• კრიტიკა,  პოლემიკა

    ლალი ავალიანი – მარგინალიები ერთი "ანალიტიკური ეპატაჟის" გამო

    პოეტის მთელი შემოქმედება,
    მისანო, ხელისგულზე გიშლიათ……
    არ გღრღნით ეჭვები (არც გაქვთ ისინი!)…
    სულს სხვისას სუროს ხლართით ერთვებით!
    …ო, არაფერში თქვენ არ შეცდებით
    (თავდაჯერება – მეცხრე ცაზეა!):
    “იქნებ”… “ეგების”…
    “ვფიქრობ, ასეა”… –
    ამაებს ყველას ყავლი გასვლია!
    “მშურს, ბატონებო, ეგ ფანტაზია!”

    ანა კალანდაძე – “მიჯნათაშორისის პოეტი”

    რაც მართალი, მართალია: უყვარს ზაზა შათირიშვილს ეპატაჟურ-ეფექტური, მდაბიურად რომ ვთქვათ, მყვირალა სათაურები. მაგალითად, – “ნარატივის აპოლოგია” (სხვათა შორის, საინტერესო წიგნია), ანდა, მთლად უკეთესი – “ნაციის დაბადება ბიზანტიური გეტოდან”; ზოგადად “ნაცია” არ გეგონოთ, 21-ე საუკუნემდე შრომით, ბრძოლით, მშვენიერების მსახურებით, ვაი-ვიშით და ტაშ-ფანდურით მოღწეულ, ჯერ კიდევ ნირუცვლელ ქართველობაზეა საუბარი. გეტო?! Aამის წამკითხავი, ძრწოლამ მომიცვა; ჰიტლერ-მუსოლინის მოლანდებები და, რატომღაც, თომას მანის ძველი, რუსულად ძვირფასად თარგმნილი სტატიის («Фридрих Ницше в свете нашего опыта») ასოციაცია გამიჩნდა, შემდეგ ძალდაუტანებლად ამოტივტივდა შათირისეული სათაურის პირველწყარო – “ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან” (ნიცშე).
    ამგვარ სათაურთა წყებას განეკუთვნება “არტისტული ყვავილებიდან ARTყვავილებამდე” (კვლავ ასოციაცია: ტარიელ ჭანტურიას “დინოზავრიდან დიზაინამდე”).
    ზაზა შათირიშვილის სტატიას რეზო გეთიაშვილის ლექსების პუბლიკაცია მოსდევს. კიდევ კარგი, რომ ჯერ ლექსები წავიკითხე და მერე ზემოხსენებული წერილი ანუ “გეთიაშვილის აპოლოგია”, თორემ იქნებ მრუდე სარკეში დამენახა პოეტი (რასაც ნამდვილად არ იმსახურებს).
    ზაზა შათირიშვილმა, სანამ რეზო გეთიაშვილს “ნამდვილად დიდ პოეტად” და “გალაკტიონის ეპოქის დამასრულებლად” გამოაცხადებდა, ჰაიჰარად მიმოიხილა “მთელი” XX საუკუნის პოეზია: დიდი ჩავარდნებით თუ “ამოვარდნებით”, საკუთარი “ორიგინალური მეთოდოლოგიით”, – პოეტების “გეტოებში” მოქცევით (“მიჯნათაშორისი”, “მიჯნებამდე მისვლის გარეშე”, “მიჯნებმოშლილი”…), მათი სისტემატიზაციით, კლასიფიკაციითა თუ დახარისხებით, “შტრიხ-კოდების” ჩამორიგებით: “ცუდი”, “კარგი”, “მცირე”, “დიდი”, “ნამდვილად დიდი”, “პლაკატური”, “მთის ლირიკოსი”, “ბარის ეპიკოსი”, “პოეტური პოეტი”, “თითქმის გენიალური”, “ინგლისურენოვანი სკოლის” მიმდევარი, “კანონიკური”, “კონცეპტუალისტი”, “მინიმალისტი”, “ვერშემდგარი კონცეპტუალისტი”, “სტილიზატორი”, “რადიკალური მინიმალისტი” და ა.შ.
    არ ღირს ვრცელი მსჯელობა ავტორის უმეტესწილად უსაფუძვლო, უსაბუთო, მიკერძოებულ, ამასთან, – შეუვალი კატეგორიულობით გამოთქმულ მოსაზრებებზე, მხოლოდ ზოგიერთ, განსაკუთრებით ოდიოზურ ფრაგმენტს მივაპყრობ მკითხველის ყურადღებას.

