• პროზა

    ალეკო ცქიტიშვილი – ჰოროსკოპი


    იანვარი

    მე ვწერ!
    ე. ი. ბედს ვწერ. თუ ჩემს ბედს არა, ჩემს მიერ გამოყენებული სიტყვების, სასვენი ნიშნებისა და ახლადგამომცხვარი პერსონაჟების ბედს ხომ ვწერ? თუ არა, მაშ, საიდან ჩნდებიან ისინი?
    წეროს მოტანილი სასვენი ნიშნები ჯერ არსად მინახავს. არც ბორშჩისთვის დაჭრილ კომბოსტოში მიპოვია, წერტილი რაა, თუნდაც ერთი კითხვის ნიშანი მაინც. ქარის მოყვანილ პერსონაჟებსაც, ბუნებრივია, ქარი აქამდე წაიყვანდა.
    არა, არა!.. ნამდვილად მე ვწერ!
    ე. ი. ვინ ვარ?
    ჩემს ქვეყანაში ხუთ მილიონამდე მოქალაქეს მხოლოდ ერთი ასტროლოგი ჰყავს – ცაგარელი, რომელიც ზის და ყოველდღიურად თითქმის ხუთი მილიონი ადამიანის ბედს წერს.
    კაცი, რომელიც დაგვცინის.
    წარმოიდგინეთ, თითქმის ხუთი მილიონი ადამიანი ერთი ბედისმწერლის ჭკუაზე დადის. ზოგიერთს საპირფარეშოში შესვლა-გამოსვლაც წინასწარ აქვს დაგეგმილი და კუჭში ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად გადის. ზოგიერთი მოძღვარს ეკითხება, თუკი მამლის წელიწადია, საახალწლო სუფრაზე მიიტანოს თუ არა ქათმის კერძები, ხოლო ცეცხლოვანი ღორის წლის დადგომისას ინტერესდება, შობადღეს ღორის დაკვლა შეიძლება თუ არა. ლამის იქამდე მივიდეს საქმე, ჭეშმარიტი ღმერთი უარჰყონ და მესიად ცაგარელი აღიარონ. მე კი, სიმართლე გითხრათ, ის უფრო მაინტერესებს, ეს კაცი ამდენს როგორ წერს.
    ამ დროის განმავლობაში მეტწილად ოჯახური საქმეებით ვიქნები დაკავებული. შემიძლია, გავაკეთო რემონტი, გავცვალო ბინა, ანდა წამოვიწყო მშენებლობა. არანაკლებ წარმატებული იქნება ჩემი პროფესიული საქმიანობა; მთავარია, წინასწარ შევიმუშავო სამოქმედო გეგმა და ყველაფერი სწორედ ამ გეგმის მიხედვით შევასრულო.
    და აი, მეც ვწერ!
    ე. ი. მეც თავისებურად ასტროლოგი ვარ – ყოველდღიურად, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ჩემს მიერ გამოყენებული სიტყვების, სასვენი ნიშნებისა და ახლადგამომცხვარი პერსონაჟების ჰოროსკოპს ვადგენ. თუმცა, ამ უკანასკნელებს ფაქიზად ვეპყრობი, საპირფარეშოში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებასაც ვაძლევ და როდესაც აღსარებაზე მოდიან, არც ვუსმენ, პირდაპირ ვეუბნები: “უფალმა შეგინდოთ!” ზოგჯერ მშურს მათი, განსაკუთრებით იმ დროის განმავლობაში, როცა ოჯახური საქმეებით ვარ დაკავებული. ამ გაჭიანურებულმა რემონტმა ხომ ყველაფერი შეიწირა! ერთ-ერთ მეორეხარისხოვან გმირს რომ არ შეეხსენებინა, საკუთარი დაბადების დღეც დამავიწყდებოდა. თუმცა, მე ხომ ვიცი, რომ რემონტი წლევანდელი საბაბია. სინამდვილეში დაბადების დღეს არასოდეს აღვნიშნავ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მეგობრები მაძალებენ. ვერ გამიგია, ამ უბადრუკ ცხოვრებაში ფეხის შემობიჯება რატომ უნდა აღინიშნოს ცეკვა-სიმღერით, სანთლებიანი ტორტით და წინაპართა სისხლით დაწინწკლული კალმახების სადღეგრძელოებით?! აი, ცაგარელის დონის ასტროლოგი რომ ვიყო და წინასწარ მქონდეს განჭვრეტილი, რომელ დღეს გარდავიცვლები, საფუძვლიან თადარიგს დავიჭერდი, წელიწადში ერთხელ მეგობრებს სპეციალურად მოვიწვევდი და სათითაოდ ვთხოვდი შენდობას.

    თებერვალი

    ის მუშაობს.
    ეს-ესაა სამუშაო დღის გრაფიკი შეადგინა და კომპიუტერთან მიდგმულ კაქტუსს გადახედა.
    სულ ასეა – ყველა გეგმას და მონახაზს თავდაპირველად კაქტუსთან ათანხმებს, შემდეგ – უფროსთან, ბოლოს – საკუთარ თავთან.
    კაქტუსი ადებს პირველ უხილავ რეზოლუციას მის ყველა წერილს, მოხსენებით ბარათს და ანგარიშს.
    კაქტუსი იწონებს, ან იწუნებს მის იდეებს, აზრებს, შეხედულებებს.
    კაქტუსი ისმენს მის სინანულებს, ცისკრისა და მიმწუხრის ლოცვებს.
    კაქტუსი აცნობს ჰოროსკოპებს პორტალიდან Posta.ge.
    კაქტუსი ანცობს…
    სარისკო წამოწყებები შეიძლება უბედური შემთხვევით დასრულდეს. ამდენად, მიზანშეწონილი იქნება, თუ ყველაზე რთულ სამუშაოს სხვა დროისთვის გადადებს. აგრეთვე, სასურველია, მინიმუმამდე დაიყვანოს გარშემომყოფებთან შეხვედრების ინტენსივობა. უმჯობესია, დაისვენოს და ბინის კეთილმოწყობას მიჰყოს ხელი…
    კაქტუსი ხედავს, რომ გარშემომყოფები, ამ სიტყვის ზუსტი და საბუნებისმეტყველო გაგებით, იქ არ არსებობენ, თუმცა, იქვე ყოველთვის არის ვიღაც, რომელსაც კაქტუსი გუმანით ხედავს.
    კაქტუსი ხედავს, რომ რთული სამუშაო არ არსებობს, როგორც ასეთი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე გადადებულია და ეშმაკისაა.
    კაქტუსი ხედავს, რომ ინტერნეტში კატასტროფების თაობაზე გამოქვეყნებული ყველა სტატისტიკური მონაცემი პირობითია და არ ასახავს დედამიწაზე მომხდარი უბედური შემთხვევების რეალურ სურათს.
    კაქტუსი ხედავს, რომ სასურველია, მან ყველაფერი დაიკიდოს – სამსახურიც, უფროსიც, ბინის კეთილმოწყობაც და საკუთარი თავიც, მაგრამ ამას მხოლოდ კაქტუსი ხედავს.
    მან არ იცის, რომ კაქტუსი ხედავს.
    (ამას რა უჭირს!)
    მან არ იცის, რომ გმირია.
    რა თქმა უნდა, არც ისეთი კაქტუსი არსებობს, რომელიც ყველაფერს ხედავს, ისმენს, აფასებს, ანცობს და კიდევ, რა სისულელეა, მოხსენებით ბარათებს ეკლიან რეზოლუციებს ადებს.
    უბრალოდ, ყველაფერი მარტივადაა – მე ვწერ!
    მან არ იცის, რომ მე ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მას შემდეგ არსებობს, რაც მე ვწერ.
    (მანამდე სად იყო?)
    მას არც ევალება იცოდეს, რომ მე ვწერ. მისი მოვალეობაა, არსებობდეს იქ, კაქტუსის გვერდით. იქ ყველაფერი ჩემს ხელშია, როგორც ჯადოსნური კვერცხი, სადაც მისი სულია მოთავსებული და ჩემზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა უბედური შემთხვევა, თუკი ესა თუ ის გმირი სარისკო საქმეს წამოიწყებს.
    (გმირის სული უკვდავია?)
    მე მასზე ვწერ.

    მარტი

    ჩვენ – ბედის მწერლები სიზუსტეზე ნაკლებად ვფიქრობთ, რაკი თვითონ ბედია ზუსტი, მაგრამ ბევრს ვფიქრობთ იმ ფორმულებზე, აბსოლუტური სიზუსტის ამბიციით რომ გვაბრუებენ. მაინც რომელი უფრო ზუსტია – მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი, თუ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება? ჩვენ უპირატესობას პირველს ვანიჭებთ, რომელიც მეორის პათოსს ახშობს, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი მართლაც არ იცვლება.
    პირადად მე რამდენჯერმე გადავამოწმე!..
    ამის მიუხედავად:
    მე ვიცი, რომ ჩემი და არ არსებობს, მაგრამ არ ვიცი, სად არის ჩემი არარსებული და.
    იქნებ ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ – ბედის მწერლები გულისხმით ვეძებთ და არა მზერით. იქნებ სწორედ ეს არის ჩვენი საქმის თავისებური ასტროლოგია, სადაც არ ვიცით, როდის არ ვცდებით. ცაგარელი კი გვეუბნება, რომ თუ გვსურს, ყველაფერი მოვასწროთ, აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ. წარმატება შეხვდება იმ ჩვენთაგანს, ვინც ზუსტი მეცნიერებებით არის დაკავებული. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება საინტერესო რამ აღმოვაჩინოთ, გამოვიგონოთ, ან უბრალოდ ორიგინალურად გადავჭრათ რომელიმე პრობლემა. არ არის გამორიცხული, გონება გაგვინათდეს და ცხადად ვიხილოთ, მილიარდი საუკუნის წინ როგორ გაჩნდა ქათამზე ადრე კვერცხი.
    როგორც წესი, ასეთი ორიგინალური აღმოჩენების ყველაზე დიდი შანსი აბაზანაში გვეძლევა, მაგრამ ყველაფერი მაინც მოსწრებაზეა – ვინ უფრო მალე ჩაწვება სახელდახელოდ მომზადებულ წყალში და ჩაფიქრებული აკაკი წერეთელივით ღაწვზე ხელს შემოიდებს. ამ დროს (როგორც წესი) წარმატება აბაზანიდან გადმოსული წყლის მოცულობის პირდაპირპროპორციულია, მაგრამ მე თუ მკითხავთ, თვითონ წარმატებაც ისევე ზუსტია, როგორც მათემატიკა, რომელმაც არ იცის, რომ არაფერი იცის. ელემენტარულად, სიკვდილი არსებობს, ხანძარი არსებობს, გლობალური დათბობა არსებობს – წყალდიდობებით, გვალვებით, შიშით. ამ დროს ორჯერ ორიც კი ოთხი აღარ არის. ხოლო ორი ხანძრისა და ორი წყალდიდობის გადანაცვლებით მიღებულ შედეგს ეკოლოგიური კატასტროფა ეწოდება.
    აი, ასე!..
    !
    მე ვწერ და თითქოს სიტყვა სისხლია – აღარ ჩერდება, ყოველდღე თითქოს ამ სისხლს ვუზიდავ ჩემს პერსონაჟებს – პეშვებით, მაგრამ ხშირად მათგან სხვა ხე იზრდება – არაზუსტი მიმართულებით. მერე და მერე, ჩრდილს რომ მოისხამს, ძნელია, ნებისმიერ ხეს შეელიო. ძნელია, უნაყოფო სისხლის კვალს გაჰყვე, პასუხი აგო.
    და სადა ხარ ამ დროს პატივცემულო ჩვენთაგანო – წარმატებულო, რას აკვირდება შენი მიურულებელი თვალი?
    წერ?

    აპრილი

    ბიძაჩემი გარდაიცვალა. ვერ ვიტყვი, არაფერი შეცვლილა-მეთქი. პირიქით, ამ ამბავმა ისევ ჩვენს გმირებზე დამაფიქრა, ზოგჯერ ერთი ხელის მოსმით რომ ვკლავთ ხოლმე.
    წარმოვიდგინე, სიტყვების ტყე-ღრეში დღემდე როგორ დახეტიალობს უთავო მხედარი, რომელსაც ერთ-ერთმა ჩვენგანმა (წარმატებულმა) ვერაგული სიკვდილი მიუსაჯა; მეორემ ჰოროსკოპის ნაცვლად პასეანსს მიმართა, ერთ-ერთ მეორეხარისხოვან გმირს თავი მოაჭრა და ეს თავი უბან-უბან ათრია ქალაქში; მესამემ მოუხელთებელი აბრაგი საკუთარ შვილს მოაკვლევინა, რადგანაც უარესი ვერაფერი მოიფიქრა; მეოთხემ მამა-შვილის კონფლიქტში როლები შეცვალა, შვილს ჯერ მოღალატის იარლიყი მიაკერა, შემდეგ კი სიცოცხლეს მოხუცი მამის ხელით გამოასალმა – ხანჯლით გული გაუპო.
    განა მისი სისხლი ახლა ცას არ შესჩუხჩუხებს?!..
    მეხუთემ გადაწყვიტა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირი ხეზე ასული მოეკლა – მეტი ეგზოტიკურობისათვის; მეექვსემ ისტორიულად არსებული ადამიანი მორიელებს დააკბენინა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ასეთი საზარელი სიკვდილი არც ერთ ისტორიულ წყაროში არ არის აღწერილი; მეშვიდემ გამზრდელს უკარნახა, შუბლში დამბაჩა დაეხალა, როცა ადამიანური ცოდვით დამძიმებული ნამოწაფარის აღსარება მოისმინა; მერვემ გმირი მეზობლის ეზოში გადაიყვანა, იქ ხეზე თოკით ჩამოკიდა და მერე ამას ტრაგედია უგმიროდ უწოდა.
    სიუჟეტი ამართლებს საშუალებას!
    ნაკლებად გვაინტერესებს, თავად როგორ მოვკვდებით.
    არადა, ვინც ჩვენს ბედს წერს, გაცილებით მდიდარი ფანტაზია აქვს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როცა სიტყვებთან ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ ვგიჟდებით და სიცოცხლეს ფსიქიატრიულ კლინიკაში ვასრულებთ. ეს, ალბათ, სამაგიეროა ჩვენი სასტიკი გადაწყვეტილებების გამო, ზოგჯერ – შურისძიებაც. ყველაზე სამაგალითოდ იმ ჩვენთაგანის სული განიმქრა, რომელიც ამბობდა, რომ ის მოკვდა.
    მე კი მას მუდამ ვგრძნობ, ყველაზე მეტად მაშინ, როცა წერტილის დასმა მიჭირს.
    წერტილი!
    .
    ეს დასასრულის მიკროსამყარო…
    დროა, ვიმხიარულო და ვიზეიმო!
    გასულ თვეებთან შედარებით, თავს ბევრად უკეთ ვიგრძნობ, რაც გარეგნულადაც შემეტყობა. კმაყოფილებას მომგვრის საყვარელი საქმიანობაც და სავსებით შესაძლებელია, რომელიმე თანამშრომელთან სასიყვარულო ურთიერთობაც დავამყარო.
    ბიძაჩემი ხარების დღესასწაულზე დავკრძალეთ. მეორე დღეს აღდგომა დაემთხვა. ასე თქვეს, მისი სული პირდაპირ სამოთხეში მოხვდებაო.

    მაისი

    როგორ შეიძლება, ვიზრუნო მის სულიერ სიმშვიდეზე, როცა მისმა ცხოვრებამ მრავალთა სულები უნდა ააფორიაქოს? შესაძლებელია თუ არა, ჩემი მიზანი იყოს მხოლოდ სრული ჰარმონიის შექმნა – დილის საუზმიდან დაწყებული, ღამის სიზმრებით დასრულებული, სადაც მხოლოდ ლოტოსის ყვავილები გაიშლებიან და წითელკაბიანი პეპლები იფარფატებენ. შესაძლებელია თუ არა, მრავალ გვერდზე გადაიჭიმოს გმირის მშვიდი სული, სადაც დიდი ადგილი დაეთმობა ოთახის ფლოსტების ფრატუნს, სტაბილური სამსახურის ქაღალდების სუნს და ყველაფერს, რაც მის აღელვებასთან ნაკლებად იქნება დაკავშირებული.
    შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, გმირს ვინ იყიდის? აჯობებს, ისევ ჰოროსკოპს ვენდოთ, რომლის მიხედვითაც ამ დღეებში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი მის პირად ცხოვრებაში. სულიერ სიმშვიდეს ახალი რომანტიკული თავგადასავალი დაურღვევს. თუმცა, ეჭვიანობის მიზეზით შეიძლება ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს. სამსახურში მომხდარი ცვლილებების გამო მისი ეკონომიკური მდგომარეობაც არასტაბილური გახდება.
    აი, ასე! აქ მთელი რომანია – მზა ქარგა, რომელსაც მხოლოდ სული უნდა შთაებეროს – რაც შეიძლება, აფორიაქებული, ყველასაგან დევნილი და ტრაგიკული სული.
    და იგი იტყვის: “მშვიდობით, ჩემო სამსახურო…”
    და კიდევ: “ოჰ, ჩემო ტურფავ!”
    და სიკვდილის წინ ცას ახედავს, სადაც ანგელოზები ბატებივით გადაიფრენენ.
    ხშირად მგონია, რომ ის მე ვარ, ზოგჯერ – ისეთი, როგორიც არ ვარ. თავად განსაჯეთ, მე თუ ვისურვებ, მას შეუძლია, მეშვიდე სართულზე კაქტუსები გაამრავლოს, მე კი სამსახურში ვეფხის ტყავით შემოსილი ვერ გამოვცხადდები. მით უფრო – ახალ სამსახურში, სადაც ნამცხვრების წიგნის მომზადება დამავალეს. სამაგიეროდ, შემიძლია, მის ცოლთან საიდუმლო რომანი გავაბა. სასიყვარულო ბარათებს ყვითელ ფოთლებზე დავწერ ნოემბრის ბაღებში და გავაფრთხილებ, რომ წაკითხვისთანავე დაწვას. ან სულაც დაშიფრულ წერილებს გავუგზავნი – თუნდაც, აი, ამ თაფლაკვერის რეცეპტს, სადაც კვერცხის გულების ათქვეფის შესახებ უწყინარი წინადადებები ყველაზე საშინელ საიდუმლოს დაიტევენ. ხელებს ვიფშვნეტ სიხარულისაგან, როდესაც წარმოვიდგენ კულინარიით გატაცებული მისი ქმარი როგორ შეისწავლის ამ რეცეპტს, მერე გაზქურას 170 გრადუსამდე გააცხელებს, თუნუქის ფირფიტაზე თხილს მოხალავს, წვრილად დაკეპავს და გვერდზე გადადებს. მერე 2 კვერცხის გულს ცილისგან გააცალკევებს და ცილას კარგად ათქვეფს, სანამ დადებულ თოვლს არ დაემსგავსება…
    მერე კი თავზე ლოსის რქები ამოუვა.
    საინტერესოა, ლოსადქცეულ გმირს ეჭვიანობის უნარი თუ აქვს?
    და კიდევ უფრო საინტერესოა, პირიქით თუ შეიძლება მოხდეს – ჩემს ცოლს მოუვიდეს ფოსტით თაფლაკვერის რეცეპტი გმირისგან, რომელიც ზურგს უკან საფლავს გამითხრის.
    მაგრამ…
    ის არ წერს!
    ყველაფერი უნდა ვიღონო, რომ ის არ წერდეს!

    ივნისი

    თუმცა, ყველაფერი ჩემზე მაინც არ არის დამოკიდებული. განსაკუთრებით – დროის ამ მონაკვეთში, როცა მოტყუების, დაგვიანებისა და გაუგებრობის ალბათობა მატულობს. შეიძლება ტექნიკური ხელსაწყოც გამიფუჭდეს. ამიტომ, უნდა ვეცადო, ყველა დეტალი წინასწარ დავგეგმო და გადავამოწმო.
    ცოლ-ქმრულ ურთიერთობებშიც უთანხმოებაა მოსალოდნელი. ჩემი ცოლი ამტკიცებს, რომ სიამოვნება მარტო ნუგბარის ჭამა არ არის. იმ წიგნში კი, ახალ სამსახურში რომ ჩამაბარეს, შავით თეთრზე წერია, როგორ იკავებენ დიდ ადგილს ნამცხვრები ჩვენს სულიერ სამყაროში. ამ თემაზე ცოლთან კამათს აზრი არა აქვს, რადგან დროის ამ მონაკვეთში დეპრესიის ასაცილებლად აჯობებს, დავისვენო და სიამოვნება არ მოვიკლო. მითუმეტეს, როცა კარგად ვიცი, რომ ჩემი ცოლი სამზარეულოში რეცეპტების წიგნს დემონსტრაციულად არ იყენებს. მისი კულინარიული მიღწევები მთლიანად თვითშემოქმედებაზეა აგებული.
    ჩვენ – ბედის მწერლებს ასეთი ყოფითი დეტალები გვაოცებს. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ყოფა-ცხოვრებაც წინასწარ დაწერილი, მრავალჯერ გადამოწმებული რეცეპტი გვგონია და ნებისმიერი თვითშემოქმედება, რაც მსგავსი ზოგადი სქემებიდან ამოვარდება ხოლმე, ნერვიულობის, ხშირად სულიერი აშლილობის მიზეზიც ხდება. ალბათ, აქედანვე ჩნდება ყველანაირი გაუგებრობა და დეპრესია. ერთ დღესაც, შესაძლოა, ჩვეულებრივი ღვეზელიდან ოცდაოთხი შაშვი ამოფრინდეს და ერთ-ერთმა მათგანმა ჩამოშვებული ცხვირები წაგვაცალოს. არადა, როგორ უნდა განვჭვრიტოთ ცოლ-ქმარმა წინასწარ, რომ ღვეზელში ოცდაოთხი შაშვი იქნება ჩაბუდებული? როგორ უნდა გამოვრიცხოთ ბასრი ნისკარტით ცხვირების წაცლის ალბათობა? ერთმანეთს ვერ მოვატყუებთ! ვერ ვიტყვით, რომ ცხოვრება უცხვირპიროდაც შეიძლება, თუკი დარჩენილ წლებს წინასწარ დავგეგმავთ და გადავამოწმებთ!..
    არა, არა, ახლა მეტი სიამოვნებაა საჭირო – იმაზე მეტი, ვიდრე ნამცხვრების წიგნი იწონის! როგორმე ზაფხულს თუ გადავურჩი – ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს და ცოლმაც სამუდამოდ არ მიმატოვა, ყველანაირ დეპრესიას იოლად დავამარცხებ. მეტ ყურადღებას მივაქცევ ჩემს საუკეთესო გმირს, რათა მხურვალე ვნებებმა გაუაროს. ვატყობ, ხელი ექავება, მაგრამ წერის ნება რომ დავრთო, მერე სხვებიც თავს გამოიდებენ და აქეთ შემომიტევენ. შეიძლება საწოლშიც შემოგვიწვნენ.
    არა, არა, ყველაფერი უნდა ვიღონო, რომ გმირები არ წერდნენ! მით უფრო – დროის ამ მონაკვეთში, როცა მოტყუებისა და დაგვიანების ალბათობა მატულობს. მით უფრო – მას შემდეგ, რაც გაფუჭებულ ჰაერღუმელთან ფურცლის ნახევზე მიჩხაპნილი რეცეპტის ფრაგმენტი აღმოვაჩინე – “ბადრიჯნით, პომიდვრით, ყაბაყით და სხვა მარტივი ინგრედიენტებით თქვენ ნამდვილი შედევრის შექმნა შეგიძლიათ…”
    თვალთ დამიბნელდა!
    როდის მერე დაიწყო ჩემმა ცოლმა შედევრებზე ფიქრი?! აქამდე მეგონა, რომ ის არ წერდა და რაც ყველაზე მთავარია – მასაც არ წერდნენ. ახლა კი, როგორც ირკვევა, ბევრი რამ ხდება ჩემს უკან ისეთი, ასტროლოგებს რომ არასოდეს დასიზმრებიათ.

    ივლისი

    თავს ჯერ კიდევ მოტყუებულად ვგრძნობ. ისიც არ ვიცი, რომელ გმირს შეეძლო, ჩემს ცოლთან რომანი გაება… რომელი რომანიდან გაბედეს?!.. ღალატი თითქმის ყველასგან მოსალოდნელია, რადგანაც ჩვენ მათ ხშირად მსგავსი მუხანათური თვისებებით ვაჯილდოვებთ ხოლმე, გაუგონარ სასიყვარულო სამკუთხედებში ვამწყვდევთ და გარშემო ინტრიგის ბადეებს ვაქსოვთ. სამაგიეროდ, ისინი გვაძლევენ არსებობის საშუალებას და მერე და მერე – უკვდავების უფლებასაც…
    მაინც რომელი რომანიდან?!..
    ღალატი მათი ცხოვრებაა, მაგრამ იქნებ პირიქით – ჩემი ცოლის მახეში გაება რომელიმე?! ერთი წუთით მის ადგილას რომ წარმოვიდგინო თავი – განა ვისურვებდი ქმარს, რომელიც ნამცხვრების წიგნზე მუშაობს და მრავალი საზოგადო ნაკლი აქვს, როცა აგერ, ხელის ერთ გაწვდენაზე, სხვადასხვა ღირსებით აღჭურვილი გმირები არსებობენ?! ცხენებს უბელოდ აგელვებენ და მიზანში ისვრიან, დედამიწის გარშემო მოგზაურობენ და ყველანაირი ხიფათიდან საღ-სალამათნი გამოდიან. მერე რა, რომ ზოგჯერ შიათ და ჩვენი სიტყვების ოკეანეში დაკარგულები ერთმანეთსაც ჭამენ, მათთან მაინც მარადისობის სასიამოვნო ბურუსია და მუდამ გვძლევს ცდუნება, ექსტრემალური დაშვება განვახორციელოთ მოყირჭებული ცხოვრებიდან არარსებულ რომანტიკაში.
    და თუ ჩვენ ვოცნებობთ მათ სამყაროში გადასახლებაზე, რატომ არ შეიძლება მათაც გაუჩნდეთ სურვილი, აქეთ გადმოვიდნენ და თანაც – პირდაპირ ჩვენი მოწყენილი ცოლების მკლავებში?!
    არაფერს ვიეჭვებდი, მაგრამ იმ საბედისწერო სტრიქონების წაკითხვიდან რამდენიმე დღეში სამზარეულოს მაგიდაზე კარტოფილი, ბადრიჯანი და ყაბაყი შევნიშნე.
    ესე იგი, სწორედ ახლა მეძლევა შანსი, ჩემი ძველი ოცნება განვახორციელო. სასწრაფოდ ყველა საინტერესო პერსონაჟი შინ უნდა მოვიწვიო, სადაც უფრო თამამად შევძლებ, სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღო და დავქორწინდე!
    დავქორწინდე?!
    სწორედ ასე წერია ბედის დავთარში, სადაც ვარსკვლავები ჩემს თავზე კიაფობენ. მერე რა, რომ კარგა ხანია, დაქორწინებული ვარ?! განა რა დაშავდება, კიდევ ერთხელ რომ დავიდგა თავზე ნეფის გვირგვინი?! ეს საუკეთესო შურისძიება იქნებოდა ჩემს მეორე ნახევარზე – ცოლზე, რომელიც თურმე ჩემივე გმირებს ეარშიყება. თუკი მეც, მისი მეორე ნახევარი, ცალკე სამკუთხედს შევკრავ, სვე-ბედის წინაშეც თანასწორნი ვიქნებით – განახევრებული, მაგრამ განახლებული ბედნიერებით, მღელვარებით, მაგრამ სასიამოვნო საიდუმლოებებით…
    მაგრამ ვისთან?!.. გმირთან?.. რომელთან?.. ისინი ბევრნი არიან – ეს დიდი და პატარა დიასახლისები – ეს დედოფლები და კონკიები – ეს განრისხებულნი და განკიცხულნი. ეს შვლები.
    სამსახური ხომ არ შევიცვალო?
    ალბათ, ასე აჯობებს (თუკი ვინმე ახალ სამუშაოს შემომთავაზებს) – ყელში ამომივიდა ეს ნამცხვრები!

