი განსაკუთრებულად კეთილი და თან ოდნავ სევდიანიცაა. გოგონას, სახელად მაიკო, ყველანაირი მიზეზითაც და უმიზეზოდაც ისეთი საფუძვლიანი ბუტიაობა სჩვევია, რომ თავის ოთახში ჩაკეტილი, სადილადაც კი არ გამოდის შიმშილის მიუხედავად. ლექსი ასე მთავრდება:

    “ჯერ არ იცის მაიკომ,
    მარტოობა ძნელია
    და ბუტიას კერძი კი
    ძალზე გემრიელია!”

    ზოგან არა მხოლოდ ფინალი, არამედ მთელი ლექსი ერთიანადაა დამუხტული ხალისიანი ნაპერწკლებით. ლექსი “ბახალა” მთლიანად უნდა მოვიყვანო, მისი მოცულობა იძლევა ამის საშუალებას:

    “პატარა ყვავის ბახალამ
    დედა ყვანჩალას ახარა:

    – მასწავლებელმა შემაქო,
    სხვებზე კარგი ხმა შენ გაქვსო.

    გვამღერა მე და ძერაო,
    ხუთები დაგვიწერაო.”

    განა სასაცილო და თან გულის ამაჩუყებელი არ არის უშნო, შავ-შავი ყვავის ბახალა, გაბრწყინებული იმის გამო, რომ ისიც თავისზე უარესს სჯობია და განა დედა ყვანჩალასათვის ის ყველაზე ლამაზი და ყველაზე საამაყო შვილი არაა?
    თუმცა ყველა ლექსი როდი გვიკმაყოფილებს ეფექტური ფინალის უკვე ბუნებრივად ქცეულ მოლოდინს: არის ისეთებიც, თითქოს არაფერ ახალს რომ არ გვატყობინებს. სინამდვილეში ეს ლექსები გამცნობს ჩვენ, უფროსებს, რომ კლიშეებს ვერ გაექცევი ვერც ბავშვის აღზრდისას და, ალბათ, ვერც წერისას; რომ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ ახლის, არამედ ძველისა და ტრადიციულის შეყვარება; რომ სწორედ ნატკეპნი ტრადიციებისაგან შენდება ჩვენი არსებობის მყარი საძირკველი, რომელიც არასოდეს გვიღალატებს. მოკლედ, რომ კლიშეებისა არ უნდა გვეშინოდეს და მთავარი მხოლოდ ის კი არაა, რასაც ამბობ და განიცდი, არამედ ის, თუ როგორ აკეთებ ამას. თანაც, როგორ შეიძლება ბანალური და მობეზრებული იყოს ის, რაც, მიუხედავად მარადი განმეორებისა, ყოველთვის ახლებურად გვხიბლავს და გვიხარია, რადგანაც უზენაესი კანონითაა დაწესებული? კრებულში ლექსების თანმიმდევრობა ჩვენი ცხოვრების განმეორებად წრებუნვას მიჰყვება: ტრადიციული ახალი წელი თოვლით, საჩუქრებითა და ისევ და ისევ მოუხელთებელი თოვლის პაპით; გაზაფხული მორცხვად თავდახრილი იებითა და პირველი, მზეზე აბრჭყვიალებული ობობის ქსელით; ზაფხულის მჩქეფარე სიცოცხლე სახლში თუ ეზოში, ტყესა თუ ზოოპარკში, რომლის ბინადარნი ქცევებითა და გემოვნებით ხშირად ძალზე ჰგვანან ადამიანებს; საშემოდგომო მზადება სკოლისათვის, ახალთახალი ჩანთით მოგვრილი სიხარული და სიამაყე…
    დამეთანხმებით, ნამდვილად ღირს ამ ყოველივეს სიყვარული!

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • რეცენზია

    თამარ ბარბაქაძე – "სონეტი საქართველოში"

    გიორგი ლობჟანიძე
    “ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი”
    თამარ ბარბაქაძე “სონეტი საქართველოში”, თბ. “უნივერსალი”, 2008.