    ***
    “გალაკტიონისა და ნიკო სამადაშვილის ამ ორ პოეტიკას შორის მერყეობდა ქართული პოეტური ენა XX საუკუნის 90-იან წლებამდე. ამიტომაც 1960-1990 წლების პოეზიას მიჯნათაშორისიც შეიძლება ვუწოდოთ. ამ 30-წლეულის ყველა მნიშვნელოვანი პოეტი უგამონაკლისოდ (?!) მოცემულ ორ პოეტიკას შორის მოძრაობს, ოღონდ მიჯნებამდე მისვლის გარეშე”.
    ამაზე ბუნდოვანი (პოეტი “ბუნდოვანი” არ გეგონოთ) დისკურსი იშვიათად შემხვედრია. Gგაუგებარია, საიდან იწყება XX საუკუნის ქართული პოეზიის ათვლა; გაუგებარია, ცამ ჩაყლაპა, მიწამ თუ ბერმუდის სამკუთხედმა 1900-1960 წლების ქართული პოეზია; ისიც კი გაუგებარია, დროითი სამანებია ნაგულისხმები თუ “მოძრავი” პოეტების ერთურთისაგან გამოყოფა-დაშორიშორება.
    განა გალაკტიონი “ცარიელ” სივრცეში აღმოცენდა? ნიკო სამადაშვილის პოეტიკის ზეგავლენა კი ერთობ შეზღუდული უნდა ყოფილიყო, თუნდაც იმის გამო, რომ მის პოეზიას ერთეულები იცნობდნენ…

    ***
    ნამდვილად გაუმართლა 60-80-იანი წლების ე.წ. “გამოჩენილ” პოეტებს (მათ შორის ზოგიერთს საკუთარი, ნოვატორული პოეტიკა აქვს და სხვისი ნასუფრალით არ საზრდოობს), ვინ იცის, რა იარლიყს მიაკრავდა მათ ავტორი (მურმან ლებანიძის პატრიოტული ლირიკის ინტიმური, თბილი ინტონაციები, “საუბრით” განდობა მკითხველთან, – “ქართულ პლაკატურ ნაციონალიზმად” არის მონათლული); Aარ გაუმართლა “გლობალური ფრაგმენტაციის” პერიოდის ოთხმოცდაათიანელებს, რომელნიც, სრულიად უსამართლოდ, ერთ ტაფაში არიან მოქცეულნი. Aარადა, ყველაზე ნიჭიერი და საიმედო ავტორები, ღვთის მადლით, საოცრად გამოირჩევიან ნაცრისფერ ფონზე. ზაზა შათირიშვილი ან ზედმეტად მკაცრია მათ მიმართ, ანდა, – ზერელედ იცნობს მათ შემოქმედებას (პირიქით კი უნდა იყოს, თუნდაც “გენერაციული” სოლიდარობის გამო).
    … “ჩვენს წინაშეა ვერშემდგარი “კონცეპტუალიზმი”.
    … ვერ ახერხებენ წინამორბედი პოეტების ესთეტიკურ სიმაღლეთა დაპყრობას.
    … “სტერილური ქართულის” მანკიერ ზეგავლენას ისინიც ვერ ასცდნენ.
    … ორიგინალური ლექსი თარგმანის შთაბეჭდილებას ტოვებს.
    … ყველა ზემოთ აღნიშნული პოეტი, ლამის უგამონაკლისოდ, საკმაოდ შეზღუდულად ფლობს ქართულ პოეტურ (და არა მხოლოდ პოეტურ) ენას.
    … სწორედ ცინიზმი და პოეტური ტრადიციის ცოდნა არ ყოფნით ჩვენს კონცეპტუალისტებს” და მისთანანი. ასეთია ავტორის დეკლარაციულ ბრალდებათა არასრული ნუსხა.