    აგვისტო

    რაკი ამ თვეებს გადავურჩი – ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს, ამიერიდან ვარსკვლავების ნდობა შეიძლება. ახლა უნდა შევეცადო, მოზღვავებული საქმეებიდან ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოვარჩიო და ბოლომდე მივიყვანო. წინასწარ ვეგუები იმას, რომ ვალსა და პროცენტებს დროულად არ დამიბრუნებენ. სამაგიეროდ, ჩემი სექსუალური მიმზიდველობა გაიზრდება და შესაბამისად, სასიყვარულო ურთიერთობებიც დრამატულობით იქნება გამსჭვალული.
    ალბათ, იმ გმირებსაც უნდა ვენდო, აღსარება რომ არასოდეს უთქვამთ. განსაკუთრებით – მათ, ვისაც სინანული ღრღნით, მაგრამ დუმილში იხარშებიან, როგორც კუპრში. ასე ჰგონიათ, ჯვარსაც რომ ეცვან, საშველი მაინც არ ექნებათ, სადღაც მაინც წაიბორძიკებენ და ყველაფერი თავიდან დასაწყები გაუხდებათ.
    იმ გმირებისგან განსხვავებით, რომლებთანაც ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია, ესენი თითქოს რაღაცას ეძებენ, რაღაც ყოველთვის სტკივათ ისეთი, მათ არსებობას მოურჩენელ დაღს რომ ასვამს. მაინც ჯიუტად აგრძელებენ დუმილს, რომელშიც ამბოხისა და შეთქმულების საფრთხე იგრძნობა. ზოგჯერ მეშინია კიდეც მათი, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი, უმანკო ჩასახვით არ გაჩენილან – მე ვარ ის ერთადერთი, ვინც მათ გონებას ჭვარტლსა და ბურუსში ამყოფებს, ვინც მათ მარადისობის ლაჟვარდებში უშვებს და საგზლად სიტყვებს ატანს.
    მათ ეს არ იციან და არც ვავალდებულებ, იცოდნენ. წინასწარ ვეგუები იმას, რომ მათი დუმილი ოქროა, რომელიც მე არ მერგება. მითუმეტეს, როცა ზუსტად არ ვიცი – ოქროა თუ კუპრი, საიდანაც პროცენტებს არასოდეს ვისურვებდი.
    სამსახურის შეცვლამ გამომაცოცხლა. ჩემი ახალი უფროსი ფილოსოფიით დაინტერესებული ქალბატონი აღმოჩნდა. ახალი სამუშაო მოულოდნელად შემომთავაზა. თან არ იცის, რომ ვწერ. ან რატომ უნდა იცოდეს? ბედის წერა და სამსახური სულ სხვადასხვა საქმეა – ცა და მიწაა. კაქტუსი მონიტორის გამოსხივებას ბრმა ყვავივით ყლაპავს, მაგრამ აქ, სამსახურის კომპიუტერთან, სიტყვების შრიალი არ მესმის. ამიტომ ყოველთვის შინ ვწერ, ბეგონიასთან.
    სამსახურის შეცვლამ მაინც დადებითად იმოქმედა ჩემზე. სექსუალური მიმზიდველობა ისე გამეზარდა, შეშლილ სკვითელს დავემსგავსე. ასე მგონია, დაღლილი ვარ და რომანში მძინავს. იქ რომელიღაც კონკიას აუზთან სანდალი დარჩენია. მე მას ნოემბრის ბაღებში ვეძებ. თან ყვითელ ფოთლებზე სასიყვარულო ბარათებს ვწერ და ქარში ვფანტავ უმისამართოდ. მთის კალთაზე სასახლე მოჩანს, ტყეში კი – განდეგილ მამათა სავანე. აქ უამრავი გაზელია და ხელთათმანი, რომელიც აუცილებლად დამჭირდება, თუკი მართლა ვისურვებ, სასიყვარულო ურთიერთობებს მეტი დრამატულობა მივანიჭო.
    მაგრამ აჯობებს, გამოვფხიზლდე – აქ ვერ ვწერ. შესაძლოა, ეს ახალი სამსახურის მოზღვავებული საქმეების ბრალია, მაგრამ უფრო მეტად, ალბათ – იმ უცნაური შეგრძნების, როცა ზუსტად არ ვიცი, სად მძინავს – რომანში, თუ რომანს გარეთ.
    ესეც ჩემი სექსუალური მიმზიდველობა!
    როგორც ჩანს, მეც გმირი ვარ.

    სექტემბერი

    მესიზმრება, რომ მას ვესიზმრები. თუმცა, მის პირისპირ არსად ვდგავარ. ის მხოლოდ ჩემს მზერას გრძნობს და თანაც – ყველგან, სადაც კი შეიძლება ყოვლისმჭვრეტელი თვალი იგულისხმებოდეს – მოწმენდილ ცაზე, მოხნულ მიწაზე, ზღვის ზედაპირზე, ხის ფუღუროში, კარის ჭუჭრუტანაში, ოთახის ნათურაში, ყავის ჭიქაში, ლოცვანში, ფულის კუპიურაზე – ყველგან, სადაც მისი გულისხმა აღწევს.
    შეშფოთებულია.
    ბორგავს.
    ჩემი სიზმარიც იქვე გრძელდება, პარალელურად და ახალი აღმოჩენა მაბნევს – იქ, სადაც მოულოდნელად საკუთარი თავი დავლანდე, ზუსტი მეცნიერების კანონებით ვერ ვიმოქმედებ. იქ არსებული დაბრკოლებების გადალახვას სულ სხვა რამ სჭირდება. შესაძლოა – ასტროლოგია, რომლის შთაგონებითაც ის უკვე მიხვდა, რომ ამდენგან აბრიალებული თვალი მხოლოდ მისი სიზმარი არ არის.
    იღვიძებს. საწოლიდან დგება და ჩემს კალამს იღებს.
    ღმერთო, ის წერს! უფრო მეტიც – მწერს: “მოულოდნელად წარმოქმნილი დაბრკოლებების გამო, იძულებული გახდები, გადადო დაგეგმილი მოგზაურობა საზღვარგარეთ. სასიყვარულო ურთიერთობებშიც შეიძლება მეტოქე გამოგიჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში შენი დაუფარავი ხორციელი ვნებები პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს”.
    ჩემი ცოლი, მართლაც, კარგა ხანია, ვეღარ მცნობს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შეშლილ სკვითელს დავემსგავსე. მისთვისაც გაუგებარია, სადა ვარ – რომანში, თუ მის გარეთ. ისიც არ იცის, როდის გამივლის ეს ცეცხლოვანი ვნებები.
    მერე და მერე ვხედავ, რომ თვალი, რომელიც მას მსჭვალავს, მარტო მისთვის აღარაა საშიში. მეც რაღაც დიადი მიპყრობს. ადრეც ვგრძნობდი და ახლა უკვე თვალნათლივ ვხედავ – ეს ის თვალია, რომელიც არასოდეს იხუჭება. ახლაც, როცა გარშემო ჩემი სიზმარია, მას მზე ამოჰყავს და ჩაჰყავს. ვძრწი. ღმერთო, ასე არ მინდოდა. მხოლოდ გმირის სიზმარში მოგზაურობა დავგეგმე და კალმით ხელში დავიძინე, რომ გზადაგზა შთაბეჭდილებები ჩამენიშნა. მინდოდა, გაცნობიერებულად გადამელახა ის საზღვრები, რასაც აქამდე ვაწესებდი.
    აქ კი შენა ხარ!
    თვალი თვალში მაქვს გაყრილი და ვძრწი.
    როგორც ჩანს, სული გამექცა, სიზმრიდან გავიდა და პირდაპირ შენს მზერას მოადგა. ვბორგავ. ვერ ვაზუსტებ, რა მწყურია – ეს მომთენთავი უსაზღვროება, თუ საკუთარ სიზმარში დაბრუნება.
    კიდევ კარგი, საზღვრები არსებობს.
    გმირი ჩემს სასთუმალთან მოდის და შუბლზე ხელს მადებს. ვძრწი. “რა გემართება, ღმერთო, რა გემართება?!” – ჩამესმის მისი მზრუნველი ხმა. საწოლთან კალამი აგდია. ის იღებს და ჩემი ბედის წერას აგრძელებს – “მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებების გამო…”
    არა!!!
    გაბოროტებულმა გავიღვიძე.
    ახლა უკვე ისიც წერს!

    ოქტომბერი

    რამდენიმე დღის განმავლობაში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ ჩემს ცხოვრებაში ვიღაც გადმოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არსად დამინახავს, ყველგან მის აქყოფნას ვგრძნობდი. ამ დაძაბულობას ვერაფერი მოვუხერხე. რაღაცნაირად იმ პერსონაჟებს დავემსგავსე, რომლებიც აღსარებაზე არასოდეს მოსულან. მივხვდი, რომ გადავკვეთე საზღვარი, რომლის იქითაც, წესით, ჩემი დუმილი იწყება. დუმილი კი ადამიანის მარტივი მდგომარეობა არ არის. ამისთვის ძველ დროში ბერები ბავშვობიდან ემზადებოდნენ და დუმილის აღთქმას მას შემდეგ დებდნენ, როცა თვით ღმერთი მისცემდათ ნიშანს. მე კი არც განსაკუთრებულად მოვმზადებულვარ და არც რაიმე ნიშანი მინახავს, თუ არ ჩავთვლით თვალს, რომელმაც ასე დამზაფრა.
    ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ვფიქრობდი, რა გზას დავდგომოდი. მერე ბედს შევურიგდი და იძულებული გავხდი, ძველ საქმეებს დავბრუნებოდი. ამოვისუნთქე. სამსახურში განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი. მიზნად დავისახე, დამესრულებინა ყველა საქმე და საფუძველი ჩამეყარა ჩემი მომავალი პროფესიული წინსვლისათვის. ცაგარელმაც მაცნობა, რომ ამისთვის ხელსაყრელი პერიოდი მქონდა და მრავალი ახალი ჩანაფიქრის განხორციელებაში ვარსკვლავები დამეხმარებოდნენ. თუმცა, მაინც არ მტოვებდა შეგრძნება, რომ ჩემს გვერდით ვიღაც იდგა. ამ საკითხზე ერთხელ ფილოსოფიის მოყვარული ჩემი უფროსიც კი შევაწუხე. ვკითხე, ასეთი რამ თუ შეიძლება მოხდეს-მეთქი.
    სათვალის ზემოდან გადმომხედა.
    მგონი, ხვდება, რომ ინტელექტუალი ქალები მომწონს. შეკითხვა უპასუხოდ დატოვა, მაგიდაზე ფურცლები გადააადგილა, მერე ქვედა უჯრაში ჩაიხედა და თავი არც აუწევია, ისე ამოილაპარაკა, მოდი, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთო.
    მერე შევეცადე, ცოტა რამ დამეწერა იმის შესახებ, რაც შედარებით მოგვიანებით აქ, აი, ამ ქალაქში უნდა მეთქვა, როცა ყველანი მზად იქნებოდნენ, მოესმინათ ჩემთვის. წარმოვიდგინე კიდეც, რომ ისინი თავდახრილები იდგნენ და სიტყვებსაც ისე გრძნობდნენ, როგორც მახვილს სხეულში. ყველანი: დაბალი კაცი სიგარეტის ნამწვით ხელში, ჩემი სენტიმენტალური მტერი, უფროსი ძმა აპოკალიფსურ ხარებთან ერთად, ზაზუნები ძველი სიზმრის იდუმალებით, პატარამკერდიანი გოგო პენუარის შრიალით, სევდით, მოხუცი მამა, მოხუცი მამა და ყველაზე უღალატო გმირები – მიცვალებულები, რომლებსაც ზურგზე მთელი საიქიო მოეგდოთ და ახლა ჩემს გარშემო შემოჯარულიყვნენ.
    სულ ეს იყო ჩემი ახალი ჩანაფიქრი – ჩუმი – მე უნდა მეწერა, სულერთია – ბეგონიასთან თუ მანდარინთან, ვარსკვლავების დახმარებით თუ მდინარის ნაპირზე კალმახივით გარიყულს, ლაყუჩახეულს.
    მაგრამ…
    რა დამემართა?
    რა დაემუქრა ჩემს პროფესიულ წინსვლას?
    სად არის ღმერთი, როდესაც მკვდრები ჩემს გვერდით დგანან?
    ?
    ღამეა.
    მთვარე არ არის გარეთ.
    ვარსკვლავებიც არ ანათებენ.
    მას, ვინც ასე მიყვარს, ძინავს. მე და ბეგონია მის სუნთქვას ვისმენთ და ვისრუტავთ, როგორც ჟანგბადს. მერე სისხლშია. ყველა კაპილარს დაივლის და გულამდე აღწევს. თითქოს ყველაფერს ის განსაზღვრავს – ამ სიტყვების და სასვენი ნიშნების ბედსაც, მაგრამ ალბათ, კიდევ არსებობს ვიღაც, ვინც, მაგალითად, ამ ჟანგბადს მაწვდის.
    და ვეღარ ვიგებ, სინამდვილეში ვინ წერს…

    ნოემბერი

    დიდი ხანია, მინდა, მოგწერო, მაგრამ აქამდე ვერ წარმომედგინა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. თუკი ჩემი წერილი მოგივა, ჩათვალე, რომ ბარიერი საბოლოოდ გადავლახე. სათქმელი კი ბევრი არაფერი მაქვს. უბრალოდ, მინდა, დარწმუნდე – ამ სასწორების, თხის რქების, ვერძებისა და კუროების მიღმა მე მართლა ვარსებობ. ბედის ირონიაა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს თვითონაც არ მჯეროდა. მეგონა, მხოლოდ მცირე დეტალი ვიყავი იმ უსასრულო სამყაროსი, რომელსაც შენ ქმნი. სხვები აქ დღემდე ასე ფიქრობენ და თრთიან, თუკი გონებაში თავიანთი დამოუკიდებელი არსებობის შესახებ აზრი გაუელვებთ; თუკი შეამჩნევენ, რომ სინამდვილეში სამყარო ნებისმიერი ჩვენგანიდან იწყება და არა იმ წერტილებიდან, რომელსაც უხვად გვთავაზობ.
    წუხელ შენს სიტყვებს ვსწავლობდი – ჩემი ბედი რითაც განსაზღვრე. ახლა, როცა საკუთარი საიდუმლოებები მაქვს და ვიცი, აქედან როგორ გავაღწიო, ყველაფერი მეადვილება. ბევრი რამ მაინტერესებს ისეთი, რაც ამ სიტყვების უკან დგას. ჰოროსკოპების კითხვაც ვისწავლე და მჯერა, თუკი შორეულ ქვეყნებში ვიმოგზაურებ, კიდევ უფრო ბევრ სიახლეს შევიტყობ და შესაძლოა, საზღვარგარეთ სამსახურიც ვიპოვო. ვიცი, რომ წარმატება მელის კულინარიაში, შოუ-ბიზნესსა და პოლიტიკაში. ხოლო ხელოვნება, მუსიკა და გართობა არა მხოლოდ სიამოვნებას მომგვრის, არამედ კარგ შემოსავალსაც მომიტანს.
    ამ ყველაფერს, ნეტავ, რატომ გვიმალავდი?
    რატომ იყო ეს ჩვენგან დაფარული?
    უცნაურია ის სიყვარული, შენგან რომ მოდის – ბოლო წერტილამდე საკვირველი, განყენებული – თითქოს მარტოობას გაურბიხარ, მაგრამ სინამდვილეში მუდამ ჩვენსკენ ამისამართებ, თავიდან რომ მოიცილო. ჩვენ კი აქედან ვერ გამოვდივართ. არც კი ვფიქრობთ, კარი თუ არის, რომ გაიღოს და მერე ზღურბლზე გადმოვაბიჯოთ.
    გრძნობ, როგორ ვზივარ მთვარის პირისპირ?!
    თუმცა, მთვარე არ არის გარეთ. ფანჯრებში კი მიყოლებით ქრება სინათლე.
    გრძობ, როგორ ვფიქრობ ცისკენ მზირალი?!
    აქაც ღამეა – ის დრო, როცა მილიონობით წიგნი დაიხურა და ჩვენ ერთმანეთზე მიჯრით ვეწყობით. ვერ გავურბივართ ბედის მიერ მოძღვნილ სიჩუმეს, ფურცლებს შორის ამოლესილ უჰაერობას. არც არავინ დარდობს ამაზე, ვიდრე ოდესმე ჩვენს ფეხებთან ანგელოზი არ დაეცემა.
    შენამდე გზა მან მომასწავლა. მითხრა, რომ გასაღები ფიქრის ჯაჭვია, ანუ – ფიქრი, ბევრი ფიქრი და მტკიცე რწმენა, რომ სადღაც მაინც უთუოდ არის ბოლო წერტილი.
    და ახლა ვფიქრობ – სიყვარული თუ აღებს ამ კარს?
    თუ შემიძლია, გამოსვლა და იმ ჟანგბადის გაზიარება, შენ რომ გაბრუებს?… ან ჩემი სისხლი თუ გაჟივდება?…
    აქედან ვხედავ, როგორ ჩაგთვლიმა.
    ვხედავ გარშემო მიჯრით მძინარ ადამიანებს.
    მათ აღარ ესმით ღრუბლებს უკან დამალული მთვარის მუსიკა.
    არ დაიძინო!..

    რატომ აღარ წერ?!

    დეკემბერი

    ეს პერიოდი არასახარბიელოა ჩემი კარიერისა და კეთილდღეობისათვის, ამიტომ სასურველია, მინიმუმამდე დავიყვანო გარშემომყოფებთან შეხვედრები და რაიმე ინდივიდუალურ, შემოქმედებით საქმიანობას მივყო ხელი. მახსოვდეს – ჩემი იდეები უნდა დაღვინდეს, სანამ მათ სხვა ადამიანებს გავუზიარებ.* ღამით, როცა მძინავს, თავზე ქუდი უნდა მეხუროს. დაღვინების პროცესს სითბო სჭირდება, სითბო თუ არა, ზომიერი ტემპერატურა მაინც. სასურველია, ფანჯარაში მინა ჩავსვა, რადგან ცელოფანი დეკემბრის ქარს ვეღარ აკავებს. მახსოვდეს – დეკემბრის ქარი მარტის ქარივით კი არ ცერცეტობს, ჰოროსკოპის საპირისპიროდ ქრის და დიდი ჭკუაც აქვს. ხშირად საკვამურიდან ღუმელში ძვრება და ოთახში კვამლის თაიგულს აგდებს…
    სიყვარულს მიხსნის?!..
    ამ კითხვების მართვა უნდა ვისწავლო!.. საკუთარი კეთილდღეობაც კითხვა-პასუხს შორის ვიპოვო და სადღაც იქვე მოვიწყო ჩემი სახარბიელო კარიერა. მახსოვდეს – არ არსებობს შეკითხვა, რომელსაც პასუხი არ აქვს. ამას ჩემი უფროსიც ამბობს და მავალებს, გამუდმებით ვიფიქრო პასუხებზე. გარშემომყოფებიც დამიდასტურებენ, როგორი დიდი შეჯიბრი მაქვს მათთან, ვინც მხოლოდ კითხვებზე ფიქრობს. ამიტომ სასურველია, მათ ჩრდილში ვიდგე ფოთოლცვენის დასრულებამდე, ვიდრე ხეები ჩრდილებს ტკეპნიან. მერე პასუხებს პერიოდი შემომთავაზებს. პერიოდი იზრუნებს, ვიყო სულგრძელი, შევხვდე აქტიურ ადამიანებს, დღენიადაგ ჰალსტუხებით რომ ანათებენ.
    იქნებ აქ არ ვარ?..
    ყველა კითხვა სათანადოდ უნდა აღვნუსხო. მახსოვდეს – ეს ცდა არ უნდა გაცდეს ჩემს სამუშაო მაგიდას, უჯრებს. შინ სხვა საქმეა – წიგნები, ჩაი, ბეგონია, სარკმელი, ღამე – გულისყურით უნდა ვუსმინო მოზღვავებული სიტყვების შრიალს. ყველა სიტყვა ღმერთის სახლია, ზოგი – ქოხი, ზოგი – სასახლე, ზოგიც – მიწური, ხოლო მე, ძესა კაცისასა (მახსოვდეს) საკუთარი მიწურიც არ მაქვს. სამაგიეროდ, მაქვს სიტყვები, მოცემული და მათში ვცხოვრობ. ვცდილობ, ვაშენო ქალაქები – ხელი მივყო მეტად თავხედურ შემოქმედებით საქმიანობას.
    ვარქიტექტორობ?..
    ეს წელი ისე მიილია, თითქოს არც იყო (უკან მიხედვაც უნდა ვისწავლო). ვწერ: ჰორიზონტმა ვერ ჩაიბა მატარებელი და ჩაიარა. წარსული არ გვცნობს! მაგრამ ამაზე არაფერს ამბობს თვით პოეზია – ყველაზე ზუსტი მეცნიერება. ვწერ: ყოველი ქუჩის ბოლოს მომარჯვებული კვერთხებით დგანან პატრიარქები. ვწერ: ქარი სად ქრის, ჩემო არარსებულო დაო?..
    ვწერ: წერტილი
    ,
    ყველა წერტილი ასე მძიმეა.
    მე ვწერ?

    2006-08 წწ.

    * ტექსტში გამოყენებულია ფრაგმენტები მიხეილ ცაგარელის ყოველკვირეული ასტროლოგიური პროგნოზებიდან თხის რქებისათვის 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    გელა ჩქვანავა – ძირითადი ინსტინქტი, ანუ ტყუპთა უტყუარი პრინციპი

    მეცამეტე კორპუსის პირველ სადარბაზოში სამოცს გადაცილებული, ტანდაბალი, გალეული კაცი შემოვიდა კარალიოკებით სავსე კალათით ხელში და მორიდებით გაუღიმა ლიფტთან ატუზულ, აწოწილ ბიჭს, ცალი ფეხი ორ, ერთმანეთზე დაწყობილ ცემენტის ტომარაზე არხეინად რომ შემოედო, ხელში კი აბსოლუტურად მრგვალი დიდი ქვა ეჭირა.
    – აბა, კარალიოკები!.. კარალევსკი კარალიოკები!.. ოქროს კარალიოკები! – ყოჩაღად დასჭექა მოსულმა და კალათა ძირს დაუშვა.
    – არაყიც ხომ არ გაქვს? – საქმიანად ჰკითხა ბიჭმა მოსულს.
    – რა არაყი? – საშინლად დაიბნა კარალიოკების გამყიდველი.
    – კარალიოკის არაყი. გავსინჯე ერთხელ და ძალიან მაგარი რამე იყო! – ბიჭმა შარვლის ჯიბიდან ოცთეთრიანი ამოიღო და მეკარალიოკეს გაუწოდა. – მომე რა, ერთი ცალი, ოღონდ დიდი და კარგი ამირჩიე.
    კარალიოკების გამყიდველმა კალათიდან ყველაზე დიდი კარალიოკი ამოიღო და ბიჭს გაუწოდა, ფულზე კი ხელის გასავსავებით კატეგორიული უარი განაცხადა. ბიჭმა ქვა ცემენტის ტომარაზე ჩამოდო, კარალიოკი პერანგის კალთაზე შეიწმინდა და ჩაკბიჩა. ამასობაში ლიფტიც ჩამოდგა. ბიჭმა კარალიოკი პირით დაიკავა და ცემენტის ორი ტომრიდან ერთს, მასზე დადებულქვიანად კაბინაში ისე მარდად შეუძახა, რომ ქვა არც შერხეულა; შემდეგ წელში გასწორდა, ცემენტიანი ხელი მტვრიან შარვალზე შეიხოცა და კარალიოკს დაუბრუნდა.
    – ლიფტი არ გაგექცეს! – უთხრა მეკარალიოკემ ბიჭს.
    – მგელი კი არ არის, შე კაცო!.. თუ კაბინაში სიმძიმეა, დილამდე ასე კარღია იდგება… – ბიჭმა კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ შარვლის ჯიბეში მობილური აუწკრიალდა. ბიჭმა ნიშნისმოგებით გაიღიმა და ხელი ჩაიქნია.
    – ტელეფონი რეკავს! – შეახსენა კარალიოკების გამყიდველმა.
    – გაჩერდება! – არხეინად უპასუხა ბიჭმა. – ხელოსნები მიზვანოკებენ. ვერ იტანენ, როცა ეზოში ჩავდივარ. ეშინიათ აქაურებთან ჩხუბი არ მომივიდეს – ბაბუაჩემმა ჩააბარა ჩემი თავი, მიმიხედეთო.
    – რავარი ხალხი ცხოვრობს ამ სადარბაზოში? – იკითხა მეკარალიოკემ, კიდევ ერთი კარალიოკი ამოიღო კალათიდან, საკუთარი პიჯაკის კალთათი გააპრიალა და ბიჭს გაუწოდა.
    – მეშვიდეზე ვაკეთებთ რემონტს, იქ პაგალოვნა ყველა ნაბოზვარია! – მშვიდად ამცნო ბიჭმა.- მეექვსეზეც ნაბოზვრები ცხოვრებენ… არ იხმაუროთ და არ აკაკუნოთო. უხმაუროდ რემონტი კი არადა, ბავშვი არ კეთდება-მეთქი… ათ საათამდე ჩქამი არ გავიგოთო. იმათი ძაღლი, როცა მოშივდება, ყეფით რომ იკლებს მთელ სადარბაზოს, ის არაფერი… ვერც აჭმევენ და არც იშორებენ ეგ შობელძაღლები!..
    – გმადლობთ! – თქვა კარალიოკების გამყიდველმა.
    – მადლობა იქით უნდა გითხრა და აქეთ მეუბნები? – გაოცდა ბიჭი.
    – დრო რომ დაკარგე და დამაკვალიანე, იმის მადლობას გეუბნები.
    – თუ ასეა, ბინის კარზე როცა დარეკავ, კალათა მაღლა ასწიე, გლაზოკში რომ გამოჩნდეს, თორემ არ გაგიღებენ… ის ეგონებით, რა ქვია მაგას… – ენა დაება ბიჭს.
    – მათხოვარი?
    – არა კაცო!
    – აბა, ქურდი და ყაჩაღი?
    – არა, ინკასატორი, დენის კაცი! – როგორც იქნა იპოვა გამოსავალი ბიჭმა. – ან, გაზის… თუმცა, გაზი ამ კორპუსში არ არის… მეთორმეტეზე, დერმატინიან კარს მოერიდე, გიჟი ქალი ცხოვრობს იქ, თერთმეტი კატა ყავს…
    – ესე იგი, მეთერთმეტეზე – დერმატინიანი კარი!
    – არა, მეთორმეტეზეა დერმატინიანი კარი, ოღონდ თერთმეტი კატა ყავს და გიჟ-მართას ეძახიან! – შეუსწორა ბიჭმა. – მეათეზე, ოროთახიანში ყოფილი ფეხბურთელი ცხოვრობს და იმისთვის მიმაქვს ეს ქვა!
    – ქვა რათ უნდა, თანაც ასეთი მრგვალი? – გაოცდა კარალიოკების გამყიდველი.
    – როდინისთვის უნდა და თან ფეხბურთიც უნდა ითამაშოს! – გაიხუმრა ბიჭმა. – ვანის ვენტილაციის ტრუბა უნდა გავუწმინდო. სახურავზე ავალ, ქვას შპაკატს გამოვაბამ და იქიდან ჩავუშვებ ტრუბაში. ვენტილაციის ბლოკები ცალკეა ჟეშტით გადახურული, სამერცხლულები რომ გინახავს სოფლის სახლების სახურავზე, ისეთით. ჩიტები იკეთებნენ ბუდეებს იმ სახურავებქვეშ და ის გაჭედავდა, ტრუბაში ჩავარდებოდა რომელიმე… ფულს იძლევა ტრუბის გაწმენდასა და ჟესტის თავსახურის შეკეთებაში. სეტკაც უნდა გადავაკრა ზევიდან, კიდევ რომ არ ჩაცვივდეს ბუდეები… ჩემმა ხელოსანმა, რეიკები გადავაჭედოთ ერთმანეთსო… ზოგჯერ ისეთ რაღაცას დააბრეხვებს, გაგიჟდება კაცი – რეიკები რომ ჩაუშვა, სახურავი ხომ უნა მოხსნა?.. მეხუთეზე გოგო ცხოვრობს, ანტიკაა პირდაპირ, მაგრამ შენ ეგ არ გაინტერესებს…
    – არ მაინტერესებს, – დაეთანხმა კარალიოკების გამყიდველი.
    – სახლიდან არ გამოდის, დედა ყავს მწოლიარე ავადმყოფი და იმას უვლის, მაგას შემოვევლე!.. იმათ გვერდში, ოროთახიანელებმა კიდევ ორჯერ ჩაუშვეს დაბლა, ანუ მეოთხეზე წყალი და ჩვენ მოგვადგნენ, წყალწაღებულებთან რემონტი გაგვიკეთეთო. ორმოც ლარს მოგცემთო, თან მასალები თქვენს ხაზეინს მოპარეთო. არადა, მარტო ხელობა, კაკ მინიმუმ, ორასი ლარისა იყო, მასალაზე რომ არაფერი ვთქვათ… მეთოთხმეტეზე, ერთოთახიანშიც კარგი გოგო ცხოვრობს, მაგრამ რათ გინდა?
    – რა იყო, რო?
    – საქმრო ყავს… შეიძლება ახლაც სახურავზე ზის ძმაკაცებთან ერთად… გოგოს ყარაულობენ, რომ არ მოიტაცონ, თან მუსიკებს უსმენენ და არ შეგეშინდეს… სერენადებს აწყობენ, ოღონდ ქვემოდან ზემოთ კი არა, ზემოდან ქვემოთ… იმ გოგოს კრეტინ მშობლებს კიდევ გონიათ, რომ მართლა მუსიკის მოსასმენად არიან იქ. ალბათ გოგოსაც უნდა და სიამოვნებს და იმიტომ არ უიასნებს მშობლებს, შენ რას იტყვი?
    – ალბათ, – დაეთანხმა კარალიოკების გამყიდველი.
    – სადაც ფსამენ – იქვე უსმენენ მუსიკას, გაგიჟდება კაცი!.. ისე კი, გარეთ, ეზოში რომ დადგე და იქიდან იყვირო ქვემოდან ზემოთ, ვისაც უნდა კარალიოკი, თავისით ჩამოვა.
    – მასე დაბალსართულიანებში ვაკეთებ. ასეთებში კიდევ ზემო სართულებიდან ჩამოსვლა ეზარებათ. თუ ჩამოვიდნენ, ლიფტის ფულის დაქვითვას ითხოვენ და…
    – ჰო, მართლა, მერვეზე სოფლელებმა იყიდეს ბინა, რემონტი გვინდაო. ნახევარ ფასად მოინდომეს ყველაფერი. ქალაქელებს ეგენი ვერ მოატყუებდნენ და ისევ ჩვენთან სცადეს, ხო აზრზე ხარ!.. დამწვრები არიან ეგ უპატრონოები!.. ვზროსლი ქალებიც არ გაინტერესებს, ან ქვრივები?
    – ქვრივებიც არიან?
    – სამი… არა, ოთხი, მაგრამ მეოთხე ჩიყვიანია… – აქ ბიჭმა თვალები დახუჭა და რაღაცა დაიანგარიშა გუნებაში. – არა, ხუთნი ყოფილან. ერთი ყოფილი ქვრივია, მესამეზე, ოროთახიანში… მინისტრის მდივანი ყოფილა, სიგარეტსაც ეწევა. სარეცხი დაესვარა ერთხელ და ჩვენ დაგვაბრალა… მაგის ახალი ქმარი კიდევ ერთი მუტრუკი ვინმეა, იმავე მინისტრის ბივში ტელახრანიტელი. ერთხელ ქუჩის ჩხუბში მაგრა უცემიათ, მაგის მერე ცოტა ვერ არის, დევნის მანია აქვს… ორმეტრიანია ის უპატრონო და ერთხელაც არ მინახავს ნასვამი. იყიდის ორლიტრიან კოკას და მოაკონწიალებს დიდის ამბით სახლში. ისე მაინც წამოიღე, შე დალოცვილო, ლუდი, სხვების დასანახად – არ შვრება!.. მურთაზიკოს ეძახის ცოლი, მარტო კოკა-კოლის სამოცი ლარი ქონია მაღაზიაში ვალი… ტუჩებში კოცნიან ერთმანეთს სახალხოდ. ცოლ-შვილი მიუტოვებია იმ შტერს, წინა ცოლი კიდევ მაგარი ანტიკა ყოლია… ქვრივის ბიჭი ამერიკაშია და იქიდან შემოუთვლია დედამისისთვის, გაანებე თავი სახალხოდ ზასავსო… მეოთხე დღეა ბიჭთანაა ამერიკაში ის ქვრივი…
    კარალიოკების გამყიდველმა კალათა აიღო და ისევ ძირს დადგა.
    – ბავშვებისთვის ყიდულობენ უფრო მეტად კარალიოკებს…
    – ბავშვებიც არიან, მეოთხეზე, ტყუპები, ერთოთახიანში… ყველაფერს აოხრებენ, შპალერი სულ გაუფუჭებიათ, სამზარეულოში ხანძარიც გაუჩენიათ… იყვნენ იმათი მშობლებიც, ნორმალურად იხდიან, მაგრამ კრედიტითო, ნაწილ-ნაწილ მოგცემთ ნახევარი წლის განმავლობაშიო… წავედი, თორემ საქმე ფუჭდება… წამოდი შენც…
    – გარედან ვიყვირებ! – გადაწყვიტა მეკარალიოკემ. – დავუკლებ ლიფტის ფულს!
    – ლიფტი ქვევით უფასოა, არ შეგაცდინონ! – დაარიგა ბიჭმა.
    – გმადლობთ!
    – რის მადლობას მიხდი, თუ ღმერთი გწამს, კარალიოკი რომ მაჩუქე იმისი?
    – რომ დამაკვალიანე, – აუხსნა კარალიოკების გამყიდველმა.
    – ისედაც უნდა ვაკვალიანებდეთ ერთმანეთს, სოფლიდანა ვართ მეც და შენც, რაც არ უნდა იყოს… კარალიოკის არაყი რომ გქონოდა, კარგი იქნებოდა, გაუხარდებოდათ ხელოსნებს… – აღნიშნა ბიჭმა.

