• კრიტიკა,  რეცენზია

    თომას მანი – "დოქტორი ფაუსტუსი"

    ლევან ბრეგაძე

    კიდევ ერთი რომანი თომას მანის “ქართულ თაროზე”

    თომას მანი, “დოქტორი ფაუსტუსი” (რომანი). გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო კარლო ჯორჯანელმა. ნოდარ კაკაბაძის ბოლოსიტყვაობით. რედაქტორი ნოდარ კაკაბაძე. მხატვარი სპარტაკ ცინცაძე. “მერანი”, თბ., 2002.

    თომას მანს აქვს ერთი უჩვეულო ჟანრის თხზულება, რომლის სახელწოდებაა “დოქტორ ფაუსტუსის” შექმნის ისტორია. ერთი რომანის რომანი”. მასში მწერალი მოგვითხრობს, როგორ იწერებოდა “დოქტორი ფაუსტუსი”, მსოფლიო რომანისტიკის შედევრი. და ეს “რომანი რომანზე” არანაკლები ინტერესითა და გატაცებით იკითხება, ვიდრე თვით რომანი.
    ამგვარად, ჩვენ ვიცით, როგორ იწერებოდა “დოქტორი ფაუსტუსი”.
    მაგრამ ნეტა როგორ ითარგმნებოდა იგი ქართულად?
    ვინც ამას ნაჩქარევად ჩამითვლის უქმ შეკითხვად, დიდად შეცდება – ქალბატონმა ნელი ამაშუკელმა 1985 წელს მეტად საინტერესო თხზულება გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ თარგმნიდა ფრანც კაფკას “პროცესს”. ქალბატონი დალი ფანჯიკიძეც ხომ რა ხანია დიდი წარმატებით მუშაობს ამ ჟანრში – მაგალითად, ნაშრომში “თარგმანი და მკითხველი” (1975 წ.) იგი “ბუდენბროკების” თარგმნის ამბავს მოგვითხრობს. ეს ნაშრომები გარდა იმისა, რომ მომავალ მთარგმნელთა დაოსტატებას უწყობენ ხელს, ამავე დროს აფართოებენ ჩვენს წარმოდგენას შემოქმედებითი პროცესის შესახებ და ამის გამოც ერთობ საყურადღებონი არიან.
    ამგვარი ნაშრომი, სამწუხაროდ, ჯერ არ დაუწერია ბატონ კარლო ჯორჯანელს, ღვაწლმოსილ გერმანისტს, მთარგმნელსა და ენათმეცნიერს, რომლის თარგმანები – როგორც დაუვიწყარ გოგი ჯორჯანელთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად შესრულებული – ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის კლასიკას განეკუთვნება. მაგრამ ვიცი, რომ ბატონ კარლოს გამოსაცემადაა აქვს გამზადებული თავისი ნაყოფიერი ლიტერატურული მოღვაწეობის პროცესში შედგენილი ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, რომელიც – თუ მზის შუქი იხილა -, დარწმუნებული ვარ, ყველა ლიტერატორის სამაგიდო წიგნი გახდება. (ამ ყაიდის ლექსიკონები ძალზე საჭიროა სწორედ დღეს, როცა სასაუბროცა და სამწერლო ქართულიც ჩვენს თვალწინ ასე დამჭლევდა და გაღარიბდა).
    თომას მანი ამბობდა, ყოველი ახალი რომანის დაწერა ჩემთვის გერმანული ენის შესაძლებლობების გენერალური დათვალიერება არისო. შესაბამისად, მისი რომანების ქართული თარგმანები ქართული ენის შესაძლებლობების გენერალური დათვალიერება უნდა იყოს. ვიდრე გავარკვევდეთ, ასეთია თუ არა სარეცენზიო თარგმანი, მანამდე ერთ ადგილს მოვიტან იქიდან, იმას, სადაც დახასიათებულია კარგი მთარგმნელი – იქნებ იდეალურიც კი. ეს გახლავთ რიუდიგერ შილდკნაპი, მთავარი გმირის, კომპოზიტორ ადრიან ლევერკიუნის ოპერათა ლიბრეტოების ავტორი. მთხრობელის სიტყვით, შილდკნაპს ინგლისური ტექსტები გერმანულ ენაზე “უაღრესად კეთილსინდისიერად გადმოჰქონდა, სტილის ფაქიზი შეგრძნებითა და გემოვნებით. თავგადაკლული იღვწოდა თარგმანის სიზუსტისათვის, ისეთი ენობრივი საშუალებების გამოძებნისათვის, რომლებიც დედნის ენობრივ საშუალებათა შესატყვისნი იქნებოდნენ”.
    ეს დახასიათება თამამად შეგვიძლია გავიმეოროთ “დოქტორ ფაუსტუსის” ქართულად მთარგმნელის მიმართაც.