    ***
    ზაზა შათირიშვილი ქართულზე უფრო ხშირად ინგლისურ პარალელებს მიმართავს, მოიხმობს ინგლისელ ან ინგლისურენოვან ავტორებს და ავტორიტეტებს; მანვე აღმოაჩინა თანამედროვე ქართულ პოეზიაში “ინგლისურენოვანი სკოლა”, თუმცა არ დაუზუსტებია, რა იგულისხმება: ინგლისურის მცოდნე, ინგლისურიდან მთარგმნელი ქართველი პოეტები თუ ისინი, ვისი “ორიგინალური ლექსი თარგმანის შთაბეჭდილებას ტოვებს”. ყოველივე ეს, ცოტა არ იყოს, ბანალურ სნობიზმს წააგავს.
    ინგლისურ კვალს ეძიებს ავტორი რეზო გეთიაშვილის “მკვდრების მანიფესტში”: “ესაა ნამდვილი სამოქალაქო პოლიტიკური ლირიკა, რომელსაც ქართულ პოეზიაში სრულიად ახალი, გარკვეული აზრით, “ინგლისური” ინტონაცია შემოაქვს. “ინგლისურის” საფუძველი გასაგებია – ესაა მაჩაბლისეული შექსპირი, რომელიც რეზო გეთიაშვილის პოეზიაში შეუფარავად “ისმის”. …მაგრამ საქმე ისაა, რომ მაჩაბლისეული შექსპირი “მკვდრების მანიფესტში” “საკუთრივ შექსპირულად” ჟღერს – იმ ინტონაციით, რაც შექსპირის ერთი უმთავრესი “თვისებაა” – აფორისტული წყობის მედიტაციური პოლიტიკური რეფლექსია ძალაუფლებაზე. …გენიალურ მაჩაბელში იყო ეს შექსპირისეული პოლიტიკური პოტენციალი, რომელიც გეთიაშვილმა აიღო და “ახალ დროს” მოუცილებელი იარლიყი მიაწება”…
    80-იანი წლებიდან დღემდე, სამოქალაქო თუ პოლიტიკური სულისკვეთება გვხვდება სხვადასხვა თაობის ქართველ ავტორთა პოეზიაში, მხოლოდ მოძიებაა საჭირო. ასეც რომ არ იყოს, ეგებ, ზაზა შათირიშვილს “მკვდრების მანიფესტზე” ენაწყლიანი საუბრისას, ბესიკ ხარანაულის გახმაურებული ლექსი “მკვდრების სიმღერა” მაინც გახსენებოდა.
    მაჩაბლისეული შექსპირის “პოლიტიკური პოტენციალისა” რა მოგახსენოთ, მაგრამ პირადად მე “მანიფესტის” 14-მარცვლიანმა, ჯვარედინი რითმით გაწყობილმა სტროფებმა უფრო 10-20-იანი წლების არაკანონიკური ქართული სონეტის ჟღერადობა და ცისფერყანწელთა “სიმახინჯის ესთეტიკა” (“ვარდებით მოვა პროზექტურის სამი ტენორი”) გამახსენა, – ინტერტექსტუალური ჩანართებით (აკაკი, გალაკტიონი, ცისფერყანწელები, ირაკლი აბაშიძე…).

    ***
    რეზო გეთიაშვილს არავისთვის უთხოვია – “დიდ პოეტად მაქციეთო”; ვფიქრობ, რომ ღირსსაცნობი პოეტია, თუნდაც ასეთი მშვენიერი სტროფის გამო:
    საკუთარ თავს ვუვლი გარშემო, წლებია,
    მაგრამ მისასვლელი ვერ ვუპოვე,
    ათასუცნობიანს, უცნაურს, ათასათმცნებიანს.
    სიტყვები უკვე ზედიზედ ჭკნებიან და
    ყველა იმ ნანახის მეკუბოვე
    ვფიქრობ რომ ასეა, სიტყვებიც ჭკნებიან.

    ***
    ზაზა შათირიშვილი რომ ხელწამოსაკრავი ავტორი არ არის, ცნობილია. ამიტომაც მგონია, რომ ზემოხსენებული სტატიით “წაითამაშა”, იქნებ სატყუარაც კი გადმოგვიგდო, – ვნახოთ, რა მოხდებაო…

    P.S. სათაურის “ანალიტიკური ეპატაჟი” შოთა იათაშვილისაგან მაქვს ნასესხები, რის გამოც მადლობას ვუხდი “პოეზიისა და სიდიდეების” ავტორს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი ამბები,  კრიტიკა

    საქმე არც ისე ცუდადაა – ლიტერატურული პრემია "საბა"

    ნინო ხიდაშელი

    გამოქვეყნდა გასულ წელს, წერილი ეხება “საბა 2008”-ს.

    საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოების ცერემონიალი 5 ივნისის საღამოს თიბისი ბანკის შიდა ეზოში გაიმართა. ყველაფერი ისე იყო, როგორც უკვე მივეჩვიეთ – განათებული და მორთული ეზო, საზეიმო განწყობა, გახარებული ლაურეატები და ცოცხალი მუსიკა – თიბისი ბანკმა უკვე მეხუთედ მოუწყო ზეიმი მწერლებსა და ლიტერატურის მოყვარულებს.
    ლიტერატურულ პრემია “საბას” განსაკუთრებულ ხიბლს, ალბათ, მაინც ის სძენს, რომ ამ პრემიის ჟიურის მთელი წლის მანძილზე ქართულ ენაზე გამოცემული წიგნების შეფასება უწევს. “საბას” შორთ ლისტებიდან ნამდვილად შეიძლება იმის გაგება, ერთ წელიწადში რა მოხდა ქართულ ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო. ბუნებრივია, შესაძლებელია დავა იმის შესახებ, ვის მიენიჭა პრემია და ვის არა (“საბას” დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ამაზე, როგორც წესი, ბევრს და ენერგიულად კამათობენ ხოლმე), მაგრამ ამ პრემიის შორთ ლისტები ერთწლიანი ლიტერატურული პროცესის ერთგვარი შეჯამებაა ხოლმე და იმ დროს, როცა ჩვენში ლიტერატურული კრიტიკა თითქმის მკვდარია, “საბას” ამ ფუნქციის შეთავსებაც უწევს. როგორც ჟიურის ერთ- ერთმა წევრმა ბიძინა მაყაშვილმა აღნიშნა, წლევანდელი “საბა” იმითაც გამოირჩეოდა, რომ ჟიურიმ ძალიან შეთანხმებულად და მშვიდად იმუშავა. ისიც აღსანიშნავია, რომ წინა წლებში ჟიურის შვიდკაციანი შემადგენლობა წელს, რატომღაც შეამცირეს, თუმცა, ამას შედეგებზე ნამდვილად არ უმოქმედია.
    “საბას” ხუთკაციან ჟიურის წელს გამოცემული ასამდე წიგნის წაკითხვა მოუწია. ასი წიგნი კი, ისეთი მცირე ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, ნამდვილად არაა ცოტა. დღეს საქართველოში იმდენს ნამდვილად აღარ წერენ და კითხულობენ, როგორც ადრე და ეს წლევანდელ წიგნის ბაზრობაზეც თვალშისაცემი გახლდათ – წინა წლებთან შედარებით ნამდვილად იგრძნობოდა სიხალვათე. ხანდახან იმასაც ვემბობთ, რომ ჩვენში აღარაფერი იწერება საინტერესო და მნიშვნელოვანი, მაგრამ გაზაფხულზე, როცა “საბას” დაჯილდოების ცერემონიალი იმართება ხოლმე, აღმოჩნდება, რომ ისე ცუდადაც არაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა, ვისაც გასული საუკუნის 70-იანი წლები გვახსოვს, მაინც ვწუწუნებთ და ჯიუტად გვგონია, რომ მაშინ ბევრად უფრო მეტი კარგი წიგნი გამოდიოდა და მკითხველებიც უკეთესები ვიყავით. აქ მიზეზების ძებნა, ალბათ, შორს წაგვიყვენდა. ჩემთვის ყველაზე უცნაური და საწყენი მაინც ისაა, რომ ქართულ ლიტერატურაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჯერჯერობით ვერ აისახა ის პროცესები, რაც ჩვენმა ქვეყანამ უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე გადაიტანა და ამას წლევანდელი “საბას” შორთ ლისტებიც ადასტურებს. ცხადია, იმისათვის, რომ მწერლობა პრესტიჟული გახდეს, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანა უნდა იყოს მდიდარი, გალაღებული და რაც შეიძლება ბევრს უნდა მიუწვდებოდეს ხელი წიგნებზე, მაგრამ აუცილებელია ისიც, რომ სხვადასხვა ხერხებით ლიტერატურის პოპულარიზაცია ხდებოდეს – “საბა” სწორედ ამ საქმეს ემსახურება – მადლობის მეტი რა გვეთქმის თიბისი ბანკისთვისაც და მწერლებისთვისაც, რომლებმაც, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რასაც დღეს საქართველოში მწერლად ყოფნა გულისხმობს, მაინც მოახერხეს და ავად თუ კარგად, მაგრამ მაინც მწერლებად დარჩნენ.