    * * *
    მეცამეტე კორპუსის სახურავზე, პირველი სადარბაზოს ლიფტის შახტას დაშენებულ კოშკთან თინეიჯერები მთელ ხმაზე ჩართული მოგნიტოფონიდან მძიმე როკს უსმენდნენ. ნიავქარს მუსიკა დაუზარლად გადაჰქონდა სხვა კორპუსების სახურავებისკენ, ტყუპისცალებივით რომ გავდნენ მათ ნომერ მეცამეტე თანამოძმეს.
    მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკში კი მეოთხესართულელი ცხრა წლის ტყუპი ძმები, გიო და აჩი ჩაკეტილიყვნენ. ორივეს ხელში მეთორმეტესართულელი გიჟი მართას თეთრი, შავლაქებიანი, აბსოლუტურად ერთმანეთის მსგავსი კნუტი ეჭირა.
    ტყუპები კი ერთმანეთს არც ისე ძალიან გავდნენ, მიუხედავად ამისა მშობლებს მათთვის თმები ერთნაირად შეეჭრათ და ერთნაირადვე შეემოსათ. გიო აჩიზე უფრო მოძრავი იყო, უტეხმზერიანი, ტყუპისცალზე ოდნავ მეტად გამოკვეთოდა ნიკაპი. აჩის სევდიანი მზერა ჰქონდა და ცოტათი ენასაც უკიდებდა.
    – ჩემმა კნუტმა შენი კნუტის ტკივილი რომ ვერ იგრძნოს? – ჰკითხა აჩიმ გიოს.
    – ეს იმას ნიშნავდეს იქნება, რომ ტყუპები ერთმანეთის მიმართ ტელეპატები არ ყოფილან ახლო მანძილიდანაც კი და სულ ტყუილი ყოფილა გუშინწინდელ დოკუმენტურ ფილმში რაც ილაყბეს. – ოღონდ ძალიან ყურადღებით დააკვირდი, შეიძლება მსუბუქად შეშფოთდეს. მე ახლა ქვევით ჩავალ, იმ ძაღლის გარაჟის უკან დავიმალები…
    – ვინ ძაღლის?
    – პოლიციელზე ვამბობ. ჰოდა, ზუსტად სამის ნახევარზე ჩემს კნუტს ვუჩხვლეტ. თუ კნავილი ატეხა, ამ დარტყმულებს მუსიკები აქვთ მაინც ჩართული და შენ ვერაფერს გაიგებს. შენი თუ აწრიალდა, ესე იგი, თეორია მართლდება, გაიგე?
    – გავიგე! – ამოიოხრა აჩიმ და სარკმლიდან ლიფტის მეორე კოშკთან შეკრებილ ხმაურიან კომპანიას გახედა. – პოლიციელის გარაჟთან რატომ უნდა უჩხვლიტო, ძაღლი რომ არის და კატებს ძაღლების ეშინიათ იმიტომ?
    – არა, იმიტომ, რომ მახათი და ხელთათმანები იქ მაქვს დამალული – ძაღლის გარაჟს არავინ ეკარება და ვერც ვერავინ ნახავდა… მახათით უნდა ვუჩხვლიტო, ხელთათმანები კიდევ იმისთვის მინდა, რომ არ დამკაწროს, თან პირს ავუკრავ, გაიგე?.. ახლა კი საათები შევამოწმოთ!
    გიომ ჯიბიდან ქალის ოქროს საათი ამოიღო და ლიფტის ელექტროძრავაზე შემოდებულ ძველებურ მაღვიძარას შეხედა.
    – დედამ რომ გაიგოს, ჩემი ოქროს საათი გამოიტანეს სახლიდანო, გადაირევა! – თქვა აჩიმ. – ეს საათი მამიკოს უყიდია დედიკოსთვის, როცა ცოლად მოუყვანია…
    – მეტი საათი ჩვენ არ გვქონდა და გუგულიანს ხომ არ ჩამოვხსნიდი კედლიდან?.. ნუ გეშინია, საათს არაფერი მოუვა!
    – ესენი სრულყოფილი ტყუპები არ არიან! – განაცხადა უცებ აჩიმ კნუტებზე. – სრულყოფილი მაშინ იქნებოდნენ, მარტო ორნი რომ გაჩენილიყვნენ, ამათ კიდევ ყავდათ და-ძმა… როცა ტყუპისცალები ბევრნი არიან, ტელეპატიის ინსტიქტი იფანტება და სუსტდება, რადგან უფრო ბევრ და-ძმაზე ნაწილდება!
    – ვაი შენს პატრონს უბედურს, ამათ და-ძმები ხომ ვიღაცამ მოუწამლა?! – გაბრაზდა გიო. – ის გააკეთე, რასაც გეუბნებიან!.. მაღვიძარაზე ზარს სამის ოცდარვა წუთზე დაგიყენებ, როცა დარეკავს, გამორთავ და მოემზადები… გაიგე?
    – გავიგე! – ნაღვლიანად უპასუხა აჩიმ.

    * * *
    მეცამეტე კორპუსის სახურავზე, წელის სიმაღლეზე ამოჭრილ, პირველი სადარბაზოს სავენტილაციო მილების ორი ბლოკიდან ერთ-ერთთან მეათესართულელი ხელჯოხიანი ყოფილი ფეხბურთელი და ხელოსნების თანაშემწე ბიჭი იდგნენ. ყოფილმა ფეხბურთელმა სავენტილაციო მილების ბლოკის გვერდზე გადახრილ თუნუქის სახურავს ხელჯოხი მიუკაკუნა, შემდეგ დაიხარა, თავი სახურავსა და მილებს შორის შეყო და მაშინვე გამოსწია.
    – ფუჰ, რა სუნები ამოდის, ამის დედაც!.. – შეიგინა მან.
    – აბა რა იქნება! – მაშინვე შეაგება ბიჭმა. – ამ სახურავსაც ისე დავაზაკლიოპკებ, ქარი კი არა, ტაიფუნი ვერაფერს უზამს.
    ყოფილმა ფეხბურთელმა სუნთქვა შეიგუბა და ისევ შერგო სახურავსქვეშ თავი.
    – ბუდეა იქ! – თქვა მან, როცა სახურავქვეშიდან გამოძვრა.
    ბიჭმაც შეიგუბა სუნთქვა, სახურავქვეშ დურთა თავი და კარგა ხანს შეყოვნდა.
    – ორი კვერცხი დევს ბუდეში, ცისფერია ორივე! – ამცნო მან ყოფილ ფეხბურთელს.
    – აბა სხვადასხვა ფერის ხომ არ იქნება! – გაეცინა ყოფილ ფეხბურთელს. – იმისი არ იყოს, თეთრკანიან ცოლ-ქმარს ტყუპები რომ გაუჩნდებათ, ერთი თეთრი და მეორე ზანგი. მამა კიდევ იტყვის, ასეც ვიცოდი, ჩემს ცოლს კუხნაშიც სადილები დღეგამოშვებით, როცა ხასიათზე ვერ არის მაშინ ეხრუკება ხოლმე, მეორე Bბავშვის გაჩენის დროსაც წაუხდა ალბათ ხასიათიო!
    ბიჭმა ნაძალადევად გაიცინა – აშკარა იყო, რომ იუმორს ვერ ჩაწვდა.
    – ხომ შეიძლება გუგულსაც ჩაედო სხვის ბუდეში ერთი კვერცხი? – შენიშნა მან.
    – ამოვა რო გუგული ამ სიმაღლეზე? – დაეჭვდა ყოფილი ფეხბურთელი. – მალადეც, კარგი დიხანია გაქვს. რაც შენ ბუდეში იქექებოდი, თუ არ ჩაგისუნთქია, ყოჩაღ ძმაო… სიგარეტს უნდა დაანებო თავი… სეტკის წამოღება რომ დამავიწყდა?
    – ეგ არაფერი! – დაამშვიდა ბიჭმა. – ჩამოვალ და ამოვიტან.
    – არ უნდა ვარემონტებდე ამას მარტო მე, მაგრამ სხვას ყველას ფეხებზე კიდია!..
    ყოფილმა ფეხბურთელმა სავენტილაციო ბლოკს შემოუარა, ერთი მწარედ შეიგინა და გადააფურთხა.
    – რა იყო, პატივცემულო? – იკითხა ბიჭმა.
    – რამდენი მოუფსიათ, მე აქ მომფსმელის დედაც!.. – ისევ შეიგინა ყოფილმა ფეხბურთელმა და კარტის თამაშით გართულ, ლიფტის კოშკთან ფეხმორთხმით მსხდომ ბიჭ-ბუჭებისკენ გაიხედა. ისინი დაიძაბნენ, მაგრამ შეპასუხება ვერ გაბედეს.
    – ეს არის ჩემი, – ერთ-ერთი მილის ბოლოზე მიუთითა ყოფილმა ფეხბურთელმა.
    – თქვენი ხომ მეათე სართულია, ჰოდა, ოთხჯერ სამ-ნახევარი რომ ვიანგარიშოთ თითო სართულზე და კიდევ ერთი სახურავს ზემოდან რასაც ვხედავთ, ხომ არის თხუთმეტი?.. ზნაჩიტ, ეყოფა ეს შპაკატი, თვრამეტზე მეტია, გავზომე წეღან… ჰოდა, გამოვაბამ ახლა შპაკატს ქვას და ქე ჩოვუშვებ ტრუბაში კოხტად…
    – კარგად გამოაბი, ე მანდ არ მოძვრეს, თორემ ჩაიტანს ჩემს ვანაში ყველაფერს!
    – არ მოძვრება… ამ სახურავსაც ისე დავაზაკლიოპკებ, ტაიფუნი ვერ გაანძრევს! – თქვენ მანამდე ვანაში სავენტილაციო ხვრელს რეშოტკა მოხსენით, რომ ტრუბაში გაჭედილი ბუდის თივა-ბულახი ჩამოცვივდეს.
    – არის უფროსო! – გაეხუმრა ყოფილი ფეხბურთელი ბიჭს.
    – ერთი რაღაცა მინდა გკითხოთ… მართლა ფეხბურთელი იყავით?
    – მართლა.
    – მერე ფეხზე რა მოგივიდათ, ფეხბურთის დროს რამე?
    – არა, ჩხუბში.
    – ვაა!.. ისიც ხომ ქუჩის ჩხუბში… აი, ის, მურთაზიკო…
    – ეგ რა შუაშია? – მურთაზისთან შედარება იწყინა ყოფილმა ფეხბურთელმა.
    – აუ, როგორ ვუყვარდი ჩემს ფეხბურთის ტრეინერს!.. მაგრამ… ობოლი ვარ და ლუკმა პური რომ მეშოვა, აგერ ქე ვმუშაობ ახლა!
    – ობოლი ხარ? – შეიცოდა ყოფილმა ფეხბურთელმა ბიჭი.
    – აბა კარალიოკები, კარალევსკი კარალიოკები, ოქრო კარალიოკები! – მუსიკებს შორის პაუზის დროს ამოიტანა ნიავქარმა მეკარალიოკის ხმა.
    – სახლში რომ ჩახვალთ, რეშოტკის მოხნა არ დაგავიწყდეთ ვანაში, თან სეტკაც მომიმზადეთ წამოსაღებად, – შეახსენა ბიჭმა ყოფილ ფეხბურთელს. – ყველაფერს რომ მოვრჩები, ზარს გამოვუშვებ თქვენთან, ამოდით და ჩაიბარეთ!
    – ზაკლიოპკების კეთებას რომ დაიწყებ, ეცადე ბუდე არ დაზიანდეს. კვერცხები ამოიღე, საქმეს რომ მორჩები, ისევ ჩააბრუნე… ამ ნაბიჭვრებმა თუ შეგაწუხეს, ერთი დამიზვანოკე და მერე მე ვიცი! – დაარიგა ყოფილმა ფეხბურთელმა ბიჭი.
    – ფეხები არავინ მომჭამოს! – ყოჩაღად წარმოთქვა ბიჭმა, მაშინვე შეცბა და ყოფილ ფეხბურთელს გაშეშებულ ფეხზე მორიდებით დახედა.
    – თუ იცი, რა გითხრა… – შეყოყმანდა ყოფილი ფეხბურთელი. – მოდი რა, სეტკა ყველა ტრუბაზე გადაჭიმე. ჯანდაბას მაგათი თავი. არ უნდა ვუკეთებდე, მაგრამ, როგორც იტყვიან, მადლი ქენი, ქვა ქვას დადე, გაივლი და დაგხვდებაო…
    – ყველას? – ჩაეკითხა ბიჭი.
    – ჰო, რა იყო, დამატებით ხომ არ უნდა გადაგიხადო?
    – როგორ გეკადრებათ! – იწყინა ბიჭმა. – დედას გეფიცებით, თუ ავიღო!
    – Hჰოდა, გადაჭიმე, ყველას ეყოფა!..

    * * *
    აწ უკვე გარდაცვლილი მინისტრის დაცვის ყოფილი წევრი, რომელსაც მეორე ცოლად იმავ მინისტრის მდივანი ყავდა, ზალაში დივანზე იჯდა და ავეჯს ათვალიერებდა. სამზარეულო და საძინებელი უკვე გაეჩხრიკა, მაგრამ ვერაფრით მიეგნო თავისი შავი, მინისტრის ნაჩუქარი პისტოლეტისთვის, რომელიც ახლანდელმა ცოლმა გადაუმალა ამერიკაში თავის შვილთან გამგზავრების წინ.
    იმ დღეს ტელეფონმა ზედიზედ ორჯერ დარეკა და მურთაზს ორივეჯერ არავინ უპასუხა. შეიძლება მტრები ურეკავდნენ – ისინი, ვინც კორუფციისთვის დაპატიმრებული მინისტრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ვერ აიძულეს ვერც შანტაჟითა და ვერც იმ სპეცრაზმელების მოგზავნით, ქუჩაში ორჯერ რომ სცემეს. მართალია, მინისტრი ინფარქტით ოთხი თვის წინ გარდაცვლილიყო, მაგრამ მისი მოადგილე, ვინც ის ჩაუშვა და ვისაც მურთაზის ცოცხლად ყოფნა არ აწყობდა, ჯერ კიდევ საღ-სალამათი გახლდათ. გარდა ამისა, მურთაზი ახლანდელ მინისტრზე ბევრ ისეთ ინფორმაციას ფლობდა, რომლის მიხედვითაც მისი დაჭერაც შეიძლებოდა… ან, შეიძლება მურთაზს ყოფილი ცოლი ურეკავდა…
    – ეხ, ვიოლეტა, ვიოლეტა, სად გადამალე ჩემი სათამაშო! – თავისი ამჟამინდელი ცოლის მიმართ ჩაილაპარაკა მურთაზმა. – შეგეშინდა არა, თავი არ მოიკლასო?
    მურთაზმა ტელეფონის აპარატს შეხედა. ჩემს ყოფილ ცოლთან დავრეკავ და არაფერს ვუპასუხებ; თუ ის რეკავდა ჩემთან, მიხვდება, რომ მე მივხვდი ის რომ რეკავდა და მეორეჯერაც რომ დავრეკავ გამომელაპარაკებაო, გადაწყვიტა…
    – აბა კარალიოკები!.. ოქრო კარალიოკები!.. – მოისმა ფანჯრიდან.
    მურთაზი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
    – ეი, ვაჟკაც! – დაუძახა მან ეზოში ჩამოსულ გიოს, იღლიაში რაღაც ფუთა რომ ამოეჩარა. – შენ რომელი ხარ, აჩი თუ მეორე?
    – გიო! – უპასუხა გიომ, ბოქვენი მოიქავა და გადააწიტა.
    – მიდი რა, ვაჟკაცურად, მაღაზიაში გადადი და ორლიტრიანი კოკა წამომიღე. ფულს მერე ჩამოიტანს მურთაზი-თქო და მოგცემენ! – სთხოვა მურთაზმა გიოს.
    გიომ ჯიბიდან ოქროს საათი ამოაცურა მალულად, დახედა და რაღაც გამოთვალა.
    – კარალიოკებიც ხომ არ გინდათ, ბატონო, თაფლივით გემრიელი! – მიმართა მეკარალიოკემ მურთაზს.
    – ბავშვს გამოატანეთ ოთხი კილო, – თავისდა მოულოდნელად დათანხმა ის. – ფულსაც ბავშვი ჩამოგიტანთ!
    – არის უფროსო! – გახალისდა კარალიოკების გამყიდველი და პიჯაკის ჯიბიდან ცელოფნის პარკი ამოიღო. – საუკეთესოებს აგირჩევთ!
    “ვითომ მაღაზიაში მივდივარ, გარაჟების უკან გადავძვრები, ვუჩხვლეტ კნუტს, მოვისტუმრებ საქმეს და მაღაზიაში მერე შევალ. მურთაზიკოს კი ვეტყვი, რიგი იყო-მეთქი, რას გაიგებს!.. ანდა, შევალ მაღაზიაში და სკოჩსაც გამოვართმევ მურთაზიკოს ხარჯზე, რომ ამ კნუტს პირი ავუწებო!” – გადაწყვიტა გიომ, ბოქვენი მოიქავა და წასვლის წინ კარალიოკების გამყიდველს საქმიანად მიუგდო: – თქვენ კი, სანამ გარაჟებიდან… გარაჟები რა იყო, მაღაზიიდან დავბრუნდებოდე, კარალიოკები აწონილი დამახვედრეთ!.. თქვენ კიდევ ფული მოამზადეთ, ძია მურთაზ!
    – ეს არსად დაიკარგება! – გიოს მისამართით შენიშნა თავისთვის მურთაზმა.

    * * *
    მეცამეტე კორპუსის სახურავზე პირველი სადარბაზოს სავენტილაციო მილების ორი ბლოკიდან ერთ-ერთს ორი თინეიჯერი მისდგომოდა და აშარდავდა. კიდევ ორი ხელოსნების შეგირდს ამოსდგომოდა აქეთ-იქიდან.
    – ეს ქვა რათ გინდა, თავში უნდა იხალო? – ჰკითხა შავ, გამოხუნებულ, ჩეგევარამიხატულ მაისურიანმა თინეიჯერმა, მეტსახელად “ჩეგევარამ”, ბიჭს.
    – უკან უნდა შეიტენოს! – შეაგება მიმშარდველთაგან ერთმა, ჟღალწვერიანმა და ბიჭს თვალი ჩაუკრა: – შეგეტევა?.. ამ ტრუბის ოდენი ნახვრეტი გაქვს?
    – სტოპ! – უყვირა უცებ ჩეგევარამ მომშარდველებს. – ტრუხაზე არ მოფსათ, გაჩერდით!.. იმ კოჭლის ტრუბაში ჩააფსით!
    – აქამდე სად იყავი?! – უსაყვედურა ჟღალწვერიანმა და შარდვა შეწყვიტა. – ჩავაფსათ და ქვაც მივაყოლოთ!
    – რაღა დროისაა, მე უკვე მოვრჩი! – ამოიოხრა მეორე, ხუჭუჭთმიანმა და ბიჭს თვალი ჩაუკრა: – ამან რომ არ გვითხრას რომელია იმ კოჭლის ტრუბა?
    – გვეტყვის, რა პრობლემაა! – თქვა ჟღალწვერიანმა და იმანაც ბიჭს თვალი ჩაუკრა: – არ გვეტვის და თვითონ მაგას შევტენით!
    ბიჭი შეყოყმანდა და ყოფილი ფეხბურთელის მილისკენ თვალი რომ არ გაქცეოდა, ცისკენ აიხედა.
    – ჩქარა-მეთქი, ბიჭო! – წაისისინა ჟღალწვერიანმა.
    – აი, ეს არის! – ალალბედზე მიანიშნა ბიჭმა ერთ-ერთი მილის ბოლოს.
    სწორედ ამ დროს, მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკიდან აჩის განწირული ყვირილი მოისმა – ის, ჯერ კიდევ მაღვიძარას დარეკვამდე, კნუტს გაეკაწრა.
    – რა ხდება, ჩემი კარგი!.. – შეშფოთდა ჩეგევარა. – ვინ ყვირის მანდ?
    – წამო, დავხედოთ! – გადაწყვიტა ხუჭუჭამ.
    ბიჭმა შვებით ამოისუნთქა.
    – ჯერ ჩავაფსათ, შუა გზაზე შემაწყვეტინეთ და ბარემ მოვრჩები! – თქვა ჟღალწვერიანმა.
    მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკიდან მაღვიძარას ზარის ხმამ გამოაღწია.
    თინეიჯერები გაოცდნენ და ბიჭს ისე გადახედეს, თითქოს ის ვალდებული იყო ცოდნოდა, როგორ აღმოჩნდა ლიფტის კოშკში მაღვიძარა.
    – რა ხდება, ჩემი კაი! – ყველაზე უფრო ჟღალწვერიანი გაოცდა და პირველიც ის დაიძრა მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკისკენ.
    მარტო დარჩენილმა ბიჭმა ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა, მაგრამ ამასობაში ჩეგევარამ მისკენ მოიხედა და ხელით ანიშნა მათ გაჰყოლოდა…

    * * *
    სააბაზანოში საშინელი გრუხუნი გაისმა.
    მურთაზი, რომელიც თავის ყოფილ ცოლთან დარეკვას აპირებდა, ადგილზევე შეხტა და ხელი იმ ადგილზე გაიკრა, სადაც წინათ, კარგ დროში, როცა მინისტრის დაცვის უფროსი გახლდათ, იარაღი ჰქონდა ჩამოკიდებული, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ხმა აფეთქებისა არ იყო. წამოდგა და სააბაზანოსკენ გაემართა.
    სავენტელაციო ხვრელიდან გადმოვარდნილ ბურთივით მრგვალ ქვას ბევრი რამე მოესწრო: უნიტაზის ბაკი ნამსხვრევებად ექცია, შემდეგ უნიტაზის პლასტმასის თავსახურიც გაებზარა, იატაკზე გადმოგორებულიყო და მის დაქანებას დამორჩილებული ტრაპის თავზე გაჩერებულიყო. ბაკის მილიდან წყალი შადრევანივით ასხამდა და ტრაპთან, ქვის ირგვლივ გროვდებოდა.
    მურთაზს, მრგვალი ქვის დანახვაზე, თვითონაც დაუმრგვალდა თვალები.
    “ხომ არ გავგიჟდი და ეს ქვა, ქვა კი არა, ზღაპრული კალაბოკი ხომ არ არის?! – ეჭვმა გაჰკრა მას. – ნეტა ვიოლეტა მაინც იყოს სახლში… რა დროს ამერიკა იყო!..”
    ზალაში ტელეფონმა დარეკა. მურთაზი შეხტა, შემდეგ უნიტაზისკენ ნელა დაიძრა. უნიტაზს უკან ზარდახშის მაგვარი, გაბზარული ხის ყუთი ეგდო, იქიდან კი დოლარების სქელ შეკვრას გამოეყო თავი. დოლარებიანი ზარდახშის გამოჩენაზე უფრო მურთაზი იმან გააკვირვა, რომ ის აბსოლუტურად მშრალი გადარჩენილიყო.
    “სავენტილაციო ხვრელიდან ჩამოაგდებდა ქვა!” – მიხვდა მურთაზი და სცადა ზარდახშა ისე აეღო, რომ თვითონაც არ დასველებულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა.
    ზარდახშაში ფულის გარდა პატარა ტომსიკაც იდო. მურთაზს გულმა უგრძნო, რომ ტომსიკაში ბრილიანტის თვლები იქნებოდა და არც შემცდარა. ეჭვგარეშე იყო, რომ ფულიცა და ძვირფასეულობაც აწგარდაცვლილი მინისტრის იყო, რომელსაც ის ჯერ კიდევ სიკვდილამდე თავისი მდივანისთვის მიებარებინა.
    “ხარბი იყო, ცხონებული! – მინისტრზე გაიფიქრა მურთაზმა, ახლანდელი ცოლის მისამართით კი მწარედ გაეღიმა: – ამას მიმალავდი, ვიოლეტა, შე ქალო?!.. მინისტრმა შესანახად მოგცა, შენ კი მისი სიკვდილის შემდეგ შეიტყაპუნე, არა?!..”
    ტელეფონის ზარი არ წყდებოდა.
    მურთაზმა ფული და ბრილიანტებიანი ტომსიკა ისევ ზარდახშაში ჩატენა, ზარდახშა სარეცხ მანქანაზე შემოდო, სააბაზანოდან გავიდა და ყურმილი აიღო.
    – ალლო! – გაჭიმა მან, მაგრამ არავინ უპასუხა.
    – ალლო! – გაიმეორა მურთაზმა. – ვიცი რომ შენა ხარ!.. მოვალ მე!.. შენთან მოვალ!.. ვიცი, სახლში არ შემოგიშვებო, იტყვი, მაგრამ მე მაინც მოვალ!..
    მურთაზმა ყურმილი დაკიდა და სააბაზანოში დაბრუნდა. კარზე ზარის ხმა გაისმა. მურთაზმა ტრაპს ხუფი ახადა, შიგ წყალი შეუფერხებლად რომ ჩასულიყო, ზარდახშით ხელში შემოსასვლელი კარისკენ გაემართა და საჭვრეტულში გაიხედა.
    გარეთ გიო იდგა გაჩხაპნილი სახით, იღლიის ქვეშ რაღაც ფუთა ამოეჩარა, ხელში კი ცელოფნის პარკით კარალიოკები ეკავა. მურთაზმა ზარდახშა ტანსაცმლის საკიდს ზემოთ თაროზე შემოდო, კარი გააღო და გიოს პარკი გამოართვა.
    – ზუსტად ოთხი კილოა, ხელმეორედ ავაწონინე! – საქმიანად უთხრა გიომ.
    – მალადეც! – შეაქო მურთაზმა, კარალიოკებს ზევიდან დადებული “კოკა-კოლას” ბოთლი ამოიღო, პარკი კი გიოს დაუბრუნა: – შენ და გიომ მიირთვით!
    – გიო მე ვარ! – გაიფხორა გიო.
    – მაშინ შენ და შენმა ძმამ!
    – კარალიოკების ფული?.. სამი და სამოცი მინდაო…
    – ჰო, მართლა!.. – გაახსენდა მურთაზს. – შემოდი, ახლავე მოგიტან ფულს!
    მურთაზმა თაროზე შემოდებულ ზარდახშას შეხედა და ზალისკენ გაემართა.
    გიომ კარალიოკების პარკი გარეთ დადო, იღლიისქვეშ ამოჩრილი ფუთა ორივე ხელით დაიჭირა, კარი გამოიარა და შემოსასვლელში ტანსაცმლის საკიდის გვერდით სარკეში ჩაიხედა. შემდეგ ფუთას ცალი ხელი უშვა და სარკის წინ ბოქვენის მოფხანაში გაივარჯიშა. ფუთა ამოძრავდა და გიოს კინაღამ ხელიდან გაუვარდა.
    – კნუტო გაჩერდი! – მკაცრად წარმოთქვა გიომ. ამის თქმა იყო და სააბაზანოში ბრაგვანის ხმაც გაისმა.
    – ძია მურთაზ, ვანაში თაროდან რაღაც დიდი გადმოვარდა! – დაიძახა გიომ.
    სააბაზანოდან კნუტის ისტერიული ჩხავილი მოისმა. მურთაზი მაშინვე სააბაზანოს კართან გაჩნდა და ფრთხილად გამოაღო. იქიდან თინეიჯერების მიერ სავენტელაციო მილში ჩაშვებული აჩის კნუტი გამოვარდა და შემოსასვლელი კარებისკენ ტყვიასავით გავარდა. გზად სააბაზანოსკენ მომავალ გიოს წამოედო ფეხებში. გიო დაეცა და ფუთა გაუვარდა ხელიდან. ფუთა გაიხსნა, იქიდან სკოტჩით პირაწებილი კნუტი ამოძვრა და თავის ტყუპისცალს უკან მიჰყვა.
    – რა უნდოდა თქვენთან კნუტს? – ჰკითხა მასპინძელს გაოცებულმა გიომ.
    – სავენტილაციო ტრუბით ჩამოუშვა, ეტყობა, ვიღაცამ! – რომ არ შეშინებოდა ტკბილი ღიმილით აუხსნა მურთაზმა ბავშვს.
    – არადა, ჩემმა კნუტმა იგრძნო… იგრძნო, წინასწარ იგრძნო, რომ მისი ტყუპისცალი მოფრინავდა ზემოდან… მოდი და ამის შემდეგ თქვი, ტყუპური ტელეპატია არ არისო!
    – როგორი? – გაოცდა მურთაზი.
    – ტყუპური! – დინჯად გაიმეორა გიომ და უცებ შეშფოთდა: – კი მაგრამ, ვინ ჩამოუშვა კნუტი ზემოდან?.. აჩი სად არის?
    – არ ვიცი! – რატომღაც დამნაშავის ტონით უპასუხა მურთაზმა.
    – შეიძლება ისიც, როგორც მე, კნუტმა დაკაწრა და აჩიმაც, რომ დაესაჯა, თავის კნუტს ტრუბაში გადაუძახა. იმენნა ამ ბინის ტრუბაში ჩააგდო, სადაც მე შემოვედი. რა იცოდა აჩიმ, რომ მე აქ აღმოვჩნდებოდი?!.. ეს დიადი მომენტია!..
    – რა მომენტი?
    – როცა ტყუპური ტელეპატიური ინსტიქტი ორმაგად ამოქმედდა! – საზეიმო ტონით წარმოთქვა გიომ და ჭერისკენ აფშეკილი თითით კერპივით გახევდა.
    – რა მოგივიდა? – შეშფოთდა მურთაზი. – კიდევ რამე მოფრინავს ზემოდან?
    – საკუთარ შინაგან ინსტიქტს, ანუ ხმას ვაყურადებ! – განაცხადა გიომ.
    – მერე, რაო ინსტიქტმა?
    – აჩის რაღაცა უჭირსო!.. ბოიშვილი ვიყო, გული მიგრძნობს, რომ რაღაცა უჭირს! – იყვირა გიომ და გარეთ გავარდა.
    – მოიცა! – მიადევნა მურთაზმა და ბავშვს უკან გაეკიდა. შუა გზიდან მობრუნდა, თაროდან ზარდახშა აიღო, ჯიბეში ჩაიტენა და ისევ გარეთ გავარდა. გარეთ გასული პარკს წამოედო. პარკი გასკდა, კარალიოკები ზღაპრული კალაბოკებივით მხიარულად დაგორდნენ კიბეების საფეხურებზე, კარი კი ორპირმა მიაჯახუნა…

    * * *
    მეთოთხმეტესართულელი ანანო, ვისი ჩეგევარას ფანატი თაყვანისმცემელიც თავის ძმაკაცებთან ერთად სახლის სახურავზე აბირჟავებდა, უკვე მესამედ რეკავდა მურთაზისთან – იმ დღეს ძალიან მონატრებოდა და მისი ხმის გაგონება სურდა.
    ყურმილს არავინ იღებდა და ის-ის იყო ანანოს ტელეფონი უნდა გაეთიშა, რომ სადენის მეორე ბოლოს გამოეპასუხნენ.
    – ალლო! – გაჭიმა ნაცნობმა ხმამ.
    ანანოს გული აუჩქროლდა.
    – ალლო! – გაიმეორა ნაცნობმა ხმამ. – ვიცი, რომ შენა ხარ!.. მოვალ მე!.. შენთან მოვალ!.. ვიცი, სახლში არ შემოგიშვებო, იტყვი, მაგრამ მე მაინც მოვალ!..
    ანანომ ტელეფონი გათიშა და გაოცებისაგან ერთ ადგილას გაშეშდა.
    – ჩემთან მოდის? – დაეკითხა ის საკუთარ თავს. – აუ, ჩემი, ჩემთან მოდის!..