    ეს 530-გვერდიანი ნაშრომი, რომელიც წინათქმას, შესავალს, ტევად ბოლოთქმასა და VI ძირითად თავს აერთიანებს, უაღრესად რთული და საინტერესო მყარი სალექსო ფორმის – სონეტის – დამკვიდრებისა და განვითარების სრულ სურათს გვთავაზობს საქართველოში, სადაც მაღალი პოეტური ტრადიციისა და სიტყვასთან, კერძოდ კი პოეტურ სიტყვასთან განსაკუთრებულად მგრძნობიარე დამოკიდებულების გამო, ეროვნული ლექსის ბუნებამ უბრალოდ ვერ იგუა ძალიან ბევრი უცხო ფორმა თუ საზომი და, ან საერთოდ არ შემოუტანია, ანდა მალევე უკუაგდო.
    სონეტი კი ფართოდ გავრცელდა ჩვენში და ქართველი პოეტების ერთ-ერთ საყვარელ სალექსო ფორმადაც მოგვევლინა.
    ნაშრომის წინათქმაში თვითონ თამარ ბარბაქაძეც აღნიშნავს, რომ “სონეტი, როგორც ევროპული მყარი სალექსო ფორმა, თითქმის ორ საუკუნეს ითვლის საქართველოში. შესაბამისად, ხანგრძლივია მისი კვლევის ისტორიაც.
    …ამ ევროპული კანონიკური სალექსო ფორმის თაობაზე პირველი სიტყვა ილია ჭავჭავაძემ თქვა თავის სადებიუტო წერილში “ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას-ძე ერისთავის კოზლოვიდგან შეშლილის თარგმანზედა”: “ეგ სონეტები, ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი”.
    იქვე თამარ ბარბაქაძე მიუთითებს, რომ “1884 წელს ნ. გულაკმა ახსენა დანტეს სონეტი, თბილისში “ვეფხისტყაოსანზე” წაკითხული საჯარო ლექციის დროს, ორიოდე წლის შემდეგ კი ივ. კავთელმა (ჯაჯანაშვილმა) დაახასიათა იგი თავის წერილში, როგორც ლირიკული პოეზიის ერთ-ერთი სახე.
    ნამდვილი თეორია სონეტის მკაცირი კანონების თაობაზე ქართულ მწერლობაში მხოლოდ XX საუკუნის 10-იან წლებში ყალიბდება. იგი უშუალოდ უკავშირდება იმ ქართველი პოეტი-სონეტისტების სახელებს, რომლებიც სონეტებსაც წერდნენ და ამ უცხოური სალექსო ფორმის ვერსიფიკაციული პარამეტრების დადგენა-დაკანონებასაც ცდილობდნენ. სონეტების კვლევა პოეტებმა დაიწყეს, რასაც მოჰყვა ცნობილი პოლემიკა XX საუკუნის ათიან წლებში: 1918 წელს ი. გრიშაშვილის “საიათნოვას” 68-ე გვერდის სქოლიოში გამოთქმულმა შენიშვნამ სონეტის საქართველოში დამკვიდრების თაობაზე იმავე წელს საინტერესო დისკუსია გამოიწვია გაზეთების: “სახალხო საქმისა” და “საქართველოს” ფურცლებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: გრ. რობაქიძე, ტ. ტაბიძე, ს. ფაშალიშვილი.
    ამ პოლემიკას მოჰყვა 1919 წელს ჟურნალში “მეოცნებე ნიამორები” დაბეჭდილი ვალერიან გაფრიდაშვილის ესსე “სონეტის პრობლემა”. საბოლოოდ კი ს. გორგაძემ ჩამოაყალიბა სონეტის კანონიკური ფორმის სალექსო პარამეტრები ქართულ პოეზიაში (“ქართული ლექსი”, 1930)”.
    თამარ ბარბაქაძე შენიშნავს: “ამის შემდეგ ქართულ მწერლობაში სონეტი და, შესაბამისად, სონეტის თეორიის ასპექტებისადმი მიმართული კვლევა კვლავ ჩრდილში მოექცა.
    1963 წელს გამოქვეყნდა გ. მიქაძის გამოკვლევა “ქართული სონეტისათვის” და 60-იან წლებში გამიართა დისკუსია სონეტის გარშემო (გ. მიქაძე, ა. ხინთიბიძე). სონეტის კვლევის ისტორიისათვის ასევე მნიშვნელოვანია მ. კიკვიძის ნაშრომები სონეტის თაობაზე.
    80-იანი წლებიდან მკვეთრად გაიზარდა ინტერესი სონეტის მიმართ, როგორც პოეზიაში, ასევე ლექსმოცდნეობაში. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სწორედ თბილისში ჩატარდა სონეტის ისტორიისა და თეორიის ასპექტებისადმი მიძღვნილი საკავშირო სიმპოზიუმები 1985 და 1988 წლებში, სადაც მოხსენებები წაიკითხეს: დ. თუხარელმა, გ. ბუაჩიძემ, გ. ლებანიძემ, კ. გერასიმოვმა, აკ. ხინთიბიძემ, კ. გიგოლოვმა, თ. ბარბაქაძემ. მათი გამოკვლევები, სიმპოზიუმის მონაწილე სხვა უცხოელ მეცნიერთა ნაშრომებთან ერთად, ცალკე კრებულადაც გამოიცა.
    სონეტის დამკვიდრება-განვითარების ისტორია ქართულ მწერლობაში მოკლედ არის გადმოცემული აკ. ხინთიბიძის სალექციო კურსში “ქართული ლექსმცოდნეობა.” (თბილისი, 1992)
    როგორც ამ მოკლე, მაგრამ უაღრესად ტევადი მიმოხილვიდანაც ჩანს, მიუხედავად სონეტის კვლევის დიდი ტრადიციისა, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურში დღემდე არ არსებობდა გამოკვლევა, რომელშიც ნაჩვენები იქნებოდა სონეტის განვითარების გზა და ასპექტები საქართველოში.
    ეს ხარვეზი სრულად ამოავსო თმარ ბარბაქაძის წინამდებარე ბრწყინვალე შრომამ, რომელმაც მკვლევრის მრავალწლიანი გარჯის საინტერესო შედეგები გაერთიანა.
    ეს არის უაღრესად მასშტაბური წიგნი საკითხის ყველა ასპექტის გაანალიზების თვალსაზრისით და ერთგვარი ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა წარმოებდეს მეცნიერული კვლევა ამა თუ იმ პრებლემასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საყურადღებოა კვლევის ეს მანერა ლექსმოცდნეობაში, პოეზიის ანალიზისას, სადაც, სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალზე ექსპრესიულმა, სუბიექტურმა ნააზრევმა იმძლავრა და არც თუ იშვიათად ესეისტური ნაშრომები (რაც, თავისთავად, ცუდი სულაც არ არის, მაგრამ ჟანრის მკაცრ ჩარჩოებში), მეცნიერული ანალიზის ნაყოფად საღდება. ასეთი ესეისტები თავს უფლებას აძლევენ გამოტოვონ საკვლევი მასალის მნიშვნელოვანი პერიოდები, თავისი ნება-სურვილის მიხედვით, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დააჯგუფონ პოეტები და მათი სრულიად გაუგებარი კლასიფიკაცია შემოგვთავაზონ.