    მამუკა ხაზარაძე ნამდვილად ამაყი იყო, როცა ცერემონიის დასასრულს თიბისი ბანკის შენობის შიდა ეზოს აივანზე იდგა და ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ვახუშტი კოტეტიშვილს აჯილდოებდა. ვახუშტი კოტეტიშვილის დამსახურებებზე საუბარი აქ ნამდვილად უხერხულად გვეჩვენება, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ ბატონი ვახუშტი წელს “საბას” კიდევ ორ პრიზზე იყო ნომინირებული – პოეზიაში – “რაც მეთქმევინა” და კრიტიკისა და ესეისტიკის ნომინაციაში – “მხატვრული თარგმანის მასტერკლასი” ნამდვილად ბევრის მთქმელია. ბატონმა ვახუშტიმ ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა დაჯილდოების ცერემონილაზე მოსვლა და პრიზი მამუკა ხაზარაძემ მის ვაჟს, გუგა კოტეტიშვილს გადასცა, “საბას” მთავარი პრიზის ლაურეატს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და მისგან ისევ ველოდებით თუნდაც, ისეთ სიხარულს, რაც “ლიტერატურის” აპრილის ნომერში გამოქვეყნებულმა მისმა ახალმა სონეტებმა მოგვიტანა.
    “საბას” დაჯილდოების ცერემონიალზე აკა მორჩილაძემ კარგი რამ გვითხრა – მეგობრებო, ძილის წინ, 15 წუთით მოვიცალოთ და წიგნები ვიკითხოთო. აკა მორჩილაძეს, რომელიც უკვე მეოთხედ იღებდა “საბას”, ცოტა არ იყოს, ერიდებოდა კიდეც, კიდევ ერთხელ რომ იდგა თიბისი ბანკის აივანზე პრიზით ხელში – წლევანდელი პრიზი რომანის ნომინაციაში ისევ მას ერგო. რას ვიზამთ, თავს ზემოთ ძალაა არაა – ასეთ პატარა, ოთხმილიონიან ერს ერთი კარგი რომანების მწერალი რომ გვყავს, ეგეც ხეირია. ჩესლავ მილოში ერთგან წერს – ჩვენ, პოლონელები იმიტომ ვერ ვწერთ დიდ რომანებს, რომ პოლონელს ან მხოლოდ პოლონეთი აინტერესებს, ან მხოლოდ საკუთარი თავიო. ეს ფრაზა რომ ამოვიკითხე, შვებით ამოვისუნთქე და მაშინვე ვიფიქრე, ქართველებზეც ზედგამოჭრილია პოლონელი ნობელიანტის ფრაზა – ალბათ, სწორედ ამიტომ ვერ ვწერთ ქართველები დიდ რომანებს-მეთქი. ისეთებს, “ძმები კარამაზოვები” და “ჯადოსნური მთა” რომაა. ჰოდა, ერთი ქართველი, რომელსაც საქართველოსა და საკუთარი თავის გარდა, კიდევ ბევრი რამ აინტერესებს, გემრიელი და გრძელი ამბების მოგონება და რაც მთავარია, გემრიელად მოყოლა შეუძლია და არც წერა ეზარება; მეტიც, წელიწადში ორ რომანს წერს (წელს მისი მეორე რომანიც გახლდათ ნომინირებული), ნამდვილად იყო პრიზის ღირსი. “Maid in Tiflisi” სწორედ ისეთია, როგორ ამბებსაც უკვე მივეჩვიეთ ლამის ერთადერთი პროფესიონალი ქართველი რომანისტის მკითხველები – საინტერესოდ საკითხავი და ცოცხალი ტექსტია. ძილის წინ 15 წუთი ნამდვილად ცოტაა, ხელში რომ აიღებ, ძნელად დაანებებ თავს, ძილიც დაგავიწყდება და ეგებ, შემოგათენდეს კიდეც. მოკლედ, შარშანდელისაგან განსხვავებით, წელს ჯიურის არჩევანის საშუალება ნამდვილად ჰქონდა. ნომინაციაში გამარჯვებული რომანის გარდა წარდგენილი იყო ლაშა იმედაშვილის “პატრიარქის ზაფხული”, აკა მორჩილაძის “ძველი გულებისა და ხმლისა” თამრი ფხაკაძის “ჩვენ სამნი და ანგელოზი”.