    * * *
    მურთაზმა მეცამეტედან მეთოთხმეტე სართულზე ამავალი კიბეები ორ-ორი საფეხურის გამოტოვებით აირბინა. ის-ის იყო ბოლო სართულის ბაქანზე უნდა შეედგა ფეხი, რომ შარვალი, ჯიბეში ძლივს ჩატეული ზარდახშისაგან დაჭიმული თეძოებზე რომ შემოტკეცოდა, საჯდომზე ხმაურით გაერღვა და ლურჯზოლებიანი საცვალი გამოუჩნდა.
    თავისი ბინის კართან ანანო იდგა და მურთაზს უცნაურად შესცქეროდა.
    – მე ისა… – დაიბნა მურთაზი.
    – მოხვედით? – ჰკითხა მას ხმააკანკალებულმა ანანომ.
    სახურავიდან ქალის ყვირილის ხმამ ჩამოაღწია.
    – რა ხდება მანდ, კრიშაზე? – იკითხა მურთაზმა.
    – გიჟი მართა ბიჭებს დასდევს, ჩემს კნუტებს რატომ აწამებდითო!
    – გიოც იქით წავიდა? – შეშფოთდა მურთაზი.
    – არა, ჩემთანაა ბინაში… მე შევაგდე ძალით… Aაჩიც იქ არის!
    – აჩი ვინ არის? – დაიბნა მურთაზი.
    – გიოს ძმა.
    – ძალიან კარგი! – თქვა მურთაზმა. – ძალიან კი კივის ის გიჟი ქალი!
    – მასე იცის, ხუმრობაც კია ასეთი, “მართაო, ისტერიკა დაიმართაო”! – დაამშვიდა ანანომ, უცებ სითამამის მარაგი ამოეწურა და ერთიანად წამოწითლდა.
    მურთაზმა ჯიბიდან ზარდახშა ამოიღო, გვერდულად წავიდა და ანანოს გასცდა.
    – შინ შედით, ტყუპებს მიხედეთ!.. გავარკვევ ერთი, რა ხდება ზემოთ!
    – კარგით! – დაეთანხმა ანანო, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა.
    – შედით! – არ უნდოდა მურთაზს მისი გამორღვეული შარვალი ეხილათ.
    – შევალ! – დაჰპირდა ანანო, მაგრამ დანაპირების შესრულებას არ ჩქარობდა.
    მურთაზი ისევ გვერდულად აუყვა სახურავისკენ ამავალ კიბეებს.
    – არ ახვიდეთ, ძალიან გთხოვთ! – დაადევნა ანანომ. – თავპირიც უმტვრევიათ, რა თქვენი საქმეა!
    – მართალი ხართ! – შუა გზიდან მობრუნდა მურთაზი. – ნემსი და ძაფი გექნებათ. ბინის კარი ჩამეკეტა, არადა, შარვალიც გამერღვა!
    – მაშინ პატრულსაც გამოუძახეთ, რა!.. – სთხოვა ანანომ. – ვერავინ ბედავს ამას, ჩვენი მეზობელი პოლიციელიც კი არ იღებს ხმას, რომ ის ლაწირაკები პატრულს ჩავახუტოთ და ერთხელ და სამუდამოდ მოშორდნენ სახურავს!.. თუმცა არა, მე თვითონ გამოვუძახებ!
    – არ გვინდა პატრული! – წაილუღლუღა მურთაზმა.

    * * *
    მეცამეტე კორპუსის სახურავზე თმებგაწეწილი გიჟი მართა ყოფილი ფეხბურთელისთვის წართმეული ხელჯოხით თინეიჯერ ბიჭებს დასდევდა.
    – რა უყავით ჩემს კნუტებს, თქვე ბოზიშვილებო! – გაჰკიოდა ის. – დარჩენილი ორიც მოკალით არა, სადისტებო!
    – მე ვარ, მე… ვერ მიცანით, ქალბატონო მართა?!.. – უაზროდ გაჰყვიროდა მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკში ჩაკეტილი და სარკმლიდან თავგამოყოფილი ყოფილი ფეხბურთელი. – თქვენ კი, თქვე ნაბიჭვრებო, აქეთ წამოდით!..
    თინეიჯერებმა როგორც იქნა იაზრეს, რომ გიჟი მართათი გართობა და მასთან კატა-თაგვობანას თამაში არც თუ ისე უსაფრთხო საქმე იყო და მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკისკენ ყველანი ერთად გაიქცნენ.
    პირველ კოშკში ჩაკეტილი ხელოსნების შეგირდი ბიჭი კი ჩუმად იყო, რადგან გაჭირვებოდა და კოშკს შიგნით შარდავდა, ჯიბეში კი მობილური უწკრიალებდა.

    ^^^* * *
    ანანოს სააბაზანოში ჩაკეტილი მურთაზი აბაზანაზე ჩამომჯდარიყო და შარვალს კერავდა, თან სარეცხ მანქანაზე შემოდებულ ზარდახშას მიშტერებოდა.
    “ეხ ვიოლეტა, შენი დედა!”.. – დრო და დრო გაიფიქრებდა მურთაზი. ვერ გადაეწყვიტა, თავისი მეორე ცოლისგან სამუდამოდ წამოსვლის წინ, ზარდახშაში წერილი ჩაედო მითითებით, რომ განძი მისი ნამდვილი პატრონისთვის დაებრუნებინა, შEმდეგ რამე ნაჭერში გაეხვია, სკოტჩით გადაეწება და ანანოსთვის დაეტოვებინა, რომ მას მერე მისი, უკვე ყოფილი მეუღლისთვის გადაეცა, როცა ამერიკიდან დაბრუნდებოდა, თუ ფოსტაში წასულიყო და იქიდან გამოეგზავნა ბანდეროლის სახით ყოფილი მინისტრის ოჯახისთვის…
    D”მინისტრის ოჯახს გავუგზავნი!.. – გადაწყვიტა მან ბოლოს. – ვიოლეტამ იმიტომ კი არ გადამალა ჩემი შავი პისტოლეტი, რომ ჩემზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ მისი მითვისება უნდოდა… სამახსოვროდ უნდოდა დარჩენოდა როგორც მინისტრის ნივთი!..”
    სააბაზანოს კარზე ანანომ დააკაკუნა.
    – მოვიდა უკვე, ბატონო მურთაზ, პატრული, ჩაიხუტებენ იმ ლაწირაკებს, შანსი არ არის! – დაიძახა ანანომ.
    პატრულის ხსენებაზე მურთაზი ანერვიულდა. გაკერილი შარვალი ნაჩქარევად ამოიცვა, უნიტაზზე შედგა, ზრდახშა უნიტაზის ბაკზე ჩამოდო, სავენტელაციო ხვრელის პლასტმასის ცხაური ხელით მოსინჯა და მის მოსახსნელად მოემზადა…

    * * *
    მეცამეტე კორპუსის სახურავზე გააფრთებული გიჟი მართა და საკმაოდ დაღლილი ჩეგევარა დარჩენილიყვნენ. ჩეგევარას ხელში სადღაც სასწაულებრივ ნაპოვნი აგურის ნახევარი ეჭირა, დრო და დრო შეჩერდებოდა და გიჟს მოუღერებდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ვერ შეაშინებდა, შეტრიალდებოდა და სირბილს აგრძელებდა.
    – დააგდე, დააგდე-მეთქი, შე კახპის გაგდებულო! – გაჰკიოდა ჩეგევარას დადევნებული მართა. – შენ მომიწამლე არა კნუტები, შე ნაბიჭვარო!
    ჩეგევარას აგურის დაგდება ვერ გაებედა, ეშინოდა, რომ გიჟი ისევ მის წინააღმდეგ გამოიყენებდა; სახურავიდან რომ გადაეგდო, გამვლელს მოხვდებოდა.
    ქვევიდან საპატრულო მანქანის სირენის ხმა ამოიტანა ნიავქარმა, მაგრამ ის მეორე სადარბაზოს ლიფტის კოშკში ჩაკეტილებს არც გაუგიათ. იქ ყოფილი ფეხბურთელი და თინეიჯერები ჩხუბობდნენ და გარეთ დარჩენილი ჩეგევარასთვის კარის გასაღებად ვერ იცლიდნენ. კუთხეში მიყუჟული ყოფილი ფეხბრუთელი ყოჩაღად იგერიებდა სამი თინეიჯერის შემოტევას და მძიმე საპასუხო დარტყმებს წარმატებით ახორციელებდა – ერთისთვის წარბი, მეორისთვის კი ტუჩი გაეხეთქა.
    – თქვენ უნდა მომერიოთ, თქვე ნაბიჭვრებო?! – რიტორიკულად კითხულობდა ყოფილი ფეხბურთელი. ხედავდა, რომ თინეიჯერები დაიღალნენ, მალე წინააღმდეგობის გაწევის თავიც აღარ ექნებოდათ და საკუთარი გამარჯვებით წინასწარ ტკბებოდა. – თქვენისთანა ბოზიშვილებმა გამიფუჭეს ფეხი უკან მოპარვით… ახლა კი, მე თქვენი დედები უნდა ვიხმარო!..
    პირველი სადარბაზოს ლიფტის კოშკში ჩაკეტილი ბიჭი კარებს გადაფოფროდა და ხელოსნებს გიჟი მართასა და მეორე კოშკში ჩაკეტილი მოჩხუბრების დასაშოშმინებლად გარეთ გასვლას არ ანებებდა.
    – სად იქაჩებით, რომ იქაჩებით, თქვე ჩემისანებო?! – ეუბნებოდა ბიჭი ხელოსნებს. – თქვენს სოფელში ხომ არ გგონიათ თავი?.. ესენი იჩხუბებენ და ისევ შერიგდებიან, ჩვენ კი მტრებად უნდა დავრჩეთ!
    ჩეგევარას არაქათი გამოცლოდა, აგური თუ მოვიშორე თავიდან, იქნებ შემეშვას გიჟი მართაო, გაიფიქრა, სავენტილაციო ბლოკთან მიირბინა და აგური ალალბედზე ერთ-ერთ მილში ჩაუშვა.
    – ფსიო, მირ! – იყვირა მან. – გადავაგდე უკვე აგური, აღარა მაქვს!
    …მილი, რომელშიც ჩეგევარამ აგურის ნახევარი ჩაუშვა, მისი შეყვარებულის, მეთოთხმეტესართულელი ანანოს აბაზანიდან ამოდიოდა, სადაც, სავენტილაციო ხვრელში მურთაზს თავისი ზარდახშა გადაემალა დროებით…

    * * *
    მეცამეტე კორპუსის პირველი სადარბაზოს ლიფტთან მუხლებზე დაჩოქილი კარალიოკების გამყიდველი კიბეების შორისიდან ჩამოცვენილ დახეთქილ კარალიოკებს კრეფდა და ლამის ატირებულიყო.
    უცებ ლიფტის კარები გაიღო, იქიდან მურთაზი გამოვიდა, რომელმაც ჯერ არც უწყოდა, თუ რა ბედი ეწია, მისი აზრით საიმედოდ გადამალულ ზარდახშას.
    – ამ კარალიოკების ფული არ გადაგიხდია, შე უღმერთო, შენა!.. ლიფტის საფასურს გიკლებთ და მაინც არ იხდით?!.. – მთელი ხმით აყვარდა კარალიოკების გამყიდველი და მურთაზს, გასასვლელისკენ რომ მიიძურწებოდა, წინ გადაუდგა.
    – მე ისა… არა მაქვს ფული, ბინის კარი ჩამეკეტა და… თან წასვლა მინდა აქედან სამუდამოდ!.. – ბავშვივით დაიბნა მურთაზი.
    – ფული-მეთქი, თორემ ახლავე მივალ პატრულთან!.. აქვე არიან, გარეთ! – კბილებიდან გამოსცრა კარალიოკების გამყიდველმა, ორი დახეთქილი კარალიოკი ქვებივით დაიჭირა ხელში და შეტევაზე გადასასვლელად მოემზადა.
    “მოგზავნილს გავს ეს მეკარალიოკე, პროვოკაციას მიწყობენ!.. პროვოკაცია იყო ტრუბაში ქვის ჩაგდებაც და იქიდან შკატულკის გამოვარდნაც!.. თითქოს ციდან გამოიჩეკაო, სინამდვილეში დაგეგმილი იყო ყველაფერი, მე რას გამომაპარებ!.. ვიოლეტაც მოგზავნილია!.. – გაიფიქრა მურთაზმა. – კიდევ კარგი შკატულკა თან არ წამოვიღე. შენ მოპარე მინისტრსო, დამაბრალებდნენ, ან კიდევ წილში გაყავდიო!.. ეძებონ რამდენიც უნდათ, ჩემს ფეხებს მიაგნებენ!.. ყველაფერი იმისთვის კეთდება, როგორც ანანო იტყვის ხოლმე, პატრულს რომ “ჩამახუტონ”, ამის დედა კი ვატირე!.. მხოლოდ ის ვერ გაითვალისწინეს, რომ მე ხარბი არა ვარ და შეიძლება შკატულკა თან არ წამომეღო!..”
    მეკარალიოკე, მოგზავნილს ნაკლებად, მაგრამ თავისი უფლებების დასაცავად ყველაფერზე წამსვლელს კი ნამდვილად გავდა და მურთაზიც მიხვდა, რომ აქედან პატრულთან “ჩაუხუტებლად” ვერ გააღწევდა, რომლის მანქანაც მეცამეტე კორპუსის პირველ სადარბაზოსთან ციმციმაჩართული იდგა…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    ანდრო ბუაჩიძე – დავითაშვილის ქუჩა