    ეს “ესეისტები” ახლა მხოლოდ ერთადერთი მიზეზით გამახსენდა. კარგი იქნებოდა, ეპატაჟის ცდუნებებს აყოლილებს, ზედაპირიულად მაინც გადაეკითხათ თამარ ბარბაქაძის ძალზე მნიშვნელოვანი გამოკვლევა და ეგებ იმას მაინც მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავს მეცნიერული პასუხისმგებლობა საანალიზოდ არჩეული კონკრეტული საკითხის მისამართით.
    თამარ ბარბაქაძის შემთხვევაში სრულიად აშკარაა, რომ ეს პასუხისმგებლობა უპირველესად გულისხმობს თემის გარშემო არსებული მასალის, თვით უმცირესი დეტალების შეკრებას, დამუშავებასა და გააზრებას, რათა ქრონოლოგიურად მიადევნო თვალი ყველა მნიშვნელოვან ტენდენციას, რათა შემდეგ დასკვნები სწორედ ამის მიხედვით გააკეთო და არა წინასწარი აკვიატებების შესატყვისად.
    თამარ ბარბაქაძის ნაშრომის მხოლოდ გამოქვეყნებული ლიტერატურის სიას რომ გადავხედოთ, რომელიც ქართულ და უცხო ენაზე შექმნილ 300 პუბლიკაციას აერთიანებს, მივხვდებით, როგორი ყურადღებით უმუშავია მკვლევარს, რათა საანალიზო თემის არცერთი ასპექტი არ გამორჩენოდა და მასალისა და მკითხველის მიმართაც პირნათელი დარჩენილიყო. ჩემთვის პირადად სამეცნიერო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმი ისიც არის, რომ მომავალ მკვლევარს, ვინც შემდგომში სონეტის განვითარების შესწავლსა მოჰკიდებს ხელს, თამარ ბარბაქაძის ნაშრომამდე არსებული ვითარების ჩხრეკა აღარ დასჭირდება, რადგან ამ წიგნში უკლებლივ ყველაფერია, რაც კი მანამდე (ანუ აღნიშნულ გამოკვლევამდე) არსებობდა.
    ასეთი სკრუპულოზურობა განაპირობებს მეცნიერული დასკვნების სანდოობას, სადამდეც მკვლევარი მწყობრ, არგუმენტირებულ მსჯელობას მიჰყავს და ამიტომაც ყველა დასკვნას აკადემიური კატეგორიულობით წარმოგვიდგენს.
    მსჯელობის მდინარება საკითხის სინქრონული და დიაქრონული განვითარების ასპექტებს მოიცავს და ქართულ პოეტურ სინამდვილეში სონეტის შექმნის არცერთ მნიშვნელოვან მცდელობას არ გამოტოვებს, რადგან ამ მცდელობებზე უნდა აიგოს ნაშრომი, რომელიც ყველა ტენდენციას სათანადოდ და ამომწურავად შეაფასებს.
    ქართულ სინამდვილემდე კი, ცხადია, მკვლევარი სონეტის, როგორც ევროპული მყარი სალექსო ფორმის, ისტორიული განვითარების დისკურსის ანალიზს ვერაფრით ასცდებოდა და ამიტომაც ნაშრომის ვრცელ, 24-გვერდიან შესავალში სონეტის ისტორიისა და თეორიის უმნიშვნელოვანეს ასპექტებს გვთავაზობს.
    ამ შესავლიდან ვიგებთ, რომ “ევროპული პოეზიის წიაღში აღმოცენებული სონეტი მალე გავრცელდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, შეინარჩუნა თავისი მკაცრად დადგენილი კანონები და, შესაბამისად, მოირგო ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული ლექსწყობისათვის დამახასიათებელი თავისებურებანი. ტერმინი “სონეტი” (sonetto), როგორც მკვლევარები მიუთითებენ, მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან “sonore” რაც “ხმოვანებას” ნიშნავს. სწორედ სონეტის ჟღერადობას, მის “ხმიერებას” ითვალისწინებს ამ, ქართული პოეზიისათვის იმჟამად უცხო, ახალშემოსული სალექსო ფორმის ერთ-ერთი პირველი განმმარტებელი შალვა დადიანი (“ქუჯი”). 1897 წელს ჟურნ. “მწყემსში” (№21, გვ. 13) დაიბეჭდა მის მიერ “თავისუფლად გადმოღებული” შექსპირის 66-ე სონეტი, რომელსაც სათაურად ჰქონდა “სანოტა” და სქოლიოში ამგვარად იყო ახსნილი: “სასიმღერო სიმები ანუ ჩანგი”. გერმანიაში სონეტს ერთ დროს “კლინგ-გედიხტს” (ზარების, სიმების ჟღერას უწოდებდნენ).
    სონეტი რომ თავდაპირველად სასიყვარულო სიმღერებს ერქვა, ამ ფაქტზე ყურადღებას ამახვილებენ ის მკვლევარები (კლოდ ფუშეტი, ჰენრი ესტიენი), რომლებიც ამ სალექსო ფორმის სამშობლოდ პროვანსს მიიჩნევენ, სადაც ტრუბადურთა შორის გავრცელებული იყო ამგვარი სახელწოდების სიმღერები. თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს შეიძლება უნებური დამთხვევაც იყოს და პროვანსული სონეტები უბრალოდ სასიყვარულო სიმღერებია და არა განსაზღვრული წესებით დაწერილი ლექსები.
    უფრო გავრცელებულია აზრი სონეტის იტალიური წარმოშობის თაობაზე.
    სონეტის ისტორიისა და თეორიის თანამედროვე მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სონეტის წარმოშობა XIII საუკუნის იტალიასა და ე. წ. “სიცილიურ სკოლას” უკავშირდება. მისი პირველი ავტორი იყო ჯაკომო დი ლენტინო, ხოლო თავის აყვავებას სონეტმა ფრანჩესკო პეტრარკას შემოქმედებაში მიაღწია, რომელმაც 300-მდე სონეტი დაწერა.”
    ამის შემდეგ თამარ ბარბაქაძე, რომელსაც ქართულ სინამდვილეში სალექსო საზომებისა და ლექსის არქიტექტონიკის, მყარი სალექსო ფორმების ცოდნის თვალსაზრისით ცოტა მკვლევარი თუ შეეედრება, სონეტის გარითმვის ყველა არსებული სქემის დაწვრილებით ანალიზს გვთავაზობს და ამასაც დიაქრონული კუთხით წარმოგვიდგენს: სონეტის აგების რა თავდაპირველი მექანიზმები გვხვდებოდა და როგორ შეიცვალა ეს მექანიზმები შემდგომ დროთა ვითარებაში თუ, ხსენებული სალექსო ფორმის გავრცელებასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში.