    როცა Krippenreiter-ის გადმოსაქართულებლად (სიტყვისა, რომელიც არ არის “დუდენში”) “ქელეხუტას” (გვ. 217) მიაგნებ (სიტყვას, რომელიც არ არის ქეგლ-ში და მუქთ პურმარილებს დაჩვეულ ადამიანს ნიშნავს), როცა იშვიათად ხმარებულ rodomontierende-ს სანაცვლოდ თარგმანში ასევე იშვიათ სიტყვას “პეიტრულს” დასვამ გავრცელებული “მეტიჩრულის” ნაცვლად (“გამსჭვალული იყო გარდასული ეპოქის გმირობით და პეიტრული ეტიკეტით” – გვ. 209), როცა winzig-ს აღწერითი ფორმით კი არ გადმოიტან – “ძალიან მცირეს” ან “ძალიან პატარას” კი არ დაწერ მის სანაცვლოდ, არამედ უმართებულოდ მივიწყებულ კოლორიტულ სიტყვას “ჟიჟმატს” შეუფარდებ (“მჭიდროდ ნაწერი, ჟიჟმატი ჩამატებებითა და შესწორებებით აჭრელებული [ბარათი]” – გვ. 163), როცა prezioes-ის სათარგმნელად, რაც მანერულს ნიშნავს, ძალზე გამომსახველ “მეტიკვნიტას” გააცოცხლებ, რომელსაც ვაჟა-ფშაველაც იყენებდა (“…აკადემოსის ჭალის მეტიკვნიტა შეთქმულთა წინაშე…” – გვ. 279), როცა Fluesterdienst-ს “ჭორბიუროს” მიუსადაგებ (გვ. 437), ხოლო allzu gelehrig-ს – “ჭკუისკოლოფას” (გვ. 623), როცა თარგმანში თამამად შემოუშვებ სასაუბრო მეტყველებიდან ნაცნობ ისეთ სიტყვებსა და გამოთქმებს, როგორიცაა “მოახოხმარიკა” (“ნატურალური სიდიდის ნახატიც მოახოხმარიკა” – გვ. 426), “გამობზაკუნებული” (“ხალხიდან გამოსულსა და ძველბიურგერულ ყაიდაზე გამობზაკუნებულ ქალს…” – გვ. 426), “ჩიხომახო” (“სააბაზანო ოთახი არ გაგვაჩნია, არც ვატერკლოზეტი, მათ ნაცვლად სოფლური ჩიხომახოები გვაქვს სახლის გარეთ” – გვ. 328), “აზიზ-მაზიზი” (“აზიზ-მაზიზი, მელანქოლიური და თავიდანვე ცხოვრების მოშიში” – გვ. 370), “ნაყე-ნაყედ” (“ნაყე-ნაყედ იცოდა ლაპარაკი” – გვ. 254; დედანშია “…in sanft schleppender Sprache…”), “გაპეწენიკებული” (“სულ გაპეწენიკებული რაღაცები გამოგივათ, თუ მაგის გემოვნებას მისდიეთ” – გვ. 262; “გაპეწენიკებულ რაღაცებს” ორიგინალში Artigkeiten შეესაბამება), ან როცა ამგვარ სიტყვათწარმოებას მიმართავ – “ვისაც საძრახისად მიაჩნია თავი მოიკარგკაცოს…” (გვ. 308) – ეს უკვე უმაღლესი მთარგმნელობითი პილოტაჟია.
    რომანში რამდენიმეგზის შემოდის აქტიურად არქაიზებული ენობრივი პლასტი. ჯერ იგი პროფესორ კუმპფის მეტყველებაში იჩენს თავს, რომელსაც “დალოცვილ ძველგერმანულ ყაიდაზე” უყვარდა ლაპარაკი. შემდეგ მისი მეტყველების პაროდირებას ახდენს ადრიან ლევერკიუნი მთხრობელისადმი – თავისი სიყრმის მეგობრისადმი – ლაიფციგიდან მიწერილ ბარათში, რომლის ტექსტი მთარგმნელს შესაბამისად “დალოცვილ ძველქართულ ყაიდაზე” გადმოაქვს: “ფრიად პატივცემულო, ღრმად განათლებულო, უსაყვარლესო და უმოწყალესო უფალო მაგისტრო და ბალისტიკუსო! გულითად მადლობას გწირავთ, რომ მზრუნველობას იჩენთ და უსტარი გამომიგზავნეთ…”.
    ენის არქაიზება “დოქტორ ფაუსტუსში” რამდენიმე მხატვრული ფუნქციას ასრულებს. “ერთი მხრივ, ეს არის ხალხური წიგნის ენა, რათა ამით აღდგენილ იქნეს ძველი მაგიკოსის და ალქიმიკოსის ეპოქის კოლორიტი… მეორე მხრივ, ვთქვათ, შუასაუკუნეების სტილის პაროდირება ადრიანის მიერ მეგობრისადმი მიწერილ ბარათში ნართაულად მიუთითებს ადრიანის არსებობისთვის დამახასიათებელ, მისთვის ორგანულ ელემენტებს… ლევერკიუნი ამ თავისი არქაული ენითაც ემიჯნება თანადროულ ადამიანებს, სინამდვილეს და ცხოვრებას. და ბოლოს ოდნავ არქაიზებული ენა ქმნის შუა საუკუნეების ატმოსფეროსა და კოლორიტს, რაც შეესაბამება ნაცისტური გერმანიის გადაჩეხვას შუასაუკუნეობრივ-ინკვიზიტორულ ბარბაროსობაში” (ნ. კაკაბაძე).
    არქაიზების კიდევ ერთი მიზანდასახულობა მეგობრისადმი მიწერილ ბარათში სწორად ამოიცნო ადრესატმა – ამით ადრიანმა გაიიოლა იმ სათაკილო თავგადასავლის ჩემთვის მბობა, რომელიც უცხო ქალაქში გადახდენია თავსო (იგულისხმება საროსკიპოს ეპიზოდი). ამგვარად, არქაიზაცია აქ სათქმელის ევფემიზაციასაც ემსახურება. მაგრამ არქაიზების სტილისტიკურ ხერხს ამ ეპიზოდში უფრო შორსგამიზნული ფუნქციაც ეკისრება – იგი წინასწარ გვამზადებს ბოლო და უმნიშვნელოვანესი თავისათვის, როცა აღსასრულის წინ ადრიანმა მის მიერვე დაძახებულ საზოგადოებას აღსარება უნდა გაანდოს და ეშმაკთან ხელშეკრულების დადებით ჩადენილი ცოდვა მოინანიოს. ამ სულისწამწყმედელი ამბის თხრობასაც სტილის არქაიზებით იიოლებს:
    “ასე რომ, უწყოდეთ, – განაგრძობდა მაგიდასთან მჯდომი, – გულკეთილებო და სათნონო, რომელნიც თქვენი ზომიერი ცოდვილიანობით ღმრთის (ისევ გაასწორა და თქვა “ღმერთის”, მაგრამ მერე კვლავ პირველ ფორმას დაუბრუნდა) – ღმრთის მადლითა და წყალობის იმედითა ხართ, უწყოდეთ, რაც დიდი ხანია გულში მაქვს დამარხული და ახლა კი აღარ მინდა დაგიმალოთ, სახელდობრ ის, რომ ოცდაერთი წლისა სატანას შევუუღლდი”.
    სათქმელის შინაარსზე არანაკლებ სათქმელის გამოხატვის ფორმა აცბუნებთ აქ მსმენელთ – ვერ გაურკვევიათ, ხუმრობად მიიღონ ეს ყოველივე თუ სერიოზულად.
    ადრიანის მიერ საკუთარი პატივმოყვარეობისა და ქედმაღლობის დაგმობა, სიკეთისა და სიყვარულის ქადაგება, მხატვრული ტექსტისთვის შეუფერებელ პროპაგანდისტულ მოწოდებად გამოჩნდებოდა, რომ არა ეს არქაულ-სტილიზებული ფორმა, რის გამოც ძნელია დაბეჯითებით ითქვას, ირონიულ-პაროდიულ ტექსტთან გვაქვს საქმე თუ ეს გულწრფელი სინანულია:
    “თუ ვინმე ეშმაკს სტუმრად მოუხმობს, რათა მისი მეოხებით წინ გაიჭრას, სულს ცოდვით იმძიმებს, ეპოქის დანაშაულს თავად კისრულობს და შეჩვენების ღირსია. რამეთუ ნათქვამია: იფხიზლეთ და თვალი არ მოხუჭოთ! მაგრამ ეს ზოგს როდი ეპრიანება. ნაცვლად იმისა, რომ ჭკვიანურად ზრუნავდეს Qქვეყნის სასიკეთოდ, რათა ამ დედამიწაზე ადამიანმა უკეთ იცხოვროს, რათა ადამიანთა შორის ისეთი წესრიგი დამყარდეს, რომელიც მათ მშვენიერ ქმნილებებს კვლავ მყარ საფუძველზე დააყენებს და პატიოსნად დამკვიდრების საშუალებას მისცემს, ზოგი სწორი გზიდან უხვევს და ჯოჯოხეთურ ზარხოშს ეძლევა, სულს იწყმედს და სანაგვეზე ხვდება, ვითარცა მძორი და ლეში”.
    არაფერი ისე უცხო არ არის თომას მანისთვის, ამ “გამოუსწორებელი” დიალექტიკოსისა და დიდი ხელოვანისთვის, როგორც სიკეთისაკენ სწორხაზოვანი მოწოდება და ბოროტების სწორხაზოვანი გმობა. მაგრამ ამ რომანს ხომ იგი მეორე მსოფლიო ომის დროს და მის მომდევნო წლებში წერდა, ემიგრაციაში მყოფი, სამშობლოდან მისთვის ესოდენ საძულველ ნაციზმს გამორიდებული. იმ დროს მას, ამერიკის შეერთებულ შტატებს თავშეფარებულს, ომით დაქანცული და გაჩანაგებული მსოფლიო დაძაბული უგდებდა ყურს და იმედიან სიტყვას ელოდა მისგან… ამ ეპიზოდში იგი თავისი და თავისი პერსონაჟის მთავარი სათქმელის პროპაგანდისტულ პათოსს გამოხატვის მანერით მნიშვნელოვნად ანეიტრალებს.
    არ მაგონდება სხვა ნაწარმოები, სადაც არქაულ სტილურ ელემენტს მსგავსი ფუნქცია ჰქონდეს დაკისრებული.
    ახლა კი, მოდით, იმ ძირითადი სტილური პლასტის ნიმუშიც ვნახოთ, რომლის ფონზე უნდა წარმოჩნდეს არქაიზებულ პასაჟთა ზემოთ აღნიშნული ნიუანსები. ის ეპიზოდი შევარჩიე, სადაც სტუდენტური ექსკურსიებია აღწერილი. იგი ყურადღებას იქცევს თომას მანისთვის დამახასიათებელი (დავწერე ეს სიტყვა და გამახსენდა ფრაზა ამავე რომანიდან: “ჩვენ ხომ მუდამ გვახალისებს ის, რაც დამახასიათებელია”), დიახ, ეს ეპიზოდი ყურადღებას იქცევს მოვლენის თომას მანისთვის დამახასიათებელი სკრუპულოზური ანალიზით, მისი “მისწრაფებით კრიტიკული სიზუსტისადმი” (დალი ფანჯიკიძე), რაც ამ შემოქმედის თავისებური და განთქმული ირონიის საფუძველია:
    “…ზურგჩანთააკიდებულნი… მთელი დღე დავეხეტებოდით მომთაბარე ქარგლებივით, საჭმელს სოფლის ფუნდუკებში შევექცეოდით, ხშირად კი პირდაპირ მიწაზე ვშლიდით სუფრას, სადმე ჭალის პირას, ღამე კი არაერთხელ გაგვითენებია ვისიმე საბძელში… ქალაქელთა და გონებრივ მუშაკთა ასეთ წამიერ ზიარებას პრიმიტიულ სოფლურ ცხოვრებასთან, დედამიწასთან, როდესაც იცი, რომ, რაც უნდა იყოს, სულ მალე ისევ დაუბრუნდები შენთვის ჩვეულ “ბუნებრივ” ნებიერ ბიურგერულ ყოფას, ასეთ ნებაყოფლობით უკან დახევასა და სისადავეს მუდამ მეტ-ნაკლებად აზის ხელოვნურობის, ბატონკაცურობის, დილეტანტიზმისა და კომიზმის დაღი, რასაც ჩვენ დიახაც ვგრძნობდით და რაზედაც მიუთითებდა ალბათ ის გულკეთილი, მაგრამ დამცინავი ღიმილი, რომლითაც შეგვათვალიერებდა ხოლმე ზოგიერთი გლეხი, როდესაც ქვეშაგებად ჩალას ვთხოვდით”.