    მიუხედავად იმისა, რომ თარგმანის ნომინაცია მართლაც, ყველაზე სოლიდურად გამოიყურებოდა, (ელზა ახვლედიანი – გაბრიელ გარსია მარკესის “ჩემი ნაღვლიანი მეძავები”, სოფიო ბენდიაშვილი – ჟან მარი გუსტავ კლეზიოს “უდაბნო”, ლევან ბერძენიშვილი, არისტოფანეს კომედიები, ტომი III, გიორგი ლობჟანიძე – “ყურანი” გურამ გოგიაშვილი – მილორად პავიჩის “ხაზარული სიტყვისკონა” ნანა გოგოლაშვილი – ჰერმან ჰესეს “ავგუსტუსი”, გიორგი ეკიზაშვილი – პიერ პეჟუს “პატარა შარტრეზი” ნოდარ ლადარია – მარკო პოლოს “ქვეყნიერების მრავალფეროვნებისთვის” გივი შაჰნაზარი – პარუირ სევაკის “იქმენინ ნათელი”, რუსუდან ღვინეფაძე – არტურ ზუტნერის “აჭარლები”) ჟიურის, ალბათ, ამდენი თარგმანის ოსტატს შორის მაინც არ გაუჭირდებოდა არჩევანის გაკეთება – “საბა” გიორგი ლობჟანიძის გადაეცა “ყურანის” თარგმანისათვის. სასიამოვნოა, რომ ჟიურიმ დააფასა ის მრავალწლიანი შრომა, რაც გიორგი ლობჟანიძემ “ყურანის” თარგმანში ჩადო. ამ თარგმანმა შარშან ირანის სახელმწიფო პრემია მიიღო (ამაზე ვრცლად წერდა “ცხელი შოკოლადი”), გიორგი ლობჟანიძეს ირანის პრეზიდენტმა გადასცა პრიზი, მაგრამ მთარგნელისათვის ქართული “საბა” მაინც განსაკუთებით სასიხარულო იყო და გიორგის ეს არც დაუმალავს: “მნიშვნელოვანია, რომ ეს პრემია არსებობს და დასაფასებელია თიბისი ბანკის ძალისხმევა. ნებისმიერ ცივილურ სახელმწიფოში არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო პრემიები – სახელმწიფოს წამახალისებელი ჯილდო ხელოვანი ადამიანებისთვის. დღეს, ჯერჯერობით აღარ გაიცემა რუსთაველის, მაჩაბლის პრემიები. სწორედ ისინი ჩაანაცვლა “საბამ”. მეოთხედ ვიყავი “საბას” ნომინანტი და მეოთზე ჯერზე ავიღე. სიმართლე გითხრათ, მოველოდი, მაგრამ თან ძალიან ვღელავდი. “ყურანი” მნიშვნელოვანი წიგნია, მაგრამ მარტო ყურანი ვერ მიშველიდა, თარგმანი უნდა შეეფასებინა ჟიურის. ჩემთვის მართლა დიდი პატივია “საბას” ლაურეატობა. სხვათა შორის, თარგმანში ყველაზე უკეთ იყო წარმოდგენილი შორთ ლისტი, ეს ძალიან სასიხარულოა, ეს იმას ნიშნავს, რომ მთარგმენლობითი პროცესი მიდის ქვეყანაში. წელს ვინც იყო შორთ ლისტიდან, ნებისმიერი მთარგმნელი იმსახურებდა “საბას”. ჩემი გამარჯვება მოცულობამ და “ყურანის” მნიშვნელობამ განაპირობა.”