    ამ დაწვრილებით შესავალს კი ბუნებრივად მოსდევს ნაშრომის I-II თავი “სონეტი და ქართული სინამდვილე” და “სონეტის გენეზისი საქართველოში”
    თამარ ბარბაქაძე ნაშრომის ამ ნაწილში სონეტის ქართულ გარემოში დამკვიდრების რთული და საინტერესო პროცესის ისტორიასა და ანალიზს გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ “იმ უცხოურ, მყარ სალექსო ფორმათა შორის (იამბიკო, მაჯამა, მუხამბაზი, თეჯნისი, ბაიათი, ტერცინა., ოქტავა, ტრიოლეტი, რონდო და ა. შ), რომელთაც ქართული პოეზიის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე ვხვდებით, სონეტი დღეს ყველაზე პოპულარულია. XIX საუკუნის ქართულ მწერლობაში 30-იანი წლებიდან გამოჩნდა თარგმნილი სონეტები, მაგრამ სონეტის საუკუნე საქართველოში ჯერ არ დამდგარიყო. ვიდრე ქვეყანაში არ შეიქმნებოდა შესაბამისი გარემო და ამ მყარი სალექსო ფორმის დამკვიდრებისათვის აუცილებელი პირობები, სონეტი ვერ მოერგებოდა ქართულ სინამდვილეს.”
    ამიტომაც, “საქართველოში სონეტის დამკვიდრება XX საუკუნის 10-ანი წლებიდან იწყება, როცა “ახალი ხელოვნებისათვის” დამახაისიათებელი ორიენტაცია რჩეულებისადმი, მისი არასაყოველთაო ხასიათი განსაკუთრებით აირეკლა “ცისფერყანწელთა” შემოქმედებაში. მათი დიდი დამსახურებაა სწორედ ქართულ პოეზიაში სონეტის, როგორც ორიგინალური, გამორჩეული სალექსო ფორმის დამკვიდრებაც.”
    სონეტის გაფორმებას კი წინ უძღვოდა ლიტერატურისმცოდნეთა და კირტიკოსთა შეხედეულებანი და თამარ ბარბაქაძე არცერთ მნიშვნელოვან მოსაზრებას არ გამოტოვებს, რაც კი XIX საუკუნის შუახანებიდან XX საუკუნის ბოლომდე საქართველოში სონეტის შესახებ გამოთქმულა. მკვლევარს კარგად ესმის, რომ სწორედ ამ მოსაზრებებითა და, მეორე მხრივ, თარგმნილი სონეტებით მზადდებოდა ნიადაგი ორიგინალური ქართული სონეტისათვის, რომელიც “დღეს ჩვენთან განსაკუთებით პოპულარულია”.
    ნაშრომში აღნიშნულია, რომ ქართულად სონეტის პირველი თარგმანები, მეცნიერებაში ტადიციულად მიღებული შეხედულებით, გიორგი ერისთავის სახელს უკავშირდება. მკვლევარი გ. მიქაძე შენიშნავს, რომ გ. ერისთავს, 1832 წლის შეთქმულების მონაწილეს, ვილნოში გადასახლებისას შეუსწავლია პოლონური ენა და 1836-1838 წლებში უთარგმნია ა. მიცკევიჩის 6 სონეტი. მიუხედავად თარგმანთა არასრულყოფილებისა, გ. მიქაძე სხვა მკვლევარებთან ერთად (გ. აბაშიძე, ლ. ბარნაველი), ამ მოვლენას დიდ მნიშვნლოებას ანიჭებს.”
    თამარ ბარბაქაზე ნაშრომში დაწვრილებით მიმოიხილავს და სკრუპულოზურად სწავლობს სონეტების ამ პირველ ქართულ თარგმანთა და ასევე თითქმის ამავე პერიოდში “ქუჯის” მიერ თარგმნილ შექსპირის 66-ე სონეტის სტილისტიკას, ენასა და ვერსიფიკაციულ თავისებურებებს და ამ მცდელობებს სონეტის დამკვიდრების ერთგვარ მოსამზადებელ პერიოდად აფასებს.
    შემდგომ კი, XX საუკუნის 10-ანი წლებიდან ანუ “პირველი ქართველი სონეტისტის”, კოტე მაყაშვილის ნიმუშებიდან მოყოლებული, XX საუკუნის მიწურულამდე შექმნილ თითქმის ყველა სონეტს გამოწვლილივით აანალიზებს.
    მონოგრაფიის შემდგომი (III-V) თავები სწორედ ქრონოლოგიურ პრინციპითაა გადანაწილებული და საკითხის განვითარების ასეთ სურათს წარმოგვიდგენს:
    III თავი – “სონეტი 1900-1930-იან წლებში: ა) იოსებ გრიშაშვილის სონეტები; ბ) ალ. აბაშელის სონეტები; გ) გრიგოლ რობაქიძის სონეტები; დ) პოლემიკა სონეტის გარშემო ე) გალაკტიონ ტაბიძის სონეტები; ვ) ტერენტი გრანელის სონეტები;
    IV თავი – სონეტი “ცისფერყანწელთა” შემოქმედებაში ა) პაოლო იაშვილის სონეტები. ბ) ტიციან ტაბიძის სონეტები გ) ვალერიან გაფრიდაშვილის სონეტები დ) კოლაუ ნადირაძის სონეტები ე) შალვა კარმელის სონეტები ვ) რაჟდენ გვეტაძის სონეტები, ზ) შალვა აფხაიძის სონეტები თ) გიორგი ლეონიძის სონეტები;
    V თავი – სონეტი XX საუკუნის 40-90-იან წლებში ა) ლია სტურუას სონეტები, ბ) გენო კალანდიას სონეტები გ) ლადო სეიდიშვილის სონეტები
    ცალკე თავადაა გამოყოფილი ქართულ ლიტარატურაში სხვადასხვა დროს შექმნილი სონეტების ციკლის ე. წ. “სონეტების გვირგვინის” ანალიზი.
    დამეთანხმებით, შინაარსზე უბრალო თვალის გადავლებაც კი საკმაოდ შთამბეჭდავია და კარგად წარმოგვიდგენს იმ ძალისხმევას, რაც თამარ ბარბაქაძეს წლების განმავლობაში გაუწევია ქართული სონეტის ყოველმხრივი შესწავლის თვალსაზრისით. ამიტომაც შევნიშნავდი, რომ ასეთი სანდო ნაშრომი ჩვენს მეცნიერულ სინამდვილეში ცოტა თუ მეგულება, სადაც ასე ერწყმის ერთმანეთს მეცნიერული სიღრმე, კეთილსინდისიერება და კვლევის არაერთი ორიგინალური მეთოდი. ამდენად, შეუძლებელია არ დაეთანხმო სონეტის ქართველი მკვლევარის, გ. მიქაძის მოსაზრებას, რომ “ქართულ სონეტზე მრავალი შრომა დაიწერა. ამ შრომების ბიბლიოგრაფიული მაჩვენებელი რომ შევადგინოთ, საკმაოდ ვრცელი ნუსხა გამოვა. ეს გარემოება კი ერთი შეხედვით გვაფიქრებინებს, რომ ქართული სონეტის შესახებ ახლის თქმა მეტად გაძნელდება, მაგრამ თამარ ბარბაქაძემ შეძლო სრულიად ახალი კუთხით მიდგომოდა საანალიზო პრობლემას, შეძლო შრომატევადი და ხანგრძლივი მუშაობის შედეგად გადმოეცა თავისი ახალი მონაცემები ქართულ სონეტზე. წიგნის გაცნობა ნათელს ჰფენს, თუ რამდენი რამ არ ვიცოდით ან სრულიად არ ვიცოდით სონეტის თაობაზე.”