    ვნახოთ აგრეთვე რამდენიმე ჩინებული ფრაზა, ჩინებულადვე თარგმნილი, რომელნიც კონტექსტს მოწყვეტილნიც წარმატებით აგრძელებენ ღირსეულ არსებობას, ვითარცა აფორიზმები ან პარადოქსული თქმანი:
    “ჩემი აზრით, თეოლოგია საერთოდ არასოდეს არ შეიძლება ახალი დროისა იყოს, რაც მას დიდ უპირატესობად უნდა ჩავუთვალოთ”;
    “პიკანტურიც კი ნაკლებად პოპულარული ხდება, როდესაც ერთობ დახვეწილია”;
    “განდგომილება რელიგიური აქტია, ყოველივე ღმერთში არსებობს და ღმერთშივე ხდება, განსაკუთრებით კი მისგან განდგომა”;
    “თავისუფლებას მუდამ აქვს საკუთარი თავის წინააღმდეგობად გადაქცევის დიალექტიკური მიდრეკილება”;
    “ჭეშმარიტი ვნება მარტო ორაზროვან ამბებში არსებობს და ისიც, როგორც ირონია”;
    “საზღვრების გავლება უკვე მათ გადალახვას ნიშნავს”.
    ნებისმიერი თარგმანის დახვეწა დაუსრულებლად შეიძლება და სარეცენზიო თარგმანში მეც ჩავასწორებდი ზოგ რამეს.
    505-ე გვერდზე, იქ სადაც ადრიანთან გამომცემლის ვიზიტზეა საუბარი, ვკითხულობთ: “…ლევერკიუნს სთხოვა: – იქნებ გამანდოთ, ამჟამად რაზე მუშაობთო, – ადრიანმაც ორატორია დაუსახელა. – პირველად? ეჭვი მეპარება! – დასძინა სტუმარმა და აღარ მოეშვა, ვიდრე…”
    “პირველად? ეჭვი მეპარება!” – ეს სტუმრის სიტყვები არ არის, ისინი მთხრობელს ეკუთვნის და გულისხმობს: ეჭვი მეპარება, რომ ამ ორატორიის შესახებ სტუმარს პირველად ახლა, ავტორისაგან შეეტოო. წინა ფრაზაც – “ადრიანმაც ორატორია დაუსახელა” – შესაბამისად ასე უნდა გადაკეთდეს: “და ორატორიის ამბავი მოისმინა” (იგულისხმება, რომ ადრიანისგან მოისმინა).
    ერთგან რიუდიგერ შილდკნაპზე ნათქვამია: “წამდაუწუმ იცოდა ხოლმე თქმა: – კაი იქნებოდაო. ეს გამოთქმა ფორმულასავით ჰქონდა…” (გვ. 216).
    ეს “ფორმულასავით” გამოთქმა დედანში, ცხადია, ყოველთვის უცვლელად მეორდება (man sollte), თარგმანში კი, 243-ე გვერდზე, მისი ახალი ვარიანტია: “ურიგო არ იქნებოდა”. საჭიროა ამათი უნიფიცირება, მით უფრო, რომ იქვე ვკითხულობთ: “- სულ შილდკნაპივით დავიწყე ლაპარაკი, ურიგო არ იქნებოდა-მეთქი! ვინ იცის, რამდენი რამე არ იქნებოდა ურიგო!” (ეს ადრიან ლევერკიუნის სიტყვებია).
    ასევე აუცილებელია შილდკნაპის მიერვე ამოჩემებული მეორე ფრაზის – Besichtigen Sie jenes – უნიფიცირებაც, რომელიც თარგმანის 215-ე, 257-ე და 276-ე გვერდებზე სხვადასხვა ვარიაციით გვხვდება.
    ერთგან ვკითხულობთ: “განსაკუთრებით სოლომონ “ბრძენზე” იყო ამხედრებული და ისე გაწიწმატებით ესხმოდა თავს, რომ…” (გვ. 364). ადვილად შესამჩნევი უხერხულობა რომ თავიდან ავიცილოთ, უმჯობესია ასე დაიწეროს: “…სოლომონ “ბრძენის” წინააღმდეგ იყო ამხედრებული…”.
    ორ ადგილას უმართებულებულოდ არის ნახმარი ზმნა “გახლავთ”: “…უპასუხა: ასეთ ქალბატონს არ ვიცნობო, მაგრამ თავის მხრივ აღარ შეჰკითხვია, ვინ გახლავთო” (გვ. 505) და – “აი ის ბატონი, მაგიდას რომ უზის, ვინ გახლავთო” (გვ. 640). ორივე შემთხვევაში “ვინ გახლავთო”-ს ნაცვლად უნდა იყოს “ვინ არისო”.
    მსგავსი წვრილმანი ლაფსუსები და კორექტურული შეცდომები კიდევ შევნიშნე ამ დიდებულ ნაღვაწში, მაგრამ მათზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ და იმასღა შეგახსენებთ, რომ “დოქტორი ფაუსტუსი” რიგით მეხუთეა თომას მანის ქართულად გამოცემულ რომანთაგან. მას წინ უსწრებდა დალი ფანჯიკიძის თარგმნილი “ბუდენბროკები”, “ჯადოსნური მთა”, “ფელიქს კრული” და შალვა პაპუაშვილის მიერ გადმოქართულებული “ლოტე ვაიმარში”; მეექვსე – “იოსები და მისი ძმები” – ახლა იბეჭდება ჟურნალ “საგურამოში” (ნანა გოგოლაშვილისა და ირაკლი სურგულაძის თარგმანი). რამდენჯერმე გამოვიდა ქართულად თომას მანის მოთხრობების და ახლახან ესეების კრებულიც (თარგმნა რუსუდან ღვინეფაძემ). ასე რომ, დიდი გერმანელი მწერლის გამოცემათა “ქართული თარო” უკვე საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