    პოეზიაში “საბა” მაია სარიშვილს ერგო, მართლაც მშვენიერი კრებულისათვის “მიკროსკოპი”, რომელიც გამომცემლობა Link -მა დასტამბა. მაია სარიშვილის ლექსები შიშველი გულწრფელობითა და ეფექტური მეტაფორებით ნამდვილად გამოირჩევა თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მიუხედავად იმისა, რომ შორთ ლისტში მართლაც საინტერესო კრებულები მოხვდა (რეზო გეთიაშვილის “ART ყვავილები”, ვახუშტი კოტეტიშვილის “რაც მეთქმევინა”, გაგა ნახუცრიშვილის “სხვანაირი დრო”, დავით ჩიხლაძის “დეკემბრის ღამეები”), ერთ-ერთი კი, რეზო გეთიაშვილის “ART ყვავილები”, ზაზა შათირიშვილმა გალაკტიონის “არტისტულ ყვავილებს” გაუტოლა მნიშველობით და სრულიად საქართველოს ახალი დიდი პოეტის დაბადება ახარა. ამან ჟიურის გადაწყვეტილებაზე ვერნაირად ვერ იმოქმედა. აქ ნამდვილად შეიძლება დავა – პოეზიის შესაფასებლად რაიმე განსაზღვრული კრიტერიუმის მოძებნა ძალიან ძნელია, მაგრამ ამ არჩევანისათვის მაინც მადლობა მინდა ვუთხრა ჟიურის – მაია სარიშვილი გამორჩეული ხმის მქონე, ძალიან საინტერესო პოეტია.
    წარმოდგენილ ნომინატთაგან (ზაზა აბზიანიძე – “წითელკუდა”, ჯემალ მონიავა – “წუთი სოფელში”, ბესო სოლომანაშვილი – “ზამორა”, დავით ქართველიშვილი – “4 მოთხრობა”, ეკა ღაღანიძე – “შვიდი”, ფიქრია ყუშიტაშვილი – “ქათმის გრიპი”, ბესო ხვედელიძე – “ესტაფეტა”) საუკეთესო პროზაულ კრებულად ჟიურიმ დავით ქართველიშვილის პატარა წიგნი “4 მოთხრობა” ცნო. საინტერესოა ის ექსპერიმენტი, რასაც დათო ქართველიშვილი თავის ახალ მოთხრობებში მიმართავს – ავტორი და პერსონაჟი, რეალობა და ირეალური ისე უცნაურადაა გადაწნული ერთმანეთში, რომ ნამდვილად ჭირს ამ ლაბირინთებში გარკვევა; რაც მთავარია, კითხვისას ხვდები – ქართულად ადრე მსგავსი არაფერი წაგიკითხავს და სწორედ ეს სიახლე გაინტერესებს და გითრევს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველიშვილის ენა ბუნებრივი, ძალადაუნტანებელი და ერთი შეხედვით მარტივიც კია, თხრობაც რიტმულია და თავისუფალი.
    ბაჩო კვირტიას ბოლო ორი წელიწადია, ნამდვილად უმართლებს კონკურსებში – 2007 წელს “პენ მარათონი” მოიგო, წელს “წერო” და ბოლოს საუკეთესო დებიუტისათვის “საბაც” გადაეცა. თუმცა, დებიუტის ნომინიაციაში მას ნამდვილად ღირსეული მეტოქეები ჰყავდა – ირმა ტაველიძე და თეა თოფურია. ასევე ედგარ კერეტის წიგნის “ნებროთმა გარეკას” მთარგმნელი თამარ ბაბუაძე.
    მიუხედავად იმისა, რომ ამირან არაბულის და ეთერ თათარაიძის “შენდობით მომიხსენიეთ” არც კრიტიკაა, არც ესეისტიკა და არც დოკუმენტური პროზა, უფრო ეთნოგრაფიული ნარკვევი ეთქმის (შორთ ლისტში მოხვდა გიორგი კაკაბაძის “როგორ მესმის ლიტერატურა”, ვახუშტი კოტეტიშვილის “მხატვრული თარგმანის მასტერკლასი” და არჩილ მანჯგალაძის “დამარცხებიდან დამარცხებამდე”), ჟიურიმ ამ ნომინაციაში სრულიად სამართლიანად სწორედ ეს წიგნი მიიჩნია საუკეთესოდ. წიგნი ქართული საფლავების და ეპიტაფიების ალბომია, რომელსაც ავტორები წლების განმავლობაში მთელ საქართველში, სოფელ-სოფელ აგროვებდნენ. მართლაც, უზარმაზარი შრომა დევს ამ წიგნში. ამირან არაბულმა და ეთერ თათარაიძემ ჩვენთვის დღემდე თითქმის უცნობი კულტურა – ქვაში ნაკვეთი ძველი ქართული საფლავები, რომლებიც, ბუნებრივია, არაფრითაა დაცული და თანდათან ნადგურდება, ფოტოებზე დააფიქსირეს და გადაარჩინეს. ძალიან საინტერესოა საფლავის ქვებზე წარწერილი ეპიტაფიებიც, სადაც კარგად ჩანს უბრალო ქართველების დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლესთან. ისე კი, ნამდვილად გულდასაწყვეტია ის სიმწირე, რაც ამ ნომინაციაში, და ზოგადად, ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში თითქმის ყოველ წელს იგრძნობა ხოლმე.