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    მილტონ ფრიდმანი – კაპიტალიზმი და თავისუფლება

    შოტა უტიაშვილი
    ბაზარი, როგორც თავისუფლების წყარო
    მილტონ ფრიდმანი. კაპიტალიზმი და თავისუფლება. ქართულად თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ლევან გველესიანმა. რედაქტორი შავლეგ შავერდაშვილი. თბ. “დილის გაზეთი” 2002.

    მილტონ ფრიდმანის წიგნი “კაპიტალიზმი და თავისუფლება” სტენფორდის უნივერსიტეტმა მეოცე საუკუნის ათი საუკეთესო წიგნის ჩამონათვალში შეიტანა. ამ წიგნმა და მისმა ავტორმა უდიდესი როლი შეასრულეს არა მხოლოდ ეკონომიკის, როგორც მეცნიერების განვითარებაში, არამედ 70-იან წლებში აშშ ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაშიც.
    ფრიდმანის ძირითადი თეზისი მარტივია: რაც შეიძლება მეტი პიროვნული თავისუფლება და სახელმწიფოს მხრიდან რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა. ფრიდმანი აღიარებს, რომ ადამიანი შეიძლება იყოს არასრულყოფილი, და მან შეიძლება დაუშვას შეცდომები, მაგრამ ეს არ არის მისთვის თავისუფლების შეზღუდვის საბაბი, პირიქით. რადგან, ის, ვინც ადამიანს უზღუდავს თავისუფლებას, ანუ მთავრობა, თავად შეიძლება აღმოჩნდეს მცდარი და არასრულყოფილი. ამის უარყოფითი შედეგი კი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ის, რაც კერძო ადამიანის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება მოიტანოს.
    ბაზარი, თავისთავად თავისუფლების წყაროა – თვლის ფრიდმანი, ხოლო მთავრობა – მორჩილებისა. ბაზარი ხელს უწყობს მრავალფეროვნებას, მთავრობა – კონფორმიზმს. ამიტომ, საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელია, რომ მთავრობის გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს.
    თავისუფალ ბაზარს უდიდესი როლი აკისრია პოლიტიკური თავისუფლების მიღწევაში. ისტორიულად, პოლიტიკური თავისუფლების ხარისხი იზრდებოდა მაშინ, როდესაც იზრდებოდა ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც.
    თავისუფალი საზოგადოება ვერ იარსებებს კაპიტალიზმის გარეშე, თუმცა, მხოლოდ კაპიტალიზმი არ არის საკმარისი თავისუფალი საზოგადოების არსებობისათვის.
    რატომ არის კაპიტალიზმი თავისუფლების წყარო?
    “სანამ უზრუნველყოფილია გაცვლის რეალური თავისუფლება – წერს ფრიდმანი – ეკონომიკის საბაზრო ორგანიზების უმთავრესი ნიშანი არის ის, რომ იგი თავიდან იცილებს ერთი პიროვნების ჩარევას მეორეს საქმიანობის უმეტეს ნაწილში. მომხმარებელი დაცულია მომწოდებლის ძალადობისაგან სხვა მიმწოდებლის არსებობით, რომელთანაც მას ასევე შეუძლია საქმის დაჭერა. გამყიდველი დაცულია მომხმარებლის ძალადობისაგან სხვა მომხმარებლის არსებობით, რომელსაც შეიძლება მიეყიდოს საქონელი. დასაქმებული დაცულია დამსაქმებლის ძალადობისაგან, რადგან შეუძლია სხვა დამსაქმებლის მონახვა და ა.შ. თანაც, ყოველივე ამას ბაზარი ცენტრალური მართვის გარეშე ახერხებს”.
    პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ თავისუფალი ბაზარი ხელს უწყობს თანასწორობასაც, რადგან იგი ეროვნების, რელიგიის, რასის და ა.შ. მიუხედავად, ყველას აძლევს თავის რჩენის საშუალებას. “როდესაც ჩვენ პურს ვჭამთ, ჩვენთვის სულ ერთია, ვისი მოყვანილია იგი: კომუნისტისა თუ კაპიტალისტის, ზანგისა თუ თეთრკანიანის. ეს გვიჩვენებს, თუ როგორც ახერხებს ბაზარი ეკონომიკური ინტერესების განცალკევებას პოლიტიკური შეხედულებებისაგან და იცავს ადამიანებს ნებისმიერ მიზეზით დისკრიმინაციისაგან, გარდა შრომის ნაყოფიერებისა” -წერს ფრიდმანი.
    თავისუფალ ბაზარს შეუძლია ადამიანი დაიცვას მთავრობის მხრიდან ძალადობისაგან, რადგან იგი ადამიანს საშუალებას აძლევს საარსებო წყაროთი არ იყოს მთავრობაზე დამოკიდებული. თავისუფალი ბაზრის პირობებში სახელმწიფოს პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა ძალზე ძვირი უჯდება.
    კიდევ ერთ ფუნდამენტურ განსხვავებას სახელმწიფოსა და ბაზარს შორის, და ამ უკანასკნელის უპირატესობას პირველზე, ფრიდმანი ბაზრის პლურალიზმში ხედავს. პოლიტიკური ძალაუფლების “რაოდენობა” შეზღუდულია – წერს იგი. ქვეყნას არ შეიძლება ჰყავდეს ერთდროულად რამდენიმე ეროვნული ლიდერი. ახალი ლიდერი ისე ვერ მოიპოვებს ძალაუფლებას, თუ იგი ძველს არ წაართვა. მაშინ, როდესაც ეკონომიკაში ახალი მილიონერები თავისუფლად შეიძლება გაჩნდნენ ძველების გაკოტრების გარეშე. ამიტომ, სახელმწიფო მიისწრაფის ტოტალიტარიზმისაკენ, ბაზარი – მრავალფეროვნებისაკენ. ამით სჯობია მეორე პირველს.