    ანდრო ბუაჩიძე

    დავითაშვილის ქუჩა

    ესკიზი გაყვითლებული რვეულიდან

    ეს იყო სოლოლაკში, კარგა ხნის წინათ. არ ვიცი რატომ ხდებოდა ასე, ვისი საიდუმლო სურვილით თუ ნებით. არ ვიცი რატომ იყო იქ რაღაცნაირი ღრმა ნაღველი ვიწრო ქუჩების გადაკვეთილ კიდეებზე, ხეებქვეშ ჩაფენილი, რომელიც გამუდმებით ცახცახებდა და აქა-იქ ძალაგამოცლილ სხივებს იქსოვდა სიღრმეში. ვის ჭირდებოდა ეს ან რატომ მოხდა ასე. რატომ აღმოვჩნდი მე ამ დაქსაქსულ სინათლეში, ნაღვლიანი ფანქრების გასწვრივ, გრძელ დღეებში, ჩვეულებრივი და უცნაური საღამოების ანაბარა, საკუთარი თავის ანაბარა, ყველაფრის ანაბარა, რაც შეიძლება ცხოვრებამ მოულოდნელად მოგიტანოს და მერე ნელ-ნელა წაგართვას შეუმჩნევლად, ისე, როგორც ღამე ჰკრეფს გაფანტულ სინათლეებს ჩამუქებული ქვაფენილებიდან და უშველებელი სადარბაზოების შეუღწეველი წიაღებიდან. არ ვიცი რატომ ხდება, რომ რაღაც გაკვესავს სიცარიელეს, აინთება და თანდათან თვითონვე ჩაქრება. ვინ ანთებს სინათლეს და ვინ აქრობს, ვისი ნებასურვილით ანთებს და ვისი ნება-სურვილით აქრობს.
    ეს იყო სოლოლაკში, დიდი ხნის წინათ. მახსოვრობასაც აჩნდება ხოლმე დრო გაცვეთილი ბეჭედივით. და ეს ბეჭედი ჰგავს ძველი შენობების კედლებს, რომელთაც რაღაც უცნაური სიძველის ფერი ედება, ფერი მღვრიეა და ღრმა, დღეების და ღამეების სიმრავლით გაჟღენთილი და გაქვავებული, როგორც სარკეში არეკლილი ჩამოღამებული ოთახის სივრცე.
    ახლა რომ ვიხსენებ, მაგონდება, რომ რაღაცნაირად ნელა ვმოძრაობდი მე იმ დროში. ნელა ვცხოვრობდი, ნელა დავდიოდი, ნელა ვფიქრობდი. და დროც ნელა მოედინებოდა ჩემთან ერთად. მე მას ყველგან ვხედავდი. ვხედავდი უმიზეზოდ გამოღებული განჯინის ბნელ სიღრმეში, კედლებზე და აქერცლილ იატაკებზე, ნაწვიმარ აკაციის ხეებქვეშ, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის ხელებზე და სახეებზე, და სულ უცხო ადამიანების ზურგებზე, ნელა რომ აუყვებოდნენ აღმართს ჩვენი ფანჯრების ქვეშ, წვიმიან დღეებში. მე არ მიკვირდა, მაგრამ მიხაროდა, როცა ვხედავდი დროს, რომელიც სინათლესავით სათუთად ედებოდა ათასგვარ ნივთებს და ადამიანების გლუვ, ჩაღრმავებულ, აბურცულ, მეტყველ და უმეტყველო სხეულებს და სახეებს.
    მე არ ვიცოდი, რა იყო ეს ან საიდან დაიწყო. შეიძლება იქიდან, ჩვენი ეზოს ერთ-ერთ კიბეზე რომ ვიჯექი და ვტიროდი. ვტიროდი, რადგან ქუჩიდან უშველებელი წითელი, საშინელი სახანძრო მანქანების მშფოთვარე გნიასი აღწევდა. უსულო მანქანები ადამიანებივით ყვიროდნენ, ადამიანები კი გარბოდნენ სახლებისკენ და გამალებულები შერბოდნენ სახლებში. მე ვიჯექი და ვტიროდი. და თუმცა სახლთან ვიყავი, ვგრძნობდი უსახლკარობას, უნუგეშობას, უაზრობას, შიშს. ვგრძნობდი, რომ ქვეყანა დიდი იყო და საშინელი, მე მის შიგნით ვიყავი და გასაქცევი უკვე აღარსად მქონდა. ვგრძნობდი, რომ სხვებმაც იცოდნენ ეს და ამიტომაც მკიდებდნენ ხელს და შევყავდი სახლში.
    არ ვიცი, იქნებ აქედან დაიწყო დრო. იქნებ აქედან დაიწყო და აქედან უნდა დაწყებულიყო ჩემი თავის შეგრძნება უშველებელ სიცარიელეში. ყოველ შემთხვევაში, მერე და მერე ყველაფერი უფრო მშვიდად გაგრძელდა და უკვე წამოზრდილი, როცა ნაშუადღევს სკოლიდან ვბრუნდებოდი, მე ვხედავდი დროს, რომლის კეთილისმყოფელი და უწყინარი სახე, ყველგან და ყველაფერზე ირეკლებოდა, როგორც მზის სუსტი სინათლე თავსხმა წვიმის შემდეგ.
    მე ნელა ვმოძრაობდი. ნელა, ფეხათრევით მივდიოდი სახლისკენ. მე ვგრძნობდი სახლს, სახლის მზემოფიცხებულ უზარმაზარ გრილ კედლებს. არც ქუჩები იყო უცხო ჩემთვის.
    ეს იყო სოლოლაკში, დიდი ხნის წინათ, სადაც ვიწრო ქუჩებია და დიდი სადარბაზოები. ღრუბლიან დღეებში სადარბაზოები ნაღვლიანი ბურუსით ივსება. შეგიძლია შეხვიდე ამ სადარბაზოებში და შენ იგრძნობ, როგორ შეგიწოვს ბურუსის ნაღვლიანი სინოტივე, შენ მოხვდები ხმების, ბგერების, გრძელი სხივების პანოპტიკუმში. სულ ახლოს, ალაყაფის კართან, მზით განათებულ ტროტუარზე ბავშვები ჩაირბენენ. ხმაური წამით შეარხევს ბურუსიან ნოტიო მდუმარებას, სადარბაზოში გრგვინვით შემოვარდება ხალისიანი, სიცოცხლის ჟინით გაგიჟებული ბგერები და მერე გაქრება. ნუთუ ასე ქრება ყველაფერი. ასე ეშვება და ქრება. ეს შენ არ იცი, არ იცი და რომ იცოდე, ვერც გაიგებ, ვერც დაიჯერებ.
    შენ ბავშვი ხარ და არ იცი, რომ არსებობს სიკვდილი. შენ არ იცი, რომ სიკვდილს თავის ფერი და სუნი აქვს, შენ არ იცი, რომ სიკვდილი ნიშნავს ყველაფერს, მაგრამ შენ იცი, რომ რაღაცეები ქრება და უჩინარდება სიცარიელეში, რაღაცეები ქრება, და ვისი ნება-სურვილით ქრება, ვერავინ გეტყვის, ვერავინ გეტყვის, ვისი ნებასურვილია მუდმივი ქრობის ურჩი წინამძღვარი.
    შენ ბრუნდები სკოლიდან სახლში. ბრუნდები დაღლილი, მოშვებული, ენერგიადაცლილი, და ფეხსაცმლის ჭვინტით მოაგორებ ცარიელ ასანთის კოლოფს ან კონსერვის დაჭეჭყილ ქილას. შუადღეა და დაავითაშვილის ქუჩა ცარიელია. მხოლოდ გასტრონომს ზემოთ, გაზეთების ჯიხურის ირგვლივ იკრიბება მოყაყანე ადამიანების პატარა ჯგუფი, პატარა წრე, რომელიც შეჩქვიფდება და აზუზუნდება, მერე დაქუცმაცდება და ასისინდება ნაშუადღევის შეუსაბამოდ ნაზ და ლირიკული დიდებებით სავსე, ოქროსფრად გადაცრეცილ ჰაერში, ჰაერში ოდნავ შერხეული, ოდნავ მტოკვარე დაჭიმული სინაზის სიმია გაბმული და აკაციის ხეებქვეშ, ნაადრევად ჩამოცვენილ წვრილ ფოთლებზე დაუდევრად მიმოისვრის ჩრდილოვან ტალღებს. შენ გრძნობ მთელი არსებით ოქროსფერი ნაშუადღევით გაჯერებულ ჰაერში ჩამოჟონილ უხილავ წვეთებს, ნაზ რხევებს, სხივებით მოოჭვილი ქამელეონის ასხლეტას და გაუჩინარებას აკაციების უკვე შებღალულ კენწეროებთან. შენ სავსე ხარ ნაშუადღევის ნებისმიერ გარემოსთან თანხმობის და შერიგების მოწოლილი სურვილით, მოთენთილობით და ტკბილი სიზანტით, დაქსელილ ძარღვებში რომ გივლის და თვლემას გგვრის. ნახევრად თვლემ კიდეც, მარტო შენ კი არა, მთელი ქუჩა, მთელი სოლოლაკი, უზარმაზარი, უშველებელი ქვეყნიერების ერთი პაწია ნაგლეჯი, ქალაქის განაპირა კიდეში მაღალი მთის კლდოვან თხემებქვეშ ჩამოზიდული პატარა ნირვანა, პატარა ტერიტორია, რომელიც სავსეა ჩიხებით და გასასვლელებით, ტეხილი ქუჩებით და სახეებზე ჩამოკონწიალებული აივნებით, მიწაში ჩამძვრალი სარდაფებით და ჩამობურულ ეზოებში შემავალი ალაყაფის ჭიშკრებით. ათასი ხმით, ათასი გადატეხილი ბგერით, ბგერის უმცირესი ნამსხვრევებით, გაცვეთილი ფერების და მიმწყდარი შეძახილების ვიბრირებით, ხეებში ჩამოღწეული სინათლეების და მოძრავი ჩრდილების გაუთავებელი, მთრთოლვარე ტოკვით და ერთი წუთითაც არ გტოვებს იმის განცდა, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია დიდი ქვეყნიერების, იმ ქვეყნიერების, სადაც რაღაც ხდება, რაღაც საშინელი, რაღაც სასტიკი, ვიღაცას იჭერენ, ვიღაცას კლავენ, ვიღაცას იტაცებენ, ვიღაცას უსპობენ სიცოცხლეს. ოღონდ შენი გულუბრყვილო აზრით, ეს ყველაფერი შორს ხდება, იქ, იმ დიდი ქვეყნიერების ნაწილში და არა აქ, სადაც არაფერი არ შეიძლება მოხდეს, ისე ნელა მიედინება დრო და ისეთი სიწყნარეა ჩაფენილი თხელი ბურუსით გაჟღენთილ სადარბაზოებში.
    და არ იცი რატომ აღმოჩნდი აქ, მაინცდამაინც აქ. საიდან დაიწყო ყველაფერი და სად უნდა დამთავრდეს, ან უნდა დამთავრდეს კი საერთოდ? იწყება აქ, ამ სინათლით მოქსოვილ ქვეფენილების ხლართებში რამე ან მთავრდება? ნუთუ მთავრდება კიდეც? ყველაფერი ძალიან ნელა მოძრაობს და შენც ნელა მოძრაობ ამ ყველაფრის არაფრისმთქმელ წიაღში. ეს ადამიანებიც, გაზეთების ჯიხურთან და ლუდის წერტთან რომ დგანან, დიდი ხანია შენს ბავშვურ ცნობიერებაში ნაშუადღევის დაუბოლოვებელ ზიგზაგებს შეერწყნენ და დაკარგეს თავიანთი სახე. შენ არ იცი, რომ ესენი ჩვეულებრივი გზააბნეული ძე-ცთომილები არიან, როგორიც ათასია ანდა მილიონი, ქალაქის კლოაკებში მოფუთფუთე მათხოვრები და ნაციხარები – ქუჩის დამტვერილ კიდეებზე მიხვეტილი ჭუჭყი – ლოთები, მაწანწალები, მუქთახორები, უდიდესი ბედისწერის ანაბარა მიგდებული გლახები, ბინძური მოხალისეები დღე და ღამე რომ ტრიალებენ იქ, სადაც მათი საარსებო სარჩო მოიძევება, მდარე, უგემური, მაგრამ მუდმივი და დაუყვედრებელი, მათივე უაზრო სიცოცხლესავით უაზროდ გაჩენილი და ამიტომ მათთვისვე განკუთვნილი. აქვე არიან სხვებიც: შოფრები, სადაზღვევო უწყების მუშაკები, მაკლერები, ყასბები, ხელოსნები, სოფლიდან ჩამოთესლილი უსაქმური გლეხები, სამუდამოდ მოწყვეტილნი კარმიდამოს და ქალაქის სარდაფებს მიტმასნილნი, უსახლკარო ნაბიჭვრები და სახიჩარები, ბედისმაძიებელი გაუმაძღრები და სამუდამოდ ხელჩაქნეული უბედურები. შენ არ იცი, შენ ვერ ხედავ მათი ცხოვრების ტლანქი დანით დასერილ სახეებს. ეს სახეები მიწისფერია და უხეში ნაოჭების სქელი ბადით დაქსელილი, რადგან ისინიც შენსავით შემთხვევით მოხვდნენ ამ მზით გადაფენილ ქვაფენილებზე, რატომ და რისთვის, არც მათ იციან, მაგრამ ის კი ახსოვთ, რომ ვიდრე აქამდე მოაღწევდნენ, გრძელი გზა გამოიარეს და ამ გზამ თავის მკაცრი ბეჭედი დაასვა მათ ისედაც უიღბლო არსებობას. აქაც პატარა კლოაკაა, ნაშუადღევის უდრტვინველ, მშვიდობისმომფენელ სხივებში გამოხვეული პაწია სამყარო, რომლის წრეშიც ბაქტერიებივით ტრიალებენ პირზე დუჟმომდგარი, ლუდისკათხამომარჯვებული კაცები. ისინიც ცლიან კათხებს და ერთდროულად აწყობენ აყროლებულ დახლზე. მერე ხმაშეწყობით, მოყაყანე ერთფეროვნებით ჰყვებიან ათასნაირ ამბებს, რომელთაც მოსაღამოვებამდე გასდით ყავლი და დღის სინათლეზევე იფანტებიან უსიცოცხლო სხივებივით.
    ქუჩის გადაღმა მაღალი ფანჯრებია, ფეხისწვერებზე ვიწევი და ფანჯრებში ვიჭვრიტები. ამ ფანჯრებს შიგნითაც ისეთივე ბლანტი ბურუსია, როგორიც ყველგან: სადარბაზოების მაღალ კიბეებზე, ეზოების შესასვლელებში, გრილი ბინების ოთახებში. მხოლოდ აქ გარაჟია და მანქანები დგანან. ყოველ ფანჯარაში მანქანაა. ფანჯარა თხელი ბადით არის დაცული და სიღრმიდან ბენზინის და მანქანის რაღაცნაირი ნაცნობი სუნი აღწევს. მანქანებიც რაღაცნაირად დგანან ამ დიდ ოთახებში, მკაცრად გარინდულნი, ცარიელნი, თითქოს ყველასაგან მოსროლილნი და მიტოვებულნი. მანქანების შიგნითაც სქელი ბურუსია ჩამდგარი, მხოლოდ მინებში, უკანა მხრიდან მზის სხივი იჭრება და ტყდება შიგნით, აქაც დრო მიედინება ნელა და მდოვრედ. მიტოვებული მანქანები დროში დგანან და მე შემიძლია შევიჭვრიტო თითოეულ ფანჯარაში და დავინახო დროის ფრთხილი, უხმაურო დინება გარინდებული მანქანების წიაღში. ვინ მოვა და ვინ შეიჭვრიტება აქ, ვინ დაინახავს როგორ მიცოცავს გადამტყდარი მზის სხივი მანქანის უკანა სკამის გადაცვეთილ საზურგეზე. გარაჟებში სრული სიწყნარეა, მხოლოდ ზოგჯერ მეტალის წკირი გაიტკაცუნებს, თითქოს რაღაც ჩატყდაო მანქანაში. ესეც დრო არის, გადამტყდარი წამებია.
    ყოველდღიური მომქანცველი სვლა სკოლაში და უკანდაბრუნება, წყნარი რიტუალია, რომელსაც მე უპროტესტოდ ვასრულებ თალმუდისტივით. ის ჩემს ნებაზე არ არის დამოკიდებული. ჩემი ნების გარეშე არსებული ვითარება მკარნახობს ნაშუადღევის გრძელი გზა გამოვიარო და შეიძლება სწორედ იძულება მაგრძნობინებს დროის უჩინარი დინების რიტმს. გარაჟის ზემოთ პურის მაღაზიაა, მწვანე აბრაზე მსუყე ყვითელი ასოებით არის წარწერილი “პური” და ყოველივე იმდენად ნაცნობია, რომ თვალის ნაზი ბადურა ძალდაუტანებლად იჭერს ათასგზის აღქმულ შეფერილობებს, ტონალობებს და მრგვალი ასოების მოხაზულობებს. თუ სადმე ტეხილია ან ხარვეზი, ისიც შეუმჩნევლად თავსდება მხედველობის ფაქიზ მატერიაში, ისე, რომ მე ვერც ვამჩნევ მის არსებობას. თითქოს ეს თავის თავში მცხოვრები საგნები თვითონვე პოულობენ გზას, რათა ჩემს არსებაში სამუდამოდ დასახლდნენ, სამუდამოდ, დაიმკვიდრონ დროსთან ერთად ადგილი, რომელსაც მერე დროც ვერასგზით ვეღარ ამოშლის. ეს საგნები განმარტოებით არ ცხოვრობენ, მათ უერთდება ჰაერში გაფანტული სიფრიფანა ქსელი ხმების, ფერების, აუხსნელი ნაწილაკების და უთქმელი ნიშნების. ყოველივე კი სიცოცხლის ეთერული ფარდაა, ჩემს მიერ ათასჯერ შერხეული და ჩემს არსებასთან უკვე განუშორებლად შემკვრივებული.
    მე ნელა ვეშვები მენავთის სარდაფში. აქ ყველაფერი ნავთის სუნით არის გაჟღენთილი. საკმარისია ასანთის ერთი გაკვრა და ნავთით სავსე მიწური გაქრება. მენავთე დაბალი და სქელი კაცია. მსხვილი ნავთისფერი ულვაშები აქვს და ულვაშებსზემოდან ვიწროდ მოწკურული თვალები კეთილად უციმციმებს. მე წყლიან თვალებში შევყურებ და მეჩვენება, რომ იქიდანაც საზარელი ნავთის შავი წვეთები ბზინავს. მენავთე იღიმება, რადგან მიცნობს და რაღაცას მეკითხება, მაგრამ მე არაფერი არ მესმის, ხმა იკარგება ნავთით გავსებულ ბიდონებს შორის. გარშემო ყველგან სხვადასხვა ზომის და მოცულობის თავახდილი ჭურჭელი დგას. შავი ზედაპირი ლივლივებს და შიგ დღის ელექტროშუქიდან არეკლილი სხივები დაცურავს. ამ შავი ზედაპირის დანახვისთანავე შემზარავი გრძნობა მეუფლება: “აი, ეს არის ნავთი”, ნავთი, ნავთი, ნავთი, ყველაფერი ნავთით არის გაჟღენთილი, ყველაფერს ნავთის სუნი აქვს, მენავთე იღიმება და ახლა უკვე მესმის მისი ხმა: “ნავთი ხომ არ დაგაბარეს?”, “ნავთზე ხომ არ გამოგგზავნეს?” ბიდონებს უკან სარეცხის საპნების უშველებელი გროვა აწყვია. სარდაფის სიღრმეში სიმეტრიულად დაწყობილ საპნის უხეშ ნაჭრებზე თხელი ნავთისფერი ბურუსია ჩამოწოლილი და აქაც საიდანღაც იპარება დღის ჯიუტი სინათლე. სადღაც ჭერსა და მიწურ იატაკს შორის სხლტება შემთხვევით მოხვედრილი სხივი და შეხუთულ ჰაერში იბნევა. ვიწრო სივრცე ოდნავ ნათდება და უფრო მკაფიოდ იკვეთება მენავთის ლურჯი, დანაოჭებული ხალათი, სქელი ნაცრისფერი ულვაშები და განუწყვეტელი ღიმილი, რომელსაც მოელვარე, უეცრად მოვარდნილი დღის სინათლე კვეთს და მე ვხედავ, რომ აქაც დრო დაცურავს, დრო ეტმასნება სინათლის სხივებთან ერთად ნავთისგან დასველებულ კედლებს და მენავთის ნავთიან, გაღიმებულ სახეს.
    ყოველდღე ერთიდაიგივე მეორდებოდა – მე ვუახლოვდებოდი ალაყაფის მძიმე კარს. ქვის კიბის რამდენიმე საფეხურს ავივლიდი და ზარის ღილაკს თითს ვაჭერდი. კარი იღებოდა გამობმული ფარატინა თოკის გამოქაჩვით. კარის გამღები კიბის თავზე იდგა და სვეტზე გამობმული თოკის ბოლო ეჭირა. ეს ადამიანი მეტწილად ბებო იყო. კარის გაღებას თან საყვედურიან ტუქსვას მოაყოლებდა და უმალვე შებრუნდებოდა სამზარეულოში. მე კი ჩანთას იქვე მივაგდებდი, ვეშვებოდი კიბის საფეხურზე და დიდხანს ვიჯექი გაშტერებული. კარს ზემოთ, საღებავებით გასვრილი მინიდან ზღვა სინათლე იღვრებოდა წითელ კიბეებზე. კიბის გვერდით ცარიელ ადგილას ძველისძველი შავი სკივრი იდგა. სკივრზეც იღვრებოდა სინათლე და სინათლეში მობზრიალე მტვრის გრძელი სვეტი. მე არ ვიცოდი საიდან მოქროდა ჰაერში მოძრავი უმცირესი მტვრის ნამცეცები, მაგრამ მათ მოძრაობაში ვხედავდი დროის წრიულ ზიგზაგებს, ბრუნვებს, ტეხილებს. დღე უკვე საღამოსკენ იყო გადახრილი და თითქოს დროის სახეც უფრო ხელშესახებად იკვეთებოდა ყველა საგანზე. შემოსასვლელის პატარა, მაგრამ საკმაოდ ტევადი სივრცეც დროის ჩამუქებული ხსნარით იყო შეფერილი. კიბის პირველ, ბრტყელ საფეხურზე უფორმო ჩრდილი ტყდებოდა და იატაკს უერთდებოდა. მე მესმოდა ქუჩიდან აკრეფილი ჟრიამული როგორ იკარგებოდა მოახლოებული საღამოს უშველებელ სიცარიელეში. მერე კიდევ ერთხელ შემახსენებდა თავს ბებიაჩემის საყვედურნარევი ტუქსვა და ავდიოდი ოთახებში, სადაც უზარმაზარ ფანჯრებზე ჩამოფარებულ ფარდებს აკაციის ხეების მოძრავი სილუეტები დასთრევდა.
    საწოლ ოთახში დიდედა კატო იწვა. ის მისუსტებული ხმით ლაპარაკობდა და უხმოდ ხუჭავდა თვალებს. ჩალურჯებულ თვალის უპეებს ვარდისფერი ზოლი აჩნდა და თვალის უპეებზე აღბეჭდილი ფერთა სიმკვეთრე მდუმარე სიცოცხლისუნარიანობას ამჟღავნებდა. დიდედა კატო უმთავრესად დუმდა. და თითქოს მისი დუმილი უფრო მეტყველი იყო, ვიდრე საუბარი. მის სახეს აჩნდა დაღლილობა, რომელიც არ შეიძლებოდა დროთა განმავლობაში გაქარწყლებულიყო, რადგან ეს მხოლოდ დაღლილობა კი არ იყო, არამედ ხანგრძლივი და მტანჯველი ჟამთა სიავის მღვრიე ანარეკლი, რადგან არსებობს დაღლილობა, რომელიც წარუშლელია და აღმოუფხვრელი…
    ეს იყო სოლოლაკში, დავითაშვილის ქუჩაზე, კარგა ხნის წინათ. არ ვიცი რატომ ხდებოდა ასე, ვისი საიდუმლო სურვილით თუ ნებით. არ ვიცი რატომ იყო იქ რაღაცნაირი ღრმა ნაღველი ვიწრო ქუჩების გადაცვეთილ კიდეებზე, ხეებქვეშ ჩაფენილი. რატომ აღმოვჩნდი მე ამ დაქსაქსულ სინათლეში, ნაღვლიანი ფანჯრების გასწვრივ, გრძელ დღეებში, ჩვეულებრივი და უცნაური საღამოების ანაბარა, რაც შეიძლება ცხოვრებამ მოულოდნელად მოგიტანოს და მერე ნელ-ნელა წაგართვას…

    © “არილი”

  • პროზა

    ლაშა ბუღაძე – საშინაო დავალება: როსტომ-ხანი

    ლაშა ბუღაძე

    საშინაო დავალება: როსტომ-ხანი

    1.

    2. 11. 1937.

    ეს ფოტო 1937 წლის 2 ნოემბერსაა გადაღებული. ცენტრში
    ლავრენტი ბერია დგას. მისგან ხელმარჯვნივ უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი პეტრე დონდუა. მეორე რიგიდან პროფესორი ილია ზედგენიძე შემოგვცქერის. პროფესორს კისერი აქვს მოღერებული (შესაძლოა, ფეხისწვერებზეც იწეოდეს), რადგან წინ საკმაოდ მაღალი მამაკაცი (მათემატიკოსი იური ჯანელიძე?) უდგას. მეცნიერები ტერასულად დგანან უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეზე. არავინ იღიმება – სერიოზული და მკაცრი სახეებით შემოგვყურებენ.
    ბერიას მიხაკები უჭირავს.

    ამ ფოტოგადაღებიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ ლავრენტი ბერია მეცნიერთა ნაწილს ცენტრალურ კომიტეტში დაიბარებს. გამოიძახებენ მხოლოდ ისტორიკოსებს. მათ შორის, პროფესორ ილია ზედგენიძესაც.
    ბერია იტყვის:
    – ისტორია უნდა გადავწეროთ, ამხანაგებო.
    მერე კი, რახან მცირე აღელვებას შეატყობს ისტორიკოსებს, არა საუფროსო, არა მბრძანებლური, არამედ მეგობრული, შინაურული ტონით გააგრძელებს საუბარს:
    – მარტივად: ვინც უსამართლოდ მიჩქმალულია ისტორიაში, ზეით უნდა ამოვწიოთ და ერს ხელახლა გავაცნოთ. ვისთვისაც უსამართლოდ აქვთ ტალახი ნასროლი, უნდა განვბანოთ, გავასუფთაოდ და ნამდვილი, გაწმენდილი სახით წარვუდგინოთ ერს. ვისი კარგი საქმეც უსამართლოდ მიჩნეულა ცუდად, თავიდან უნდა შევაფასოთ და ერს კარგზე კარგი ვათქმევინოთ.
    ბერია რომ გაჩუმდება, მოწვეულთა შორის ყველაზე აქტიური, პროფესორი მამია ხელაშვილი ალაპარაკდება:
    – უნდა დავეთანხმო ამხანაგ ბერიას, – იტყვის იგი, – ჩვენი
    სირცხვილია ესა, ისტორიკოსების… ამხანაგ ბერიას კი არ უნდა დაესწრო ჩვენთვის, არამედ ჩვენ, პირველებს უნდა ამოგვეღო ხმა! განა არ ვიცით, რამდენი ასეთი ლაფსუსია თუნდა ქართლის ცხოვრებაში?! მრცხვენია და ბოდიშს ვიხდი, ლავრენტი პავლოვიჩ, – თავს დახრის პროფესორი, – ყველა ჩემი კოლეგის სახელით ვუხდი მშობელ ერსა და დიად პარტიას ბოდიშს…
    მართალია, არც მამია ხელაშვილს ეცოდინება ზუსტად, რაზე მოუხდის ლავრენტი ბერიას ბოდიშს და ვერც მისი მდუმარე და შეშინებული კოლეგები მიხვდებიან, ქართლის ცხოვრების რომელი “ლაფსუსები” იგულისხმა მოსაუბრემ, მაგრამ თავებს კი მაინც ააქანქარებენ უკმაყოფილოდ – აბა, აბა, როგორ მანამდე არ აღვიმაღლეთ ხმაო…
    თუმცა, როგორც გაირკვევა, არც ბერია აღმოჩნდება ამ მხრივ უცოდველი. ამა თუ იმ ისტორიული პერსონაჟის მიმართ გამოტანილ არასამართლიან განაჩენებზე პირველს, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ცოცხალ ისტორიას – იოსებ სტალინს გაუმახვილებია ყურადღება.
    სტალინს უთქვამს:
    “გაესაუბრეთ მოწინავე მეცნიერებს. სთხოვეთ, ჩაუკვირდნენ ზოგიერთი ჩვენი წინაპრის ცხოვრებას. გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგან ისტორია სცოდავს მათ შეფასებაში – ადამიანი იყო, პროგრესულად აზროვნებდა და მოხსენიებული კი აუგადაა”.
    ბელადის ციტირებისას ბერიას სხეული სტალინის სულით გაიმსჭვალება და მცირე ხნით – ამას აშკარად შეიგრძნობენ და დაინახავენ მეცნიერები – ღვიძლი ძმასავით დაემსგავსება სტალინს. ბერია მედიუმივით დაუთმობს სტალინის სიტყვებს თავის ტანს. ბელადის მოწიწებულ ციტირებას მოჰყვება და უნებლიედ მის იმიტირებასაც კი შეეცდება.
    მეცნიერები, ისე, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, დარცხვენილები ჩაქინდრავენ თავებს და ხმამაღლა ამოიოხრავენ.
    ამასობაში, ბერია საქმეზე გადავა. მეცნიერებს თავად სტალინის მიერ გამორჩეულ ისტორიულ პირთა სიას წარუდგენს და საქმიანი კილოთი დასძენს:
    – აბა, ამხანაგებო, მივუდგეთ ამ ხალხს ისე, როგორც სტალინი გვასწავლის, – გაიღიმებს იგი, – ზოგს მეორე ცხვირი მივუწებოთ, ზოგს მესამე ხელი, ზოგს კი დაკარგული თავი დავუბრუნოთ ადგილზე.
    სტალინის სია კი ასეთი იქნება:
    1. პირველი გიორგი (ეკლესიის ამშენებელი ქ. მცხეთაში)
    2. მესამე გიორგი (მ. თამარის მამა)
    3. ბაღვაში ლიპარიტი (დემოკრატი)
    4. სააკაძე გიორგი (დიდი ქვეყნის სამსახურში)
    5. ხანი-როსტომი (მშვიდობა)
    6. არჩილი (პეტრე პირველი???)
    7. მეორე ერეკლე (რუსეთი და საქართველო)
    8. მეთორმეტე გიორგი (რუსეთთან შეერთება)
    “გეგონება. დასახვრეტთა სიაა”, – უნებურად გაეფიქრება პროფესორ ილია ზედგენიძეს და შეშინებული ახედავს ბერიას – ჩემი ფიქრები ხომ არ გამოიცნოო (ბერიაზე ამბობდნენ, აზრების კითხვაც შეუძლიაო).
    ბერია ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტირებისკენ მოუწოდებს პროფესორებს. ხოლო შეხვედრას ამ სიტყვებით დაასრულებს:
    – როცა ამ საკითხებს ჩაუჯდებით, მუდამ გახსოვდეთ, რომ მე და
    ამხანაგი სტალინი ზეიდან დაგყურებთ.

    სტალინის ისტორიულ პერსონაჟთა სია რვაკაციანია. ალბათ, ამიტომაც დაიბარა ბერიამ რვა მეცნიერი და არა, ვთქვათ, ათი, ან თხუთმეტი.
    – როგორც ჩანს, ამხანაგ ბერიას სურვილია, რომ თითომ თითოზე ვიმუშავოთ, – დაასკვნის მეცნიერთა შორის უხუცესი, აკადემიკოსი ენვერ ჭელიძე.
    მეცნიერები სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში იკრიბებიან და პროფესორ მამია ხელაშვილის შლაპაში ჰყრიან ფურცლის ნაგლეჯებს, რომლებზედაც ისტორიულ პირთა სახელებია დაწერილი.
    – მაშასადამე, ვისაც რა ამოუვა, იმაზე დაწერს, – იტყვის
    ენვერ ჭელიძე და პირველი თავად ჩაყოფს ხელს შლაპაში.
    – უი, უი, თავი მეტკინა, – გაიხუმრებს შლაპის მფლობელი მამია ხელაშვილი და სიცილით მოათვალიერებს კოლეგებს.
    – სააკაძე გიორგი. – ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილს წაიკითხავს ბატონი ენვერი.
    – ბაღვაში ლიპარიტი. – ამოუვა პროფესორ კონსტანტინე ორაგველიძეს, – ოო, – მოიქექავს კეფას, – რთულია… მაგრამ საინტერესოა, – დაამატებს იქვე და მამია ხელაშვილისკენ გაიხედავს. “რთულიაო, არ უნდა მეთქვა, – გაიფიქრებს შეცბუნებული, – სადმე არ წამოაყრანტალოს ამ შეჩვენებულმა!”
    – ხანი-როსტომი. – გაშლის დაკუჭულ ფურცლის ნაგლეჯს პროფესორი ილია ზედგენიძე და შვებით ამოისუნთქავს (“ყველაზე მარტივი შემხვდა”), კოლეგებს თავის დაკვრით გამოემშვიდობება და კარისკენ წავა.
    ჩვენც მას გავყვებით.

    რატომ ამოისუნთქა შვებით პროფესორმა? რატომ არის “მარტივი” როსტომ-ხანი?
    ამ შეკითხვებზე თავად სტალინის მინიშნება იძლევა პასუხს, რომელიც როსტომ-ხანის გასწვრივ არის მიწერილი: მშვიდობა.
    ჭკვიან ისტორიკოსს არ უნდა გაუჭირდეს ბელადის სურვილის ამოცნობა. ქართველთა მაჰმადიანმა მეფემ კახეთს მშვიდობა მოუტანა და ამიტომაც გამოარჩია იგი ბელადმა სხვათაგან. ბელადი მიუნიშნებს ისტორიკოსს: მშვიდობის დამყარება და მერე ამ მშვიდობის შენარჩუნებაა ჭეშმარიტი გმირობა.
    პროფესორს უხარია: “ვგონებ, სწორ გზაზე ვარ”.
    და მართლაც, რატომ უნდა სძულდეს ქართველს როსტომ-ხანი? რაკი მუსლიმანია? რაკი ქრისტეს რჯულზე არ გადმოვიდა და მის აღმზრდელ სპარსელებს კახეთი არ მოაოხრებინა?
    როსტომ-ხანი პროგრესული მეფე გახლდათ. აი, ასე შეაფასებს როსტომს პროფესორი. ის პოლიტიკოსი იყო და არა რელიგიური ფანატიკოსი. ქრისტიანული კახეთის გამაჰმადიანება კი არ უცდია, არამედ მთელი თავისი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ აღმშენებლობას მოახმარა.
    პროფესორი დაწერს: როსტომ-ხანი ათეისტი იყო, მისი რელიგიურობა მხოლოდ თავისი ხალხის (სპარსელების?) ტრადიციების ერთგულებით იყო განპირობებული. როსტომ-ხანს – იმ ეპოქის მსოფლიო მმართველებისგან განსხვავებით – შეიძლება ითქვას, დიდად არც აღელვებდა რელიგიური საკითხი. ხალხთა რელიგიურობას ის მხოლოდ წინაპართა პატივისცემით ხსნიდა. როსტომ-ხანისთვის მიუღებელი იყო ქრისტიანული აღმსარებლობის გამო ვინმეს მოკვდინება. მას არასდროს დაუძალებია ქრისტიანი კახელებისთვის რჯულის შეცვლა. როსტომ-მეფის მთავარი საზრუნავი ხალხთა კეთილდღეობა და მშვიდობა იყო.
    და აი, აქ კი პროფესორს მის თავს ზემოთ უხილავად მდგომი ბელადის ხმა შეაჩერებს: ჩემი თვისებები განაბნიე მასში! – ჩაესმება მას.
    რასაკვირველია! სხვანაირად, აბა, როგორ!
    რატომ თავიდანვე ვერ მიხვდა ამას? განა ყველა საამაყო გმირი და მეფე, ვისაც კი უარსებია, სტალინის თვისებებს არ უნდა ატარებდეს? განა სტალინში არ უნდა მოგროვდეს მათი ყველა სათნოება და დიდებულება?
    მთავარი დავალება სწორედ ეს უნდა იყოს: საკაცობრიო ისტორია მხოლოდ სტალინით უნდა იყოს შევსებული. ოღონდ მხოლოდ ის ნაწილი ისტორიისა, რაც საამაყოა, რაც ბრწყინვალეა და რაც ამაღლებულია. მიზანი: მაკედონელზე წერდე და სტალინი ამოიცნო მასში. ბაგრატ-დავით-თამარზე ფიქრობდე და აქაც სტალინი გეცნოს. სააკაძეზე წაიკითხო და სტალინი ამოგეკითხოს. როსტომ-მეფის რაციონალიზმმა კი სტალინის სიბრძნე მოგაგონოს. სტალინი – როგორც უკიდეგანო ოკეანე იერთებს ზღვებსა და მდინარეებს – ისევე შეირთებს ამ გმირთა და ბრძენთა ნიშან-თვისებებს. ქართველი ისტორიკოსი ქართველ გმირთა ორგანოებს მიაძერწავს მის მონოლითურ პორტრეტს, უკრაინელი ისტორიკოსი უკრაინულს, რუსი რუსულს, სომეხი სომხურს, აზერბაიჯანელი აზერბაიჯანულს, ბელორუსი ბელურუსიულს, მოლდოველი მოლდოვურს, თურქმენი თურქმენულს, ყირგიზი ყირგიზულს, ყაზახი ყაზახურს, უზბეკი უზბეკურს, ტაჯიკი ტაჯიკურს… სტალინით უნდა განიმსჭვალოს საბჭოური ცივილიზაციის ისტორია. მომავალში კი ეგებ მთელი კაცობრიობისაც.
    – როსტომ-ხანზე წერდე და სტალინი გამოგდიოდეს! –
    გაიმეორებს პროფესორი ზედგენიძე და, კმაყოფილი თავისი მიგნებით, მემატიანეთა დავთრებში დაუწყებს ძებნას კახეთის მეფეს.
    იქ კი ეწერება:
    რომ როსტომი ირანის შაჰის კარზე აღზრდილა,
    რომ დავით-ხანის ნაბუშარი იყო, დედა კი შინდისელი გლეხის ქალი ჰყოლია,
    რომ ისპაჰანის მოურავის წოდება ჰქონდა
    და რომ სამოცდაშვიდი წლის ასაკში გამომართულა ქართველების სამართავად.
    არავისთვის დაუძალებია გამაჰმადიანება და ეკლესიებსაც კი აღადგენდა, მტრების მოსყიდვა შეეძლო, მეტად ურჩებს კი უხმაუროდ ჰკლავდა.
    ზედგენიძე გაიფიქრებს: “პარალელები უნდა მოვძებნო სტალინთან”.
    წინადადება, “მტრების მოსყიდვა შეეძლო, მეტად ურჩებს კი უხმაუროდ ჰკლავდა”, ბუნებრივია, მის ტექსტში არ შევა.
    არც “როსტომ-ხანი” მოეწონება, ყველგან “როსტომ-მეფედ” მოიხსენიებს.
    “როსტომ-მეფე ბრძენი და შორსმჭვრეტელი ხელმწიფე იყო, – ჩაწერს, – მისი სიდინჯე და გულკეთილობა მთელ კახეთს გადმოედო”.
    როსტომ-ხან-მეფის პიროვნული დახასიათებისას მხატვრულ ხერხებს მიმართავს და ისე აღწერს კახელების მაჰმადიან მეფეს, რომ სტალინი გამოუვა:
    “როსტომი უაღრესად პატიოსანი, თავმდაბალი და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო. მემატიანეს ცნობით, მეფეს მეტადრე ჰყვარებია კახეთის ველების ცქერა! დადგებოდაო, თურმე, ასე, ყალიონით (!) ხელში და ცრემლიანი მზერით გაჰყურებდაო ალაზანს…”
    თავისივე შეთხზულ ამბავს რომ მიაწერს მემატიანეს, ეს ოდნავადაც არ შეაწუხებს, პირიქით, მეტი დამაჯერებლობისათვის, ძველქართული ჩუქურთმით შეალამაზებს ნაამბობს: “და დგებოდიეს კახთ მეფეთ მეფეი როსტომ ალაზანისა ველსა ზედა და ცრემლითა თვისითა ალტობიებდეს მიწასა ამას მადლიანსა. ხელთ ეპყრობიეს მუნ ყალიონ მამა-პაპათა და იხარობიებდეს გული მისი ცქერითა ველთა ამად კახეთისაითა”.
    ამგვარ ლიტერატურულ სითამამეს არა მხოლოდ პროფესორი ზედგენიძე, არამედ სხვა მისი კოლეგა-მეცნიერებიც გამოიჩენდნენ. მეცნიერები შინაურულად “ისტორიის შელამაზებას” უწოდებდნენ ასეთ მხატვრულ გადახვევებს.
    ზედგენიძის თავში ასეთნაირი ისტორიულ-ლიტერატურული ეპიზოდიც კი დაიბადება:
    “როსტომ-მეფეს არაგვის ერისთავ დათუნას მცირე ამბოხის ამბავს ატყობინებენ.
    – რაის ითხოვს? – ჰკითხულობს ვითომ როსტომი.
    – მაჰმადიანთა და ქრისტიანთა წაკიდება სწადიან, მეფეო, –
    ეუბნებიან, – ჰსურს, ქრისტიანნი გადაგიმტერონ.
    – ვერ წააკიდებს, – პასუხობს მაცნეს ბრძენი მეფე, – რჯული აქუთ სხვაგვარ, თუარ სამშობლო ერთი აქუთ.”
    პროფესორს მოეწონება თავისივე შეთხზული სცენა. თუმცა ვიდრე ტექსტში შეიტანდეს, მანამდე კიდევ ერთხელ ჩაფიქრდება. კიდევ ერთხელ ჩაუკვირდება თავის თეორიას (რადგან აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება – მარტო წოდებას კი არა, სიცოცხლესაც დაჰკრგავ!): ხომ არ სცდება? ნამდვილად ენდომება სტალინს, რომ როსტომში იქნას ამოცნობილი? მეტისმეტი ხომ არ მოსდის პროფესორს?
    “ენდომება! ენდომება! – თავს გაიმხნევებს პროფესორი, – მაშ, მშვიდობას რაღად მიაწერდა მისი სახელის გასწვრივ? ესე იგი, ესიმპათიურება ეს მუსლიმანი-კახელი! ასე არ არის?!”
    და კმაყოფილი გაიფიქრებს:
    “ეგ გორელი ტეტია მე ვერ მაჯობებს ჭკუაში. ეგონა, ვერ მივხვდებოდი, რა უნდა!”
    ზედგენიძეს ყმაწვილურად აუთამაშდება გუგები. ჩაიღიმებს და დაწყებულ აბზაცს მიუბრუნდება. კალმის წვერს ფურცელს დააჭერს. ოფლიან ცხვირზე ჩამოსრიალებულ სათვალეს კი ძგიდეს მიაბჯენს.
    ასოს გამოყვანასაც ვერ მოასწრებს – კარზე დაუბრახუნებენ.
    პროფესორი შეხტება. არ ადგება. მოიცდის. ბრახუნი განმეორდება.
    – ვინ არის? – დაიყვირებს დუმილისგან (და საუკუნო შიშისგან) ხმადამჯდარი.
    პასუხად ისევ ბრახუნი შემოესმება.
    პროფესორი წამოდგება. დერეფანში გავა და კარს გამოაღებს.
    ზღურბლზე პირქუში სამხედრო იდგება – ტყავის მუნდირში. ხელში მაუზერით.
    – ვინაა, ამხანაგო, ტეტია! – შეუბღვერს პროფესორს განრისხებული სამხედრო.