    წლის საუკეთესო პიესად დათო ტურაშვილის “შავი კედები” აღიარეს, (ნომინირებული იყო თამარ ბართაიას “პეიზაჟს აკლია სითბო” და ირაკლი სამსონაძის “აფრინდა ჭილყვავი, გადაიყრანტალა”). შარშან პიესაში პრიზი საერთოდ არ გაცემულა. იმედია, “საბას” გამარჯვებულ და ბოლო ეტაპზე გასულ პიესებს მალე ვიხილვთ ქართული თეატრების სცენაზე.
    “საბას” ნომინაციებში დღემდე რატომღაც არ შეაქვთ პრიზი საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებებისთვის. არ ვიცი, პრემიის ავტორებს საბავშვო ლიტერატურა ნაკლებ მნიშვნელოვანი ჰგონიათ, თუ რაიმე სხვა მიზეზია, მაგრამ ამ პრიზის არსებობა ჩვენში საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციას ნამდვილად შეუწყობდა ხელს. მერე რა, რომ დღეს ქართველი მწერლები ცოტას წერენ ჩვენი პატარებისთვის. რამდენიმე გამომცემლობა ქართველი საბავშვო მწერლების ახალ წიგნებს გამოსცემს. მაგალითისთვის “დიოგენეს” მიერ ლამაზად დასტამბული რამდენიმე წიგნიც კმარა – ვასო გულეურის “ჩიტის მოტანილი ამბები”, ნანა კაციაშვილის “მზის სხივი” და ნესტან კუპრავას “ჯადოსნური სიტყვები”. ვფიქრობთ, რომ “საბას” ამ ნომინაციის არსებობა ნამდვილად სტიმულად იქცეოდა არა მხოლოდ მწერლებისთვის, არამედ, გამომცემლებისთვისაც და ხელს შეუწყობდა ჩვენში საბავშვო ლიტერატურის განვითარებას.
    ისე მოხდა, რომ შარშან ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოება ქართულ-რუსული პოეზიის ფესტივალს დაემთხვა და ფესტივალის რამდენიმე სტუმარი, მათ შორის საკმაოდ ცნობილი და აღიარებული რუსი პოეტები დაჯილდოების ცერემონიალზე მოხვდნენ. საღამოს შემდეგ ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ – ლიტერატურისა და მწერლების ასეთი სიყვარული სხვაგან არსად არ გვინახავსო. ისინი სწორედ იმ ატმოსფერომ გააოცა, რაც დაჯილდოების ცერემონიალზე სუფევდა, თორემ ლიტერატურულ პრემიებს ყველა ცივილურ ქვეყანაში გადასცემენ და ცერემონიებიც ყველგან იმართება. მაგრამ როცა შარშანდელი “საბას” ლაურეატი, შოთა იათაშვილი ვიღაცებმა ლამის ხელში აიტაცეს, რუსმა პოეტებმა გაკვირვება ვერ დამალეს, ერთ-ერთმა ცრემლიც კი მოიწმინდა – აი, თურმე როგორ გყვარებიათ ქართველებს თქვენი მწერლებიო. სასიამოვნოა, რომ მწერლები, არა მხოლოდ უბრალო მკითხველებს, არამედ, თიბისი ბანკის მესვეურებსაც უყვართ.
    მამუკა ხაზარაძემ ცერემონიის დასასრულს კიდევ ერთი კარგი ამბავი გვამცნო – დაარსდა ახალი ქართული ლიტერატურული ჟურნალი “საბა”, რომლის პრეზენტაციაც დაჯილდოების დაწყებამდე გაიმართა და მკითხველებს ახალი გამოცემის ეგზემპლარები უფასოდ დაურიგდათ. იმედია, ახალი ჟურნალი ცოტათი მაინც შეავსებს იმ ვაკუუმს, რასაც ჩვენში ლიტერატურული პერიოდიკის სიმცირე ქმნის.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“