    იგივე მიზეზების გამო, აუცილებელია, თავიდან იქნეს აცილებული ერთი პიროვნების ხელში ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების თავმყორა, ან ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება.
    “თუკი ერთ ხელში დიდი პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება, მაშინ თავისუფლებას მოსპობა ემუქრება. მაშინაც კი, როდესაც ადამიანები, რომელთა ხელთაცაა ეს ხელისუფლება, მის გამოყენებას კეთილი მიზნებით ცდილობენ და ძალაუფლებისაკენ ლტოლვით არ არიან კორუმპირებული, მაშინაც კი იზიდავს ძალაუფლება ადამიანს და სულ სხვა დაღს ასვამს მას”.
    მაგრამ, მთავრობა მაინც აუცილებელია, რადგან არის ფუნქციები, რომელთა შესრულებასაც ბაზარი ვერ შეძლებს. ასეთებია: წესრიგის დამყარება, თავდაცვა, ხელშეკრულებების აღსრულების უზრუნველყოფა და კონკურენციის დაცვა. თუმცა, ასეთი შეზღუდული ფუნქციების მქონე მთავრობაც, შეიძლება ტირანიად გადაიქცეს. ძხელისუფლების საქმიანობის შეზღუდვის სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ მის მხარდამჭერთ მეტისმეტად იზიდავთ ძალაუფლების კონცენტრაცია. მათ სწამთ, რომ ამგვარი კონცენტრაცია მათ საშუალებას მისცემდა უფრო ეფექტიანდ განეხორციელებინათ სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მათი აზრით, საზოგადოების ინტერესს ემსახურება. მაგრამ, ჯოხს მეორე ბოლოც აქვს და კარგი საქმეების კეთების უფლების მიცემა ცუდი სამეების კეთების უფლებასაც ნიშნავს”.
    ფრიდმანი მისგან თავის დაცვის ორ მექანიზმს გვთავაზობს. პირველი: “ჩვენ ვერ ავიცილებთ მთავრობისათვის გარკვეულ საკითხთა გადაცემას, მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, თუ რა სარგებელს და რა ზიანს მოგვიტანს თვითეული საკითხის გადაწყვეტაში მთავობის ჩაბმა”. (მთელი ცხოვრება (ამჟამად იგი 91 წლისაა), ფრიდმანი ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევის მომხრე იყო. იგი მოითხოვდა განათლების სისტემის პრივატიზაციას და სასკოლო ვაუჩერების შემოღებას და მხურვალედ უჭერდა მხარს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის კერძო საკუთრებაში გადაცემას. ამ აზრით, იგი რესპუბლიკური პარტიის იდეოლოგად გვევლინება). და მეორე, ხელისუფლების ცალკეულ შტოებს შორის ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთკონტროლის სისტემა და ხელისუფლების მაქსიმალური გადაცემა ადგილობრივი მმართველობისადმი.
    “თუკი მთავრობას ძალაუფლება უპყრია ხელთ, სჯობს იგი ადგილობრივს ჰქონდეს, ვიდრე რაიონულს, სჯობს რაიონულს, ვიდრე საშტატოს, სჯობს საშტატოს, ვიდრე ვაშინგტონს. თუკი მე არ მომწონს, რასაც ჩემი ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს, სხვა უბანში გადავალ, თუ ჩემი შტატი არ მომწონს, სხვა შტატში გადავსახლდები, მაგრამ აი, თუ ვაშინგტონის პოლიტიკა არ მომწონს მაშინ ცოტა ალტერნატივაღა მრჩება (ფრიდმანის წიგნი 1956 წელს წაკითხული ლექციების კურსს ემყარება, როდესაც სხვა ქვეყნებში მიგრაცია არც ისე ადვილი იყო)”.
    ფრიდმანის ამ თეორიას, დღესაც ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს, თუმცა ეკონომისტების მზარდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გლობალიზაციის ეპოქაში, მაშინ როდესაც თითქმის მთელი მსოფლიო ერთიან ბაზრად იქცა, სადაც უთანასწორობა უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს (საყოველთაოდ აღიარებული მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ზოგიერთი შეხედულების თანახმად, თუ 30 წლის წინ, განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს განვითარებადი ქვეყნების მკვიდრებზე 34-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდათ, დღეს უკვე 70-ჯერ მეტს შოულობენ და ეს განსხვავება მუდმივად იზრდება), რეგულირების ეფექტური მექანიზმების შემოღება აუცილებელია. ზოგი უფრო შორსაც მიდის, და მსოფლიო მთავრობის შექმნას მოითხოვს, რომელიც უთანასწორობისა და უსამართლობის პრობლემებს უფრო უკეთ გადაწყვეტს, ვიდრე თავისუფალი ბაზარი. თუმცა, ისინიც კი აღიარებენ, რომ იდეალურად თავისუფალი ბაზრის ძუხილავი ხელი” უფრო უკეთ იმოქმედებდა, ვიდრე იდეალური მთავრობა.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    XIX და XX საუკუნეების გერმანული პოეზიიდან