    2.

    27. 12. 1999.

    მაია მასი თმას აღარ იღებავს. აღარც ივარცხნის. თმა რეზინით აქვს კეფაზე შეკრული. მხრებზე ქერტლის თხელი ფენა ადევს. შავ კაბაზე ლაქები ეტყობა.
    აგრესიული არ არის – მკაცრია. ბავშვებს ეშინიათ მისი. მაგრამ არ სძულთ. მაია მასს თექვსმეტი წლის ბიჭი მოუკლეს შარშან. ისიც ამ სკოლის მოსწავლე. სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. დიდი კაცივით მოკლეს. ძალიან სერიოზულად.
    მაია მასი ბავშვებს ეცოდებათ. თუმცა შვილი რომ ცოცხალი ჰყავდეს, ისეთი მკაცრია, აუცილებლად შეზიზღდებოდათ.
    მაია მასი ისტორიის მასწავლებელია. მისი გაკვეთილები მოსაწყენი და დამთრგუნველია.
    ეგონათ, რომ იმ სკოლაში, სადაც მისი შვილი სწავლობდა, ვეღარ შეძლებდა მუშაობას. მაგრამ პირიქით კი მოხდა: ამბობდა, მეროს (ბიჭს მერაბი ერქვა) კლასელებს რომ ვხედავ, უკეთ ვხდებიო.
    მაია მასს მიწამდე დათრეული, ანაფორის მსგავსი შავი კაბა აცვია. უჯიბეებო ჟილეტი და ნაცრისფერი პერანგი. დაფის წინ, ხის მაგიდასთან ზის და გაქუცული ტყავის ჩანთიდან მეთერთმეტე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს იღებს. მოსწავლეები მდუმარედ და შიშით შეჰყურებენ.
    მაია მასი წიგნს მაგიდაზე დებს და წარბებშეჭმუხნული ფურცლავს. ყოვნდება.
    – ჰმმ, – გამოსცემს პირმომუწული, – როსტომ-ხანი…
    წინა მერხებთან მსხდომი გოგონები მაია მასს დაკვნეტილ და ჩაყვითლებულ ფრჩხილებზე უყურებენ.
    – პარაგრაფი მეთვრამეტე, – ამბობს ხმამაღლა, – როსტომ-ხანი! სამოცდამეორე გვერდი.
    მოსწავლეები თავთავიანთ სახელმძღვანელოებს შლიან. სამოცდამეორე გვერდს ეძებენ.
    – სამოცდამეორე? – ისმის აქა-იქ.
    – პარაგრაფი მეთვრამეტე! როსტომ-ხანი! – ხმა უმკაცრდება მაია მასს.
    “ვინო?”
    მაია მასს თავისი ისტორიის მასწავლებელი, ციალა ჩაჩანიძე ახსენდება, – როგორც კი როსტომ-ხანის სახელი ახსენა, მაშინვე მოხუცი მასწავლებლის ხმა ჩაესმა ყურში:
    ” – როსტომ-ხანმა ჩინგიზ-ყაენზე და შაჰ-აბასზე მეტი ზიანი მოუტანა საქართველოს!”
    მეთვრამეტე პარაგრაფის ჩაკითხვამდე მაია მასი ციალა ჩაჩანიძის პათოსით იწყებს მეტყველებას. მაია მასიდან მისი ძველი მასწავლებლის ხმა ისმის. იგი ციალა ჩაჩანიძით იჟღინთება – როსტომ-ხანი ჯერ კიდევ ამ ქალმა შეაძულა. თავად დიდი ხნის წინ მკვდარი ციალა ჩაჩანიძე კი ძალიან უყვარს, რადგან საქართველოს ისტორია მას სწორედ ციალა მასწავლებელმა შეაყვარა. ნაწილობრივ ნამდვილი, ნაწილობრივ შეულამაზებელი, ნაწილობრივ თავისუფალი საბჭოური იდეოლოგიისაგან. როსტომ-ხანზე მას შემდეგ არ შეუცვლია აზრი. ამიტომაც ჩაესმა ხმა შორეული სამოცდათექვსმეტი წლის ოქტომბრიდან (მაშინ მაია მასი მეათე კლასის მოსწავლე იყო. ცასა და დედამიწას ლეონიდე ბრეჟნევი მართავდა, პიონერ გოგონებს კი თეთრი წინდები ეცვათ).
    – როსტომ-ხანმა ჩინგიზ-ყაენზე და შაჰ-აბასზე მეტი ზიანი მოუტანა საქართველოს! – თქვა და ხმამაღლა ჩაიკითხა მეთვრამეტე პარაგრაფის მშრალი ტექსტი (ციალა ჩაჩანიძისეული და საბჭოური ვერსიის უსიცოცხლო კომბინაცია).
    მაია მასი წაკითხულმა არ დააკმაყოფილა.
    – როსტომ-ხანი ეშმაკი მეფე იყო, – ამოხედა ბავშვებს, – ვითომ არაფერს არ ერჩოდა ქრისტიანობას, სინამდვილეში, ვინც კი მღვდელი იყო, ყველა გარყვნა, მოქრთამა და გაათახსირა!
    ისეთი სიტყვები თქვა, სკამზე ჯდომა აღარაფრით გამოდიოდა. უნდა წამომდგარიყო.
    – ქართველები გაირყვნენ, – წამოდგა, – გადაჯიშდნენ როსტომ-ხანის მეფობისას!.. თუკი უწინ… ვთქვათ, თუნდაც დემეტრე თავდადებულის ეპოქაში – ან კიდევ უფრო აქეთ – სამი-ოთხი ათასი ბერი თვალისდაუხამხამებლად შეეწირებოდა სარწმუნოების დაცვას, ეხლა, როსტომ-ხანის მოჩვენებითი მშვიდობიანობის დროს, ერთ წესიერ სასულიერო პირსაც კი ვეღარ იპოვიდი, ყველა გადაეგვარებინა მაჰმადიან მეფეს… ერიც, ბავშვებო, და ბერიც! სპარსული ცხოვრების წესმა მთლიანად ჩაკლა ქართველებში წესიერების გრძნობა… გახშირდა მრავალცოლიანობა, მრუშობა…
    მამათმავლობაცო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ მიხვდა, ამ სიტყვის წარმოთქმით კიდევ უფრო დააბნევდა და შეაშინებდა მისი ტირადისგან ისედაც საკმარისად დაზაფრულ ბავშვებს.
    მოსწავლეებმა იცოდნენ: მაია მასს ცხოველ სიამოვნებას ჰგვრიდა ცუდი მეფეებისა და მოღალატეების ლანძღვა. ყველა ნაძირალა ქართველში – მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ქართველი მისი წინაპარი იყო თუ თანამედროვე – თავისი შვილის მკვლელს ხედავდა. მისი შვილის ნამდვილი მკვლელი რომ დაჭერილი ყოფილიყო, ალბათ, ბევრად უფრო ლმობიერი იქნებოდა სხვა უზნეო ქართველების მიმართ (მკვლელს – მოკლულის თანატოლს – გულმოდგინედ მალავდნენ რუსეთში).
    მაია მასის იარაღი სიტყვებია. მას შეუძლია წყევლოს შვილის მკვლელი და ლანძღოს ყველა ცუდი ქართველი. ის ასეთად აქცია დახვრეტილი ბაბუების ხსოვნამ (ტყუპები იყვნენ – ორივეს 1937 წელს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი), ციალა ჩაჩანიძის რისკიანმა პატრიოტიზმმა, გადაგდებული პრეზიდენტის სიყვარულმა და ერთადერთი შვილის მკვლელობამ.
    თვითონაც დიდი სიამოვნებით შეეწირებოდა რომელიმე მტარვალს. თავის მოკვლა კი არაფრით შეეძლო (და ყველაზე მეტად სწორედ ამის გამო სძულდა საკუთარი თავი), თორემ სხვისი ხელიდან (ოკუპანტის, სატანისტის, თუნდაც თავისი შვილის მკვლელის ხელიდან) უდრტვინველად, წმინდანივით მიიღებდა სიკვდილს.
    ალბათ, რამდენი ნეტარი და წამებული შეემატებოდა ქართველ წმინდანთა ზეციურ არმიას, როსტომ-ხანს რომ არ ეეშმაკა და მოჩვენებითი ტოლერანტობა რომ არ გამოეჩინა ქართველი ქრისტიანების მიმართ!
    – წარმოიდგინეთ, რამდენი სული დაღუპა ამ კაცმა! – ბრაზობს მაია მასი.
    ალბათ, როგორ ველოდით რჯულისთვის წამებას, ძუძუების დაშანთვას, მტკვარში ჩახრჩობას, ნეხვით ავსებულ კასრში ჩატენვას, თაფლით გაწებილი სხეულის მზეზე ამოშრობას, კიდურების წაწყვეტას, თავების დაჭრას, ცეცხლში დაფერფვლას…
    გმირებს გმირობა არ ჩაადენინა ამ უღმერთომ. უდრეკ მორწმუნეებს ქრისტეს ერთგულების საშუალება არ მისცა. გასაწმინდანებლად, გასაგმირებლად გამზადებული ასობით, ათასობით ქართველი უპრინციპო, გულგრილ და მორჩილ მონად აქცია!
    – ასეთი საშინელი მმართველი არასდროს გვყოლია, – ასკვნის მაია მასი.
    წინა მერხებთან მსხდომი ბავშვები (მეტწილად, გოგონები) რვეულებში ინიშნავენ: როსტომ-ხანი. გვ. 62. დანარჩენებს, მართალია, ეშინიათ მაია მასის, მაგრამ მაინც არაფერს იწერენ. საკუთარ თავებს (და, ალბათ, მაია მასსაც) სცდიან.
    მაია მასი სახლში მიდის. აგზნებულია. როსტომ-ხანის ლანძღვამ აღაგზნო. ზოგჯერ, უგულოდ, უემოციოდ ატარებს ხოლმე გაკვეთილებს, მაგრამ საკმარსია რომელიმე ამორალურ ქართველს წააწყდეს ისტორიის სახელმძღვანელოში, რომ მაშინვე ცოცხლდება…
    მაია მასი ფიქრობს: “ეს დღეები როსტომ-ხანზე ჩავატარებ გაკვეთილებს.” უნდა, რომ მორალზე, ზნეობაზე ესაუბროს ბავშვებს. მოძღვარივით დადგეს დაფის წინ და იქადაგოს.
    მაია მასი სანთელს ანთებს მკვდარი ბიჭის დიდი შავთეთრი ფოტოს ქვეშ.
    ოთახში ფოტოგამოფენაა მოწყობილი. საითაც გაიხედავ, ყველა მხრიდან ეს ბიჭი გიყურებს: ორი წლის… რვა წლის… ათი წლის… თერთმეტი წლის… თექვსმეტი წლის…
    თაროებში უსწორ-მასწოროდ, ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად შეტენილ წიგნებსაც მისი ფოტოები ფარავს. მაია მასი ფოტოებს კოცნის და გვერდით ალაგებს. დამტვერილ და სუნიან წიგნებს იღებს. ნაცრისფერი და მოყვითალო წიგნებია. ამბები როსტომ-ხანზე ამ წიგნებში უნდა მოიძიოს. უნდა, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს ციალა მასწავლებლისგან ნაანდერძევ პრინციპებში.
    ი. ჯავახიშვილი:
    მარტო ოთხი ტომი აქვს. ამ ოთხ ტომში ვერსად პოულობს როსტომ-ხანს.
    ნ. ბერძენიშვილი:
    მარტო ერთი აბზაცი ეძღვნება. ეცოტავება.
    ი. ზედგენიძე:
    “როსტომ-მეფე – მშვიდობის ბურჯი”.
    – მშვიდობის ბურჯი არა ჩემი ფეხები!
    მაია მასი ილია ზედგენიძის ნარკვევს კითხულობს როსტომ-ხანის შესახებ. ეს როსტომ-ხანის აპოლოგიაა. სადღეგრძელოა.
    მაია მასი ნარკვევის ავტორზე ბრაზობს. კვლავ ციალა მასწავლებლის პრინციპების ერთგული რჩება.
    პროფესორი ილია ზედგენიძე 1937-ში დახვრიტეს (მისი ტყუპი ბაბუებივით).
    “ეგეთ კრეტინობებს თუ წერდა, დახვრეტდნენ, აბა რას უზამდნენ!” – ფიქრობს.

    3.

    4. 10. 2084.

    – კლინიკური გიჟია, ბატონო პრეზიდენტო, ნამდვილი
    ავადმყოფია!
    – ანუ? ჩამოაყალებეთ.
    – გამეორებაც მიჭირს…
    – რა კარგია! მოდი, ყველამ ერთად გამოვცადოთ ჩემი მოთმინება! ვერთობით?
    – ცხოველებივით იქცევიან… ადამიანის ხორცს ჭამენ.
    – ნუ ცმუკავთ, მე მიყურეთ!
    – თქვენ თავს ითხოვენ, ბატონო პრეზიდენტო…
    – ?
    – …ასე გვითხრეს.
    – თავს… როგორ?
    – პირდაპირი მნიშვნელობით. თავს… იმას, რაც კისერზე დგას… ან…
    – ან – რა?
    – არც მჯერა, ამას რომ ვიმეორებ… ან მამონი უნდა აღიაროთ.
    – ვინა?
    – მამონი. მათი ღვთაება თუ რაღაც ჯანდაბა!
    – გვეთამაშებიან?
    – ოფიციალურ მოთხოვნათა ჩამონათვალში აქვთ შეტანილი. თან, პირველ ნომრად!
    – ვან-გოგი?
    – ვან-გოგი არა, მამონი!
    – გვაშაყირებენ…
    – არა. შევატყობდით.
    – და ვაღიარებ, კი ბატონო!.. თუკი გაეთრევიან, ვაღიარებ! ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის.
    – ვეჭვობ, მხოლოდ ვერბალური აღიარება იკმარონ… პირობებში უწერიათ, რომ აღიარების შემდეგ ათასი ახალშობილი უნდა შეწიროთ მამონს.
    – გვაშინებენ, ხალხო, რა მოგივიდათ! ვეღარ უნდა მიხვდეთ?! პანიკას თესავენ…
    – …თუ არა და მთელ მოსახლეობას ამოგიწყვიტავთო.
    – ვინ თქვა?
    – განცხადება სატელიტიდან გავრცელდა.
    – რამდენი კონფესიაა ჩვენთან?
    – ზუსტი ციფრი არ მახსოვს. გავიგებ. მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებულები გაინტერესებთ?
    – ყველა მე დამწყევლის… მეცინება.
    – სამდღიანი ვადა გაქვთ.
    – არა… მართლა მეცინება.
    – ან უნდა შევაკვდეთ. ან…
    – ან ათასი ახალშობილი შევწიროთ! ისიც ხომ არ გაგირკვევიათ, გოგონები ურჩევნიათ, თუ ბიჭები?!
    – ჩვენ გენოციდის პირას ვართ, ბატონო პრეზიდენტო.
    – უთხარით, რომ მამონს ვაღიარებ, ბავშვებს კი არ შევწირავ! ოცდამეერთე საუკუნეა, ბოლოს და ბოლოს!
    – გადაგვთელავენ.
    – გადაეცით, რაც გითხარით! დრო უნდა მოვიგოთ… მანამდე ბომბდამშენებსაც მოგვაშველებენ.
    – ქალაქში შემოსასვლელ მთავარ ტრასაზე დგანან. რაც კი ძროხა უნახავთ ახლო-მახლო, ყველა უმად უჭამიათ.
    – უმად? დარწმუნებული ხართ?
    – კოცონი მაინც ხომ უნდა დაენთოთ?! მზვერავები გვიდასტურებენ, რომ მსგავსი არაფერი უქნიათ…
    – მზვერავებიც არ შეგვიჭამონ!
    – …
    – ვაი, ვაი… როგორც ჩანს, აქ მარტო მე ვიქცევი არასერიოზულად! მოკლედ… რაც არი – არი. შეუთვალეთ ის, რაც გითხარით.
    – მხოლოდ თეორიულ აღიარებას არ შეგვარჩენენ, ბატონო პრეზიდენტო, დარწმუნებული ვარ.
    – ბარემ ბავშვებიც ხომ არ გამოგატანოთ? გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებით.

    8 ივნისი. 19. 45. ოკუპაციის მე-2-ე დღე

    პეტრეს თავს ითხოვენ. ლ. კ.-მ მოიტანა ინფორმაცია. უფრო დიდი იდიოტიზმი: მაგათი ღვთაება უნდა აღიაროს. სატელიტზეც ტრიალებს უკვე მოთხოვნა. პეტრე იცინის. არ იჯერებს. ველოდებით დახმარებას ნახევარკუნძულიდან. 14 ქალაქი აქვთ აღებული. წრიულად დაფრინავენ – ბზიკებივით. აბსოლუტურად სხვანაირი მფრინავი ობ.-ი აქვთ – ბომბები, ძროხები, პლასტმასის კოტეჯები, გვამებიც კი (თავიანთი მკვდრები) ამ ობ.-ზე აქვთ შებმული და დაფრინავენ. ცენტრი ჯერჯერობით უარს ამბობს ბირთვულ პასუხზე. მიზანია გაურკვეველი. გაფანტულები არიან. ჯერაც უცნობია მათი დისლოკაციის ადგილების რაოდენობა. პასუხის შემთხვევაში ჩვენც მიზანში ვხვდებით. და არა მარტო ჩვენ: მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ კასპია. პეტრემ სატელიტიდან გაავრცელა თავისი განცხადება. თქვა: ჩვენ გვებრძვის ცივილიზაციის მიღმიერი ტომი. ალბათ. გ.-მ დაუწერა. ჩვენები ჰაერში კიდიან უგაზოდ. არც მინდა წარმოვიდგინო, რა დღეში არიან. ჟანგბადს ვეღარ ვაწოდებთ. ამბობენ: ამათ ადამიანის ხორცის ჭამაც შეუძლიათ. სატელიტ-ფოკუსმა მათი მებრძოლები გადაიღო: ყავისფერი კანი, წვრილი თვალები და ნაჩვრეტები ყურების მაგივრად. პეტრე ამბობს: ვაღიარებ მამონს (მაგათი ღვთაებაა), და იცინის. ბოლომდე არ ჯერა. რომ ეს კრეტინიზმი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს მის ხალხს. ლ.კ. კი ჯიუტად იმეორებს, რომ პრეზიდენტის სიტყვიერ “მოქცევას” არ იკმარებენ. კიდევ ჰქონიათ რაღაც მოთხოვნები, რომლებსაც მეც კი არ მიმხელენ. ბავშვები ნიჟარებში შევაწვინე. პეტრე ამბობს, რომ ნელისთვის არ უნდა მეთქვა ნიჟარის კოდი. ვეჩხუბე: მეთქი, ნელის გაზრდილი ვარ, თავს შეაკლავს ჩვენ გამო. ბოდიში მომიხადა. ვსვამ სამსაათიან საძილეს. მეშინია დოზის მომატება.

    9 ივნისი. 21. 00. ოკუპაციის მე-3-ე დღე

    დილიდან დაჭრილებს ვნახულობ. პეტრემ მთხოვა. უნდა, რომ ხალხში ვტრიალებდე. მითხრა: “შენ ხომ მათი დედა ხარ”. უმეტესობას ყურები აქვს წაჭრილი. დისპანსერის დირექტორმა მითხრა: ყურებს იმიტომ ათლიან, რომ თვითონ არა აქვთ – შურთ ჩვენი. უნდათ, რომ ჩვენც მაგათნაირ მუტანტებად ვიქცეთ. პეტრე საათში ერთხელ სატელიტიდან მიმართავს ხალხს. ამხნევებს. “ოფიციალურად”, ჯერჯერობით, ისევ ქრისტიანია. ნახევარკუნძული მუშტებს იქნევს. ამათ ფეხებზე კიდიათ. 14 ქალაქი აქვთ დაკავებული. ხუთთა კავშირის განცხადება გავრცელდა შუაღამისას: არ გამოვრიცხავთ ბირთვულ პასუხსო. გაუგებარი განცხადებაა. ვერ ვხვდებით, უნდა გაგვიხარდეს, თუ პირიქით, უნდა გვეწყინოს? ნამდვილად არ მინდა სიკვდილი დანარჩენი სამყაროს გადასარჩენად! ბავშვებმა ნიჟარაში ისაუზმეს. ლ.კ.-მ თქვა, რომ, თუ რამეა, პირველებს მე, ნელის და ბავშვებს გაგვიყვანენ. პეტრეს – ცალკე. ჩვენებს რვა საათში დაელევათ ჟანგბადი. მიწაზე დაჯდომას ვერ ახერხებენ. სულ – 412 ცალი შეგვრჩა. გაგვინადგურეს: 1135 ცალი. ბავშვებს გადასხმებს უკეთებენ. ერთ საათში ნიჟარაში შევაწვენ. მინდა საქ. ისტორიის ფაილები გავხსნა და ძილის წინ წავუკითხო. საშინლად გამოვიყურები: გავხდი და თევზს დავემსგავსე. ძალიან დიდი ცხვირი მქონია. აი. ისევ პეტრეა სატელიტზე.

    10 ივნისი. 21. 30. ოკუპაციის მე-4-ე დღე.

    წავიკითხე დოქ. ჟ. ლალიაშვილის სოც. ანალიზი. ციტატა: “დამაფიქრებელი და ეგებ საიმედოც (მინდა, სწორად გამიგოს მკითხველმა) ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობაში მხოლოდ ერთია: ჩვენს ეპოქაში, მატერიალიზმის ზეობისას, 21-ე საუკუნის ბოლოს კვლავ დღის წესრიგში დადგა რწმენისათვის ბრძოლა. საერო კონსტიტუციის საფუძველზე არჩეული პრეზიდენტისგან რჯულის შეცვლას ითხოვენ! განა ეს საოცარი არ არის? ვინ წარმოიდგენდა თუნდაც ორასი-სამასი წლის წინათ, რომ ომის პირობების გაცხადებისას კვალაც გაისმებოდა თანამედროვე ცივილიზაციის მიერ ესოდენ მივიწყებული სიტყვა “ღმერთი”? ნეტავ, ნაკლებად ტრაგიკულ ვითარებაში შეეხსენებინათ ჩვენთვის მისი არსებობა. თანამედროვე პოლიტიკოსებს, სამწუხაროდ, წარმოდგენა არა აქვთ (ანკი საიდან უნდა იცოდნენ!), როგორ, რა მეთოდით იცავდნენ თავს უწინ (ვგულისხმობ შუასაუკუნეებს) რჯულის წამგლეჯთაგან. ამ მხრივ, თავდაცვის არანაირი იმუნიტეტი არ გვაქვს გამომუშავებული. ყველას გვესმის: ეს კათარზისია. ოღონდ აბსურდული ელფერის მქონე. დამპყრობელთა ურდომ (უფრო სწორად, მათმა ანაქრონისტულმა მოთხოვნამ) სერიოზულად აღგვაქმევინა ჩვენივე რწმენა. არ გამკიცხოთ, მაგრამ იქნებ მადლობა გვეთქმის მათთვის ამის გამო?”
    ტექსტი ნელის წავუკითხე. მითხრა, რომ ეთანხმება. მე კი ვუთხარი, რომ დოქტორი ჟ. ლალიაშვილი, ისევე როგორც ბევრი ჩემი თანამოქალაქე, პანიკამ გააგიჟა (არ მინდოდა მეთქვა – გამოაშტერა). პეტრეს ვერ დავუკავშირდი. ს.-მ მითხრა, რომ ლურჯ ზოლზეა. აქამდე არ შემხმიანებია. ჩვენები, ალბათ, უკვე იგუდებიან ჰაერში. ნახევარკუნძულელები უფრო გააქტიურდნენ. გამოაცხადეს, მდინარეებს შევყინავთო. იმედია, უკვე სხვანაირი თამაში დაიწყება. ბავშვებს ნიჟარაში შევუცურდი. საქ. ისტორიის ფაილი გავხსენით. ვიღაც ზედგენიძის ნარკვევი წავუკითხე მაჰმადიან მეფეზე. ამათგან განსხვავებით ძალიან კეთილი ყოფილა: არავისთვის დაუძალებია თავისი რელ.-ის აღიარება. საამაყოა. პირველი ცივილიზებული მეფე ჩვენ გვყოლია, ქართველებს! ხვალ ულტიმატუმის ბოლო დღეა. პეტრემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩემი აზრით, უნდა აღიაროს მამონი. ასე უფრო მეტ დროს მოვიგებთ…”