    სტატია გამოქვეყნდა 2002 წელს

    © “წიგნები – 24 საათი”
  • რეცენზია

    "საბავშვო ენციკლოპედია"

    დალი კუპრავა
    დაგვიანებული, მაგრამ კარგი მეგობარი

    “საბავშვო ენციკლოპედია”. ჯეინ ელიოტი და კოლინ კინგი. ქართული გამოცემა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”,2002 წელი.

    გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებამდე “ენციკლოპედიური განათლება” შინაარსით დატვირთული და რეალისტური გამოთქმა იყო. დღეს კი, როგორც ამბობენ, ინფორმაციულ ოკეანეს მხოლოდ კომპიუტერი თუ გადასერავს, ადამიანს მხოლოდ ცოდნის მინიმუმი და ინფორმაციის მოპოვების უნარ-ჩვევები სჭირდება.
    საქართველო ჯერ არც ისე ციფრულია და მკითხველიც ქართულენოვანი ენციკლოპედიებით არც ისე განებივრებული, რომ ორმოცწლიანი შესვენების შემდეგ ქართული საბავშვო ენციკლოპედიის გამოსვლა არ გვიხაროდეს.
    “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა ჯეინ ელიოტისა და კოლინ კინგის “საბავშვო ენციკლოპედია”. წიგნის ქართული თარგმანი ანა ჭაბაშვილსა და ნოდარ ლადარიას ეკუთვნით.
    საბავშვო ენციკლოპედია ფერადია და უხვად ილუსტრირებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ილუსტრაცია, სურათი, როგორც ცნობილია, კიდევ უფრო აძლიერებს აღქმას და ინფორმაციის სრულ ათვისებას ეხმარება.
    ენციკლოპედიას წინ უძღვის შინაარსობრივი და ბოლოვდება ანბანური თუ საგნობრივი სარჩევით. თუ ბავშვი მოინდომებს ზოგადად მეცნიერების შესახებ ინფორმაციის მიღებას, მან მე-100 გვერდიდან 116-ე გვერდამდე უნდა წაიკითხოს, ხოლო თუ მას აინტერესებს უდაბნო, მაშინ სარჩევის შესაბამისად მე-2, მე-19 და 56-ე გვერდებს მიმართავს.
    შინაარსი ხუთი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ჩვენი პლანეტა, ბუნება, ისტორია, ადამიანები და მეცნიერება. რაც შეეხება დანართს, მასში არანაკლებ საჭირო და
    საინტერესო ინფორმაციაა მოთავსებული: აქ გვესაუბრებიან სრულიად ბუნებრივ ძალებზე, ახალ ტექნოლოგიებზე და ისეთ “გაბუნებრივებულ” საგნებზე, როგორიცაა მტვერსასრუტი, ქურები, აბაზანა თუ საკერავი მანქანა.
    ენციკლოპედია ესაუბრება მკითხველს, ტექსტის ინტონაცია ქმნის განცდას, რომ წიგნი მხოლოდ “შენ” გიხსნის და განდობს ამბავს, რაც კარგი ტონია ბავშვისთვის განკუთვნილი წიგნისთვის, არა აქვს მნიშვნელობა თვითონ კითხულობს, თუ სხვა უკითხავს.
    შინაარსის და ფორმის მიხედვით წიგნი რეკომენდირებულია მცირე საბავშვოასაკიდან
    ადრეთინეიჯერულამდე, როგორც ახლა მოიხსენებენ 13-14 წლის მოზარდებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უფროსმა თინეიჯერებმა არ უნდა გადაშალონ, თუ აინტერესებთ.
    ენციკლოპედიიდან შეიტყობთ თუ როდის და როგორ ცეკვავენ ფუტკრები, როგორ ნადირობდნენ ადამიანები მამონტზე, ან რატომ იყიდება აუქციონზე ნივთები ძვირად…
    ერთი სიტყვით, ეკვატორიდან დაწყებული ყველაფერს შევიტყობთ, მათ შორის იმასაც, რომ ცხოველთა უმეტესობა ფერებს ვერ არჩევს და კორიდაზეც ხარს წითელი ნაჭერი კი არა, მხოლოდ მისი რხევა აბრაზებს.
    ერთადერთი, რაც შეიძლება უსურვო ქართველ ბავშვებს, რომ მალე ორიგინალური ქართული საბავშვო ენციკლოპედია შეადგინონ და გამოსცენ ქართველმა ავტორებმა და გამომცემლებმა.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • რეცენზია

    აგოტა კრისტოფი – საერთო რვეული.

    სოსო ტაბუცაძე
    შეჯიბრი ყოფნაში
    აგოტა კრისტოფი. საერთო რვეული. თარგმანი მედეა ზუბალაშვილისა. ყდის დიზაინი სოფიო კინწურაშვილისა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2001.