    ანდრო ბუაჩიძე
    ვიტრაჟები. XIX და XX საუკუნეების გერმანული პოეზიიდან. თარგმანი კონსტანტინე ზ. გამსახურდიასი. “საარი”. თბილისი, 2002.

    გერმანული ლირიკის ქართულ ენაზე თარგმნას თავის ისტორია აქვს. წარმატებულად დაძლეული სირთულე, ყოველი ახალი თარგმანი სავსებით განსხვავებულ წახნაგს სძენს ამ ისტორიას. ხშირად კამათობენ პოეზიის თარგმნის საკითხებზე და სამართლიანად დასძენენ, რომ თვითნებური განკერძოებულობა მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ამ საქმიანობას. ეს, რა თქმა უნდა, ფაქტია და ამ ფაქტთან ერთად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოეზიის თარგმანი ამა თუ იმ რთული ტექსტის ინდივიდუალური წაკითხვის და კვლავ აღდგენის მეშვეობით სრულდება.
    კონსტანტინე ზ. გამსახურდიას თარგმანებში გერმანული ლირიკის ვრცელი გზაა მონიშნული გოეთედან ენცესბერგერამდე. ეს გზა რთულია და მრავალფეროვანი, როგორც ზოგადად მხატვრული აზროვნების, ისე უშუალოდ ლექსწერის თვალსაზრისით. რაც მთავარია, ამ წიგნში თავმოყრილნი არიან ის პოეტები, რომლებიც ქართულად ან საერთოდ არ თარგმნილან ან ძალზე იშვიათად. აი, ისინიც: კლემენს ბრენტანო, იოზეფ ფონ აიხენდორფი, ფრიდრიხ რიუკერტი, ედუარდ მოერიკე, ფრიდრიხ ჰებელი, კონრად ფერდინანდ მაიერი, ფრიდრიხ ნიცშე, რიხარდ დამელი, ქრისტიან მორგენშტერნი, სტეფან გეორგე, ჰერმან ჰესე, მარია ლუიზე კაშნიცი და სხვები.
    სიმბოლურია გოეთეს ლექსი, რომელშიც საუბარია ეკლესიის ვიტრაჟებზე. ადამიანი, რომელიც გარედან შეიხედავს ეკლესიაში, ვიტრაჟებს მიღმა შენიშნავს “მხოლოდ ბნელ-პირქუშ შიდა სივრცეს”, სადაც დაკვირვებული თვალიც კი ვერაფერს ვერ გაარჩევს. ეკლესიაში შესვლისთანავე კი სულ სხვა სურათი გადაეშლება მნახველს: “ოღონდ ინებეთ და ტაძარშიც შემოდგით ფეხი! / წმინდა კაპელას მიესალმეთ, თაყვანი ეცით; / ფერადოვანი აქ იღვრება ნათელი ზეცით, / ისტორია და ორნამენტი კრთება ელვარე / და კეთილშობილ სილამაზეს მოუცავს არე. / ეს ყოველივე თქვენთვისაა, ღვთისშვილნო, კარგი, / თვალს ახარებს და გაგანათლებთ სულისთვის მარგი!
    ასეა ეს წიგნიც. მისი წამკითხველი “შიგნიდან” დაინახავს სამყაროს, ათასგვარ ნიშნებს და სამშვენისებს. ამ წიგნის წამკითხველს თვალწინ გადაეშლება უფართოესი ლირიკული თვალსაწიერი, რომელიც დროში და სივრცეშია გარშემოწერილი. ეს წრე უაფრესად ფართოა, ვინაიდან გერმანულ ლირიკაში აღმართულ უმნიშვნელოვანეს ნიშანსვეტებს მოიცავს.
    “ვიტრაჟები” ერთგვარი გზამკვლევია გერმანულ პოეზიაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სამი ან ოთხი ლექსით ძნელია ისეთი რთული პოეტების გაცნობა, როგორებიც არიან გეორგ თრაკლი ან ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი. ამავე დროს მთარგმნელი უაღრესად ძნელი ამოცანის წინაშე იდგა იმ მხრივაც, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პოეტების სამყაროს უნდა მორგებოდა. მას ერთგვარი სტილური გარდასახვა უნდა მოეხდინა, ვინაიდან ამის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ურთიერთსაპირისპირო პოეტების გადმოღება. ვთქვათ, შილერის ბრწყინვალე ლირიკიდან აქ მხოლოდ ერთი ლექსია მოხმობილი. ბუნებრივია ადგილის სიმჭიდროვის გამო მთარგმნელი ეცადა ერთი ლექსის მეშვეობით პოეტის მრავალგვარი თავისებურება გადმოეცა, რაც თითქოს შეუძლებელია. ლექსი კი, რასაკვირველია, შესანიშნავია. აქ საუბარია იმაზე, რომ სიკვდილს ყოვლისშემმუსრავი ძალა აქვს, დაუნდობლად ანადგურებს ყველას და ყველაფერს. მაგონდება ინგლისერი კლასიკოსის ჯონ კიტსის