    2008. აგვისტო

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    თეა თოფურია – სახლი

    ,,მკვდრები დაბრუნდნენ”
    რეზო გეთიაშვილი

    ჯეკა ეზოს ბოლოს, თავშესაფარში იჯდა და ელოდა, სახლში როდის დაიძინებდნენ. გარეთ უკვე სიბნელე იყო და არ უნდოდა, დედას პურის საყიდლად გაეშვა. ჭირის დღესავით ეჯავრებოდა ღამღამობით სიარული, რადგან პურის მაღაზიამდე ჯერ კაფე-მოჩვენება უნდა გაევლო, სოხუმის ერთ-ერთი ცნობილი კაფე. ადრე მთელი ქალაქი შიგ იჯდა, ქვიშაზე მოდუღებული ყავის დასალევად, მაგრამ ომის დროს ყუმბარა მოხვდა და მისგან არმატურის ნაჭერიც აღარ დარჩა. ამბობდნენ, რომ მოსაღამოებულზე, როდესაც მზე გადადის, ბევრი ისევ ხედავს იმ ცნობილ კაფეს, რომელშიდაც ხალხი ჩვეულებრივ ზის, მასლაათობს და ოფიციანტებსაც ყავის ფინჯნებით გატენილი სინები დააქვთ.
    ჯეკას არ ახსოვდა, პირველად ვისგან გაიგო ეს ამბავი, მაგრამ მოსაღამოვებულზე კაფეს სიახლოვეს გავლას ერჩია, იმ ორმოში ჩაკეტილიყო, მამამისმა თავშესაფრისთვის რომ გათხარა.
    სახლში კარგა გვიან დაბრუნდა. ჩუმად შეწვა ლოგინში. ჯეკას შიშს ოჯახში ანგარიშს არავინ უწევდა, მხოლოდ დასცინოდნენ. ჯეკაც ყოველთვის მარტო იყო თავის შიშთან, იქნებოდა ეს კაფე-მოჩვენება თუ ბასკერვილების ძაღლი, რომლითაც ძმა აფეთებდა მაშინ, როდესაც კიდევ უფრო პატარა იყო. ბავშვობიდან ეშინოდა, მაგრამ არა იმისთანა რაღაცეების, რისაც ბავშვებს ეშინიათ ხოლმე, მაგალითად ობობის ან ბნელი ოთახის, არამედ იმ საგნების, რომელიც გარშემო ერტყა. ჯეკას არ ახსოვდა, მაგრამ უყვებოდნენ, რომ როდესაც სოხუმში ჩამოვიდნენ და ამ სახლში დასახლდნენ, ჯეკა ყველაფერზე ისტერიულად კიოდა და ყვიროდა, შეეძლო ერთი სკამის დანახვაზეც ჩაბჟირებულიყო. სასტიკად ეშინოდა ამ სახლის, მისი ავეჯის, კარებების, ფარდების… დილით თვალის გახელისთანავე იწყებდა კივილს. ღამე ხშირად გამორბოდა ეზოში და იქ სადმე იძინებდა. რამდენჯერ უძებნიათ ნახევრად შიშვლებს ხის ქვეშ თუ ფარდულში მიწოლილი ბავშვი. სწორედ მაშინ იყო დიმამ ბასკერვილების ძაღლის ამბავი რომ მოიგონა. ექვსი წლის ჯეკა ღამე გარეთ გამოიყვანა, დიდი დათვის თანავარსკვლავედი დაანახა და უთხრა, რომ ეს ბასკერვილების ძაღლია, რომელიც ღამღამობით მიწაზე ჩამოდის და ყველაფერს გლეჯს. მას შემდეგ ჯეკა ხშირად შემორბოდა სახლში ყვირილით, ბასკერვილების ძაღლი მომსდევსო. “ზუსტად იმხელაა, რამხელაც ცაზე”, ამბობდა და თან ბარიკადებს აგებდა კარებთან. ეს ბარიკადებიც წინასწარ ჰქონდა გამზადებული და თუკი ოჯახში რამე ნივთი დაიკარგებოდა, იქ უნდა გეძებნა. იქ ეძებდნენ ოჯახის ყველაზე პატარა წევრს, სიმონიკსაც, რომელიც სულ ბარიკადებში თამაშობდა. ჯეკას ბუნდოვნად ახსოვდა უმცროსი ძმა, ის მალევე დაიღუპა.
    აგრბების ოჯახი სოხუმში ომის შემდეგ ჩამოვიდა და მაშინვე ამ ვეებერთელა სახლში დასახლდა. სახლი დანგრეული ქალაქის ცენტრში იდგა, ორსართულიანი და მიტოვებული. განუკითხაობა იყო, ქართველებმა მაშინ ყველაფერი დატოვეს და აფხაზები სადაც უნდოდათ, შედიოდნენ. აგრბები აქ შევიდნენ და როგორც აღმოჩნდა, ძალიან იღბლიანადაც. ეს ერთ-ერთი საუკეთესო სახლი იყო სოხუმში. გასაკვირიც კი ჩანდა, მათ ჩამოსვლამდე რომ არ დაიკავეს. მერე გაირკვა, რომ ეზოში შესვლის ეშინოდათ, რადგან ბევრმა ქართველმა წასვლისას წინკარში ნაღმები ჩაფლა.
    ჯეკას ჩამოსვლა არ ახსოვდა, დიმა ეუბნებოდა, რომ დიდხანს იარეს, დიმა უფროსი იყო, ბევრად უფროსი და ჯეკას ყოველთვის ჩურჩულით ელაპარაკებოდა. ჯეკა ძმას ძალიან იყო შეჩვეული, რადგან მთელმა მათმა ბავშვობამ ბრილიანტების ერთობლივ ძიებაში გაიარა. ამ ბრილიანტებზე სოხუმში ლეგენდები დადიოდა. როდესაც აგრბებმა სახლი დაიკავეს, აღმოჩნდა, რომ მის პატრონს იქიდან ვერაფრის წაღება ვერ მოესწრო. ის კი არა, სუფრაზე საჭმელიც აულაგებელი ეწყო, ზედ ბუზებით. მეზობელი ყვებოდა, რომ ისინი უცებ წამოცვივდნენ დაბომბვისას, გარეთ გავიდნენ და მერე ვეღარ მოტრიალდნენ, რადგან გაირკვა, რომ ქალაქი უკვე ეცემოდა. თან არაფერი ჰქონდათ პურის საჭრელი დანის მეტი. ეტყობოდა კიდეც სახლს, იქ აგრბებს ყველაფერი ხელუხლებელი დახვდათ, არ იყო მხოლოდ დიასახლისის სამკაულები, რომელზეც, მთელი სოხუმი ლაპარაკობდა, განსაკუთრებით უზარმაზარ ბრილიანტზე. ამბობდნენ, რომ ის ერთი გემის ფასი ღირდა. ეს ბეჭედი ყველას ახსოვდა, მიუხედავად იმისა, რომ პატრონი ძალიან იშვიათად იკეთებდა.
    აგრბებმა ორივე სართული ყირაზე დააყენეს. ეზოშიც ეძებდნენ, ჭერშიც. ბრილიანტები არსად იყო. უფროსები შეეშვნენ, მაგრამ დიმას ბოლომდე სჯეროდა, რომ სახლის პატრონებს სამკაულები არ წაუღიათ და ისევ ეძებდა. მთელი ბავშვობა, დიმას და ჯეკას სხვა არაფერი უკეთებიათ. სკოლიდან მობრუნებულები მაშინვე შეიკეტებოდნენ და ნახაზებს ჩაჰყურებდნენ. დახაზული ჰქონდათ შენობა, ეზო, ფარდულები. ყველგან ეძებდნენ, სადაც კი ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი შეიძლებოდა შეტეულიყო. შემდეგ საღამოობით ქანცგაწყვეტილები მიეყრებოდნენ და ოცნებობდნენ:
    – გემს ვიყიდი და წავალ ამ დანგრეული ქალაქიდან. აქ რა უნდა გავაკეთოთ. აქაურობას მომავალი არა აქვს. იცი, როგორ ცხოვრობენ მოსკოვში? იქ ქვეყანაა, ჩვენ სადა ვართ, ფრონტზე, მერე რა, რომ აღარ ისვრიან… როგორც კი ვიპოვით, ერთი გემი და ჰაიდა. კაბის ყიდვაზეც არ ღირს გაჩერება, იტალიაში ჩავალთ, იქ კაბების მეტი რა არის. იცი, იქ რამდენ გოგოს ჰქვია ჯეკა?!
    დიმას ოცნება გემი იყო, ჯეკასი – კაბა. კაბა იმიტომ, რომ მუდმივად შარვლები ეცვა. როგორც ჩანდა, მათ მოსვლამდე ამ სახლში ბიჭი იზრდებოდა და დედასაც ჯეკასთვის ახალი ტანსაცმელი არასდროს უყიდია. იმას აცმევდა, რაც ოთახებში და კარადებში იპოვა. სულ ასე ეცვა, ბიჭის შარვალი, ბიჭის პერანგი, ბიჭის ფეხსაცმელი…
    სოხუმიდან წასვლა დიმამ მას შემდეგ აიკვიატა, რაც მათ ეზოში ხუთასკილოგრამიანი ბომბი ჩამოვარდა. დედა იხსენებდა, ისეთი ხმა ჰქონდა, გეგონებოდა ბომბი ჩამოვარდაო. სასაცილო იყო. მართალია, არ აფეთქებულა, მაგრამ იმხელა ღრმული დატოვა, რომ შემდეგ უფროსმა აგრბამ სწორედ ამ ღრმულშივე მოაწყო თავშესაფარი, რკინის ოთახი საჭმლის და წყლის მარაგით. თუ რამე მთელი ოჯახი იქ უნდა დამალულიყო. მანამდე კი, სანამ საგანგებო კომისია იმას შეისწავლიდა, ეს ძღვენი ჩვეულებრივ ბოსტანში საიდან აღმოჩნდა, მთელი ოჯახი გარეთ გამოყარეს და ერთი თვე საკუთარი სახლის წინ კარავში ცხოვრობდნენ. ეზო წითელი ლენტებით იყო შემოღობილი. ბომბი დაშალეს და ნაწილ-ნაწილ გაიტანეს. თუმცა მოგვიანებით ჯეკამ მაინც იპოვა რამდენიმე ნამსხვრევი, ერთ მათგანს ყელზე ჩამოკიდებულსაც ატარებდა. დიმამ ყველაფერი შეინახა, რაც ბომბისგან დარჩა, ამბობდა, თუ როდესმე საზღვარგარეთ მოვხვდი, სუვენირებად გავყიდიო.
    – ვის რად უნდა დაჭმუჭნული რკინა? – იცინოდა უფროსი აგრბა.
    – როგორ თუ რად უნდათ, ყველას ეზოში კი არ ცვივა ბომბები.

    * * *
    დილაუთენია ჯეკა მაინც გაუშვეს პურზე. დღე არ ეშინოდა, შარვალი ამოიცვა და გავარდა. კაფესთან დედაბერს ჩვეულებრივ ეძინა. ეს ქალი ყოველ ღამე აქ ათენებდა. შვილი ჰყავდა მკვდარი და იმედი ჰქონდა, იქნებ კაფეში მაინც დავინახოო. ჯეკა ხუთი პურით დაბრუნდა უკან. სახლში მდგმურები ჰყავდათ, ვიღაც ბერძენი დამსვენებლები და დედა ყველასთვის ერთად აკეთებდა საჭმელს.
    – სხვენზე ადი და კომპოტები ჩამომიტანე, – დაავალა სახლში მისულს.
    ჯეკა აიმრიზა.
    – ვერ ავალ.
    – ვის ვეუბნები!
    – ვერ ავალ, მეშინია.
    დედა მკაცრად შემოტრიალდა:
    – იცოდე, შენი სისულელეები არ გამაგონო. გინდა, სტუმრები დაფრთხნენ და წავიდნენ?! მერე რითი იცხოვრებ. ახლავე ადი!
    ჯეკა სლუკუნით დაიძრა, თან სიმღერა წამოიწყო. ასე იმხნევებდა თავს. სხვენების, სარდაფების, მსგავსი მიყრუებული ადგილების ყოველთვის ეშინოდა. ახლა მითუმეტეს, როცა სახლი საგიჟეთს დაემგვანა. რა დროს დამსვენებლები იყო?! ჯეკამ ხელის კანკალით ჩამოიტანა კომპოტის ქილა სამზარეულომდე.
    თავიდან ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აგრბების ოჯახის ყველა წევრს შეგრძნება გაუჩნდა, სახლში ჩვენს გარდა კიდევ ვიღაცააო. დიმა ირწმუნებოდა კიდეც, ღამ-ღამობით ნაბიჯების ხმა მესმისო. დედას მაშინ ცრემლები მოადგა თვალზე, ეგონა, რომ მისი პატარა სიმონიკის სული წრიალებდა ასე, შინაურებს მონატრებული. სიმონიკი წლების წინ ზღვაში დაიხრჩო. ჯეკას არც ახსოვდა, მხოლოდ ის დღე აგონდებოდა, როდესაც გაგუდული და სველი ბავშვი ოთახში შემოიტანეს და დედამ ისტერიულად იკივლა.
    თუმცა ნაბიჯების ხმა ბავშვისას არ ჰგავდა, ხოლო ერთ დღეს აგრბებს საერთო თავზარი დაეცათ. სარეცხის თოკზე, რომელიც ეზოში იყო გაჭიმული, დედამ სრულიად უცხო ქალის კაბები იპოვა. სველი ტანსაცმელი არხეინად შრებოდა გაოგნებული ოჯახის წინ.
    მერე და მერე აგრბებმა რა აღარ ქნეს. ვის აღარ გამოალოცინეს სახლი, ვინ აღარ მოიყვანეს, მაგრამ შედეგი არავითარი იყო. ღამღამობით ნაბიჯების ხმა ისევ ჯიუტად ისმოდა, ხოლო ორ კვირაში ერთხელ თოკზე მოხუცი ქალის კაბა, თავშალი და ქვედა საცვალი ხვდებოდათ გაფენილი.
    ჯეკამ მაშინ ერთი სიკვდილი გაათავა. მარტოკა დაძინება კი არა, სააბაზანოშიდაც ვეღარ შედიოდა მარტო. ყოველ ბანაობაზე მეზობელი გოგო შეყავდა თან.

    * * *

    შუადღე გადასული იყო, როცა დიმამ მოულოდნელად შემოაღო თავშესაფრის კარები. ჯეკას საშინლად შეეშინდა.
    – მე კიდევ შეშინება მინდა?
    – ჩაიწიე, დამაჯინე.
    ჯეკა გვერდით მიჩოჩდა.
    – მისმინე, მოჩვენებები ასე უმიზეზოდ არ ჩნდებიან. როგორც ჩანს, რაღაც აწუხებს.
    – რა ვქნათ?
    – როგორმე თვითონ უნდა ვნახოთ.
    – ვინ?
    – ის ქალი.
    – დიმა!
    – იქნებ, რამე გვითხრას, ვკითხავ და მეტყვის. შენ თუ გინდა არ წამოხვიდე.
    – დიმა!!
    – უნდა გავაჩეროთ, სხვა გზა არ არის, იცი სხვა გზა?
    – სად ნახავ?
    დიმამ ცოტა ხანი იფიქრა.
    – ტანსაცმელი ჩამოვუხსნათ. ჩემს ოთახში დავაწყობ, როდისმე მოაკითხავს.
    ჯეკამ ამოიოხრა.
    მოხუცი ქალის თავშალი და კაბა თოკზე რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა. დიმამ მაშინვე ჩამოგლიჯა ორივე.
    – აი, ნახავ, თუ არ მოვა.
    სველი ტანსაცმელი დიმას ოთახში, მაგიდაზე დააწყვეს და სკამებზე დასხდნენ.
    – მარტო დავხვდები, შენ თუ გინდა წადი, – უთხრა ჯეკას, მაგრამ მერე უცებ დაამატა, – არ წახვიდე.
    უკვე კარგად ბნელოდა. ჯეკას მანამდე არასოდეს შეშინებია ასე. სკამიდან ადგა და ზურგს უკან სიცარიელე რომ არ ეგრძნო კედელს აეკრა.
    – სინათლე მაინც ავანთოთ, მეშინია, – უჩურჩულა დიმას.
    – მერე მას რომ შეეშინდეს?!
    რამდენიმე საათი ასე იყვნენ გაუნძრევლად. უცებ, დიმა დაიძაგრა.
    – ნაბიჯების ხმა არ გესმის?
    – არა, – უთხრა ჯეკამ, – აშკარად ესმოდა, მაგრამ თავის გასამხნევებლად თქვა.
    – ახლა მოვა, – დიმაც ადგა და კედელს აეტუზა.
    ხმა თანდათან ახლოვდებოდა, მერე უეცრად შეწყდა.
    – კარებთან უნდა იყოს.
    დიმას ხმა ადამიანისას აღარ გავდა და ჯეკამ რატომღაც გაიფიქრა: ,,შვილი აღარ გაგვიჩდება”.
    – რა გინდა, ჯეკა? – დაიძახა უცებ ვიღაცამ გვერდითა ოთახიდან.
    დიმამ და ჯეკამ ერთმანეთს შეხედეს.
    მეორე ოთახიდან კივილი მოისმა.

    * * *
    თავჩაქინდრულები ისხდნენ სუფრასთან და მოხარშულ კარტოფილს ჩაჰყურებდნენ. დედა უკვე მეექვსეჯერ ყვებოდა:
    – მეძინა, უცებ კარი გაიღო. მეგონა, ალბათ ჯეკა დადის-მეთქი, ჯეკა ხომ დადის ხოლმე ღამით. თავი ავწიე და შიშველი ქალი, მოხუცი, შიშველი ქალი დგას…
    საღამოს ისევ თავშესაფარში ისხდნენ.
    – მისმინე, ჯეკა.
    – გისმენ.
    – ვიცი, რატომაც არ შემოვიდა ჩვენთან.
    – …
    – შიშველი იყო და ჩემი შერცხვა.
    – …
    – მარტო რომ ყოფილიყავი, შემოვიდოდა.
    – …
    – ხომ ხვდები?
    – არა!
    – რას დაგიშავებს, ერთი ბებერი ქალია, თან მკვდარი.
    – შემეშვი!
    – აბა, რას ფიქრობ?
    – ვფიქრობ, რომ შვილები აღარ გაგვიჩნდება.
    – რაო?
    – შიშისაგან! არ გაგვიჩნდება!
    – …
    – არც შენ და არც მე.

    * * *
    ერთი თვის შემდეგ დიმა ახალი ათონის მონასტერში წავიდა და აღარ დაბრუნებულა, მორჩილად დარჩა. უფროს აგრბაზე შვილის გაქცევამ საშინლად იმოქმედა. მას აფხაზეთის მთავრობაში კარგი ადგილი ეჭირა და სწავლის დამთავრების შემდეგ დიმასაც თავისთან უპირებდა წაყვანას. აფხაზეთში კარგი პატრონი ყველაფერს ნიშნავდა, ფულსაც, მდგომარეობასაც. დიმას ეს ყველაფერი თავისთავად ექნებოდა ლანგარზე მორთმეული, შეიძლება მოსკოვშიც გაეშვათ. მან კი რა ქნა, მონასტერში გაიქცა, მოჩვენების შეეშინდა ამხელა ბიჭს. მოხუცი ქალის ნიფხავმა დააფრთხო. უფროსი აგრბა მთელი ორი კვირა ყვიროდა და ილანძღებოდა, უმეტესად თავის ენაზე. დედა ამბობდა, რომ ეს ენა მან და მამამ მაშინ გამოიგონეს, როდესაც შეყვარებულები იყვნენ. მშობლებს მათი ურთიერთობა არ ნდომებიათ და ამიტომ ასე ჩუმად, თავიანთ გამოგონილ ენაზე წერდნენ წერილებს და ლაპარაკობდნენ. ჯეკას ბევრჯერ შეუსწრია მშობლებისთვის, როდესაც ისინი ამ თავიანთ ენაზე საუბარში იყვნენ გართულნი. ბავშვის დანახვაზე ორივე ჩუმდებოდა და მაშინვე რუსულად აგრძელებდა ლაპარაკს.
    ჯეკამ დაინახა, როგორ გამოიტანა მამამ რკინის პალო და როგორ ჩაარჭო ჭიშკრის წინ, ეგ ჩემი შვილი აღარ არის და ამის აქეთ გადმოსული არ დავინახოო. ეს აფხაზურად თქვა, თან ძალიან ხმამაღლა და მეზობლების გასაგონად. ჯეკა მაშინ დღე და ღამე გადაბმულად ტიროდა, მანამდე, სანამ ძილ-ღვიძილი ერთმანეთში არ აერია და რამდენიმე დღე საერთოდ არ ამოუვარდა მეხსიერებიდან.

    * * *
    ტურისტებს არაფერი გაუგიათ. გარუჯული წყვილი ბედნიერად კისკისებდა აივანზე. ჯეკა ოთახში იყო ჩაკეტილი და წიგნების კარადაში ფიზიკის რვეულებს ათვალიერებდა. ეს რვეულები იმ ბიჭის იყო, ვინც ამ ოთახში ომამდე ცხოვრობდა. სოხუმის სკოლაში ძველი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ და ჯეკა ხშირად პირდაპირ ამ რვეულებიდან იწერდა გამოყვანილ ამოცანებს. თავად გაკვეთილებს არასოდეს ამზადებდა, ამის გამო ერთი და იგივე კლასში რამდენჯერმე ზედიზედ იყო ჩარჩენილი.
    – დღევანდელი საშინაო დავალებაა “ერთი დღე ზღვის ნაპირას”, – გამოაცხადა დილით ინგლისურის მასწავლებელმა და რკინის ჯოხით დერეფანში გავიდა, რათა სანაგვე ურნაზე მიებრახუნებინა. ნახევარი წლის წინ სკოლაში ელექტროგაყვანილობა გადაიწვა და ახლა ზარს ასე რეკავდნენ.
    ჯეკა ფიზიკის რვეულებს მორჩა და ინგლისურზე გადავიდა. ,,ერთი დღე ზღვის ნაპირას” ეწერა 20 წლის წინანდელ ფურცლებზე. “ნუთუ, მასაც იგივე მასწავლებელი ასწავლიდა”, – გაიფიქრა ჯეკამ და გადმოწერას შეუდგა. ,,და თოლიები, რომლებიც მთლიანად იმ ფერის არიან, რა ფერისაც სხვა ჩიტებს მხოლოდ მუცელი აქვთ, სანაპიროზე დასხდნენ და ადამიანებივით თვალი აგვარიდეს”… ამ წინადადებაზე წერა შეწყვიტა და აივანზე ტურისტებს გააკითხა.
    – არ გინდათ, ახალი ათონი დაათვალიეროთ? იქ დიდი მღვიმეა, ყველაზე დიდი მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში.
    – შორსაა? – წყვილი მართლაც დაინტერესდა, ჯეკა დაჰპირდა, რომ წაყვებოდა. დედამაც გაუშვა, რას დააკავებდა, ოღონდ ტურისტებისგან რამე სარგებელი ენახა.
    საღამოს ძლივს ჩააღწიეს მონასტრამდე, ტურისტები მღვიმეში დაბორიალობდნენ. ჯეკა ძმასთან იჯდა და რკინის პალოს ამბავს უყვებოდა.
    – ეგ ვიცი.
    – …
    – იმ ქალს ისევ ხედავთ?
    – ქალი არც ჩანს, ტანსაცმელი გვხვდება ხანდახან.
    – რამდენ ხანში ერთხელ?
    – აი, რამდენი ხანიც ტანსაცმლის გაჭუჭყიანებას უნდა.
    დიმას გააჟრჟოლა.
    – აქაც კი მეშინია.
    – მე – იქ.

    ***
    შემდეგი კვირეები ჯეკა გაფანტული იჯდა გაკვეთილებზე. უფრო ფანჯარაში იყურებოდა. სკოლის მერე ბიჭებთან თამაშობდა კალათბურთს, სახლში გვიან რომ მისულიყო.
    იმ დღეს დედა ჭიშკრის გარეთ დახვდა, პალოსავით.
    – როგორ ხარ? – ჰკითხა მიახლოვებისას.
    – მოხდა რამე?
    – არა, არაფერი.
    ღამით ხმაურმა გააღვიძა, აშკარად მიწას ბარავდა ვიღაც. გადაიხედა. მოხუცი კაცი იყო. სიგარეტს მოუკიდა და დასასვენებლად ჩამოჯდა. ჯეკა გაშტერებული უყურებდა. უცებ ხელი სტაცეს. დედამ მოატრიალა და ფანჯარას მოაშორა.
    – არ უყურო!
    – ვინ არის, დედა, ეს კაცი?
    დედა ხმას არ იღებდა.
    ჯეკა დასაძინებლად ისეთ ოთახში გადაბარგდა, რომლის ფანჯრები წინკარისკენ არ გადიოდა. ღამღამობით შორიდან ესმოდა ბარის ჭრიალი, დილით ეზოში ჩასულებს ახალ-ახალი მიწის ნაკვეთები ხვდებოდათ დამუშავებული. ბარიანი კაცის გამოჩენის შემდეგ თოკზე კაბასთან ერთად შარვალ-ხალათიც გაიფინა.
    ბარვას, როგორც წესი, შუაღამისას იწყებდა. ჯეკას ესმოდა ბარის ჭრიალი და ბელტების ერთმანეთზე გადაგორების ხმა. ეს ხმა თანდათან მის ფანჯრებსაც მოუახლოვდა და იძულებული გახდა, ახლა სხვა ოთახში გადაბარგებულიყო. ერთი თვის თავზე ოთახებს შორის გამავალ დერეფანში ეძინა. ამ დროისთვის უკვე მთელი ეზო იყო გადაბარული.

    ***
    – დიმა!
    ტურისტების მორიგი წყვილი მონასტრის გადასაღებად ბორცვზე აძვრა. ჯეკა და დიმა სტოაში, სახურავის შესარემონტებლად დაწყობილ ქვის ფილებზე ისხდნენ.
    – თხოვე წინამძღვარს, კვეთებულის ლოცვა წაიკითხოს. რამე მოიფიქრე. უკვე ორნი არიან.
    – რას შვრება ხოლმე?
    – ბარავს.
    – მეტი?
    – მეტი არაფერი, ბარავს.
    დიმამ ამოიოხრა.
    – ჩვენი გაგიჟება უნდათ, შურს იძიებენ.
    – ვის, დიმა?
    – შენ არ გახსოვს, შენ არაფერი იცი, – დიმამ თავი ბრაზით გააქნია და მერე რამდენიმე სიტყვა მშობლების გამოგონილ ენაზე უთხრა, – გაიგე?
    – კი, ხომ არ მოგშივდაო, მეუბნები.
    – როგორ მიხვდი?
    – დედა და მამა ერთმანეში ასე არ ლაპარაკობენ?!
    – ჰო, – თქვა დიმამ მწარე ღიმილით და მერე დააყოლა, – დედა, მამა და მთელი დაღესტანი მაგ ენაზე ლაპარაკობს.

    ***
    თვალები დახუჭული ჰქონდა. წყალი გადაივლო. ცოტა ხნით გაახილა, მაგრამ მაინც დაეწვა და ასე ბრმად გააგრძელა მეორე პირი საპნის წასმა.
    – დღეს ბიოლოგიაში უჯრედის აგებულება მოგვცეს, – მოესმა მეზობელი გოგოს ხმა, – წყალი მოგაწოდო?
    – დამასხი.
    – დასაწერიცაა რაღაც, კითხვებზე პასუხი. ცივია?
    – კარგია.
    – აჰა, პირსახოცი.
    ჯეკამ ტანი გაიმშრალა, ფრთხილად გადმოვიდა აბაზანიდან. თვალები გაახილა.
    მეზობელი გოგო უყურებდა.
    – მშვენიერი ტანი გაქვს, სულ შარვლები რატომ გაცვია?!
    ჯეკამ თვალებზე შეისხა ცივი წყალი.
    – რა ზომა ლიფს ხმარობ?
    ვერ თქვა, ლიფი საერთოდ რომ არ ჰქონდა. პასუხის გაცემამდე ძუძუებზე დაიხედა.
    – ორ ზომას, ზოგჯერ – სამს.
    მეზობელმა გოგომ თავი დაუქნია.
    – არადა აფხაზ ქალებს პატარა მკერდი და წვრილი ტუჩები აქვთ.
    – ნუ მიყურებ!

    ***
    – დაღესტანში ვცხოვრობდით. მამას მტერი ჰყავდა, მეზობელი სოფლიდან. მახსოვს ის კაცი, მაღალი იყო და სულ მოხარშული ჭინჭრის სუნი ასდიოდა. მამამ ის და მისი ოჯახი სკუთარ სახლში ამობუგა. მერე ჩვენ გამოვიქეცით. ტყე-ტყე ვიარეთ. მამას მეგობარმა ბოევიკებმა გამოგვიყვანეს სოხუმამდე. შენ პატარა იყავი.
    – დედას მოვყავდი?
    – მე. დედას სიმონიკი მოჰყავდა. მთელი გზა ჩხაოდი. ტყეში ციყვი დაგიჭირე. გუდაში ჩასმული გეჭირა. გახსოვს ციყვი?
    – არ მახსოვს.
    – მოგვდევდნენ. მამას ძალიან ეშინოდა. ამ სახლში არავინ შემოდიოდა, მარტო ჩვენ შემოვედით. მამამ თქვა, სულ ერთია, თუ მოგვძებნეს, მაინც დაგვხოცავენო. ყველგან უნდა ვთქვათ, რომ აქაურები ვართო, აფხაზებიო.
    – აფხაზები არა ვართ?
    დიმამ გაიცინა.
    – გვარი შევიცვალეთ?
    – სახელებიც. მეც, მამამაც, დედამაც, შენც.
    – მე?
    – ჩვენი სახლის წინ მიტოვებული კოოპერატივი იყო, ოდესღაც ბიჟუტერიას ყიდდნენ. აბრაზე ,,ჯეკა” ეწერა. მამას ეგონა, რომ ჯეკა აფხაზური სახელია.
    – ვერ მოგვძებნეს?
    – ვერა. თუმცა არ ვიცი, შეიძლება მოგძებნეს კიდეც, მამა მალევე მოხვდა მთვრობაში. ალბათ უფრო თავი დაგვანებეს, ყოველ შემთხევაში ცოცხლებმა მაინც.
    – მკვდრებმა?
    – როგორც ჩანს, არა.
    ჯეკა კარგა ხანს იჯდა გაშტერებული. საღამო იყო. მერე უფრო დაღამდა. მთვარე რამდენჯერმე გაქრა და გამოჩნდა.
    – დიმა, – თქვა ბოლოს.
    – ჰო.
    – რამდენი ადამიანი დაიწვა იმ სახლში? კიდევ რამდენი გამოჩნდება?
    დიმა შეიშმუშნა.
    – ზუსტად არ ვიცი. ღამე მოხდა. ყველა სახლში იყო.

    ***
    სკოლაში ისტორიის ახალი სახელმძღვანელოები მოიტანეს. დირექტორმა თვითონ დაურიგა ბავშვებს. უკუღმა იწყებოდა, უახლოესი წარსულიდან: “2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა”. ახლადდაბეჭდილ წიგნს მოსკოვიდან ჩამოყოლოდა სტამბის სუნი. ჯეკამ დაყნოსა და სკამის ზურგს მიეყრდნო. თვალები დახუჭა, როგორც სააბაზანოში.
    – თქვენ ბედნიერები ხართ, დამოუკიდებელ, თავისუფალ აფხაზეთში გაიზარდეთ. უამრავი რამე გაკლდათ, არ გქონდათ ბავშვობა, არ გქონდათ არაფერი, მხოლოდ იმის გამო, რომ როდესღაც დამდგარიყო დღე, როცა მსოფლიო ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას აღიარებდა. და ახლა თქვენ თავისუფალ რესპუბლიკაში ცხოვრობთ, – დირექტორის ხმა მეზობელი გოგოს ხმასავით ჩაესმოდა შორიახლოს.
    ჯეკამ თვალები გაახილა და მერე ისევ დახუჭა.
    “ნეტავ, რა მქვია”, გაიფიქრა, სანამ ბოლომდე დაბნელდებოდა.

    ***
    – დაიკიდე, – დიმამ სახელი არ უთხრა, – რა აზრი აქვს?! ჩვენ ახლა აფხაზები ვართ.
    – რომ არა.
    – რატომ არა?! ყველა აფხაზია, ვისაც საკუთარი სახლი არ ახსოვს. გაიხედე, ვარდანიანი აფხაზი არაა?! აქ დაიბადა, აქ გაიზარდა, ერევანი თვალით არ უნახავს. ცურვა იცის. როდის იყო, სომეხმა ცურვა იცოდა?!
    – კი, მაგრამ…
    – დაიკიდე!