    საქართველოში ლიტერატურის ფართო მკითხველისათვის აგოტა კრისტოფი უცნობი სახელია. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებამდე უცნობი იყო იგი ევროპელი მკითხველისთვისაც, ვიდრე 1986 წელს, უნგრული წარმოშობის შვეიცარიელი მწერალი ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნებდა რომანს, რომელიც კრიტიკოსებმა მეოცე ასწლეულის “ყველაზე ულმობელ წიგნად” მონათლეს და რომელსაც, ფრანგ კრიტიკოსთა მოწმობით, ლიტერატურაში აფეთქების ეფექტი ჰქონდა.
    ამ კალამბურული გვარ-სახელის მქონე მწერლის თხზულება “Le Crand Cahier” – “სქელი” თუ “საერთო რვეული” (ქართული თარგმანის ავტორმა, ქალბატონმა მედეა ზუბადალაშვილმა ეს უკანასკნელი ვერსია არჩია) – თხუთმეტი წლის შემდეგ ჩვენშიაც გამოქვეყნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ვიცი, დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პრობლემაა და არა მწერლის ან გამომცემლის, მით უფრო რომ სოფიო კინწურაშვილის მიერ შესრულებული ყდის დიზაინიც ძალზე მიმზიდველსა ხდის თაროზე შემოდებულ “საერთო რვეულს”, რომლის ავტორის გვარ-სახელიც ყველას ფსევდონიმი ჰგონია. თუ მაინც ფრანგ კრიტიკოსთა მიერ ხაზგასმულ “ულმობლობას” გავიხსენებ, მაშინ იმის თქმაც შეიძლება, რომ იგი არა მხოლოდ გვარ-სახელის კალამბურულობით, არამედ “ულმობლობითაც” მიაგავს თავშესაქცევი დეტექტივების ვირტუოზულ მთხზველ ლედის – აგატა კრისტის, რომელმაც მწერლური მოღვაწეობა ჰოსპიტალის აფთიაქში მუშაობისას, წამლების ჩამორიგების შემდეგ მორჩენილ თავისუფალ დროს გასართობი სიუჟეტების წერით დაიწყო. აგოტა კრისტოფმა კი სადაგი ყოფის გარდათქმა “ტექსტთან ახლო” არჩია და შეურევნელი რეალობა და “შიშველი სიმართლე” ასახა. ასეა დანახული რომანის გმირების მიერ ის სამყარო, რომელსაც მწერალი პერსონაჟების თვალთახედვით აღწერს. აღწერილის ქარგა კი ასეთია: ომი დასასრულს უახლოვდება, დედაქალაქიდან პატარა საზღვრისპირა ქალაქში დედას ტყუპი ვაჟიშვილი ჩამოჰყავს. დიდ ქალაქს ბომბავენ, შიმშილობაა. აქ კი ბებია ცხოვრობს, რომელსაც ყველა “კუდიანს” ეძახის, რადგან, როგორც ამბობენ, საკუთარი ქმარი მოუწამლავს. ამ ამბის შემდეგ ქალიშვილი აქ აღარ გამოჩენილა. ვერ იტანს დედას, მაგრამ გაჭირვებამ კვლავ მასთან მიიყვანა. ათი წლის შემდეგ დედასა და ქალიშვილს შორის გამართულ დიალოგს ფანჯარასთან ჩაცუცქული ბიჭებიც ისმენენ და მათთვის უკვე ნათელი ხდება, თუ სად მოხვდნენ. ბებია იტოვებს შვილიშვილებს იმ პირობით, რომ ბიჭებს თავის ყოველდღიურ მძიმე საქმიანობაში მოიხმარს და ამუშავებს: “დამაცადეთ, გაგაგებინებთ, რა სიმწრის ფასად მოიპოვება ეს ყველაფერი”. ბებიის ამ მუქარაზე ბიჭების რეაქციაც შესაბამისია: “ჩვენ ბებიას ენას ვუყოფთ. ის … ხმამაღლა ხითხითებს, თან თეძოებზე ხელებს იტყაპუნებს”. დედა გაბრუნდება, ხოლო ბებია-შვილიშვილების ასეთი “სიამტკბილობით” დაწყებული ურთიერთობა ამავე ნოტაზე გაგრძელდება ქვეყნიერების ამ ყურეში, სადაც ომის ჯერ მხოლოდ ექო აღწევს…
    ტყუპების შემდგომი ყოფა არის ერთგვარი შესავალი ტანჯვის ანესთეზიაში ანუ რაღაცნაირი მზადება უფრო მძიმე და აუტანელი ცხოვრებისათვის. ამიტომ შემთხვევით არ მიწოდებია მათთვის გმირები, რადგან ისინი მართლა ასეთები არიან: ითმენენ, უძლებენ, წინააღმდეგობებს გადალახავენ და ამ გულგრილ და თანაგრძნობისგან განძარცვულ გარემოს თავის კოლოსალურ ნებისყოფას უპირისპირებენ:
    “ბებია ხშირად გვცემს – ხელით იქნება, ცოცხითა თუ სველი ტილოთი. ყურებითა და თმებითაც ხშირად გვითრევს.
    ვერ გაგვიგია რატომ, მაგრამ სხვებიც არ გვაკლებენ ცემა-ტყეპასა და პანღურს”. ამ ყველაფერს ხომ გაძლება უნდა და ბიჭებიც გამძლეობაში იწყებენ ვარჯიშს. ეს კი ასე გამოიყურება: “გადავწყვიტეთ სხეული ისე გავიკაჟოთ, რომ ტკივილი უცრემლოდ გადავიტანოთ.
    თავდაპირველად ერთმანეთს ვცემთ და ვჟეჟავთ.
    შიშვლები ვართ და ერთმანეთს ქამრით კარგად ვახურებთ.
    ხელი ცეცხლზე გვიჭირავს, დანით ბარძაყს, ხელსა და მკერდს ვისერავთ და ზედ არაყს ვისხამთ, თან ერთთავად ვიმეორებთ:
    – არა მტკივა!
    მალე მართლაც დავკარგეთ ტკივილის შეგრძნება”.
    ასე მოუღლელი სიბეჯითით აგრძელებენ ბიჭები ვარჯიშებს “შიმშილში”, “მათხოვრობაში”, “სისასტიკეში”, “ლანძღვა-გინების ატანაში”, “გრძნობათა წრთობაში” და ყველა იმ მოსალოდნელ უბედურებაში, რასაც მათ სასტიკი ცხოვრება უმზადებს.