ერთი უსათაურო ლექსის სტრიქონები: “მშვენიერება ძალმოსილია, მაგრამ სიკვდილი იმასაც სძალავს”. დაახლოებით იგივეს ამბობს შილერიც, ოღონდ განსხვავებულ აქცენტს აკეთებს: “თვით მშვენიერსაც უწევს სიკვდილი! / ადამიანებს და ღმერთებსაც რომ ეუფლება, / სტიგიურ ზევსის ბრინჯაოს მკერდს კი ვერ შეატოკებს. / სულ ერთადერთხელ მოალბო ტრფობამ აჩრდილთ მეუფე. / და ზღურბლიდანვე მკაცრად გაიღო თავისი ძღვენი. / მშვენიერ ჭაბუკს ვერც აფროდიტე უამებს ნაჭრევს, / ნატიფ სხეულზე მძვინვარე ტახის მიერ განახლეჩს. / უკვდავი დედაც ვეღარ დაიხსნის ღვთაებრივ ჰეროლდს, – / აღსრულდა სკეას კარიბჭესთან ძის ბედისწერა. / ამოდის ზღვიდან, თან ნერეოსის ახლავს ასულნი, / და აღმოხდება გლოვის ზარი დაღუპულ შვილზე. / შეხე! ღმერთებიც და ქალღმერთებიც გოდებენ ყველა: / მშვენიერიც უნდა გარდახდეს, მოკვდეს სრულქმნილიც. / დიდებულია, სიმღერა გლოვის – სატრფოს მიერ ამონაკვნესი, / უმსგავსს ორკუსში მიაცილებს რადგან დუმილი”.
    კონსტანტინე ზ. გამსახურდიას ენა თავისებურია, არქაული ელფერი გადაჰკრავს. ამგვარი ენობრივი სტილი და მისი შემქმნელი ლექსიკა თავისებურ ინტონაციას ბადებს. ეს ინტონაცია თითქოს გარდასული ხანის კლასიკურ პოეზიას უფრო ესადაგება, ვიდრე თანამედროვეს. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ მთარგმნელი დროის კვალდაკვალ ამარტივებს ენას. ამ გამარტივებას ერთი მხრივ სათარგმნი ტექსტის სიმარტივე განაპირობებს, მეორე მხრივ კი თვითონ ავტორი ცდილობს თანამედროვე რეალიების შემოტანასთან ერთად გარკვეული სიმსუბუქე შესძინოს ლექსს.
    ჰანს მაგნუს ენცესბერგერი ის პოეტია, რომელიც თანაბრად კარგად ფლობს ტრადიციულ და არატრადიციულ ფორმებს, თუმცა ამგვარი გამიჯნვა მისი პოეტური აზროვნებისთვის მთლად შესაფერი არ არის. ენცესბერგერი სხვადასხვა ინტონაციურ წყობას, სტრუქტურას, ლექსის განსხვავებულ გრაფიკულ გამოსახულებას მიმართავს, მაგრამ მისი აზროვნება ყველგან რთულია, არაერთგვაროვანია, ლირიკულ-აზრობრივი აქცენტებითაა დამუხტული. წმინდა ენობრივი სისადავე და სიმარტივე (რაც თანამედროვე და მით უმეტეს ექსპერიმენტული პოეზისთვისაა დამახასიათებელი) კარგად ეთავსება ენცესბერგერთან აზროვნების სირთულეს და ელასტიკურობას: “ვხატავ თოვლს / ვხატავ დაჟინებით / ვხატავ პირდაპირ / დიდი ფუნჯით / თეთრ გვერდზე / თოვლს. / ვხატავ დედამიწას. / ვხატავ ჩრდილს / დედამიწას, ღამეს. / არ მძინავს / ვხატავ მთელი ღამე. / ათოვს, პირდაპირ, დაჟინებით / რასაც მე ვხატავ. / დიდი ჩრდილი / ეხება ჩრდილნახატს. / ამ ჩრდილქვეშ / ვხატავ / ღამის დიდი ფუნჯით / ჩემს პაწაწინა / ჩრდილს დაჟინებით”.
    გოტფრიდ ბენის და მარია ლუიზე კაშნიცის სახელები ქართველმა მკითხველმა ლიტერატურული ცნობარებიდან და მიმოხილვითი ხასიათის წერილებიდან იცის; ამჯერად კი მას მიეცა საშუალება ზიარებოდა ცნობილი პოეტების შემოქმედებას. იგივე ითქმის გიუნტერ აიხის და იოჰანეს ბობროვსკის ლექსებზეც.
    ცალკე აღნიშვნის ღირსია ინგებორგ ბახმანის ლექსების თარგმანები. ჩემი აზრით, მთარგმნელმა შეძლო გადმოეცა მისი პოეზიის ფერადოვანი მეტაფორულობა, უცნაური სინატიფე და სიფაქიზე, შეიძლება ითქვას, მისტიკური მრავალმნიშვნელოვნება და იდუმალებაც კი. ამ პოეტთან ყოველივე ეს შესანიშნავად ერწყმის თანამედროვე რეალიებს, ცხოვრების დღევანდელ ატმოსფეროს, ადამიანის ამჟამინდელ საწუხარს და საფიქრალს: “ვინ იცის უკვე ცა მერამდენე / გამოგვივლია გაყინულ მზერით? / გამოძევებულ მიწიერ დროში / და სივრციდან გამოგდებულებს”.

    © “წიგნები – 24 საათი”