    ***
    თოვლს წვრილ ზოლად აჩნდა დაბარული მიწის ერთი მწკრივი. მეორე დღისთვის ზოლი გაიზარდა, მერე – უფრო. თანდათან შავდებოდა ეზო. ისევ მოთოვა. მომდევნო დღეს ისევ დაეტყო ყავისფერი ზოლი…
    ეზოში ძაღლები აყეფდნენ, ჯეკა ფანჯარას ეცა. ეგონა, რომ დიმა მოიყვანეს. უფროსმა აგრბამ მოულოდნელად გადაწყვიტა, შვილი მოეძებნა. აფხაზეთის მთავრობა ჯარს კრიბავდა და დიმასაც მოუწევდა წასვლა. აგრბამ კი თქვა, ეგ ჩემი შვილი არ არისო, მაგრამ არავის სჯეროდა. ეგონათ, თვითოვე გადამალა მონასტერში.
    უხუცესებმა გადაწყვიტეს, თუ ომი დაიწყებოდა, აგრბებიდანაც ვიღაც წასულიყო ჯარში. უხუცესების გადამტერება კარგს არაფერს ნიშნავდა. უფროსმა აგრბამ რამდენიმე ბიჭს დაავალა, დიმა მოეყვანათ, სულ ერთი იყო, დათანხმდებოდა ის ამაზე თუ არა.
    ბიჭები მართლაც შემოვიდნენ ეზოში, დიმა არ ჩანდა. მონასტერში არ დახვედრიათ. ჯეკა იატაკზე დაწვა, რომ გაეგო, ქვედა სართულზე რას ლაპარაკობდნენ.
    მამამ იმ ახლობლების სახელები ჩამოთვალა, ვისთანაც დიმა შეიძლებოდა დამალულიყო. ბიჭები წავიდნენ. ორი დღის მერე ისევ აყეფდა ძაღლი. ჯეკამ ახლაც ამაოდ დაათვალიერა სიბნელე. დიმა ისევ არ მოუყვანიათ. ამჯერად აღარ დასჭირვებია ჯეკას დაწოლა, მამის ყვირილი ისედაც კარგად ატანდა კედლებში. უფროსი აგრბა გაცეცხლებული იყო, შეიძლებოდა ადგილი დაეკარგა.
    დილით დედამ გააღვიძა ფრთხილად.
    – შენ ხომ არ იცი, სად შეიძლება იყოს?
    ჯეკამ მართლა არ იცოდა.
    – შეიძლება თვითონ მოგძებნოს და აუცილებლად გვითხარი. დიმა თუ ჯარში არ წავიდა, მამას სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ყველაფერს დავკარგავთ, თან ყველა დაგვცინებს. სად გაგონილა, აფხაზი ომს ემალებოდეს, მით უმეტეს ასეთი კაცის შვილი. ხალხში თავს ვეღარ გამოყოფს, ვერც – ჩვენ.
    ჯეკამ თავი დაუქნია.
    ქალაქში ყველა მოსალოდნელ ომზე ლაპარაკობდა. ბევრი მოხალისედ ჩაეწერა ჯარში. ჯეკამ რამდენჯერმე მოკრა ყური, როგორ ქირქილებდნენ ზურგს უკან, რამდენჯერმე პირდაპირ მიახალეს.
    – დიმას ხომ არაფერი მოუწერია?
    – მამაშენი შენს დამალვასაც ხომ არ აპირებს?
    – კიდევ აქა ხარ?..
    და ერთხელაც სკოლიდან გამოიქცა და სახლში მივარდა: შენი ბრალია ყველაფერი, შენ ამოწყვიტე ის ოჯახი დაღესტანში, შენს გამო დადიან სახლში მკვდრები. ხალხს ჰგონია, დიმას ომის ეშინია. დიმას მოჩვენებების ეშინია, ყველას ეშინია მოჩვენებების. შენი ბრალია, ხალხი კიდევ დიმას დასცინის… უყვიროდა მამამისს.
    უფროსი აგრბა გახევებული იჯდა დივანზე. სანამ აზრზე მოვიდოდა, დედამ ჯეკას ხელი მოჰკიდა და გარეთ გააგდო.
    – წადი, გაიქეცი სადმე!
    ჯეკა ზლუქუნით გაიქცა თავშესაფრისკენ. რკინის კარი შეაღო და პირველი რაც დაინახა, დიმა იყო. ფქვილის ტომრებზე დაძენძილი ტილო გაეშალა და ეძინა.
    კარგა ხანს იჯდა თავშესაფარში, რამდენიმე საათი. დიმას არ გაუღვიძია, არც თვითონ აღვიძებდა. ჩანდა, დიდი ხანია აქ იყო. მანდარინის მურაბებიც კი მთლიანად გაეთავებინა. თავიდან, როცა სოხუმში ჩამოვიდნენ, დედამ მანდარინისგან მურაბა გააკეთა. არ იცოდა, რომ ეს სამურაბე ხილი არ არის. საშინელება გამოვიდა, მაგრამ გადაყრაც დაენანათ და თავშესაფარში ჩამოიტანეს.
    ახლა ყველა ქილა ცარიელი იყო.
    – დიმა!
    დიმა შეიშმუშნა, მერე ჯეკა დაინახა და გაუღიმა.
    – დიმა, რატომ ხარ აქ?
    – მამაჩემის ხალხს ვემალები.
    – შენ ხომ გეშინია მოჩვენებების?
    – კი, მაგათიც მეშინია.
    – ხალხი ამბობს, ომს დაემალაო.
    – რომელ ომს, ჯეკა, არ იქნება ომი.
    – ეგ ვინ იცის.
    – ჯარში თუ წავედი, მონასტერში აღარ მიმიშვებენ.
    – ახლა აქ ხარ საჭირო.
    – სად?
    – აქ, აფხაზეთის მიწა უნდა დავიცვათო, მამა ამბობდა გუშინ სტუმრებთან.
    – გულუხვი კაცია მამაჩემი, ერთი შვილი ზღვას მისცა, მეორეს მიწას აძლევს, – დიმა წამოდგა და გაიზმორა, – საჭმელი ხომ არ გაქვს რამე?
    ჯეკას სკოლიდან წამოყოლილი ფუნთუშა ედო ჩანთაში, ამოიღო. დიმა კარებში ჩადგა და სახლს გახედა.
    – რაც აქ ვარ, იცი, რა შევამჩნიე?! ამ სახლს ხანდახან ცისფერი სინათლე გადაუვლის ხოლმე. სადღაცას წამიკითხავს, ეს იმ სახლებს ახასიათებთ, სადაც განძია ჩამარხულიო.
    – მერე ხომ არის ბრილიანტის ბეჭედი, – ნაღვლიანად თქვა ჯეკამ.
    – მაინც როგორ ვერ ვიპოვეთ!
    დიმა ჭამას მორჩა. ხელები დაიფერთხა და არხეინად თქვა:
    – მე ომს არ ვაპირებ, ჯეკა. ეს არ არის ჩემი ქვეყანა.
    – შენ არ თქვი, ახლა ჩვენც აფხაზები ვართო?
    – მაინც არ არის.
    – გახსოვს დაღესტანი?
    – ისე რა.
    – იცხოვრებ, იქ რომ წახვიდე?
    – ვერ ვიცხოვრებ.
    – აბა, რა გინდა?! ესე იგი აფხაზი ხარ.
    – არ შეიძლება სამშობლო თხუთმეტი წლის იყოს.
    ჯეკამ იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი მოხვეტა და კარებისკენ წავიდა.
    – გაგირეცხავ. ხვალ ვეტყვი დედას და მამას, რომ აქ ხარ.
    – როგორც გინდა.
    ჯეკა პირდაპირ სააბაზანოში შევიდა. ტანსაცმელი გარეცხა, თოკზე გაფინა და იქვე ჩამოჯდა.
    დედამ გააღვიძა დილით.
    – აქ იყავი?
    – ჰო.
    – კიდევ კარგი, მამაშენმა არ დაგინახა.
    – მე სიმართლე ვუთხარი.
    – არ იყო ეგ სიმართლე. მამაშენს არ გადაუწვავს ეგ ოჯახი. ხანძარი გაჩდა ღამე და თავისით დაიწვნენ. ჩვენ გამოვიქეცით, ვის დავაჯერებდით, რომ არაფერი დაგვიშავებია.
    – არ ამბობ სიმართლეს.
    – ვამბობ. ეგაა სიმართლე.
    – მაშინ ეს მკვდრები ვინ არიან? რატომ მოდიან, ეზოს ბარავენ, ოთახებში დახეტიალობენ.
    – ეს სხვა მკვდრებია. ვიცნობ სურათებიდან, ის ქალიც ვიცანი, მაშინ ჩემთან რომ შემოვიდა.
    ჯეკა გაისუსა.
    – ვინ სხვა მკვდრები, დედა?
    – ქართველები, ამ სახლის პატრონები.
    – …
    – ეტყობა სადაც იყვნენ იქ დაიხოცნენ და დაბრუნდნენ.
    ჯეკა დაბნეული უყურებდა, ბოლომდე ვერ აღიქვა რა უთხრეს, მერე ისევ ის შეკითხვა დასვა.
    – ბევრნი ცხოვრობდნენ აქ?
    – ალბათ, დიდი სახლია, ხომ ხედავ?
    ჯეკამ ტკივილი იგრძნო შუბლთან. თვალები დაუმძიმდა და იქნებ გამიაროსო, თავი დახარა.
    – ეს ვისია? – მოესმა უცებ. დედა თოკზე გაკიდულ ტანსაცმელს უყურებდა გაოცებული.
    ჯეკამ თავი ასწია, მერე დახარა. ასე რამდენჯერმე ასწია, დახარა და ბოლოს თქვა:
    – არ ვიცი, აქ იყო… ალბათ ქართველებში კიდევ ვინმე მოკვდა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა

    გეგათ ოლა
    გეგათ ოლა ყაჩაღებს – ილოსა და ვანოს პირველად კენჭყრაზე შეხვდა და, მართალია, იქამდე ჯერ თვალითაც არ ენახა ისინი, მაგრამ მაინც მაშინვე მიხვდა, რომ ერთი ილო უნდა ყოფილიყო და მეორე კიდევ ვანო. სოფელში და მთელს იმ არემარეზეც, დიდსა და პატარას ილოსა და ვანოს სახელები ეკერა პირზე:
    -ილო და ვანო მწყემსებს დასცემიან მთაში და ორმოცი მარტო სულ ნარჩევი ჭედილა წაურთმევიათო! -ილომა და ვანიმ ნატბერავზე ცხავერელი ოსები დახოცესო! -ილოსა და ვანოს გორგიჯანოვისთვის შემოუთვლიათ, იცოდე, ზახარ, თავი დაგვანებე, თორე, დედას გიტირებთ, საკუთარი ცოლ-შვილის ხორცს გაჭმევთო! ესენი და ხსვა კიდევ ამაზე უარესი ხმები დადიოდა ილოსა და ვანოზე, მაგრამ გეგათ ოლას იმათი არ შეშინებია- აუჩქარებლად შეათვალიერა ორივენი, წყნარად მიესალმა, აუჩქარებლათვე ჩაჯდა წყაროს პირზე, ხილაბანდის ყურები შეიხსნა, პეშვით სახეზე ცივი წყალი შეიპკურა და სველი ხელი ყელ-კისერზეც მიისვ-მოისვა. ილო და ვანო( თუკი მართლა ილო და ვანო იყვნენ ის ბიჭები) კარაბინშემართულები ზურგშექცევით იდგნენ ერთმანეთთან და ერთი რომ წყაროს პირზე ჩამომჯდარ გეგათ ოლას ათვალიერებდა, მეორე გაფაციცებული სახით იმ ბილიკს გასცქეროდა, რომლითაც ეს დედაკაცი მოვიდა. ახლადგამოკვირტული ჯაგრცხილებითა და ამწვანებული თხილის ბუჩქებით ჩამობურულ ამ პატარა, ჩავარდნილ ტაფობში მარტო ის ბილიკი შემოდიოდა და ისიც იქვე, წყაროსთან თავდებოდა, ისე, რომ ორი მარჯვე მსროლელი აქ ოცსა და ოცდაათ მომხვდურსაც იოლად მოიგერიებდა. რაკი დარწმუნდნენ, საფრთხე არსაიდან გველისო, ყაჩაღებმა კარაბინები ძირს დაუშვეს და დედაბერს სალამზე მერეღა უპასუხეს. ამასობაში გეგათ ოლასაც მოეკლა წყურვილი, მაგრამ ისევ ისე იჯდა, ხილაბანდს იკრავდა და ბიჭებს გულმშვიდად ათვალიერებდა. ილო და ვანო ერთნაირად შუატანის, კარგად მოყვანილი ვაჟკაცები ჩანდნენ, ერთს კუპრივით შავი თმა და წვერ-ულვაშა ჰქონდა, მეორეს- წაბლისფერი, ერთს კეხიანი ცხვირი და შვილდივით მოზიდული წარბები ამშვენებდა, მეორეს- მაღალი შუბლი და თაფლისფერი თვალები. მკერდზე ორთავეს ერთნაირი სავაზნეები გადაეჭირათ და ხელშიც ერთნაირი კარაბინები ეჭირათ. -ვინა ხარ, დედი, სადაური ხარ? -ჰკითხა დედაბერს შავგვრემანმა და მიუახლოვდა. -აქაური ვარ, შვილო, აგე, იმსოფლელი…სატაცურზე ვიყავი და წყალი მომწყურდა. მერე ნათქვამის საბუთად კალთიდან სატაცურის დუყების მოზრდილი კონა აიღო და აჩვენა. -ჩვენ იცი, ვინა ვართ? გეგათ ოლამ ჯერ ერთს ახედა, მერე მეორეს და მხრები აიჩეჩა: -აბა, რა ვიცი . . . ქართველები რო ხართ, გატყობთ. შავგვრემანმა ამხანაგს გადახედა და იმანაც სულ ოდნავ დაუქნია თავი. შავგვრემანი ჩაცუცქდა, კარაბინი მუხლებზე დაიდო, უხერხულად ჩაახველა და კეფა მოიქექა: -რაღაც უნდა გთხოვოთ და, დედაშვილობამ, უარს ნუ გვეტყვი… -თქვი, შვილო. -პური გვშიან, დედი… მესამე დღეა, ნაწილ- მოწყალება არ ჩაგვსვლია პირში… თუკი რამე გაგემეტება, წადი და გადმოგვიტანე… მეორემ, წაბლისფერთმიანმა, ამ სიტყვებზე პირი იბრუნა, ვითომდა ბილიკს გახედა დასაზვერად. გეგათ ოლა წამოდგა, კაბაზე ხელი ჩაისვა,-,,მოგიკვდეთ, შვილებო, ჩემი თავიო“, -მეტი ვეღარაფერი თქვა და ბილიკს ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა. -დედიი!- მოესმა უკნიდან.გეგათ ოლა გაჩერდა, უკან მიიხედა, მაგრამ შავგვრემანმა ხელი ჩაიქნია და უთხრა:-არა, არაფერი… წადი!
    შინ რომ მივიდა, გეგათ ოლამ ცეცხლი დაანთო, ზედადგარზე თანგირა ქვაბით წყალი შემოდგა, შვილიშვილს- თორმეტი წლის კაკაოს ორი კარგი შარშანდელი ნაცარა დედალი დააჭერინა და ხელში წანდილი მიაჩეჩა. თვითონ შინ შებრუნდა, ცეცხლს შეშა შეუმატა და დაიწყო მუხლებში ხელის ცემა და გაუკვირველი ზუზუნი. შვილიშვილის ფეხის ხმა რომ შემოესმა, ცრემლი შეიმშრალა, წამოდგა, კაკოს თავებდაჭრილი, მაგრამ ჯერ ისევ თბილად მთრთოლავი ქათმები გამოართვა და თაბახზე დააწყო. მერე ქვაბს სახურავი ახადა, ცეცხლს ჩინჩვარი მიუტანა და წყალიც მაშინვე აჩუხჩუხდა… -ვის ელოდები, კაცო, აღარ იტყვი? უკვე მერამდენედ ეკითხებოდა გაკვირვებული კაკო, მაგრამ გეგათ ოლა ხმას არა სცემდა, ტუჩებმოკუმული რაღაცნაირი სიკერპით ირჯებოდა: ქათმები დაფუფქა, დაბრტყვნა, დატუსა, გამოწელა და კარგად დარეცხა. მერე მიუკეთა ცეცხლს რცხილის ნაპობები, მიუტანა უფრო მოზრდილი ქვაბი, ჩაალაგა შიგ ქათმები, შემოუყენა წყალი და შედგა ცეცხლზე. თვითონ კამოდის უჯრიდან თეთრი, ქათქათა ტილოები ამოალაგა და მარანში შევიდა. ჯერ მიჯდა მარნის სიბნელეში, იტირა, იზუზუნა, კარგად მოიოხრა გული, მერე ჩამოიღო თავხეზე დაკიდებული მანეულის დიდი კალათი, დაბერტყა, გასუფთავა, შიგ ტილო ჩააფინა. ხარიხიდან ღორის დამარილებული ნაფერდალი ჩამოხსნა, დერგიდან ერთი დიდი კვერეული ყველი ამოიღო, ისინიც ტილოებში შეახვია. ორჩარექიანი ხელადა არყით გაავსო, ჩაალაგა ესენი კალათში, ჩაუმატა ოდნავ შემჭკნარი, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ ლოყაწითელი ვაშლები, ჩურჩხელები, ხახვი, ნიორი…დაალაგა ამ ყველაფერს ზემოდან ექვსი თასმასავით რბილი პური, კალათს ჩაის ტილო გადააფარა და იქვე, მარნის ბნელ კუთხეში მიდგა. კაკო ცეცხლთან იჯდა და ათუხთუხებულ ქვაბს, საიდანაც მადისაღმძვრელი ოხშივარი ამოდიოდა, პირზე ნერწყვმომდგარი მისჩერებოდა. გეგათ ოლამ წვენს ქაფი მოხადა, გაფრცქვნა ორი თავი ხახვი, ორივე ოთხად გაჭრა და ქვაბში ჩაყარა. მერე იქიდან უკვე მოხარშული ორივე ღვიძლი თეფშზე ამოიღო, მარილი წააუარა და ბიჭს წინ დაუდგა: -აჰა. პური შეატანე, იცოდე, ისე არ შეჭამო! -მაშ არ იტყვი, ვის ელოდები? -ჭამე და მერე წუალი მომიტანე! კაკომ ცხელ-ცხელი ღვიძლები სულმოუთქმერლად შესანსლა და კმაყოფილმა კოკებს წამოავლო ხელი. ბიჭი რომ გაიგულა, დედაბერი წავიდა და მარნიდან კალათი გამოიტანა. მერე ისევ ქვაბს მიუბრუნდა- ქათმები უკვე მოხარშულიყო, ჰა და ჰა,სულ ცოტაღა აკლდა. გამოიღო თახჩიდან ჯამი, ზედ ჩამჩით წვენი ამოიღო, გააგრილა, შიგ პურის ფქვილი ჩაყარა და კოვზით კარგად გაქნა.ამოალაგა მერე მოხარშული დედლები თაბახზე, ქვაბში ნელ-ნელა ჩაუშვა საფანელი, ჩაახალა შიგ ორი კვერცხი, ჩიხირთმა ქინძით, მარილითა და ძმრით შეაგემა და ცეცხლიდან გადმოდგა. კალათი მხარზე ჰქონდა შედგმული და ჯეჯილებსშორის მიმავალ ბილიკზე გაჩქარებული მიდიოდა. სოფელი ისე გამოიარა, არავინ შეხვედრია, ან კი ვინ უნდა შეხვედროდა, გაზაფხული იდგა, ქვეყანა მინდორსა და ბაღ-ვენახებში იყო გაკრეფილი. ტვირთის სიმძიმეს ვერც კი გრძნობდა, ციმციმ მიჰქონდა.თანდათანობით რაღაც უცხო, უცნაურად საამო გრძნობა ეუფლებოდა და რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა კენჭყარას წყაროს, ეს გრძნობა უფრო და უფრო ემატებოდა. სანამ წყაროსკენ გადაუხვევდა, კალათი დადგა და იქაურობა ჩუმად მოათვალიერა: კაცის ჭაჭანება არსად იყო, აქედან სოფელიც ძლივას მოჩანდა და გული საგულეს ჩაიდო. მერე კალათს დასწვდა, მხარზე აღარ შეუდგამს,თხილებითა და ჯაგრცხილებით დაბურულ ბილიკს ისე გაუყვა. წყაროსთან აღარავან დახვდა. გაჩერდა და გაკვირვებულმა მიმოიხედა. ნეტავი ხომ არ მომეჩვენენ ის ბიჭებიო, გაიფიქრა. ახლაღა იგრძნო, როგორ დამძიმებულიყო კალათი, რანაირად სტკიოდა მხრები, მკლავები.
    უეცრად, ზემოდან, ტყით დაბურული მაღალი ფერდობიდან სტვენა მოესმა! ახლადგამოკვირტული წვრილიანით შემწვანებულ ფერდობს აჰხედა. -დადგი, დედი, ეგ კალათი და წადი… ღმერთი გადაგიხდის!- მოესმა ნაცნობი ხმა. გეგათ ოლამ კალათი წყაროს პირზე დადგა და სანამ წავიდოდა, ფერდობს უთხრა: -აექ ცხელი კერძია, შვილებო, ქვაბითა და არ გააციოთ! მინდორზე რომ გამოვიდა, იქაურობას თვალი მოავლო და თითქოს გულიდან მძიმე ლოდი ააცალესო, სასიამოვნო შვება იგრძნო. ეს ამბავი მოხდა აპრილში, აღდგომის კვირაძალზე; მას მერე დღე არ დაღამდებოდა, რომ გეგათ ოლას ილო და ვანო არ მოჰგონებოდა. საკუთარ სადარდებელსა და თავში საცემს რა გამოულევდა, მაგრამ ხშირად,ბოსტანში მომუშავეს თუ ძროხის ცურთან ჩაცუცქულსა და იმის თბილ ფერდზე შუბლმიდებულს, გაუჩერდებოდა ხელი, გაუშტერდებოდა თვალები და გარინდებული იმათზე ფიქრობდა. საღამოობით კი, მთელი დღის ჯაფით მოღლილი და მოქანცული, დასაძინებლად რომ ემზადებოდა, გადაიწერდა პირჯვარს და იტყოდა: ღმერთო მაღალო, შენ გადმოჰხედე სიკეთის თვალით ჩემსა შვილებს, შვილიშვილებს, შინაურსა და გარეულს. შენი მადლიანი კალთის ქვეშ ამყოფე ის საწყლებც- ილო და ვანოო. იმათზე კი ისევ დადიოდა ავი ხმები: ამა და ამ ადგილზე მავან კაცს დასცემიან, ესა და ეს უცემიათ, ესა და ეს მოუკლავთო და სოფელშიც ისევ ძველებურად აშენებდნენ გაჭირვებულ ბალღებს დედები- ჩუმად, თქვე გასაწყვეტლებო, თორემ, იცოდეთ, ილო და ვანო ჩამოივლიან და თავებს დაგაჭრიანო! გეგათ ოლას, რა თქმა უნდა, სჯეროდა იმ ავი ხმებისა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ილოსა და ვანოს მაინც დამცველად უდგებოდა: მგელს მგლობა ერქვა და ტურამ ქვეყანა დააქციაო, რასაც ვინმე რამეს დააშავებს, ყველაფერს იმათ კი ნუ დააბრალებთო! იმ მაშინდელი ამბის შესახებ კი კრინტი არავისთან დაუძრავს, რადგან კარგად იცოდა თავისი შვილების ამბავი, ყვედრებით სულს ამოხდიდნენ- ჩვენს ნაშრომ-ნაოფლარს ავაზაკებს აჭმევო. ეგრე ჩაიარა გაზაფხულმა, მიიწურა ზაფხულიც და აგვისტოს ბოლოს ხმა გავარდა- ილო და ვანო დაუხოციათ და თავებდაჭრილები კენჭყარაზე ყრიანო! დედაწულიანად აიყარა მთელი სოფელი და სანახავად წავიდა. გეგათ ოლა შინ დარჩა. მატყლი ჰქონდა გასაშრობად გაფენილი.ყველანი რომ გაიკრიფნენ, აიღო სახრე და დაიწყო მატყლის პენტვა. მზე რომ კარგად გადავიდოდა, მივიდოდნენ კაკო და იმისი მიმდევნო ძმა შიშისაგან სახეგამწვანებულები. დედაბერს არაფერი უკითხავს, პირმოკუმული, სახეგაქვავებული მატყლს პენტავდა, მაგრამ ბიჭებმა თავად უამბეს ნანახი და გაგონილი:თურმე ილო და ვანო განა სხვებს დაუხოცავთ, არა! -ილოს ვანო მოუკლავს და ვანოს კიდევ ილო. არავინ იცის, რატომ და რისთვის-და დამდგარან ერთმანეთის პირისპირ , ილოს ვანოსთვის მიუცია პირში თავისი კარაბინის ტუჩი, ვანოს -ილოსთვის და ერთდროულად გამოუკრავთ ჩახმახები. ეგრეც უნახავთ, მეველე გოლას უნახავს, ერთი იქითა ყოფილა გადავარდნილი, მეორე -აქეთ. შეუტყობინებიათ გორგიჯანოვისთვის ეს ამბავი, იმასაც გამოუგზავნია ცხენებით თავისი კაცები და დაუბარებია-დააჭერით თავები და აქ ჩამომიტანეთ, ვნახო, მართლა ისინი არიან თუ არაო. -მერე?-ახლაღა დაძრა ხმა გეგათ ოლამ. -რა მერე, ისევ იქა ყრიან!-უთხრა გურამამ, კაკოს მიმდევნომ. -თქვენი თვალითა ნახეთ,ბიჭო?-ახლა კაკოს მიუბრუნდა დედაბერი. -ჩვენი თვალითა, მა… გორგიჯანოვს შემოუთვლია, რომაო, არ დამარხოთო, თორე, ციხეში ამოგალპობთ ყველასო! გეგათ ოლამ დაპენტილი მატყლი საფენში გამოკრა, შინ შეიტანა, ოთახის კარი შიგნიდან ჩარაზა და საღამომდე გარეთ აღარ გამოსულა.
    საღამოთი მოვიდნენ გეგათ ოლას შვილები რაღაცნაირად გულჩახურულები, დაბღვერილები. ჩუმად, უსიტყვოდ მიუსხდნენ ვახშამს. კაკომა და გურამამ პირი ვერაფერს დააკარეს. არც გეგათ ოლას გაუღეჭია ლუკმა. ბიჭებმა არაყი დალიეს უხმოდ, უდღეგრძელებლად. ილოსა და ვანოზე ნავახშმევსღა ჩამოაგდეს სიტყვა: -მა რა ეგონათო,- ამბობდა კოლა,-ეს ქვეყანა ჯერ არავის შერჩენიაო! .. -ჰოოვო, ეგრეაო, სამართალმა პური ჭამაო!- უდასტურებდა გოგიაც. იმ ღამით გეგათ ოლამ თვალი ვერ მოხუჭა. მეორე დილით ადგა, ჩაიცვა, მოიხვია შავი ლეჩაქი და წავიდა კენჭყარაზე. ნაწვერალი რომ გადაიარა და ბუჩქნარით დაბურულ ტაფობს მიადგა, მუხლთ მოეკვეთა, გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო, მაგრამ ძალა მოიკრიბა და წყაროსკენ მიმავალ ბილიკს დაადგა . შორიდანვე დაინახა ორი საცვლებისამარა, უთავო გვამი, ერთი იქით ეგდო, მეორე- აქეთ. ერთი პირქვე, მეორე-გულაღმა. ბუჩქებიდან ყრანტალით აფრინდნენ ყორნები. გეგათ ოლა ახლოს მივიდა. ერთსაც და მეორესაც უამრავი ბუზი ეხვია. ბუზი ეხვია მიწაზე, იმათ კისრებთან დაქცეულ, შავად შედედებული სისხლის ლეკერტებსაც. დედაბერმა თხილის ბუჩქს ტოტი შეაცალა, გვამებს შუაში ჩაუჯდა და მოჰყვა იმ ტოტით ბუზების ქშევას… გულაღმა რომელიც ეგდო, იმას აქეთ-იქით გადაეყარა მკლავები, მუცელი გაჰბერვოდა და შიშველ, დაყვითლებულ ფეხებზე შავად აჩნდა ძარღვები. მეორეს ცალი ხელი ქვეშ მოჰყოლოდა, მეორეთი კი ძირიანად მოთხრილი ბალახები ეჭირა. ცაში უკმაყოფილო ყრანტალით დაფრინავდნენ ყორნები. კოლამ და გოგიამ დიდხანს ეძებენ დედა, მაგრამ ცამ უყო პირი თუ მიწამ ვერაფერი შეიტყვეს. მეორე დღეს, მეველე გოლამ მოიტანა ამბავი: გეგათ ოლამ შემოგითვალათ- ჩამოვიდნენ, ეს მკვიდრები დამარხონ, თორემ საქვეყნოდ შევარცხვენო! კოლა და გოგია გაგიჟდნენ – რა უნდაო, ციხეში ხო არ უნდა ამოალპობინოს ჩვენი თავი გორგიჯანოვსაო, არსადაც არ წავალთო! საღამოთი თვითონ გეგათ ოლა მოვიდა სოფელში. სახეშეშლილი, თმაგაწეწილი მოდიოდა გზაზე და საკუთარ ნიფხავს მოაფრიალებდა. სანახზიროზე შეყრილმა ამის დამნახავმა კაცებმა დედაბერს გზა უტიეს, მაგრამ გეგათ ოლა იმათ ზედ მიადგა, ნიფხავი გადაუგდო და უთხრა: -აჰათ, აეგ დასჭერით და სათითაო ქუდი შაიკერეთ ყველამა! მერე გაბრუნდა და ისევ ქვემოთ წარაცრაცდა. კაცები კარგა ხანს იდგნენ თავჩაღუნულები, ბოსლის კედელს აკრულები, იმ კედლისფრად სახეჩატეტკილები, მერე, როდის-როდის, გააკრაჭუნა ერთმა კბილები, მეორემ შეიგინა, მესამემ ჯავრიანად გადააფურთხა მტვერში, მეოთხე, ვინც უფრო ახლოს ცხოვრობდა, გაიქცა, შინიდან ნიჩაბ-წერაქვი მოიტანა და დაეშვნენ კენჭყარასკენ. მიდიოდნენ ჯიბრიანად მხრებგამართულები, სიმხნევის შუქით სახეგანათებულები. მზე კი ჩადიოდა, გაჩქარებით მიგორავდა ქვემოთ, ნარინჯრისფრად აფერადებულ ღრუბლებშორის მიიკვლევდა გზას და სხვა ქვეყანაში მიმავალი, სულასწრაფებული ემშვიდობებოდა ამ ჩვენს ცოდო-მადლიან მიწას.