    “უბედურება” ვახსენეთ და ეს მხოლოდ ჩვენეული შეფასებაა, ხოლო მათთვის ყველაფერი უკვე რიგით მოვლენად აღიქმება. და, საერთოდ, ამ რომანში შეფასებათა და რაიმეგვარ მორალურ რეფლექსიათა ნატამალიც არ არის. აქ ყველაფერი ისეა აღბეჭდილი, როგორც ხდება ანუ როგორც ბიჭები ხედავენ და იწერენ საერთო რვეულში. “კარგი” და “ცუდი”, “სიკეთე” და “უკეთურობა” და სხვა რაიმე გრამატიკული, ომონიმური ფორმები თუ ცხოვრებისეული ოპოზიციები სრულიად ზედმეტია აგოტა კრისტოფის ენისათვის. აქ წამლად ვერ იპოვით ეპითეტს, მეტაფორას ან ფრაზეოლოგიურ კონსტრუქციას; მოვლენებთან რაიმეგვარ ემოციურ მიმართებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ აგოტას შემოქმედებას (ყოველ შემთხვევაში, “საერთო რვეულის” მიხედვით, რომელიც ტრილოგიის პირველი ნაწილია) მე ვუწოდებდი “უნაშთო პროზას”, რადგან აქ სიტყვა და ქმედება ერთმანეთს ფარავს, ერთმანეთს უდრის და ერთიერთზეა. ენა თავისი რესურსის მინიმუმს ავლენს და მხოლოდ მაშუალის ფუნქცია აკისრია. ეს ფუნქცია კი შეურევნელი სიმართლის ასახვას გულისხმობს და მწერლისა და მისი გმირების (ისინი ხომ ერთდროულად წერენ!) შემოქმედებითი მეთოდიც ეს არის. აი, რა წერია ტყუპების რვეულში: “თხზულება უნდა იყოს მართალი, უნდა აღვწეროთ რა ხდება, რას ვხედავთ, რა გვესმის და რას ვაკეთებთ.
    მაგალითად, არ შეიძლება დავწეროთ “ბებია კუდიანს ჰგავს”, მაგრამ შეიძლება დავწეროთ ასე: “ხალხი ბებიას კუდიანს ეძახის”.
    არ შეიძლება დავწეროთ “პატარა ქალაქი ძალიან ლამაზია”; ხომ შეიძლება პატარა ქალაქი ჩვენ გველამაზებოდეს და სხვას არ მოსწონდეს”.
    მოწონება გრძნობის გამომჟღავნებაა და იგი სრულიად ზედმეტი მარაგია თავისი ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის გამო. მოწონება მიჯაჭვულობასაც ნიშნავს, ისევე, როგორც სიზუსტესა და ობიექტურობას მოკლებული სიტყვა “სიყვარული” და ამიტომ ერიდებიან ბიჭები გრძნობათა აღმნიშვნელ სიტყვებს: “ყოველთვის ჯობს მოერიდო მას და უბრალოდ აღწერო საგნები, მოვლენები, ადამიანები და საკუთარი თავი – სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიჰყვე ფაქტების მიუკერძოებელ გადმოცემას”. ეს არის ძმების კრედო და მწერლის პოზიცია. მოკლედ რომ ვთქვათ, აგოტა კრისტოფმა შექმნა ერთი გაბმული მეტატექსტი, რომლის კითხვის დაწყება თუ შეძელით, დასრულება უკვე თქვენზე აღარ იქნება დამოკიდებული, რადგან მწერალი ისეთ მოვლენებში გაგხვევთ, რომ ტექსტის თამაშის პირობებს ბოლომდე ვერ დააღწევთ თავს.
    დაწყებით კი, როგორც უკვე ვთქვით, “წიგნიც” და “რვეულიც” ამ პატარა ქალაქში ჩამოსვლით იწყება: “მთელი ღამე ვმგზავრობდით. დედას თვალები დასწითლებია. მას ვეება ყუთი მოაქვს, ჩვენ კი, ორ ბიჭს პატარ-პატარა ჩემოდნები… მოგვაქვს აგრეთვე მამისეული სქელი ლექსიკონი. ხელები მალ-მალე გვეღლება და ლექსიკონიც რიგრიგობით მოგვაქვს”. შემდეგ ამ ლექსიკონს ბებიის სახლის სხვენზე ნაპოვნი ბიბლიაც ემატება და ბიჭების სწავლა-განათლების სტრატეგიაც ამ წიგნებს უკავშირდება: “ლექსიკონი გვჭირდება მართლწერისათვის, სიტყვათა მნიშვნელობის შესასწავლად და კიდევ იმისათვის, რომ შევისწავლოთ ახალი სიტყვები, სინონიმები და ანტონიმები.
    ბიბლიას ვიყენებთ ხმამაღალი კითხვის გაკვეთილებისათვის, კარნახისა და ტექსტების დაზეპირებისათვის”. ბიჭებისთვის წმინდა წიგნებს სხვა ფუნქცია არა აქვთ. მათ მხოლოდ პრაქტიკული მხარე აინტერესებთ. ის, რაც ყოველდღიურობაში გამოადგებათ და “საერთო რვეულის” შევსებაში დაეხმარებათ. სხვა დანარჩენი ფარისევლობად ესახებათ. მღვდლის შეკითხვაზე, – კითხვა თუ მაინც იცითო, – ბიჭები ცქვიტად უპასუხებენ: “- ჩვენ ყველაფერი ეს ვიცით, ბატონო. ბიბლია გვაქვს, და ძველი აღთქმაც და ახალი აღთქმაც უკვე წავიკითხეთ… ზოგიერთი თავი ზეპირადაც ვიცით.
    – თქვენ აბა ათი მცნებაც გეცოდინებათ. იცავთ კი მას?
    – არა, ბატონო, არ ვიცავთ. და არც არავინ იცავს. ნათქვამია, “არა კაც კლაო”, მაგრამ ყველა მარტო იმას ცდილობს, რომ მოკლას”. განიარაღებული მღვდელი ვერაფერს უპასუხებს და “- რას იზამ, ომიაო” – ჩაილაპარაკებს; მაგრამ ბიჭებს კიდევ უფრო “პრაქტიკული”, ისტორიასა და გეოგრაფიაზე დაწერილი წიგნები აინტერესებთ. “- მოგონილ კი არა, ნამდვილ ამბებზე დაწერილი წიგნებიო” – აზუსტებენ თავის ინტერესებს და მღვდელიც თავისი ბიბლიოთეკიდან ამგვარი წიგნების შერჩევას სამომავლოდ პირდება. ტყუპი ძმის ამგვარ პრაქტიკულ ზრახვათა შორის განსაკუთრებული ადგილი საერთო რვეულის ჩანაწერებს ეთმობა, რადგან სწამთ, რომ, – ადამიანი იმისთვის იბადება, რათა წიგნი დაწეროს… არა აქვს მნიშვნელობა, გენიალური თუ საშუალო; მაგრამ ვინც არაფერს დაწერს – დაკარგული ადამიანია; მან მხოლოდ განვლო დედამიწაზე და კვალი არ დატოვა. ბიჭებიც სწორედ ამ კვალისათვის იღვწიან რუდუნებით და ავსებენ და ავსებენ საერთო რვეულს და ამავე ტელეგრაფული სტილით იწერება აგოტას წიგნიც. იგი ცდილობს სიმართლის მოთხრობას არა იმდენად ომსა და საბჭოთა ოკუპაციაზე, რამდენადაც ადამიანის შინაგანი სამყაროს იმ ძვრებზე, რომელსაც ეს ისტორიული რეალიები მხოლოდ ფონად ევლინება. ამიტომ სულაც არაა შემთხვევითი, რომ რომანში ვერ აღმოაჩენთ ვერც ერთ გეოგრაფიულ პუნქტსა და დასახელებას. უნგრეთის დედაქალაქი მხოლოდ “დიდი ქალაქია”, ხოლო ავსტრიის საზღვარზე მდებარე ქალაქი, სადაც ბიჭები ჩამოიყვანეს – “პატარა ქალაქი”; “უცხოელი ოფიცერი” – გერმანელია, ხოლო “ახალი უცხოელები” – რუსები.
    მოვლენათა კალეიდოსკოპურ ცვალებადობაში ტყუპები სრულიად თავისებურ ზნეობრივ ნორმებს გამოიმუშავებენ. სკაუტების მსგავსად, ვარჯიშთა მათ მიერ შექმნილი კომპლექსები ისეთ იმუნურ უნარებს უყალიბებთ, რომ ძნელად თუ რამე გამოიყვანს მათ წონასწორობიდან: ყველაზე დიდი შოკი კურდღლისტუჩასა და მათი ძაღლის “სექსუალურ თამაშს” უნდა გამოეწვია, მაგრამ კრისტოფის გმირები არამიწიერი სიმშვიდით შეჰყურებენ რომანის ამ ყველაზე უჩვეულო და ამიტომაც შთამბეჭდავ სცენას; ეგ კი არა, იქით ამხნევებენ უსიყვარულობით გატანჯულ (“მარტო ცხოველებს ვუყვარვარ”) კურდღლისტუჩას: – ჩვენ არასოდეს არავის არაფერს ვუყვებით. შეგიძლია გვენდო.
    უფროსი ბავშვები პატარებს ჩაგრავენ. ადგილობრივებს დედები ჰყავთ ქომაგად. ტყუპებს გამომსარჩლებელი არა ჰყავთ: “ჩვენც ვიარაღდებით: ქვებს ისე ვამტვრევთ, რომ ბასრი პირი ჰქონდეს, წინდას ვტენით სილითა და წვრილი კენჭებით. გვაქვს სამართებელიც – იგი სხვენში კომოდში, ბიბლიის გვერდით ვიპოვეთ. საკმარისია სამართებელი ამოვიღოთ, რომ დიდი ბიჭებიც გარბიან”. ბიჭებს სამართებელი არ აუმოქმედებიათ, მაგრამ მათი “სისასტიკის ვარჯიშების” მცოდნე მკითხველმა უკვე იცის, რომ იარაღი, თუკი საქმემ მოითხოვა, საიმედო ხელს უპყრია.
    – გოჭის ან ქათმის დაკვლა როცა მოგინდეთ, გვითხარით, ჩვენ დაგიკლავთ ხოლმეო, – ემუდარებიან ბიჭები ბებიას.
    “- რაო, ეს საქმე მოგწონთ თუ რა?
    – არა, ბები, სწორედ იმიტომ, რომ არ მოგვწონს, გვინდა შევეჩვიოთ”. და ბიჭებიც ეჩვევიან. იწყებენ თევზების თავის გაჩეჩქვით, გადადიან “საჭმელად განდევნილ ცხოველებზე” – ქათმებზე, კურდღლებზე, იხვებზე. მერე ისეთი ცხოველების ხოცვას იწყებენ, “რომელთა დახოცვასაც აზრი არა აქვს. ვიჭერთ ბაყაყებს, ვაჭედებთ ფიცრის ნატეხზე და ვუფატრავთ მუცელს, ვიჭერთ პეპლებს და ქინძისთავით მუყაოზე ვაბნევთ.
    ერთხელაც ჩვენს წითურ კატას ვკიდებთ ხეზე. ჰკიდია, ჰკიდია და ნელ-ნელა ისე გაიწელა, რომ უზომოდ დაგრძელდა. კატა იკრუნჩხება და იგრიხება. მოძრაობას რომ წყვეტს, თოკს ვჭრით. კატა ბალახებზე გაჭიმული უგრძნობლად წევს, მაგრამ მერე უეცრად წამოხტება და გაიქცევა”.
    კრისტოფის გმირები არც სამრევლო ეკლესიის მღვდლის შანტაჟს ერიდებიან, რათა ცოტაოდენი ფული წასცინცქლონ და გაჭირვებულ კურდღლისტუჩასა და ლოგინად ჩავარდნილ დედამისს შეეწიონ. საჭიროების შემთხვევაში აპურებენ მათ, მაგრამ იმავე “საჭიროებისას” სიკვდილს მონატრულ კურდღლისტუჩას დედას (თვით კურდღლისტუჩას საბჭოთა ჯარისკაცებთან ორგიისას ამოხდა სული) ყელს გამოჭრიან და ტვირთად ქცეული სიცოცხლისაგან ათავისუფლებენ: “ჩვენ მას სამართებლით ყელს ვჭრით, მერე არმიის სატვირთო მანქანიდან ბენზინს ვიღებთ, ვასხამთ მკვდარსაც და სახლის კედლებსაც, ცეცხლს ვუკიდებთ და შინ მივდივართ”. ასე გულგრილად მოქმედებენ კრისტოფის გმირები და ისინი არასოდეს განიცდიან სიბრალულის მსგავს რაიმე განცდას; სინდისის ქენჯნაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. და მაინც საოცარი რამ ხდება: ტყუპ ძმებს ვერ შეიძულებ. პირიქით კი შეიძლება მოხდეს… ან უფრო სწორი იქნება, თუ ისევე “სულერთიად” წაიკითხავ წიგნს, როგორც კრისტოფის გმირები ცხოვრობენ.
    დაბოლოს, ჩემ მიერ არცთუ მწყობრად განსჯილი აგოტა კრისტოფის “საერთო რვეულის” პასაჟები თამაშად და მღერად მოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, რასაც ტყუპები რომანის ბოლოს სჩადიან.
    ამაზე კი შეგნებულად არ ვამახვილებ ყურადღებას…
    “ყველაზე ულმობელი წიგნიო” – კრიტიკოსებმა.
    მგონი, არ უნდა ცდებოდნენ.

    © “წიგნები – 24 საათი”